← კანონიკური სამართალი (მჭედლიშვილი)

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი VIII: საეკლესიო მმართველობა

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი VIII: საეკლესიო მმართველობა

VIII

ზოგადი მიმოხილვა

წიგნის ამ თავში ჩვენ განვიხილავთ კანონებს, რომელიც ეხება ეკლესიის სწორად მართვას, თუ რანაირად და რის საფუძველზე ახორციელებს ღვთისაგან მიღებულ მეუფებას თავისი ორგანიზმის სრული სისავსითა და ძალმოსილების შესანარჩუნებლად.

ეკლესიის ხელმწიფება, ძალმოსილება სამი სახისაა: სწავლებითი, საღვთისმსახურო და მართვითი, როგორც მწყემსი კეთილი. რიცხვი სამი შეესაბამება ეკლესიის დამფუძნებლის სამ თვისებას:

1. მასწავლებელი: „განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა...“ (მათე 5, 2) „ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას“ (მათე 11,27); „ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ“ (მათე 24, 35); „ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა“ (იოანე 6, 69); (კოლასელთა 6, 69).

2. პირველიერარქი: „ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური ხმობის ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელთმთავარს, ქრისტე იესოს“ (ებრაელთა მიმართ 3, 1); „მივის ჩუენ მღდელთმოძღუარი დიდი, რომელმან განვლნა ცანი, იესუ, ძე ღმრთისაჲ, შევიკრძალოთ აღსარებაჲ იგი მისა მართლ“ (ებრაელთა მიმართ 4, 14); „და იწოდა ღვთის მიერ მღვდელთმთავრად, წესისამებრ მელქისედეკისა“ (ებრაელთა მიმართ 5, 10); „სადაც ჩვენს წინამორბედად შევიდა იესო და, წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელთმთავარი გახდა უკუნისამდე“ (ებრაელთა მიმართ 6, 20); „ქრისტე, მომავალ სიკეთეთა მღვდელთმთავარი, მოვიდა უფრო ვრცელი, უფრო სრულყოფილი და ხელთუქმნელი, ესე იგი, არა იმნაირად შექმნილი კარვით“ (ებრაელთა მიმართ 9, 11).

3. მეუფე: „და თქვეს: სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას“ (მათე 2, 2); „დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა“ (ლუკა 1, 32-33.); „უთხრა მას პილატემ: მაშ, მეფე ხარ? მიუგო იესომ: შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას“ (იოანე 18, 37); „და თქვენც სავსენი ხართ მასში, ვინც არის თავი ყოველი მთავრობისა და ხელმწიფებისა“ (კოლასელთა მიმართ 2, 10); „რასაც თავის ჟამზე გვახილვინებს ნეტარი და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე, უფალთა უფალი“ (ტიმოთე 6, 15); „...იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო განსვენებულთაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, ვინც შეგვიყვარა და ჩვენი ცოდვებისაგან გვიხსნა თავისი სისხლით“ (გამოცხ. 1, 4).

ეკლესია, რომლის თავიც არის თავად ქრისტე, ვისი სხეულიც არის ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს სკოლა, რომელშიც სწავლობენ და ზედმიწევნით იცავენ მის წმინდა სწავლებას; შემდეგ უნდა იყოს ტაძარი, რომელშიც მისგან მოცემული მადლით ყველაფერი განიწმინდება. დაბოლოს, უნდა იყოს მისი სამეფო, რომელშიც გამოიცემა და განიმარტება მისი კანონები, ხორციელდება სამართლიანი სასამართლო, რომელიც მოქმედებს დედამიწაზე და ფლობს არსებით შესაძლებლობებს ეკლესიის მიზნის მისაღწევად, რომლისკენაც ის მიილტვის. ამიტომ ეს თავი უნდა გაიყოს სამ ნაწილად, რომელთაგან ერთი უნდა დაეთმოს სწავლებით ხელმწიფებას, მეორე საღვთისმსახურო ხელმწიფებას, ხოლო მესამე − მართვის ხელმწიფებას.

