მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი X: საეკლესიო კანონმდებლობა
ეკლესიის დამაარსებელმა საკანონმდებლო ძალაუფლება გადასცა თავის მოციქულებს, ხოლო მოციქულებისგან მათ მემკვიდრეებზე, ეპისკოპოსებზე, გადავიდა, რომელიც ყველას ერთად ეკუთვნოდა საუკუნეთა მანძილზე და დღესაც ეკუთვნით.
ღვთის ძალმოსილებაზე დაფუძნებული და ეკლესიის მიზანთან თანხმობაში მყოფი საკანონმდებლო მმართველობა ვითარდება ზუსტად განსაზღვრული მიმართულებით. საეკლესიო საკანონმდებლო მმართველობის წარმომადგენლები კანონების მიღებისას მოქმედებენ არა საკუთარი სახელით, საკუთარი ნების გამოხატვით, არამედ სულიწმიდის სახელით. მასთან მიმართებით ეპისკოპოსები წარმოადგენენ მხოლოდ იარაღს მისი ნების შესასრულებლად დედამიწაზე. ეკლესიის დამფუძნებლის აღთქმის მიხედვით, რომ ის მარადის იქნებოდა მოციქულებთან და მათ მემკვიდრეებთან, მოციქულები და მათი მემკვიდრეები გამოსცემდნენ და გამოსცემენ კანონებს არა თავისი, არამედ სულიწმინდის სახელით, რომელიც მათი მეშვეობით მოქმედებს: „ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია“ (საქმე მოციქულთა 15, 28), როგორც ამას ამ ამონარიდში ვხედავთ. იგივე აღთქმა და მოქმედება აქვთ ეპისკოპოსებსაც, როდესაც ისინი იღებენ ყველასთვის სავალდებულო კანონებს. მე-7 მსოფლიო კრების პირველი კანონი განაწესებს: „საღმრთო კანონების დაცვა აუცილებელია. სამღვდელო განწესებანი და წმინდა კანონები წარმოადგენენ დამოწმებასა და გზამკვლევს მათთვის, ვინც სამღვდელო პატივის წილხვდომილია. მათ სიხარულით შევიწყნარებთ ჩვენც, დავით წინასწარმეტყველთან ერთად ვუგალობთ ღმერთს: „გზასა წამებათა შენთასა განვცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა“ (ფს. 118,14), „ამცენ სიმართლე წამებათა შენთაჲ... სიმართლით არიან განკითხვანი შენნი უკუნისამდე, გულისხმა-მიყავ და ვცხოვნდე“ (ფს. 118, 138, 144). მისი ხმა მოგვიწოდებს, უკუნისამდე დავიცვათ ღვთის მცნებანი, ვიცხოვროთ მათ შესაბამისად და ამით ხსნა მოვიპოვოთ, რადგან ისინი უცვლელნი და შეურყეველნი არიან. ღმრთის მხილველი დიდი მოსეც ასე ამბობს: „...არა დააკლო, არცაღა შეჰმატო მათ [ღმრთის მცნებებს]“ (2 სჯ. 12,32); საღმრთო მოციქული [პავლე] მცნებებით დაქადებისას ღაღადყოფს: „...დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ, გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!“ (გალ. 1,8). ეს უკვე ასეა ნამცნები ჩვენთვის. გავიხაროთ ამით, როგორც დიდძალი მონაგარი მოგვეხვეჭოს. საღმრთო სჯული შევიწყნაროთ, და სრულიად და შეურყეველად დავიმარხოთ სჯულისმიერი განწესებანი დასხმულნი სულიწმიდის საყვირთა – ყოვლადსადიდებელ მოციქულთა – მიერ და ექვსი წმიდა მსოფლიო კრების მიერ, და ასეთივე განწესებების მისაღებად შეკრებილ ადგილობრივი კრებებისა და ჩვენი წმიდა მამების მიერ; რადგან ყველა ისინი ერთისა და იმავე სულიწმიდისაგან იყვნენ განათლებულნი და სასარგებლო დააკანონეს. ვისაც ისინი შეაჩვენებენ, იმათ ჩვენც შევაჩვენებთ; ვისაც ისინი განკვეთენ – ჩვენც განვკვეთთ; და ვისაც ზიარებისაგან განაყენებენ – ჩვენც განვაყენებთ, ხოლო ვისაც განკანონებას უქვემდებარებენ, იმათ ჩვენც აგრეთვე ვუქვემდებარებთ; რამეთუ მესამე ცამდე აღყუანებული და მსმენელი გამოუთქმელი სიტყვიერებისა, საღმრთო მოციქული პავლე ნათლად ღაღადებს: „ვეცხლის უყუარულ იყვენით სახითა, კმა-გეყავნ, რომელი-იგი გაქუნდეს...“ (ებრ. 13.5).
ამასთანავე, ტრულის კრების პირველივე კანონში ვკითხულობთ: „ღვთისმეტყველის სიტყვისამებრ, ყოველი სიტყვის და ყოველი საქმის დაწყების საუკეთესო წესია ღმერთით დაწყება და ღმერთით განსრულება. ამის გამო ამჯერადაც, როცა ჩვენ მიერ ღვთისმსახურებაც უკვე აშკარად იქადაგება და ეკლესიაც, რომლის საფუძველიც ქრისტეა, განუწყვეტლივ იზრდება და იმდენად წარემატება, რომ ლიბანის ნაძვებზე უფრო მაღლაა აღმართული, დასაბამს ვუწოდებთ წმინდა სიტყვიერებას და ღვთის მადლით განვაჩინებთ: შეუხებლად იქნეს დაცული სიახლეების შემოღებებისა და ცვლილებებისაგან სარწმუნოება, რომელიც გადმოგვეცა თვითმხილველებისა და სიტყვისმსახურების, ღვთივრჩეულ მოციქულთაგან; ასევე სამას თვრამეტ წმინდა და ნეტარ მამისაგან, რომლებიც ნიკეაში ჩვენი მეფე კონსტანტინეს ზეობისას უკეთური არიოზის და მის მიერ გამოგონილი წარმართული უცხოღმერთიანობის, ანუ ჩვეული სიტყვით რომ ვთქვათ, მრავალღმერთიანობის გამო შეიკრიბნენ. ამ წმინდა მამებმა, რომლებსაც სარწმუნოების შესახებ საერთო ხედვა და აზრი ჰქონდათ, აგვიხსნეს და შეგვაგონეს სამ ჰიპოსტასში ღმერთმთავრობითი ბუნების ერთარსი და კი არ დაუშვეს, რომ დაფარული ყოფილიყო უმეცრების „ხვიმირსა ქუეშე“, არამედ ნათლად ასწავლეს მართლმორწმუნეთ მამისა და ძისა და სულიწმიდის თაყვანისცემა ერთიანი თაყვანისცემით; დაამხვეს და დაარღვიეს ცრუსწავლება ჰიპოსტასთა ღმრთეებრიობის არათანაბარი ღირსების შესახებ და მწვალებლების მიერ ქვიშისაგან ნაშენი მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ბავშვური ნაგებობა დაანგრიეს და გააცამტვერეს. ვიმარხავთ, ასევე ჩვენი მეფის, დიდი თეოდოსის ზეობისას ამ სამეფო ქალაქში შეკრებილი ას ორმოცდაათი წმინდა მამის მიერ ქადაგებულ რწმენის აღმსარებლობას, ვიზიარებთ მათ მიერ სულიწმიდაზე გამოთქმულ ღვთისმეტყველებას, ხოლო უწმინდურ მაკედონიოსს, ჭეშმარიტების სხვა უწინდელ მტრებთან ერთად, განვაგდებთ, რამეთუ შლეგური კადნიერებით მან მეუფე მონად მიიჩნია და თავხედურად ლამობდა ისე განეყო ერთიანი და განუყოფელი, რომ არ იქნებოდა აღსრულებული საიდუმლო ჩვენი სასოებისა. ამ საძაგელ და ჭეშმარიტების წინააღმდეგ მძვინვარე მაკედონიოსთან ერთად აპოლინარსაც ვკიცხავთ; იგი ბოროტებას ფარულად ატარებს და აღმოანთხია უწმინდურობა, თითქოს უფალმა სხეული მიიღო უსულო და უგონო, და ამ სახით შემოიტანა ასევე აზრი, თითქოს ცხონება ჩვენთვის არასრულყოფილად შესრულებულიყოს. ვაღიარებთ და ვიმარხავთ, აგრეთვე ჩვენი მეფე თეოდოსის, არკადის ძის, ზეობისას, პირველად ქალაქ ეფესოში შეკრებილი ორასი ღმერთშემოსილი მამის მიერ გადმოცემულ სწავლებას და ვითარცა ღვთისმოსაობის შეუმუსრავ უძლეველობას, ერთსულოვნებით ვამტკიცებთ; ერთ ქრისტე ძე ღვთისას და განკაცებულს ვქადაგებთ და მის უთესლოდ მშობელს, უმწიკვლო მარადქალწულს საკუთრივ და ჭეშმარიტ ღვთისმშობლად ვაღიარებთ; ხოლო ნესტორის უგუნურ გაყოფას, როგორც საღვთო განგებულებისაგან განშორებულს, – უარვყოფთ, რამეთუ ის ასწავლის, რომ ერთი ქრისტე არის ცალკე ადამიანი და ცალკე ღმერთი, და აღორძინებს იუდეველთა უსჯულოებას. მართლმადიდებლურად ვაღიარებთ, აგრეთვე, სამთავრო ქალაქ ქალკედონში ჩვენი მეფე მარკიანეს ზეობისას ექვსას ოცდაათი ღვთივრჩეული მამის მიერ ჩამოყალიბებულ რწმენის აღმსარებლობას, რომლითაც მთელ ქვეყნიერებას საზეიმოდ ეუწყა ერთი ქრისტე ძე ღვთისა, ორი ბუნებისაგან შემდგარი და ამ ორ ბუნებაში განდიდებული, ხოლო ამაოდმბრძნობი ევტიქი, რომელიც ამბობდა, რომ „საცხოვრებელი განგებულებაი საიდუმლოისაი“ შედგა მოჩვენებითად, როგორც რაღაც საზარელი და როგორც ჭირი, ამ კრებამ ეკლესიის წმინდა ზღუდეთაგან განთხია; მასთან ერთად ნესტორიცა და დიოსკორეც, რომელთაგან ერთი ქრისტეში ბუნების გაყოფის დამცველი და ქომაგი იყო, მეორე კი პირიქით – ბუნებათა შერევის, და რომლებიც უსჯულოების ურთიერთსაწინააღმდეგო ქვეყნებიდან უღმერთოებისა და წარსაწყმედელის ერთ უფსკრულში შთავარდნენ; კიდევ ამ სამეფო ქალაქში იუსტინიანეს ზეობისას – ნეტარი ხსოვნა ჩვენს მეფეს – შეკრებილი ას სამოცდახუთი ღმერთშემოსილი მამის ღვთისსათნო სიტყვებს ვცნობთ, როგორც სულიწმიდისაგან გამოთქმულთ, და ამ სიტყვებით შთამომავლობას ჩვენსას განვსწავლით. ამ მამებმა თეოდორე მომფსუესტელი, ნესტორის მასწავლებელი, ასევე ორიგენე, დიდიმე და ევაგრე ერთობლივად შეაჩვენეს და განიშორეს, რადგან იმათ ელინური ზღაპრები განაახლეს და წარმომავლობა და გადაქცევა ზოგიერთი სხეულისა და სულისა კვლავ სამარცხვინოდ წარმოგვიდგინეს სიზმრისეულ ოცნებებში მოხეტიალე გონებით, და მკვდრეთით აღდგომის წინააღმდეგ უსჯულოდ და უგუნურად გამოვიდნენ. ასეთივე ერთობით შეაჩვენეს და მოიძაგეს თეოდორიტეს მიერ მართალი სარწმუნოებისა და ნეტარი კირილეს თორმეტი თავის საწინააღმდეგოდ დაწერილი წერილი და ე. ი წ. იბას წერილი; ასევე ვალდებულებას ვიღებთ, უცვლელად დავიმარხოთ მეექვსე კრების დადგენილება, რომელიც ახლახან ამ სამეფო ქალაქში შედგა ჩვენი მეფე კონსტანტინეს ზეობისას – ნეტარი ხსოვნა მას. სარწმუნოების შესახებ ამ დადგენილებამ უაღრესი სიმტკიცე მიიღო, როცა ღვთისმოსავმა იმპერატორმა, რათა ყველა საუკუნეთა შინა სარწმუნო გაეხადა, იგი თავისი ბეჭდით დაამოწმა. ამ განჩინებამ ღვთისმიერი სიყვარულით განგვიმარტა, რომ ჩვენი ხსნისათვის განკაცებულ ერთ უფალში და ჭეშმარიტ ღმერთში ჩვენში იესო ქრისტეში, ორ ბუნებრივ სურვილს, ანუ ორ ნებას და ორ ბუნებრივ ქმედებას უნდა ვაღიარებდეთ. ისინი კი, რომელთაც ჭეშმარიტების ნამდვილი დოგმატი შერყვნეს და ჩვენს უფალ ღმერთში, იესუ ქრისტეში ერთი ნება და ერთი ქმედება უქადაგეს ხალხს, ამ კრებამ კეთილმსახურების სამართლით გაამტყუნა. ესენი იყვნენ თეოდორე (ეპისკოპოსი) ფარანელი, კვიროს ალექსანდრიელი, ჰონორე რომაელი, სერგი, პიროსი, პავლე, პეტრე, რომლებიც ამ ღვთივდაცულ ქალაქში წინამძღვრები იყვნენ; ანტიოქიის ეპისკოპოსი მაკარი, მისი მოწაფე სტეფანე და უგუნური პოლიქრონიოსი. ამგვარად, შეუცვლელად იქნა დაცული ჩვენი ქრისტე ღმერთის საერთო სხეული. მოკლე სიტყვით რომ ვთქვათ, ვადგენთ: სარწმუნოება ყველა იმ კაცთა, რომლებიც საღვთო ეკლესიაში გაბრწყინდნენ, მსოფლიო მნათობნი იყვნენ და ჰქონდათ სიტყუაი ცხორებისაი, უნდა შენარჩუნდება მტკიცედ, და ჰოი, ჰგიეს საუკუნეთა განსრულებამდე შეურყევლად მათ მიერ ღვთივმოცემულ წერილებსა და დოგმატებთან ერთად. უკუვაგდებთ და ანათემას გადავცემთ ყველას, ვისაც ისინი უკუაგდებენ და ანათემას გადასცემენ, როგორც ჭეშმარიტების მტრებს, ღმერთზე ამაოდ განლაღებულთ და უმართებულობის სიმაღლედ აღყვანების მოსურნეებს. ხოლო თუ ვინმე არ დაიმარხავს და არ შეიწყნარებს კეთილმსახურების ზემოთქმულ დოგმატებს, ვინც ასე არ აზროვნებს და ქადაგებს, არამედ გაკადნიერდება და ამათ საწინააღმდეგოდ წავა, დაე, შეჩვენებულ იყოს ზემოხსენებულ წმინდა და ნეტარი მამების აქამომდე დადგენილი განჩინებით, და ქრისტიანთა კრებულისაგან გარიცხული და გაძევებული, როგორც გარეშე. რამეთუ ჩვენ სავსებით ვეთანხმებით იმას, რაც უწინარეს არის განჩინებული და გადავწყვიტეთ, არცაღა მივუმატოთ მას, არცაღა მოვაკლოთ, და არცა შეგვეძლო სხვაგვარად“.
იმისთვის, რომ ეკლესიის საკანონმდებლო ხელისუფლებაში არსებითად იყოს გამოხატული სულიწმინის ნება, დაცული უნდა იყოს ორი განსაკუთრებული შეთანხმება, უფრო კონკრეტულად:
1. საკანონმდებლო ხელისუფლება მოქმედებდეს მთელი ეკლესიის სახელით, როგორც სხეული, რომელსაც სულიწმინდა აცოცხლებს;
2. ამ ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა იყვნენ სამღვდელო საიდუმლოების მადლის მქონენი, მღვდელმსახურები, ეპისკოპოსები, რომლებსაც განსაკუთრებული მადლმოსილებითი კავშირი აქვთ უფალთან.
ამ შეთანხმების დაცვას მნიშვნელობა აქვს თავად საეკლესიო კანონებისთვის და საეკლესიო კანონმდებლები თავიანთ დადგენილებებში გამოხატავენ და ამბობენ, რომ სულიწმიდის მადლით და მისი სახელით მოქმედებს საეკლესიო კანონმდებლობა.
საეკლესიო კანონმდებლობის ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო უფლებამოსილება, რომელიც მთელ ეკლესიაზე განივრცობა, არ შეიძლება ეკუთვნოდეს ერთ პიროვნებას, თუნდაც ის ტიტულით უპირატესი ეპისკოპოსი იყოს, რადგან არავინაა ხილული პიროვნული თავი ეკლესიისა. არსებითად მართლმადიდებლური საეკლესიო სწავლების მიხედვით, არც ერთ პიროვნებას არ შეუძლია თავისთავად იმდენად მაღლა დადგეს ეკლესიაზე, რომ მას მიეწეროს ყველა საეკლესიო კანონის ავტორობა, არავის შეუძლია, რომ იყოს იმდენად წმინდა, რომ გამოსცეს ეკლესიისთვის მისი სიწმინდის შესატყვისი კანონები და იყვნენ აღმატებული იმ საგნებზე, რომელსაც ისინი ეხებიან. „შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, რომ ღმერთი ჩვენგან მხოლოდ ერთ რომელიმეს შთააგონებს სამართლიანად განსჯას და არ მისცემს მას კრებაზე შეკრებილ მრავალრიცხოვან სასულიერო დასს?“ – წერს თავის ეპისტოლეში კართაგენის კრება, ამიტომ ეკლესიაში საკანონმდებლო უფლება ეკუთვნის კრებსით მმართველობას, რომელსაც ეკლესიის დამაარსებელმა აღუთქვა თავისი დახმარება მათთან ყოფნით, როდესაც მისი სახელით იმოქმედებენ. აქედან გამომდინარე, ადრეული პერიოდიდანვე ეკლესიაში კანონად, წესად იყო დადგენილი ყოველ წელს მოწვეულიყო საეკლესიო კრება ეპისკოპოსებისა, რათა განესაჯათ და ემსჯელათ საერთო საეკლესიო საკითხებზე და ასე ემართათ ყველა საეკლესიო საქმე, რომელიც ეხებოდა ეკლესიის ცხოვრებას, და გამოეცათ კანონები, რათა ყველაფერი წარმართულიყო ეკლესიის დამაარსებლის ნების მიხედვით. საეკლესიო კრებების მოწვევის შესახებ დადგენილებები ეკლესიაში ყოველთვის მიიჩნეოდა საღვთო სამართლის დადგენილებად, და ამას ხშირად იმეორებდნენ, როგორც მსოფლიო, ისე ადგილობრივი კრებები. მოციქულთა 37-ე კანონი: „ეპისკოპოსთა კრება უნდა შედგეს წელიწადში ორჯერ და ერთმანეთს უნდა შეესატყვისებოდეს კეთილმსახურების სჯულნი (ღვთისმოსაობის დოგმატები) და გადაწყდეს კრებაზე წამოყენებული საეკლესიო სადავო საკითხები: ერთხელ (კრება უნდა შედგეს) სულიწმიდის მოფენის დღესასწაულის დღეებში, მეოთხე კვირაში, ხოლო მეორედ – სექტემბრის თვის მეთორმეტე დღეს“.
პირველი მსოფლიო კრების მე-5 კანონი ადგენს: „მათზე, ვინც თითოეული სამთავროს ეპისკოპოსის მიერ დასჯილია უზიარებლობით, გინდ სამღვდელო, გინდ საერო პირი იყოს, დაცული უნდა იყოს განწესებული კანონი, რომელიც ამბობს, რომ ერთი ეპისკოპოსის მიერ განდევნილი არ უნდა შეიწყნაროს სხვა ეპისკოპოსმა. უნდა გამოიძიონ, ეს სასჯელი ხომ არ დაადეს ეპისკოპოსის სულმოკლეობის, მღელვარე ბუნების ან რაიმე მსგავსი უსახურობის გამო. ამ საქმის ჯეროვნად შესასწავლად კრებას სათანადოდ მიაჩნია, რომ თითოეულ სამთავროში წელიწადში ორჯერ ჩატარდეს ეპისკოპოსთა კრება, რომ ასეთი სადავო საქმე მთელი სამთავროს ეპისკოპოსთა საერთო შეკრებაზე განიხილონ. ამგვარად, საჯაროდ და სამართლიანად, ყველას მხარდაჭერით დამტკიცდეს საკუთარი ეპისკოპოსის დაუმორჩილებელთა უზიარებლობით დასჯა იმ დრომდე, ვიდრე ეპისკოპოსთა კრება საჭიროდ არ მიიჩნევს მათთვის უფრო კაცთმოყვარული განაჩენი დამტკიცებას. ხოლო კრებები იყოს ერთი მარხვამდე, რომ ყოველგვარი სულმოკლეობის აღკვეთით განწმენდილი მსხვერპლი შეეწიროს ღმერთს, ხოლო მეორე − რთვლის დროს“.
მეოთხე მსოფლიო კრება მე-19 კანონით ადგენს: „ჩვენს ყურამდე მოაღწია ამბავმა, რომ კანონთა მიერ განწესებული კრებები არ ტარდება სამთავროებში, რის გამოც მრავალი საეკლესიო საქმის სათანადოდ გასწორება უგულებელყოფილია. წმინდა კრებამ დაადგინა, რომ წმინდა მამების კანონისამებრ, წელიწადში ორჯერ უნდა შეიკრიბონ სამთავროს ეპისკოპოსები, სადაც მიტროპოლიტი ინებებს, და განიხილონ შემოსული საკითხი. ხოლო ეპისკოპოსებს, რომლებიც კრებაზე არ გამოცხადდებიან, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის თავიანთ ქალაქებში იქნებიან, სრულიად ჯანმრთელნი და ყოველგვარი აუცილებელი და გადაუდებელი საქმეებისაგან თავისუფალნი, ძმური სიყვარულით საყვედური გამოეცხადოთ“.
ტრულის კრების მე-8 კანონი ადგენს: „ჩვენი წმინდა მამების მიერ მიღებული ყველა დადგენილების დამტკიცება გსურს ჩვენც. ამიტომ განვაახლებთ კანონს, რომელიც ამბობს, რომ ყოველ წელიწადს იყოს თითოეული სამთავროს ეპისკოპოსთა კრება იქ, სადაც დაადგენს დედაქალაქის ეპისკოპოსი (მიტროპოლიტი).
ხოლო რადგან ბარბაროსთა შემოსევის გამო ან სხვა რაიმე მიზეზით ეკლესიის წინამძღვრისათვის შეუძლებელი ჩანს წელიწადში ორჯერ შეკრება, მიგვაჩნია, რომ ყველა სამთავროში ყოველ მიზეზგარეშე წელიწადში ერთხელ მოწვეული იყოს წლის განმავლობაში წამოჭრილი მიმდინარე საეკლესიო საკითხების გამო ეპისკოპოსთა კრება აღდგომის წმინდა დღესასწაულიდან ოქტომბრის თვის ბოლომდე, იმ ადგილას, რომელსაც დედაქალაქის ეპისკოპოსი აირჩევს, როგორც ზემოთ ითქვა.
ხოლო ეპისკოპოსები, რომლებიც დარჩებიან თავიანთ ქალაქში ჯანმრთელნი და რაიმე გვერდის აუვლელი და აუცილებელი საქმისგან თავისუფალნი, და არ მოვლენ კრებაზე, სხვა ეპისკოპოსთა ძმური მხილებით გაიკიცხონ“.
