← კანონიკური სამართალი (მჭედლიშვილი)

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი XI: საეკლესიო სასამართლო

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი XI: საეკლესიო სასამართლო

XI ადრეულ პერიოდში საეკლესიო სასამართლო შემადგენელი ნაწილია ეკლესიის მმართველი ხელმძღვანელობისა. მიწიერი, მებრძოლი ეკლესია წარმოადგენს ადამიანთა კრებულს, რომელშიც, ისევე როგორც ყველა საზოგადოებრივ ორგანიზმში, შეიძლება წარმოიშვას სადავო საკითხები; ეკლესიის წევრები ცოდვის შედეგში მყოფი ადამიანები არიან და შეიძ ლება მოხდეს ისე, რომ დანაშაული ჩაიდინონ ათი მცნების საწინააღმდეგო საეკლესიო სწავლებისა და მის მიერ დადგენილი კანონების წინაშე; ამიტომ საეკლესიო მმართველობის, სამწყსოს სწორად წარმართვისთვის მიწიერ, მებრძოლ ეკლესიაში არის სასამართლოს საჭიროება.

სასამართლო მრავალი განხრით აწარმოებს თავის მოქმედებას. ცოდვები, რომელთაც უმხელს აღმსარებელი მოძღვარს, ექვემდებარება მოძღვრის საიდუმლო სასამართლოს; დანაშაულები კლერიკოსებისა, რომელიც დაკავშირებულია მათი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის დარღვევასთან, ითვალისწინებს სახალხო განსჯა-სინანულს. ასევე, იმის მიხედვით, თუ რა ურთიერთდამოკიდებულებაა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, სხვადასხვა დროს, ეკლესიის ისტორიის განმავლობაში, ეკლესიის განკარგულებაში გადმოდიოდა საერო სასამართლოს საქმეებიც: ქრისტიანთა შორის არსებული მძიმე დარღვევები, სისხლის სამართლის დარღვევები, რომელიც თავისი არსით არ შეესაბამება საეკლესიო მმართველობის, ბუნების არსს.

უფალი გვიქადაგებს მოყვასის სიყვარულს, თვითგვემას, სიმდაბლესა და მშვიდობას. მაცხოვარი ვერ მიაყურადებდა კამათს თავის მოწაფეებში, მაგრამ იცოდა ქრისტემ ადამიანის სისუსტე, ამიტომ თავის მიმდევრებს ასწავლა, მიუთითა საშუალებაზე, თუ როგორ შეიძლება შეაჩერონ დავები: „და თუ შეგცოდებს შენ შენი ძმა, მიდი და ამხილე იგი, როცა შენ და ის მარტო იქნებით, თუ ისმინა შენი, შეიძინე შენ ძმა, ხოლო თუ არ ისმინა, მიიყვანე შენთან ერთად კიდევ ერთი ან ორი, რომ ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა“ (2 სჯ. 19, 15); „ხოლო თუ მათიც არ ისმინა, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ ეკლესიისაც არ ისმინა, იყოს შენთვის, როგორც წარმართი და მეზვერე“ (მათე 18, 15-17).1

მცირე განმარტება სიტყვა „სცოდასთან“ მიმართებით: არ უნდა ვიფიქროთ, რომ აქ სინდისის სამსჯავროზე იყოს აქცენტი, რაც აღსარების საიდუმლოს ექვემდებარება. აქ საუბარია ადამიანებს შორის ურთიერთობზე, ეკლესიის წიაღში, მის წევრებს შორის ურთიერთობაზე და მითითებულია აუცილებლობის შემთხვევაში გამოსაყენებელი მეთოდები, თუკი ორ ადამიანს დაპირისპირება, უთანხმოება მოუვათ. უნდა დაუძახონ მოწმეებს მხარეების შესარიგებლად, თუ სასურველი შედეგი არ დადგება, მაშინ მათი შერიგება ეკლესიას სახალხო გარჩევისთვის უნდა გადაეცეს. ის, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, დადგენილი წესის მიხედვით გამოიტანს სასჯელს.

მოციქული პავლე აყვედრებდა კორინთოს ქრისტიანებს: „როგორა ბედავს რომელიმე თქვენგანი, ვისაც დავა აქვს სხვასთან, ურჯულოთა სამსჯავროს წინაშე წარსდგეს და არა წმიდათა წინაშე? ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხავენ ქვეყანას, ხოლო თუ ქვეყანა თქვენს მიერ განიკითხება, განა იმისი ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ? ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს, და განა მით უმეტეს არ განვსჯით საერო საქმეთაც? თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გამოგაქვთ სამსჯავროზე, მსაჯულებად ეკლესიისათვის შეურაცხ პირებს აყენებთ. თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ: ნუთუ თქვენს შორის არ არის არცერთი ბრძენი, ვისაც შეეძლოს თავისი ძმების განკითხვა? მაგრამ ძმა ძმასთან დავობს, და თანაც ურწმუნოთა წინაშე. ისიც დიდად დამამცირებელია თქვენთვის, ერთმანეთს რომ უჩივით. რატომ არ არჩევთ, უსამართლობა აიტანოთ ან იზარალოთ რამე?“ (1კორ. 6, 1-7).

მის წევრებს შორის მიმდინარე შიდა საეკლესიო დავებთან დაკავშირებით ეკლესიის მოქმედება არ არის დამოკიდებული სახელმწიფო უფლებამოსილებაზე ან სხვა რომელიმე საფუძველზე. ის სრულიად დამოუკიდებელი და თვითმყოფადია და აღესრულება ეკლესიის მმართველობით, რომელიც მიეცა მისი დამფუძნებლის ძალმოსილებით. აქედან გამომდინარე, ეკლესიას აქვს ცალკე თვითმყოფადი სასამართლო, დაფუძნებული საღვთო სამართალზე, რომლისგანაც აღმოცენდა და განვითარდა კანონიკური სწავლება საეკლესიო სასამართლოზე. თავად საეკლესიო კანონმდებლობამ, დროთა განმავლობაში, ჩამოაყალიბა და განსაზღვრა დეტალები, რომელიც საჭირო გახდა სასამართლოს სწორედ წარმართვისა და აღსრულებისთვის.2

სასამართლოს აღსრულების უფლება ეკლესიაში ეკუთვნის ეპისკოპოსს. მოწაფეთათვის მსჯავრის გამოტანის უფლების მინიჭებისას, მაცხოვარმა მიუთითა, რომ ასეთი უფლებამოსილება ეკლესიაში ენიჭებოდათ მოციქულებსა და მათ მემკვიდრეებს, ე. ი. ეპისკოპოსებს – მღვდელთმთავრებს. ამიტომ კანონები მხოლოდ ეპისკოპოსებზე საუბ რობს, როგორც ეკლესიის წევრებს შორის მსჯავრის წარმმართველებზე, რასაც პირველი მსოფლიო კრების მე- 5 კანონიც განსაზღვრავს:

„მათზე, ვინც თითოეული სამთავროს ეპისკოპოსის მიერ დასჯილია უზიარებლობით, გინდ სამღვდელო, გინდ საერო პირი იყოს, დაცულ იქნეს განწესებული კანონი, რომელიც ამბობს, რომ ერთი ეპისკოპოსის მიერ განდევნილი არ უნდა შეიწყნაროს სხვა ეპისკოპოსმა. მხოლოდ უნდა გამოიძიონ, ხომ არ დაადეს ეს სასჯელი ეპისკოპოსს სულმოკლეობის, მღელვარე ბუნების ან რაიმე მსგავსი უსახურობის გამო. ამ საქმის ჯეროვნად შესასწავლად კრებას სათანადოდ მიაჩნია, რომ თითოეულ სამთავროში წელიწადში ორჯერ ჩატარდეს ეპისკოპოსთა კრება, რომ მთელი სამთავროს ეპისკოპოსთა საერთო შეკრებაზე ასეთი სადავო საქმე განიხილონ. ამგვარად, საჯაროდ და სამართლიანად, ყველას მხარდაჭერით დამტკიცდეს თავისი ეპისკოპოსის დაუმორჩილებელთა უზიარებლობით დასჯა მანამ, სანამ ჯეროვნად მიიჩნევს ეპისკოპოსთა ერთობა რაიმე უფრო კაცთმოყვარული განაჩენის დამტკიცებას მისთვის. ხოლო კრებები იყოს ერთი მარხვამდე, რომ ყოველგვარი სულმოკლეობის აღკვეთით განწმენდილი მსხვერპლი შეეწიროს ღმერთს, ხოლო მეორე – რთველის დროს“.

კრება აღიარებს ეპისკოპოსების სრულ უფლებამოსილებას და მკაც რად უკრძალავს და სასჯელს განუწესებს იმ სასულიერო პირს, რომე ლიც ეპისკოპოსის გვერდის ავლით მიმართავს სხვა სასამართლოს:

„ეკლესიის მსახურად განჩინებული თითოეული დასის წარმომადგენელი თუ გასასამართლებელი გახდეს და გვერდი აუაროს საეკლესიო სამსჯავროს, ასეთს უნდა აეყაროს პატივი... ასევე მიგვაჩნია, თუ რომელიმე ეპისკოპოსის, მღვდლის, დიაკვნის ან სამღვდელო დასის რომელიმე წარმომადგენლის საქმე, ან საეკლესიო განსაკითხავი (სისხლის სამართლის), ან სამოქალაქო საქმე (დავა) ეკლესიაში საძიებლად აღიძრას, ხოლო მან გვერდი აუაროს საეკლესიო სამსჯავროს და საერო სამსჯავროში მოინდომოს მისი განხილვა, მის მხარესაც რომ იყოს სამართალი, მაინც უნდა დაეკარგოს თავისი ადგილი“ (ხელნაწერში აშიაზე მინაწერია: „ადგილი აქ ნიშნავს სამღვდელო პატივს“) (კართაგენის კრების მე-15 და 104-ე კანონი).

უკანონო და არამართებულია ყველა სასამართლო, მიუხედავად იმისა, ეპისკოპოსის, მღვდლის ან სხვა ეკლესიის წევრთა მიერ იქნება ის ჩატარებული თუ არა: „თუ ვინმე მღვდელი თავისი ეპისკოპოსის მიერ ბრალდებულ იქნეს, ასეთმა უნდა მიმართოს მეზობელ საეპისკოპოსოს, რომ მან მოისმინოს მისი საქმე და შეარიგოს თავის ეპისკოპოსთან. თუ ასე არ მოიქცეს, არამედ, რაც არა ჯერ არს, ის მოიმოქმედოს, და გადიდგულებულმა თავისი ეპისკოპოსის ზიარებისგან განიშოროს თავი, ცალკე ვინმესთან ერთად შესწიროს სიწმინდის მსხვერპლი ღმერთს და ამით განხეთქილება შემოიტანოს, ასეთი შეაჩვენონ და ჩამოართვან თავისი ადგილი. თუმცა წინასწარ უნდა განიხილონ, ხომ არ არის სამართლიანი მისი ბრალდება ეპისკოპოსის მიმართ“ (კართაგენის კრების მე- 10-11 კანონები).

თუკი კანონები სასულიერო პირებს უკრძალავს თვითნებურად სასამართლოს ჩატარებას, მაშინ, მით უფრო ეკრძალებათ იმ ადამიანებს, რომლებიც არ განეკუთვნებიან მართლმადიდებელ ეკლესიას და რომელთაც აღარა აქვთ მასთან ერთობა: ეფესოს III მსოფლიო კრების I კანონი ბრძანებს: „როდესაც შევიკრიბეთ კეთილმსახური მეფის ბრძანებისა მებრ ეფესოში, ჩვენ განგვიდგა ოცდაათზე მეტი ეპისკოპოსი, რომელნიც უზიარებელ იქნენ, ვინაიდან ადრევე განკვეთილნი იყვნენ როგორც ნესტორისა და კელესტის აშკარა თანამოაზრენი. წმინდა კრებამ ისინი უცხოჰყო საეკლესიო ზიარებისაგან და აუკრძალა მათ ყოველგვარი სამღვდელო მოქმედება. ეს კანონი ადგენს, რომ თუ კრებას ვერ დაესწრება რომელიმე სამღვდელო პირი, რომელიც თავის სოფელსა ან ქალაქში დარჩება რაიმე საეკლესიო ან ხორციელი მიზეზის გამო, საჭიროა, რომ მან შეიტყოს კრების გადაწყვეტილება. და თუკი ეპარქიის მიტროპოლოტი განუდგება წმინდა მსოფლიო კრებას და მიემხრობა ან უკვე მიემხრო განდგომილთა შეკრებას, ან აღმოჩნდება კელესტისა და იოანე ანტიოქიელის თანამზრახველი, ასეთი სამღვდელო პირი დამხობილ იქნება და ვეღარსად შეძლებს სამღვდელო მოქმედების შესრულებას. იგი ეპარქიის ეპისკოპოსთა საწინააღმდეგოს ვერაფერს მოიმოქმედებს, როგორც კრების მიერ საეკლესიო ზიარებისაგან განკვეთილი. ის დაემორჩილება მართლმადიდებელი მიტროპოლიტის განჩინებას და საეპისკოპოსო პატივი წართმეულ ექნება“.

ამავე კრების III კანონის თანახმად, „სამღვდელო პირებმა, რომელთაც ნესტორმა და მისმა მომხრეებმა წაართვეს მღვდლობა მართლმადიდებლური აღმსარებლობისთვის, ისევ უნდა მიიღონ თავიანთი ხარისხი და პატივი. კრება უბრძანებს მართლმადიდებელ და მსოფლიო კრების თანამოაზრე სასულიერო პირებს, რომ არასოდეს არაფერში არ დაემორჩილონ განდგომილ ეპისკოპოსებს“.

ძველ დროის ეკლესიაში, ისევე როგორც, გარკვეულწილად, დღევანდელ დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ დადგენილ საზღვრებში ახორციელებდნენ საეკლესიო მსჯავრს სხვადასხვა სასულიერო პირები, რომლებსაც არ ჰქონდათ ეპისკოპოსის ხარისხი; მაგრამ ეს ხორციელდებოდა ეპისკოპოსის უშუალო კურთხევითა და უფლებამოსილებით. და მსჯავრი ასეთი პირებისა არ არის დამოუკიდებელი, როგორც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ატარებს სავალდებულო ძალას, რადგან კანონიკურად დამოკიდებულია ეპისკოპოსის განკარგულებაზე, ბრძანებაზე, როგორც ეს არის კანონით განსაზღვრული, რადგან ეპისკოპოსის მიერ აქვთ მიცემული მათ ეს უფლებამოსილება.

საეკლესიო სასამართლოს ექვემდებარება ყველაფერი, რაც ეხება საეკლესიო ცხოვრებას, როგორც ეკლესიის მსახურთა, ისე მრევლთან, მორწმუნე ერთან მიმართებით. დამოუკიდებელი, თვითმყოფადი კანონმდებლობითი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ეკლესიას აქვს უფლება, წარმართოს თავისი მსჯავრი ყველა საკითხთან დაკავშირებით, რასაც მოიცავს და ეხება ეს უფლებამოსილება და აქედან გამომდინარე, გაასამართლოს ყველა, ვინც საეკლესიო კანონის დამრღვევია. ეკლესიის ზედამხედველობა პასუხისმგებელია და ეხება ყველაფერი ეკლესიის ყველა წევრის სარწმუნოებრივი და ზნეობრივი ცხოვრების შესახებ, ამიტომ მის სასამართლოს ექვემდებარება და ის უფლებამოსილი, ვალდებულია აღასრულოს მსჯავრი.3

1 В. Цыпин, Церковное Право, 1996, გვ. 385.

2 Никодимъ, Православное Церковное Право, СПб., 1897, გვ. 460-461.

საეკლესიო სასამართლოები

საეკლესიო კანონმდებლობაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული, თუ რა სახის სასამართლოები შეიძლება არსებობდეს ეკლესიაში და რა სახის საქმეები შეიძლება ეხებოდეთ მათ.

მეორე მსოფლიო კრების VI კანონი განაწესებს საეკლესიო საქმეების სამართალწარმოების წესრიგს: „კონსტანტინეპოლის წმინდა კრების ეპისკოპოსებმა დაადგინეს, რომ ის, ვინც ბრალს დასდებს ეპისკოპოსს, არ უნდა იქნეს შეწყნარებული გამოძიების გარეშე, არც ეპისკოპოსის ყველა ბრალდების მიღება შეიძლება, არც ყველა ბრალმდებლის უკან გაბრუნება, ვინაიდან ბევრს აქვს სურვილი, არევ-დარევა შეიტანოს საეკლესიო წესრიგში, ააღელვოს მრევლი და ცილი დასწამოს ეპისკოპოსებს მტრობით, რათა შეარყიოს სასულიერო პირთა ავტორიტეტი. თუ ეპისკოპოსს ბრალი ედება კერძო, საერო ან ფულად [ქონებრივ] საქმეებში, ასეთი საჩივარი მიღებული უნდა იქნეს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის და რა სარწმუნოებისაა ბრალმდებელი და ეპისკოპოსის სინოდიც თავისუფალი უნდა იყოს, მომჩივანსაც მიეზღოს თავისი, რა რჯულისა და სარწმუნოებისაც უნდა იყოს იგი. საეკლესიო დანაშაულის დაბრალების შემთხვევაში, უნდა გამოიძიონ, ხომ არ არის ბრალმდებელი მწვალებელი. მწვალებელს არა აქვს უფლება, ბრალი დასდოს მართლმადიდებელ ეპისკოპოსს საეკლესიო საქმეების გამო. მისი ბრალდება არ იქნება მიღებული. მწვალებლებს ვუწოდებთ ძველად ეკლესიიდან გაძევებულ და შემდეგ ჩვენ მიერ შეჩვენებულ კლერიკოსებს. ბრალმდებლად არ მიიღებიან აგრეთვე განხეთქილების მომწყობნი, ე. ი. ისინი, ვინც გამოეყო თავის ეპისკოპოსს და ცალკე იწვევს კრებებს კანონიერი ეპისკოპოსების წინააღმდეგ. არ მიიღება ბრალდებლად არც ეკლესიისგან ბრალმდებული, განკანონებული, გაძევებული და უზიარებლობით დასჯილი, სამღვდელო პირი იქნება იგი თუ საერო. არ მიიღება არც არც ის ბრალმდებელი, რომელიც თავით არის ბრალდებული ვინმესგან, სანამ არ დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას. იმ შემთხვევაში, თუ ბრალმდებელი არც მწვალებელია, არც უზიარებელი და გაძევებული, არც ბრალდებული ვინმესგან და ამბობს, რომ აქვს საეკლესიო ბრალდება ეპისკოპოსის მიმართ, წმინდა კრება უბრძანებს მას, სამთავროს (ეპარქიის) ეპისკოპოსთა წინაშე წარმოთქვას ეს ბრალდება და ამხილოს ეს ეპისკოპოსი. ხოლო თუ სამთავროს (ეპარქიის) ეპისკოპოსები ვერ გადაწყვეტენ ეპისკოპოსის ბრალდების საქმეს, ვერ გაასწორებენ ბრალდებულს, მაშინ მათ უნდა მიმართონ დიდ კრებას. ეპისკოპოსთა განსაგებლის (ოლქის) კრებას, რომელიც ამ მიზეზით იქნება მოწვეული [ეპარქიად იგულისხმება, მაგალითად, ადრინოპოლი ან ფილიპოპოლი და ამ ქალაქთა მიმდებარე ადგილების საეპისკოპოსოები, ხოლო ოლქად, განსაგებლად იგულისხმება, მაგალითად თრაკია ან მაკედონია]. ამ დიდ კრებაზე საქმის დამწყებმა, ანუ ეპისკოპოსის ბრალმდებელმა, ბრალდების წარდგენამდე უნდა დადოს წერილობითი პირობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს თავის წაყენებულ ბრალდებას, თვით დაისჯება იმ სასჯელით, რომლითაც დაისჯებოდა ბრალდებული ეპისკოპოსი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში. ხოლო თუ ვინმე დაარღვევს, არ შეასრულებს ამ კანონს და მიმართავს სამეფო სასამართლოს, საერო მთავრის სამსჯავროს ან მსოფლიო კრებას, ის არ იქნება მიღებული ბრალმდებლად, როგორც კრების კანონის შეურაცხმყოფელი და საეკლესიო კეთილწესიერების გამრყვნელი“.

მეოთხე მსოფლიო კრების მე-9 კანონი პირადი სახის საქმეების წესრიგს ადგენს სასულიერო პირთა შორის: „თუ რომელიმე სასულიერო პირს სამართლებრივი საქმე ჰქონდეს სხვა სასულიერო პირთან, გვერდს ნუ აუვლის თავის ეპისკოპოსს და სამოქალაქო სამსჯავროს წინაშე ნუ წარდგება, არამედ პირველად თავის ეპისკოპოსს გააცნოს საქმის ვითარება და ეპისკოპოსის მხარდაჭერით, სადაც ორსავე მხარეს ენდომება, იქ შეიკრიბოს სასამართლო. თუ ვინმე ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, მას კანონმიერი სასჯელი დაედოს. თუ სასულიერო პირს სამართლებრივი საქმე ჰქონდეს თავის ან სხვა ეპისკოპოსთან, სამთავროს კრებამ გამოიძიოს საქმე, იმ მხარის ეგზარქოსს (პატრიარქს), ან კონსტანტინეპოლის სამეუფეო საყდარს მიმართონ და მის წინაშე განისაჯონ“. ბალსამონი ამ კანონის განმარტებისას, იმ დროსათვის არსებულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით ამბობს: „თუ კლერიკოსს სურს უჩივლოს სხვა კლერიკოსს, ეპისკოპოსს ან მიტროპოლიტს, ის კანონის მიერ ვალდებულია, შეიტანოს თავისი საჩივარი იმ სასამართლოში, რომელიც ესადაგება ბრალდებულს, კლერიკოსი და მონაზონი უნდა წარდგნენ ეპისკოპოსის სასამართლოს წინაშე, ეპისკოპოსი მიტროპოლიტის სასამართლოს წინაშე, ხოლო მიტროპოლიტი – პატრიარქის სასამართლოს წინაშე“.4

აქ მკაფიოდ და ზუსტად არის წარმოდგენილი სასამართლოს სამი ინსტანცია: ეპისკოპოსის, მიტროპოლიტის და პატრიარქისა. სხვა წყა როებში ვხვდებით კიდევ ერთ სასამართლო საფეხურს, ეპისკოპოსის სასამართლოზე დაბლა მდგომს მცირე ეპარქიულ ტერიტორიაზე, რომელსაც დღევანდელი საეკლესიო-ადმინისტრაციული ტერმინოლოგიით შეიძლება ვუწოდოთ პროტოპრესვიტერთა („ბლაღოჩინთა“) სასამართლო. ამგვარად, კანონიკურ წყაროებში ჩვენ ვხვდებით ოთხ საეკლესიო სასამართლო ინსტანციას.

კანონიკურ საფუძვლებზე დაყრდნობით და მის მიხედვით, მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა სახის მმართველობა მოქმედებს კრებსითად. აქედან გამომდინარე, ასევე მოქმედებს სასამართლო მმართველობაც. ეპისკოპოსთა პირად სასამართლოს ექვემდებარება მხოლოდ სასულიერო პირების ისეთი გადაცდენები, რომელიც არსებითად ეხება მხოლოდ ერთი ადამიანის პირადი სინდისის საკითხს და არ აცდუნებს ხალხს. ამიტომ დამნაშავეები შეიძლება გამოსწორდნენ წინამძღვართა შეგონებითა და ეპისკოპოსის მიერ გაფრთხილების გამოტანით. ეპისკოპოსის პირადი სასამართლო ტარდება ყოველგვარი ფორმალობების გარეშე და მისი განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებასა და შემდგომი საფეხურის სასამართლო განხილვას.

1. საეკლესიო სასამართლოს ყველაზე დაბალ ინსტანციას წარმოადგენს პროტოპრესვიტერთა სასამართლო. ეს ინსტანცია არ არის დამოუკიდებელი, იგი ეპარქიის ეპისკოპოსის უფლებამოსილებით მოქმედებს. მათი არსებობა იწყება ეკლესიის პირველი პერიოდიდან, როდესაც განწესდა საეკლესიო მმართველობაში საქორეპისკოპოსოები და ქორეპისკოპოსები აწარმოებდნენ ამ სასამართლოს. ლაოდიკიის კრების 57-ე კანონის თანახმად გაუქმდა საქორეპისკოპოსოების თვითმყოფადობა. შემდეგ ეს ძალაუფლება პერიოდიტებს მიეცათ, უფრო მოგვიანებით – პროტოპრესვიტერებს. პროტოპრესვიტერთა სასამართლოს კანონიკურად ეკუთვნის მსახურებასთან დაკავშირებით წარმოშობილი საკითხები, ასევე მრევლის მიერ გამოთქმული საჩივრები სასულიერო პირთა მიმართ მათ მსახურებასთან დაკავშირებით. თუ პროტოპრესვიტერი შეძლებს ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას, ამის შესახებ ის ატყობინებს ეპარქიის მმართველს, საკითხის გადაუწყვეტლობის შემთხვევაში ამ საკითხის განხილვა გადაეცემა ეპარქიის მმართველს და ის გამოიტანს ამ საქმეზე განჩინებას.

2. ეპისკოპოსთა სასამართლოს ყოველთვის წარმოადგენდნენ ეკლესიაში ეპისკოპოსთან ერთად გამორჩეული კლერიკოსები, ღვთისმსახურები. რადგან პროტოპრესვიტერთა სასამართლო კანონთა მიხედვით არ არის თვითმყოფადი, საეკლესიო საქმეთა განსახილველად პირველ ინსტანციად სწორედ ეპისკოპოსთა სასამართლო მიიჩნევა, რომელსაც უცილობლად უნდა ემორჩილებოდეს ყველა, ვისაც აქვს გარკვეული სადავო საქმეები საეკლესიო მმართველობასთან მიმართებით. მას უპყრია საკითხის განხილვის, სასჯელის გამოტანის უფლება, რომლის არშესრულების შემთხვევაში მკაცრ სასჯელის აკისრებს დამრღვევს. მეოთხე მსოფლიო კრების მე-8 კანონი განაწესებს: „საგლახაკოს, მონასტრის, სამარტვილოს სამღვდელო დასის წარმომადგენლები უნდა ემორჩილებოდნენ ქალაქის ეპისკოპოსთა და თავის ეპისკოპოსთა ხელმწიფებას და თავის ეპისკოპოსს თავხედობით ნუ შეურაცხყოფენ. ვინც ეს განწესება რაიმე სახით დაარღვიოს და არ დაემორჩილოს თავის ეპისკოპოსს, თუ სასულიერო პირი იყოს – განკანონდეს, ხოლო თუ მონაზონი ან ერისკაცი – უზიარებლობით დაისაჯოს.

3. სამიტროპოლიტო სასამართლო, რომელიც იხსენიება კანონიკურ წყაროებში, იწარმოება სამხარეო (სამიტროპოლიტო) კრებებზე. საოლქო ან ადგილობრივი კრება გვევლინება ან სასამართლოს პირველ ინსტანციად, ან სასამართლოს მეორე ინსტანციად. როგორც პირველი ინსტანცია, ის განიხილავს ეპისკოპოსთა შორის დავებს და შემდეგ იშვიათად მრევლის მიერ შემოსულ საჩივრებს ეპარქიის ეპისკოპოსზე; და როგორც მეორე ინსტანცია, სწორედ როგორც სააპელაციო სასამართლო, რომელიც იხილავს საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, თუ რამდენად სამართლიანია ის.

4. სამიტროპოლიტო სასამართლო საეკლესიო სასამართლოს ბოლო ინსტანცია იყო, სანამ მიტროპოლიტები დამოუკიდებელნი იყვნენ შიდა საეკლესიო მმართველობისას თავის სამიტროპოლიტოებში. როდესაც დადგინდა პატრიარქის ტიტული და ხუთ საყდარს საპატრიარქო თვითმყოფადი ეკლესიის ტიტული მიენიჭა, მხოლოდ სამიტროპოლიტოების მცირე ნაწილმა შეინარჩუნა თვითმყოფადობა. დანარჩენები ახლად ჩამო ყალიბებული საპატრიარქოების შემადგენლობაში შევიდნენ. ამ ცვლილების შედეგად სამიტროპოლიტოები გარკვეული საპატრიარქო კრების მმართველობას დაექვემდებარნენ, სამიტროპოლიტო სასამართლოც – მესამე ინსტანციას საპატრიარქო სასამართლოს. არსებობს პირველი, მეორე და მესამე სასამართლო ინსტანცია, როგორც პირველი ინსტანცია, ეს სასამართლო მოქმედებს ყველა საჩივარზე, რომელიც მიტროპოლიტთა მიმართ შემოვიდა კონკრეტულ საპატრიარქოში; შემდეგ მიტროპოლიტთა შორის, და მიტროპოლიტების მიერ შემოსულ საჩივრებზე კლერიკოსებზე და ეპისკოპოსებზე, დაბოლოს, თავად პატრიარქზე, თუ ამის გარდაუვალი საჭიროებაა. როგორც მეორე ინსტანცია, ის როგორც სააპელაციო სასამართლო განიხილავს სამიტროპოლიტო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებს, და როგორც მესამე და საბოლოო ინსტანცია, ადგენს საბოლოო განაჩენს ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ქვედა ინსტანციებში განიხილეს და მას გადმოეგზავნა განსახილველად, ეს არის საპატრიარქო სასამართლოს კომპეტენცია.5

3 Никодимъ, Православное Церковное Право, СПб., 1897, გვ. 462.

4 Правила Святыхъ Вселеснскихъ Соборовъ с толкованiями, М., 1877, გვ. 183-184.

5 Никодимъ, Православное Церковное Право, СПб., 1897, გვ. 471-476.

თანამედროვე სამართალწარმოება

აღმოსავლეთის ოთხივე საპატრიარქოში საპატრიარქო სასამართლოს ძალაუფლება გავრცელდა მართლმადიდებელ ქრისტიანთა როგორც საეკლესიო, ისე საერო საქმეებზე. ყველა ამ საქმის განხილვისა და წარმართვისას, არსებითად, იგივე წესი იყო დაცული, როგორიც მანამდე საერო სასამართლოს ჰქონდა პრაქტიკაში ბიზანტიის იმპერიაში. სხვა ყველა ადგილობრივ ეკლესიაში საერო სასამართლო სახელმწიფოს, ხოლო საეკლესიო სასამართლო ეკლესიის განკარგულებაში დარჩა. ამ საქმეთა განხილვის გარკვეული სასამართლო წესი არსებობს, შემცირებული და ფორმალური.

შემჭიდროებული სახით განხილული საქმეები ტერმინის შესაბამისად გვიჩვენებს, რომ უნდა ყოფილიყო მომცრო, დიდი ფორმალობების გარეშე და განიხილებოდა სწრაფად. ასეთი სახის სამართალწარმოებისას, ბრალმდებელს მტკიცებულებებთან ერთად შეაქვს საჩივარი საეკლესიო სასამართლოში, ხოლო სასამართლო აცნობს ბრალდებულს მასზე აღძრულ საქმეს, რათა მიიღოს პასუხი მისგან ბრალდებაში არსებულ მტკიცებულებებთან და საჩივართან დაკავშირებით, რომელიც უნდა წარუდგინოს სასამართლოს მოკლე ვადაში, რაზეც ის არის ვალდებული, რათა ჩაინიშნოს პროცესის დრო. შემდეგ სასამართლოს მდივანი დადგენილ დღეს გააცნობს ბრალმდებელს ბრალდებულის პასუხს, ამის შემდეგ შეაქვს პროტოკოლში როგორც ბრალმდებლის საწინააღმდეგო აზრი, ასევე ბრალდებულის შემდგომი განცხადებები. როდესაც ორივე მხარეს საკმარისად მოუსმენენ და ყველაფერი მომზადება საბოლოო განაჩენისთვის, მოწინააღმდეგე მხარეებს გაიყვანენ სასამართლო სხდომიდან, ხოლო სასამართლოს წევრებს, საქმის სრულად განხილვის შემდეგ, გამოაქვთ განაჩენი, რომელიც სასამართლოს მდივანს მაშინვე შეაქვს პროტოკოლში. ამის შემდეგ ორივე მხარეს შეიყვანენ სასამართლო სხდომაზე, სადაც მათ წაუკითხავენ განაჩენს. მას მაშინვე აღასრულებენ.

შემჭიდროებული სამართალწარმოებისგან განსხვავდება ფორმალური სამართალწარმოება. ასეთი სახის სამართალწარმოება სასულიერო პირთა სასამართლოს შემთხვევაში და ქორწინებასთან დაკავშირებულ პროცესებში სხვადასხვაგვარად წარიმართება.

1) სასულიერო პირთა მიმართ სასამართლო პროცესი შეიძლება აღიძრას წერილობითი საჩივრის შეტანით საეკლესიო სასამართლოში კონსისტორიაში (საეპარქიო ორგანო, რომელსაც ჰქონდა ადმინისტრაციული და სასამართლო ფუნქციები) ან პოლიციის პროტოკოლის მიხედვით. შესაძლოა ეკლესიის მმართველთა მიერ აღიძრას საქმე ეკლესიაში არსებული დარღვევის, გადაცდომის შემთხვევაშიც. ვიდრე დაიწყება დანაშაულის გამოძიება, კონსისტორია მოითხოვს ბრალდებულისგან ახსნა-განმარტებას. მისი მიღების შემდეგ დაიკითხება ბრალმდებელი, ბრალდებული და მოწმე. ამასთან ერთად, მათ პირზე დააყენებენ ერთმანეთს, განიხილავენ საქმის გარემოებას სრულად და შეაგროვებენ სამხილებს. ბრალდებულს აქვს უფლება, მას მოუსმინონ ყურადღებით არამარტო იმ საკითხში, რომელშიც ის ბრალდებულია, არამედ იმაშიც, თუ რა შეუძლია მან თქვას თავდაცვის მიზნით. მას მიეკუთვნება უფლება ბოლო სიტყვისა. თუ კონსისტორია დანაშაულის სახის გამო იფიქრებს, რომ გამოძიება ადგილზეც უნდა ჩაატაროს, უნდა გამოარჩიოს სანდო პირი და აღჭურვოს უფლებამოსილებით ამ საკითხის გარკვევაში. მან უნდა წარმოადგინოს საქმის დაწვრილებითი აღწერა. თუ დანაშაული მძიმეა, შესაბამისად, მოითხოვს მძიმე სასჯელს, მაშინ კონსისტორია მოითხოვს არა უმცირეს სამკაციანი კომისიის შექმნას საქმის დაწვრილებითი გამოძიებისთვის. და თუ მიიჩნევს, რომ შეგროვებული მასალა არ არის საკმარისი გამოძიების სწორად წარმართვისთვის, მაშინ გააგრძელებს ძიების პროცესს მანამდე, ვიდრე არ მიიღებს ყველაფერზე სრულ ინფორმაციას, ზუსტ ცნობებს. იმ შემთხვევაში, თუ საქმის გამოძიება ფერხდება, გაიწელება ძიების პროცესი, ბრალმდებელს შეუძლია გაასაჩივროს ეპარქიის ეპისკოპოსთან. ძიების პროცესის მიმდინარეობის დროს, თუ ის ხანგრძლივ დროს მოიცავს, ეპისკოპოსს შეუძლია ბრალდებულ სასულიერო პირს შეუჩეროს მსახურება განაჩენის გამოტანამდე. როდესაც ძიება დასრულდება და ყველა ცნობა ამ საქმესთან დაკავშირებით მოგროვდება, კონსისტორია შეუდგება სასამართლო პროცესს და გამოიტანს თავის განაჩენს – დამნაშავედ ცნობს სასულიერო პირს დანაშაულის ჩადენაში, ან გაამართლებს და უდანაშაულოდ ცნობს ბრალდებაში. პირველ შემთხვევაში ის ბრალდებულს აცნობს განაჩენს სასჯელის დაკისრებით, უშუალოდ მისი ხელმძღვანელის მეშვეობით. თუ ბრალდებული უკმაყოფილოა განაჩენით, შეუძლია სააპელაციოდ გაასაჩივროს უმაღლეს საეკლესიო სასამართლო ინსტანციაში ამ საქმისთვის განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ თუ ამ ვადაში ვერ ჩაეტევა, კარგავს ამ უფლებას და უნდა დაემორჩილოს კონსისტორიისგან გამოტანილ განაჩენს. მაგრამ თუ ბრალდებული ჩაეტევა დროში და გაასაჩივრებს განაჩენს, მისი აღსრულება გადაიდება უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე.6

საეკლესიო სასჯელები

თუკი ეკლესიას აქვს თვითმყოფადი საკანონმდებლო ძალა და უფლებამოსილია, დაიცვას საკუთარი იურიდიული ურთიერთობა, მაშინ აუცილებელია ეკლესიაში არსებობდეს დასჯის, სასჯელის დაკისრების უფლებამოსილება ყველა იმ მოქმედებაზე, რომელიც არღვევს შიდა ურთიერთობებს და დამაბრკოლებელია ეკლესიისთვის საკუთარი მიზნის განხორციელების გზაზე, რაც მას აკისრია მსოფლიოს წინაშე. ერთი უფლებამოსილება მეორეს გარეშე წარმოუდგენელია, რადგან თუ კანონი თავის თავში სანქციის მატარებელი არ არის, მაშინ ის ცარიელ სიტყვას წარმოადგენს. ვინც ეკლესიის წევრია, ის უცილობლად უნდა ემორჩილებოდეს მის კანონებს, მაგრამ თუ ის კეთილი ნებით არ ემორჩილება, მაშინ უნდა აიძულო, დაემორჩილოს მას, თუკი სურვილი აქვს, დარჩეს ეკლესიის წევრად. ეკლესიის უფლებამოსილება, რომელიც სჯის ჯიუტ მოწინააღმდეგესა და კანონდამრღვევს, ეფუძნება საღვთო სამართალს, ისევე როგორც სასამართლო ძალმოსილება.

წმინდა წერილის ის მონაკვეთი, რომელიც მოვიყვანეთ საეკლესიო სასამართლოსთან დაკავშირებით, გვეუბნება, რა არის საეკლესიო სასჯელის არსი: „ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენს მიმართ, მიდი და ამხილე, როცა მარტო იქნებით ორივენი; თუ შეისმინა შენი, შეგიძენია ძმა შენი. ხოლო თუ არ შეისმინა, მიიყვანე ერთი ან ორი კაცი, რათა ორი თუ სამი მოწმის პირით დადასტურდეს ყოველი სიტყვა. და თუ არც მათსას შეისმენს, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი“ (მათე, 18, 15-17).

ეკლესიის დამაარსებელმა მოიხსენა საშუალებები, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს კანონის დამრღვევის მიმართ და დაამატა, რომ დაუმორჩილებლობის, შეუსმენლობის შემთხვევაში, შეუჩერდეს ეკლესიასთან ურთიერთობა, განიკვეთოს მისგან. აქედან გამომდინარე ეკლესიიდან განკვეთა არის უკიდურესი და ყველაზე უმაღლესი სასჯელი, რომელიც საეკლესიო სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს და დააკისროს ბრალდებულს, რომელმაც დაარღვია საეკლესიო კანონი. ურთიერთობაში მოიაზრება ყველა უფლება, რომელსაც იღებს ადამიანი ნათლობის გზით ეკლესიაში გაწევრიანების შემდეგ, რომელთაგან ყველაზე აღმატებულია წმინდა ზიარების საიდუმლო. ეს უფლებები ეკლესიის ყველა წევრს ეკუთვნის, განურჩევლად მისი მდგომარეობისა ეკლესიის წიაღში, თუკი ის ასრულებს ეკლესიის სწავლებასა და საეკლესიო კანონებს. საზოგადოება და ეკლესიის წევრები სარგებლობენ ყველა ამ უფლებით, რომელსაც ეწოდება KommunioLaica. ეკლესიაში გარდა საერო პირებისა, არიან ასევე სასულიერო პირები, ვისი მეშვეობითაც მოგვეწოდება მადლისმიერი ძღვენი. სასულიერო პირები თავისი მაღალი მდგომარეობით ეკლესიაში სარგებლობენ ზეუფლებებით, ეკლესიის ყველა წევრისთვის განკუთვნილი უფლებებითა და, ამასთანავე, ზოგიერთი განსაკუთრებული უფლებით. ამ უფლებათა ერთობლიობას, რომელიც მიეკუთვნება სასულიერო პირებს, ეწოდება KommunioKlerikalis. სხვა კავშირთა და გაერთიანებათა მსგავსად, აქაც განსხვავებული ხარისხის უფლებებია, რითაც კავშირის წევრები სარგებლობენ: მათ შორის ზოგი უფლება ძირითადია, მთავარი, ზოგი კი – მეორეხარისხოვანი. ამიტომ დადგენილი კანონის დარღვევის დროს, დამნაშავეს გარკვეული უფლება ჩამოერთმევა და რაც უფრო მძიმეა დანაშაული, მით მეტ უფლებას კარგავს იგი. რადგან ყველა საეკლესიო სასჯელის არსი, ეხება ეს სასულიერო თუ საერო პირს, მოიცავს ეკლესიასთან ურთიერთობის ჩამოშორება-შეჩერებას. სასჯელის ხარისხიც დამოკიდებულია ეკლესიასთან მეტ-ნაკლები ურთიერთობის უფლების ჩამორთმევასა თუ შეჩერებაზე, რომლითაც მანამდე სარგებლობდა დამრღვევი. გასათვალისწინებელია კანონდამრღვევი ეკლესიის წევრის სოციალური სტატუსი – ერისკაცია ის თუ სასულიერო დასის წარმომადგენელი, რადგან ერისკაცის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სხვა სახის სასჯელი განისაზღვრება, ხოლო სასულიერო პირის შემთხვევაში სხვა სახისა. ყველაზე მაღალი სასჯელი, რომელსაც შეიძლება დაექვემდებაროს სასულიერო პირი, ეს არის სამღვდელო ხარისხის ჩამორთმევა, ახსნა სამღვდელო ხარისხისა. ხოლო უმაღლესი სასჯელი საერო პირისთვის ეკლესიისგან განკვეთაა. ამ უკანასკნელს სასულიერო პირი თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ დაექვემდებარება; მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება მასზე ასეთი სასჯელი, როდესაც მას ჩამოაშორებენ სასულიერო დასს და გადავა საერო პირთა რანგში; საერო პირის სტატუსითაც თუ ჩაიდენს დანაშაულს, რომელიც სასჯელს ექვემდებარება, ამ შემთხვევაში იგი უკვე განიკვეთება. მაგრამ სასულიერო დასში მყოფი იმავე დანაშაულის გამო მხოლოდ სასულიერო დასიდან განიდევნება, მას ხარისხს აყრიან. ე. ი. უმაღლესი სასჯელი სასულიერო პირისთვის განისაზღვრება სასულიერო დასიდან ჩამოშორებით. ამის მიზეზი მოციქულთა 25-ე კანონშია გამოთქმული, სადაც წმინდა წერილიდან არის მოყვანილი შემდეგი ტექსტი: „ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, მხილებული სიძვაში, ფიცის გატეხასა ან მოპარვაში, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს, მაგრამ საეკლესიო თანაზიარებიდან არ განკანონდეს, რადგან წმიდა წერილი ამბობს: „... შურს ნუ იძიებ ერთი რაიმესთვის ორგზის“ (ნაუმ., 1,9). იმავეს განვაწესებთ დასის სხვა წევრების მიმართაც“.

