← კანონიკური სამართალი (მჭედლიშვილი)

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი VII: ეპარქიის ეპისკოპოსები და მართვის სისტემა

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი VII: ეპარქიის ეპისკოპოსები და მართვის სისტემა

VII პირველ პერიოდში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა ქალაქს ჰყავდა თავისი ეპისკოპოსი; არათუ ქალაქებს, პატარა დასახლებებსაც კი თავიანთი მღვდელმთავრები ჰყავდათ, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ქალაქის ეპისკოპოსს, კონკრეტულ საეპისკოპოსო იურისდიქციაში. ეს გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ რომის იმპერიის მხრიდან დევნის დროს საჭირო იყო ხალხის მხნეობის შენარჩუნება და გაძლიერება, რასაც ტვირთულობდა და ხელმძღვანელობდა ეპისკოპოსი. ასეთ შემთხვევაში ძალიან ძნელი იყო საეპარქიო-სამხარეო საზღვრების დადგენა, რომელშიც ესა თუ ის ეპისკოპოსი იმოქმედებდა, განახორციელებდა თავის უფლებამოსილებას. ამის გამო ერთი ეპისკოპოსის მიერ სხვა ეპისკოპოსის სამოქმედო არეალში სასულიერო პირთა კურთხევა-ხელდასხმის ცდომილებები ხშირი იყო, რის გამოც მღვდლები სხვა ეპარქიის ეპისკოპოსს ემორჩილებოდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც ერთ ადგილზე ორი ეპისკოპოსი მოქმედებდა. ამის შესახებ მოციქულთა მე-14 და 35-ე კანონებში ვკითხულობთ:

„ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, დატოვოს თავისი ეკლესია და გადავიდეს სხვა ეკლესიაში, თუნდაც მრავალნი აიძულებდნენ მას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მისი მაიძულებელი მიზეზი მართებული იქნება, ე. ი. თუ იქ მოღვაწეობით მას შეეძლება მეტი სარგებლობის მოტანა კეთილმსახურების სიტყვით. მაგრამ ამას თავისი ნებით კი ნუ ჩაიდენს, არამედ მრავალი ეპისკოპოსის ბჭობითა და ვედრებით“ (მოციქულთა მე-14 კანონი); „ეპისკოპოსმა არ უნდა გაბედოს ხელდასხმა თავისი სამრევლოს გარეთ, ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც მის ეკლესიას არ ექვემდებარება. ხოლო თუ იგი იმხილება ამის მოქმედად, იმ ადგილების მპყრობელი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, უნდა განიკვეთოს ისიც და მის მიერ ხელდასხმულიც“ (მოციქულთა 35-ე კანონი).

ამავე საკითხს მოიცავს პირველი მსოფლიო კრების მე-15, მეორე მსოფლიო კრების მე-2 და მესამე მსოფლიო კრების მე-8 კანონები:

„მრავალი შფოთიანი საქმისა და არეულობათა გამო, რომელიც თავს იჩენს ხოლმე, წმინდა კრებას მიაჩნია, სრულიად მოისპოს ზოგ მხარეში დამკვიდრებული უკანონო ჩვეულება და ქალაქიდან ქალაქში არ გადადიოდეს არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი, არც დიაკონი. თუ ვინმემ ამ დიდი კრების დადგენილების შემდეგ ხელი მიჰყოს ასეთ საქმეს, სრულიად დაუმტკიცებელი იყოს მის მიერ მოპოვებული და გადაყენდეს, თუნდ ეპისკოპოსად იყოს ხელდასხმული, თუნდ მღვდლად“ (ნიკეის კრების მე-15 კანონი);

„ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, გასცდეს თავისი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ აღირიოს ეკლესიები. კანონთა თანახმად, ალექსანდრიის ეპისკოპოსი უნდა განაგებდეს მხოლოდ აღმოსავლეთის ეკლესიებს. დაცული უნდა იყოს ნიკეის კანონებით დაწესებული პატივი ანტიოქიის ეკლესიისა. აზიის სოფლების ეპისკოპოსნი უნდა განაგებდნენ მხოლოდ აზიის ეკლესიებს, პონტოელი ეპისკოპოსნი უნდა მართავდნენ მხოლოდ პონტოს ეკლესიებს, ხოლო თრაკიის ეპისკოპოსნი – მხოლოდ თრაკიის ეკლესიებს.

ეპისკოპოსი არ უნდა გავიდეს თავისი სამრევლო ეკლესიის ფარგლებიდან ხელდასხმისათვის, ან სხვა რაიმე საეკლესიო განგებულებისთვის, მოწოდების, ანუ მიწვევის გარეშე. თითოეულ სამთავროს (ეპარქიას) განაგებს ამავე სამთავროს კრება ნიკეაში განსაზღვრული კანონის თანახმად, ხოლო წარმართთა შორის არსებული უცხო ტომთა ეკლესიები უნდა განაგონ მამათა მიერ დაწესებული ძველი კანონების მიხედვით“ (კონსტანტინეპოლის მეორე მსოფლიო კრების მე-2 კანონი);

„კვიპროსელმა ეპისკოპოსებმა (რიგინოსი, ზინონი და ევაგრე) ეფესოს კრებას წარუდგინეს სიტყვიერი და წერილობითი საჩივარი იმის შესახებ, რომ ანტიოქიის ეპისკოპოსი მოქმედებდა საეკლესიო წესთა და წმინდა მამათა კანონის საწინააღმდეგოდ, როდესაც ბედავდა კვიპროსზე ხელდასხმას. კრების განჩინების თანახმად, კვიპრელ ეპისკოპოსებს, საეკლესიო კანონებისამებრ, თვითონვე უნდა ჰქონდეთ თავისივე ეპისკოპოსების ხელდასხმის უფლება. ეს წესი შეუცვლელად დაცული უნდა იყოს სხვა განსაგებელთა (ოლქთა) და ეპარქიათა მიმართაც. ნურც ერთი ეპისკოპოსი მიიტაცებს სხვა ეპარქიას, რომელიც თავიდანვე და ძველთაგანვე მას არ ემორჩილებოდა და არ იყო მის წინამორბედ საყდრისმპრობელთა გამგებლობის ქვეშ. ხოლო თუ ვინმე მიიტაცებს და დაიმორჩილებს სხვის ეპარქიას იძულებით, განთავისუფლდეს, რათა არ დაირღვეს მამათა კანონი და მღვდელმთავრებში თავი არ იჩინოს საერო მთავრობისმოყვარეობის ამპარტავნებამ და მედიდურობამ. წმინდა მსოფლიო კრებამ დაადგინა აგრეთვე, რომ თითოეულმა ეპარქიამ წმინდად დაიცვას ძველი ჩვეულება და წესი. თითოეულმა მიტროპოლიტმა უნდა წაიღოს ამ კანონის ასლი თავისი სიმტკიცისათვის. თუ ვინმე ამ დადგენილების საწინააღმდეგო წესს შემოიღებს, მსოფლიო კრება მას დაუმტკიცებლად მიიჩნევს და ძალა არ ექნება“ (მესამე მსოფლიო კრენის მე-8 კანონი).