მეშვიდე მსოფლიო კრების მე-6 კანონი: „ადგილობრივი კრებების ყოველწლიურად შეკრების შესახებ. თუმცა არსებობს კანონი, რომელიც ამბობს, რომ წელიწადში ორჯერ არის საჭირო თითოეული სამთავროს ეპისკოპოსთა შეკრება კანონებრივი ძიებისათვის, მაგრამ მეექვსე კრების წმინდა მამებმა ეპისკოპოსების მგზავრობასთან დაკავშირებული გაჭირვებისა და სიძნელის გამო დაადგინეს, რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე წელიწადში ერთხელ აუცილებლად შედგეს ადგილობრივი კრება, რომელიც გამოასწორებს არსებულ შემთხვევებს. ამ კანონის ჩვენც განვაახლებთ, და თუ ვინმე შეაფერხებს მას, დაისაჯოს უზიარებლობით. თუ მიტროპოლიტი არად ააგდებს ამას გაჭირვების, იძულებისა და ნამდვილი მიზეზის გარეშე, იგი დაექვემდებარება კანონებრივ სასჯელს.
როდესაც კრება შედგება კანონებრივ და სახარების საქმეთა თაობაზე, მაშინ შეკრებილმა ეპისკოპოსებმა უნდა გამოიჩინონ ზრუნვა ღმრთის ცხოველმყოფელ მცნებათა შენარჩუნებისათვის, რადგან „ამათი დაცვით ბევრს მოიგებ“ (ფს. 18, 12), და „მცნება არის სანთელი, სჯული არის სინათლე, ცხოვრების გზა კი არის სწავლა და მხილება“ (იგავ. 6, 23), და „უფლის მცნება ბრწყინვალეა და თვალთა განმანათლებელი“ (ფს. 18, 9). მიტროპოლიტს არა აქვს უფლება, ეპისკოპოსს ჩამოართვას საკუთარი ოთხფეხი ან სხვა რამ. თუ იგი ამაში იქნება მხილებული, ვალდებულია, ოთხმაგად გადაუხადოს“.
ანტიოქიის კრების მე-20 კანონი ადგენს: „საეკლესიო საჭიროებისა და სადავო საქმეთა გადაწყვეტისათვის სათანადოდ მიიჩნია კრებამ, რომ თითოეულ სამთავროში წელიწადში ორჯერ ეპისკოპოსთა კრება მოიწვიონ. ერთხელ – აღდგომის დღესასწაულის მესამე შვიდეულიდან ორმოცდამეათე დღის მეოთხე კვირამდე უნდა შეიკრიბონ ეპისკოპოსები დედაქალაქში, ხოლო მეორე კრება უნდა იყოს ოქტომბრის დღეებში („რომელ არს მეათე ჳპერვერეტოჲსაჲ“). ამ კრებებს უნდა ესწრებოდნენ მღვდლები, დიაკვნები და ყველა, ვინც თავს დაჩაგრულად მიიჩნევს. კრებაზე უნდა განიხილონ მათი საქმე და მისცენ დამაჯერებელი პასუხი. არ შეიძლება, ვინმემ თვითნებურად მოიწვიოს კრება. ამის უფლება აქვს მხოლოდ მიტროპოლიტს“.
ძირითად საეკლესიო კანონებზე დაყრდნობით, ადგილობრივადაც შეიძლება კანონები გამოსცეს ცალკეულმა ეპისკოპოსებმა მათდამი რწმუნებულ ეკლესიებში; მაგრამ ეს კანონები მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებულ კანონებს უნდა ეთანხმებოდეს, მცირედითაც არ უნდა სცდებოდეს ძირითად საეკლესიო კანონმდებლობას. ეპისკოპოსთა საკანონმდებლო უფლებამოსილება განისაზღვრება კანონებით, რომელიც მსოფლიო კრებებზეა მიღებული.
საყოველთაო საეკლესიო კანონმდებლობა
საყოველთაო კანონმდებლობაში იგულისხმება კანონები, რომელიც გამოიცემა უმაღლესი საეკლესიო მმართველობის მიერ. იგი ყველა ეკლესიის წევრისთვის სავალდებულოა. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, როდესაც ვამბობთ საყოველთაო კანონმდებლობას უნდა ვარჩევდეთ ძველ საყოველთაო კანონმდებლობას, ახალი კანონმდებლობებისგან, ანუ მსოფლიო კრებების დროს განვითარებულ საეკლესიო კანონმდებლობას მისგან დღემდე განვითარებულ კანონთა წარმოებისგან.
მრწამსისა და მართლმადიდებლელი სწავლების ძირითადი კანონები, ასევე საეკლესიო მართვის შესახებ შედგენილი, მიღებული და დადგენილია თავად ქრისტეს სწავლების საფუძველზე, რასაც, თავის მხრივ, ეფუძნება მოციქულთა და მსოფლიო კრებათა მიერ მიღებული კანონები. მათი შეცვლა ან გაუქმება არავის ძალუძს – მათ ყველა უნდა აღიარებდეს აუცილებელ კანონებად ყველა დროში. ამის შესახებ მესამე მსოფლიო კრების მე-7 კანონი ადგენს: „არავის აქვს უფლება, შემოიღოს სხვა სარწმუნოება გარდა იმისა, რომელიც დადგენილია ნიკეის I მსოფლიო კრების მიერ. ვინც გაბედავს უკეთური სარწმუნოების, ანუ მრწამსის შემოღებას, ჭეშმარიტი ცოდნის გადაქცევას ელინობად ან იუდევლობად, ან სხვა რომელიმე მწვალებლობად, მათ, თუ ეპისკოპოსები ან სასულიერონი იქნებიან, ჩამოერთვათ ეპისკოპოსობა, თუ ერისკაცნი – შეჩვენდნენ. ასევე უნდა მოექცნენ იმ ეპისკოპოსებს, სხვა სასულიერო პირებსა და ერისკაცებს, რომლებიც ან ირწმუნებენ, ან ასწავლიან ნესტორის ბილწ სჯულსა და მოძღვრებას, გადმოცემულს ხარსი ხუცესის მიერ კრებისადმი მირთმეულ აღწერილში, ღმრთის მხოლოდშობილი ძის განკაცების შესახებ. ასეთი ეპისკოპოსები უნდა განიკვეთონ და მათ უნდა ჩამოერთვათ ეპისკოპოსობა, ხოლო ერისკაცნი უნდა შეჩვენდნენ“.
მეოთხე მსოფლიო კრების პირველი კანონი ამტკიცებს: „დავადგინეთ წმინდა მამების მიერ დღემდე თითოეულ კრებაზე დამტკიცებული კანონების მტკიცედ დაცვა“.
ტრულის კრების პირველი და მეორე კანონები შეგვაგონებს: „ღვთისმეტყველის სიტყვისამებრ, ყოველი სიტყვის და ყოველი საქმის დაწყების საუკეთესო წესია ღმერთით დაწყება და ღმერთით განსრულება. ამის გამო, ამჯერადაც, როცა ჩვენ მიერ ღვთისმსახურებაც უკვე აშკარად იქადაგება და ეკლესიაც, რომლის საფუძველიც ქრისტეა, განუწყვეტლივ იზრდება და იმდენად წარემატება, რომ ლიბანის ნაძვებზე უფრო მაღლაა აღმართული, დასაბამს ვუწოდებთ წმინდა სიტყვიერებას და ღვთის მადლით განვაჩინებთ: შეუხებლად იქნეს დაცული სიახლეების შემოღებებისა და ცვლილებებისაგან სარწმუნოება, რომელიც გადმოგვეცა თვითმხილველებისა და სიტყვისმსახურების ღვთივრჩეულ მოციქულთაგან; ასევე, სამას თვრამეტ წმინდა და ნეტარ მამისაგან, რომლებიც ნიკეაში ჩვენი მეფე კონსტანტინეს ზეობისას უკეთური არიოზის და მის მიერ გამოგონილი წარმართული უცხოღმერთიანობის, ანუ ჩვეული სიტყვით რომ ვთქვათ, მრავალღმერთიანობის გამო შეიკრიბნენ. ამ წმინდა მამებმა, რომლებსაც სარწმუნოების შესახებ საერთო ხედვა და აზრი ჰქონდათ, აგვიხსნეს და შეგვაგონეს სამ ჰიპოსტასში ღმერთმთავრობითი ბუნების ერთარსი და კი არ დაუშვეს, რომ დაფარული ყოფილიყო უმეცრების „ხვიმირსა ქუეშე“, არამედ ნათლად ასწავლეს მართლმორწმუნეთ მამისა და ძისა და სულიწმიდის თაყვანისცემა ერთიანი თაყვანისცემით; დაამხვეს და დაარღვიეს ცრუსწავლება ჰიპოსტასთა ღმრთეებრიობის არათანაბარი ღირსების შესახებ და მწვალებლების მიერ ქვიშისაგან ნაშენი მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ბავშვური ნაგებობა დაანგრიეს და გააცამტვერეს. ვიმარხავთ, ასევე, ჩვენი მეფის, დიდი თეოდოსის ზეობისას ამ სამეფო ქალაქში შეკრებილი ას ორმოცდაათი წმინდა მამის მიერ ქადაგებულ რწმენის აღმსარებლობას, ვიზიარებთ მათ მიერ სულიწმიდაზე გამოთქმულ ღვთისმეტყველებას, ხოლო უწმინდურ მაკედონიოსს, ჭეშმარიტების სხვა უწინდელ მტრებთან ერთად, განვაგდებთ, რამეთუ შლეგური კადნიერებით მან მეუფე მონად მიიჩნია და თავხედურად ლამობდა ისე განეყო ერთიანი და განუყოფელი, რომ არ იქნებოდა აღსრულებული საიდუმლო ჩვენი სასოებისა. ამ საძაგელ და ჭეშმარიტების წინააღმდეგ მძვინვარე მაკედონიოსთან ერთად აპოლინარსაც ვკიცხავთ; იგი ბოროტებას ფარულად ატარებს და აღმოანთხია უწმინდურობა, თითქოს უფალმა სხეული მიიღო უსულო და უგონო, და ამ სახით შემოიტანა ასევე აზრი, თითქოს ცხონება ჩვენთვის არასრულყოფილად შესრულებულიყოს. ვაღიარებთ და ვიმარხავთ, აგრეთვე, ჩვენი მეფე თეოდოსის, არკადის ძის, ზეობისას, პირველად ქალაქ ეფესოში შეკრებილი ორასი ღმერთშემოსილი მამის მიერ გადმოცემულ სწავლებას და ვითარცა ღვთისმოსაობის შეუმუსრავ უძლეველობას, ერთსულოვნებით ვამტკიცებთ; ერთ ქრისტე ძე ღვთისას და განკაცებულს ვქადაგებთ და მის უთესლოდ მშობელს, უმწიკვლო მარადქალწულს საკუთრივ და ჭეშმარიტ ღვთისმშობლად ვაღიარებთ; ხოლო ნესტორის უგუნურ გაყოფას, როგორც საღვთო განგებულებისაგან განშორებულს, – უარვყოფთ, რამეთუ ის ასწავლის, რომ ერთი ქრისტე არის ცალკე ადამიანი და ცალკე ღმერთი, და აღორძინებს იუდეველთა უსჯულოებას. მართლმადიდებლურად ვაღიარებთ, აგრეთვე, სამთავრო ქალაქ ქალკედონში ჩვენი მეფე მარკიანეს ზეობისას ექვსას ოცდაათი ღვთივრჩეული მამის მიერ ჩამოყალიბებულ რწმენის აღმსარებლობას, რომლითაც მთელ ქვეყნიერებას საზეიმოდ ეუწყა ერთი ქრისტე ძე ღვთისა, ორი ბუნებისაგან შემდგარი და ამ ორ ბუნებაში განდიდებული, ხოლო ამაოდმბრძნობი ევტიქი, რომელიც ამბობდა, რომ „საცხოვრებელი განგებულებაი საიდუმლოისაი“ შედგა მოჩვენებითად, როგორც რაღაც საზარელი და როგორც ჭირი, ამ კრებამ ეკლესიის წმინდა ზღუდეთაგან განთხია; მასთან ერთად ნესტორიცა და დიოსკორეც, რომელთაგან ერთი ქრისტეში ბუნების გაყოფის დამცველი და ქომაგი იყო, მეორე კი პირიქით – ბუნებათა შერევის, და რომლებიც უსჯულოების ურთიერთსაწინააღმდეგო ქვეყნებიდან უღმერთოებისა და წარსაწყმედლის ერთ უფსკრულში შთავარდნენ; კიდევ ამ სამეფო ქალაქში იუსტინიანეს ზეობისას – ნეტარი ხსოვნა ჩვენს მეფეს – შეკრებილი ას სამოცდახუთი ღმერთშემოსილი მამის ღვთისსათნო სიტყვებს ვცნობთ, როგორც სულიწმიდისაგან გამოთქმულთ, და ამ სიტყვებით შთამომავლობას ჩვენსას განვსწავლით. ამ მამებმა თეოდორე მომფსუესტელი, ნესტორის მასწავლებელი, ასევე, ორიგენე, დიდიმე და ევაგრე ერთობლივად შეაჩვენეს და განიშორეს, რადგან იმათ ელინური ზღაპრები განაახლეს და წარმომავლობა და გადაქცევა ზოგიერთი სხეულისა და სულისა კვლავ სამარცხვინოდ წარმოგვიდგინეს სიზმრისეულ ოცნებებში მოხეტიალე გონებით, და მკვდრეთით აღდგომის წინააღმდეგ უსჯულოდ და უგუნურად გამოვიდნენ. ასეთივე ერთობით შეაჩვენეს და მოიძაგეს თეოდორიტეს მიერ მართალი სარწმუნოებისა და ნეტარი კირილეს თორმეტი თავის საწინააღმდეგოდ დაწერილი წერილი და ეგრეთ წოდებული იბას წერილი; ასევე ვალდებულებას ვიღებთ, უცვლელად დავიმარხოთ მეექვსე კრების დადგენილება, რომელიც ახლახან ამ სამეფო ქალაქში შედგა ჩვენი მეფე კონსტანტინეს ზეობისას – ნეტარი ხსოვნა მას. სარწმუნოების შესახებ ამ დადგენილებამ, უაღრესი სიმტკიცე მიიღო, როცა ღვთისმოსავმა იმპერატორმა, რათა ყველა საუკუნეთა შინა სარწმუნო გაეხადა, იგი თავისი ბეჭდით დაამოწმა. ამ განჩინებამ ღვთისმიერი სიყვარულით განგვიმარტა, რომ ჩვენი ხსნისათვის განკაცებულ ერთ უფალში და ჭეშმარიტ ღმერთში ჩვენში იესო ქრისტეში, ორ ბუნებრივ სურვილს, ანუ ორ ნებას და ორ ბუნებრივ ქმედებას უნდა ვაღიარებდეთ. ისინი კი, რომელთაც ჭეშმარიტების ნამდვილი დოგმატი შერყვნეს და ჩვენს უფალ ღმერთში, იესუ ქრისტეში ერთი ნება და ერთი ქმედება უქადაგეს ხალხს, ამ კრებამ კეთილმსახურების სამართლით გაამტყუნა. ესენი იყვნენ თეოდორე (ეპისკოპოსი) ფარანელი, კვიროს ალექსანდრიელი, ჰონორე რომაელი, სერგი, პიროსი, პავლე, პეტრე, რომლებიც ამ ღვთივდაცულ ქალაქში წინამძღვრები იყვნენ; ანტიოქიის ეპისკოპოსი მაკარი, მისი მოწაფე სტეფანე და უგუნური პოლიქრონიოსი. ამგვარად, შეუცვლელად იქნა დაცული ჩვენი ქრისტე ღმერთის საერთო სხეული. მოკლე სიტყვით რომ ვთქვათ, ვადგენთ: სარწმუნოება ყველა იმ კაცთა, რომლებიც საღვთო ეკლესიაში გაბრწყინდნენ, მსოფლიო მნათობნი იყვნენ და ჰქონდათ სიტყუაი ცხო რებისაი უნდა შენარჩუნდეს მტკიცედ, და ჰოი, ჰგიეს საუკუნეთა განსრულებამდე შეურყევლად მათ მიერ ღვთივმოცემულ წერილებსა და დოგმატებთან ერთად. უკუვაგდებთ და ანათემას გადავცემთ ყველას, ვისაც ისინი უკუაგდებენ და ანათემას გადასცემენ, როგორც ჭეშმარიტების მტრებს, ღმერთზე ამაოდ განლაღებულთ და უმართებულობის სიმაღლედ აღყვანების მოსურნეებს. ხოლო თუ ვინმე არ დაიმარხავს და არ შეიწყნარებს კეთილმსახურების ზემოთქმულ დოგმატებს, ვინც ასე არ აზროვნებს და ქადაგებს, არამედ გაკადნიერდება და ამათ საწინააღმდეგოდ წავა, დე, შეჩვენებულ იყოს ზემოხსენებულ წმინდა და ნეტარი მამების აქამომდე დადგენილი განჩინებით, და ქრისტიანთა კრებულისაგან გარიცხული და გაძევებული, როგორც გარეშე. რამეთუ ჩვენ სასვებით ვეთანხმებით იმას, რაც უწინარეს არის განჩინებული და გადავწყვიტეთ, არცაღა მივუმატოთ მას, არცაღა მოვაკლოთ, და არცა შეგვეძლო სხვაგვარად“; „ბრწყინვალედ და უაღრესად ყურადღების ღირსად მიიჩნია ამ წმინდა კრებულმა ისიც, რომ ამიერიდან სულის საკურნებლად და ვნებათა დასაცხრომად მტკიცედ და ურღვევად რჩება ჩვენი წინამორბედი წმინდა და ნეტარი მამების მიერ შეწყნარებული და დამტკიცებული, და მათ მიერ ჩვენთვის წმინდა და დიდებულ მოციქულთა სახელით გადმოცემული ოთხმოცდახუთი კანონი. ამ კანონებით გვემცნო, რომ კლიმენტის მიერ გადმოცემული წმინდა მოციქულთა განწესებანი შეგვეწყნარებინა, მაგრამ რადგანაც კლიმენტისეულ დადგენილებებში ოდესღაც მწვალებლებმა ეკლესიისათვის საზიანოდ შეიტანეს სიყალბე და კეთილმსახურებისათვის უცხო, და ნათელი დაუჩრდილეს საღვთო სწავლების კეთილმშვენიერ სილამაზეს, ამიტომ ქრისტიანული სამწყსოს შეგონებისა და მფარველობის მიზნით, კლიმენტის მიერ გადმოცემული ეს დადგენილებანი ღვთივბრძნობით გვერდზე გადავდეთ, რათა არასგზით დაგვეშვა მწვალებლური ცრუსიტყვიერების გავრცობა და მათი შერევა მოციქულთა წმინდა და სრულყოფილ სწავლებასთან. ერთსულოვნებით ვბეჭდავთ ყველა სხვა წმინდა განწესებებსაც დადგენილთ ჩვენი წმინდა და ნეტარი მამების მიერ, ესენია: ნიკეაში შეკრებილ სამას თვრამეტი მამისაგან მოცემული; ასევე, ანკვირიაში, ნეოკესარიაში, აგრეთვე ღანგრაში, ასურეთის ანტიოქიაში, ფრიგიის ლაოდიკიაში შეკრებილთაგან; ამათ გარდა, ამ ღვთივდაცულ და სამეფო ქალაქში შეკრებილ ას ორმოცდაათი მამისაგან, და სამთავრო ქალაქ ეფესოში პირველად შეკრებილ ორასი და ქალკედონში შეკრებილ ექვსასი მამისაგან მოცემული; ასევე ვიწყნარებთ და ვამტკიცებთ კანონებს მიღებულთ სარდიკიაში და კართაგენში და კვლავ ამ ღვთივდაცულ სამეფო ქალაქში კონსტანტინეპოლის საყდრისმპყრობელ ნეკტარიოსის დროს; ამათ გარდა განწესებებს დადგენილთ: ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს თეოფილეს, დიონისე ალექსანდრიელს, მთავარეპისკოპოსისა და მოწამის პეტრე ალექსანდრიელის, ნეოკესარიელ ეპისკოპოს გრიგოლ სასწაულმოქმედის, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს ათანასეს, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოს ბასილის, ეპისკოპოს გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, ამფილოქე იკონიელის, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს ტიმოთე პირველის, ამავე ქალაქ ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს თეოფილეს, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს კირილეს და ამ ღვთივდაცულ სამეფო ქალაქის პატრიარქ გენადის მიერ; აგრეთვე აფრიკის ქვეყნების მთავარეპისკოპოსისა და მოწამის კვიპრიანესაგან და მასთან ერთად შეკრებილ მამათაგან დასხმულ კანონს, რომელთა განწესებაც მხოლოდ ხსენებულ წინამძღვრისადმი დაქვემდებარებულ ადგილებში იყო შენარჩუნებული მათი ჩვეულების შესაბამისად. ნუმცა მიეცეს ვინმეს ნება ზემოაღნიშნული კანონების შეცვლის, ან უარყოფის, ან წინამდებარე კანონთა ნაცვლად, სხვა კანონების შეწყნარებისა, ცრუ სახელით დაწერილისა ზოგიერთი ადამიანის მიერ, რომელთაც ეყოთ კადნიერება, ჭეშმარიტებით ევაჭრათ. ხოლო იმ პირს, რომელიც დასახელებული კანონების შეცვლასა და გაუკუღმართებაში იმხილება, ისეთი ეპიტიმია უნდა დაედოს, როგორსაც მის მიერ დარღვეული კანონი განაჩინებს და ამ გზით განიკურნოს იმისგან, რაშიაც შესცოდა“.
ამავე საკითხს მოიცავს მეშვიდე მსოფლიო კრების პირველი კანონი: „საღმრთო კანონების დაცვა აუცილებელია. სამღვდელო განწესებანი და წმინდა კანონები წარმოადგენენ დამოწმებასა და გზამკვლევს მათთვის, ვინც სამღვდელო პატივის წილხვდომილია. მათ სიხარულით შევიწყნარებთ ჩვენც, დავით წინასწარმეტყველთან ერთად ვუგალობთ ღმერთს: „გზასა წამებათა შენთასა განვცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა“ (ფს. 118, 14), „ამცენ სიმართლე წამებათა შენთაჲ... სიმართლით არიან განკითხვანი შენნი უკუნისამდე, გულისხმა-მიყავ და ვცხოვნდე“ (ფს. 118, 138, 144). მისი ხმა მოგვიწოდებს, უკუნისამდე დავიცვათ ღვთის მცნებანი, ვიცხოვროთ მათ შესაბამისად და ამით ხსნა მოვიპოვოთ, რადგან ისინი უცვლელნი და შეურყეველნი არიან. ღმრთის მხილველი დიდი მოსეც ასე ამბობს: „...არა დააკლო, არცაღა შეჰმატო მათ [ღმრთის მცნებებს]“ (2 სჯ. 12, 32); საღმრთო მოციქული [პავლე] მცნებებით დაქადებისას, ღაღადყოფს: „...დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ, გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!“ (გალ. 1, 8). ეს უკვე ასეა ნამცნები ჩვენთვის. გავიხაროთ ამით, როგორც დიდძალი მონაგარი მოგვეხვეჭოს. საღმრთო სჯული შევიწყნაროთ, და სრულიად და შეურყევლად დავიმარხოთ სჯულისმიერი განწესებანი დასხმულნი სულიწმიდის საყვირთა – ყოვლადსადიდებელ მოციქულთა – მიერ და ექვსი წმიდა მსოფლიო კრების მიერ, და ასეთივე განწესებების მისაღებად შეკრებილ ადგილობრივი კრებებისა და ჩვენი წმიდა მამების მიერ; რადგან ყველა ისინი ერთისა და იმავე სულიწმიდისაგან იყვნენ განათლებულნი და სასარგებლო დააკანონეს. ვისაც ისინი შეაჩვენებენ, იმათ ჩვენც შევაჩვენებთ; ვისაც ისინი განკვეთენ – ჩვენც განვკვეთთ; და ვისაც ზიარებისაგან განაყენებენ – ჩვენც განვაყენებთ, ხოლო ვისაც განკანონებას უქვემდებარებენ, იმათ ჩვენც აგრეთვე ვუქვემდებარებთ; რამეთუ მესამე ცამდე აღყუანებული და მსმენელი გამოუთქმელი სიტყვიერებისა, საღმრთო მოციქული პავლე ნათლად ღაღადებს: „ვეცხლის უყუარულ იყვენით სახითა, კმა-გეყავნ, რომელი-იგი გაქუნდეს...“ (ებრ. 13, 5).
