მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი XII: ეკლესიის ქონების ფლობის უფლება
XIIV
(ზოგადი მიმოხილვა)
საეკლესიო ქონებას წარმოადგენს ყველანაირი საეკლესიო ნივთი, რომელიც ესაჭიროება ეკლესიას შიდა ცხოვრების დაუბრკოლებელი წარმართვისთვის – საკუთარი მისიის, მიზნის განხორციელებისთვის. ეკლესიის შიდა ცხოვრების ამოცანას წარმოადგენს, ღვთისმსახურება შეასრულოს განსაზღვრული წესდების მიხედვით, ქრისტიანული მოძღვრების საქადაგებლად და გასავრცელებლად, ეკლესიის ორგანიზმში კეთილმოწესეობის შესანარჩუნებლად. ეკლესიის ამ მიზნის შესატყვისობიდან გამომდინარე, ყველა საეკლესიო ნივთი, საეკლესიო კანონიკური სამართლის წყაროების მიხედვით, ორ ჯგუფად იყოფა:
•
საეკლესიო ნივთები, რომელიც გამოიყენება მხოლოდ და მხო ლოდ ღვთისმსახურებისთვის;
•
საეკლესიო ქონება, რომელიც გამოიყენება ეკლესიის მოთხოვნების, ხარჯების დასაფარად, რაც აუცილებელია როგორც საეკლესიო ღვთისმსახურების, ასევე ეკლესიის მსახურთა ანაზღაურებისა და ზოგადად, ყოველივე იმისთვის, რაც ეკლესიას სჭირდება მიწიერ ყოფაში თავისი მიზნის მისაღწევად.
ამ უკანასკნელთან მიმართებით, საეკლესიო სამართლის წყაროებში დაცული განწესებები და კანონები, რომელიც ეხება ზოგადად, ეკლესიის ქონებას, კონკრეტული ქონების შეძენას, მის გამოყენება-მართვას და სხვა საკითხებს, სხვაობს იმ კანონთაგან, რომელიც ეხება ეკლესიის მსახურთა კმაყოფის საკითხებს, ამიტომაც ამ ორ საკითხზე – ეკლესიის ქონების ფლობასა და ღვთისმსახურთა კმაყოფაზე – სხვადასხვა თავში ვისაუბრებთ.
ეკლესიის ქონების ფლობის უფლება
რამდენადაც ეკლესიას, როგორც ღვთისგან დაფუძნებულ საზოგადოებრივ ორგანიზმს, აქვს უპირობო უფლება საკუთარი მიზნის აღსასრულებლად დედამიწაზე, ამიტომ მას ენიჭება ერთი უდავო უფლებაც – არსებობისთვის ფლობდეს მიწიერ ქონებას ღვთის სიტყვის საქადაგებლად და ღვთისმსახურების ჩასატარებლად, ეკლესიის მსახურთა, გაჭირვებულთა სულიერი თუ მატერიალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ეკლესიისთვის ქონების ფლობის უფლებამოსილება ეფუძნება როგორც საერო კანონმდებლობას (იმ აუცილებლობიდან გამომდინარე, რომ ამქვეყნად არსებობისთვის საჭიროა მატერიალური ქონება), ასევე საღვთო კანონებს. როგორც ვიცით, ეკლესიის დამფუძნებელი იესო ქრისტე თავად ცხოვრობდა გაჭირვებაში და ქადაგებდა უპოვარებას, როგორც ქრისტიანულ სათნოებას. მაგრამ იგი ეკლესიას არ აკისრებდა იმ ვალდებულებას, მისი მდგომარეობა მუდამ ყოფილიყო სიღარიბე. პირიქით, საუბრობდა ეკლესიის ქონებაზე, რითაც აძლევდა ეკლესიას ქონების შეძენისა და ფლობის კურთხევას, საკუთარი მოთხოვნილებების მიხედვით. ამის დასტურია რამდენიმე ეპიზოდი წმინდა წერილიდან: „ეს თქვა არა იმიტომ, რომ გლახაკებზე ზრუნავდა იგი, არამედ იმიტომ, რომ მპარავი იყო და ყულაბა მას ჰქონდა და, რასაც ყრიდნენ მასში, თან დაჰქონდა“ (იოანე, 12, 6); „...რადგან ზოგიერთს ეგონა, ვინაიდან ყულაბა ჰქონდა იუდას, ამიტომ უთხრა მას იესომ: იყიდე, რაც გვჭირდება დღესასწაულისთვის; ან გლახაკებისთვის რომ რაიმე მოეცა“ (იოანე, 13, 29). აღსანიშნავია, რომ როდესაც მაცხოვარი ასწავლიდა ცალკეულ ადამიანებს, საკუთარი ქონება დაერიგებინათ თავიანთი ახლობლებისთვის, ეს იყო ერთგვარი მითითება საეკლესიო ქონების შეძენასთან მიმართებით, რომელიც აუცილებელია ეკლესიის მხრიდან მრევლის თანადგომისთვის, ამასთანავე, საყოველთაო საეკლესიო მიზნის აღსასრულებლად. მოციქულთა ეპოქის მაგალითები ადასტურებს, რომ ეკლესია თავისი ფუძემდებლის მითითებით, ამ მიმართულებით მოქმედებდა დაარსებისთანავე: „ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ; და მამულებსა და ქონებას ყიდდნენ და უყოფდნენ მას ყველას, ვისაც რა სჭირდებოდა“ (საქმე, 2, 44-45); „და არავინ იყო გაჭირვებული მათ შორის, რადგან, ვინც იყო მფლობელი მამულებისა ან სახლებისა, ყიდდნენ და მიჰქონდათ გაყიდულის საფასური და დებდნენ მოციქულთა ფეხებთან; და ეძლეოდა თითოეულს, ვისაც რა სჭირდებოდა. ხოლო იოსიამ, რომელსაც ეწოდა ბარნაბა, რაც ითარგმნება: ძე ნუგეშისცემისა, ლევიანმა, წაემოშობით კვიპრელმა, რომელსაც ჰქონდა მამული, გაყიდა იგი და მოიტანა ფული და დადო მოციქულთა ფეხებთან“ (საქმე, 4, 34-37); „ვიღაც კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საფირასთან ერთად, გაყიდა მამული და მოაკლო საფასურს – იცოდა ეს მისმა ცოლმაც – მოიტანა რაღაც ნაწილი და დადო მოციქულთა ფეხებთან. ხოლო პეტრემ უთხრა: ანანია, რატომ აავსო შენი გული სატანამ, რომ გეცრუა სულიწმიდასთან და მოგეკლო მამულის საფასურისთვის? განა შენი არ იყო, რაც გქონდა? და რაც გაყიდე, შენს მფლობელობაში არ იყო? რად ჩაიდე შენს გულში ეს საქმე? არა ადამიანებს ეცრუე შენ, არამედ ღმერთს. ხოლო როცა გაიგონა ანანიამ ეს სიტყვები, დაეცა და განუტევა სული; და დიდმა შიშმა მოიცვა ყველა, ვინც ეს გაიგო. და ადგნენ ახალგაზრდები, შემოსეს იგი და გაიტანეს და დამარხეს. და იყო, სამიოდე საათის შემდეგ მისი ცოლი, რომელმაც არ იცოდა, რაც მოხდა, შემოვიდა. და უთხრა მას პეტრემ: მითხარი მე, ამდენად გაყიდეთ მამული? ხოლო მან უთხრა: ჰო, მაგდენად. და უთხრა პეტრემ: რად შეითქვით თქვენ უფლის სულის გამოსაცდელად? აჰა, შენი ქმრის დამმარხველთა ფეხები კართან დგანან და გაგიტანენ შენც. და დაეცა მყისვე მის ფეხებთან და განუტევა სული; და როცა შემოვიდნენ ის ჭაბუკები, ნახეს იგი მკვდარი და გაიტანეს და დამარხეს თავის ქმართან“ (საქმე, 5, 1-11).
საკურთხეველთან შენაწირის გამუდმებით მიტანა, მრევლის შეძლებული წევრების მხრიდან ეკლესიის სალაროსთვის სოლიდური თანხის გაღება, რომელიც გადადიოდა ქრისტიანთა საკუთრებაში, საეკლესიო ქონებას წარმოადგენდა. ეს ქონება გამოიყენებოდა საღვთისმსახურო, ეკლესიის მსახურთა საჭიროებისთვის და რა თქმა უნდა, ეკლესიის გაჭირვებულ წევრთა დასახმარებლად. ამ გარემოებამ უბიძგა ეკლესიას, უფრო დიდი ქონება შეეძინა იმისთვის, რომ დახმარებოდა ღატაკებს, სნეულებს, ქვრივ-ობლებს, ზოგადად, ყველა შეჭირვებულს. ეკლესია დაუბრკოლებლად იღვწოდა თავისი მთავარი მისიის მისაღწევად. ამავდროულად, ცხოვრების წესიდან შლიდა უთანასწორობას ადამიანთა შორის, რაც წარმართული ყოფისთვის იყო დამახასიათებელი. ამითვე აიხსნება ეკლესიის ქონებასთან მიმართებით, ბერძნულ-რომაული კანონმდებლობის დამოკიდებულება კონსტანტინე დიდის პერიოდიდან. ამ კანონებში ხშირად აღინიშნება: რადგან გაჭირვებულები სარგებლობენ ეკლესიის ქონების დახმარებით, უნდა იზრუნონ ამ ქონების გასაზრდელად და გაათავისუფლონ ეკლესია სახელმწიფო და სხვა სახის სავალდებულო გადასახადებისგან.
საეკლესიო ქონების ფლობა
საეკლესიო ქონების ფლობის შესახებ გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად, აუცილებელია საეკლესიო სამართლის თვალთახედვა განვასხვაოთ საერო სამართლის თვალთახედვისგან.