სწავლების დაცვის, განვრცობის, მეუფობის უფლებამოსილება

ეკლესიის ერთობა დაფუძნებულია ერთ რწმენაზე, ერთ მრწამსზე. თუ არ არის ერთი მრწამსი, თუ სრულად, შეურყვნელად არ არის აღიარებული და დაცული ქრისტესა სწავლების განცხადება თითოეულისა და ყველას მიერ, მაშინ აღარც ეკლესია არსებობს. ორგანო, რისი მეშვეობითაც დაცულია ეკლესიის ერთობა, ეპისკოპოსობაა, რომელსაც მაცხოვარმა გადასცა საქადაგებლად თავისი სწავლება და რომელსაც აღუთქვა სამყაროს აღსასრულამდე მათთან ყოფნა. მას აქვს მთავარი მიზანი − შეინახოს განცხადებული სწავლება, იქადაგოს, შეუბღალავად და უცდომლად დაამტკიცოს, დაამოწმოს მისი ჭეშმარიტება. ამ დავალების აღსრულება მიენდო ყველა ეპისკოპოსს, რადგან როგორც ცალკე ერთი ეპისკოპოსი, ისე ყველა ერთად, სრულად ფლობს ეკლესიის მადლს, ყველა მათგანს აქვს თანასწორი მადლმოსილება, მეუფება: „მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ, დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ, ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე“ (მათე 28, 18-20).

ყველა ეპისკოპოსი მემკვიდრეა მოციქულებისა, ამიტომ ყველა მათგანი ეკლესიის მიზანს ასრულებს მასზე დაქვემდებარებული მღვდელ მსახურების მეშვეობით, მისდამი მინდობილ ეკლესიაში. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება ყველა ეპისკოპოსის ერთობლივი ხმა. ეს ხდება მაშინ, როდესაც წარმოიშობა დავა სარწმუნოების შესა ხებ, რომელიც მოიცავს მსოფლიო ეკლესიას და საფრთხეს უქმნის მას, წმინდა განცხადებითი სწავლება შეინარჩუნოს სრულად და შეურყვნელად. ამ დროს საერთო ხმა მსოფლიო ეკლესიისა გამოიხატება მსოფლიო კრებებში. იმ შემთხვევაში, თუ დროის სიმცირის გამო ვერ ხერხდება მსოფლიო კრების მოწვევა, მაშინ ეს ხმა დოგმატურ საღვთისმეტყველო წერილებში უნდა გამოიხატოს, რომელშიც დაცული იქნება ჭეშმარიტი მრწამსი ეკლესიისა და მას წერილობითად ეთანხმება ყველა ეპისკოპოსი.

საეკლესიო საკითხების გადასაჭრელად და განსასაზღვრად, ეკლესია ახალ დოგმატებს კი არ ადგენს, არამედ იმოწმებს წმინდა სწავლებას, შეუცვლელ და შეურყვნელ წმინდა გარდამოცემას და გარკვეული სახით, თანამედროვე დროის მოთხოვნილების შესაბამისად, გადმოსცემს ჭეშმარიტებას, რომლის გამოც წარმოიშვა დავა, ზოგიერთმა არასწორად რომ გაიგო და ავრცელებს მას, როგორც ჭეშმარიტ სწავლებას. ასეთი მოქმედებების შემთხვევაში ეკლესიისთვის საყრდენ წყაროს წარმოადგენდა და წარმოადგენს წმინდა წერილი. და მეორე საკითხია, ყველგან და ყველამ ირწმუნა და მიიღო თუ არა სრულად ეს სწავლება. რადგან დოგმატური განმარტებების გამოცემისას, გარკვეული საღვთისმეტყველო ჭეშმარიტების საკითხზე დავის დროს, რომელიც ჯერ არ იყო განმარტებული და დამტკიცებული, ასეთ საკითხთან მიმართებით ნორმად იყო დამტკიცებული მე-7 კანონი მესამე მსოფლიო კრებისა, რომელიც ამტკიცებს: „წმინდა კრებამ დაადგინა, რომ არავის აქვს უფლება, შემოიღოს სხვა სარწმუნოება, გარდა იმისა, რაც დადგენილია ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მიერ. ვინც გაბედავს უკეთური სარწმუნოების, ანუ მრწამსის შემოღებას და ჭეშმარიტი ცოდნის გადაქცევას ელინობად ან იუდევლობად, ან რომელიმე მწვალებლობად, მათ, თუ ეპისკოპოსი ან სხვა რომელიმე პირნი იქნებიან, უნდა ჩამოერთვათ ეპისკოპოსობა და მღვდლობა, ხოლო თუ ერისკაცნი არიან, უნდა შეჩვენდნენ“.