ბასილი დიდი მესამე კანონში იმავეს განაწესებს: „თუ დიაკონმა დიაკვნად ხელდასხმის შემდეგ ისიძვოს, დიაკვნობა ჩამოერთვას და მიეცეს ერისკაცებთან ერთად ზიარების უფლება, რადგან ძველია ის კანონი, რომელიც სამღვდელო ხარისხჩამორთმეულს მხოლოდ ამ სასჯელს აკმარებს. როგორც ვფიქრობ, ეს მოდის ძველი სჯულიდან, რომელშიც ნათქვამია: „არ დასაჯო ორი სასჯელით ერთდროულად“ (ნაუმ., 1,9). არის სხვა მიზეზიც: თუ ერისკაცებიდან ვინმე გაძევებული არის უცთომელი მორწმუნეების რიცხვიდან, მონანიების შემდეგ ისევ შეიწყნარებენ მას და დააბრუნებენ თავის ადგილზე მორწმუნეთა შორის, საიდანაც განიდევნა. ხოლო დიაკონს ერთგზის მიეზღვება განკვეთის სასჯელი და აღარასდროს დაუბრუნდება დიაკვნის ხარისხი, ამიტომ მხოლოდ ეს ერთი სასჯელი დაუწესეს. ასეა ეს წესების მიხედვით, მაგრამ ყოველმხრივი და უჭეშმარიტესი განკურნება არის ცოდვისაგან სრული განშორება. ამიტომ ვინც ცოდვა იგემა და უგულებელყო მადლი, ხორცის შემუსვრითა და დიდი შრომით, სურვილთა ალაგმვითა და გემოთმოყვარეობით, რომლისგანაც დაეცა, განშორებით უნდა მოგვცეს თავისი ყოველმხრივი და სრული განკურნების თვალსაჩინო დასტური. ჩვენ ორივე უნდა ვიცოდეთ. პირველი ის, რაც ჩვეულებით გადმოგვეცა და დაწესებულია, და მეორე ის, რაც უცთომელი წესიერებით გვეძლევა მათთვის, ვინც ვერ მიაღწევს ნამდვილ, ჭეშმარიტ განკურნებას“.

სასჯელებს საეკლესიო სამართალში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომელიც განპირობებულია ეკლესიის მთავარი მიზნით. მთავარი და უპირველესი მიზანი საეკლესიო სასჯელისა ისაა, რომ ჭეშმარიტ გზას შემთხვევითობით აცდენილი ეკლესიის წევრი სასიკეთოდ წარმართოს. საეკლესიო კანონის დამრღვევი წევრის მიმართ ეკლესია იძულებით ფორმებს იმიტომ მიმართავს, რომ იბრძვის, რათა მასში აღძრას სინანული და გამოსწორებისკენ სწრაფვა, რათა ადამიანმა დაკარგული მადლი ისევ შეიძინოს, მადლი რომლის მიღებაც მხოლოდ ეკლესიასთან ურთიერთობით ძალუძს. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მისგან სრული ჩამოშორება ეკლესიის რომელიმე წევრისა. საამისოდ ეკლესიის მიერ გამოყენებული საშუალებები შეიძლება იყოს მკაცრი, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სასარგებლო იქნება ეს მისთვის, მისი ღირსებისთვის.

როგორც ყველა სახის გაერთიანებასა და საზოგადოებაში, ასევე ეკლესიაშიც, უნდა განისაჯონ და მსჯავრი დაედოთ კანონდარღვევაზე, რომელსაც ეკლესიის ერთეული წევრები ჩადიან. ამ დარღვევას მმართველი გააკონტროლებს საეკლესიო კანონის ძალით, რადგან ასეთმა წევრებმა, შესაძლოა, ადვილად აიყოლიონ და ჩართონ სხვებიც კანონდარღვევებში, რაც ხელს შეუწყობს უკეთურების გავრცელებასა და გაძლიერებას. ამასთან ერთად, ეკლესიაში წესრიგიც დაირღვევა და მის სიცოცხლესაც საფრთხე დაემუქრება, თუ მას არ ექნება უფლება, დამნაშავე წევრები ეკლესიასთან ურთიერთობისგან განკვეთოს. ამასთან ერთად, ვერ დაიცავს დაავადებისგან ეკლესიის მორჩილ და ღირსეულ წევრებს.

საეკლესიო კანონმდებლობის მრავალი დადგენილება გვაჩვენებს, რომ ეკლესია ღრმად იყო დარწმუნებული დასჯის მექანიზმის აუცილებლობაში, რამდენადაც ის, ერთი მხრივ, აძლევდა ადამიანებს გამოსწორების საშუალებას, მეორე მხრივ, იმავე მოცულობით აფრთხილებდა დასჯის მეთოდით პოტენციურ კანონდამრღვევს, რათა ამით სრულად ყოფილიყო დაცული ეკლესიის სიკეთე. ზუსტად ასევე საეკლესიო კანონმდებლობის დადგენილებები გვეუბნება ჩვენ, რომ სხვადასხვა საეკლესიო სასჯელის დაკისრების შემთხვევებში, ამავდროულად, ეკლესიის ღირსებაც უნდა გათვალისწინდეს. როგორც პირველ საუკუნეებში, ასევე დღესაც, სხვა აღმსარებლობის ადამიანები პატივს უნდა სცემდნენ ეკლესიას, ხედავდნენ, რომ მისი წევრები გამოირჩევიან ზნეობრივი ცხოვრებითა და სამაგალითო მოქმედებებით; ამის საწინააღმდეგოდ, პატივისცემა მის მიმართ იკარგება მაშინ, როდესაც ნახავენ რომ ეკლესიის წევრები ზნეობას მოკლებული არიან და მათ შორის ბიწიერება, მანკიერება მეფობს; ამ უკანასკნელს ფართო გზა გაეხსნებოდა, თუ ეკლესია მთელი სიმკაცრით არ მოექცეოდა მათ, ვინც არღვევენ მის კანონებს, თუკი ის მოითმენდა დამნაშავეებს თავის საზოგადოებაში. ეკლესიის ღირსების შესანარჩუნებლად, საეკლესიო მმართველობა ვალდებულია, გამოიყენოს იძულებითი ზომები ყველასადმი, ვინც თავისი ქმედებებით, შესაძლოა, შელახოს მისი ღირსება და ამით სხვა აღმსარებლობის ხალხს მისცეს მიზეზი ეკლესიის უპატივცემლობისათვის. წმინდა ბასილი დიდი მე-6 კანონში მიუთითებს უდიდესი სიმკაცრისკენ იმ სასულიერო პირების მიმართ, რომლებიც მრუშობით დაეცნენ: „კანონის მორჩილთა, ღმრთისთვის შეწირულთა სიძვა ქორწინებად ნუ მიიჩნევა, არამედ ყოველი ღონით უნდა გაითიშოს მათი შეერთება. ამით ეკლესიის უცთომელობა იქნება წარმატებული და მწვალებლებიც ჩვენზე ძვირის სათქმელად არ გახსნიან პირს, რომ ჩვენ ცოდვას მივიზიდავთ მისთვის თავისუფლების მიცემით“.

ეკლესიის მიზანი დამნაშავე ერისკაცებთან მიმართებით მათი მოქცევა და გამოსწორების გზაზე დაყენებაა, რათა ისინი გახდნენ უზენაესი ღმრთის დამჯერი შვილები, ამიტომ მათზე დაკისრებული სასჯელები სრული გაგებით არის არა სასჯელი, არამედ ეპიტიმია. ეკლესია იღებს თანაზიარებაში ისეთ დამნაშავე ერისკაცსაც, რომელიც ექვემდებარებოდა ყველაზე უმაღლეს სასჯელს – ანათემას, იმ შემთხვევაში, თუ ის გულწრფელი სინანულით შეინანებს საკუთარ ცოდვას და შეასრულებს მასზე დაკისრებულ ეპიტიმიას. მაგრამ სრულიად სხვაგვარად უყურებს ეკლესია სასულიერო პირის მიერ ჩადენილ დანაშაულს: მის მიმართ ის სასჯელს განაწესებს ამ სიტყვის მკაცრი გაგებით. რაც უფრო ადრე დაარღვევს დადგენილ კანონს, მით უფრო მკაცრია სასჯელი. თუ მძიმეა დანაშაული და სასჯელი ვერ შეძლებს მის გამოსწორებისკენ წარმართვას, კანონი შეუჩერებს მსახურების შესრულების უფლებას; თუ უფრო მძიმეა, მაშინ სასულიერო იერარქიიდან განაყენებენ, პატივს აყრიან, ერისკაცის რანგში ჩამოიყვანენ და საერო ხელისუფლებას გადასცემენ, რათა მან გაასამართლოს ის, როგორც ყველა სხვა დამნაშავე. საერო პირთა დანაშაულს ეწოდება ცოდვა, ის ექვემდებარება შიდა საეკლესიო სასამართლოს, მხოლოდ აღსარების მეშვეობით, ხოლო სასულიერო პირთა დანაშაული – უმაღლეს საეკლესიო სასამართლოს.7

6 Никодимъ, Православное Церковное Право, СПб., 1897, გვ. 485-490.

7 Никодимъ, Православное Церковное Право, СПб., 1897, გვ. 491-495.

საერო პირთა სასჯელები

საეკლესიო სასჯელები, რომელთაც ექვემდებარებიან საერო პირები საეკლესიო კანონის დარღვევისა და შეცოდებათა გამო, იწოდება განკვეთად. სასჯელის არსი ისაა, რომ ეკლესია ცოდვის ჩამდენს, შეცოდების სიმძიმის მიხედვით, განაყენებს ზიარებისგან სხვადასხვა დროით. ასეთი სახის სასჯელი წარმოადგენს საშუალებას, რომელსაც ეკლესია იყენებს სინანულისა და აღსარების შემთხვევაში, ეკლესიაში შენარჩუნების მიზნით. ამავე მიზნით ის ცოდვილ შვილს აკისრებს სხვადასხვა სახის ეპიტიმიას, რომელიც მას უნდა ეტვირთა, ვიდრე ბოლომდე არ განიწმინდებოდა ცოდვისგან და ეკლესიასთან ურთიერთობის ღირსი არ გახდებოდა. რაც უფრო მძიმეა ცოდვა, მით უფრო მკაცრი და ხანგრძლივია სასჯელიც. არსებობდა სასჯელის ოთხი სახე, რომელიც უნდა ეტვირთა და გაევლო ცოდვის ჩამდენს.

1. მონანულს შეეძლო ყოფილიყო ტაძარში ლოცვის დროს სხვებთან ერთად, მაგრამ ზიარების უფლება არა ჰქონდა;

2. მას შეეძლო დასწრებოდა ეკლესიაში გარკვეულ ლოცვებს, მაგრამ არა ყველას, და გარკვეულ დროს მეტანიები შეესრულებინა; აღსარება უნდა ეთქვა ხმამაღლა, ყველას გასაგონად; მოუსმენდა ლოცვას, რასაც მასზე წაიკითხავდა მღვდელი და დატოვებდა ტაძარს.

3. მონანულს ეძლეოდა უფლება, მდგარიყო მხოლოდ ტაძრის მინაშენთან, კარიბჭეში, წირვის დასრულებამდე; ქადაგების მოსმენის უფლება არ ჰქონდა, ამ დროს უნდა დაეტოვებინა კარიბჭე.

4. ვინც ამ ეპიტიმიით ისჯებოდა, ეზოში, ტაძრის შესასვლელთან უნდა მდგარიყო მონანულის სამოსით და ყველა მართლმორწმუნისთვის ეთხოვა, ელოცათ მისთვის ღვთის წინაშე, ცოდვების მისატევებლად.

როგორც ვხედავთ, ბოლო სახის ეპიტიმია საკმაოდ მძიმე შესასრულებელი იყო. ასეთ სასჯელს ეკლესია ყველაზე მძიმე ცოდვის შემთხვევაში აკისრებდა თავის წევრს. ყველა ასეთი სასჯელი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო. ამ ხნის განმავლობაში მონანულს გარკვეულ ლოცვებს აკითხებდნენ, მარხვას უმძიმებდნენ, კეთილი საქმეების შესრულების ვალდებულებას აკისრებდნენ. ამ ყველაფერს ემატებოდა ისიც, რომ მონანულის სამოსით უნდა ევლო. სწორედ ამის შესახებ მიგვითითებს ანკვირიაში შეკრებილ ნეტარ მამათა კანონები:

„ვინც იძულებით შესწირა კერპს მსხვერპლი, ამათ გარდა ისინი, რომლებიც ვახშმობდნენ საკერპოში, და როდესაც მიჰყავდათ, მხიარულნი მიდიოდნენ, ძვირფასი სამოსელი ეცვათ და უზრუნველად ჭამეს გამზადებული ვახშამი, მიგვაჩნია, რომ ისინი ერთი წელი მსმენელად უნდა იყვნენ, სამი წელი – შევრდომილნი, ორი წელი – მხოლოდ ლოცვის ზიარნი და ამის შემდეგ უნდა მიიღონ სრული ზიარება“ (IV კანონი). „რომლებიც სამგლოვიარო სამოსლით მივიდნენ, დასხდნენ [კერპის წინ სავახშმოდ] და ცრემლით ჭამდნენ ამ სუფრასთან, თუ ისინი შეასრულებენ შევრდომის სამ წელს, მათ აქვთ ზიარების უფლება, წმინდა შესაწირავის გარეშე. ხოლო თუ არ ჭამეს, ორი წელი უნდა შეუვრდებოდნენ, ხოლო მესამე წელს შეუძლიათ ეზიარონ წმინდა შესაწირავის გარეშე. სრულ ზიარებას კი მიიღებენ მეოთხე წელს. ეპისკოპოსებს უფლება აქვთ, გამოცადონ მათი მოქცევა და უზიარებლობის ვადა კაცთმოყვარეობით შეუმოკლონ ან გაუვრცონ. პირველ ყოვლისა, უნდა განიხილონ მათი [ცდუნებამდე და ცდუნების შემდგომ] გატარებული ცხოვრება და შესაბამისად უნდა მიეზღოთ მათ კაცთმოყვარეობით“ (V კანონი). „ვისაც შეეშინდა მხოლოდ ტანჯვის მუქარისა, ან შენაძენი ქონების წართმევისა და ექსორიობისა [გადასახლებისა], და ამის გამო შესწირა მსხვერპლი კერპს, მაგრამ აქამდე სინანულით არ მოქცეულა, ხოლო ახლა, კრების დროს, მოვიდა და მოისურვა მოქცევა, საჭიროდ მიგვაჩნია მათი მსმენელად შეწყნარება აღდგომამდე, აღდგომის შემდეგ სამი წელი შევრდომით განკანონება და ზიარება სიწმინდეთა გარეშე. ამგვარად უნდა მივიდნენ ისინი სრულ ზიარებამდე, როდესაც სრულყოფენ ექვს წელს. თუ ზოგიერთები ამ კრებაზე ადრე არიან შეწყნარებულნი სინანულად, ის დრო მივიჩნიოთ მათთვის ექვსი წლის დასაწყისად. თუ ვინმეს ელის დიდი გაჭირვება და სიკვდილი სნეულებით, ან სხვა რამ მიზეზით, ასეთები დროზე ადრე უნდა შეიწყნარონ“ (VI კანონი).

ამავეს გვასწავლის ბასილი დიდის 22-ე და 75-ე კანონები:

„ვინც მოტაცებით მიიყვანს ცოლს, რომელიც ადრე სხვაზე იყო დანიშნული, მისი შეწყნარება არ შეიძლება მანამ, სანამ არ გაუშვებს მას. პირველ დანიშნულს უფლება აქვს, თუ სურს, მიიყვანოს ის ან გაუშვას. ხოლო თუ ვინმე თავისუფალს მიიტაცებს, ისიც უნდა გაუშვას და დაუბრუნოს თავის ნათესავებს. თუ მისი ახლობლები ნებას დართავენ, ქალის მშობლები იქნებიან ისინი, ძმები თუ მეურვეები, და თუ ინებებენ ქალის მიცემას, მაშინ დამტკიცდეს ეს თანაცხოვრება. ხოლო თუ არ ინებებენ, ნურც იქნებიან იძულებულნი. თუ ვინმეს მეუღლედ ჰყავს დედაკაცი, შერთული ფარული ან ცხადი იძულებითი განხრწნის შედეგად, საჭიროა მისი განკანონება სიძვის სასჯელის მიხედვით. ხოლო სიძვის მოქმედთა სასჯელი კი განსაზღვრულია ოთხი წლით. პირველ წელიწადს საჭიროა მათი ჩამოშორება ლოცვისაგან. ისინი უნდა შესტიროდნენ ეკლესიის კარიბჭესთან. მეორე წელს საჭიროა მათი შეწყნარება, მსმენელებთან ერთად. მესამე წელს – შევრდომით, მლოცველებთან ერთად, ხოლო მეოთხე წელს საჭიროა ერთან ერთად დგომა ზიარების გარეშე. მხოლოდ ამის შემდეგ ექნებათ მათ წმინდა საიდუმლოთა ზიარების უფლება“.

„მას, ვინც მამით ან დედით ერთ დასთან შეგინებულ იქნება, სალოცავ სახლში შესვლის უფლება არა აქვს, სანამ არ დაანებებს თავს უწესო და უსჯულო საქმეს. ხოლო იმ საშინელი ცოდვის შეგნების შემდეგ ის, სამლოცველო სახლის კართან მდგომარე, სამი წელი უნდა შესტიროდეს და ევედრებოდეს სალოცავად შემსვლელ ხალხს, რათა თითოეულმა თანაგრძნობით ლმობიერი ვედრება შესწიროს მისთვის უფლის მიმართ. ხოლო ამის შემდეგ კიდევ სამი წელი შეწყნარდება მსმენელად. საღმრთო წერილის კითხვისა და მოძღვრების მოსმენის შემდეგ ის უნდა განიდევნებოდეს გარეთ და ლოცვებს არ უნდა ეზიაროს. ამის შემდგომ, თუ ცრემლით ითხოვს და მუხლმოყრილი შეევედრება უფალს, გულის მჭმუნვარებითა და ღრმა თავმდაბლობით, უნდა მიეცეს შევრდომის სასჯელი კიდევ სამი წლით. ამგვარად თუ აჩვენებს სინანულის ღირს ნაყოფს, მეათე წელს შეწყნარებულ იქნეს თანამორწმუნეებთან ერთად ლოცვაზე, სიწმინდეთა ზიარების გარეშე. როდესაც ორი წელი იდგება მათთან ერთად, მხოლოდ შემდეგ გახდება სიწმინდეთა ზიარების ღირსი“.

დროთა განმავლობაში ამგვარი სახით დასჯა დაიკარგა. დღეს მხო ლოდ ზიარებისგან განყენება არსებობს, რომელიც დროის მეტ-ნაკლები ხანგრძლივობით ეკისრება ცოდვილს. როგორი სიმძიმისაც უნდა იყოს საერო პირის მიერ ჩადენილი დანაშაული, სინანულის შემთხვევაში, სიკვდილის წინ მას მაინც აზიარებენ, აქედან გამომდინარე, წესსაც უგებენ და ქრისტიანულად დაკრძალვის უფლებასაც აძლევენ. ამას პირველი მსოფლიო კრების მე-13 კანონი განაწესებს:

„მომაკვდავთა შესახებ კვლავაც დავიცვათ ძველი და კანონიერი სჯული, რომლის მიხედვითაც, სიკვდილის წინ არავინ უნდა მოაკლდეს უკანასკნელ უაღრესად საჭირო საგზალს; ხოლო თუ განწირულად მიჩნეული სიცოცხლეს მოუბრუნდება ზიარების მიღების შემდეგ, მაშინ დარჩეს მრევლთან მხოლოდ ლოცვით თანაზიარებაში. საერთოდ კი ყველა მომაკვდავი, ვინც ევქარისტიის ზიარებას ითხოვს, ეპისკოპოსის მხრიდან გამოიცადოს და ამის შემდეგ მიეცეს წმიდა ზიარებას“.

იმავეს განაწესებს წმ. გრიგოლ ნოსელის V კანონი: „ხოლო თუ ვინმე კანონის მიერ დაწესებული სასჯელის ვადის გასვლამდე დატოვებს ცხოვრებას, მამათა კაცთმოყვარეობა ბრძანებს, რათა სიწმიდეს აზიარონ და უკანასკნელ, გრძელ გზაზე ნუ გაუშვებენ უსაგზლოდ. ხოლო თუ სიწმინდეთა ზიარების შემდეგ ისევ ცოცხალი გადარჩება, დაყოს მან დადგენილი დრო სინანულის იმავე საფეხურზე, რომელზეც იყო, სანამ შემთხვეული გაჭირვების გამო აზიარებდნენ“.

ეკლესია უზიარებლად ტოვებს მხოლოდ მათ, ვინც სიკვდილის წინაც არ ნანობს თავის ცოდვას და ღვთის საწინააღმდეგო მდგომარეობით გადის ამქვეყნიდან ისე, როგორც თვითმკვლელი. ამის შესახებ წმინდა ტიმოთე ალექსანდრიელის მე-14 კანონი განსაზღვრავს:

„კითხვა: თუ ვინმე ცნობადაკარგული შეიმთხვევს რაიმე სასიკვდილოს, ან გადაიგდებს თავს სიმაღლიდან, შეიძლება ჟამისწირვის ჩატარება მისთვის თუ არა?

პასუხი: მღვდელმა უნდა განიხილოს, ნამდვილად ცნობადაკარგული იყო თუ არა, როდესაც ჩაიდინა ეს საქმე, ვინაიდან მიცვალებულის ახლობლებს ბევრჯერ სურთ მისთვის ჟამისწირვის ჩატარება, ამის გამო ტყუიან მის დასახმარებლად და ამბობენ, თითქოს გონება დაკარგული ჰქონდა. ხოლო ხანდახან ისიც ხდება, რომ კაცთაგან წყენის ან სხვა რამ გაჭირვების გამო სულმოკლეობით ჩაიდენს ვინმე ამას. მაშინ არ არის საჭირო, რომ ჟამისწირვა შესრულდეს მისთვის, რადგანაც თვითონ არის თავისმკვლელი. ამის გამო მღვდელმა ძალზე დაწვრილებით უნდა გამოიძიოს ეს, რომ არ დაისაჯოს“.

აქ მოხსენიებულ სასჯელთაგან განსხვავებული დამოკიდებულებაა ანათემირებულებზე. ამის შესახებ მეორე მსოფლიო კრების I კანონი განაწესებს:

„ნუ უგულებელვყოფთ ბითვინიის ნიკეაში შეკრებილ 318 მამათა სარწმუნოებას, არამედ იყოს იგი თავისი სახით. შეჩვენდეს ყველა მწვალებლობა: ევნომიანოსთა, ანუ უმსგავსოთა, ანუ არიანელთა მწვალებლობა, მათ ეწოდებოდათ ასევე ევდოქსიანები; სული მბრძოლთა, ანუ ნახევრად არიანელტა ერესი; საბელიანოზთა ერესი; მარკელიანოზთა ერესი; აპოლინარელთა ერესი“.

ამ სასჯელის საფუძველი თავად სახარებაშია, ე. ი. ღვთისგან დადგენილი განაჩენია: „ხოლო თუ ეკლესიისაც არ ისმინა, იყოს შენთვის, წარმართი და მეზვერე“ (მათ. 18, 17). ეკლესია ასეთ სასჯელს აკისრებს უკიდურეს შემთხვევაში ისეთ ადამიანებს, როდესაც არანაირი შესაძლებლობა აღარ არის ამ ადამიანების ჭეშმარიტ გზაზე მობრუნებისა. ანათემას გადაცემულ ადამიანს ერთმევა არა მარტო ის უფლებები, რომელიც აქვთ სხვა მორწმუნეებს ეკლესიის წიაღში (ერთობლივი ლოცვა, ეკლესიაში წირვაზე დასწრება და ზიარება), ასევე ურთიერთობა მართლმადიდებელ ქრისტიანებთან ჩვეულებრივი, ყოფითი ცხოვრების დონეზე. ამ შემთხვევაში ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანს ეკრძალებოდა მასთან რაიმე სახის ურთიერთობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისიც მკაცრად იქნებოდა დასჯილი. ამას მოციქულთა X-XI-XII კანონები განაწესებენ:

„თუ ვინმე ილოცებს უზიარებელთან ერთად, თუნდაც სახლში, ისიც უზიარებლობით დაისაჯოს“; „თუ რომელიმე სასულიერო პირი განკვეთილ სამღვდელო პირთან ერთად ილოცებს, როგორც მღვდელთან, ისიც უნდა განიკვეთოს“; „თუ ვინმე სამღვდელოთაგანი ან ერისკაცი უზიარებელი, ანუ შეუწყნარებელი წავა სხვა ქალაქში და შეწყნარებული იქნება დასამტკიცებელი წიგნის გარეშე, უზიარებელი უნდა გახდეს შემწყნარებელიც და შეწყნარებულიც“.

სასჯელები სასულიერო პირთათვის

სასულიერო პირთა სასჯელი ოთხი სახისაა:

1) გაფრთხილება;

2) მსახურებას ჩამოშორება, მსახურების შეჩერება;

3) განკვეთა;

4) ანათემას გადაცემა.

აქ მოხსენიებული შეჩერება ნიშნავს არა ზიარების შეჩერებას, როგორც ერისკაცთა შემთხვევაში, არამედ დამნაშავე სასულიერო პირისთვის მსახურების გაჩერებას, რომელიც შედარებით მსუბუქი სასჯელია მსუბუქი დანაშაულისთვის. განკვეთა, სამღვდელო ხარისხის აყრას, სასულიერო იერარქიის საფეხურიდან ერისკაცობამდე დამდაბლებას ნიშნავს. ანათემა როგორც ერისკაცისთვის, ასევე პატივაყრილი სასულიერო პირისთვის, ეკლესიისგან სრულად მოკვეთას გულისხმობს.

გარდა ამ უკანასკნელისა, ყველა სხვა სასჯელი გარკვეულ ხარისხს ითვალისწინებს იმის მიხედვით, თუ რა სახისა და სიმძიმისაა დანაშაული და საეკლესიო სასამართლო აკისრებს დროებით ან სამუდამო სასჯელს. მიზნიდან გამომდინარე, ყველა სასჯელი, რომელსაც შეიძლება დაექვემდებაროს სასულიერო პირი, განიყოფა. მათი ნაწილი მიმართულია დამნაშავე სასულიერო პირის გამოსასწორებლად, ნაწილი კი დასასჯელად, ამ სიტყვის სრული გაგებით.

გაფრთხილება არის შეხსენება, მითითება სასულიერო პირის ვალდებულებასა და პასუხისმგებლობაზე, რომელიც აკისრია მას ეკლესიაში. ამ სასჯელს ექვემდებარება ყველა სასულიერო პირი, რომელიც ჩაიდენს მცირე გადაცდომასაც კი. მას შეახსენებენ გადაცდომის სიმძიმეს და შედეგს, რაც მას შეიძლება მოჰყვეს. თუკი არ გამოსწორდება, გაფრთხილება მეორდება ორჯერ ან სამჯერ, ხოლო ამის შემდეგ უკვე სხვა სასჯელი დაეკისრება. მოციქულთა 31-ე კანონის თანახმად, „თუ მღვდელი შეურაცხყოფს თავის ეპისკოპოსს, ცალკე მოაწყობს კრებას, აღმართავს სხვა საკურთხეველს და არ დაემორჩილება ეპისკოპოსს სიმართლითა და კეთილმსახურებით, იგი უნდა განიკვეთოს, როგორც ძალაუფლებისმოყვარე, რადგანაც მოძალადეა; ასევე სხვა სასულიერო პირები, მისი მიმდევრები, ხოლო ერისკაცნი უზიარებლობით დაისაჯონ. ეს ასე მოხდეს ეპისკოპოსის მისადმი ერთი, ორი და სამი თხოვნა-ვედრების შემდეგ“.

საყვედური. საყვედურს კითხულობს ეპისკოპოსი ან კრება; განმეორების შემთხვევაში საყვედური სახალხოდ წაიკითხება და ეს ხარისხით უფრო მაღალი და მკაცრი სასჯელია, ვიდრე ეპისკოპოსის მიერ წაკითხული. საყვედური, როგორც ეკლესიის სასჯელი, ყველაზე უფრო ძველ საეკლესიო კანონებში – მოციქულთა განწესებანში იხსენიება. მასზე საუბრობს ასევე IV მსოფლიო კრების მე-19 კანონი: „ჩვენს ყურამდე მოვიდა, რომ სამთავროებში კანონებით განწესებული ეპისკოპოსთა კრებები არ ტარდება, რის გამოც ბევრი საეკლესიო საქმე, რომელიც გადაჭრას საჭიროებს, უგულებელყოფილია. ამიტომ წმინდა კრებამ დაადგინა: წმინდა მამათა კანონისამებრ, წელიწადში ორჯერ უნდა შეიკრიბონ სამთავროს ეპისკოპოსები, სადაც მიტროპოლიტი ინებებს და განიხილონ შემოსული საკითხი. ხოლო ეპისკოპოსებს, რომლებიც ჯანმრთელნი ან რაიმე გვერდისაუვლელი საჭირო საქმისაგან თავისუფალნი იყვნენ და ამ კრებაზე არ გამოცხადდნენ, ემხილოთ ეს საქციელი ძმური სიყვარულით“.

დამრღვევი სასულიერო პირის გადაყვანა სხვაგან იმ ადგილიდან, სადაც ის მსახურობდა კურთხევის დღიდან, მისი ხარისხის შესატყვისად. ეს სასჯელი ტრულის კრების მე-7 კანონის მიხედვით ეკისრებათ იმათ, ვინც მძაფრად გამოხატავს სურვილს და კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რათა დაიკავოს ეკლესიაში უკეთესი ადგილი, ვიდრე იმ ადგილებში, სადაც ისინი იქნენ დადგენილნი ღვთისმსახურად ან ეპარქიის მმართველად. „შევიტყვეთ, რომ ზოგიერთ ეკლესიაში დიაკვნებს საეკლესიო თანამდებობები უკავიათ და ამიტომ ზოგიერთმა მათგანმა, თავხედურად და თვითნებურად, თავს მღვდლის წინ ჯდომის უფლება მისცა. ამის გამო განვაჩინებთ: დიაკონს, რომც ჰქონდეს რაიმე პატივი, ანუ გარკვეული საეკლესიო თანამდებობა, არ მიეცეს მღვდელზე მაღალი ადგილის დაკავების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რაიმე საქმეზე სხვა ქალაქში წარგზავნილი, თავის პატრიარქს ან მიტროპოლიტს წარმოადგენს, რადგან ასეთ შემთხვევაში, იგი მათ ადგილს იკავებს, როგორც ადგილის მცველი და, მხოლოდ ამისთვის არის პატივდებული. ხოლო ვინც ძალადობითა და თავხედობით იკადრებს ამის ჩადენას, ჩამოქვეითდეს თავისი ხარისხიდან და ყველას შორის დარჩეს უკანასკნელი იმ წოდებაში, რომელი წოდებაც თავის ეკლესიაში აქვს. თავად ჩვენი უფალიც რომ არ არის წარმოჩინებულ ადგილას ჯდომის მოყვარე, ამაში სწავლება გვარწმუნებს, რომელიც ლუკა მახარებლისაგან მოგვეცა თვით ჩვენი უფლისა და ღმერთის პირით, რამეთუ იგი მოწაფეთ ასეთ იგავს ეუბნება: „რაჟამს მოგიწვევს ვინმე ქორწილში, ნუ დაჯდები პირველ სავარძელზე, იქნებ ვინმე შენზე საპატიო იყოს მოწვეული მის მიერ, ვინც შენ და ის მოგიწვიათ და გითხრას: ადგილი დაუთმე მას. მაშინ შერცხვენილი დაიჭერ უკანასკნელ ადგილს. ამიტომ, როცა მიგიწვევენ, მიდი და სუფრის ბოლოს დაჯექი, რათა მოვიდეს მასპინძელი და გითხრას: მეგობარო, სუფრის თავში გადმობრძანდიო, და პატივი დაგედება თანამეინახეთა თვალში. რადგანაც ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება. ხოლო თავის მასპინძელს უთხრა: როცა სადილს ან ვახშამს მართავ, ნუ მოიწვევ ნურც შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მათაც არ მიგიწვიონ და, ამრიგად, მოგაგონ სანაცვლო“ (ლუკ. 14, 7-12). ეს ყველაფერი დაცული იქნეს სამღვდელო წოდების სხვა ხარისხებშიც, რადგან ვიცით, რომ სულიერი ღირსება და თანამდებობა უაღრესად აღემატება ამსოფლიურ თანამდებობებს“ (ტრულის მეექვსე მსოფლიო კრების მე-7 კანონი).

მსახურების ადგილიდან დროებით გადაყვანა სხვა ტაძარში: თავდაპირველად დამნაშავე, რომელსაც დაეკისრა სასჯელი, გადაჰყავდათ ეპარქიის ეპისკოპოსის მსახურების ადგილას, სადაც ეპისკოპოსი შეძლებდა მეთვალყურეობას. მაგრამ როდესაც ნახეს, რომ ამისთვის მონასტრები უფრო გამოდგებოდა, შემდეგ აგზავნიდნენ მონასტერში, სადაც მისი წინამძღოლი დააკვირდებოდა. ამასთან ერთად, მთელი ამ დროის განმავლობაში ეკისრება ეპიტიმია: მას მკაცრად უნდა დაეცვა მონასტრის ტიპიკონი, გაორმაგებული ლოცვითა და სინანულით, მეტანიებით გაეტარებინა ეს პერიოდი მონასტერში.

დროებით შეჩერება მღვდელმსახურებისა: ეს სასჯელი ეკისრებათ იმ მსახურებს, რომელნიც გადაცდომის გამო გადაიყვანეს სხვაგან, სადაც მათ, მოწოდებულთ სინანულისკენ, მეთვალყურეობდნენ და ამის შემდეგ კიდევ ჩავარდნენ ცოდვაში. სასჯელი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც, ძიების პროცესი მიმდინარეობს ისეთ დანაშაულზე, რომლის დამტკიცების შემთხვევაში სასულიერო დასიდან განკვეთა ემუქრება დამნაშავეს. ამასთან ერთად, ასეთ სასჯელდაკისრებულს ეკრძალება მღვდელმსახურება, ასევე ჩამორთმეული აქვს სხვა უფლებებიც, რომელიც იერარქიული ხარისხით ჰქონდა მინიჭებული. აქედან გამომდინარე, არ შეუძლია ასწავლოს, ეკლესიის მართვაში მიიღოს მონაწილეობა. ის რჩება სასულიერო პირად მხოლოდ სახელით, რომელსაც ყველა სამღვდელო უფლება ჩამორთმეული აქვს.

„ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: რაც ყოველთვის მაღელვებს მე, იმაზე არ უნდა გავჩუმდე; თუ ვინმე ეპისკოპოსი უცბად განრისხდეს, რაც მისი სახის მქონე მოღვაწეს არ შეშვენის, და აჩქარებული აღელვებით მოინდომოს მღვდლის ან დიაკვნის ეკლესიიდან გაძევება, დავადგინოთ, რომ არ შეიძლება ასეთი პიროვნების დასჯა ნაჩქარევად და მისთვის ზიარების აკრძალვა. ყველამ თქვა: გაძევებულს უფლება უნდა ჰქონდეს, მიმართოს იმ მხარის მიტროპოლიტს. თუ არ იყოს დედაქალაქის ეპისკოპოსი, მიაშუროს მახლობელ სამთავროს და შეევედროს (იქ მყოფ ეპისკოპოსებს), რომ დაწვრილებით გამოიძიონ მისი საქმე. მათ კი, ვისაც ევედრება ბრალდებული, ყური უნდა მიაპყრონ მას. იმ ეპისკოპოსს, რომელსაც სამართლიანად ან უსამართლოდ გაუძევებია ვინმე, მართებს, მხნედ იდგეს, სანამ საქმეს იძიებენ, და ან დამტკიცდება მისი გადაწყვეტილება, ან გამართლდება ბრალდებული. ზედმიწევნით და დაწვრილებით უნდა გამოიძიონ ყოველივე, ხოლო უზიარებელქმნილი კი მანამდე ნუ გაბედავს ზიარებას, სანამ მისი საქმე ყოველმხრივ არ იქნება გარკვეული. თუ იქ შეკრებილ მოყვასთა შორის ვინმემ დაინახოს მისი კადნიერება და ამპარტავნობა, და მოისმინოს უსამართლო შეურაცხყოფა და გინება მისგან, რისი მოთმენაც არ შეიძლება, მწარე და მძიმე სიტყვით უნდა უკუაგდონ ისინი, რომ თავიანთ მბრძანებლებს ჯეროვნად ემსახურონ და უბიწოდ დაემორჩილონ.

როგორც ეპისკოპოსს ევალება, რომ გულწრფელად უყვარდეს და გულითადად სწყალობდეს თავის მსახურებს, ასევე მსახურნიც ერთგულად უნდა ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას ეპისკოპოსის წინაშე“ – ვკითხულობთ სარდიკიის კრების მე-14 კანონში.

აკრძალვა გარკვეული ღვთისმსახურების შესრულებისა. ამ სასჯელს ექვემდებარება ის სასულიერო პირი, რომლის გადაცდომა ისეთი ხასიათისაა, რომ ვერასდროს აღიარებს და ვერ გამოთქვამს სინანულს – მიიღოს უფლება ყველა სახის ღვთისმსახურების ჩატარებისა. „მღვდე ლი თუ ხორციელად შესცოდავს [კურთხევამდე], შემდეგ მღვდლად ეკურთხება და აღიარებს, რომ შესცოდა ხელდასხმამდე, იგი კარგავს მხოლოდ მღვდელმსახურების უფლებას (ე. ი. არა აქვს ნება, მიიტანოს შესაწირავი, მაგრამ მას რჩება სხვა უპირატესობანი: მღვდლობის პატივი, საჯდომელი და საკურთხეველში წმინდა საიდუმლოთა ზიარების უფლება). სხვა ცოდვების შესახებ ბევრნი ამბობენ, რომ ხელდასხმით ისინი მიტევებულ იქნებიან. ხოლო თუ მღვდელი არ აღიარებს და მის ცხადად მხილებას ვერავინ შეძლებს, მის უფლებებში იქნება ამიერიდან [შეასრულებს თუ არა იგი მღვდელმსახურებას]“ – ამბობს ნეოკესარიის კრების მე-9 კანონი.

თუ თვითნებობით მიანიჭეს საკუთარ თავს გარკვეული მსახურებების ჩატარების უფლება, რისი ჩატარების უფლებაც არ ჰქონდათ იერარქიული თვალსაზრისით, ასეთ შემთხვევაზე ანტიოქიის კრების მე-10 კანონი განაჩინებს: „წმინდა კრებამ განსაჯა, რომ დაბაში ან სოფლებში მყოფმა ქორეპისკოპოსებად წოდებულებმა თუნდაც ეპისკოპოსთაგან ხელდასხმა მიიღონ, უნდა უნდა იცოდნენ თავისი საზომი, განაგონ მათთვის რწმუნებული ეკლესიები და მხოლოდ მათზე ზრუნვა და ზედამდგომელობა იკმარონ. მათ უნდა დაადგინონ წიგნის მკითხველებიც, კერძოდიაკვნებიც, მაფიცებლებიც და მხოლოდ მათი დადგენა უნდა იკმარონ. მათ ვერ უნდა გაბედონ მღვდლის ან დიაკვნის ხელდასხმა ქალაქის ეპისკოპოსის გარეშე, რომელსაც ემორჩილება ისიც და მისი სოფლების ადგილებიც. ხოლო თუ ვინმე გაბედავს ამ განსაზღვრების გადალახვას, განიკვეთოს იგი მისი კუთვნილი პატივისგან. ხოლო ქორეპისკოპოსი უნდა დაადგინოს ქალაქის ეპისკოპოსმა, რომელსაც ემორჩილებიან მისი სოფლები“.

ამასთანავე, „თუ ვინმე, ღმრთისმსახურების მომიზეზებით, მონას ასწავლის თავისი ბატონის შეურაცხყოფას, მსახურებისათვის თავის არიდებას და არაერთგულებითა და პატივით თავისი მეუფის მსახურებას, შეჩვენებულ იყოს“ (ტრულის კრების მე-3 კანონი). ამ უკანასკნელის გარდა, აქამდე მოხსენიებული სასჯელები გამოიყენება და მიმართულია სასულიერო პირის მხოლოდ გამოსწორებისთვის, რომელმაც მხოლოდ მცირე საეკლესიო დანაშაული ჩაიდინა. ხოლო ამის შემდეგ გადასვლა ხდება სასჯელებზე, ამ სიტყვის სრული და მკაცრი გაგებით, რომელთა არსიც ასეთია:

სამუდამოდ ჩამოშორება მსახურებისა იმ ადგილიდან, სადაც ის მანამდე იყო დადგენილი –ეს სასჯელი ეკისრება იმათ, ვინც თავის ვალდებულებებს უპასუხისმგებლოდ, ზერელედ ასრულებდა მისთვის მიმადლებულ ეპარქიაში. მაგალითად, როდესაც ეპისკოპოსი დიდი ხნით მიატოვებს თავის ეპარქიას. კონსტანტინეპოლის წმინდა მოციქულთა ტაძარში შეკრე ბილი ორგზისი დიდი კრების მიერ დადგენილი მე-16 კანონი განაჩინებს: „იმ დავისა და შუღლის შესახებ, რომელიც ხდება ღმრთის ეკლესიაში, სათანადოდ მიგვაჩნია ამისი განსაზღვრებაც: არავითარ შემთხვევაში არ დადგინდეს ეპისკოპოსი იმ ეკლესიაში, რომლის მღვდელთმთავარი ჯერ ცოცხალია და თავის პატივში იმყოფება, თუ თავისი ნებით არ იტყვის უარს ეპისკოპოსობაზე, რადგან საჭიროა, რომ ჯერ ამ ეპისკოპოსის საქმე გამოიძიონ კანონთა განწესებისამებრ, ყველაფერი უნაკლოდ დაასრულონ, გაიყვანონ ის ეკლესიიდან და მისი განკვეთის შემდეგ მის ნაცვლად სხვა ეპისკოპოსი დაადგინონ. ხოლო თუ თავის პატივში მყოფი ეპისკოპოსი არც თავს ანებებს ეპისკოპოსობას და არც მწყსავს თავის სამწყსოს, თან თავისი საეპისკოპოსო მიტოვებული აქვს ექვსი თვის განმავლობაში და სხვა ადგილას იმყოფება, არა სამეფო ბრძანებით იძულებული, არც თავისი პატრიარქის ჟამისწირვის თანამსახური, არც მძიმე სნეულებით არის შეპყრობილი და მოძრაობას უნარმოკლებული, თუ ასეთი პირი, რომელსაც არც ერთი ზემოთქმული მიზეზი ხელს არ უშლის, მიატოვებს თავის საეპისკოპოსოს და ექვს თვეზე მეტ ხანს სხვა ადგილას გაატარებს, იგი სრულიად უცხო უნდა იყოს საეპისკოპოსო პატივისა და წესისაგან, რადგანაც ვინც მისთვის რწმუნებული სამწყსო არად ჩააგდო და ექვს თვეზე მეტი ხანი სხვა ადგილას დაყო, წმინდა კრებამ დაადგინა, რომ იგი სრულიად უცხო იყოს მღვდელთმთავრობისაგან, რომლის ძალითაც მწყემსობა დაევალა მას, და მის საეპისკოპოსოში მის ნაცვლად უნდა დადგინდეს სხვა“.

