← კანონიკური სამართალი (მჭედლიშვილი)

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი XIII: ნათლობა

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი XIII: ნათლობა

XIIIV ეკლესიის წიაღში შესასვლელად აუცილებელია ნათლისღება. ადამიანი ეკლესიის წევრი და იურიდიული პირი ხდება ნათლობის მეშვეობით. წმინდა წერილი ბრძანებს: „ვინც ირწმუნებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, დაისჯება“ (მარკოზი 16, 16); „მიუგო იესომ და უთხრა მას: ამინ, ამინ გეუბნები შენ: ვინც არ იშვება წყლისაგან და სულისაგან, არ შეუძლია ღვთის სასუფეველში შესვლა“ (იოანე 3, 5). თუ ნათლობის საიდუმლო აღსრულებულია ეკლესიის სწავლების მიხედვით, მისი განმეორებით შესრულება დაუშვებელია და მოძღვარი, რომელიც მეორედ შეასრულებს ნათლობას, განკვეთას ექვემდებარება მოციქულთა 47-ე კანონის თანახმად: „თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ხელახლა მონათლოს ჭეშმარიტად ნათელღებული ან განმეორებით არ მონათლოს ის, ვინც უღმრთოთაგან შემწიკვლულია (მათი ნათლისღებით), განიკვეთოს, როგორც ჯვრისა და საუფლო სიკვდილის მოკიცხარი და არგამრჩევი მღვდლისა ცრუმღვდლისაგან“.

ნათლობა მოსანათლის წყალში სამგზის შთაფვლით ტარდება. წარმოითქმება სიტყვები: „ინათლება მონა (მხევალი) ღვთისა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“. წმინდა წერილი ბრძანებს: „წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელი ეცით მათ მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“ (მათე 28, 19). შთაფვლის მაგივრად წყლის დასხმა მკაცრად იკრძალება, იმ გამონაკლის გარდა, როცა მოსანათლი ადამიანი სნეულია ან წყლის ნაკლებობაა ქვეყანაში. ნათლისღების საიდუმლოს შესრულების მატერია წარმოადგენს სუფთა წყალი, რომელიც სხვა არაფრით არ უნდა შეიცვალოს. მის გარეშე ნათლობის სწორად ჩატარება შეუძლებელია.

ნათლობას ატარებს მღვდელი ან ეპისკოპოსი. აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეში ვკითხულობთ: „ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც მწვალებელთა ნათლისღებას შეიწყნარებს ან მათგან მსხვერპლს მიიღებს, განიკვეთოს. რა თანხმობა შეიძლება ჰქონდეს ქრისტეს ბელიართან, ან რა წილი მორწმუნეს ურწმუნოსთან?!“ (შდრ. 2 კორ. 6, 15). მოციქულთა 49-ე კანონი ადგენს: „თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ნათელ-სცეს არა უფლის განწესების შესაბამისად – მამის, ძისა და სულიწმიდის მიმართ – არამედ სამი დაუსაბამოს, ან სამი ძის, ან სამი ნუგეშინისმცემლის მიმართ, განიკვეთოს“.

ნათლობის საიდუმლოს აგრძელებს მოციქულთა 50-ე კანონიც: „თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამგზის შთაფვლა ერთი საიდუმლოსი, არამედ ერთი ნათლისღება უფლის სიკვდილის მიმართ, განიკვეთოს, რადგან უფალმა ის კი არა თქვა, ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-ეცითო, არამედ ბრძანა: „წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელი ეცით მათ მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“ (მათე 28, 19).

მაგრამ, გამოუვალ შემთხვევაში, თუ ვინმეს სიკვდილი ემუქრება, ყველა ქრისტიანს შეუძლია ჩაატაროს ეს საიდუმლო, თუ მას აქვს ეკლესიური სულისკვეთება და ამოძრავებს საერთო ეკლესიური მიზანი. პირმა, რომელიც ერისკაცისგან მოინათლა და გადარჩა, უცილობლად უნდა მიაკითხოს ეკლესიას, სადაც სასულიერო პირი წაუკითხავს ნათლობის ლოცვებს და ჩაატარებს მირონცხებას. სასულიერო პირი, რომლის დაუდევრობის გამო ადამიანი გარდაიცვლება მოუნათლავი, ექვემდებარება კანონიკურ სასჯელს. ხოლო საერო პირი, რომლის მიზეზითაც ეს მოხდება, სამი წლით განკანონდება ზიარებისგან (იოანე მმარხველის მე-11 კანონი).

ნათლობის საიდუმლო ტარდება აუცილებლად ტაძარში, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება ჩატარდეს სახლში. ტრულის კრე ბის 31-ე კანონის თანახმად, „სასულიერო პირს ეკრძალება ჟამისმწირველობა ან ნათლისღება კარის ეკლესიაში (სახლში მოთავსებულ ეკვდერში) ადგილობრივი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე. თუ იგი ამ წესის თანახმად არ მოიქცევა, განიკვეთოს“.

ამავე კრების 59-ე კანონი ადგენს: „ნუ აღასრულებენ ნათლისღების საიდუმლოს სახლების ეკვდერებში და მცირე ეკლესიებში. ვისაც სურს უხრწნელი განათლების მიღება, მივიდეს კათოლიკე ეკლესიაში და იქ გახდეს ღირსი ამ ნიჭისა. თუ ვინმე არ დაიცავს ჩვენ მიერ დადგენილ წესს, თუ სასულიერო პირი იქნება – განიკვეთოს, თუ ერისკაცი – უზიარებელი დარჩეს“.

ეკლესიის ძველი ტრადიციის მიხედვით, რომელიც მოციქულთა გარდამოცემას ეყრდნობა, ახალშობილი მალევე უნდა მოინათლოს (დოგომატიკა, მაკარი {205 პარაგრაფი}). ქრისტიან მშობლებს კანონი ავალდებულებს, იზრუნონ შვილების ნათლობაზე. საეკლესიო კანონები ავალდებულებს ზრდასრულ ადამიანებს, ბავშვების პოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მონათლონ ისინი განურჩევლად იმისა, ქრისტიანთა ოჯახიდან არიან ეს ბავშვები თუ არა. ტრულის კრების 84-ე კანონი განაწესებს: „მამათა კანონებრივი წესის მიყოლით ვადგენთ: ჩვილები, რომლებსაც არ ჰყავთ მტკიცე და ზედმიწევნით მცოდნე მორწმუნეები, რომლებიც დაამოწმებენ, რომ ისინი ნამდვილად ნათელღებულნი არიან, და თვითონაც არ შეუძლიათ, პასუხი გასცენ უასაკობის გამო, რომ მიღებული აქვთ ნათელი, ყოველ მიზეზგარეშე უნდა მოინათლონ, რადგან შესაძლებელია ამგვარად ისინი მოუნათლავნი დარჩნენ“.