ჩამოთვლილ კანონთა თანახმად, თავისი საკანონმდებლო უფლებამოსილების განვითარებისას ეკლესიამ აუცილებლად დაუზიანებლად, შეუცვლელად, სიწმინდით და ერთობით უნდა შეინარჩუნოს მსოფლიო კრებებზე დამტკიცებული ძირითადი კანონები, გადმოცემული სიგელებსა და დეკლარაციებში, რომელიც მიღებულია მსოფლიო კრებებზე. ყველა შემდგომ პერიოდში ადგილობრივ ეკლესიებს დროის და გარემოების გათვალისწინებით შეუძლიათ მიიღონ კანონი, მაგრამ ის აუცილებლად უნდა ამოდიოდეს და სრულად უნდა თანხვდებოდეს ძირითად საყოველთაო კანონმდებლობას.
მოციქულთა 77-ე კანონი ადგენს: „თუ ვინმეს თვალთ აკლდეს, ან ფეხები ჰქონდეს დაზიანებული, მაგრამ ეპისკოპოსობის ღირსი იყოს, გახდეს ეპისკოპოსი, რადგან კაცს მიწიანად აქცევს არა ხორციელი ნაკლი, არამედ სულის ჭუჭყი“.
ამ საკითხსავე ეხება პირველი მსოფლიო კრების მე-20 კანონი: „ზოგიერთები კვირასაც და სულიწმიდის მოფენის დღეებში მოიდრეკენ მუხლს. დაცული იყოს ყველა ეკლესიაში, როგორც წმინდა კრების დადგენილება, რომ ამ დღეებში ფეხზე მდგომელნი მისცემდნენ თავის ლოცვას ღმერთს“.
წმ. ბასილი დიდი განაწესებს: „მმარხველებს (ენკრატიტებს), ძაძით მოსილებს (საკოფორებს) და განყენებულებს (აპოტაქტიტებს) იგივე განსჯა მიესადაგებათ, რაც ნავატიანებს, რადგან ზოგი ამათგანის შესახებ გამოტანილია სხვადასხვა დადგენილება, ხოლო ზოგის შესახებ კანონი არაფერს გვეუბნება. ჩვენ კი ერთნაირად მეორედ ნათელ-ვსცემთ მათ. თუ თქვენ მიერ უგულებელყოფილი იქნება, რომაელების მსგავსად, მათი მეორედ ნათლისცემა რაღაც კეთილგანზრახვით, ჩვენს სიტყვას მათი ნათლისღების არად შერაცხვის შესახებ მაინც უნდა ჰქონდეს ძალა, რადგან მათი ერესი მარკიონიტთა განაყოფი არის და მათ სძულთ ქორწინება, უარყოფენ ღვინოს და ღმრთისგან შექმნილს ბილწად და არაწმინდად მიიჩნევენ. ამიტომ არ შევიწყნარებთ მათ ეკლესიაში, თუ არ მოინათლებიან ჩვენი ნათლისღებით. მათ არ უნდა თქვან, რომ ნათელ-იღეს მამისა, ძისა და სულიწმიდის მიმართ, რადგან მარკიონისა და სხვა მწვალებლების მსგავსად ღმერთს ბოროტების გამჩენის სახელს არქმევენ. მაშ ასე, თუ საჭირო არის, ეპისკოპოსთა უმრავლესობა უნდა შეიკრიბოს და დადგინდეს კანონი, რომ მოქმედიც დაზღვეული იყოს და ვისაც ეკითხებიან და პასუხს აძლევს, მასაც ჰქონდეს სარწმუნო პასუხი შეკითხვაზე“.
სხვა კანონებთან მიმართებით, რომლებიც ეხება ეკლესიის შიდა ცხოვრებას და არ აქვთ შეხება ეკლესიის დაარსების საფუძველთან, მის არსთან, დოგმატურ სწავლებასთან, ძირითად მოწყობასა და მის მართვასთან, საეკლესიო კანონმდებლობის მოქმედება საკმაოდ თავისუფალია, შემოიზღუდება მხოლოდ საერთო საეკლესიო საწყისებით და საეკლესიო სამართლის სულისკვეთებით.
საერთო საყოველთაო კანონმდებლობა იქმნება ან მსოფლიო კრებების მიერ, ან ავტოკეფალიურ ეკლესიათა შორის წერილობითი გზავნილების საშუალებით.
მსოფლიო კრებები
უმაღლესი საკონონმდებლო უფლებამოსილება ეკლესიაში ეკუთვნის მსოფლიო კრებებს. მსოფლიოდ იწოდება ყველა მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიათა მაღალიერაქთა კრება. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მთელ ეკლესიას ეხება – ამ გადაწყვეტილებებს აღიარებს და მიიღებს ყველა ეკლესია. ამის შესახებ პირველი მსოფლიო კრე ბის მეორე კანონი ადგენს: „მრავალჯერ ყოფილა, რომ გაჭირვების გამო ან კაცთა მიერ ძალდატანების შედეგად მომხდარა საეკლესიო კანონთა საწინააღმდეგო საქმე: წარმართობიდან მართლმადიდებლად მოქცეული კაცები ცოტა ხანს არიან კათაკმევლები, სწრაფად მოჰყავთ ისინი სულიერ საბანელთან და ნათლისღებისთანავე აკურთხებენ მღვდლად ან ეპისკოპოსად. საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ერიდან აღარ მოხდეს ასეთი რამ, რადგან აუცილებელია, რომ მათ გარკვეული ხანი დაყონ კათაკმევლობაში და ნათლისღების შემდეგ უმეტესად გამოიცადონ, რადგან სამოციქულო წიგნში ნათლად არის ნათქვამი: „არა ახლად მოქცეული, რათა თავს არ გაუვიდეს და ეშმაკის სასჯელის ღირსი არ გახდეს“ (1 ტომ. 3, 6). თუ დროთა განმავლობაში მის პიროვნებაში აღმოჩნდება რაიმე სულიერი ცოდვა და მხილებული იქნება ორი ან სამი მოწმის მიერ, ასეთი მღვდლად ნუ იკურთხება. ვინც ამ კანონის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, როგორც დიდი კრების მოწინააღმდეგე და ურჩი, თვითონ დაემხოს მღვდლობიდან“.
მესამე მსოფლიო კრების მე-8 კანონი ბრძანებს: „კვიპროსელმა ეპისკოპოსებმა (რიგინოსი, ზინონი და ევაგრე) ეფესოს კრებას წარუდგინეს სიტყვიერი და წერილობითი საჩივარი იმის შესახებ, რომ ანტიოქიის ეპისკოპოსი მოქმედებდა საეკლესიო წესთა და წმინდა მამათა კანონის საწინააღმდეგოდ, როდესაც ბედავდა კვიპროსის ეკლესიის ტერიტო რიაზე სასულიერო პირთა ხელდახმას. კრების განჩინების თანახმად, კვიპრელ ეპისკოპოსებს, საეკლესიო კანონებისამებრ, თვითონ უნდა ჰქონდეთ თავისივე ეპისკოპოსების ხელდასხმის უფლება. ეს წესი უცვლელად უნდა იყოს დაცული სხვა განსაგებელთა (ოლქთა) და ეპარქიათა მიმართ.
ნურც ერთი ეპისკოპოსი მიიტაცებს სხვა ეპარქიას, რომელიც ძველთაგანვე არ ემორჩილებოდა მას და არ იყო მის წინამორბედ საყდრისმპყრობელთა გამგებლობაში. ხოლო თუ ვინმე მიიტაცებს და დაიმორჩილებს სხვის ეპარქიას იძულებით, უნდა გათავისუფლდეს, რათა არ დაირღვეს მამათა კანონი და მღვდელთმთავრებში თავი არ იჩინოს საერო მთავრობისმოყვარეობის ამპარტავნობამ და მედიდურობამ.
წმინდა მსოფლიო კრებამ დაადგინა აგრეთვე, რომ თითოეულმა ეპარქიამ წმინდად დაიცვას ძველი ჩვეულება და წესი. თითოეულმა მიტროპოლიტმა უნდა წაიღოს ამ კანონის ასლი თავისი სიმტკიცისათვის. ვინმე თუ ამ დადგენილების საწინააღმდეგო წესს შემოიღებს, მსოფლიო კრება მას არ დაამტკიცებს და შესაბამისად, არ ექნება ძალა“.
იმისათვის, რომ კრებას ეწოდოს მსოფლიო, ის სრულად უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ განსაზღვრებებსა და შეთანხმებებს. მათ შორის მთავარია ის, რომ ასეთ კრებაზე ესწრებოდეს ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, უშუალოდ საჭეთმპყრობელი ან მისი წარმომადგენლები. თუ გამოუვალი გარემოების გამო ვერ ახერხებენ ჩასვლას კრებაზე, მაშინ წერილობითად გაეცნობიან მიღებულ საკითხებს და წერილობითვე გაუგზავნიან პასუხს ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე. თუ დაეთანხმებიან ამ კრების გადაწყვეტილებებს, მათ ეკლესიაში აღიარებენ და გამოაცხადებენ მის საყოველთაო მნიშვნელობას. კრებაზე დამსწრე ეპისკოპოსთა რაოდენობა არ განსაზღვრავს მის მსოფლიო მნიშვნელობას. სიტყვა „მსოფლიოში“ არ იგულისხმება ის, რომ მსოფლიოს ყველა ეპისკოპოსი უნდა ესწრებოდეს ამ კრებას, რაც იქნებოდა შეუძლებელი. ამასთან, იყო ადგილობრივი კრებები, რომელზეც გაცილებით მეტი ეპისკოპოსი ესწრებოდა, ვიდრე მსოფლიო კრებებზე. ამის მიუხედავად, ადგილობრივი კრებას არ ეწოდა მსოფლიო კრება და მხოლოდ ადგილობრივ კრების სტატუსით არის შემოფარგლული. მაგალითად, პირველ მსოფლიო კრებას 150 ეპისკოპოსი ესწრებოდა, ხოლო კართაგენის ადგილობრივ კრებას ორჯერ მეტი. კრების მსოფლიო მნიშვნელობა ისაა, რომ გადაწყვეტილებები, რომელსაც მიიღებს კრება, უნდა იყოს საყოველთაო და აღიაროს ყველა ეკლესიამ, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, თუ ვერ ესწრებოდნენ კონკრეტულ კრებას. მაგალითისთვის, მეორე მსოფლიო კრებას ესწრებოდნენ მხოლოდ აღმოსავლეთის ეკლესიების წარმომადგენლები და ის აღიარებულია მსოფლიო კრებად, მათ შორის დასავლეთ რომის მიერაც. არსებობს კიდევ მესამე შეთანხმება, რომ ამ კრების გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს სრულმა საეკლესიო დასმა და ერმა. ეს მესამე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის ეხება ეკლესიის სრულ შემადგენლობას. მაგალითად, ზოგიერთ კრებაზე შესაძლოა მიღებული დადგეგენილებები ერთხმად იყოს მიღებული ამ კრებაზე შეკრებილი ეკლესიის წარმომადგენელ ეპისკოპოსთა მიერ, მაგრამ, თუ ამასთან ერთად, სრული საეკლესიო დასისა და მრევლის მიერ არ იქნება მიღებული, ის ვერ მიიღებს მსოფლიო კრების სახელს და მნიშვნელობას და იგი ვერ გამოცხადდება მსოფლიო კრებად. იყო კრებები, რომელიც ერეტიკულად გამოცხადდა. მაგალითად, სადაც ნახევრად არიანული მრწამსი მიიღეს, ან ისეთი, მის მიერ მიღებულ დადგენილებებზე უფრო მეტმა ეპისკოპოსმა რომ მოაწერა ხელი, ვიდრე მეხუთე მსოფლიო კრებისაზე. იყო ისეთი კრებებიც, რომელზეც პატრიარქებმა და იმპერატორებმა მოაწერს ხელი, მაგრამ ეს კრებები არ არის მიჩნეული მსოფლიო კრებად, რადგან მორწმუნე ხალხმა და სამღვდელო დასმა არ მიიღო მათი გადაწყვეტილება ეკლესიის ჭეშმარიტ ხმად. ამას გარდა, კრებას რომ მიეცეს მსოფლიო ეკლესიის სტატუსი, აუცილებელია კიდევ ერთი შეთანხმება დაიცვას – ამ კრებაზე განხილული საკითხები ეხებოდეს მრწამსს და ეკლესიის სწავლების არსს, ეკლესიის ყოფისა და მოწყობის ძირითად პრინციპებს, რომ ყველა ადგილობრივი ავტოკეფალიური ეკლესიისთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს და მასზე მოთხოვნაც იყოს. ამასთანავე, კრებამ თავისი გადაწყვეტილება და დადგენილება უნდა გადმოსცეს მკაფიოდ. ყველა ამ შეთანხმების შესრულება მართლმადიდებელი საეკლესიო სამართლის ძირითად სწავლებას წარმოადგენს მსოფლიო კრებების შესახებ, და ჩვენ ვხედავთ რომ ეს ყოველივე მკაცრად არის დაცული მსოფლიო კრებების მიერ. ამას კი ჩვენ განხილვისას ვიხილავთ.
1) წმინდა წერილისა და წმინდა გარდამოცემის მიხედვით, გარკვევა და განხილვა სწავლებისა რწმენის სიმბოლოს, მრწამსის, მართლმადიდებლუ რი სწავლების დოგმატების ჩამოყალიბება.
„არავის აქვს უფლება, შემოიღოს სხვა სარწმუნოება, გარდა იმისა, რომელიც დადგენილია ნიკეის I მსოფლიო კრების მიერ. ვინც გაბედავს უკეთური სარწმუნოების, ანუ მრწამსის შემოღებას, ჭეშმარიტი ცოდნის გადაქცევას ელინობად ან იუდევლობად, ან სხვა რომელიმე მწვალებლობად, მათ, თუ ეპისკოპოსები ან სასულიერონი იქნებიან, ჩამოერთვათ ეპისკოპოსობა, თუ ერისკაცნი – შეჩვენდნენ. ასევე უნდა მოექცნენ იმ ეპისკოპოსებს, სხვა სასულიერო პირებსა და ერისკაცებს, რომლებიც ან ირწმუნებენ, ან ასწავლიან ნესტორის ბილწ სჯულსა და მოძღვრებას, გადმოცემულს ხარსი ხუცესის მიერ კრებისადმი მირთმეულ აღწერილში, ღმრთის მხოლოდშობილი ძის განკაცების შესახებ. ასეთი ეპისკოპოსები უნდა განიკვეთონ და მათ უნდა ჩამოერთვათ ეპისკოპოსობა, ხოლო ერისკაცნი უნდა შეჩვენდნენ“ (მესამე მსოფლიო კრების მე-7 კანონი).
კართაგენის კრების პირველი კანონი ადგენს: „ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: ჩვენ გვაქვს ნუსხები (პირები) ნიკეის კრების გადაწყვეტილებებისა, რომლებიც მაშინ ჩვენმა მამებმა ჩამოიტანეს აქ. ჩვენ მიერ გამოტანილი დადგენილებანი, რომლებიც ამ კანონებს მისდევენ, მტკიცედ იყოს დაცული“.
2) გამოკვლევა და დადგენა ეკლესიის გადმოცემისა და განცლაკევება, გამოყოფა ჭეშმარიტი გადმოცემისა დაზიანებული შერყვნილი წიგნებისგან.
ტრულის კრების პირველი კანონი განაჩინებს: „ღვთისმეტყველის სიტყვისამებრ, ყოველი სიტყვის და ყოველი საქმის დაწყების საუკეთესო წესია ღმერთით დაწყება და ღმერთით განსრულება. ამის გამო, ამჯერადაც, როცა ჩვენ მიერ ღვთისმსახურებაც უკვე აშკარად იქადაგება და ეკლესიაც, რომლის საფუძველიც ქრისტეა, განუწყვეტლივ იზრდება და იმდენად წარემატება, რომ ლიბანის ნაძვებზე უფრო მაღლაა აღმართული, დასაბამს ვუწოდებთ წმინდა სიტყვიერებას და ღვთის მადლით განვაჩინებთ: შეუხებლად იქნეს დაცული სიახლეების შემოღებისა და ცვლილებებისაგან სარწმუნოება, რომელიც გადმოგვეცა თვითმხილველებისა და სიტყვისმსახურების ღვთივრჩეულ მოციქულთაგან; ასევე, სამას თვრამეტ წმინდა და ნეტარ მამისაგან, რომლებიც ნიკეაში ჩვენი მეფე კონსტანტინეს ზეობისას უკეთური არიოზის და მის მიერ გამოგონილი წარმართული უცხოღმერთიანობის, ანუ ჩვეული სიტყვით რომ ვთქვათ, მრავალღმერთიანობის გამო შეიკრიბნენ. ამ წმინდა მამებმა, რომლებსაც სარწმუნოების შესახებ საერთო ხედვა და აზრი ჰქონდათ, აგვიხსნეს და შეგვაგონეს სამ ჰიპოსტასში ღმერთმთავრობითი ბუნების ერთარსი და კი არ დაუშვეს, რომ დაფარული ყოფილიყო უმეცრების „ხვიმირსა ქუეშე“, არამედ ნათლად ასწავლეს მართლმორწმუნეთ მამისა და ძისა და სულიწმიდის თაყვანისცემა ერთიანი თაყვანისცემით; დაამხვეს და დაარღვიეს ცრუსწავლება ჰიპოსტასთა ღმრთეებრიობის არათანაბარი ღირსების შესახებ და მწვალებლების მიერ ქვიშისაგან ნაშენი მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ბავშვური ნაგებობა დაანგრიეს და გააცამტვერეს. ვიმარხავთ, ასევე, ჩვენი მეფის, დიდი თეოდოსის ზეობისას ამ სამეფო ქალაქში შეკრებილი ას ორმოცდაათი წმინდა მამის მიერ ქადაგებულ რწმენის აღმსარებლობას, ვიზიარებთ მათ მიერ სულიწმიდაზე გამოთქმულ ღვთისმეტყველებას, ხოლო უწმინდურ მაკედონიოსს, ჭეშმარიტების სხვა უწინდელ მტრებთან ერთად, განვაგდებთ, რადგან შლეგური კადნიერებით მან მეუფე მონად მიიჩნია და თავხედურად ლამობდა ისე განეყო ერთიანი და განუყოფელი, რომ არ იქნებოდა აღსრულებული საიდუმლო ჩვენი სასოებისა. ამ საძაგელ და ჭეშმარიტების წინააღმდეგ მძვინვარე მაკედონიოსთან ერთად აპოლინარსაც ვკიცხავთ; იგი ბოროტებას ფარულად ატარებს და აღმოანთხია უწმინდურობა, თითქოს უფალმა სხეული მიიღო უსულო და უგონო, და ამ სახით შემოიტანა ასევე აზრი, თითქოს ცხონება ჩვენთვის არასრულყოფილად შესრულებულიყოს. ვაღიარებთ და ვიმარხავთ, აგრეთვე, ჩვენი მეფე თეოდოსის, არკადის ძის, ზეობისას, პირველად ქალაქ ეფესოში შეკრებილი ორასი ღმერთშემოსილი მამის მიერ გადმოცემულ სწავლებას და ვითარცა ღვთისმოსაობის შეუმუსრავ უძლეველობას, ერთსულოვნებით ვამტკიცებთ; ერთ ქრისტე ძე ღვთისას და განკაცებულს ვქადაგებთ და მის უთესლოდ მშობელს, უმწიკვლო მარადქალწულს საკუთრივ და ჭეშმარიტ ღვთისმშობლად ვაღიარებთ; ხოლო ნესტორის უგუნურ გაყოფას, როგორც საღვთო განგებულებისაგან განშორებულს, – უარვყოფთ, რამეთუ ის ასწავლის, რომ ერთი ქრისტე არის ცალკე ადამიანი და ცალკე ღმერთი, და აღორძინებს იუდეველთა უსჯულოებას. მართლმადიდებლურად ვაღიარებთ, აგრეთვე, სამთავრო ქალაქ ქალკედონში ჩვენი მეფე მარკიანეს ზეობისას ექვსას ოცდაათი ღვთივრჩეული მამის მიერ ჩამოყალიბებულ რწმენის აღმსარებლობას, რომლითაც მთელ ქვეყნიერებას საზეიმოდ ეუწყა ერთი ქრისტე ძე ღვთისა, ორი ბუნებისაგან შემდგარი და ამ ორ ბუნებაში განდიდებული, ხოლო ამაოდმბრძნობი ევტიქი, რომელიც ამბობდა, რომ „საცხოვრებელი განგებულებაი საიდუმლოისაი“ შედგა მოჩვენებითად, როგორც რაღაც საზარელი და როგორც ჭირი, ამ კრებამ ეკლესიის წმინდა ზღუდეთაგან განთხია; მასთან ერთად ნესტორიცა და დიოსკორეც, რომელთაგან ერთი ქრისტეში ბუნების გაყოფის დამცველი და ქომაგი იყო, მეორე კი პირიქით – ბუნებათა შერევის, და რომლებიც უსჯულოების ურთიერთსაწინააღმდეგო ქვეყნებიდან უღმერთოებისა და წარსაწყმედელის ერთ უფსკრულში შთავარდნენ; კიდევ ამ სამეფო ქალაქში იუსტინიანეს ზეობისას – ნეტარი ხსოვნა ჩვენს მეფეს – შეკრებილი ას სამოცდახუთი ღმერთშემოსილი მამის ღვთისსათნო სიტყვებს ვცნობთ, როგორც სულიწმიდისაგან გამოთქმულთ, და ამ სიტყვებით შთამომავლობას ჩვენსას განვსწავლით. ამ მამებმა თეოდორე მომფსუესტელი, ნესტორის მასწავლებელი, ასევე, ორიგენე, დიდიმე და ევაგრე ერთობლივად შეაჩვენეს და განიშორეს, რადგან იმათ ელინური ზღაპრები განაახლეს და წარმომავლობა და გადაქცევა ზოგიერთი სხეულისა და სულისა კვლავ სამარცხვინოდ წარმოგვიდგინეს სიზმრისეულ ოცნებებში მოხეტიალე გონებით, და მკვდრეთით აღდგომის წინააღმდეგ უსჯულოდ და უგუნურად გამოვიდნენ. ასეთივე ერთობით შეაჩვენეს და მოიძაგეს თეოდორიტეს მიერ მართალი სარწმუნოებისა და ნეტარი კირილეს თორმეტი თავის საწინააღმდეგოდ დაწერილი წერილი და ეგრეთ წოდებული იბას წერილი; ასევე ვალდებულებას ვიღებთ, უცვლელად დავიმარხოთ მეექვსე კრების დადგენილება, რომელიც ახლახან ამ სამეფო ქალაქში შედგა ჩვენი მეფე კონსტანტინეს ზეობისას – ნეტარი ხსოვნა მას. სარწმუნოების შესახებ ამ დადგენილებამ უაღრესი სიმტკიცე მიიღო, როცა ღვთისმოსავმა იმპერატორმა, რათა ყველა საუკუნეთა შინა სარწმუნო გაეხადა, იგი თავისი ბეჭდით დაამოწმა. ამ განჩინებამ ღვთისმიერი სიყვარულით განგვიმარტა, რომ ჩვენი ხსნისათვის განკაცებულ ერთ უფალში და ჭეშმარიტ ღმერთში ჩვენში იესო ქრისტეში, ორ ბუნებრივ სურვილს, ანუ ორ ნებას და ორ ბუნებრივ ქმედებას უნდა ვაღიარებდეთ. ისინი კი, რომელთაც ჭეშმარიტების ნამდვილი დოგმატი შერყვნეს და ჩვენს უფალ ღმერთში, იესუ ქრისტეში ერთი ნება და ერთი ქმედება უქადაგეს ხალხს, ამ კრებამ კეთილმსახურების სამართლით გაამტყუნა. ესენი იყვნენ თეოდორე (ეპისკოპოსი) ფარანელი, კვიროს ალექსანდრიელი, ჰონორე რომაელი, სერგი, პიროსი, პავლე, პეტრე, რომლებიც ამ ღვთივდაცულ ქალაქში წინამძღვრები იყვნენ; ანტიოქიის ეპისკოპოსი მაკარი, მისი მოწაფე სტეფანე და უგუნური პოლიქრონიოსი. ამგვარად, შეუცვლელად იქნა დაცული ჩვენი ქრისტე ღმერთის საერთო სხეული. მოკლე სიტყვით რომ ვთქვათ, ვადგენთ: სარწმუნოება ყველა იმ კაცთა, რომლებიც საღვთო ეკლესიაში გაბრწყინდნენ, მსოფლიო მნათობნი იყვნენ და ჰქონდათ სიტყუაი ცხორებისაი, უნდა შენარჩუნდეს მტკიცედ, და ჰოი, ჰგიეს საუკუნეთა განსრულებამდე შეურყევლად მათ მიერ ღვთივმოცემულ წერილებსა და დოგმატებთან ერთად. უკუვაგდებთ და ანათემას გადავცემთ ყველას, ვისაც ისინი უკუაგდებენ და ანათემას გადასცემენ, როგორც ჭეშმარიტების მტრებს, ღმერთზე ამაოდ განლაღებულთ და უმართებულობის სიმაღლედ აღყვანების მოსურნეებს. ხოლო თუ ვინმე არ დაიმარხავს და არ შეიწყნარებს კეთილმსახურების ზემოთქმულ დოგმატებს, ვინც ასე არ აზროვნებს და ქადაგებს, არამედ გაკადნიერდება და ამათ საწინააღმდეგოდ წავა, დე, შეჩვენებულ იყოს ზემოხსენებულ წმინდა და ნეტარი მამების აქამომდე დადგენილი განჩინებით, და ქრისტიანთა კრებულისაგან გარიცხული და გაძევებული, როგორც გარეშე. რამეთუ ჩვენ სავსებით ვეთანხმებით იმას, რაც უწინარეს არის განჩინებული და გადავწყვიტეთ, არცაღა მივუმატოთ მას, არცაღა მოვაკლოთ, და არცა შეგვეძლო სხვაგვარად“.