კანონიერი მთავრობის მიერ დადგენილი დოგმატური განმარტება ეკლესიის ყველა წევრისთვის სავალდებულოა. სავალდებულო ძალა ამ დოგმატური განმარტებებისა გამომდინარეობს მასში გადმოცემული სწავლებიდანვე, რადგან თავის თავში არ მოიცავს რაიმე ახალს, არამედ მხოლოდ განმარტავს სწავლების გარკვეულ ადგილს.

ქრისტიანული სწავლების გავრცელება

ქრისტიანული სარწმუნოება ყველა დროის ყველა ადამიანისთვის არის განკუთვნილი, ამიტომ ეკლესია უნდა ზრუნავდეს მის საყოველთაო გავ რცელებაზე, ყოველი ადამიანის ქრისტეს მადლით განათლებაზე. ეკლესიისთვის მიზნის მისაღწევად მთავარი საშუალება ქადაგებაა, რადგან ეკლესიისთვის ქადაგება ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს: „მაგრამ როგორ უხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ, ვინც არ სმენიათ? ან როგორ ისმინონ უქადაგებლად?“ (რომაელთა მიმართ 10, 14); „არაფერი დამიშურებია, რაც კი რამეში წაგადგებოდათ, სახალხოდ თუ სახლებში რომ არ მექადაგა და მესწავლებინა თქვენთვის. იუდეველებსა და ელინებს ვაუწყებდი ღვთის წინაშე სინანულს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას. და, აჰა, აწ სულის მიერ შეკრული მივდივარ იერუსალიმს და არც კი ვიცი, იქ რა შემემთხვევა. მხოლოდ სული წმიდა ყველა ქალაქში მიმოწმებს და მეუბნება, რომ ბორკილები და ტანჯვა-ვაება მელის. მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდაც კი დავასრულო ჩემი სარბიელი და მსახურება, რაც მომენდო უფალ იესოს მიერ, რათა ვმოწმობდე ღვთის მადლის სახარებას. და, აჰა, აწ ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერც ერთი თქვენგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ვქადაგებდი ღვთის სასუფეველს. ამიტომაც გიმოწმებთ დღეს, რომ ბრალი არ მიდევს არავის სისხლში. რადგანაც ყოველთვის ვცდილობდი გამეცხადებინა თქვენთვის ღვთის მთელი ნება. მაშ, გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით. რადგანაც ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგესევიან მძვინვარე მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცნი, რომელნიც ილაპარაკებენ უკუღმართად, რათა მოწაფეები გადაიბირონ. მაშ, იფხიზლეთ და გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამ, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თვითეულ თქვენგანს“ (საქმე მოციქულთა 20, 20-31);

