მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი XV: ქორწინება – ახალი აღთქმის საიდუმლო
XV ეკლესიამ ქორწინების ეთიკურ მნიშვნელობას შეუერთა სულიერი მნიშვნელობა, მიიღო ის, როგორც მისი დადგენილება და ადგილი მიუჩინა თავის საიდუმლო მსახურებათა შორის. წმინდა მოციქული პავლე ცოლქმრულ ერთობას ადარებს ქრისტესა და მის ეკლესიას შორის არსებულ კავშირს: „მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტესა და ეკლესიაზე“ (ეფეს. 5, 31-32).
ქორწინებაში ეკლესია სამ სფეროს გამოყოფს:
ა) თანხმობა მამაკაცისა და დედაკაცისა მეუღლეობისთვის;
ბ) ამ თანხმობის სადღესასწაულოდ გამოცხადება ეკლესიაში მღვდლის წინაშე, რომ ისინი ურთიერთნდობას და პატივისცემას დაიცავენ ერთმანეთის მიმართ, არ შებღალავენ ქორწინებით შეკრულ სინდისსა და სიყვარულს სიცოცხლის ბოლომდე და არ დატოვებენ ერთმანეთს არანაირი საფრთხის დროს;
გ) განმტკიცება ამ თანხმობისა და აღთქმისა სამღვდელო კურთხე ვითა და დალოცვით.
სახელმწიფო ქორწინებას უყურებს, როგორც შეთანხმებას მამაკაცსა და ქალსა შორის, რომელიც ადამიანურ ბუნებას ეფუძნება, მისი მიზანი მაღლა დგას ცალკეული ადამიანების წუთიერ სურვილებზე. ეკლესია ქორწინებას განიხილავს, როგორც ღვთის საიდუმლოს, რომელიც მღვდლის დალოცვის მეშვეობით აკურთხებს ორი სხვადასხვა სქესის ადამიანის კავშირს, რომლის დაშლა ადამიანს არ შეუძლია – ერთად უნდა ცხოვრობდნენ ჭირსა და ლხინში სიცოცხლის ბოლომდე. აქედან გამომდინარე, ეკლესია ხედავს ქორწინებაში რელიგიური და სამართლებრივი სფეროების სრული სისავსით გაერთიანებას.
ქორწინებასთან დაკავშირებით ეკლესია მოქმედებდა და ხელმ- ძღვანელობდა არა რომის კანონთა ნორმების მიხედვით, რომელიც ქორწინებაში ხედავდა მხოლოდ ოჯახის შექმნის საშუალებას (საერო დამოკიდებულებით ის არსებითი უჯრედია საზოგადოებისა), არამედ ახალი აღთქმის სწავლების თანახმად ქორწინების შესახებ, რომელიც ხატებაა, სახეა ქრისტეს კავშირისა ეკლესიასთან. ამიტომ ეკლესია ცოლ-ქმარს თავის ცოცხალ წევრებად მიიჩნევდა. ქრისტიანები ქორწინების მიმართ, თავისი ღრმა და სულიერი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ვერ იღებდნენ ისეთ ქორწინებას, რომელსაც უშვებდა რომის სამართალი და წარმართობა იმპერიაში: მაგალითად, ახლო ნათესავებს შორის ისეთი ურთიერთობა, რომელსაც ეწოდებოდა კონკუბინატი – ქორწინების გარეშე მამაკაცის ხანგრძლივი ცხოვრება გაუთხოვარ ქალთან. ეკლესიის სწავლებით, ქრისტიანთათვის ქორწინება უნდა შეესატყვისებოდეს ქრისტიანულ ზნეობრივ ღირებულებებს და კანონებს, ვნების გამო კი არ უნდა იქორწინონ, არამედ საღვთო განგების, მის ზნეობრივ კანონებისა და უფლის დიდების გააზრების მიხედვით. ამიტომ ქრისტიანები, როდესაც საერო კანონებით ქორწინდებოდნენ, სავარაუდოდ, ადგილობრივი ეპისკოპოსისგან იღებდნენ კურთხევას. საერო კანონებით შეთანხმებამდე ეკლესიაში ეუწყებოდათ მათ გადაწყვეტილებაზე. წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი პოლიკარპე სმირნელისადმი გაგზავნილ ეპისტოლეში წერს: „ხოლო ისინი, ვისაც ცოლი მოჰყავს ან თხოვდება, უნდა შეუღ- ლდნენ ეპისკოპოსის თანხმობით, რომ ქორწინება იყოს ღვთივკურთხეული და არა ავხორცული. ყველაფერი უნდა იყოს ღვთის სადიდებლად“. ტერტულიანეს (160-220 წწ.) გადმოცემით, ქორწინებები, რომელიც არ იყო სამრევლოში განცხადებული, მრუშობად და ავხორცობად მიიჩნეოდა. იგი წერდა, რომ ჭეშმარიტი ქორწინება სრულდებოდა სასულიერო პირის მიერ, იკურთხებოდა ლოცვით და ევქარისტიით მყარდებოდა. მაშასადამე ქრისტიანები ქორწინდებოდნენ ეკლესიის კურთხე-ვით და რომის სახელმწიფოში მიღებული იურიდიული ხელშეკრულებითაც.1
ასეთი წესი უცვლელად რჩებოდა იმპერიის გაქრისტიანების პირველ პერიოდში. პირველი ქრისტიანი იმპერატორები, როცა განსჯიდნენ საიდუმლოდ ჩატარებულ არაფორმალურ ქორწინებებს, თავის კანონებში საუბრობენ ქორწინების მხოლოდ საერო იურიდიულ მხარეზე და არ ახსენებენ საეკლესიო ქორწინებას.
1 В. Цыпин, Церковное Право, 1996, გვ. 337.
ქორწინების შეთანხმება ბიზანტიაში
428 წელს იმპერატორებმა თეოდოსიმ (408-450 წწ.) და ვალენტინიანმა (425-455 წწ.) გამოსცეს ბრძანება, რომ თავისუფალ მოქალაქეებს შორის საერო ქორწინებაზე შეთანხმდებოდნენ სიძე-პატარძლის თანხმობით და თანმხლებ პირთა დამოწმება-დადასტურებით. იმპერატორმა იუსტინიანემ თავის ნოველებში განაწესა: ქორწინებები ყოველგვარი ფორმალობების გარეშე დაშვებულია მხოლოდ დაბალი ფენებისთვის; საშუალო ფენის პირებისთვის განსაზღვრული იყო გამოცხადება საეკლესიო ნოტარიუსთან და უწყება მათი სურვილის შესახებ ქორწინებასთან დაკავშირებით; მაღალი საერო რანგის პირებისთვის განსაზღვრული იყო, დაქორწინებულიყვნენ წერილობითი ხელშეკრულებით და წერილობითად გადმოეცათ საქორწინო მზითვის ნუსხა და წინასაქორწინო ძღვენი.
ლეონ ისავრიელის (717-741 წწ.) და კონსტანტინე კოპრონიმის (741-775 წწ.) მიერ 740 წელს გამოცემულ განჩინებაში განმეორებული იყო იუსტინიანეს გამოცემული კანონები ქორწინების შესახებ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ საშუალო ფენის წარმომადგენლებს შეეძლოთ ქორწინების შეთანხმება მეგობრების თანდასწრებით, ან ეკლესიისგან კურთხევის მიღებით. ეკლესია ამ დადგენილებას აპროტესტებდა და მოითხოვდა, რომ აუცილებლად საეკლესიო წესით შესრულებულიყო ქორწინება, თუმცა აღიარებდა ისეთ ქორწინებებსაც ქრისტიანთა შორის, თუ ის შესრულებული იყო საერო კანონის მიხედვით და არ ჰქონდა ეკლესიის კურთხევა. ამ ფაქტს ადასტურებს ის გარემოება, რომ ეკლესია არ იძლეოდა კურთხევას განმეორებით ქორწინებაზე, მაგრამ ცნობდა და იღებდა მათ.
დაახლოებით 895 წელს ლეონ ბრძენმა (886-912 წწ.) თავის 89-ე ნოველაში დაადგინა, რომ ქორწინება არ შესრულებულიყო ეკლესიის კურთხევის გარეშე. ეს კანონი არ ვრცელდებოდა მონებზე, ის ეხებოდა მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს. 1095 წელს იმპერატორმა ალექსი პირველმა კომნენოსმა გამოსცა ბრძანება, რითაც მონებზეც გავრცელდა კანონი, რომელიც მანამდე მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს ეხებოდა. ბრძანების მიხედვით, მონებითვისაც სავალდებულო გახდა ქორწინებაზე ეკლესიის კურთხევა. იმპერატორმა ანდრონიკე პალეოლოგმა (1282- 1328 წწ.) და კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ათანასემ (1303-1309 წწ.) საბოლოოდ აკრძალეს ქორწინება ადგილობრივი სამრევლო მღვდლის გადაწყვეტილებისა და კურთხევის გარეშე. ქრისტიანების ქორწინების უფლებამოსილება სრულად გადავიდა ეკლესიის განკარგულებაში.
ზემოჩამოთვლილ
ხელისუფალთა
მიერ
მიღებულ
კანონებზე დაყრდნობით, ქორწინებისთვის მზადება ბიზანტიაში იწყებოდა სიძისა და პატარძლის, ან მათი მშობლების განცხადების შეტანით ადგილობრივი ეპარქიის ეპისკოპოსთან ან მის ხარტოფილაქსთან (რაც საქმეთა მწარმოებელს ნიშნავს). რაიმე სახის დაბრკოლების შემთხვევაში მღვდელმთავრისგან გამოითხოვებოდა განსაკუთრებული ნებართვა ჯვრისწერაზე. მთხოვნელებს ეძლეოდათ განჩინება, რომელიც გაიცემოდა სამრევლო მღვდლის სახელზე, რათა მას ჩაეტარებინა ჯვრისწერა იმ შემთხვევაში, თუ უტყუარი მტკიცებულებები ექნებოდა, რომ არ არსებობდა რაიმე სახის დამაბრკოლებელი ქმედება ამ ქორწინებასთან დაკავშირებით.2
წინდობა
ეკლესია უძველესი დროიდანვე ერთვებოდა ასევე წინდობის, ნიშნობის პროცესში და ანიჭებდა მას სავალდებულო ზნეობრივ ძალას. ამის შესახებ ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი (მილაში) წერს: „წინდობა არის ურთი- ერთობა მამაკაცსა და დედაკაცს შორის ერთმანეთის უფრო მეტად გასაცნობად ქორწინების კურთხევამდე. ეკლესიის კურთხევით წინდობა ჯვრისწერის წინ სრულდება და ნასესხებია რომის სამართლიდან. ამ კანონის მიხედვით, წინდობაზე გადაწყდებოდა ქალ-ვაჟის ქორწინება, მაგრამ თავად ქორწინებისთვის იურიდიული მნიშვნელობა არ ჰქონდა. წინდობა შეიძლება ქორწინებით დაგვირგვინებულიყო, მაგრამ დაწინდული ადამიანები ამის შემდეგ არ ხდებოდნენ ვალდებულნი, აუცილებლად შეესრულებინათ ეს პირობა. სურვილიდან გამომდინარე, ერთმანეთის უკეთ გაცნობის შემდეგ შეეძლოთ დაერღვიათ პირობა და სხვა ადამიანზე ექორწინათ. ეს იყო ლოგიკური შედეგი რომის სამართლის ძირითადი სწავლებისა, რომ შეიძლება განქორწინება იმ დროიდან, რა დროიდანაც ერთ-ერთი მხარე ისურვებდა ამას. მაგრამ ის, ვინც სხვასთან დაიწინდებოდა ისე, რომ ფორმალურად არ განაცხადებდა უარს წინა დაწინდულზე დასაქორწინებლად, კანონის მიხედვით, ექვემდებარებოდა ღირსების აყრას. ამას გარდა, თუ წინდობის დროს ერთმანეთისთვის ჰქონდათ მიცემული საჩუქრები, უსიტყვოდ უნდა დაებრუნებინათ ორჯერ მეტი ისე, რომ არ ჰქონდათ უფლება, ერთმანეთის მიერ მიცემული საჩუქრები უკან მოეთხოვათ.
ეკლესიამ როგორც ქორწინება, ისე წინდობა თავის იურისდიქციას, კურთხევას დაუქვემდებარა. რომის სამართალში არსებული თავისუფლება – დაერღვია წინდობისას დადებული პირობა – ეკლესიამ საეკლესიო სამართლის შემოქმედების დასაწყისშივე შეზღუდა და წინდობას, იმავე ნიშნობას, მიანიჭა ისეთივე ზნეობრივი მნიშვნელობა, როგორც ქორწინებას. ბასილი დიდის კანონებში ჩვენ ვხედავთ ამგვარ დამოკიდებულებას: „თუ წიგნისმკითხველი ქორწინებამდე შეუერთდეს თავის დანიშნულს, ერთ წელიწადს აეკრძალოს თავისი მოვალეობის შესრულება, შემდეგ შესაძლებელია მისი შეწყნარება, მაგრამ ხარისხი არ მოემატოს. ხოლო თუ ნიშნობის გარეშე ფარულად იქორწინებს, სრულიად აეკრძალოს თავისი მსახურება. იგივე ეხება კერძო დიაკონსაც“ (ბასილი დიდის 69-ე კანონი).
ტრულის კრების 98-ე კანონი ისეთივე სასჯელს ადგენს წინდობის დამრღვევისთვის, როგორსაც მრუშობის შემთხვევაში: „ვინც სხვისგან დანიშნულ დედაკაცზე მისი დამნიშვნელის სიცოცხლეში იქორწინოს, მრუშობისთვის დადგენილი სასჯელით დაისაჯოს“.
ტრულის კრების ეს კანონი საფუძვლად დაედო ბერძნულ-რომაულ საერო კანონმდებლობას. ნიშნობასთან დაკავშირებული სიმკაცრე შემდეგში შეამსუბუქა ლეონ ბრძენმა, რომელმაც მიიღო ორი კანონი და დაადგინა, რომ დანიშნულები შეიძლება იყვნენ ის პირები, რომელთაც აქვთ ქორწინებისთვის დადგენილი ასაკი. მათ ფიცს ნიშნობისას მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ამიტომ ნაკლებად ემუქრებოდათ ფიცის დარღვევის სასჯელის საშიშროება. ამასთანავე, კანონმა განსაზღვრა, რომ ნიშნობა ყოფილიყო ისეთივე მყარი, როგორც ქორწინება, ის შეიძლება დარღვეულიყო ისეთივე მიზეზების გამო, როგორც ეს ქორწინების შემთხვევაში ხდებოდა. შემდეგში უკვე იმპერატორმა ალექსანდრე კომნენოსმა მიიღო კანონი, რომელიც ნათესავებს შორის ქორწინების კანონითვე განსჯიდა ნათესავებს შორის ნიშნობასაც.
