← კანონიკური სამართალი (მჭედლიშვილი)

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი XVI: მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა სხვა კონფესიებთან და სახელმწიფოსთან

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი XVI: მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა სხვა კონფესიებთან და სახელმწიფოსთან

XVI მრწამსში ჩვენ ვაღიარებთ ერთ წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას. ეკლესია, არსებითად, ნამდვილად ერთია; თუმცა, ისტორიულ რეალობაში, ქრისტეს ეკლესიის სახელით სხვადასხვა კონფესიებიც მოქმედებენ. ჩვენი სარწმუნოების მიხედვით, მართლმადიდებელი ეკლესია იმანენტურია (იგივეობრივია) მრწამსის მუხლებთან – ერთ წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასთან. ურთიერთობა ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა სხვა, ეკლესიისგან დაშორებულ კონფესიებთან და მათ სამრევლოებთან მეტად რთული ეკლესიოლოგიური საკითხია.

ეკლესიის ისტორიაში სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წმინდა ბასილი დიდის ეპისტოლეს წმინდა ამფილოქე იკონიელისადმი მწვალებლობებთან, სქიზმასა და განხეთქილებაში მყოფებთან მიმართებით. აღნიშნულ ეპისტოლეში იგი პასუხს სცემს წმინდა ამფილოქსეს კანონიკურ კითხვებს განდგომილების, მწვალებლების ეკლესიაში დაბრუნების შესახებ. ბასილი კესარიელს მოჰყავს მამათა კანონები, მაგრამ რადგან სხვადასხვა მამა გარკვეულ შემთხვევებში სხვადასხვანაირად მოქმედებს, მას უწევს გადმოსცეს არამარტო მათი შეხედულებები, არამედ საკუთარი მსჯელობაც. „უგუნურსა კითხვაჲ სიბრძნისაჲ სიბრძნედ შეერაცხებისო“ (იგავ. 17, 18) ნათქვამია, ხოლო ბრძენის მიერ დასმული კითხვა, როგორც ჰგავს, უგუნურსაც ბრძნად აქცევს. ასე შეგვემთხვა ჩვენც ღმრთის მადლით, რამდენჯერაც შევიწყნარეთ შენი ტკივილთმოყვარე სულის წერილი. მასში დასმულმა კითხვებმა ბევრი რამ გვასწავლა, რაც არ ვიცოდით, მეტად გულისხმიერი და გონიერი გაგვხადა. ამ კითხვაზე პასუხის გაცემისთვის გაწეული ზრუნვა კეთილი მასწავლებელი გახდა ჩვენთვის. ამაზე არასოდეს მიზრუნია და შენმა კითხვებმა იძულებული გამხადა გამომეკვლია, განმეხილა ყოველივე, და რაც მოხუცებულთაგან მსმენია, ის გავიხსენე და იმისი მსგავსი ჩემითაც დავამატე, რაც მათგან მისწავლია“.

წმინდა ბასილი დიდი განიხილავს დიონისე ალექსანდრიელი ეპისკოპოსის დამოკიდებულებას პეპუზიანელთა (მონტანისტების) ნათლისღების მადლმოსილებასთან დაკავშირებით, წმინდა კვიპრიანესა და ფირმილიანე კესარიელის გარკვეულ შეხედულებებს განხეთქილებაში მყოფთა შესახებ და საწინააღმდეგოდ უყენებს მათ „ზოგიერთი ასიელის“ მოსაზრებებს: „წმინდად (კათარად) წოდებულთა საკითხის შესახებ ადრეც ნათქვამია და კეთილად არის მოხსენიებული, რომ ისინი უნდა მიჰყვნენ ადგილობრივ წესს, რადგან მათი ნათლისღების შესახებ სხვადასხვაგვარად ფიქრობდნენ სხვადასხვა დროს.

პეპუზიანელთა შესახებ არა მგონია, რომ რაიმე თქმულიყო მათ დასაცავად და მიკვირს, თუ როგორ აუარა გვერდი ამას დიონისემ, რომელიც კანონს კარგად იცნობდა და მისდევდა. ძველებმა განაწესეს მიღება იმათი ნათლისღებისა, რომლებიც სარწმუნოებაში არ ცდებოდნენ. ამიტომ ზოგს ერესი დაარქვეს, ზოგს განხეთქილება და ზოგს კიდეშესაკრებლობა (თვითნებური თავშეყრა). მწვალებელი, ერეტიკოსი დაერქვა სარწმუნოებისაგან მთლად ჩამოცილებულთ და უცხოქმნილებს. განხეთქილება ისეთი მიზეზია, რომლის განკურნება შეიძლება. ესენი არიან საეკლესიო საკითხებზე დავის გამო ერთმანეთისაგან გაყოფილები. კიდეშესაკრებლობა (თვითნებური თავშეყრა) კი არის, როცა დაუმორჩილებელ ეპისკოპოსს ან მღვდელს აყოლილი ერი კრებას იწვევს, როცა რაიმე ბრალისთვის დასჯილი განუდგება სამღვდელო დასს, თავს არ მოუხრის კანონს, თავს თვითონ ისამართლებს და ძალით მიიკუთვნებს პატივსა და მღვდლობას. ასევე თუ გამოიყოფა ვინმე, დატოვებს კათოლიკე ეკლესიას და მოაწყობს თვითნებურ შეკრებას – ეს არის თვითნებური თავყრილობა, კიდეშესაკრებლობა. ეკლესიაში მყოფთაგან განსხვავებული აზრის ქონება სინანულის შესახებ განხეთქილებაა. ხოლო ერესი, მაგალითად, მანიქეველთა, ვალენტინიანელთა, მარკიონელთა და თვით პეპუზიანელთა, ნიშნავს გაყოფას თვით ღმრთის სარწმუნოების საკითხში.

პირველ მამებს სურდათ მწვალებელთა სრულიად გაძევება და მათი, როგორც წარმართთა, ისე მიღება-შეწყნარება. განხეთქილების მოქმედთა, როგორც ჯერ კიდევ ეკლესიის ნაწილთა, შეწყნარება შეიძლება. თვითნებური თავშეყრის მომწყობთა ჯეროვანი სინანულის, გამოსწორებისა და მობრუნების შემდეგ შეიძლება მათი ისევ შეერთება ეკლესიასთან. ისე რომ, დაუმორჩილებლებთან ერთად განდგომილი სამღვდელო დასის წარმომადგენლები თუ მოიქცევიან და ინანებენ თავიანთ განდგომას, ისინი იმავე ხარისხით იქნებიან შეწყნარებულნი, რომელშიც იყვნენ თავიდან.

პუპუზიანელები მწვალებლები არიან განცხადებულად, რადგან ისინი გმობენ სულიწმიდას და უსირცხვილოდ აკუთვნებენ მონტანსა და პრისკილას ნუგეშისმცემელთა სახელს. ამიტომ, როგორც კაცთა ღმერთმყოფელნი, დასასჯელნი არიან ამისთვისაც და იმიტომაც, რომ სულიწმიდას ადამიანებთან გათანაბრებით აგინებენ. ამგვარად საუკუნო სასჯელს იმსახურებენ, რადგან სულიწმიდის გინების შენდობა არ შეიძლება. რა გამართლება აქვს ამათი ნათლისღების შეწყნარებას, რომლებიც ნათელს სცემენ მამის, ძისა და მონტანის და პრისკილას მიმართ? არ არის ნათელღებული ის, ვინც ნათელ-იღო იმათ მიმართ, ვინც არ არის ჩვენთვის მოცემული.

თუმცა დიდი დიონისე არ შეხებია მათ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივყვეთ ამ შეცდომას, რადგან უსწორობა ცხადზე ცხადია, ყველასთვის თვალსაჩინოა და ამის არად ჩაგდება უსამართლობა იქნება.

წმინდად (კათარად) წოდებულნიც განხეთქილების მოქმედნი არიან. ჩვენს პირველ მამებს, კვიპრიანესა და ფირმილიანეს სურდათ ერთი განსაზღვრების განჩინება ყველა ამათთვის, რომლებიც არიან: წმინდად წოდებულნი, მმარხველნი (ენკრატიტები) და წყლისშემწირველნი (ჰიდროპარასტატები), რადგან განდგომის დასაწყისი წარმოიშობა განხეთქილებისაგან. ვინაიდან განუდგებიან ეკლესიას, მათ აღარ აქვთ თავის თავში სულიწმიდის მადლი, რადგან მოაკლდათ მადლი კანონიერი წესების მიყოლის აღკვეთასთან ერთად. პირველ განდგომილთ მამებისაგან ჰქონდათ მიღებული სულიერი მადლი. ხოლო თანდათან გამოეყვნენ მათ, ერისკაცები გახდნენ და არც ნათლისცემისა და არც ხელდასხმის ნება არ ჰქონდათ, აღარ შეეძლოთ სულიწმიდის მადლი მიენიჭებინათ სხვებისთვის, რადგან თვითონ ჩამოშორდნენ ამ მადლს. ამის გამო მათგან ნათელღებულების, როგორც ერისკაცთა მიერ მონათლულების, ხელახლა ნათლისღებით განწმენდას ბრძანებს ეკლესია, როცა ასეთი ვინმე ისევ დაუბრუნდება მართლმადიდებლობას. მაგრამ რადგან აზიელთაგან ბევრს სურს მათი ნათლისღების შეწყნარება, შეიწყნარონ.

ჩვენ უნდა გავიგოთ მმარხველთა (ენკრატიტებად) წოდებულთა მზაკვრობა, რადგან ეკლესიისგან შეუწყნარებელნი რომ იყვნენ ისინი, ხელი მიჰყვეს თავიდანვე თავიანთი ნათლისღების დაჩქარებას, რითაც თავისი საკუთარი ჩვეულებაც შეცვალეს. ამიტომ რადგან მათ შესახებ ნათლად თქმული და განჩინებული არაფერია, ჩვენ გვმართებს მათი ნათლისღების გაუქმება. თუ ვინმეს ნათელ-უღია მათგან, ხელახლა უნდა ნათელ-ვცეთ მას, როცა ეკლესიას დაუბრუნდება. მაგრამ თუ საერთო მამათა განგებას სურს თავის შეკავება და ამის სხვაგვარად განწესება, ისევ ჩვეულებას უნდა მივყვეთ და ჩვენი მამების დადგენილებას შევუდგეთ, რადგან როცა გვინდა ვინმე შევაჩეროთ აჩქარებული ნათლისღებისაგან, ვერიდები, რომ ცხოვნებისაგან არ დავაბრკოლო ისინი ჩვენი მკაცრი განჩინებით. თუ ისინი დაიცავენ ჩვენს ნათლისღებას, ეს ნუ დაგვამშვიდებს ჩვენ, რადგან ასე მოქცევა კი არ გვევალება ჩვენ, არამედ საჭიროა, პატივი ვცეთ და გულმოდგინედ მივყვეთ უცთომელ კანონს და კრძალვით დავიცვათ შემდეგი, რომ, როცა ვინმე, მათგან ნათელღებული, მოუბრუნდება ეკლესიას, პირველად მას ეცხებოდეს საცხებელი სულიწმიდისა მორწმუნეთა შორის და შემდეგ ეზიარებოდეს საიდუმლოს. ვიცი ესეც, რომ ძმები იზო და სატორნინე, რომლებიც მათი დასის წევრები იყვნენ, შევიწყნარეთ ეპისკოპოსის ტახტზე, რის გამოც მათი საზოგადოების წევრებს ვერ გამოვყოფთ ეკლესიისაგან რაიმე კანონის მიღებით მათი და მათი ეპისკოპოსების ზიარების შესახებ“.

მამათა სწავლებაზე დაყრდნობით, წმინდა ბასილი დიდი ეკლესიისგან ჩამოშორებულ ყველა განდგომილს ყოფს სამად: მწვალებლებად, განხეთქილებაში მყოფებად და თვითშემკრებლებად: „ძველებმა განაწესეს მიღება იმათი ნათლისღებისა, რომლებიც სარწმუნოებაში არ ცდებოდნენ. ამიტომ ზოგს ერესი დაარქვეს, ზოგს განხეთქილება და ზოგს კიდეშესაკრებლობა (თვითნებური თავშეყრა) მწვალებელი, ერეტიკოსი დაერქვა სარწმუნოებისაგან მთლად ჩამოცილებულსა და უცხოქმნილს. განხეთქილება არის ისეთი მიზეზი, რომლის განკურნება შეიძლება. ესენი არიან საეკლესიო საკითხებზე დავის გამო ერთმანეთისაგან გაყოფილები. კიდეშესაკრებლობა (თვითნებური თავშეყრა) კი არის, როცა დაუმორჩილებელ ეპისკოპოსს ან მღვდელს აყოლილი ერი კრებას იწვევს, როცა რაიმე ბრალისთვის დასჯილი განუდგება სამღვდელო დასს, თავს არ მოუხრის კანონს, თავის თავს თვითონ ასამართლებს და ძალით მიიკუთვნებს პატივსა და მღვდლობას. ასევე თუ გამოიყოფა ვინმე, დატოვებს კათოლიკე ეკლესიას და მოაწყობს თვითნებურ შეკრებას – ეს თვითნებური თავყრილობაა, კიდეშესაკრებლობა. ეკლესიაში მყოფთაგან განსხვავებული აზრის ქონა სინანულის შესახებ განხეთქილებაა. ხოლო ერესი, მაგალითად, მანიქეველთა, ვალენტინიანელთა, მარკიონელთა და თვით პეპუზიანელთა, ნიშნავს გაყოფას თვით ღმრთის სარწმუნოების საკითხში.

პირველ მამებს სურდათ მწვალებელთა სრულიად გაძევება და მათი წარმართთა მსგავსი მიღება-შეწყნარება. განხეთქილების მოქმედთა, როგორც ჯერ კიდევ ეკლესიის ნაწილთა, შეწყნარება შეიძლება. თვითნებური თავშეყრის მომწყობთა ჯეროვანი სინანულის, გამოსწორებისა და მობრუნების შემდეგ შეიძლება მათი კვლავ შეერთება ეკლესიასთან. ისე რომ, დაუმორჩილებლებთან ერთად განდგომილი სამღვდელო დასის წარმომადგენლები თუ მოიქცევიან და ინანებენ თავიანთ განდგომას, ისინი იმავე ხარისხით იქნებიან შეწყნარებულნი, რომელშიც იყვნენ თავიდან“.

ამ საღვთისმეტყველო სწავლების მიხედვით, ეკლესიაში დაბრუნების შესაძლებლობა განისაზღვრება სქიზმის დოქტრინის მიხედვით, ეკლესიის სწავლებისგან დაშორების დონით, რომელშიც იმყოფებოდა ეკლესიის წიაღში დაბრუნების მსურველი. მწვალებლები, რომლებიც ამახინჯებენ და ცვლიან ქრისტიანული სწავლების არსს, წმინდა ბასილი დიდი მათ განუსაზღვრავს წარმართთა და იუდეველთა მსგავს მდგომარეობას; მათი ნათლობა უარყოფილია, არ მიიჩნევა აღსრულებულ საიდუმლოდ, ამიტომ ისინი თავიდან უნდა მოინათლონ. ეკლესიასთან განხეთქილებაში მყოფთა ნათლობა, რომელთა სწავლებაც ეკლესიის სწავლებას ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებში ეწინააღმდეგება და ასევე თვითნებური თავშეყრის მომწყობების ნათლობა მიიჩნევა ნათლისღებად, ამიტომ ამ შემთხვევაში თავიდან აღარ ნათლავენ. ზოგიერთ სქიზმატიკოს მღვდელმსახურს ეკლესია იღებს იმავე სასულიერო ხარისხში.

წმინდა ბასილი დიდის მიერ წმინდა კიპრიანეს და წმინდა ფარმილიანეს სწავლების განხილვისას ის გამოთქვამს სიღრმისეულ აზრს, რომელსაც ჩვენამდე მოღწეულ მამათა სწავლებებში ვერ შევხდებით – სწავლება მადლისგან თანდათანობითი დაშრეტის შესახებ იმ კრებულებში, რომელნიც ჩამოშორდნენ ეკლესიას: „...რადგან გადნგომის დასაწყისი წარმოიშობა განხეთქილებისაგან. როცა განუდგებიან ეკლესიას, მათ აღარ აქვთ თავის თავში სულიწმიდის მადლი, რადგან მოაკლდათ მადლი კანონიერი წესების მიყოლის აღკვეთასთან ერთად. პირველ განდგომილთ მამებისაგან ჰქონდათ მიღებული სულიერი მადლი. ხოლო თანდათან გამოეყვნენ მათ, ერისკაცები გახდნენ და არც ნათლისცემისა და არც ხელდასხმის ნება არ ჰქონდათ, აღარ შეეძლოთ სულიწმიდის მადლი მიენიჭებინათ სხვებისთვის, რადგან თვითონ ჩამოშორდნენ ამ მადლს...“. წმინდა ბასილი დიდი აქ ეხება ასევე მძიმე საკითხს მოციქულთა მიერ მემკვიდრეობით მიღებული მღვდელმსახურების შესრულების შესახებ. მადლმოკლებულობა ეჭვქვეშ აყენებს მოციქულთა მემკვიდრეობას იმ შემთხვევაშიც, თუ თუნდაც ფორმალურად სწორედ იცავდნენ და ასრულებდნენ ქიროტონიის (ხელდასხმის) კანონიკურ შეთანხმებებს.

