მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი XIV: საღვთო დრო
XIV უძველესი დროიდან ადამიანს ჰქონდა უფალთან ურთიერთობის მოთხოვნილება და განცდა. ის მუდამ გამოყოფდა გარკვეულ დღეს ან დღეებს უფალთან ურთიერთობისა და მარადიულობის გააზრებისთვის. ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად დადგინდა დღესასწაულები. ძველი აღთქმის მაგალითის მიხედვით ქრისტეს ეკლესიამ დაადგინა დღესასწაულები ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან. პირველი დადგენილი დღესასწაულია აღდგომა. მოციქულთა საქმეში ვკითხულობთ: „კვირის პირველ დღეს, როდესაც მოწაფეები პურის გასატეხად შეიკრიბნენ, პავლემ, რომელიც მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას, სიტყვა უთხრა მათ და შუაღამემდე გააგრძელა საუბარი. ქორედში, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილნი, ბევრი სანთელი ენთო“ (საქმე 20, 7-8).
თანდათანობით მოიმატა დღესასწაულებმა ეკლესიაში. თითოეული მათგანი განასახიერებდა უმთავრეს ეტაპებს კაცობრიობის გამოხსნის გზაზე, მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ქალწულის, მოციქულთა და განმანათლებელთა სახელების სადიდებლად. დღევანდელი საეკლესიო დადგენილებების მიხედვით დღესასწაულები იყოფა მოძრავ და უძრავ დღესასწაულებად. პირველი მათგანის აღნიშვნის თარიღი მოძრავია, ყოველწლიურად სხვადასხვა დღეს იდღესასწაულება. ყველა უძრავ-მოძრავის დღესასწაულიდან უმთავრესი აღდგომაა, რომლის განსაზღვრავს ყველა მოძრავი დღესასწაულის დროს – ამაღლების, სულთმოფენობის და ა. შ.
მორწმუნეები დიდ დღესასწაულებსა და აღდგომის ტოლფასად მიჩნეულ კვირა დღეს, რომელიც მის გასახსენებლად და აღსანიშნავად დადგინდა, უცილობლად უნდა უძღვნიდნენ უფალს, ესწრებოდნენ საღვთო ლიტურგიას და ეზიარებოდნენ. ასევე ქველ საქმეებსა და სიკეთეს აკეთებდნენ. ტრულის კრების მე-80 კანონის თანახმად, „თუ ვინმე – ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი, სამღვდელო დასის სხვა წევრთაგანი, ან ერისკაცი, რომელსაც რაიმე გაჭირვება არ აიძულებს, მრავალი დღის განმავლობაში დააკლდეს ეკლესიას, ქალაქში ტრიალებდეს სამ კვირას და ამ სამი შვიდეულის მანძილზე არ მივიდეს ეკლესიაში, თუ ეკლესიის მსახური იყოს, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი, ზიარების უფლება არ მიეცეს“.
მეორე მხრივ, კვირადღესა და დღესასწაულებზე ქრისტიანებმა თავი უნდა შეიკავონ მძიმე შრომის, ვაჭრობისა და სასამართლოსგან. ამავე კრების 66-ე კანონი განაჩინებს: „ქრისტეს აღდგომის წმინდა დღიდან ახალკვირამდე მთელ იმ შვიდ დღეს მორწმუნენი წმინდა ეკლესიაში უნდა იყვნენ ფსალმუნებითა და გალობით, სულიერი ქებით გამხიარულებულნი ქრისტეს მიერ და ასე დღესასწაულობდნენ. იკითხონ წმინდა წერილი და შვებას მიეცნენ უხრწნელი საიდუმლოს ზიარებით, რომ ქრისტესთან ერთად აღმდგარნი და ამაღლებულნი იყვნენ. ამ დღეებში ცხენთა ჯირითი და სხვა რამ საერო სანახაობა ნუ გაიმართება“.