მეოთხე მსოფლიო კრების მე-14 კანონი მოითხოვს, შერეული ქორწინების შემთხვევაში ბავშვის მართლმადიდებელ ეკლესიაში ნათლისღებას: „რადგან ზოგიერთ ეპარქიაში წიგნის მკითხველებისა და მგალობლებისათვის ქორწინება ნებადართულია, წმინდა კრებამ განაჩინა: არც ერთ მათგანს არა აქვს უფლება სხვა სარწმუნოების მეუღლის მოყვანისა. ვისაც შვილები ჰყავს ამგვარი ქორწინებიდან, თუ მათგან შობილნი მწვალებელთა მიერ იქნებიან მონათლულნი, ისინი მართლმადიდებელ ეკლესიაში საზიარებლად უნდა მიიყვანონ. თუ არ იქნებიან მათგან მონათლულნი, ნურც მერე მოანათვლინებენ მწვალებლებს, ნურც დააქორწინებენ მწვალებელზე, ან ებრაელზე, ან წარმართზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მართლმადიდებელთან შესაუღლებელი პირი აღთქმას დადებს, რომ მიიღებს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. თუ ვინმე წმინდა კრების ამ დადგენილებას დაარღვევს, იგი დაისჯება კანონის მიხედვით“.

დღევანდელ პრაქტიკაში ზოგიერთ ქვეყანაში ამას კანონი არეგულირებს. იმ შემთხვევაში, ვისაც ზრდასრულ ასაკში სურს სხვა რელიგიიდან გადმოსვლა მართლმადიდებელ ეკლესიაში, კანონი კრძალავს მათ ნაჩქარევად ნათლობას და მოითხოვს, კარგად გამოიკვლიონ მათი სურვილი ნათლობასთან მიმართებით, ასევე გამოიკვლიონ მათი განვლილი ცხოვრება და ისინი სერიოზულად განსწავლონ ქრისტიანობის მრწამსსა და ზნეობრივ ღირებულებებში, ანუ მოხდეს კატეხიზაცია და მხოლოდ შემდეგ შესრულდეს ნათლობის საიდუმლო.

მეშვიდე მსოფლიო კრების მე-8 კანონის თანახმად, „ებრაელები არ უნდა მიიღონ [ქრისტიანულ ეკლესიაში], ვიდრე ისინი მართლმადიდებლობაზე სრულიად გულწრფელად არ მოექცევიან. ზოგიერთები, შემცდარნი და გზაარეულნი ებრაული რჯულიდან, იჩემებენ ქრისტიანობას, მაგრამ დასცინიან ქრისტე ღმერთს. ცხადად, თითქოს უარყოფენ თავის სჯულიერ მოქალაქეობას, ხოლო ფარულად შაბათობენ და სხვა ებრაულ საქმეებს აღასრულებენ. განვსაზღვრავთ, რომ ისინი არ უნდა მიიღონ არც ზიარებაზე, არც ლოცვაზე, არც ეკლესიაში, არამედ აშკარად უნდა იყვნენ ებრაელები თავისი სჯულის წესისამებრ. მათი შვილების მონათვლა არ შეიძლება. მათ არა აქვთ უფლება ქრისტიანი მონის ან მსახურის ყიდვისა ან შეძენისა.

ხოლო თუ რომელიმე მათგანი მთელი გულით მოექცევა, აღიარებს [ქრისტიანულ სარწმუნოებას] და უარყოფს ებრაულ წესებსა და საქმეებს, რათა ამით სხვებიც ამხილოს და გამოასწოროს, იგი შეწყნარებული იყოს, მოინათლონ ისიც და მისი შვილებიც. მათ მოეთხოვოთ სიმტკიცე ებრაული წესების უარყოფაში. ხოლო თუ ასე არ მოიქცევიან, ვერ მიიღებენ შეწყნარებას“. ამავეს ამტკიცებს დღევანდელი საეკლესიო დადგენილებები.

ძველი დროიდანვე ეკლესიას აქვს დადგენილი წესრიგი: ნათლობის დროს მოსანათლს უნდა ჰყავდეს მიმრქმელი. საეკლესიო კანონთა მიხედვით, ჩვილს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ზრდასრული მართლმადიდებელი ქრისტიანი მიმრქმელი, რომელიც იზრუნებს ნათლულის სულიერ ცხოვრებაზე. მათ შორის ყალიბდება ნათესაური კავშირი. დაუშვებელია, მიმრქმელი იყოს სხვა სარწმუნოების აღმსარებელი, ასევე ბავშვი, ბერი, მშობელი საკუთარი შვილისა, გონებაშეზღუდული და სხვა.

ნათლობის შემდეგ ახლად მონანთლულს უტარდება მირონცხება. ლაოდიკიის კრების 48-ე კანონის თანახმად, „ნათლისმღებლებს ნათლისღების შემდეგ უნდა ეცხოთ ზეცის საცხებელი და თანაზიარ იქნებიან ქრისტეს მეუფებისა“. ამას მღვდელი ასრულებს წყალში შთაფვლის შემდეგ და სცხებს მირონს სხეულის გარკვეულ ადგილებზე. მირონი კონკრეტული ავტოკეფალიური ეკლესიის მიერ არის ნაკურთხი. ნათლობის შემდეგ ნათელღებულს ეძლევა სახელი და ნათლობის მოწმობა, რის შემდეგაც მას ენიჭება ყველა ის უფლება, რაც აქვს ეკლესიის ყველა ღირსეულ წევრს.

ეკლესიის წიაღში შემოსვლა სხვა რელიგიებიდან და კონფესიებიდან

სხვა აღმსარებლობიდან მოსული პირის მიღება ეკლესიის წიაღში სამი გზით ხდება. ესენია:

ა) ნათლობა;

ბ) მირონცხება;

გ) მხოლოდ აღსარების საიდუმლო.

სრულად ნათლობა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პიროვნება ისეთი რელიგიიდან შემოდის ეკლესიის წიაღში, რომელსაც ქრისტიანობასთან არ აქვს კავშირი. მაგალითად, ისლამი, იუდაიზმი, ბუდიზმი და სხვ. შემდეგ ყველა ის სექტა, რომელთა მხრიდან ირღვევა ყოვლადწმინდა სამების სწორი სწავლება და ნათლობის საიდუმლოსთან მიმართებით აქვთ არასწორი მოძღვრება.

