მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი IX: საღვთისმსახურო უფლებამოსილება
IX ეკლესია არის ტაძარი, სადაც მარადიული მღვდელთმთავარი არის ქრისტე, საკუთარი თავის მსხვერპლად შემწირველი ადამიანთა სულების გამოსახსნელად. ეს მსხვერპლი ეკლესიაში დღესაც იწირება და სამყაროს აღსასრულამდე შეიწირება. ადამიანის გამოხსნა, განწმენდა, მსხვერპლშეწირვით განხორციელებული ქრისტეს მიერ, წარმოადგენს ღვთის უდიდეს საიდუმლოს, რომლის მეშვეობითაც ყველა მღვდელმსახურება აღესრულება. ღვთისმსახურების ნაწილი თავად ეკლესიის დამაარსებელმა განსაზღვრა, როგორც ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება, ნაწილი კი, დროთა განმავლობაში, დაადგინა ეკლესიამ იმ უფლებამოსილებით, რომელიც მას ებოძა ეკლესიის დამაარსებლის მიერ იმისთვის, რათა ეკლესიაში მარად სუფევდეს სიწმინდე და ღვთის ნება აღესრულებოდეს ყველაზე. პირველი იწოდება ღვთისმსახურებით საიდუმლოდ, ხოლო მეორე წარმოადგენს სხვადასხვა ლოცვას, რომელსაც ეპისკოპოსი ან მღვდელი კითხულობს გარკვეული ადამიანის სახელზე, რომელსაც ღვთისმსახურად აკურთხებენ, ან ღვთისთვის შეწირულ ნივთზე, ან ღვთისმსახურებაში გამოსაყენებელ ჭურჭელზე.
ეკლესიაში შვიდი საიდუმლოა, ესენია: ნათლობა, მირონცხება, ზიარება, აღსარება/სინანული, მღვდლობა, ქორწინება, ზეთისკურთხევა. ყველა საიდუმლო გამომდინარეობს ღვთის ნებიდან, საეკლესიო კანონმდებლობამ კი მის არსთან მიმართებით მხოლოდ მისი ნების ფურმულირება მოახდინა და მიუთითა, როგორ უნდა შესრულდეს ზუსტად. მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში, გარემოებიდან გამომდინარე, სხვადასხვა საიდუმლოს ჩატარების დროს ეს კანონმდებლობა მკაცრად იცავს ამ საიდუმლოს არსს და ადგენს, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედოს. ის გამოსცემს კანონებს, რომლის მეშვეობითაც იცავს იმ მიზანს, რისთვისაც ეს საიდუმლოებები დადგინდა.
ღვთისმსახურების აღმსრულებელნი
მღდელმსახურებას აღასრულებს ის, ვინც კანონიერადაა ხელდასხმული ეპისკოპოსად ან მღვდლად. მაგრამ ეპისკოპოსი ან მღვდელი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ იარაღს ღვთის ხელში, რადგან აქ მოქმედებს თავად ღმერთი და ადამიანებს მადლს აძლევს არა სასულიერო პირი, არამედ სასულიერო პირის მეშვეობით თვითონ ღმერთი. ამიტომ დადგენილი წესის მიხედვით სწორედ შესრულებული ყველა სახის ღვთისმსახურება, თავისი არსით, მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, მღვდელი თავისი პიროვნული თვისებებით ღირსია თუ არა ამ მსახურების ჩატარებისა (მაკარის მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება). როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, ღვთისმსახურებაზე სრული მეუფება ეკუთვნის ეპისკოპოსს, მხოლოდ მისგან ხელდასხმის შემდეგ შეუძლია მღვდელს ღვთისმსახურების შესრულება.
ღანგრის მე-6 კანონის თანახმად, „თუ ვინმე ეკლესიის გარეთ, ცალკე ეკლესიობდეს, უგულებელყოფდეს ეკლესიას, საეკლესიო საქმეების გადაწყვეტა მის გარეთ მოისურვოს და არ ჰყავდეს მღვდელი ეპისკოპოსის ნებართვით, შეჩვენებულ იყოს“.
ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ღვთისმსახურების იმ სახით ჩატარებას, როგორც ის დადგენილია ეკლესიის მიერ. ეს ყველაფერი კანონებით არის განმტკიცებული და ყველა ეპისკოპოსისგან მოითხოვს, ყურადღება მიაქციოს, თავის ეპარქიაში ღვთისმსახურება ისე ჩატარდეს, როგორც ამას განსაზღვრავენ განწესებები და დადგენილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მკაცრი სასჯელი ეკისრება დამრღვევ სასულიერო პირებს. ტრულის კრების 81-ე კანონი ბრძანებს: „შევიტყვეთ, რომ ზოგან „სამწმიდას“ გალობაში „წმიდაო უკვდავოს“ შემდეგ უმატებენ სიტყვებს: „რომელი-იგი ჯვარს ეცვი ჩვენთვის, შეგვიწყალენ ჩვენ“. ეს სიტყვები ძველმა წმინდა მამებმა უარყვეს, როგორც კეთილმსახურებისათვის უცხო, უარყვეს ის უსჯულო მწვალებლებიც, რომლებმაც ეს სიტყვები შემოიტანეს. ჩვენ ვამტკიცებთ წმინდა მამემის მიერ იმთავითვე კეთილმსახურებით დაკანონებულს და შევაჩვენებთ მათ, ვინც ამ დადგენილების შემდეგაც სამწმინდის გალობას უმატებენ ზემომოყვანილ წინადადებას ეკლესიაში ან სხვაგან სადმე. თუ ვინმე სამღვდელო პირი დაარღვევს ამ დადგენილებას, ვბრძანებთ, აეყაროს მას სამღვდელო პატივი. თუ ერისკაცი ან მონაზონი დაარღვევს, ზიარება აეკრძალოს“.
პირველი მსოფლიო კრების 20-ე კანონი განაწესებს: „ზოგიერთნი კვირასაც და სულიწმიდის მოფენის დღეებშიც მოიდრეკენ მუხლს. წმინდა კრების დადგენილება დაცული იყოს ყველა ეკლესიაში, რომ ამ დღეებში ფეხზე მდგომარენი მისცემდნენ თავის ლოცვას ღმერთს“.
ასევე ტრულის კრების 28-ე და 32-ე კანონები განაჩინებს: „შევიტყვეთ, რომ მღვდლებს მრავალ ეკლესიაში, უსისხლო მსხვერპლთან ერთად, საკურთხეველზე მიაქვთ ახალი ყურძენი და ჩამოურიგებენ მრევლს. გამცნობთ, რომ სამღვდელოთაგან ასეთი რამ არავინ ჩაიდინოს. ცოდვათა მისატევებლად და ცხოველმყოფლად მრევლს უნდა მიეცეს მხოლოდ საიდუმლო მსხვერპლი, ხოლო ახალი ყურძენი, როგორც, როგორც პირველნაყოფი, მღვდელმა ცალკე უნდა აკურთხოს და გაუყოს მრევლს ნაყოფის მომცემელი ღმრთის სამადლობლად, რადგან მათგან (ნაყოფთაგან) აღორძინდება და იკვებება ჩვენი ხორცი“; „ჩვენს ყურამდე მოაღწია ამბავმა, რომ სომეხთა სოფლებში წმინდა ტრაპეზზე საუფლო მსხვერპლად შესწირავენ მხოლოდ ღვინოს, წყლით არ აზავებდნენ მას. ამის გასამართლებად ისინი ასახელებენ ეკლესიის მოძღვარს, იოანე ოქროპირს, რომელიც მათეს სახარების განმარტებაში ამბობს: „რატომ წყალი არ შესვა მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა, არამედ ღვინო?“ იმის გამო, რომ ძირიანად აღმოეფხვრა უწმინდური მწვალებლობა, რადგან არიან ისეთები, რომლებიც საიდუმლოში მხოლოდ წყალს იყენებენ, წმინდა იოანემ მიუთითა, რომ უფალმა ღვინო გამოიყენა მაშინ, როცა მოწაფეებს საიდუმლოს გადასცემდა და, აღდგომის შემდეგაც, როცა საიდუმლოს გარეშე უბრალო ტრაპეზს სთავაზობდა მათ. აღნიშნავს ამას იოანე ოქროპირი და ამბობს: „...ნაყოფისაგან ამისა ვენაჴისა...“ (მათ. 26, 29), ვენახი კი ღვინოს წარმოშობს და არა წყალს“.