კართაგენის კრების 61-ე კანონის თანახმად, კრების წევრები ითხოვენ სახელმწიფო მმართველისგან კვირა დღეებსა და დღესასწაულებზე თეატრალური კარნავალებისა და სხვა თავშესაქცევი სახალხო დღესასწაულები გაუქმებას: „არ უნდა მოეწყოს სანახაობა და თეატრონი კვირა დღეებსა და წმინდათა სხვა დღესასწაულებზე. საჭიროა ვთხოვოთ [საერო ხელისუფალთ], რომ სანახაობები, თეატრალური მასკარადები კვირადღესა და ქრისტიანულ დღესასწაულებზე ნუ აღესრულება, რადგან ვხედავთ, რომ აღდგომის წინა რვა დღეს ცხენთა ჯირითობებზე უფრო მეტი ხალხი იკრიბება, ვიდრე ეკლესიაში. ამიტომ სანახაობისთვის უნდა დაწესდეს სხვა დღეები, რათა ზოგიერთი ქრისტიანი იძულებული არ გახდეს, სანახაობაზე მივიდეს“.
საღვთო დროდ მიიჩნევა მარხვაც. ეკლესიამ მარხვა დაადგინა ადამიანთა სულების სინანულისთვის აღსაძრავად და ღვთივსათნო ცხოვრების შესანარჩუნებლად. მარხვა ძველი აღთქმის ეკლესიის გამოცდილებიდან და თავად მაცხოვრის მაგალითით დაადგინა ეკლესიამ. „მაშინ იესო აყვანილი იყო უდაბნოში სულის მიერ ეშმაკისაგან გამოსაცდელად. და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე...“ (მათე 4, 1-2)“; „ხოლო ეს მოდგმა არ განიდევნება, თუ არა ლოცვითა და მარხვით“ (მათე 17, 21).
როგორც მოციქულთა საქმიდან ვიგებთ, ქრისტეს მოციქულები და მათი მიმდევრები იმთავითვე მარხულობდნენ: „უფალს რომ მსახურებდნენ და მარხულობდნენ, უთხრა მათ სულმა წმიდამ: გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმისათვის, რისთვისაც ვუხმე მათ. მაშინ, მარხვას და ლოცვას რომ მორჩნენ, ხელი დაადეს მათ და გაუშვეს“ (საქმე 13, 2-3). დღეები, რომელიც ეკლესიამ მარხვისთვის დაადგინა, აუცილებლად უნდა დაიცვას ყველა ქრისტიანმა, გარდა სნეულად მყოფებისა. ეს მარხვებია: წინასააღდგომო, დიდი მარხვა, საშობაო მარხვა, მარიამობის მარხვა და პეტრე-პავლობის მარხვა, ასევე ოთხშაბათ-პარასკევის მარხვა ყოველკვირეულად, გარდა მსგეფსისა, ჯვართამაღლების, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის და ნათლისღების წინა დღის ერთდღიანი მარხვა.
საერო ხელისუფლება მხარს უჭერდა ეკლესიას და ეხმარებოდა ამ კანონებისა და დაგენილებების განხორციელებაში.
წმინდა ადგილები და ნივთები
ღვთისადმი ლოცვების აღვლენა ყველგან შეიძლება, მაგრამ ყველაზე უფრო მადლისმიერ, საიდუმლო ურთიერთობაში უფალთან ადამიანი შედის ღვთის სახლში, ანუ ტაძარში. როდესაც მაცხოვარი შევიდა ტაძარში, „დაიწყო გამოყრა მათი, ვინც ყიდდა და ყიდულობდა, და უთხრა მათ: წერია: იყოს სახლი ჩემი სახლი სალოცავი, ხოლო თქვენ იგი აქციეთ ავაზაკთა გამოქვაბულად“ (ლუკა 19, 45). პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში წერს: „ერთია პური, ჩვენ კი მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით. იხილეთ ისრაელი ხორციელად: განა ისინი, რომელნიც ჭამენ მსხვერპლს, სამსხვერპლოს თანაზიარნი არ არიან?“ (1 კორ. 10. 16-17).