რაც შეეხება ზუსტ განსაზღვრას ამა თუ იმ დამრღვევთა სწავლებისა მწვალებლად ან განხეთქილებაში მყოფებად, თვითშემკრებლებად, წმინდა მამა გაურბის, საკუთარი მსჯელობა კატეგორიულად ეკლესიის აზრად გამოაცხადოს. ის მხოლოდ მკაფიოდ და გადამწყვეტად იბრძვის და წარმოაჩენს პეპუზიანელთა განხეთქილებაში მყოფობას, განსაზღვრავს, რომ ვინც სულიწმიდის მგმომებელია, მწვალებელია: „პუპუზიანელები მწვალებლები არიან განცხადებულად, რადგან ისინი გმობენ სულიწმიდას და უსირცხვილოდ აკუთვნებენ მონტანსა და პრისკილას ნუგეშისმცემელთა სახელს. ამიტომ, როგორც კაცთა ღმერთმყოფელნი, დასასჯელნი არიან ამისთვისაც და იმ მიზეზითაც, რომ სულიწმიდას ადამიანებთან გათანაბრებით აგინებენ. ამგვარად საუკუნო სასჯელს იმსახურებენ, რადგან სულიწმიდის გინების შენდობა არ შეიძლება. რა გამართლება აქვს ამათი ნათლისღების შეწყნარებას, რომლებიც ნათელს სცემენ მამის, ძისა და მონტანის და პრისკილას მიმართ? არ არის ნათელღებული ის, ვინც ნათელ-იღო იმათ მიმართ, ვინც არ არის ჩვენთვის მოცემული“. რა თქმა უნდა, ერეტიკოსები და მათი ნათლობა მიუღებელია ეკლესიისთვის. კათარების მდგომარეობის შესახებაც მკაფიოდ განსაზღვრავს: „წმინდად (კათარად) წოდებულნიც განხეთქილების მოქმედნი არიან“.

ენკრეტებთან მიმართებით, რომელნიც იყვნენ ტატიანეს მიმდევრები, ბასილი დიდს მოაქვს სხვა მამების მსჯელობები და თვითონ თავს იკავებს საკუთარი პოზიციის გამოთქმაში. მაგრამ 47-ე კანონით ის ადგენს, რომ უნდა მოინათლონ ეკრატიტები, საკოფარები და აპოტაქტიტები: „მმარხველებს (ენკრატიტებს), ძაძით მოსილებს (საკოფორებს) და განყენებულებს (აპოტაქტიტებს) იგივე განსჯა მიესადაგებათ, რაც ნავატიანებს, რადგან ზოგი ამათგანის შესახებ გამოტანილია სხვადასხვა დადგენილება, ხოლო ზოგის შესახებ კანონი არაფერს გვეუბნება. ჩვენ კი ერთნაირად მეორედ ნათელს ვცემთ მათ. თუ თქვენ მიერ უგულებელყოფილი იქნება, რომაელების მსგავსად, მათი მეორედ ნათლისცემა რაღაც კეთილგანზრახვით, ჩვენს სიტყვას მათი ნათლისღების არად შერაცხვის შესახებ მაინც უნდა ჰქონდეს ძალა, რადგან მათი ერესი მარკიონიტთა განაყოფი არის და მათ სძულთ ქორწინება, უარყოფენ ღვინოს და ღმრთისგან შექმნილს ბილწად და არაწმინდად მიიჩნევენ. ამიტომ არ შევიწყნარებთ მათ ეკლესიაში, თუ არ მოინათლებიან ჩვენი ნათლისღებით. მათ არ უნდა თქვან, რომ ნათელ-იღეს მამისა, ძისა და სულიწმიდის მიმართ, რადგან მარკიონისა და სხვა მწვალებლების მსგავსად, ღმერთს ბოროტების გამჩენის სახელს არქმევენ. მაშ ასე, თუ საჭირო არის, ეპისკოპოსთა უმრავლესობა უნდა შეიკრიბოს და დადგინდეს კანონი, რომ მოქმედიც დაზღვეული იყოს და ვისაც ეკითხებიან და პასუხს აძლევს, მასაც ჰქონდეს სარწმუნო პასუხი შეკითხვაზე“.

ასე მოქმედებდნენ კესარია-კაბადოკიის ეკლესიაში, რომლის მმართველიც იყო წმინდა ბასილი დიდი. წმინდანი ეკლესიის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით მოითხოვს კრების ჩატარებას, რათა ეკლესიამ, ეპისკოპოსებმა იმსჯელონ და მიიღონ კანონი.

თუ როგორ უნდა ემოქმედათ მწვალებელ-განხეთქილებაში მონაწილე და თვითშემკრებ სასულიერო პირთა მიმართ, ამის შესახებ სხვადასხვა კანონში არის გადმოცემული. მოციქულთა 68-ე კანონი ადგენს: „თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა, დიაკონმა ან კერძოდიაკონმა მეორედ ხელდასხმა მიიღოს ვინმესგან, განიკვეთოს ისიც და მისი ხელდამსხმელიც, მით უმეტეს, თუ ისიც იქნება საეჭვო, რომ ხელდასხმა მწვალებლისაგან მიიღო. ასეთებისგან ნათელღებულებისა და ხელდასხმულების არც მორწმუნედ შეიძლება მიჩნევა, არც სამღვდელო დაისისაგანად“.

ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მე-8 კანონი განაწესებს: „ისინი, ვინც თავიანთ თავს წმინდას უწოდებენ, თუ მოექცევიან და დაუბრუნდებიან სამოციქულო ეკლესიას, მათ შესახებ წმინდა და დიდი კრება ადგენს, რომ თუ რომელიმე მათგანი ხელდასხმული იყოს, დარჩეს თავისი სამღვდელო პატივის ხარისხში. უპირველეს ყოვლისა, მათ წერილობით უნდა აღიარონ, რომ შეუერთდებიან და შეუდგებიან კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სჯულს, ე. ი. ისინი საზიარებლად შეიწყნარებენ მეორედ ქორწინებულებს, დევნილებსა და გაჭირვების გამო ცოდვაში ჩავარდნილებს, რომელთათვის სინანულის დროც დადგენილია და დღეებიც განსაზღვრული. საჭიროა, რომ ისინი მიჰყვნენ კათილიკე ეკლესიის ყველა წესს. ამრიგად, იმ დაბაში ან ქალაქში, სადაც მხოლოდ ისინი არიან ხელდასხმულნი და სამღვდელო დასის წევრები, დარჩნენ იმავე ხარისხში და იმავე სახით. ხოლო თუ იქ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ან მღვდელი იქნება, ცხადია, რომ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსს ექნება ეპისკოპოსობის პატივი, ხოლო წმინდად წოდებულთა ეპისკოპოსს მღვდლობის პატივი უნდა ჰქონდეს. თუ ის მიიჩნევს, რომ მას აქვს ეპისკოპოსის პატივი და ადგილობრივი ეპისკოპოსი საჭიროდ ჩათვლის, მოძებნოს ქორეპისკოპოსის ან მღვდლის ადგილი, რომ არ იყოს ერთ ქალაქში ორი ეპისკოპოსი“.

ამ კანონის მიხედვით ნავაცინიანთა სასულიერო პირები, იგივე კათარები, მიიღებიან ეკლესიაში იმავე ხარისხში ეპისკოპოსის მიერ ხელდასხმის შემდეგ. არისტინე ამ კანონის განმარტებისას ამბობს, რომ ხელდასხმა ნიშნავს წმინდა მირონის ცხებას. მაგრამ როდესაც მეშვიდე მსოფლიო კრებაზე ხატმებრძოლი ეპისკოპოსების ეკლესიაში მიღების საკითხი დადგა, სწორედ ამ კანონის განმარტებისას წმინდა ტარასიმ ბრძანა, რომ ამ კანონში თქმული ხელდასხმა ნიშნავს ლოცვა-კურთხევას. ეპისკოპოს ნიკოდიმოსის (მილაში) განმარტებით: „წმინდა ტარასის მიერ განმარტებული ამ სიტყვების მნიშვნელობა, კონკრეტულად ნიკეის კრების მე-8 კანონისა, არის ის, რომ ნოვაციანელთა განხეთქილებიდან ეკლესიაში გადმოსულ სასულიერო პირებს კონკრეტული მართლმადიდებელი ეპისკოპოსი თავზე დაადებს ხელს, ისევე როგორც აღსარების საიდუმლოს აღსრულებისას“.

ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მე-19 კანონი მოითხოვს, თავიდან მოინათლონ პავლიანიტები – პავლე სამოსატიელის მიმდევრები: „პავლიანიტების შესახებ, რომლებიც დაუბრუნდებიან წმინდა კათოლიკე ეკლესიას, მიღებულია დადგენილება, რომ ისინი ხელახლა უნდა მოინათლონ. თუ რომელიმე მათგანი სამღვდელო დასს ეკუთვნოდა ადრე, ხელდასხმული იყო მათი წინამღვრებისაგან და უბრალო, უბიწო აღმოჩნდება, ნათლისღების შემდეგ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა მას ხელახლა უნდა დაასხას ხელნი. თუ გამოძიების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ისინი სამღვდელო წესიერების ღირსნი არ არიან, სათანადოა მათი განკვეთა. ასევე დედადიაკონთა შესახებაც და ყველა კანონის მიერ დაწესებულისთვის დაცული იყოს ეს წესი. ვახსენეთ დედადიაკვნები, რომლებიც მხოლოდ პირობითად იწოდებიან კანონის მიერ დაწესებულად, რადგან მათ ხელდასხმა არა აქვთ. ამიტომ ერისკაცებთან უნდა დაეწესონ ისინი“.

როგორც ვხედავთ, პირველი მსოფლიო კრების მამებმა განსაზღვრეს და მიიღეს კანონები ნოვაცინიანელთა და პავლიანელთა ეკლესიაში მიღების შესახებ.

343 წელს ლაოდიკიის ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ მე-7 და მე-8 კანონებით დაადგინა ნოვატინიანელთა, ფოტიანიანელთა და მეთოთხმეტიანელთა მიღება ეკლესიაში: „მწვალებლები – ნავატიანნი, ფოტინიანნი და მეთოთხმეტიანელები – თუ მოიქცევიან და გახდებიან კათაკმევლები ან მორწმუნეები, არ უნდა შევიწყნაროთ, ვიდრე არ შეაჩვენებენ ყველა ერესს და უფრო იმას, რომლითაც თვით არიან შეპყრობილნი. იმ დროიდან მორწმუნედ სახელდებულებმა უნდა დაისწავლონ სარწმუნოების მრწამსი, ამის შემდეგ ცხებულ იქნენ წმინდა საცხებლით და ასე ეზიარონ წმინდა საიდუმლოს“; „იმ მწვალებელთაგან, რომელთაც ფრიგიელნი ეწოდებათ, თუ ვინმე მოიქცევა სარწმუნოებისაკენ, ვინც უნდა იყოს ის, თუნდაც მათ მიერ სამღვდელო პირად მიჩნეული, გინდა დიდებულად წოდებული, დიდი გულმოდგინებით უნდა განსწავლონ ქრისტიანად და მონათლონ ეპისკოპოსებმა და მღვდლებმა“.

ყველა ზემოჩამოთვლილი კანონი საფუძვლად დაედო ყოვლისმომცველ კანონს მწვალებლობიდან და განხეთქილებიდან ეკლესიაში დაბრუნების მსურველთა შესახებ, რომელიც არის კონსტანტინეპოლის მეო რე მსოფლიო კრების მე-7 კანონი: „მწვალებლებს, რომლებსაც მართლმადიდებლობაში მოქცევა და გამოხსნაში მყოფ ნაწილთან შეერთება სურთ, შემდეგი განწესებით შევიწყნარებთ: არიოზელებს, მაკედონიოსელებს, საბატიანელებს, ნოვატიანელებს, რომლებიც საკუთარ თავს წმინდანებს და საუკეთესოებს უწოდებენ, ასევე მეათოთხმეტელებს ანუ ტეტრადიტებს და აპოლინარებს მივიღებთ, როცა ისინი ხელწერილით შეაჩვენებენ ყოველგვარ ერესს, რომელიც ისე არ ასწავლის, როგორც წმინდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, ამის შემდეგ დავბეჭდავთ, ანუ წმინდა მირონს ვცხებთ შუბლზე, შემდეგ თვალებზე, ცხვირის ნესტოებზე, ტუჩებსა და ყურებზე. და ცხებისას ვიტყვით: სულიწმიდის ნიჭის ბეჭედი. ევნომიანოსელებს კი, რომლებიც ერთგზის შთაფვლით ნათლავენ და მონტანელებს, ფრიგველებად წოდებულთ, აგრეთვე საბელიანელებს, ძე-მამობას რომ ქადაგებენ და სხვა სისაძაგლეს სჩადიან, და სხვა დანარჩენ მწვალებლებს (აქ ბევრია ასეთი, განსაკუთრებით გალატელთა მხრიდან), რომლებსაც სურთ მართლმადიდებლობას ეზიარონ, მივიღებთ ისეთივე წესით, როგორითაც წარმართებს. პირველ დღეს მათ ქრისტიანებად ვრაცხთ, მეორე დღეს – კათაკმევლებად, მესამე დღეს შელოცვებს ვუკითხავთ სამგზის შებერვით სახეში და ყურებში და ასე ვყოფთ მათ კათაკმეველებად და ვუწესებთ ეკლესიაში წმიდა წერილების მოსმენას, და მხოლოდ ამის შემდეგ ვნათლავთ“.

შეიძლება გაურკვევლობა გამოიწვიოს იმ ფაქტმა, რომ 150 მამამ მიიღო დადგენილება, რითაც არამარტო მაკოდონიანელებს, არამედ არიოზელებს, ამ აშკარა ერეტიკოსებს, ვიღებთ კათოლიკე ეკლესიაში ნათლობის გარეშე, მხოლოდ მირონცხებით. ეს აიხსნება არამარტო იმით რომ, არიოზელები არ არღვევდნენ ნათლობის ფორმულას, არამედ იმითაც, რომ უკიდურესი არიოზელები, რომელნიც მკრეხელობით ძე ღმერთს ქმნილებას და არაერთარსს მამისას უწოდებდნენ, მეორე მსოფლიო კრების დროს უკვე ევნომიანეს სექტად იყვნენ გარდაქმნილნი, რომელთა ეკლესიის წიაღში შემოსვლისთვის კრებამ დაადგინა თავიდან მონათვლა, რადგან მათ წარმართთა მდგომარეობაში აყენებდა, მწვალებლობიდან გამომდინარე. ხოლო მეორე მსოფლიო კრების მეშვიდე კანონში წოდებული არიოზელები თავის თავს არიოზელებად აღარ მოიხსენიებდნენ. პირველი მსოფლიო კრების შემდეგ მათი წინამძღვრები ამბობდნენ: „როგორ გავყვებით ჩვენ, ეპისკოპოსები, პრესვიტერ არიოზს?!“. ისინი თავის მასწავლებლად იმ დროისთვის ევსები ნიკოდიმიელს მიიჩნევდნენ, ხოლო შემდეგში აკაკი კესარიაელს. აღიარებდნენ ძე ღმერთს, მსგავსს მამისას, მაგრამ უარყოფდნენ მის ერთარსობას მამასთან, რის გამოც თანხვებოდნენ ერესის მოთავეებს.

მეორე მსოფლიო კრების მე-7 კანონი ეკლესიის წიაღში დაბრუნე ბულებს, როგორც სრული ნათლობით, ისე მირონცხებულებს, უწოდებს ერეტიკოსებს, რაც წმინდა ბასილი დიდის ტერმინოლოგიას არ ემთხვევა. როგორც ზემოთ ვნახეთ, იგი ასხვავებდა მწვალებლებს, იმავე ერეტიკოსებს, განხეთქილებაში მყოფებსა და კიდეშეკრებილებს (თვითნებურად შეკრებილებს). მაგრამ სიტყვა ერეტიკოსი, მწვალებელი იმ დროიდან დღევანდელობამდე გამოიყენება სხვადასხვა მნიშვნელობით, რაც, რა თქმა უნდა, ართულებს კვლევას და ხანდახან შემოაქვს ზედმეტი წმინდა ტერმინოლოგიური გაურკვევლობა ერესისა და მწვალებლობის საკითხთან დაკავშირებული პოლემიკის დროს. ზოგიერთ შემთხვევაში „ერესს“ უწოდებენ დოგმატების უკიდურეს დარღვევას, სხვა შემთხვევაში მისით აღნიშნავენ მართლმადიდებლობისაგან ყველანაირ განდგომილებას. მეორე მსოფლიო კრების მამები ტერმინ „ერეტიკოსს“ იყენებენ ყოველგვარი განდგომილების მნიშვნელობით და შეიძლება კიდევ უფრო ფართო მნიშვნელობითაც – როგორც ყოველგვარ ჩამოშორებას ეკლესიისგან. ამ საკითხზე მსჯელობა რთულია, რადგან კანონში საერთოდ არ იხსენიება თვითნებურად შეკრებილები. თავად ბასილი დიდი, რომელმაც თავის პირველ კანონში ცალკე კატეგორიად გამოყო თვითნებურად შეკრებილები, მათ შესახებ კონკრეტულად არაფერს მიუთითებს.

ის, რომ ერეტიკოსის გამოყენება არ ემთხვევა ბასილი დიდის პირველ კანონსა და მეორე მსოფლიო კრების მეშვიდე კანონში ერთი და იმავე დარღვევის აღნიშვნას, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ორი კანონი არსებითად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. რადგან სრულიად თვალნათლივ ჩანს, რომ მირონცხებით მიღებულები და დამგმობლები, „ყოველგვარი ერესი, რომელიც ისე არ ასწავლის, როგორც წმინდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“, არიოზელები, მაკედონიანელები, ნავაცინიანელები და სხვანი, ისინი არიან, ვისაც წმინდა ბასილი დიდი ამფილოქე იკონიელისადმი გაგზავნილ კანონიკურ ეპისტოლეში უწოდებს განხეთქილებაში მყოფებს.

თვისობრივია ის, რომ მეორე მსოფლიო კრების მე-7 კანონში საუბარია არა ეკლესიაში მიღებაზე, არამედ „გამოხსნაში მყოფ ნაწილთან“ შეერთებაზე. შეიძლება იფიქრო, რომ სიტყვა „ეკლესია“ ამ კრების მამებმა იმიტომ არ გამოიყენეს, რომ არ სურდათ მირონცხებით მიღებული ერეტიკოსები ანუ განხეთქილებაში მყოფები ამით ეკლესიისგან მთლად განშორებულებად გამოეცხადებინათ, მაგრამ სიტყვებით – „გამოხსნაში მყოფ ნაწილთან შეერთებულები“ – კრება საკმაოდ მკაფიოდ აფრთხილებს წმინდა კათოლიკე ეკლესიისგან გამოყოფილებს სულიერი საფრთხის შესახებ, რადგან სადაც ისინი არიან, იქ არაა „გამოხსნაში მყოფი ნაწილი“.