ეკლესიის გააზრებით, წინდობა არის დასაწყისი ქორწინებისა, რადგან მასში არსებობს აუცილებელი პირობა ქორწინების არსის შემადგენლობისა, კონკრეტულად კი მამაკაცისა და ქალის ერთობლივი ცხოვრების ორმხრივი თანხმობა. ამიტომ როგორც ძველი აღთქმის, ისე ახალი აღთქმის ეკლესიის კანონები დაწინდულ ქალს იხსენიებს დამწინდველის ცოლად. მაგალითად, მეორე რჯულში ამოვიკითხავთ: „თუ კაცზე დანიშნულ ყმაწვილ ქალს, ქალწულს, ქალაქში ვინმე შეხვდა და დაწვა მასთან, გაიყვანონ ორივენი ამ ქალაქის კარიბჭესთან და ჩაქოლონ სასიკვდილოდ – ყმაწვილი ქალი იმის გამო, რომ ხმა არ გაიღო ქალაქში, კაცი კი იმის გამო, რომ ძალა იხმარა მოყვასის ცოლზე და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან“ (მეორე რჯული 22, 23024). სახარებაში ღვთისმშობელი მარიამი, რომელიც მხოლოდ დაწინდული იყო იოსებზე, იწოდება მის ცოლად, იოსები კი მის ქმრად: „ხოლო იესო ქრისტე შობა ასე იყო: დაწინდული იყო დედა მისი, მარიამი, იოსებზე და მათ შეუღლებამდე აღმოჩნდა იგი მუცლადღებული სულიწმიდისგან; ხოლო იოსები, ქმარი მისი მართალი იყო და არ უნდოდა გამხელა მისი. და როდესაც ამას ფიქრობდა, აჰა, ანგელოზი უფლისა ჩვენებით გამოეცხადა მას და უთხრა: იოსებ, ძეო დავითისაო, ნუ შიშობ, მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი, რადგან მასში დაბადებული სულიწმიდისაგან არის“ (მათე 1, 18-20).
ამიტომაც ზემოდასახელებული ტრულის კრების 98-ე კანონი, მრუშობის სასჯელს უწესებს წინდობის დამრღვევს და არა სიძვისას (იხ. ამ კანონის ბალსამონისა და ზონარასეული განმარტებანი).
თუ რა ინტერვალი უნდა ყოფილიყო ნიშნობასა და ქორწინებას შორის (რადგან ორივე ერთად არ სრულდებოდა), არც საეკლესიო და არც საერო კანონებში არსადაა მითითებული. მხოლოდ დაწინდულთა სურვილზე იყო დამოკიდებული, თუ როდის დაიწერდნენ ჯვარს. მოგვიანებით შეიცვალა ეს დამოკიდებულება. ტრულის კრების 98-ე კანონში მითითებული შემთხვევების გამო, წინდობა და ქორწინება ერთად აღესრულებოდა. ასე სრულდება ქორწინების საიდუმლო დღემდე.3
2 В. Цыпин, Церковное Право, 1996, გვ. 340.
ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები
დაბრკოლებათა სახეები
საეკლესიო სამართლის მიხედვით, ქორწინება ქრისტიანისთვის შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია. იმისათვის, რომ ქრისტიანი დაქორწინდეს, ჩამოყალიბებულია პირობები, რომელთა დაცვა აუცილებლობას წარმოადგენს. ამ პირობების არშესრულების შემთხვევაში თავს იჩენს ქორწინებისთვის დამაბრკოლებელი არაერთი გარემოება. დაბრკოლება შეიძლება იყოს ისეთი, სრულად რომ გამორიცხავს კონკრეტული პირის ქორწინებას ზოგადად, ვინმესთან; ან პირობითად ისეთი, რომელიც შეუძლებელს ხდის კონკრეტულ პირებს შორის ქორწინების საიდუმლოს შესრულებას, მაგ., ასეთი გარემოებაა ნათესაური კავშირი. ამას გარდა, არის დაბრკოლებები, რომელთა შემთხვევისას ქორწინება თუ შესრულდა, ის ექვემდებარება განქორწინებას. შეიძლება იყოს ასევე დაბრკოლება, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში ქორწინება არ დაექვემდებარება განქორწინებას, მაგრამ დაქორწინებულები და ჯვრისწერის საიდუმლოს აღმსრულებელი მღვდელი ექვემდებარებიან საეკლესიო კანონთა მიხედვით ეპიტიმიას.
ქორწინებისთვის სრულად დამაბრკოლებელი და ამავდროულად, განქორწინების დაქვემდებარებული დაბრკოლებები:
1) პირი, რომელიც ჯვარდაწერილია, მას არ შეუძლია სხვა ადამიანზე დაიწეროს ჯვარი, რადგან ქრისტიანული ქორწინება მონოგამიურია;
2) ტრულის კრების მე-6 კანონი დაქორწინებას უკრძალავს არამარტო სასულიერო პირებს, არამედ იპოდიაკვნებსაც: „ვინაიდან მოციქულთა კანონებში ნათქვამია, რომ მომავალმა მღვდელმა, უქორწინებელმა შეიძლება იქორწინოს წიგნისმკითხველობის ან მგალობლობის დროს, ჩვენც ამას დავიცავთ და ვადგენთ: ამიერიდან არასდროს კერძოდიაკონს, დიაკონს ან მღვდელს ხელდასხმის შემდეგ არ ჰქონდეს დაქორწინების უფლება. ამ განჩინების დამრღვევი განიკვეთოს.
ხოლო თუ მომავალ მღვდელს კანონიერად დაქორწინება სურს, მან ეს მანამ გააკეთოს, ვიდრე იპოდიაკვნად, დიაკვნად ან მღვდლად ხელდასხმას მიიღებდეს“.
მოციქულთა 26-ე კანონი მხოლოდ მედავითნეებსა და მგალობლებს აძლევს ქორწინების უფლებას: „იმ უქორწინებლებს, რომლებიც მღვდლობას აპირებენ, ვუბრძანებ, რომ თუ ქორწინება სურთ, იქორწინონ მხოლოდ წიგნისმკითხველებმა და მგალობლებმა“.
ეს საეკლესიო კანონები იმპერატორ იუსტინიანეს მმართველობის დროს განმტკიცებული იყო საერო კანონმდებლობითაც. სასულიერო პირთა ქორწინება სასულიერო პირად კურთხევის შემდეგ არაკანონიერად მიიჩნეოდა. ეს კარგად ჩანს ბასილი დიდის მეექვსე კანონის მიხედვით: „კანონმორჩილთა, ღმრთისთვის შეწირულთა სიძვა ქორწინებად ნუ ჩაითვლება, არამედ ყოველი ღონით უნდა გაითიშოს მათი შეერთება. ამით ეკლესიის უცთომელობა იქნება წარმატებული და მწვალებლებიც ჩვენზე ძვირის სათქმელად არ გახსნიან პირს, რომ ჩვენ ცოდვას მივიზიდავთ მისთვის თავისუფლების მიცემით“.
ტრულის საეკლესიო კრების მესამე კანონის მიხედვით, „ჩვენმა კეთილმსახურმა და ქრისტესმოყვარე მეფემ ამ წმინდა მსოფლიო კრების წინაშე დასვა საკითხი, რომ სამღვდელონი და საეკლესიო დასის სხვა წევრები წარმოჩინდნენ წმინდა და უმწიკვლო მსახურებად და მსხვერპლ- შეწირვის ღირსად ყოვლადძლიერი ღმერთისათვის, რომელიც ერთდროულად არის მსხვერპლიც და უმაღლესი მღვდელთმთავარიც. ამიტომაც მართებთ მათ იმ ბიწისაგან გაწმენდა, რომელიც უკანონო ქორწინებით მოეცხოთ; ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა რომის ეკლესიის წარმომადგენლები მოგვიწოდებენ სჯულის მკაცრად დაცვას, ხოლო ამ ღვთივდაცული სამეფო ქალაქის ტახტის ქვეშევრდომნი ამ საკითხისადმი კაცთმოყვარეობითა და სულგრძელობით მიდგომას გვთხოვენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ, მამობრივად და ღვთისთვის სათნოდ, ერთიც და მეორეც შევაჯერეთ (ნუმც გამოგვეჩინოს სიმშვიდე უძლურებით, ან სიმკაცრე სისასტიკით განზავებული, განსაკუთრებით ასეთ პირობებში, როდესაც უმეცრებისაგან მრავალი ადამიანი მოიცვა ცოდვამ) და ერთხმად განვაჩინეთ: ვინც უკვე განვლილი მეოთხე ინდიქტიონის ექვსი ათას ას ოთხმოცდაცხრამეტი წლის გასული იანვრის თხუთმეტამდე არის დამონებული ცოდვას და არ უნდა მისგან განთავისუფლება, კანონებრივი განკვეთით დაისაჯოს. რაც შეეხება იმათ, ვინც მეორედ ქორწინების ცოდვაში ჩავარდა, მაგრამ ჩვენს განჩინებამდე შეიგნო თავისთვის სასარგებლო, მოიკვეთა ბოროტება და ღვთისმსახურებისათვის შეუფერებელი და უსჯულო თანამეცხედრეობა უარყო, ანდა ვისაც მეორე ცოლი გარდაეცვალა, თვითონ კი, ამასთან, მოქცევა გადაწყვიტა, ძველ უსჯულოებას მალევე განერიდა და კვლავ უბიწო ცხოვრებას შეუდგა (მღვდელი იქნება ის თუ დიაკონი), მათ მიმართ ვადგენთ: დაე, ღვთისმსახურებაში ყოველგვარი მონაწილეობისაგან დაცხრნენ და გარკვეული დროით ეპიტიმიას დაექვემდებარონ, ხოლო სამღვდელო დასაჯდომელისა და დასადგომელის პატივით ისარგებლონ და დაკმაყოფილდნენ მღვდელმსახურის სახელით, მასთან, შესტირონ უფალს, რათა მიეტევოთ უმეცრების ცოდვები, რამეთუ არ შეშვენის სხვისი კურთხევა იმას, ვისაც თავისი წყლულები აქვს სამკურნალო. ერთ ცოლთან შეუღლებული, მაგრამ თუკი ცოლი მანამდე ქვრივი იყო, ისჯება ისევე, როგორც ხელდასხმის შემდეგ დაქორწინებული მღვდელი, დიაკონი და იპოდიაკონი. ყველა ასეთი პირი ისჯება ღვთისმსახურებიდან მოკლევადიანი განყენებით, ხოლო სასჯელის შემდეგ კვლავ აღდგნენ თავიანთ წოდებაში, ცხადია, უსჯულო თანამეცხედრეობის დატევების შემდეგ, მაგრამ სხვა უფრო მაღალ ხარისხში აყვანის აკრძალვით. ეს დადგენილება, როგორც უკვე ითქვა, ეხება მხოლოდ სამღვდელო პირებს და, მათ შორის იმათ, რომლებიც მეოთხე ინდიქტიონის იანვრის მეთხუთმეტე დღემდე ზემოაღნიშნულ ცოდვაში იმყოფებოდნენ. ამიერიდან კი განვაჩინებთ და ვაღორძინებთ კანონს, რომელიც ამბობს: ვინც ნათელღების შემდეგ ორჯერ დაქორწინდა ან ხარჭა ესვა, არ შეუძლია გახდეს ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი და, საერთოდ – სასულიერო კრებულის წევრი. ასევე, ვინც ქვრივი შეირთოს, ან მეუღლისაგან განტევებული, ან მეძავი, ან მხევალი, ან მსახიობი, არ შეიძლება გახდეს ეპისკოპოსი ან მღვდელი და, საერთოდ – სასულიერო კრებულის წევრი“.
იმპერატორი იუსტინიანე თავის 530 წლის 18 ოქტომბრის დადგენილებაში ამბობს: „ვბრძანებთ, ქორწინებებს, რომელთაც ეკლესიის კანონები არ უშვებს, აიკრძალოს სახელმწიფო კანონმდებლობითაც, რათა ბავშვები, რომლებიც კანონსაწინააღმდეგო კავშირის შედეგად დაიბადნენ, არ მიიჩნეოდნენ ქორწინებაში დაბადებულებად...“ (კოდ. 1, 3, 45). იუსტინიანეს ამ კანონს, როგორც ჩანს, უნდა დაეკარგა თავისი ძალმოსილება იმპერატორ ლეონ ფილოსოფოსის 79-ე ნოველის გამოცემის შემდეგ, ეს უკანასკნელი განსაზღვრავდა, რომ ის სასულიერო პირები, რომელნიც სასულიერო პირად კურთხევის შემდეგ იქორწინებენ, საეკლესიო წოდება ჩამოერთმეოდათ, მაგრამ არ განიკვეთებოდნენ დასიდან და სრულად განკვეთილი არ იქნებოდნენ არც საეკლესიო მსახურებიდან. მეთორმეტე საუკუნის კანონმცოდნეთა მტკიცებით, მათ დროს მოქმედებდა ლეონ ფილოსოფოსის კანონი და არა იმპერატორ იუსტინიანესი (ბალსამონი, ნომოკანონის განმარტება 9, 29). თუმცა თვითონ ისინი მხარს უჭერენ აზრს იმის თაობაზე, რომ ყველა არაკანონიერი ქორწინება ღვთისმსახურისა, საეკლესიო მსახურებისგან განყენების შესახებ არ შეიძლება მივიჩნიოთ ნამდვილად და მოქმედად რომაული სამართალზე დაყრდნობით. ბალსამონის მტკიცებით, სასულიერო პირების ქორწინება არაკანონიერია იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი სამღვდელო სამოსის გახდის შემდეგ იქორწინებენ.
3) ქალკედონის კრების მე-16 კანონის თანახმად, „ქალწულმა და მონაზონმა (მამაკაცმა), რომელთაც თავი შესწირეს უფალ ღმერთს, აღარ უნდა იქორწინონ. თუ ვინმე მათგანი იქორწინებს, უზიარებლობით დაისაჯოს, მაგრამ აქვე ვადგენთ, რომ თითოეული ადგილის ეპისკოპოსს ჰქონდეს უფლება, ასეთების მიმართ გამოიჩინოს კაცთმოყვარეობა“.
ტრულის კრების 44-ე კანონის თანახმად, „მონაზონი, რომელიც სიძვით დაეცემა ან იქორწინებს და ცოლს მოიყვანს, მეძავის კანონს შეასრულებს და დაისჯება ისე, როგორც მათთვის ადგენს კანონი“.
აქვე, ამავე საკითხთან მიმართებით კიდევ რამდენიმე კანონს მოვიყვანთ. კონსტანტინეპოლის წმინდა მოციქულთა ტაძარში შეკრებილი ორგზისი წმინდა დიდი კრების მე-5 კანონი: „ამ ქვეყნისაგან განდგომას განსჯისა და გამოცდილების გარეშე სამონაზვნო მოქალაქობისათვის დიდი ზიანი მოაქვს. ვინც მონაზვნურ ცხოვრებას დაუფიქრებლად შეუდგება, შემდეგ კი სულმოკლეობას გამოიჩენს სიძნელისა და სიმძიმის გამო, და მიუბრუნდება სავალალოდ ხორცთმოყვარე და გემოვან ცხოვრებას, იმისთვის წმინდა კრებამ განსაზღვრა, რომ არავინ უნდა მიიღოს სამონაზვნო სახე, ვიდრე სამი წლის განმავლობაში გამოცდის შედეგად არ აღმოჩნდება ღირსი. ამისი შეუცვლელად დაცვა დაადგინა კრებამ. მაგრამ თუ მძიმე სნეულება შეიპყრობს მას, მაშინ გამოცდის ვადა ძალაუნებურად შემოკლდება. თუ აღმოჩნდება მოკრძალებული კაცი, რომელიც ერისკაცობის დროსაც მონაზვნურად ცხოვრობს, მისი გამოცდისათვის საკმარისია ექვსი თვის ვადა. ხოლო თუ ვინმე სხვაგვარად იმოქმედებს და არა ასე, მონასტრის წინამძღვარი წინამძღვრობისაგან დაემხობა და ამ უწესობის სამაგიეროდ მისი ხვედრი იქნება მისი ჩაყენება მორჩილებაში მყოფთა შორის, ხოლო მის მიერ მონაზვნად აღკვეცილი სხვა მონასტერში უნდა გადაიყვანონ სამონაზვნო ცხოვრებისათვის გასაწვრთნელად“.