ამავე კრების მეორე კანონიც ადგენს: „ბრწყინვალედ და უაღრესად ყურადღების ღირსად მიიჩნია ამ წმინდა კრებულმა ისიც, რომ ამიერიდან სულის საკურნებლად და ვნებათა დასაცხრომად მტკიცედ და ურღვევად რჩება ჩვენი წინამორბედი წმინდა და ნეტარი მამების მიერ შეწყნარებული და დამტკიცებული, და მათ მიერ ჩვენთვის წმინდა და დიდებულ მოციქულთა სახელით გადმოცემული ოთხმოცდახუთი კანონი. ამ კანონებით გვემცნო, რომ კლიმენტის მიერ გადმოცემული წმინდა მოციქულთა განწესებანი შეგვეწყნარებინა, მაგრამ რადგანაც კლიმენტისეულ დადგენილებებში ოდესღაც მწვალებლებმა ეკლესიისათვის საზიანოდ შეიტანეს სიყალბე და კეთილმსახურებისათვის უცხო, და ნათელი დაუჩრდილეს საღვთო სწავლების კეთილმშვენიერ სილამაზეს, ამიტომ ქრისტიანული სამწყსოს შეგონებისა და მფარველობის მიზნით, კლიმენტის მიერ გადმოცემული ეს დადგენილებანი ღვთივბრძნობით გვერდზე გადავდეთ, რათა არასგზით დაგვეშვა მწვალებლური ცრუსიტყვიერების გავრცობა და მათი შერევა მოციქულთა წმინდა და სრულყოფილ სწავლებასთან. ერთსულოვნებით ვბეჭდავთ ყველა სხვა წმინდა განწესებებსაც დადგენილთ ჩვენი წმინდა და ნეტარი მამების მიერ, ესენია: ნიკეაში შეკრებილ სამას თვრამეტი მამისაგან მოცემული; ასევე, ანკვირიაში, ნეოკესარიაში, აგრეთვე ღანგრაში, ასურეთის ანტიოქიაში, ფრიგიის ლაოდიკიაში შეკრებილთაგან; ამათ გარდა, ამ ღვთივდაცულ და სამეფო ქალაქში შეკრებილ ას ორმოცდაათი მამისაგან, და სამთავრო ქალაქ ეფესოში პირველად შეკრებილ ორასი და ქალკედონში შეკრებილ ექვსასი მამისაგან მოცემული; ასევე ვიწყნარებთ და ვამტკიცებთ კანონებს მიღებულთ სარდიკიაში და კართაგენში და კვლავ ამ ღვთივდაცულ სამეფო ქალაქში კონსტანტინეპოლის საყდრისმპყრობელ ნეკტარიოსის დროს; ამათ გარდა განწესებებს დადგენილთ: ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს თეოფილეს, დიონისე ალექსანდრიელს, მთავარეპისკოპოსისა და მოწამის პეტრე ალექსანდრიელის, ნეოკესარიელ ეპისკოპოს გრიგოლ სასწაულმოქმედის, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს ათანასეს, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოს ბასილის, ეპისკოპოს გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, ამფილოქე იკონიელის, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს ტიმოთე პირველის, ამავე ქალაქ ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს თეოფილეს, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს კირილეს და ამ ღვთივდაცულ სამეფო ქალაქის პატრიარქ გენადის მიერ; აგრეთვე აფრიკის ქვეყნების მთავარეპისკოპოსისა და მოწამის კვიპრიანესაგან და მასთან ერთად შეკრებილ მამათაგან დასხმულ კანონს, რომელთა განწესებაც მხოლოდ ხსენებულ წინამძღვრისადმი დაქვემდებარებულ ადგილებში იყო შენარჩუნებული მათი ჩვეულების შესაბამისად. ნუმცა მიეცეს ვინმეს ნება ზემოაღნიშნული კანონების შეცვლის, ან უარყოფის, ან წინამდებარე კანონთა ნაცვლად, სხვა კანონების შეწყნარებისა, ცრუ სახელით დაწერილისა ზოგიერთი ადამიანის მიერ, რომელთაც ეყოთ კადნიერება, ჭეშმარიტებით ევაჭრათ. ხოლო იმ პირს, რომელიც დასახელებული კანონების შეცვლასა და გაუკუღმართებაში იმხილება, ისეთი ეპიტიმია უნდა დაედოს, როგორსაც მის მიერ დარღვეული კანონი განაჩინებს და ამ გზით განიკურნოს იმისგან, რაშიაც შესცოდა“.
3) განხილვა ყველა მწვალებლობისა, რომელიც გამოჩნდა იმ პერიოდ ში.
მეორე მსოფლიო კრების პირველი კანონი ადგენს: „ნუ უგულებელვყოფთ ბითვინიის ნიკეაში შეკრებილ 318 წმინდა მამათა სარწმუნოებას, არამედ იყოს იგი თავისი სახით, და შეჩვენებულ იქნეს ყველა მწვალებლობა: ევნომიანოსთა, ანუ უმსგავსოთა, ანუ არიანელთა მწვალებლობა, მათ ეწოდათ ასევე ევდოქსიანები; სულის მბრძოლთა, ანუ ნახევრად არიანელთა ერესი; საბელიანოზთა ერესი; მარკენიალოზთა ერესი; ფოინელთა ერესი; აპოლინარელთა ერესი“. ასევე მე სამე მსოფლიო კრების პირველი კანონი ადგენს: „როდესაც შევიკრიბეთ კეთილად მსახური მეფის ბრძანებისამებრ ეფესოში, ჩვენ განგვიდგა ოცდაათზე ცოტა მეტი ეპისკოპოსი, რომელნიც უზიარებლობით დაისაჯნენ, ვინაიდან ადრევე განიკვეთნენ როგორც ნესტორისა და კელესტის აშკარა თანამოაზრენი. წმინდა კრებამ ისინი განაყენა საეკლესიო ზიარებისგან და აუკრძალა მათ ყოველგვარი სამღვდელო მოქმედება. ეს კანონი ადგენს, რომ თუ კრებას ვერ დაესწრება რომელიმე სამღვდელო პირი, რომელიც თავის სოფელსა და ქალაქში დარჩება რაიმე საეკლესიო ან ხორციელი მიზეზის გამო, საჭიროა, რომ მან შეიტყოს კრების გადაწყვეტილება. თუ ეპარქიის მიტროპოლიტი განუდგება წმინდა მსოფლიო კრებას და მიემხრობა ან უკვე მიემხრო განდგომილთა შეკრებას, ან აღმოჩნდება კელესტისა და იოანე ანტიოქოელის თანამზრახველი, ასეთი სამღვდელო პირი ვეღარ შეძლებს მღვდელმოქმედებას. იგი ეპარქიის ეპისკოპოსთა საწინააღმდეგოს ვერაფერს მოიმოქმედებს, როგორც კრების მიერ საეკლესიო ზიარებისგან განკვეთილი. ის დაემორჩილება მართლმადიდებელი მიტროპოლიტების განჩინებას და საეპისკოპოსო პატივი წართმეული ექნება“.
4) წინა კრებებზე მიღებულ კანონთა გადახედვა.
მეოთხე მსოფლიო კრების პირველი კანონის თანახმად, „დავადგინეთ წმინდა მამათა მიერ დღემდე თითოეულ კრებაზე დამტკიცებულ კანონთა მტკიცე დაცვა“;
ტრულის კრების მე-8 კანონი: „ჩვენი წმინდა მამების მიერ მიღებული ყველა დადგენილების დამტკიცება გვსურს ჩვენც. ამიტომ განვაახლებთ კანონს, რომელიც ამბობს, რომ ყოველ წელიწადს იყოს თითოეული სამთავროს ეპისკოპოსთა კრება იქ, სადაც დაადგენს დედაქალაქის ეპისკოპოსი (მიტროპოლიტი). ხოლო რადგან ბარბაროსთა შემოსევის გამო, ან სხვა რაიმე მიზეზით ეკლესიის წინამძღვართათვის შეუძლებელი ჩანს წელიწადში ორჯერ შეკრება, მიგვაჩნია, რომ ყველა სამთავროში ყოველ მიზეზგარეშე წელიწადში ერთხელ მოწვეულ იქნეს წლის განმავლობაში წამოჭრილი მიმდინარე საეკლესიო საკითხების გამო ეპისკოპოსთა კრება აღდგომის წმინდა დღესასწაულიდან ოქტომბრის თვის ბოლომდე, იმ ადგილას, რომელსაც დედაქალაქის ეპისკოპოსი აირჩევს, როგორც ზემოთ ითქვა.
ხოლო ეპისკოპოსები, რომლებიც დარჩებიან თავიანთ ქალაქში ჯანმრთელნი და აუცილებელი საქმისგან თავისუფალნი, სხვა ეპისკოპოსთაგან ძმური მხილებით გაიკიცხებიან“.
ტრულის კრების მე-16 კანონი განაწესებს: „საქმე მოციქულთას“ მიხედვით შვიდი დიაკონი უნდა დადგინდეს. ნეოკესარიის კრების მამებმაც მათ მიერ დაწესებულ კანონებში ნათლად განსაჯეს, რომ კანონით შვიდი დიაკონი უნდა დაადგინონ, რაც უნდა დიდი იყოს ქალაქი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ „მოციქულთა საქმეში“ საუბარია არა საიდუმლოს მსახურ დიაკონთა, არამედ ტაბლის მსახურთა შესახებ, ვინაიდან საქმეთა წიგნში ასე წერია: „იმ დღეებში, მოწაფეთა გამრავლებისას, იყო ელინთა დრტვინვა ებრაელთა მიმართ, რადგანაც ქვრივნი მათნი უგულებელყოფილნი იყვნენ ყოველდღიურ მსახურებაში. მაშინ თორმეტმა მოციქულმა მოუწოდა მოწაფეთა სიმრავლეს და უთხრა მათ: „ჩვენთვის არ არის მოსაწონი ღმრთის სიტყვის დატოვება და ტაბლების მსახურება. გამოარჩიეთ, ძმანო, თქვენგან შვიდი კაცი, სავსე სულიწმიდითა და სიბრძნით, რომელთაც განვაწესებთ ამ საქმეზე, ჩვენ კი ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივეცემით.
მოეწონა ეს სიტყვები ერის სიმრავლეს. გამოარჩიეს სტეფანე, სულიწმიდით სავსე კაცი, ფილიპე, პროხორონი, ნიკანორა, ტიმონა, პარმენა და ნილოკაოს მწირი ანტიოქიელი და მოიყვანეს ისინი მოციქულთა წინაშე“ (საქმე 6, 1-6).
ეკლესიის მოძღვარი იოანე ოქროპირი ამბობს: „აღნიშვნის ღირსია ის ამბავი, რომ არ გაითიშა ერი ამ კაცთა არჩევის დროს და შეურაცხყოფილნი არ დარჩენილან მათგან მოციქულნი“ (ჰომილია 15).
საჭიროა ვიცოდეთ, რა პატივი ჰქონდათ მათ, ან რა ხელდასხმა მიიღეს: ეს არ უნდა ყოფილიყო დიაკონთა ხელდასხმა, რაკიღა იმ დროისათვის ეკლესიაში ჯერ არ არსებობდა ასეთი რამ. ეგებ მღვდელთა ხელდასხმა? – მაგრამ ჯერ არ იყო არც ერთი ეპისკოპოსი, იყვნენ მხო ლოდ მოციქულები, რის გამოც არც დიაკონთა და არც მღვდელთა ხელდასხმა არ უნდა ვიგულისხმოთ. ამრიგად, ცხადი და თვალსაჩინოა და ჩვენც ვქადაგებთ, რომ ხსენებული პირველი შვიდი დიაკონი იყო მსახური არა საიდუმლოთა შეწირვისა, არამედ მათ ევალებოდათ იმ დროისათვის შეკრებილი მორწმუნეებს საერთო ქონების განმგებლობა. იქიდან მოყოლებული, ისინი უნდა ყოფილიყვნენ ჩვენთვის კაცთმოყვარეობისა და გაჭირვებულ მორწმუნეებზე ზრუნვის ნიმუში“.
ტრულის კრების 25-ე კანონი: „ჩვენ განვაახლებთ ამ კანონს,1 რომელიც ამბობს, რომ ყოველი ეკლესიის ნაშენი და უშენი ადგილები, რომლებსაც ოცდაათი წლის განმავლობაში ფლობდა ეპისკოპოსი, დარჩეს მის მფლობელობაში. ხოლო თუ ოცდაათი წლის განმავლობაში წამოიჭრა ცილობა ან კამათი ამ ადგილებთან დაკავშირებით, ეპისკოპოსმა, რომელიც დაეპატრონა ამ ადგილებს, უნდა აცნობოს ამის შესახებ სამთავროს კრებას“.
5) ზოგადად, ეკლესიის მართვის სახისა და ასევე ადგილობრივი ეკლესიების მართვის უფლებების განსაზღვრა. ამის შესახებ პირველი მსოფლიოს კრების მეექვსე და მეშვიდე კანონები ადგენს: „ძველი წესი იყოს დაცული ეგვიპტეში, ლიბიასა და ხუთქალაქში (პენტაპოლისში), რომ ყველა ამათზე ვრცელდებოდეს ალექსანდრიის ეპისკოპოსის ხელისუფლება. ასეთივე ჩვეულება არის რომის ეკლესიაშიც, ანტიოქიასა და სხვა სამთავროებშიც – დაცულია რომელიმე ეკლესიის უპირატესი ძალაუფლება. ეს საყოველთაოდ მთელ მსოფლიოში ცხადი უნდა იყოს, რომ თუ ვინმე მიტროპოლიტის ცნობის გარეშე ეპისკოპოსი გახდება, კრების დადგენილების თანახმად, არ არის ჯეროვანი მისი ეპისკოპოსობა. თუ ყველა ეპისკოპოსის საერთო ბჭობა მართალი იქნება და საეკლესიო კანონთან შეთანხმებული, ხოლო ორი ან სამი ბრძოლისმოყვარე ეპისკოპოსი ეწინააღმდეგება უმრავლესობას, უნდა დამტკიცდეს უმრავლესობის განჩინება“; „რადგან ჩვეულებით დამტკიცებულია და ზეციდან მოცემული, რომ პატივი მიეგოს ელიის (იერუსალიმის) ეპისკოპოსს, ამიტომ ამ ქალაქს შეურყევლად ჰქონდეს მიტროპოლიტის პატივი“.
მეორე მსოფლიო კრების მეორე და მესამე კანონები განაწესებს: „ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, გასცდეს თავისი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ მოხდეს ეკლესიების აღრევა. კანონთა თანახმად, ალექსანდრიის ეპისკოპოსი უნდა განაგებდეს მხოლოდ ეგვიპტის ეკლესიებს, აღმოსავლეთის ეპისკოპოსნი − მხო ლოდ აღმოსავლეთის ეკლესიებს. დაცული უნდა იყოს ნიკეის კრების კანონებით დაწესებული პატივი ანტიოქიის ეკლესიისა. აზიის სოფლების ეპისკოპოსნი უნდა განაგებდნენ მხოლოდ აზიის ეკლესიებს, პონტოელი ეპისკოპოსები უნდა მართავდნენ მხოლოდ პონტოს ეკლესიებს, ხოლო თრაკიის ეპისკოპოსები − თრაკიის ეკლესიებს.
ეპისკოპოსი არ უნდა გავიდეს თავისი სამრევლო ეკლესიის ფარგლებიდან ხელდასხმისათვის ან სხვა რაიმე საეკლესიო განგებისათვის, მოწოდების ანუ მიწვევის გარეშე. თითოეულ სამთავროს (ეპარქიას) განაგებს ამავე სამთავროს კრება ნიკეაში განსაზღვრული კანონის თანახმად, ხოლო წარმართთა შორის არსებული უცხო ტომთა ეკლესიები უნდა განაგონ მამათა მიერ დაწესებული ძველი კანონების მიხედვით“; „კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსს აქვს უპირატესობა, ანუ წარჩინებულობა პატივისა, რომელიც რომის ეპისკოპოსის პატივის ტოლია, ვინაიდან კონსტანტინეპოლი არის ახალი რომი“.
ასევე მესამე მსოფლიო კრების მე-8 კანონი განსაზღვრავს: „კვიპროსელმა ეპისკოპოსებმა (რიგინოსი, ზინონი და ევაგრე) ეფესოს კრებას წარუდგინეს სიტყვიერი და წერილობითი საჩივარი იმის შესახებ, რომ ანტიოქიის ეპისკოპოსი მოქმედებდა საეკლესიო წესთა და წმინდა მამათა კანონის საწინააღმდეგოდ, როდესაც ბედავდა კვიპროსზე ხელდახმას. კრების განჩინების თანახმად, კვიპრელ ეპისკოპოსებს, საეკლესიო კანონებისამებრ, თვითონ უნდა ჰქონდეთ თავისივე ეპისკოპოსების ხელდასხმის უფლება. ეს წესი უცვლელად უნდა იყოს დაცული სხვა განსაგებელთა (ოლქთა) და ეპარქიათა მიმართ.
ნურც ერთი ეპისკოპოსი მიიტაცებს სხვა ეპარქიას, რომელიც ძველთაგანვე არ ემორჩილებოდა მას და არ იყო მის წინამორბედ საყდრისმპყრობელთა გამგებლობაში. ხოლო თუ ვინმე მიიტაცებს და დაიმორჩილებს სხვის ეპარქიას იძულებით, უნდა გათავისუფლდეს, რათა არ დაირღვეს მამათა კანონი და მღვდელთმთავრებში თავი არ იჩინოს საერო მთავრობისმოყვარეობის ამპარტავნობამ და მედიდურობამ.
წმინდა მსოფლიო კრებამ დაადგინა აგრეთვე, რომ თითოეულმა ეპარქიამ წმინდად დაიცვას ძველი ჩვეულება და წესი. თითოეულმა მიტროპოლიტმა უნდა წაიღოს ამ კანონის ასლი თავისი სიმტკიცისათვის. ვინმე თუ ამ დადგენილების საწინააღმდეგო წესს შემოიღებს, მსოფლიო კრება მას არ დაამტკიცებს და შესაბამისად, არ ექნება ძალა“.
ამ საკითხსავე ეხება და ადგენს ტრულის კრების 36-ე და 39-ე კანონები: „ამ სამეფო ქალაქში შეკრებილი 150 და ქალკედონში შეკრებილი 630 წმინდა მამის სჯულისდებას განვაახლებთ და ვადგენთ: კონსტანტინეპოლის საყდარს ძველი რომი საყდრის სწორი პატივი უნდა ჰქონდეს და როგორც საეკლესიო საქმეებში განდიდებული, მეორე იყოს მის შემდეგ. შემდეგ იყოს დიდი ქალაქის, ალექსანდრიის, საყდარი და მის შემდეგ – იერუსალიმის საყდარი“; „ჩვენმა ძმამ და თანამწირველმა, კვიპროსის კუნძულის მღვდელთმთავარმა იოანემ და მისმა მრევლმა, რომლებიც ბარბაროსთა თავდასხმისა და წარმართთა მონობისაგან გათავისუფლდნენ, სურთ, რომ ქრისტიანულ სახელმწიფოს კვერთხს დაემორჩილონ, ხსენებული კუნძულიდან გადმოინაცვლეს ელისპონტოში კაცთმოყვარე ღმერთის წინაგანგებითა და ქრისტესმოყვარე კეთილმსახური ჩვენი მეფის დახმარებით. ჩვენ ვადგენთ, რომ უცვლელად დავიცვათ ის, რაც ეფესოშო პირველშეკრებილმა ღმერთშემოსილმა მამებმა ზემოხსენებული კაცის საყდარს დაუდგინეს: ახალ იუსტინიანეპოლს კონსტანტინეპოლის საყდრის მსგავსი უფლებები უნდა ჰქონდეს, ხოლო მასში მჯდომ ღვთისმოყვარე ეპისკოპოსს – ზედამდგომელობა ჰქონდეს ელისპონტის მთელ სამთავროზე და თვით ხელდასხმული იყოს მისი მოსაზღვრე ქალაქების ეპისკოპოსების მიერ ძველი ჩვეულებისამებრ, რადგან თითოეული საეკლესიო წესის უცვლელად შენახვა მიაჩნიათ მოსაწონად ჩვენს ღმერთშემოსილ მამებს.
ხოლო რადგან ქალაქ კვიზიკის ეპისკოპოსი იუსტინიანეპოლის მწყემსთმთავრის ხელქვეითია, ამ მხარის ყველა სხვა საეპისკოპოსთა მსგავსად ისიც უნდა დაემორჩილოს ხსენებულ ღვთისმოყვარე მწყემსს იოანეს და როცა საჭირო იქნება, თვით ქალაქ კვიზიკის ეპისკოპოსი მის მიერვე იყოს ხელდასხმული“.
6) საეკლესიო იერარქიისთვის ხარისხისა და უფლებების განსაზღვრა.
პირველი მსოფლიო კრების მე-4 კანონი ადგენს: „ეპისკოპოსი უნდა დაადგინოს სამთავროს ყველა ეპისკოპოსმა. თუ ყველს შეკრება შეუძლებელი გახდება რაიმე გაჭირვების ან გზის სიშორის გამო, სამი მაინც უეჭველად შეიკრიბოს ერთად, სხვებისგან მიიღონ წერილობითი თანხმობა და ამის შემდეგ აღასრულონ ხელდასხმა. ამ მოქმედებას ამტკიცებს საბოლოოდ სამთავროს მიტროპოლიტი“.