1. საეკლესიო ქონება, თავისთავად, განსაზღვრულია ეკლესიის საჭიროებისათვის მთავარი მისიის განსახორციელებლად. ყოვლად დაუშვებელია სხვა მიზნისთვის მისი გამოყენება. ამით საეკლესიო ქონება განსხვავდება ჩვეულებრივი ქონებისგან, რომელიც მეპატრონეს, მფლობელს შეუძლია თავისი შეხედულებისა და სურვილის მიხედვით გამოიყენოს. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია მისი კერძო საკუთრების მსგავსად განკარგვა – ის მხოლოდ განსაზღვრული მიზნისთვის უნდა იყოს გამოყენებული. ამ დამოკიდებულებით, სრულიად სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ საეკლესიო ქონებას იესო ქრისტეს საკუთრება, თუნდაც გაჭირვებულთა საკუთრება, როგორც ის მრავალ საეკლესიო განკარგულებაში გვხვდება, რადგან ამ სიტყვით გამოიხატება არა ქონება, მონაგები, როგორც ასეთი, არამედ მიზნობრიობა მისი გამოყენებისა. საეკლესიო ქონების ამ თვისების გამო, ეკლესიასთან დაკავშირებით იკვეთება სამი სახის უფლება, უფრო კონკრეტულად ეს არის:
ა) საეკლესიო ქონების მართვისა და გამოყენების უფლება მისი დანიშნულების მიხედვით;
ბ) ზედამხედველობის უფლება საეკლესიო ქონებაზე, რამდენად კეთილსინდისიერად განკარგავენ მას და იყენებენ დანიშნულების მიხედვით;
გ) დაბოლოს, თუ ვერ ხერხდება თავიდანვე განსაზღვრული მიზნის მიღწევა, აუცილებლობიდან გამომდინარე, უფლება იმისა, რომ ყველაზე საჭირო მოთხოვნისთვის იყოს გამოყენებული საეკლესიო ქონება ან გაიყიდოს.
ეს უფლებები წარმოადგენს საეკლესიო ქონების ფლობის არსს. თავიდან ამ უფლებებს ფლობდა ეპისკოპოსი მისდამი დაქვემდებარებულ ეპარქიაში. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ყველა საეპისკოპოსო რეგიონში მცირე საეკლესიო ადმინისტრაციისა და სხვადასხვა ადგილობრივი დაწესებულების ჩამოყალიბებისთანავე, რომელიც საკუთარი ქონებას ფლობდა, უწინდელმა უფლებამ სახეცვლილება განიცადა: ქონების მართვა და მისი განკარგვა გადავიდა შესაბამის ადგილობრივ ეკლესიაში. მაშინ ეს ეკლესიები გახდნენ დამოუკიდებელი მფლობელები, სუბიექტები იმ ქონებისა, რომელიც მათ ეკუთვნოდათ. მიუხედავად ყველივე ამისა, ამ ქონებაზე ზედამხედველობის უფლება დარჩა ისევ მღვდელმთავრის პრეროგატივად, ისევე როგორც, საჭიროების შემთხვევაში, ამ ქონების გარკვეული ნაწილის გაყიდვის გადაწყვეტილების მიღება. იმ შემთხვევაში, თუ ეკლესიის რომელიმე მსახური უსამართლოდ მოიქცევა და გადაამეტებს თავის უფლებას ეკლესიის ქონებასთან მიმართებით, ეკლესიას აქვს უფლება, ეს ქმედება მიიჩნიოს მკრეხელობად და დამნაშავე დასაჯოს ეკლესიისგან განკვეთით. ეკლესიას აქვს უფლება, თავის მსახურებსა და წევრებს ეკლესიის ქონების არასწორი ხარჯვისა და განბნევის შემთხვევაში დააკისროს მძიმე სასჯელები. გარდა ზემოჩამოთვლილი უფლებებისა, ეკლესიას არა აქვს სხვა შესაძლებლობა, პასუხი მოითხოვოს არამიზნობრივი გამოყენებისთვის, რაოდენ დიდიც უნდა იყოს ეკლესიის ქონების დანაკარგი.
2. რაკიღა ქონების ფლობისას ეკლესიას მჭიდრო კავშირი აქვს საერო დამოკიდებულებებთან, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორი მიმართება უნდა ჰქონდეს მის ქონებაზე საერო ხელისუფლებასა და სამართალს. თავისი საყოველთაო მიზნის გზაზე, ქონების მართვისას, ეკლესია საერთოდ არ საჭიროებს საერო ხელისუფლებასთან ერთად მოქმედებას. როგორც ჩვეულებრივი ქონების მართვის შემთხვევაში მესაკუთრე უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მართოს საკუთარი ქონება, სახელმწიფოს ჩარევის საჭიროების გარეშე, ასეთივე დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საერო ხელისუფლებას ეკლესიის ქონებასთან მიმართებითაც. ეკლესია განკარგავს ქონებას საკუთარი ვალდებულებისა და შეხედულების მიხედვით. საერო ხელისუფლებისგან ის ითხოვს, რომ მან ამაზე არ იზრუნოს; ამიტომ ვიდრე ეკლესია სახელმწიფოსგან ამის გარდა არაფერს მოითხოვს, საერო ხელისუფლებას არ აქვს საფუძველი, ჩაერიოს საეკლესიო ქონების მართვაში. თუ საერო ხელისუფლება ისურვებს ეკლესიის მოთხოვნის გარეშე ჩაერიოს ეკლესიის ქონების საქმეში ან დაბრკოლებებს შეუქმნის ეკლესიას ქონების განკარგვაში მისი დანიშნულების მიხედვით, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებას სურვილი აქვს, ხელი შეუშალოს ღვთისმსახურებას, ღვთის განგებულების აღსრულებას – ე. ი. დამდგარია ეკლესიის დევნის ჟამი. როდესაც ეკლესია დამოუკიდებლად განკარგავს თავის ქონებას, მაშინ სახელმწიფოსთან ყალიბდება უბრალო ფაქტობრივი ურთიერთობა, რომელიც შეიძლება იყოს იურიდიულიც, რამდენადაც ეკლესიის წევრებს აქვთ საკუთარი რწმენის თავისუფლად აღიარებისა და ქადაგების უფლება. ამასთანავე, მათ აქვთ უფლება, მოითხოვონ პატივისცემა მათი ქონების მიმართაც, რომელიც განკუთვნილია მათი სარწმუნოებრივი მიზნის მისაღწევად.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მმართველობა, რომელიც თავის კანონმდებლობაში აღიარებს საეკლესიო ქონების ხელშეუხებლობასა და დაცულობას ეკლესიის მაცხონებელი მიზნიდან გამომდინარე, ამით ადასტურებს, რაც ისედაც ცხადია იურიდიული სახელმწიფოს მცნებიდან გამომდინარე, რომ იქნება ყოველგვარი საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტი. ის მხოლოდ გამოდის ახალი საკანონმდებლო თავდებით, რომ დაიცავს ეკლესიის ქონების ხელშეუხებლობას, როგორც თავისი, ისე სხვისი მხრიდან. მაგრამ მესამე პირთან შეხებისთანავე საეკლესიო ქონება გარდაუვალად ექცევა საერო სამართლის სფეროში. ეს შეინიშნება სამ შემთხვევაში, უფრო კონკრეტულად:
ა) როცა საერო სასამართლოს გადაწყვეტილებით უბრუნდება ეკლესიას საკუთარი ქონება, რომელიც მითვისებული იყო ვინმეს მიერ არაკანონიერი გზით;
ბ) როცა ვინმეს არ სურს დაუბრუნოს ქონება და შეასრულოს ეკლესიასთან დადებული შეთანხმება, ვინმესგან ანდერძით მიღებული ან დავალებული, ეს იძულებით აღსრულდება საერო სასამართლოს გადაწყვეტილების მეშვეობით და
გ) როცა საეკლესიო ქონება ახალი მფლობელის ხელში გადადის, შესყიდვის აქტის გაცემა ეკლესიას არ შეუძლია. ამის უფლება მხოლოდ მაშინ აქვს, თუ სახელმწიფო აღიარებს მას იურიდიულ პირად მემკვიდრეობის უფლებით.
ეს საკითხი ეკლესიისთვის სასარგებლოდ წარიმართება თუ საერო კანონმდებლობა დადებითად გადაწყდება, რადგან ეკლესიას არ აქვს ძალა, იძულებით მიაღებინოს ასეთი გადაწყვეტილება საერო ხელისუფლებას, რომელიც, ამ შემთხვევაში, მოქმედებს საკუთარი შეხედულების მიხედვით. ყველა ქრისტიანული სახელმწიფო ხელისუფლება არათუ აღიარებს ეკლესიის ამ უფლებებს, არამედ თავისი ქრისტიანული ხასიათიდან გამომდინარე, ვალდებულად მიიჩნევს საკუთარ თავს, ყველანაირად გაამყაროს საკანონმდებლო აქტებით ეკლესიის უფლებები. არაქრისტიანული სახელმწიფოებიც არ უარყოფენ ეკლესიის უფლებას – მათ სახელმწიფოში მცხოვრებმა ქრისტიანებმა თავისუფლად აღიარონ საკუთარი აღმსარებლობა.
რაც უფრო სწრაფად აღიარებენ საეკლესიო ქონებას სამოქალაქო კანონით, მით უფრო მალე განხორციელდება კანონით ამ ქონების დაცვა, რომლის მეშვეობითაც დაცულია ყოველგვარი კერძო საკუთრება. იმ შემთხვევაში, თუ ზიანი მიადგება საეკლესიო ქონებას, ეს კანონდარღვევად მიიჩნევა, როგორც სხვა კერძო ქონების შემთხვევაში.
საეკლესიო ქონების სუბიექტი
ზემონათქვამიდან კარგად ჩანს, თუ ვის მიეკუთვნება საეკლესიო ქონების განკარგვის უფლება, ანუ ვინ არის ამ ქონების მფლობელი. შეიძლება ზედმეტი იყოს ამ საკითხის დეტალურად განხილვა, მაგრამ რადგან ბოლო დროს დასავლეთის კანონმცოდნეებში გარკვეული კითხვები და თეორიები გაჩნდა, თუ ვინ არის სუბიექტი საეკლესიო ქონებისა, ამიტომ აუცილებელია მივუთითოთ, რას ასწავლის ამ საკითხთან მიმართებით მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი. ზოგიერთი კანონმცოდნე მიიჩნევს, რომ ეს ქონება ეკუთვნის საეკლესიო თემს, სხვათა აზრით, ის ეკუთვნის სახელმწიფოს, ზოგიერთიც მსოფლიო ეკლესიის კუთვნილებად მიიჩნევს.
მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართლის მიხედვით, ეკლესიის თემი ვერ იქნება მფლობელი ეკლესიის ქონებისა, რადგან, ამ შემთხვევაში, ეკლესია ვეღარ იქნება ცნობილი იურიდიულ პირად. საეკლესიო თემს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა საეკლესიო ქონების მართვის პროცესში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას აქვს მისი ფლობის უფლება და ის არის ამ ქონების მეპატრონე, რადგან მაშინ ყოველი მეურვე, რომელსაც დაკისრებული ჰქონდა მასზე მზრუნველობა, შეიძლება მივიჩნიოთ საეკლესიო ქონების მფლობელად. ამის მსგავსადვე ეკლესიის წევრები, რომლებიც სწირავენ ეკლესიას შესაწირს, ამით არ ეძლევათ უფლება ეკლესიის ქონების ფლობისა, რადგან ეკლესიისთვის გაღებული რაიმე სახის შენაწირი მათ არ ანიჭებს მისი განკარგვის უფლებას – ის უკვე ეკლესიის ქონებაა. ეს შესაძლოა მოხდეს მხოლოდ ეკლესიის მმართველის ნებართვით, რომელსაც აქვს ზედამხედველობის უფლებამოსილება ყველა ადგილობრივ ეკლესიაში.
უსაფუძვლოა აზრი, თითქოს საეკლესიო ქონების მფლობელი სახელმწიფოა. აი, რას ამბობს მეშვიდე მსოფლიო კრების მე-12 კანონი:
„ეპისკოპოსს ან მონასტრის წინამძღვარს არა აქვს ეკლესიის აგარაკის (სახნავ-სათესი ადგილის) გაცემის უფლება. თუ ეპისკოპოსი ან მონასტრის წინამძღვარი საეპისკოპოსოს ან მონასტრის ადგილ-მამულს გადასცემს მთავარს ან სხვა პირს, ასეთი გადაცემა დაუმტკიცებლად უნდა მივიჩნიოთ წმინდა მოციქულთა კანონისამებრ, რომელიც ამბობს: ეპისკოპოსი უნდა ზრუნავდეს ყოველგვარ საეკლესიო ქონებაზე და განაგებდეს მას ღმრთის ზედამხედველობით. მას არა აქვს უფლება, მოიხვეჭოს ან მიითვისოს რაიმე ამ ქონებიდან, ან ღმრთის კუთვნილება თავის ნათესავებს მისცეს. მაგრამ თუ უქონელნი არიან ისინი, უნდა მისცეს მათ როგორც უქონელთ, მაგრამ მათი მიზეზით ნუ გაყიდიან ეკლესიის ქონებას. თუ იგი მოიმიზეზებს იმას, რომ მიწას ზარალი მოაქვს და რომ აგარაკს გასცემს არა განსყიდვით, ასეთ შემთხვევაშიც ნუ მისცემს მიწას იმ ადგილის მთავარს, არამედ მისცეს სასულიერო პირებს ან მიწისმოქმედებს. ხოლო თუ ისინი ბოროტ მოხერხებას მიმართავენ და მთავარი იმ აგარაკს მიწათმოქმედისგან ან სასულიერო პირისგან გამოისყიდის, ეს გამოსყიდვა არ უნდა დაუმტკიცდეს და გაყიდული მიწა (აგარაკი) ისევ საეპისკოპოსოში ან მონასტერში უნდა დარჩეს. ამის ჩამდენი ეპისკოპოსი ან წინამძღვარი განიდევნოს: ეპისკოპოსი – საეპისკოპოსოდან და წინამძღვარი მონასტრიდან, ვინაიდან ბოროტად გააბნიეს ის, რაც არ შეუკრებიათ“.
აქვე მოგვყავს ამ კანონის ნიკოდიმოს მილაშისეული განმარტება: „ყველა კონკრეტული ეპარქიის საეკლესიო ქონების განმკარგველი არის ეპისკოპოსი, რასაც აღიარებს, ცნობს მრავალი კანონი, მათ შორის მოციქულთა 38-ე, რომელიც სრულადაა ასახულია ზემოწარმოდგენილ მე-7 მსოფლიო კრების მე-12 კანონში. თუ როგორ უნდა მართავდეს ეპისკოპოსი ეკლესიის ქონებას, წარმოდგენილია მოციქულთა 38-ე კანონშივე და პარალელურ კანონებში, რომელიც განვმარტეთ კონკრეტული კანონების მიმოხილვის დროს. ამ კანონის დადგენილების თანახმად, საეკლესიო ქონების არასწორად, არამართებულად მართვისას, ისევე როგორც ქონების დანაკარგისა, თუ მისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება უპირველესად ეპარქიის მღვდელთმთავარს. კონკრეტული მონასტრის ქონება, კანონთა მიხედვით, ჩაბარებული აქვს მონასტრის წინამძღვარს ეპისკოპოსის კურთხევით და წინამძღვარი (მონასტრის საძმოსთან ერთად) პასუხისმგებელია ეპისკოპოსის წინაშე მონასტრის ქონების მართვის საქმეში ისევე, როგორც ქონების გაბნევისა და ყველა დანაკარგის შემთხვევაში (ამის შესახებ მე-6 მსოფლიო კრების მე-4 და მე-8 კანონებიც საუბრობს). წინამდებარე კანონში მხოლოდ მიწაა მოხსენიებული იმ ქონებიდან, რომელიც ეკლესიას ეკუთვნის, რაზეც უნდა ზრუნავდეს ეპისკოპოსი და მონასტრის ან ტაძრის წინამძღვარი. მაგრამ, მიწის გარდა, ეკლესიის ქონებას წარმოადგენს უძრავ-მოძრავი ქონება, რომელსაც ფლობს ეკლესია. ამ ქონებაზე უნდა ზრუნავდეს ეპისკოპოსი და წინამძღვარი. საეკლესიო ქონება რაიმე სახით არ უნდა გადავიდეს ერისკაცის საკუთრებაში ან საერო ხელისუფლების ხელში, ის ყოველთვის უნდა დარჩეს ეკლესიის ქონებად.
ხატმებრძოლობის დროს საერო ხელისუფლება იმდენად გაძლიერდა საეკლესიო მმართველთა ხარჯზე, რომ თვითონ ადგენდა, თვითნებურად ნიშნავდა ეპარქიის ეპისკოპოსებსა და მონასტრის წინამძღვრებს. საეკლესიო მმართველებს ხატმებრძოლი იმპერატორების ზეობისას ჩამორთმეული ჰქონდათ ყველანაირი უფლებამოსილება. ამ დროს საერო ხელისუფლებამ მიითვისა საეკლესიო მმართველობა. ეკლესიასა და ხატმებრძოლთა შორის ეს ბრძოლა მეშვიდე მსოფლიო კრებითა და ეკლესიის გამარჯვებით დასრულდა. ხატმებრძოლ, საერო ტირან მმართველთა მეფობის დროს ჩნდებიან ისეთი სასულიერო პირები, რომლებსაც სურვილი აქვთ, საერო პირთაგან მიიღონ გარკვეული უპირატესობები, მაღალი ხარისხი საეკლესიო იერარქიაში. ისინი ქრთამის გაღებითა და დაპირებებით აღწევდნენ თავის მიზანს და ხდებოდნენ ეპისკოპოსები ან მონასტრის წინამძღვრები სიმონიის მეშვეობით. ეს უღირსი ადამიანები იძულებული იყვნენ საერო ხელისუფლების წინაშე, აღესრულებინათ დანაპირები. ამის გამო ეკლესიის, მონასტერთა ქონებას აჩუქებდნენ საერო ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, ვინც მათ მფარველობდა. სიმონიით კანონდამრღვევნი თავს იმართლებდნენ იმით, რომ ასეთ მიწებს ან ქონებას არ მოჰქონდა სარგებელი ეკლესიისთვის.
სწორედ ამ მანკიერი მოქმედებების გამო მიიღეს კანონი, რომელიც სრულად ეყრდნობა ეკლესიის დაარსებისთანავე მიღებულ მოციქულთა 38-ე კანონს. იგი განსჯის და დაადგენს, რომ ასეთ შემთხვევაშიც მიწა და ქონება გადაეცეს არა საერო ხელისუფლებას, არამედ გადაეცეს ღვთისმსახურებს, რომელთაც აქვთ მისი შეძენისა და გამოყენების სურვილი, უპოვართა და ღარიბთა ფენას, რათა სიკეთისთვის გაღებულმა შენაწირმა თავის მიზანს მიაღწიოს, სასულიერო პირებმა ან ღარიბმა ადამიანებმა მიიღონ სარგებელი, თუნდაც მიწათმოქმედებს, რომლებიც ეწევიან სამეურნეო საქმიანობას. მაგრამ უღირსი მღვდელთმთავრები სხვა დანაშაულსაც მიმართავდნენ: ამ მიწებს ყიდდნენ ეკლესიის რომელიმე წევრზე ძალიან იაფად და შემდეგ მისგან ძალზე დაბალ ფასად შეისყიდდნენ ქონებას კვლავ საერო ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა მიმართაც ვალში იყვნენ საეკლესიო იერარქიული დაწინაურების თვალსაზრისით. ამ მიზეზით დიდი ზიანი ადგებოდა ეკლესიასა და მონასტრებს. მამათა მიერ განსაზღვრული კანონით ასეთი ქონება უნდა დაუბრუნდეს ეკლესიას და გაუქმდეს მსგავსი გარიგება.