ბასილი დიდის მე-18 და მე-19 კანონები: „სიძვით დაცემული ქალწულების შესახებ, რომლებმაც უფალს უბიწოებით ცხოვრების აღთქმა მისცეს, შემდეგ დაეცნენ ხორციელი ვნებით და თავისი აღთქმა უარყვეს, ჩვენმა მამებმა, მარტივი და წრფელი გულმოწყალებით, შეცოდებულთა უძლურების გამო დაადგინეს კანონი ერთი წლის შემდეგ მათი შეწყნარების შესახებ, მეორედ ქორწინებულთა მსგავსად. ღვთის მადლით ეკლესია, დღითი დღე წარმატებული, უფრო მტკიცე და ძლიერი ხდება და ქალწულთა დასი მრავლდება. ამიტომ მე მგონია, საჭიროა, გონების ძალით, დაკვირვებით გამოვიკვლიოთ ვითარება და ჩავწვდეთ საღმრთო წერილის აზრს, რაც შესაძლებელია დაწვრილებითი ძიების შედეგად. ქვრივობა ქალწულობაზე უმდარესია, ამის გამო ქვრივთა ცოდვაც ბევრად უფრო მცირეა ქალწულთა ცოდვაზე. ამასთან დაკავშირებით უნდა ვნახოთ, რა მისწერა ტიმოთეს პავლემ: „ახალგაზრდა ქვრივებს ერიდე, ვინაიდან, როცა აღგზნება ეუფლებათ ქრისტესთვის განკუთვნილებს, სურთ ქორწინება. ისინი განისჯებიან, რადგან უარყვეს პირველი რწმენა“ (1 ტიმოთ. 5, 11-12). თუ ქვრივს მძიმე სასჯელი ეკუთვნის, როგორც ქრისტეს მიმართ რწმენის უარმყოფელს, რაღა უნდა ვთქვათ ქალწულის შესახებ, რომელიც სძალია ქრისტესი და მეუფისთვის შეწირული პატიოსანი ჭურჭელი? დიდი ცოდვაა, თუ მხევალი მიეცემა ფარულ სიბილწეს, გახრწნილებით აავსებს სახლს და ურგები ცხოვრებით შეურა- ცხყოფს თავის პატრონს, მაგრამ ბევრად უარესია, როდესაც სძალი ხდება მრუში, სიძესთან ერთობას უპატიოდ აქცევს და მიეცემა აღვირახსნილ ავხორცობას. ამის გამო ქვრივი ისჯება როგორც გახრწნილი მხევალი (მონა), ხოლო ქალწული უნდა დაისაჯოს მრუშის სასჯელით, რადგანაც როგორც უცხო დედაკაცთან შეერთებულ მამაკაცს ვუწოდებთ მრუშს და არ შევიწყნარებთ ზიარებად, ვიდრე არ დაცხრება ცოდვისგან და არ მოინანიებს. ცხადია, ასევე გადავწყვეტთ იმის შესახებ, ვინც ქალწულს ბოროტად მოექცევა. ჩვენთვის ჯერ იმის აღიარებაა საჭირო, რომ ქალწული ეწოდება იმას, ვინც მოვიდა თავისი ნებით და თავი შესწირა უფალს, უარი თქვა ქორწინებაზე და უფრო მეტად პატივი სცა განწმენდილ ცხოვრებას. ხოლო აღსარებასა და აღთქმას მაშინ მივიღებთ მისგან, როდესაც ასაკი სიტყვის შესრულების შესაძლებლობას მისცემს, ვინაიდან ბავშვების ხმა არ უნდა მივიჩნიოთ სარწმუნოდ. როდესაც გახდება თექვსმეტ-ჩვიდმეტ წელზე მეტი ხნისა, ბატონ-პატრონი იქნება თავისი განზრახვისა და განსჯით აირჩევს უფლის მიმართ დაწინდულ ყოფნას. ამის შემდეგ დიდხანს უნდა ევედრებოდეს და ითხოვდეს, რათა მიიღონ ქალწულთა დასში. მხოლოდ მაშინ არის საჭირო მისი დაწესება ქალწულებთან და მისი აღთქმის დამტკიცება, და უარყოფის შემთხვევაში – მისი აუცილებელი დასჯაც. ბევრი მოჰყავთ მშობლებსა და ძმებს ისეთები, რომლებიც არ არიან სრულწლოვანნი, მაგრამ ისინი უქორწინებლობას ირჩევენ არა საკუთარი ნებით, არამედ ამას სჩადიან მათი მომყვანნი ამქვეყნიური საზრუნავის გამო (მაგ.: არ შეუძლიათ მზითვის მიცემა და სხვ). ესენი ქალწულებად ადვილად არ უნდა შევიწყნაროთ, სანამ ცხადად არ გამოვიძიებთ და არ შევიცნობთ თვით მათ განზრახვასა და ნებას“; „მამაკაცების აღთქმა სხვა არ ვიცით, იმათ გარდა, რომლებიც თავს მიათვლიან მონაზონთა დასს და დუმილით უჩვენებენ, რომ უქორწნილებლობის აღთქმას დებენ. მათ შესახებ მგონია და ვადგენ, რომ უნდა გამოვკითხოთ და მივიღოთ მათგან მტკიცე პირობა უქორწინებლობისა. თუ ამის შემდეგ გადაიხრებიან ხორცთმოყვარე და გემოთმოყვარე ცხოვრებისკენ, საჭიროა მათი განკანონება მეძავთათვის დაწესებული სასჯელის მიხედვით“.
სამონაზვნო აღთქმის დადების შემთხვევაში, როგორც მამაკაცს, ასევე ქალს ეკრძალება ქორწინება.
ეკლესიის წევრს, რომელიც უქორწინებლობის აღთქმას დებს, არ შეუძლია ქორწინება, რადგან ქალწულებისა და უქორწინებლობის აღთქმის დამდებს ეკლესია ზეციური სიძის – ქრისტეს სძლად მიიჩნევს. ასეთი სახის სულიერი კავშირი მორწმუნე სულისა, რომელიც თავს უძღვნის ქრისტეს განსაკუთრებულ მსახურებას, გახდა საფუძველი კანონიკური განსაზღვრებისა ამ აღთქმის დარღვევის ღალატის მისაჩნევად. ამიტომ ანკვირიის კრების მე-19 კანონი ამ აღთქმის დამრღვევს უთანასწორებს მეორედ დაქორწინებულს და მას აკისრებს ისეთივე ეპიტიმიას: „ვინც ქალწულობის აღთქმა დადო და შემდეგ უარი თქვა თავის აღთქმაზე, მან უნდა შეასრულოს მეორედ ქორწინებულთა ეპიტიმია. ქალწულს ეკრძალება ვინმესთან მისვლა [და მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება], როგორც დას“.
ამ აღთქმის გამტეხს უფრო მკაცრად უდგება ბასილი დიდი, როგორც ეს ვიხილეთ მის მე-18 კანონში – ის მრუშობის სასჯელს განუწესებს ასეთ მონოზონს. ბიზანტიის საერო კანონებიც ასევე უკრძალავდნენ მონოზვნებსა და ბერებს ქორწინებას, სასჯელის დაკისრების მუქარით.
4) საეკლესიო კანონთა მიხედვით, მესამედ დაქვრივებული ან განქორწინებული ადამიანის ქორწინება მიიჩნევა ახალი ქორწინებისთვის სრულად დამაბრკოლებლად. 920 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქ ნიკოლოზ მისტიკოსიის (912-925 წწ.) მიერ დადგენილ განწესებაში წერია: „არვინ გაბედოს მეოთხედ ქორწინება“. თუ ასეთი ქორწინება შედგება, ის უკანონოა.
რაც შეეხება მესამედ ქორწინებას, წმინდა ბასილი დიდი 50-ე კანონ ში წერს: „მესამედ ქორწინება, კანონის მიხედვით, არ არსებობს. ამის გამო მესამე ქორწინება, კანონის მიხედვით, არ შედგება. ასეთებს მივიჩნევთ ეკლესიის ლაქად და ბიწად. მაგრამ საერთო სახალხო განსჯის საგნად არ ვაქცევთ, რადგან ისინი უკეთესად იქცევიან, ვიდრე აშკარა სიძვის მოქმედნი“.
ამ კანონის მიხედვით, მესამე ქორწინებას ეკლესია მხოლოდ იმიტომ უშვებს, რომ აშკარა, დაუფარავი სიძვისგან დაიცვას ადამიანი.
ეკლესია არ იწონებს არც მეორედ ქორწინებას, რადგან მასში ხედავს საძრახისი გრძნობებისადმი დაყოლას, თუმცაღა უშვებს მას. პავლე მოციქულის სიტყვის მიხედვით, „ქალი რჯულითაა შეკრული, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, თავისუფალია: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს, მხოლოდ უფლის მიერ. მაგრამ უფრო ბედნიერი იქნება, თუ ისე დარჩება, როგორც მე ვურჩევ. რადგანაც, ვფიქრობ, მეცა მაქვს ღვთის სული“ (1 კორინთელთა 7, 39-40). თუმცა, ბასილი დიდის მე-4 კანონის მიხედვით, ყველა, ვინც მეორედაა დაქორწინებული ექვემდებარება ეპიტიმიას: „სამჯერ და მრავალჯერ დაქორწინებულთა შესახებ იგივე კანონი უნდა დაწესდეს, რაც არის დაწესებული ორჯერ ქორწინებულთა შემთხვევაში, ქორწინებათა რიცხვის შესაბამისად. ერთი წელი თქვეს მეორედ ქორწინებულთა უზიარებელყოფა და ზოგიერთმა – ორი წელი. ხოლო მესამედ ქორწინებულებს სამი წლით და ზოგჯერ ოთხი წლით უზიარებელყოფენ. მას უწოდებენ არა ქორწინებას, არამედ მრავალქორწინებას და უფრო კი სიძვას, რომელიც სასჯელს იმსახურებს. უფალმა ხუთნაქმარევ სამარიტელს უთხრა: „რომელიც ახლა გყავს, არ არის შენი ქმარი“ (იოანე 4, 18). აქედან გამომდინარე, სამართლიანი არ არის, რომ მათ, რომლებიც მეორე ქორწინებას გადააცილებენ, ქმრობის ან ცოლობის სახელი ეწოდოს ვისგანმე. ჩვენ კი ჩვეულებრივ და წესად მივიღოთ მესამედ ქორწინებულთა ხუთ წელს უზიარებელყოფა, რაც მოდის არა კანონთაგან, არამედ წინამორბედთაგან მიღებული განწესებიდან და ჩვენი დადგენილებიდან. მაგრამ ისინი მთლიანად არ უნდა გავაძევოთ ეკლესიიდან, არამედ ორ-სამ წელიწადს მსმენელობის ღირსი უნდა გავხადოთ. ამის შემდეგ ნება უნდა მიეცეთ, დადგნენ ზიარების ღირსთა შორის, მაგრამ საიდუმლოს ზიარებიდან ისევ განყენებული იქნენ და ამგვარად, როცა აჩვენებენ სინანულის ღირს ნაყოფს, მაშინ მიიღებენ წმინდა ზიარებას“.
5) მეორედ ქორწინებისთვის დამაბრკოლებელია განქორწინება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი დადანაშაულებულია პირველი ქორწინების დროს მრუშობაში და ამ მიზეზით განქორწინდა. მას არ აქვს უფლება, მეორედ იქორწინოს. ეს გამომდინარეობს სახარებისეული ზნეობრივი სწავლებიდან და ეკლესიის ადრეული პერიოდის პრაქტიკიდან. ეს ნორმა ასევე ასახულია საეკლესიო კანონმდებლობაში (ნომოკანონი 11, 1, 13, 5).
6) შემდეგ დაბრკოლებას წარმოადგენს მძიმე ფიზიკური და სულიერი უუნარობა (სხვადასხვა სახის უნარშეზღუდვა). მრავალი ქრისტიანული და არაქრისტიანული ქვეყნის კანონი, სულიერად დაავადებული ადამიანების ქორწინებას არ ცნობენ. ასეთად მიიჩნევა ის ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და არ შეუძლია ჯანსაღად აზროვნება.
რაც შეეხება ქორწინებისთვის ფიზიკურ ნაკლულოვანებას, მათე ბლასტარის „სინტაგმაში~ შეტანილია ლეონ ბრძენის 98-ე ნოველა, რომელიც საჭურისებს უკრძალავდა ქორწინებას. ამას გარდა, საეკლესიო კანონები ითვალისწინებს ანალოგიური დაბრკოლებებს იმ პირების მიმართ, რომელთაც თანდაყოლილად ჰქონდათ ასეთი ნაკლი, ან ავადმყოფობის გამო დაუდგათ ასეთი შედეგი. საეკლესიო კანონთა კრებულები ასეთ ადამიანებს არ უკრძალავს დაქორწინებას, თუმცა ქორწინებიდან სამი წლის შემდეგ ნებას რთავს განქორწინებაზე, თანდაყოლილი ნაკლის გამო (ანუ ეს პერიოდი შესაძლო განკურნებისთვის იყო მოცემული). თანაცხოვრებისთვის შეუთავსებელი ფიზიკური ნაკლი მაშინ ვლინდება, როდესაც ქორწინება შედგება. ხშირ შემთხვევაში ეს ცნობილი არავისთვისაა და არც მისთვის, მაგრამ თუ ეს ცნობილი გახდება უფრო ადრე, მაშინ ეს მიიჩნევა ქორწინებისთვის დამაბრკოლებ მიზეზად როგორც მამაკაცის, ისე ქალის შემთხვევაში. ასეთი შემთხვევისას მოძღვარს შეუძლია ეპისკოპოსისგან კურთხევის აღების გარეშე უარი თქვას ქორწინების საიდუმლოს შესრულებაზე. ფიზიკური ნაკლი თანაცხოვრებისთვის არ უნდა აგვერიოს შვილის ვერყოლის შემთხვევასთან, რომელიც არ წარმოადგენს დაბრკოლებას ქორწინებისთვის და არც განქორწინებისთვის წარმოადგენს მიზეზს.
საეკლესიო კანონმდებლობა არ კრძალავს იმ პირთა ქორწინებას, თუ ისინი სნეულნი არიან, მაგრამ თავად სურთ ქორწინება. ასეთი ქორწინებაც უნდა შესრულდეს აუცილებლად ტაძარში. თუ ერთმანეთთან უკანონოდ მცხოვრებთაგან ერთ-ერთი მძიმედაა ავად და ამ მიზეზით გარდაცვალება ემუქრება, სურვილის შემთხვევაში ქორწინება არ შეიძლება შესრულდეს ეკლესიაში, თუ ეპარქიის ეპისკოპოსისგან არ აიღებს კურთხევას.
7) ქორწინებისთვის დადგენილია ასაკობრივი ზღვარი. ასაკი, რომლის მიღწევამდეც დაუშვებელია ქორწინება, ყოველთვის არ ემთხვევა საერო კანონმდებლობით განსაზღვრულ ზრდასრულობის ასაკს. ლეონ ისავრიელისა და კონსტანტინე კოპრონიმის „ეკლოგებში“ ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი მამაკაცისთვის არის 15, ხოლო ქალისთვის – 13 წელი; ვასილი მაკედონიელის „პრიოხირონში“ ეს ასაკი ერთი წლით არის დაწეული, შესაბამისად, კაცისთვის – 14, ხოლო ქალისთვის – 12 წელი.4 რუსეთის სინოდის მიერ 1830 წლის 19 ივლისს გამოიცა განწესება, სადაც დადგინდა: მამაკაცისთვის – 18 წელი, ხოლო ქალისთვის – 16. ეს განწესება არ მოქმედებდა კავკასიის ტერიტორიაზე. ქორწინება, რომელიც მოხდა ზრდასრულ ასაკამდე, არ მიიჩნეოდა კანონიერ ქორწინებად და ექვემდებარებოდა განქორწინებას, მათ აშორებდნენ სრულწლოვანების მიღწევამდე, თუ მანამდე ქალი არ დაორსულდებოდა ან შვილი არ შეეძინებოდა.