„მოგიწოდებ ღვთისა და უფალ ქრისტე იესოს წინაშე, თავისი გამოცხადებით და სასუფევლით რომ განიკითხავს ცოცხალთაც და მკვდართაც, იქადაგე სიტყვა, თავს ადექ დროულად თუ უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი დიდსულოვნებით და სწავლებით, რადგანაც მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას, ყურს აღარ ათხოვებენ ჭეშმარიტებას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან. მაგრამ შენ ყოველ წამს ფხიზლად იყავი, დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარებლის საქმე და კეთილად აღასრულე შენი მსახურება. რადგან მე უკვე გამზადებული ვარ სამსხვერპლოდ და ახლოვდება ჩემი მიქცევის ჟამი. კეთილი ღვაწლით მიღვაწნია, სარბიელი გამილევია, რწმენა შემინახავს, ამიერიდან მიმელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს მე მართლად განმკითხე უფალი იმ დღეს, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიყვარა მოვლინება მისი. ეცადე მალე მოხვიდე ჩემთან. რადგანაც დემასმა მიმატოვა, შეიყვარა ეს საწუთრო და თესალონიკეში წავიდა, კრესკე − გალატეას, ტიტე − დალმაციას; ლუკაღა დარჩა ჩემთან. მარკოზი დასძარი და წამოიყვანე, რადგანაც მსახურებისთვის მჭირდება. ტიქიკოსი ეფესოს წარვგზავნე. როცა წამოხვალ, მოსასხამი წამომიღე, ტროაში, კარპესთან რომ დავტოვე; აგრეთვე წიგნები, მეტადრე ტყავზე ნაწერი. ალექსანდრე მჭედელმა სიცოცხლე გამიმწარა, მისი საქმისამებრ მიაგებს მას უფალი. შენც ერიდე, რადგანაც თავგამოდებით აღუდგა წინ ჩვენს სიტყვებს. ჩემი პირველი თავის მართლებისას არავინ ამომიდგა მხარში, არამედ ყველამ მიმატოვა. ნუ მიეთვლება მათ. მაგრამ უფალი დამიდგა გვერდით და განმამტკიცა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და ესმინა ყველა წარმართს; ასე დავაღწიე თავი ლომის ხახას. უფალივე დამიხსნის ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს თავის ზეციურ სასუფეველში. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მომიკითხე პრისკილა და აკვილა, აგრეთვე ონესიფორეს სახლი. ერასტოსი კორინთოში დარჩა, ტროფიმე კი ავადმყოფი დავტოვე მილეტში. ეცადე ზამთარს დაასწრო მოსვლა. მოგიკითხავენ ევბულე, პუდე, ლიმოსი, კლავდია და ყველა ძმანი. უფალი იყოს შენს სულთან, მადლი თქვენდა. ამინ“ (2 ტიმ. 4).

მკაცრი დამოკიდებულება ჰქონდა თავიდანვე საეკლესიო კანონმდებლობას ამ საკითხის მიმართ. მოციქულთა 58-ე კანონი ადგენს: „თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა არად ჩააგდოს სამღვდელო მწყობრი და ხალხი, და არ ასწავლოს მათ კეთილად მსახურება − მღვდლობა აეკრძალოს. თუ ამის შემდეგაც იზარმაცებს და არ შეასრულებს თავის მოვალეობას − განიკვეთოს“.

შემდგომშიც ადგილობრივ და მსოფლიო კრებებზე მიღებული კანონები მოითხოვს სასულიერო პირებისგან, განუმარტონ მრევლს ქრისტეს სწავლება ისე, რომ პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს, რაც ხელს შეუწყობს რაიმე სახის ცრუ სწავლების გავრცელებას. ტრულის კრების მე-19 კანონი: „ეკლესიების წინამძღვრებმა ყოველდღე, უფრო კი კვირა დღეს, მთელ სამღვდელო მწყობრსა და მორწმუნე ერს უქადაგონ და ასწავლონ სამღრთო წერილის ჭეშმარიტი სიტყვა, ან ღმერთშემოსილ მამათა მოძღვრება. ნუ შეცვლიან და გადაასხვაფერებენ მას, არამედ გადმოსცენ ისე, როგორც ეკლესიის მნათობთა და მოძღვართა მიერ არის აღწერილი. ამით უფრო აჩვენებენ მორწმუნეთ თავის კეთილ გამოცდილებას, ვიდრე საკუთარი სიტყვის წარმოთქმით. ხოლო თუ ვერ შეძლებენ ამას, გადაიხრებიან ჯეროვანისაგან. მამათა მოძღვრების საშუალებით კი ერი იძენს ცოდნას, თუ რა უნდა მიიღოს, რას შეაქციოს ზურგი, როგორ უნდა შეცვალოს და წარმართოს თავისი ცხოვრება სიკეთისა და უმჯობესისკენ, არ გაიხრწნას უმეცრების ვნებით, არამედ იმ ძველი მოძღვრების დახმარებით გაიმხნეოს თავი, რათა არ შეემთხვეს მას ვნება, ცოდვა და ჯეროვნად მოიქცეს მომავალი ტანჯვის შიშით“.