დადგენილი კანონის მიხედვით, საეკლესიო ქონება გასხვისებას არ ექვემდებარება. ასეთი დადგენილებები მანამდეც მიიღეს სხვა კანონებში. ეს ბერძნულ-რომაული საერო კანონმდებლობითაც მიღებული, დადგენილი და მკაცრი ძალმოსილებით იყო აღჭურვილი. შექმნილმა გარემოებამ და ვითარებამ წმიდა მამები აიძულა, გაემეორებინათ და მიეღოთ ასეთი მკაცრი კანონი ამ საკითხთან დაკავშირებითაც. მისი მეშვეობით განსჯის ყველა იმას, ვისაც სურვილი აქვს განაბნიოს ის, რაც მას არ მოუმუშაკებია. ამის ჩამდენი მღვდელთმთავარი უნდა განიკვეთოს ეპისკოპოსობიდან, ხოლო წინამძღვარი – მონასტრიდან“.1
ასევე მცდარია ეკლესიის ქონების მსოფლიო ეკლესიის ქონებად გამოცხადდება, რადგან ყველა საეკლესიო კანონის მიხედვით სხვადასხვა თვითმყოფადი ეკლესია ფიქსირდება საკუთარი ქონების მეპატრონედ. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართლის მიხედვით, ყოველი ცალკეული ადგილობრივი ეკლესია მიიჩნევა იურიდიულ პირად, სუბიექტად ეკლესიის ქონების იმ ნაწილისა, რომელიც ეკუთვნის მას, შეწირულია ამ კონკრეტული ეკლესიისათვის, შეძენილია მის მიერ, ან ანდერძითა და მემკვიდრეობით არის მასზე გადაცემულ-დამოწმებული. ადგილობრივი ეკლესია სარგებლობს იმავე უფლებით, რომლითაც ყველა კერძო იურიდიული მეპატრონე და მესამე პირისთვის თვითონ წარმოადგენს თვითმყოფად იურიდიულ სუბიექტს.
ანტიოქიის კრების 24-ე კანონი განსაზღვრავს: „ეკლესიას მართებს გულმოდგინედ, კეთილსინდისიერად და ყოვლისმხილველი და მსაჯული ღმრთის შეურყეველი რწმენით საეკლესიო ქონების შენახვა და კეთილად დაცვა. მისი განგება, მოვლა-პატრონობა და გამოყენება შეიძლება იმ ეპისკოპოსის განსჯითა და უფლებით, რომელსაც ჩაბარებული ჰყავს მთელი ერი და იქ შეკრებილთა სულები. საეკლესიო ქონების რაოდენობა ცნობილი უნდა იყოს ეკლესიის მღვდელთა და დიაკონთათვის. მათ კარგად უნდა იცოდნენ, რა ეკუთვნის მათ ეკლესიას. არაფერი უნდა იყოს მათგან დაფარული, რათა, თუ ეპისკოპოსი გარდაიცვლება, ყველასათვის ცხადად ჩანდეს საეკლესიო ქონება და ნივთები, რომ არც ისინი გაიფანტოს და დაიკარგოს და არც ეპისკოპოსის პირად ქონებას დააკლდეს საეკლესიო ქონების მიზეზით. სწორი და მოსაწონია ღმრთის წინაშე და კაცთა შორის, რომ თავისი ქონება ეპისკოპოსმა თვითონ დატოვოს, როგორც სურდეს. ხოლო საეკლესიო ქონება ხელშეუხებლად უნდა იყოს შენახული. ასე რომ, არც ეკლესიამ უნდა ნახოს რაიმე ზარალი და არც ეპისკოპოსმა ეკლესიის მიზეზით. ყველაფერი უნდა იყოს გარკვეული, რომ არც ეპისკოპოსის ნათესავები ედავებოდნენ ეკლესიას მისი სიკვდილის შემდეგ, ამით მისი სახელი არ შებღალონ და თვითონაც განსაცდელში არ ჩავარდნენ“.
ამავე კრების 25-ე კანონის თანახმად, „ეპისკოპოსს აქვს უფლება საეკლესიო ქონებაზე. იგი უნდა განაგებდეს მას და უნაწილებდეს ყველა მავედრებელს ღმრთის შიშითა და კრძალვით. თვითონაც შეუძლია აიღოს იქიდან, თუ დასჭირდება, მოიხმაროს საჭიროებისამებრ სათანადო ნაწილი და მოახმაროს მასთან მისულ უცხო ძმებს, რომ არაფერი აკლდეს მათ არანაირი სახით, როგორც მოციქული იტყვის: „თუ გვაქვს საზრდო და თავშესაფარი, ეს ვიკმაროთ“ (I ტიმ. 6, 8). ხოლო თუ ამას არ იკმარებს, საეკლესიო ქონებას საკუთარი სახლის ქონებად აქცევს და ეკლესიის შემოსავალს ან მისი სახნავ-სათესი ადგილებიდან მიღებულ მოსავალს არ განაგებს მღვდლებისა და დიაკვნების დახმარებით, არამედ თავისიანებს, ნათესავებს, ძმებს ან შვილებს მისცემს ამის უფლებას და დაივიწყებს, რომ ასეთი საქციელით ვნება და ზარალი ადგება საეკლესიო საქმეებს, ასეთი ეპისკოპოსი ღირსია, განაკანონონ იმ სამთავროს ეპისკოპოსებმა. თუ ეპისკოპოსი და მასთან მყოფი მღვდლები შემჩნეულ იქნებიან იმაში, რომ საეკლესიო შემოსავალს და მისი მეურნეობის მოსავალს მომხვეჭელობის მიზნით თავის სასარგებლოდ იყენებენ იმ ზომამდე, რომ უქონლებსა და გლახაკებს ავიწროებენ და ეკლესიის მმართველობას განკითხვისა და უკმაყოფილოო მსჯელობის საგნად აქცევენ, ასეთები უნდა დაისაჯონ ეპისკოპოსთა წმინდა კრების ბჭობის შესაბამისად“.
საეკლესიო ქონების დამოუკიდებლად ფლობის ეს კანონიკური სწავლება ყველა ადგილობრივი ეკლესიაში იმდენად მყარ საფუძველს წარმოადგენს საეკლესიო პრაქტიკაში, რომ ეპისკოპოსებს მკაცრად ეკრძალებოდათ ერთი ეკლესიის ქონება გამოეყენებინათ მეორე ეკლესიის სასარგებლოდ, თუნდაც ეს ორივე ეკლესია მას ექვემდებარებოდეს, ერთი ეპარქიის შემადგენლობაში ყოფილიყვნენ. გარდა ადგილობრივი ეკლესიებისა, კანონიკური წყაროები ქონების მფლობელ სუბიექტად აღიარებენ მონასტრებს და ყველა დაწესებულებას, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა: ქსენონები, ობოლთა თავშესაფრები, გაჭირვებულთა თავშესაფრები და სხვ. მეოთხე მსოფლიო კრების მე-8 კანონი განაწესებს: „საგლახაკოს, მონასტრისა და სამარტვილოს სამღვდელო დასის წარმომადგენლები შესაბამისი ქალაქის ეპისკოპოსს უნდა ექვემდებარებოდნენ და ნუ გაკადნიერდებიან იმდენად, რომ მისი მმართველობიდან გამოვიდნენ. ვინც ამ განჩინებას დაარღვევს (რა ფორმითაც უნდა იყოს) და თავის ეპისკოპოსს არ დაემორჩილება, თუ სასულიერო პირი იყოს, განკანონდეს, ხოლო თუ მონაზონი ან ერისკაცი, უზიარებლობით დაისაჯოს“.
ზემომოყვანილ კანონს ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი (მილაში) ამგვარად განმარტავს: „როგორც ჩანს, ზოგიერთი საუბრობდა იმის შესახებ, რომ საეპისკოპოსოს ან მიტროპოლიის კლერიკოსები (ეკლესიის მსახურები) ექვემდებარებოდნენ მხოლოდ ეპისკოპოსს, ხოლო მონაზვნები, ობოლთა ან მოხუცებულთა თავშესაფრებსა თუ ქსენონებში დასაქმებული მსახურნი ამ მონასტრების ქტიტორებს უნდა დაემორჩილონ. ასეთ უთანხმოება რომ არ გაჩენილიყო, ეკლესიის მამებმა განაწესეს, რომ ყველა მათგანი დამორჩილებოდა ადგილობრივ ეპისკოპოსს, რაც წმინდა მამათა გადმოცემას ეყრდნობა. თუ ვინმე გადაუხვევს მიღებულ კანონს, მას ადგილობრივი ეპისკოპოსი დასჯის, როგორც ამ კანონში არის მითითებული. თუ ასეთი ბრძანება რომელიმე ქტიტორმა გასცა, ეს ეწინააღმდეგება ღვთაებრივ კანონებს და ის არასწორია. რაც შეეხება მეფეთა და იმპერატორთა არასწორ განკარგულებებს, ამავე კრების მე-6 და მე-17 კანონები იხილეთ“.2
ეს მიიღო იქნა ბერძნულ-რომაულმა კანონმდებლობამ, რომელმაც ცნო ყველაფერი საეკლესიო იურიდიულ პირად, რასაც იღიარებდა ასეთად ეკლესია საეკლესიო სამართლის მიხედვით. ამის გარდა, ბერძნულ-რომაულ კანონებში ვაწყდებით იმპერატორთა ისეთ აქტებს, რომლის მიხედვით მემკვიდრეობა, უფლის სადიდებლად ანდერძით შეწირული, უნდა გადავიდეს იმ ეკლესიის მფლობელობაში, სადაც ცხოვრობდა ეს ადამიანი.
1 Правила Православной Церкви с толкованиями Никодима, том I, M., 1911, გვ. 621-623.