ბასილი დიდი 26-ე კანონი: „სიძვა არ არის ქორწინება და არც ქორწინების დასაწყისი. ამის გამო უკეთესია, თუ შესაძლებელია იქნება, სიძვით შეერთებულთა დაშორება. ხოლო თუ ყოველნაირად ესწრაფვიან ერთად ცხოვრებას, მათ უნდა შეასრულონ სიძვის კანონი. ხოლო ერთად ცხოვრების უფლება უნდა მიეცეთ, რათა უარესი რამ არ მოხდეს“. თუ ზრდასრულ ასაკის მიღწევამდე ისინი იყვნენ დაწინდულები, ხოლო შემდეგ დააშორეს, ზრდასრულობის მიღწევის შემთხვევაში, თუ მათ აქვთ სურვილი ერთად ცხოვრებისა, მათ ეძლევათ ამის უფლება.
საეკლესიო კანონმდებლობით, ქორწინებისთვის დადგენილია ზედა ზღვარიც. ბასილი დიდი ასეთ ზღვრად ადგენს ქალისთვის 60, ხოლო მამაკაცისთვის 70 წელს: „თუ ქვრივი, რომელიც ჩათვლილია ქვრივთა რიცხვში (ე. ი. ცხოვრობს და იკვებება ეკლესიის ხარჯზე), მოინდომებს ქორწინებას, მოციქულის ბრძანების თანახმად, იგი უნდა დარჩეს ეკლესიის მეურვეობის გარეშე. ხოლო დაქვრივებული მამაკაცისთვის არ არის დაწესებული არავითარი კანონი. მისთვის საკმარისია მეორედ ქორწინებულთა ეპიტიმია. თუ სამოცი წლის ქვრივი მოისურვებს ქმართან ერთად ცხოვრებას, ის არ იქნება სიწმინდის ზიარების ღირსი, სანამ არ დაცხრება არაწმინდა ვნებისაგან. ხოლო თუ სამოც წელზე ადრე ჩავრიცხავთ მას ქვრივებში, ჩვენი ბრალი იქნება ეს და არა იმ დედაკაცისა“ (ბასილი დიდის 24-ე კანონი).
8) შემდეგი დაბრკოლებას ქორწინებისთვის წარმოადგენს უარი სასიძოს ან სარძლოს მშობელთა მხრიდან. ბასილი დიდი 38-ე კანონით განაწესებს: „დედაკაცები, რომლებიც მათი მამების თანხმობის გარეშე მიეცემიან ვინმეს, შერაცხილნი არიან სიძვის მოქმედად. ხოლო მშობლებთან შერიგების შემდეგ ამ საქმის გამოსწორება შესაძლებლად არის მიჩნეული. მაგრამ ისინი არ იქნებიან ზიარებაზე შეწყნარებულნი, ვიდრე არ განკანონდებიან სამი წლით“.
ამ კანონზე დაყრდნობით 1038 წელს კონსტანტინეპოლის ეკლესიის სინოდმა მიიღო დადგენილება, რომ არ მიიჩნეოდა კანონიერად ქორწინება, რომელიც ქალის მამის თანხმობის გარეშე შედგა.
მშობელთა მხრიდან თანხმობას საფუძვლად უდევს მათი მხრიდან პატივისცემა სიძისა და სარძლოს ქორწინების არჩევანისადმი. სამოქალაქო კანონები უკრძალავს მშობლებს და მზრუნველობით აღჭურვილ პირებს, ახალგაზრდების ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით დააქორწინონ. სამრევლო მოძღვრისთვის ვალდებულებებით განსაზღვრულია, თუ მოძღვარი შეამჩნევს დაძაბულობას ან ცრემლს ქორწინების ჟამს, რომელიც ეჭვს აღუძრავს მას ნებაყოფლობით ქორწინებაზე, უნდა გააჩეროს ჯვრისწერის მსახურება და გაარკვიოს, ვინმეს ნების გარეშე ხომ არ ქორწინდებიან. კანონთა კრებულების მიხედვით, თუ ძალა დაატანეს ერთ-ერთ მათგანს და ისინი იძულებით დააქორწინეს, ამგვარი ქორწინება მიიჩნევა უკანონოდ და ექვემდებარება განქორწინებას.
მართლმადიდებელ ქრისტიანთა შვილებს არ აქვთ უფლება, მშობლის თანხმობის გარეშე დაქორწინდნენ, რადგან მშობლებს მინიჭებული აქვთ ღვთისგან მზრუნველობა თავის შვილებზე და აქვთ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება, ისინი დგანან თავისი შვილების კეთილდღეობის სადარაჯოზე. ქორწინება არ უნდა შესრულდეს მხოლოდ ახალგაზრდების გაუაზრებელი გატაცების, გამოუცდელობისა და თვითნებობის მიხედვით, რასაც შეიძლება მოჰყვეს ადამიანური და მორალური უთანხმოებანი.5
3 Никодимъ, Православное Церковное Право, СПб., 1897, გვ. 582.
4 იგივე ასაკია მითითებულია რუის-ურბნისის კრების ოქმებშიც.
ქორწინების პირობითი ბარიერები
გარდა აბსოლუტური დაბრკოლებებისა, არსებობს ასევე ქორწინებისთვის პირობითი ბარიერები, რომელიც კრძალავს შეუღლებას სისხლით ან სულიერი ნათესაობით დაკავშირებული გარკვეული პირებისთვის.
1) დაუშვებელია ახლო სისხლით ნათესაობა სიძესა და საპატარძლოს შორის – ეს ქორწინებისთვის აუცილებელი პირობაა. ეს ეხებათ არა მარტო კანონიერ ქორწინების შედეგად დაბადებულ პირებს, ასევე უკანონო კავშირით დაბადებულ ბავშვებსაც. სისხლით ახლო ნათესაობა იზომება ხარისხებით (თავებით): მამასა და შვილს, დედასა და შვილს შორის ერთი ხარისხია სისხლით ნათესაობისა, პაპასა და შვილიშვილს შორის – ორი ხარისხია, ბიძასა და ძმისშვილს შორის – სამი. ამ ხარისხთა რიგი, ერთიმეორეს მიყოლებული, შეადგენს ნათესაურ შტოს. ნათესაური შტოები არის პირდაპირი და გვერდითი. პირდაპირი შტო აღმავალია, როდესაც კონკრეტული პირისგან ადის მის წინაპრებამდე; დაღმავალი ნათესაური შტო წინაპრებიდან ჩამოდის შთამომავლობამდე. ორი სწორი შტო (ხაზი) რომელიც ერთი წინაპრისგან მომდინარეობს, გვერდითა ხაზებით უკავშირდება ერთმანეთს (მაგალითად, ძმისშვილი და ბიძა; ბიძაშვილები და ბიძაშვილის შვილები).
სისხლით ნათესაობის დონის გასარკვევად, საჭიროა განვსაზღვროთ ორ პირს შორის შთამომავლობითი ხარისხები (თავები), პირველიდან მეშვიდე ხარისხთა შორის ნათესაური კავშირი როგორ გადაითვლება:
სქემა I. სისხლით ნათესაობა

1. დაუშვებელია საკუთარი დის ცოლად შერთვა.
2. დაუშვებელია საკუთარი დისშვილის ან ძმისშვილის ცოლად შერთვა.
3. დაუშვებელია ბიძაშვილის ცოლად შერთვა.
4. დაუშვებელია ბიძაშვილის ასულის ცოლად შერთვა.
5. დაუშვებელია გარე ბიძაშვილის ცოლად შერთვა.
6. დაუშვებელია გარე ბიძაშვილის ასულის ცოლად შერთვა.
7. შესაძლებელია მესამე ბიძაშვილის ცოლად შერთვა.
სისხლით ახლონათესაური კავშირი ყველა განვითარებულ ერში წარმოადგენს დაბრკოლებას ქორწინებისთვის. წინასწარმეტყველ მოსეს რჯულის კანონი გვერდითა ნათესავებს შორის სამ ხარისხზე კრძალავს ქორწინებას: „არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენს და დედაშენს; დედაა შენი, არ აჰხადო მას სიშიშვლე. არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის ცოლს, ეს მამაშენის სიშიშვლეა. არ აჰხადო სიშიშვლე შენს დას, მამაშენის ასულს ან დედაშენის ასულს, შინ დაბადებულს ან გარეთ დაბადებულს. არ აჰხა-
სქემა II. ბიძაშვილობის ხარისხები

დო სიშიშვლე შენი ვაჟის ასულს ან შენი ქალიშვილის ასულს, რადგან ეს შენი სიშიშვლეა. არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის ცოლის ასულს, მამაშენის ნაშობს; შენი და არის იგი. არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის დას, მამაშენის სისხლი და ხორცია იგი. არ აჰხადო სიშიშვლე დედაშენის დას, რადგან დედაშენის სისხლი და ხორცია იგი. არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის ძმას; ნუ მიეკარები მის ცოლს; შენი ბიცოლაა იგი. არ აჰხადო სიშიშვლე შენს რძალს; შენი ვაჟის ცოლია იგი; არ აჰხადო სიშიშვლე შენი ძმის ცოლს; შენი ძმის სიშიშვლეა ეს. არ აჰხადო სიშიშვლე ცოლსა და მის ასულს; არ ითხოვო მისი ვაჟის ასული და მისი ქალიშვილის ასული სიშიშვლის ასახდელად; სისხლი და ხორცნი არიან ისინი. ეს გარყვნილებაა“ (ლევიტელთა 18, 7-17).
რომაელებშიც სისხლითნათესაურ პირთა შორის ქორწინება, აღმავალი და დაღმავალი ხაზით, უპირობოდ იკრძალებოდა. იკრძალებოდა ასევე გვერდითი ნათესაურ ხაზებს შორის ქორწინებაც, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხარისხით დაშორებულთა შორის.
ქრისტიანული ეკლესია მკაცრად კრძალავს ქორწინებას პირდაპირი ხაზით სისხლით ნათესავებს შორის. მოციქულთა მე-19 კანონი გა ნაჩინებს: „ვინც ცოლად შეირთავს ორ დას, ან ცოლის დას, უფლება არა აქვს, დასის წევრი გახდეს“.
ტრულის კრების 54-ე კანონი მეხუთე ხარისხით სისხლით ნათესავებს შორის ქორწინებაზე მკაცრად ადგენს: „საღვთო წერილი ნათლად გვასწავლის: „არავინ დაუახლოვდეს თავის ხორცით ნათესავს მისი სიშიშვლის ასახდელად“ (ლევ. 18, 6). ღმერთშემოსილმა მამამ ბასილი დიდმა თავის კანონებში აღრიცხა ზოგიერთი აკრძალული ქორწინების ჩამონათვალი, ხოლო ბევრ მათგანს დუმილით აუარა გვერდი, რითაც აგვაცილა მრავალი ბილწი სახელწოდება, რათა მათგან არ წაებილწა ენა. ეს უწმინდურებანი მან აღნიშნა საზოგადო სახელებით, ამით მოკლედ გვიჩვენა უწესო ქორწინებანი. მაგრამ რადგანაც აკრძალული ქორწინებების დაუკონკრეტებლობამ ადამიანთა ბუნების აღრევა გამოიწვია, ამიტომ ჩვენ უმჯობესად მივიჩნიეთ, აშკარად მიგვეთითებინა უწესო შეუღლებებზე და განვაჩინეთ: თუ ვინმე ამიერიდან იქორწინებს თავის ძმისწულზე, ან მამა და ძე დედასა და ასულზე, ან მამა და ძე ორ ქალწულ დაზე, ან ორი ძმა დედასა და ასულზე, ან ორი ძმა ორ დაზე, მაშინ ისინი შვიდწლიან ეპიტიმიას უნდა დაექვემდებარონ, ცხადია, უწესო ქორწინების გაუქმების შემდეგ“.
ლეონ ისავრიელისა (713-741 წწ.) და კონსტანტინე კოპრონიმის (741-775 წწ.) ეკლოგებში შესულია ასევე აკრძალვა მეექვსე ხარისხში სისხლით ნათესავებს შორის. 1168 წლის კონსტანტინეპოლის კრებამ, პატრიარქ ლუკა ხრისოვერგის დროს, ბრძანა უპირობოდ განქორწინებულიყვნენ მეშვიდე ხარისხში სისხლით ნათესავები.
2) სისხლით ნათესაობის გარდა ორ გვარს შორის ქორწინებით, მძახ ლობითა და მოყვრობით დანათესავების შემდეგ, ამ გვართა ოჯახის წევრები აღარ უღლდებიან. მძახლობა და მოყვრობა სისხლით ნათესაობის სწორია, რადგან ცოლი და ქმარი ერთსულ და ერთხორცი ხდება ჯვრისწერის შემდეგ. ნათესავები არიან: სიმამრი და სიძე, დედამთილი და რძალი, მა მინაცვალი და გერი, სიძე და ცოლის ძმა, რძალი და მაზლი. მძახლობისა და მოყვრობით ნათესაობის სიახლოვე განისაზღვრება და ეწყობა ორივე ნათესაური ხაზის ხარისხების მიხედვით, ქმარსა და ცოლს შორის დამაკავშირებელი ხარისხი არ არსებობს. მაშასადამე:
•
სიძე და სიდედრი წარმოადგენს ნათესაობით პირველ ხარისხს;
•
მაზლი და რძალი წარმოადგენს ნათესაობით მეორე ხარისხს;
•
მაზლიშვილი და რძალი წარმოადგენს ნათესაობით მესამე ხარისხს;
•
მაზლიშვილი და ცოლის დედა – ნათესაობით მეოთხე ხარისხს;
•
მაზლიშვილი და ცოლის ძმა – ნათესაობით მეხუთე ხარისხს;
•
მაზლიშვილი და ცოლის ძმისწული – მეექვსე ხარისხია;
•
ცოლის ბიძაშვილი ან მამიდაშვილი ან დეიდაშვილი და ქმრის დეიდა ან მამიდა არის ნათესაობით მეშვიდე ხარისხი.
ასეთ დანათესავებას ეწოდება ორი შტოს, ორი გვარის ნათესაობა. მაგრამ საეკლესიო სამართალი სამი შტოს, სამი გვარის დანათესავებასაც იცნობს, როდესაც ორი ქორწინებით სამი გვარი ნათესავდება.
5 В. Цыпин, Церковное Право, 1996, გვ. 343-349.
ექსტანტიისათვის ექსტანტიისათვის – მძახლობითი ნათესაობისათვის მძახლობითი ნათესაობისათვის1
სისხლით ნათესაობა ადვილი გასარჩევია, მაგრამ რთულია გასარჩევად მძახლობითი ნათესაობის თავნი. ამისათვის მოვალენი ვართ, უდიდესი ენერგიითა და მოკრძალებით გამოვიძიოთ, რათა არ დავუშვათ შეცდომა, არ ვეზიაროთ ურჯულო საქმეს და ამ მიზეზით საუკუნო სატანჯველს არ მივეცეთ.
ვინც ნებსით აღუდგება წინ რჯულს ქრთამით, ან საჩუქრებით, ან კაცთმოთნეობისათვის, შუამდგომელნიც და ცოლ-ქმარნიც, რომელთაც შეერთებით სისხლის აღრევა მოხდა, მაკურთხეველთან ერთად სატანჯველის მიეცემიან, რადგან ღვთის შეუმცდარი თვალი ყოველივეს ხედავს და ყოველივე იცის.