419 წელს ჩატარდა კართაგენის ადგილობრივი კრება, რომელმაც 133 კანონი მიიღო, რომელიც აღიარებულია მსოფლიო ეკლესიის მიერ. გარკვეული კანონები ამ კრებისა ეხება ეკლესიაში დონატისტების, ძირითადად ხარისხში მყოფი სასულიერო პირების მიღებას, მათ შორის, 68 კანონი: „თუ დონატელთა მიერ ხელდასხმული მოუბრუნდება კათოლიკე ეკლესიას, ზღვის გაღმა (იტალიაში) ჩატარებული კრებისამებრ ნუ ჩამოართმევენ პატივს, რომელიც უკვე აქვთ, არამედ შეიწყნარონ ისინი თავისი პატივით, როგორც ეს საერთო თანხმობით დადგინდა“. ამავე საკითხს ეხება კართაგენის კრების 57-ე, 67-3, 69-ე და 91-ე კანონები.

ამ საკითხთან დაკავშირებით ტრულის კრების 95-ე კანონი საუბრობს: „მწვალებლებს, რომლებიც მართლმადიდებლობაზე მოექცნენ და ცხონებულთა ნაწილს შეუერთდნენ, შევიწყნარებთ შემდეგი განწესებითა და ჩვეულებით: არიოზელები, მაკედონიოსიანელები, ნოვატიანელები – თავის თავს წმინდანებს და უკეთესებს რომ უწოდებენ, მეთოთხმეტეანელები ანუ ტეტრადიტები, და აპოლინარელები, შეიწყნარებიან, როცა იძლევიან ხელწერილს და შეაჩვენებენ ყველა იმ ერესს, რომელიც ისე არ აღიარებს, როგორც წმინდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, და დავბეჭდავთ, ანუ წმინდა მირონს ვცხებთ: პირველად შუბლზე, შემდეგ თვალებზე, ცხვირზე, პირსა და ყურებზე. და როცა ვბეჭდავთ მათ, ვამბობთ: „სულიწმიდის ნიჭის ბეჭედი“. რაც შეეხება ყოფილ პავლიანელებს, რომლებიც შემდეგ კათოლიკე ეკლესიისკენ მოექცნენ, დადგენილია, რომ ისინი დაუყოვნებლივ გადაინათლონ. ევნომიანოსიანელებს, ერთგზის შთაფვლით რომ ინათლებიან, და მონტანელებს, რომლებიც აქ ფრიგეველებად იწოდებიან, და საბელიოსიანელებს, რომლებიც ძე-მამობას აღიარებენ და სხვა შეუწყნარებელ რამესაც სჩადიან, და ყველა სხვა მწვალებლებს (რამეთუ ბევრია აქ ასეთები, უფრო მეტად გალატელთა მხრიდან გამოსულები), მათგან ვინც მოისურვებს მართლმადიდებლობას ეზიაროს, შევიწყნარებთ ისე, როგორც წარმართებს: პირველ დღეს ვყოფთ მათ ქრისტიანებად, მეორე დღეს – კათაკმევლებად, მესამე დღეს ვაფიცებთ მათ, სამგზის სახეში ჩაბერვით და ყურებში, და ასე ვამზადებთ მათ, ეკლესიაში ყოფნას და წმიდა წერილის მოსმენას ვაიძულებთ და მხოლოდ მაშინღა ვნათლავთ მათ. ასევე ვიღებთ მანიქეველებს, ვალენტინეანელებს, მარკიანელებს და მათ მსგავს მწვალებლებს. ნესტორიანელებმა კი ხელწერილი უნდა დაწერონ და თავიანთი მწვალებლობა შეაჩვენონ, აგრეთვე ნესტორიც, ევტიქიც, დიოსკორეც, სევეროსიც და სხვა წინამძღვარნიც ამ ერესებისა, და მათი თანამოაზრენი და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მწვალებლობანი, და ამის შემდეგ მიიღონ წმინდა ზიარება“.

როგორც ვხედავთ, ამ კანონში სიტყვასიტყვითაა გადმოცემული მეორე მსოფლიო კრების მე-7 კანონი, ნიკეის კრების მე-19 კანონიდან დამატებულია პავლიანელების ხელახლა მონათვლა: „რაც შეეხება ყოფილ პავლიანელებს, რომლებიც შემდეგ კათოლიკე ეკლესიისკენ მოექცნენ, დადგენილია, რომ ისინი დაუყოვნებლივ გადაინათლონ“, ხოლო ბასილი დიდის პირველი კანონიდან იმეორებს მწვალებელთა მონათვლის შესახებ: „ასევე ვიღებთ მანიქეველებს, ვალენტინეანელებს, მარკიანელებს და მათ მსგავს მწვალებლებს“.

თუმცა ტრულის კრების მამებმა ძალიან მნიშვნელოვანი დამატებები შეიტანეს კანონებში, მათ შესახებ, ვინც „მართლმადიდებლობაში მოექცნენ და ცხონებულთა ნაწილს შეუერთდნენ: ნესტორიანელებმა კი ხელწერილი უნდა დაწერონ და თავიანთი მწვალებლობა შეაჩვენონ, აგრეთვე ნესტორიც, ევტიქიც, დიოსკორეც, სევეროსიც და სხვა წინამძღვარნიც ამ ერესებისა და მათი თანამოაზრენი და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მწვალებლობანი და ამის შემდეგ მიიღონ წმინდა ზიარება“. აქ საუბარია ნათლობისა და მირონცხების გარეშე სინანულის მეშვეობით ეკლესიაში შემოსვლაზე, რის შემდეგაც ის იწოდა მესამე სახედ, საშუალებად. წმინდა ბასილი დიდი თავის ეპისტოლეში წმინდა აფილოქესადმი, გარდა ერეტიკოსებისა და განხეთქილებაში მყოფთა შესახებ, წერდა ასევე თვითშეკრებილთა (კიდეშეკრებილთა) შესახებ. ტრულის კრების 95-ე კანონში „თვითშეკრებილნი“, მართალია, იწოდებიან ერეტიკოსებად, მაგრამ მათ მიიღებენ სინანულის, აღსარების საიდუმლოს მეშვეობით, განსხვავებით სხვა ერეტიკოსებისაგან, ვისი მიღებაც ნათლობისა და მირონცხების მეშვეობით ხდება. ეს არის მესამე სახე ერეტიკოსთა ეკლესიაში შემოერთებაზე. ამ კანონიდან ჩანს, რომ სინანულის მეშვეობით მიიღებიან არამარტო ნესტორიანელები, არამედ მონოფიზიტები, რომელთა მიმდევრები ამ კანონში მოხსენებიან ევტიქის, დიოსკორესა და სევერიანეს მიმდევრებად. ტრულის კრების შემდეგ, უკვე მე-13 საუკუნის განმავლობაში კათოლიკე ეკლესია ტრულის კრების 95 კანო ნით ხელმძღვანელობს ასეთ საკითხების გადაჭრის შემთხვევაში.

ტრულის კრებიდან სამსაუკუნე-ნახევრის შემდეგ ჩამოშორდა რომის ეკლესია მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას.

პირველი ოთხი საუკუნის განმავლობაში ლათინების ეკლესიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით შეიმჩნევა აზრთა სხვადასხვაობა. მათ იღებდნენ, როგორც ნათლობით, ისე მირონცხებითა და სინანულის მეშვეობით. მე-12 საუკუნეში ბალსამონი მარკოზ ალექსანდრიელის მიმართ ეპისტოლის პასუხად წერს, რომ ლათინების დაშვება წმინდა ბარძიმთან შეიძლება მხოლოდ ტყუილი, მცდარი სწავლებების დაგმობის შემდეგ. ნოვგოროდელი ეპისკოპოსი ნიფონტი სასულიერო პირების დამოძღვრისას ბრძანებს, რომ ლათინები შეიძლება ეკლესიას შემოუერთდნენ მირონცხების მეშვეობით, რადგან ასე იქცევიან კონსტანტინეპოლში. ოდო დი დიოლი, ავტორი წიგნისა „საფრანგეთის მეფის ლუდვიგ VIIის მოგზაურობა აღმოსავლეთში და მისი ჩამოსვლა კონსტანტინეპოლში 1147 წელს“, წერს ბერძენთაგან ლათინთა თავიდან ნათლობის თაობაზე. მეცამეტე საუკუნის ბულგარეთის ეპისკოპოსი ხამატინი კი წერს კათოლიკეებთან მიმართებით მართმადიდებელთა სხვადასხვა დამოკიდებულების შესახებ.

მეთხუთმეტე საუკუნეში ბერძნულენოვან ეკლესიებში ჩამოყალიბდა ერთიანი დამოკიდებულება – მართლმადიდებელ ეკლესიას უერთდებოდნენ მირონცხებით. 1484 წლის კონსტანტინეპოლის კრებამ დაამტკიცა ლათინთა შემოერთება ეკლესიაში მირონცხებით. ამის შედეგად ეს დამოკიდებულება გავრცელდა პროტესტანტებზეც. 1718 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქი იერემია ასეთ პასუხს სცემდა პეტრე პირველს მართლმადიდებელ ეკლესიაში ლუთერანების მიღების შესახებ: „ლუთერისა და კალვინის ერესის დაგმობის შემდეგ ისინიც თავიდან არ უნდა მოინათლონ, არამედ მხოლოდ მირონცხებით ხდებიან სრული ქრისტიანები, ნათლის შვილები და ცათა სასუფევლის მემკვიდრენი“. მეთვრამეტე საუკუნის შუა პერიოდში, ორმოცი წლის შემდეგ პატრიარქ იერემიას ეპისტოლის გაგზავნიდან, მკვეთრი გარდატეხა ხდება აღმოსავლეთის ეკლესიებისა ლათინებთან მიმართებით. 1756 წლის კონსტანტინეპოლის კრებამ პატრიარქ კირილე მეხუთის დროს გამოსცა „ოროსი“, დადგენილება სწავლებასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელს აწერენ ალექსანდრიის პატრიარქი მათე და იერუსალიმის პატრიარქი პართენი. ამ ოროსში წერია: „საერთო დადგენილებით აღვნიშნავთ ყოველგვარ ერეტიკულ ნათლობას. ამის შემდეგ ყველა ერეტიკოსს, ვინც ჩვენ მოგვმართავს, ვიღებთ როგორც არანათალღებულებს. მივიჩნევთ, რომ საძრახისი და მიუღებელია ერეტიკოსების მიერ ჩატარებული ნათლობა, რადგან ის არამცთუ შეესატყვისება, არამედ სრულიად ეწინააღმდეგება მოციქულთა დადგენილებებს და არის სრულიად უსარგებლო განბანა, კათაკმევლთა ნათლისღების სრულებით არმომცემი და ცოდვისგან არგანმწმენდელი. აი, რატომ არის საჭირო ყველა ერეტიკოსის, მართლმადიდებლობისკენ მოქცეულის, ოდესღაც თითქოს მონათლულის მიღება, როგორც მოუნათლავისა. და ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ვნათლავთ მათ მოციქულთა და კრებებზე მიღებულ კანონთა მიხედვით“. დადგენილებაში პროტესტანტები და კათოლიკეები პირდაპირ დასახელებული არ არიან, მაგრამ საუბარი სწორედ მათზე მიმდინარეობს, რადგან 1756 წლის კონსტანტინეპოლის კრების შემდეგ, დასავლეთის ქრისტიანები, რომელნიც შემოუერთდნენ მართლმადიდებლობას აღმოსავლეთის ეკლესიებში, ისინი მიიღეს ისევე, როგორც სხვა სარწმუნოებიდან მოსულნი. „პედალიონში“ ამ საკითხთან დაკავშირებით დაცულია ერთმნიშვნელოვანი განმარტება: „ლათინელების (იგულისხმებიან დასავლეთის ქრისტიანები) ნათლობა მცდარად იწოდება ამ სახელით, ის სრულებით არ არის ნათლობა, არამედ მხოლოდ უბრალო დაბანა... და ამიტომ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ლათინებს გადავნათლავთ, არამედ ვამბობთ: ჩვენ მათ ვნათლავთ“.

თუმცა ლათინების გადანათლა სრულებითაც არ ნიშნავდა კანონების უარყოფას და არდაცვას, კერძოდ ტრულის კრების 95-ე კანონის მიხედვით, და დაბრუნებას რიგორისტულ, მკაცრ წმინდა კვიპრიანეს სწავლებასთან იმის შესახებ, რომ ყოველგვარი საიდუმლო, ღვთისმსახურება, სქიზმაში მყოფთა მიერ ჩატარებული, უმადლოა.

ეკლესია და არაქრისტიანული რელიგიები

ვინც ქრისტიანის სახელს ატარებს, დედამიწის მოსახლეობის ერთ მეოთხედს შეადგენს და საერთო რელიგიური ფესვები აკავშირებს იუდაიზმთან და ისლამთან, რომელთა აღმსარებლობა მონოთეისტურია. მსოფლიო რელიგიათა ჯგუფს მიეკუთვნება ბუდიზმი; ამავე აზრით აღიარებულია ინდუიზმი და კონფუციონიზმი. კულტის ფორმათა განვითარებას და მდიდარ რელიგიურ ლიტერატურას ფლობენ ისეთი რელიგიები, როგორიცაა დაოსიზმი, შინტოიზმი, ჯაინიზმი. არსებობს ასევე სინკრეტული რელიგიები. ზოგიერთი მათგანი შეიცავს ქრისტიანულ ელემენტებს, მსგავსად მეოცე საუკუნეში წარმოშობილი მუნიზმისა. აფრიკის მოსახლეობის და ინდიელთა ტომის დიდი ნაწილი დღემდე ტრადიციული წარმართული კულტების მიმდევარია. მეოცე საუკუნიდან ათეისტები და აგნოსტიკოსები წარმოადგენენ დედამიწის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს.

მაცხოვარმა უქადაგა და ამცნო თავის მოწაფეებს: „წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელი ეცით მათ მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით; და ასწავლეთ მათ, დაიცვან ყოველივე, რაც გამცნეთ თქვენ. და აჰა, მე თქვენთან ვარ ყოველდღე საუკუნეთა დასასრულამდე, ამინ“ (მათე 28, 19-20). ამიტომ ეკლესიას ღვთივკურთხეული ვალდებულება აკისრია, რომ იქადაგოს ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, კაცობრიობის ხსნისთვის განკაცებული სიტყვა ღმერთის შესახებ, რადგან გზა ცხონებისთვის, ქრისტეს რწმენის გარეშე, არ არსებობს.

კათოლიკეებისა და პროტესტანტთა მისიონერობა კოლონიზაციის ეპოქაში სავსეა ძალადობით მოქცევის მაგალითებით, ქრისტეს სარწმუნოებაზე მოსაქცევად მოსყიდვით, რაც განიხილებოდა არა როგორც თვითმიზანი, არამედ ერთ-ერთი საშუალება ევროპული ცივილიზაციისა, რომ გაემყარებინათ კოლონიზებული საუფლოს დამოკიდებულება მიტროპოლიაზე. მაგრამ ასეთი, ქრისტიანობისთვის შეუფერებელი პრაქტიკა, არ ამცრობს ძალიან ბევრი კათოლიკე და პროტესტანტი მისიონერის თავგანწირულ მოღვაწეობას, რომელთაც ადამიანებამდე ქრისტეს სწავლება არა პოლიტიკური მიზნების გამო, არამედ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით მიჰქონდათ.

მისიონერობას ეწევა მართლმადიდებელი ეკლესიაც.

ურწმუნოთათვის ქრისტიანობის ქადაგება, მაცხოვრის მცნების მიხედვით, სრულდება სიყვარულით. სიყვარულით უნდა ურთიერთობდეს ქრისტიანი ყველა ადამიანთან, მათ მიმართაც, ვინც არ იღებს სახარებას და არ ისმენს ღვთის სიტყვას. ეკლესია ქრისტიანებს მოუწოდებს სხვა სარწმუნოების ადამიანების მიმართ სიყვარულით მოქმედებისკენ, თუმცა ამასთანავე, იცავს თავის შვილებს, რომ ასეთი ურთიერთობით არ დაშორდნენ ქრისტეს. კანონები ქრისტიანებს უკრძალავს, მონაწილეობა მიიღონ მათ რიტუალებში. მოციქულთა 71-ე კანონი განაჩინებს: „თუ ვინმე ქრისტიანმა ზეთი მიიტანოს წარმართულ ტაძარში ან ურიათა შესაკრებელში მათ დღესასწაულზე ან სანთელი აანთოს, უზიარებლობით დაისაჯოს“. ამ კანონის განმარტებისას ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი (მილაში) აღნიშნავს: „თუ ქრისტიანს არ უნდა ჰქონდეს რელიგიური ურთიერთობა იუდეველებთან, რომელნიც ყოველი შემთხვევისთვის აღიარებენ მოსეს და წინასწარმეტყველებს, მაშინ მით უმეტეს, რელიგიური ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეს წარმართებთან, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს. ამ კანონის მიხედვით ყველა ქრისტიანი, რომელიც მიიტანს ზეთს ან სანთელს წარმართების ან იუდეველების რიტუალის დროს, სადაც ისინი აღასრულებენ თავიანთ რელიგიურ წესებს, ან მათ დღესასწაულებზე სამადლობელ შენაწირს მიიტანენ, ზეთს ან სანთელს, მათ უნდა შეუჩერდეთ ეკლესიასთან ურთიერთობა“.

რელიგიურ ურთიერთობებს კრძალავს ასევე მოციქულთა მე-7 და 65-ე კანონები: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი აღდგომის წმინდა დღეს იდღესასწაულებს გაზაფხულის ბუნიობას ურიებთან ერთად, განიკვეთოს“; „თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს“.