ეკლესიის ქონების შეძენა
პირველ საუკუნეებში ეკლესიის ქონების წყარო მრევლის შენაწირი იყო ნივთების, საკვებისა ან თანხის სახით (იხ. თავი – ეკლესიის უფლებამოსილება ქონების ფლობის შესახებ). იხსენიება მრევლის მხრიდან ეკლესიისა და ღვთისმსახურთათვის მეათედის შეწირვაც, თუმცა ეს არ იყო ყველასთვის სავალდებულოდ დადგენილი წესი. ძირითადად, შეძლებული მრევლის გულმოწყალეობით იძენდნენ ეკლესიის ქონებას. დროთა განმავლობაში ეკლესიის მფლობელობაში გადავიდა უძრავი ქონებაც. მეოთხე საუკუნის საეკლესიო კრებების კანონებში მოიხსენიება საეკლესიო ქონების სფეროები, თუ რა სახის ქონებას ფლობდა ძველად და რით იფარებოდა ეკლესიის ხარჯები (იხ. ანტიოქიის კრების 25-ე კანონი, გვ. 513-514).
2 Правила Православной Церкви с толкованиями Никодима, т. I, M., 1996, გვ. 179-180.
საეკლესიო ქონების მართვა
ეკლესიის დაფუძნების პერიოდში, როდესაც ყოველ მცირე ტერიტორიას თავისი ეპისკოპოსი ჰყავდა, ეკლესიის ქონება ძალიან უმნიშვნელო იყო და მრევლის შენაწირით შემოიფარგლებოდა, რომელიც ღვთისმსახურების დროს მოჰქონდათ. ასეთი ქონების მართვა ძალიან ადვილი იყო და ეპისკოპოსის ხელით იმართებოდა. მღვდელთმთავარი ანაწილებდა შენაწირიდან ნაწილს ლიტურგიული საჭიროებისთვის – შენობის შენახვა-მოწყობისთვის, სადაც ატარებდა ღვთისმსახურებას, ნაწილს საკუთარი თავისა და კლერიკოსების შესანახად, ნაწილსაც მრევლის გაჭირვებულ წევრთა დასახმარებლად. მოციქულთა 41-ე კანონი განსაზღვრავს: „ვბრძანებთ, რომ ეპისკოპოსს ჰქონდეს ძალაუფლება საეკლესიო ნივთებზე, რადგანაც, თუკი მას ადამიანთა უკვდავი სულები აბარია, მით უფრო ფულის შესახებ უნდა განცხადდეს, რომ მან განკარგოს ის თავისი ძალაუფლებით, მღვდლებისა და დიაკვნების ხელით ღმრთის შიშითა და სრული მოწიწებით უნაწილდებოდეს მთხოვნელებს. თვითონაც მოიხმაროს აუცილებელი საჭიროებისათვის და მწირ ძმებსაც მოახმაროს, და ამდენად, არ განიცადოს რაიმეში დანაკლისი, რადგან საღვთო სჯული ადგენს, რომ საკურთხეველის მსახურმა საკურთხეველიდან იკვებოს; ასევე, მხედარიც არ მიდის საომრად თავისი სახსრებით (I კორ. 9, 7; 13).
ამ ყველაფერს ეპისკოპოსი განსაზღვრავდა თავისი პირადი შეხედულების მიხედვით, რწმენიდან გამომდინარე, ანგარიშს აბარებდა მხო ლოდ უფალს, როგორც ეს გადმოცემულია მოციქულთა 38-ე კანონში: „ყველა საეკლესიო ნივთზე უნდა ზრუნავდეს ეპისკოპოსი, როგორც ღვთის ზედამხედველობას დაქვემდებარებული, მაგრამ ამ ქონების მითვისება, ან ნათესავებისთვის იმის ჩუქება, რაც ღმერთს ეკუთვნის, მას ეკრძალება. ხოლო, თუ ვინმე უპოვარი ჰყავს, გასცეს მასზე, როგორც უპოვარზე, მაგრამ ამ საბაბით ეკლესიის ქონება არ გაანიავოს“. ამავეს გვასწავლის მოციქულთა 40-ე კანონი: „ცხადი და გასაგები იყოს ეპისკოპოსის საკუთარი ქონება (თუ მას აქვს პირადი), და ცხადი და გასაგები – უფლისა, რათა ეპისკოპოსს სიკვდილის წინ საკუთრების დატოვება შეეძლოს – ვისთვისაც და როგორც უნდა; ეს იმისათვის, რომ საეკლესიო ქონების სახელით არ განკარგონ ეპისკოპოსის საკუთრება, რომელსაც შეიძლება ცოლ-შვილი ჰყავდეს, ან ნათესავები, ან ყმები. რამეთუ სამართლიანია როგორც ღვთის, ასევე ადამიანთა წინაშე, რომ არც ეკლესიამ განიცადოს ზარალი, როცა არ არის ცნობილი ეპისკოპოსის ქონების შესახებ, და არც ეპისკოპოსმა და მისმა ნათესავებმა; რათა არ მოხდეს ისე, რომ მათ წაერთვათ საკუთრება ეკლესიის სახელით, ან ეპისკოპოსის ნათესავები ქონებისათვის დავაში ჩაებნენ და მის გარდაცვალებას მისი შეურაცხყოფა მოჰყვეს“. ქალკედონის საეკლესიო კრების 26-ე კანონი განსაზღვრავს ეკონომოსის ყოლის აუცილებლობას: „რადგან, ზოგიერთ ეკლესიაში, როგორც ჩვენ გავიგეთ, საეკლესიო ქონებას ეპისკოპოსები განაგებენ ეკონომოსის გარეშე, ამიტომ დავადგინეთ, ყველა ეკლესიას, რომელსაც ეპისკოპოსი ჰყავს, ეკონომოსიც უნდა ჰყავდეს საკუთარი დასიდან, რომელმაც საეკლესიო ქონება უნდა განაგოს თავისი ეპისკოპოსის ნებისამებრ, რათა საეკლესიო მშენებლობა მოწმის გარეშე არ მიმდინარეობდეს, ამ მიზეზით არ განიავდეს ქონება და სამღვდელოების განკითხვის საბაბი არ გაჩნდეს. ვინც ასე არ მოიქცევა, დამნაშავე იქნება საღვთო კანონების თანახმად“.
ქრისტიანთა საერთო ზნეობრივ-მორალური სიმკაცრე და ნდობა, რითაც სარგებლობდნენ ეპისკოპოსები მრევლის მხრიდან, იცავდა მათ ყოველგვარი ეჭვისგან. შემდგომში, როდესაც საეკლესიო ქონება გაიზარდა, როდესაც ეკლესიამ დაიწყო ქონების შეძენა და მისი შემოსავალი (მონაგები) გაიზარდა, მხოლოდ ეპისკოპოსებისთვის მისი მართვა შეუძლებელი გახდა, დადგა საჭიროება იმისა, რომ სიზუსტითა და გარკვეული წესრიგით აღწერილიყო საეკლესიო ქონება. ამიტომ ყოველ ეპისკოპოსთან დადგენილი იყო განსაკუთრებულად გამორჩეული ადამიანი, რომელიც იზრუნებდა ეკლესიის ქონებაზე და მის მართვაზე. ისინი კანონიკურ ტექსტებში იწოდებიან ეკონომოსებად. ეკონომიკოსები ეპისკოპოსის უმაღლესი ზედამხედველობით ან რამდენიმე დამხმარეს მეშვეობით მართავდნენ საეპისკოპოსოს ქონებას. ხოლო შემდგომში, როდესაც მცირე ტერიტორიებზე ადგენდნენ უკვე პრესვიტერებს და არა ეპისკოპოსებს და სამრევლოები ჩამოყალიბდა დღევანდელი სახით, საჭირო გახდა საეკლესიო ქონების ხარისხობრივად განსაზღვრა და მართვის სისტემის შეცვლა. ამიტომ სამრევლოების ქონების მართვა გადავიდა სამრევლოს მოძღვრის ხელში. მოძღვარი გახდა პასუხისმგებელი თავისი მღვდელთმთავრის – მთავარი მოძღვრის წინაშე (რომელზეც მრევლია დამოკიდებული) – სამრევლოს ქონების მართვის საქმეში. დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა ეკლესიის ქონება და ასეთ მმართველობასაც იგივე ბედი ეწია, რაც ეპარქიულს ეპისკოპოსის წინაშე. მრევლიდან გამოარჩიეს რამდენიმე საერო პირი – მამასახლისი, მზრუნველი, რომლებიც უშუალოდ სამრევლო მოძღვრის ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით ეპარქიის ეპისკოპოსისადმი სრულად მართავდნენ სამრევლოს ქონებას. ამ დიდად საპასუხისმგებლო საქმეზე დასადგენ პირთა გამორჩევისას, განსაკუთრებულად ღირსეულ კანდიდატზე არჩევანის შეჩერებისას, კარგი მეთოდი არსებობდა – მთელი სამრევლო ესწრებოდა გამორჩევის პროცესს და ამ გზით მონაწილე ხდებოდა ეკლესიის ქონების მართვისა. ამასთან ერთად, ეს მართლდება იმითაც, რომ როცა ეკლესიას უჩნდება გარკვეული დახმარების საჭიროება, მაშინ მთელი სამრევლო მოწოდებულია თანამონაწილეობისკენ. ერთი სამრევლოს მოწყობა მაგალითად იქცა ეკლესიათა უმრავლესობაში კეთილგონივრული გადაწყვეტილების მისაღებად. დროთა განმავლობაში ასეთი სახით მართვა ცნეს საერთო საეკლესიო ქონებისა ეპარქიულ და საპატრიარქო სამხარეო და საოლქო საფეხურზეც.
მეოთხე საუკუნიდან, როდესაც სახელმწიფომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა და სულ სხვა ურთიერთობა ჩამოყალიბდა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, ეკლესია იღებდა სახელმწიფოსგან დახმარებას, ხანაც თვითონ სთხოვდა მას საკუთარი ქონების მართვაში დახმარებას (ნომოკანონი 2, 1; 3, 14; 10, 8; ათონური სინტაგმები 1, 101, 118, 242). ამ დროიდან, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთინტერესებიდან გამომდინარე, საერთო კეთილდღეობისათვის დაედო სათავე ბერძნულ-რომაული იმპერატორების კანონებს საეკლესიო ქონების უზრუნველსაყოფად და ასევე საეკლესიო ქონების მართვაში მათი ზედამხედველობის უფლებებს.