წმ. მამანი და მოძღვარნი მეშვიდე თავს აძლევდნენ უფლებას, მაგრამ ახლა მეშვიდე დაყენებულია და მეექვსე – გახსნილი (ბევრ ადგილას მეექვსეს აქვს უფლება და მეშვიდეს არა, ბევრ ადგილას კი – პირიქით. ამის მიზეზია თავთა აღრევა და აღურევლობა), რადგანაც მეექვსე თავს არა აქვს იმდენი აღრეულობა, რამდენიც მეშვიდე თავს:
1. რჯული დააყენებს იმ კაცს, რომელიც შეირთავს დედასა და ასულს (საუბარია მეორედ ქორწინებაზე, ცოლის გარდაცვალების ან გაყრის შემთხვევაში);
2. ბებიასა და ასულის ასულს;
3. ბებიის დედასა და ასულის ასულის ასულს;
4. ან ისევ ბებიის ბებიასა და ასულის ასულის ასულის ასულს.
გინდა ცოლის ძმის ან ცოლის დის ასულს. გინდა მეორე ბიძის ასულს, რადგანაც არ არის მეშვიდე თავი.
ცოლი და ქმარი ერთხორცი არიან და ერთ თავად მიიჩნევიან. ჰკითხეს ეს ნიკოლოზ პატრიარქს და მის საეკლესიო კრებას და არ ინებეს შენდობის მიცემა, და გამოსცეს სახელმწიფო და საეკლესიო ბრძანება, რომ ასეთი ქორწინება არასდროს შედგეს. კანონი იტყვის: შეირთავს კაცი ცოლად თავისი ცოლის მეორე ბიძაშვილის ასულს.
ბიძის სახელისათვის
ბიძა ჰქვია მამაჩემის ძმას. დიდი ბიძა ჰქვია ჩემი პაპის ან ბებიის ძმას, ხოლო პატარა ბიძა ჰქვია მამაჩემის ან დედაჩემის პირველ ბიძაშვილს. მამაჩემის ძმა ჩემთვის მესამე თავია, ხოლო მამაჩემის პირველი ბიძაშვილი ჩემთვის მეხუთე თავია.
1. მამა და ძე ცოლად ვერ შეირთავენ დედასა და ასულს;
2. მამაჩემი ვერ შეირთავს ჩემი ცოლის ბებიას;
3. მამაჩემი ვერ შეირთავს ჩემი ცოლის ბებიის დას;
4. მამაჩემი ვერ შეირთავს ჩემი ცოლის დას;
5. მამაჩემი ვერ შეირთავს ჩემი ცოლის მამიდას;
6. მამაჩემი შეირთავს ჩემი ცოლის დედის ბიძაშვილს და ასეთი ქორწინება დაშვებულია.
მამაჩემი ვერ შეირთავს ჩემი ცოლის მეორე ბიძის ასულს. რჯული ბრძანებს, რომ თუ ძე შეირთავს ქალს, მის მამას შეუძლია შეირთოს თავისი ძის სიდედრის ბიძაშვილი, ხოლო როდესაც მამა და შვილი ორ ბიძაშვილს შეირთავენ, ნაცვლად მამაშვილობისა, ისინი სიძეები იქნებიან ერთმანეთისა და ამის გამო კრძალავს სჯული ასეთ ქორწინებას.
მამისა და შვილის სახელები არ აღირევა, როდესაც შვილი შეირთავს ქალს და მამა თავისი ძის სიდედრის ბიძაშვილს, მაგრამ თუ შეირთავენ ორ ბიძაშვილს, მაშინ აღირევიან, როგორც ზემოთ ვთქვით, ანუ მამაშვილობის ნაცვლად სიძეები იქნებიან და ამის გამო ასეთი ქორწინება არ შეიძლება. რომელ თავზეც სახელები აღირევა, ასეთი ქორწინება იკრძალება და, თუ ვინმე ფარულად ჩაიდენს, განდგომილი იქნება რჯულისაგან.
მამამ თავისი შვილის სიდედრის ბიძაშვილს რომ შეირთოს, შეიძლება, ხოლო შვილმა თავისი მამის სიდედრის ბიძაშვილი რომ შეირთოს, დაუშვებელია, რადგან მათ შორის აირევა სახელები: მამა შვილად მიიღება და შვილი – მამად. მამა და შვილი ვერ შეირთავენ ცოლად ძმისწულსა და მამიდას.
პაპისა და შვილიშვილისათვის
1. პაპა ვერ შეირთავს თავისი შვილიშვილის სიდედრს;
2. პაპა ვერ შეირთავს თავისი შვილიშვილის სიდედრის დედას;
3. პაპა ვერ შეირთავს თავისი შვილიშვილის სიდედრის ბებიას;
4. პაპა ვერ შეირთავს თავისი შვილიშვილის ცოლის დას;
5. პაპა ვერ შეირთავს თავისი შვილიშვილის ცოლის პაპის დას;
6. პაპა და შვილიშვილი ვერ შეირთავენ მამის დასა და ძმისშვილს;
7. პაპა და შვილიშვილი ვერ შეირთავენ ორ პირველ ბიძაშვილს;
8. ვერც პაპის მამა და შვილიშვილი შეირთავენ ორ პირველ ბიძაშვილს;
9. ხოლო პაპის მამა და შვილიშვილი შეირთავენ ბებიის დედასა და შვილის შვილის შვილს;
10. მე შევირთავ ქალს და პაპაჩემის მამა შეირთავს ჩემი ცოლის ბებიის დედას;
11. პაპაჩემის მამა შეირთავს ჩემი ცოლის მამიდას;
12. პაპა და შვილიშვილი შეირთავენ ბიძაშვილის შვილს და დედის ბიძაშვილს.
ორი ძმისათვის
1. ორი ძმა ვერ შეირთავს ორ დას;
2. ორი ძმა ვერ შეირთავს ძმისშვილსა და მამიდას;
3. ორი ძმა ვერ შეირთავს ორ პირველ ბიძაშვილს;
4. ორი ძმა შეირთავს ასულს და სიდედრის ბიძაშვილს;
5. ორი ძმა შეირთავს ორ მეორე ბიძაშვილს;
6. ორი ძმა ვერ შეირთავს დედასა და შვილს;
7. ორი ძმა ვერ შეირთავს შვილიშვილსა და ბებიას;
8. ორი ძმა ვერ შეირთავს შვილიშვილის შვილსა და ბებიის დედას;
9. ორი ძმა ვერ შეირთავს პაპიდასა და ძმისწულის ასულს.
ბიძისა და ძმისშვილისათვის
1. ბიძა და ძმისშვილი შეირთავენ მამიდას და ძმის ასულს, თუ ბიძა მამიდას შეირთავს და ძმისშვილი ასულს, ხოლო თუ ბიძა ძმის ასულს შეირთავს და ძმისშვილი მამიდას, ეს არ შეიძლება, რადგან აირევა სახელები – ბიძა ძმისშვილად იწოდება და ძმისშვილი ბიძად. ბასილი დიდი ბრძანებს, როდესაც სახელები აირევა, ასეთი ქორწინება დაუშვებელია;
2. ბიძა და ძმისშვილი დაუბრკოლებლად შეირთავენ ორ პირველ ბიძაშვილს;
3. ორი პირველი ბიძაშვილი შეირთავს ორ პირველ ბიძაშვილს.
სამნათესაობისათვის
ახლა უკვე სამნათესაობისთვის ვთქვათ. სამნათესაობა მძახლობითვე არის, მაგრამ სამი ნათესავისაგან იქმნება: ერთი ნათესავი მე ვარ, მეორე ნათესავი – ჩემი ცოლი და მესამე ნათესავი – ჩემი ცოლის ძმის ცოლი.
1. თუ გარდაიცვალა ჩემი ცოლი, ჩემი ცოლის ძმის ცოლის დას დაუბრკოლებლად შევირთავ;
2. ხოლო თუ ჩემი ცოლის ძმა გარდაიცვალა, მე ვერ შევირთავ მის ცოლს, ჩემი ძმა კი შეირთავს;
3. შემიძლია შევირთო ჩემი ძმის გერის ცოლი (გერის სიკვდილის შემთხვევაში);
4. თუ დედინაცვალს, რომელსაც ქმარი მოუკვდება და დარჩება გერად ქალი და ისიც მოკვდება, დედინაცვალი ვერ გაჰყვება ცოლად თავისი მკვდარი გერის ქმარს;
5. თუ გარდაიცვალა ჩემი ცოლი, მე ცოლად ვერ შევირთავ ჩემი გარდაცვლილი ცოლის ბიძის ცოლს;
6. შევირთავ ჩემი ცოლის ძმის გერს;
7. ჩემი სიძის (დის ქმრის) ძმის ცოლი შეიძლება შევირთო მე ცოლად;
8. თუ გარდაიცვალა ჩემი ცოლიცა და ჩემი სიძის (ასულის ქმრის) ძმაც, მე ვერ შევირთავ ცოლად ჩემი სიძის ძმის ცოლს;
9. დაუბრკოლებლად შემიძლია ჩემი სიძის ძმის ცოლის და ცოლად შევირთო;
10. თუ ორ ძმათაგან ერთ ჰყავს ცოლის ძმა და მეორე კი – ცოლის და, შესაძლებელია, რომ ისინი ერთმანეთის ცოლ-ქმარნი გახდნენ. ლეონ და არსენ პატრიარქების ბრძანებით, ორი ძმა დაუბრკოლებლად შეირთავს რძალ-მულს. ჩემი ძმის ქალიშვილს ჰყავს ქმარი, თუ ჩემი ძმის ქალიშვილი გარდაიცვალა, მისი ქმარი და მე შევირთავთ ორ დას. მიქაელ პატრიარქის ბრძანებით, პირველი ცოლისგან შობილი ჩემი ასული და ჩემი მეორე ცოლის ძმის ასული შეირთავენ ორ ძმას. სიძე და ცოლის ძმა შეირთავენ ორ პირველ ბიძაშვილს.
11. პარტიარქ სტიპის დადგინება შესაძლებელს ხდის სიძისა და ცოლის ძმის მიერ ორი დის შერთვას.
გარდა ქორწინებით ნათესაობისა, საეკლესიო სამართალი ასევე იცნობს ფიქტიურ ქორწინებით ნათესაობას, ანუ როდესაც ადამიანები არიან დაწინდულები, მაგრამ ჯერ კიდევ არ არიან დაქორწინებულები, რადგან ეკლესია წინდობას ქორწინებას უთანასწორებს. ასეთ შემთხვევაში დაბრკოლება იმავე სახის ხარისხობრივი გადათვლით აითვლება, როგორც ქორწინების შემთხვევაში. ასევე განქორწინებული ადამიანების ნათესავებიც ფიქტიურ ნათესავებად მიიჩნევიან. ბიზანტიური კანონმდებლობა ქორწინების დაბრკოლებად, გამომდინარე ფიქტიური ნათესაობიდან, კრძალავდა ნათესაობის პირველ ხარისხზე: იკრძალებოდა ქორწინება ერთ-ერთი განქორწინებული მეუღლის მეორე ქორწინებიდან შეძენილ შვილს შორის.
ქორწინებისთვის დაბრკოლებად მიიჩნევა ასევე სულიერი ნათესაო ბა. სულიერი ნათესაობა წარმოიშობა ნათლობით ნათლიასა და ნათლულს შორის. ტრულის კრების 53-ე კანონი განაწესებს: „სულიერი ნათესაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხორციელი კავშირი. ჩვენთვის კი ცნობილი გახდა, რომ ზოგან ჩვილი ყრმების მომნათლავნი მათ დაქვრივებულ დედებზე ქორწინდებიან, რის გამოც ვადგენთ: ამიერიდან მსგავსი არაფერი მოხდეს. ვინც ამ კანონის მიღების შემდეგაც ჩაიდენს მსგავს რამეს, ამ უწესო ქორწინების დარღვევისთანავე მეძავთათვის დაწესებულ ეპიტიმიას უნდა დაექვემდებაროს“.
„ბაზილიკში“ ნათლობით დანათესავებულ ადამიანებს შორის ქორწინება იკრძალება მესამე ხარისხის ჩათვლით (ნათლობით ნათესაობის ხარისხებიც გადაითვლება იმავენაირად, როგორც სისხლით ნათესავების შემთხვევაში). ნათლიამ არ შეიძლება იქორწინოს ნათლულზე, რადგან ის ნათლობით მის შვილი ხდება; არც მის დედაზე, არც მის შვილზე. ასევე, აქ ჩამოთვლილ ადამიანებზე არ შეუძლია ქორწინება ნათლიის შვილსაც. კონსტანტინეპოლის სინოდის დადგენილებით, რომელიც გაიმართა კონსტანტინეპოლის პატრიარქ ნიკოლოზ III გრამატიკოსის (1084-1111 წწ.) მოწვევით, ნათლობით ნათესაობა მეშვიდე ხარისხის ჩათვლით განისაზღვრა დამაბრკოლებლად ქორწინებისთვის, ისევე როგორც სისხლით ნათესაობის შემთხვევაში. მაგრამ ნათლობის შემთხვევაში ხარისხები ითვლება მხოლოდ დაღმავალი ხაზით ნათესაობის გადათვლაში ნათლიასა და ნათლულს შორის, ხოლო აღმავალი ხაზით მხოლოდ ერთ ხარისხზე გადაითვლება.
მეოთხე სახის დაბრკოლებას ქორწინებაში წარმოადგენს ე. წ. სამოქა ლაქო ნათესაობა – შვილად აყვანა. რომსა და ბიზანტიაში ნაშვილებს არ შეეძლო ქორწინება იმ ოჯახის ახლო ნათესავებთან, ვინც ის შვილად აიყვანა.
IX ს-ში, იმპერატორ ლეონ ფილოსოფოსის დროს, ეკლესიაში დადგინდა შვილად აყვანის ფორმა. დადგენილი წესის მიხედვით, ნაშვილები არ უნდა დაქორწინებულიყო იმ ადამიანთა ხორციელ შვილებზე, ვინც ის იშვილა. ამგვარი ნათესაობა შვილად ამყვანის გარდაცვალების შემთხვევაშიც არ წყდებოდა. შედეგად ბიზანტიაში დამკვიდრდა პრაქტიკა – ასეთი დანათესავების შემთხვევაში მეშვიდე ხარისხის ჩათვლით არ მომხდარიყო ქორწინება, მსგავსად სისხლით ნათესაობისა.
ქორწინებისთვის აუცილებელია ორმხრივი თანხმობა, უპირობო შეთანხმება კანონიერი ქორწინებისთვის. თუ ქორწინება ძალდატანებით მოხდა, ის უკანონოდ ცხადდება. დაბრკოლებად არამარტო ფიზიკური ძალდატანება მიიჩნევა, არამედ ზნეობრივიც, მაგალითად, შანტაჟი, მუქარა.