თუ მღვდელთმთავარი ძალდატანებით დაიკავებს რომელიმე ეპარქიას, ასეთ შემთხვევაში, ანტიოქიის კრების მე-16 კანონი განაჩინებს: „თუ უეკლესიო ეპისკოპოსი დაეპატრონება უეპისკოპოსო ეკლესიას და მიიტაცებს საყდარს სრული კრების თანხმობის გარეშე, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს განდევნილად, თუნდაც მთელი, მის მიერ მიტაცებული მრევლი ირჩევდეს მას. ხოლო სრული კრება ეწოდება იმას, რომელსაც ესწრება დედაქალაქის ეპისკოპოსიც, ე. ი. მიტროპოლიტი“.

როდესაც მღვდელი, თავისი ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე თვითნებურად დაიკავებს ახალ ადგილს, მოციქულთა მე-15 კანონის ძალით განისჯება: „თუ მღვდელი, დიაკონი ან სხვა სამღვდელო დასიდან დატოვებს თავის მსახურების საზღვრებს, სხვაგან გადავა, დამკვიდრდება იქ და იცხოვრებს თავისი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, ასეთმა, ვბრძანებთ, აღარ იმსახუროს და მით უფრო, თუ მან თავისი ეპისკოპოსისა არ შეისმინა, რომელმაც უკან დაბრუნება მოუწოდა. ხოლო თუკი ამ უწესობაში დარჩება, მაშინ თანაზიარობაში იყოს, როგორც ერისკაცი“. რადგან უწინ ვერავინ იქნებოდა ხელდასხმული, თუ ის არ იქნებოდა დამტკიცებული კონკრეტულ ადგილზე. და თუ ის ჩამოშორებულ იქნება სამუდამოდ მსახურების ადგილიდან, ამის გამო ეკისრებოდა სხვა მძიმე სასჯელიც. უფრო კონკრეტულად, სასჯელები ასეთი იყო:

სამუდამოდ ჩამოშორება ყველანაირი საღმრთო მსახურების ჩატარე ბისგან, მხოლოდ სასულიერო წოდების შენარჩუნების უფლებით. ეს სასჯელი ეკისრებათ მძიმე დანაშაულების ჩამდენთ, განსაკუთრებულად ისეთი დანაშაულის შემთხვევაში, რომელიც ხალხში ცდუნებას იწვევს და ჩადენილია უცოდინრობის ან რაღაც განსაკუთრებული მიზეზის გამო. ამასთან ერთად, ჩამდენი აღიარებს დანაშაულს, ნანობს და გამოსწორდა. კანონებში ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი სახის სასჯელს აკისრებდნენ იმათ, ვინც, მაგალითად, დევნის პერიოდში თმობდა, უარყოფდა სარწმუნოებას, ხოლო შემდეგ შეინანა. ანკვირიის კრების პირველი კანონი განაჩინებს: „იმ მღვდლების შესახებ, რომლებმაც მსხვერპლი შესწირეს კერპს, შემდეგ მოიქცნენ არა მოჩვენებით, არამედ ჭეშმარიტად, და კი არ ცდილობენ დაარწმუნონ ვინმე, თითქოს ტანჯვის შედეგად მოიმოქმედეს ეს, და არ ფარავენ, რომ თავისი ნებით შესწირეს მსხვერპლი, ჯეროვნად მიგვაჩნია, რომ მათ ჰქონდეთ საჯდომელის პატივი, მაგრამ არ უნდა ჰქონდეთ შეწირვის, ერის დამოძღვრისა და ყოველგვარი სამღვდელო მსახურების უფლება“. ამ საკითხზე საუბრობს ტრულის კრების 26-ე კანონიც: „მღვდელმა, რომელმაც უმეცრების გამო დაივალდებულა თავი უწესო ქორწინებით, სამღვდელო საჯდომელის პატივით ისარგებლოს, როგორც ეს სჯულდებულია ჩვენთვის წმინდა კანონში, ხოლო სხვა სამღვდელო მოქმედებისაგან თავი შეიკავოს, რადგან ასეთ სასულიერო პირთათვის მიტევებაც საკმარისია. სხვისი კურთხევა-დამოძღვრა კი არ მართებს იმას, ვისაც ჯერ საკუთარი წყლულები აქვს განსაკურნებელი, რამეთუ კურთხევა არის გადაცემა სიწმიდისა, ხოლო ვისაც ეს წარეწყმიდა უმეცრების ცოდვის მიზეზით, იგი სხვას როგორღა გადასცემს? ამის გამო ნურც საჯაროდ, ნურც განცალკევებით ნუ აღასრულებს კურთხევას; ნურც ქრისტეს ხორცს დაურიგებს სხვებს, ნურც სხვა რაიმე მსახურებას ჩაატარებს, არამედ დაკმაყოფილდეს მღვდელმსახურის ადგილით და ცრემლით შესთხოვდეს უფალს უმეცრებით შემთხვეული უსჯულოების შენდობას. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი უჯერო ქორწინება უნდა გაუქმდეს, რადგან არ უნდა იქონიოს კაცმა თანამკვიდრობა იმასთან, ვის გამოც მღვდელმსახურება აეკრძალა“.

ამავე საკითხზე საუბრობს ბასილი დიდი თავის 27-ე კანონში: „თუ მღვდელი უცოდინარობით უწესოდ იქორწინებს, მის შესახებ განვსაზღვრე, რაც საჭიროა: უნდა ჰქონდეს სამღვდელო საჯდომელი, ხოლო სხვა მღვდელმოქმედებას უნდა ჩამოშორდეს, რადგანაც მისთვის საკმარისია ასეთი შენდობაც. შეუფერებელია სხვების კურთხევა იმის მიერ, ვისაც თავისი ჭრილობები აქვს განსაკურნებელი, რადგან კურთხევა არის სიწმინდის გადაცემა, ხოლო ვისაც ეს არა აქვს უმეცრებითი ცოდვის გამო, როგორ გადასცემს სხვას? ამის გამო ნურც ცალკე, ნურც საჯაროდ აკურთხებს იგი, ნურც ქრისტეს ხორცს გაუყოფს სხვებს, ნურც სხვა რაიმეს მოიმოქმედებს სამღვდელოს, არამედ საკმარისია მისთვის საჯდომელის პატივი და უნდა შესტიროდეს უფალს, რომ შეუნდოს მასთან უმეცრებით მოსული უსჯულოება“. ამავე საკითხს ეხება მოციქულთა მე-17, IV მსოფლიო კრების მე-14, ტრულის კრების მე-3, მე-6 და 21-ე კანონები, ნეოკესარიის მე-9 კანონები.

განკვეთა, ანუ სამუდამუდ ჩამოშორება ყველა სახის მღვდელმოქ მედებისგან, ამასთან ერთად, მინიჭებული სასულიერო პატივისა და წოდების ჩამორთმევა. ეს სასჯელი ეკისრებათ განსაკუთრებულ მძიმე დანაშაულის იერარქიულ კანონდარღვევებზე, მაგალითად, სიმონიის შემთხვევაში. მოციქულთა 29-ე კანონის თანახმად, „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ფულით მიიღებს ამ პატივს, უნდა განიკვეთოს ისიც და მისი ხელდამსხმელიც, და სრულიად მოიკვეთოს ზიარებისგან, როგორც სიმონ მოგვი პეტრე მოციქულისგან“.

ამავე საკითხს ეხება IV მსოფლიო კრების მე-2, ტრულის კრების 22- 23-ე, VII მსოფლიო კრების მე-4-5; მე-15 და მე-19 კანონები, სარდიკიის მე-2 კანონები. სასულიერო მაღალიერარქი, რომელიც ტვირთავს ერისკაცს ეკლესიისგან განკვეთით, ასევე ექვემდებარება ამ სასჯელს.

მოციქულთა 52-კანონის თანახმად, „თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ცოდვისგან მოქცეული არ შეიწყნაროს, არამედ გააძევოს, იგი უნდა განიკვეთოს, რადგან მან შეაწუხა ქრისტე, რომელმაც თქვა, რომ სიხარული იქნება ცაში ერთ ცოდვილზე, რომელიც მოინანიებს“ (ლუკა. 15,7). ამ სასჯელით, განკვეთით დასჯილი სასულიერო პირი, უპირველეს ყოვლისა, კარგავს ყველა უფლებას და პატივს, რომელიც მან მიიღო ამ ხარისხის მიღებით, ის კარგავს სამი სახის საეკლესიო უფლებამოსილებას, ღვთისმსახურების უფლებას, ქადაგების, სწავლების უფლებამოსილებას, საწყმსოს დამწყემსვის უფლებამოსილებას. ასევე მის სახელს ამოიღებენ სასულიერო პირთა მოსახსენებლიდან, სადაც კურთხევის დროს შეიყვანეს. მოციქულთა მე-8 კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან კრებულის სხვა წევრი მსხვერპლშეწირვის დროს არ ეზიარება, უნდა თქვას ამის მიზეზი. თუ მართებული იქნება მიზეზი, შენდობა მიეცეს, თუ არ იტყვის, თავის დაანებოს მღვდლობას, რომ არ გახდეს ერისათვის ვნების მიზეზი და შემწირველში არ აღძრას ეჭვი“.

დაბოლოს, მას საერო პირთა რანგს მიაკუთვნებენ. ტრულის კრების 21-ე კანონი განსაზღვრავს: „სამღვდელო პირი, რომელიც დანაშაულის გამო დაისჯება სამარადისო განკვეთით და ერისკაცთა რიგებში მოხვდება, თუ თავისი ნებით ინანებს ამ დანაშაულს და თავს აარიდებს იმ ცოდვას, რომლის გამოც დაკარგა მადლი და მღვდლობა, მაშინ მას უფლება ეძლევა, თმა სამღვდელო პირთა მსგავსად შეიკვეცოს. თუ არ ინანებს თავისი ნებით, უნდა გაიზარდოს თმა ერისკაცთა მსგავსად, რადგან ზეციურ ცხოვრებას ამსოფლიური სიამოვნება ამჯობინა“.

სასულიერო დასიდან განკვეთა სამუდამოა. განკვეთილის რომელიმე ხარისხში დაბრუნება შეუძლებელია. ბასილი დიდის მესამე კანონის თანახმად, „თუ დიაკონმა დიაკვნად ხელდასხმის შემდეგ ისიძვოს, დიაკვნობა ჩამოერთვას და მიეცეს ერისკაცებთან ერთად ზიარების უფლება, რადგან ძველია ის კანონი, რომელიც სამღვდელო ხარისხჩამორთმეულს მხოლოდ ამ სასჯელს აკმარებს. როგორც ვფიქრობ, ეს მოდის ძველი სჯულიდან, რომელშიაც ნათქვამია: „არ დასაჯო ორი სასჯელით ერთდროულად“ (ნაუმ. 1,9). არის სხვა მიზეზიც, რადგან, თუ ერისკაცებიდან ვინმე გაძევებული არის უცთომელი მორწმუნეების რიცხვიდან, მონანიების შემდეგ ისევ შეიწყნარებენ მას და დააბრუნებენ თავის ადგილზე მორწმუნეთა შორის, საიდანაც განიდევნა. ხოლო დიაკონს ერთგზის მიეზღვება განკვეთის სასჯელი და აღარასოდეს დაუბრუნდება დიაკვნის ხარისხი, ამიტომ მხოლოდ ეს ერთი სასჯელი დაუწესეს. ასეა ეს წესების მიხედვით, მაგრამ ყოველმხრივი და უჭეშმარიტესი განკურნება არის ცოდვისაგან სრული განშორება. ამიტომ ვინც ცოდვა იგემა და უგულებელყო მადლი, ხორცის შემუსვრით და დიდი შრომით, სურვილთა ალაგმვით და გემოთმოყვარეობის, რომლისგანაც დაეცა, განშორებით უნდა მოგვცეს თავისი ყოველმხრივი და სრული განკურნების თვალსაჩინო დასტური. ჩვენ ორივე უნდა ვიცოდეთ: პირველი ის, რაც ჩვეულებით გადმოგვეცა და დაწესებულია და, მეორე ის, რაც უცთომელი წესიერებით გვეძლევა მათთვის, ვინც ვერ მიაღწევს ნამდვილ, ჭეშმარიტ განკურნებას“.

სასულიერო დასიდან განკვეთა; ეკლესიიდან განკვეთა. სასულიერო პირი, რომელიც დაექვემდებარება ამ სასჯელს, სასულიერო დასიდან განკვეთენ და საერო პირის რანგში ჩამოიყვანენ. ამის შემდეგ ეკლესიასთან თანაზირებიდან განკვეთენ, როგორც კანონდამრღვევ ერისკაცს. ეს საეკლესიო მძიმე სასჯელი ეკისრებათ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც სასულიერო დასიდან განკვეთეს, მაგრამ მაინც აღასრულებენ მსახურებას. მოციქულთა 28-ე კანონის ძალით, „თუ ეპისკოპოსი, მღვდე ლი ან დიაკონი, სამართლიანად განკვეთილი თვალსაჩინო მიზეზის გამო, გაბედავს და კვლავ დაიწყებს ოდესღაც მისთვის დავალებულ ღვთისმსახურებას, სრულიად მოიკვეთოს ეკლესიისგან“. იმ შემთხვევაში, თუ სასულიერო დასიდან განკვეთის შემდეგ იმავე დანაშაულს ჩაიდენს, რომლის გამოც დაისაჯა, ან თუ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რომელიც ეკლესიისა და რელიგიის საფუძვლებს არღვევს, მოციქულთა 30-ე კან ონის თანახმად, „ეპისკოპოსი, რომელიც საერო მთავრებს დაიხმარებს და მათი მეშვეობით მიიღებს ეკლესიაში საეპისკოპოსო ძალაუფლებას, განკვეთონ და განაყენონ, ასევე, ყველა მისი თანამოაზრე“.

ტრულის კრების პირველი კანონი განაწესებს: „ღვთისმეტყველის სიტყვისამებრ, ყოველი სიტყვის და ყოველი საქმის დაწყების საუკეთესო წესია ღმერთით დაწყება და ღმერთით განსრულება. ამის გამო ამჯერადაც, როცა ჩვენ მიერ ღვთისმსახურებაც უკვე აშკარად იქადაგება და ეკლესიაც, რომლის საფუძველიც ქრისტეა, განუწყვეტლივ იზრდება და იმდენად წარემატება, რომ ლიბანის ნაძვებზე უფრო მაღლაა აღმართული, დასაბამს ვუწოდებთ წმინდა სიტყვიერებას და ღვთის მადლით განვაჩინებთ: შეუხებლად იქნეს დაცული სიახლეების შემოღებებისა და ცვლილებებისაგან სარწმუნოება, რომელიც გადმოგვეცა თვითმხილველებისა და სიტყვისმსახურების, ღვთივრჩეულ მოციქულთაგან; ასევე სამას თვრამეტ წმინდა და ნეტარ მამისაგან, რომლებიც ნიკეაში ჩვენი მეფე კონსტანტინეს ზეობისას უკეთური არიოზის და მის მიერ გამოგონილი წარმართული უცხოღმერთიანობის, ანუ ჩვეული სიტყვით რომ ვთქვათ, მრავალღმერთიანობის გამო შეიკრიბნენ. ამ წმინდა მამებმა, რომლებსაც სარწმუნოების შესახებ საერთო ხედვა და აზრი ჰქონდათ, აგვიხსნეს და შეგვაგონეს სამ ჰიპოსტასში ღმერთმთავრობითი ბუნების ერთარსი და კი არ დაუშვეს, რომ დაფარული ყოფილიყო უმეცრების „ხვიმირსა ქუეშე“, არამედ ნათლად ასწავლეს მართლმორწმუნეთ მამისა და ძისა და სულიწმიდის თაყვანისცემა ერთიანი თაყვანისცემით; დაამხვეს და დაარღვიეს ცრუსწავლება ჰიპოსტასთა ღმრთაებრიობის არათანაბარი ღირსების შესახებ და მწვალებლების მიერ ქვიშისაგან ნაშენი მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ბავშვური ნაგებობა დაანგრიეს და გააცამტვერეს. ვიმარხავთ, ასევე ჩვენი მეფის, დიდი თეოდოსის ზეობისას ამ სამეფო ქალაქში შეკრებილი ას ორმოცდაათი წმინდა მამის მიერ ქადაგებულ რწმენის აღმსარებლობას, ვიზიარებთ მათ მიერ სულიწმიდაზე გამოთქმულ ღვთისმეტყველებას, ხოლო უწმინდურ მაკედონიოსს, ჭეშმარიტების სხვა უწინდელ მტრებთან ერთად, განვაგდებთ, რამეთუ შლეგური კადნიერებით მან მეუფე მონად მიიჩნია და თავხედურად ლამობდა ისე განეყო ერთიანი და განუყოფელი, რომ არ იქნებოდა აღსრულებული საიდუმლო ჩვენი სასოებისა. ამ საძაგელ და ჭეშმარიტების წინააღმდეგ მძვინვარე მაკედონიოსთან ერთად აპოლინარსაც ვკიცხავთ; იგი ბოროტებას ფარულად ატარებს და აღმოანთხია უწმინდურობა, თითქოს უფალმა სხეული მიიღო უსულო და უგონო, და ამ სახით შემოიტანა ასევე აზრი, თითქოს ცხონება ჩვენთვის არასრულყოფილად შესრულებულიყოს. ვაღიარებთ და ვიმარხავთ, აგრეთვე ჩვენი მეფე თეოდოსის, არკადის ძის, ზეობისას, პირველად ქალაქ ეფესოში შეკრებილი ორასი ღმერთშემოსილი მამის მიერ გადმოცემულ სწავლებას და ვითარცა ღვთისმოსაობის შეუმუსრავ უძლეველობას, ერთსულოვნებით ვამტკიცებთ; ერთ ქრისტე ძე ღვთისას და განკაცებულს ვქადაგებთ და მის უთესლოდ მშობელს, უმწიკვლო მარადქალწულს საკუთრივ და ჭეშმარიტ ღვთისმშობლად ვაღიარებთ; ხოლო ნესტორის უგუნურ გაყოფას, როგორც საღვთო განგებულებისაგან განშორებულს, – უარვყოფთ, რამეთუ ის ასწავლის, რომ ერთი ქრისტე არის ცალკე ადამიანი და ცალკე ღმერთი, და აღორძინებს იუდეველთა უსჯულოებას. მართლმადიდებლურად ვაღიარებთ, აგრეთვე, სამთავრო ქალაქ ქალკედონში ჩვენი მეფე მარკიანეს ზეობისას ექვსას ოცდაათი ღვთივრჩეული მამის მიერ ჩამოყალიბებულ რწმენის აღმსარებლობას, რომლითაც მთელ ქვეყნიერებას საზეიმოდ ეუწყა ერთი ქრისტე ძე ღვთისა, ორი ბუნებისაგან შემდგარი და ამ ორ ბუნებაში განდიდებული, ხოლო ამაოდმბრძნობი ევტიქი, რომელიც ამბობდა, რომ „საცხოვრებელი განგებულებაი საიდუმლოისაი“ შედგა მოჩვენებითად, როგორც რაღაც საზარელი და როგორც ჭირი, ამ კრებამ ეკლესიის წმინდა ზღუდეთაგან განთხია; მასთან ერთად ნესტორიცა და დიოსკორეც, რომელთაგან ერთი ქრისტეში ბუნების გაყოფის დამცველი და ქომაგი იყო, მეორე კი პირიქით – ბუნებათა შერევის, და რომლებიც უსჯულოების ურთიერთსაწინააღმდეგო ქვეყნებიდან უღმერთოებისა და წარსაწყმედელის ერთ უფსკრულში შთავარდნენ; კიდევ ამ სამეფო ქალაქში იუსტინიანეს ზეობისას – ნეტარი ხსოვნა ჩვენს მეფეს – შეკრებილი ას სამოცდახუთი ღმერთშემოსილი მამის ღვთისსათნო სიტყვებს ვცნობთ, როგორც სულიწმიდისაგან გამოთქმულთ, და ამ სიტყვებით შთამომავლობას ჩვენსას განვსწავლით. ამ მამებმა თეოდორე მომფსუესტელი, ნესტორის მასწავლებელი, ასევე ორიგენე, დიდიმე და ევაგრე ერთობლივად შეაჩვენეს და განიშორეს, რადგან იმათ ელინური ზღაპრები განაახლეს და წარმომავლობა და გადაქცევა ზოგიერთი სხეულისა და სულისა კვლავ სამარცხვინოდ წარმოგვიდგინეს სიზმრისეულ ოცნებებში მოხეტიალე გონებით, და მკვდრეთით აღდგომის წინააღმდეგ უსჯულოდ და უგუნურად გამოვიდნენ. ასეთივე ერთობით შეაჩვენეს და მოიძაგეს თეოდორიტეს მიერ მართალი სარწმუნოებისა და ნეტარი კირილეს თორმეტი თავის საწინააღმდეგოდ დაწერილი წერილი და ე. ი წ. იბას წერილი; ასევე ვალდებულებას ვიღებთ, უცვლელად დავიმარხოთ მეექვსე კრების დადგენილება, რომელიც ახლახან ამ სამეფო ქალაქში შედგა ჩვენი მეფე კონსტანტინეს ზეობისას – ნეტარი ხსოვნა მას. სარწმუნოების შესახებ ამ დადგენილებამ უაღრესი სიმტკიცე მიიღო, როცა ღვთისმოსავმა იმპერატორმა, რათა ყველა საუკუნეთა შინა სარწმუნო გაეხადა, იგი თავისი ბეჭდით დაამოწმა. ამ განჩინებამ ღვთისმიერი სიყვარულით განგვიმარტა, რომ ჩვენი ხსნისათვის განკაცებულ ერთ უფალში და ჭეშმარიტ ღმერთში ჩვენში იესო ქრისტეში, ორ ბუნებრივ სურვილს, ანუ ორ ნებას და ორ ბუნებრივ ქმედებას უნდა ვაღიარებდეთ. ისინი კი, რომელთაც ჭეშმარიტების ნამდვილი დოგმატი შერყვნეს და ჩვენს უფალ ღმერთში, იესუ ქრისტეში ერთი ნება და ერთი ქმედება უქადაგეს ხალხს, ამ კრებამ კეთილმსახურების სამართლით გაამტყუნა. ესენი იყვნენ თეოდორე (ეპისკოპოსი) ფარანელი, კვიროს ალექსანდრიელი, ჰონორე რომაელი, სერგი, პიროსი, პავლე, პეტრე, რომლებიც ამ ღვთივდაცულ ქალაქში წინამძღვრები იყვნენ; ანტიოქიის ეპისკოპოსი მაკარი, მისი მოწაფე სტეფანე და უგუნური პოლიქრონიოსი. ამგვარად, შეუცვლელად იქნა დაცული ჩვენი ქრისტე ღმერთის საერთო სხეული. მოკლე სიტყვით რომ ვთქვათ, ვადგენთ: სარწმუნოება ყველა იმ კაცთა, რომლებიც საღვთო ეკლესიაში გაბრწყინდნენ, მსოფლიო მნათობნი იყვნენ და ჰქონდათ სიტყუაი ცხორებისაი, უნდა შენარჩუნდეს მტკიცედ, და ჰოი, ჰგიეს საუკუნეთა განსრულებამდე შეურყევლად მათ მიერ ღვთივმოცემულ წერილებსა და დოგმატებთან ერთად. უკუვაგდებთ და ანათემას გადავცემთ ყველას, ვისაც ისინი უკუაგდებენ და ანათემას გადასცემენ, როგორც ჭეშმარიტების მტრებს, ღმერთზე ამაოდ განლაღებულთ და უმართებულობის სიმაღლედ აღყვანების მოსურნეებს. ხოლო თუ ვინმე არ დაიმარხავს და არ შეიწყნარებს კეთილმსახურების ზემოთქმულ დოგმატებს, ვინც ასე არ აზროვნებს და ქადაგებს, არამედ გაკადნიერდება და ამათ საწინააღმდეგოდ წავა, დაე, შეჩვენდეს ზემოხსენებულ წმინდა და ნეტარი მამების აქამომდე დადგენილი განჩინებით, და ქრისტიანთა კრებულისაგან გაირიცხოს და გაძევდეს, როგორც გარეშე. რადგან ჩვენ სავსებით ვეთანხმებით იმას, რაც უწინარეს არის განჩინებული და გადავწყვიტეთ, არცაღა მივუმატოთ მას, არცაღა მოვაკლოთ, და არცა შეგვეძლო სხვაგვარად“.

ძველ დროში ასეთი დამრღვევები, ჩვეულებრივად, გადაჰყავდათ მონასტერში, სადაც მძიმე ეპიტიმიას აკისრებდნენ. ასეთი იყო მღვიძარეთა მონასტრები, მაგრამ თუ არ ემორჩილებოდნენ სასჯელს და ეკლესიაში შფოთი შემოჰქონდათ, საეკლესიო მმართველობა გადასცემდა საერო მმართველობას. ანტიოქიის კრების მე-5 კანონის თანახმად, „თუ მღვდელი ან დიაკონი თავის ეპისკოპოსს შეურაცხყოფს და [ამით] თავისთავს განაშორებს ეკლესიისგან, ცალკე მოაწყობს კრებებს, საკურთხეველს აღმართავს, ეპისკოპოსის ერთხელ და ორჯერ მოწოდებას არ დაემორჩილება და არ მოინდომებს მის დაჯერებას, ის უნდა განიკვეთოს სრულიად, ისე რომ, აღარ დარჩეს განკურნების იმედი. მისთვის აღარ იქნება შესაძლებელი პატივის დაბრუნება, ხოლო თუ განაგრძობს ეკლესიაში არეულობის შეტანას და მის წინააღმდეგ მოქმედებას, გარეგანი და საერო ხელისუფლების მიერ, როგორც მეამბოხე უნდა დაისაჯოს“.

ანათემა. ეს სასჯელი ეკისრებათ როგორც საერო, ისე სასულიერო პირებს. მას აკისრებენ პირს სასულიერო დასისგან განკვეთისა და ეკლესიიდან განდევნის შემდეგ, თუ ის მძიმე დანაშაულს ჩაიდენს.

სასჯელის დაკისრება

არსებობს გარკვეული კანონიკური დადგენილებები, რომელსაც საეკლესიო სასამართლოები ყურადღებას უნდა აქცევდნენ სასჯელის დაკისრების დროს, რათა მათ მიერ გამოტანილი განაჩენი ქრისტიანულ სულისკვეთებას შეესატყვისებოდეს და დაცლილი იყოს ყოველივესგან, რაც კი მცირე ეჭვის ჩრდილს მიაყენებს მის სამართლიანობას. თუკი საერო სასამართლოს მოსამართლეები სასამართლოს სამართლიანად წარმართვისათვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მოტივსა და განზრახვას, რომელმაც დანაშაული ჩაადენინა დამნაშავეს, საეკლესიო სასამართლოს მოსამართლე, რომელიც მოწოდებულია გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი ეკლესიაში ღვთის სახელით, მით უფრო ვალდებულია მიაქციოს ამას ყურადღება.

განზრახვა, მოტივი დანაშაულის ჩადენისა არის მთავარი, რაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება სასჯელის გამოტანის დროს. რაც უფრო მძიმეა მოტივი და მაჩვენებელი იმისა, რომ დამნაშავემ განზრახ ჩაიდი ნა დანაშაული, მით უფრო მძიმე უნდა იყოს სასჯელი და პირიქით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა კანონის არცოდნის გამო, არა განზრახვით და გაუაზრებლად, მაშინ სასჯელი უნდა იყოს მსუბუქი, ხოლო მოსამართლე განაჩენის გამოტანის შემთხვევაში – უფრო შემწყნარებელი.

ბასილი დიდის 82-ე კანონი ცრუმფიცავთა შესახებ ბრძანებს: „ვინც გაჭირვებისა და იძულების გამო გატეხა ფიცი, უფრო მსუბუქი განკანონებით დაისჯება, რის გამოც ექვსი წლის შემდეგ მიიღებს შეწყნარებას. ხოლო ვინც გაჭირვების გარეშე უღალატა თავის სარწმუნოებას, ორი წელი უნდა შესტიროდეს, ორი წელი მსმენელი უნდა იყოს, ხუთი წელი შევრდომით უნდა ილოცოს და კიდევ ორი წელი მიიღონ ლოცვათა ზიარებაზე სიწმინდეთა ზიარების გარეშე. ამის შემდეგ უნდა მიიღოს ქრისტეს ხორცის ზიარება“. ასევე ანკვირიის კრების მეექვსე კანონის თანახმად, „ვისაც შეეშინდა მხოლოდ ტანჯვის მუქარისა ან შენაძენი ქონების წართმევისა და ექსორიობისა [გადასახლებისა], და ამის გამო შესწირა მსხვერპლი კერპს, მაგრამ აქამდე სინანულით არ მოქცეულა, ხოლო ახლა, კრების დროს, მოვიდა და მოისურვა მოქცევა, საჭიროდ მიგვაჩნია მათი მსმენელად შეწყნარება აღდგომამდე, აღდგომის შემდეგ სამი წელი შევრდომით განკანონება და ზიარება სიწმინდეთა გარეშე. ამგვარად უნდა მივიდნენ ისინი სრულ ზიარებამდე, როდესაც სრულყოფენ ექვს წელს. თუ ზოგიერთები ამ კრებაზე ადრე არიან შეწყნარებულნი სინანულად, ის დრო მივიჩნიოთ მათთვის ექვსი წლის დასაწყისად. თუ ვინმეს ელის დიდი გაჭირვება და სიკვდილი სნეულებით, ან სხვა რამ მიზეზით, ასეთები დროზე ადრე უნდა შეიწყნარონ“.

აუცილებელია დანაშაულის მიზეზისა გათვალისწინება. თუ ვინმე იძულებული იყო, ფიზიკური ძალით მოქმედების გამო დაერღვია საეკლესიო კანონი, მაშინ კანონი ათავისუფლებს მას ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან: ანკვირიაში კრების მესამე კანონში ნათქვამია: „გაქცევის დროს შეპყრობილებს ან შინაურების მიერ გაცემულთ, თუ ქონება ჩამოერთმევათ, ტანჯვას აიტანენ ან საპყრობილეში ჩაცვივდებიან და ასეთ დროს ღაღადებენ, რომ ქრისტიანები არიან, ან თუ იძულებით აუვსებენ ხელებს გუნდრუკით, ან გაჭირვების შედეგად მიაღებინებენ კერპისათვის შეწირულ საჭმელს, მაგრამ განუწყვეტლივ აღიარებენ, რომ ქრისტიანები არიან, და იმ წუხილს, რომელიც მათ შეემთხვათ, მყუდროებითა და თავმდაბლად აიტანენ, ასეთებს, როგორც უცოდველებს, ნუ აეკრძალებათ ზიარება, ხოლო თუ ვინმესგან (ზიარება) აეკრძალებათ ზედმეტი სიფრთხილის ან უცოდინარობის გამო, დაუყოვნებლივ შეიწყნარონ. ეს განჩინება საერთო უნდა იყოს სამღვდელოებისთვისაც და ერისკაცებისთვისაც. ამასთან ერთად, გამოიკვლიონ ისიც, შეუძლია თუ არა ამგვარ ჭირგანცდილ ერისკაცს სამღვდელო დასში შესვლა: ჯეროვნად მიგვაჩნია მათი, როგორც უცოდველთა შესვლა სამღვდელო დასში, თუ მანამდე უდანაშაულოდ აქვთ გატარებული სიცოცხლე“. თუკი დანაშაული ჩადენილია ზნეობრივი საფუძვლიდან გამომდინარე, მაშინ კანონი არ ათავისუფლებს დამნაშავეს პასუხისმგებლობისგან, რადგან ქრისტიანმა ყოველი მოწოდების შემთხვევაში არ უნდა ჩაიდინოს ღვთის საწინააღმდეგო.

კონსტანტინეპოლში ორგზის შეკრებილი წმინდა მამათა კრების VIII კანონი ბრძანებს: „წმინდა მოციქულთა წმინდა და საღმრთო კანონი თავისმკვლელად მიიჩნევს იმას, ვინც იჭრის დაფარულ ასოს და, თუ მღვდელი იქნეს ის, განკვეთს, ხოლო თუ აპირებს მღვდლობას და სამღვდელო წესიერებაში წარმატებულია, აუქმებს ამ წარმატებას. აქედან ცხადია, რომ თუ თავის ასოთა მომჭრელი თავისმკვლელია, ვინც სხვას მოსჭრის ასოს, უეჭველად მისი მკვლელია, ღმერთთან მოდავე და მისი შემქმნელობის მაგინებელია. ამისთვის წმინდა კრებამ განსაზღვრა, რომ თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მხილებული იქნება ვისსამე გამოსაჭურისებაში თავისი ხელით, ან ვისიმე მხარეს დაიჭერს და მოუწონებს ასეთ საქციელს, განკვეთით უნდა დაისაჯოს, ხოლო თუ ერისკაცი იქნება იგი, უზიარებელი უნდა იყოს. მაგრამ თუ სნეულების მიზეზით ვინმე იძულებული იქნება, მოიკვეთოს მტკივანი ასო, ისევე, როგორც ნიკეის კრების პირველი კანონი სნეულ გამოსაჭურისებულებს არ სდევნის, ასევე ჩვენც არ დავსჯით მღვდლებს, რომელნიც გამოსაჭურისების თანახმანი არიან სნეულების დროს. არც ერისკაცებს განვაკანონებთ, რომლებიც თავისი ხელით ისაჭურისებენ თავს, რადგან ამას სნეულების მკურნალობად მივიჩნევთ და არა შემქმნელთან ბრძოლად და შემქნელობის გინებად“. იმავე კრების IX კანონი: „სამოციქულო და საღმრთო კანონი განკვეთს მღვდლებს, რომლებიც სცემენ ცოდვის ჩამდენ მორწმუნეს ან შემავიწროებელ და მოძალადე ურწმუნოს. ზოგიერთები, თავისი გულისწყრომის ასრულების მსურველნი და სამოციქულო განწესებების ცილისმწამებლები, კრძალავენ მხოლოდ თავისი ხელით ცემას, თუმცა კანონში არაფერი ასეთი არ ჩანს, არც მართალი სიტყვის ასე გაგებას არ ბრძანებს კანონი. ნამდვილად ამაო და დიდად მცდარია ის აზრი, რომ განკვეთის ღირსია მხოლოდ ის, ვინც თავისი ხელით ცემის დროს ორჯერ ან სამჯერ დაარტყამს, ხოლო ის, ვინც უწყალოდ მცემელსა და მტანჯველს სიკვდილამდე ცემის უფლებას მისცემს ბრძანებით, დატოვებულ იქნეს განკანონების გარეშე! კანონი კრძალავს საერთოდ ცემას და მცემელს სჯის. ჩვენც ასევე თანახმანი ვართ, რომ საღმრთო მღვდელმა სწავლითა და სჯულისდებით, როდესაც საჭიროა, საეკლესიო განკანონებით უნდა შეასმინოს უწესოებს და არა ცემით, შოლტით დასეროს ადამიანის სხეული. თუ ზოგიერთები სრულ ურჩობას გამოიჩენენ და განკანონების შეგონებას არ დაემორჩილებიან, არავინ კრძალავს მათ გადაცემას შესაბამისი საერო მთავრებისათვის. ანტიოქიის კრების მეხუთე კანონი განსაზღვრავს, რომ ვისაც შფოთი და მკრეხელობა შეაქვს ეკლესიაში, მათი მოქცევა და დაწყნარება შეიძლება ხელისუფალთა მიერ“.

სასჯელის დაკისრებისას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ასევე ისიც, თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობდა ის დანაშაულის ჩადენამდე. და თუ ის იყო სამაგალითო ადამიანი, მაშინ დანაშაულის ჩადენა შეიძლება აიხსნას შემთხვევითი გარემოებების გამო და ამის გამო სასჯელი უნდა იყოს უფრო მსუბუქი; საწინააღმდეგოდ ამისა კი, თუ იქნება დამტკიცებული, რომ უწესოდ ცხოვრობდა და მის მიერ ჩადენილი დანაშაული სხვა არაფერია, თუ არა შედეგი მისი ზნედაცემული ცხოვრებისა, ამიტომ სასჯელი უნდა იყოს უფრო მკაცრი. ანკვირიის კრების მე-5 კანონის თანახმად,: „რომლებიც სამგლოვიარო სამოსლით მივიდნენ, დასხდნენ [კერპის წინ სავახშმოდ] და ცრემლით ჭამდნენ ამ სუფრასთან, თუ ისინი შეასრულებენ შევრდომის სამ წელს, მათ აქვთ ზიარების უფლება, წმინდა შესაწირავის გარეშე. ხოლო თუ არ ჭამეს, ორი წელი უნდა შეუვრდებოდნენ, ხოლო მესამე წელს შეუძლიათ ეზიარონ წმინდა შესაწირავის გარეშე. სრულ ზიარებას კი მიიღებენ მეოთხე წელს. ეპისკოპოსებს უფლება აქვთ, გამოცადონ მათი მოქცევა და უზიარებლობის ვადა კაცთმოყვარეობით შეუმოკლონ ან გაუვრცონ. პირველ ყოვლისა, უნდა განიხილონ მათი [ცდუნებამდე და ცდუნების შემდგომ] გატარებული ცხოვრება და შესაბამისად უნდა მიეზღოთ მათ კაცთმოყვარეობით“.

სასჯელის დაკისრებისას ყოველთვის არის ისეთი ფაქტორები, რომელმაც შეიძლება შეამსუბუქოს ან დაამძიმოს ბრალდებულის დანაშაული. დანაშაული მსუბუქდება:

ა) თუ დამნაშავე თავად აღიარებს დანაშაულს, ვიდრე მას მოსამართლე ცნობს დამნაშავედ. წმ. გრიგოლ ნოსელის IV კანონი ბრძანებს: „დარჩა განსახილველი გულისწყრომისეული ნაწილი სულიერი ძალისა, როცა კეთილი გულისწყრომის იარაღი გამრუდდება და ცოდვისაკენ წავა. ბევრია გულისწყრომის ცოდვიანი ქმედება და ყველა ბოროტია. ჩვენმა წმინდა მამებმა საჭიროდ არ მიიჩნიეს ყველაფერზე დაწვრილებით ლაპარაკი და არც დიდი სწრაფვის ღირსად – ყველა გულისწყრომითი ცოდვის კურნება. წერილი არა მარტო აღძვრას და პირველი ჭრილობის მიყენებას კრძალავს, არამედ ყველა ძვირის თქმას და მოყვასის გინებას და სხვას, რასაც წარმოქმნის გულისწყრომა. [მამებმა] მხოლოდ კაცისკვლისა და მოსისხლეობის ვნება დააცხრეს განკანონებით. ეს ბოროტება განიყოფა განზრახ და უნებლიე მკვლელობად. მათ შორის განზრახ მკვლელობა არის თავიდან, წინასწარი მომზადების შემდეგ გაბედვა და შესრულება განზრახვისა, ე. ი. როდესაც ამ საქმისთვის წინასწარ მოემზადება ვინმე და წინასწარ მოიფიქრებს, როგორ შეასრულოს ბოროტება. ამის გარდა, განზრახ მკვლელობად მიიჩნევა ისიც, როცა დავის ან ჩხუბის და ცემის დროს მიაყენებს ვინმე ჭრილობას მოწინააღმდეგეს ხელის სახიფათო ადგილას დარტყმით. ვინც ერთხელ მისცემს თავს გულისწყრომითა და მრისხანებით აღძვრის ნებას, მას არ შეუძლია გონებაში ისეთი რამ დაიტოვოს, რაც ამ ბოროტებისაგან შეაკავებს, ამიტომ სადავო საქმისა და შფოთის შედეგად ჩადენილი მკვლელობა ნებით არჩეულ საქმეა და არა უნებლიე შემთხვევა. უნებლიე კაცისკვლას კი ცხადი ნიშნები აქვს, როდესაც ვინმე სხვა რაიმეს ესწრაფვის, ვერ მიაღწევს და ჩაიდენს რაიმეს უჯეროს. განზრახ კაცისმკვლელის დანაშაულის მონანიების დრო სამად განიყოფა მათთვის, ვისაც სურს განკურნება. ამისთვის გამოყოფილია სამჯერ ცხრა წელიწადი, რომ სინანულის თითოეულ საფეხურზე ცხრა-ცხრა წელი დაყონ. პირველი ცხრა წელიწადი არის ჟამი სრული განშორებისა და ეკლესიიდან განდევნისა. ამდენივე შემდეგი წელი მსმე ნელთა შორის უნდა იყვნენ, უსმენდნენ მოძღვარს, საღმრთო წიგნის კითხვას და მორწმუნეებთან ერთად დგომის ღირსნი ხდებიან. მესამე ცხრაწლეული შევრდომით უნდა მოინანიონ მლოცველებთან ერთად და ამის შემდეგ გახდებიან სიწმინდეთა ზიარების ღირსნი. მხოლოდ, ცხადია, რომ ასეთებზე იგივე წესი უნდა დაიცვას ეკლესიის განმგებელმა და მათი სინანულის რაგვარობისა და ქცევის მიხედვით უნდა შეამოკლოს განკანონების დრო, რომლის მიხედვით სინანულის თითოეულ საფეხურზე ცხრა წლის ნაცვლად შეიძლება დატოვოს რვა, შვიდი, ექვსი ან ხუთი წელი, რადგან მოსწრაფებით ქცევის გულმოდგინეობა დასძლევს დროს და გულმხურვალე წადილი მათი, რომლებიც უმკაცრესად განიწმენდენ და გაიმართლებენ თავს, სძლევს და აღემატება დროის სიგრძეს. უნებლიე კაცისკვლა მიიჩნევა თანაგრძნობისა და არავითარ შემთხვევაში ქების ღირსად. ამის თქმით მსურს, ცხადი გახდეს ის, რომ თუ უნებლიედ ვისმე მოუხდა მკვლელობის ბიწიერებასთან შეხება, მას, როგორც შეგინებულს ცოდვის ჭუჭყით, სამღვდელო მადლისაგან განდევნილად წარმოაჩენს საღმრთო კანონი და, რამდენი დროც მარტივი სიძვით დაცემულებს სჭირდებათ განსაწმენდად, იმდენივე დრო არის განჩინებული უნებლიეთ კაცისმკვლელთათვის კეთილად აღიარებული მსჯავრით. ცხადია, აქაც ყურადსაღებია მონანულის მოსწრაფება, და თუ შეწყნარების ღირსი აღმოჩნდება მისი სინანული და მოქცევა, არ არის საჭირო ბოლომდე დაცვა წლების რაოდენობისა, არამედ უფრო ადრეა საჭირო მისი შეყვანა ეკლესიაში და კეთილთან ზიარება“.