სომხებს ჰგონიათ, რომ იოანე ოქროპირი წმინდა მსხვერპლში [ღვინოში] წყლის შერევის წინააღმდეგია. ჩვენ ავხსენით ამ წმინდა მამის სიტყვების აზრი, რათა სომეხნი ამიერიდან მაინც აღარ იყვნენ გაუგებრობაში: ძველია მწვალებლობა იმათი, ვისაც წყლის წარმდგინებლები [ჰიდროპარასტატები] ეწოდებათ. ისინი საიდუმლოში ღვინის ნაცვლად წყალს ხმარობენ. ამიტომ არღვევდა ეს ღმერთშემოსილი კაცი [იოანე ოქროპირი] წყლის წარმდგინებელთა მწვალებლობის უსჯულო მოძღვრებას და გვიჩვენებდა, რომ ისინი სამოციქულო სჯულისდების საწინააღმდეგოს ასწავლიან. ამიტომაც თქვა ზემომოყვანილი სიტყვები.
ეკლესიაში, სადაც იოანე ოქროპირი მწყემსმთავრობდა, ასწავლიდა ღვინის განზავებას წყლით უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს, რითაც ჯვარცმული მაცხოვრის გვერდიდან გადმოსული სისხლისა და წყლის მდინარეთა შეზავებას წარმოაჩენდა: [ეს მდინარენი] მთელი ქვეყნის განსაცხოველებლად და ცოდვათა გამოსახსნელად გადმოედინა. ყველა ეკლესიაში, სადაც სულიერი მნათობნი ბრწყინავენ, დამტკიცებულია ეს ღმრთივ მოცემული წესი. იაკობი, ქრისტე ღმერთის ხორციელი ძმა, რომელიც იერუსალიმის წმინდა საყდრის პირველი მწყემსმთავარი იყო, და ბასილი კესარიელი მთავარეპისკოპოსი, რომლის დიდებულება ქვეყნის ყოველ მხარეს გაისმა, საღმრთო ჟამისწირვის საიდუმლო წყლითა და ღვინით ასრულებდნენ.
კართაგენში შეკრებილმა მამებმაც თქვეს, რომ საიდუმლოში არაფერი არ შეიძლება შეიწირებოდეს საუფლო ხორცისა და სისხლის მეტი, როგორც თვით უფალს მოუცია [და დაუწესებია], ე. ი. პური და ღვინო, წყლით განზავებული.
ამიერიდან, თუ ეპისკოპოსი ან მღვდელი არ შეასრულებს მოციქულთა მიერ მოცემულ წესს, წყლით არ გააზავებს ღვინოს და ასე არ შესწირავს უხრწნელ საიდუმლოს, განიკვეთოს, როგორც საიდუმლოს არასრულად აღმსრულებელი და დაწერილი გადმოცემის გამქარწყლებელი“.