მეშვიდე მსოფლიო კრების მე-15 კანონი უკრძალავს სასულიერო პირებს ორ ეკლესიაში მსახურებას: „სასულიერო პირს აკრძალული აქვს ორ ეკლესიაში დაწესება. ამიერიდან სასულიერო პირი ნუღარ დაეწესება ორ ეკლესიაში, ვინაიდან ეს დამახასიათებელია ვაჭრობისა და მექრთამეობისათვის და უცხოა საეკლესიო ჩვეულებისათვის, ვინაიდან ჩვენ გვსმენია თვით საუფლო ხმისგან, რომ „არავის შეუძლია ორი ბატონის მსახურება: ან ერთი მოიძულოს და მეორე შეიყვაროს, ან ერთს უნდა შეეთვისოს და მეორე დაამციროს“ (მათე 6, 24), და მოციქულის ხმისაგან: „დაე, თითოეული დარჩეს იმ წოდებით, რომლითაც მოუწოდეს“ (შდრ. I კორ. 7, 20). მან უნდა აღასრულოს მღვდლობა და მსახურება ერთ ეკლესიაში, ვინაიდან საეკლესიო საქმეებში მექრთამეობით ქმნილი უცხოა ღმერთისთვის. ცხოვრების საჭიროებების მოსაპოვებლად სხვადასხვა საშუალებები არსებობს. მათგან ვისაც რომლით ენებოს, მოიპოვოს ცხოვრების საჭიროება, ვინაიდან მოციქული ამბობს: „ეს ჩემი ხელები ემსახურება ჩემს და ჩემთან მყოფთა საჭიროებებს!“ (საქმე 20, 34). ეს წესი დაცული უნდა იყოს სამეფო ქალაქში და სხვა დიდ ქალაქებში, ხოლო სოფლებში, სადაც კაცთა სიმცირეა, შესაძლებელია ამ წესის დარღვევა“.

ანტიოქიის კრების მე-9 კანონი სამთავროსეპისკოპოსის დედაქალაქის საყდრის მიტროპოლიტისადმი მორჩილებას განიხილავს: „თითოეული სამთავროს ეპისკოპოსები [უნდა ემორჩილებოდნენ] ეპისკოპოსს (მიტროპოლიტს), რომელსაც დედაქალაქის საყდარი უპყრია. ის ზრუნავს მთელ სამთავროზე, ვინაიდან დედაქალაქში მიისწრაფვის ყველა, ვისაც საქმე აქვს. ამის გამო გადავწყვიტეთ,რომ პატივითაც უპირატესი იყოს იგი და არაფერი ზედმეტი მოიმოქმედონ სხვა ეპისკოპოსებმა, რაც მან არ იცის, ჩვენი მამების ძველთაგანვე დამტკიცებული კანონისამებრ, გარდა იმისა, რასაც საჭიროდ მიიჩნევს თითოეული ეკლესია მის ფარგლებში შემავალი სოფლებით, ვინაიდან თითოეულ ეპისკოპოსს უფლება აქვს, თავისი ეკლესია განაგოს თავისი ღმრთისმოშიშების შესაბამისად და იზრუნოს მის ქალაქს დაქვემდებარებულ სოფლებსა და ადგილებზე, მაგალითად, აღასრულოს მღვდლებისა და დიაკვნების ხელდასხმა და ქმნას სამართალი თითოეული საქმისა. ხოლო ამიერიდან მათ არაფერი არ უნდა გააკეთონ დედაქალაქის ეპისკოპოსის (მიტროპოლიტის) გარეშე, მაგრამ ნურც დედაქალაქის [ეპისკოპოსი] გააკეთებს ნურაფერს სხვა ეპისკოპოსებთან შეთანხმების გარეშე“.

ეპისკოპოსთა მხრიდან ძალაუფლების გაფართოებას წინ აღუდგა სარდიკიის კრების პირველი, მეორე და მესამე კანონები:

1. „ქალაქ კორდუბის ეპისკოპოსმა ოსიოსმა თქვა: ძირიანად აღმოსაფხვრელია საქმე, რომელიც ბოროტი ჩვეულება კი არ არის, არამედ მავნე და განმხრწნელი მოქმედებაა. არც ერთი ეპისკოპოსი მცირე ქალაქიდან სხვა ქალაქში არ უნდა გადავიდეს, რადგან ამ საქმის მიზეზი ცხადია. გასაგებია, თუ რა მიზეზი აიძულებთ ასეთი რამის ჩადენას, რადგან ვერავინ იპოვის ისეთ ეპისკოპოსს, რომელიც დიდი ქალაქიდან მცირეში ინდომებს წასვლას. აქედან ცხადია, რომ ანგარების ცეცხლით იწვიან ასეთები და ამპარტავნებას ემონებიან, ესწრაფვიან რა უფრო მეტი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. თუ ყველას ნება იქნება, ასეთი ვერაგობა მთელი სიმკაცრით განვაკანონოთ. მგონია, რომ ასეთები ერისკაცთათვის განკუთვნილი ზიარების ღირსნიც კი არ არიან.

ყველა ეპისკოპოსმა თქვა: ყველანი ვიწონებთ დადგენილებას“;

2. „ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: თუ აღმოჩნდება ვინმე ისეთი კადნიერი და დაუოკებელი, რომ უკადრისად აღიარებულ საქმეს ჩაიდენს და თავის სამართლებლად ქალაქის მცხოვრებთა წერილობით თხოვნას წარმოადგენს, ცხადია, რომ მას მოუხერხებია პატივისცემითა და ფულის გაღებით ქალაქის მცხოვრებთა მცირე ნაწილის მოსყიდვა და დარწმუნება, რომ ეკლესიაში შფოთი შეიტანონ და თქვან, რომ მას ითხოვენ თავიანთ ეპისკოპოსად. მე ვფიქრობ, ასეთი სივერაგე და ხრიკები ისე უნდა დაისაჯოს, რომ ცხოვრების ბოლოსაც კი არ გახდეს თუნდაც ერისკაცისთვის დაწესებული ზიარების ღირსი.1

უპასუხეს: ნათქვამი მოგვწონს“;

3. „ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: ესეც უნდა დავუმატოთ, რომ არც ერთი ეპისკოპოსი თავისი სამთავროდან არ უნდა მივიდეს სხვა სამთავროში, რომელსაც ჰყავს ეპისკოპოსი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას მიიწვევენ ძმები: არავის ეგონოს, რომ ჩვენ ურთიერთსიყვარულის კარს ვრაზავთ.

ამასთან ერთად, ესეც დავადგინოთ, რომ თუ რომელიმე სამთავროში ერთ ეპისკოპოსს ჰქონდეს მეორესთან სადავო საქმე, ნურც ერთი მათგანი ნუ მოიხმობს სხვა სამთავროს ეპისკოპოსს ამ საქმის განსახილველად და მსჯავრის დასადებად.