ბ) თუ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ თავისი პირადი გადაწყვეტილებით შეასრულებს რაიმე კეთილ საქმეს და ამით გამოასწორებს, გადაფარავს დანაშაულს. ანკვირიის მსოფლიო კრების I-II კანონები გვასწავლის:

„იმ მღვდლების შესახებ, რომლებმაც მსხვერპლი შესწირეს კერპს, შემდეგ მოიქცნენ არა მოჩვენებით, არამედ ჭეშმარიტად, და კი არ ცდილობენ დაარწმუნონ ვინმე, თითქოს ტანჯვის შედეგად მოიმოქმედეს ეს, და არ ფარავენ, რომ თავისი ნებით შესწირეს მსხვერპლი, ჯეროვნად მიგვაჩნია, რომ მათ ჰქონდეთ საჯდომელის პატივი, მაგრამ არ უნდა ჰქონდეთ შეწირვის, ერის დამოძღვრისა და ყოველგვარი სამღვდელო მსახურების უფლება“;

„ასევე, დიაკვნებს, რომლებმაც კერპს მსხვერპლი შესწირეს, ხოლო ამის შემდეგ მოიქცნენ, უნდა ჰქონდეთ პატივი, ოღონდ უნდა აეკრძალოთ ყოველგვარი მღვდელმსახურება, როგორიცაა პურის და სასმლის შეწირვა ან ქადაგება. თუ ეპისკოპოსები დაინახავენ მათ შრომას, თავმდაბლობას, სიმშვიდეს და მოინდომებენ სასჯელის მომატებას ან მოკლებას, მათ უფლებებში იყოს ეს“.

ხოლო სასჯელი უმძიმდება, როდესაც ჩანს, რომ ბოროტებაში უფრო მყარდება და არ აღიარებს დანაშაულს. პირველი მსოფლიო კრების მე-12 კანონში ვკითხულობთ: „ვინც რწმენის აღმსარებლად მადლის მიერ იქნა მოწოდებული, თავიდან გულმოდგინება და მოქცევის სურვილი გამოიჩინა და გვერდზე გადადო სამხედრო აღჭურვილობა, ხოლო შემდგომ, ძაღლთა მსგავსად, საკუთარ ნათხევს მიუბრუნდა, ზოგმა კი ვერცხლიც გაიღო სამხედრო ხარისხში თავის აღსადგენად, მათ სტოაში საღვთო წერილის სამი წლის მსმენელობის შემდეგ, ათი წლის განმავლობაში ტაძარში შევრდომით ილოცონ და პატიება ითხოვონ. ამასთან ერთად, საჭიროა დაწვრილებით გამოიძიონ მათი მისწრაფება და სინანული – თუ როგორი შიშით, ცრემლით, მოთმინებით, საქმით და არამხოლოდ გარეგნულად გამოაჩენენ თავიანთ მოქმედებას. მსმენელობის ვადის განსრულების შემდეგ, ეპისკოპოსის კაცთმოყვარული გადაწყვეტილებითა და მხარდაჭერით, მიეცეთ მლოცველებთან თანაზიარების უფლება. ხოლო ვინც გულგრილად გადაიტანს თავის დაცემას და ეკლესიაში შესვლის ნებართვას მოქცევისათვის საკმარისად მიიჩნევს, სინანულის ვადის მოხდა ბოლომდე დაეკისროს“.

ასევე ამძიმებს საქმეს გარემოება, როდესაც დანაშაული თავისი სახითა და შედეგით მთლიანად ეკლესიის ცხოვრებას ვნებს და ეკლესიის მრავალ წევრს ემუქრება მისით დაავადება: მოციქულთა 45-ე კანონი გა ნაჩინებს: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“. მოციქულთა 55-ე კანონის თანახმად, „თუ რომელიმე სასულიერო პირი ეპისკოპოსს აგინებს, განიკვეთოს, რადგან ნათქვამია: „შენი ერის მთავარზე ძვირი არ თქვა“ (საქმე 23, 5). დაბოლოს, როდესაც დანაშაული ჩაიდინა ისეთმა პირმა, რომელიც თავისი მდგომარეობით სამაგალითოდ უნდა მსახურებდეს ეკლესიაში და სრულად და ზედმიწევნით იცავდეს საეკლესიო კანონებს, მათთვის მოციქულთა 42-ე კანონის ძალით, განკუთვნილია შემდეგი: „ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც თამაშსა და მემთვრალეობას მიეცა, დაცხრეს, თუ არადა, განიკვეთოს“.

მოციქულთა 43-ე კანონი: „კერძოდიაკონი, წიგნისმკითხველი (მედავითნე) ან მგალობელი, რომელიც იმავე ცოდვას სჩადის, რაც წინა კანონშია დასახელებული, დაცხრეს, თუ არადა, განაყენონ ზიარებიდან. იგივე ეხებათ ერისკაცებსაც“.

ზნეობრივი, ღირებულებითი მიზნიდან გამომდინარე, რომელსაც ეყრდნობა და მიჰყვება საეკლესიო სამართალი, საეკლესიო კანონები განაწესებენ, რომ ყოველგვარი სასჯელი, ეკლესიის მიერ დაკისრებული, ზოგადად, ეკლესიისთვის, ყველა ადგილობრივ ეკლესიაში ერთნაირი უფლებამოსილებითა და ძალმოსილებით მოქმედებდეს, ე. ი. თუ ვინმეს ეკლესია ერთ ეპარქიაში ამა თუ იმ დანაშაულზე დააკისრებს გარკვეულ სასჯელს, ეს სასჯელი უნდა დაეკისროს იმავე დანაშაულზე სხვა ეპარქიებშიც მთელ მართლმადიდებელ სამყაროს. არც ერთ ადგილობრივ ეკლესიას არა აქვს უფლება, მიიღოს სასულიერო პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება ან განკვეთილია სასულიერო დასიდან საკუთარი ეპისკოპოსის მიერ. აი, რას ვკითხულობთ ბასილი დიდის ეპისტოლეში გრიგოლ ხუცესისადმი: „წავიკითხე შენი წერილი სულგრძელებით და გამიკვირდა, რა ადვილად და მალე შეგეძლო პასუხი მოგეცა ჩვენთვის საქმით, შენ კი ბრალმდებელთა მხილებას შეუდექი და მრავალსიტყვაობით მიჰყავი ხელი უკურნებლის მკურნალობას. არც პირველებს და არც მხოლოდ ჩვენ დაგვიწესებია კანონად, ჰოი, გრიგოლ, რომ ქალებმა არ იცხოვრონ მამაკაცებთან ერთად. წაიკითხე ნიკეის კრების წმინდა მამების მიერ დადგენილი კანონი. იგი ცხადად ქადაგებს, რომ არავინ სამღვდელოთაგანმა არ უნდა იყოლიოს თანამკვიდრად დედაკაცი. უქორწინებლობის ღირსება, ცხადია, ის არის, რომ დედაკაცებისგან შორს უნდა იყვნენ. ამგვარად, ვინც აღთქმას დებს სიტ ყვით, და საქმით კი იმასვე მოქმედებს, რასაც მეუღლეებთან მცხოვ რებნი, ცხადია, მან ქალწულობის სიკეთე მხოლოდ სახელად შეიტკბო, ხოლო ავხორცი ცხოვრების უმსგავსობას თავი ვერ დაანება. ამის გამო რამდენადაც შენ ამბობ, რომ თავისუფალი ხარ ყოველგვარი ხორციელი ვნებისაგან, მით უფრო გმართებდა ჩვენი სიტყვისადმი მორჩილება. მე არც დავიჯერებ, რომ შენ, სამოცდაათ წელს მიღწეული კაცი, დედაკაცთან ვნებით ცხოვრობდე და არც უწესო საქმის ჩადენისთვის განგვისაზღვრავს ის, რაც განვსაზღვრეთ, არამედ იმის გამო, რომ მოციქულისაგან გვისწავლია: „ძმამ ძმას დაბრკოლება ან ცდუნება არ უნდა შეუქმნას“ (რომ. 14, 13). ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთების მიერ კეთილი და საღი ნამოქმედარი სხვებისთვის ცოდვის მიზეზი ხდება. ამის გამო გიბრძანეთ შენ, წმინდა მამათა მიერ განწესებულის თანახმად, დედაკაცისაგან ჩამოშორება. რისთვისღა ადანაშაულებ ქორეპისკოპოსს და იხსენებ ძველ მტრობას? ან რისთვის მდებ მე ბრალს, თითქოს ადვილად ვისმენდე ბრალდება-ცილისწამებას? და შენს თავს კი არ ადანაშაულებ, რომ არ თანხმდები დედაკაცთან ყოფნის აღკვეთას? გაუშვი ეგ ქალი შენი სახლიდან და დაამკვიდრე ქალწულთა მონასტერში. იყოს იგი ქალწულებთან ერთად. შენ კი გემსახურონ მამები, რათა ჩვენგან არ იგმობოდეს ღმრთის სახელი. სანამ ამას არ გააკეთებ, არავითარ სარგებლობას არ მოგიტანს შენ ეგ მრავალსიტყვაობა, რომელსაც წერ ეპისტოლეებში, მოკვდები განკვეთილი და უსარგებლო, პასუხს აგებ უფლის წინაშე შენი უსარგებლობისათვის. ხოლო შენი თავის გამოუსწორებლად თუ გაბედავ მღვდელმსახურების დაწყებას, შეჩვენებული იქნები მთელი ერის წინაშე და შენი შემწყნარებლები განიდევნებიან ეკლესიიდან“.

საეკლესიო სასამართლოს პრაქტიკაში ვხედავთ, რომ ერთ ეკლესიაში გამოტანილი განაჩენი, დიდი დარღვევების შემთხვევაში, ეცნობებოდა და ეგზავნებოდა ყველა ეკლესიას, რათა სცოდნოდათ ამის შესა ხებ და მისი გათვალისწინებით ემოქმედათ ამგვარი დანაშაულის შემთ ხვევაში. ერთი ეპისკოპოსის მიერ დანარჩენი ეპისკოპოსების მიმართ ან ადგილობრივი ეკლესიის მიერ ჩატარებულ კრებაზე მიღებული დადგენილება უნდა ეუწყოს სხვა ეკლესიებს. ამ მიზნის მისაღწევად, კანონით დადგენილია სიგელის გაცემა ეპარქიის ეპისკოპოსის მიერ ყველა სასულიერო თუ საერო პირისადმი, რომელიც გაემართება სხვა ეპარქიაში, ამ სიგელში წერს და მიუთითებს ეპისკოპოსი თავის მრწამსს, რომ მართლმადიდებელი და კეთილმორწმუნეა. ისეთ სასულიერო პირზე, რომელსაც დაკისრებული აქვს სასჯელი და აკრძალული აქვს მსახურება, სხვა სახის სიგელი გაიცემა. ასევე სხვა სახის სიგელი გაიცემა საერო პირისადმი, თუ მას აკრძალული აქვს ზიარების მიღება. მეოთხე მსოფლიო კრების მე- 11 კანონი განაჩინებს: „ყველა უქონელსა და მავედრებელს მიეცეს „სამშვიდობო ეპისტოლე“ – წერილობითი მოწმობა მათი სიღარიბის შესახებ, რომლითაც მათ შეეძლებათ მგზავრობა – და არა „დასამტკიცებელი ეპისტოლე“, რომელიც გაიცემა მხოლოდ საეჭვო პირებზე.

საეკლესიო დანაშაულები

იმის გათვალისწინებით, რომ საერო და სასულიერო პირის პასუხისმგებლობა და ვალდებულება სხვადასხვაგვარია, განსხვავებულია საეკლესიო დანაშაულის ხარისხი და სასჯელი. სასულიერო პირთა დანაშაული შეიძლება ეხებოდეს ეკლესიაში მათ კერძო მსახურებებს ან, ზოგადად, ქრისტიანულ სწავლებას და ვალდებულებებს, რომელიც ყველა ქრისტიანს ეკისრება. როგორც ერთი, ისე მეორე დანაშაული ექვემდებარება საეკლესიო სასამართლოს უფლებამოსილებას. იმის მიხედვით, რომ ზოგიერთი დანაშაული შეიძლება საზოგადოებრივ საკითხს ეხებოდეს, ის ექვემდებარება საერო სასამართლოსაც. საერო პირთა მიერ ჩადენილ საეკლესიო დანაშაულს ეკლესია უყურებს როგორც სულიერი ცოდვის საკითხს, რომელიც ექვემდებარება ეკლესიაში მოძღვრის მიერ აღსარების გზით ეპიტიმიების სახით სასჯელის დაკისრებას. თუმცაღა, არის ისეთი საეკლესიო დანაშაულიც, რომლის ჩადენის შემთხვევაში დაუშვებელია, რომ ერისკაცი არ დაექვემდებაროს საეკლესიო სასამართლოს. ასეთი დანაშაული, არსებითად, ეხება საეკლესიო მოწყობის საფუძვლებს. დანაშაულის შემთხვევაში ეკლესია დამნაშავე საერო პირებზე აღძრავს საქმეს უმაღლეს საეკლესიო სასამართლოში. ამასთან, მის მიერ გამოტანილი განაჩენს უნდა ჰქონდეს იურიდიული მნიშვნელობა, საერო სასამართლომ კი უნდა მოახდინოს მისი კონსტატაცია და დააკისროს მას სასჯელი კანონის მიხედვით.

საყოველთაო საეკლესიო დანაშაულები

განდგომა – როდესაც მონათლული უარყოფს ქრისტიანულ სარწმუნოებას და მიიღებს სხვა, არაქრისტიანულ რელიგიას – ეს განდგომა, უარყოფაა, რომელიც შეიძლება იყოს განზრახ გადადგმული ნაბიჯი ან შიშით გამოწვეული. პირველი შემთხვევისას საერო პირს ეკრძალება ზიარება მთელი ცხოვრების განმავლობაში, ხოლო მეორე შემთხვევაში – ოცი წლით. ბასილი დიდის 73-ე კანონის თანახმად, „ვინც ქრისტეს უარყოფს და მიატოვებს ხსნის საიდუმლოს, იგი უნდა შეუდგეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეტირილს და ვალდებულია, თქვას აღსარება. მხოლოდ ცხოვრებიდან გასვლის ჟამს გახდება იგი სიწმინდეთა ზიარების ღირსი ღმრთის კაცთმოყვარეობის წყალობით“.

გრიგოლ ნოსელის IIკანონის თანახმად, „ვინც მივიდეს გრძნეულებთან, ან მისნებთან, ან ვინმესთან, ვინც აღუთქვამს რაიმე საეშმაკო განწმენდას ან მისნობით ვნებისაგან დაცვას, საჭიროა გამოძიება და დაწვრილებით გამოკითხვა: ქრისტეს სარწმუნოებაში ყოფნის დროს გაჭირვების გამო ჩაიდინა ეს ცოდვა და გამოუთქმელმა უბედურებამ მისცა მიზეზი, ასეთი საქმისთვის მიეყოთ ხელი, თუ სრულიად შეურაცხყვეს ჩვენი სარწმუნოება და ეშმაკი გაიხადეს თანამებრძოლად? თუ სარწმუნოების უარყოფით და ქრისტიანთა მიერ თაყვანცემული ღმერთის ურწმუნოებით ჩაიდინეს ეს, ცხადია, უარისმყოფელთა სასჯელით დაისჯებიან, ხოლო თუ აუტანელი გაჭირვების გამო სძლია სულმოკლეობამ, ამ ვნებაში ჩაცვივდნენ და რაღაც იმედისაგან შეცდენილნი ჩამოშორდნენ სწორ გზას და დაბრკოლდნენ, ასევე კაცთმოყვარული დადგენილება უნდა მივუყენოთ მათ, როგორც ზემოთ ითქვა იმათ შესახებ, რომლებმაც სარწმუნოების აღსარების დროს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ტანჯვას“.

იმ შემთხვევაში, თუ სასულიერო პირი შეგნებით უარყოფს ქრისტეს რწმენას და სხვა სარწმუნოებას მიიღებს, ის განიკვეთება ეკლესიიდან, ხოლო შიშის გამო თუ უარყოფს ქრისტეს რწმენას, გულმხურვალედ შენანების შემთხვევაში შეინარჩუნებს მღვდლის პატივს და ღვთისმსახურის სახელს, მაგრამ ვერასდროს აღასრულებს ღვთისმსახურებას. მოციქულთა 62-ე კანონის თანახმად, „თუ ვინმემ სასულიერო პირთაგან იუდეველის, ელინისა ან მწვალებლის შიშით ქრისტეს სახელი უარყოს, ეკლესიიდან მოიკვეთოს; ხოლო თუ ეკლესიის მსახურის სახელი უარყოს, განიკვეთოს. მონანიების შემთხვევაში, შეიწყნარონ, როგორც ერისკაცი“. ამავე საკითხს ეხება ანკვირიის კრების პირველი და მეორე კანონები: „იმ მღვდლების შესახებ, რომლებმაც მსხვერპლი შესწირეს კერპს, შემდეგ მოიქცნენ არა მოჩვენებით, არამედ ჭეშმარიტად, და კი არ ცდილობენ დაარწმუნონ ვინმე, თითქოს ტანჯვის შედეგად მოიმოქმედეს ეს, და არ ფარავენ, რომ თავისი ნებით შესწირეს მსხვერპლი, ჯეროვნად მიგვაჩნია, რომ მათ ჰქონდეთ საჯდომელის პატივი, მაგრამ არ უნდა ჰქონდეთ შეწირვის, ერის დამოძღვრისა და ყოველგვარი სამღვდელო მსახურების უფლება“; „ასევე დიაკვნებს, რომლებმაც კერპს მსხვერპლი შესწირეს, ხოლო ამის შემდეგ მოიქცნენ, უნდა ჰქონდეთ პატივი, ოღონდ უნდა აეკრძალოთ ყოველგვარი მღვდელმსახურება, როგორიცაა პურისა და სასმლის შეწირვა, ან ქადაგება. თუ ეპისკოპოსები დაინახავენ მათ შრომას, თავმდაბლობას, სიმშვიდეს და მოინდომებენ სასჯელის მომატებას ან მოკლებას, მათ უფლებებში იყოს ეს“.

ერესი, იგივე მწვალებლობა – გააზრებულად ეკლესიის მიერ მიღებული დოგმატების მუდმივი უარყოფაა ან დაუფარავი აღიარება და დაცვა დოგმატური სწავლების დარღვევისა, რომელიც ეკლესიის მიერ არის დაგმობილი. წმინდად (კათარად) წოდებულთა საკითხის შესახებ ადრეც ნათქვამია და კეთილად მოხსენიებული, რომ ისინი უნდა მიჰყვნენ ადგილობრივ წესს, რადგან მათი ნათლისღების შესახებ სხვადასხვაგვარად ფიქრობდნენ სხვადასხვა დროს. წმ. ბასილი დიდის I კანონში ვკითხუ ლობთ: „პეპუზიანელთა შესახებ არა მგონია, რომ რამე თქმულიყო მათ დასაცავად და მიკვირს, თუ როგორ აუარა გვერდი ამას დიონისემ, რომელიც კანონს კარგად იცნობდა და მისდევდა. ძველებმა განაწესეს მიღება იმათი ნათლისღებისა, რომლებიც სარწმუნოებაში არ ცდებოდნენ. ამიტომ ზოგს ერესი დაარქვეს, ზოგს განხეთქილება და ზოგს კიდეშესაკრებლობა (თვითნებური თავშეყრა). მწვალებელი, ერეტიკოსი დაერქვა სარწმუნოებისაგან სრულიად ჩამოცილებულთ და უცხოქმნილებს. განხეთქილება ისეთი მიზეზია, რომლის განკურნება შეიძლება. ესენი არიან საეკლესიო საკითხებზე დავის გამო ერთმანეთისაგან გაყოფილები. კიდეშესაკრებლობაა (თვითნებური თავშეყრა), როცა დაუმორჩილებელ ეპისკოპოსს ან მღვდელს აყოლილი ერი კრებას იწვევს, როცა რაიმე ბრალისთვის დასჯილი განუდგება სამღვდელო დასს, თავს არ მოუხრის კანონს, თავს თვითონ ისამართლებს და ძალით მიიკუთვნებს პატივსა და მღვდლობას. ასევე თუ გამოიყოფა ვინმე, დატოვებს კათოლიკე ეკლესიას და მოაწყობს თვითნებურ შეკრებას – ეს არის თვითნებური თავყრილობა, კიდეშესაკრებლობა. ეკლესიაში მყოფთაგან განსხვავებული აზრის ქონა სინანულის შესახებ განხეთქილებაა. ხოლო ერესი, მაგალითად, მანიქეველთა, ვალენტინიანელთა, მარკიონელთა და თვით პეპუზიანელთა, ნიშნავს გაყოფას თვით ღმრთის სარწმუნოების საკითხში. პირველ მამებს სურდათ მწვალებელთა სრულიად გაძევება და მათი, როგორც წარმართთა, ისე მიღება-შეწყნარება. განხეთქილების მოქმედთა, როგორც ჯერ კიდევ ეკლესიის ნაწილთა, შეწყნარება შეიძლება. თვითნებური თავშეყრის მომწყობთა ჯეროვანი სინანულის, გამოსწორებისა და მობრუნების შემდეგ შეიძლება მათი ისევ შეერთება ეკლესიასთან. ისე რომ, დაუმორჩილებლებთან ერთად განდგომილი სამღვდელო დასის წარმომადგენლები თუ მოიქცევიან და ინანებენ თავიანთ განდგომას, ისინი იმავე ხარისხით იქნებიან შეწყნარებულნი, რომელშიც იყვნენ თავიდან.

პუპუზიანელები მწვალებლები არიან განცხადებულად, რადგან ისინი გმობენ სულიწმიდას და უსირცხვილოდ აკუთვნებენ მონტანსა და პრისკილას ნუგეშისმცემელთა სახელს. ამიტომ, როგორც კაცთა ღმერთმყოფელნი, დასასჯელნი არიან ამისთვისაც და იმიტომაც, რომ სულიწმიდას ადამიანებთან გათანაბრებით აგინებენ. ამგვარად საუკუნო სასჯელს იმსახურებენ, რადგან სულიწმიდის გინების შენდობა არ შეიძლება. რა გამართლება აქვს ამათი ნათლისღების შეწყნარებას, რომლებიც ნათელს სცემენ მამის, ძისა და მონტანის და პრისკილას მიმართ? არ არის ნათელღებული ის, ვინც ნათელ-იღო იმათ მიმართ, ვინც არ არის ჩვენთვის მოცემული.

თუმცა დიდი დიონისე არ შეხებია მათ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივყვეთ ამ შეცდომას, რადგან უსწორობა ცხადზე ცხადია, ყველასთვის თვალსაჩინოა და ამის არად ჩაგდება უსამართლობა იქნება.

წმინდად (კათარად) წოდებულნიც განხეთქილების მოქმედნი არიან. ჩვენს პირველ მამებს, კვიპრიანესა და ფირმილიანეს სურდათ ერთი განსაზღვრების განჩინება ყველა ამათთვის, რომლებიც არიან: წმინდად წოდებულნი, მმარხველნი (ენკრატიტები) და წყლისშემწირველნი (ჰიდროპარასტატები), რადგან განდგომის დასაწყისი წარმოიშობა განხეთ ქილებისაგან. ვინაიდან განუდგებიან ეკლესიას, მათ აღარ აქვთ თავის თავში სულიწმიდის მადლი, რადგან მოაკლდათ მადლი კანონიერი წესების მიყოლის აღკვეთასთან ერთად. პირველ განდგომილთ მამებისაგან ჰქონდათ მიღებული სულიერი მადლი. ხოლო თანდათან გამოეყვნენ მათ, ერისკაცები გახდნენ და არც ნათლისცემისა და არც ხელდასხმის ნება არ ჰქონდათ, აღარ შეეძლოთ სულიწმიდის მადლი მიენიჭებინათ სხვებისთვის, რადგან თვითონ ჩამოშორდნენ ამ მადლს. ამის გამო მათგან ნათელღებულების, როგორც ერისკაცთა მიერ მონათლულების, ხელახლა ნათლისღებით განწმენდას ბრძანებს ეკლესია, როცა ასეთი ვინმე ისევ დაუბრუნდება მართლმადიდებლობას. მაგრამ რადგან აზიელთაგან ბევრს სურს მათი ნათლისღების შეწყნარება, შეიწყნარონ.

ჩვენ უნდა გავიგოთ მმარხველთა (ენკრატიტებად) წოდებულთა მზაკვრობა, რადგან ეკლესიისგან შეუწყნარებელნი რომ იყვნენ ისინი, ხელი მიჰყვეს თავიდანვე თავიანთი ნათლისღების დაჩქარებას, რითაც თავისი საკუთარი ჩვეულებაც შეცვალეს. ამიტომ რადგან მათ შესახებ ნათლად თქმული და განჩინებული არაფერია, ჩვენ გვმართებს მათი ნათლისღების გაუქმება. თუ ვინმეს ნათელ-უღია მათგან, ხელახლა უნდა ნათელ-ვცეთ მას, როცა ეკლესიას დაუბრუნდება. მაგრამ თუ საერთო მამათა განგებას სურს თავის შეკავება და ამის სხვაგვარად განწესება, ისევ ჩვეულებას უნდა მივყვეთ და ჩვენი მამების დადგენილებას შევუდგეთ, რადგან როცა გვინდა ვინმე შევაჩეროთ აჩქარებული ნათლისღებისაგან, ვერიდები, რომ ცხონებისაგან არ დავაბრკოლო ისინი ჩვენი მკაცრი განჩინებით. თუ ისინი დაიცავენ ჩვენს ნათლისღებას, ეს ნუ დაგვამშვიდებს ჩვენ, რადგან ასე მოქცევა კი არ გვევალება ჩვენ, არამედ საჭიროა, პატივი ვცეთ და გულმოდგინედ მივყვეთ უცთომელ კანონს და კრძალვით დავიცვათ შემდეგი, რომ, როცა ვინმე, მათგან ნათელღებული, მოუბრუნდება ეკლესიას, პირველად მას ეცხებოდეს საცხებელი სულიწმიდისა მორწმუნეთა შორის და შემდეგ ეზიარებოდეს საიდუმლოს. ვიცი ესეც, რომ ძმები იზო და სატორნინე, რომლებიც მათი დასის წევრები იყვნენ, შევიწყნარეთ ეპისკოპოსის ტახტზე, რის გამოც მათი საზოგადოების წევრებს ვერ გამოვყოფთ ეკლესიისაგან რაიმე კანონის მიღებით მათი და მათი ეპისკოპოსების ზიარების შესახებ“.

მეორე მსოფლიო კრების მეექვსე კანონი განაწესებს: „ვინაიდან ბევრს სურს არეულობა შემოიტანოს და საეკლესიო წესრიგი დაარღვიოს, ამიტომ მტრული და ცილისმწამებლური ბრალდებით გამოდიან ეკლესიის მმართველი მართლმადიდებელი ეპისკოპოსების წინააღმდეგ; მათ მხო ლოდ ერთი მიზანი აქვთ: ჩრდილი მიაყენონ ღვთისმსახურთა კეთილ სახელს და მშვიდობიან მრევლში შფოთი შეიტანონ. ამის გამო კონსტანტინეპოლში მოწვეულ წმიდა კრებაზე შეკრებილმა ეპისკოპოსებმა სათნოდ მივიჩნიეთ შემდეგი განჩინება გამოგვეტანა: არ შეიძლება გამოძიების გარეშე რომელიმე პირის ბრალმდებლად მიღება; ეკლესიის მეთაურზე საჩივრის შემოტანის უფლება ყველას განურჩევლად არა აქვს, მაგრამ არც ყველას ეკრძალება. თუ ვინმე ეპისკოპოსზე შემოიტანს საკუთარ ანუ კერძო საჩივარს, იქნება ეს ქონებრივი პრეტენზია თუ მის მიმართ ჩადენილი სხვა რაიმე უსამართლობის შესახებ, ასეთი ბრალდების განხილვისას არ უნდა მიექცეს ყურადღება არც ბრალმდებლის პიროვნებას, არც მის სარწმუნოებას. ეპისკოპოსის სინდისი სუფთა და თავისუფალი უნდა იყოს და მომჩივანმაც სამართალი უნდა იპოვოს, რომელი სარწმუნოების მიმდევარიც უნდა იყოს იგი; ხოლო თუ ეპისკოპოსის მიმართ წაყენებული ბრალდება საეკლესიო ხასიათისა იქნება, მაშინ გამოსაძიებელია ბრალმდებლის პიროვნება. უპირველეს ყოვლისა მწვალებლებს არ უნდა მიეცეთ უფლება, მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს საეკლესიო საქმეებში დასდონ ბრალი. მწვალებლებად კი მივიჩნევთ ყველას, ვინც ძველთაგანვე ეკლესიისათვის გარეშედ არიან შერაცხილნი, ასევე, ვინც იმის შემდეგ შევაჩვენეთ, აგრეთვე იმათ, რომლებიც თვალთმაქცობენ, თითქოს ჩვენს სარწმუნოებას ზედმიწევნით აღიარებენ, სინამდვილეში კი ეკლესიას გამოეყვნენ და კრებებს აწყობენ სწორად დადგინებულ ეპისკოპოსთა წინააღმდეგ; ბრალდება ეპისკოპოსთა წინააღმდეგ არ მიიღება არც იმათგან, ვინც ეკლესიის წიაღში იყო, მაგრამ გარკვეული ბრალდების გამო გასამართლებული და განკვეთილია, ანდა განყენებულია ზიარებიდან, კლერიკოსი იქნება ის თუ ერისკაცი, ვიდრე თავად არ განიწმინდება დანაშაულისაგან; ასევე არ მიიღება ეპისკოპოსზე ან დასის სხვა წევრზე ბრალდება მათგან, ვინც მანამდე თვითონ იყო დასმენილი, სანამ წაყენებულ ბრალდებაში სრულიად უდანაშაულო არ აღმოჩნდება. თუ ბრალმდებელი არც მწვალებელია, არც განყენებული ან განკვეთილი, არც ბრალდებული ყოფილა რაიმე დანაშაულში და ეპისკოპოსს საეკლესიო საქმეებში ადანაშაულებს, წმიდა კრება მოითხოვს, რომ უპირველესად მან ეს საჩივარი სამთავროს ყველა ეპისკოპოსს წარუდგინოს და პასუხისმგებლობაში მიცემული ეპისკოპოსის მიმართ წარდგენილი ბრალდება თავისი არგუმენტებით განამტკიცოს, თუკი მცდელობის მიუხედავად შეკრებილი ეპარქიის ეპისკოპოსები ვერ შეძლებენ წესრიგის აღდგენას იმ საქმესთან დაკავშირებით, რაშიც ეპისკოპოსს ბრალი ედება, მაშინ ბრალმდებელმა დიდი სამთავროს ეპისკოპოსთა დიდ კრებას მიმართოს, რომელიც ამ მიზეზით შეიკრიბება, მაგრამ სანამ ბრალმდებელი თავის ბრალდებაზე საუბარს დაიწყებდეს, მან წერილობითი პირობა უნდა დადოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თვითონ აღმოჩნდება ცილისმწამებელი, მზადაა, იგი ვე სასჯელი მიიღოს, რაც ელოდა ბრალდებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში. ვინც უგულებელყოფს დადგენილ განჩინებას, გაბედავს და სამეფო ხელისუფლებას მიმართავს ანდა საერო მთავრის სასამართლოს, ან კიდევ მსოფლიო კრებას, რაც ადგილობრივი სამთავროს ყველა ეპისკოპოსის ღირსების შეურაცხყოფა იქნება, და ეს ცნობილი გახდება, მაშინ ასეთი პირი არ უნდა იყოს მიღებული თავისი ბრალდებით, როგორც კანონების შეურაცხმყოფელი და საეკლესიო კეთილწესიერების დამრღვევი“.

მწვალებლებს ეკლესია ანათემით სჯის.

სქიზმა, იგივე განხეთქილება არსებობს ორი სახისა – რელიგიური და საეკლესიო. რელიგიური განხეთქილება ყალიბდება იმ შემთხვევაში, როდესაც ეკლესიას გამოეყოფიან გარკვეული პირები, რომელნიც ეკლესიას არ ეთანხმებიან. მის სწავლებას ზოგიერთ მეორეხარისხოვან საკითხებში და ისეთ თემებზე, რომლის გადაწყვეტაც ადვილად არის შესაძლებელი (იხ. ზემოთ მოტანილი ბასილი დიდის პირველი კანონი, გვ. 445-447). მეორე სახის განხეთქილებაა, როდესაც გარკვეული პირები არ ემორჩილებიან კანონიერ ეპარქიას. მოციქულთა 31-ე კანონში ვკითხულობთ: „თუ მღვდელი შეურაცხყოფს თავის ეპისკოპოსს, ცალკე მოაწყობს კრებებს და სხვა საკურთხეველს აღმართავს და არ დაემორჩილება ეპისკოპოსს სიმართლითა და კეთილმსახურებით, იგი უნდა განიკვეთოს, როგორც მოძალადე და ძალაუფლებისმოყვარე. მასთან ერთად მისი მიმდევარი სასულიერონი, ხოლო ერისკაცნი უზიარებლობით დაისაჯონ. ასე მოხდეს ეპისკოპოსის მისადმი მიმართული ერთი, ორი და სამი თხოვნა-ვედრების შემდეგ“.

ღანგრაში შეკრებილ წმინდა მამათა VI კანონში ასევე ვკითხულობთ: „თუ ვინმე ეკლესიის გარეთ, ცალკე ეკლესიობდეს, უგულებელყოფდეს ეკლესიას, საეკლესიო საქმეების გადაწყვეტა მის გარეთ მოისურვოს და არ ჰყავდეს მღვდელი ეპისკოპოსის ნებართვით, შეჩვენებულ იყოს“.

კართაგენის კრების X-XI კანონები ეხება ეპისკოპოსის მიერ ბრალდებულ მღვდლებს: „თავისი ეპისკოპოსის მიერ ბრალდებულ მღვდელთა შესახებ. ნუმიდიის წარმომადგენელმა ალვიპიოს ეპისკოპოსმა თქვა: არც იმას უნდა ავუროთ გვერდი, რომ თუ მღვდელი თავისი ეპისკოპოსის მიერ ბრალდებული იქნება და, დიდგულობითა და ამპარტავნებით გათავხედებული იფიქრებს, რომ არ არის მისთვის შეუძლებელი, მარტომ შესწიროს წმინდა მსხვერპლი ღმერთს, ან გაბედოს აღმართვა სარწმუნოების და წესიერების საწინააღმდეგოდ, ასეთი დაუსჯელად ნუ გადარჩება.

ნუმიდიის პირველი საყდრის ეპისკოპოსმა ვალენტინემ თქვა: საეკლესიო სარწმუნოებისა და წესის შესაბამისია და საჭირო ჩვენი ძმის ალვიპიოსის მოხსენებული. რა სურს ამ საკითხზე თქვას თქვენმა სიყვარულმა? ყველა ეპისკოპოსმა თქვა: თუ ვინმე მღვდელი, თავისი ეპისკოპოსის წინააღმდეგ ამხედრებული, განხეთქილებას აწყობდეს, შეჩვენდეს“;

„თუ ვინმე მღვდელი თავისი ეპისკოპოსის მიერ იყოს ბრალდებული, ასეთმა უნდა მიმართოს მეზობელ საეპისკოპოსოს, რომ მან მოისმინოს მისი საქმე და შეარიგოს თავის ეპისკოპოსთან. თუ ასე არ მოიქცეს, არამედ, რაც არა ჯერ-არს, ის მოიმოქმედოს, და გადიდგულებულმა თავისი ეპისკოპოსის ზიარებისაგან განიშოროს თავი, ცალკე ვინმესთან ერთად შესწიროს სიწმინდის მსხვერპლი ღმერთს და ამით განხეთქილება შემოიტანოს, ასეთი შეჩვენებულად შეირაცხოს და ჩამოერთვას თავისი ადგილი. თუმცა წინასწარ განხილონ, ხომ არ არის სამართლიანი მისი ბრალდება ეპისკოპოსის მიმართ“.

ამ საკითხს ეხება ანტიოქიის კრების V კანონიც: „თუ მღვდელი ან დიაკონი თავის ეპისკოპოსს შეურაცხყოფს და [ამით] თავის თავს განაშორებს ეკლესიისგან, ცალკე მოაწყობს კრებებს, საკურთხეველს აღმართავს, ეპისკოპოსი ერთხელ და ორჯერ მოწოდებას არ დაემორჩილება და არ მოინდომებს მის დაჯერებას, ის უნდა განიკვეთოს სრულიად, ისე რომ აღარ დარჩეს განკურნების იმედი. მისთვის აღარ იქნება შესაძლებელი პატივის დაბრუნება, ხოლო თუ განაგრძობს ეკლესიაში არეულობის შეტანას და მის წინააღმდეგ მოქმედებას, გარეგანმა და საერო ხელისუფლებამ, როგორც მეამბოხე, უნდა დასაჯოს“.

პირველი სახის განხეთქილების შემთხვევაში კანონები განსაზღვრავს სასჯელებს იმის მიხედვით, თუ რამდენად დაშორდნენ ისინი ეკლესიის სწავლებას. ხოლო მეორე სახის განხეთქილების შემთხვევაში სასულიერო პირი განკვეთით ისჯება, ხოლო საერო პირი, რომელიც მათ გაჰყვა – ზიარებისგან განყენებით.

სიმონია – ამ საშინელი და მძიმე დანაშაულის არსი სამღვდელო მადლის მინიჭების ვაჭრობაა, ე. ი. თანხის მეშვეობით სამღვდელო ხარისხის მოპოვება. დანაშაულმა სახელი მიიღო სიმონ მოგვის გამო, რომელიც მოციქულებს თანხას სთავაზობდა, რათა სამღვდელო ხარისხი მიეღო. მოციქულთა საქმეში ვკითხულობთ: „როცა სიმონმა დაინახა, რომ მოციქულთა ხელდასხმით ეძლეოდათ სული წმიდა, ფული მიუტანა მათ და უთხრა: მეც მომეცით ეგ ძალა, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სული წმიდა. ხოლო პეტრემ მიუგო მას: ეგ შენი ვერცხლი შენთანვე იყოს წარსაწყმედად, ვინაიდან განიზრახე ფულით გეყიდა ღვთის ნიჭი“ (საქ. 8, 18-20).

სიმონიის შემთხვევაში დამნაშავე არა მარტო ხელდამსხმელი ეპისკოპოსია, რომელიც თანხის გამო აკურთხებს მღვდლად, არამედ ისიც, ვისაც ხელს დაასხამენ და ამას გარდა ყველა ის, ვინც ამ გარიგებაში მონაწილეობდა შუამავლად. „ეპისკოპოსი, რომელიც ფულის სანაცვლოდ დაასხამს ხელს და, მადლს, რომელიც არ იყიდება, სავაჭრო საგნად აქცევს: ეპისკოპოსს, ქორეპისკოპოსს, მღვდელს ან დიაკონს, ან დასის სხვა წევრს ქრთამით დაადგინებს, საძაგელი ანგარებით აკურთხებს ვინმეს ეკონომოსად, ეკდიკად, დეკანოზად ან საერთოდ რაიმე საეკლესიო თანამდებობაზე – ასეთ საქმეებში მხილებულ, ან თუნდაც მცდელობაში შემჩნეულ ეპისკოპოსს, ხარისხი უნდა აეყაროს; მის მიერ ამ გზით დადგინებული პირი კი ნაყიდი ხელდასხმისა და დადგინების გარეშე დარჩეს, ჩამოერთვას ფულით შეძენილი პატივი და წოდება. შუამავლის მიმართ კი (თუ ასეთი აღმოაჩინეს) ვადგენთ: სამღვდელო პირი ხარისხიდან განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი, ან მონაზონი ანათემას გადაეცეს“. ამა საკითხთან მიმართებით, თანხაში არ უნდა ვიგულისხმოთ ფული ვიწრო გაგებით, რადგან არა მხოლოდ ფულის აღება ან რაიმე საჩუქრის ქრთამის სახით მიცემა იგულისხმება მღვდლობის ხარისხის მიღების სანაცვლოდ, არამედ სიმონიად მიიჩნევა შემდეგი:

ა) როდესაც ვინმე მიიღებს ხელდასხმას პირადი მომსახურებით ხელ დამსხმელის მიმართ.

აქვე მოგვყავს ტარასი კონსტანტინეპოლელის ეპისტოლე რომის პაპის – ადრეანესადმი:

„უწმინდეს და უნეტარეს ძმასა და თანამღვდელს უფალ ადრიანეს, ძველი რომი პაპს, უღირსი ეპისკოპოსი ტარასი უფლისა მიერ გახარებ!

მრავალმხრივ და მრავალგვარად გვასწავლის სახარება, სამოციქულო და მამათა მოძღვრება, რომ სამღვდელო დასში მიღებისას ვერცხლისმოყვარეობა არ უნდა გამოვიჩინოთ. სამღვდელო დასისაგანად ხელდასმისათვის არ უნდა მოვიხვეჭოთ ოქრო, არ უნდა მივიღოთ ვერცხლი. გვსურს თვალსაჩინო გავხადოთ ეს იმ დამოწმებებით, რომლებიც ამოვკრიბეთ საღმრთისმეტყველო წიგნებიდან და მამათა მოძღვრებიდან. ხელდამსხმელნი სულის მსახურნი არიან და არა სულის გამყიდველნი. სულიერი მადლის უსასყიდლოდ მიმღებთ უსასყიდლოდვე უნდა მისცენ იგი მათ, ვინც უნდა მიიღოს მათგან, როგორც საუფლო ხმისაგან მიღებული თავისუფლების დამამტკიცებელმა.

თუ ვინმე მხილებულ იქნება სულიწმიდის მადლის ოქროზე გაყიდვაში, ასეთს სამღვდელო დასიდან განდევნიან, და თუ მღვდლის სახელს უწოდებენ, ეს წოდება ტყუილია იმიტომ, რომ საქმით არ დასტურდება, რადგან „არავის შეუძლია ღმრთისა და მამონას მონება“ (მათ. 6,24), როგორც ამას სახარება გვასწავლის და გვესმის წინასწარმეტყველის პირით თქმული ღმრთის სიტყვა: „მღვდელნი ეტყოდეთ გულსა იერუსალიმისასა“ (ეს. 40, 2), და აგრეთვე მუქარით ნათქვამი: „თუ დარაჯმა იხილოს მომავალი მახვილი და არ დასცეს საყვირს და ერი არ მოერიდოს და მიეწიოს მახვილი და მიიღოს მათგან სული, მისი (ერის) სისხლი მეთვალყურისგან ავიღო“ (ეზეკ. 33,2).

ჩვენ გვეშინია, არ დავისაჯოთ დუმილის გამო, და ვაფრთხილებთ ეკლესიის ყველა წინამძღვარს, რომ გაბედულად ვთქვათ საღმრთო მოციქულისამებრ: „წმინდა ვართ თქვენი სისხლისაგან“ (შეად. საქ. 20,26), მათ მაგიერ არ ვაგებთ პასუხს, ვინც საფასურით დაასხამს ხელს ან ხელდასხმულ იქნება. დიდი მოციქული პეტრე, რომლის საყდარი თქვენს ძმებრივ სიწმინდეს უპყრია, როგორც სიმონ მოგვს, ისე განკვეთდა მათ. ამის გამო ჩვენ ბეჯითად გითხრობთ ჭეშმარიტებას, როგორც დამცველნი და შემნახველნი წმინდა და ყოვლად ქებული მოციქულების მიერ მოცემული და ჩამოყალიბებული საღმრთო კანონებისა. ხოლო თუ სადმე ვინმე მათ დაარღვევს, მას ზურგს შევაქცევთ და შევიძულებთ.