კანონი მოითხოვს ასევე, რომ ღვთისმსახურება ლიტურგია ჩატარდეს ტაძრებში და არა სახლებში. მეშვიდე მსოფლიო კრების წმინდა მამებმა მე-10 კანონით განაჩინეს: „ზოგიერთი სასულიერო პირი არად აგდებს კანონებრივ განჩინებას, ტოვებს თავის ეკლესიას და მკვიდრდება სხვა ეკლესიაში, უმთავრესად ღმრთივდაცულ და სამეუფო ქალაქში (კონსტანტინეპოლში). ზოგჯერ ისინი მთავრებთან სახლდებიან და მათ ეკვდერებში იწებენ მღვდლობას. მათი შეწყნარება არ შეიძლება მათი ეპისკოპოსისა და კონსტანტინეპოლის საყდრისმპყრობელის ნებართვის გარეშე, არც რომელიმე მთავრის სახლში, არც ეკლესიაში. თუ სასულიერო პირი ამას ჩაიდენს და განაგრძობს კიდევ ასეთ მოქცევას, განიკვეთოს. ხოლო ვინც ამას მოიმოქმედებს ზემოხსენებულ მღვდელთმთავართა კითხვითა და თანხმობით, საქვეყნო და საერო საზრუნავს მაინც ნუ მოჰკიდებს ხელს, ვინაიდან საღმრთო კანონის მიერ მათ ეკრძალებათ ეს.
თუ რომელიმე მათგანს კანონი ამხელს გზირის (მინდორთა მმართველის) თანამდებობაზე, უნდა დაცხრეს ან განიკვეთოს. მას არ ეკრძალება, თავისი მღვდლობა გამოიყენოს ყრმების სწავლებისთვის და მონამხევალთა დამოძღვრისთვის“.
ტრულის კრების 59-ე კანონი განაწესებს: „ნუ აღასრულებენ ნათლისღების საიდუმლოს სახლის ეკვდერებში და მცირე ეკლესიებში. ვისაც სურს უხრწნელი განათლების მიღება, მივიდეს კათოლიკე ეკლესიაში და იქ გახდეს ღირსი ამ ნიჭისა.
ხოლო თუ ვინმე არ დაიცავს ჩვენ მიერ დადგენილ წესს, თუ სასულიერო პირი იყოს, განიკვეთოს, თუ ერისკაცი – უზიარებელი იყოს“.
მოციქულთა მე-9 კანონის თანახმად, „ყველა მორწმუნე, რომელიც ეკლესიაში შედის, წმიდა წერილს ისმენს, მაგრამ ბოლომდე არ ესწრება ლოცვასა და წმიდა ზიარებას, როგორც უწესობის მოქმედი, უზიარებლობით დაისაჯოს“. ასევე ტრულის კრების მე-80 კანონი განაწესებს: „თუ ვინმე – ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან სამღვდელოების სხვა წარმომადგენელი, ან ერისკაცი, რომელსაც არ აიძულებდეს რაიმე გაჭირვება ან მარცხიანი საქმე, მრავალი დღის განმავლობაში დააკლდეს ეკლესიას, ქალაქში ტრიალებდეს სამ კვირას და ამ სამი კვირის განმავლობაში არ მივიდეს ეკლესიაში, თუ ეკლესიის მსახური იყოს, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი – ზიარების უფლება არ მიეცეს“.
ანტიოქიის კრების მეორე კანონი ადგენს: „ყველა, ვინც შევა ღმრთის ეკლესიაში, მოისმენს საღმრთო წიგნებს, მაგრამ არ ეზიარება ერის საერთო ლოცვას, ან თავს აარიდებს წმინდა მადლობის ზიარებას (ევქარისტიას) უწესოების გამო, უნდა განიდევნოს ეკლესიიდან, სანამ არ აღიარებს [თავის შეცდომას], არ უჩვენებს სინანულის ნაყოფს და არ შეევედრება. ამგვარად მიიღებენ ისინი შენდობას. არ არის ჯეროვანი უზიარებელთა ზიარება, არც ლოცვა სახლებში შეკრებილებთან ერთად, რომლებიც არ ლოცულობენ ეკლესიაში. არც სხვა ეკლესიამ უნდა შეიწყნაროს ისინი, ვინც თავის ეკლესიაში არ იკრიბება. ხოლო თუ ეპისკოპოსთა, მღვდელთა, დიაკონთა, ან სხვა სამღვდელოთაგან აღმოჩნდება ვინმე უზიარებელთა მაზიარებელი, ისიც უზიარებელი უნდა იყოს, როგორც საეკლესიო კანონებში არევ-დარევის შემტანი“.