თუ ივარაუდება, რომ რომელიმე ეპისკოპოსი რაიმე საქმის გამო უნდა დაისაჯოს და თვითონ კი ეგონოს, რომ ნამდვილად მართალია, უნდა განახლდეს სასამართლო საქმე, თუ თქვენს სიყვარულს უნდა, პატივი ვცეთ პეტრე მოციქულის ხსენებას და მისწეროს მან იულიუს რომის ეპისკოპოსს. თუ ეს უკანასკნელი დაინახავს, რომ საჭიროა საქმის ხელახლა განხილვა, მეზობელი სამთავროს ეპისკოპოსთაგან გამოუყოფს საქმის განმხილველთ. თუ ხელახლა განხილვას და სამსჯავროს განახლებას არ ითხოვს, ერთხელ განხილული და გამოძიებული საქმე ნუღარ დაირღვევა, არამედ მტკიცედ დაიცვან მიღებული დადგენილება“.

მას შემდეგ, რაც ბერძნულ-რომაული იმპერიაში ქრისტიანული ეკლესია გათავისუფლდა დევნისგან, დადგინდა ზუსტი საეპარქიო-სამიტროპოლიტო საზღვრები, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ დროიდან დადგინდა სწორი საეპარქიო მმართველობა.

ზემოგანხილულ თავებში ჩვენ ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ რას უწოდებდნენ ეპარქიას. მეოთხე მსოფლიო კრება გვასწავლის, რომ მეხუთე საუკუნეში ეპარქია, რომელიც ემორჩილებოდა თავის მმართველ ეპისკოპოსს, წარმოადგენდა ქალაქის სამრევლოს და ასევე იმ მრევლს, რომელიც ამ კონკრეტული ქალაქის შემოგარენში ცხოვრობდა და სახელმწიფო მმართველობის იურისდიქციით დაკავშირებული იყო მასთან.

ქალკედონის IV მსოფლიო კრების მე-17 კანონის თანახმად, „თითოეული ეკლესიის კუთვნილი სახნავ-სათესი ადგილისა და სოფლის შემოსავალი მტკიცედ და უცვლელად უნდა ჰქონდეს ამ ეკლესიის მპყრობელ ეპისკოპოსს. და მით უმეტეს მაშინ, თუ ოცდაათი წლის განმავლობაში დავის გარეშე ფლობდნენ და განაგებდნენ მათ. თუ ოცდაათი წლის განმავლობაში იყო ან იქნება რაიმე დავა, და თუ ვინმე განაცხადებს თავის პრეტენზიას, ის, ვინც იწყებს დავას, უნდა წარდგეს სამთავროს კრების წინაშე. თუ ვინმე თავისი მიტროპოლიტის მიერ იქნება შევიწროებული, მხარის (ოლქის) ეგზარქოსმა ან კონსტანტინეპოლის საყდარმა გაურჩიოს საქმე, როგორც ადრე ითქვა. თუ სამეფო ხელისუფლების მიერ განახლდება რომელიმე ქალაქი, მაშინ საეკლესიო განწესება უნდა ეთანხმებოდეს სამოქალაქო და საერო წესს“.

მეორე მსოფლიო კრების მეორე კანონის თანახმად, „ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს აქვს უფლება, გასცდეს თავისი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ აღიაროს ეკლესიები...“. ასევე სარდიკიის მსოფ ლიო კრების მე-6 კანონი განაწესებს: „... არ შეიძლება ეპისკოპოსის დადგენა დაბასა ან მცირე ქალაქში, რომელსაც მხოლოდ ერთი მღვდელიც ეყოფა. არ არის საჭირო იქ ეპისკოპოსის დადგენა, რომ არ დაკნინდეს ეპისკოპოსის სახელი და პატივი. სამთავროს ეპისკოპოსებს, როგორც თავიდან ვთქვი, იმ ქალაქებში მართებთ ეპისკოპოსის დადგენა, სადაც თავიდან იყვნენ ეპისკოპოსები. თუ ერი მრავალი იყოს რომელიმე ქალაქში, შეიძლება ის საეპისკოპოსოდ მიიჩნიოს და ასეთმა ქალაქმა მიიღოს თავისი ეპისკოპოსი...“.

ტრულის კრების 38-ე კანონის თანახმად, ეპარქიის ან საეკლესიო ოლქის საზღვრის დადგენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ სახელმწიფოს შიდა დაყოფა: „ვქადაგებთ ჩვენი მამების მიერ დადებული კანონის მტკიცედ დაცვას, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ სამეფო ბრძანებით ქალაქი განახლდა ან მომავალში განახლდება, სამოქალაქო და საერო წესს უნდა მისდევდეს საეკლესიო განწესებულებაც“.

იმ შემთხვევაში, თუ ეპარქიებს შორის სადავო იქნება რომელიმე სამრევლო, იმავე კრების 25-ე კანონი განსაზღვრავს: „ჩვენ განვაახლებთ კანონს [იგულისხმება ქალკდონის მე-4 მსოფლიო კრების მე-17 კანონი], რომელიც ამბობს, რომ ყოველი ეკლესიის ნაშენი და უშენი ადგილები, რომლებსაც ოცდაათი წლის განმავლობაში ფლობდა ეპისკოპოსი, დარჩეს მას მფლობელობაში. ხოლო თუ ოცდაათი წლის განმავლობაში წამოიჭრა ცილობა ან კამათი ამ ადგილებთან დაკავშირებით, ეპისკოპოსმა, რომელიც დაეპატრონა ამ ადგილებს, უნდა აცნობოს ამის სამთავროს კრებას“.

ეპარქიის სულიერი ხელმძღვანელი რომ ეპისკოპოსია, ამას მოცი ქულთა მე-14 კანონიც განსაზღვრავს: „ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, დატოვოს თავისი ეკლესია და გადავიდეს სხვა ეკლესიაში, თუნდაც მრავალნი აიძულებდნენ მას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მისი მაიძულებელი მიზეზი მართებული იქნება, ე. ი. თუ იქ მოღვაწეობით მას შეეძლება მეტი სარგელობის მოტანა კეთილმსახურების სიტყვით. მაგრამ ამას საკუთარი ნებით კი ნუ ჩაიდენს, არამედ მრავალი ეპისკოპოსის ბჭობითა და ვედრებით“.

ძველი საკანონმდებლო დადგენილების მიხედვით, არ უნდა გაიზარდოს ეპისკოპოსთა რიცხვი, თუკი არ არსებობს ამის საჭიროება. თანამედროვეობაში ამ დადგენილებას ფართო გამოყენება აქვს: ჩვენს დროში ერთ ეპარქიაში აღირიცხება ათეულ ათასობით მრევლის წევრი.

1 ხელნაწერის აშიაზე მიწერილია: ეს ერთადერთი კანონია, რომელიც ასეთ მკაცრ კანონს აწესებს (სიკვდილის წინაც რომ არ აზიარონ).