მეოთხე მსოფლიო კრების მე-12 კანონი განაწესებს: „ჩვენამდე მოაღწია ამბავმა, რომ ზოგიერთები, საეკლესიო წესის მიუხედავად, ცდილობენ უმაღლეს ხელისუფალთა დახმარებით ერთი სამთავროს ორად გაყოფას, რომ ამგვარად ორი მიტროპოლიტი დასვან ერთ სამთავროში. წმინდა კრება ადგენს, რომ ამიერიდან არაფერი ამის მსგავსი არ გაბედოს ეპისკოპოსმა, რადგან ამის ჩამდენს მისი პატივი ჩამოერთმევა. სამეფო საბუთით რამდენი ქალაქიცაა დედაქალაქის პატივით დამტკიცებული, ჰქონდეთ მათ ეს პატივი. აგრეთვე ამ ქალაქის ეკლესიის გამგებელ ეპისკოპოსს მიტროპოლიტობის სახელი და პატივი ჰქონდეს მტკიცედ დაცული, როგორც დედაქალაქის ჭეშმარიტ ზედამდგომელს“. მეოთხე მსოფლიო კრების 28-ე კანონი ადგენს: „დადგენილება ამ წმინდა კრებისა, რომელიც შეეხო კონსტანტინეპოლის ეკლესიის წმინდა საყდრის დიდებულებას: ყოველმხრივ წმინდა მამათა დადგენილებას მივყვებით და მეფე თადეოსი დიდის (რომელსაც ეპყრა კონსტანტინეპოლის – ახალი რომის ტახტი) დროს შეკრებილი ას ორმოცდაათი წმინდა ეპისკოპოსის დღეს წაკითხულ კანონს ვიზიარებთ. ამ კანონის მცოდნენი იმასვე ვადგენთ ჩვენც კონსტანტინეპოლის, ახალი რომის, ეკლესიის დიდებულებათა შესახებ.
ძველი (უხუცესი) რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უაღრესი პატივი, რადგან იგი სამეფო ქალაქია. ამავე ფიქრით აღძრულმა ას ორმოცდაათმა ღვთისმოყვარე ეპისკოპოსმა თანასწორი პატივი დაუწესა ახალი რომის უწმინდეს საყდარს. სამართლიანად განსაჯეს, რომ თუ კონსტანტინეპოლი და ძველი სამეფო რომი ტოლია იმით, რომ ორივე სატახტო და სინკლეტის (სენატის) ქალაქია, საეკლესიო საქმითაც განდიდდეს კონსტანტინეპოლი, როგორც რომი, და მეორე იყოს მის შემდეგ. პონტოს, აზიის და თრაკიის განსაგებელთა მიტროპოლიტებმა და ამ მხარეებში მყოფმა არაბერძნული მოსახლეობის ეპისკოპოსებმაც ხელდასხმა მიიღონ კონსტანტინეპოლის დიდი ეკლესიისაგან. ზემოთ მოხსენიებული განსაგებლების თითოეულმა მიტროპოლიტმა ამავე განსაგებლის ეპისკოპოსებთან ერთად ხელი დაასხან ეპარქიის ეპისკოპოსს, როგორც ამას საღმრთო კანონი ბრძანებს. თვით მიტროპოლიტი ზემოხსენებული მხარეებისა, როგორც ითქვა, ხელდასხმული უნდა იყოს კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსის მიერ, ოღონდ ჩვეულებისამებრ ერთხმად უნდა იყოს არჩეული წინასწარ და შემდეგ წარუდგეს ხელდასხმისათვის (კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსს)“.
7) განსაზღვროს ყველაზე უმაღლესი სამსჯავრო უფლებამოსილება ეკლესიის წარმომადგენლებზე და ასევე ყველა ადგილობრივ ეკლესიებზე. ამის შესახებ ტრულის კრების რამდენიმე კანონს დავასახელებთ, მათ შორის მე-12 კანონს: „ჩვენს ყურამდე მოვიდა ამბავი, რომ აფრიკაში, ლიბიასა და სხვა ადგილებში ღვთისმოსავი მღვდელთმთავრები ხელდასხმის შემდეგაც თავიანთ მეუღლეებთან აგრძელებენ თანაცხოვრებას, რითაც დაბრკოლებასა და საცდურს უქმნიან სხვებს. ვინაიდან ვესწრაფით, რომ ყოველივე მოვაწყოთ ჩვენთვის მონდობილი სამწყსოს სულის სასარგებლოდ, ამიტომ მათთვის სასიკეთოდ მივიჩნიეთ განგვეჩინა შემდეგი: ამიერიდან აღარ მოხდეს მსგავსი რამ. ამას ვამბობთ არა მოციქულთა კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ ან შესაცვლელად, არამედ ერის ხსნისა და უკეთესობისაკენ წარმართვისათვის, სამღვდელო წოდებისთვის ბიწის ასარიდებლად, რადგან როგორც საღმრთო მოციქული ბრძანებს, „ყოველსავე სადიდებელად ღმრთისა იქმოდეთ, დაუბრკოლებელ იყვენით ჰურიათა მიმართ და წარმართთა და ეკლესიათა ღმრთისათა, ვითარცა მე ყოვლითავე ყოველთა სათნო-ვეყოფი, რამეთუ არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯობჱსსა, არამედ მრავალთასა, რაჲთა ცხონდენ. მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა“ (I კორ. 10, 31-33; 11,1). თუ ვინმე მაინც ჩაიდენს მსგავსს, განიკვეთოს“;
ტრულის კრების მე-13 კანონი: „ვინაიდან შევიტყვეთ, რომ რომის ეკლესიაში კანონის სახით შემოუღიათ, რომ პირი, რომელიც ღირსი ხდება დიაკვნად ან მღვდლად ხელდასხმისა, ვალდებულებას იღებს აღარ იცხოვროს საკუთარ ცოლთან, ამიტომ ჩვენ, ვინაიდან მივყვებით მოციქულთა ძველ კანონებს ეკლესიის კეთილმოწყობისა და წესრიგის შესახებ, ვაცხადებთ: მღვდელმსახურთა ცხოვრება მეუღლეებთან სავსებით კანონიკური ხასიათისაა და ეს კანონი მომავალშიც დაურღვევლად შენარჩუნდეს; მღვდელმსახურებმა არ უნდა გაწყვიტონ მეუღლეებთან კავშირი, შესაფერის დროს კი ცოლქმრული ურთიერთობა იქონიონ. ასე რომ, ვინც იქნება ხელდასხმის ღირსი – იპოდიაკვნად, დიაკვნად ან მღვდლად, მას ამაში არასგზით არ უშლის ხელს კანონიერ მეუღლესთან თანაცხოვრება; ხელდასხმისას არავინ დაავალდებულოს იგი, რომ მოეკრძალოს კანონიერ შეერთებას საკუთარ ცოლთან, რათა ამით არ შეურაცხვყოთ ღვთის მიერ დადგენილი და მის მიერ თავისი მოსვლისას ნაკურთხი ქორწინება, რადგან სახარების ხმა ღაღადებს: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცნი ნუ განაშორებნ მათ“ (მათ. 19, 6); მოციქულიც გვასწავლის: „ქორწინება წმინდაა და საწოლი შეუგინებელი“ (ებრ. 13, 4); ასევე: „თუ შეკრულ ხარ მეუღლესთან, ნუ ეძებ გახსნას“ (I კორ. 7, 27). ვიცით, რომ კართაგენში შეკრებილმა მამებმაც, მღვდელმსახურთა ცხოვრების სიწმინდეზე ზრუნვის მიზნით დაადგინეს, რომ იპოდიაკვნები, რომლებიც წმინდა საიდუმლოებებს ეხებიან, ასევე დიაკვნები და მღვდლები, მათთვის მსახურებისათვის განკუთვნილ და მოსამზადებელ პერიოდში უნდა ეკრძალებოდნენ თანამეცხედრეებს. ამრიგად, ჩვენც უვნებლად დავიმარხოთ მოციქულებისაგან გადმოცემული და ძველთაგანვე დაცულიც; ვიცოდეთ ჟამი ყველაფრისა, მით უფრო კრძალვისა და ლოცვისა, რამეთუ საკურთხევლის წინ წარმდგართ, მაშინ, როცა სიწმინდეებთან აპირებენ მიახლებას, ყველაფრისაგან მოკრძალება მართებთ და, ამით შეძლებენ მიიღონ ღმერთისაგან უბრალოებაში ნათხოვნი; ხოლო ვინც მოციქულთა კანონების საწინააღმდეგოდ გაკადნიერდება და რომელიმე სასულიერო პირს, ანუ მღვდელს, დიაკონს ან იპოდიაკონს კანონიერ ცოლთან კავშირსა და ურთიერთცხოვრებას აუკრძალავს, განიკვეთოს. მსგავსადვე, მღვდელი, ან დიაკონი, რომელიც კეთილკრძალულების საბაბით გაუშვებს თავის ცოლს, განყენებულ იქნეს მღვდელმსახურებიდან, ხოლო მოუდრეკელობის შემთხვევაში – განიკვეთოს“ .
ტრულის კრების 32-ე კანონი: „ჩვენს ყურამდე მოაღწია ამბავმა, რომ სომეხთა ქვეყანაში წმინდა ტრაპეზზე საუფლო მსხვერპლად შესწირავენ მხოლოდ ღვინოს, წყლით განუზავებელს. თავის გასამართლებლად ისინი ასახელებენ ეკლესიის მოძღვარს, იოანე ოქროპირს, რომელიც მათეს სახარების განმარტებაში ამბობს: „რატომ წყალი არ შესვა მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა, არამედ ღვინო? იმის გამო, რომ ძირიანად აღმოეფხვრა უწმინდური მწვალებლობა, რადგან არიან ისეთები, რომლებიც საიდუმლოში მხოლოდ წყალს იყენებენ, წმინდა იოანემ მიუთითა, რომ უფალმა ღვინო გამოიყენა მაშინ, როცა მოწაფეებს საიდუმლოს გადასცემდა და, აღდგომის შემდეგაც, როცა საიდუმლოს გარეშე უბრალო ტრაპეზს სთავაზობდა მათ, აღნიშნავს ამას და ამბობს: „ნაშობისაგან ვენახისაო“ (მათ. 26, 29), ვენახი კი ღვინოს წარმოშობს და არა წყალს“.
სომხებს ჰგონიათ, რომ იოანე ოქროპირი წმინდა მსხვერპლში [ღვინოში] წყლის შერევის წინააღმდეგია. ჩვენ ავხსენით ამ წმინდა მამის სიტყვების აზრი, რათა სომეხნი ამიერიდან მაინც აღარ იყვნენ გაუგებრობაში: ძველია მწვალებლობა იმათი, ვისაც წყლის წარმდგინებლები [ჰიდროპარასტატები] ეწოდებათ. ისინი საიდუმლოში ღვინის ნაცვლად წყალს ხმარობენ, ამიტომ არღვევდა ეს ღმერთშემოსილი კაცი [იოანე ოქროპირი] წყლის წარმდგინებელთა მწვალებლობის უსჯულო მოძღვრებას და გვიჩვენებდა, რომ ისინი სამოციქულო სჯულისდების საწინააღმდეგოს ასწავლიან. აი, ამიტომაც თქვა მან ზემოთ მოტანილი სიტყვები.
ეკლესიაში, სადაც იოანე ოქროპირი მწყემსმთავრობდა, ასწავლიდა ღვინის განზავებას წყლით უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს, რითაც ჯვარცმული მაცხოვრის გვერდიდან გადმოსული სისხლისა და წყლის მდინარეთა შეზავებას წარმოაჩენდა: [ეს მდინარენი] მთელი ქვეყნის განსაცხოველებლად და ცოდვათა გამოსახსნელად გადმოედინა. ყველა ეკლესიაში, სადაც სულიერი მნათობნი ბრწყინავენ, დამტკიცებულია ეს ღმრთივმოცემული წესი. იაკობი, ქრისტე ღმერთის ხორციელი ძმა, რომელიც იერუსალიმის წმინდა საყდრის პირველი მწყემსმთავარი იყო, და ბასილი კესარიელი მთავარეპისკოპოსი, რომლის დიდებულება ქვეყნის ყოველ მხარეს გაისმა, საღმრთო ჟამისწირვის საიდუმლო წყლითა და ღვინის ასრულებდნენ.
კართაგენში შეკრებილმა მამებმაც თქვეს, რომ საიდუმლოში არაფერი არ შეიძლება შეიწირებოდეს საუფლო ხორცისა და სისხლის მეტი, როგორც თვით უფალს მოუცია [და დაუწესებია], ე. ი. პური და ღვინო, წყლით განზავებული.
ამიერიდან, თუ ეპისკოპოსი ან მღვდელი არ შეასრულებს მოციქულთა მიერ მოცემულ წესს, წყლით არ გააზავებს ღვინოს და ასე არ შესწირავს უხრწნელ საიდუმლოს, განიკვეთოს, როგორც საიდუმლოს არასრულად აღმსრულებელი და დაწერილი გადმოცემის გამქარწყებელი“.
ტრულის კრების 33-ე კანონი: „შევიტყვეთ, რომ სომხეთში, ებრაული წესის მიმდევრობით, მხოლოდ სამღვდელო პირთა შთამომავლებს დააწესებენ სასულიერო პირთა დასში და ზოგ მათგანს, ეკლესიის მსახურად არაღკვეცილს, დაადგენენ მგალობლად და წიგნის მკითხველად. ამიტომ განვაწესებთ: ამიერიდან ნუღარავინ გაირჯებიან იმაზე, სამღვდელო დასის მომავალი წევრი სასულიერო პირთა შთამომავალია თუ არა. მხოლოდ გამოცადონ წმინდა კანონებში მოცემული დადგენილების მიხედვით და ეკლესიის მსახურად დააწესონ იმისდა მიუხედავად, არიან თუ არა ისინი ხელდასხმულთა შთამომავალნი. ამასთანავე, მათ შორის ნურვის მიეცემა უფლება სამღვდელო დასში დაწესებულთა წესისამებრ საღმრთო სიტყვა იქადაგოს ერისთვის, თუ სამღვდელო აღკვეცა და კანონებრივი კურთხევა არ მიეღოს თავისი მწყემსისგან. თუ ვინმე გაბედავს ამ კანონის საწინააღმდეგო მოქმედებას, უზიარებლობით დაისაჯოს“.
ტრულის კრების 55-ე კანონი: „ვინაიდან შევიტყვეთ, რომ ქალაქ რომის მკვიდრნი წმინდა დიდმარხვის დღეებში შაბათობითაც მარხულობენ, რაც ეკლესიის გადმოცემის საწინააღმდეგოა, ამიტომ წმინდა კრებას სწადია, რომ რომის ეკლესიაშიც შეურყვნელად იქნეს დაცული კანონი2, რომელიც ამბობს: თუ სასულიერო პირი იმარხულებს წმინდა საუფლო დღეს ან შაბათს, გარდა ერთი შაბათი დღისა, განიკვეთოს; ხოლო თუ ერისკაცი – წმინდა ზიარებიდან განკანონდეს“.
ტრულის კრების 56-ე კანონი: „შევიტყვეთ აგრეთვე, რომ სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ადგილებში შაბათ და კვირა დღეებში ყველსა და კვერცხს ჭამენ. ჩვენი აზრით, ღმრთის ეკლესია ყველგან ერთი წესით უნდა მარხულობდეს და ეკრძალებოდეს ყოველივე დაკლულს, აგრეთვე კვერცხსა და ყველს, რომლებიც იმის ნაყოფი არიან, რასაც ვეკრძალებით. ხოლო ვინც არ დაიცავს ამ წესს, თუ სასულიერო პირი იქნება, განიკვეთოს, ერისკაცი კი წმინდა ზიარებიდან განკანონდეს“.
ტრულის კრების 81-ე კანონი: „შევიტყვეთ, რომ ზოგიერთ მხარეში „სამწმიდას“ გალობაში „წმიდაო უკვდაოს“ შემდეგ უმატებენ სიტყვებს: „რომელი-იგი ჯვარს ეცვი ჩვენთვის, შეგვიწყალენ ჩვენ“. ეს სიტყვები ძველმა წმინდა მამებმა უარყვეს, როგორც კეთილმსახურებისათვის უცხო, უარყვეს ის უსჯულო მწვალებლებიც, რომელთაც ეს სიტყვები შემოიტანა, ამიტომ ჩვენი წმინდა მამების მიერ დაწესებულს ვამტკიცებთ და წინამდებარე განჩინებით ანათემას გადავცემთ ყველას, ვინც ამ სიტყვებს ეკლესიაში შეიწყნარებს, ან სხვა რაიმე სახით „სამწმიდას გალობის“ ხელყოფას გაბედავს. თუ ამ განჩინების დამრღვევი სასულიერო პირი აღმოჩნდება, სამღვდელო პატივიდან მის დამხობას ვბრძანებთ; ხოლო თუ მონაზონი, ან ერისკაცი – ეკლესიასთან ერთობიდან განყენებას“.
8) გამოსცეს და მიიღოს ზოგადად ეკლესიისთვის სასარგებლო დად გენილებები ყველა საკითხზე, რაც ეხება ეკლესიის მოწყობას, მართვას და ცხოვრებას.
მსოფლიო კრებები არ განეკუთვნება მუდმივმოქმედ დაწესებულებებს, როგორც, მაგალითად, სამიტროპოლიტო კრებები. ის ეკლესიის ისტორიაში განსაკუთრებული შემთხვევების დაწესებულებაა, რომლის მნიშვნელობა არა მარტო ეკლესიაზე ვრცელდება, არამედ სახელმწიფოზეც. მათი ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია მის მოწვევაში მონაწილეობას იღებდეს როგორც საეკლესიო, ისე სახელმწიფო მმართველობა. ეკლესიას ეკუთვნის კრების შიდა მხარე, მისი წარმართვა და საკითხების განხილვა, ხოლო სახელმწიფოს, გარე მხა რეს, კრების სიმშვიდით წარმართვის უზრუნველყოფა. ეკლესიას, თავისი არსიდან გამომდინარე, აქვს უფლება და ძალმოსილება, დამოუკიდებლად იმოქმედოს და მიიღოს გადაწყვეტილება რწმენისა და ეკლესიის ცხოვრების საკითხში, ამიტომ ამ საკითხებში დადგენილებები უნდა მოდიოდეს მხოლოდ მისგან, მას უნდა ჰქონდეს მჭიდრო კავშირი თავის მთავარ მიზანთან, ცხოვრებასთან, არსთან. მაგრამ ეკლესიას როგორც სულიერ მეუფებას, არ შეუძლია მიწიერი საშუალებების გამოყენება, რომელსაც მოითხოვს ამ დადგენილებების განხორციელება, განსაკუთრებულად იმ შემთხვევაში, როცა ლაპარაკია მსოფლიოს ქვეყნებში არსებული ადგილობრივი ეკლესიების ეპისკოპოსთა შეკრებაზე, რომ გაერთიანებულებმა მიიღონ სრულიად ეკლესიის პოზიციის გამომხატველი დადგენილებები. აქედან გამომდინარე, ის ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს. ამიტომ ეკლესიას ესაჭიროება სახელმწიფოს დახმარება ამ საკითხის განხორციელებაში. ამით აიხსნება სახელმწიფო მმართველების ჩართულობა მსოფლიო კრების მოწვევებში. როგორც ცნობილია, იმპერატორები, ცხებული მეფეები ეხმარებოდნენ ეკლესიას ყველა მსოფლიო კრების ჩატარებაში, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ იყო მოწვეული. შვიდი მსოფლიო კრების ისტორიიდან ვხედავთ, რომ მათი მოწვევის მიზეზი, განსახილავი საკითხები, სასულიერო პირები, რომელთაც ჰქონდათ ამ საკითხების განხილვის უფლება, მათი განმარტებების ჩამოყალიბება და გადმოცემა, ყოველივე ამის განხორციელება დამოკიდებული იყო ეკლესიის მმართველობაზე, რომელიც ეფუძნება მის თვითმყოფადობას. მსოფლიო კრების ჩასატარებელი ადგილისა და დროის განსაზღვრა, ასევე კრების წევრებზე მზრუნველობა, მათი საცხოვრებლის, საზრდოს, ყველა საჭიროების უზრუნველყოფა, კრების დაუბრკოლებელი წარმართვა, მასზე მიღებული გადაწყვეტილებების სახალხოდ გამოცხადების უზრუნველყოფა და ასეთი სახის სხვა ჩართულობა – ყველაფერი ეხებოდა საერო ხელისუფლებას. ამით სახელმწიფო ეხმარებოდა ეკლესიას. აქედან გამომდინარე, მსოფლიო კრებების მოწვევა ეკუთვნის ერთობლივად საეკლესიო და სახელმწიფო ხელისუფლებას. თუ ეპისკოპოსები მიიჩნევენ, რომ გარკვეულ საკითხების გადაჭრაში აუცილებელია მსოფლიო კრების მოწვევა, სახელმწიფო მმართველი ეთანხმება და თვითონ იწვევს კრებას კონკრეტულ ადგილას, ზემოჩამოთვლილის უზრუნველყოფით. ასე ჩატარდა ყველა მსოფლიო კრება.
მსოფლიო კრებაში მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლება ეკუთვნით ეპისკოპოსებს. აქედან გამომდინარე, მსოფლიო კრებები ხშირად იწოდებოდა მონაწილე ეპისკოპოსთა რიცხვის მიხედვით, სხვა სახელის მითითების გარეშე. მაგალითად, პირველი მსოფლიო კრება იწოდება 318 მამათა კრებად, ასევე მეორე მსოფლიო კრება იწოდება 150 მამათა კრებად, რადგან ამდენი ეპისკოპოსი ესწრებოდა ამ კრებას. კრებაზე იყვნენ ასევე ეკლესიის სხვა მსახურებიც, მღვდლები და დიაკვნები, მაგრამ მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით. ამასთან, ისინი ეხმარებოდნენ ეპისკოპოსებს საკითხების განხილვაში, ან კრების მოწვევით, მოწინააღმდეგე მხარესთან კამათში ერთვებოდნენ მოწინააღმდეგის ცრუ სწავლებისა და დასკვნების გასაქარწყლებლად. ასეთი გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით, ეპისკოპოსთა თანასწორად, სარგებლობდნენ ის მღვდლები და დიაკვნები, რომელნიც იყვნენ თავიანთი ეპისკოპოსების წარმომადგენლები, ან იმ ეპისკოპოსთა ნაცვლები, რომლებიც ვერ დაესწრებოდნენ კრებას. ასეთ შემთხვევაში ეპისკოპოსთა წარმომადგენლები ან ნაცვლები აწერდნენ ხელს გადაწყვეტილებას ამ კრების დანარჩენი წევრების ეპისკოპოსების თანასწორად. კრებაზე დასწრების უფლებას აძლევდნენ ასევე საერო მორწმუნე პირებსაც, ღვთისმეტყვლებს, ფილოსოფოსებს, მათ, ვინც სწავლობდა კრებაზე განსახილავ საკითხებს, ვინც ეპისკოპოსთა გადაწყვეტილებით, ამ საკითხების სწორად განმმარტებლებად მიიჩნეოდა და საუკეთესო რჩევების მომცემნი იყვნენ. ასევე ამ კრებებს ესწრებოდნენ იმპერატორები ან მათი წარმომადგენლები, მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ სიმშვიდისა და წესრიგის შესანარჩუნებლად და არა საკითხების განხილვაში ჩასარევად. მაგალითად, ეპისტოლე იმპერატორთა თედოსისა და ვალენტინიანესი მესამე მსოფლიო კრების მიმართ, რომელშიც ის განმარტავს, თუ რა მოვალეობა ეკისრება კრებაზე მის წარმომადგენელს (ამავე წიგნის მე- 17 მინიშნება).