მირონცხებით მიიღებიან ერეტიკოსები, რომელნიც არ უარყოფენ წმინდა სამებას, მაგრამ სცოდავენ ჭეშმარიტი ღვთის რწმენის ცალკეული საკითხების მიმართ, არ ჰყავთ კანონიერად ნაკურთხი და დადგენილი იერარქია, არა აქვთ მირონცხება და მხოლოდ სამჯერ წყლის დასხმით შემოიფარგლებიან. მათ რიცხვს განეკუთვნება ყველა პროტესტანტი. მირონცხებით მიიღებიან ასევე კათოლიკეები და გრიგორიანები (სომეხთა სარწმუნოების მიმდევარნი), ვისაც ეკლესიის წიაღს შემოერთებამდე არ უცხიათ მირონი. ამის შესახებ მეორე მსოფლიო კრების მე-7 კანონი ადგენს: „მწვალებლებს, რომელთაც სურთ გახდნენ მართლმადიდებლები, ეკლესია შეიწყნარებს სხვადასხვა წესით: არიანელები, მაკედონიანელები, სავატიანელები, ნავატიანელები, ასევე მეთოთხმეტელები (ტეტრადიტები), აპოლინარები შეიწყნარებიან წერილობითი მოწმობით, ლიველონით (სიმტკიცის ქარტა). ამ მოწმობაში ისინი შეაჩვენებენ თავიანთ შეხედულებებს და ყოველგვარ მწვალებლობას. შემდეგ მათ სცხებენ მირონს შუბლზე, თვალებზე, ცხვირზე, პირსა და ყურებზე [მათ ეკლესია არ ნათლავს ხელმეორედ, რადგან ნათლისცემით ისინი არ განსხვავდებიან მართლმადიდებლებისგან]. სხვა მწვალებლები, ევნომიანელები, წყალში ერთხელ შთაფვლით მონათლულები, მონტანელები, ანუ ფრიგიელები, აგრეთვე საბელიანელები, რომელნიც ძე-მამობას ასწავლიან და სხვა ბევრ სისაძაგლეს სჩადიან, და სხვა მწვალებლები, რომელთა უმრავლესობა გალატელთა სოფლიდან მომდინარეობს, თუ მოისურვებენ მართლმადიდებლურ აღმსარებლობას, ისინი მიიღებიან როგორც წარმართები – ე. ი. მათ მონათლავენ კიდეც და მირონსაც აცხებენ. პირველ დღეს ისინი ქრისტიანები ხდებიან, მეორე დღეს – კათაკმევლები, მესამე დღეს დააფიცებენ სამგზის შებერვით პირსა და ყურებში. მერე მრავალი დღის განმავლობაში ეკლესიაში წმინდა წერილის მოსმენა უწესდებათ და მხოლოდ ამის შემდეგ ინათლებიან“.

ტრულის კრების 95-ე კანონი ადგენს: „მწვალებლებს, რომლებიც მართლმადიდებლობაზე მოექცნენ და ცხონებულთა ნაწილს შეუერთდნენ, შევიწყნარებთ შემდეგი განწესებითა და ჩვეულებით: არიოზელები, მაკედონიოსიანელები, ნოვატიანელები – თავის თავს წმინდანებს და უკეთესებს რომ უწოდებენ, მეთოთხმეტეანელები ანუ ტეტრადიტები, და აპოლინარელები, შეიწყნარებიან როცა იძლევიან ხელწერილს და შეაჩვენებენ ყველა იმ ერესს, რომელიც ისე არ აღიარებს, როგორც წმინდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, და დავბეჭდავთ, ანუ წმინდა მირონს ვცხებთ: პირველად შუბლზე, შემდეგ თვალებზე, ცხვირზე, პირსა და ყურებზე. ვბეჭდავთ მათ და ვამბობთ: „სულიწმიდის ნიჭის ბეჭედი“. რაც შეეხება ყოფილ პავლიანელებს, რომლებიც შემდეგ კათოლიკე ეკლესიისკენ მოექცნენ, დადგენილია, რომ ისინი დაუყონებლივ გადაინათლონ. ევნომიანოსიანელებს, ერთგზის შთაფვლით რომ ინათლებიან, და მონტანელებს, რომლებიც აქ ფრიგეველებად იწოდებიან, და საბელიოსიანელებს, რომლებიც ძე-მამობას აღიარებენ და სხვა შეუწყნარებელ რამესაც სჩადიან, და ყველა სხვა მწვალებლებს (რამეთუ ბევრია აქ ასეთები, უფრო მეტად გალატელთა მხრიდან გამოსულები), მათგან ვინც მოისურვებს მართლმადიდებლობას ეზიაროს, შევიწყნარებთ ისე, როგორც წარმართებს: პირველ დღეს ვყოფთ მათ ქრისტიანებად, მეორე დღეს კათაკმევლებად, მესამე დღეს ვაფიცებთ მათ, სამგზის სახეში ჩაბერვით და ყურებში, და ასე ვამზადებთ მათ, ეკლესიაში ყოფნას და წმიდა წერილის მოსმენას ვაიძულებთ და მხოლოდ მაშინღა ვნათლავთ მათ. ასევე ვიღებთ მანიქეველებს, ვალენტინეანელებს, მარკიანელებს და მათ მსგავს მწვალებლებს. ნესტორიანელებმა კი ხელწერილი უნდა დაწერონ და თავიანთი მწვალებლობა შეაჩვენონ, აგრეთვე ნესტორიც, ევტიქიც, დიოსკორეც, სევეროსიც და სხვა წინამძღვარნიც ამ ერესებისა, და მათი თანამოაზრენი და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მწვალებლობანი, და ამის შემდეგ მიიღონ წმინდა ზიარება“.

ლაოდიკიის კრების მე-7 კანონი ადგენს: „მწვალებლები – ნავატიანნი, ფოტინიანნი და მეთოთხმეტიანელები – თუ მოიქცევიან და გახდებიან კათაკმევლები ან მორწმუნეები, არ უნდა შევიწყნაროთ, ვიდრე არ შეაჩვენებენ ყველა ერესს და უფრო იმას, რომლითაც თვით არიან შეპყრობილნი. იმ დროიდან მორწმუნედ სახელდებულებმა უნდა დაისწავლონ სარწმუნოების მრწამსი, ამის შემდეგ ცხებულ იქნენ წმინდა საცხებლით და ასე ეზიარონ წმინდა საიდუმლოს“.

ბასილი დიდის პირველი კანონი განსაზღვრავს: „წმინდად (კათარად) წოდებულთა საკითხის შესახებ ადრეც ნათქვამია და კეთილად არის მოხსენიებული, რომ ისინი უნდა მიჰყვნენ ადგილობრივ წესს, რადგან მათი ნათლისღების შესახებ სხვადასხვაგვარად ფიქრობდნენ სხვადასხვა დროს.

პეპუზიანელთა შესახებ არა მგონია, რომ რაიმე თქმულიყო მათ დასაცავად და მიკვირს, თუ როგორ აუარა გვერდი ამას დიონისემ, რომელიც კანონს კარგად იცნობდა და მისდევდა. ძველებმა განაწესეს მიღება იმათი ნათლისღებისა, რომლებიც სარწმუნოებაში არ ცდებოდნენ. ამიტომ ზოგს ერესი დაარქვეს, ზოგს განხეთქილება და ზოგს კიდეშესაკრებლობა (თვითნებური თავშეყრა). მწვალებელი, ერეტიკოსი დაერქვა სარწმუნოებისაგან მთლად ჩამოცილებულთ და უცხოქმნილებს. განხეთქილება ისეთი მიზეზია, რომლის განკურნება შეიძლება. ესენი არიან საეკლესიო საკითხებზე დავის გამო ერთმანეთისაგან გაყოფილები. კიდეშესაკრებლობა (თვითნებური თავშეყრა) კი არის, როცა დაუმორჩილებელ ეპისკოპოსს ან მღვდელს აყოლილი ერი კრებას იწვევს, როცა რაიმე ბრალისთვის დასჯილი განუდგება სამღვდელო დასს, თავს არ მოუხრის კანონს, თავს თვითონ ისამართლებს და ძალით მიიკუთვნებს პატივსა და მღვდლობას. ასევე თუ გამოიყოფა ვინმე, დატოვებს კათოლიკე ეკლესიას და მოაწყობს თვითნებურ შეკრებას – ეს არის თვითნებური თავყრილობა, კიდეშესაკრებლობა. ეკლესიაში მყოფთაგან განსხვავებული აზრის ქონა სინანულის შესახებ განხეთქილებაა. ხოლო ერესი, მაგალითად, მანიქეველთა, ვალენტინიანელთა, მარკიონელთა და თვით პეპუზიანელთა, ნიშნავს გაყოფას თვით ღმრთის სარწმუნოების საკითხში.