მთავარი პირობა იმისათვის, რომ ტაძარი გახდეს ასეთი, საჭიროა ეპისკოპოსმა აკურთხოს და წმინდანთა ნაწილების ჩაბრძანდეს საკურთხევლის ტრაპეზის ქვაში. ამ წესის დარღვევა განისჯება საეკლესიო კანონებით. მოციქულთა 31-ე კანონი განაწესებს: „თუ მღვდელი შეურაცხყოფს თავის ეპისკოპოსს, ცალკე მოაწყობს კრებას, აღმართავს სხვა საკურთხეველს და არ დაემორჩილება ეპისკოპოსს სიმართლითა და კეთილმსახურებით, იგი უნდა განიკვეთოს, როგორც ძალაუფლებისმოყვარე, რადგანაც მოძალადეა; ასევე სხვა სასულიერო პირები, მისი მიმდევრები, ხოლო ერისკაცნი უზიარებლობით დაისაჯონ. ეს ასე მოხდეს ეპისკოპოსის მისადმი ერთი, ორი და სამი თხოვნა-ვედრების შემდეგ“.
მეშვიდე მსოფლიო კრების მე-7 კანონი განაჩინებს: „საღმრთო მოციქულმა პავლემ თქვა: „ზოგიერთი კაცის ცოდვები წინასწარვე ცხადნი არიან და წინ მიუძღვიან სამსჯავროსაკენ, ზოგიერთს კი უკან მისდევენ“ (1 ტიმ. 5. 24), პირველად ჩადენილ ცოდვებს სხვა ცოდვებიც მოჰყვება უეჭველად, რის გამოც ქრისტიანობის ცილისმწამებელ ბოროტმსახურ და უღმერთო მწვალებლობას [ხატმებრძოლობას] თან მოჰყვა სხვა უღმრთოებანიც, ვინაიდან, როგორც პატიოსან ხატთა გამოსახულება წაიღეს ეკლესიიდან, ასევე დაივიწყეს სხვა წესებიც, რომელთა განახლება და მტკიცედ პყრობა საჭიროა დაწერილი და დაუწერელი კანონმდებლობის თანახმად. ამრიგად, განვსაზღვრავთ, რომ ეკლესიებში, რომლებიც იკურთხნენ მოწამეთა ნაწილების გარეშე, დაისხას მოწამეთა ნაწილები. ხოლო ის ეპისკოპოსი, რომელიც მოწამეთა ნაწილის გარეშე აკურთხებს ეკლესიას, განიკვეთოს, როგორც საეკლესიო განწესების დამრღვევი“.
ანტიოქიის კრების მე-5 კანონი განაწესებს: „თუ მღვდელი ან დიაკონი თავის ეპისკოპოსს შეურაცხყოფს და [ამით] საკუთარ თავს განაშორებს ეკლესიისაგან, ცალკე მოაწყობს კრებებს, საკურთხეველს აღმართავს, ეპისკოპოსის ერთხელ და ორჯერ მოწოდებას არ დაემორჩილება და არ მოინდომებს მის დაჯერებას, ის უნდა განიკვეთოს სრულიად, ისე რომ, აღარ დარჩეს განკურნების იმედი. მისთვის აღარ იქნება შესაძლებელი პატივის დაბრუნება, ხოლო თუ განაგრძობს ეკლესიაში არეულობის შეტანას და მის წინააღმდეგ მოქმედებას, გარეგანმა და საერო ხელისუფლებამ, როგორც მეამბოხე, დასაჯოს“.
კართაგენის კრების მეათე კანონი ბრძანებს: „თავისი ეპისკოპოსის მიერ ბრალდებულ მღვდელთა შესახებ. ნუმიდიის წარმომადგენელმა ალვიპიოს ეპისკოპოსმა თქვა: არც იმას უნდა ავუაროთ გვერდი, რომ, თუ მღვდელი თავისი ეპისკოპოსის მიერ ბრალდებული იქნება და, დიდგულობითა და ამპარტავნებით გათავხედებული, იფიქრებს, რომ არ არის მისთვის შეუძლებელი, მარტომ შესწიროს წმინდა მსხვერპლი ღმერთს, ან გაბედოს აღმართვა სხვა საკურთხევლისა საეკლესიო სარწმუნოების და წესიერების საწინააღმდეგოდ, ასეთი დაუსჯელად ნუ გადარჩება.