მეშვიდე მსოფლიო კრების მე-12 კანონი განაწესებს: „ეპისკოპოსს ან მონასტრის წინამძღვარს არა აქვს ეკლესიის აგარაკის (სახნავ-სათესი ადგილის) გაცემის უფლება. თუ ეპისკოპოსი ან მონასტრის წინამძღვარი საეპისკოპოსოს ან მონასტრის ადგილ-მამულს გადასცემს მთავარს ან სხვა პირს, ასეთი გადაცემა დაუმტკიცებლად უნდა მივიჩნიოთ წმინდა მოციქულთა კანონისამებრ, რომელიც ამბობს: ეპისკოპოსი უნდა ზრუნავდეს ყოველგვარ საეკლესიო ქონებაზე და განაგებდეს მას ღმრთის ზედამხედველობით. მას არ აქვს უფლება, მოიხვეჭოს ან მიითვისოს რაიმე ამ ქონებიდან, ან ღმრთის კუთვნილება თავის ნათესავებს მისცეს. მაგრამ თუ უქონელნი არიან ისინი, უნდა მისცეს მათ როგორც უქონელთ, მაგრამ მათი მიზეზით ნუ გაყიდიან ეკლესიის ქონებას. თუ იგი მოიმიზეზებს იმას, რომ მიწას ზარალი მოაქვს და რომ აგარაკს გასცემს არა განსყიდვით, ასეთ შემთხვევაშიც ნუ მისცემს მიწას იმ ადგილის მთავარს, არამედ მისცეს სასულიერო პირებს ან მიწისმოქმედებს. ხოლო თუ ისინი ბოროტ მოხერხებას მიმართავენ და მთავარი იმ აგარაკს მიწათმოქმედისგან ან სასულიერო პირისგან გამოისყიდის, ეს გამოსყიდვა არ უნდა დაუმტკიცდეს და გაყიდული მიწა (აგარაკი) ისევ საეპისკოპოსოში ან მონასტერში უნდა დარჩეს. ამის ჩამდენი ეპისკოპოსი ან წინამძღვარი განიდევნოს: ეპისკოპოსი – საეპისკოპოსოდან და წინამძღვარი მონასტრიდან, ვინაიდან ბოროტად გააბნიეს ის, რაც არ შეუკრებიათ“. აღნიშნული კანონის განმარტება ეპისკოპოს ნიკოდი მოსის მიერ წინამდებარე თავში სრულად უკვე მოვიყვანეთ, ამიტომ აქ აღარ შევჩერდებით (იხ. გვ. 514-516).
დღეს საეკლესიო ქონების მართვა ნორმირებულია ადგილობრივი ეკლესიების კანონებით, რომელიც თანხვდება სახელმწიფოს საკანონმდებლო დადგენილებებს.
ეკლესიის ორგანიზმის მიხედვით არის მოწყობილი საეკლესიო ქონების მართვის ორგანოები. ეკლესიის საერთო ქონებას ცალკეულ რეგიონებში მართავს უმაღლესი ცენტრალური დაწესებულება (განყოფილება). კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში საეკლესიო ქონების მართვის განყოფილების შემადგენლობაში შედიან როგორც სასულიერო, ისე საერო პირები.
საეკლესიო ქონებას ზოგიერთ ეპარქიაში მართავს ეპარქიის კოლეგიალური დაწესებულება განსაზღვრული წესდების მიხედვით. ეს ეპარქიული დაწესებულებები თვალყურს ადევნებს, რათა მათდამი მინდობილ ეპარქიულ ნაწილში საეკლესიო ქონებას მართავდნენ კანონის სრული დაცვით. სამრევლოს ქონებას მართავს სამრევლოს მზრუნველთა ჯგუფი სამრევლოს მღვდელთან ერთად. ასეთი მზრუნველობითი ჯგუფები სხვადასხვა სახის მოწყობით მოქმედებს სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიაში, თუმცა ყველა მათგანი პასუხისმგებელია თავისი ეპარქიის მმართველის წინაშე. ვლადისლავ ციპინის თანახმად, „დღეს სხვადასხვა ეკლესიაში მოქმედებს სინოდთან არსებული სამეურნეო და საფინასო განყოფილებები, რომლის მეშვეობითაც მონასტრებში, სასულიერო სკოლებსა და სხვა საეკლესიო ინსტიტუციებში დანიშნული თანამდებობის პირი მართავს იმ ინსტიტუციის ქონებისაც“.
იგივე კანონისტი ბრძანებს: „ეკლესიის მმართველობის სფეროში შედის ეკლესიის მმართველი ხელისუფლების ისეთი ფუნქციები, როგორიცაა საეკლესიო ადმინისტრაციული თანამდებობების დადგენა და გაუქმება, მიმდინარე ადმინისტრაციის შეცვლა და ასევე ზედამხედველობის დადგენა. ახალი საეკლესიო თანამდებობები, ასევე ახალი საეპისკოპოსო კათედრები და საყდრები ფუძნდება ან უქმდება ადგილობრივი ეკლესიის მმართველობის დადგენილებებით. გარდა დადგენისა და გაუქმებისა, საეკლესიო თანამდებობები შეიძლება დაექვემდებაროს სხვა ცვლილებებსაც: ეს შეიძლება იყოს რამდენიმე თანამდებობის გაერთიანება, როდესაც, მაგალითად, ორი ეპარქია ერთიანდება ერთ ეპარქიად, ან ერთ მმართველს დაექვემდებაროს ორი ერთნაირი თანამდებობა, ეპარქია (მაგ., როგორც საქართველოში იყო ბედიელ-ალავერდელი), მიერთება ერთი თანამდებობისა მეორისთვის – უპირატესისთვის, მაგალითად, ერთი სამრევლოს მიკუთვნება მეორე უპირატესი სამრევლოსთვის, ან ერთი თანამდებობის გაყოფა ორად, მაგალითად, ერთი ეპარქიის გაყოფა ორად, რამდენიმე სამრევლოს ჩამორთმევა და გადაცემა სხვა ეპარქიისათვის. შესაძლოა საეკლესიო ინსტიტუცია შეცვალო სხვა ინსტიტუციად. რაც შეეხება საეკლესიო თანამდებობების შეცვლას, რა თქმა უნდა, ამას ახორციელებს საეკლესიო ხელისუფლება საეკლესიო კანონებზე და საკანონმდებლო დადგენილებებზე დაყრდნობით. საეკლესიო თანამდებობების შეცვლა – ეს სფერო საეკლესიო ცხოვრებისა, სადაც ეკლესიის მთელი ისტორიის მანძილზე განსაკუთრებულად იგრძნობოდა ზეგავლენა საერო ხელისუფლებისა, ძირითადად, ეხებოდა უმაღლეს საეკლესიო თანამდებობებს. ასეთი გავლენა არ მიიჩნევა საეკლესიო კანონის დარღვევად, თუ ის არ ეწინააღმდეგება ეპისკოპატს, ეკლესიის მსახურებს და მრევლს, ხალხს, რადგან საეკლესიო თანამდებობის შეცვლა ეხება შიდა საეკლესიო სამართლის სფეროს. ამ გავლენის ფორმა იცვლებოდა ეკლესიის ისტორიის განმავლობაში იმის მიხედვით, თუ რა სტატუსი ჰქონდა ეკლესიას სახელმწიფოში.
განსაკუთრებული სახის ადმინისტრაციულ-აღმასრულებელ მმართველობას წარმოადგენს საეკლესიო ზედამხედველობა. მისი ორგანოები იგივეა, რაც მართვის ორგანოები. ზედამხედველობის მოქმედების საშუალებას წარმოადგენს: წერილობითი სახით წარმოდგენილი ანგარიშის ჩაბარება ზემდგომი ინსტიტუციისადმი ქვემდგომისაგან, პირადი მოხსენება ეკლესიის საქმეთა მდგომარეობაზე, ვიზიტი ანუ შეფასება ეკლესიის მმართველად დაკისრებული პირის მიერ მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებისა, ამასთანავე, რევიზიის ჩატარება. წერი ლობით ანგარიშს ადგენენ დადგენილი ფორმით. მაგალითისთვის, წერილობითი სახით ასეთ ანგარიშს აბარებენ წინამძღვრები ეპარქიის მმართველ ეპისკოპოსს. პირად მოხსენებაში მოიაზრება განცხადება, რომელიც იწერება ეპისკოპოსის მოთხოვნის შემთხვევაში მისდამი დაქვემდებარებული პირის მიერ. ვიზიტი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში ეკლესიის პრაქტიკაში გამოიყენებოდა მოციქულთა პერიოდიდანვე. თავად მოციქულები ჩადიოდნენ და ნახულობდნენ მათდამი დაფუძნებულ ეკლესიებსა და სამრევლოებს არამარტო ქადაგებისთვის, არამედ ზედამხედველობისთვისაც. კანონიკურ წყაროებში არ არის განკარგულება, კანონი, რომელიც მიუთითებს საკუთარი სამწყსოს, ეპარქიის მონახულებას. თავისთავად, ეს ისედაც ბუნებრივად უნდა ეკეთებინათ. ვალდებულება, რომ საკუთარი ეპარქია მოევლო და შეემოწმებინა მღვდელთმთავარს, პირველად ამის განკარგულება და კანონი გამოსცა იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა 1107 წელს. სასულიერო რეგლამენტი ავალდებულებდა ეპისკოპოსს, მისადმი რწმუნებული ეპარქია შეემოწმებინა წელიწადში ერთხელ, უკიდურეს შემთხვევაში, ორ წელიწადში ერთხელ მაინც. ეს დღესაც შედის მის ვალდებულებაში. რაც შეეხება პატრიარქს, მას უფლება აქვს, შეამოწმოს და ჩავიდეს ყველა ეპარქიაში. ეპარქიის შიგნით რეგულარულად ამოწმებენ კეთილმოწესეები. რევიზია, როგორც უფლებამოსილება, კანონი, წარმოადგენს განსაკუთრებულ საშუალებას ზედამხედველობისთვის. ის არ ტარდება რეგულარულად, არამედ აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭიროების მიხედვით. თუ რომელიმე დაწესებულებას სასიკეთოდ ვერ მართავენ რევიზიას აწარმოებს ის პირი, რომელიც დანიშნულია საეკლესიო კანონიერი მმართველის მიერ“.3
3 В. Цыпин, Церковное Право, 1996, გვ. 376-377.