მნიშვნელოვანი პირობა ქორწინების კანონიერებისთვის ერთმორწმუ ნეობაა. ეს აუცილებელი იყო რომის სამოქალაქო საქორწინო კანონებითაც. მოციქული პავლე წერს: „ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად, რადგან რა მონაწილეობა აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საზიარო ნათელს ბნელთან?“ (2 კორინთელთა 6, 14). ძველი პერიოდის წმინდა მამანი და მოღვაწენი – წმინდა კვიპრიანე კართაგენელი, ნეტარი თეოდორიტე, ნეტარი ავგუსტინე, ტერტულიანე – ასეთ ქორწინებას უწოდებდნენ წარმართულ სიძვას და მიიჩნევდნენ, რომ წარმართთან დაქორწინებული ქრისტიანი სამართლიანად განიკვეთებოდა ეკლესიიდან. ეკლესია იმთავითვე უკრძალავდა თავის წევრს ერეტიკოსთან ქორწინებას. ლაოდიკიის ადგილობრივი კრების მე-10 კანონი განაჩინებს: „საეკლესიო პირმა საქმის განუხილველად არ უნდა დააქორწინოს თავისი მორწმუნე შვილები ერეტიკოსებზე“.ეს ნორმა და ტრულის კრებამაც გაიმეორა 72-ე კანონით: „მართლმადიდებებელმა მამაკაცმა მწვალებელი დედაკაცი არ უნდა შეირთოს, არც მწვალებელ მამაკაცს უნდა შეეუღლოს მართლმადიდებელი დედაკაცი. თუ მსგავსი რამ მაინც მოხდება, ვისგანაც უნდა იყოს ჩადენილი, ასეთი ქორწინება უკანონოდ, დაუმტკიცებლად მიიჩნიონ და დაირღვეს უწესო თანამკვიდრობა, რადგან შეუერთებელთა შეერთება არ შეიძლება, არც ცხვრისა და მგლის ერთმანეთთან დაკავშირება იქნება და არც ქრისტეს ნაწილის ცოდვილთან შეერთება. ხოლო ვინც ჩვენს განჩინებას დაარღვევს, უზიარებლობით დაისაჯოს...“. თუმცა იმავე კანონში კრების მამები, პავლე მოციქულის ეპისტოლეზე დაყრდნობით, არ მოითხოვენ განქორწინებას მას შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი მიიღებს ქრისტიანობას და მოექცევა:
„ხოლო თუ ზოგიერთები, ვიდრე ურწმუნოებაში იყვნენ, მართლმადიდებელთა სამწყსოს არ მიეკუთვნებოდნენ და სჯულიერი ქორწინებით ერთხორც გახდნენ, შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა კეთილი არჩევანი გააკეთა, ჭეშმარიტების ნათელს მიეახლა, მეორე კი ცდომილების საკრველში დარჩა, არ ისურვა საღვთო შარავანდედისკენ მიხედვა და მაინც, ურწმუნო მეუღლეს მორწმუნე მეუღლესთან ცხოვრება სურს, საღვთო მოციქულის სიტყვისამებრ, ნუ დაშორდებიან ერთიმეორეს, „რადგანაც ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი – მორწმუნე ქმრისაგან“ (1 კორინთ. 7,14).
ცოლ-ქმრის უფლება-ვალდებულებები
თუ რამხელა უფლება და პასუხისმგებლობაა ცოლქმრობა, უპირველეს ყოვლისა, ამის შესახებ საუბრობს თავად მიზანი, რის გამოც უფლის მიერ დადგინდა ცოლქმრობის საიდუმლო, შემდეგ კი საეკლესიო და სახელმწიფო კანონები. ამ კანონებისა და ვალდებულებების დეტალურად გადმოცემა შედის ზნეობრივი ღვთისმეტყველების და საერო კანონების სისტემაში. საეკლესიო სამართალში კი საკმარისია ამ საკითხის მხო ლოდ ხსენება. ცოლ-ქმრის ვალდებულებებისა და უფლებების ნაწილი არსით ერთია, ურთიერთსაპასუხისმგებლო როგორც ცოლისთვის, ისე ქმრისთვის, ნაწილი კი კერძო (ცალკე ქმრისა და ცალკე ცოლისთვის).
მეუღლეების საერთო უფლება-ვალდებულებები შემდეგია:
1) ცოლქმრული ვალდებულების შესრულება. ეს ურთიერთვალ დებულებაა ცოლისაც და ქმრისაც, რომელიც განპირობებულია ქორწინების ორმაგი მიზნით, კონკრეტულად კი: ბუნებრივი ურთიერთლტოლვის დაკმაყოფილება და შვილების შეძენა. „ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი – ქმარს. ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ –ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ – ცოლი. ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო“ (1 კორინთ. 7, 3-5). ამ ვალდებულების, მოთხოვნის შესრულების უფლება ცოლისგან ქმრისა ან ქმრისგან ცოლისა ქარწყლდება მხოლოდ მაშინ, თუ მათ ურთიერთობაში მრუშობის ცოდვა ჩადგება.
2) ცოლ-ქმრის ერთგულება. მათ უნდა უყვარდეთ და უერთგულონ ერთმანეთს, იზრუნონ ყველაფერზე, რამაც უნდა გახადოს მათი ცოლქმრული სიყვარული ხანგრძლივი და სიხარულით აღსავსე. „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც გმართებთ კიდეც უფალში. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით მკაცრნი მათ მიმართ“. (კოლასელთა 3, 18-19). ცოლქმრული ერთგულება ირღვევა ყოველგვარი ზნეობრივი სახის დაუშვებელი მოქმედებით, კონკრეტულად კი ცოლის ან ქმრის მხრიდან მრუშობის ჩადენით, რომელიც საფუძველში არღვევს მშვიდობას, ღირსებასა და ოჯახის კეთილ სახელს.
3) შვილზე პასუხისმგებლობა. ბავშვები არიან მშობლების სიყვარულის ნაყოფი – მათი სისხლი და ხორცი. აქედან გამომდინარე, როგორც საეკლესიო, ისე საერო კანონი მშობლებს ვალდებულებას აკისრებს, იზრუნონ საკუთარი შვილების ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ და რელიგიურ აღზრდაზე. აღზარდონ ისე, რომ მათ ზრდასრულობისას შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება და გახდნენ საზოგადოების ღირსეული წევრები. მშობლების მხრიდან ამ ვალდებულებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში უმკაცრესია კანონი. ღანგრის კრების მე-15 კანონი ადგენს: „თუ ვინმე მიატოვებს თავის შვილებს, არ კვებავს მათ და არ ეხმარება, რაც შეუძლია, რათა აღზარდონ სათანადო ღმრთისმსახურებით, არამედ განდეგილობის მომიზეზებით უყურადღებოდ დატოვებს მათ, შეჩვენებულ იყოს“.
კერძო უფლება-ვალდებულებებიდან ნაწილი ეხება ქმარს, ნაწილი კი ცოლს:
1) „ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი – კაცი, ხოლო ქრისტეს თავი – ღმერთი“ (1 კორინთელთა 11, 3). „მე არა ვრთავ ქალს სწავლების ნებას, და არც ქმარზე მბრძანებლობისას, არამედ რათა იყოს მდუმარედ“ (1 ტიმოთე 2, 12). „კეთილგონიერნი იყვნენ, უმანკონი, მეოჯახენი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა“ (ტიტე 2, 5). მას ეკუთვნის უფლება მართოს და ფლობდეს ოჯახს, კეთილი დარიგებების მეშვეობით და არა მკაცრი ზომებით. ამიტომ მას პატივს უნდა სცემდეს ოჯახის ყველა წევრი.
2) ცოლი ამ უფლებებით უნდა იყოს განუყოფელი მეგობარი ქმრისა, დაეხმაროს მას ყველაფერში, მოუსმინოს ქმარს, როდესაც ის მოითხოვს რაიმე კეთილი საქმის გაკეთებას: „ცოლები დაემორჩილეთ საკუთარ ქმრებს“ (1 პეტრე 3, 1). „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს“ (ეფეს. 5, 22).
ბავშვებისა და მშობლების უფლება-ვალდებულებები
ქრისტიანები ქორწინდებიან ქრისტიანული ოჯახის შესაქმნელად. ქრისტიანული ოჯახი კავშირია, სადაც მეფობს სიყვარული და მეგობრული ურთიერთობა, ყურადღება, ურთიერთთანადგომა და დახმარება. ოჯახი ერთად ლოცულობს, ერთად მონაწილეობს საეკლესიო საიდუმლოებებში, ერთად არიან ჭირსა და ლხინში.
ბავშვები ოჯახის სრულფასოვანი წევრები არიან. მათი ამქვეყნად მოვლინების შემდეგ ახალი ოჯახური ურთიერთობები ყალიბდება. მოციქული პავლე ქრისტიან მშობლებს ასწავლის: „თქვენ კი, მამებო, მოთმინებიდან ნუ გამოიყვანთ შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის შეგონებით და სწავლით“ (ეფეს. 6, 4). „ხოლო ვისთვისაც უცხოა თავისიანთა და, მით უმეტეს, სახლეულთათვის ზრუნვა, რწმენის უარმყოფელია და ურწმუნოზედაც უარესი“ (1 ტიმოთ. 5, 8).
ქრისტიანულ ოჯახში ურთიერთდამოკიდებულება მის წევრებს შორის უნდა შეესატყვისებოდეს ქრისტიანული ოჯახის იდეას და უნდა გამოირიცხოს ყველაფერი, რაც შეურაცხყოფს ბავშვთა გრძნობებს.
უძველესი დროიდან ჩამოყალიბდა ისეთი დამოკიდებულება, რომ ოჯახურ ცხოვრებაში მშობლების ვალდებულებები იყოფა მამასა და დედას შორის. პირველ პერიოდში ბავშვებზე ზრუნვას მათი მოვლასა და აღზრდას ტვირთულობს დედა. დედობრივი ბუნებიდან გამომდინარე, იგი მეტ დროს უთმობს ბავშვებს, ვიდრე მამა.
ქრისტიანულ ოჯახში ბავშვი არამარტო ფიზიკურად ვითარდება, არამედ სულიერადაც. ის გრძნობს, აკვირდება, განაზოგადებს, თავისი დაკვირვების კლასიფიცირებას ახდენს, აანალიზებს, ეძებს თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზას, ამოწმებს თავის ძალებსა და შესაძლებლობებს. მას უყალიბდება ხასიათი და ტემპერამენტი. განვითარების ყველა საფეხურზე უყალიბდება და უჩნდება საკუთარი აზრები, გემოვნება, ინტერესი. გარკვეულწილად, ის იძენს ურთიერთობის გამოცდილებას ღვთისმიერ შექმნილ სამყაროსთან, სინდისის, პასუხისმგებლობის, ღირსების, მოვალეობის ხმა ნაბიჯ-ნაბიჯ აყალიბეს ბავშვის პიროვნულ „მეს“.
ახალგაზრდას უწევს ცხოვრება და მუშაობა საზოგადოებაში. მან უნდა მოძებნოს მეგობრები, მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აღიქვას თავისი თავი სამშობლოს შვილად, წმინდა ეკლესიის წევრად. უფროსებთან ურთიერთობა აძლევს მათ უფლებებს, მაგრამ ამავდროულად აკისრებს ვალდებულებებსაც, მოითხოვს მსხვერპლს, ავალდებულებს შეუთავსოს თავისი უფლებები სხვათა უფლებებს, მართოს თავისი სურვილები. ის ნელ-ნელა სწავლობს ხალხთან ერთად ცხოვრებას.
ბავშვები მშობლის მითითებას უნდა ისმენდნენ, მათ სიტყვას ემორჩილებოდნენ და ყურად იღებდნენ. მშობელი, ოჯახის წევრებთან ერთად, ავტორიტეტს იძენენ ეკლესიის ცხოვრებაში ჩართულობით, განსაკუთრებულად ნათლობის, აღსარების, ზიარების საიდუმლოებაში მონაწილეობით. ასეთი სახით აღზრდისას, ასაკის მიუხედავად, ბავშვი თავს ვალდებულად მიიჩნევს, დაუჯეროს მშობელს და პატივი სცეს მას. შვილების ვალია, ლოცულობდნენ თავისი მშობლებისთვის მათი სიცოცხლის პერიოდში და გარდაცვალების შემდეგ.
ზრდასრული შვილები ვალდებული არიან, დაეხმარონ და შეეხიდონ მშობლებს. თუ მშობლებს აღარ შეეძლებათ მუშაობა და თავის რჩენა, შვილებმა უნდა უზრუნველყონ ისინი. „პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის“ (გამოსვლათა 20, 12). „შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობ ლებს ყველაფერში, რადგანაც ეს ეამება უფალს“ (კოლასელთა 3, 20).
ღანგრის მე-16 კანონი ადგენს: „თუ შვილები მორწმუნე მშობლებს ღმრთისმსახურების მომიზეზებით გაშორდებიან და არ მიაგებენ მშობ ლების შესაფერის პატივს, ცხადია, ღმრთისმსახურებისადმი პატივისცემის დაცვით, შეჩვენებულ იყვნენ“. ისევე, როგორც იმავე კრების ზემომოყვანილი მე-15 კანონი (იხ. აქვე, გვ. 584) სჯის მშობლებს იმავე ქმედებისთვის. ამ კანონის განმარტებისას ზონარა წერს: „არამარტო მშობლებს მოეთხოვებათ შვილებზე ზრუნვა, არამედ შვილებსაც მოეთხოვებათ მშობლების პატივისცემა და ყურადღება, ამაში იგულისხმება მათი საკვებით უზრუნველყოფა სიბერეში. თუ ისინი რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან ან სიღარიბეში ცხოვრობენ ასაკის გამო, შვილები ვალდებული არიან, რომ ეს გააკეთონ, რადგან სიტყვები: „ღმრთისმსახურების მომიზეზებით გაშორდებიან“, მიუთითებს არასწორ მოქმედებაზე. კანონში დაკონკრეტებით წერია „ცხადია, ღმრთისმსახურებისადმი პატივისცემის დაცვით“, ე. ი. ისინი, ვინც ღვთისმსახურების მომიზეზებით ტოვებენ თავის მშობლებს მზრუნველობის გარეშე და არ მიაგებენ შესატყვის პატივს, სადაც მათი საკვებით უზრუნველყოფას შედის, რა თქმა უნდა, ღვთისმსახურებას პატივი უნდა სცეს, მაგრამ არა მშობლების ხარჯზე. ამიტომ ამ კანონის ძალით, ასეთ ადამიანს ანათემა აქვს განსაზღვრული“.
საეკლესიო სამართალი კანონიერ და უკანონო შვილებს განასხვავებს. კანონიერი შვილები იბადებიან ქორწინების შემდეგ, მამის შთამომავლებად მიიჩნევიან და მემკვიდრეობის უფლება აქვთ მშობლის ქონებაზე. „კანონიერი, – აღნიშნავს ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი (მილაში), – ის ბავშვები არიან, რომლებიც დაიბადნენ მშობლებთან შეუთანხმებელი, მაგრამ განცხადებულად შესრულებული ქორწინების შემდეგ. ბავშვთა კანონიერების შესახებ მტკიცებულებას იღებენ მეტრიკის წიგნებიდან ან მოწმეების მეშვეობით, რომლებიც დაადასტურებენ და პასუხისმგებლობას აიღებენ მათი ქორწინების შესახებ, რის შემდეგადაც დაიბადნენ ბავშვები“. თუ მშობლები ბავშვს თავისად აღიარებენ, მცდელობა და ბრძოლა მისი კანონიერი შვილობის წინააღმდეგ, ვისაც უნდა ეკუთვნოდეს ის, სრულიად აბსურდულია და სამართლებრივად უკანონო.
ყველა ბავშვი, რომელიც დაიბადა ქორწინებისას ან ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ან განქორწინების შემთხვევაში (თუ ცოლის მხრიდან მრუშობის ნიადაგზე არ განქორწინდნენ), აღიარებული უნდა იყოს თავის მამის და დედის კანონიერ შვილად. „ბასილიკის“ თანახმად, ქმარი მიიჩნევა კანონიერ მამად ბავშვისა მანამდე, ვიდრე არ დამტკიცდება საწინააღმდეგო. ეს ბიზანტიური ნორმა აღიარებულია ეკლესიის მიერაც და ასახულია თანამედროვე სახელმწიფო კანონმდებლობაშიც.