ეკლესიაში ქადაგების სრული მეუფება ეკუთვნის ეპისკოპოსს, ამიტომ კანონები კრძალავს, ეპისკოპოსად იკურთხოს ისეთი ადამიანი, რომელიც ნაკლებად გამოცდილია რწმენაში. მეშვიდე მსოფლიო კრების მე-2 კანონი განაჩინებს: „ფსალმუნთა გალობებში აღვუთქვამთ ღმერთს: „სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყო მე სიტყუაჲ შენი“ (ფს. 118, 16). მისი დაცვა ყველა ქრისტიანისათვის აუცილებელია, მაგრამ უფრო მეტად სამღვდელო პატივის მქონეთათვისაა აუცილებელი, რის გამოც ვადგენთ: ყველამ, ვინც უნდა მიიღოს ხელდასხმა ეპისკოპოსის ხარისხში, უნდა იცოდეს დავითის ფსალმუნნი, რათა მისგან ისწავლოს იგი სასულიერო პირთა მთელმა დასმა. ხელდამსხმელმა მიტროპოლიტმა დაწვრილებით უნდა გამოიკითხოს, გამოიჩენს, თუ არა არა ხელდასასხმელი გულმოდგინებას სწავლაში და ისწავლის თუ არა საღმრთო კანონების, წმინდა სახარების, საღმრთო მოციქულთა წიგნის, ყველა საღმრთო წიგნის კითხვას არა ზერელედ, არამედ დაკვირვებით. იგი უნდა მოიქცეს საღმრთო მცნებების თანახმად, რომელიც უნდა ასწავლოს მისდამი რწმუნებულ ერს, ვინაიდან ჩვენი მღვდელთმთავრობის არსს წარმოადგეს საღმრთო წერილის ჭეშმარიტი ცოდნა, როგორც ეს დიდმა დიონისემ განაჩინა. თუ ვინმე ორგულობას გამოიჩენს და არ მოიწადინებს ასე მოქცევასა და სწავლას, ნუ იქნება ხელდასხმული, ვინაიდან წინასწარმეტყველურად წარმოთქვა ღმერთმა: „რადგან შენ უარყავი ღვთის შემეცნება, და მეც გადაგაყენებ ჩემი მღვდლობიდან“ (ოს. 4, 6).

ეპისკოპოსის კურთხევით მღვდლებს შეუძლიათ იქადაგონ ეკლესიაში, მაგრამ ეს უფლება შეიძლება ჩამოერთვათ იმ სასულიერო პირებს, რომელთა შესაძლებლობებში და რწმენის სისპეტაკეში მღვდელთმთავარი მთლად დარწმუნებული არ არის. ზემომოყვანილი კრების მე-19 კანონის თანახმად, „ვერცხლისმოყვარეობის სისაძაგლემ ისე დაისადგურა ეკლესიებში, რომ კეთილმსახურად აღიარებულ მამაკაცთა და დედაკაცთაგან ზოგიერთმა დაივიწყა უფლის მცნებანი და გზააბნეული, შემცდარი ოქროთი შეიწყნარებს სამღვდელო დასში შემსვლელს ან სამონაზვნო ცხოვრების დამწყებს. ამის შესახებ წმ. ბასილი დიდი ამბობს: „უწმინდურია ყველაფერი, რისი დასაწყისიც უწმინდურია“, ვინაიდან „არ შეიძლება ემსახურო ღმერთსა და მამონას“ (მათე 6, 24). ამის მოქმედი ეპისკოპოსი, წინამძღვარი ან რომელიმე სამღვდელოთაგანი უნდა დაცხრეს ან განიკვეთოს ქალკედონის წმინდა კრების მეორე კანონის თანახმად, ხოლო იღუმენია გაძევდეს მონასტრიდან და სხვა მონასტერში მიეცეს მორჩილად, ასევე წინამძღვარიც, რომელსაც არა აქვს სამღვდელო ხელდასხმა.