პირველ მამებს სურდათ მწვალებელთა სრულიად გაძევება და მათი, როგორც წარმართთა, ისე მიღება-შეწყნარება. განხეთქილების მოქმედთა, ჯერ კიდევ ეკლესიის ნაწილთა შეწყნარება შეიძლება. თვითნებური თავშეყრის მომწყობთა ჯეროვანი სინანულის, გამოსწორებისა და მობრუნების შემდეგ შეიძლება მათი ისევ შეერთება ეკლესიასთან. ისე რომ, დაუმორჩილებლებთან ერთად განდგომილი სამღვდელო დასის წარმომადგენლები თუ მოიქცევიან და ინანებენ თავიანთ განდგომას, ისინი იმავე ხარისხით იქნებიან შეწყნარებულნი, რომელშიც იყვნენ თავიდან.

პუპუზიანელები მწვალებლები არიან განცხადებულად, რადგან ისინი გმობენ სულიწმიდას და უსირცხვილოდ აკუთვნებენ მონტანსა და პრისკილას ნუგეშისმცემელთა სახელს. ამიტომ, როგორც კაცთა ღმერთმყოფელნი, დასასჯელნი არიან ამისთვისაც და იმიტომაც, რომ სულიწმიდას ადამიანებთან გათანაბრებით აგინებენ. ამგვარად საუკუნო სასჯელს იმსახურებენ, რადგან სულიწმიდის გინების შენდობა არ შეიძლება. რა გამართლება აქვს ამათი ნათლისღების შეწყნარებას, რომლებიც ნათელს სცემენ მამის, ძისა და მონტანის და პრისკილას მიმართ? არ არის ნათელღებული ის, ვინც ნათელ-იღო იმათ მიმართ, ვინც არ არის ჩვენთვის მოცემული.

თუმცა დიდი დიონისე არ შეხებია მათ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივყვეთ ამ შეცდომას, რადგან უსწორობა ცხადზე ცხადია, ყველასთვის თვალსაჩინოა და ამის არად ჩაგდება უსამართლობა იქნება.

წმინდად (კათარად) წოდებულნიც განხეთქილების მოქმედნი არიან. ჩვენს პირველ მამებს, კვიპრიანესა და ფირმილიანეს სურდათ ერთი განსაზღვრების განჩინება ყველა ამათთვის, რომლებიც არიან: წმინდად წოდებულნი, მმარხველნი (ენკრატიტები) და წყლისშემწირველნი (ჰიდროპარასტატები), რადგან განდგომის დასაწყისი წარმოიშობა განხეთქილებისაგან. ვინაიდან განუდგებიან ეკლესიას, მათ აღარ აქვთ თავის თავში სულიწმიდის მადლი, რადგან მოაკლდათ მადლი კანონიერი წესების მიყოლის აღკვეთასთან ერთად. პირველ განდგომილთ მამებისაგან ჰქონდათ მიღებული სულიერი მადლი. ხოლო თანდათან გამოეყვნენ მათ, ერისკაცები გახდნენ და არც ნათლისცემისა და არც ხელდასხმის ნება ჰქონდათ, აღარ შეეძლოთ სულიწმიდის მადლი მიენიჭებინათ სხვებისთვის, რადგან თვითონ ჩამოშორდნენ ამ მადლს. ამის გამო მათგან ნათელღებულების, როგორც ერისკაცთა მიერ მონათლულების, ხელახლა ნათლისღებით განწმენდას ბრძანებს ეკლესია, როცა ასეთი ვინმე ისევ დაუბრუნდება მართლმადიდებლობას. მაგრამ რადგან აზიელთაგან ბევრს სურს მათი ნათლისღების შეწყნარება, შეიწყნარონ.

ჩვენ უნდა გავიგოთ მმარხველთა (ენკრატიტებად) წოდებულთა მზაკვრობა, რადგან ეკლესიისგან შეუწყნარებელნი რომ იყვნენ ისინი, ხელი მიჰყვეს თავიდანვე თავიანთი ნათლისღების დაჩქარებას, რითაც თავისი საკუთარი ჩვეულებაც შეცვალეს. ამიტომ რადგან მათ შესახებ ნათლად თქმული და განჩინებული არაფერია, ჩვენ გვმართებს მათი ნათლისღების გაუქმება. თუ ვინმეს ნათელ-უღია მათგან, ხელახლა უნდა ნათელ-ვცეთ მას, როცა ეკლესიას დაუბრუნდება. მაგრამ თუ საერთო მამათა განგებას სურს თავის შეკავება და ამის სხვაგვარად განწესება, ისევ ჩვეულებას უნდა მივყვეთ და ჩვენი მამების დადგენილებას შევუდგეთ, რადგან როცა გვინდა ვინმე შევაჩეროთ აჩქარებული ნათლისღებისაგან, ვერიდები, რომ ცხოვნებისაგან არ დავაბრკოლო ისინი ჩვენი მკაცრი განჩინებით. თუ ისინი დაიცავენ ჩვენს ნათლისღებას, ეს ნუ დაგვამშვიდებს, რადგან ასე მოქცევა კი არ გვევალება ჩვენ, არამედ საჭიროა, პატივი ვცეთ და გულმოდგინედ მივყვეთ უცთომელ კანონს და კრძალვით დავიცვათ შემდეგი, რომ როცა ვინმე, მათგან ნათელღებული, მოუბრუნდება ეკლესიას, პირველად მას ეცხებოდეს საცხებელი სულიწმიდისა მორწმუნეთა შორის და შემდეგ ეზიარებოდეს საიდუმლოს. ვიცი ესეც, რომ ძმები იზო და სატორნინე, რომლებიც მათი დასის წევრები იყვნენ, შევიწყნარეთ ეპისკოპოსის ტახტზე, რის გამოც მათი საზოგადოების წევრებს ვერ გამოვყოფთ ეკლესიისაგან რაიმე კანონის მიღებით მათი და მათი ეპისკოპოსების ზიარების შესახებ“.

კათოლიკეებთან დაკავშირებით, განსაკუთრებული გარემოებიდან გამომდინარე, რომელიც ჩამოყალიბდა ბერძნულენოვან ეკლესიასა და რომაულ-კათოლიკურ კონფესიას შორის, კონსტანტინეპოლში გამართულ 1756 წლის კრებაზე გამოიცა დადგენილება, რომლის მიხედვით, ყველა კათოლიკე, მართმადიდებელ ეკლესიაში გადმოსვლის მსურველი, ხელახლა უნდა მოინათლოს სრულად. ასეთი განკარგულებები იყო მიღებული სხვადასხვა აღმოსავლურ ეკლესიაში.