მსოფლიო კრების მოწვევა, ხელმძღვანელობა და წარმართვის უფ ლება ეკუთვნის იმ ეპისკოპოსს, რომლის საყდარი, კათედრა მსოფლიო ეკლესიის დიფტიხით უპირატესია. ეს მსოფლიო კრებებზე მიღებულ კანონთა მიხედვით დადგინდა. ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრების 28-ე კანონის თანახმად, „დადგენილება ამ წმინდა კრებისა, რომელიც შეეხო კონსტანტინეპოლის ეკლესიის წმინდა საყდრის დიდებულებას: ყოველმხრივ წმინდა მამათა დადგენილებას მივყვებით და მეფე თადეოსი დიდის (რომელსაც ეპყრა კონსტანტინეპოლის – ახალი რომის ტახტი) დროს შეკრებილი ას ორმოცდაათი წმინდა ეპისკოპოსის დღეს წაკითხულ კანონს ვიზიარებთ. ამ კანონის მცოდნენი იმასვე ვადგენთ ჩვენც კონსტანტინეპოლის, ახალი რომის, ეკლესიის დიდებულებათა შესახებ.
ძველი (უხუცესი) რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უაღრესი პატივი, რადგან იგი სამეფო ქალაქია. ამავე ფიქრით აღძრულმა ას ორმოცდაათმა ღვთისმოყვარე ეპისკოპოსმა თანასწორი პატივი დაუწესა ახალი რომის უწმინდეს საყდარს. სამართლიანად განსაჯეს, რომ თუ კონსტანტინეპოლი და ძველი სამეფო რომი ტოლია იმით, რომ ორივე სატახტო და სინკლეტის (სენატის) ქალაქია, საეკლესიო საქმითაც განდიდდეს კონსტანტინეპოლი, როგორც რომი, და მეორე იყოს მის შემდეგ. პონტოს, აზიის და თრაკიის განსაგებელთა მიტროპოლიტებმა და ამ მხარეებში მყოფმა არაბერძნული მოსახლეობის ეპისკოპოსებმაც ხელდასხმა მიიღონ კონსტანტინეპოლის დიდი ეკლესიისაგან. ზემოთ მოხსენიებული განსაგებლების თითოეულმა მიტროპოლიტმა ამავე განსაგებლის ეპისკოპოსებთან ერთად ხელი დაასხან ეპარქიის ეპისკოპოსს, როგორც ამას საღმრთო კანონი ბრძანებს. თვით მიტროპოლიტი ზემოხსენებული მხარეებისა, როგორც ითქვა, ხელდასხმული უნდა იყოს კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსის მიერ, ოღონდ ჩვეულებისამებრ ერთხმად უნდა იყოს აირჩიონ წინასწარ და შემდეგ წარუდგეს ხელდასხმისათვის (კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსს)“.
იმავეს ადგენს ადგენს ტრულის კრებაც, 36-ე კანონის ძალით: „ამ სამეფო ქალაქში შეკრებილი 150 და ქალკედონში შეკრებილი 630 წმინდა მამის სჯულისდებას განვაახლებთ და ვადგენთ: კონსტანტინეპოლის საყდარს ძველი რომი საყდრის სწორი პატივი უნდა ჰქონდეს და როგორც საეკლესიო საქმეებში განდიდებული, მეორე იყოს მის შემდეგ. შემდეგ იყოს დიდი ქალაქის, ალექსანდრიის, საყდარი და მის შემდეგ – იერუსალიმის საყდარი“.
მსოფლიო კრებებზე მნიშვნელობა ენიჭებოდა იმას, თუ რომელი უპირატესი ეკლესიის საჭეთმპყრობელი ან მისი წარმომადგენელი დაესწრებოდა კრებას, როგორი იყო მათი წარმომადგენლობა, ხომ არ იყო მათში ისეთი ეპისკოპოსი, რომლის არასწორი სწავლების გამო იწვევდნენ კონკრეტულ კრებას. კრებას როგორ ზემოთ ვნახეთ, ესწრებოდა ასევე იმპერატორი ან მისი წარმომადგენელი იმ მნიშვნელობით, რომ დაეცვა წესრიგი და შფოთი არ მომხდარიყო სხდომების დროს.
დადგენილებები და კანონები მსოფლიო კრებებისა, როგორც მთელი ეკლესიის ხმა, რა თქმა უნდა, სავალდებულოა ყველასთვის, ვინც ეკუთვნის ეკლესიას, ვინც ეკლესიის წევრია. მის საყოველთაობაზე და აუცილებლობაზე თავად მსოფლიო კრებები მიუთითებენ, ამას აღიარებდა ყველა შემდგომი კრება და ამასთან ერთად საერო ხელისუფლებაც. მსოფლიო კრებებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, განსაზღვრებებს და დადგენილებებს ხელს აწერდა იმპერატორიც, კრებაზე დამსწრე ეპისკოპოსებთან ერთად. მაგრამ ეს ხელმოწერა არ უნდა მივიჩნიოთ ისე, თითქოს იმპერატორის ძალმოსილებით მტკიცდებოდა სარწმუნოების დოგმატები და სხვა დადგენილებები მსოფლიო კრებებისა; იმპერატორები ამით გამოხატავდნენ მხოლოდ ერთს – ისინი იღებდნენ კრების დადგენილებებს როგორც შეუმცდარ ჭეშმარიტებას და აღიარებდნენ ადამიანთათვის სულის მაცხონებელ სწავლებად. მაგალითად, იმპერატორი იუსტინიანე მეორე ხელს აწერს ტრულის კრების დადგენილებებს ასეთი სახით: „ვეთანხმები ყველაფერს, რაც დადგენილია, ვიღებ და ყველაფერს ხელს ვაწერ“. ხოლო ეპისკოპოსები ასეთი სახით აწერენ: „ვაწერთ ხელს, რომ დავადგინეთ“. იმპერატორები გარდა ხელმოწერისა, დადგენილებას საყოველთაო კანონის სახეს აძლევდნენ, როგორ სახელმწიფო მმართველის, იმპერატორის ბრძანებას. მას ისეთივე ძალმოსილება ენიჭებოდა, როგორც სახელმწიფო გადაწყვეტილებას; და ეს ხდებოდა ყოველი მსოფლიო კრების დასრულების შემდეგ. იმპერატორი იუსტინიანე თავის ერთ-ერთ განკარგულებაში ამბობს, რომ მსოფლიო კრებებზე მიღებულ დოგმატებს ის იღებს, როგორც ღვთის სიტყვას, ხოლო კანონებს – როგორც სახელმწიფო კანონებს.
1 იგულისხმება ქალკედონის მე-4 მსოფლიო კრების მე-17 კანონი.
2 იგულისხმება მოციქულთა 64-ე კანონი.
საეკლესიო კანონმდებლობის მეორე სახე
გარდა მსოფლიო კრებებისა, ეკლესიას შეუძლია, თუკი ამას საჭიროება მოითხოვს, აამოქმედოს საერთო საკანონმდებლო ძალმოსილება. ეს ხდება მაშინ, როცა ყველა ეკლესიის საჭეთმპყრობელი, თუნდაც ისინი არ იყვნენ მოწვეულნი მსოფლიო კრებაზე და რჩებოდნენ თავიანთ ეპარქიებში, ერთსულოვნად, შეთანხმებულად ჩამოაყალიბებენ განსახილველი საკითხებს წერილობითი სახით, რომელთან დაკავშირებითაც საჭიროა ეკლესიის ერთობლივი ხმა. ასეთი სახე საერთო მსოფლიო საეკლესიო კანონმდებლობისა, რომელსაც არ აქვს მსოფლიო კრების ფორმა, განპირობებულია მართლმადიდებლური სწავლებით ეკლესიის ერთობაზე. წმინდა კვიპრიანე კართაგენელი წერს: „კათოლიკე ეკლესია ერთია, დაუნაწევრებელი, განუყოფელი და ამიტომ ის უნდა იყოს გაერთიანებული ერთ მთლიანობაში, იერარქთა ერთობით“. ეკლესიის მოქმედების პირველ ეტაპზე, როდესაც ჯერ კიდევ ფიქრიც არ იყო მსოფლიო კრებებზე, ეკლესიას მაინც ჰქონდა საკუთარი საყოველთაო კანონმდებლობა, რომელსაც ქმნიდა ყველა ადგილობრივი ეკლესიის ერთობლივი შეთანხმებითა და მოქმედებით. ასე მოქმედებდა ეკლესია იმ შემთხვევაშიც, როდესაც გარემოება არ იძლეოდა საშუალებას, რათა მოეწვიათ მსოფლიო კრება, მაგრამ საჭირო იყო საერთო მოქმედება და ხმა ეკლესიისა. მსოფლიო კრების მოწვევასთან და მის ორგანიზებასთან დაკავშირებული დიდი სირთულეების გამო, წმინდა მამები და მასწავლებლები არ მიუთითებენ ასეთი კრებების აუცილებლობასა და გარდაუვალობაზე. პელაგიანეს მწვალებლობასთან დაკავშირებით ავგუსტინე წერდა: „განა აუცილებელია მოვიწვიოთ კრება თვალნათელი ბოროტების სამხელად? თითქოს არც ერთი სხვა მწვალებლობა არ ყოფილა მხილებული, განსჯილი კრების მოწვევის გარეშე? მაგრამ ზოგიერთი ერესის მიმართ ამის გარდაუვალი საჭიროებაც დამდგარა, მაგრამ სხვა ერესები და უმეტესი მათგანი ამხილეს და გაასამართლეს იქ, სადაც წარმოიშვა და იქიდან დანარჩენ ეკლესიებს მიეწოდა ცნობა, რომ აერიდებინათ ეს მწვალებლობა“. ამიტომ ეკლესია ყველა დროში ასეთი სახით მოქმედებდა: თუ წარმოიჭრებოდა რაიმე განსაკუთრებული საკითხი, რომელსაც, ზოგადად, ეკლესიისთვის და ყველა ეპისკოპოსისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, სადაც წამოიჭრებოდა, იმ რეგიონში, იმ ეკლესიის ადგილობრივ კრებაზე განიხილავდნენ. შემდეგ მიღებულ დადგენილებას სხვა ადგილობრივ ეკლესიებს გადაუგზავნიდნენ, რათა მიეღოთ ეს დადგენილება და დაენერგათ თავის პრაქტიკაში; მაგრამ თუ ეს კრება არ მიიჩნეოდა საკმარისად ამ საკითხის გადაჭრაში, მაშინ დანარჩენი ავტოკეფალიური ეკლესიების აზრს დაელოდებოდა და როდესაც ყველა ეკლესია შეთანხმდებოდა კონკრეტულ საკითხზე, ამის შემდეგ გამოაცხადებდნენ მას, როგორც ეკლესიის საერთო პოზიციას და გადაწყვეტილებას. ამასთან ერთად, მას ენიჭება ისეთივე მნიშვნელობა, როგორც მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას.
ავტოკეფალიური ადგილობრივი ეკლესიების კანონმდებლობები
საერთო საეკლესიო კანონმდებლობის გარდა, რომელთა დადგენილებები საყოველთაოა, კანონები ყველა ადგილობრივ ეკლესიას აძლევს შესაძლებლობას, თავის საზღვრებში იმოქმედოს ადგილობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე და მიიღოს კანონები მოთხოვნილების მიხედვით. ტრულის კრების 39-ე კანონი გვახსენებს, რომ პატივი უნდა სცენ ადგილობრივი ეკლესიების უპირატესობას: „ჩვენმა ძმამ და თანამწირველმა, კვიპროსის კუნძულის მღვდელთმთავარმა იოანემ და მისმა მრევლმა, რომლებიც ბარბაროსთა თავდასხმისა და წარმართთა მონობისაგან გათავისუფლდნენ, სურთ, რომ ქრისტიანულ სახელმწიფოს კვერთხს დაემორჩილონ, ხსენებული კუნძულიდან ელისპონტოში გადმოინაცვლეს კაცთმოყვარე ღმერთის წინაგანგებითა და ქრისტესმოყვარე კეთილმსახური ჩვენი მეფის დახმარებით. ჩვენ ვადგენთ, რომ უცვლელად დავიცვათ ის, რაც ეფესოშო პირველშეკრებილმა ღმერთშემოსილმა მამებმა ზემოხსენებული კაცის საყდარს დაუდგინეს: ახალ იუსტინიანეპოლს კონსტანტინეპოლის საყდრის მსგავსი უფლებები მიენიჭოს, ხოლო მასში მჯდომ ღვთისმოყვარე ეპისკოპოსს – ზედამდგომელობა ჰქონდეს ელისპონტის მთელ სამთავროზე და თვით ხელდასხმული იყოს მისი მოსაზღვრე ქალაქების ეპისკოპოსების მიერ ძველი ჩვეულებისამებრ, რადგან თითოეული საეკლესიო წესის უცვლელად შენახვა მიაჩნიათ მოსაწონად ჩვენს ღმერთშემოსილ მამებს.
ხოლო რადგან ქალაქ კვიზიკის ეპისკოპოსი იუსტინიანეპოლის მწყემსთმთავრის ხელქვეითია, ამ მხარის ყველა სხვა საეპისკოპოსთა მსგავსად ისიც უნდა დაემორჩილოს ხსენებულ ღვთისმოყვარე მწყემსს – იოანეს და როცა საჭირო იქნება, თვით ქალაქ კვიზიკის ეპისკოპოსს მანვე დაასხას ხელი“.
მეორე მსოფლიო კრების მეორე კანონის მიხედვით, ზოგიერთი უპირატესი ეპისკოპოსის იურისდიქციის საზღვრებში ადგილობრივი ეკლესიის საქმეებს უნდა მართავდეს შესატყვისი ადგილობრივი საეკლესიო კრება: „ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, გასცდეს თავისი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ აღირიოს ეკლესიები. კანონთა თანახმად, ალექსანდრიის ეპისკოპოსი უნდა განაგებდეს მხოლოდ ეგვიპტის ეკლესიებს, აღმოსავლეთის ეპისკოპოსნი − მხო ლოდ აღმოსავლეთის ეკლესიებს. დაცული უნდა იყოს ნიკეის კრების კანონებით დაწესებული პატივი ანტიოქიის ეკლესიისა. აზიის სოფლების ეპისკოპოსნი უნდა განაგებდნენ მხოლოდ აზიის ეკლესიებს, პონტოელი ეპისკოპოსები უნდა მართავდნენ მხოლოდ პონტოს ეკლესიებს, ხოლო თრაკიის ეპისკოპოსები − თრაკიის ეკლესიებს.
ეპისკოპოსი არ უნდა გავიდეს თავისი სამრევლო ეკლესიის ფარგლებიდან ხელდასხმისათვის ან სხვა რაიმე საეკლესიო განგებისათვის, მოწოდების ანუ მიწვევის გარეშე. თითოეულ სამთავროს (ეპარქიას) განაგებს ამავე სამთავროს კრება ნიკეაში განსაზღვრული კანონის თანახმად, ხოლო წარმართთა შორის არსებული უცხო ტომთა ეკლესიები უნდა განაგონ მამათა მიერ დაწესებული ძველი კანონების მიხედვით“;
ამის საფუძველზე აღიარებულია რეგიონული კრებების საკანონმდებლო უფლებამოსილება ადგილობრივი ეკლესიების საზღვრებში. კანონები აღიარებენ ასევე კონკრეტული ეპისკოპოსების საკანონმდებლო უფლებამოსილებას მათდამი მინდობილ ეპარქიებში. ანტიოქიის კრე ბის მე-9 კანონი და მეშვიდე მსოფლიო კრების მე-6 კანონი განსაზღვრავს სამხარეო კრებების მოქმედების არეალს: „თითოეული სამთავროს ეპისკოპოსები [უნდა ემორჩილებოდნენ] ეპისკოპოსს (მიტროპოლიტს), რომელსაც დედაქალაქის საყდარი უპყრია. ის ზრუნავს მთელ სამთავროზე, ვინაიდან დედაქალაქში მიისწრაფვის ყველა, ვისაც საქმე აქვს. ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ პატივითაც უპირატესი იყოს იგი და არაფერი ზედმეტი არ მოიმოქმედონ სხვა ეპისკოპოსებმა, რაც მან არ იცის, ჩვენი მამების ძველთაგანვე დამტკიცებული კანონისამებრ, გარდა იმისა, რასაც საჭიროდ მიიჩნევს თითოეული ეკლესია მის ფარგლებში შემავალი სოფლებით, ვინაიდან თითოეულ ეპისკოპოსს უფლება აქვს, თავისი ეკლესია განაგოს თავისი ღმრთისმოშიშების შესაბამისად და იზრუნოს მის ქალაქს დაქვემდებარებულ სოფლებსა და ადგილებზე. მაგალითად, აღასრულოს მღვდლებისა და დიაკვნების ხელდასხმა და ქმნას სამართალი თითოეული საქმისა. ხოლო ამიერიდან მათ არაფერი არ უნდა გააკეთონ დედაქალაქის ეპისკოპოსის (მიტროპოლიტის) გარეშე, მაგრამ ნურც დედაქალაქის [ეპისკოპოსი] გააკეთებს ნურაფერს სხვა ეპისკოპოსებთან შეთანხმების გარეშე“.
„ადგილობრივი კრებების ყოველწლიურად შეკრების შესახებ. მართალია, არსებობს კანონი, რომელიც ამბობს, რომ წელიწადში ორჯერ არის საჭირო თითოეული სამთავროს ეპისკოპოსთა შეკრება კანონებრივი ძიებისათვის, მაგრამ მეექვსე კრების წმინდა მამებმა ეპისკოპოსების მგზავრობასთან დაკავშირებული გაჭირვებისა და სიძნელის გამო დაადგინეს, რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა შედგეს ადგილობრივი კრება, რომელიც გაასწორებს არსებულ შეცდომებს. ამ კანონს ჩვენც განვაახლებთ, და თუ ვინმე შეაფერხებს ამას, განკანონდება უზიარებლობით. თუ მიტროპოლიტი არად ჩააგდებს ამას გაჭირვების, იძულებისა და ნამდვილი მიზეზის გარეშე, იგი დაექვემდებარება კანონებრივ სასჯელს.
როდესაც შედგება კრება კანონებრივ და სახარების საქმეთა თაობაზე, მაშინ შეკრებილმა ეპისკოპოსებმა უნდა გამოიჩინონ ზრუნვა ღმრთის ცხოველმყოფელ მცნებათა შენარჩუნებისათვის, რადგან „მათი დაცვით ბევრს მოიგებ“ (ფს. 18, 12), და „მცნება არის სანთელი, სჯული არის სინათლე, ცხოვრების გზა კი არის სწავლა და მხილება“ (იგავ. 6,23) და „უფლის მცნება ბრწყინვალეა და თვალთა განმანათლებელი“ (ფს. 18, 9). მიტროპოლიტს არა აქვს უფლება, ეპისკოპოსს ჩამოართვას თავისი ოთხფეხი ან სხვა რამ. თუ ამაში მხილებული იქნება, ვალდებულია, ოთხმაგად გადაუხადოს“.
ამავე დროს აღიარებს კონკრეტული ეპისკოპოსის უფლებას, რომ მას შეუძლია მართოს თავისი ეპარქია იმ ადგილობრივ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, რომელსაც ის ემორჩილება. ზოგიერთ ეკლესიაში ავტონომიის სახით არსებობენ სამრევლოები, რომელთაც ეძლევათ უფლება, თავისი საზღვრებში იწვევდნენ საკანონმდებლო კრებას. კრება მისი საჭიროების მიხედვით გამოსცემს კანონებს, რა თქმა უნდა, თუ ის აღიარებულია კონკრეტული ეკლესიის მიერ.
ავტონომიური ეკლესიების საკანონმდებლო მოღვაწეობა უნდა ემთხვეოდეს ადგილობრივი ეპარქიის ეპისკოპოსის შეხედულებებს. რაც შეეხება ადგილობრივი ეკლესიების ეპისკოპოსებს და მათი საკანონმდებლო კრების უფლებამოსილებას, მათთვის საყოველთაო საეკლესიო კანონმდებლობას აქვს ქვაკუთხედის მნიშვნელობა! მათი კანონმდებლობა უნდა ეყრდნობოდეს მსოფლიო საეკლესიო კანონებს და დადგენილებებს. მათ შეუძლიათ გარემოებიდან გამომდინარე გარკვეულწილად შეცვალონ, მაგრამ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებულ დადგენილებებს მკაცრად უნდა იცავდნენ. მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული კანონმდებლობისგან თვითნებურად განდგომა ეპისკოპოსის ან ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, ამ ეკლესიას სქიზმაში აყენებს. ეპისკოპოსს, რომელიც ასეთ ნაბიჯს გადადგამს, პატივის აყრა ემუქრება.
ადგილობრივი კრებები
ადგილობრივი ეკლესიების საკანონმდებლო უფლებამოსილება ვრცელდება ყველა საკითხზე, რომელზეც არ არის მკაფიო განკარგულება მსოფლიო საეკლესიო კანონებში, რომელთან მიმართებითაც მათ ესაჭიროებათ განსაკუთრებული კანონის მიღება. მაგრამ ამ კრებების საკანონმდებლო უფლებამოსილება სწორად იქნებოდა მიჩნეული და მიენიჭებოდა კანონიერი მნიშვნელობა იმ შემთხვევაში, თუ მისი კანონები იქნებოდა მსოფლიო საეკლესიო კანონმდებლობის შესატყვისი და მისი სულისკვეთების მატარებელი. ამასთან ერთად, თავად მმართველობა უნდა ეკუთვნოდეს მაღალ სასულიერო დასს, ე. ი. კანონიერად ხელდასხმული ეპისკოპოსები უნდა იყვნენ. ბასილი დიდის 47-ე კანონი განაჩინებს: „მმარხველებს (ენკრატიტებს), ძაძით მოსილებს (საკოფორებს) და განყენებულებს (აპოტაქტიტებს) იგივე განსჯა მიესადაგებათ, რაც ნავატიანებს, რადგან ზოგი ამათგანის შესახებ გამოტანილია სხვადასხვა დადგენილება, ხოლო ზოგის შესახებ კანონი არაფერს გვეუბნება. ჩვენ კი ერთნაირად მეორედ ნათელ-ვსცემთ მათ. თუ თქვენ მიერ უგულებელყოფილი იქნება, რომაელების მსგავსად, მათი მეორედ ნათლისცემა რაღაც კეთილგანზრახვით, ჩვენს სიტყვას მათი ნათლისღების არად შერაცხვის შესახებ მაინც უნდა ჰქონდეს ძალა, რადგან მათი ერესი მარკიონიტთა განაყოფია და მათ სძულთ ქორწინება, უარყოფენ ღვინოს და ღმრთისგან შექმნილს ბილწად და არაწმინდად მიიჩნევენ. ამიტომ არ შევიწყნარებთ მათ ეკლესიაში, თუ არ მოინათლებიან ჩვენი ნათლისღებით. მათ არ უნდა თქვან, რომ ნათელ-იღეს მამისა, ძისა და სულიწმიდის მიმართ, რადგან მარკიონისა და სხვა მწვალებლების მსგავსად ღმერთს ბოროტების გამჩენის სახელს არქმევენ. მაშ ასე, თუ საჭიროა, ეპისკოპოსთა უმრავლესობა უნდა შეიკრიბოს და დადგინდეს კანონი, რომ მოქმედიც დაზღვეული იყოს და ვისაც ეკითხებიან და პასუხს აძლევს, მასაც ჰქონდეს სარწმუნო პასუხი შეკითხვაზე“.