საეკლესიო ქონების გამოყენება
რა საჭიროებისთვის უნდა გამოიყენებოდეს ეკლესიის ქონება, ეს, თავისთავად განსაზღვრულია ეკლესიის საერთო მიზნიდან გამომდინარე, რისთვისაც ეს ქონება არსებობს და რის გამოც ეკლესიას მინიჭებული აქვს ქონების ფლობის უფლება. საეკლესიო ქონების ფლობა სიკეთის საკეთებლად გაღებული შემოწირულობით იწყება. კეთილმორწმუნე ადამიანების მიერ ღვთისმსახურებისა და უქონელი მრევლის, ქვრივ-ობოლთა დასახმარებლად. ერთმნიშვნელოვნად ამ მიმართულებით მოქმედებდა ეკლესია და ეს განსაზღვრავს თავად ამ ქონების გამოყენებასაც. ეს აზრი, რომლის საფუძველიც საღვთო სამართალშია: „...მისი მოწაფეები წასულები იყვნენ ქალაქში, რომ საზრდო ეყიდათ“ (იოანე 4, 8); „...ეს თქვა არა იმიტომ, რომ გლახაკებზე ზრუნავდა იგი, არამედ იმიტომ, რომ მპარავი იყო და ყულაბა მას ჰქონდა და, რასაც ყრიდნენ მასში, თან დაჰქონდა“ (იოანე 12, 6;): „ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ; მონაგებსა და მამულებს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ თითოეულს იმის მიხედვით, თუ ვის რა უჭირდა“ (საქმე 2, 44-45); „არავინ იყო გაჭირვებული მათ შორის, ვინაიდან მიწა-წყლისა თუ სახლების მფლობელნი ყიდიდნენ მათ და გაყიდულის საფასური მიჰქონდათ, მოციქულების ფერხთით დებდნენ მას, და ეძლეოდა თითოეულს, ვისაც რა სჭირდებოდა. ასე იოსებმაც, მოციქულების მიერ ბარნაბად წოდებულმა (რაც თარგმანით ნიშნავს ნუგეშის ძეს), ლევიტელმა, წარმომავლობით კვიპროსელმა, გაყიდა თავისი ყანა, მოიტანა ფული და მოციქულების ფერხთით დადო“ (საქმე 4, 34-37); „ხოლო ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საფირასთან ერთად გაყიდა ყანა, ცოლის თანხმობით, დამალა ფასი, მხოლოდ ნაწილი მიიტანა და მოციქულებს ფერხთით დაუდო. მაგრამ პეტრემ თქვა: ანანია, რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ და დაგემალა ყანის ფასი? განა შენი არ იყო, სანამდის გქონდა, და რაც გაყიდვით აიღე, განა შენვე არ გეპყრა ხელთ? მაშ, რაღად ჩაიდე გულში ეს საქმე? ხალხს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს. ამის გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა, და ვინც ეს მოისმინა, თავზარი დაეცა ყველას. წამოდგნენ ჭაბუკები, შემოსეს იგი, წაიღეს და დამარხეს. სამიოდე საათის შემდეგ მოვიდა მისი ცოლი, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა. ჰკითხა მას პეტრემ: მითხარი, ამდენად გაყიდეთ ყანა? ხოლო მან თქვა: დიახ, მაგდენად. უთხრა მას პეტრემ: ხომ არ შეითქვით, რომ უფლის სული გამოგეცადათ? აჰა, უკვე კარს მოადგნენ შენი ქმრის მესაფლავენი და შენც წაგასვენებენ. მაშინვე მის ფეხებთან დაეცა იგი და სული განუტევა. შემოვიდნენ ჭაბუკები და მკვდარი რომ ნახეს, წაიღეს და ქმრის გვერდით დამარხეს. თავზარი დაეცა მთელ ეკლესიას და ყველას, ვინც მოისმინა ეს“ (საქმე 5, 1-11;). ხოლო საეკლესიო კანონებში იმთავითვე აისახა. მოციქულთა 41-ე კანონი განაწესებს: „ვბრძანებთ, რომ ეპისკოპოსს ჰქონდეს ძალაუფლება საეკლესიო ნივთებზე, რადგანაც, თუკი მას ადამიანთა უკვდავი სულები აბარია, მით უფრო ფულის შესახებ უნდა განცხადდეს, რომ მან განკარგოს ის თავისი ძალაუფლებით, მღვდლებისა და დიაკვნების ხელით ღმრთის შიშითა და სრული მოწიწებით უნაწილდებოდეს მთხოვნელებს. თვითონაც მოიხმაროს აუცილებელი საჭიროებისათვის და მწირ ძმებსაც მოახმაროს, და ამდენად, არ განიცადოს რაიმეში დანაკლისი, რადგან საღვთო სჯული ადგენს, რომ საკურთხეველის მსახურმა საკურთხეველიდან იკვებოს; ასევე, მხედარიც არ მიდის საომრად თავისი სახსრებით (I კორ. 9, 7; 13)“.
ტაძრების აშენება და მოპირკეთება, საღვთისმსახურო ჭურჭლით, სამოსითა და ყველანაირი აუცილებელი ინვენტარით აღჭურვა, საეკლესიო მსახურთა უზრუნველყოფა, სასწავლო ცენტრების დაფუძნება, ბავშვთა ქრისტიანული აღზრდა, მზრუნველობა ღარიბებსა და უძლურებზე – ყოველივე ამისა და სხვა სახის შემწეობებზე გამოიყენება საეკლესიო ქონება.
ზემოგადმოცემული მიზნის გამო, რისთვისაც არსებობს საეკლესიო ქონება, კანონები, ასევე ბერძნულ-რომაული კანონმდებლობა და მისი ამ კუთხით გამოცემული დადგენილებები შევიდნენ ნომოკანონებშიც (რჯულის კანონში), რომელიც მკაცრი სასჯელის მუქარით კრძალავს ამ ქონების სხვა მიზეზით გამოყენებას, რაც კი უშუალოდ ეკლესიის მიზანსა და მის მოწოდებას სცდება. მაგალითისთვის რამდენიმე მათგანს მოვიყვანთ.
მოციქულთა 38-ე კანონი: „ყველა საეკლესიო ნივთზე უნდა ზრუნავდეს ეპისკოპოსი, როგორც ღვთის ზედამხედველობას დაქვემდებარებული. მაგრამ ამ ქონების მითვისება ან ნათესავებისთვის იმის ჩუქება, რაც ღმერთს ეკუთვნის, მას ეკრძალება. მაგრამ თუ ვინმე უპოვარი ჰყავს, გასცეს მასზე, როგორც უპოვარზე, მაგრამ ამ საბაბით ეკლესიის ქონება არ უნდა გაანიავოს“.
მეშვიდე მსოფლიო კრების მე-12 კანონი: „ეპისკოპოსს ან მონასტრის წინამძღვარს არა აქვს ეკლესიის აგარაკის (სახნავ-სათესი ადგილის) გაცემის უფლება. თუ ეპისკოპოსი ან მონასტრის წინამძღვარი საეპისკოპოსოს ან მონასტრის ადგილ-მამულს გადასცემს მთავარს ან სხვა პირს, ასეთი გადაცემა დაუმტკიცებლად უნდა მივიჩნიოთ წმინდა მოციქულთა კანონისამებრ, რომელიც ამბობს: ეპისკოპოსი უნდა ზრუნავდეს ყოველგვარ საეკლესიო ქონებაზე და განაგებდეს მას ღმრთის ზედამხედველობით. მას არ აქვს უფლება, მოიხვეჭოს ან მიითვისოს რაიმე ამ ქონებიდან, ან ღმრთის კუთვნილება თავის ნათესავებს მისცეს. მაგრამ თუ უქონელნი არიან ისინი, უნდა მისცეს მათ როგორც უქონელთ, მაგრამ მათი მიზეზით ნუ გაყიდიან ეკლესიის ქონებას. თუ იგი მოიმიზეზებს იმას, რომ მიწას ზარალი მოაქვს და რომ აგარაკს გასცემს არა განსყიდვით, ასეთ შემთხვევაშიც ნუ მისცემს მიწას იმ ადგილის მთავარს, არამედ მისცეს სასულიერო პირებს ან მიწისმოქმედებს. ხოლო თუ ისინი ბოროტ მოხერხებას მიმართავენ და მთავარი იმ აგარაკს მიწათმოქმედისგან ან სასულიერო პირისგან გამოისყიდის, ეს გამოსყიდვა არ უნდა დაუმტკიცდეს და გაყიდული მიწა (აგარაკი) ისევ საეპისკოპოსოში ან მონასტერში უნდა დარჩეს. ამის ჩამდენი ეპისკოპოსი ან წინამძღვარი განიდევნოს: ეპისკოპოსი – საეპისკოპოსოდან და წინამძღვარი მონასტრიდან, ვინაიდან ბოროტად გააბნიეს ის, რაც არ შეუკრებიათ“.