მესამე საშუალება სხვა სარწმუნოების ადამიანებია მიღებისა ასეთია: კონკრეტული პიროვნება უარყოფს თავის ძველ აღმსარებლობას, სარწმუნოებას წერილობითად ან სიტყვიერად, აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის მრწამსს და დადგენილი ლოცვების შემდეგ, რომელსაც წაიკითხავს მართლმადიდებელი მოძღვარი, შეუძლია საიდუმლოებასთან ზიარება. ასე მიიღებიან დღევანდელ დღეს კათოლიკეები და სომხები, რომელთაც მირონი ნაცხები აქვთ თავიანთ კონფესიურ სამლოცველოებში.

საეკლესიო საღვთისმსახურო ცხოვრება

საეკლესიო საღვთისმსახურო ცხოვრების მთავარ ღერძს წარმოადგენს ევქარისტია, რომელიც სრულდება ლიტურგიის დროს ნაკურთხ ტაძარში და, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მის გარეთ, მაგრამ უცილობლად ოდიკზე, რომელიც ეპისკოპოსის მიერ არის ნაკურთხი. ევქარისტიის შესრულება არავის შეუძლია ეპისკოპოსისა და მღვდლის გარდა. ამასთან, მსახურების შემსრულებელი მკაცრად უნდა იცავდეს საღვთისმსახურო განგებას, წესდებას. მისგან გადახვევის შემთხვევაში ღვთისმსახური დასჯას ექვემდებარება.

ლიტურგია უნდა შესრულდეს აფუებულ პურსა და წითელ ღვინოზე. წლის განმავლობაში სრულდება ცისკრის მსახურებასა და შუადღის მსახურებას შორის, გარდა იმ დღისა, როდესაც საღვთო ლიტურგია მწუხრთან ერთად ტარდება. სასულიერო პირი, რომელიც ღვთისმსახურებას აღასრულებს, აუცილებლად უნდა ეზიაროს, ამიტომ ის უნდა იყოს უცილობლად უზმოდ.

მოციქულთა მე-8 კანონი ადგენს: „თუ ეპისკოპოსი, ხუცესი დიაკონი ან კრებულის სხვა წევრი მსხვერპლშეწირვის დროს არ ეზიარება, უნდა თქვას მიზეზი. და თუ იგი საპატიოა, შენდობა მიეცეს. იმ შემთხვევაში კი, თუ მიზეზი ვერ დაასახელა, საეკლესიო ერთობიდან განიკვეთოს, როგორც მორწმუნე ერისათვის ზიანის მომტანი და თავისი საქციელით მწირველის მიმართ ეჭვის აღმძვრელი, რომ მან თითქოს მსახურება არასწორად აღასრულა“.

ტრულის კრების 29-ე კანონი განაწესებს: „კართაგენელ მამათა კანონი (41-ე) ბრძანებს, რომ წმინდა საკურთხეველში მსხვერპლშეწირვა უნდა შეასრულონ იმათ, ვინც მარხვას იცავს მთელი წლის განმავლობაში, გარდა ერთი დღისა, დიდი ხუთშაბათისა, როდესაც სრულდება საუფლო სერობა. ასეთი გადაწყვეტილება [ხსნილი დიდ ხუთშაბათს] საღმრთო მამებმა მიიღეს, ალბათ, რაღაც მიზეზების გამო, ადგილობრივ ეკლესიებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მაგრამ ახლა ჩვენ არ უგულებელვყოთ სათანადო კრძალულება. დავადგენთ, რომ მივყვეთ მოციქულთა და მამათა გადმოცემას: უკანასკნელი შვიდეულის ხუთშაბათს [დიდ ხუთშაბათს] მარხვის გახსნა და ამით მთელი მარხვის შეურაცხყოფა არ არის ჯეროვანი“.

რაც შეეხება ამ კანონში დამოწმებულ კართაგენის კრების 41-ე კან ონს, იგი ადგენს: „მსხვერპლი არავინ შესწიროს საკურთხეველზე, გარდა მმარხველი მამაკაცისა, ისიც განსაზღვრულ დღეს, როდესაც საუფლო სერობა სრულდება. თუ მწუხრის ჟამს აღსრულებული ეპისკოპოსისთვის ან ვინმე სხვისთვის სამსხვერპლო პურის დაგება იქნეს, აღსრულდეს მხოლოდ ლოცვა, თუ ამის შემსრულებელნი ნასამხრები არიან“.

წმინდა საიდუმლოებები ეძლევა ეკლესიის ყველა წევრს, ვინც ღვთივსათნო ცხოვრებით ცხოვრობს, აღსარებას ამბობს და ნანობს თავის ცოდვებს. ზიარების უფლება არ ეძლევათ დაუფარავად და შეგნებულად მცოდველ ადამიანებს, ვისაც სინანული არა აქვს. სიმონიის შემთხვევაში მოძღვარმა უნდა მიმართოს ეპისკოპოსს. კართაგენის მსოფლიო კრე ბის მე-6 კანონი ადგენს: „საცხებელი (მირონი) მღვდლის მიერ არ უნდა დამზადდეს.

ფორტუნატოს ეპისკოპოსმა თქვა: წინა კრებიდან გვახსოვს დადგენილი, რომ საცხებლის (მირონის) შემზადება, მონანულთა შეწყნარება და დაგება (შერიგება), საკურთხევლის აღმართვა მღვდლის მიერ არ უნდა შესრულდეს. თუ ვინმე გამოჩნდება ამის მოქმედი, რა უნდა დადგინდეს მის შესახებ?

ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: ჩვენი ძმისა და თანამღვდლის ფორტუნატოს ნათქვამი მოისმინა თქვენმა ღირსებამ. რას იტყვით ამის პასუხად?

ყველა ეპისკოპოსის მიერ ითქვა: საცხებლის შემზადება და საკურ თხევლის აღმართვა მღვდლის მიერ ნუ იქმნება. არც მონანული შემოირიგოს საჯაროდ ჟამისწირვის დროს მღვდელმა. ეს ყველაფერი მისაღებად მიგვაჩნია“.

ცოდვილებს, თუნდაც ისინი იყვნენ განკვეთილები, სიკვდილის წინ თუ მათ სინანული გაუჩნდებათ და მოინანიებენ სრული შეგნებით თავის შეცოდებებს, მოძღვარმა უნდა აზიაროს. თუ ის უყურადღებობის გამო დაუშვებს ვინმეს გარდაცვალებას ზიარების გარეშე, მაშინ ეს მოძღვარი ექვემდებარება კანონიკურ სასჯელს. პირველი მსოფლიო კრების მე-13 კანონი ადგენს: „მომაკვდავთა შესახებ მომავალშიც დაცული უნდა იყოს ძველი კანონიერი სჯული, რომლის მიხედვითაც, თუ ვინმე კვდებოდეს, ბოლო საჭირო საგზლის გარეშე არ უნდა დარჩეს. ხოლო განწირულად მიჩნევისა და ზიარების მიღების შემდეგ თუ ისევ მობრუნდეს და აღარ მოკვდეს, მიეცეს მხოლოდ ლოცვაში მონაწილეობის ნება. საზოგადოდ და ყველასთან ასე იყოს ეს. თუ ვინმე სნეული და მომაკვდავი ითხოვდეს მადლობის (ევქარისტიის) ზიარებას, ეპისკოპოსმა უნდა იცოდეს, განსაჯოს და მისცეს სიწმინდის ზიარება“.