ადგილობრივ საეკლესიო საკანონმდებლო შემოქმედებასთან დაკავშირებით, კანონები განსაზღვრავენ და მიუთითებენ, რომ ამ კრებებზე მიღებული კანონები არათუ არ არღვევდნენ მსოფლიო ეკლესიის მოწყობის ქვაკუთხედს და არ ეწინააღმდეგებოდნენ ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტ სულს, სწორედ მართლმადიდებლურ სულს, სიწმიდის, ზნეობრიობის და იერარქიულ უფლებებს, უნდა ეხებოდნენ მხოლოდ კონკრეტულ კანონებს, და არა მათ არსს. ამიტომ ადგილობრივი ეკლესიების კანონმდებლობას თავისი რეგიონული კრებებით არც ერთ შემთხვევაში არ შეუძლია შეეხოს შიდა საეკლესიო ცხოვრების საკითხებს, დოგმატურ, საღვთისმსახურო და სულიერ ღირებულებებს. მსოფლიო ეკლესია ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ამ კონკრეტულ საკითხებს და მკაცრად აკონტროლებდა, რომ ყველა ადგილობრივ ეკლესიას დაეცვა ისინი სრული სისავსით, როგორც მსოფლიო კრების მიერ დადგენილი. მსოფლიო ეკლესია გამოააშკარავებდა და ასწორებდა ამა თუ იმ ადგილობრივი ეკლესიის სულ მცირე გადაცდომასაც კი.
პირველი მსოფლიო კრების მე-18 და მე-20 კანონები: „წმინდა კრებამდე მოვიდა ამბავი, რომ ზოგიერთ ადგილსა და ქალაქში დიაკვნები აზიარებენ მღვდლებს, რაც არც კანონს მოუცია და არც ჩვეულებას, რომ ვისაც შეწირვის უფლება არა აქვს, შემწირველს მისცეს ქრისტეს ხორცი. ამასთან ერთად, ისიც შევიტყვეთ, რომ ზოგიერთი დიაკონი ეპისკოპოსზე ადრეც ეხება ზიარებას. ეს ყოველივე უნდა მოისპოს და დიაკონთა დასი დადგეს თავის საზომზე. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეპისკოპოსთა მსახურნი არიან და მღვდლებზე უმცროსნი. უნდა ეზიარონ წესისამებრ, მღვდელთა შემდეგ, თუნდ ეპისკოპოსი აზიარებდეთ მათ, თუნდ ხუცესნი. არც ხუცესთა შორის უნდა დასხდნენ დიაკვნები, რადგან ასეთი საქციელი უკანონო და უწესოა. ვისაც ამ დადგენილების შემდეგაც არ უნდა ამის დაჯერება, ჩამოერთვას დიაკვნობა“; „ზოგიერთები კვირასაც და სულიწმიდის მოფენის დღეებშიც მოიდრეკენ მუხლს. ყველა ეკლესიაში, როგორც წმინდა კრების დადგენილება, დაცული იყოს, რომ ამ დღეებში ფეხზე მდგომელნი უნდა მისცემდნენ თავის ლოცვას ღმერთს“.
მესამე მსოფლიო კრების მე-8 კანონი: „კვიპროსელმა ეპისკოპოსებმა (რიგინოსი, ზინონი და ევაგრე) ეფესოს კრებას წარუდგინეს სიტყვიერი და წერილობითი საჩივარი იმის შესახებ, რომ ანტიოქიის ეპისკოპოსი მოქმედებდა საეკლესიო წესთა და წმინდა მამათა კანონის საწინააღმდეგოდ, როდესაც ბედავდა კვიპროსზე ხელდასხმას. კრების განჩინების თანახმად, კვიპრელ ეპისკოპოსებს, საეკლესიო კანონებისამებრ, თვითონ უნდა ჰქონდეთ თავისივე ეპისკოპოსების ხელდასხმის უფლება. ეს წესი უცვლელად უნდა იყოს დაცული სხვა განსაგებელთა (ოლქთა) და ეპარქიათა მიმართ. ნურც ერთი ეპისკოპოსი მიიტაცებს სხვა ეპარქიას, რომელიც ძველთაგანვე არ ემორჩილებოდა მას და არ იყო მის წინამორბედ საყდრისმპყრობელთა გამგებლობაში. ხოლო თუ ვინმე მიიტაცებს და დაიმორჩილებს სხვის ეპარქიას იძულებით, უნდა გათავისუფლდეს, რათა არ დაირღვეს მამათა კანონი და მღვდელთმთავრებში თავი არ იჩინოს საერო მთავრობისმოყვარეობის ამპარტავნობამ და მედიდურობამ. წმინდა მსოფლიო კრებამ დაადგინა აგრეთვე, რომ თითოეულმა ეპარქიამ წმინდად დაიცვას ძველი ჩვეულება და წესი. თითოეულმა მიტროპოლიტმა უნდა წაიღოს ამ კანონის ასლი თავისი სიმტკიცისათვის. ვინმე თუ ამ დადგენილების საწინააღმდეგო წესს შემოიღებს, მსოფლიო კრება მას არ დაამტკიცებს და შესაბამისად, არ ექნება ძალა“.
ამავე საკითხს ეხება ტრულის კრების მე-6 კანონი: „ვინაიდან, მოციქულთა კანონებში3 ნათქვამია, რომ მომავალმა მღვდელმა, უქორწინებელმა, შეიძლება იქორწინოს წიგნისმკითხველობისა და მგალობლობის დროს, ჩვენც ამას დავიცავთ და ვადგენთ, რომ ამიერიდან არასოდეს კერძოდიაკონს, დიაკონს ან მღვდელს ხელდასხმის შემდეგ არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ დაქორწინდეს. ხოლო თუ ამის ქმნას გაბედავს, განიკვეთოს“.
იმავე კრების მე-12 და მე-13 კანონები: „ჩვენს ყურამდე მოვიდა ამბავი, რომ აფრიკაში, ლიბიასა და სხვა ადგილებში ღვთისმოსავი მღვდელმთვარები ხელდასხმის შემდეგაც თავიანთ მეუღლეებთან აგრძელებენ თანაცხოვრებას, რითაც დაბრკოლებასა და საცდურს უქმნიან სხვებს. ვინაიდან ვესწრაფვით, რომ ყოველივე მოვაწყოთ ჩვენთვის მონდობილი სამწყსოს სულის სასარგებლოდ, ამიტომ მათთვის სასიკეთოდ მივიჩნიეთ განგვეჩინა შემდეგი: ამიერიდან აღარ მოხდეს მსგავსი რამ. ამას ვამბობთ არა მოციქულთა კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ ან შესაცვლელად, არამედ ერის ხსნისა და უკეთესობისაკენ წარმართვისათვის, სამღვდელო წოდებისთვის ბიწის ასარიდებლად, რადგან როგორც საღმრთო მოციქული ბრძანებს, „ყოველსავე სადიდებელად ღმრთისა იქმოდეთ, დაუბრკოლებელ იყვენით ჰურიათა მიმართ და წარმართთა და ეკლესიათა ღმრთისათა, ვითარცა მე ყოვლითავე ყოველთა სათნო-ვეყოფი, რამეთუ არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯობჱსსა, არამედ მრავალთასა, რაჲთა ცხონდენ. მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა“ (I კორ. 10, 31-33; 11,1). თუ ვინმე მაინც ჩაიდენს მსგავსს, განიკვეთოს“;
ტრულის კრების მე-13 კანონი: „ვინაიდან შევიტყვეთ, რომ რომის ეკლესიაში კანონის სახით შემოუღიათ, რომ პირი, რომელიც ღირსი ხდება დიაკვნად ან მღვდლად ხელდასხმისა, ვალდებულებას იღებს აღარ იცხოვროს საკუთარ ცოლთან, ამიტომ ჩვენ, ვინაიდან მივყვებით მოციქულთა ძველ კანონებს ეკლესიის კეთილმოწყობისა და წესრიგის შესახებ, ვაცხადებთ: მღვდელმსახურთა ცხოვრება მეუღლეებთან სავსებით კანონიკური ხასიათისაა და მომავალშიც დაურღვევლად იქნეს ეს კანონი შენარჩუნებული; მღვდელმსახურებმა არ უნდა გაწყვიტონ მეუღლეებთან კავშირი, შესაფერის დროს კი ცოლქმრული ურთიერთობა იქონიონ. ასე რომ, ვინც იქნება ხელდასხმის ღირსი – იპოდიაკვნად, დიაკვნად ან მღვდლად, მას ამაში არასგზით არ უშლის ხელს კანონიერ მეუღლესთან თანაცხოვრება; ხელდასხმისას არავინ დაავალდებულოს იგი, რომ მოეკრძალოს კანონიერ შეერთებას საკუთარ ცოლთან, რათა ამით არ შეურაცხვყოთ ღვთის მიერ დადგენილი და მის მიერ თავისი მოსვლისას ნაკურთხი ქორწინება, რამეთუ სახარების ხმა ღაღადებს: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცნი ნუ განაშორებნ მათ“ (მათე 19, 6); მოციქულიც გვასწავლის: „ქორწინება წმინდაა და საწოლი შეუგინებელი“ (ებრ. 13, 4); ასევე: „თუ შეკრულ ხარ მეუღლესთან, ნუ ეძებ გახსნას“ (I კორ. 7, 27). ვიცით, რომ კართაგენში შეკრებილმა მამებმაც, მღვდელმსახურთა ცხოვრების სიწმინდეზე ზრუნვის მიზნით დაადგინეს, რომ იპოდიაკვნები, რომლებიც წმინდა საიდუმლოებებს ეხებიან, ასევე დიაკვნები და მღვდლები, მათთვის მსახურებისათვის განკუთვნილ და მოსამზადებელ პერიოდში უნდა ეკრძალებოდნენ თანამეცხედრეებს. ამრიგად, ჩვენც უვნებლად დავიმარხოთ მოციქულებისაგან გადმოცემული და ძველთაგანვე დაცულიც; ვიცოდეთ ჟამი ყველაფრისა, მით უფრო კრძალვისა და ლოცვისა, რამეთუ საკურთხევლის წინ წარმდგართ, მაშინ, როცა სიწმინდეებთან აპირებენ მიახლებას, ყველაფრისაგან მოკრძალება მართებთ და, ამით შეძლებენ მიიღონ ღმერთისაგან უბრალოებაში ნათხოვნი; ხოლო ვინც მოციქულთა კანონების საწინააღმდეგოდ გაკადნიერდება და რომელიმე სასულიერო პირს, ანუ მღვდელს, დიაკონს ან იპოდიაკონს კანონიერ ცოლთან კავშირსა და ურთიერთცხოვრებას აუკრძალავს, განიკვეთოს. მსგავსადვე, მღვდელი, ან დიაკონი, რომელიც კეთილკრძალულების საბაბით გაუშვებს თავის ცოლს, განყენებულ იქნეს მღვდელმსახურებიდან, ხოლო მოუდრეკელობის შემთხვევაში – განიკვეთოს“ .
ასევე ამავე კრების მე-16 კანონი ადგენს: „მოციქულთა საქმის“ მიხედვით, შვიდი დიაკონი უნდა დადგინდეს. ნეოკესარიის კრების მამებიც თავიანთ კანონებში განაცხადებენ, რომ კანონის თანახმად, რაც უნდა დიდი იყოს ქალაქი, იქ მაინც შვიდი დიაკონი უნდა იყოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ „მოციქულთა საქმეში“ საუბარია არა საიდუმლოს მსახურ დიაკონთა, არამედ ტაბლის მსახურთა შესახებ: „იმ დღეებში, მოწაფეთა გამრავლებისას, იყო ელინთა დრტვინვა ებრაელთა მიმართ, რადგანაც ქვრივნი მათნი უგულებელყოფილნი იყვნენ ყოველდღიურ მსახურებაში. მაშინ თორმეტმა მოციქულმა მოუწოდა მოწაფეთა სიმრავლეს და უთხრა მათ: „ჩვენთვის არ არის მოსაწონი ღმრთის სიტყვის დატოვება და ტაბლების მსახურება. გამოარჩიეთ, ძმანო, თქვენგან შვიდი კაცი, სავსე სულიწმიდითა და სიბრძნით, რომელთაც განვაწესებთ ამ საქმეზე, ჩვენ კი ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივეცემით. მოეწონა ეს სიტყვები ერის სიმრავლეს. გამოარჩიეს სტეფანე, სულიწმიდით სავსე კაცი, ფილიპე, პროხორე, ნიკანორი, ტიმონი, პარმენი და ნიკოლოზი, ანტიოქიელი პროზელიტი; და მოიყვანეს ისინი მოციქულთა წინაშე“ (საქმე 6, 1-6).
ეკლესიის მოძღვარი იოანე ოქროპირი ამბობს: „აღნიშვნის ღირსია ის ამბავი, რომ არ გაითიშა ერი ამ კაცთა არჩევის დროს და შეურაცხყოფილნი არ დარჩენილან მათგან მოციქულნი“ (ჰომილია 15).
საჭიროა ვიცოდეთ, რა პატივი ჰქონდათ მათ ან რა ხელდასხმა მიიღეს: ეს არ უნდა ყოფილიყო დიაკონთა ხელდასხმა, რაკიღა იმ დროისათვის ეკლესიაში ჯერ არ არსებობდა ასეთი რამ. ეგებ მღვდელთა ხელდასხმა? – მაგრამ ჯერ არ იყო არც ერთი ეპისკოპოსი, იყვნენ მხოლოდ მოციქულები, რის გამოც არც დიაკონთა და არც მღვდელთა ხელდასხმა არ უნდა ვიგულისხმოთ. ამრიგად, ცხადი და თვალსაჩინოა და ჩვენც ვქადაგებთ, რომ ხსენებული პირველი შვიდი დიაკონი იყო მსახური არა საიდუმლოთა შეწირვისა, არამედ მათ ევალებოდათ იმდროისათვის შეკრებილი მორწმუნეებს საერთო ქონების განმგებლობა. იქიდან მოყოლებული, ისინი უნდა ყოფილიყვნენ ჩვენთვის კაცთმოყვარეობისა და გაჭირვებულ მორწმუნეებზე ზრუნვის ნიმუში“.
ამ საკითხსვე ეხება ამავე კრების 29-ე კანონი: „კართაგენელ მამათა კანონი (41-ე) ბრძანებს, რომ წმინდა საკურთხეველში მსხვერპლშეწირვა უნდა შეასრულონ იმათ, ვინც მარხვას იცავს მთელი წლის განმავლობაში, გარდა ერთი დღისა, დიდი ხუთშაბათისა, როდესაც სრულდება საუფლო სერობა. ასეთი გადაწყვეტილება [ხსნილი დიდ ხუთშაბათს] საღმრთო მამებმა მიიღეს, ალბათ, რაღაც მიზეზების გამო, ადგილობრივ ეკლესიებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მაგრამ ახლა ჩვენ არ უგულებელვყოთ სათანადო კრძალულება. დავადგენთ, რომ მივყვეთ მოციქულთა და მამათა გადმოცემას: უკანასკნელი შვიდეულის ხუთშაბათს [დიდ ხუთშაბათს] მარხვის გახსნა და ამით მთელი მარხვის შეურაცხყოფა არ არის ჯეროვანი“.
ტრულის კრების 32-ე კანონი: „ჩვენს ყურამდე მოაღწია ამბავმა, რომ სომეხთა ქვეყანაში წმინდა ტრაპეზზე საუფლო მსხვერპლად შესწირავენ მხოლოდ ღვინოს, წყლით განუზავებელს. თავის გასამართლებლად ისინი ასახელებენ ეკლესიის მოძღვარს, იოანე ოქროპირს, რომელიც მათეს სახარების განმარტებაში ამბობს: „რატომ წყალი არ შესვა მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა, არამედ ღვინო? იმის გამო, რომ ძირიანად აღმოეფხვრა უწმინდური მწვალებლობა, რადგან არიან ისეთები, რომლებიც საიდუმლოში მხოლოდ წყალს იყენებენ, წმინდა იოანემ მიუთითა, რომ უფალმა ღვინო გამოიყენა მაშინ, როცა მოწაფეებს საიდუმლოს გადასცემდა და, აღდგომის შემდეგაც, როცა საიდუმლოს გარეშე უბრალო ტრაპეზს სთავაზობდა მათ, აღნიშნავს ამას და ამბობს: „ნაშობისაგან ვენახისაო“ (მათ. 26, 29), ვენახი კი ღვინოს წარმოშობს და არა წყალს“.
სომხებს ჰგონიათ, რომ იოანე ოქროპირი წმინდა მსხვერპლში [ღვინოში] წყლის შერევის წინააღმდეგია. ჩვენ ავხსენით ამ წმინდა მამის სიტყვების აზრი, რათა სომეხნი ამიერიდან მაინც აღარ იყვნენ გაუგებრობაში: ძველია მწვალებლობა იმათი, ვისაც წყლის წარმდგინებლები [ჰიდროპარასტატები] ეწოდებათ. ისინი საიდუმლოში ღვინის ნაცვლად წყალს ხმარობენ, ამიტომ არღვევდა ეს ღმერთშემოსილი კაცი [იოანე ოქროპირი] წყლის წარმდგინებელთა მწვალებლობის უსჯულო მოძღვრებას და გვიჩვენებდა, რომ ისინი სამოციქულო სჯულისდების საწინააღმდეგოს ასწავლიან. აი, ამიტომაც თქვა მან ზემოთ მოტანილი სიტყვები.
ეკლესიაში, სადაც იოანე ოქროპირი მწყემსმთავრობდა, ასწავლიდა ღვინის განზავებას წყლით უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს, რითაც ჯვარცმული მაცხოვრის გვერდიდან გადმოსული სისხლისა და წყლის მდინარეთა შეზავებას წარმოაჩენდა: [ეს მდინარენი] მთელი ქვეყნის განსაცხოველებლად და ცოდვათა გამოსახსნელად გადმოედინა. ყველა ეკლესიაში, სადაც სულიერი მნათობნი ბრწყინავენ, დამტკიცებულია ეს ღმრთივ მოცემული წესი. იაკობი, ქრისტე ღმერთის ხორციელი ძმა, რომელიც იერუსალიმის წმინდა საყდრის პირველი მწყემსმთავარი იყო, და ბასილი კესარიელი მთავარეპისკოპოსი, რომლის დიდებულება ქვეყნის ყოველ მხარეს გაისმა, საღმრთო ჟამისწირვის საიდუმლო წყლითა და ღვინის ასრულებდნენ.
კართაგენში შეკრებილმა მამებმაც თქვეს, რომ საიდუმლოში არაფერი არ შეიძლება შეიწირებოდეს საუფლო ხორცისა და სისხლის მეტი, როგორც თვით უფალს მოუცია [და დაუწესებია], ე. ი. პური და ღვინო, წყლით განზავებული.
ამიერიდან, თუ ეპისკოპოსი ან მღვდელი არ შეასრულებს მოციქულთა მიერ მოცემულ წესს, წყლით არ გააზავებს ღვინოს და ასე არ შესწირავს უხრწნელ საიდუმლოს, განიკვეთოს, როგორც საიდუმლოს არასრულად აღმსრულებელი და დაწერილი გადმოცემის გამქარწყებელი“.
ტრულის კრების 33-ე კანონი: „შევიტყვეთ, რომ სომხეთში, ებრაული წესის მიმდევრობით, მხოლოდ სამღვდელო პირთა შთამომავლებს დააწესებენ სასულიერო პირთა დასში და ზოგ მათგანს, ეკლესიის მსახურად არაღკვეცილს, დაადგენენ მგალობლად და წიგნის მკითხველად. ამიტომ განვაწესებთ: ამიერიდან ნუღარავინ გაირჯებიან იმაზე, სამღვდელო დასის მომავალი წევრი სასულიერო პირთა შთამომავალია თუ არა. მხოლოდ გამოცადონ წმინდა კანონებში მოცემული დადგენილების მიხედვით და ეკლესიის მსახურად დააწესონ იმისდა მიუხედავად, არიან თუ არა ისინი ხელდასხმულთა შთამომავალნი. ამასთანავე, მათ შორის ნურვის მიეცემა უფლება – სამღვდელო დასში დაწესებულთა წესისა მებრ საღმრთო სიტყვა იქადაგოს ერისთვის, თუ სამღვდელო აღკვეცა და კანონებრივი კურთხევა არ მიეღოს თავისი მწყემსისგან. თუ ვინმე გაბედავს ამ კანონის საწინააღმდეგო მოქმედებას, უზიარებლობით დაისაჯოს“.
ასევე იმავე კრების 55-ე და 56-ე კანონები ადგენენ: „ვინაიდან შევიტყვეთ, რომ ქალაქ რომის მკვიდრნი წმინდა დიდმარხვის დღეებში შაბათობითაც მარხულობენ, რაც ეკლესიის გადმოცემის საწინააღმდეგოა, ამიტომ წმინდა კრებას სწადია, რომ რომის ეკლესიაშიც შეურყვნელად იქნეს დაცული კანონი, რომელიც ამბობს: თუ სასულიერო პირი იმარხულებს წმინდა საუფლო დღეს, ან შაბათს, გარდა ერთი შაბათი დღისა, განიკვეთოს; ხოლო თუ ერისკაცი – წმინდა ზიარებიდან განკანონდეს“; „შევიტყვეთ აგრეთვე, რომ სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ადგილებში შაბათ და კვირა დღეებში ყველსა და კვერცხს ჭამენ. ჩვენი აზრით, ღმრთის ეკლესია ყველგან ერთი წესით უნდა მარხულობდეს და ეკრძალებოდეს ყოველივე დაკლულს, აგრეთვე კვერცხსა და ყველს, რომლებიც იმის ნაყოფი არიან, რასაც ვეკრძალებით. ხოლო ვინც არ დაიცავს ამ წესს, თუ სასულიერო პირი იქნება, განიკვეთოს, ერისკაცი კი წმინდა ზიარებიდან განკანონდეს“.
ადგილობრივი ეკლესიები კანონების მიღებისას განსაკუთრებულად უნდა აქცევდნენ ყურადღებას იმას, რომ მათ მიერ მიღებული კანონები ეყრდნობოდეს და ამოდიოდეს უშუალოდ მსოფლიო კრებებზე მიღებული კანონებიდან და არ იყოს მიღებული უცოდინარობის, ვნებების, რაიმე სახის შიდა საეკლესიო ზემოქმედების გამო. ამიტომ, თუ ადგილობრივი კრება შემთხვევით მიიღებს კანონს, რომელსაც მკაცრი კანონიკური საფუძველი არა აქვს, როგორც კი მიხვდება მის მცდარობას, მან მაშინვე თავისი გადაწყვეტილებით უნდა მიიღოს ზომები მის გასაუქმებლად და ახალი კანონის მისაღებად, რომელიც დაეყრდნობა კანონიკურ საფუძვლებს. ეკლესიის საკანონმდებლო ისტორიაში იყო მსგავსი შემთხვევები, რომელიც მაგალითად უნდა იქნეს მიჩნეული ყველა შემდგომი დროისთვის, რათა აიცდინოს ეკლესიამ შეცდომები და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგები.
3 იგულისხმება მოციქულთა 26-ე კანონი.
ეპისკოპოსთა საკანონმდებლო უფლებამოსილება
ეკლესიაში ეპისკოპოსის მდგომარეობიდან გამომდინარე, იმ უფლებებს, რომლითაც ის სარგებლობს, ზოგადად, ეკლესიის მოწყობაში, თავისთავად ემყარება ეპისკოპოსის საკანონმდებლო უფლებამოსილება. ადრეული პერიოდიდანვე ეპისკოპოსები, მათდამი რწმუნებულ რეგიონებში, გამოსცემდნენ კანონებს, რომელიც იმ დროის მოთხოვნილებებს ეხმიანებოდა – ეკლესიის მოწყობასა და მრევლის ქრისტიანულ ცხოვრების წარმართვაზე. ამას ადასტურებს მოციქულთა და პირველი საუკუნის მამათა ეპისტოლეები. მეოთხე საუკუნეში ეპისკოპოსის საკანონმდებლო მოქმედება განისაზღვრა მოციქულთა 34-ე კანონის შესაბამისად: „ყველა ერის ეპისკოპოსებმა უნდა იცოდნენ მათ შორის პირველი და თავი ეპისკოპოსი და არაფერი ზედმეტი არ უნდა გააკეთონ მის გარეშე, არამედ ყოველი მათგანი მხოლოდ იმას უნდა აკეთებდეს, რაც სასარგებლოა მისი ეკლესიისთვის და მასზე დაქვემდებარებული სოფლებისთვის. მაგრამ ნურც (პირველი) ეპისკოპოსი გააკეთებს ნურაფერს სხვებთან შეთანხმების გარეშე, ვინაიდან მხოლოდ მხოლოდ ასე (შეიძლება) აღესრულოს ერთიანობა და იდიდოს ღმერთი უფლის მიერ სულიწმიდით“.