შენი ძმებრივი მღვდელთმთავრობითი მშვენიერი სიწმინდე წესიერი და საღმრთო განგებით შემკული ასრულებს სასულიერო წოდების წინამძღვრის მოვალეობას, რითაც საყოველთაოდ ცნობილი დიდება აქვს. პირველი მღვდელთმთავარი, ჩვენი ქრისტე ღმერთი, წინასწარმეტყველის პირით ამბობს: „ცოცხალი ვარ მე, რადგან მადიდებელნი ჩემნი ვადიდე“ (I მეფ. 2,39). სასულიერო მოღვაწეთათვის სასურველო კაცო, შენ იცი, რომ ყოვლად უსახურია მაკედონიოსისა და მის თანამდგომ ბოროტად მსახურ სულის მოწინააღმდეგეთა ერესი, რადგან ის სულიწმიდას მიიჩნევს დაბადებულად და ღმრთისა და მამის მონად, და ამით გმობს წმინდა სულს. ესენი, როგორც თვითონ ფიქრობენ, ამით წმინდა სულს თავის მონად ჰყოფენ. რადგან ყველა უფალი (ბატონი) უფლებამოსილია, რაც გვაქვს, გაყიდოს, იქნება ეს მონა, თუ სხვა რამ, რაც შეუძენია. ასევე მყიდველსაც სურს იმისი ბატონ-პატრონი იყოს, რასაც იყიდის და შეიძენს ფულით. ამგვარად, ამ უწესო საქმის თავხედურად მოქმედი დაამდაბლებს სულიწმიდას და თავის თავს იმ ცოდვისმოქმედებს უთანაბრებს, რომლებიც ქრისტეზე ამბობდნენ, ბელზებელის (ეშმაკის მთავრის) ძალით განდევნის ეშმაკებსო, ან, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ემსგავსებიან გამცემ იუდას, რომელმაც ღმრთის მკვლელ ურიებს ვერცხლის ფასად მიჰყიდა ქრისტე, რადგან სულიწმიდა ჩვენი ქრისტე ღმერთის თანაარსია, და ასევე, ისინი მამის ნაწილნი არიან უეჭველად, როგორც არის ეს დამტკიცებული. ხოლო რომ არ იყიდება, ცხადია ეს და უცილობელი. არ არის მათში სულიწმიდის მადლი, რაც მღვდლობის სრულყოფილებაა და რომელიც ვერც მიუღიათ და არც აქვთ. გაიხსენონ წმინდა პეტრეს ნათქვამი სიმონის შესახებ: „არა გაქვს შენ ნაწილი, არც მემკვიდრეობა ამ სიტყვაში, რადგან შენი გული არ არის წრფელი ღმერთის წინაშე“ (საქ. 8, 21), რადგან თუ მღვდლობის პატივი იყიდება, ზედმეტია ლაპარაკი მათი პატიოსანი მოღვაწეობის, უბიწოებისა და სათნოებით შემკული ქცევის შესახებ. ზედმეტია მათთვის საღმრთო მოციქულის პავლეს მოძღვრება, რომ საჭიროა, ეპისკოპოსი უნაკლო იყოს, წმინდა, შემკული, მასწავლებელი, განკრძალული, ფრთხილი, მოძღვრებაში სარწმუნო სიტყვის მქონე, რომ შეეძლოს ნუგეშისცემაც სწორი სწავლით და მოწინააღმდეგეთა მხილებაც (შდრ. I ტიმ., 3, 2; ტიტე 1, 8-9). ეს ყოველივე ზედმეტია მღვდლობის გამყიდველთა და მყიდველთათვის, რადგან ქვემოთ მოყვანილი დამოწმებანი უცხო იქნება ისეთი სამღვდელოსათვის, რომელიც აძლევს და იღებს სასულიერო წოდებას, როგორც ქონებას, სულერთია, როდის იქნება ეს მიცემა ან მიღება საფასურისა – ხელდასხმის დროს, წინ თუ შემდეგ, რადგან ფასის მიღება არის მიღება, როცა არ უნდა მოხდეს ეს. წმინდანები ყოველგვარ საეკლესიო დადგენილებაში საფასურის მიცემას კრძალავენ.

წმინდა მოციქულთა 29-ე კანონი:

„თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ფულით მიიღებს ამ პატივს, უნდა განიკვეთოს ისიც და მისი ხელდამსხმელიც, და სრულიად მოიკვეთოს ზიარებისგანაც, როგორც სიმონ მოგვი პეტრე მოციქულისაგან“ (შდრ. საქმე 8, 2-20).

მეფეთა მესამე წიგნიდან:

„არ შეაქცია ზურგი იერობოამმა ბოროტებას და მიბრუნდა და ხალხის ერთი ნაწილიდან დაადგინა მაღალი ქურუმები და, ვისაც სურდა, უფლებას აძლევდა, გამხდარიყო უმაღლესი მღვდელი მაღალთა შორის. ეს მოქმედება იქცა იერობოამის სახლის ცოდვად, მის დამღუპველად და აღმგველად პირისაგან მიწისა“ (III მეფ. 13, 33-34).

მეფეთა მეოთხე წიგნიდან:

„ნეემანი დაბრუნდა ეკლესიასთან. ის და მისი მთელი ბანაკი მოვიდა და დადგა მის წინ და თქვა: „აი, ახლა გავიგე, რომ არ არის ღმერთი ქვეყანაზე, გარდა ისრაელისა, და ახლა მიიღე ევლოგია (კურთხევა) შენი მონისაგან“. და თქვა ელისემ: „ცოცხალია უფალი, რომლის წინაშეც ვდგავარ, როგორ მივიღო“, და აიძულებდა, რომ მიეღო და ელისემ არ დაუჯერა. ცოტა ხნის შემდეგ თქვა გიეზიმ, ელისეს ყმამ: „აი, აერიდა ჩემი უფალი ნეემან ასურს, რომ მიეღო მისი ხელიდან, რაც მოართვა. ცოცხალია უფალი! დავეწევი მას და რაიმეს წამოვიღებ მისგან“. და დაედევნა გიეზი ნეემანს. ცოტა ხნის შემდეგ უთხრა მას ნეემანმა: „მიიღე ვერცხლის ტალანტი“. და მიიღო გიეზიმ ორი ტალანტი ვერცხლისა ორი ქისით და ორი მოქსოვილი სამოსელი. უთხრა მას ელისემ: „საიდან მიხვედი, გიეზი?“ და უთხრა გიეზიმ: „არ უვლია შენს მონას აქეთ-იქით“. და უთხრა მას ელისემ: „ჩემი გული არ დადიოდა შენთან ერთად? მე დავინახე, როგორ მობრუნდა კაცი ეტლიდან შენს მოსაგებებლად. დე, წაიღე ვერცხლი და სამოსელი, შეიძინე ბაღები, ზეთისხილები, ვენახი, ცხვარი, ძროხა, მონები, მხევლები და ნეემანის კეთრიც შენთან და შენს ნათესავებთან იყოს უკუნისამდე“. და გამოვიდა მისგან კეთრით, როგორც თოვლით, შეფრქვეული“ (IV მეფ. 5, 15-26).

წმინდა ბასილი დიდი კესარიელის განმარტებიდან ესაიას წიგნზე:

„სჯული მისცა დამხმარედ ღმერთმა იმის სათქმელად, რომ ეს ის სიტყვაა, რომლისთვისაც არ მიეცემა ქრთამი. ეს სჯული არ არის მუცლისმეზღაპრეთა სიტყვა, რადგან საცთურად კი არ არის მოგონილი, როგორც ის, არამედ ჭეშმარიტებას ასწავლის. მუცლითმეზღაპრენი მკითხაობენ ვერცხლზე და ეს ნამდვილად დასაცინია, რადგან შემცდარნი ვერცხლს წააგებენ ტყუილების საყიდლად. ეს სიტყვა კი სჯულიერია და არ არის ისეთი, რისთვისაც ქრთამი მიეცემა, რადგან: „უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მისცემდითო“ (მათ. 10,8), ამბობს საღმრთო ხმა. ხედავ, როგორ გამწარდა პეტრე სიმონის ვერცხლის გამო, რომელიც მან სულიწმიდის მადლისთვის შესთავაზა, და უთხრა: „შენი ვერცხლი შენვე გქონდეს შენს წარსაწყმედელად, რადგან ღმრთის ნიჭის მიღება, შენ გგონია, რომ ფულით შეიძლება“ (საქ. 8, 20). სახარების სიტყვები არ არის სავაჭრო, როგორც მუცლითმეზღაპრეების სიტყვები, რადგან ვის რა შეუძლია, მისცეს მათ სანაცვლოდ! მოუსმინე დავითს, როგორ უღონოდ თვლის თავს და ამბობს: „რა მივცე უფალს ყოველივე იმის ნაცვლად, რაც მომცა მე?“ (ფს. 115, 3). არ არსებობს მისთვის ქრთამის მიცემა, ვინც მისმიერი მადლის ღირსი გახდა. მისთვის ღირსეული ძღვენი ერთი რამ არის მხოლოდ: მისგან მონიჭებული წაურთმეველი სიწმინდის საუნჯეთა იმის საკადრისად დაცვა, რომელმაც მოგცა შენ ის სიმდიდრე და არ გართმევს მოცემულის ფასს. ის მხოლოდ მოცემულის ღირსეულად დაცვას მოითხოვს“.

ბასილი დიდის ეპისტოლიდან მისი ხელქვეითი ეპისკოპოსებისადმი, რომ არ აღასრულონ ხელდასხმა ფულით:

„ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ არ სცოდავენ, თუ ხელდასხმის დროს მაშინვე კი არა, არამედ ხელდასხმის შემდეგ მიიღებენ ქრთამს. მაგრამ რა დროსაც უნდა მიიღოთ, მაინც მიღებაა. გევედრებით, ამ ჯოჯოხეთში წარგზავნილი შენაძენისა და შემოსავლისაგან განდგომას, რომ ასეთი მისაღებით არ შეიბღალოთ ხელი და თავი უღირსი არ გახადოთ საიდუმლოთა შემწირველობისა“.

იოანე ოქროპირის ცხოვრებიდან:8

ჩვენი სიტყვის გაგრძელების მიზეზმა ევსევიმ, ექვსი სხვა ეპისკოპოსის ბრალმდებელმა, მიმართა ყველა ეპისკოპოსს და შესთხოვა ზიარების ნებართვა. ზოგიერთი ეპისკოპოსი მის მიღებას ეწინააღმდეგებოდა, რადგან ის ცილისმწამებელი იყო. ამის პასუხად ის მუდარით ამბობდა: რადგანაც საქმე ორი წლის განმავლობაში უმეტესწილად გამოკვლეულია და მიცემულია ვადა მოწმეთათვის, ამიტომ ვთხოვ თქვენს ღმრთისმოყვარეობას, მომცეს ნება, წარმოვადგინო მოწმეები ამჟამად, ამავე წუთს. მართალია, ეპისკოპოსი ანტონინე, რომელმაც ოქრო აიღო და ხელნი დაასხა, გარდაცვლილია, მაგრამ ცოცხალნი არიან მიმცემნიცა და ხელდასხმულნიც. ამიტომ დამსწრე კრებამ სამართლიანად მიიჩნია საქმის განხილვის დაწყება. და იწყება საქმის განხილვა ჩანაწერთა კითხვით იმის შესახებ, თუ რა მოხდა უწინ. შემოვიდნენ მოწმეები, შემოვიდნენ აგრეთვე ექვსი მიმცემი და ხელდასხმულნი. ისინი თავიდან არ აღიარებდნენ, მაგრამ მოწმეები, როგორც ერისკაცთაგან, ასევე სამღვდელოებიდან, რომელთაც ისინი, როგორც ჩანს, ეყრდნობოდნენ, მტკიცედ იდგნენ თავიანთ ჩვენებაზე. ამის გამო დამნაშავენი ჯერ უარს ამბობდნენ, მაგრამ როდესაც მოწმეებმა ამხილეს, გაახსენეს დრო და ადგილი, დაასახელეს მიცემული ნივთების სახეები და რაოდენობა, მაშინ შეაწუხა ისინი სინდისმა. მათ თავისი ნებით, დიდი ძალდატანების გარეშე, ასე აღიარეს: ვაღიარებთ, რომ მივეცით, მაგრამ ჩვენ ვფიქრობდით, რომ ასეთია წესი, რათა ჩვენ გათავისუფლებულნი ვყოფილიყავით საზოგადოებრივი მსახურებისაგან, და ახლა გთხოვთ: თუ არ არის კეთილმსახურებრივი, რათა ვიმყოფებოდეთ საეკლესიო სამსახურში, მაშინ უკიდურეს შემთხვევაში დაგვიბრუნონ ოქრო, რომელიც ჩვენ გადავიხადეთ, რადგან ჩვენ მიცემული გვაქვს ჩვენი ცოლების ნივთები. ამაზე იოანემ აღთქმა მისცა კრებას: მე ვთხოვ მეფეს და გავათავისუფლებ მათ საერო სასამართლოსაგან. თქვენ კი უბრძანეთ მათ, ანტონინეს მემკვიდრეთაგან აიღონ ის, რაც მისცეს. კრებამ ბრძანა: ოქრო აიღონ მათ ანტონინეს მემკვიდრეთაგან, ეზიარონ ისინი საკურთხეველში, მაგრამ ნუ ექნებათ მღვდლობის ნება, რათა პატიებით არ შემოვიდეს იუდეური ან ეგვიპტური ჩვეულება – მღვდლობის ყიდვა და გაყიდვა. რადგანაც ლაპარაკობენ, რომ იუდეველთა მავნე და ცრუსახელიანი პატრიარქი ყოველწლიურად ან ერთი წლის შემდეგ ცვლის სინაგოგის მთავრებს (არხისინაგოგებს) ვერცხლის შესაგროვებლად, ასევე მისი მიმბაძველი ეგვიპტელ იუდეველთა პატრიარქი. დაე, აღსრულდეს წინასწარმეტყველური სიტყვა: „მღდელნი მისნი სასყიდლისა თანა მიუგებდეს და წინასწარმეტყველნი მისნი ვერცხლისა თანა მისნობდეს“ (მიქ., 3,11).

ქალკედონის კრების მე-2 კანონი განაჩინებს: „თუ ვინმე ეპისკოპოსმა აღასრულოს ხელდასხმა ფასით, სავაჭროდ გახადოს უყიდელი მადლი და საფასური აიღოს ეპისკოპოსის, ხუცესის ან დიაკვნის და სამღვდელო დასის სხვა წარმომადგენლის ხელდასხმაში, ან დანიშნოს საფასურის აღებით ეკონომოსი, ეკლესიის მოსამართლე, დეკანოზი ან სხვა ვინმე, კანონით განწესებული, თავისი ანგარებისთვის, თუ ვინმეს ემხილოს ასეთი საქმის ჩადენა, ჩამოერთვას პატივი და ხელდასხმულს ნურაფერი ერგება ვაჭრობით მიღებული ხელდასხმის ან დანიშვნისაგან, არამედ ჩამოერთვას პატივი ან თანამდებობა, რომელიც ფულით მიიღო.

ხოლო ასეთი საძაგელი და უწესო გარიგების შუაკაცი, თუ სამღვდელო პირი იყოს, განიკვეთოს მღვდლობისაგან, ხოლო თუ ერისკაცი ან მონაზონი იყოს, შეაჩვენონ“.

გენადი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსის და მასთან ერ თად შეკრებილი მიტროპოლიტების მრგვლივმოსავლელი ეპისტოლიდან (ცირკულარიდან): არის და იყოს კიდეც განქიქებული და ყოველგვარ სამღვდელო პატივაყრილი და მსახურებისაგან განყენებული, წყევისა და შეჩვენებისა ღირსი, ვინც ამისი ფულით შესყიდვა მოინდომოს, ან ფასით ამის მიცემას შეჰპირდეს, გინდ სამღვდელო დასის წევრი იყოს, გინდ ერისკაცი, გინდ ემხილოს და გინდ ცხადად არ ემხილოს ამის ჩადენა, რადგან არ შეიძლება შეუფერებელთა შეხამება, არც ღმერთთან მამონას დაწესება და მის მსახურთა ღმრთისმსახურებად დადგენა. სამეფოა ეს განჩინებაც: „არვის შეუძლია, ორ ბატონს ემსახუროს“ (მათე 6,24).

ტრულის კრების 22-ე კანონი განაჩინებს: „სამღვდელო პირი, ეპისკოპოსი იქნება ის, თუ სხვა სამღვდელო დასისაგანი, თუ ხელდასხმული იქნება ფულით, ანუ ქრთამით, და არა გამოცდილებისა და სათნო ცხოვრების გამო, ვბრძანებთ მის განკვეთას და ასევე მისი ხელდამსხმელის განკვეთასაც“.

ვისმინოთ ყველამ და ყურად ვიღოთ არა მარტო მღვდელთმთავრებმა და სამღვდელო დასის წარმომადგენლებმა, არამედ ყველა დამკვიდრებულმა ქვეყანაზე, რომ „ჩვენ უფრო გვმართებს თავშეკავება“ (ებრ. 2,1). ნუ დავივიწყებთ იმ სიტყვას, რომ მამა-პაპათა მიერ დატოვებული ამაო და განხრწნადი ვერცხლითა და ოქროთი კი არა ვართ ჩვენ გამოსყიდულნი, არამედ ქრისტეს, როგორც უბიწო და უმანკო კრავის, პატიოსანი სისხლით“ (I პეტრე 1, 18-19).

გვასწავლე ჩვენ, სამღვდელთმთავრო კაცო, საღმრთო წერილის, სახარების, სამოციქულოს და კანონებრივ და მამათა განწესების მიყოლა, რადგან გვჯერა შენი პირით თქმული სიტყვები. სიმაღლეებზე ადი, აიმაღლე ხმა, იარე სივრცეში, იქადაგე გაბედულად, რომ მოისპოს სრულიად და გაქრეს საფასურით ხელდასხმა და ყველა, ვინც ვერცხლისმოყვარეობას, უსამართლო და ვაჭრობით საძაგელ შეძენას მისდევს. რადგან ეს მოისპობა და განქარდება საზეპურო, ქრისტეს სახელით წოდებული და გამოხსნის საჩუქარს მიახლოებული ერისაგან და ყველა ბოროტი უსახურება ძირიანად აღმოიფხვრება და მოისპობა. მღვდლები, როგორც ფინიკი, ისე აყვავდებიან და ქრისტეს სურნელებას მიჰფენენ ცხოვნებულებს და ეკლესიას ძლევის (გამარჯვების) გალობას უგალობენ, რომ „მოგისპო შენმა უფალმა შენი უსამართლობანი“ (სოფონ. 3,15), ხოლო თავისი ნაყოფის მომხმარებლებს დაატკბობენ და გაამრავლებენ სიბერეში ნეტარი და დაუსრულებელი ცხოვრების მემკვიდრედ წარმოჩენით“.

ბ) სიმონიად მიიჩნევა ის შემთხვევაც, როდესაც ნათესაურ ან მეგო ბრულ ურთიერთობას უწევენ ანგარიშს და ამის გამო მიანიჭებენ სამღვდე ლო ხარისხს, რასაც ნეპოტიზმი ეწოდება.

გ) სიმონიაა, როდესაც სასულიერო ხარისხის რომელიმე რანგის მიღება ში უკანონოდ ჩართულია საერო ხელისუფლების თანამდებობის მქონე პირი: „ეპისკოპოსი, რომელიც საერო მთავრებს დაიხმარებს და მათი მეშვეობით მიიღებს ეკლესიაში საეპისკოპოსო ძალაუფლებას, განკვეთონ და განაყენონ ასევე, ყველა მისი თანამოაზრე“.

დ) როდესაც გამოიყენება სხვადასხვა საშუალებები ხმათა მოსყიდვი სა სამღვდელმსახურო ადგილის არჩევნებით დადგენის დროს, ესეც სიმო ნიაა. სარდიკიის კრების II კანონში ვკითხულობთ: „ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: თუ აღმოჩნდება ვინმე ისეთი კადნიერი და დაუოკებელი, რომ უკადრისად აღიარებულ საქმეს ჩაიდენს და თავის სამართლებლად ქალაქის მცხოვრებთა წერილობით თხოვნას წარმოადგენს, ცხადია, რომ მას მოუხერხებია პატივისცემითა და ფულის გაღებით ქალაქის მცხოვრებთა მცირე ნაწილის მოსყიდვა და დარწმუნება, რომ ეკლესიაში შფოთი შეიტანონ და თქვან, რომ მას ითხოვენ თავიანთ ეპისკოპოსად. მე ვფიქრობ, ასეთი სივერაგე და ხრიკები ისე უნდა დაისაჯოს, რომ ცხოვრების ბოლოსაც კი არ გახდეს თუნდაც ერისკაცისთვის დაწესებული ზიარების ღირსი.9 უპასუხეს: ნათქვამი მოგვწონს“.

სიმონიის ობიექტი შემდეგია:

1) როდესაც მოსყიდვით მიიღება ან გაიცემა ეპისკოპოსობის, მღვდლობის ან დიაკვნის ხარისხი. მოციქულთა 29-ე კანონი გვასწავლის: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ფულით მიიღებს ამ პატივს, უნდა განიკვეთოს ისიც და მისი ხელდამსხმელიც, და სრულიად მოიკვეთოს ზიარებისგანაც, როგორც სიმონ მოგვი პეტრე მოციქულისაგან“ (შდრ. საქმე 8, 2-20). ტრულის კრების 22-ე კანონი ბრძანებს: „სამღვდელო პირი, ეპისკოპოსი იქნება ის თუ სხვა სამღვდელო დასისაგანი, თუ ხელდასხმული იქნება ფულით, ანუ ქრთამით, და არა გამოცდილებისა და სათნო ცხოვრების გამო, ვბრძანებთ მის განკვეთას და ასევე მისი ხელდამსხმელის განკვეთასაც“.

ასევე მეშვიდე მსოფლიო კრების მე-4 კანონი: „ეპისკოპოსებს ეკრძალებათ ყოველგვარი მექრთამეობა. ჭეშმარიტების ქადაგმა, მოციქულმა პავლემ კანონი მისცა ეფესელ მღვდლებს და მთელ საეკლესიო დასს. იგი ამბობს: „ვერცხლი, ოქრო და სამოსელი არავისი მნდომებია. ყველაფრით გიჩვენებთ თქვენ, რომ ასეთი ღვაწლით უნდა შეეწიოთ უძლურებს და ნეტარებად უნდა მიიჩნიოთ მიცემა და არა მიღება“ (საქმე 20, 33, 35). ამის გამო ჩვენც, მისი მოწაფეობის ღირსნი რომ გავხდეთ, ვადგენთ, რომ ეპისკოპოსმა გონებაშიც არ უნდა გაატაროს ქრთამის მისაღებად რისამე მომიზეზება. მას ეკრძალება ოქროს, ვერცხლის ან სხვა რამ ნივთის გამორთმევა მისი ქვეშევრდომი ეპისკოპოსებისათვის, მღვდელმსახურებისა და მონაზვნებისათვის, რადგანაც მოციქული ამბობს: „უსამართლოები ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს“ (II კორ. 12, 14). თუ ეპისკოპოსი ოქროს ან სხვა ნივთის ჩამოსართმევად, ან საკუთარი ვნების გამო სასულიერო პირს აუკრძალავს ჟამისწირვისა და ზიარების აღსრულებას, ან ჩაკეტავს ეკლესიის კარს, რომ იქ აღარ შესრულდეს საღმრთო და სამღვდელო მსახურება, ე. ი. თავის მრისხანებას მიმართავს უგრძნობლის [ანუ ეკლესიის] მიმართ, ნამდვილად უგრძნობელია იგი, ემონება თავის ვნებას და სნეულება მოუბრუნდება მას როგორც საღმრთო მცნებისა და მოციქულთა განწესების დამრღვევს [ე. ი. ისინი დაისჯებიან იმავე სასჯელით, რითაც სხვებს სჯიდნენ], ვინაიდან მოციქულთა თავი – პეტრე გვამცნობს: „როგორც ზედამხედველებმა, მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო, ოღონდ არა იძულებით, არამედ ხალისით, როგორც ღმერთს სურს, არა გამორჩენის მიზნით, არამედ მზადყოფნით. ნუ იბატონებთ მათზე, ვინც ღმერთს ეკუთვნის. მაგალითი მიეცით სამწყსოს, და, როცა უფროსი მწყემსი გამოცხადდება, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ“ (I პეტრე 5, 2-4).

2) როდესაც ასეთივე სახით მიიღება ან გაიცემა რაიმე სახის თანამდებობა ან სამღვდელო ხარისხი ეპარქიის მმართველი იერარქის მიერ. ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრების მე-2 კანონი განაჩინებს: „ეპისკოპოსი, რომელიც ფულის სანაცვლოდ მოახდენს დაასხამს ხელს და მადლს, რომელიც არ იყიდება, სავაჭრო საგნად აქცევს: ეპისკოპოსს, ქორეპისკოპოსს, მღვდელს ან დიაკონს ან დასის სხვა წევრს ქრთამით დაადგინებს; საძაგელი ანგარებით აკურთხებს ვინმეს ეკონომოსად, ეკდიკად, დეკანოზად ან საერთოდ, რაიმე საეკლესიო თანამდებობაზე, ასეთ საქმეებში მხილებულ, ან თუნდაც მცდელობაში შემჩნეულ ეპისკოპოსს, ხარისხი უნდა აეყაროს; მის მიერ ამ გზით დადგენილი პირი კი ნაყიდი ხელდასხმისა და დადგინების გარეშე დარჩეს, ჩამოერთვას ფულით შეძენილი პატივი და წოდება. შუამავლის მიმართ კი (თუ ასეთი აღმოაჩინეს) ვადგენთ: სამღვდელო პირი ხარისხიდან განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი ან მონაზონი ანათემას გადაეცეს“.

3) როდესაც მოითხოვენ თანხას ზიარების ან რომელიმე სახის ღვთისმსახურების დროს. ტრულის კრების 23-ე კანონი განაჩინებს: „არც ერთმა ეპისკოპოსმა, მღვდელმა და დიაკონმა მაზიარებლისგან არ უნდა აიღოს ფული, რადგან მადლი არ იყიდება, არც სულიერი სიწმინდე ფულისთვის, ეს ნიჭი უნდა მიეცეს ღირსს უსასყიდლოდ. თუ ვინმე სამღვდელოთაგანი მოითხოვს რამეს იმისგან, ვისაც აძლევს წმინდა ზიარებას, განიკვეთოს როგორც სიმონ მოგვის საცთურისა და ბოროტი მოქმედების ზიარი (იხ. საქმე 8, 2-20)“.

4) როდესაც ვინმე სულმდაბლად, ანგარების გამო ბოროტად იყენებს სასამართლოსა და კანონის ძალაუფლებას, უსამართლო განაჩენის გამოტანით დაუმსახურებელ სასჯელს აკისრებს ვინმეს ანგარების ან პირადი წყენის გამო, ესეც სიმონიის ობიექტია.

ამ დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, დაშვებულია ნებისმიერმა შეიტანოს საჩივარი სიმონისტებზე, და ამასთან ერთად, განურჩევლად ყველა მოწმის ჩვენება მიიღება სრული პატივისცემით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იქნება დამტკიცებული მიზანმიმართული ცილისწამება. ამის გარდა, სიმონიის სიმძიმიდან გამომდინარე და მის მიერ ეკლესიის ორგანიზმის მთლიანად ჩამოშლის საშიშროებისა, ამ დანაშაულის შემთხვევაში საეკლესიო კანონები ყველაზე მძიმე სასჯელებს განაწესებს: ეპისკოპოსი როგორი სახის სიმონიაშიც უნდა იყოს მხილებული, ექვემდებარება განკვეთას. ის, ვინც მიიღებს ხელდასხმას ან პატივს ასეთი მეთოდით, ექვემდებარება ანათემას და, უკანონოდ მიღებული, სასულიერო დასიდან განიკვეთება. ხოლო ყველა ის პირი, ვინც ამ არაკანონიერ გარიგებაში იღებდა მონაწილეობას, თუ ეკლესიის მსახურია, ექვემდებარება განკვეთას, ხოლო ერისკაცი – ანათემას (იხ. ზემომოყვანილი მეოთხე მსოფლიო კრების მე-2 კანონი, გვ. 459).

მოციქულთა 29-ე კანონიც ამავე საკითხს განიხილავს: „სასულიერო ხარისხიდან უნდა განიკვეთოს ის ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც ამ პატივს ფულით მიიღებს და მისი ხელდამსხმელიც ეკლესიიდან სრულიად უნდა მოიკვეთოს, როგორც სიმონ მოგვი პეტრე მოციქულისგან“ (შდრ. საქმე 8,2, 20).

8 დიდი სჯულისკანონში ეს ნაწყვეტი არაა შესული.

9 ხელნაწერის არშიაზე მინაწერია: ეს ერთადერთი კანონია, რომელიც ასეთ მკაცრ სასჯელს აწესებს.

სასულიერო პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულები

დანაშაულები, რომელიც სასულიერო პირთა მიერ შეიძლება იყოს ჩადენილი, ეხება მათ პირად საღვთისმსახურო პასუხისმგებლობას ეკლესიაში ან ზოგად ვალდებულებას ყველა ქრისტიანისთვის.

სასულიერო პირთა მიერ პირად საღვთისმსახურო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულებში საეკლესიო სამართლის წყაროებში მოიხსენიება შემდეგი სახის დანაშაულები:

1. როდესაც ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკვანი მასზე სწორად ჩატარებული ხელდასხმის შემდეგ, ვინმესგან მიიღებს მეორედ ხელდასხმას იმავე ხარისხში. ამის შესახებ მოციქულთა 62-ე კანონი განაწესებს: „თუ სასულიერო პირთაგანმა ვინმე იუდეველის, ელინის ან მწვალებლის შიშით ქრისტეს სახელი უარყოს, ეკლესიიდან მოიკვეთოს; ხოლო თუ ეკლესიის მსახურის სახელი უარყოს, განიკვეთოს. მონანიების შემთხვევაში შეიწყნარონ, როგორც ერისკაცი“. კართაგენის კრების 48-ე კანონის თანახმად, „ხელახლა ნათლისღების, მეორედ ხელდასხმისა და საყდრიდან საყდარში ეპისკოპოსთა გადანაცვლების შესახებ. ამასთან ერთად იმასაც მოვიხსენიებთ, რაც ჩვენ უკვე გვემცნო და რაც კაპუის კრებაზე დაადგინეს: მეორედ ნათლისცემა არ შეიძლება. არ შეიძლება არც მეორედ ხელდასხმა და არც ეპისკოპოსის გადანაცვლება ერთი საყდრიდან მეორეში. რეკტენიოს რეგტინსის მხარის ეპისკოპოსმა შეურაცხყო თავისი ერი და გადაინაცვლა ვიკენის ეკლესიაში. მას შემდეგ დღემდე მრავალჯერ ითქვა მის შესახებ, რომ კანონის შესაბამისად დატოვეს ის ეკლესია, რომელიც მიიტაცა, მაგრამ იგი არ იღებს ამ ნათქვამს. ამის შესახებ ჩვენ შეგვატყობინეს მტკიცე წინასწარი დადგენილება და, ჩვენთვის მცნებულის შესაბამისად, მოვითხოვთ, მოგვცეთ ნება, რომ იმ მხარის მთავარი აღუდგეს მას წინ, როგორც ეს დაადგინეს დიდებულმა მეფეებმა. ვინც თქვენი სიწმინდის მშვიდი შეხსენების შემდეგ არ ინება უპატიებელი საქმის გამოსწორება, ის სასწრაფოდ უნდა იქნეს ალაგმული მთავრის ხელისუფლებით. ავრელიოს ეპისკოპოსმა თქვა: მას რომ საეკლესიო წესი დაეცვა, არ დასჯიდა კრება, მაგრამ თქვენი სიყვარულის სიმშვიდით ვედრებული არ შეისმინა და არ დატოვა [მითვისებული საყდარი]. თავის მოუდრეკელობის გამო იგი უნდა მიეცეს ამქვეყნიურ ხელისუფლებას, რათა დაისაჯოს მის მიერ. ონორატოს და ურბანოს ეპისკოპოსებმა თქვეს: ყველანი თანახმა ვართ. ყველა ეპისკოპოსმა თქვა: სამართლიანია, ვიწონებთ“.

2. როდესაც მღვდელმსახური, სამართლიანად, კანონზე დაყრდნობით განიკვეთება სამღვდელო დასიდან გარკვეული კანონდარღვევის გამო, მიუხედავად ამისა, გაბედავს და თვითნებურად განაგრძობს მღდელმსახურებას, ამის თაობაზე მოციქულთა 28-ე კანონი განაწესებს: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, სამართლიანად განკვეთილი, თვალსაჩინო მიზეზის გამო, გაბედავს და დაიწყებს ოდესღაც მისთვის დავალებულ მღვდლობას (მსახურებას), იგი სრულიად უნდა მოიკვეთოს ეკლესიისაგან“.

ანტიოქიის კრების მე-4 კანონის ძალით: „თუ კრების მიერ განკვეთილი ეპისკოპოსი, ან თავისი ეპისკოპოსისგან განკვეთილი მღვდელი ან დიაკონი შემდეგაც გაბედავს მღვდლობას ან სხვა რაიმეს გაკეთებას ადრინდელი ჩვეულებისამებრ, მას აღარ უნდა ჰქონდეს სხვა კრებისაგან აღდგენის ან გამართლების იმედი, არამედ მისი ზიარებულნიცა და მაზიარებელნიც უნდა განიდევნონ ეკლესიიდან, მით უმეტეს, თუ მათ იცოდნენ ეს გადაწყვეტილება და მაინც გაბედეს მათი ზიარება“.

3. როდესაც ეპისკოპოსი თვითნებურად სხვის ეპარქიაში ხელს დაასხამს მღვდელს ან დიაკონს, ეპარქიის ეპისკოპოსის შეთანხმების გარეშე, ამის შესახებ მოციქულთა 35-ე კანონი განაწესებს: „ეპისკოპოსმა არ უნდა გაბედოს ხელდასხმა თავისი ეპარქიის საზღვრებს გარეთ, ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც მას არ ექვემდებარებიან. ხოლო თუ მხილებულ იქნება, ამის ჩადენაში, იმ ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე, ვისაც ექვემდებარება ეს ქალაქები და სოფლები, განიკვეთოს ისიც და მის მიერ დადგენილნიც“.

ასევე პირველი მსოფლიო კრების მე-15 კანონი განაწესებს: „მრავალი შფოთიანი საქმისა და არეულობათა გამო, რომელიც თავს იჩენს ხოლმე, წმინდა კრებას მიაჩნია, სრულიად მოისპოს ზოგიერთ მხარეში დამკვიდრებული უკანონო ჩვეულება და ქალაქიდან ქალაქში არ გადადიოდეს არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი, არც დიაკონი. თუ ვინმე ამ წმიდა და დიდი კრების განწესების საწინააღმდეგოდ მოიქცევა, ან მის მიმართ დაშვებულ ასეთ ქმედებას წინ არ აღუდგება, მაშინ განკარგულება გაუქმებულად მიიჩნევა, გადაყვანილი კი თავის ეკლესიაში უნდა დაბრუნდეს, სადაც იგი ხელდასხმული იყო მსახურებისათვის ეპისკოპოსად, მღვდლად ან დიაკვნად“.

ამავე საკითხს განიხილავს მეორე მსოფლიო კრების მე-2 კანონი: „სამთავროთა ეპისკოპოსები ნუ გაავრცელებენ თავიანთ ხელისუფლებას იმ ეკლესიებზე, რომელნიც მათი სამთავროს საზღვრებს გარეთაა განლაგებული, რათა ამით ეკლესიები ერთმანეთში არ შეურიონ; კანონის შესაბამისად, ალექსანდრიელმა ეპისკოპოსმა მხოლოდ ეგვიპტის ეკლესიები მართოს, აღმოსავლელმა ეპისკოპოსებმა კი მხოლოდ აღმოსავლეთში განაგონ, მაგრამ ამასთანავე, ანტიოქიის ეკლესიის უპირატესობის დაცვით, თანახმად ნიკეის კრების განჩინებისა. ასიის ეპისკოპოსებმა მხოლოდ ასიაში მართონ ეკლესიები, პონტოელმა ეპისკოპოსებმა – პონტოში, თრაკიელებმა – თრაკიაში. ეპისკოპოსი მიწვევის გარეშე არ უნდა გავიდეს თავისი სამრევლო ეკლესიის ფარგლებიდან ხელდასასხმელად ან სხვა რაიმე საეკლესიო განგებისათვის. თითოეულ სამთავროს (ეპარქიას) განაგებს ამავე სამთავროს კრებაა, ნიკეაში განსაზღვრული კანონის თანახმად, ხოლო წარმართთა შორის არსებული უცხო ტომთა ეკლესიები უნდა განაგონ მამათა მიერ დაწესებული ძველი კანონების მიხედვით“.

ასევე მესამე მსოფლიო კრების მე-8 კანონი განაწესებს: „კვიპროსელმა ეპისკოპოსებმა (რიგინოსი, ზინონი და ევაგრე) ეფესოს კრებას წარუდგინეს სიტყვიერი და წერილობითი საჩივარი იმის შესახებ, რომ ანტიოქიის ეპისკოპოსი მოქმედებდა საეკლესიო წესთა და წმინდა მამათა კანონის საწინააღმდეგოდ, როდესაც ბედავდა კვიპროსზე ხელდახმას. კრების განჩინების თანახმად, კვიპრელ ეპისკოპოსებს, საეკლესიო კანონებისამებრ, თვითონ უნდა ჰქონდეთ თავისივე ეპისკოპოსების ხელდასხმის უფლება. ეს წესი უცვლელად უნდა იყოს დაცული სხვა განსაგებელთა (ოლქთა) და ეპარქიათა მიმართ. ნურც ერთი ეპისკოპოსი მიიტაცებს სხვა ეპარქიას, რომელიც ძველთაგანვე არ ემორჩილებოდა მას და არ იყო მის წინამორბედ საყდრისმპყრობელთა გამგებლობაში. ხოლო თუ ვინმე მიიტაცებს და დაიმორჩილებს სხვის ეპარქიას იძულებით, უნდა გათავისუფლდეს, რათა არ დაირღვეს მამათა კანონი და მღვდელთმთავრებში თავი არ იჩინოს საერო მთავრობისმოყვარეობის ამპარტავნობამ და მედიდურობამ. წმინდა მსოფლიო კრებამ დაადგინა აგრეთვე, რომ თითოეულმა ეპარქიამ წმინდად დაიცვას ძველი ჩვეულება და წესი. თითოეულმა მიტროპოლიტმა უნდა წაიღოს ამ კანონის ასლი თავისი სიმტკიცისათვის. ვინმე თუ ამ დადგენილების საწინააღმდეგო წესს შემოიღებს, მსოფლიო კრება მას არ დაამტკიცებს და შესაბამისად, არ ექნება ძალა“.

ანკვირიის მსოფლიო კრების მე-13 კანონის თანახმად, „ქორეპისკოპოსს არა აქვს მღვდლის ან დიაკვნის ხელდასხმის უფლება, არც ქალაქის მღვდელთა [ხელდასხმის უფლება] სხვა სამრევლოში, თუ არ ექნება ეპისკოპოსის წერილობითი ნებართვა“. ასევე ანტიოქიის კრების მე-13 და 22-ე კანონები განაწესებენ: „ეპისკოპოსმა არ უნდა გაბედოს ერთი სამთავროდან [ეპარქიიდან] სხვა სამთავროში გადასვლა, იქ ეკლესიაში ხელდასხმისა და ჟამისწირვის აღსრულება და არც სხვა უნდა წაიყვანოს თან, თუ არ იქნება მიწვეული მიტროპოლიტისა და მასთან მყოფი იმ ეპისკოპოსების წერილობითი მოწმობით, რომელთა სოფლებშიც მიდის. ხოლო თუ მოწოდების გარეშე წავა უწესოდ ვინმეს ხელდასხმისა ან იმ საეკლესიო საქმეების მოსაგვარებლად, რაც მის უფლებებში არ შედის, მის მიერ აღსრულებული [საქმე] დაუმტკიცებლად უნდა მიიჩნიონ. მას კი უწესო და უსამართლო წამოწყების შესაფერისი სასჯელი უნდა მიეზღოს, როგორც განკვეთილს წმინდა კრების მიერ“ (ანტიოქიის კრების მე- 13 კანონი); „ეპისკოპოსი ნუ შევა უცხო ქალაქში, რომელიც თავიდან მის ხელქვეით არ იყო, ნურც იმ სოფელში, რომელიც მის მრევლს არ ეკუთვნის, ხელს ნუ დაასხამს ვინმეს, ნურც მღვდელსა და დიაკონს დანიშნავს სხვა ეპისკოპოსის განსაგებელ ადგილებში. გამონაკლისი შეიძლება დავუშვათ ისეთ შემთხვევაში, თუ იმ ადგილის ეპისკოპოსი თანახმაა. თუ ვინმე გაბედავს მსგავს ქმედებას, ხელდასხმა არ უნდა დამტკიცდეს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს კრების მიერ საეკლესიო კანონის მიხედვით“.

ამავე საკითხს მოიცავს ასევე სარდიკიის კრების მე-3 კანონი: „ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: ესეც უნდა დავუმატოთ, რომ არც ერთი ეპისკოპოსი თავისი სამთავროდან არ უნდა მივიდეს სხვა სამთავროში, რომელსაც ჰყავს ეპისკოპოსი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას მიიწვევენ ძმები: არავის ეგონოს, რომ ჩვენ ურთიერთსიყვარულის კარს ვახშობთ.

ამასთან ერთად ესეც დავადგინოთ, რომ თუ რომელიმე სამთავროში ერთ ეპისკოპოსს მეორესთან ექნება სადავო საქმე, ნურც ერთი მათგანი ნუ მოიხმობს სხვა სამთავროს ეპისკოპოსს ამ საქმის განსახილველად და მსჯავრის დასადებად. თუ ივარაუდება, რომ რომელიმე ეპისკოპოსი რაიმე საქმის გამო უნდა დაისაჯოს და თვითონ კი ეგონოს, რომ მტყუანი არ არის, არამედ ნამდვილად მართალია, უნდა განახლდეს სასამართლო საქმე, თუ თქვენს სიყვარულს უნდა, პატივი ვცეთ პეტრე მოციქულის ხსენებას და მისწეროს მან იულიუს რომის ეპისკოპოსს. თუ ეს უკანასკნელი დაინახავს, რომ საჭიროა საქმის ხელახლა განხილვა, მეზობელი სამთავროს ეპისკოპოსებისგან გამოუყოფს საქმის განმხილველთ. თუ ხელახლა განხილვას და სამსჯავროს განახლებას არ ითხოვს, ერთხელ განხილული და გამოძიებული საქმე ნუღარ დაირღვევა, არა მედ მტკიცედ დაიცვან მიღებული დადგენილება“.