ამავე კრების მე-13 კანონი: „როდესაც ჩვენი ცოდვების გამო ეკლესიას მოევლინა განსაცდელი, ზოგიერთებმა დაიტაცეს საღმრთოდ განკუთვნილი სახლები, ანუ საეპისკოპოსოები და მონასტრები, და გადააქციეს ისინი ერისკაცთა საცხოვრებელ ბინებად. ახლა კი, თუ მიმტაცებლებმა ინებეს საეპისკოპოსოებისა და მონასტრების უკან დაბრუნება, რათა აღდგეს პირვანდელი წესი, ფრიად კეთილი და მშვენიერი იქნება ეს სურვილი. ხოლო თუ არ ისურვეს ამის გაკეთება, ვინც სამღვდელო დასიდან იქნება, ვბრძანებთ მის განკვეთას, მონაზვნისა და ერისკაცის შემთხვევაში − უზიარებლობას, როგორც მსჯავდრებულისა მამისა და ძისა სულიწმიდისაგან, იქ დაეწესონ, სადაც „მატლი არა კვდება და ცეცხლი არ იშრიტება“ (მარკ. 9, 44), ვინაიდან ეწინააღმდეგებიან უფლის ხმას, რომელიც ამბობს: „მამაჩემის სახლს ნუ გადააქცევთ სავაჭრო სახლად“ (იოან. 2, 16).
ანტიოქიის კრების 24-ე კანონი: „ეკლესიას მართებს გულმოდგინედ, კეთილსინდისიერად და ყოვლისმხილველი და მსაჯული ღმრთის შეურყეველი რწმენით საეკლესიო ქონების შენახვა და კეთილად დაცვა. მისი განგება, მოვლა-პატრონობა და გამოყენება შეიძლება იმ ეპისკოპოსის განსჯითა და უფლებით, რომელსაც ჩაბარებული ჰყავს მთელი ერი და იქ შეკრებილი სულები. საეკლესიო ქონების რაოდენობა ცნობილი უნდა იყოს ეკლესიის მღვდელთა და დიაკონთათვის. მათ კარგად უნდა იცოდნენ, რა ეკუთვნის მათ ეკლესიას, არაფერი უნდა იყოს მათგან დაფარული, რათა, თუ ეპისკოპოსი გარდაიცვლება, ყველასათვის ცხადად ჩანდეს საეკლესიო ქონება და ნივთები, რომ არც ისინი გაიფანტონ და დაიკარგონ და არც ეპისკოპოსის პირად ქონებას დააკლდეს საეკლესიო ქონების მიზეზით. სწორი და მოსაწონია ღმრთის წინაშე და კაცთა შორის, რომ თავისი ქონება ეპისკოპოსმა თვითონ დატოვოს, როგორც სურდეს. ხოლო საეკლესიო ქონება კი ხელშეუხებლად უნდა შეინახონ. ასე რომ, არც ეკლესიამ უნდა ნახოს რაიმე ზარალი და არც ეპისკოპოსმა ეკლესიის მიზეზით. ყველაფერი უნდა იყოს გარკვეული, რომ არც ეპისკოპოსის ნათესავები ედავებოდნენ ეკლესიას მისი სიკვდილის შემდეგ და ამით მისი სახელი არ შებღალონ და თვითონაც განსაცდელში არ ჩაცვივდნენ“.
კართაგენის კრების 26-ე კანონი: „არავინ დაიტაცოს საეკლესიო ქონება. მიგვაჩნია, რომ არავინ არ უნდა გაყიდოს საეკლესიო ქონება, მაგრამ, თუ იყოს რაიმე ქონება, რომელსაც არა აქვს არავითარი შემოსავალი და მის ფლობას დიდი სიძნელეები ახლავს, ამის შესახებ უნდა ეცნობოს სამთავროს მიტროპოლიტს და ეპისკოპოსთა განსაზღვრულ რაოდენობას უნდა დაეთათბიროს იგი, თუ რა უნდა მოიმოქმედონ. ხოლო თუ იმდენად დიდი გასაჭირი ედგას ეკლესიას, რომ მის ეპისკოპოსს არ შეეძლოს დიდი ხნის განმავლობაში შეკრიბოს საჭირო რაოდენობა სამსჯელოდ, თავის მეზობლებსღა მოუწოდოს მოწმედ და იზრუნოს, რომ მთელ კრებას მისი ეკლესიის განსაცდელი ეუწყოს. თუ ამის ქმნა არ მოისურვოს, სასჯელის ღირსი იყოს ღმრთისა და კრებისაგან და აეყაროს პატივი“.
ამავე კრების 33-ე კანონი: „ეკლესიისათვის შეწირულ ნივთებს მღვდლები ნუ გაჰყიდიან. არც ეპისკოპოსმა უნდა მოიხმაროს ქონება, რომელიც საეკლესიო შეწირულობის აღწერაში არის. მიგვაჩნია აგრეთვე, რომ მღვდლები ეპისკოპოსთან შეთანხმების გარეშე ეკლესიისთვის შეწირულ ქონებას არ უნდა ჰყიდდნენ. ასევე არც ეპისკოპოსმა უნდა გაყიდოს საეკლესიო სოფლები კრების გადაწყვეტილების გარეშე, ან თავის მღვდელთა თანხმობის გარეშე. ასევე არა აქვს უფლება ეპისკოპოსს, დიდი გაჭირვების გარეშე გაყიდოს საეკლესიო შეწირულობის სიაში შეტანილი ნივთები“.
როგორც ვხედავთ, კანონები კრძალავს ეკლესიის ქონების გაყიდვას ან მითვისებას, გაყოფას. ამ საკითხთან მიმართებით მიღებული კანონები განაწესებს იმ პირების განკვეთას, რომელთაც დავალებული ჰქონდათ მზრუნველობა ეკლესიის ქონების რომელიმე ნაწილზე, თუ მას გაყიდიან ან სხვას დაუთმობენ.
ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრების 24-ე კანონი:„ეპისკოპოსის ნებით ერთხელ ნაკურთხი მონასტერი, სამუდამოდ მონასტრად უნდა დარჩეს; მისი კუთვნილი ქონება დაცულ იყოს და მომავალში არასდროს გადაკეთდეს ერისკაცთა საცხოვრებლად. ხოლო ვინც ამას დაუშვებს, კანონის შესაბამის სასჯელს დაექვემდებაროს“.
ტრულის კრების 49-ე კანონი: „განვაახლებთ ამ საეკლესიო კანონს (იგულისხმება მეოთხე კრების 24-ე კანონი) და ვადგენთ, რომ ეპისკოპოსის ნებართვით მონასტრისთვის შექმნილი ეკლესიები სამუდამოდ მონასტრისა უნდა იყოს და მათთვის შეწირული ქონება მონასტერს უნდა ეკუთვნოდეს. ისინი არასდროს აღარ შეიძლება გახდეს ერისკაცთა საცხოვრებელი, ვერავინ მისცემს ერისკაცებს ამ ეკლესიებს. თუ აქამდე ასეთი რამ მომხდარა, დაუმტკიცებლად მივიჩნევთ ამას, ხოლო ვინც ამიერიდან გაბედავს ამის ჩადენას, ის კანონთა თანახმად დაისჯება ეპიტიმიით“.
ამ კანონების მსგავსია ბერძნულ-რომაული სამყაროს იმპერატორთა კანონები და შუა საუკუნეების პატრიარქთა სინოდარული განკარგულებები, რომელიც კრძალავს არამარტო ეკლესიის ქონებით ფორმალურ ვაჭრობას, არამედ ყველა სხვა სახის შეთანხმებას, რომელიც დააზარალებს ეკლესიის ქონებას. სხვა მიზნისთვის მისი გამოყენება იმავე სასჯელს დაუქვემდებარებს ამის ჩამდენ პირს. მხოლოდ განსაკუთრებული, გამოუვალი და აუცილებელი შემთხვევისას უშვებს ეკლესია მისი ქონების გამოყენებას. კართაგენის კრების 33-ე კანონის ბალსამონის განმარტებაზე დაყრდნობით ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი (მილაში) წერს: „კანონი ეპისკოპოსზე საუბრისას გვახსენებს, რომ მან არ უნდა გაასხვისოს საეკლესიო ქონება, მხოლოდ უკიდურესი გასაჭირისა და აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია ამის გაკეთება. აქ უნდა განვასხვაოთ მოძრავი და უძრავი ქონება ერთმანეთისგან. უძრავი ქონების გასხვისება ეპისკოპოსს არ ძალუძს ეპისკოპოსთა კრების გარეშე, უკიდურეს შემთხვევაში, თავის მოძღვართა საბჭოს გარეშე; თუ განსაკუთრებული საჭიროების გამო მოქმედებს ეპისკოპოსი ასე, მან ეს არგუმენტირებულად უნდა დაუმტკიცოს კრებას, რათა მიიღოს კრებისგან საკითხზე თანხმობა. თუ ლაპარაკია მოძრავ ქონებაზე, ასეთ შემთხვევაში მოციქულთა კრების 41-ე კანონის თანახმად, რომელიც უფლებას აძლევს ეპისკოპოსს აუცილებლობის შემთხვევაში გაყიდოს ის და რომ არ განაცხადოს კრების წინაშე და თავისი მოძღვრების საბჭოს აზრიც არ მოისმინოს. ეს 33-ე კანონიდანაც ჩანს, რადგან აქ მხოლოდ საეკლესიო მიწებზე არის საუბარი, ე. ი. უძრავ ქონებაზე, რომელსაც ვერ გაყიდის ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილების გარეშე, ან საკუთარი პრესვიტერების საბჭოსთან შეუთანხმებლად. აქ საერთოდ არ იხსენიება მოძრავი ქონება, რომელიც დაზიანებული და გამოუსადეგარია. იგი შეიძლება გაიყიდოს და ამით ეკლესიას გარკვეული სარგებელი მიეცეს თანხის სახით. თუ მას, როგორც მასალას აქვს გარკვეული ფასი, ასეთი ქონება ეკლესიისა თავისუფლად შეიძლება გაიყიდოს, ოღონდ მხოლოდ ეკლესიის საჭიროებისთვის“.4
როდესაც საჭიროა დახმარება გაეწიოს რომელიმე გაღარიბებულ ეკლესიას, როცა გარშემო განსაკუთრებული სიღარიბე სუფევს, გამარ თლებულია ქონების ნაწილის გაყიდვა. სხვა ყველა შემთხვევაში ის უკანონოა და კანონდარღვევად მიიჩნევა.
4 Правила Православной Церкви с толкованиями Никодима, т. II, 1996, გვ. 103-104.