ამ კანონზე დაყრდნობით პირველი მსოფლიო კრების მე-6 და მე-7 კანონები განაწესებენ: „დაცული იყოს უძველესი ჩვეულება, რომელიც მიღებული იყო ეგვიპტეში, ლიბიასა და პენტაპოლისში, რათა ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ყველა მათგანის ხელისუფალი იყოს. რამეთუ რომის ეპისკოპოსისთვისაც ასეა მიღებული. მსგავსადვე ანტიოქიაში და სხვა სამთავროებშიც შენარჩუნდეს დედა ეკლესიათა უპირატესობა. საერთოდ კი ცხადი იყოს ყველასათვის შემდეგი: თუ ვინმე მიტროპოლიტის ნებართვის გარეშე ეპისკოპოსად დადგინდება, ასეთი პირის მიმართ დიდმა კრებამ განაჩინა, რომ ეპისკოპოსად არ უნდა დარჩეს. ხოლო თუ ეპისკოპოსთა მთელი კრება კურთხევითა და საეკლესიო სამართალის შესაბამისად გამოარჩევს, მაგრამ ორი ან სამი ეპისკოპოსი, საკუთარი პატივმოყვარეობიდან გამომდინარე, ამ გამორჩევას შეეწინააღმდეგება, მაშინ ძალა ექნება უმეტესობის აზრს“; „რადგან ჩვეულებით დამტკიცებულია და ზეციდან მოცემული, რომ პატივი მიეგოს ელიის (იერუსალიმის) ეპისკოპოსს, ამიტომ ამ ქალაქს შეურყევლად ჰქონდეს მიტროპოლიის პატივი“.
ასევე ანტიოქიის კრების მე-9 კანონი განაჩინებს: „თითოეული სამთავროს ეპისკოპოსები [უნდა ემორჩილებოდნენ] ეპისკოპოსს (მიტროპოლიტს), რომელსაც დედაქალაქის საყდარი უპყრია. ის ზრუნავს მთელ სამთავროზე, ვინაიდან დედაქალაქში მიისწრაფვის ყველა, ვისაც საქმე აქვს. ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ პატივითაც უპირატესი იყოს იგი და არაფერი ზედმეტი მოიმოქმედონ სხვა ეპისკოპოსებმა, რაც მან არ იცის, ჩვენი მამების ძველთაგანვე დამტკიცებული კანონისამებრ, გარდა იმისა, რასაც საჭიროდ მიიჩნევს თითოეული ეკლესია თავის ფარგლებში შემავალი სოფლებით, ვინაიდან თითოეულ ეპისკოპოსს უფლება აქვს, თავისი ეკლესია განაგოს თავისი ღმრთისმოშიშების შესაბამისად და იზრუნოს მის ქალაქს დაქვემდებარებულ სოფლებსა და ადგილებზე, მაგალითად, აღასრულოს მღვდლებისა და დიაკვნების ხელდასხმა და ქმნას სამართალი თითოეული საქმისა. ხოლო ამიერიდან მათ არაფერი უნდა გააკეთონ დედაქალაქის ეპისკოპოსის (მიტროპოლიტის) გარეშე, მაგრამ ნურც დედაქალაქის [ეპისკოპოსი] გააკეთებს ნურაფერს სხვა ეპისკოპოსებთან შეთანხმების გარეშე“.
ეპისკოპოსის საკანონმდებლო უფლებამოსილების იურიდიული საფუძველი ემყარება მის დამოუკიდებლობას მისდამი რწმუნებულ ეკლესიაში. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, ეპისკოპოსს უფლება აქვს, თავის ეპარქიაში თავად მართოს შიდა საეკლესიო ცხოვრება, სადაც განურჩევლად ყველა მას უნდა მორჩილებდეს. ეპისკოპოსის უფლებამოსილება გამომდინარეობს მისი იერარქიული ხარისხიდან, რომელიც მას ანიჭებს მოციქულთა მემკვიდრეობას, და როგორც ეპისკოპატის წევრს, ერთიანს და სულიერად განუყოფელს, მოეთხოვება ჰქონდეს კავშირი და ერთობა დანარჩენ ეპისკოპოსებთან, ისევე როგორც თავისი ეკლესიის ერთობა და კავშირი – დანარჩენ ადგილობრივ ეკლესიებთან და მასში მოციქულთა მოწოდების ტვირთვა. ეპისკოპოსი ვერ შეძლებს, მისდამი რწმუნებული ეკლესიის საზღვრებში განახორციელოს მოციქულებრივი მოწოდება, თუკი მას არ ექნება უფლებამოსილება კანონთა წარმოებისა, რადგან მსოფლიო კრებებზე მიღებულმა საყოველთაო კანონმდებლობამ კონკრეტულ ეკლესიაში ვითარებისა და დროიდან გამოდინარე შეიძლება ვერ იმოქმედოს ეფექტურად და დასჭირდეს უფრო მეტად კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინება, კანონთა მიღება, რომელიც ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს, თუმცა ის ძირითადი კანონმდებლობიდან უნდა ამოდიოდეს და არ შორდებოდეს საეკლესიო კანონმდებლობის, მართმადიდებლური სულის არსს. ამას განსაზღვრავს კანონები, მათ შორის, მოციქულთა 35-ე კანონი: „ეპისკოპოსმა არ უნდა გაბედოს ხელდასხმა თავისი სამრევლოს გარეთ, ქალაქებსა და სოფლებში, რომელიც არ ექვემდებარება მის ეკლესიას. ხოლო თუ იგი მხილებული იქნება ამის მოქმედად, იმ ადგილების მპყრობელი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, უნდა განიკვეთოს ისიც და მის მიერ ხელდასხმულიც“. ასევე, პირველი მსოფლიო კრების მე-15 კანონი განსაზღვრავს: „მრავალი შფოთიანი საქმისა და არეულობის გამო, რომელიც თავს იჩენს ხოლმე, წმინდა კრებას მიაჩნია, სრულიად მოისპოს ზოგიერთ მხარეში დამკვიდრებული უკანონო ჩვეულება და ქალაქიდან ქალაქში არ გადადიოდეს არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი, არც დიაკონი. თუ ვინმე წმიდა და დიდი კრების ამ განწესების საწინააღმდეგოდ მოიქცევა, ან მის მიმართ დაშვებულ ასეთ ქმედებას წინ არ აღუდგება, მაშინ განკარგულება გაუქმებულად იქნება მიჩნეული, გადაყვანილი კი თავის ეკლესიაში უნდა დაბრუნდეს, სადაც იგი ხელდასხმული იყო მსახურებისათვის ეპისკოპოსად, მღვდლად ან დიაკვნად“.
ასევე მეორე მსოფლიო კრების მეორე კანონი განაჩინებს: „ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, გასცდეს თავისი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ აღირიოს ეკლესიები. კანონთა თანახმად, ალექსანდრიის ეპისკოპოსი უნდა განაგებდეს მხოლოდ ეგვიპტის ეკლესიებს, აღმოსავლეთის ეპისკოპოსნი − მხოლოდ აღმოსავლეთის ეკლესიებს. დაცული უნდა იყოს ნიკეის კრების კანონებით დაწესებული პატივი ანტიოქიის ეკლესიისა. აზიის სოფლების ეპისკოპოსნი უნდა განაგებდნენ მხოლოდ აზიის ეკლესიებს, პონტოელი ეპისკოპოსები უნდა მართავდნენ მხოლოდ პონტოს ეკლესიებს, ხოლო თრაკიის ეპისკოპოსები − თრაკიის ეკლესიებს.
ეპისკოპოსი არ უნდა გავიდეს თავისი სამრევლო ეკლესიის ფარგლებიდან ხელდასხმისათვის ან სხვა რაიმე საეკლესიო განგებისათვის, მოწოდების ანუ მიწვევის გარეშე. თითოეულ სამთავროს (ეპარქიას) განაგებს ამავე სამთავროს კრება ნიკეაში განსაზღვრული კანონის თანახმად, ხოლო წარმართთა შორის არსებული უცხო ტომთა ეკლესიები უნდა განაგონ მამათა მიერ დაწესებული ძველი კანონების მიხედვით“.
მესამე მსოფლიო კრების მე-8 კანონი: „კვიპროსელმა ეპისკოპოსებმა (რიგინოსი, ზინონი და ევაგრე) ეფესოს კრებას წარუდგინეს სიტყვიერი და წერილობითი საჩივარი იმის შესახებ, რომ ანტიოქიის ეპისკოპოსი მოქმედებდა საეკლესიო წესთა და წმინდა მამათა კანონის საწინააღმდეგოდ, როდესაც ბედავდა კვიპროსზე ხელდახმას. კრების განჩინების თანახმად, კვიპრელ ეპისკოპოსებს, საეკლესიო კანონებისამებრ, თვითონ უნდა ჰქონდეთ თავისივე ეპისკოპოსების ხელდასხმის უფლება. ეს წესი უცვლელად უნდა იყოს დაცული სხვა განსაგებელთა (ოლქთა) და ეპარქიათა მიმართ.
ნურც ერთი ეპისკოპოსი მიიტაცებს სხვა ეპარქიას, რომელიც ძველთაგანვე არ ემორჩილებოდა მას და არ იყო მის წინამორბედ საყდრის მპყრობელთა გამგებლობაში. ხოლო თუ ვინმე მიიტაცებს და დაიმორჩილებს სხვის ეპარქიას იძულებით, უნდა გათავისუფლდეს, რათა არ დაირღვეს მამათა კანონი და მღვდელთმთავრებში თავი არ იჩინოს საერო მთავრობისმოყვარეობის ამპარტავნობამ და მედიდურობამ.
წმინდა მსოფლიო კრებამ დაადგინა აგრეთვე, რომ თითოეულმა ეპარქიამ წმინდად დაიცვას ძველი ჩვეულება და წესი. თითოეულმა მიტროპოლიტმა უნდა წაიღოს ამ კანონის ასლი თავისი სიმტკიცისათვის. ვინმე თუ ამ დადგენილების საწინააღმდეგო წესს შემოიღებს, მსოფლიო კრება მას არ დაამტკიცებს და შესაბამისად, არ ექნება ძალა“.
ანტიოქიის კრების მე-13 და 22-ე კანონები განაწესებს: „ეპისკოპოსმა არ უნდა გაბედოს ერთი სამთავროდან [ეპარქიიდან] სხვა სამთავროში გადასვლა, იქ ეკლესიაში ხელდასხმისა და ჟამისწირვის აღსრულება და არც სხვა უნდა წაიყვანოს თან, თუ არ იქნება მიწვეული მიტროპოლიტისა და მასთან მყოფი იმ ეპისკოპოსების წერილობით, რომელთა სოფლებშიც მიდის. ხოლო თუ მოწოდების გარეშე წავა უწესოდ ვინმეს ხელდასხმისათვის და იმ საეკლესიო საქმეების მოსაგვარებლად, რაც მის უფლებებში არ შედის, მის მიერ აღსრულებული [საქმე] დაუმტკიცებლად უნდა მივიჩნიოთ, ხოლო მას მისი უწესო და უსამართლო წამოწყების შესაფერისი სასჯელი უნდა მიეზღოს, როგორც განკვეთილს წმინდა კრების მიერ“; „ეპისკოპოსი ნუ შევა უცხო ქალაქში, რომელიც თავიდან მის ხელქვეით არ იყო, ნურც იმ სოფელში, რომელიც მის მრევლს არ ეკუთვნის, ხელთ ნუ დაასხამს ვისმე, ნურც მღვდელს და დიაკონს დანიშნავს სხვა ეპისკოპოსის განსაგებელ ადგილებში. გამონაკლისი შეიძლება დავუშვათ ისეთ შემთხვევაში, თუ იმ ადგილის ეპისკოპოსი თანახმაა. თუ ვინმემ გაბედოს ამისი მსგავსი რამ, ხელდასხმა არ უნდა დამტკიცდეს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს კრების მიერ საეკლესიო კანონის მიხედვით“.
ამავე საკითხს ეხება სარდიკიის კრების მე-3 კანონი, რომელიც ადგენს: „ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: ესეც უნდა დავუმატოთ, რომ არც ერთი ეპისკოპოსი თავისი სამთავროდან არ უნდა მივიდეს სხვა სამთავროში, რომელსაც ჰყავს ეპისკოპოსი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას მიიწვევენ ძმები: არავის ეგონება, რომ ჩვენ ურთიერთსიყვარულის კარს ვხშავთ.
ამასთან ერთად ესეც დავადგინოთ, რომ თუ რომელიმე სამთავროში ერთ ეპისკოპოსს ჰქონდეს მეორესთან სადავო საქმე, ნურც ერთი მათგანი ნუ მოიხმობს სხვა სამთავროს ეპისკოპოსს ამ საქმის განსახილველად და მსჯავრის დასადებად.
თუ ივარაუდება, რომ რომელიმე ეპისკოპოსი რაიმე საქმის გამო უნდა დაისაჯოს და თვითონ კი ეგონოს, რომ მტყუანი არ არის, არამედ ნამდვილად მართალია, უნდა განახლდეს სასამართლო საქმე, თუ თქვენს სიყვარულს უნდა, პატივი ვცეთ პეტრე მოციქულის ხსენებას და მისწეროს მან იულიუს რომის ეპისკოპოსს. თუ ეს უკანასკნელი დაინახავს, რომ საჭიროა საქმის ხელახლა განხილვა, მეზობელი სამთავროს ეპისკოპოსებისგან გამოუყოფს საქმის განმხილველთ. თუ ხელახლა განხილვას და სამსჯავროს განახლებას არ ითხოვს, ერთხელ განხილული და გამოძიებული საქმე ნუღარ დაირღვევა, არამედ მტკიცედ დაიცვან მიღებული დადგენილება“.
თავისი საკანონმდებლო უფლებამოსილების გამოხატვა მას შეუძლია პირადად, „სამღვდელთმთავრო ეპისტოლის“ სახით, რომელიც მარტო მშრალ დადგენილებას არ უნდა წარმოადგენდეს რომელიმე საკითხზე, არამედ ამ დადგენილების მიზანსა და მიზეზს. ის უფრო დამრიგებლური სახით უნდა იყოს გადმოცემული და არა მბრძანებლურ კილოზე. ამას განაპირობებს თავად ქრისტეს ეკლესიის სული, რომელიც თავის დადგენილებების აღსასრულებლად უნდა იყენებდეს არა ძალისმიერ, იძულებით ზომებს, არამედ მხოლოდ დარიგებებს, რათა შეგონების გზით იმოქმედოს ადამიანების სინდისზე და დაიყოლიოს მის მისაღებად. ეკლესიის მამები თავის დადგენილებებს გამოსცემდნენ მოკრძალებული შეგონების, მოსაზრებების სახით, რომელთა მიზანშეწონილობას ამყარებდნენ საეკლესიო კანონებით. მაგალითად, წმინდა გრიგოლ ნოსე ლის მე-6 კანონი ასეთი სახით არის გადმოცემული: „კერპთმსახურების ნაირსახეობა, როგორც უწოდებს საღმრთო მოციქული ანგარებას, არ ვიცი, თუ როგორ დატოვეს უკურნებლად მამებმა. ამ ბოროტებას მესამე ადგილი დაუპყრია სულში ცნობილ ვნებათა შორის, რადგან როდესაც გონება (ფიქრი) სიკეთეზე განსჯის უნარს დაკარგავს, მას ჰგონია, რომ სიკეთეს ნივთიერი სახე აქვს, ვერ ხედავს არანივთიერ სიკეთეს და სულის გულისთქმისმიერ ძალას ამქვეყნიურისკენ წარმართავს ჭეშმარიტად სასურველის მიტოვებით. მრავალ ცოდვას იღებს თავზე ასეთი შეცოდებით ატეხილი შფოთისა და გულისწყრომის ვნება. უფრო ცხადად ვიტყვი, ყოველნაირად ეთანხმება ეს სენი მოციქულისეულ ანგარების განსაზღვრებას, რადგან საღმრთო მოციქულმა არა მარტო კერპთმსახურება, არამედ ყოველივე ბოროტების ძირი უწოდა მას (შდრ. I ტიმ. 6,10) და თუ ამოდენა და ასეთი არის მისი სიბოროტის სახე, ასე უყურადღებოდ და უგულებელყოფილად არ დაიტოვება მისი განკურნების ვითარება. ამ უყურადღებობის გამო იგი ეკლესიის სენად იქცა, რადგან სამღვდელო დასის წევრად მოსაყვანი არც ერთი პირი არ შეისწავლება, იყო თუ არა ოდესმე შეგინებული ნივთთა ასეთი კერპთმსახურებით. იმის გამო, რომ ეს საკითხი არ არის მოხსენიებული ჩვენი მამების მიერ, საკმაოდ მივიჩნევთ საერო სწავლისა და მოძღვრების სიტყვას, რომ, თუ სურს განკურნება, როგორც მთელი სხეულის მომცველი ვნება, სიტყვით განიწმინდოს ანგარების სენი. და მოვიხსენიებთ მხოლოდ პარვას, საფლავთა ძარცვას და სიწმინდეთა და ეკლესიის მკრეხელობას, რადგან ამათზე მიგვითითებს მამათა მიერ გამოტანილი დადგენილებებიც. საღმრთო წერილის მიერ უარყოფილია ქონების სიყვარული, ვახში, აღნადგინები, თავის ქონებაზე სხვისი ძალადობით ქონების დამატება, თუნდაც ამას ვაჭრობის, შეთანხმების სახე ჰქონდეს.
რადგან ჩემი თავი არ მიმაჩნია უფლებამოსილად, კანონი დავადგინო, ამიტომ კანონებრივ მსჯავრს დავიმოწმებ ასეთი განსაგდებელი და უარსაყოფი საქმეებისათვის. ქურდობა იყოფა ავაზაკობად და სისხლის საძირკვლის გათხრად. ორივე ქმედების მიზანი ერთია: სხვისი ქონების მიხვეჭა. მაგრამ დიდია მათ შორის ზღვარი, თუ რას აირჩევს თავისი ნებით ამ საქმის აღსასრულებლად. ავაზაკი მკვლელობასაც არ დაერიდება, რომ თავისი მისწრაფება შეასრულოს. იგი თავიდანვე შეიარაღებულია ამ საქმისთვის, მომზადებულია, იარაღსაც იხმარს, თანამოქმედთაც დაიხმარებს და ადგილმდებარეობასაც მოიმარჯვებს, რის გამოც ასეთს კაცისკვლის ბრალი ედება, თუ მოინანიებს და თავის თავს ეკლესიას მოჰგვრის.
ხოლო ვინც ფარულად მიიხვეჭს სხვის ქონებას და ამის შემდეგ თავს გაამხელს ცოდვის აღიარების დროს მღვდლის წინაშე, მონდომებით აღუდგება წინ ვნებას და განკურნავს დაავადებას, ასეთმა თავისი ქონება უნდა გაუყოს გლახაკებს, რომ იმის დაფანტვით, რაც აქვს, ცხადად გამოჩნდეს მისი განწმენდა ანგარების სენისაგან. თუ არაფერი ჰქონდეს, გარდა სხეულისა, მოციქული უბრძანებს, რომ ხორციელი შრომით განკურნოს თავისი ვნება. მოციქული გვეუბნება: „მპარავი ნუღარ იპარავს, არამედ მეტი იშრომოს და ქნას სიკეთე, რომ ჰქონდეს მისაცემელი მისთვის, ვისაც სჭირდება“ (ეფეს. 4, 28). ასევე ნეტარი დიონისე ალექსანდრიელის მეოთხე კანონი: „ვისაც შეემთხვევა ღამის უნებლიე თესლის დინება, ისინიც თავისსავე სინდისის სამსჯავროს უნდა წარუდგნენ და თვითონ უნდა განიხილონ, განიკითხავენ თუ არა თავის თავს ამისთვის. როგორც საჭმლის შესახებ ამხილებს განმკითხველი გონება, მოციქული და ამბობს: „თუ ჭამს – დაისჯება“ (რომ. 14, 23), ასევე ამ შემთხვევაშიც ყველას, ვინც მიმართავს ღმერთს, უნდა ჰქონდეს კეთილი სინდისი და გამბედაობა თავისი განსჯისამებრ.
შენ ამას გვეკითხები ჩვენ, საყვარელო, ჩვენი პატივისცემის გამო და არა როგორც უმეცარი, რათა ერთი აზრისა და ერთსულოვნებისკენ წარგვმართო, როგორც ვართ კიდევაც ჭეშმარიტებით. ხოლო მე გწერ ამას არა როგორც მოძღვარი, არამედ ისე, როგორც შეგვეფერება ჩვენ ერთმანეთთან სრულიად მარტივი საუბარი: ორივე ჩვენგანის ნაფიქრი ჩემს ნათქვამში გავაერთიანე. შენც, ყოვლად გულისხმიერო ჩემო ძეო, განიხილე ეს და მომწერე, თუ სურვილის ღირსად მიიჩნიო, რაც შენი სულისთვის მოსაწონი იქნება. ჯანმრთელად იყავი, ჩემო საყვარელო ძეო, უფლის მშვიდობით მსახური და ჩემთვის მლოცველი“.
ეპისკოპოსების ასეთი სამოძღვრო გზავნილები მიმართული იყო ან მისი სამწყსოსათვის კონკრეტულ ეპარქიაში და ეს ეპისტოლე სადღესასწაულო ლიტურგიის მსახურების შემდეგ სახალხოდ უნდა წაეკითხათ, ან ეკლესიის მსახურთათვის და ის უკვე იწოდებოდა „მრგვლივ მოსავლელ“, ე. ი. საყოველთაო ეპისტოლედ და განკვეთის ან პატივის აყრის მუქარით ეპისკოპოსებს უნდა დაერწმუნებინათ ყველა ამ დადგენილების მიღებასა და დამორჩილებაში. ადრე ეპისკოპოსი, ვიდრე ეკლესიის მსახურთათვის გამოსცემდა დადგენილებას, ის მოუსმენდა მოძღვართა საბჭოს და შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას. დღესაც ისინი გაეცნობიან კონსისტორიის შეხედულებას კონკრეტულ საკითხებზე, რომელთა შესახებაც სურთ დადგენილების მიღება და საყოველთაო ეპისტოლის გაგზავნა სამღვდელო დასისთვის, თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას ეპისკოპოსი და კონსისტორიის წარმომადგენლები, ასეთ დადგენილებას ეწოდება საკონსისტორიო დადგენილება და მას აქვს კანონის ძალმოსილება კონკრეტულ ეპარქიაში.
კანონთა მიღება-გამოცემის საკითხში კანონით განსაზღვრულ საეპარქიო საზღვრებში ეპისკოპოსები მთლიანად დამოუკიდებლები არიან. ბასილი დიდის 30-ე კანონი ბრძანებს: „დედაკაცების მომტაცებელთა შესახებ არა გვაქვს ძველი კანონი. მაგრამ ჩვენი მოსაზრებით დავაწესებთ, რომ სამი წელი უნდა დაყონ ლოცვათა გარეშე იმათაც და მოტაცების ხელისშემწყობებმაც. ხოლო თუ ვინმე ამგვარ რამეს მოიმოქმედებს ძალადობის გარეშე, ის უდანაშაულოდ უნდა მივიჩნიოთ, თუ არც გახრწნა, არც მოპარვა მომხდარა ამ საქმისას. ქვრივი კი თავის თავის პატრონია და მისი ნებაა კაცის წაყოლა. ამის გამო ჩვენი საზრუნავი არ არის, თუ რა სახის არის ამ შემთხვევაში მოტაცება“.