საეპისკოპოსო კანდიდატის ღირსებანი

რაკიღა ეპისკოპოსის, როგორც უმაღლესი მმართველისა და ყველა სათნობით შემოსილი მასწავლებლის მსახურება უნდა იყოს სამაგალითო ყველასთვის, ამიტომ ეკლესია ეპისკოპოსის კანდიდატად გამორჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მის პიროვნულ თვისებებს და მძიმე სასჯელს აკისრებდა მათ, ვინც გულმოდგინე დაკვირვებისა და გამოცდის გარეშე აღამაღლებდა ვინმეს ეპისკოპოსის ხარისხში.

მაღალიერარქად კურთხევის მოსურნე კანდიდატი არამხოლოდ უნდა ფლობდეს, არამედ დიდი ხნის განმავლობაში უნდა ამჟღავნებდეს იმ ღირსებებს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ხარისხში აღამაღლონ.

•

თანამედროვე საეკლესიო დამოკიდებულებით ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს კანდიდატის ასაკი. ძველი კანონმდებლობით კანდიდატი უნდა ყოფილიყო 50 წლისა. გარემოებიდან გამომდინარე, შეიძლება 35 წლის ასაკისაც ეკურთხებინათ, მაგრამ დაუშვებელი იყო 30-ზე წელზე ნაკლები წლოვანების კანდიდატის გამორჩევა სამღვდელმთავროდ. თანამედროვე კანონმდებლობა არ ადგენს ასაკს, მხოლოდ მოითხოვს, რომ კანდიდატი იყოს ზრდასრული, მოწიფული ასაკისა. მაგალითად, რუმინეთის ეკლესიაში საეპისკოპოსო კანდიდატი უნდა იყოს 40 წლის;

• კანდიდატი მრავალი წლის განმავლობაში უნდა გამოირჩეოდეს შეუბღალავი მართლმადიდებლური სწავლებითა და მსახურებით. ლა ოდიკიის კრების მე-12 კანონის თანახმად, „ეპისკოპოსი არჩეულ უნდა იყოს მიტროპოლიტთა და იმ შემოგარენის ეპისკოპოსთა საბჭოს მიერ. ასარჩევი პირი ყოველმხრივ უნდა იყოს გამოცდილი სარწმუნოების მხრივაც და შესაფერისი მოღვაწეობითაც“;

• კანდიდატი განსწავლული უნდა იყოს სამეცნიერო სფეროში.

• უნდა ემსახურებოდეს თავდადებით იმ ქვეყანას, რომელი ქვეყნის ეკლესიის საეპისკოპოსო კათედრასაც მართავს.

ეპისკოპოსად გამორჩევა და დადგინება

თავდაპირველად ეს საკითხი უნდა განვიხილოთ ისტორიულ-კანონიკური კუთხით და შემდგომ შევაფასოთ დღევანდელობასთან მიმართებით.

მოციქულთა პერიოდში ეპისკოპოსებს გამოარჩევდნენ და ადგენდნენ თავად მოციქულები: „და დააყენეს ორნი: იოსები, რომელსაც ერქვა ბარსაბა და ეწოდა იოსტოსი, და მატათია“ (საქმე მოციქულთა 1, 23).

მოციქულთა პერიოდის შემდეგ მიიღეს დადგენილება, რომ ეპისკოპოსების გამორჩევასა და დადგინებაში მონაწილეობა მიეღოთ როგორც ეპისკოპოსებს, ასევე ღვთისმსახურებსა და მრევლს იმ ეკლესიისა, რომლის მღვდელმთავრადაც უნდა დაედგინათ კონკრეტული სასულიერო პირი. ამ საკითხის შესახებ უძველესი მტკიცებულება გადმოცემულია პირველ საუკუნეში მოღვაწე რომის ეპისკოპოს კლიმენტის მიერ. მესამე საუკუნის მოღვაწე კვიპრიანე კართაგენელი წერს ერთ-ერთ ეპისტოლეში: „აუცილებელია ზედმიწევნით და გულმოდგინედ იყოს დაცული საღვთო გადმოცემა და მოციქულთა დადგენილებები, რომელიც დაცულია ჩვენთან ყველა მხარში. კონკრეტული ხალხის წინამძღვრად კანონიერი დადგინებისთვის უნდა შეიკრიბონ ეპისკოპოსები ახლომდებარე რეგიონებიდან და ხალხის თანდასწრებით გამოარჩიონ ის პირები, რომელთა ცხოვრებაც და მოღვაწეობაც ხელისგულზე აქვს გადაშლილი ხალხს“.

ამ საქმეში მრევლის მონაწილეობის შესახებ საუბრობს მოციქულთა დადგენილებებიც. ნიკეის პირველი მსოფლიო კრება განსაზღვრავს, რომ ეპისკოპოსებად უნდა დადგინდნენ „ღირსეულნი, რომელთაც ხალხი გამოარჩევს“. იმავე კრების მეოთხე კანონი განაწესებს: „ეპისკოპოსი უნდა დაადგინოს სამთავროს ყველა ეპისკოპოსმა. თუ ყველას შეკრება შეუძლებელი იყოს რაიმე გაჭირვების, ან გზის სიგრძის გამო, სამი მაინც უეჭველად შეიკრიბოს ერთად, სხვებისგან კი მიიღონ წერილობითი თანხმობა და ამის შემდეგ აღასრულონ ხელდასხმა. ეს მოქმედება საბოლოოდ დაამტიკოს სამთავროს მიტროპოლიტმა“.

ამავე კრების მეექვსე კანონი ადგენს: „დაცული იყოს ძველი წესი ეგვიპტეში, ლიბიასა და ხუთქალაქში (პენტაპოლისში), რომ ყველგან ვრცელდებოდეს ალექსანდრიის ეპისკოპოსის ხელისუფლება. ასეთივე ჩვეულება არის რომის ეკლესიაში, ანტიოქიასა და სხვა სამთავროებში, სადაც დაცულია რომელიმე ეკლესიის უპირატესი ძალაუფლება. ეს საყოველთაოდ მთელ მსოფლიოში ცხადი იყოს: ვინმე მიტროპოლიტის ცნობის გარეშე თუ გახდება ეპისკოპოსი, დიდი კრება ადგენს, რომ ჯეროვანი არ არის მისი ეპისკოპოსობა. ყველა ეპისკოპოსის საერთო ბჭობა მართალი და საეკლესიო კანონთან შეთანხმებული თუ იქნება, ხოლო ორი-სამი ბრძოლისმოყვარე ეპისკოპოსი ეწინააღმდეგება უმრავლესს, დამტკიცდეს უმრავლესის განჩინება“.