4. როდესაც მღვდელი აღასრულებს მსახურებას საეპარქიო ტაძარში ადგილობრივი ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე. ამის თაობაზე ტრულის კრების 31-ე და 59-ე კანონები განაწესებენ: „განვაჩინებთ, რომ სასულიერო პირს ეკრძალება ჟამისმწირველობა სახლში მოთავსებულ ეკვტერშია ადგილობრივი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე. თუ იგი ამ წესის თანახმად არ მოიქცევა, განიკვეთოს“; „ნუ აღასრულებენ ნათლისღების საიდუმლოს სახლების ეკვტრებში თუ მცირე ეკლესიებში. ვისაც სურს უხრწნელი განათლების მიღება, მივიდეს კათოლიკე ეკლესიაში და იქ გახდეს ღირსი ამ ნიჭისა“. მეშვიდე მსოფლიო კრების მე-10 კანონი განაწესებს: „სასულიერო პირს არა აქვს უფლება, დატოვოს თავისი ეკლესია და სადმე სხვა ეკლესიაში წავიდეს თავისი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე. ზოგიერთი სასულიერო პირი არარად აგდებს კანონიერ განჩინებას, ტოვებს თავის ეკლესიას და მკვიდრდება სხვა ეკლესიაში, უმთავრესად, ღმრთივდაცულ და სამეუფო ქალაქში (კონსტანტინეპოლში). ზოგჯერ ისინი მთავრებთან სახლდებიან და მათ ეკვტრებში იწყებენ მღვდლობას. ასეთთა შეწყნარება არ შეიძლება მათი ეპისკოპოსისა და კონსტანტინეპოლის საყდრისმპყრობელის ნებართვის გარეშე რომელიმე მთავრის სახლში ან ეკლესიაში. ამის ჩამდენი სასულიერო პირი თუ მსგავსს კვლავაც მოიმექმედებს, უნდა განიკვეთოს. ხოლო ის, ვინც ამას მოიმოქმედებს ზემოხსენებულ მღვდელთმთავართა კითხვითა და თანხმობით, საქვეყნო და საერო საზრუნავს მაინც ნუ მოჰკიდებს ხელს, ვინაიდან საღმრთო კანონით ეს მათთვის აკრძალულია“.

წმინდა მოციქულთა ტაძარში ორგზის შეკრებილთა წმინდა მამათა კრების მე-12 კანონი განაწესებს: „წმინდა და მსოფლიო მეექვსე კრება განკვეთით სჯის მღვდლებს, რომლებიც სამლოცველო სახლებში ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე ჟამისწირვას ასრულებენ ან ნათლავენ. ამას ჩვენც ვეთანხმებით, რადგან წმინდა ეკლესია ჭეშმარიტი სიტყვის აღმსარებელი და სწორად გამომთქმელია, მოქალაქეობის პატიოსნებას იცავს და ასწავლის. ამიტომ მისთვის შეუფერებელია და არაჯეროვნი იმის ნებაზე მიშვება, ვინც ცხოვრობს დაუმოძღვრავად, უწინამძღვროდ და სადღაც სახლებში იმალება, ეკლესიის კეთილწესიერებას აქარწყლებს და დიდი შფოთითა და ცდუნებით აღავსებს. ამისთვის ეს სამღვდელო და ღმრთის შეწევნით შეკრებილი კრება ეთანხმება მსოფლიო და წმინდა მეექვსე კრებას და განკანონებას განუსაზღვრავს სახლების სამლოცველოებში მწირველ მღვდლებს, ცხადია, იმ ადგილთა ეპისკოპოსების თანხმობითა და იქიდან მათი განდევნით. თუ რომელიმე მათგანი ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე სახლებში დაეხეტება და ჟამისწირვის ჩატარებას ბედავს, ის უნდა განიკვეთოს, ხოლო მათგან ზიარებული უზიარებელი დარჩეს“.

5. როდესაც ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკვანი თვითნებურად დატოვებს თავისი მღდელმსახურების ადგილს ეკლესიაში, და სხვა ადგილს დაიკავებს იმ ეკლესიის მმართველთან შეუთანხმებლად, ვისაც ეს რეგიონი ექვემდებარება, მოციქულთა მე-14, 15, 16 კანონები განაწესებს:

„ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, თავისი ეკლესია დატოვოს და გადავიდეს სხვა ეკლესიაში, თუნდაც მრავალნი აიძულებდნენ მას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მისი მაიძულებელი მიზეზი მართებული იქნება, ე. ი. თუ იქ მოღვაწეობით მას შეუძლია მეტი სარგებლობის მოტანა კეთილმსახურების სიტყვით. მაგრამ ამას თვითონ, თავისი ნებით კი არ ჩაიდენს, არამედ მრავალი ეპისკოპოსის ბჭობითა და ვედრებით“;

„თუ მღვდელი, დიაკონი ან სხვა სამღვდელო დასისაგანი დატოვებს თავის ეკლესიას, სხვაგან გადავა, დამკვიდრდება იქ და იცხოვრებს თავისი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, მას ვუბრძანებთ, რომ აღარ იმღვდლოს, მით უმეტეს, თუ მისი ეპისკოპოსი მოუწოდებს მას, დაბრუნდეს, ის კი არ დაემორჩილება. თუ განაგრძობს უწესოდ ყოფნას, იგი უნდა ეზიაროს ერისკაცის მსგავსად“.

„თუ ეპისკოპოსი, რომლის სამრევლოშიც იმყოფება სხვა სამრევლოდან მოსული სამღვდელო პირი, არაფრად ჩააგდებს ამ კანონს (იხ. წინა კანონი) და, როგორც მღვდელს შეიწყნარებს მას, მან უნდა დაანებოს თავი მსახურებას, როგორც უწესობის მოძღვარმა“ .

ამავე საკითხს ეხება პირველი მსოფლიო კრების მე-15 და მე-16 კანონები:

„მრავალი შფოთიანი საქმისა და არეულობის გამო, რომელიც არის ხოლმე, წმინდა კრებას მიაჩნია, სრულიად მოისპოს ზოგ მხარეში დამკვიდრებული უკანონო ჩვეულება და ქალაქიდან ქალაქში არ გადადიოდეს არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი, არც დიაკონი. თუ ვინმემ ამ დიდი კრების დადგენილების შემდეგ ხელი მიჰყოს ასეთ საქმეს, სრულიად დაუმტკიცებელი იყოს მის მიერ მოპოვებული და გადააყენონ, თუნდ ეპისკოპოსად იყოს ხელდასხმული და თუნდ მღვდლად“.

„თუ მღვდელს, დიაკონს ან სამღვდელო დასის რომელიმე სხვა წევრს ღვთის შიში თვალწინ არ უდგას და დაუფიქრებლად და საეკლესიო კანონების არცოდნის მიზეზით საკუთარ ეკლესიას განეშორება, იგი არ უნდა იყოს მიღებული სხვა ეკლესიაში, არამედ იძულებით უნდა იქნეს დაბრუნებული თავის სამრევლოში, ხოლო თუ ურჩობას გამოიჩენს, თანაზიარობიდან განკანონდეს. ასევე, ვინც გაბედავს სხვის სამწყსოდან მოყვასის გადმობირებას და მის ხელდასხმას იმ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, რომლისგანაც კლერიკოსი წამოვიდა, ხელდასხმა გაუქმდეს“.

მეოთხე მსოფლიო კრების მე-12 კანონი ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით განაწესებს: „ჩვენს ყურამდე მოაღწია ამბავმა, რომ ზოგიერთი, საეკლესიო წესის მიუხედავად, ცდილობს უმაღლეს ხელისუფალთა დახმარებით ერთი სამთავრო ორად გაკვეთოს, რომ ამგვარად ორი მიტროპოლიტი დაჯდეს ერთ სამთავროში. წმინდა კრება ადგენს, რომ ამიერიდან არაფერი ამის მსგავსი არ გაბედონ ეპისკოპოსებმა, რადგან ამის ჩამდენს პატივი ჩამოერთმევა. რამდენი ქალაქიც სამეფო საბუთით დედაქალაქის პატივითაა დამტკიცებული, ჰქონდეთ მათ ეს პატივი. აგრეთვე ამ ქალაქის ეკლესიის განმგებელ ეპისკოპოსს მიტროპოლიტობის სახელი და პატივი ჰქონდეს მტკიცედ დაცული, როგორც დედაქალაქის ეკლესიის ჭეშმარიტ ზედამდგომელს“.

ასევე ტრულის კრების მე-17 და მე-18 კანონები განაწესებს: „მრავალი სასულიერო პირი ტოვებდა თავის ეკლესიას, რომელშიც ხელდასხმული იყო, მიდიოდა სხვა ეპისკოპოსთან და თავისი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე დაეწესებოდა უცხო ეკლესიაში. ვადგენთ, რომ იანვრის თვის შემდეგ გასული მეოთხე ინდიქტიონიდან სასულიერო პირს, რომელ პატივშიც უნდა იყოს იგი დაწესებული, ეპისკოპოსის განსატევებელი ნებართვის გარეშე არა აქვს სხვა ეკლესიაში წასვლის უფლება. ვინც არ დაიცავს ამ წესს და ამით შეარცხვენს თავის ხელდამსხმელს, განიკვეთოს ისიც და მისი უსამართლოდ შემწყნარებელი ეპისკოპოსიც“;

„სასულიერო პირნი, რომელნიც ბარბაროსთა შემოსევის მიზეზით ან რაიმე სხვა განსაცდელის გამო თავის ეკლესიას მიატოვებენ, განსაცდელის გავლისა ან ბარბაროსთა წასვლის შემდეგ კვლავ თავის ეკლესიას უნდა დაუბრუნდნენ და დიდი ხნით არ უნდა მიატოვონ იგი აუცილებელი მიზეზის გარეშე. ხოლო თუ ვინმე ამ კანონის თანახმად არ მოიქცევა, დროებით აეკრძალოს მას მღვდლობა, ვიდრე თავის ეკლესიას არ დაუბრუნდება, ასევე იყოს მისი შემწყნარებელი ეპისკოპოსის მიმართაც“.

თავისი ეკლესიის მიმტოვებელ სასულიერო პირთა საკითხს ანტიო ქიის კრება მე-3 და 21-ე კანონებით განიხილავს:

„თუ მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ სხვა სამღვდელოთაგანი მიატოვებს თავის ეკლესიას და სხვა ეკლესიაში წავა, ამის შემდეგ მთლიანად გადაინაცვლებს ამ უცხო ეკლესიაში, იქ იქნება და დიდი ხნის განმავლობაში შეეცდება იქ ყოფნას, ასეთი ნუღარ შეასრულებს მღვდელმსახურებას. უფრო მეტიც, თუ თავისი ეპისკოპოსი მოუწოდებს მას და თავისსავე ეკლესიაში დაბრუნებას სთხოვს, ის კი არ შეისმენს და განაგრძობს ამ უწესობას, სრულიად უნდა განიკვეთოს მღვდლობისაგან, ისე რომ, აღარ ჰქონდეს იმავე ადგილას აღდგენის შესაძლებლობა. ხოლო თუ ამგვარი მიზეზის გამო განკვეთილს შეიწყნარებს სხვა ეპისკოპოსი, ისიც განკანონდეს საერთო კრების მიერ, როგორც საეკლესიო წესების დამრღვევი“;

„ეპისკოპოსი ერთი სამწყსოდან ნუ გადავა სხვა სამწყსოში, ნურც თავისი ნებით, ნურც მრევლისაგან იძულებით, ნურც ეპისკოპოსის ნებით, არამედ დარჩეს იმ ეკლესიაში, რომელშიც ღმრთის ნებით თავიდან იყოს არჩეული, და ნუ შეიცვლის ადგილს მამათა მიერ ადრე მიღებული დადგენილებისამებრ“.

კიდევ უფრო მეტ სიმკაცრეს იჩენს ამ საკითხთან მიმართებით სარ დიკიის კრების პირველი კანონი, რომელიცგანაწესებს: „ქალაქ კორდუბის ეპისკოპოსმა ოსიოსმა თქვა: ძირიანად აღმოსაფხვრელია საქმე, რომელიც ბოროტი ჩვეულება კი არ არის, არამედ მავნე და განმხრწნელი მოქმედებაა. არც ერთი ეპისკოპოსი მცირე ქალაქიდან სხვა ქალაქში არ უნდა გადავიდეს, რადგან ამ საქმის მიზეზი ცხადია. გასაგებია, თუ რა მიზეზი აიძულებთ ასეთი რამის ჩადენას, რადგან ვერავინ იპოვის ისეთ ეპისკოპოსს, რომელიც დიდი ქალაქიდან მცირეში ინდომებს წასვლას. აქედან ცხადია, რომ ანგარების ცეცხლით იწვიან ასეთები და ამპარტავნებას ემონებიან, ესწრაფვიან მეტი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. თუ ყველას ნება იქნება, ასეთი ვერაგობა მთელი სიმკაცრით განვაკანონოთ. მგონია, რომ ასეთები ერისკაცთათვის განკუთვნილი ზიარების ღირსნიც კი არ არიან.

ყველა ეპისკოპოსმა თქვა: ყველანი ვიწონებთ დადგენილებას“.

6. ისეთ შემთხვევებს, როდესაც ეპარქიის მღვდელთმთავარი დატოვებს თავის სამწყმსოს და დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება თავისი ეპარქიის საზღვრებს გარეთ, ანტიოქიისა და სარდიკიის კრებები განიხილავს და განაწესებს: „თუ ეპისკოპოსი ეპისკოპოსად ხელდასხმას მიიღებს და დადგენილი იქნება ერის ზედამდგომელად, მაგრამ არ ჩაატარებს ჟამისწირვას, არც იმაზე დათანხმდება, რომ წავიდეს მისთვის ჩაბარებულ ეკლესიაში, განვსაზღვრავთ მის უზიარებლობას, სანამ იძულებული არ იქნება [შეუდგეს საქმეს] და მის შესახებ რაიმეს არ დაადგენს მისი სამთავროს ეპისკოპოსების სრული კრება“ (ანტიოქიის მე-17 კანონი);

„ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: არ იქნება ზედმეტი, რომ დავადგინოთ შემდეგი: ზოგს ძმათა და ეპისკოპოსთაგან მიაჩნია, რომ ქალაქს, რომელშიც არიან დადგენილნი, ძალზე მცირე შემოსავალი აქვს, ხოლო სხვა ეკლესიას შემოსავალი დიდი აქვს, შემოსავალი კი მათ აძლევს გლახაკთა დახმარების საშუალებას. ვადგენთ: შეიძლება ნება დაერთოს მათ, რომ, თუ სურთ თავის სახნავ-სათეს ადგილებში წასვლა და მოსავლის აღება, შეუძლიათ სამ კვირას იტრიალონ იქ და მახლობელ ეკლესიაში, რომელსაც თავისი მღვდელი ჰყავს, მივიდნენ ხოლმე და ჟამისწირვა აღასრულონ, რომ არ დარჩნენ საეკლესიო მსახურებისა და ლოცვის გარეშე. ქალაქში, რომელშიც არის ეპისკოპოსი, ნუ შევლენ ზედიზედ. ამგვარად, არც მათი პირადი საქმეები დაზარალდება იქ არყოფნით და არც მედიდურობისა და ამპარტავნობის ბრალი დაედებათ. ყველა ეპისკოპოსმა თქვა: მოგვწონს ეს განწესებაც“ (სარდიკიის კრების მე-12 კანონი).

კონსტანტინეპოლის წმინდა მოციქულთა ტაძარში შეკრებილი ორგზის წმინდა დიდი კრების მიერ დადგენილი მე-16 კანონი განაწესებს. „იმ დავისა და შუღლის შესახებ, რომელიც ხდება ღმრთის ეკლესიაში, სათანადოდ მიგვაჩნია ამისი განსაზღვრებაც: არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიდგინოს ეპისკოპოსი იმ ეკლესიაში, რომლის მღვდელთმთავარი ჯერ ცოცხალია და თავის პატივში იმყოფება, თუ თავისი ნებით არ იტყვის უარს ეპისკოპოსობაზე, რადგან საჭიროა, რომ ჯერ ამ ეპისკოპოსის საქმე გამოიძიონ კანონთა განწესებისამებრ, ყველაფერი უნაკლოდ დაასრულონ, გაიყვანონ ის ეკლესიიდან და მისი განკვეთის შემდეგ მის ნაცვლად სხვა ეპისკოპოსი დაადგინონ. ხოლო თუ თავის პატივში მყოფი ეპისკოპოსი არც თავს ანებებს ეპისკოპოსობას, და არც მწყსავს თავის სამწყსოს, თან თავისი საეპისკოპოსო მიტოვებული აქვს ექვსი თვის განმავლობაში და სხვა ადგილას იმყოფება, არა სამეფო ბრძანებით იძულებული, არც თავისი პატრიარქის ჟამისწირვის თანამსახური, არც მძიმე სნეულებით არის შეპყრობილი და მოძრაობის უნარმოკლებული, თუ ასეთი პირი, რომელსაც არც ერთი ზემოთქმული მიზეზი ხელს არ უშლის, მიატოვებს თავის საეპისკოპოსოს და ექვს თვეზე მეტ ხანს სხვა ადგილას გაატარებს, იგი სრულიად უცხო უნდა იყოს საეპისკოპოსო პატივისა და წესისაგან, რადგანაც ვინც მისთვის რწმუნებული სამწყსო არად ჩააგდო და ექვს თვეზე მეტი ხანი სხვა ადგილას დაყო, წმინდა კრებამ დაადგინა, რომ იგი სრულიად უცხო იყოს მღვდელთმთავრობისაგან, რომლის ძალითაც მწყემსობა დაევალა მას, და მის საეპისკოპოსოში მის ნაცვლად უნდა დაიდგინოს სხვა“.

7. როდესაც ეპისკოპოსი ან მღვდელი მღვდელმსახურებას აღასრულებს ეკლესიაში არა იმ განწესების მიხედვით, რომელიც დადგენილია საყოველთაოდ, არამედ თვითნებურად შემოაქვს რაღაც ახალი. პირ ველი მსოფლიო კრების მე-20 კანონი განაწესებს: „ზოგიერთები საუფლო დღეს (კვირას) და სულიწმიდის მოფენის დღეებშიც მუხლს იდრეკენ, ამიტომ წმიდა კრება აწესებს, რომ ასეთ დღეებში ღვთის წინაშე ლოცვები ფეხზე დგომით აღესრულოს და ეს წესი ყველა ეპარქიაში ერთნაირად დაიცვან“. სასულიერო პირთა თვითნებობას განიხილავს ასევე ტრულის კრების 28-ე, 32-ე, 81-ე კანონები:

„ჩვენ შევიტყვეთ, რომ მღვდლებს მრავალ ეკლესიაში უსისხლო მსხვერპლთან ერთად მიაქვთ ახალი ყურძენი და ჩამოურიგებენ ერს. გამცნობთ, რომ არავის სამღვდელოთაგან არ ჩაიდინოს ასეთი რამ: ცოდვათა მისატევებლად და ცხოველმყოფლად ერს უნდა მიეცემოდეს მხოლოდ საიდუმლო მსხვერპლი (პური და ღვინო). ხოლო ახალი ყურძენი, როგორც ნაყოფთა დასაბამი (პირველყოფილი), მღვდელმა ცალკე უნდა აკურთხოს და გაუყოს ერს ნაყოფთა მომცემი ღმრთის სადიდებლად, ვინაიდან მათგან (ნაყოფთაგან) აღორძინდება და იკვებება ჩვენი ხორცი. თუ ვინმე მოყვასთაგანი გაბედავს რაიმეს შეწირვას განწესებულის გარდა, განიკვეთოს თავისი პატივისაგან“;

„შევიტყვეთ, რომ სომეხთა ქვეყანაში უსისხლო მსხვერპლის შემწირველნი წმინდა ტრაპეზზე მხოლოდ ღვინოს სწირავენ, წყლით გაუზავებელს, და თავიანთი ქმედების გასამართლებლად ეკლესიის მოძღვარს, იოანე ოქროპირს იმოწმებენ, რომელიც მათესაგან სახარების განმარტებაში ასე ამბობს: „რატომ წყალი არ შესვა მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა, არამედ ღვინო?“. საქმე ის არის, რომ იოანე ოქროპირმა ეს თქვა, რათა ძირიანად აღმოეფხვრა უწმინდური მწვალებლობა, რადგან არიან ისეთები, რომლებიც საიდუმლოში მხოლოდ წყალს იყენებენ. წმინდა იოანემ მიუთითა, რომ უფალმა ღვინო გამოიყენა მაშინ, როცა მოწაფეებს საიდუმლოს გადასცემდა და, აღდგომის შემდეგაც, როცა საიდუმლოს გარეშე უბრალო ტრაპეზს სთავაზობდა მათ, აღნიშნავს ამას და ამბობს: „ვენახის ამ ნაყოფისგან“ (მათე 26, 29), ვენახი კი ღვინოს შობს და არა წყალს. აქედან გამოჰყავთ, თითქოს ეს მოძღვარი უარყოფს წყლის შეზავებას წმინდა შესაწირავთან [ღვინოსთან]. იმისათვის, რომ ისინი ამიერიდან აღარ იყვნენ უმეცრებით შეპყრობილნი, ჩვენ განვმარტავთ ამ მამის მართლმადიდებლურ შემეცნებას: რადგანაც არსებობდა ჰიდროპარასტატების უძველესი ბოროტი მწვალებლობა, სხვაგვარად, წყლის შემწირველები, რომლებიც მსხვერპლშეწირვისას ღვინის ნაცვლად მხოლოდ წყალს იყენებდნენ, ამიტომაც ამ ღმერთშემოსილმა კაცმა, უარსაყოფად ასეთი მწვალებლების უსჯულო სწავლებისა და გამოსაჩენად იმისა, რომ იგი მოციქულთა გადმოცემების პირდაპირ საწინააღმდეგოა, წარმოთქვა ზემოთ მოყვანილი სიტყვები; ხოლო მან თვითონ, თავის ეკლესიაში, რომელზედაც მას მწყემსმთავრული მმართველობის რწმუნება ჰქონდა, ღვინისა და წყლის შეზავება დააწესა, როცა უსისხლო მსხვერპლშეწირვა აღესრულება, და ამით ჩვენი გამომხსნელისა და მაცხოვრის, ქრისტე ღმერთის უხრწნელი გვერდიდან გამომდინარე სისხლისა და წყლის შეერთება წარმოაჩინა – განსაცხოველებლად ყოველი სოფლისა და ცოდვებისაგან ყოველთა გამოსასყიდად; და ყველა ეკლესიაში, სადაც კი ბრწყინავდნენ სულიერი მნათობნი, სწორედ ეს ღვთივმოცემული წესი შეიწყნარებოდა. აგრეთვე, იაკობიც, ქრისტე ღმერთის ხორციელი ძმა, რომელსაც პირველს ჩაებარა იერუსალიმის ეკლესიის საყდარი, და ბასილი დიდი, კესარიის მთავარეპისკოპოსი, რომლის დიდება მთელ მსოფლიოს გადასწვდა, წერილობით გადმოგვცემენ სამღვდელო მოქმედების საიდუმლოს და წესად ადგენენ, რომ საღვთო ლიტურგიისას წყალი და ღვინო შეზავდეს წმინდა ბარძიმში; და კართაგენში შეკრებილმა ღირსმა მამებმაც ზუსტად ეს სიტყვები წარმოთქვეს: „წმინდა საიდუმლოში მხოლოდ ხორცი და სისხლი შეიწირება და სხვა არაფერი, რამეთუ ეს თვით უფლისაგან გადმოგვეცა, ანუ პური და ღვინო წყლით განზავებული“. თუ ვინმე ეპისკოპოსთაგან, ან მღვდელთაგან ყოვლადწმიდა მსხვერპლშეწირვის საიდუმლოს სხვანაირად აღასრულებს – არა მოციქულთა გადმოცემულ წესისამებრ – და წყალს ღვინოსთან არ განაზავებს, განიკვეთოს, როგორც საიდუმლოს არასრულად აღმსარებელი და დაწერილი გადმოცემების გამქარწყლებელი“;

„შევიტყვეთ, რომ ზოგიერთ მხარეში „სამწმიდას“ გალობაში „წმიდაო უკვდაოს“ შემდეგ უმატებენ სიტყვებს: „რომელი-იგი ჯვარს ეცვი ჩვენთვის, შეგვიწყალენ ჩვენ“, ეს სიტყვები ძველმა წმიდა მამებმა უარყვეს, როგორც კეთილმსახურებისათვის უცხო, უარყვეს ის უსჯულო მწვალებლებიც, რომელთაც ეს სიტყვები შემოიტანეს, ამიტომ ჩვენი წმინდა მამების მიერ დაწესებულს ვამტკიცებთ და წინამდებარე განჩინებით ანათემას გადავცემთ ყველას, ვინც ამ სიტყვებს ეკლესიაში შეიწყნარებს, ან სხვა რაიმე სახით „სამწმიდას გალობის“ ხელყოფას გაბედავს. თუ ამ განჩინების დამრღვევი სასულიერო პირი აღმოჩნდება, სამღვდელო პატივიდან მის დამხობას ვბრძანებთ; ხოლო თუ მონაზონი, ან ერისკაცი – ეკლესიასთან ერთობიდან განყენებას“.

7. როდესაც ეპისკოპოსი ან მღვდელი არ მწყემსავს მისთვის მინდობილ სამწყსოს, არ მოძღვრავს და არ აღასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას ეკლესიაში. მოციქულთა 58-ე კანონი განაწესებს: „თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა არად ჩააგდოს სამღვდელო მწყობრი და ხალხი, და არ ასწავლოს მათ კეთილმსახურება, – მღვდლობა აეკრძალოს. თუ ამის შემდეგაც იზარმაცებს და არ შეასრულებს თავის მოვალეობას, მაშინ განიკვეთოს“.ტრულის კრების მე-19 კანონი განაწესებს: „ეკლესიების წინამძღვრებმა ყოველდღე, უფრო კი კვირადღეს, დამოძღვრონ მთელი საეკლესიო დასი და მრევლი ღვთისმოსავი სიტყვებით, ამოკრიბონ საღვთო წერილიდან ჭეშმარიტების შესაგონებელი და შესამეცნებელი ადგილები და ამასთან, არ გადავიდნენ ღმერთშემოსილი მამების გადმოცემებსა და მათ მიერ დადებულ ზღვარს. როცა წმიდა წერილის სიტყვას გამოიკვლევენ, სხვაგვარად არ განმარტონ იგი, არამედ როგორც ეს თავიანთ ეპისტოლეებში ჩამოაყალიბეს ეკლესიის მნათობებმა და მოძღვრებმა; წინამძღვრები ამით უფრო დაკმაყოფილდნენ, ვიდრე საკუთარი სიტყვების შედგენით, რათა წმიდა წერილის არასაკმარისი ცოდნა არ გახდეს ჭეშმარიტებისაგან გადახრის მიზეზი. სწორედ ზემოხსენებულ მამათა სწავლებებით უნდა შეიმეცნოს მრევლმა, რა არის სასარგებლო და რა – უსარგებლო, რა არის ასარჩევი და რა – დასაგმობი და, ცხოვრების გამოსწორება დაიწყოს, რათა აღარ იტანჯებოდეს უმეცრების სენით, არამედ სწავლას ყურმიპყრობილი თავს აიძულებდეს ბოროტებისაგან განრიდებას და, სასჯელის მოწევის შიშით, საკუთარ ცხონებას აღაშენებდეს“.

8. როდესაც ეპისკოპოსი ან მღვდელი გასცემს აღსარების საიდუმლოს და გაახმაურებს მესამე პირთან დანაშაულს, რომელსაც გაუმხელს მონანული აღსარების საიდუმლოს დროს, ბასილი დიდის 34-ე კანონი გა ნაწესებს: „ჩვენმა მამებმა არ ბრძანეს იმ დედაკაცების გამოაშკარავება, რომლებიც იმრუშებენ და შემდეგ ღმრთის შიშით აღიარებენ ცოდვას ან სხვა სახით გამომჟღავნდებიან, რათა ეს არ გახდეს სიკვდილის მიზეზი მხილებულთათვის. მამებმა მათ მორწმუნეებთან დგომის ნება დართეს, ოღონდ ზიარების გარეშე, ვიდრე არ შესრულდება მათი სინანულის ვადა“.

9. როდესაც ღვთისმსახური გაფლანგავს, გააბნევს ეკლესიის ქონებას ან საკუთარი სარგებლობისთვის გამოიყენებს, მოციქულთა 38-ე კანონი განაწესებს: „ყველა საეკლესიო ნივთზე უნდა ზრუნავდეს ეპისკოპოსი, როგორც ღვთის ზედამხედველობას დაქვემდებარებული, მაგრამ ამ ქონების მითვისება ან ნათესავებისთვის იმის ჩუქება, რაც ღმერთს ეკუთვნის, ეკრძალება. თუ ვინმე უპოვარი ჰყავს, გასცეს მასზე, როგორც უპოვარზე, მაგრამ ამ საბაბით ეკლესიის ქონება არ გაანიავოს“.

ამავე საკითხს მოიცავს ანკვირიის კრების მე-15 კანონი: „თუ მღვდლებმა ეპისკოპოსის გარეშე გაყიდეს რაიმე ეკლესიის ქონებიდან, ის უნდა დაუბრუნდეს ისევ ეკლესიას, ხოლო ეპისკოპოსის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა ღირებულების დაბრუნება მყიდველისათვის, ვინაიდან ხშირად გაყიდულის შემოსავალი, რომელიც მყიდველმა აიღო, აღემატება მის ფასს“.

ანტიოქიის კრების 25-ე კანონი განაწესებს: „ეპისკოპოსს აქვს უფლება საეკლესიო ქონებაზე. იგი უნდა განაგებდეს მას და უნაწილებდეს ყველა მავედრებელს ღმრთის შიშითა და კრძალვით. თვითონაც შეუძლია აიღოს იქიდან, თუ დასჭირდება, მოიხმაროს საჭიროებისამებრ სათანადო ნაწილი და მოახმაროს მასთან მისულ უცხო ძმებს, რომ არაფერი აკლდეს მათ არანაირი სახით, როგორც მოციქული იტყვის: „თუ გვაქვს საზრდო და თავშესაფარი, ეს ვიკმაროთ“ (I ტიმ. 6, 8). ხოლო თუ ამას არ იკმარებს, საეკლესიო ქონებას საკუთარი სახლის ქონებად აქცევს და ეკლესიის შემოსავალს ან მისი სახნავ-სათესი ადგილებიდან მიღებულ მოსავალს არ განაგებს მღვდლებისა და დიაკვნების დახმარებით, არამედ თავისიანებს – ნათესავებს, ძმებს ან შვილებს მისცემს ამის უფლებას და დაივიწყებს, რომ ასეთი საქციელით ვნება და ზარალი ადგება საეკლესიო საქმეებს, ასეთი ეპისკოპოსი ღირსია, განკანონებულ იქნეს იმ სამთავროს ეპისკოპოსთა კრების მიერ. თუ ეპისკოპოსი და მასთან მყოფი მღვდლები შემჩნეულ იქნებიან იმაში, რომ საეკლესიო შემოსავალს და მისი მეურნეობის მოსავალს, მომხვეჭელობის მიზნით, თავის სასარგებლოდ იყენებენ იმ ზომამდე, რომ უქონელთ და გლახაკებს ავიწროებენ და ეკლესიის მმართველობას განკითხვისა და უკმაყოფილოო მსჯელობის საგნად აქცევენ, ასეთები უნდა დაისაჯონ ეპისკოპოსთა წმინდა კრების ბჭობის შესაბამისად“.

ამავე საკითხს განიხილავს კართაგენის საეკლესიო კრების 26-ე და 33-ე კანონი: „არავინ დაიტაცოს საეკლესიო ქონება. მიგვაჩნია, რომ არავინ უნდა გაყიდოს საეკლესიო ქონება, მაგრამ, თუ იყოს რაიმე ქონება, რომელსაც არა აქვს არავითარი შემოსავალი და მის ფლობას დიდი სიძნელეები ახლავს, ამის შესახებ უნდა ეცნობოს სამთავროს მიტროპოლიტს და ეპისკოპოსთა განსაზღვრულ რაოდენობას უნდა დაეთათბიროს იგი, თუ რა უნდა მოიმოქმედონ. თუ იმდენად დიდი გასაჭირი ედგას ეკლესიას, რომ მის ეპისკოპოსს არ შეეძლოს დიდი ხნის განმავლობაში შეკრიბოს საჭირო რაოდენობა სამსჯელოდ, თავის მეზობლებსღა მოუწოდოს მოწმედ და იზრუნოს, რომ მთელ კრებას მისი ეკლესიის განსაცდელი ეუწყოს. თუ ამის ქმნა არ მოისურვოს, სასჯელის ღირსი იყოს ღმრთისა და კრებისაგან და აეყაროს პატივი“; „ეკლესიისათვის შეწირულ ნივთებს მღვდლები ნუ გაჰყიდიან. არც ეპისკოპოსმა უნდა მოიხმაროს ქონება, რომელიც საეკლესიო შეწირულობის აღწერაშია. მიგვაჩნია აგრეთვე, რომ მღვდლები ეპისკოპოსთან შეთანხმების გარეშე ეკლესიისთვის შეწირულ ქონებას არ უნდა ჰყიდდნენ, ასევე არც ეპისკოპოსმა უნდა გაყიდოს საეკლესიო სოფლები კრების გადაწყვეტილების გარეშე, ან თავის მღვდელთა თანხმობის გარეშე. ასევე არა აქვს უფლება ეპისკოპოსს, დიდი გაჭირვების გარეშე გაყიდოს საეკლესიო შეწირულობის სიაში შეტანილი ნივთები“.

მღვდელთმთავრის უფლების შესახებ საეკლესიო ქონებისადმი მეშ ვიდე მსოფლიო კრების მე-12 კანონი განაწესებს: „ეპისკოპოსს ან მონასტრის წინამძღვარს არა აქვს ეკლესიის აგარაკის (სახნავ-სათესი ადგილის) გაცემის უფლება. თუ ეპისკოპოსი ან მონასტრის წინამძღვარი საეპისკოპოსოს ან მონასტრის ადგილ-მამულს გადასცემს მთავარს ან სხვა პირს, ასეთი გადაცემა არ უნდა დაუმტკიცდეს წმინდა მოციქულთა კანონისამებრ, რომელიც ამბობს: ეპისკოპოსი უნდა ზრუნავდეს ყოველგვარ საეკლესიო ქონებაზე და განაგებდეს მას ღმრთის ზედამხედველობით. მას არ აქვს უფლება, მოიხვეჭოს ან მიითვისოს რაიმე ამ ქონებიდან, ან ღმრთის კუთვნილება თავის ნათესავებს მისცეს. მაგრამ თუ უქონელნი არიან ისინი, უნდა მისცეს მათ როგორც უქონელთ, მაგრამ მათი მიზეზით ნუ გაყიდის ეკლესიის ქონებას. თუ იგი მოიმიზეზებს იმას, რომ მიწას ზარალი მოაქვს და რომ აგარაკს გასცემს არა განსყიდვით, ასეთ შემთხვევაშიც, ნუ მისცემს მიწას იმ ადგილის მთავარს, არამედ მისცეს სასულიერო პირებს ან მიწათმოქმედებს. ხოლო თუ ისინი ბოროტ მოხერხებას მიმართავენ და მთავარი იმ აგარაკს მიწათმოქმედისგან ან სასულიერო პირისგან გამოისყიდის, ეს გამოსყიდვა დაუმტკიცებლად უნდა მივიჩნიოთ და გაყიდული მიწა-აგარაკი ისევ საეპისკოპოსოში ან მონასტერში უნდა დარჩეს. ამის ჩამდენი ეპისკოპოსი ან წინამძღვარი განიდევნოს: ეპისკოპოსი – საეპისკოპოსოდან, წინამძღვარი – მონასტრიდან, ვინაიდან ბოროტად გააბნია ის, რაც არ შეუკრებია“.

აღნიშნულ კანონს ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი (მილაში) ამგვარად განმარტავს: „ყველა კონკრეტული ეპარქიის საეკლესიო ქონების განმკარგველი არის ეპისკოპოსი. ამას აღიარებს, ცნობს მრავალი კანონი, კერძოდ, მოციქულთა 38-ე კანონი, რომელიც მთლიანად ასახულია მე-7 მსოფლიო კრების მე-12 კანონში, როგორ უნდა მართავდეს ეპისკოპოსი ეკლესიის ქონებას, წარმოდგენილია მოციქულთა 38-ე კანონშივე და პარალელურ კანონებში, რომელიც განვმარტეთ კონკრეტული კანონების მიმოხილვის დროს. ამ კანონის დადგენილების თანახმად, არასწორად, არამართებულად საეკლესიო ქონების მართვის შემთხვევაში, ისევე როგორც ყველა ქონების დანაკარგის ზიანის მიყენების შემთხვევაში, რომელსაც მიიღებს ეკლესია, პასუხისმგებლობა ეკისრება უპირველესად ეპარქიის მღვდელთმთავარს. კონკრეტული მონასტრის ქონება, კანონთა მიხედვით, ჩაბარებული აქვს მონასტრის წინამძღვარს ეპისკოპოსის კურთხევით და წინამძღვარი (მონასტრის საძმოსთან ერთად) პასუხისმგებელია ეპისკოპოსთან მონასტრის ქონების მართვის საქმეში, ისევე როგორც ყველა დანაკარგის შემთხვევაში ის არის პასუხისმგებელი (ამის შესახებ მე-6 მსოფლიო კრების მე-4 და მე-8 კანონები საუბრობს). წინამდებარე კანონში მხოლოდ ეკლესიის მიწაა მოხსენიებული ქონებიდან, რომელიც ეკლესიას ეკუთვნის, რომელზეც უნდა ზრუნავდეს, იცავდეს ეპისკოპოსი და მონასტრის ან ტაძრის წინამძღვარი. მაგრამ მიწის გარდა ეკლესიის ქონებას წარმოადგენს ყველა უძრავ-მოძრავი ქონება, რომელსაც ფლობს ეკლესია. ამიტომ ეკლესიის ქონებაში უნდა ვიგულისხმოთ ყველანაირი ქონება, რასაც ეკლესია ფლობს. მთლიანად ამ ქონებაზე უნდა ზრუნავდეს და მას უფრთხილდებოდეს ეპისკოპოსი და წინამძღვარი, საეკლესიო ქონება არაფრით არ უნდა გადავიდეს რაიმე სახით ერისკაცის საკუთრებაში ან საერო ხელისუფლების ხელში, არაფრით არ უნდა დათმონ ეკლესიის ქონება, ის ყოველთვის უნდა დარჩეს ეკლესიის ქონებად.

ხატმებრძოლობის დროს საერო ხელისუფლება იმდენად გაძლიერდა საეკლესიო მმართველთა ხარჯზე, რომ თვითონ ადგენდა, თვითნებურად ნიშნავდა ეპარქიის ეპისკოპოსებსა და მონასტრის წინამძღვრებს. ხატმებრძოლი იმპერატორების მმართველობისას საეკლესიო მმართველობას ჩამორთმეული ჰქონდა ყველანაირი უფლებამოსილება, საერო მმართველობამ, ხელისუფლებამ მიითვისა საეკლესიო მმართველობა. ეკლესიასა და ხატმებრძოლთა შორის ეს ბრძოლა მეშვიდე მსოფლიო კრებით და ეკლესიის გამარჯვებით დასრულდა. ხატმებრძოლ, საერო ტირან მმართველთა მეფობის დროს ჩნდებიან ისეთი სასულიერო პირები, რომლებსაც სურვილი აქვთ, საერო პირთაგან მიიღონ გარკვეული პრივილეგიები, მაღალი ხარისხი საეკლესიო იერარქიაში. ისინი საერო მმართველებთან ქრთამის მიცემის დაპირებებით აღწევდნენ თავის მიზანს და ხდებოდნენ ეპისკოპოსები ან მონასტრის წინამძღვრები სიმონიის მეშვეობით. ეს უღირსი ადამიანები ვალდებული იყვნენ საერო ხელისუფლების მიმართ დანაპირების აღსრულებისა, ამის გამო ეკლესიისა და მონასტრის ქონებას აჩუქებდნენ საერო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვინც მათ მფარველობდა. ამ მანკიერი მოქმედებების გამო მიიღეს ეს კანონი, რომელიც ეყრდნობა და მიბმულია მოციქულთა 38-ე კანონზე. სიმონიით ცდილობდნენ, მიეღოთ მაღალი საეკლესიო ხარისხები, თავს იმართლებდნენ იმით, რომ ასეთ მიწებს ან ქონებას არ მოჰქონდა სარგებელი ეკლესიისთვის. ეს კანონი განსჯის და დაადგენს, რომ ასეთ შემთხვევაშიც მიწა და ქონება არ გადაეცეს საერო ხელისუფლებას, არამედ გადაეცეს ასეთი მიწა ღვთისმსახურებს, რომელთაც აქვთ მისი შეძენისა და გამოყენების სურვილი. ან მიწათმოქმედებს, რომლებიც მისდევენ მიწათმოქმედებას, ასევე ადამიანებს, რომლებიც მიეკუთვნებიან უპოვართა და ღარიბთა ფენას, რათა სიკეთისთვის გაღებულმა შენაწირმა თავის მიზანს მიაღწიოს, სასულიერო პირებმა ან ღარიბმა ადამიანებმა მიიღონ სარგებელი. ასევე ისინი მიმართავდნენ სხვა მანკიერ ქმედებებსაც: ყიდდნენ ამ მიწებს ეკლესიის რომელიმე წევრზე ძალიან იაფად და შემდეგ მისგან ასევე იაფად ყიდულობდნენ ისევ საერო ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა მიმართაც ჰქონდათ დანაპირები სიმონიის სახით საკუთარი მიზნის მისაღწევად. ამ მიზეზით დიდი ზარალი და ზიანი ადგებოდა ეკლესიას და მონასტრებს. მამათა მიერ განსაზღვრული კანონით ასეთი ქონება უნდა დაუბრუნდეს ეკლესიას და გაუქმდეს მსგავსი გარიგება.

დადგენილი კანონის მიხედვით, საეკლესიო ქონება გასხვისებას არ ექვემდებარება, ასეთი დადგენილებები მანამდეც მიიღეს სხვა კანონებში. ეს ბერძნულ-რომაული საერო კანონმდებლობითაც მიღებული და დადგენილია და იგი ძალიან მკაცრი ძალმოსილებით იყო აღჭურვილი. შექმნილმა გარემოებამ და ვითარებამ წმიდა მამები აიძულა, გაემეორებინათ და მიეღოთ ასეთი მკაცრი კანონი ამ საკითხთან დაკავშირებით. ისინი ამ კანონის მეშვეობით სჯიან მათ, ვისაც სურვილი აქვს, განაბნიოს ის, რაც მათ არ მოუმუშაკებიათ, მკაცრი განაჩენი გამოაქვთ მათთვის. ეპისკოპოსი, რომელმაც ასე იმოქმედა, განიკვეთოს ეპისკოპოსობიდან, ხოლო წინამძღვარი – მონასტრიდან“.10

10. როდესაც სასულიერო პირი აკეთებს ისეთ საქმეებს, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება სასულიერო მსახურებას. მოციქულთა მე-6, 81-ე და 83-ე კანონები განაწესებენ: „ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ნუ შეუდგება ამსოფლიურ საზრუნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს“. „ჩვენ ვთქვით, რომ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა თავის თავს არ უნდა არწმუნოს საერო საქმეთა განგება, არამედ უნდა იყოს მოცლილი საეკლესიო საზრუნავისთვის. თუ საერო საქმეებს მიჰყოფს ხელს, განიკვეთოს, რადგან საუფლო ბრძანებისამებრ, „არავის შეუძლია ორი უფლის მონება“ (მათე 6, 24); „ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც სამხედრო საქმეში იწვრთნება და ორივეს პყრობა სურს, ანუ რომის ხელისუფლებისაცა და სასულიერო წოდებისაც, განიკვეთოს იერარქიული ხარისხიდან, რადგან ნათქვამია: „მიეცეს კეისრისაი კეისარსა და ღმრთისაი ღმერთსა“ (მათე 22, 21)“.