გრიგოლ ნოსელის მე-4 და მე-5 კანონები განსაზღვრავს: „დარჩა განსახილველი გულისწყრომისეული ნაწილი სულიერი ძალისა, როცა კეთილი გულისწყრომის იარაღი გამრუდდება და ცოდვისაკენ წავა. ბევრია გულისწყრომის ცოდვიანი ქმედება და ყველა ბოროტია. ჩვენმა წმინდა მამებმა საჭიროდ არ მიიჩნიეს ყველაფერზე დაწვრილებით ლაპარაკი და არც დიდი სწრაფვის ღირსად – ყველა გულისწყრომითი ცოდვის კურნება. წერილი არა მარტო აღძვრას და პირველი ჭრილობის მიყენებას კრძალავს, არამედ ყველა ძვირის თქმას და მოყვასის გინებას და სხვას, რასაც წარმოქმნის გულისწყრომა. [მამებმა] მხოლოდ კაცისკვლისა და მოსისხლეობის ვნება დააცხრეს განკანონებით. ეს ბოროტება განიყოფა განზრახ და უნებლიე მკვლელობად. ამათ შორის განზრახ მკვლელობა არის თავიდან, წინასწარი მომზადების შემდეგ გაბედვა და შესრულება განზრახვისა, ე. ი. როდესაც ამ საქმისთვის წინასწარ მოემზადება ვინმე და წინასწარ მოიფიქრებს, როგორ შეასრულოს ბოროტება. ამის გარდა, განზრახ მკვლელობად მიიჩნევა ისიც, როცა დავის ან ჩხუბის და ცემის დროს მიაყენებს ვინმე ჭრილობას მოწინააღმდეგეს ხელის სახიფათო ადგილას დარტყმით. ვინც ერთხელ მისცემს თავს გულისწყრომითა და მრისხანებით აღძვრის ნებას, მას არ შეუძლია გონებაში ისეთი რამ დაიტოვოს, რაც ამ ბოროტებისაგან შეაკავებს, ამიტომ სადავო საქმისა და შფოთის შედეგად ჩადენილი მკვლელობა ნებით არჩეული საქმეა და არა უნებლიე შემთხვევა.

უნებლიე კაცისკვლას კი ცხადი ნიშნები აქვს, როდესაც ვინმე სხვა რაიმეს ესწრაფვის, ვერ მიაღწევს და ჩაიდენს რაიმეს უჯეროს. განზრახ კაცისმკვლელის დანაშაულის მონანიების დრო სამად განიყოფა მათთვის, ვისაც სურს განკურნება. ამისთვის გამოყოფილია სამჯერ ცხრა წელიწადი, რომ სინანულის თითოეულ საფეხურზე ცხრა-ცხრა წელი დაყონ. პირველი ცხრა წელიწადი არის ჟამი სრული განშორებისა და ეკლესიიდან განდევნისა. ამდენივე შემდეგი წელი მსმენელთა შორის უნდა იყვნენ, უსმენდნენ მოძღვარს, საღმრთო წიგნის კითხვას და მორწმუნეებთან ერთად დგომის ღირსნი ხდებიან. მესამე ცხრაწლეული შევრდომით უნდა მოინანიონ მლოცველებთან ერთად და ამის შემდეგ გახდებიან სიწმინდეთა ზიარების ღირსნი. მხოლოდ, ცხადია, რომ ასეთებზე იგივე წესი უნდა დაიცვას ეკლესიის განმგებელმა და მათი სინანულის რაგვარობისა და ქცევის მიხედვით უნდა შეამოკლოს განკანონების დრო, რომლის მიხედვით სინანულის თითოეულ საფეხურზე ცხრა წლის ნაცვლად შეიძლება დატოვოს რვა, შვიდი, ექვსი ან ხუთი წელი, რადგან მოსწრაფებით ქცევის გულმოდგინეობა დასძლევს დროს და გულმხურვალე წადილი მათი, რომლებიც უმკაცრესად განიწმენდენ და გაიმართლებენ თავს, სძლევს და აღემატება დროის სიგრძეს.

უნებლიე კაცისკვლა მიიჩნევა თანაგრძნობისა და არავითარ შემთხვევაში ქების ღირსად. ამის თქმით მსურს, ცხადი გახდეს ის, რომ თუ უნებლიედ ვისმე მოუხდა მკვლელობის ბიწიერებასთან შეხება, მას, როგორც შეგინებულს ცოდვის ჭუჭყით, სამღვდელო მადლისაგან განდევნილად წარმოაჩენს საღმრთო კანონი და, რამდენი დროც მარტივი სიძვით დაცემულებს სჭირდებათ განსაწმენდად, იმდენივე დრო არის განჩინებული უნებლიეთ კაცისმკვლელთათვის კეთილად აღიარებული მსჯავრით. ცხადია, აქაც ყურადსაღებია მონანულის მოსწრაფება, და თუ შეწყნარების ღირსი აღმოჩნდება მისი სინანული და მოქცევა, არ არის საჭირო ბოლომდე დაცვა წლების რაოდენობისა, არამედ უფრო ადრეა საჭირო მისი შეყვანა ეკლესიაში და კეთილთან ზიარება“;

„ხოლო თუ ვინმე კანონის მიერ დაწესებული სასჯელის ვადის გასვლამდე დატოვებს ცხოვრებას, მამათა კაცთმოყვარეობა ბრძანებს, რათა სიწმიდეს აზიარონ და უკანასკნელ გრძელ გზაზე ნუ გაუშვებენ უსაგზლოდ. ხოლო თუ სიწმინდეთა ზიარების შემდეგ ისევ ცოცხალი გადარჩება, დაყოს მან დადგენილი დრო სინანულისა იმავე საფეხურზე, რომელზეც იყო, სანამ შემთხვეული გაჭირვების გამო აზიარებდნენ“.

იკრძალება უგონო მდგომარეობაში მყოფი და სულიერად დაავადებული ადამიანის ზიარება. ტიმოთე ალექსანდრიელის მე-3 კანონი ადგენს: „კითხვა: თუ ვინმე სრულწლოვანი მორწმუნე ეშმაკისაგან იგვემებოდეს, შეუძლია თუ არა წმინდა საიდუმლოთა ზიარება? პასუხი: თუ არ არღვევს საიდუმლოს, ან სხვაგვარად არ გმობს მას, უნდა ეზიაროს, მაგრამ არა ყოველდღე. მისთვის საკმარისია ზიარება კვირაობით“.