წარმოდგენილ კანონებზე დაყრდნობითა და ჩვენ მიერ მოყვანილი ისტორიული მაგალითებით ჩანს, რომ ადრეულ პერიოდში ეპისკოპოსებს გამოარჩევდნენ შემდეგნაირად: როდესაც საჭირო ხდებოდა რომელიმე დაქვრივებულ საეპისკოპოსო კათედრაზე ახალი ეპისკოპოსის დადგენა, იკრიბებოდნენ მრევლი, ეკლესიის მსახურები და რეგიონის ეპისკოპოსები და ბჭობდნენ იმის შესახებ, თუ ვინ იყო ღირსი, დაეკავებინა კონკრეტული საეპისკოპოსო კათედრა. იმის შემდეგ, რაც ხალხი გამოთქვამდა თავის აზრს გარკვეული პირების მიმართ, შეკრებილი ეპისკოპოსები მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ იყო უფრო ღირსეული ეპისკოპოსობისთვის, ან ეპისკოპოსები თვითონ სთავაზობდნენ კონკრეტულ პირს და ხალხი გამოთქვამდა თავის მოსაზრებას: მოიწონებდა ან დაიწუნებდა კანდიდატს. მრევლის, ეკლესიის მსახურებისა და ეპისკოპოსების საყოველთაო შეთანხმების შემდეგ არჩევანი გაეგზავნებოდა კონკრეტული მხარის მიტროპოლიტს დასამტკიცებლად, დასტურის შემდეგ კი გამორჩეულ პირს ხელს დაასხამდნენ.

როგორც ჩანს, გამორჩევის უფლება, პირდაპირი გაგებით, ჰქონდათ ეპისკოპოსებს, ხოლო ხალხი გამოთქვამდა აზრს, თუ როგორი იყო ეს პირი, ან გამოთქვამდა თანხმობას ეპისკოპოსების მიერ წარმოდგენილ კანდიდატზე; იმ დროისათვის ხალხის ხმაც კომპეტენტური იყო, ისევე როგორც ეპისკოპოსებისა. ასე რომ, ხალხის მონაწილეობის გარეშე ვერ მოხერხდებოდა ეპისკოპოსის დადგენა. თუ ეპისკოპოსები ვერ ახერხებდნენ შეთანხმებას კონკრეტულ კანდიდატზე, როგორც ვნახეთ, მაშინ ხმათა უმრავლესობით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, თუ ამის შემდეგაც ვერ შეთანხმდებოდნენ, მაშინ ისევ იმ ხალხს მიმართავდნენ, ვისთვისაც ამზადებდნენ ეპისკოპოსს. საბოლოოდ, ხალხის ხმა გადაჭრიდა ყველა უთანხმოებას. ამის შესახებ კართაგენის კრების 50-ე კანონი ადგენს: „რამდენი ეპისკოპოსის დამატებაა საჭირო, თუ რაიმე საკამათო გახდა ხელდასასხმელი ეპისკოპოსის შესახებ. ამასთანავე, ესეც გადაწყდეს, რომ თუ ეპისკოპოსის ასარჩევად შევიკრიბებით და წამოიჭრება დავა, რაც თავს იჩენს ხოლმე ჩვენ შორის, ასეთ შემთხვევაში კადნიერება იქნება მხოლოდ სამი ეპისკოპოსის ბჭობა გამოსარჩევი ეპისკოპოსის საქმის გადასაწყვეტად. ამიტომ ხელდამსხმელთა რიცხვს უნდა შეემატოს ერთი ან ორი, და იმ ერის წინაშე, რომლის მწყემსადაც მას ირჩევენ, განიხილონ პირველად მოდავეთა პიროვნება და შემდეგ მათი განცხადება. და თუ იგი საერო სამსჯავროს წინაშე წმინდა აღმოჩნდება, შემდეგ ხელდასხმული იყოს.

ახლა, თუ მისაღებად მიაჩნია თქვენს სიყვარულს, ერთხმად დავამტკიცოთ.

ყველა ეპისკოპოსმა თქვა: ყველას მოგვწონს გადაწყვეტილება“.

ეპისკოპოსებისა და ხალხის თანხმობით გამორჩეული და მიტროპოლიტის მიერ დამტკიცებული პირის მიმართ შემდეგ აღარავის ძალუძს კანდიდატურის გაპროტესტება, მაგრამ თუ ვინმე გამოჩნდებოდა საპროტესტო განცხადებითა და გამოსვლით, ასეთ შემთხვევაში კანონები იმ კლირის დასჯას ბრძანებს, რომელმაც არ იცის წესრიგს დაცვა და უშვებს თავის ეპარქიაში კანონით, მართებულად არჩეული ეპისკოპოსის წინააღმდეგ მოქმედებას. მოციქულთა 36-ე კანონი განაწესებს: „თუ ეპისკოპოსად ხელდასხმული პირი არ შეუდგება მსახურებასა და მასზე რწმუნებულ მრევლზე მზრუნველობას, მაშინ იგი განაყენონ, ვიდრე არ შეუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას. ასევე, მღვდელი და დიაკონი. ხოლო თუკი დანიშნულების ადგილას წავა და არ შეიწყნარებენ არა მისი ნება-სურვილით, არამედ მრევლის უკეთურების გამო, იგი ეპისკოპოსად დარჩეს, ხოლო იმ ქალაქის მღვდელმსახურებმა თავი დაანებონ მღვდლობას, რადგან ვერ განუსწავლიათ დაუმორჩილებელი ერი“.

ეპისკოპოსების გამორჩევის ასეთი წესი გადმოცემული და დამტკიცებულია სხვა კრებათა კანონებშიც, მაგალითად, ანტიოქიის კრების მე-19 კანონში: „ეპისკოპოსის ხელდასხმა (აქ: არჩევა) არ შეიძლება კრებისა და სამთავროს მიტროპოლიტის გარეშე. ხოლო ის თუ იქნება, უმჯობესია, რათა მასთან ერთად იყვნენ მისი სამთავროს სხვა თანამწირველი ეპისკოპოსები, რომლებიც მოწვეულნი იქნებიან დედაქალაქში ეპისტოლეებით. უმჯობესია, ყველა შეიკრიბოს. ხოლო თუ ამის გაკეთება ძნელი იქნება, აუცილებელია, უმრავლესობა მაინც შეიკრიბოს ან წერილობით გამოხატოს თავისი თანხმობა. ამგვარად, ეპისკოპოსთა უმრავლესობის იქ ყოფნით, ან [წერილობითი] თანხმობით უნდა დაადგინონ ეპისკოპოსი. ხოლო თუ ეს მოხდება სხვაგვარად, ამ განსაზღვრების საწინააღმდეგოდ, ხელდასხმას არ ექნება ძალა. თუ ამ კანონის თანახმად დაადგენენ ეპისკოპოსს, მაგრამ ზოგიერთები თავისი დავისმოყვარეობით მაინც წინ აღუდგებიან მას, დამტკიცდეს უმრავლესობის განაჩენი“.

კართაგენის ადგილობრივი კრების მე-13 კანონი განაწესებს: „ეპისკოპოსის ხელდასხმა არ შეიძლება მრავალი ეპისკოპოსის დასწრების გარეშე. თუ რაიმე მიზეზით მრავალის შეკრება შეუძლებელი იყოს, სამი ეპისკოპოსის მიერ უნდა იყოს ხელდასხმული ეპისკოპოსი.

ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: რას იტყვის ამის შესახებ თქვენი სიწმინდე? ეპისკოპოსებმა ერთხმად უპასუხეს: უნდა დავიცვათ ის, რაც ჩვენმა მამებმა დაადგინეს, რის დარღვევასაც რომელიმე სამთავროს წინამძღვარი დაუფიქრებლად და შემთხვევით ვერ გაბედავს, რადგან ეპისკოპოსად ხელდასხმისას მრავალი ეპისკოპოსი უნდა შეიკრიბოს. თუ რაიმე გაჭირვების გამო არ იყოს ამის შესაძლებლობა, მაშინ სამი ეპისკოპოსი, საიდანაც გინდა იყვნენ, მიტროპოლიტის ბრძანებით აღასრულებს ეპისკოპოსის ხელდასხმას და, თუ ვინმე რაიმე საქმის გამო გადათქვამს თავის თანხმობას და ხელისმოწერით დაამტკიცებს, თვითონ დაიკლო სამღვდელო პატივი“.

იერარქთა აქტიური მონაწილეობა კანდიდატის გამორჩევასა და მის დადგინებაში, რის მეშვეობითაც გადაეცემა მღვდელმთავარს ღვთის მადლი და უფლებამოსილება, ყოველთვის დარჩება. რაც შეეხება ხალხის ჩართულობას ამ პროცესში, დროთა განმავლობაში გარკვეულ ცვლილებებს დაექვემდებარა. თავდაპირველად ეპისკოპოსის არჩევაში მონაწილეობას იღებდა იმ დასახლების ყველა მცხოვრები (განურჩევლად მისი მდგომარეობისა და სოციალური სტატუსისა), სადაც ხდებოდა ეპისკოპოსის არჩევა. ეს წარმოშობდა არეულობას და დაპირისპირებას. ლაოდიიკის კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ამ არეულობების შესაჩერებლად. ხალხის შეკრებაზე ის ადამიანები გამოერჩია, ვინც ეკლესიას მიუძღვნის საკუთარ თავს. აღნიშნული კრების მე-13 კანონი განაწესებს: „ერს არა აქვს უფლება, შეიკრიბოს და აირჩიოს ის, ვინც მღვდლად უნდა იქნეს დადგენილი“.2

ამ კანონის დადგენის შემდეგ ეკლესიის პრაქტიკაში ინერგება ახალი დამოკიდებულება: მღვდელმთავრის არჩევნებში ხალხის მხოლოდ რჩეული ნაწილი იღებს მონაწილეობას. აღნიშნული ტრადიცია გაამყარა და კანონის რანგში აიყვანა იმპერატორმა იუსტინიანემ, რომელმაც დაადგინა: ეპისკოპოსის გამორჩევაში მონაწილეობას მიიღებდნენ მომავალი მღვდელმთავრის სამწყსოს ღვთისმსახურები და მოსახლეობის წარჩინებული ნაწილი, რომლებიც შეიკრიბებოდნენ წინასწარ განსაზღვრულ ადგილას და დადებდნენ ფიცს, რომ არ იმოქმედებდნენ პირადი ინტერესების მიხედვით. გამოარჩევდნენ უმეტესი პასუხისმგებლობის, ღირსებისა და ყველა იმ თვისების მატარებელ სამ პირს, რაც საჭირო იყო ეპისკოპოსის ხარისხის მისაღებად. ამ სამი კანდიდატიდან მიტროპოლიტი, ეპისკოპოსებთან ერთად, გამოარჩევდა ყველაზე ღირსეულს და მას დაადგენდა ეპისკოპოსად. იუსტინიანეს ეს კანონი მიღებისთანავე შევიდა კანონიკურ კრებულებში. იგი აღიარეს საერთო საეკლესიო კანონად.

მერვე საუკუნის მიწურულს მეშვიდე მსოფლიო კრებამ საჭიროდ მიიჩნია კვლავ ემსჯელა და განეხილა სასულიერო პირის გამორჩევის საკითხი. კრებამ მესამე კანონით დაადგინა: „საერო მთავრებს არა აქვთ ეპისკოპოსის ამორჩევის უფლება. საერო მთავრების მიერ ეპისკოპოსის, მღვდლის ან დიაკვნის არჩევა დაუმტკიცებულად უნდა მივიჩნიოთ იმ კანონის თანახმად, რომელიც ამბობს: ეპისკოპოსი, რომელიც დაიხმარებს საერო მთავარს და მისი შემწეობით დაეპატრონება ეკლესიას, განიკვეთოს და თანამონაწილესთან ერთად უზიარებელი იყოს, ვინაიდან ეპისკოპოსები უნდა აირჩიონ ეპისკოპოსებმა. ასეა განსაზღვრული ნიკეის წმინდა მამათა კანონში, რომელიც ამბობს: ეპისკოპოსი უნდა დაადგინოს სამთავროს ყველა ეპისკოპოსმა. თუ ამისი აღსრულება ძნელია რაიმე მიზეზის (საერთო გაჭირვების ან გზის სიშორის გამო), მაშინ შეიკრიბოს სამი ეპისკოპოსი და მიიღოს წერილობითი თანხმობა ამომრჩეველ ეპისკოპოსთაგან, რომლებიც ვერ ესწრებიან ხელდასხმას. მხოლოდ ამის შემდეგ აღსრულდეს ხელდასხმა. ამ საქმის დამტკიცება ევალება თითოეული სამთავროს მიტროპოლიტს“. ამ კანონით ხაზი გაესვა ეკლესიის გვერდის ავლითა და საერო ხელისუფლების ზეწოლით ეპისკოპოსად კურთხევის უკანონობას.

გამორჩევის შემდეგ კანდიდატი გადიოდა გამოცდას ქრისტეს სწავლებასა და კანონიკური სამართლის ცოდნაში და დებდა მისი სრულად აღსრულების ფიცს. მხოლოდ ამის შემდეგ აკურთხებდა არაუმცირეს ორი ან სამი ეპისკოპოსი, თანახმად მოციქულთა პირველი კანონისა: „ეპისკოპოსი ხელდასხმული უნდა იყოს ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ“.

დღეს ადგილობრივ ეკლესიათა უმრავლესობაში ეპისკოპოსებს გამოარჩევს მთავარეპისკოპოსთა სინოდი. უფრო კონკრეტულად, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში სინოდი შეადგენს ყველა იმ კანდიდატისგან შემდგარ ნუსხას, რომელიც ყველა იმ ღირსების მატარებელია, რაც მოეთხოვება საეპისკოპოსო კანდიდატს. შემდეგ მათგან გამოირჩევა სამი ყველაზე უფრო ღირსეული და სინოდი პატრიარქის გარეშე, ფარული კენჭისყრით გამოარჩევს სამთაგან ერთს. მხოლოდ ამის შემდეგ ამტკიცებს პატრიარქი მას ეპისკოპოსად. იმ შემთხვევაში, თუ ხმების რაოდენობა თანაბარი იქნება, მაშინ პატრიარქი თავისი ერთი ხმით უპირატესობას ერთ-ერთ კანდიდატს მისცემს და ის იქნება გამორჩეული და ხელდასხმული.