მშობლების მიერ შვილისთვის მიცემული მზითევი ან მოგებული და შენაწირი ქონება, რომელსაც თვით შემწირველი აღიარებს ღმრთის კუთვნილებად, ვბრძანებთ, დარჩეს მონასტერში“.

ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე არავის შეუძლია იქადაგოს.

მეორე საშუალებას ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებასა და განმტკიცებაში წარმოადგენს კატეხიზაცია. პირველ პერიოდში ეკლესია ქრისტიანულ სწავლებას აწვდიდა კათაკმევლებს მონათვლადე, მათ ამზადებდნენ და ეს გრძელდებოდა საკმაოდ დიდხანს, ვიდრე კათაკმევლები არ წარმოაჩენდნენ თავის განსწავლულობას და არ დაამტკიცებდნენ, რომ ისინი ღირსნი არიან ნათლობისა და ეკლესიის წევრობისა. როდესაც ეკლესიამ დაიწყო ბავშვების მონათვლა და მათი კატეხიზაცია, აღზრდა ნათლიებსა და ოჯახებს მიანდო, ამასთან ერთად, სამრევლო მოძღვრებსაც დაავალა, კატეხიზაცია გაეწიათ ბავშვებითვის. გარკვეულ პერიოდში ეკლესიაში იკრიბებოდნენ ბავშვები მოძღვრის დავალებით, ის ქრისტეს სწავლების საფუძვლებს ასწავლიდა, ხოლო შემდგომ საღვთო სჯული სკოლებში ისწავლებოდა და საეკლესიო სასწავლებლებში ხდებოდა კატეხიზაცია.

ქრისტიანული სწავლების გასავრცელებლად ეკლესია იყენებს მისიონერობას, აგზავნის მოძღვრებს საქადაგებლად ისეთ ქვეყნებსა და ერებში, სადაც ჯერ კიდევ არ უქადაგიათ ქრისტიანობა. სხვა ერების მოსაქცევად მისიონერობას ღვთის განჩინება უდევს საფუძვლად: „მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“ (მათე 28, 18-19); „და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა“ (მარკოზი 16, 15); „არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა“ (საქმე მოციქულთა 1, 8); „რამეთუ ჯერ-არს მისა სუფევაჲ, ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა“ (1 კორინთელთა 15, 25); „ილოცევდით ჩუენთჳსცა, რამეთუ გურწამს, ვითარმედ კეთილი გონებაჲ გუაქუს ყოველსა შინა კეთილად გუნებავს სლვად“ (ებრაელთა 13, 18).

მისიონერული მსახურების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საეკლესიო კანონმდებლობა ყოველთვის აქცევდა და დღესაც აქცევს ყურადღებას იმას, რომ მისიონერული ღვაწლი შეესაბამებოდეს თავის წმინდა მოწოდებას, და ამავდროულად, ის იყოს ნაყოფიერი. თუმცა პროზელიტიზმს სხვადასხვა ხალხს შორის დადებითად აფასებენ მორწმუნეები, მართლმადიდებელი ეკლესია არ უშვებს გაუაზრებელ და ნაჩქარევ მოქმედებებს, ძალდატანებით მოქცევას და ნათლობას, მაქსიმალურად ცდილობს, მისიონერობას ჩამოაშოროს ყველა მიწიერი და დროებითი ინტერესი. იგი მოუწოდებს მისიონერებს, სახიერებით გაუნათლონ და გაუწმინდონ ადამიანებს გული და გონება. ამიტომ კანონები, რომელიც მისიონერთათვისაა დადგენილი, მათგან მოითხოვს:

ა) ქრისტიანული სარწმუნოების სწავლების ზუსტად და ნათლად გადმოცემას. ძირითად საშუალებას მისიის განხორციელებისთვის სასწავლებლის დაფუძნება წარმოადგენს.