ეკლესიის ყველა წევრი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ეზიარებოდეს. მოძღვარი უნდა ქადაგებდეს და მოძღვრავდეს მრევლს, რომ ხშირად ეზიარებოდნენ და თვითონაც მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს. მოციქულთა მე-9 კანონი ადგენს: „ყველა მორწმუნე, რომელიც ეკლესიაში შედის, წმიდა წერილს ისმენს, მაგრამ ბოლომდე არ ესწრება ლოცვასა და წმიდა ზიარებას, როგორც ეკლესიაში უწესობის ჩამდენი, უზიარებლობით უნდა დაისაჯოს“.

ანტიოქიის კრების მე-2 კანონი ადგენს: „ყველა, ვინც შევა ღმრთის ეკლესიაში, მოისმენს საღმრთო წიგნებს, მაგრამ არ ეზიარება ერის საერთო ლოცვას, ან თავს აარიდებს წმინდა მადლობის ზიარებას (ევქარისტიას) უწესობის გამო, უნდა განიდევნოს ეკლესიიდან, ვიდრე არ აღიარებს [თავის შეცდომას], არ უჩვენებს სინანულის ნაყოფს და არ შეევედრება. ამგვარად მიიღებენ ისინი შენდობას. არ არის ჯეროვანი უზიარებელთა ზიარება, არც ლოცვა სახლებში შეკრებილებთან ერთად, რომლებიც არ ლოცულობენ ეკლესიაში. არც სხვა ეკლესიამ უნდა შეიწყნაროს ისინი, ვინც თავის ეკლესიაში არ იკრიბება. ხოლო თუ ეპისკოპოსთა, მღვდელთა, დიაკონთა ან სხვა სამღვდელოთაგან აღმოჩნდება ვინმე უზიარებელთა მაზიარებელი, ისიც უზიარებელი იყოს, როგორც საეკლესიო კანონებში არევ-დარევის შემტანი“.

თუ მოძღვარი ამ განგებულებას დაარღვევს რაიმე თანხის მიღების სანაცვლოდ, მას განკვეთა ემუქრება. ტრულის კრების 23-ე კანონი განაწესებს: „არც ერთმა ეპისკოპოსმა, მღვდელმა და დიაკონმა მაზიარებლისგან არ უნდა აიღოს ფული, რადგან მადლი არ იყიდება, არც სულიერი სიწმინდე ფულისთვის, ეს ნიჭი უნდა მიეცეს ღირსს უსასყიდლოდ. თუ ვინმე სამღვდელოთაგანი მოითხოვს რამეს იმისგან, ვისაც აძლევს წმინდა ზიარებას, განიკვეთოს როგორც სიმონ მოგვის საცთურისა და ბოროტი მოქმედების ზიარი (იხ. საქმე 8, 2-20)“.

ზიარება წმინდა საიდუმლოსთან მხოლოდ აღსარების შემდეგ შეიძლება. უმაღლესი მეუფების ძალმოსილებით ეპისკოპოსი შეკრავს და გახსნის ცოდვისგან, მხოლოდ მას ეკუთვნის უფლება აღსარებისა. მოცი ქულთა 52-ე კანონი ადგენს: „თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ცოდვისაგან მოქცეული არ შეიწყნაროს, არამედ გააძევოს, იგი უნდა განიკვეთოს, რადგან მან შეაწუხა ქრისტე, რომელმაც თქვა, რომ „იქნება სიხარული ცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელიც შეინანებს, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც არ სჭირდებათ სინანული“ (ლუკა 15, 7).

ეპისკოპოსის კურთხევითა და უფლებამოსილებით აღსარებას იბარებს მღვდელიც, რომელიც ეპარქიის მრევლში მსახურებს (მოციქულთ 52-ე კანონი, მოციქულთა დადგენილებები 2, 11, 12). მღვდელმონაზონი აღსარებას იბარებს მხოლოდ მონაზვნებისგან მონასტრებში, საერო პირებისგან კი ეპისკოპოსის კურთხევის შემთხვევაში (ბლასტარის სინტაგმები). აღსარების საიდუმლოს შესრულებისას მოძღვარი უნდა ემორჩილებოდეს იმ კანონებს, რომელიც დადგენილია საეკლესიო კრებების მიერ. პირველი მსოფლიო კრების მე-12 კანონი ადგენს: „ვინც რწმენის აღმსარებლად მადლის მიერ იქნა მოწოდებული, თავიდან გულმოდგინება და მოქცევის სურვილი გამოიჩინა და გვერდზე გადადო სამხედრო აღჭურვილობა, ხოლო შემდგომ, ძაღლთა მსგავსად, საკუთარ ნათხევს მიუბრუნდა, ზოგმა კი ვერცხლიც გაიღო სამხედრო ხარისხში თავის აღსადგენად, მათ სტოაში საღვთო წერილის სამი წლის მსმენელობის შემდეგ, ათი წლის განმავლობაში ტაძარში შევრდომით ილოცონ და პატიება ითხოვონ. ამასთან ერთად, საჭიროა დაწვრილებით გამოიძიონ მათი მისწრაფება და სინანული – თუ როგორი შიშით, ცრემლით, მოთმინებით, საქმით და არამხოლოდ გარეგნულად გამოაჩენენ თავიანთ მოქმედებას. მსმენელობის ვადის განსრულების შემდეგ, ეპისკოპოსის კაცთმოყვარული გადაწყვეტილებითა და მხარდაჭერით, მიეცეთ მლოცველებთან თანაზიარების უფლება. ხოლო ვინც გულგრილად გადაიტანს თავის დაცემას და ეკლესიაში შესვლის ნებართვას მოქცევისათვის საკმარისად მიიჩნევს, სინანულის ვადის მოხდა ბოლომდე დაეკისროს“.

ტრულის კრების 102-ე კანონი ადგენს: „ვინც ღმერთისგან მიიღო შეკვრისა და გახსნის ხელმწიფება, უნდა განიხილავდეს ცოდვის ხარისხსა და ცოდვის ჩამდენის მოსაქცევად მზადყოფნას და ამის გათვალისწინებით შეუმზადებდეს მათ სნეულებისაგან განსაკურნებელ წამალს, რათა ერთ ან მეორე საკითხში ზომიერების დაუცველობის გამო, სნეულისათვის დახმარება უშედეგო არ აღმოჩნდეს; რადგან არაერთგვაროვანია ცოდვის სენი, არამედ განსხვავებული და მრავალსახოვანი და ბოროტების მრავალ ნერგს აღმოაცენებს, რომელთაგან უკეთურება უხვად დაინთხევა და შემდეგ ვრცელდება, ვიდრე მკურნალის ძალმადლით არ შეჩერდება, ამიტომ, ვისაც მკურნალობის ხელოვნების გამოჩენა მართებს, მან უპირველესად უნდა განიხილოს ცოდვის ჩამდენის განწყობა და დააკვირდეს მას: სულიერი სიმრთელისაკენ ილტვის იგი, თუ პირიქით, საკუთარი ზნით სნეულებას მიიზიდავს და, ამასთან, როგორ წარმართავს თავის საქციელს; თუკი მკურნალს არ ეწინააღმდეგება და სულიერ წყლულებს დანიშნული წამლებით განიკურნავს, ასეთ შემთხვევაში ღირსებისამებრ მიესაწყაოს მას მოწყალება, რამეთუ ღმერთს და სამწყსოს წინამძღოლად ხელდასხმულსაც მთელი საზრუნავი იქით აქვთ მიმართული, რომ შეცდომილი ცხოვარი მოაბრუნონ და გველის მოწყლული განკურნონ; არც სასოწარკვეთის ციცაბოზე განდევნა ეგების, არც აღვირის მიშვება, განლაღებული ცხოვრებისა და დაუდევრობისათვის, არამედ დაუყოვნებლივ რაიმე სახით, ან მკაცრი და შემკვრელი, ან უფრო რბილი და მსუბუქი სამკურნალო საშუალებით, საჭიროა სნეულების წინააღმდეგ აღდგომა და წყლულის გასამართლებლად მოღვაწეობა; სინანულის ნაყოფის მიღება და ადამიანის ბრძნულად წარმართვა, რომელიც ზეციური განათლებისათვის არის მოწოდებული. ჩვენ გვმართებს ერთის და მეორის ცოდნაც – პატიოსანი მოშურნეობაც მონანულისა და წესის შესაბამისად მოთხოვნაც; ხოლო, ვინც არად აგდებს სრულყოფილი სინანულის მნიშვნელობას, მათ მიმართ გადმოცემისამებრ უნდა მოვიქცეთ, როგორც საღვთო ბასილი გვასწავლის“.