მეოთხე მსოფლიო კრების მე-3 კანონი განაწესებს: „წმინდა კრებისათვის ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი სამღვდელო პირი, ანგარების მიზნით, სხვათა მიწის იჯარით შესყიდვასა და საერო საქმეების წარმართვას ცდილობს; ღვთისმსახურებას გულგრილად ეკიდება, ერისკაცთა სახლებს ხშირად სტუმრობს და ვერცხლისმოყვარეობით შეპყრობილი, მათი ქონების მართვასაც კისრულობს. ამიტომ წმინდა და დიდი კრება განაჩინებს: ამიერიდან ეპისკოპოსმა, კლერიკოსმა და მონაზონმა იჯარით მიწა აღარ აიღოს და საერო საქმეებს საერთოდ განეკრძალოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონის თანახმად ისინი ვალდებულნი იქნებიან, მცირეწლოვნებს მზრუნველობა გაუწიონ, ანდა თუ მთავარეპისკოპოსი დაავალებს საეკლესიო საქმეების მიხედვას, ან უმწეო ქვრივ-ობლებზე მზრუნველობას და საერთოდ, ისეთი პირების დახმარებას, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ ეკლესიისაგან ყურადღებას. ვინც ამ განჩინების დარღვევას გაბედავს, საეკლესიო განკანონებით დაისაჯოს“.

მეშვიდე მსოფლიო კრების მე-10 კანონი განაწესებს: „სასულიერო პირს არა აქვს უფლება, დატოვოს თავისი ეკლესია და სადმე სხვა ეკლესიაში წავიდეს თავისი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე. ზოგიერთი სასულიერო პირი არარად აგდებს კანონიერ განჩინებას, ტოვებს თავის ეკლესიას და მკვიდრდება სხვა ეკლესიაში, უმთავრესად, ღმრთივდაცულ და სამეუფო ქალაქში (კონსტანტინეპოლში). ზოგჯერ ისინი მთავრებთან სახლდებიან და მათ ეკვტრებში იწყებენ მღვდლობას. ასეთთა შეწყ ნარება არ შეიძლება მათი ეპისკოპოსისა და კონსტანტინეპოლის საყდრისმპყრობელის ნებართვის გარეშე რომელიმე მთავრის სახლში, ან ეკლესიაში. ამის ჩამდენი სასულიერო პირი თუ მსგავსს კვლავაც მოიმოქმედებს, უნდა განიკვეთოს. ხოლო ის, ვინც ამას მოიმოქმედებს ზემოხსენებულ მღვდელთმთავართა კითხვითა და თანხმობით, საქვეყნო და საერო საზრუნავს მაინც ნუ მოჰკიდებს ხელს, ვინაიდან საღმრთო კანონით ეს მათთვის აკრძალულია“.

ასევე კონსტანტინეპოლის წმინდა მოციქულთა ტაძარში შეკრებილი ორგზის წმინდა, დიდი კრების მიერ დადგენილი მე-11 კანონი განაწესებს: „წმინდა და საღმრთო კანონები განკვეთით სჯის იმ მღვდლებსა და დიაკვნებს, რომლებიც მიიღებენ საერო მთავრობის თანამდებობებსა და მზრუნველობას, ან აზნაურთა სახლებში დარბაზის უხუცესობას და სხვა ხელისუფლებას. ჩვენც ამასვე ვამტკიცებთ და სხვა სამღვდელო მწყობრისაგანთა შესახებ შემდეგს განვსაზღვრავთ: ვინც მათგან საერო თანამდებობაზე დადგება და აზნაურთა სახლებსა ან სოფელში ხელისუფლებას მიიღებს, საეკლესიო მწყობრიდან განიდევნოს, რადგან არავის შეუძლია, ჩვენი ჭეშმარიტი ღმერთის ქრისტეს საღმრთო და უტყუარი ხმისამებრ, ორი ბატონის მსახურება“ (მათე 6, 24).

11. როდესაც სასულიერო პირს დაუდევარი, აგდებული, არასერიოზული დამოკიდებულება აქვს საკუთარი გარეგნობის, ჩაცმულობის მიმართ, და არ ზრუნავს იმაზე, რომ ის შეესატყვისებოდეს სასულიერო, საღვთისმსახურო ღირსებას, ამის თაობაზე ტრულის კრების 27-ე, 62-ე და და 96-ე კანონები განაწესებენ: „სამღვდელო პირს არა აქვს უფლება, შეიმოსოს შეუფერებელი სამოსლით არც ქალაქში და არც გზაში მოგზაურობისას; თითოეულმა მათგანმა ის სამოსელი უნდა ჩაიცვას, რაც განწესებულია სამღვდელო დასისთვის. ვინც ამ წესს დაარღვევს, ერთი შვიდეულის განმავლობაში უზიარებელი იყოს“; „კალანდის, ვოტას, ვრუმალის (დიონისესადმი მიძღვნილი ელინური დღესასწაული)და მარტის თვის პირველ დღეს აღსრულებული დღესასწაულები, გვსურს, სრულიად განვდევნოთ მართლმორწმუნეთა ცხოვრებიდან; აგრეთვე დედაკაცთა საქვეყნო როკვა, რომელსაც უაღრესი ზიანის მოტანა და ზნეობის შერყვნა შეუძლია. ასევე ვკრძალავთ მამაკაცთა და დედაკაცთა მიერ ცეკვებსა და წესების აღსრულებას წარმართული ჩვეულებების თანახმად – ელინთა ცრუ ღმერთების პატივსაცემად – როგორც უცხოსა და შეუფერებელს ქრისტიანული ცხოვრებისათვის, და განვაჩინებთ: არც მამაკაცი შეიმოსოს დედაკაცის სამოსით და არც დედაკაცი მამაკაცისთვის განკუთვნილით; არვინ ატაროს სახიობისთვის გაკუთვნილი ნიღაბი; ნურც საწნახელში ყურძნის წურვისას ახსენებენ დიონისეს საძაგელ სახელს და ჭურში ღვინის ჩასხმისას სიცილ-ხარხარს ნუ მიეცემიან და ნურც უმეცრებით, ნურც ამაოებით ჩაიდენენ რაიმე ისეთს, რაც დემონთა მომხიბლაობას მიეკუთვნება. ამიერიდან, ვისაც ეცოდინება ზემოთ ჩამოთვლილი ცოდვები და მაინც სცოდავს, სასულიერო პირის შემთხვევაში, სასულიერო ხარისხიდან განიკვეთოს, ერისკაცი კი უზიარებლობით დაისაჯოს“.

„ვინც ნათლისღებით ქრისტე შეიმოსა, მან აღთქმა დადო, ემსგავსოს ქრისტეს ხორციელ ცხოვრებაში. ამიტომ, ვინც ქრისტიანთაგან თავზე თმას ხელოვნურად დაიწნის და მხილველის განუმტკიცებელ სულებს დაბრკოლებას შეუქმნის, მამობრივად ვკურნავთ შესაფერისი ეპიტიმიით: ვმოძღვრავთ მათ, როგორც ყრმებს და ვასწავლით მოკრძალებით ცხოვრებას, რათა დაუტეონ საცდური და ხორცის ამაოება: მუდამ უხრწნელი და ნეტარი ცხოვრების მიმართ ჰქონდეთ მიპყრობილი გონება და შიშით განზავებული წმინდა ცხოვრება იქონიონ; საკუთარი ძალისამებრ განწმენდილი ცხოვრებით ღმერთს მიეახლონ და შინაგან კაცს და არა გარეგანს, და შეამკონ იგი სათნოებებით, კეთილი და შეურყვნელი ზნეობით; არ იქონიონ თავის თავში მტრისაგან წარმოქმნილი ბიწიერების არავითარი ნარჩენი. ვინც ამ კანონის საწინააღმდეგოდ მოიქცეს, წმინდა ზიარებიდან განკანონდეს“.

ამავე საკითხს ეძღვნება მეშვიდე მსოფლიო კრების მე-16 კანონი, რომელიც განაწესებს: „სამღვდელო პირმა არ უნდა ჩაიცვას ძვირფასი სამოსელი. ყოველგვარი ფუფუნება და შემკობილობა სხეულისა უცხოა სამღვდელო წესიერებისთვის. ამის გამო ეპისკოპოსები ან სხვა სასულიერო პირები, რომელნიც თავს შეიმკობენ ბრწყინვალე, გამოსაჩენი სამოსლით, უნდა გამოსწორდნენ. ხოლო თუ განაგრძობენ ამას, საჭირო არის მათი განკანონება. ეს ეხებათ მათაც, ვინც იცხებს ნელსაცხებლებს. მაგრამ კათოლიკე ეკლესიაზე „მწარე ფესვი აღმოცენებულა“ (ებრ. 12,15). ეს არის ქრისტიანობის ცილისმწამებელთა მწვალებლობა [ხატმებრძოლობა]. მისმა მიმდევრებმა არა მხოლოდ წმინდა ხატთა გამოსახვა შეიძულეს, არამედ ყოველგვარი მოწიწება განაგდეს და შეიძულეს ისიც, ვინც პატიოსნად და ღმრთისმსახურებით ცხოვრობენ, რითაც მათზე აღსრულდა დაწერილი, რომ „ცოდვილისათვის ღვთისმსახურება საძაგელია“ (ზირ. 1,25). თუ ვინმე გაკიცხავს მათ, ვინც შემოსილია უბრალო და სადა სამოსლით, განკანონებით უნდა გამოსწორდეს, რადგანაც ძველთაგანვე ყველა სამღვდელო კაცი კმაყოფილდებოდა უბრალო და სადა სამოსლით. ყველა, ვინც იმოსება არა საჭიროებისათვის, არამედ შემკობისათვის, ბრალი ედება ამაოებაში, როგორც ამბობს დიდი ბასილი. არც აბრეშუმის ჭრელი ქსოვილის სამოსელი უნდა ჩაიცვან, სამოსლის ბოლოებზე არ უნდა მოაყოლონ სხვა ფერის ქსოვილი, ვინაიდან საღმრთო ხმისაგან გვსმენია, რომ: „ვინც რბილი სამოსლით არის შემოსილი, ის მეფეთა სასახლეში იმყოფება“ (მათე 11,8).

მოყვანილი სასჯელები, რომელიც შეესაბამება ჩადენილ დანაშაულებს, აღნუსხულია იმავე საეკლესიო სამართლის წყაროებში, რომელშიც დანაშაულების შესახებ არის საუბარი. ასეთი სასჯელების დაკისრებისას ეკლესიის მმართველობა ყოველთვის ითვალისწინებს კანონიკურ მითითებებს ზოგადად საეკლესიო სასჯელის დადებაზე. ზოგიერთ დანაშაულზე, სამღვდელოების მიერ საეკლესიო მსახურებასა და პასუხისმგებლობასთან მიმართებით, საეკლესიო სასამართლო თვითონ აწარმოებს სასამართლო პროცესს, ყურადღებას ამახვილებს კავშირზე ზემომოყვანილი დანაშაულების გამო, რამხელა ზიანი მიაყენა და რამდენად შებღალა ეკლესიის სიწმინდე და ღვთისმსახურის ხარისხის ღირსება.

დანაშაულთა უმრავლესობა, რომელიც შეიძლება სასულიერო პირმა ჩაიდინოს, რომელიც ეხება საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებულ საერთო-საზოგადო ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, თანამედროვეობაში საერო სასამართლოებში განიხილება, და დამნაშავეს სასჯელიც შესატყვისი ეკისრება საერო სასამართლოს მიერ. მაგრამ რადგან სასულიერო პირი უშუალოდ ეკლესიის იურისდიქციაში იმყოფება, ეს დანაშაულები შიდა საეკლესიო სასამართლოს განხილვის საგანიც ხდება, რომელსაც აქვს უფლება, გამოიძიოს ასეთი დანაშაულები და დასაჯოს ისინი განკვეთით, ანათემით და ა. შ., იმის მიხედვით, თუ რა სიმძიმის დანაშაულია ჩადენილი. ასეთი სახის დანაშაულთაგან შევჩერდებით მხო ლოდ უმთავრესზე:

1. სახელმწიფო ღალატი. ამასთან დაკავშირებით მოციქულთა 84-ე კანონი განაწესებს: „თუ ვინმემ უსამართლოდ აგინოს მეფეს ან მთავარს, სასჯელის ღირსია, თუ მღვდელი იყოს, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი იყოს, უზიარებლობით დაისაჯოს“.

2. შეთქმულება სასულიერო პირებისა კანონიერი ხელისუფლების წი ნააღმდეგ. მეოთხე მსოფლიო კრების მე-18 კანონი განაწესებს: „თანამზრახველობითი დანაშაული ან ბრბოს თავშეყრა შეთქმულების მიზნით, გარეშე [სამოქალაქო] კანონებითაც იკრძალება; მით უფრო დაუშვებელია მსგავსი ქმედება საღვთო ეკლესიაში, ნუ იყოფინ! თუ რომელიმე სასულიერო პირი ან მონაზონი შეფიცვასა და შეთქმულებაში იქნება მხი ლებული, ანდა, ეპისკოპოსის ან თანამოძმის წინააღმდეგ ვერაგობაში, სრულიად განიკვეთოს თავისი ხარისხიდან“. ასევე ტრულის კრების 34-ე კანონი განაწესებს: „ცხადად ამბობს საღმრთო კანონი (მეოთხე მსოფლიო კრების მე-18 კანონი), რომ გარეშე [სამოქალაქო] კანონებითაც იკრძალება შეთქმულებისა და თავყრილობის დანაშაულს, მით უფრო ღმრთის ეკლესიას მართებს ამის უკუგდება და ჩვენც ამის დაცვას ვესწრაფვით“.

3. ფიცის გატეხა: „ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, მხილებული სიძვაში, ფიცის გატეხასა ან მოპარვაში, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს, მაგრამ საეკლესიო თანაზიარებიდან არ განკანონდეს, რადგან წმიდა წერილი ამბობს: „არშურ-იგო ორგზის ერთბამად ჭირსა შინა“ (ნაუმ. 1, 9). იმავეს განვაწესებთ დასის სხვა წევრების მიმართაც“. ფიცის გატეხას ეხება ბასილი დიდის მე-10, მე-17, 29-ე, 64-ე და 82-ე კანონები: „იმათ, ვინც დაიფიცებს, რომ არ მიიღებს ხელდასხმას, ნუ დაატანენ ძალას, რომ ხელდასხმა მიიღოს, რათა დამფიცებელი არ იქცეს ცრუ ფიცის დამდებად. თუმცა უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც შეუნდობს მსგავსებს, მაგრამ ჩვენ გამოცდილებით ვიცით, რომ დამფიცებელნი არ არიან მოსაწონნი ღმრთისთვის. საჭიროა განხილვა იმისა, თუ რა სახის ფიცია დადებული, რა სიტყვებია ნათქვამი და რა ზომის გულითადობით არის ფიცი დადებული, და აგრეთვე ფიცზე დასართავი ნატიფი სიტყვებისაც. თუ არც ერთი მხრივ და არსაიდან არ გამოჩნდება რაიმე სანუგეშო, მათ სრულიად უნდა მივანებოთ თავი. სევეროსის საქმის ან მის მიერ ხელდასხმული მღვდლის შესახებ, ჩემი აზრით, გვაქვს რაღაც ამგვარი სანუგეშო, თუ ეს შენი აზრიც იქნება. შენ ბრძანე, რომ სოფელი მინდანა უნდა ემორჩილებოდეს მასადის. ამგვარად, არც ხელდასხმული მღვდელი კვირიაკოზი აღმოჩნდება ცრუმფიცავი, ვინაიდან არ მოშორდება იმ ადგილს, და ლონგინოზიც, რომელსაც თავისთან ეყოლება კვირიაკოზი, არ გააუქმებს ეკლესიას, არც თავის სულს დასჯის უმოქმედობით. კანონთა საწინააღმდეგო არაფერი მოხდება კვირიაკოზის შეწყნარებით, რომელმაც ფიცი დადო მინდანაში ყოფნის შესახებ, შემდეგ კი დათანხმდა ადგილის შეცვლას. მისი დაბრუნება კი ფიცის დაცვას ნიშნავს. მისი მორჩილება ბრძანებისადმი არ ჩაეთვლება მას ცრუფიცობად, მის ფიცში არ იყო ნათქვამი, რომ მცირედი დროითაც არ დატოვებდა მინდანას. მთელი დანარჩენი დრო კი უნდა გაეტარებინა იქ. სევეროსს, რომელმაც თავისი შეცდომის მიზეზად დავიწყება დაასახელა, ჩვენ შენდობის ღირსად მივიჩნევთ და ვიტყვით, რომ დაფარულთა მეცნიერი ღმერთი არ დაუშვებს, რომ მის ეკლესიას მიადგეს რაიმე ვნება მისნაირისგან, რომელმაც თავიდანვე უკანონოდ გააკეთა ყველაფერი და ფიცით შეკრა ზოგიერთნი. წინააღმდეგ სახარებისა, მან ცრუფიცობა ასწავლა და ადგილის შემცვლელი გახადა თავისი ხელდასხმული. ახლა კი ტყუის და იმიზეზებს დავიწყებას, მაგრამ ვინაიდან ჩვენ გულთა მსაჯულები კი არა ვართ, არამედ იმას განვსჯით, რაც გვსმენია, მივანდოთ უფალს სამაგიეროს მიზღვა, განკითხვის გარეშე შევიწყნაროთ იგი და მივცეთ შენდობა, რადგანაც ვიცით, რომ დავიწყება კაცობრივი სისუსტეა“; „შენ შეგვეკითხე მღვდელ ვიანორის შესახებ, შესაძლებელია თუ არა მისი მიღება სამღვდელო დასში მის მიერ დადებული ფიცის შემდეგ. მე ვიცი, რომ ადრევე გამოტანილია საერთო განსაზღვრება ანტიოქიელი მღვდლების შესახებ, რომლებსაც მასთან ერთად დაუდიათ ფიცი, რომ ჩამოშორდებიან საერო კრებებს და ცალკე შეასრულებენ სამღვდელო საქმეებს. ვიანორს ეძლევა მსახურების უფლება, ვინაიდან მისი მღვდლობა არის არა ანტიოქიაში, არამედ იკონიაში, რომელზედაც გაცვალა თავისი ანტიოქიური მკვიდრობა, როგორც შენ მოგწერე. ეს კაცი შესაწყნარებელია, ოღონდ შენი ღმრთისმოსაობის მიერ მას უნდა მოეთხოვოს ჯეროვანი სინანული მაშინდელი ფიცის გამო, რომელიც დადო ურწმუნო კაცის წინაშე, რადგანაც ვერ შეძლო მცირე გაჭირვების სიმძიმის ატანაც კი“; „მთავრებს, რომლებიც ფიცს დადებენ, რომ ქვეშევრდომებს ავად მოექცევიან, ძალიან სჭირდებათ მკურნალობა. მათი მკურნალობა ორგვარი სახისაა: ერთი – უნდა ასწავლონ მათ, რომ არ დაიფიცონ ნაჩქარევად და სახელდახელოდ, ხოლო მეორე – არ უნდა დარჩნენ ამ ბოროტ განზრახვაზე. ვინც სხვისთვის ბოროტების გაკეთების შესახებ ფიცს დადებს, სინანული უნდა აჩვენოს ნაჩქარევი ფიცის დადების გამო და ფიცისადმი მოწიწების დაჩემებით ნუ გააძლიერებს თავის ბოროტებას, რადგანაც არც ჰეროდეს არგო რამე ფიცის დაცვამ: იგი ცრუფიცობის შიშით წინასწარმეტყველის მკვლელი გახდა. ფიცი საერთოდ დასაგმობია, მით უმეტეს, ბოროტების შესახებ დადებული ფიცი უნდა დაისაჯოს. ამის გამო მფიცავმა უნდა დაარღვიოს ფიცი და არ უნდა სურდეს თავისი დაუფიქრებლობის განმტკიცება. განიხილე უფრო ვრცლად ამ საქმის უაზრობა. თუ ვინმემ დაიფიცა თავისი ძმისთვის თვალის ამოთხრა, განა კარგია მისთვის ამის სრულყოფა საქმით? ან თუ ვინმემ დაიფიცა ძმის სიკვდილი, ან რომელიმე მცნების გადალახვა დააპირა ფიცით? რადგანაც „ვფუცე და დავამტკიცე, რაითა დავიცვნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი“ (ფსალ. 118, 106). როგორც მცნება უნდა შესრულდეს განზრახვის გარდაუვალობით, ასევე ყოველნაირად საჭიროა ცოდვის დაუმტკიცებლობა და მოსპობა“; „ვინც ცრუდ დაიფიცოს, ათი წელი უზიარებელი იყოს. აქედან: ორ წელს შესტიროდეს, სამ წელს მსმენელი იყოს, ოთხ წელს შევრდომილი იყოს და ერთი წელი იდგეს მორწმუნეებთან ერთად. ასე გახდეს ღირსი ზიარებისა“; „ცრუმფიცავთა შესახებ. ვინც გაჭირვებისა და იძულების გამო გატეხა ფიცი, უფრო მსუბუქი განკანონებით დაისჯება, რის გამოც ექვსი წლის შემდეგ მიიღებს შეწყნარებას. ხოლო ვინც გაჭირვების გარეშე უღალატა თავის სარწმუნოებას, ორი წელი უნდა შესტიროდეს, ორი წელი მსმენელი უნდა იყოს, ხუთი წელი შევრდომით უნდა ილოცოს და კიდევ ორი წელი მიღებულ უნდა იქნეს ლოცვათა ზიარებაზე სიწმინდეთა ზიარების გარეშე. ამის შემდეგ უნდა მიიღოს ქრისტეს ხორცის ზიარება“.

4. მკრეხელობა. უშუალოდ ღვთისა და ღვთისმსახურებისთვის შე წირული ნივთებისთვის ზიანის მიყენება, მათი სხვა მიზნებისთვის გამოყენე ბა. მოციქულთა 72-ე და 73-ე კანონები განაწესებენ:

„თუ ვინმემ, სამღვდელო დასიდან ან ერისკაცთაგან წმიდა ეკლესიიდან ცვილი ან ზეთი მიიტაცოს, ეკლესიიდან მოიკვეთოს და ხუთწილად გადაიხადოს, რაც წაიღო“;

„ოქროს ან ვერცხლის ნაკურთხ ჭურჭელს, ან კრეტსაბმელს ნურვინ მიითვისებს საკუთარი საჭიროებისათვის – ეს უსჯულოებაა! მხილებული კი ასეთ ქმედებაში, უზიარებლობით დაისაჯოს“.

მეოთხე მსოფლიო კრების 24-ე კანონის თანახმად, „ეპისკოპოსის ნებით ერთხელ ნაკურთხი მონასტერი სამუდამოდ მონასტრად დარჩეს; მისი კუთვნილი ქონება უნდა იყოს დაცული და მომავალში არასდროს გადაკეთდეს ერისკაცთა საცხოვრებლად. ვინც ამას დაუშვებს, კანონის შესაბამის სასჯელს დაექვემდებაროს“.

ტრულის კრების 49-ე და 97-ე კანონები განაწესებენ:

„განვაახლებთ ამ საეკლესიო კანონს (იგულისხმება მეოთხე კრების 24-ე კანონი) და ვადგენთ, რომ ეპისკოპოსის ნებართვით მონასტრისთვის შექმნილი ეკლესიები სამუდამოდ მონასტრისა უნდა იყოს და მათთვის შეწირული ქონება მონასტერს უნდა ეკუთვნოდეს. ისინი არასდროს აღარ შეიძლება გახდეს ერისკაცთა საცხოვრებელი, ვერავინ მისცემს ერისკაცებს ამ ეკლესიებს. თუ აქამდე ასეთი რამ მომხდარა, დაუმტკიცებლად მივიჩნევთ ამას, ხოლო ვინც ამიერიდან გაბედავს ამის ჩადენას, ის კანონთა თანახმად დაისჯება ეპიტიმიით“.

„ვინც მეუღლესთან თანაცხოვრებით ან სხვა რაიმე მოურიდებლობით წმინდა ადგილებს წაბილწავენ, შეურაცხყოფენ და ასე ცხოვრობენ, კათაკმევლებთან ერთად დგომის ღირსნიც არ არიან საღმრთო ტაძარში და ვბრძანებთ მათ იქიდანაც გაძევებას“.

მეშვიდე მსოფლიო კრების მე-13 კანონი განაწესებს:

„როდესაც ჩვენი ცოდვების გამო ეკლესიას მოევლინა განსაცდელი, ზოგიერთებმა დაიტაცეს საღმრთოდ განკუთვნილი სახლები, ანუ საეპისკოპოსოები და მონასტრები, და გადააქციეს ისინი ერისკაცთა საცხოვრებელ ბინებად. ახლა კი, თუ მიმტაცებლებმა ინებეს საეპისკოპოსოებისა და მონასტრების უკან დაბრუნება, რათა აღდგეს პირვანდელი წესი, ფრიად კეთილი და მშვენიერი იქნება ეს სურვილი. ხოლო თუ არ ისურვეს ამის გაკეთება, ვინც სამღვდელო დასიდან იქნება, ვბრძანებთ მის განკვეთას, მონაზვნისა და ერისკაცის შემთხვევაში − უზიარებლობას, როგორც მსჯავრდებულისა მამისა და ძისა სულიწმიდისაგან, იქ დაეწესონ, სადაც „მატლი არა კვდება და ცეცხლი არ იშრიტება“ (მარკ. 9, 44), ვინაიდან ეწინააღმდეგებიან უფლის ხმას, რომელიც ამბობს: „მამაჩემის სახლს ნუ გადააქცევთ სავაჭრო სახლად“ (იოან. 2, 16).

კონსტანტინეპოლის წმინდა მოციქულთა ტაძარში შეკრებილი ორგზის წმინდა დიდი კრების მიერ დადგენილი პირველი კანონი ასევე იმ კანონდარღვევას ეხება, როცა უფლისთვის შეწირულს საკუთრებად აცხადებენ:

„ნეტარი და ღირსი მამების მიერ ძველად კეთილად წამოწყებული, ესოდენ მშვენიერი და პატიოსანი საქმე – მონასტერთა აშენება – ცუდად სრულდება ამჟამად. ზოგიერთი, ვინც თავის შეძენილ ქონებას და კარ-მიდამოს მონასტრის სახელს არქმევს და საღმრთოდ განწმენდილად მიიჩნევს მათ, შემდეგ უფლისათვის შეწირულს მაინც თავისთვის მიიწერს და ვერაგულად საღმრთო კუთვნილების მხოლოდ სახელს არქმევს, რადგანაც არ რცხვენია, რომ შეწირვის შემდეგაც აქვს მისი მიხვეჭისა და ქონების უფლება, როგორც ადრე ჰქონდა. ეს საქმე ისე გადაიხარა უწესოებისაკენ, რომ შეწირული მიწებიდან ბევრს ჰყიდიან თვით შემწირველნი, რაც მხილველების გაკვირვებისა და ზიზღის მიზეზი ხდება. ისინი კი არამცთუ თვითონ არ ნანობენ ღმრთისათვის ერთხელ შეწირულზე თავისი უფლებების გავრცელებას, არამედ სხვებისთვის მიცემასაც არ ერიდებიან. ამის გამო წმინდა კრებამ განსაზღვრა, რომ არავის არ უნდა ჰქონდეს მონასტრის აშენების უფლება, თუ ამას არ შეიტყობს და ნებას არ დართავს იმ ადგილების ეპისკოპოსი. ხოლო თუ ეპისკოპოსი თანახმა იქნება და ამის გაკეთებას ბრძანებს, უნდა წარმოთქვას დაწესებული ლოცვა, როგორც პირველთა მიერ ღმრთისმოყვარეობით არის დაკანონებული. მაშინღა უნდა აშენდეს მონასტერი, და ყველაფერი, რაც მისთვის არის შეწირული – ქონება და ფული – მონასტერთან ერთად უნდა ჩაიწეროს აღწერის წიგნში, რომელიც ინახება საეპისკოპოსო ეკლესიის საცავში. შემწირველსა და მაშენებელს არა აქვს უფლება, ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე საკუთარი თავი ან სხვა ვინმე დაადგინოს მონასტრის წინამძღვრად, ვინაიდან, თუკი კაცი ვინმეს საჩუქრად მისცემს რაიმეს და მისი მფლობელი აღარ შეუძლია იყოს, მით უმეტეს ვეღარ იქნება იგი იმის მფლობელი, რაც მიართვა და შესწირა ღმერთს“.

5. წაბილწვა. კონსტანტინეპოლის წმინდა მოციქულთა ტაძარში შეკრე ბილი ორგზის წმინდა დიდი კრების მიერ დადგენილი მე-10 კანონი განაწესებს:

„ვნებათა მონებად ქცეულებს არამცთუ საღმრთო კანონთა სასჯელისა არ ეშინიათ, არამედ ამ კანონებს ურცხვად აგდებით ექცევიან. ისინი ამახინჯებენ მათ და თავისი ვნებების მიხედვით ცვლიან. ვნებისმიერი ცდომის პატივისცემითა და სიყვარულით, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, ბოროტს, ეშმაკს არათუ საძრახისად არ ჰგონიათ, არამედ სურთ ეშმაკი ღმერთად მიიჩნიონ. მათ შესახებ მოციქულთა 73-ე კანონი ამბობს: „ნურვინ წაიღებს სახმარებლად განწმენდილ ოქროს ან ვერცხლის ჭურჭელს, ან კრეტსაბმელს, რადგანაც ეს არის უკანონობა, ხოლო თუ ვინმეს ემხილება ამის ჩადენა, ის უზიარებლობით უნდა განკანონდეს. ვინც თავის უსჯულოებას ამართლებს, ამბობს: ჯეროვნი არ არის განკვეთის ღირსად მივიჩნიოთ ის, ვინც წმინდა ტრაპეზის თაყვანსაცემ სამოსელს საკუთარ სამოსლად ან სარტყელად იხმარს, გინდ სარეცლისათვის, და არა მარტო ის, არამედ ისიც კი, ვინც თავისი საჭიროებისათვის მოიხმარს წმინდა ბარძიმს, ჰოი უღმრთოებავ, პატიოსან ფეშხუმს და სხვა მათ მსგავსს თვითონ გამოიყენებს და უბრალო ხმარებით წაბილწავს. მათი სიტყვით, ეს კანონი თითქოს იმას ამბობს, რომ ამ დანაშაულის მოქმედნი ისჯებიან მხოლოდ უზიარებლობით და არა განკვეთით. მაგრამ ვინ აიღებს თავის თავზე ამოდენა უღმრთოებასა და ამოდენა შეცვლა-შერყვნას. კანონი უზიარებლობით სჯის მხოლოდ განწმენდილი ჭურჭლისა და სხვა ნივთების ხმარების და არა მიტაცებისათვის. ხოლო ეს უსჯულონი განკვეთისაგან ათავისუფლებენ წარმტაცებლებსაც, სიწმინდეთმკრეხელებსაც და იმათაც, ვინც წმინდათა წმინდა შეაგინა. და აგრეთვე თავისი უსამართლო მსჯავრით განკვეთის გარეშე ტოვებენ იმათ, ვინც სანოვაგისთვის ხმარებით თაყვანსაცემ ფეშხუმსა და სამღვდელო ბარძიმს წაბილწავს მაშინ, როდესაც უეჭველია ამ საქმის სიბილწე და ცხადია, რომ ამის მოქმედნი არამცთუ მხოლოდ განიკვეთებიან, არამედ უკიდურესი უღმრთოების დანაშაულში ჩაცვივდებიან. ამისთვის წმინდა კრებამ განსაზღვრა, რომ ვინც წმინდა ბარძიმს, ფეშხუმს, მარწუხს (საზიარებელ კოვზს), საკურთხევლის სამღვდელო შესამოსელს, პერექელს, ანუ ცას, ან საკურთხევლის შიგნით სამსახურებელ ყოველგვარ წმინდა ჭურჭელსა ან შესამოსელს თავისი სარგებლობისათვის მიიტაცებს, ან სიწმინდეთა გარდა სხვა რამისთვის იხმარებს, ის უნდა დაისაჯოს სრული განკვეთით. ვინაიდან ერთი მათგანი სიწმინდეთმკრეხელობაა, ხოლო მეორე – შეგინება. ვინც საკურთხევლის გარეთ მყოფ საეკლესიო ჭურჭელს ან ნაქსოვს, სიწმინდეთა გარდა, თავისთვის ან სხვისთვის მოიხმარებს, მათ კანონი უზიარებლობით დასჯის და ჩვენც მასთან ერთად უზიარებელ-ვყოფთ. ხოლო მთლიანად მიმტაცებლებს სიწმინდეთ მკრეხელთა კანონითა და სასჯელით დავსჯით“.

6. ცილისწამება და შეურაცხყოფა. ამ საშინელი ვნების შესახებ მოცი ქულთა 55-ე და 56-ე კანონები განაწესებენ:

„თუ რომელიმე სასულიერო პირი ეპიკოპოსს აგინებს, განიკვეთოს, რადგან ნათქვამია: „მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი“ (საქმე 23, 5). „თუ რომელიმე სასულიერო პირმა აგინოს მღვდელს ან დიაკონს, უზიარებლობით დაისაჯოს“.

ამავე საკითხს განიხილავს პირველი მსოფლიო კრების მე-6 კანონი:

„დაცული იყოს უძველესი ჩვეულება, რომელიც მიღებული იყო ეგვიპტეში, ლიბიასა და პენტაპოლისში, რათა ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ყველა მათგანის ხელისუფალი იყოს. რამეთუ რომის ეპისკოპოსისთვისაც ასეა მიღებული. მსგავსადვე ანტიოქიაში და სხვა სამთავროებშიც შენარჩუნდეს დედა ეკლესიათა უპირატესობა. საერთოდ კი ცხადი იყოს ყველასათვის შემდეგი: თუ ვინმე მიტროპოლიტის ნებართვის გარეშე ეპისკოპოსად დადგინდება, ასეთი პირის მიმართ დიდმა კრებამ განაჩინა, რომ ეპისკოპოსად არ უნდა დარჩეს. ხოლო თუ გამოირჩევენ ეპისკოპოსთა მთელი კრების კურთხევით და საეკლესიო სამართალის შესაბამისად, მაგრამ ორი ან სამი ეპისკოპოსი, საკუთარი პატივმოყვარეობიდან გამომდინარე, ამ გამორჩევას შეეწინააღმდეგება, მაშინ ძალა ექნება უმეტესობის აზრს“; „რადგან ჩვეულებით დამტკიცებულია და ზეციდან მოცემული, რომ პატივი მიეგოს ელიის (იერუსალიმის) ეპისკოპოსს, ამიტომ ამ ქალაქს შეურყევლად ჰქონდეს მიტროპოლიის პატივი“.

მეოთხე მსოფლიო კრების 21-ე კანონი დასმენის შესახებ განაჩინებს: „სასულიერო პირთა ან ერისკაცთაგან, რომლებიც ეპისკოპოსებს ან მღვდლებს უჩივიან, არ უნდა იყოს საჩივარი მარტივად და გამოუძიებლად მიღებული, არამედ წინასწარ გამოიკვლიონ მომჩივან პირთა შესახებ საზოგადოებრივი აზრი“.

მღვდელთა და მღვდელთმთავართა შეურაცხმყოფლებს ასევე კართ აგენის კრების მე-8 და მე-19 კანონები ასამართლებს:

„არ უნდა შევიწყნაროთ ბრალმდებლად განქიქებული და ბოროტებაში შემჩნეული. მაქსულიტანელმა ეპისკოპოსმა ნუადიოსმა თქვა: მრავალი არის არაკეთილი ქცევისა და ზრდილობის, რომლებიც თავს მოვალედ მიიჩნევენ, ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში ბრალი დასდონ მამებსა და ეპისკოპოსებს. უნდა შევიწყნაროთ ასეთები?

ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: მოსწონს თქვენს სიყვარულს, რომ ცუდ საქმეში შემჩნეული ვინმე იყოს მამათა ბრალმდებელი?

ყველა ეპისკოპოსის მიერ ითქვა: მხილებული და ბოროტებაში შემჩნეული ნუ მიიჩნევა ბრალმდებლად“;

„ბრალდებული ეპისკოპოსის განსახილველი საქმე მიერთმევა იმ სამთავროს მღვდელთმთავართა შორის პირველ ეპისკოპოსს. თუ ეპისკოპოსს ბრალი ედება, სამთავროს პირველ ეპისკოპოსთან უნდა მიიტანოს ბრალმდებელმა მისი საქმე. სასამართლოში გამოძახებულმა ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს დანაშაულის გამო. ზიარებისაგან ნუ იქნება განყენებული, თუ მივიდეს დათქმულ დღეს, ესე იგი, ერთი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მიიღებს ეპისკოპოსთა წერილობით შეტყობინებას. თუ წარმოადგენს მართალ და ჭეშმარიტ მიზეზს, რომელსაც მისთვის ხელი შეუშლია მასზე დადებული ბრალდების გამო პასუხსაგებად წასვლაში, კიდევ ერთი თვე ჰქონდეს ზიარების უფლება. ხოლო მეორე თვის შემდეგ ნუღარ ეზიარება, სანამ არ აღმოჩნდება, რომ ბრალი არ მიუძღვის. თუ ყოველწლიურ კრებაზე მისვლა არ მოისურვოს, რომ იქ განიხილონ მისი საქმე, თვითონ გამოუტანია საკუთარი თავისთვის განაჩენი. მისთვის დადგენილ უზიარებლობის ვადაში ნუ ეზიარება ნურც თავის ეკლესიაში, ნურც სხვა სამრევლოში. თუ მისი ბრალმდებელი იმ დღეებში, ვიდრე საქმე ირჩევა, არსად წავა, ნუ დაუბრკოლდება ზიარება. თუ წავა და მიიმალება, უზიარებლობით დაისაჯოს. ბრალდებულმა უნდა იცოდეს, რომ ადვილად ვერ ჩამოიშორებს თავის ბრალდებას, თუ არ დაამტკიცებს, რომ კი არ ისურვა, არამედ ვერ შეძლო გამოცხადება დადგენილ დროს. ხოლო ესეც ცხადი იყოს, რომ, როცა ეპისკოპოსთა სამსჯავროს წინაშე რაიმეს გამოიძიებენ, თუ ბრალმდებელი არის მხილებული და ბოროტებით ცნობილი პირი, იგი არ შეიძლება ვცნოთ ბრალმდებლად. მის მიერ აღძრული საქმე განიხილება მაშინ, თუ იგი პირადად მას შეეხება, ხოლო საეკლესიო საქმის ხსენება მან ვერ უნდა გაბედოს“.

საეკლესიო კანონთა საწინააღმდეგოდ მღვდელმსახურის არდადგინებას ეძღვნება ბასილი დიდის ეპისტოლე ქორეპისკოპოსებისადმი:

„ძალიან ვწუხვარ, რომ მამათა კანონები უგულებელყოფილია და ეკლესიის შეუცდომლობა დავიწყებული. მეშინია, ამ უწესობის თანდათანობითი წარმატებით ეკლესიის საქმეები სრულ არეულობამდე არ მივიდეს. ღმრთის ეკლესიებში ძველთაგანვე დამკვიდრებული ჩვეულება ეკლესიის მსახურად შეიწყნარებდა მხოლოდ დიდი სიმკაცრით გამოცდილებს და გამოიკვლევდა მათ საქციელს: ხომ არ არიან ისინი მოყვასზე ავისმთქმელნი, ლოთები, ადვილად ხომ არ იწყებენ ჩხუბსა და შფოთს, თუ კრძალვით ატარებენ სიჭაბუკეს, რათა შეძლონ, აღასრულონ „სიწმინდე, რომლის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს“ (ებრ. 12, 14). ყოველივე ამას გამოიკვლევდნენ მეზობელი და მათთან მცხოვრები მღვდლები და დიაკვნები და მიაწვდიდნენ ქორეპისკოპოსებს, რომელნიც მიიღებდნენ მოწმეებისაგან მოწოდებულ ჭეშმარიტ ცნობებს, წარუდგენდნენ ეპისკოპოსს და ამგვარად ჩარიცხავდნენ მას მსახურად საეკლესიო დასში. თქვენ კი, ჯერ ერთი, უგულებელმყავით მე და არაფერი მაცნობეთ, არამედ თქვენთვის მოიხვეჭეთ მთელი უფლებები. ამის შემდეგ კი, არად აგდებთ რა ამ საქმეს, მღვდლებსა და დიაკვნებს ნებას აძლევთ, ვინც უნდათ, ის შეიყვანონ ეკლესიაში, უღირსნიც კი, ხორციელი, ანუ ნათესაური, ან სხვა რამ მეგობრული სიყვარულის გამო, მათი ცხოვრების გამოკვლევის გარეშე. ამის გამო მრავალი მსახური ირიცხება თითოეულ დაბაში, მაგრამ საკურთხევლის მსახურების ღირსნი კი არც ერთი არ არის. ამას თქვენ თვითონვე მოწმობთ, როდესაც უძლურნი ხართ, აირჩიოთ სამღვდელო კაცნი. ამჟამად კი ეს საქმე უარესისაკენ მიდის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც სამხედრო სამსახურში წასვლის შიშით ბევრი ირჩევს ეკლესიის მსახურად წასვლას.

მე საჭიროდ ვცნობ მამათა კანონის აღორძინებას და გწერთ თქვენ, რათა გამომიგზავნოთ თითოეული დაბის საეკლესიო მსახურთა სახელების ნუსხა, და თუ ვისგან არის თითოეული მათგანი დანიშნული, ან როგორ ცხოვრობს. იქონიეთ თქვენც თქვენთვის ამ ნუსხის ასლი, რათა შეესატყვისებოდეს თქვენთან დაცული ნაწერი ჩვენთან გამოგზავნილს, რათა არ შეეძლოს, როცა ვისაც მოესურვება, თავისი თავის ჩაწერა მასში. თუ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მღვდლის მიერ ვინმე დადგინდება, ის ერისკაცად დარჩება, თქვენ კი უნდა ჩაატაროთ მათ შესახებ დაწვრილებითი გამოკვლევა-გამოძიება. თუ ღირსნი აღმოჩნდებიან ისინი, თქვენივე გადაწყვეტილებით უნდა მიიღოთ, გაწმინდეთ ეკლესია უღირსთაგან! ამიერიდან გამოცადეთ ღირსნი და მიიღეთ ისინი. ოღონდ ნუ აღრიცხავთ მათ, ვიდრე არ მოიყვანთ ჩემთან. თუ არადა, მტკიცედ იცოდეთ, რომ ვისაც ჩემ გარეშე მიიღებთ საეკლესიო მსახურად, ერისკაცად მიიჩნევა“.

ამავე საკითხს ეხება თეოფილე ალექსანდრიელის ეპისტოლე მინა ეპისკოპოსისადმი: „კანონიერი საქმე მოუმოქმედებიათ დაბა გემინოსის მღვდლებს, თუკი ჭეშმარიტებას ამბობს წერილის მომტანი ევსტათია. მან თქვა, რომ ვინმე წარჩინებული დედაკაცი, რომელიც მიიხვეჭდა სხვისას და არ სურდა ამ უმსგავსობის შეწყვეტა, ჩამოაშორეს ეკლესიას. ვინაიდან შენც მიიჩნევ მას თავისი თავისთვის ბოროტი წარმატებისა და მოხვეჭის მსურველად, ისწრაფე, რათა დაიყოლიო იგი, დაეხსნას მომხვეჭელობას და შეუდგეს სინანულს. ამგვარად, თუ დაინახავ, რომ იგი ღმრთის კანონს ემორჩილება და სურს ეკლესიაში დგომა, ნება დართე ერთან ყოფნისა“.