ბ) უქადაგონ სხვა სარწმუნოების მქონე ადამიანებს კეთილად, ღვთისნიერად, სიყვარულით, მათი რწმენისა და ზნეობრივი ღირებულებების ნაკლულოვანების გაკრიტიკების, შეურაცხყოფის გარეშე, რათა მათ გულებში სასიკეთო განწყობა გაჩნდეს.

გ) განამტკიცონ ახლად მოქცეულები სარწმუნოებაში და მჭიდროდ დააახლოონ ეკლესიასთან ქრისტიანული რწმენისა და ზნეობის მეშვეობით; მალევე დააფუძნონ მათთან ეკლესია, ააშენონ ტაძრები, გამოარჩიონ და ხელი დაასხან სასულიერო პირების მათივე თემიდან; სულიერი ზეგავლენა მოახდინონ მათ სინდისზე და მოძღვრების ზნეობრივი ცხოვ რების მაგალითით შეცვალონ მათი ტრადიციები და შეხედულებები. ეს არის ყველასთვის საერთო კანონი ეკლესიის მიერ დადგენილი მისიონერთათვის სხვა ერების ეკლესიაში მოსაქცევად.

მისიონერები სრულად ექვემდებარებიან საკუთარ ეპისკოპოსს და დროდადრო უნდა მიაწოდოს მას სრული ინფორმაცია იქ არსებულ მდგომარეობაზე.

სასულიერო პირთა კრება

ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლების დაცვასა და გავრცელებას სჭირდება ამ სწავლების ზედმიწევნითი ცოდნა და ზრუნვა მასზე იმ პირთა მიერ, რომელნიც მოწოდებულნი არიან მის საქადაგებლად. ზუსტი ცოდნა ქრისტიანული სწავლებისა აუცილებელი მოთხოვნილებაა კონკრეტული პიროვნებისადმი სასულიერო დასში ასაყვანად, მის სასულიერო პირად კურთხევისთვის. მეშვიდე მსოფლიო კრების მე-2 კანონი განაჩინებს:

„ფსალმუნთა გალობებში აღვუთქვამთ ღმერთს: „სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყო მე სიტყუაჲ შენი“ (ფს. 118, 16). მისი დაცვა ყველა ქრისტიანისათვის აუცილებელია, მაგრამ უფრო მეტად სამღვდელო პატივის მქონეთათვისაა აუცილებელი, რის გამოც ვადგენთ: ყველამ, ვინც უნდა მიიღოს ხელდასხმა ეპისკოპოსის ხარისხში, უნდა იცოდეს დავითის ფსალმუნნი, რათა მისგან ისწავლოს იგი სასულიერო პირთა მთელმა დასმა. ხელდამსხმელმა მიტროპოლიტმა დაწვრილებით უნდა გამოიკითხოს, გამოიჩენს, თუ არა არა ხელდასასხმელი გულმოდგინებას სწავლაში და ისწავლის თუ არა საღმრთო კანონების, წმინდა სახარების, საღმრთო მოციქულთა წიგნის, ყველა საღმრთო წიგნის კითხვას არა ზერელედ, არამედ დაკვირვებით. იგი უნდა მოიქცეს საღმრთო მცნებების თანახმად, რომელიც უნდა ასწავლოს მისდამი რწმუნებულ ერს, ვინაიდან ჩვენი მღვდელთმთავრობის არსს წარმოადგეს საღმრთო წერილის ჭეშმარიტი ცოდნა, როგორც ეს დიდმა დიონისემ განაჩინა. თუ ვინმე ორგულობას გამოიჩენს და არ მოიწადინებს ასე მოქცევასა და სწავლას, ნუ იქნება ხელდასხმული, ვინაიდან წინასწარმეტყველურად წარმოთქვა ღმერთმა: „რადგან შენ უარყავი ღვთის შემეცნება, და მეც გადაგაყენებ ჩემი მღვდლობიდან“ (ოს. 4, 6);