ეკლესია კრძალავს სასულიერო პირების მიერ ცალკე განდგომას, შეკრებას და მსახურების ჩატარებას თავისი ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე. მოციქულთა 32-ე კანონის თანახმად, „თუ ეპისკოპოსი მღვდელს ან დიაკონს უბრძანებს, რომ თავი დაანებოს მღვდლობას, სხვა ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, შეიწყნაროს იგი მისი ეპისკოპოსის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უეცრად გარდაიცვლება მისი დამსჯელი ეპისკოპოსი“.
ასევე ღანგრის კრების მე-6 კანონი განაწესებს: „თუ ვინმე ეკლესიის გარეთ, ცალკე ეკლესიობდეს, უგულებელყოფდეს ეკლესიას, საეკლესიო საქმეების გადაწყვეტა მის გარეთ მოისურვოს და არ ჰყავდეს მღვდელი ეპისკოპოსის ნებართვით, შეჩვენებულ იყოს“. ამავე საკითხს მოიცავს ანტიოქიის კრების მე-5 კანონი: „თუ მღვდელი ან დიაკონი თავის ეპისკოპოსს შეურაცხყოფს და [ამით] თავის თავს განაშორებს ეკლესიისაგან, ცალკე მოაწყობს კრებებს, საკურთხეველს აღმართავს, ეპისკოპოსის ერთხელ და ორჯერ მოწოდებას არ დაემორჩილება და არ მოინდომებს მის დაჯერებას, ის უნდა განიკვეთოს სრულიად, ისე რომ, აღარ დარჩეს განკურნების იმედი. მისთვის აღარ იქნება შესაძლებელი პატივის დაბრუნება, ხოლო თუ განაგრძობს ეკლესიაში არეულობის შეტანას და მის წინააღმდეგ მოქმედებას, გარეგანი და საერო ხელისუფლების მიერ, როგორც მეამბოხე, უნდა დაისაჯოს“.
ეკლესია კრძალავს სხვა სარწმუნოების ხალხთან ან მსახურებთან ერთად მსახურებას. ამის გამო მოციქულთა 45-ე კანონი მკაცრ სასჯელს აკისრებს ამის მოქმედ სასულიერო პირებს: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებლებთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ მათ (ერეტიკოსებს) ნებას მისცემს, იმოქმედონ როგორც ეკლესიის მსახურებმა, განიკვეთოს“.
მოციქულთა 70-ე და 71-ე კანონები ადგენს: „თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა, დიაკონმა ან სამღვდელო დასის წევრთაგანმა იუდევე ლებთან ერთად იმარხულოს, ან მათთან ერთად იდღესასწაულოს, ანდა მათგან მათი დღესასწაულის აღმნიშვნელი რაიმე ძღვენი მიიღოს, როგორიცაა უცომო, ან სხვა რაიმე მისი მსგავსი, განიკვეთოს. თუ ერისკაცი იყოს, უზიარებლობით დაისაჯოს“; „ქრისტიანი, რომელიც ზეთს მიიტანს წარმართულ ტაძარში ან იუდეველთა სინაგოგაში მათი დღესასწაულის დროს, ან იქ სანთელს აანთებს, უზიარებლობით დაისაჯოს“. ლაოდიკი ის კრების 33-ე კანონი განაწესებს: „მწვალებელთან და განდგომილთან ერთად ლოცვა არ შეიძლება“. ასევე ამავე კრების 32-ე კანონი ადგენს: „მწვალებლებისაგან, რომლებიც უფრო უკურთხეველნი არიან, ვიდრე კურთხეულნი, კურთხევის მიღება არ შეიძლება“.
ამასთანავე, მღვდელმსახური უნდა აქცევდეს ყურადღებას, თუ ვისთვის სთხოვენ ლოცვის აღვლენას – მწვალებლის, განკვეთილის, სხვა სარწმუნოებაში მყოფისა და ათეისტისთვის არ შეიძლება ღვთისმსა ხურება.