ამავე საკითხს ეთმობა ლაოდიკიის კრების 29-ე, 37-ე და 38-ე კანონე ბი: „ქრისტიანებმა ებრაული წესით შაბათი არ უნდა შეინახონ, შაბათს არ უნდა უქმობდნენ. ამ დღეს მათ უნდა იშრომონ, ხოლო კვირას, როგორც ქრისტიანებს შეეფერებათ და რამდენადაც შეუძლიათ, პატივისცემით იუქმონ. თუ ვინმე აღმოჩნდება ურიებთან ერთად მეშაბათე, ქრისტესგან შეჩვენებულ იყოს“; „არ შეიძლება ურიათა და მწვალებელთაგან გამოგზავნილი რაიმე სადღესასწაულო ძღვენის მიღება, არც მათთან ერთად დღესასწაულობა“; „არ შეიძლება ურიათაგან (იუდეველთაგან) უცომოს მიღება და მათი უღმრთოების თანაზიარად გახდომა“. ამ საკითხთან მიმართებით ტრულის კრების მამებმა მე-11 კანონით დაადგინეს: „ნურც სამღვდელო პირი, ნურც ერისკაცი ნუ შეჭამს ურიების ცომს, ნუ გაჩენს მათ მეგობრად, ნუ მოუხმობს სნეულების დროს და ნუ მიიღებს მათგან კურნებას, ნურც აბანოში დაიბანს მათთან ერთად. ხოლო თუ ვინმე არ დაიცავს ამ წესს, სასულიერო პირი – განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი – უზიარებლობით დაისაჯოს“.

თუმცა ყოფითი ურთიერთობების აკრძალვა არ ართმევს უფლებას ქრისტიანს, აღასრულოს სიყვარულის ვალდებულება ყოველი ადამიანის მიმართ, რომელ რელიგიასაც უნდა ეკუთვნოდეს ის. ქრისტიანი ყველას უნდა ეხმარებოდეს, ვისაც მისი დახმარება ესაჭიროება, განურჩევლად მისი მრწამსისა და შეხედულებებისა.

ეკლესიისა და სახელმწიფოს დასაბამიერება

ქრისტიანული სწავლებით, ეკლესია დაარსებულია თავად ღმერთისგან. მისივე სწავლებით, სახელმწიფოც თავის დასაბამს იღებს ღვთის განგებულებით, სამყაროს შექმნის განსაზღვრებისას. აქედან გამომდინარე, როგორც ერთი, ისე მეორე ღვთის მიერაა დადგენილი და მათ მიზანსა და ამოცანას წარმოადგენს დროებითი და სამარადჟამო სიკეთე კაცობრიობისათვის.

ეკლესიის ღვთისმიერ დაფუძნებაზე საუბრობს ქრისტიანული დოგმატიკა, რომელიც ასწავლის, რომ ეკლესია დაფუძნებულია ქრისტეს მიერ და წარმოადგენს სულიერ სამეფოს, რომელიც შემოუფარგლავია დროითა და ადგილით. მისი მიზანია ყველა ადამიანის ცხონება და მათი ზიარყოფა ღმერთთან. ამ მიზნის მისაღწევად ის ფლობს განსაკუთრებულ საშუალებებს, სრულიად რომ განსხვავდება მიწიერი ბერკეტებისა და შესაძლებლობებისაგან. ამ დოგმატებს ეკლესიის შესახებ საეკლესიო სამართალი იღებს, როგორც გამზადებულ სქემას, რის საფუძველზეც განიხილავს ეკლესიის იურიდიულ მნიშვნელობას მსოფლიოში. და რამდენადაც სრულია ქრისტიანული სწავლება ასეთი საკითხისადმი, იმდენად სრულია დამოკიდებულება სახელმწიფოსა და სახელმწიფო მმართველებთან მიმართებით.

ღმერთი არამარტო ადამიანის შემოქმედია, არამედ საზოგადოებისაც. მან ადამიანის ბუნების არსში ჩადო საზოგადოებრივი ცხოვრების სიყვარული, ადამიანის ბუნება განმსჭვალა სხვა ადამიანებთან ურთიერთობის წყურვილით. ღვთის მიერ ადამისთვის ევას შექმნა, მისთვის ცოლის მიცემა, როგორც მეგობრისა, ესაა ღვთის ჩანაფიქრის პირველი აქტი საზოგადოებრიობის შესახებ. ცოლ-ქმრის კავშირი, ქორწინება საფუძველი იყო ოჯახისა. მაგრამ ეს პირველი ოჯახი არ შეიძლებოდა დარჩენილიყო და შემოფარგლულიყო ცოლისა და ქმრის ვიწრო წრითა და მათი უშუალო შთამომავლებით, თავისთავად, ის უფრო გაფართოვდებოდა და გასცდებოდა ოჯახურ სივრცეს. თავისთავად, ის თანდათან ჩამოყალიბდებოდა დიდ საზოგადოებრივ ერთეულად, რადგან ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. პირველი ადამიანის მთავარი მიზანი თავისი შემოქმედის განდიდება იყო. ამიტომ მთავარი მიზანი საზოგადოებისა, რომელიც ამ ადამიანისგან წარმოიშვა, იგივე უნდა იყოს. და ეს უკვე წარმოადგენს ბუნებრივ კანონს, საზოგადოების მთავარ მოთხოვნილებას, ყველა ადამიანის აუცილებელ ლტოლვას. ადამიანის ეს წყურვილი, ღვთისგან მის გულში ჩანერგილი, დაცემის შემდეგ, ღვთის განდიდების ნაცვლად საკუთარი თავის განდიდებად გარდაიქმნა. ამის გამო დაინგრა საზოგადოების სამოთხისეული წესრიგი და ადამიანი აღმოჩნდა საკუთარი თავისა და საკუთარი ბედის წარმდგენელი. საზოგადოება ღვთისმიერ განსაზღვრული გზიდან გადავიდა, და წავიდა გზით, რომელსაც უჩვენებდა და სთავაზობდა საკუთარი გონება. ეს გონება კი ღვთის შესაძლებლობებისგან განსხვავებით, განუსაზღვრელად შეზღუდულია, მიილტვის გაურკვეველი მიზნისკენ და საფრთხეში აგდებს დროში წარმოშობილი შემთხვევითობები. მაგრამ ღმერთმა თავისი უსაზღვრო კაცთმოყვარეობითა და სიბრძნით არ ისურვა თავისი ქმნილი ადამიანისა და საზოგადოების დატოვება ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში. ამიტომ მოიღო მოწყალება თავის ქმნილებაზე და აღუთქვა მხსნელის მოვლინება, „უჟამო ჟამის დადგენა“. ხოლო მანამდე, პირველად დადგენილი მოწყობის ნაცვლად, მან პირველივე ოჯახში დაადგინა მამაკაცის, ქმრის მეთაურობა ცოლზე, ოჯახის თავის მმართველობა მისი ოჯახის წევრებზე: „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მაცხოვარი“ (ეფესელთა 5, 22- 23). ამით ადამიანის დაცემის შემდეგ და საზოგადოებრივი ცხოვრების დასაწყისშივე დედამიწაზე სათავე დაედო უპირატესის მმართველობას. კონკრეტული ადამიანების თვითნებობა იზღუდება უპირატესი უფლებამოსილი მმართველი პირის ნების მიხედვით. ოჯახის მმართველობიდან ადამიანის მმართველობა გადადის მსოფლიოს მმართველობაზე და მის განკარგვაზე უფლის ძალმოსილებით დაფუძნებული მცნების მიხედვით, ღვთის ძალმოსილების სახელით. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებრიობას საფუძველი პირველმა ოჯახმა დაუდო, როცა გადასცა ის თვისება, რაც თავად მიიღო. რადგან ოჯახის წყობა დაფუძნებულია ადამიანის კანონზე და ადამიანური კანონმდებლობით იმართება, ხოლო ოჯახში უმაღლესი მმართველობა ღვთის მცნების მიხედვით ეკუთვნის ოჯახის უფროსს, ამიტომ სახელმწიფო, რომელიც სათავეს ოჯახისგან იღებს, იმართება ადამიანების მიერ მიღებული კანონებით. იმისთვის, რომ სახელმწიფო მმართველობაში წესრიგი იყოს, ადამიანის მიერ მიღებული კანონების სწორედ რომ წარიმართოს, რადგან მას ეყრდნობა სახელმწიფო მექანიზმი, როგორც ღვთის განგებულების განსაზღვრული მიზანი, უფალმა სახელმწიფოს მიმადლა ძალმოსილება, ისევე როგორც ადრე პირველი ოჯახის უფროსს, რომ ღვთის მადლმოსილებით, სიმართლის იარაღითა და სამართლიანობით წარმართოს ადამიანთა ცხოვრება ღვთისნიერი გზით. ეს არის ჭეშმარიტება, რომელსაც ადასტურებს წმინდა წერილი, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმისა: „ეს მღვიძარეთა განგებით არის დადგენილი და წმიდათა ბრძანებით დაწესებული, რათა ცოცხლებმა იცოდნენ, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე; ვისაც უნდა, იმას აძლევს მას და კაცთაგან ყველაზე დამცირებულს გააბატონებს მასზე“ (დან. 4,14); „მოკვეთილი იყო კაცის ძეთაგან, მისი გული მხეცისას დაემსგავსა და ველურ ვირებთან ცხოვრობდა. ბალახს აჭმევდნენ როგორც ხარს და მისი ტანი ციური ცვარ-ნამით სველდებოდა, ვიდრე არ შეიგნო, რომ უზენაესი ხელმწიფობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს მეფობას“ (დანიელი 5, 21); „მაშ, მისმინეთ, მეფენო, და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის“ (სიბრძნე სოლომონისა 6, 9-12); „უთხრა უფალმა სამუელს: როდემდის უნდა სწუხდე საულის გამო? ხომ განვაყენე იგი ისრაელზე მეფობისგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის შვილთა შორის დავიგულე ჩემთვის მეფე“ (1 მეფეთა 16, 1).

რასაც გვასწავლის ძველი აღთქმის წმინდა წიგნები, ის დაადასტურა მაცხოვარმა თავისი სწავლებითა და ცხოვრებით. იგივე დაამტკიცეს მოციქულებმაც, საუკუნეების განმავლობაში დაადასტურა ეს ქრისტეს ეკლესიამ. ცისა და ქვეყნის მეუფე ქრისტე დაემორჩილა პილატეს მმართველობას და განუცხადა მას, რომ ძალაუფლება, რომელითაც ის სარგებლობს, ღვთისგან აქვს ბოძებული: „უთხრა მას პილატემ: მე არაფერს მეუბნები? არ იცი, რომ ხელმწიფება მაქვს, ჯვარს გაცვა შენ და ხელმწიფება მაქვს, გაგიშვა შენ? მიუგო მას იესომ: არ გექნებოდა ჩემზე არავითარი ხელმწიფება, რომ არ ყოფილიყო შენთვის მოცემული ზეგარდამო“ (იოანე 19, 10-11). ამის შესახებ ვრცლად საუბრობს თავის ეპისტოლეებში მოციქული პავლე. რომაელთა ეპისტოლეში იგი წერს: „დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს. ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან. რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ. ამიტომაც გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინიდისითაც. სწორედ იმიტომ იხდით ხარკს, რომ ღვთის მსახურნი არიან ამ საქმეზე გადაგებულნი. ამრიგად, ყველას მიაგეთ მისი კუთვნილი: ვისაც ხარკი ეგება – ხარკი, ვისაც ბაჟი – ბაჟი, საშიშარს – შიში, პატივსაცემს – პატივისცემა“ (რომაელ. 13, 1-7).

ამავე მნიშვნელობით წერს პეტრე მოციქული თავის პირველ ეპისტოლეში: „დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ მმართველობას უფლის გამო, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი მმართველი, თუ გამგებლები, მისგან წარმოგზავნილები ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილისმოქმედთა საქებრად. რადგან ასეთია ნება ღვთისა, რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება“ (1 პეტრე 2, 13-15). აქედან გამომდინარე, ღმერთია დამფუძნებელი ყოველგვარი მიწიერი მეფობისა, ამიტომ განურჩევლად ყველა ადამიანი ვალდებულია დაემორჩილოს სახელმწიფო მმართველობას, რომელიც მათზეა დადგენილი, როგორი სახის მმართველობის წყობაც უნდა იყოს ეს. ყოველგვარი კანონმდებლობის მიზანი, თავისი არსით, ისაა, რომ ყველგან სიმართლე მეფობდეს და აქედან გამომდინარე, განმტკიცება ამ სიმართლისა ადამიანთა შორის ყველა სახის ურთიერთობაში წარმოადგენს იმ ადამიანთა ამოცანას, რომელთაც ღვთისაგან მიეცათ მიწიერი სახელმწიფოების მმართველობა. ახალი აღთქმის წმინდა წერილის ამ სწავლებას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სახელმწიფო მმართველობა, როდესაც წმინდა პავლე მოციქული ეპისტოლეებს წერდა, იყო წარმართული და არა ქრისტიანული. იგი დევნიდა ყველას, ვინც არ სცემდა თაყვანს წარმართულ ღმერთებს. მიუხედავად ამისა, წმინდა წერილი ამბობს, რომ ის არის ღვთისგან და ასწავლის ქრისტიანებს, დაემორჩილონ მას, „რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია“ (რომაელთ. 13,1). ეკლესიის მამები სიტყვას „ღმრთისაგან“ ერთხმად ქადაგებენ, რომ ღვთისგანაა დადგენილი სახელმწიფო მმართველობა. ავგუსტინე ამბობს, რომ ყველა მიწიერი სახელმწიფო ღვთის განგებით არის დადგენილი. ეს აზრი დამკვიდრდა ადამიანის ცნობიერებაში საუკუნეთა განმავლობაში და გამყარდა ყველა ადრეულ თუ დღევანდელ ხელმწიფეში, ვინც საკუთარ თავს მონარქად მიიჩნევდა ღვთის მადლით. და რადგან ეკლესია აღიარებდა ღვთისგან კურთხეულ სახელმწიფო მმართველობას, თავის ყოველდღიურ ლოცვებში იხსენიებდა და იხსენიებს იმ კონკრეტული ქვეყნის მეფეს, როგორც ღვთისგან ცხებულს, და ყველა წირვაზე იღებს ნაწილს მის მოსახსენებლად. ხოლო საკანონმდებლო დადგენილებებში მკაცრად სჯის როგორც რიგით მორწმუნე ადამიანს, ისე ეკლესიის მსახურებს ღვთისგან ცხებულის შეურაცხყოფისათვის: „თუ ვინმემ უსამართლოდ აგინოს მეფეს ან მთავარს, სასჯელის ღირსია. თუ მღვდელი იყოს, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი, უზიარებლობით დაისაჯოს“.1

ქრისტიანული ეკლესიის სწავლება სახელმწიფოსა და სახელმწიფო მმართველზე ცნობს მას ღვთისგან დადგენილად, ქადაგებს და აკისრებს მოქალაქეს მის სრულ მორჩილებას და განისჯება ყოველგვარი, თუნდაც მცირედი დაუმორჩილებლობა მისდამი, მიუხედავად მმართველის აღმსარებლობისა. ეს დადგენილება მმართველის მიმართ მორჩილების შესახებ საყოველთაო მნიშვნელობისაა და ამიტომ ამის უარყოფა ქრისტიანთა მხრიდან იმ მიზეზით, რომ ის არ არის მათი აღმსარებლობისა, არასდროს და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს გამართლებული, „რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია“. ამიტომ ქრისტიანი უნდა უსმენდეს ეკლესიის სწავლებას, რადგან ხელმწიფე ღვთისგან არის დადგენილი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე უნდა ცნობდეს მას და ემორჩილებოდეს.

1 მოციქულთა 84-ე კანონი.

საეკლესიო და სახელმწიფო მმართველობის თვითმყოფადობა

მიუხედავად იმისა, რომ საეკლესიო და სახელმწიფო მმართველობას ერთი სათავე აქვს, რომელიც ღმერთია, მაინც არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და თითოეული მათგანი თვითმყოფადი, დამოუკიდებელია მმართველობისას. ისინი ღვთის დადგინების არსით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. „და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან მას“ (მათე 16, 18). მაცხოვარმა ეკლესიას განუსაზღვრა მოქმედების მექანიზმი და რაობა: „სადაც არის ორი ან სამი შეკრებილი ჩემი სახელით, იქ ვარ, მათ შორის“ (მათე 18, 20).

სახელმწიფოებიც დაფუძნებულია უშუალოდ ღვთისგან იმ საზოგადოებრივი ცხოვრების წყურვილის მიზანსწრაფულობით, რომელიც ღმერთმა ჩანერგა ადამიანის ბუნებაში, სადაც დევს სახელმწიფოებრიობის საწყისი და ადამიანური კანონების ზემოქმედების მიხედვით მიიღო შიდა სახელმწიფო მართვის მოწყობა ამა თუ იმ სახელმწიფოსი. სახელმწიფო და ეკლესია განსხვავდება ერთმანეთისგან განვრცობის მიხედვით, რადგან ეკლესია არ შემოისაზღვრება დროითა და ადგილით. ის მსოფლიოს ყველა ხალხისთვისაა განკუთვნილი. ხოლო სახელმწიფო შემოიფარგლება კონკრეტული ხალხის დასახლების არეალით. ამასთან ერთად, ეკლესია არის და შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, ამ აზრის მკაცრი გაგებით, ხოლო სახელმწიფო მრავალია. ეკლესია ცვალებადობას არ ექვემდებარება, მარადიულია, სახელმწიფო კი ასეთ თვისებებს არ მოიცავს – სახელმწიფოები წარმოიშობიან და იშლებიან. ეკლესია და სახელმწიფო განსხვავდება ერთმანეთისგან ობიექტის მიხედვითაც. სახელმწიფოს საქმე აქვს ადამიანთან, იქიდან გამომდინარე, რომ ის ზოგადად, ადამიანია; ხოლო ეკლესიას ქრისტიანთან, რადგან ქრისტეს სხეულის ნაწილია. მაგრამ მათი მთავარი განმასხვავებელი მიზანია: ეკლესიის მიზანია მოამზადოს ადამიანი მომავალი მარადიული ცხოვრებისთვის, სახელმწიფოს მიზანი კი მისთვის მშვიდი და მოწესრიგებული გარემოს შექმნაა ამქვეყნად ცხოვრებისას. ამ კერძო მიზნებიდან გამომდინარე, ორივე ფლობს საკუთარ და კერძო საშუალებებს: ეკლესია, როგორც სულიერი სამეუფო, სულიერ საშუალებებს, ხოლო სახელმწიფო – მიწიერს. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, არც ერთ შემთხვევაში ეკლესიას არ შეუძლია ისარგებლოს მიწიერი საშუალებებით თავისი მიზნის მისაღწევად: ვინმეს ქრისტიანობაში მოსაქცევად გამოიყენოს მატერიალურობის ძალაუფლება ან ძალისმიერი მოქმედებებით დაიცვას თავისი უფლება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ედავება და არ ცნობს მას.