ტრულის კრების მე-19 კანონის თანახმად, „ეკლესიების წინამძღვარმა ეპისკოპოსებმა ყოველდღე, უფრო კი კვირა დღეებში, მთელ საეკლესიო დასსა და მორწმუნე მრევლს უქადაგონ და ასწავლონ საღმრთო წერილის ჭეშმარიტი სიტყვა ან ღმერთშემოსილ მამათა მოძღვრება. ნუ შეცვლიან და გადაასხვაფერებენ მას, არამედ გადმოსცენ ისე, როგორც ეკლესიის მნათობთა და მოძღვართა მიერ არის აღწერილი. ამით უფრო აჩვენებენ მორწმუნეებს თავის კეთილ გამოცდილებას, ვიდრე საკუთარი სიტყვის წარმოთქმით, რათა წმინდა წერილის არასაკმარისი ცოდნა არ გახდეს ჭეშმარიტებისაგან გადახრის მიზეზი. სწორედ მამათა სწავლებით იძენს მრევლი ცოდნას, რა მიიღოს და რას აქციოს ზურგი, როგორ შეცვალოს და წარმართოს თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ, არ გაიხრწნას უმეცრების ვნებით, არამედ იმ ძველი მოძღვრების დახმარებით გაიმხნეოს თავი, აიძულებდეს ბოროტებისაგან განრიდებას და, სასჯელის მოწევის შიშით, საკუთარ ცხონებას ეძიებდეს“.

ეკლესია, ამავდროულად, მოითხოვს სასულიერო პირთაგან ზრუნვას ეკლესიის სწავლებაზე. ისინი ნებისმიერ დროს მზად უნდა იყვნენ მისი ჭეშმარიტების დასამტკიცებლად. ამიტომ ძველი დროიდანვე ბევრ ადგილობრივ ეკლესიაში ჩამოყალიბებული იყო წესი და ტრადიცია, რომ სასულიერო პირები შეკრებილიყვნენ ეპისკოპოსთან ან სადმე ისეთ ადგილას, სადაც შეკრებისა და მსჯელობისთვის კარგი გარემო იქნებოდა. ასეთი ტრადიცია იყო კართაგენის ეკლესიაში წმინდა კვიპრიანეს დროს, ალექსანდრიაში წმინდა ალექსანდრეს დროს, როდესაც არიოზის მწვალებლობა იწყებოდა. სასულიერო პირების სწორედ ასეთმა შეხვედრებმა დაუდო სათავე საეპარქიო შეკრებებს, რამაც, თავის მხრივ, საეპარქიო რეგიონებში მღვდელმსახურთა კრებებს ჩაეყარა საფუძველი.

პირველი პერიოდის კრებები ეპისკოპოსის მოწოდებით იმართებოდა და ეპარქიის სასულიერო პირების უმრავლესობა თუ ვერ ესწრებოდა, უხუცესი და გამოცდილი სასულიერო პირები უცილობლად იკრიბებოდნენ. ეპარქიის ეპისკოპოსი წარმოადგენდა საკითხებს, რომელიც ეხებოდა საეკლესიო სწავლებას და სამღვდელო მსახურების გამოცდილებას, განიხილავდნენ, შემდგომ ერთობლივად იღებდნენ და პრაქტიკაში ნერგავდნენ. შემდეგი ეტაპი იყო მისი საყოველთაო აუცილებლობად მიღება, ან თავად მღვდელმსახურნი განსჯიდნენ სასულიერო მსახურებისას წარმოშობილ ამა თუ იმ შემთხვევას. ამის შემდეგ ეპისკოპოსს მიაწოდებდნენ კონკრეტულ საკითხებს და მღვდელთმთავრის გადაწყვეტილებით დგინდებოდა, როგორ ემოქმედათ სასულიერო პირებს, თუ ასეთი რამ კვლავაც მოხდებოდა. მთავარ ამოცანას წარმოადგენდა, დაეცვათ სასულიერო პირების კეთილმოწესეობა ეკლესიაში, ამავდროულად, დაეცვათ ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლება და მრევლი, აღმსარებლები სხვადასხვა დარღვევისა და მანკიერებისგან.