ბავშვები, რომლებიც დაიბადებიან ქორწინების გარეშე, აღიარებული არიან უკანონოდ. სრულიად გასაგებია, რომ ბავშვებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა მათ უკანონო წარმომავლობაზე და ღვთის სამართლიანობის წინაშე ისინი თანასწორნი არიან ქრისტიანული ქორწინებით დაბადებულ ბავშვებთან ერთად.
ვნების განსაქარწლებლად და ბოროტების აღმოსაფხვრელად საეკ ლესიო კანონმდებლობა აძლევს ლეგიტიმაციას ქორწინებამდე დაბა დებულ ბავშვებს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის მშობლები იქორწინებენ.
საეკლესიო კანონმდებლობა ურთიერთვალდებულებით აკავშირებს ერთმანეთს არამარტო ბიოლოგიურ მშობლებსა და შვილებს, არამედ აყვანილ შვილსა და მშობელსაც.
ოჯახი წარმოადგენს მისი მრავალი წევრის ერთად ცხოვრებას. მშვიდობიანად თანაცხოვრების უნარი განსაზღვრავს ოჯახის ნორმალურ წყობას. ბავშვები სრულუფლებიანი წევრები არიან ოჯახისა, ოჯახს ერთიანი საერთო ცხოვრება აქვს. უფროსებს აქვთ თავისი უფლებები, ასევე ბავშვებს აქვთ თავისი უფლებები. უფროსებს აქვთ ვალდებულებები, ბავშვებსაც ასევე აქვთ თავისი ვალდებულებები მათი შესაძლებლობის მიხედვით, მათი ასაკის შესაბამისად. ისინი ოჯახში სწავლობენ წესრიგს, შრომას, ოჯახის წევრების სიყვარულს, პატიოსნებას, სამართლიანობას. ეს მიიღწევა უფრო ადვილი და უფრო მყარია იმ შემთხვევაში, როდესაც უფროსების ცხოვრება არის საზრიანი და პასუხისმგებლობით განმსჭვალული. რაც უფრო მყარია ოჯახი, რაც უფრო მეტი შრომით არის ის გაკეთილშობილებული და დაფუძნებულია წესიერებასა და მადლმოსილ ცხოვრებაზე, მით მეტი სიყვარულია იქ.
ოჯახური ცხოვრება წარმოშობს საერთო ინტერესებს, რომელთა ურთიერთობაში არ არის შუღლი, თუმცა შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა და შეთანხმება, რომელთა მიღწევაშიც არა პირველობა და პატივმოყვარეობა, არამედ მხოლოდ სინდისი და თანადგომა მოქმედებს. ოჯახში გაზიარებულია მწუხარება და სიხარული, მხნეობით გადააქვთ გაჭირვება და უბედურება, შრომა იცვლება დასვენებით, საუბრით, ოჯახური გართობებით. ოჯახურ ატმოსფეროს სიყვარული და ურთიერთპატივისცემა წარმოადგენს. ბავშვები ოჯახის სიხარული და იმედია. მათი შეცდომები და დაბნეულობა განისჯება მრისხანების გარეშე, აქ სიყვარულს სიყვარულით და პატივისცემით უპასუხებენ.
ასეთი სახით მოქმედი ოჯახები ქვეყანას უზრდიან პატიოსან, მართალ, მოწესრიგებულ მოქალაქეებს, ეკლესიას კი – ღვთისმოსავ წევრებს. ახალი ოჯახის შექმნის მსურველები ასეთი ოჯახებიდან არჩევენ სიძე-პატარძლებს, თავისი სურვილის მიხედვით, ეკლესიისა და მშობლის კურთხევით.
განქორწინება და მისი კანონიკური საფუძვლები
ქორწინების კავშირი წყდება ცოლის ან ქმრის გარდაცვალებით. იდეალი ქრისტიანული ქორწინებისთვის არის მონოგამია, რომელიც გამორიცხავს მეორედ ქორწინებას. მაგრამ ეკლესია ითვალისწინებს ადამიანის სისუსტეს და ქრისტიანული კანონმდებლობა ქვრივს აძლევს უფლებას, მეორედ იქორწინოს. პავლე მოციქულის სიტყვით, „ქალი რჯულითაა შეკრული, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, თავისუფალია: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს, მხოლოდ უფლის მიერ“ (1 კორინთელთა 7, 39).
ქრისტიანული ქორწინების გაწყვეტა ცოლ-ქმრის სიცოცხლეში შეუძლებელია გარდა ღალატის, მრუშობის შემთხვევისა. როდესაც ფარისევლები გამოცდიან ქრისტეს და ეკითხებიან, სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება თუ არა ცოლთან განქორწინება, მაცხოვარი უპასუხებს: „ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაეყრება თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც განაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს“ (მათე 19, 9).
მოციქული პავლე რომაელთა ეპისტოლეში გვასწავლის: „რადგანაც გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში რჯულითაა შეკრული მასთან, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია ცოლ-ქმრობის რჯულისაგან. ამიტომაც, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვა, მეძავად იწოდება, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია რჯულის მიერ, და სხვას რომ გაჰყვეს, აღარ იწოდება მეძავად“ (რომაელთა 7, 2-3).
ქრისტიანული სწავლება ცოლ-ქმრის განუქორწინებლობის შესახებ მთელი ცხოვრების განმავლობაში, ვიდრე მათ სიკვდილი არ დააშორებდა, ეწინააღმდეგებოდა რომის სამართლის პრაქტიკას, რომელიც უშვებდა ცოლ-ქმრის განქორწინებას ორმხრივი სურვილის შემთხვევაში (divortium ex consensus), ასევე განქორწინებას უშვებდა ერთ-ერთის მოთხოვნის შემთხვევაშიც, როდესაც ეს მოთხოვნა კანონზე იყო დაფუძნებული (divortium ex rationabile causa). ასეთ მოქმედებას ძველი პერიოდის ეკლესია კიცხავდა და ყველანაირად ცდილობდა, მრევლი აერიდებინა ასეთი პრაქტიკისა და დამოკიდებულებისგან. იგი არ იღებდა ეკლესიის მსახურად მეორედ ქორწინებულს.
ბიზანტიის იმპერატორები, ერთი მხრივ, შეღავათს უწევდნენ უძველესი დროიდან საზოგადოებაში ფესვგადგმულ პრაქტიკას, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებდნენ ქრისტიანულ სწავლებას ქორწინების შესახებ. მათ მიერ გამოცემული ქორწინების კანონები ხან კრძალავდნენ და ხანაც აძლევდნენ უფლებას, საკუთარი სურვილის მიხედვით განქორწინებულიყვნენ. საბოლოოდ, იუსტინე მეორემ, 566-ე ნოველაზე დაყრდნობით, გააუქმა იუსტინიანე პირველის მიერ ჩამოყალიბებული 117-ე ნოველა, რომელიც კრძალავდა ასეთ განქორწინებებს, მეუღლეებს სურვილის მიხედვით, განქორწინების ნება მისცა. გამოცემული სამოქალაქო სამართლის კრებულები – „პროხირონი“, „ეპანაგოგია“ და „ბასილიკები“ – შეიცავს ნორმებს, რომელიც კრძალავს ცოლ-ქმრის სურვილით, თავისუფალი არჩევანით განქორწინებას, თუ კანონით არ არის განსაზღვრული მიზეზი, რის გამო ხდება განქორწინება და იძლევა თუ არა კანონი ამის შესაძლებლობას.
საეკლესიო კანონმდებლობაში ეს ნორმა ჩადებულია ტრულის კრე ბის 87-ე კანონში, რომელიც ადგენს: „დედაკაცი, რომელიც ქმარს მიატოვებს და სხვას გაჰყვება, მრუშია, წმინდა და საღვთო ბასილის სიტყვისამებრ, რომელმაც იერემიას ნაწინასწარმეტყველებიდან სათანადო სიტყვები მოიხმო: „თუ ქმარი თავის ცოლს გაუშვებს, ისიც წავა მისგან და სხვა კაცს გაჰყვება, განა უკან დაიბრუნებს ქმარი? ხომ წაიბილწება ეს ქვეყანა? შენ ბოზობდი ბევრ საყვარელთან, მაგრამ დამიბრუნდიო, გეუბნება უფალი“ (იერემია 3, 1). თუ გაირკვევა, რომ ცოლმა ქმარი უმიზეზოდ მიატოვა, მაშინ ქმარი შენდობის ღირსია, ხოლო ცოლი – ეპიტიმიისა. შენდობა კი იმაში იქნება გამოხატული, რომ ეკლესიასთან ერთობაში დარჩება. ხოლო ვინც კანონიერი ცოლი დატოვოს და სხვა მოიყვანოს, უფლის სიტყვისამებრ (იხ. ლუკა 16, 18), მრუშობისათვის დაწესებული სასჯელი მიიღოს. წმინდა მამათა განწესებით, ასეთმა პირებმა მონანულის შემდეგი საფეხურები უნდა გაიარონ: წელიწადი დაყონ შეტირილებად, ორი წელი წმიდა წერილის მსმენელთა რიგში, სამი წელი შევრდომილ იყვნენ და მეშვიდე წელს დადგნენ ერთგულთა გვერდით; მხოლოდ ამის შემდეგ გახდნენ ზიარების ღირსნი, თუ ცრემლით მოინანიებენ თავიანთ დანაშაულს“.
საღვთო სამართლის მიხედვით, ქრისტიანული ქორწინების გაუქმება აღარ ხდება, გარდა მრუშობის შემთხვევისა, როდესაც სიწმინდე შეილახება უწმინდურობით.
ქრისტიანული კანონმდებლობა მოითხოვს როგორც ცოლის პატიოსნებასა და ერთგულებას, ასევე ქმრისაც. ბასილი დიდის მე-9 კანონში ვკითხულობთ: „უფლის განჩინება, რომელიც ამბობს, რომ ქორწინება „სიძვის მიზეზის გარეშე“ არ უნდა დაირღვეს (მათე 5, 32), თანაბრად ეხება მამაკაცსა და დედაკაცს. ჩვეულება კი სხვას გვიჩვენებს. დედაკაცების შესახებ არსებობს ბევრი მკაცრი გამონათქვამი. მოციქული ამბობს: „ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მასთან ერთად“ (1 კორინთელთა 6, 16), ხოლო იერემია – „თუ ქმრის ცოლი სხვა ქმარს შეუერთდება, აღარ უნდა მიუბრუნდეს თავის ქმარს, არამედ იგი შეგინებულია“ (იერემია 3,1) და კიდევ: „ვისაც ჰყავს მრუში დედაკაცი, ის უგუნურია და უღმრთო“ (იგავ. 18, 23). ჩვეულება დედაკაცებს უბრძანებს, რომ არ გაშორდნენ მრუშ და სიძვის ჩამდენ მამაკაც-მეუღლეებს. ამიტომ არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა, რომ მრუში ეწოდოს დედაკაცს, რომელიც შეუერთდება მიტოვებულ კაცს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ბრალი ედება ქმრის დამტოვებელ დედაკაცს. უნდა გაირკვეს, თუ რა მიზეზით დაარღვია მან ქორწინება, რადგანაც, თუ მეუღლე სცემდა მას და ვერ აიტანა ეს, მაინც მოთმინება უფრო მართებდა, ვიდრე გაშორება მისგან. თუ ქონება დაკარგა და ეს ვერ აიტანა, არც ეს კმარა მიზეზად, ხოლო თუ სიძვაში ცხოვრობდა მისი თანამეცხედრე და ამის გამო მიატოვა იგი, ასეთი რამ არ გვაქვს საეკლესიო ჩვეულებაში: მოღალატე ქმართან განშორებას არ უბრძანებენ ცოლს, არამედ იგი უნდა ცხოვრობდეს მასთან, ვინაიდან არ არის ცნობილი, თუ როგორი დასასრული ექნება ამას, რადგანაც ნათქვამია: „რა იცი შენ, დედაკაცო, იქნებ გადაარჩინო შენი ქმარი?“ (1 კორინთელთა 7, 16). ამის გამო მრუშია ქმრის მიმტოვებელი ქალი, რომელიც შეუერთდება სხვა ქმარს, ხოლო მიტოვებული შენდობის ღირსია და მასთან შეერთებული სხვა დედაკაცი არ არის დასჯის ღირსი. თუ მამაკაცი მიატოვებს ცოლს და შეუერთდება სხვას, ის მრუშია იმის გამო, რომ ამით ცოლს აიძულებს, იმრუშოს. მასთან შეერთებული დედაკაციც მრუშია იმის გამო, რომ სხვა დედაკაცის ქმარი მიისაკუთრა“.ბასილი დიდი 21-ე კანონში წერს: „თუ ცოლთან მცხოვრები მამაკაცი არ იკმარებს თავის ქორწინებას და სიძვით დაეცემა, იგი ისჯება როგორც სიძვის მოქმედი და დიდი ხნით განვავრცობთ მისი განკანონების ვადას, რადგანაც არა გვაქვს კანონი, რომელიც მრუშობის სასჯელით დასჯიდა მას, თუ ცოდვა ჩადენილია ქორწინებისგან თავისუფალ პირთან და არა სხვა ქმრის ცოლთან ერთად. ნათქვამია, რომ მრუში დედაკაცი შეგინებით შეიგინოსო და აღარ დაუბრუნდეს თავის ქმარს (იერემია 3, 1) და „ვისაც ჰყავს მრუში დედაკაცი, ის არის უგონო და უღმრთო“ (იგავ. 18, 23). ხოლო სიძვის ჩამდენ მამაკაცს არ უნდა აეკრძალოს ცოლთან ცხოვრება, რის გამოც დედაკაცმა უნდა შეიწყნაროს სიძვისგან მოქცეული ქმარი. მამაკაცი კი შეგინებულ დედაკაცს აგდებს თავისი სახლიდან. ეს ადვილი ასახსნელი არ არის, მაგრამ ჩვეულება ამას გვიჩვენებს“.
დროთა განმავლობაში ბიზანტიის იმპერატორთა კანონმდებლობაში სულ უფრო მეტად აღწევდა ქრისტიანული ზნეობრივი, ღირებულებითი საწყისები. იმის შემდეგ, რაც ბიზანტიურ საკანონმდებლო პრაქტიკაში აიკრძალა ორმხრივი თანხმობის ნიადაგზე ცოლ-ქმრის განქორწინება, კანონმდებლობამ შეინარჩუნა რამდენიმე მიზეზი, რომელიც იძლეოდა კანონიერ საფუძველს განქორწინებისთვის: პირველ ყოვლისა, მაცხოვრის სიტყვის მიხედვით, მრუშობა და მასთან ერთად ქმრის მხრიდან ღალატი; ასევე ისეთი შემთხვევები, რომლებიც შეიძლება შეფასებულიყო როგორც ცოლქმრული ერთგულების დარღვევა, ღალატი ან სიკვდილის შემთხვევა. მაგალითად, მრუშობის ანალოგად მიიჩნეოდა შემთხვევა, თუ ცოლი ღამეს სხვაგან ათევდა (ცხადია, აქ არ იგულისხმება თავისი მშობლების სახლი); ამ კანონების მიხედვით, სიკვდილთან ანალოგად მიიჩნეოდა ცოლის ან ქმრის 5-10 წლით დაკარგვა, როდესაც არანაირი კავშირი მათ შორის, არანაირი მიმოწერა არსებობდა (ეს კანონი, ძირითადად, სამხედრო პირებისთვის, ომიანობის დროს მოქმედებდა). კანონმდებლობითი საფუძვლები განქორწინებისთვის ჩამოყალიბებულია იუსტინიანეს 117-ე ნოველაში. ამ ნოველის სამართლებრივი ნორმები შესულია „ნომოკანონში“. ბიზანტიური კანონმდებლობა განასხვავებს განქორწინების მიზეზებს, რომელიც უკავშირდება დასჯას და აკრძალვას დამნაშავე მხარისთვის მეორედ ქორწინების შემთხვევაში (განქორწინება cum damno) და განქორწინების მიზეზს, რომელიც არ არის დაკავშირებული ცოლ-ქმრის დანაშაულთან (განქორწინება sine damno).