ამ განსხვავების მიხედვით, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, ორივე მათგანი თვითმყოფადი და დამოუკიდებელია თავ-თავის სფეროში.

როგორც აღვნიშნეთ, ეკლესიის მიზანია ადამიანის ხსნა და მისი ღმერთთან დაბრუნება. აშკარაა, რომ ამ მიზანს დაქვემდებარებულს სხვა მისია ვერ ექნება. მიზანი ეკლესიას თავად ღმერთმა დაუსახა, ამიტომ მის მისაღწევად უნდა იყოს აუცილებლად დამოუკიდებელი და თვითმყოფადი. თავისი არსით ეკლესია საყოველთაოა და თუკი არ იქნებოდა ზეგარდამო დაფუძნებული, დამოუკიდებელი და თვითმყოფადი, ვეღარ იქნებოდა ის, რაც არის. თუკი ის სახელმწიფოსა და მის მმართველობაზე იქნებოდა დამოკიდებული, მაშინ ის ვეღარ მიაღწევდა არსებით მიზანს, განეხორციელებინა ქრისტიანული სწავლება ყველა დროში, ყველა ხალხთან. ქრისტემ ნამდვილად გაავლო ხაზი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, როდესაც თქვა, რომ ღმერთს უნდა მისცეთ ღმრთისა, ხოლო კეისარს კეისრისა, რითაც მიუთითა ეკლესიის დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობაზე. ეკლესიის თავისუფლებაზე მკაფიოდ მიუთითებდნენ მოციქულებიც, როდესაც იერუსალიმში სინედრიონს სურვილი გაუჩნდა, აეკრძალათ მოციქულთათვის ქრისტეს სახელით ქადაგება: „პეტრემ და იოანემ მიუგეს მათ და უთხრეს: განა სამართლიანია ღვთის წინაშე, რომ თქვენ უფრო გსმენიათ, ვიდრე ღმერთს? განსაჯეთ, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია არ ვთქვათ, რაც ვიხილეთ და ვისმინეთ“... „ახლა, უფალო, მოხედე მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს, მთელი გამბედაობით თქვან შენი სიტყვა“ (საქმე 4, 19-20; 29). ამავე დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და იცავდა თვითმყოფადობას ეკლესია მოციქულთა შემდეგაც, განსაკუთრებულად მედგრად მაშინ, როდესაც სახელმწიფო დევნიდა და ძალმომრეობით ცდილობდა წაერთმია მისთვის თავისუფლება.

როგორც ეკლესია არის დამოუკიდებელი და თვითმყოფადი თავის სფეროში, ისე სახელმწიფოც დამოუკიდებელი და თვითმყოფადია თავის მხრივ. ის მიჰყვება თავის განსაზღვრულ მიზანს, რომელიც ადამიანის მიწიერი კეთილდღეობაა. ამ სიკეთის განხორციელებაში არავის შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს სახელმწიფოს და მოახდინოს მასზე ზემოქმედება. ღირებულებების მიხედვით სახელმწიფო შეიძლება დამოკიდებული იყოს საზოგადოებრივ და ნაციონალურ მოთხოვნებზე, რომელთა მიხედვითაც ის არსებობს; მაგრამ იურიდიულად მისი მმართველობა სრულიად დამოუკიდებელია ყველა სხვა ძალაუფლებისაგან, მათ შორის ეკლესიის მმართველობიდანაც. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მმართველობა მოქმედებს ღირებულებათა მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, ეკლესიას აქვს უფლება და ვალდებულება, წინ აღუდგეს სახელმწიფო მმართველობას, რათა მან შეცვალოს სახელმწიფოს არასწორი გეზი, მაგრამ სახელმწიფო მმართველობას შეუძლია როგორც მიღება, ისე უარყოფა ამ მოთხოვნის და ზემოქმედებისა ეკლესიის მხრიდან. მას შეუძლია იმოქმედოს სრულიად დამოუკიდებლად. ხოლო ეკლესია უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რომ მან თავისი ვალი მოიხადა და მოთმინებით აიტანოს მისი მარადიული სამართლიანობის დამარღვეველი ქმედება, ვიდრე ასეთი არანორმალური მდგომარეობა გაგრძელდება სახელმწიფოში. როგორც სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩაერიოს ეკლესიის საქმეში, რომელიც ადამიანის სულის ხსნას ეხება, ასე არ აქვს უფლება ეკლესიას, ჩაერიოს სახელმწიფოს საქმეებში, რომელსაც წარმართავს სახელმწიფო თავისი სახელმწიფოებრივი შეხედულების მიხედვით. ეკლესია სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს თავის სფეროში, ისევე როგორც დამოუკიდებელი უნდა იყოს სახელმწიფოც, რათა ეკლესიისა და სახელმწიფოს საქმეთწარმოება არ შეერიოს ერთმანეთს, რათა ეკლესიამ არ დაკარგოს თავისი სულიერი თვისება და არ შეეჯახოს სახელმწიფო მმართველობას.

ეკლესიამ განსაკუთრებული საეკლესიო კანონებით და დადგენილებებით აუკრძალა ეკლესიის მსახურებს ყოველგვარ საერო საქმეებში ჩარევა. მოციქულთა მეექვსე კანონი გვამცნობს: „ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ნუ შეუდგება ამქვეყნიურ საზრუნავს, თუ არადა, განიკვეთოს“. მოციქულთა 81-ე კანონი კვლავაც იმეორებს: „უკვე ვთქვით, რომ ეპისკოპოსმა და მღვდელმა თავის თავს არ უნდა არწმუნოს საერო საქმეთა განგება, არამედ უნდა იყოს მოვლილი საეკლესიო საზრუნავისთვის. ამიტომ ან ირწმუნოს, რომ საერო საქმეს არ მიჰყოს ხელი, ან განიკვეთოს, რადგან, საუფლო ბრძანებისამებრ, „არავის შეუძლია ორი უფლის მონება“ (მათე 6, 24). იმავეს ბრძანებს მოციქულთა 83-ე კანონიც: „ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი თუ სამხედრო და საერისკაცო საქმეებსაც აკეთებდეს და ორივეს პყრობა ენებოს – რომაული ხელისუფლებისაც და სამღვდელო განგებისაც – განიკვეთოს, რადგან ნათქვამია: „მიეცით კეისრისა კეისარს, და ღმრთისა – ღმერთს“.

იმ პირებს, რომლებიც, მართალია, სასულიერო დასს მიეკუთვნებიან, მაგრამ საერო საქმეებსაც დიდი მონდომებით აკეთებენ, მეშვიდე მსოფლიო კრების წმინდა მამები ახსენებენ მოციქულთა კანონებს: „ზოგიერთი სასულიერო პირი არად აგდებს კანონებრივ განჩინებას, ტოვებს თავის ეკლესიას და მკვიდრდება სხვა ეკლესიებში, უმთავრესად, ღმრთივდაცულ და სამეუფო ქალაქში (კონსტანტინეპოლში). ზოგჯერ ისინი მთავრებთან სახლდებიან მათ ეკვდერებში (პატარა სამლოცველოებში) იწყებენ მღვდლობას. მათი შეწყნარება არ შეიძლება მათი ეპისკოპოსისა და კონსტანტინეპოლის საყდრისმპყრობელის ნებართვის გარეშე, არც რომელიმე მთავრის სახლში, არც ეკლესიაში. თუ სასულიერო პირი ამას ჩაიდენს და განაგრძობს კიდევ ასე მოქცევას, განიკვეთოს. ხოლო ვინც ამას მოიმოქმედებს ზემოხსენებულ მღვდელთმთავართა კითხვითა და თანხმობით, საქვეყნო და საერო საზრუნავს მაინც ნუ მოჰკიდებს ხელს, ვინაიდან საღმრთო კანონი მიხედვით, ეს ეკრძალებათ“.2

ძირითადი ურთიერთობები სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის

ზემომოყვანილი განსხვავება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, მათი თვითმყოფადობა არა თუ გამორიცხავს მათ ურთიერთობას, არამედ განსაზღვრავს მათ ურთიერთდამოკიდებულებას მსოფლიოში. ეკლესია არ არის მიწიერი სამეფო, მაგრამ ის მოქმედებს მიწერ სამყაროში და მისი მრევლი, ამავდროულად, უნდა იყვნენ სახელმწიფოს წევრებიც. აქედან გამომდინარე ისინი ექვემდებარებიან როგორც საეკლესიო, ისე სახელმწიფო კანონებს. საინტერესოა, როგორია ეკლესიის სწავლების მიხედვით ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის?

თუ მივყვებით მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ განჩინებებს სრული სიმკაცრით, მაშინ ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის უნდა იყოს არა სხვა, თუ არა მჭიდრო. ე. ი. ეს არის მხოლოდ ურთიერთთანადგომა და ურთიერთშემატებისთვის მზადყოფნა, თუ ერთ ან მეორე ინსტიტუციას, თავისი თვისებიდან გამომდინარე, რაიმე არა აქვს, რაიმეს არ ფლობს ერთი საერთო მიზნის მისაღწევად – ადამიანისთვის დროებითი და მარადიული სიკეთის დასამყარებლად. ეს ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის განსაზღვრულია ზუსტად და მას ყოველთვის სიკეთე მოჰქონდა კაცობრიობისთვის, როდესაც საეკლესიო და სახელმწიფო მმართველობა მოქმედებდა და მკაცრად იცავდა მათთვის განსაზღვრულ და დადგენილ საზღვრებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდებოდა და ამის მიზეზი მუდამ ის იყო, რომ მმართველები როგორც ეკლესიის, ისე სახელმწიფოს მხრიდან, ყოველთვის არ იყვნენ განმსჭვალულნი წმინდა იდეით – მთელ მსოფლიოში ეკლესიის მაღალი მოწოდების განხორციელებით.

ეკლესიის ამოცანას წარმოადგენს, მსოფლიოს ყველა ხალხი მოაქციოს უფლისკენ, უქადაგოს მათ მარადიული ჭეშმარიტება, ასწავლოს ღვთისა და მოყვასის სიყვარული, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებს, სხვას არ გაუკეთოს, აპატიოს თავის მტრებს, განერიდოს ყოველგვარ ბოროტებას, სძულდეს მიწიერი ვნებები, რათა განიწმიდოს და დაუბრუნდეს ღმერთს. ეკლესიის ეს ამოცანა, რა თქმა უნდა, სრულად ატარებს ღირებულებით ხასიათს, ამიტომ მას არ შეუძლია მიზნის მისაღწევად ისარგებლოს მიწიერი საშუალებებით, არამედ მხოლოდ სულიერი საშუალებებით, იმის რწმენით, რომ დადგება დრო, როდესაც მსოფლიო შეიმეცნებს და აღივსება ეკლესიის ამაღლებული ღვთივსულიერი საწყისით. თავისი მიზნის მისაღწევად ეკლესია ყოველთვის მიდიოდა და კვლავაც ივლის უშიშრად, ღირსეულად, რომელიც ყურადღებას არ აქცევს არანაირ დაბრკოლებას, მსოფლიო რომ უქმნის გზაზე სვლისას. ის ქრისტემ დააფუძნა ადამიანისთვის, საზოგადოებისთვის; მაგრამ თუ საერო საზოგადოებაში შეხვდება მისი მიზნის საწინააღმდეგო მოქმედებას, თუ რომელიმე კონკრეტულ სახელმწიფოში მთავარ მსოფლიო მიღწევად მიიჩნევა მიწიერი სიამოვნება, თუ ამაღლებული მარადიულობის სწავლება დატოვებულია და საერო დაწესებულებები ეწინააღმდეგება რელიგიურ ჭეშმარიტებას, რომელსაც ქადაგებს ეკლესია, ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება ურთიერთკავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, ვერ იქნება ერთობა, რომელიც გამიზნულია კაცობრიობის საერთო კეთილდღეობის მისაღწევად. ასეთ დროს დამოკიდებულება შემოიფარგლება მხოლოდ დროებითი საერო შეთანხმებებით.

ზოგადად, ეკლესია, როგორც ღვთისგან დადგენილი თვითმყოფადი ინსტიტუცია, რომელსაც თავისი მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი და განსაკუთრებული საშუალებები აქვს, თავის სამყაროში ბრძნულად და გადაჭრით რომ იყენებს მიზნის მისაღწევად, თანამედროვეობაშიც იკავებს ამა თუ იმ სახელმწიფოსადმი იმ მდგომარეობას, როგორსაც მიიღებს მასთან მიმართებით კონკრეტული სახელმწიფო. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორი სახელმწიფო წყობა მოქმედებს ქვეყანაში. სახელმწიფო მმართველში ის ხედავს ღვთისგან დადგენილს სახელმწიფოს სამართავად და თავის სულიერ შვილებს ასწავლის, დაემორჩილოს ამ მმართველს. მაგრამ, ამავდროულად, ის უშიშრად ახორციელებს თავის საღვთო მოწოდებას და სახელმწიფოზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა საეკლესიო სწავლებას, რომელიც ეხება ხალხის ბედნიერებასა და წარმატებას. თუ სახელმწიფო განიმსჭვალება ეკლესიის ამაღლებული მოწოდების მიმართ დადებითად, რომ ეკლესიას შეუძლია მხოლოდ კეთილი ზეგავლენა მოახდინოს ხალხზე, და თანადგომას უცხადებს, უმსუბუქებს მისი მოწოდების აღსრულებაში, მაშინ ეკლესიაც ეხმარება სახელმწიფოს მმართველებს. ამ დროს ქვეყანაში სახელმწიფო მმართველებსა და ეკლესიას შორის ყალიბდება ჰარმონიული ურთიერთობა, რომელსაც საზოგადოებისთვის ყოველთვის მხოლოდ სიკეთე მოჰქონდა. მაგრამ თუ სახელმწიფო ეკლესიასადმი დაიკავებს გაურკვეველ პოზიციას, ამ შემთხვევაშიც ზიანს ეკლესია კი არ მიიღებს, არამედ თვით სახელმწიფო, რადგან არ აღმოაჩნდა სურვილი, გამოეყენებინა ის ღირებულებითი და მადლმოსილი იარაღი, რომელსაც ეკლესია ფლობს და რომლის განკარგვასაც სახელმწიფო თვითონ ვერასდროს შეძლებს, როგორი პროგრესულიც უნდა იყოს და რამდენადაც უნდა ავლენდეს ჰუმანურ პრინციპებს. ამ დრომდე ისტორიას ჯერ არ გამოუვლენია პროგრესისა და ჰუმანიზმის სერიოზული მნიშვნელობა ქრისტიანობის გარეშე. ამის საპირისპიროდ, მხოლოდ ქრისტიანული მსოფლმხედველობით აღვსილნი, ეკლესიასთან ერთად აღწევდნენ მდგრადობას. ეკლესიის მიმართ მოხსენიებული მოქმედების შემთხვევაში უარყოფით შედეგს მიიღებს მხოლოდ სახელმწიფო. ეკლესიამ შეიძლება მიიღოს სახელმწიფო დახმარების, თანადგომის შეზღუდვა, რის გამოც მოაკლდება საქმის შემსუბუქება თავისი მოწოდების განხორციელებისას, აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში მოქმედებისა შესაძლებლობა, მაგრამ თვითონ ამით სრულებით არ დაზარალდება. ამასთან ერთად, უფრო მკაფიოდ გამოჩნდება მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა და შინაგანი ძალა, რადგან მას, როგორც დამოუკიდებელ ძალას, სახელმწიფოს თანადგომის გარეშეც შეუძლია საკუთარი თავის შენარჩუნება და მოქმედება.

როდესაც სახელმწიფოს ეკლესიისადმი მტრული დამოკიდებულება აქვს, მაშინ ეკლესიაც იკავებს გარემოსაგან განპირობებულ პოზიციას და მოთმინებით დაელოდება საღვთო სიმართლის გამარჯვების დროს. მაგრამ არასდროს შეწყვეტს თავისი სწავლების ქადაგებას და განვრცობას. თუ იქნება მოწოდებული ბრძოლისთვის, ის იბრძოლებს თავისი სულიერი საშუალებებით, ბოლომდე, შეუპოვრად, თუნდაც ამას შეეწიროს ათასობით თავისი შვილი, იმ იმედითა და სასოებით, რომ ადრე თუ გვიან საბოლოოდ გაიმარჯვებს. როგორც სულიერი თვითმყოფადი ძალა, ინსტიტუცია, მას შეუძლია იარსებოს სახელმწიფოს გარეთაც, თავისი მიზანი და მოწოდება განახორციელოს საკუთარი საშუალებებით, სახელმწიფოს მიწიერი შესაძლებლობებისა და დახმარების გარეშე. ამის საწინააღმდეგოდ, სახელმწიფოს როგორც მიწიერ ძალას, არ შეუძლია დიდხანს არსებობა სულიერი და ზნეობრივი ძალის გარეშე, რადგან ასეთ შემთხვევაში საზოგადოება გარდაიქმნება ადამიანთა ისეთ კრებულად, რომელსაც არ ექნება ზნეობრივი საყრდენი, რომელიც იცხოვრებს მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე დაყრდნობით, ცხოველთა მსგავსად. ქრისტეს ეკლესია თავის თავში ატარებს ზნეობრივ ძალას. თუ ეს ასეა – და იმის დამტკიცება არავის ძალუძს, რომ ეს ასე არაა – ეკლესია როგორც უნდა იდევნებოდეს სახელმწიფოს მხრიდან, ის სრული იმედით, მშვიდად დაელოდება დროს, როდესაც სახელმწიფო თავისი ინტერესებიდან გამომდინარე შეუერთდება მას და გამოიყენებს იმ ზნეობრივ და სულიერ მადლმოსილებას, რომელსაც მხოლოდ ეკლესია ფლობს. სახელმწიფოს მხრიდან დევნის დროსაც კი ეკლესია ვალდებულია, ერთი წუთითაც არ თქვას უარი თავისი ძირითად სწავლებაზე (სახელმწიფოს საწყისობის შესახებ) და არ განაწყოს უარყოფითად თავისი სამწყსო მისი მდევნელი მმართველობის წინააღმდეგ, ძალისმიერი მეთოდებით არ იმოქმედოს მიზნის მისაღწევად, ისევე როგორც სხვა აღმსარებლობის სამწყსოს არა აქვს ამის უფლება, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილე გახდეს.

ქრისტეს სამეფო არის არა პოლიტიკური თავისუფლების სამეფო, არამედ სულიერი თავისუფლების, ბოროტებისა და გზააბნეულობისგან დაცლილი. ამ თავისუფლებას ეკლესიას ვერასდროს წაართმევს ვერანაირი მიწიერი ძალა და ვერც ერთი სახელმწიფო.

ასეთი გახლავთ ეკლესიის პრინციპული თვალთახედვა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობაზე. ამ პრინციპული თვალთახედვის მიხედვით შეუძლებელია ეკლესიისა და სახელმწიფოს დაპირისპირება, ეკლესიის მმართველობასა და სახელმწიფო მმართველობას შორის. უფრო სწორად კი, შესაძლებელია, ეკლესიამ გამოიწვიოს სახელმწიფოსთან შეტაკება, და თუკი ასეთი დაპირისპირება ხდებოდა და ხდება, ეს იმის ბრალია, რომ მოქმედების დროს ეკლესიას თავისი არსებითი თვალთახედვა გვერდზე რჩება და მოქმედების უფლება ეძლევა ადამიანთა ვნებებსა და სურვილებს, როდესაც სწორედ ერთი ან მეორე მმართველი გადააბიჯებს თავისი სფეროს საზღვრებს და ისწრაფვის სხვაზე გასაბატონებლად.

ზოგადად, ეკლესიის ისტორიის გაცნობისას, შეუძლებელია შეუმჩნეველი დაგვრჩეს, რომ დაპირისპირება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის აღმოსავლეთ ეკლესიაში ისეთი მასშტაბისა არ ყოფილა, ვიდრე ეს დასავლეთის ეკლესიაში იყო. აქ ის გამოწვეული ძირითადად ეკლესიის მმართველობის მხრიდან, მაშინ, როცა აღმოსავლეთ ეკლესიაში მიზეზი მუდამ სახელმწიფოს მხრიდან მოდიოდა. მისი ახსნა შეიძლება მხოლოდ კათოლიკური სამყაროს ეკლესიისგან ჩამოცილების შემდეგ ჩამოყალიბებული საეკლესიო მმართველობის სისტემით.

ცნობილია, თუ რა იყო დაპირისპირების მიზეზი პაპ გრიგორსა მეშვიდესა და ჰენრიხ მეოთხეს შორის, ასევე პაპ იოანე XXII-სა და ბავარიის ჰერცოგ ლუდვიგს შორის. ამას გარდა, სხვა შემთხვევებსაც ვხვდებით.

იგივე გამოიწვია ეკლესიის მართვის მოწყობის ასეთმა სისტემამ, რომელიც პროტესტანტული დამოკიდებულებისაა და სრულიად განსხვავებული მართლმადიდებელი ეკლესიის მოწყობისა და მართვისგან მოციქულთა პერიოდიდან დღევანდელ დღემდე იმ პრინციპის განცხადებით, რომ სახელმწიფო მმართველობა ყველაფერში უნდა ემორჩილებოდეს ეკლესიის მმართველობას, და რომ მეფეები, ხელმწიფეები უნდა ემორჩილებოდნენ რომის ეკლესიის პირველ მღვდელთმთავარს – პაპს. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პაპს უფლება აქვს, მეფე ჩამოაშოროს სამეფო ტახტს. სწორედ ასეთი პრინციპი იწვევდა დასავლურ სამყაროში ურთიერთობის დაპირისპირებას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. ამგვარი დამოკიდებულება ახალია იმ პრინციპებთან და შეხედულებებთან შედარებით, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის პირველი ათი საუკუნის განმავლობაში.

ამ პრინციპებს განსაკუთრებულად მძაფრი პროტესტი მოჰყვა საფრანგეთში, რომაულ-კათოლიკურ გერმანიასა და ავსტრიაში, პირველად ლუდვიგ მეთოთხმეტის დროს, მეორედ მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ხოლო მესამედ იმპერატორ იოსებ მეორეს დროს იმავე საუკუნის ბოლო მეოთხედში. რაში გამოიხატა ეს რეაქცია, ამის შესახებ გადმოგვცემს 1681 წლის საფრანგეთის სამღვდელოების გაერთიანებული კრება, რომელზეც ოთხი პუნქტი ჩამოყალიბდა, ცნობილია სახელწოდებით Deklaratio cleri gallicani. ეს პუნქტებია:

1) წმინდა პეტრეს და მათ მემკვიდრეებს მიცემული აქვთ ძალაუფლება არა საერო, არამედ სასულიერო მმართველობისთვის;

2) პაპი დამოკიდებულია კრებაზე;

3) პაპის მმართველობის გამოყენება და მისით მოქმედება იმ კანონთა და მართლზომიერი სამართლის განკარგულებებით არის განსაზღვრული, რომელსაც საფრანგეთში აქვს ძალმოსილება;

4) პაპის რელიგიური დადგენილებები არ შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მთელი ეკლესიის მიერ არის მიღებული.

ამავე მიმართულებით გამოთქვა პროტესტი რომაულ-კათოლიკურ გერმანიაში სწავლულმა მღვდელთმთავარმა – გონტგეიმმა. ამ საკითხთან დაკავშირებით მან 1763 წელს თხზულება გამოსცა ფებრონიას ფსევდონიმით. იგივე მოხდა ავსტრიაშიც, როდესაც იოსებ მეორემ დაუმორჩილა თავის უფლებამოსილებას საეკლესიო მმართველების დადგენა. პირველ პროტესტს ეწოდა „გალიკიანიზმი“, მეორეს „ფებრონიანიზმი“, მესამეს – „იოსებიანიზმი“. ეს შეხედულებები სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზე წარმოიშვა პრაქტიკულობის ნიადაგზე. ამან მიიღო თეორიული განვითარებაც და დასავლეთში შეიქმნა რამდენიმე განსაკუთრებული სისტემა, რომლის მეცნიერულად დამტკიცებისთვის რამდენიმე ადამიანმა დაიწყო მუშაობა. წარმოიშვა იეროკრატიული სისტემა, სახელმწიფოს მიღმა ყოველგვარი თვითმყობადობის უარმყოფელი და მეორე, მისი საწინააღმდეგო ტერიტორიული სისტემა, დევიზით «cujus est regio, illius et religio». ამ ორი სისტემის მომხრეებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართა; საბოლოოდ, ამ დავის აღმოსაფხვრელად მიიღეს პრინციპი „თავისუფალი ეკლესია თავისუფალ სახელმწიფოში“, რომელიც შეითვისა კავურომ იტალიასთან მიმართებით. ამით სურვილი ჰქონდათ, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაეწყვიტათ ყველანაირი კავშირი, ისე რომ, სახელმწიფოს არანაირი ზეწოლა არ ჰქონოდა საეკლესიო საქმეებზე, ასევე ეკლესიას არ ჰქონოდა უფლება დახმარება ეძია სახელმწიფოსგან და ამასთან ერთად, ნაკლები გავლენა ჰქონოდა სახელმწიფო საქმეებზე.

ზედმეტია ამ თეორიების გაანალიზება და მტკიცება, რომ, მაგალითად, ბოლო თეორია „თავისუფალი ეკლესია თავისუფალ სახელმწიფოში“ ეწინააღმდეგება თავად ბუნების კანონებს, რომლის მიხედვითაც სრულიად შეუძლებელია ერთი თავისუფალი ძალის არსებობა მეორე თავისუფალ ძალაში. ეს თეორიები იყო გარდაუვალი მოვლენები დასავლეთის რელიგიური ინსტიტუციების, კონფესიების ცხოვრების ისტორიაში და განმაპირობებელი მათი მოწყობისა. აღმოსავლეთის ეკლესიაში ასეთი გამოვლინებები არ ყოფილა და ვერც იქნება. რა თქმა უნდა, აქაც უპირისპირდებოდა ერთმანეთს ეკლესია და სახელმწიფო, მაგრამ ეს იყო ძალიან იშვიათი შემთხვევა და ამასთან, მოდიოდა არა ეკლესიისგან, არამედ სახელმწიფო მმართველობიდან, და მხოლოდ მაშინ, როდესაც სახელმწიფო მმართველობა მოითხოვდა ეკლესიისგან თანხმობას რომელიმე ისეთ მოქმედებაზე, რომელიც არსებითად, გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა საეკლესიო სამართალს, ან როდესაც სახელმწიფო მმართველობას სურვილი ჰქონდა, თვითნებურად შეეტანა საეკლესიო წყობაში რაიმე, ძირითად საეკლესიო წყობასთან და ასევე ეკლესიის ისტორიულ ცხოვრებასთან შეუთავსებელი, ეკლესიის მმართველობის გვერდის ავლით ადგენდა იმას, რაშიც კომპეტენტური, უპირველეს ყოვლისა, საეკლესიო მმართველობაა. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ დაპირისპირება ბიზანტიის იმპერიაში ლეონ VI-ის დროს, მეათე საუკუნეში, ან მიქაელ პალეოლოგის მმართველობისას მეცამეტე საუკუნეში. ამან და მსგავსმა დაპირისპირებებმა, თავის დროზე, მართალია, გამოიწვია საზოგადოებრივი არეულობა, მაგრამ ის არასდროს წასულა ისე შორს, რომ შეექმნა რაიმე სახის ახალი თეორია ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე, ან ზიანი მიეყენებინა ძველი ეკლესიის ძირითადი პრინციპისთვის – თვითმყოფადი მოქმედება და მჭიდრო კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, ერთი მმართველობის მიერ მეორის მმართველობის დაუქვემდებარებლად, და არც იმ შეთანხმების ძალმოსილებით, დასავლეთში რომ უწოდებენ „კონკორდატს“, რომლის მიხედვითაც გარკვეული დროის განმავლობაში იარსებებდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმებული ურთიერთობა, გარემოების შეცვლის შემდეგ სხვაგვარი დამოკიდებულებით რომ გარდაიქმნებოდა.

ერთობლივი მოღვაწეობა და კავშირი ეკლესიისა სახელმწიფოსთან, ეს არის სწავლება, რომელიც ეყრდნობა წმინდა წერილს, ყოველთვის იქადაგებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, რომელიც შესულია მის სამართალში. „მეფენი იქნებიან შენი გამზრდელნი და დედოფალნი – შენთვის ძუძუს მაწოვებელნი“ (ესაია 49, 23) – ეს უწინასწარმეტყველა ეკლესიას ესაიამ ჯერ კიდევ ძველი აღთქმის პერიოდში. ისინი იქნებოდნენ ღვთის რწმენისა და მისი მცნებების მცველნი: „მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და შეჰკრა დავითმა მათგან კავშირი ხებრონში უფლის წინაშე და სცხეს ისრაელის მეფედ დავითი“ (მეორე მეფეთა 5, 3). ამით დაედო საფუძველი ურთიერთობას, რა ვალდებულება უნდა იყოს ეკლესიასა და სახელმწიფოს მმართველთა შორის. მოციქული პავლე ამის შესახებ რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: „დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს. ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან. რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ. ამიტომაც გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინიდისითაც“ (რომ. 13, 1-5).

ეკლესიის მამები ამ კავშირისა და ასეთი ურთიერთობის იდეალიზაციას ახდენენ და მიუთითებენ როგორც ერთის, ისე მეორის თვითმყოფადობას თავიანთ სფეროში, თანადგომას ერთმანეთისადმი, რასაც განსაზღვრავს მათ ურთიერთდამოკიდებულებას. წმინდა იოანე ოქროპირი წმინდა მოციქულ პავლეს ზემომოყვანილი ეპისტოლის განმარტებისას მიუთითებს ეპისკოპოსის ვალდებულებაზე, დაემორჩილოს სახელმწიფო მმართველს; ხოლო კორინთელთა მიმართ ეპისტოლის განმარტებისას ახსენებს მთავრობას ეკლესიის მიმართ მორჩილებას, რომელსაც უნდა იჩენდეს სახელმწიფო მმართველობა ეკლესიასთან ურთიერთობისას, რითაც ხსნის ურთიერთდამოკიდებულებას მმართველებს შორის და ამ კავშირის თვისობრიობასაც: ეპისკოპოსი ემორჩილება სახელმწიფო მმართველს, როგორც სახელმწიფოს მსახური, და არა იმიტომ, რომ საეპისკოპოსო მეუფება სახელმწიფო მმართველისგან იღებს ძალმოსილებასა და საწყისობას; ზუსტად ასევე, სახელმწიფო მმართველობის წარმომადგენელი ემორჩილება ეპისკოპოსს, როგორც ეკლესიის წევრი, როგორც ცოდვილი ადამიანი, რომელიც ითხოვს ხსნას ეკლესიისგან, და არა იმიტომ, რომ მისი ხელმწიფება ეპისკოპოსის მიერ იღებს საწყისს. ასეთი ურთიერთმორჩილებისას ეკლესიის მმართველისა სახელმწიფო მმართველის მიმართ, და პირიქით, იმდენად მკაფიოდ გამოიხატება მათი თვითმყოფადობა და სხვაობა, რამდენადაც საჭიროა მათი ურთიერთკავშირი, თანახმად კაცობრიობის მიერ სახელმწიფოს და ეკლესიის უმაღლესი ხელმძღვანელობის პრინციპის აღიარებისა. ქრისტემ საერთო მიზნის მისაღწევად ამ აუცილებელი ურთიერთკავშირის გათვალისწინებით, მიუთითა მათ შორის სხვაობაზე – რა არის ღვთისა და რა არის კეისრისა: სახელმწიფოს ესაჭიროება ეკლესიის მხრიდან სულიერ საქმეებში დახმარება იმ ზნეობრივი ძალის გამო, რომელიც შეუნარჩუნებს ადამიანებს მოყვასის სიყვარულსა და სიკეთისკენ ლტოლვას, ხოლო ეკლესიის მესვეურებს ესაჭიროებათ სახელმწიფო კანონმდებლობის მხრიდან შეხიდება ადამიანთა შორის ქრისტიანული მსოფლმხედველობის, ქრისტეს მცნებებისა და მისი ჭეშმარიტების გასავრცელებლად. ეკლესია ითხოვს ღვთისგან მადლს სახელმწიფო მმართველებზე და ლოცულობს მათთვის:

„ღვთისდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და

მხედრობისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: თანამბრძოლებისათვის და დამორჩილებისა ქვეშე

ფერხთა მათთა

ყოველთა მტერთა და მბრძოლთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ“.3

სახელმწიფო, თავის მხრივ, იცავს ეკლესიის ინტერესებს და ეხმარება, დაუბრკოლებლად გაავრცელოს ზნეობრივი ღირებულებები, რათა ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე და მისი წყალობით ბედნიერად იცხოვრონ ერებმა.

ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ასეთმა ურთიერთობამ რამდენიმე შემთხვევაში მეტად აღმატებული სიტყვა დაიმსახურა თავად ქრისტიანი ხელმწიფეებისაგან. თეოდოსი მეორე და ვალენტინიანე მესამე ნესტორიანელ მწვალებლებთან კამათისას ალექსანდრიის ეპისკოპოსებს სწერდნენ: „ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე დამოკიდებულია ღვთისმოსაობაზე, რადგან ჩვენ შორის ბევრი საერთოა, ერთიმეორის გამაძლიერებელი, რადგან ერთის წარმატება მეორის წარმატებას განაპირობებს. ასე რომ, ჭეშმარიტი რწმენა სიმართლედ ანათებს და სახელმწიფო წარემატება, როდესაც თავის თავში ორივეს აერთიანებს. და ჩვენ, როგორც ღვთის მიერ დადგენილი ხელმწიფეები, უნდა ვიყოთ დამცველები ღვთისმოსაობისა და ჩვენდამი მონდობილი ადამიანების ბედნიერებისა. ყოველთვის ვცდილობდეთ დავიცვათ ჩვენ შორის კავშირი განუყოფლად, ვემსახუროთ ღვთის განგებასა და ადამიანებს. და საღვთო განგებას სწორედ ვემსახურებით, როდესაც ვზრუნავთ სახელმწიფოს წარმატებაზე და სრულად გადადებული გვაქვს თავი ადამიანთა დასაცავად, მივმართავთ მათ ღვთივსათნო ცხოვრებისა და რწმენისკენ, როგორც შეესატყვისება ღირსეულ მორწმუნეებს. და საკმაოდ ვზრუნავთ ერთზეც და მეორეზეც. შეუძლებელია, რომ ვინც ფიქრობს ერთზე (სახელმწიფოზე), ასევე არ ფიქრობდეს მეორეზეც (ეკლესიაზე)“.