7. ქურდობა. მოციქულთა 25-ე კანონი განაწესებს: „ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, მხილებული სიძვაში, ფიცის გატეხასა ან მოპარვაში, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს, მაგრამ საეკლესიო თანაზიარებიდან არ განკანონდეს, რადგან წმიდა წერილი ამბობს: „არშურ-იგო ორგზის ერთბამად ჭირსა შინა“ (ნაუმ. 1, 9). იმავეს განვაწესებთ დასის სხვა წევრების მიმართაც.

ასევე ბასილი დიდის 61-ე განაწესებს: „თუ ქურდმა თვითონ მოინანიოს და თავი თავადვე გაამჟღავნოს, მხოლოდ ერთი წელი აეკრძალოს მას სიწმინდესთან ზიარება. თუ სხვამ ამხილოს, ორ წელიწადს არ უნდა ეზიაროს. ეს ორი წელი ასე განაწილდეს: შევრდომილთა შორის იყოს, შემდეგ მორწმუნეთა შორის და ბოლოს ღირსი გახდეს ზიარებისა“.

გრიგოლ ნოსელის მე-6 კანონი: „კერპთმსახურების ნაირსახეობა, როგორც უწოდებს საღმრთო მოციქული ანგარებას, არ ვიცი, როგორ დატოვეს უკურნებლად მამებმა. ამ ბოროტებას მესამე ადგილი დაუპყრია სულში ცნობილ ვნებათა შორის, რადგან გონება (ფიქრი) სიკეთეზე განსჯის უნარს როგორც კი დაკარგავს, მას ჰგონია, რომ სიკეთეს აქვს ნივთიერი სახე, ვერ ხედავს არანივთიერ სიკეთეს და ამქვეყნიურისკენ წარმართავს სულის გულისთქმისმიერ ძალას, ჭეშმარიტად სასურველის მიტოვებით. მრავალ ცოდვას იღებს თავზე ასეთი შეცოდებით ატეხილი შფოთისა და გულისწყრომის ვნება. უფრო ცხადად ვიტყვი, ყოველნაირად ეთანხმება ეს სენი ანგარების მოციქულისეულ განსაზღვრებას, რადგან საღმრთო მოციქულმა არა მარტო კერპთმსახურება, არამედ ყოველივე ბოროტების ძირი უწოდა მას (შდრ. I ტიმ. 6, 10). და თუ ამხელა და ასეთი არის მისი ბოროტების სახე, ასე უყურადღებოდ და უგულებელყოფილად არ დაიტოვება მისგან განკურნების ვითარება. ამ უყურადღებობის გამო იგი ეკლესიის სენად იქცა, რადგან სამღვდელო დასის წევრად მოსაყვანი არც ერთი პირი არ შეისწავლება, იყო თუ არა ოდესმე შეგინებული ნივთთა ასეთი კერპთმსახურებით. იმის გამო, რომ ეს საკითხი არ არის მოხსენიებული ჩვენი მამების მიერ, საკმაოდ მივიჩნევთ საერო სწავლებისა და მოძღვრების სიტყვას, რომ, თუ სურს განკურნება, როგორც მთელი სხეულის მომცველი ვნება, სიტყვით განიწმინდოს ანგარების სენი. და მოვიხსენიებთ მხოლოდ პარვას, საფლავთა ძარცვას და სიწმინდეთა და ეკლესიის მკრეხელობას, რადგან ამათზე მიგვითითებს მამათა მიერ გამოტანილი დადგენილებებიც. საღმრთო წერილის მიერ უარყოფილია ქონების სიყვარული, ვახში, აღნადგინები, ძალადობით თავის ქონებაზე სხვისის დამატება, თუნდაც ამას ვაჭრობის, შეთანხმების სახე ჰქონდეს. რადგან ჩემი თავი არ მიმაჩნია უფლებამოსილად, კანონი დავადგინო, ამიტომ კანონიერ მსჯავრს დავიმოწმებ ასეთი განსაგდებელი და უარსაყოფი საქმეებისათვის. ქურდობა იყოფა ავაზაკობად და სისხლის საძირკვლის გათხრად. ორივე ქმედების მიზანი ერთია – სხვისი ქონების მიხვეჭა, მაგრამ დიდია მათ შორის ზღვარი, თუ რას აირჩევს თავისი ნებით ამ საქმის აღსასრულებლად. ავაზაკი მკვლელობასაც არ დაერიდება, რომ თავისი მისწრაფება შეასრულოს. იგი თავიდანვე შეიარაღებულია ამ საქმისთვის, მომზადებულია, იარაღსაც იხმარს, თანამოქმედსაც დაიხმარს და ადგილმდებარეობასაც მოიმარჯვებს, რის გამოც ასეთს კაცის კვლის ბრალი ედება, თუ მოინანიებს და თავის თავს ეკლესიას მოჰგვრის.

ხოლო ვინც ფარულად მიიხვეჭს სხვის ქონებას და ამის შემდეგ თავს გაამხელს ცოდვის აღიარების დროს მღვდლის წინაშე, მონდომებით აღუდგება წინ ვნებას და განკურნავს დაავადებას, ასეთმა თავისი ქონება უნდა გაუყოს გლახაკებს, რომ იმისი დაფანტვით, რაც აქვს, ცხადად გამოჩნდეს მისი განწმენდა ანგარების სენისაგან. თუ არაფერი ჰქონდეს, გარდა სხეულისა, მოციქული უბრძანებს, რომ ხორციელი შრომით უნდა განკურნოს მისი ვნება. მოციქული გვეუბნება: „მპარავი ნუღარ იპარავს, არამედ მეტი იშრომოს და ქმნას სიკეთე, რომ ჰქონდეს მისაცემელი მისთვის, ვისაც სჭირდება“ (ეფეს. 4, 28).

8. მევახშეობა. მოციქულთა 44-ე კანონი განაწესებს: „ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომლის მოვალისაგან სარგებელს მოითხოვს, დაცხრეს, თუ არადა, განიკვეთოს“.

პირველი მსოფლიო კრების მე-17 კანონი განაწესებს: „მრავალნი, კანონის მიერ სამღვდელოდ განჩინებულნი, ანგარებისა და მომხვეჭელობის სურვილით ივიწყებენ საღმრთო წერილის შემდეგ სიტყვებს: „მისი ვერცხლი არ მისცა აღნადგინებად“ (ფსალმ. 15, 5), და თავიანთ მოვალეებს ართმევენ ვახშს. წმინდა კრებამ ჯეროვნად მიიჩნია, რომ თუ ამ დადგენილების შემდეგ აღმოჩნდა ვინმე გასესხებულ თანხაზე ვახშის ამღები, ან სხვაგვარი ხერხებით მომგვარებელი ასეთი საქმისა, ან ამღები ერთის მაგიერ ერთ-ნახევრისა, ან სხვა რამის ჩამდენი, მოხვეჭის მიზნით, მღვდლობისგან განიკვეთოს და კანონის მიერ განიდევნოს“.

ასევე ტრულის კრების მე-10 კანონი მევახშეობის ასალაგმად ადგენს: „ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც ვახშს იღებს ანუ ე. წ. მეასედს, დაცხრეს, თუ არადა – განიკვეთოს“.

ლაოდიკიის კრების მე-4 კანონი განაწესებს: „სამღვდელო პირმა არ უნდა გაასესხოს სარგებლით ფული და არ უნდა აიღოს ვახში და აღნადგინები“.

9. მკვლელობა. ბასილი დიდის მე-7, მე-8 და მე-11 კანონები:

„ვაჟთა და პირუტყვთა განმხრწნელნი, კაცისმკვლელნი, მომწამვლელნი, მრუშები და კერპთმსახურები – ყველა ერთსა და იმავე სასჯელს იმსახურებს. ამიტომ რაც სხვებზე წესი გაქვთ, ის უნდა დაიცვათ ამათზეც. ხოლო ვისაც ოცდაათწლიანი სინანული მოუხდია იმ არაწმიდებისათვის, რაც უვიცობით ჩაუდენია, არ უნდა ვიორჭოფოთ მათი შეწყნარების დროს, რადგან არცოდნა და, გარდა ამისა, ნებით აღიარება და ამოდენა დრო შენდობის ღირსად აქცევთ მათ. იმდენი დროა გასული, კაცის თითქმის მთელი ცხოვრება მიცემულია სატანისთვის, რამაც მათ ასწავლა, რომ აღარ შესცოდონ. ამის გამო ბრძანე, რომ ისინი დაუყოვნებლივ შეიწყნარონ, თუ ცრემლით მოწყალე ჰყოფენ შენს მამობრივ სიკეთეს და აჩვენებენ შენდობის ღირს ცხოვრებას“;

„ვინც განრისხდა და ცული იხმარა თავის მეუღლეზე, იგი კაცისმკვლელია. შენი გულისხმიერების შესაბამისად, კეთილად მიბრძანე მე, რომ უფრო ვრცლად მეთქვა ამის შესახებ. დიდი განსხვავებაა განზრახ და უნებლიე კაცის კვლასა და სხვა ცოდვებს შორის. სრულიად უნებლიე და გარეშე მიზეზია, როცა ვინმე ძაღლს ან ხეს ესვრის ქვას და ეს ქვა მოხვდება კაცს, რადგან საქმის ვითარება ესაა: ამის მოქმედის სურვილია, ან მხეცი გააქციოს, ან ხიდან ნაყოფი ჩამოაგდოს. აგრეთვე თუ ვინმე, გზად მიმავალი, ჩავარდება ჯურღმულში, უნებლიეა ესეც. ამათთან ერთად უნებლიეა ისიც, როცა ვინმეს უნდა მოაქციოს მისთვის ჩაბარებული პიროვნება და ჯოხს ან სხვა რამეს დაარტყამს ნაკლებად მტკივნეულად და ნაცემი მოკვდება, რადგან საქმის ვითარება ის იყო, რომ სურდა უკეთესისკენ შეცვლის საჭიროებაში დაერწმუნებინა და არ სურდა, რომ მოეკლა შემცოდველი. უნებლიეა ისიც, როცა ჩხუბში შესაშინებლად გამეტებით დაარტყას ვინმემ ჯოხი ან ხელი ჭრილობის მისაყენებლად საშიშ ადგილას, რომ თავი დაიცვას და ტკივილი მიაყენოს, მაგრამ მოკვლის განზრახვა არ ჰქონდეს. ეს უკვე უახლოვდება განზრახ მკვლელობას, რადგან, თუ იხმარა იარაღი ან ხერხი შურის საძიებლად და ან თუ არ მოერიდა დიდი ჭრილობის მიყენებას, ცხადია, რომ დაუზოგავად შეებრძოლა იგი იმ კაცს. ასევე ვინც მძიმე შეშა ან კაცის ბუნებრივ ძალას აღმატებული ქვა იხმაროს, ასეთი მკვლელობაც განზრახ მკვლელობად მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა რამ უნდოდა და სხვა აღასრულა, რადგან გულისწყრომამ სძლია და ისეთი ჭრილობები მიაყენა, რომ მოკლა დაჭრილი, თუმცა მისი სურვილი მოწინააღმდეგის დამარცხება იყო და არა მოკვლა.

ხოლო ვინც მახვილი ან რაიმე ბასრი იარაღი იხმაროს, არაფერი აქვს მას თავის გასამართლებელი, მით უფრო, თუ ცულს ესვრის, რადგან ხელით კი არ მიაყენა ჭრილობა, რომ მოეზომა ჭრილობის სიდიდე, არამედ ესროლა, რის გამოც რკინის სიმძიმემ, მისმა ბასრმა პირმა და შორიდან წამოსვლამ გამოიწვიეს სასიკვდილო ჭრილობა.

ასევე განზრახ მკვლელობაა და სრულიად გაუმართლებელი ავაზაკებისა და მტრების თავდასხმა, რადგან ესენი ქონებისთვის კლავენ და მხილებას ემალებიან, სასიკვდილო ბრძოლაში უდიერად ებმებიან და არც შესაშინებლად, არც გასაწვრთნელად იბრძვიან, არამედ მტრის აშკარა მკვლელობას უდებენ საფუძვლად საქმეს.

ამასთანავე, თუ ვინმემ რაიმე მიზეზისთვის მოამზადოს წამალი და მისი მომხმარებელი მოკვდეს, სიკვდილის ამ სახეს განზრახ კაცისკვლად მივიჩნევთ.

ხშირად ქალები ჯადოქრობითა და გრძნეული ძალებით თავს აყვარებენ მამაკაცებს. ამ მიზნით აძლევენ ისეთ წამალს, რომელიც გონებას უბნელებს მათ და კლავს. ასეთი სიკვდილიც, თუმცა სხვა იყო მათი მონდომების მიზეზი და სხვა აღსრულდა, უჯერო და უწესო ხერხების ხმარებისთვის განზრახ კაცისკვლად მიიჩნევა. ამათთან ერთად, ისინიც, ვინც ფეხმძიმეს მუცლის მოსაწყვეტ წამალს მისცემს, კაცისმკვლელია; და მასთან ერთად იგივე ბრალი ედება მიმღებსა და მომხმარებელს მათგან მომზადებული საწამლავისა. ესენიც იმდენადვე არიან დამნაშავე“;

„ვინც უნებლიე მკვლელობას ჩაიდენს, მისთვის საკმარისია თერთმეტი წლით განკანონება. ცხადია, დარტყმით დაჭრილთა შესახებ ჩვენ უნდა დავიცვათ მოსეს კანონი (გამოსვლ. 21, 18-19). ვინც ლოგინად ჩავარდება მიყენებული ჭრილობებისაგან, მაგრამ შემდეგ ადგება და ივლის ჯოხით, იმას არ მივიჩნევთ მოკლულად. ხოლო თუ ვეღარ ადგება ჭრილობების გამო, თუნდაც მცემელს სასიკვდილოდ არ ეცემოს იგი, მკვლელი კი არის, მაგრამ უნებლიე, ვინაიდან მოსაკლავად არ უცემია იგი“.

ასევე გრიგოლ ნოსელის მე-4 კანონი:

„დარჩა განსახილველი გულისწყრომისეული ნაწილი სულიერი ძალისა, როცა კეთილი გულისწყრომის იარაღი გამრუდდება და ცოდვისკენ წავა. ბევრია გულისწყრომის ცოდვიანი ქმედება და ყველა მათგანი ბოროტია. ჩვენმა წმინდა მამებმა საჭიროდ არ მიიჩნიეს ყველაფერზე დაწვრილებით ლაპარაკი და არც დიდი სწრაფვის ღირსად – ყველა გულისწყრომითი ცოდვის კურნება. წერილი არა მარტო აღძვრას და პირველი ჭრილობის მიყენებას კრძალავს, არამედ ყველა ძვირის თქმას, მოყვასის გინებას და ა. შ., რასაც წარმოქმნის გულისწყრომა. [მამებმა] მხოლოდ კაცისკვლისა და მოსისხლეობის ვნება დააცხრეს განკანონებით. ეს ბოროტება განიყოფა განზრახ და უნებლიე მკვლელობით. ამათ შორის განზრახ მკვლელობა არის თავიდან, წინასწარი მომზადების შემდეგ გაბედვა და შესრულება განზრახვისა, ე. ი. როდესაც ამ საქმისთვის წინასწარ მოემზადება ვინმე და წინასწარ მოიფიქრებს, როგორ შეასრულოს ბოროტება. ამის გარდა, განზრახ მკვლელობად მიიჩნევა ისიც, როცა დავის ან ჩხუბის და ცემის დროს მიაყენებს ვინმე ჭრილობას მოწინააღმდეგეს ხელის სახიფათო ადგილას დარტყმით. ვინც ერთხელ მისცემს თავს გულისწყრომითა და მრისხანებით აღძვრის ნებას, მას არ შეუძლია გონებაში ისეთი რამ დაიტოვოს, რაც ამ ბოროტებისაგან შეაკავებს, ამიტომ სადავო საქმისა და შფოთის შედეგად ჩადენილი მკვლელობა ნებით არჩეული საქმეა და არა უნებლიე შემთხვევა.

უნებლიე კაცისკვლას კი ცხადი ნიშნები აქვს, როდესაც ვინმე სხვა რაიმეს ესწრაფვის, ვერ მიაღწევს, და ჩაიდენს რაიმეს უჯეროს. განზრახ კაცისმკვლელის დანაშაულის მონანიების დრო სამად განიყოფა მათთვის, ვისაც სურს განკურნება. ამისთვის გამოყოფილია სამჯერ ცხრა წელიწადი, რომ სინანულის თითოეულ საფეხურზე ცხრა-ცხრა წელი დაყონ. პირველი ცხრა წელიწადი არის ჟამი სრული განშორებისა და ეკლესიიდან განდევნისა. ამდენივე შემდეგი წელი მსმენელთა შორის უნდა იყვნენ, უსმენდნენ მოძღვარს, საღმრთო წიგნის კითხვას და მორწმუნეებთან ერთად დგომის ღირსნი ხდებიან. მესამე ცხრაწლეული შევრდომით უნდა მოინანიონ მლოცველებთან ერთად და ამის შემდეგ გახდებიან სიწმინდეთა ზიარების ღირსნი. ცხადია, რომ ასეთებზე იგივე წესი უნდა დაიცვას ეკლესიის განმგებელმა და მათი სინანულის ხარისხისა და ქცევის მიხედვით უნდა შეამოკლოს განკანონების დრო, რომლის მიხედვით სინანულის თითოეულ საფეხურზე ცხრა წლის ნაცვლად შეიძლება დატოვოს რვა, შვიდი, ექვსი ან ხუთი წელი, რადგან გულმოდგინეობა მოსწრაფებით ქცევისა დასძლევს დროს და გულმხურვალე წადილი მათი, რომლებიც უმკაცრესად განიწმენდენ და გაიმართლებენ თავს, სძლევს და აღემატება დროის სიგრძეს.

უნებლიე კაცისკვლა მიჩნეულია თანაგრძნობისა და არავითარ შემთხვევაში ქების ღირსად. ამის თქმით მსურს, ცხადი გახდეს ის, რომ თუ უნებლიედ ვისმე მოუხდა მკვლელობის ბიწიერებასთან შეხება, მას, როგორც შეგინებულს ცოდვის ჭუჭყით, სამღვდელო მადლისაგან განდევნილად წარმოაჩენს საღმრთო კანონი და, რამდენი დროც მარტივი სიძვით დაცემულებს სჭირდებათ განსაწმენდად, იმდენივე დრო არის განჩინებული უნებლიედ კაცისმკვლელთათვის კეთილად აღიარებული მსჯავრით. ცხადია, აქაც ყურადსაღებია მონანულის მოსწრაფება, და თუ შეწყნარების ღირსი აღმოჩნდება მისი სინანული და მოქცევა, არ არის საჭირო ბოლომდე დაცვა წლების რაოდენობისა, არამედ უფრო ადრეა საჭირო მისი შეყვანა ეკლესიაში და კეთილთან ზიარება“.

10. ჩხუბი. მოციქულთა 27-ე კანონი ჩხუბის მოსურნე სასულიერო პირს შემდეგს განუწესებს: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი სცემს ცოდვის ჩამდენ მორწმუნეს ან ძალადობის ჩამდენ ურწმუნოს, ვბრძანებთ მის განკვეთას, რადგან ეს კი არ უსწავლებია ჩვენთვის, არამედ ამის საპირისპირო, ვინაიდან მას სცემდნენ და ნაცვლად ამისა იგი არ სცემდა, აგინებდნენ და არ აგინებდა, იტანჯებოდა და არ უპასუხებდა (I პეტრე 2, 23)“;

ასევე კონსტანტინეპოლის წმინდა მოციქულთა ტაძარში შეკრებილი ორგზისი წმინდა დიდი კრების მიერ დადგენილი მე-9 კანონი განაჩინებს: „სამოციქულო და საღმრთო კანონი განკვეთს მღვდლებს, რომლებიც სცემენ ცოდვის ჩამდენ მორწმუნეს ან შემავიწროებელ და მოძალადე ურწმუნოს. ზოგიერთები, თავისი გულისწყრომის ასრულების მსურველნი და სამოციქულო განწესებების ცილისმწამებლები, კრძალავენ მხოლოდ თავისი ხელით ცემას, თუმცა კანონში არაფერი ასეთი არ ჩანს, არც მართალი სიტყვის ასე გაგებას არ ბრძანებს კანონი. ნამდვილად ამაო და დიდად მცდარია ის აზრი, რომ განკვეთის ღირსია მხოლოდ ის, ვინც თავისი ხელით ცემის დროს ორჯერ ან სამჯერ დაარტყამს, ხოლო ის, ვინც უწყალოდ მცემელსა და მტანჯველს სიკვდილამდე ცემის უფლებას მისცემს ბრძანებით, დატოვონ განკანონების გარეშე! კანონი კრძალავს საერთოდ ცემას და მცემელს სჯის. ჩვენც ასევე თანახმანი ვართ, რომ საღმრთო მღვდელმა სწავლითა და სჯულისდებით, როდესაც საჭიროა, საეკლესიო განკანონებით უნდა შეასმინოს უწესოებს და არა ცემით, შოლტით დასეროს ადამიანის სხეული. თუ ზოგიერთები სრულ ურჩობას გამოიჩენენ და განკანონების შეგონებას არ დაემორჩილებიან, არავინ კრძალავს მათ გადაცემას მათი ადგილების საერო მთავრებისათვის. ანტიოქიის კრების მეხუთე კანონი განსაზღვრავს, რომ ვისაც შფოთი და მკრეხელობა შეაქვს ეკლესიაში, მათი მოქცევა და დაწყნარება შეიძლება ხელისუფალთა მიერ“;

სასულიერო პირს ავაზაკებთან ბრძოლასაც კი უკრძალავს სჯულისკანონი, როგორც ეს ბასილი დიდის 55-ე კანონშია გადმოცემული: „ვინც ავაზაკებს შეებრძოლება, უზიარებლობით დაისჯება საიდუმლოსაგან განყენებული. თუ სასულიერო პირი იყოს, პატივი აეყაროს, რადგან „ყველა, ვინც აიღებს მახვილს, ნათქვამია, მახვილითვე მოკვდება“ (მათე 26, 52).

11. მრუშობა, სიძვა. მოციქულთა 48-ე და 61-ე კანონები განაწესებენ: „ერისკაცი, რომელიც თავის ცოლს განიშორებს და სხვას ან სხვისგან განტევებულს შეირთავს, უზიარებლობით დაისაჯოს“; „თუ მორწმუნეს ბრალი დაედოს სიძვაში, მრუშობაში, ან სხვა რაიმე აკრძალულ საქმეში და ამხილონ, ნუ იქნებ მიღებული სამღვდელო დასში“.

მრუშობის ცოდვაში მხილებულთათვის ტრულის კრების 87-ე კანონი განაჩინებს:„დედაკაცი, რომელიც ქმარს მიატოვებს და სხვას გაჰყვება, მრუშია, წმინდა და საღვთო ბასილის სიტყვისამებრ, რომელმაც იერემიას ნაწინასწარმეტყველებიდან სათანადო სიტყვები მოიხმო: „თუ დედაკაცმა დატოვოს თავისი ქმარი და სხვა ქმართან წავიდეს, ნუღარ მიუბრუნდება თავის ქმარს, არამედ შეგინებით შეიგინოს“ (იერემ. 3, 1). ან კიდევ: „ვისაც ჰყავს მრუში ცოლი, უგუნური არის და უღმრთო“ (იგავ. 18, 23). თუ გაირკვევა, რომ ცოლმა ქმარი უმიზეზოდ მიატოვა, მაშინ ქმარი შენდობის ღირსია, ხოლო ცოლი _ ეპიტიმიისა. შენდობა კი იმაში იქნება გამოხატული, რომ ეკლესიასთან ერთობაში დარჩება. ხოლო ვინც კანონიერი ცოლი დატოვოს და სხვა მოიყვანოს, უფლის სიტყვისამებრ (იხ. ლუკ. 16, 18) მრუშობისათვის დაწესებული სასჯელი მიიღოს. წმინდა მამათა განწესებით, ასეთმა პირებმა მონანულის შემდეგი საფეხურები უნდა გაიარონ: წელიწადი უნდა შესტიროდნენ (ეკლესიის გარეთ იდგნენ), ორი წელი წმიდა წერილის მსმენელთა რიგში იდგნენ, სამი წელი შევრდომილ იყვნენ და მეშვიდე წელს დადგნენ მორწმუნეებთან ერთად, და მხოლოდ ამის შემდეგ გახდნენ ზიარების ღირსნი, თუ ცრემლით მოინანიებენ თავიანთ დანაშაულს“;

იმავე კრების 98-ე კანონი ბრძანებს: „ვინც სხვისგან დანიშნულ დედაკაცზე მისი დამნიშვნელის სიცოცხლეში იქორწინოს, მრუშობისთვის დადგენილი სასჯელით დაისაჯოს“.

ასევე ანკვირიის კრების მე-20 კანონი იმავე ცოდვას ეხება: „თუ ვისიმე ცოლი იმრუშებს, ან ვისიმე ქმარი მრუში იქნება, შვიდი წელი უნდა გაატაროს [ეპიტიმიის] ხარისხების მიხედვით, სანამ მიიღებს სრულ ზიარებას“.

ასევე ნეოკესარიის მე-8 კანონი განაწესებს: „თუ ერისკაცის ცოლი იმრუშებს და ამაში აშკარად ამხელენ, ასეთ კაცს არა აქვს უფლება, სამღვდელო პირი გახდეს. ხოლო თუ ქმრის ხელდასხმის შემდეგ იმრუშებს იგი, ქმარი უნდა გაშორდეს მას. თუ მასთან იცხოვრებს [ისევ], არა აქვს უფლება, შეასრულოს მისთვის დავალებული მსახურება“.

სიძვა-მრუშობას

მოიცავს

ბასილი დიდის მე-18, 58-ე და 77-ე კანონებიც:

„სიძვით დაცემული ქალწულების შესახებ, რომლებმაც უფალს უბიწოებით ცხოვრების აღთქმა მისცეს, შემდეგ დაეცნენ ხორციელი ვნებით და თავისი აღთქმა უარყვეს, ჩვენმა მამებმა, მარტივი და წრფელი გულმოწყალებით შეცოდებულთა უძლურების გამო დაადგინეს კანონი ერთი წლის შემდეგ მათი შეწყნარების შესახებ, მეორედ ქორწინებულთა მსგავსად. ღვთის მადლით, ეკლესია, დღითი დღე წარმატებული, უფრო მტკიცე და ძლიერი ხდება და ქალწულთა დასი მრავლდება. ამიტომ მე მგონია, საჭიროა გონების ძალით, დაკვირვებით გამოვიკვლიოთ ვითარება და ჩავწვდეთ საღმრთო წერილის აზრს, რაც შესაძლებელია დაწვრილებით ძიების შედეგად. ქვრივობა ქალწულობაზე უმდარესია, ამის გამო ქვრივთა ცოდვაც ბევრად უფრო მცირეა ქალწულთა ცოდვაზე. ამასთან დაკავშირებით უნდა ვნახოთ, რა მისწერა ტიმოთეს პავლემ: „ახალგაზრდა ქვრივებს ერიდე, ვინაიდან, როცა აღგზნება ეუფლებათ ქრისტესთვის განკუთვნილებს, სურთ ქორწინება. ისინი განისჯებიან, რადგან უარყვეს პირველი რწმენა“ (I ტიმოთ. 5, 11-12). თუ ქვრივს მძიმე სასჯელი ეკუთვნის, როგორც ქრისტეს მიმართ რწმენის უარმყოფელს, რაღა უნდა ვთქვათ ქალწულის შესახებ, რომელიც სძალია ქრისტესი და მეუფისთვის შეწირული პატიოსანი ჭურჭელი? დიდი ცოდვაა, თუ მხევალი მიეცემა ფარულ სიბილწეს, გახრწნილებით აავსებს სახლს და ურგები ცხოვრებით შეურაცხჰყოფს თავის პატრონს, მაგრამ ბევრად უარესია, როდესაც სძალი ხდება მრუში, სიძესთან ერთობას უპატიოდ აქცევს და მიეცემა აღვირახსნილ ავხორცობას. ამის გამო ქვრივი ისჯება როგორც გახრწნილი მხევალი (მონა), ხოლო ქალწული უნდა დაისაჯოს მრუშის სასჯელით, რადგანაც როგორც უცხო დედაკაცთან შეერთებულ მამაკაცს ვუწოდებთ მრუშს და არ შევიწყნარებთ ზიარებად, სანამ არ დაცხრება ცოდვისგან და არ მოინანიებს, ცხადია, ასევე გადავწყვეტთ იმის შესახებ, ვინც ქალწულს ბოროტად მოექცევა. ჩვენთვის ჯერ იმის აღიარებაა საჭირო, რომ ქალწული ეწოდება იმას, ვინც მოვიდა თავისი ნებით და თავი შესწირა უფალს, უარი თქვა ქორწინებაზე და უფრო მეტად პატივი სცა განწმენდილ ცხოვრებას. ხოლო აღსარებასა და აღთქმას მაშინ მივიღებთ მისგან, როდესაც ასაკი სიტყვის შესრულების შესაძლებლობას მისცემს, ვინაიდან ბავშვების ხმა არ უნდა მივიჩნიოთ სარწმუნოდ. როდესაც გახდება თექვსმეტ-ჩვიდმეტ წელზე მეტი ხნისა, ბატონ-პატრონი იქნება თავისი განზრახვისა და განსჯით აირჩევს უფლის მიმართ დაწინდულ ყოფნას. ამის შემდეგ დიდხანს უნდა ევედრებოდეს და ითხოვდეს, რათა მიიღონ ქალწულთა დასში. მხოლოდ მაშინ არის საჭირო მისი დაწესება ქალწულებთან და მისი აღთქმის დამტკიცება, და უარყოფის შემთხვევაში, მისი დასჯაც აუცილებლად. ბევრი მოჰყავთ მშობლებსა და ძმებს ისეთები, რომლებიც არ არიან სრულწლოვანნი, მაგრამ ისინი უქორწინებლობას ირჩევენ არა საკუთარი ნებით, არამედ ამას სჩადიან მათი მომყვანნი ამქვეყნიური საზრუნავის გამო (მაგ., არ შეუძლიათ მზითვის მიცემა და სხვ.), ესენი ქალწულებად ადვილად არ უნდა შევიწყნაროთ, სანამ ცხადად არ გამოვიძიებთ და არ შევიცნობთ თვით მათ განზრახვასა და ნებას“;

„ვინც იმრუშოს, თხუთმეტ წელიწადს იყოს სიწმინდეთა ზიარების გარეშე. აქედან ოთხი უნდა შესტიროდეს, ხუთი წელი მსმენელი უნდა იყოს, ოთხი წელი შევრდომილთა შორის იყოს, ორი წელი მორწმუნეებთან ერთად იდგეს ზიარების გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ ეზიაროს“;

„ვინც გაუშვებს კანონიერად შეუღლებულ დედაკაცს და სხვას მოიყვანს, იგი უფლის განჩინებისამებრ დაისჯება მრუშობის სასჯელით (შდრ. მათე, 19, 9) და განკანონდება ჩვენი მამების მიერ შემდეგნაირად: ერთი წელი უნდა შესტიროდეს, ორი წელი მსმენელი იყოს, სამი წელი უნდა შეუვრდებოდეს, ხოლო მეშვიდე წელს უნდა იდგეს მორწმუნეებთან ერთად. ამგვარად გახდება იგი ზიარების ღირსი, თუ ცრემლით მოინანიებს“.

12. მრუშობა, სიძვა, ხეტიალი, ყიალი, თაღლითობა. ამ დარღვევასთან დაკავშირებით მოციქულთა 25-ე და 61-ე კანონები განაწესებენ:

„ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც სიძვას, ცრუფიცს ან პარვას მიჰყოფს ხელს, განიკვეთოს, მაგრამ უზიარებლობით ნუ დაისჯება, რადგან საღმრთო წერილი ამბობს: „შურს ნუ იძიებ ერთი რაიმესთვის ორჯერ“ (ნაუმ. 1, 9). იმავეს განვაწესებთ დასის სხვა წევრთა მიმართაც“; „თუ მორწმუნეს ბრალი დაედოს სიძვაში, მრუშობასა ან სხვა რაიმე აკრძალულ საქმეში და იგი ამხილონ, ნუ იქნება მიღებული სამღვდელო დასში“.

ასეთ დარღვევებთან დაკავშირებით ბასილი დიდის მე-3, 22-ე, 32ე, 38-ე, 59-ე და 70-ე კანონები განაწესებენ: „თუ დიაკონმა დიაკვნად ხელდასხმის შემდეგ ისიძვოს, დიაკვნობა ჩამოერთვას და მიეცეს ერისკაცებთან ერთად ზიარების უფლება, რადგან ძველია ის კანონი, რომელიც სამღვდელო ხარისხჩამორთმეულს მხოლოდ ამ სასჯელს აკმარებს. როგორც ვფიქრობ, ეს მოდის ძველი სჯულიდან, რომელშიაც ნათქვამია: „არ დასაჯო ორი სასჯელით ერთდროულად“ (ნაუმ. 1, 9). არის სხვა მიზეზიც, რადგან, თუ ერისკაცებიდან ვინმე გაძევებული არის უცთომელი მორწმუნეების რიცხვიდან, მონანიების შემდეგ ისევ შეიწყნარებენ მას და დააბრუნებენ თავის ადგილზე მორწმუნეთა შორის, საიდანაც განიდევნა. ხოლო დიაკონს ერთგზის მიეზღვება განკვეთის სასჯელი და აღარასოდეს დაუბრუნდება დიაკვნის ხარისხი, ამიტომ მხოლოდ ეს ერთი სასჯელი დაუწესეს. ასეა ეს წესების მიხედვით, მაგრამ ყოველმხრივი და უჭეშმარიტესი განკურნება არის ცოდვისაგან სრული განშორება. ამიტომ ვინც ცოდვა იგემა და უგულებელყო მადლი, ხორცის შემუსვრით და დიდი შრომით, სურვილთა ალაგმვითა და გემოთმოყვარეობის, რომლისგანაც დაეცა, განშორებით უნდა მოგვცეს თავისი ყოველმხრივი და სრული განკურნების თვალსაჩინო დასტური. ჩვენ ორივე უნდა ვიცოდეთ: პირველი ის, რაც ჩვეულებით გადმოგვეცა და დაწესებულია, და მეორე ის, რაც უცთომელი წესიერებით გვეძლევა მათთვის, ვინც ვერ მიაღწევს ნამდვილ, ჭეშმარიტ განკურნებას“; „ვინც მოტაცებით მიიყვანს ცოლს, რომელიც ადრე სხვაზე იყო დანიშნული, მისი შეწყნარება არ შეიძლება მანამ, სანამ არ გაუშვებს მას. პირველ დანიშნულს უფლება აქვს, თუ სურს, მიიყვანოს ის, ან გაუშვას. ხოლო თუ ვინმე თავისუფალს მიიტაცებს, ისიც უნდა გაუშვას და დაუბრუნოს თავის ნათესავებს. თუ მისი ახლობლები ნებას დართავენ, ქალის მშობლები იქნებიან ისინი, ძმები თუ მეურვეები, და თუ ინებებენ ქალის მიცემას, მაშინ დამტკიცებულ იყოს ეს თანაცხოვრება. ხოლო თუ არ ინებებენ, ნურც იქნებიან იძულებულნი. თუ ვინმეს მეუღლედ ჰყავს დედაკაცი, შერთული ფარული ან ცხადი იძულებითი განხრწნის შედეგად, საჭიროა მისი განკანონება სიძვის სასჯელის მიხედვით. ხოლო სიძვის მოქმედთა სასჯელი კი განსაზღვრულია ოთხი წლით. პირველ წელიწადს საჭიროა მათი ჩამოშორება ლოცვისაგან. ისინი უნდა შესტიროდნენ ეკლესიის კარიბჭესთან. მეორე წელს საჭიროა მათი შეწყნარება მსმენელებთან ერთად. მესამე წელს – შევრდომით მლოცველებთან ერთად, ხოლო მეოთხე წელს საჭიროა ერთან ერთად დგომა ზიარების გარეშე. მხოლოდ ამის შემდეგ ექნებათ მათ წმინდა საიდუმლოთა ზიარების უფლება“; „სასულიერო პირნი, რომლებიც ჩაიდენენ სასიკვდილო ცოდვას, უნდა დაემხონ ხარისხისაგან, ხოლო საერისკაცო ზიარებას არ უნდა ჩამოშორდნენ, რადგან „არ უნდა დასაჯო ორი სასჯელით ერთი დანაშაულისათვის“ (ნაუმ. 1, 9); „დედაკაცები, რომლებიც მათი მამების თანხმობის გარეშე მიეცემიან ვინმეს, შერაცხილნი არიან სიძვის მოქმედად. ხოლო მშობლებთან შერიგების შემდეგ ამ საქმის გამოსწორება შესაძლებლად არის მიჩნეული. მაგრამ ისინი არ იქნებიან ზიარებაზე შეწყნარებულნი, სანამ არ განკანონდებიან სამი წლით“; „ვინც ისიძვოს, შვიდი წელი სიწმინდეთა უზიარებელი იყოს. აქედან: ორი წელი უნდა შესტიროდეს, ორი წელი მსმენელი უნდა იყოს, ორი წელი შევრდომილი იყოს და მხოლოდ ერთი წელი იდგეს მორწმუნეებთან. ამის შემდეგ უნდა შეიწყნარონ ზიარებაზე“; „თუ დიაკონმა ცრუფიცით და ტყუილით პირი შეიგინოს, აღიაროს ცოდვა და თქვას, რომ მომავალში ასეთი რამ აღარ მოხდება, დროებით აეკრძალოს მას ღმრთისმსახურება, ხოლო დიაკვნებთან ერთად ზიარების ღირსი იყოს. ასევე მღვდელიც. თუ ვინმეს ამაზე დიდი ცოდვა ემხილოს, განიკვეთოს სრულიად, რა ხარისხიცა და პატივიც უნდა ჰქონდეს“.

ამავე დარღვევას ეხება ნეოკესარიის ადგილობრივი კრების პირვე ლი კანონი, რომელიც განაწესებს: „თუ მღვდელი იქორწინებს, ის კარგავს სამღვდელო დასის წევრობის უფლებას, ხოლო თუ ისიძვებს ან იმრუშებს, იგი დაისჯება სრული განდევნით და ჩაყენებულ იქნება მონანულთა რიგში“.

13. ლოთობა. მკაცრია საეკლესიო კანონმდებლობა ამ დარღვევასთან მიმართებითაც. მოციქულთა 42-ე და 43-ე კანონები განაწესებენ: „ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც თამაშსა და მემთვრალეობას მიეცემა, ან უნდა დაცხრეს, ან განიკვეთოს“; „იპოდიაკონი, წიგნის მკითხველი (მედავითნე) ან მგალობელი, რომელიც იმავე ცოდვას სჩადის, რაც წინა კანონშია დასახელებული, დაცხრეს, თუ არადა, უზიარებლობით დაისაჯოს. იგივე ეხებათ ერისკაცებსაც“.

სასულიერო დასის წარმომადგენელთა ყურადსაღებად ლაოდიკი ის კრების 24-ე და 55-ე კანონები განაწესებენ: „სამღვდელო პირები, მღვდლიდან დიაკვნამდე, და მათი მომდევნო სამღვდელო დასის წარმომადგენლები მსახურებამდე, იქნება ეს წიგნის მკითხველი, მგალობელი, მაფიცებელი, მეკარე, თუ მონაზონთა დასის წარმომადგენელი, არავინ არ უნდა შევიდეს დუქანში“; „არც მღვდლებმა, არც ეკლესიის სხვა მსახურებმა და თუნდაც ერისკაცებმა არ უნდა მოაწყონ შეერთებული სახსრებით ღრეობა“.

14. თამაში. საეკლესიო კანონმდებლობა მკაცრად განსჯის შვებასა და თამაშში მხილებულთ. ამ დარღვევასთან დაკავშირებით ტრულის კრების 50-ე კანონი განაწესებს: „ნურც ერისკაცი, ნურც სასულიერო პირი ამიერიდან საძრახის თამაშებს ნუ მიეცემა; მხილებული ასეთ საქმეში, ერისკაცი თუ იყოს, უზიარებლობით დაისაჯოს, სასულიერო პირი კი განიკვეთოს“.

15. ვაჭრობა, მიკიტნობა. ამ დარღვევასთან დაკავშირებით ტრულის კრების მე-9 კანონი განაწესებს: „სასულიერო პირს არა აქვს უფლება, სავაჭრო სახლი (ფარდული, დუქანი) ჰქონდეს, ვინაიდან, თუკი მას საერთოდ აკრძალული აქვს შესვლა ამგვარ სახლში, რამდენად უფრო უწესოა და შეუფერებელი მისთვის სხვების მომსახურება დუქანში!“.

16. თავშეყრის ადგილებში დასწრება. ამ დარღვევასთან დაკავშირებით ლაოდიკიის კრების 24-ე და 54-ე კანონები განაწესებენ: „სამღვდელო პირები, მღვდლიდან დიაკვნამდე და მათი მომდევნო სამღვდელო დასის წარმომადგენლები მსახურებამდე, იქნება ეს წიგნისმკითხველი, მგალობელი, მაფიცებელი, მეკარე, თუ მონაზონთა დასის წარმომადგენლები, არავინ არ უნდა შევიდეს დუქანში“; „მღვდლებმა ან საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენლებმა არ უნდა უყურონ ქორწილში ან წვეულებაზე წარმოდგენილ სანახაობებს, არამედ, სანამ შემოვიდოდნენ მსახიობები, უნდა ადგნენ და წავიდნენ“.

ჩვენ მიერ ჩამოთვლილ დანაშაულებში მხილებულნი შეუნანებლობის შემთხვევაში განიკვეთებიან სამღვდელო დასიდან. სასჯელებს ასეთი სახის დანაშაულებისთვის ეკლესია უსჯის იმის მიხედვით, თუ რამდენად შეურაცხყოფს დასს და რამდენად დამაბრკოლებელია ის ხალხისთვის.

სასულიერო პირთა სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულები, განსაკუთრებულად ეკლესიაში ღვთისმსახურების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული, განეკუთვნება იმ სასამართლო ძალმოსილებას, რომელსაც წარმოადგენენ ეს პირები, თავიანთი იერარქიული ხარისხის მიხედვით ეკლესიაში. საეკლესიო სასამართლო ინსტანციების შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ გასულ თავებში.

პირველი ინსტანციის განაჩენით უკმაყოფილო პირებს შეუძლიათ მიმართონ უმაღლეს ინსტანციას; ხოლო განაჩენები, რომელიც სამუდამოდ უკრძალავს მღვდელმსახურებას, ან სასულიერო პირებს, რომელნიც გასამართლეს და ერთმევათ სამღვდელო ხარისხი, მხოლოდ უმაღლესი ინსტანციის განხილვისა და დამტკიცების შემდეგ შეიძლება აღსრულდეს. ეკლესია მეფეს მიიჩნევს ეკლესიის უმაღლეს დამცველად და ეკლესიის კანონების მფარველად.

10 Никодимъ, Православное Церковное Право, СПб., 1897, გვ. 621-623.