ნუმიდიის პირველი საყდრის ეპისკოპოსმა ვალენტინემ თქვა: საეკლესიო სარწმუნოებისა და წესის შესაბამისია და საჭირო ჩვენი ძმის ალვიპიოსის მოხსენებული. რა სურს ამ საკითხზე თქვას თქვენმა სიყვარულმა?
ყველა ეპისკოპოსმა თქვა: თუ რომელიმე მღვდელი, თავისი ეპისკოპოსის წინააღმდეგ ამხედრებული, განხეთქილებას აწყობდეს, შეჩვენდეს“.
ტაძრის საძირკვლის მომზადებისას სრულდება საძირკვლის კურთხევის მსახურება, რომელსაც ასრულებს ეპისკოპოსი ან მის მიერ წარგზავნილი სასულიერო პირი (ათონური სინტაგმები 1, 117, 247). დაწყებული ტაძრის მშენებლობა შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს და მაქსიმალურად მალე დასრულდეს (ათონური სინტაგმები 1, 83). ტაძრის კურთხევა წარიმართება განსაკუთრებული მსახურებით, რომელსაც აღასრულებს ეპისკოპოსი. თუ ეპისკოპოსი თვითონ ვერ ახერხებს ახალი ტაძრის კურთხევას, იგი ნაკურთხ ოდიკს გაატანს მის მიერ გამორჩეულ განსაკუთრებული წოდებით დაჯილდოებულ მღვდელს, რომელიც აკურთხებს ტაძარს. ტაძრის კურთხევის მსახურების შესრულება არ უნდა დაემთხვეს იმ წმინდანის სადღესასწაულო მსახურებას, ვის სახელზეც ეს ტაძარი აიგო, ან რომელიმე საეკლესიო დღესასწაულს, რათა არ მოხდეს შერევა სადღესასწაულო მსახურებისა ტაძრის კურთ ხევის მსახურებასთან. ამიტომ ის უნდა იკურთხოს დღესასწაულამდე, ან მის შემდეგ. თუ ტაძარს წაბილწავს ვინმე ურწმუნო ან თუ ამ ნაგებობაში ადამიანის სისხლი დაიღვრება, მაშინ ღვთის სახლში უნდა შეწყდეს ღვთისმსახურება, ვიდრე ეპისკოპოსის განკარგულებით ხელახლა არ აკურთხებენ.
საკურთხეველი, როგორც მთავარი სიწმინდე ტაძრისა, აღმოსავლეთით უნდა იყოს.
ბასილი დიდის მიერ ნეტარი ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის 27-ე თავიდან სულიწმიდის შესახებ.
„ეკლესიაში დაცული სჯული და ქადაგებები ზოგი წერილობით მოცემული მოძღვრების სახით გვაქვს, ხოლო ზოგი მიღებული გვაქვს მოციქულთაგან, საიდუმლოდ გადმოცემული. ამათგან ორივეს ერთი და იგივე ძალა აქვს კეთილმსახურებისათვის და ამას არავინ მიიჩნევს საკამათოდ, ვისაც საეკლესიო განწესებათა ცოტაოდენი ცოდნა მაინც აქვს. თუ დაუწერელი წესების დარღვევას მივყოფთ ხელს, ვითომცდა იმიტომ, რომ მათ არა აქვთ დიდი ძალა, ამით თავს ვავნებთ თვით სახარების არაჯეროვანი გაგებით, ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხო ლოდ სახელწოდებაღა შეგვრჩება. თავდაპირველად ვახსენებ პირველსა და საერთოს: მორწმუნეების მიერ ჯვრის სასწაულის გამოსახვა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელის მიმართ ვინ გვასწავლა წერილობით? ლოცვის დროს აღმოსავლეთის მხარეს თაყვანისცემა რომელმა წიგნმა გვაუწყა? მადლობის (ევქარისტიის) პურის ან სასმლის კურთხევის დროს სათქმელად რომელმა წმინდანმა დაგვიტოვა ჩვენ წერილობით რაიმე?