იმპერატორი იუსტინიანე თავის მეექვსე ნოველაში უფრო მკაფიოდ გამოხატავს თავის აზრს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე: „უდიდესი სიკეთეა ადამიანებისთვის ნაბოძები, საღვთო მადლით, ღვთისმსახურთა და ხელმწიფეთა სახით, რომელთაგან პირველი (საეკლესიო მმართველობა) ზრუნავს საღვთო საქმეზე, ხოლო მეორე (სახელმწიფო მმართველობა, მეფობა) ხელმძღვანელობს და ზრუნავს ადამიანთა საქმეებზე. ხოლო ერთიც და მეორეც გამომდინარეობს ერთი სათავიდან, რომელიც შეადგენს ადამიანთა ცხოვრების სამკაულს. ამიტომაც ისე არაფერი არ ეფინება ჭეშმარიტი მეფის გულს, როგორც ღირსეულ ღვთისმსახურთა არსებობა, რომელიც, თავის მხრივ, ემსახურება, გაუჩერებლად ლოცულობს ღვთის წინაშე მათთვის. და თუ სამღვდელო დასი სრულებით იქნება ღვთივსათნო და მადლმოსილი, ხოლო სახელმწიფო მმართველობა სამართლიანად მართავს მისთვის ნაბოძებ სახელმწიფოს, მაშინ იქნება სრული თანხმობა მათ შორის, რაც ემსახურება ადამიანთა მოდგმის სიკეთესა და კეთილდღეობას. ამიტომ ჩვენ ვიჩენთ უდიდეს მონდომებას ჩვენი მხრიდან ღვთის ჭეშმარიტი დოგმატების და საღვთისმსახურო ღირსების დასაცავად და ვიმედოვნებთ მისი მეშვეობით მივიღოთ უდიდესი მადლი ღვთისგან და მყარად დავიცვათ ის, რაც უკვე გვაქვს“. იუსტინიანემ 530 წელს ასევე გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც საეკლესიო კანონებს უნდა ჰქონოდა ისეთივე ძალა, როგორც იმპერატორის მიერ გამოცემულ კანონებს. რასაც ისინი (კანონები) კრძალავს, იმას უნდა კრძალავდეს იმპერატორის კანონებიც. ეს კანონი მან დაამტკიცა 542 და 545 წლებში გამოცემული ნოველებიდან გამომდინარე. 879 და 886 წლებს შორის გამოიცა ეპანაგოგა – „ბიზანტიური სამართლის კრებული“, რომელშიც დაწვრილებით განიმარტა შეხედულება სახელმწიფოსა და საეკლესიო მმართველობის შესახებ კონსტანტინეპოლში და მათ ურთიერთდამოკიდებულებაზე: „იმპერატორი არის კანონიერი ხელმწიფე, მადლი ყველა ქვეშევრდომისა, რომელთაც აჯილდოებს და სჯის მიუკერძოებლად. მისი ამოცანაა სიკეთის კეთება. მან წმინდა წერილის ყველა სწავლება, შვიდი მსოფლიო კრებისა და სამოქალაქო კანონები უნდა განახორციელოს. იმპერატორი ყველასგან უნდა გამოირჩეოდეს მართლაღმსარებლობით, წმინდა სამების სწორად მორწმუნეობით, რწმენაში მოშურნეობითა და გულმოდგინებით. კანონების გამოცემისას იგი ყურადღებას უნდა აქცევდეს არსებულ ტრადიციებს, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო არც ერთ ტრადიციას არ უნდა ჰქონდეს მისთვის მნიშვნელობა. პატრიარქი არის ხატება ქრისტესი, მისი სიტყვა და საქმე წარმოადგენს ჭეშმარიტებას. მისი მოწოდებაა მის სამწყსოზე ზრუნვა და მათი სულების ცხონება. მას ეკუთვნის სწავლების მადლი და უფლება, ჭეშმარიტი სწავლების დაცვა იმპერატორის წინაშე. იმპერატორი და პატრიარქი – საერო ხელისუფლება და სამღვდელოება ისეთ ურთიერთდამოკიდებულებაში უნდა იყოს, როგორც სული და ხორცი. სახელმწიფო მოწყობისთვისაც ზუსტად იმგვარი ურთიერთობაა საჭირო, როგორც ცოცხალ ადამიანში სულისა და ხორცის ერთობა. მათ ურთიერთობასა და კავშირზეა დამოკიდებული სახელმწიფოს წარმატება“. შეხედულება ეკლესიასა და სახელმწიფოს მმართველთა შორის ამგვარ ურთიერთობაზე ისე ძლიერად იყო გამყარებული საეკლესიო ცნობიერებაში, რომ მუდამ მწარედ მოთქვამდა, როდესაც ის ირყეოდა ამა თუ იმ შემთხვევაში. ხატმებრძოლობის ერესის დამარცხების შემდეგ მართლმადიდებელი იმპერატორმა კონსტანტინემ, თავის დედასთან, ირინესთან ერთად, დაიკავა საიმპერატორო ტახტი. მეშვიდე მსოფლიო კრებაში მონაწილე მამები აღფრთოვანებით მიესალმებოდნენ ადრინდელი დამოკიდებულების აღდგენას ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. მათ მიერ დაწერილ აქტებში ჩვენ ვკითხულობთ: „მღვდელმსახური არის კურთხევა და სიმტკიცე საიმპერატორო მმართველობისა, ხოლო იმპერატორის ხელისუფლება არის ძალა და თანადგომა სამღვდელოებისა.... სამღვდელოება იცავს და ზრუნავს ზეციურზე, ხოლო საიმპერატორო მმართველობა სამართლიანი კანონების მეშვეობით მართავს მიწიერს. ახლა დაბრკოლება დაემხო და სასურველი კავშირი აღდგა“, რითაც კანონიკური ბეჭედი დაესვა სახელმწიფო და საეკლესიო მმართველობათა შორის ურთიერთობის სწავლებას, რომელსაც ეკლესია ძველთაგან ქადაგებდა და რითაც გამსჭვალული იყვნენ როგორც ეკლესიის მამები, ისე ქრისტიანი მეფეები.

ასეთი პატივისცემა, ერთგულება, მზრუნველობა და სიკეთე ეკლესიისადმი შეეძლოთ ქრისტიან ხელმწიფეებს და ეკლესიაც ვერაფერს ხედავდა ამაში გასაკიცხს, როდესაც ისინი უწოდებდნენ საკუთარ თავს „ღვთაებრივს“, ისევე როგორც თავიანთ მიერ მიღებულ კანონებსა და დადგენილებებს. ხოლო ამას ისინი აკეთებდნენ არა იმავე აზრით, როგორც მათი წარმართი წინამორბედები და წინაპრები, არა იმიტომ, რომ მიეთვისებინათ ეკლესიის მმართველობა, არამედ ერთადერთი მიზეზით – სახელმწიფო ხელისუფლების ღვთისგან დადგინების რწმენით, ქვეშევრდომებისთვის კი „ღვთის წყალობით“ სახელმწიფოს ფლობის ჩვენებით. ეკლესია ყოველთვის აკურთხებდა მათ მირონცხებით, განსაკუთრებული წოდებითა და ხარისხით ცხებულ მეფედ, მიაკუთვნებდა მათ სასულიერო ხარისხს, რომელზეც გარდმოდინდება ღვთის მადლი. კონსტანტინე დიდი ნიკეის კრების მამების მიმართ წარმოთქმულ თავის სიტყვაში ეპისკოპოსებს უწოდებს ეკლესიის შიდა საქმების განმკარგველ მეუფეებს, ხოლო საკუთარ თავს – ეპისკოპოსს, რომელსაც ეხება გარე საქმეების მოწესრიგება ეკლესიის ცხოვრებაში. ეკლესიის მამებს არ მიუჩნევიათ საჭიროდ, რომ აქ რაიმე ჩაესწორებინათ. ქალკედონის კრების მამები იმპერატორ მარკიანეს მისალმებისას უწოდებენ „მეფე მღვდელს“. პაპი ლეონ დიდი, მართლმადიდებლობის მკაცრი მასწავლებელი და მოძღვარი, სახელმწიფო მმართველებს აღიარებს „სამღვდელოდ“, ეკლესიის ინტერესებით განმსჭვალულებსა და მისი წარმატებაზე მზრუნველებს. იმპერატორ თეოდოსის შეფასებისას კი ამბობს, რომ მასში არა მარტო მეფური, არამედ სამღვდელო სულიცაა, რადგან მან მოიწვია ეფესოს კრება და თავისი კანონებით გაასამართლა მწვალებლები; იმპერატორ მარკიანეს ევტიქის გასამართლების გამო უწოდებს სარწმუნოების მცველს.

ეკლესიის მამები მიიჩნევდნენ საიმპერატორო მმართველობის უპირობო აუცილებლობას, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ სარწმუნოების მცველნი. ამიტომაც, ყოველ ჯერზე, როდესაც საჭირო იყო რწმენის დოგმატის დადგენა რომელიმე ერეტიკული სწავლების წინააღმდეგ, მიმართავდნენ იმპერატორებს და იმპერატორებიც რეაგირებდნენ ამგვარ მოთხოვნებზე, რადგან მის აღსრულებაში ხედავდნენ ერთ-ერთ თავიანთ ვალდებულებას, რომელიც თავად ღმერთმა დააკისრა მათ. ასეთი მოსაზრების საფუძველი იყო არა ის, თითქოს ეკლესიის მამები ფიქრობდნენ, რომ საღვთო ჭეშმარიტებას თავისთავად ესაჭიროება იმპერატორთა მხრიდან განმტკიცება და დაცვა. სასულიერო პირებს, როგორც თავად იმპერატორებს, სწამდათ ამ ჭეშმარიტებისა, რადგან ის, თავის თავშივე უკვე შეიცავდა არსებობისა საფუძველს და იმიტომ, რომ ის თავისი არსით მარადიულია. ხოლო მოსაზრება საიმპერატორო ხელისუფლების მხრიდან ჭეშმარიტი აღმსარებლობის განსამტკიცებლად და დასაცავად გამომდინარეობდა ადამიანის როგორც დროებითი, ისე მარადიული სიკეთის გამყარების მოთხოვნილებიდან, გაჰფრთხილებოდნენ მასში ყოველგვარ სიკეთესა და ღირსებას, დაეცვათ ყოველგვარი უკეთურებისაგან, რომელსაც შეეძლო დაერღვია საზოგადოების ბედნიერება და ჩამოაშორებინა იგი ცხონების გზიდან, მარადიული ცხოვრებისგან.

ადამიანი სუსტია ბუნებით და ყველას არ ძალუძს, გაიგოს ზნეობრივი და რელიგიური მცნებები, რომლის მიხედვითაც მან უნდა დაიცვას საღვთო ჭეშმარიტება და ზნეობრივი სიწმინდე. ამისთვის აუცილებელია, რომ გარდა ზეციური სასჯელისა, მიწიერი სასჯელებისაც ეშინოდეთ ჭეშმარიტების ნებისმიერი მცნების დარღვევის შემთხვევაში. თუკი ამ შეზღუდვის გარეშე დატოვებენ ადამიანის ბუნებას, მაშინ გზა გაიხსნება ყოველგვარი არეულობისკენ ეკლესიაში, უწესრიგობისკენ საზოგადოებაში და თავისთავად, სახელმწიფოშიც განუკითხაობა დაიწყება. აზრი სახელმწიფო მმართველობის მიერ სარწმუნოების სიწმინდით დაცვის აუცილებლობის შესახებ აღიარებული იყო ყველა საუკუნეში და მან შეაღწია დღემდე არსებული ყველა სახელმწიფოს კანონმდებლობაში.

ამით აიხსნება იმპერატორების მონაწილეობაც მსოფლიო საეკლესიო კრებების მოწვევაში, მათ წარმართვასა და დასრულებაში. იმპერატორები ან მათი ნდობით აღჭურვილი პირები მსოფლიო კრებებს ესწრებოდნენ არა როგორც სარწმუნოების საკითხებსა და ეკლესიის მმართველთა მოსამართლეები, არამედ როგორც მშვიდობისა და წესრიგის მცველები ეკლესიაში, ეკლესიის მცველთა სახელითა და უფლებამოსილებით. „ღმერთმა დაგადგინათ თქვენ ეკლესიის მოძღვრებად, და ამიტომ თქვენ უნდა გაარკვიოთ ყველაფერი, რაც ეხება ქრისტეს ეკლესიას“, – მიმართავს წმინდა კონსტანტინე დიდი ქალკედონის კრების ეპისკოპოსებს. იმპერატორი მარკიანე ქალკიდონის კრებაზე აცხადებს, რომ მას სურვილი აქვს დაესწროს კრებას, რათა განამტკიცოს რწმენა და უზრუნველყოს კრების დაუბრკოლებელი წარმართვა, და არა იმისთვის, რომ აჩვენოს საკუთარი ძალაუფლება. ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე დასწრებისას წმინდა კონსტანტინე დიდი თვითონ ადევნებდა თვალს კრების მსვლელობას და მუშაობას, როგორც წესრიგის უზრუნველმყოფელი და მცველი, ამშვიდებდა მოწინააღმდეგეებს და მათ გულისყურს მიმართავდა მთავარი მიზნისკენ, როდესაც ისინი სცილდებოდნენ მას.

ასევე იქცეოდნენ სხვა იმპერატორებიც. თეოდოსი და ვალენტინიანე მესამე მსოფლიო კრების მამებს ამ სიტყვებით მიმართავდნენ: „ჩვენი დარწმუნების მიუხედავად, რომ თქვენ არ საჭიროებთ ჩვენი მხრიდან დახმარებას კრების მშვიდად და დაუბრკოლებლად წარმართვაში, ჩვენი ვალდებულებაა, ზრუნვა გამოვიჩინოთ ამ კუთხით. ამისათვის, ჩვენს წარმომადგენელ კანდიდიანს ვაგზავნით, რათა დაესწროს თქვენს წმინდა კრებას, უზრუნველყოს წესრიგი როგორც კრების მიმდინარეობისას, ისე ზოგადად, ქალაქში. არ შეუშვას იქ უცხო ადამიანები, რომლების არ ესწრებიან კრებას, რათა საკითხების განხილვისას დაპირისპირება არ გადაიზარდოს არეულობაში. მაგრამ, ამასთანავე, მისი მონაწილეობა უნდა იყოს ისეთი, რომ არ ჩაერიოს მსჯელობებში დოგმატების განხილვისას, რადგან, ვინც არ არის ეპისკოპოსი, არ აქვს უფლებამოსილება, ჩაერიოს ეკლესიის საქმეებში. ის ასევე შეეცდება, რომ დებატები და მსჯელობები არ გადაიზარდოს დაპირისპირებაში და ამით ჭეშმარიტება არ შეიბღალოს, რომელიც უნდა განმარტოს და გადმოსცეს თქვენმა კრებამ. საიმისოდ, რომ არ მოხდეს უცებადი გამოცხადება ჭეშმარიტებისა, არამედ ყველას მიეცეს საშუალება, თუნდაც საწინააღმდეგო აზრის გამოთქმისა, საჭიროა ყველამ მშვიდად მოუსმინოს ერთმანეთის არგუმენტირებულ აზრს, რათა ყველას აზრის მოსმენითა და გაანალიზებით, მივიდეთ საერთო დასკვნამდე ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე და რომ თქვენმა უწმინდესობამ დაამტკიცოს უდავო ჭეშმარიტება“.

მეოთხე მსოფლიო კრებაზე მონოფიზიტობის სწავლების წარმომადგენელმა სასულიერო პირებმა, რომლებიც აღნიშნულ კრებას უნდა განესაჯა, მიმართეს იმპერატორს მხარდაჭერის მოწოდებით. იმპერატორმა ამასთან დაკავშირებით კრებას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თუკი მექნებოდა სურვილი, თავად გადამეწყვიტა ეს საქმე, მაშინ არ მოვიწვევდი კრებას... ახლა კი ვბრძანებ, რომ დაემორჩილოთ კრებას და ისწავლოთ ის, რასაც გირჩევთ, რომ იცოდეთ, და რასაც გადაწყვეტს წმინდა კრება, ეს ჩემთვის არის კანონი, მას მივყვები და მისი მწამს“.

არ არსებობს არაფერი, საეკლესიო მმართველების საწინააღმდეგო, და საერთოდ, არც კანონიკის საწინააღმდეგო არაფერია იმ პირად ხელმოწერებში, რომლითაც იმპერატორები ამტკიცებდნენ მსოფლიო კრებებზე მიღებულ განსაზღვრებებს და დადგენილებებს. თავისი მნიშვნელობით ეს ხელმოწერები სხვა არაფერია, თუ არა თავად ეკლესიის მმართველების სურვილის დაკმაყოფილება, რაც თავისი მიზნით ემსახურებოდა მინიშნებას, რომ კრების დადგენილებები მიღებულია, როგორც დადებითი კანონები სახელმწიფოში. ასეთი გადაწყვეტილებებით და განკარგულებებით საეკლესიო კრებებზე მიღებული კანონების მიმართ ქრისტიანი იმპერატორები თავს ეკლესიის მორჩილ შვილებად აცხადებდნენ. ხოლო როგორც ხალხის უფლებების წარმომადგენლები, მათი ნების გამომხატველები და მათ სიკეთისა და ბედნიერებაზე მზრუნველები, ისინი ამით უზრუნველყოფდნენ ეკლესიის წინაშე ყველა მათი ქვეშევრდომისთვის იმას, რომ ეკლესიის მიერ მიღებული დადგენილებები და კანონები იქნება პატივცემული, არ დაირღვევა ისინი და რომ დაეხმარება სახელმწიფოს ყველა მმართველს ცხოვრებაში და სახელმწიფოს ყველა წევრს მოღვაწეობაში. მსოფლიო კრებებზე სახელმწიფო მმართველობა წარმოადგენდა მხოლოდ გარე, დამხმარე ძალას, ხოლო სადაც მთავრდებოდა მისი ასეთი მონაწილეობა, იქ იწყებოდა და ვლინდებოდა ეკლესიის თვითმყოფადი ძალმოსილება.