ბასილი დიდის 74-ე კანონი ადგენს: „თუ ვინმე, ზემოთქმულ ცოდვებში ჩავარდნილი, სინანულისა და აღსარებისადმი დიდ მისწრაფებას გამოიჩენს და თუ ის, ვისაც რწმუნებული აქვს კაცთმოყვარე ღმრთისგან სასჯელის დადებისა და მოხსნის უფლება, ნახავს მის გადაჭარბებულ აღსარებასა და სინანულს, კაცთმოყვარე აღმოჩნდება მის მიმართ და შეუმოკლებს განკანონების ვადას, იგი არ უნდა გახდეს განკითხვის ღირსი, ვინაიდან წმინდა წერილის თხრობებში ჩვენ ვხედავთ, თუ რა სწრაფად ხდებიან ღმრთის კაცთმოყვარეობის (წყალობის) ღირსნი დიდი ცოდვების მაღიარებელნი“.

მისივე 84-ე კანონი ადგენს: „ამას ყველაფერს ვწერთ, რათა სინანულის ნაყოფი გამოვცადოთ, რადგან ჩვენ დროის მიხედვით კი არ განვიკითხავთ მონანულთ, არამედ ვუყურებთ სინანულის სახეს, თუ რამდენად გულმოდგინეა მონანული. თუ ძალიან უჭირთ თავიანთი ჩვეულების მოშლა, მსურველნი არიან, ემსახურონ უფრო ხორციელ სიამოვნებას, ვიდრე უფალს, და სახარებისამებრ ცხოვრებას არ მიიღებენ, ერთ სიტყვასაც არ ვეტყვით მათ, ვინაიდან ურწმუნო და მოდავე ერში გვსმენია: „თვითონ იხსენი სული შენი“ (დაბ. 19, 17).

ამის გამო ნუ დავუშვებთ მათთან ერთად ჩვენს წარწყმედას. უნდა გვეშინოდეს საშინელი სასჯელისა, თვალწინ უნდა გვქონდეს უფლის მიერ მიზღვის საშინელი დღე და ნუ მოვინდომებთ სხვათა მიერ ჩადენილი ცოდვებისაგან დაღუპვას. თუ ვერ გვასწავლა ჩვენ უფლის საშინელმა ხელმა, ვერც ამგვარმა დარტყმებმა მოგვიყვანა გონს, რომ ჩვენი უსჯულოებების გამო მიგვატოვა უფალმა, მიგვცა ბარბაროსთა ხელთ, მოწინააღმდეგემ ტყვედ წაიყვანა ერი და გაფანტულ იქნა იგი, რადგანაც ამას ბედავდნენ ქრისტეს სახელის მატარებელნი, თუ ვერც შეიცნო ადამიანმა და ვერც მიხვდა, რომ ამის გამო გადმოვიდა ჩვენზე ღმრთის რისხვა, მაშინ რაღა გვეთქმის და რაღა გვაქვს მათთან საერთო! ჩვენ დღე და ღამე, საჯაროდ და ცალკე უნდა ვუდასტურებდეთ მათ ჭეშმარიტებას. მაგრამ ნუ დავუშვებთ, რომ მივყვეთ მათ სიბოროტეში. უკეთესია, ვილოცოთ, რათა შევიძინოთ ისინი და გამოვიხსნათ ბოროტის მახისაგან. თუ ამის ქმნას ვერ შევძლებთ, ვისწრაფოთ, რომ ჩვენი სულები ვიხსნათ საუკუნო სასჯელისაგან“.

მისივე 85-ე კანონი განაწესებს: „სიტყვამჭევრ მმარხველთა (ენკრატიტთა) მიერ წამოჭრილ საკითხზე, რომელიც ამბობს, რად არ ვჭამთ ჩვენც ყველაფერსო, უნდა ითქვას შემდეგი: ჩვენ ჩვენი გამონაყოფიც გვძაგს. ღირსების მიხედვით, ჩვენთვის მწვანილიც, ბოსტნეულიც იგივეა, რაც ხორცი. რაც შეეხება სარგებლობას, როგორც მწვანილში, ბოსტნეულში ვიცით მავნებლის გამოყოფა მარგებლისაგან. ასევე ხორცში გამოვყოფთ სასარგებლოს მავნებლისაგან. ვინაიდან კონიონიც (მათუთა) მწვანილია, ბოსტნეულია, ისევე როგორც ძერაც არის ხორცი. მაგრამ არავინ გონიერთაგანი არ ჭამს ელევენს (ლენცოფას), არც ძაღლის ხორცის გემოს ნახავს, თუ დიდი გაჭირვება არ აიძულებს. მისი მჭამელი გაჭირვებაში უსჯულოებას არ სჩადის“.

მოძღვარს არ შეუძლია სხვა აღმსარებლობის ადამიანისგან აღსარების მიღება. დაუშვებელია რამდენიმე ადამიანისგან აღსარების ერთდროულად მიღება. საიდუმლო თითოეულისგან ცალ-ცალკე უნდა მოხდეს (ბლასტარის სინტაგმები). აღსარების საიდუმლო მოძღვარმა მკაც რად უნდა შეინახოს. თუ შეამჩნევენ, რომ რომელიმე ცოდვა გასცა, მას ემუქრება კანონიკური სასჯელი.

ყველა მორწმუნე წელიწადში ერთხელ მაინც უნდა აბარებდეს აღსარებას მოძღვარს. აღსარებას უნდა აბარებდნენ ბავშვებიც შვიდი წლიდან. ეკლესიის მიერ დადგენილი ოთხი მარხვის განმავლობაში მაინც უნდა აბარებდეს მორწმუნე აღსარებას, უკიდურეს შემთხვევაში – დიდმარხვაში.