არც მხოლოდ იმით დავკმაყოფილდებით, რაც მოიხსენიეს მოციქულმა ან სახარებამ, არამედ მათზე ადრე და მათ შემდეგაც ვახსენებთ სხვა რამ მრავალსაც, როგორც საიდუმლოს მიმართ დიდი ძალის მქონეს. ეს კი მიღებული გვაქვს დაუწერელი მოძღვრებისგან. ხოლო ვაკურთხებთ აგრეთვე ნათლისღების წყალს და ცხების ზეთს და ვლოცულობთ ნათლისმღებელზე, რომელი წერილობითი გადმოცემისგან მიგვიღია ეს, განა დაფარული და საიდუმლო უწყებისგან არა?! ხოლო თუ რა არის ზეთისცხება, რომელმა დაწერილმა სიტყვამ გვასწავლა? საიდან არის კაცთა სამჯერადი ჩთაფლვა წყალში ნათლისღების დროს? ამის გარდა, სხვა რამდენი რამ არის ნათლისღების დროს: სატანისაგან და მისი ანგელოზებისაგან განშორება რომელი წერილიდან არის? განა არ არის ეს გაუმხელელი და უთქმელი მოძღვრებიდან, რომელიც მიუწვდომელია დაწვრილებითი გამოძიებისა და გამოკვლევისთვის და რომელიც საიდუმლოდ შემოინახეს ჩვენმა მამებმა, ღმრთის საიდუმლოთა დუმილით შენახვაში განსწავლულებმა? როგორ შეეფერებოდა ამ მოძღვრების გაცხადება და წერილობით გამხელა იმათ, ვინც განუსწავლელია საიდუმლოში და მისი შეხედვის უფლებაც კი არა აქვს. რადგანაც იმათთვის, ვინც ზიარებული არ არის საიდუმლოს და უფლებაც არა აქვს, შეხედოს მას, რამდენად შესაფერისია მოძღვრებით გაცხადება და წერილობით გამხელა? და ასე შემდეგ. რადგანაც დაუწერელი გადმოცემის სიტყვა და სარწმუნოებითი სჯულის (დოგმატის) ცოდნა არ არის დადებული სასწავლებლად, იგი ადვილად შეიძლება შეურაცხსაყოფელი გახდეს მრავალთაგან, ჩვეულების გამო. რადგანაც სხვა არის სარწმუნოებითი კანონი (დოგმატი, სჯული) და სხვა – ქადაგება. სარწმუნოებითნი სჯულნი (დოგმატები) დაფარულნი არიან, ხოლო ქადაგებები – გამხელილნი. დუმილისა და შეფარვით თქმის სახედ იყენებს წმინდა წერილი ძნელად მისაწვდომობას და იმას, რომ სარწმუნოებითი სჯულის (დოგმატის) აზრი არ არის ადვილად მისახვედრი მკითხველთათვის მათდა სასარგებლოდ. ამის გამო ყველანი ვუცქერთ აღმოსავლეთს ლოცვის დროს, მაგრამ ცოტამ ვიცით, რომ ჩვენ პირველ მამულს, სამოთხეს ვეძიებთ, რომელიც შექმნა ღმერთმა ედემში, აღმოსავლეთით („უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა“ (დაბ. 2, 8) და სწორად მდგომარენი აღვასრულებთ კვირადღის ლოცვებს, ამის მიზეზი კი ყველამ ვიცით: ლოცვების დროს სწორად დგომით არამხოლოდ როგორც ქრისტესთან ერთად აღმდგარნი და ზეცის მეძიებელნი აღდგომის დღეს ჩვენთვის მოცემულ მადლს გავახსენებთ ჩვენს თავს, არამედ ამით ეს დღე გვესახება მომავალი უსასრულობის ხატად. ამის გამო დღეების დასაწყისად დაწესებული ეს დღე მოსესთანაც იწოდება არა პირველად, არამედ ერთად (ერთშაბათი), რადგანაც „იყო მწუხრი, და იყო განთიად, დღე ერთი“ (დაბ. 1, 5). რადგანაც, როგორც ერთი და იგივე დღე, მოიქცევა იგი მრავალჯერ და ამის გამო ერთია ის და ამავე დროს მერვეც, ნამდვილად ერთი და ჭეშმარიტი მერვე დღე, რომელიც მეფსალმუნემაც მოიხსენია ფსალმუნის წარწერებში და რომელიც მოასწავებს ამ საუკუნის შემდგომ მომავალ დაწყნარებას და დაუსრულებელ დღეს, დაუბინდებელ, უცვლელ, დაუსრულებელ და დაუბერებელ საუკუნეს. ამის გამო ეკლესია ასწავლის თავის აღზრდილებს, რომ გამართულად მდგომარეებმა შესწირონ ლოცვა და რომ დაუსრულებელი ცხოვრების ხშირი გახსენებით დაუდევრად არ მოვექცეთ იქ მიმყვანი საგზლის მოპოვებას. მთელი დრო სულიწმიდის მოფენის დღეებისა მომავალ საუკუნეში აღდგომის გასახსენებელია: ის ერთი და პირველი დღე, შვიდჯერ შვიდწილქმნილი, შეასრულებს ორმოცდამეათე დღის შვიდ კვირას. კვირის პირველი დღით დაწყებული მასზევე დასრულდება ორმოცდამეათე რიცხვზე გადასვლით. ორმოცდაათეულის ბრუნვას საუკუნის სახე ეძლევა, რადგან წრიულად ბრუნავს, ერთი და იმავე ნიშნიდან და წერტილიდან დაწყებული, და მასზედვე დასრულებული.
საეკლესიო წესი გვასწავლის კვირა დღეებში ფეხზე მდგომარე ლოცვას. და ამ ცხადი შეხსენებით ჩვენს გონებას იწვევს ამქვეყნიური ცხოვრებიდან სამუდამოში, იმქვეყნიურში დასამკვიდრებლად. ხოლო ყოველდღიური მუხლმოდრეკითა და ისევ ადგომით ვაჩვენებთ, რომ ცოდვით ქვეყანაზე დავეცით და ჩვენი დამბადებლის კაცთმოყვარეობით ზეცისკენ ვართ მიხმობილი.
დღე გამითავდება მე უწერელი საიდუმლოებების ეკლესიისთვის მოთხრობაში, ამიტომ თავს დავანებებ დანარჩენს. თვით სარწმუნოების აღსარება მამის, ძისა და სულიწმიდის მიმართ რომელი წიგნიდან გვაქვს მიღებული? თუ ნათლისღებისმიერი მოცემისგან და კეთილმსახურების წესების მიხედვით ვინათლებით, ასევე გვმართებს, გვწამდეს, რომ უეჭველად ნათლისღების მსგავს აღსარებას ვაღიარებთ. ამიტომ ნება უნდა მოგვეცეს ჩვენ, რომ სარწმუნოების აღსარებას ამავე წესით შესაფერისი დიდება მივცეთ. ხოლო თუ დიდებისმეტყველების ამ სახეს გვერდს უვლიან, ეს იმიტომ, რომ იგი დაუწერელია. მაშინ წარმოგვიდგინონ ჩვენ წერილობითი მტკიცება სარწმუნოების აღსარებისა და სხვა საკითხების შესახებ, რომლებიც აღვრიცხეთ.
მაშასადამე, ამდენი და ასეთი ძალის მქონე კეთილმსახურების საიდუმლო მოცემული გვაქვს დაუწერლად. განა არ უნდა მოგვეცეს ნება, რომ გვქონდეს მამათაგან ჩვენამდე მოღწეული გადმოცემა, რაც ვნახეთ დაუზიანებელ ეკლესიებში შემორჩენილი. ეს არ არის გამოგონილი ჩვეულებით დამტკიცებული და მას შეუძლია არა მცირე ძალისა და სისრულის მინიჭება საიდუმლოსთვის“.