განქორწინების საფუძვლად cum damno ბიზანტიური სამართლისთვის მიჩნეული იყო:
1) თავდასხმა მეფეზე, ბოროტი შეთქმულება მის წინააღმდეგ, ასევე მმართველთან მეფესა და იმპერატორზე შეთქმულების თაობაზე ცნობის არმიტანა. მითითებული კანონდარღვევები განისაზღვრებოდა როგორ უმძიმესი დანაშაულები, რომელიც დამნაშავეს ართმევდა ყველა სახის სამოქალაქო უფლებებს. ეს ნიშნავდა ამ ადამიანის მოქალაქეობრივ სიკვდილს, რომ აღარაფერი თქვათ იმის შესახებ, ასეთი დამნაშავეები იმ პერიოდში ისჯებოდნენ სიკვდილის განაჩენით;
2) მეუღლეთაგან ერთის მხრიდან მეორეზე მკვლელობის განზრახვა და თავდასხმა. ასეთი მკვლელობის მცდელობა განიხილებოდა როგორც ღალატი, უფრო მძიმე, ვიდრე მრუშობა;
3) მრუშობა;
4) ცოლის მიერ ნაყოფის მოშორება ორსულობისას მიჩნეულია განქორწინების საფუძვლად იუსტინიანეს 22-ე ნოველაში. მასში ნათქვამია, რომ ცოლი, რომელიც კლავს ნაყოფს, ეს ამხელს მის ზნეობრივ გახრწნილობას და შეურაცხყოფას აყენებს ქმარს, რადგან ართმევს და უსპობს მას შთამომავლობას;
5) დაბოლოს, საკუთარი ბავშვის ნათლობაზე უარის თქმა და წინააღმდეგობის გაწევა.
წმინდა ბასილი დიდის 49-ე კანონის თანახმად, გაუპატიურება არ ეთვლებოდა მრუშობად დაზარალებულს: „ძალით გახრწნილს ბრალი არ ედება. ამის გამო, თუ მხევალი იძულებული იქნა ბატონის მიერ, მას ბრალი არა აქვს“.
მრუშობა, ბიზანტიური კანონმდებლობის თანახმად, აღარ მიიჩნეოდა მიზეზად განქორწინებისათვის, თუ ორივე მხარე დამნაშავე იყო ამ ქმედებაში. ასევე, თუ რომელიმე მხარე გრძნობდა და განიცდიდა განქორწინების შედეგს, უკვე შენდობილი ჰქონდა მისთვის ჩადენილი დანაშაული (და ისევ ცხოვრობდა მასთან თანაცხოვრებით), ან თუ მან დააგვიანა და სარჩელის შეტანის ხუთწლიანი ვადა არ გამოიყენა. მრუშობა სასამართლოში მოწმეთა ჩვენების მიხედვით მტკიცდებოდა, ბავშვის გაჩენის ან ფეხმძიმობის ფაქტით, მიუხედავად ქმართან დაშორებისა და სხვა მტკიცებულებების მიხედვით. მრუშობასთან იგივდებოდა ასევე ქორწინებამდელი გარყვნილება ცოლისა იმ შემთხვევაში, თუ ქმარმა ქორწინებამდე არ იცოდა ამის შესახებ; ისეთი მოქმედებები ცოლისა, რომელიც მის კეთილსინდისიერებას ჩრდილს აყენებდა; თუ ის ქმრის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და უცხო მამაკაცებთან ერთად წვეულებებში იღებდა მონაწილეობას, მათთან ერთად ბანაობდა აბანოში, ქმრის ნების წინააღმდეგ მიდიოდა სახლიდან და სხვაგან ათევდა ღამეს, არა თავის მშობლების სახლში, ქმართან შეუთანხმებლად დადიოდა საცხენოსნო სრბოლებზე გასართობად, ცხოველთა ორთაბრძოლებზე და ქუჩის თეატრალურ სანახაობებზე. ადრე ასეთ სანახაობებზე დასწრება მიიჩნეოდა ქალებისთვის შეუფერებელ მოქმედებად, მით უფრო – ქრისტიანი ქალებისთვის.
წმინდა ბასილი დიდი კრძალავს ცოლს-ქმრის მხრიდან მრუშობის გამო განქორწინებას. თუმცა დროთა განმავლობაში ცოლსაც მიეცა ასეთი უფლებები. იმ შემთხვევებში, თუ ქმარი ცდილობდა დაეკავშირებინა ცოლი სხვა მამაკაცთან ურთიერთობაში და შემდეგ უჩივლებდა სასამართლოში და ვერ დაამტკიცებდა ცოლის დანაშაულს; ქმარი თანაცხოვრობდა სხვა ქალთან იმ სახლში, სადაც მისი ცოლი ცხოვრობდა; ასევე თუ ქმარი საჭიროების გარეშე განშორდებოდა და ცალკე იცხოვრებდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ტრულის კრების 53-ე კანონის თანახმად, რომელმაც სულიერი ნათესაობა უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე ხორციელი ურთიერთობები, დაადგინა: „სულიერი ნათესაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხორციელი კავშირი. ჩვენთვის კი ცნობილი გახდა, რომ ზოგან ჩვილი ყრმების მომნათლავნი მათ დაქვრივებულ დედებზე ქორწინდებიან, რის გამოც ვადგენთ: ამიერიდან მსგავსი არაფერი მოხდეს. ვინც ამ კანონის მიღების შემდეგაც ჩაიდენს მსგავს რამეს, ამ უწესო ქორწინების დარღვევისთანავე მეძავთათვის დაწესებულ ეპიტიმიას უნდა დაექვემდებაროს“. ამ კანონიდან გამომდინარე, იმპერატორმა ლეონ IV-მ და კონსტანტინე VI-მ გამოსცეს ნოველა, რის საფუძველზეც, მეუღლეს, რომელიც ასეთი დანაშაულის გამო განაქორწინეს, ეკისრება ფულადი ჯარიმაც ან ფიზიკური სასჯელი, შვიდი წლით განდევნა და აკრძალვა ახალი ქორწინებისა.
განქორწინება sine damno (დანაშაულის გარეშე) ბიზანტიის კანონმდებლობაში დაიშვებოდა შემდეგ შემთხვევებში:
1) ცოლქმრული თანაცხოვრების უუნარობა, რომელიც ქორწინებამდელი პერიოდიდან მოსდევდა. ქორწინებიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეეძლო მეუღლეს ამ მიზეზის გამო მოეთხოვა განქორწინება. ცოლის უნაყოფობის, უშვილობის მიზეზით, ქრისტიანულ ეპოქის ბიზანტიური კანონმდებლობა, განსხვავებით წარმართული ბიზანტიური კანონმდებლობისაგან, არ აძლევდა განქორწინების უფლებას.
2) მეუღლეთაგან ერთ-ერთის 5 წლის განმავლობაში სხვაგან ცხოვ რება, როდესაც არანაირი შეტყობინება და კავშირი არ ჰქონდათ მეუღლეებს, შეიძლებოდა განქორწინების მიზეზად მიჩნეულიყო. სამხედრო პირის 10 წლით არგამოჩენის შემთხვევაც განქორწინების მიზეზი იყო. ამასთან ერთად, გარდაცვალების შემთხვევა უნდა ყოფილიყო დადასტურებული უტყუარი ფაქტით, და არა ჭორებზე დაყრდნობით. იმ შემთხვევაში, თუ ჯარისკაცის ცოლი მეორედ გათხოვდებოდა, ხოლო პირველი ქმარი დაბრუნდებოდა, მას ჰქონდა უფლება, თავისი ცოლი დაებრუნებინა. ტრულის კრების მამებმა 93-ე კანონით განსაზღვრეს: „თუ რომელიმე დედაკაცის ქმარი შორ გზაზე წავიდეს და დიდხანს არ გამოჩნდეს, ხოლო ცოლმა მისი სიკვდილის ცნობის დამტკიცებამდე სხვა ქმარი შეირთოს, ამ საქციელით იმრუშებს. ასევე, თუ სამხედრო სამსახურში გაწვეულთა ცოლები, რომელთა ქმრები ამ სამსახურის დროს გაუჩინარდნენ, დაქორწინდნენ, იმავე სასჯელით უნდა დაისაჯონ, რომელიც განწესებულია მათთვის, ვინც არ ელის დიდ გზაზე წასული მეუღლის უკან დაბრუნებას. მაგრამ ეს საქმე შედარებით უფრო ადვილად შესანდობია, რადგან ამ შემთხვევაში სიკვდილის ეჭვი მეტად სარწმუნოა. თუ დედაკაცმა არ იცის და ისე შეუერთდება ცოლის მიერ რამდენიმე ხნით დატოვებულ მამაკაცს, ხოლო მას ეს მამაკაცი პირველი ქალის დაბრუნების მიზეზით მოატოვებს, მიტოვებული ქალი მეძავად მიიჩნევა, მაგრამ არცოდნის მიზეზით, და მას ქორწინება არ ეკრძალება, თუმცა უკეთესია, თუ ასევე დარჩება. თუ სამხედრო სამსახურში გაწვეულის ცოლი ქმრის დიდხანს არყოფნისას სხვა ქმართან შეუღლდეს, ხოლო დიდი ხნის შემდეგ მისმა შინ დაბრუნებულმა ქმარმა მოისურვოს ცოლის უკან მოყვანა, და აპატიოს ქალს და მასთან შეუღლებულ მამაკაცს არცოდნისათვის, მას ამის ქმნა შეუძლია“.
ჯარისკაცის ტყვეობაში ყოფნა არ იძლეოდა მასთან განქორწინების საფუძველს. ამის შესახებ მკაფიოდ საუბრობს იმპერატორ ლეონ ფილო სოფოსის 33-ე ნოველა.
3) ნერვიული აშლილობა, სიგიჟე მეუღლისა, ქორწინებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენდა. თუ ცოლქმრობის პერიოდში მოხდა ფსიქიკური აშლილობა, ამ შემთხვევაში კანონი არ იძლეოდა განქორწინების საშუალებას. თუმცა იმპერატორი ლეონ ფილოსოფოსი ცოლს აძლევდა უფლებას, განქორწინებულიყო ხუთი წლის ავადმყოფობის შემდეგ, ხოლო ქმარს უნდა ეტვირთა ცოლის ასეთი მდგომარეობა სამი წლის განმავლობაში, ამის შემდეგ კი შეეძლო მოეთხოვა განქორწინება, თუმცა „ნომოკანონში“ ეს კანონი არ შესულა.
4) განქორწინება ხდებოდა მეუღლეთაგან ერთ-ერთის მონოზვნად აღკვეცის შემთხვევაში, თუ ამაზე მეუღლის თანხმობა ექნებოდა. წმინდა იოანე ოქროპირი ფიქრობდა, რომ ვისი მეუღლეც აღიკვეცებოდა და ის დაეთანხმებოდა მის აღკვეცას, არ იქნებოდა სამართლიანი სხვაზე დაქორწინებულიყო, რადგან ასეთი ქორწინება, ცოლის მხრიდან იქნებოდა თუ ქმრის მხრიდან, წარმოშობდა ეჭვს მის კეთილმორწმუნეობის თაობაზე, რომელმაც თანხმობა მისცა თავის მეუღლეს მონოზვნად აღკვეცილიყო. მაგრამ ბიზანტიის სამოქალაქო კანონები, მონაზვნობას უთანასწორებდა ბუნებრივ, მიწიერ სიკვდილს, და არ ართმევდა უფლებას წუთისოფლის ყოფიერებაში დარჩენილ მეუღლეს, ექორწინა მეორედ. განქორწინება ხდებოდა აუცილებლად, როდესაც ორივე მეუღლე დებდა მონაზვნურ აღთქმას.
5) განქორწინება ხდებოდა იმ შემთხვევაშიც, როდესაც ქმარს ეპისკოპოსად ირჩევდნენ. ტრულის კრების 48-ე კანონი ადგენს: „ის, ვინც ეპისკოპოსის პატივის მიღებას აპირებს და წინასწარვე გაცილებულია თავის ცოლს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მისი ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ ცოლი უნდა ცხოვრობდეს ეპისკოპოსის საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით, მის კმაყოფაზე. ხოლო თუ ღირსი აღმოჩნდეს, მიეცეს მას დედათდიაკვნობის პატივი“.
განქორწინება ბიზანტიაში ხდებოდა სამოქალაქო ხელისუფლების სასამართლო გადაწყვეტილებით, ხოლო გვიანბიზანტიურ ეპოქაში, როდესაც დაქორწინებული ოჯახის საქმეები განეკუთვნა ეკლესიის კომპეტენციას, საეკლესიო სასამართლოს გამოჰქონდა განაჩენი. ცოლქმარი, რომელიც განქორწინებული იყო (დანაშაულით) cum damno, არ ერთმეოდათ უფლება დაქორწინებულიყვნენ კვლავაც, რა თქმა უნდა, თუ ამას რაიმე გარემოება არ ეწინააღმდეგებოდა (მონოზვნად აღკვეცა ან სხვასთან ქორწინება). გახსნილად იყო ეს უფლება მიცემული sine damno (უდანაშაულოდ) განქორწინების შემთხვევაშიც. გამორიცხული იყო მხოლოდ მრუშობის ნიადაგზე განქორწინების შემთხვევაში. ქმარი, რომელიც ისურვებდა მრუშობის ნიადაგზე განქორწინებული ცოლის უკან დაბრუნებას, რომის კანონის თანახმად, ექვემდებარებოდა მაჭანკლობის ბრალდებას. მაგრამ იუსტინიანეს 134-ე ნოველა უფლებას აძლევდა ქმარს, დაებრუნებინა ღალატის, მრუშობის გამო დადანაშაულებული და გაშორებული ცოლი, რომელიც მონასტერში იყო გაგზავნილი ორი წლით განქორწინების შემდეგ.
დღეს განქორწინების საქმეებს განიხილავს სახელმწიფო სასამართლო ორგანოები. მაგრამ ეს არ ათავისუფლებს მართლმადიდებელ ქრისტიანს ვალდებულებისაგან, დაუქვემდებაროს თავისი სურვილი და ეკლესიაში შესრულებული ჯვრისწერის განქორწინება, ჯვრის აყრა საეკლესიო მმართველობას და ეპისკოპოსთა მეშვეობით საეკლესიო კანონით განახორციელოს. საეკლესიო მმართველობა ასეთ შემთხვევაში არ აწარმოებს რთულ სასამართლო გამოძიებას, რომელსაც აწარმოებდა კონსისტორია, რადგან არ გააჩნია საკმარისი საშუალება. მას შეუძლია თავისი გადაწყვეტილება განქორწინებაზე მიიღოს მხოლოდ ცოლ-ქმრის ჩვენებასა და მოძღვრის დამოწმებაზე დაყრდნობით. ასევე, სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, თუ რა თქმა უნდა, ეს პროცესი ჩატარებულია და სასამართლოს გადაწყვეტილებაც მიღებულია.