ეკლესია იღებს სახელმწიფო მმართველობის მხრიდან ასეთ მონაწილეობას საეკლესიო საქმეებში და აღიარებს ამას პრინციპულად. და ეს პრინციპი არ ილახება ისეთი გარემოების გამო, რომ ეკლესიის ცხოვ რების გარკვეულ პერიოდში იყვნენ ისეთი ხელისუფალნი, რომლებიც თავისი დადგენილებებით ასამართლებდნენ მართლმადიდებლობას და იცავდნენ მწვალებლობას. ახალი სწავლება, ან სხვა სახის რაიმე სწავლება, რომლის ქადაგებასაც დაიწყებდნენ ეკლესიაში, ვიდრე ის დადასტურებულად აღიარებული იქნებოდა მწვალებლობად, მოითხოვდა ხანგრძლივ დროს იმისთვის, რომ ყოველმხრივ გამოწვლილვით ყოფილიყო შესწავლილი და განხილული. ამის შემდეგ საეკლესიო კრებაზე მსოფლიო ეკლესია სიტყვიერად და წერილობით, თითოეულ წარმომადგენელთან ერთხმად დაადასტურებდა მწვალებლობად. მაგრამ ვიდრე საქმე აქამდე მივიდოდა, ბრძოლები მიმდინარეობდა ეკლესიის განსაწავლული მოძღვრების გონებასა და სულში, რომელნიც გამსჭვალულნი იყვნენ ღვთივსათნოებით და ღრმა ცოდნით. ისინი, უპირველეს ყოვლისა, ეძებდნენ ჭეშმარიტების შემეცნებას. ეკლესიის ისტორიაში საკმაო შემთხვევებია, როდესაც მისი ყველაზე გამორჩეული მოძღვრები მიიდრიკებოდნენ ამა თუ იმ მწვალებლობისკენ, და წერილობითადაც კი იცავდნენ მას, ვიდრე მსოფლიო ეკლესია მას არ განსჯიდა და არ გამოაცხადებდა ერესად, მწვალებლობად. ეს უფრო ადვილად შეიძლება მომხდარიყო, რადგან ერეტიკულ სწავლებებში ყველა სიტყვა არ იყო მცდარი და რომ ერეტიკოსებს თავის სწავლებაში ჰქონდათ ბევრი მართლმადიდებლური სწავლება; ამავდროულად, ისინი თავის სწავლებას ამყარებდნენ მტკიცებულებებით, ისეთი ციტირებით ბიბლიიდან და მამათა სწავლებებიდან, პატრისტიკის ისტორიიდან, რომ მხოლოდ განსაკუთრებული ცოდნის, გამჭრიახ, მადლმოსილ მოძღვრებს შეეძლოთ შეცდომის შემჩნევა, გაანალიზება და ამა თუ იმ სწავლების აღიარება მწვალებლობად. თუ ზოგიერთი მართლმადიდებელი მოძღვარი ზოგ შემთხვევაში გადახრილა მწვალებლობისკენ, ეს იმის გამო ხდებოდა, რომ ისინი მართლმადიდებლობის დიდი სიყვარულის გამო მოქმედებდნენ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ იცავდნენ ჭეშმარიტებას, და როდესაც წერდნენ ამის შესახებ, დარწმუნებული იყვნენ, ამით გადმოსცემდნენ ჭეშმარიტების სრულ წვდომას. და თუ ასეთი რამ შეიძლება დამართნოდათ მოძღვრებს, რომელნიც იყვნენ განსწავლულნი და დადგენილნი ჭეშმარიტებისა და მართლმადიდებლობის დასაცავად, მაშინ ხომ შეიძლება, უფრო ადვილად მომხდარიყო ეს მართლმადიდებელ იმპერატორთა შემთხვევაში, რომელთაც არ ჰქონდათ მიღებული განსაკუთრებული ცოდნა და განათლება ღვთისმეტყველებაში, რადგან ისინი მოწოდებულნი იყვნენ როგორც მხოლოდ გარედან დამცველნი მართლმადიდებლობისა. ხელმწიფე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, განურჩევლად მისი სარწმუნოებისა, სამართლიანად უნდა დახმარებოდა ყველა ქვეშევრდომს, როგორი რწმენისაც უნდა ყოფილიყვნენ ისინი. ამ მდგომარეობას ამძიმებდა რომელიმე მწვალებლობის გამოჩენა სახელმწიფოში, რომელსაც მოჰქონდა მძიმე შედეგი საზოგადოებისთვის. ამ პროცესს ახლდა საკმაოდ მძიმე დაპირისპირებები მხარეებს შორის, რომლებიც იცავდნენ თავიანთ სწავლებას. ასეთ დროს ყველა მხარე მიმართავდა სახელმწიფოს, რათა მას დაეცვა და ეღიარებინა ის ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ სწავლებად. რყევები, რომელიც ხდებოდა ეკლესიაში მოძღვრებს შორის რომელიმე მწვალებლური სწავლების გამოჩენის შემთხვევაში, იმპერატორებს ორმაგი ძალით აწვებოდა, რადგან მათ, უპირველესად, უნდა დაეცვათ ჭეშმარიტი სარწმუნოება, ხოლო შემდეგ უნდა აღედგინათ საზოგადოებაში დარღვეული წესრიგი. ასეთ დროს მწვალებლებს შეეძლოთ გამოეყენებინათ ყოველგვარი საშუალება, უშუალოდ მათ მიერ და ასევე უმაღლესი სახელმწიფო სამსახურში მყოფი ჩინოვნიკების მეშვეობით იმის დასამტკიცებლად, რომ მათი სწავლებაა მართლმადიდებლური და ჭეშმარიტი. ხდებოდა ისიც, რომ იმპერატორები უთმობდნენ და უსმენდნენ მწვალებელთა ლიდერებს, და სურდათ თავისი საიმპერატორო ხელისუფლებით აღედგინათ წესრიგი, დაემყარებინათ მშვიდობა. გამოსცემდნენ განკარგულებას, რომელიც მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო იყო. ასეთი მოქმედებით ისინი მიიჩნევდნენ და დარწმუნებული იყვნენ, რომ იცავდნენ ეკლესიის ჭეშმარიტ სწავლებას და სრულებით არ არღვევდნენ ეკლესიასთან კავშირს, რასაც სინამდვილეში აკეთებდნენ. გარკვეული გამონაკლისების გარდა, ამას ამტკიცებს ყველა იმ იმპერატორის განკარგულება, რომელიც იცავდა ამა თუ იმ ერესს.

აქედან თვალნათლივ გამომდინარეობს, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის ძირითადი პრინციპი რჩებოდა ასეთი მმართველების შემთხვევაშიც, რომლებზეც მწვალებლობამ გავლენა იქონია, ისეთივე როგორიც ჰქონდათ მართლმადიდებელ იმპერატორებს. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ამ პრინციპს არასწორად ახორციელებდნენ.4

2 მეშვიდე მსოფლიო კრების მე-10 კანონი.

3 საღმრთო ლიტურგიის დიდი კვერექსი.

4 В. Цыпин, Церковное Право, 1996, გვ. 405-420.

სახელმწიფოსა და ეკლესიის მმართველთა შორის ურთიერთობის სხვადასხვა სახის სისტემა

შუა საუკუნეებში, დასავლეთ ევროპაში კათოლიკური ეკლესიის იურისდიქციის არეალში, ნეტარი ავგუსტინეს ნაწარმოების „საღვთო ქალაქის შესახებ“ გავლენის მიღმა, ჩამოყალიბდა „ორი ხმლის“ დოქტრინა, რომლის მიხედვითაც ორივე მმართველობა – საეკლესიო და სახელმწიფო – ერთიანდება რომის პაპის მმართველობაში; მათგან პირველი – უშუა ლოდ, რადგან ის თავად არის რომის ეკლესიის მმართველი, ხოლო მეორე – სახელმწიფო მმართველის, ხელისუფლის მეშვეობით.

შუა საუკუნეებში საერო მმართველები, ხელმწიფეები რომში პაპის ვასალებად მიიჩნეოდნენ. პაპებმა შეითავსეს ამ პერიოდში არა მარტო საერო მმართველების, იმპერატორებისა და მეფეების კორონიზაცია, არამედ მათთვის სახელმწიფო ტახტის ჩამორთმევაც. ასეთი დოქტრინის განვითარებას, რითაც ორივე ხელისუფლების მმართველი რომის პაპი გახდებოდა, ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ შუა საუკუნეების დასავლეთ რომის პირველი იმპერატორი კარლ დიდი, განსხვავებით ბიზანტიის იმპერატორთაგან, რომის იმპერატორების პირდაპირი მემკვიდრე არ იყო. ამიტომ მან პაპისგან მიიღო გვირგვინი. ამ სახით ის ერთ-ერთ ბარბაროს მეფეს, მრავალ სხვა ბარბაროს მეფეს შორის, უწყალობებდა იმპერატორის გვირგვინს.

XVII-XIX სს-ის რეფორმაციამ არ დატოვა ნიადაგი იმისთვის, რომ რომის პაპს და და ასევე რეფორმატორული ქვეყნების ტერიტორიაზე კათოლიკური მრწამსის ეპისკოპოსებს შეენარჩუნებინათ სახელმწიფო მმართველობა. ამ პერიოდში კათოლიკურ ქვეყნებში სამართლებრივი ნორმები იმდენად შეიცვალა, რომ პრაქტიკულად რომის პაპს მოეხსნა სახელმწიფო მმართველის ტვირთი.

თუმცა სახელმწიფო „ვატიკანი“ დარჩა, და როგორც შუა საუკუნეების „ორი ხმლის“ დოქტრინა, დღესაც რჩება მისთვის უცვლელ მისწრაფებად. ვატიკანის, რომის პაპის წარმომადგენლები დღეს ცდილობენ, დადონ ხელშეკრულება იმ ქვეყნებთან, რომელთა ტერიტორიაზე ცხოვრობენ კათოლიკური კონფესიის მრევლი. შეთანხმება ხდება კონკორდატის ფორმატში. ამის შედეგად ასეთი სამართლებრივი სტატუსი კათოლიკური სამრევლოებისა ამ ქვეყნებში რეგულირდება არა მარტო შიდა სახელმწიფო კანონებით, არამედ საერთაშორისო სამართლითაც, რადგან კონკორდატი მიეკუთვნება საერთაშორისო სამართლის სფეროს.

იმ ქვეყნებში, სადაც რეფორმაციამ გაიმარჯვა, და ასევე XVII-XIX საუკუნეებში ზოგიერთ კათოლიკურ ქვეყანაში, სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობა ჩამოყალიბდა ტერიტორიულ პრინციპზე. მისი არსი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სრული სახელმწიფო სუვერენიტეტია, მათ შორის ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ რელიგიურ სამრევლოებზე. ამ სისტემის ურთიერთდამოკიდებულების დევიზი გახდა „Cujus est regio, illius est religio“ (ხელისუფლება ვისიცაა, მისია რელიგიაც). ამ სისტემის განხორციელება გულისხმობს უმაღლესი მმართველის აღმსარებლობის გარდა სხვა სარწმუნოების ადამიანების სახელმწიფოდან განდევნას (რეფორმაციისა და კონტრრეფორმაციის პერიოდში არა თუ განდევნიდნენ სხვა სარწმუნოების აღმსარებელნი, არამედ ხშირად სცემდნენ კიდეც მათ); თუმცა ცხოვრებაში ამ პრინციპის განხორციელების უფრო შემსუბუქებული ფორმა დამკვიდრდა – ე. წ. სახელმწიფო რელიგია (ეკლესია), როდესაც რელიგიური თემი, რომელსაც ეკუთვნის სახელმწიფო მმართველი, ოფიციალურად იწოდება ეკლესიის მეთაურად, მოსახლეობის უმრავლესობა სარგებლობს უპირატესობით სახელმწიფო ეკლესიის სტატუსით, ხოლო სხვა რელიგიის თემები რჩებიან შეზღუდული, შეკვეცილი უფლებების მდგომარეობაში.

თვალნათელია, რომ მრავალკონფესიურ სახელმწიფოში სახელმწიფო რელიგიის სისტემა, მისი ტრადიციული ფორმით, ვერ იქნება ორგანული, რადგან ის განსაზღვრავს მოქალაქეთა უფლებების შესაძ ლებლობას მათი აღმსარებლობის მიხედვით. ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც თავისი ისტორიის დასაწყისიდანვე წარმოადგენდა მრავალკონფესიურ სახელმწიფოს, დამკვიდრდა პრინციპი ეკლესიის სახელმწიფოსგან განცალკევებისა, რომელიც ითვალისწინებს ერთმანეთის საქმეში ორმხრივ ჩაურევლობას, რელიგიური თემების თავისუფლებას და დამოუკიდებლობას; სახელმწიფოს მთავარი თვისებაა ნეიტრალურობა ყველა კონფესიასთან. აბსოლუტური ნეიტრალიტეტი ძალიან ძნელი მისაღწევია. ყველა სახელმწიფოს უწევს ანგარიშის გაწევა თავისი მოსახლეობის რეალურ რელიგიურ შემადგენლობასთან. ამერიკის შეერთებულ შტატებში არც ერთი ქრისტიანული დენომინაცია ცალკეულად არ არის უმრავლესობა; მაგრამ დამაჯერებელ უმრავლესობას მაინც ქრისტიანები წარმოადგენენ. აქედან მომდინარეობს პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალი ბიბლიაზე; აქედან გამომდინარეა ოფიციალური დასვენების დღედ აღიარებული კვირა და შობის დღესასწაულის განსაკუთრებული აღნიშვნა.

თუმცა სახელმწიფოსგან ეკლესიის გამიჯვნას აქვს სხვა გენეალოგიაც. ევროპის კონტინენტზე ის გვევლინება ანტიკლერიკალურობის რეზულტატად. უფრო სწორად, ანტიეკლესიური ბრძოლის შედეგი, კარგად ცნობილი ფრანგული რევოლუციის ისტორიიდან, როდესაც ეკლესია გაიმიჯნა სახელმწიფოს არა მოსახლეობის მრავალკონფესიურობის გამო, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო თავის თავს აკავშირებს ამა თუ იმ ანტიქრისტიანულ ან პირდაპირ ანტირელიგიურ იდეოლოგიებთან. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია საუბარი სახელმწიფოს ნეიტრალიტეტზე. ეკლესიისთვის ეს ბუნებრივად წარმოშობს შევიწროებას, უფლებების შეზღუდვას, დისკრიმინაციას ან პირდაპირ დევნას.

მეოცე საუკუნის ისტორიამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოავლინა სახელმწიფოს ხელისუფალთა ანტიეკლესიური პოლიტიკის საბედისწერო მაგალითები, რომელიც საბოლოოდ უმძიმეს შედეგს აყენებდა თავად სახელმწიფოს, რადგან, მიუხედავად მისი მატერიალური მიწიერი თვისებისა, სახელმწიფო მნიშვნელოვნად სუსტია და მყიფე ეკლესიასთან მიმართებით, რომელსაც ქრისტემ აღუთქვა: „და ამ კლდე ზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას“ (მათე 16, 18).

ზოგიერთი თანამედროვე სახელმწიფო – დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, დანია, საბერძნეთი ინარჩუნებს სახელმწიფო რელიგიურობას (სახელმწიფო ეკლესიის სტატუსს). ამასთან ერთად, ზოგან რამდენიმე სახელმწიფო ეკლესიაა, მაგალითად, გერმანიაში – კათოლიკური და ევანგელისტური, ფინეთში – ლუთერანული და მართლმადიდებლური ეკლესიები სარგებლობენ თანაბარი სახელმწიფო სტატუსით. სხვა სახელმწიფოები, რომელთა რიცხვიც სულ უფრო იზრდება (ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, პოლონეთი) რელიგიურ თემებთან თავის დამოკიდებულებას აგებს გამიჯვნის პრინციპზე. თუმცაღა, პრაქტიკაში ასეთი ქვეყნების უმრავლესობაში რეალური მდგომარეობა რელიგიური თემებისა მცირედით სხვაობს იმისდა მიხედვით, რამდენად დამოკიდებულია სახელმწიფოზე ან გამიჯნულია მისგან. ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ეკლესია ინარჩუნებს სახელმწიფო სტატუსს, პრაქტიკაში ის დადის იქამდე, რომ სამოქალაქო რეგისტრაციის აქტებთან ერთად, რომელსაც აწარმოებს სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოები, აღიარებულია სამოქალაქო-სამართლებრივ მტკიცებულებად მეტრიკის ჩანაწერები, რომელსაც ნათლობის დროს ახალშობილზე გასცემს ეკლესია, ასევე ქორწინების ნამდვილობა ეკლესიის მიერ ჩატარებული ჯვრისწერით დასტურდება. საეკლესიო გადასახადებს ამოიღებს სახელმწიფო საგადასახადო ორგანოები, რომლითაც ფინანსდება ეკლესია. ამასთან, როგორც წესი, გადასახადის გადახდაზე უარის მთქმელი პირისთვის არანაირი სამართლებრივი შედეგი არ დადგება.

უმრავლესი ქვეყნების მთავრობები შიდა საეკლესიო საქმეებში არ ერევიან და ლეგალურ საფუძველზე ინარჩუნებენ ეკლესიასთან ურთიერთობას. ხოლო სხვა მხრივ, კონსტიტუციური მონარქიის მმართველობისას, მიუხედავად მონარქის აუცილებელი სახელმწიფო სტატუსის მქონე კონფესიის წარმომადგენლობისა, ჩვენს დროში სახელმწიფო ხელისუფალი ასეთ ქვეყანაში ეკლესიისგან არაფრით იზღუდება. ზოგიერთ შემთხვევაში ეკლესიის რეალურ მდგომარეობას განაპირობებს არა იმდენად კონსტიტუციური განსაზღვრებები, რამდენადაც ხელისუფ ლების პოლიტიკა რელიგიასთან მიმართებით.

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმსახურებას ხალხისთვის აღასრულებს სხვადასხვა ქვეყანაში. ზოგან წარმოადგენს ნაციონალური სახელმწიფო სტატუსის მქონე სარწმუნოებას (მაგალითად, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი), მრავალნაციონალურ ქვეყანაში (მაგალითად, რუსეთში) უმრავლესობის სარწმუნოებას, ზოგანაც უმცირესობაში მყოფ ადამიანთა სარწმუნოებას, სადაც სხვა ეროვნებისა და კონფესიის ქრისტიანები ცხოვრობენ, ანდაც, სხვა აღმსარებლობის მოსახლეობა (მაგალითად, სირია, იაპონია, თურქეთი).

ზოგ შემთხვევაში მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო რელიგიის სტატუსი აქვს (მაგ., საბერძნეთი, ფინეთი), ზოგ შემთხვევაში – გამიჯნულია სახელმწიფოსგან.

თუმცა, მართლმადიდებელი ეკლესია ყველგან ეყრდნობა როგორც თავის შიდა საეკლესიო, ისე სახელმწიფოსთან მიმართებით ქრისტეს მცნებებს, მოციქულთა სწავლებას, წმინდა საეკლესიო კანონებს, ორიათასწლოვან ქრისტიანულ გამოცდილებას; ყველანაირ პირობებში პოულობს შესაძლებლობას თავისი საღვთო მცნებების აღსრულებისთვის და ამით აცხადებს თავის არამიწიერ პირობას, თავის ზეციურ ღვთაებრივ წარმომავლობას.5

5 В. Цыпин, Церковное Право, 1996, გვ. 421-425.