როგორც ძველად, ასევე დღესაც ეპისკოპოსად კურთხევისას არსებით ნაწილს წარმოადგენს ფიცი, რომელსაც ახლად გამორჩეული ეპისკოპოსი ეკლესიის წინაშე დებს ხელდასხმის წინ. უპირველეს ყოვლისა, ის მრწამსს წარმოთქვამს, შემდეგ უფრო სიღრმისეულად განიხილავს ქრისტიანულ დოგმატებს და შემდეგ დებს ფიცს, რომ:

•

დაიცავს ყველა საეკლესიო კანონს;

•

დაემორჩილება საეკლესიო მმართველობას;

•

სათანადოდ მართავს მისთვის მინდობილ ეპარქიას;

•

არავისთვის არაფერი მიუცია და არ დაჰპირებია ეპისკოპოსად გა-

მორჩევის სანაცვლოდ;

•

არაფერს გადაწყვეტს საეკლესიო კანონის საწინააღმდეგოდ;

•

დაესწრება ეპისკოპოსთა ყველა შეკრებას, რომელზედაც მოსაწვევს

მიიღებს;

•

შეინახავს წმინდა სწავლებას და განერიდება ყველაფერს, რაც

მისთვის უცხო და მიუღებელია;

•

როგორც მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, ისე სწამს ევქა-

რისტიის საიდუმლო;

•

მსჯავრს აწარმოებს სინდისის მიხედვით;

•

იქნება ყველას მიმართ თავაზიანი, მოსიყვარულე და მზრუნველი; •

წეს-განგების, ტიპიკონის მიხედვით ამყოფებს მონასტრებში ბერებ-

სა და მღვდელ-მონაზვნებს;

•

აკურთხებს იმდენ დიაკვანსა და მღვდელს, რამდენიც საჭიროა; •

ყურადღებას მიაქცევს მისდამი დაქვემდებარებული ეპარქიის ტაძ-

რებს, ხშირად ესტუმრება და გააკონტროლებს მონასტრებს;

•

დაიცავს ერს ურწმუნოებისაგან;

•

არ გააკეთებს საერო საქმეებს და ყველგან იმოქმედებს თავისი

სინდისის მიხედვით, საეკლესიო კანონების დადგენილების მიხედ-

ვით;

•

გულმოდგინედ, მთელი თავისი ძალით დაუღალავად იშრომებს

მისთვის მინდობილი ეკლესიისთვის;

შემდეგ განაცხადებს, რომ:

ჩამოერთვას ყველა პატივი, ხარისხი და ღირსება, თუ ჩაიდენს რაიმე კანონსაწინააღმდეგოს.

დაიჩოქებს და შესთხოვს უფალს მის მოწმედ ყოფნას, რომ: სრული გააზრებით ამბობს და დებს ამ აღთქმას ღვთის წინაშე და სრულად დაიცავს მას სიცოცხლის ბოლომდე.

საეკლესიო კანონები განსაზღვრავს დროსაც, თუ როდის უნდა აკურთხონ ეპისკოპოსი: ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ დაქვრივებული კათედრა სამ თვეზე მეტ ხანს არ უნდა დარჩეს მმართველი ეპისკოპოსის გარეშე, თუ რამე განსაკუთრებული გარემოება არ უშლის მას ხელს, როგორც ამას ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრების 24-ე კანონი განსაზღვრავს: „ზოგიერთი მიტროპოლიტი ყურადღებას არ აქცევს მისდამი რწმუნებულ სამწყსოს და აგვიანებს ეპისკოპოსის ხელდასხმას. წმინდა კრება მიიჩნევს, რომ სამი თვის განმავლობაში უნდა დაასხან ხელი ეპისკოპოსს, თუ რაიმე გარდაუვალი გასაჭირი არ გაახანგრძლივებს ამ ვადას. თუ ვინმე ასე არ მოიქცევა, საეკლესიო განკანონებით დაისაჯოს. უმღვდელმთავროდ დარჩენილი ეკლესიის შემოსავალი დაცული უნდა იყოს ამ კონკრეტული ეკლესიის იკონომოსის მიერ“.

ტრულის კრების 35-ე კანონი მკაცრად განსაზღვრავს: „მიტროპოლიტს უფლება არა აქვს, მისი ხელქვეითი ეპისკოპოსის სიკვდილის შემთხვევაში მიითვისოს მისი ქონება ან მისი ეკლესია, ან რაიმე ძალადობა გამოიჩინოს, არამედ ყველაფერი უნდა დაიცვან იმ ეკლესიის სამღვდელო დასის წარმომადგენლებმა, სადაც იყო მიცვალებული, ვიდრე სხვა ეპისკოპოსს აირჩევდნენ. თუ იმ ეკლესიაში აღარ იქნება დარჩენილი არც ერთი სასულიერო პირი, მაშინ მიტროპოლიტმა უნდა დაიცვას და შეინახოს ყოველივე და უკლებლივ მიუთვალოს შემდეგ ხელდასხმულ ეპისკოპოსს“.

გამორჩეულ და ხელდასხმულ ეპისკოპოსს, საეკლესიო კანონების ძალით, უკვე აღარა აქვს უფლება, უარი თქვას რჩეულობაზე: „თუ ეპისკოპოსი ეპისკოპოსად ხელდასხმას მიიღებს და დადგინდება ერის ზედამდგომელად, მაგრამ არ ჩაატარებს ჟამისწირვას, არც იმაზე დათანხმდება, რომ წავიდეს მისთვის ჩაბარებულ ეკლესიაში, განვსაზღვრავთ მის უზიარებლობას, სანამ იძულებული არ იქნება [შეუდგეს საქმეს] და მის შესახებ რაიმეს არ დაადგენს მისი სამთავროს ეპისკოპოსების სრული კრება“ (ანტიოქიის კრების მე-17 კანონი); ამ საკითხის შესახებ მსჯელობს მესამე მსოფლიო კრებაც:

ეფესოს წმინდა მსოფლიო კრების ეპისტოლე პამფილიის საღვთო

კრებისადმი მათი ყოფილი მიტროპოლიტის – ევსტათის შესახებ

„წმინდა წერილი ამბობს: ყველაფერი უნდა გაკეთდეს სათანადო განსჯის შემდეგ (შდრ. იგავნი 31, 4). ამის გამო ჩვენ გვგონია, რომ მღვდლობის წილხვდომილნი სიფრთხილით უნდა განიხილავდნენ ყოველნაირ საქმეს, რადგანაც ვინც ასეთ ცხოვრებას ირჩევს, ის კეთილსასოებაში განმტკიცდება, თითქოს მყუდრო ნავით შევიდაო მშვიდი ზღვის ნავსაყუდელში. მათ სიტყვას სამართლიანობა ექნება ფრიადი. მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ უზომო და გადამეტებული მწუხარება გონების დანთქმას, აღელვებასა და ამღვრევას იწვევს, ართმევს მას საქმის ჯეროვნად გაძღოლა-გარჩევის ძალასა და უნარს. სწორედ ასეთი რამ შეემთხვა ღვთისმოყვარე ეპისკოპოს ევსტათის, რომელსაც კანონიერად დაასხეს ხელი, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო დაერღვა მყუდროება. როგორც თვითონ ამბობს, მოულოდნელმა მღელვარებამ შეიპყრო იგი. ამის შემდეგ გამოუცდელობისა და გულწრფელობის გამო ვერ შეძლო, წინააღმდეგობა გაეწია მოზღვავებული სიძნელეებისათვის და გაცლა ამჯობინა. ჩვენთვის უცნობია, როგორ გასცა მან ხელწერილი ეპისკოპოსობაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა ევალებოდა, რწმუნებულ სამღვდელო საზრუნავს სულიერი მხნეობით შეხვედროდა, მტკიცედ აღდგომოდა წინ ტკივილს და მოთმინებით ეშრომა. მაგრამ რადგან მან სულმოკლეობა გამოიჩინა, მეტწილად გამოუცდელობით, ვიდრე სიზარმაცისა და დახსნილების მიზეზით, თქვენმა ღვთისმსახურებამ საჭიროდ ცნო, მის ადგილზე ჩვენი თანაეპისკოპოსისა და ძმის, თეოდორეს ხელდასხმა, რათა მან იზრუნოს საეკლესიო საქმეებზე, რადგან ჯეროვანი არაა პამფილიის საეპისკოპოსოს ქვირობა, მაცხოვრის სამწყსოს დარჩენა ზედამდგომელის გარეშე.

ევსტათი მტირალი წარუდგა ეფესოს კრებას, არც ეპისკოპოსობასა და ქალაქს ითხოვდა, არც მის სანაცვლოდ ახლად ხელდასხმულ თეოდორე პამფილიელს ედავებოდა ეკლესიას, არამედ ითხოვდა მხოლოდ, რომ ეპისკოპოსობის პატივი და სახელი დაეტოვებინათ მისთვის, კრების მონაწილე მამები თანაგრძნობით განვიმსჭვალეთ მოხუცებულისადმი. ვისწრაფეთ, გაგვეგო, კანონიერი განკვეთა ხომ არ მიუღია მას, ვინაიდან ვიღაც ბრალმდებელმა უშვერი ბრალი წაუყენა. შევიტყვეთ, რომ მსგავსი არაფერი ჩაუდენია მას, არამედ თვით მოუთხოვია განთავისუფლება ეპისკოპოსობისგან, უარი უთქვამს თავის ადგილზე და თავის ნაცვლად ხელნი დაუსხამს განკრძალულ ეპისკოპოს თეოდორესთვის. კაცის გამოუცდელობას ხომ არ უნდა დაედოს დიდი ბრალი; ჯეროვანია შეწყალება მოხუცებულისა, რომელიც მის სამშობლო ქალაქსა და მამულს დიდი ხანია მოშორებია. ამის გამო განვსაჯეთ და დავადგინეთ ყოველგვარი კამათის გარეშე, რომ ჰქონდეს მას ეპისკოპოსობის პატივი, სახელი და ზიარება, თუმცა ხელდასხმის უფლება არ ექნება, არც ჟამისწირვის ჩატარებისა, თუ არ იქნება მიწვეული თანაეპისკოპოსის მიერ. ხოლო თუ თქვენ განიზრახავთ რაიმეს, მისთვის უფრო სასიკეთოსა და კაცთმოყვარულს ამჟამად ან შემდგომ, წმინდა კრება ამ განზრახვასაც მოიწონებს“.

იმ შემთხვევაში, თუ იმ დასახლებაში, ეპარქიაში არ მიიღეს ეპისკოპოსი, რომლისთვისაც ის გამოარჩიეს, მაშინ იგი უნდა დაელოდოს კრების გადაწყვეტილებას, რომელიც ამ საკითხზე იმსჯელებს. ანტიოქიის კრების მე-18 კანონის თანახმად, „თუ ეპისკოპოსი რომელიმე ეკლესიისთვის ხელდასხმულ იქნება და არ წავა იქ, სადაც დადგენილია, არა თავისი მიზეზით, არამედ იმ მრევლის დაუმორჩილებლობისა ან სხვა რამ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, მას უნდა დარჩეს თავისი პატივი და მღვდლობა, ოღონდ ნუ შეიტანს არევ-დარევას საეკლესიო საქმეებში იქ, სადაც იჯდება თვითონ, და დაელოდოს სამთავროს სრული კრების გადაწყვეტილებას“.

ასევე მოციქულთა 36-ე კანონი განაწესებს: „თუ ეპისკოპოსად ხელდასხმული პირი არ შეუდგება მსახურებასა და მასზე რწმუნებულ მრევლზე მზრუნველობას, მაშინ იგი განყენებული იყოს, ვიდრე არ შეუდგება თავის მოვალეობას, ზუსტად ასევე – მღვდელი და დიაკონი. ხოლო თუკი დანიშნულების ადგილზე წავა და იქ არ შეიწყნარებენ არა თავისი ნება-სურვილით, არამედ მრევლის უკეთურების გამო, ასეთ შემთხვევაში იგი ეპისკოპოსად დარჩეს, ამ ქალაქის მღვდელმსახურებმა კი თავი დაანებონ მღვდლობას, რადგან ვერ გაუწვრთნიათ მრევლი“.

იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ან სხვა რაიმე დაბრკოლების გამო ეპისკოპოსს არ შეუძლია თავის ეპარქიაში დაიკავოს საეპისკოპოსო კათედრა, ის მაინც ინარჩუნებს თავის პატივს და მეუფებას: „რადგან სხვადასხვა დროს ბარბაროზთა (უცხოტომელთა) შემოსევის შედეგად მრავალი ქალაქი დაიპყრეს უღმერთოებმა და შედეგად ასეთი ქალაქის საყდრისმპყრობელი მოკლებულია შესაძლებლობას, მივიდეს და დაიკავოს თავისი საყდარი ხელდასხმის შემდეგ და აღასრულოს იქ სამღვდელო მსახურება, დადგენილი წესის მიხედვით ხელდასხმა და ზოგადად, ყველაფერი, რაც ეპისკოპოსის შესასრულებელია. ჩვენ ვიცავთ მღვდლობის პატიოსნებასა და დიდებულებას და არ გვსურს, საეკლესიო სამართალთა საზიანო იყოს ბარბაროსთა თავდასხმა. ზემოღნიშნული მიზეზის გამო თავის საყდარში ვერმიღწეულებს არ ვდებთ ბრალს და ვადგენთ, რომ ისინი სასულიერო პირთა ხელდასხმას მაინც უნდა აღასრულებდნენ და თავისი პატივის უპირატესობას შეძლებისდაგვარად იყენებდნენ (იქ, სადაც არიან). მათ სამღვდელმთავრო უფლებები მტკიცედ და ურყევად უნდა ჰქონდეთ. დროის გაჭირვება და ბარბაროსთა თავდასხმა არ უნდა იქცეს დაბრკოლებად საქმის სიზუსტით წარმართვაში და არ უნდა შეზღუდოს საეკლესიო მართვა-გამგეობის საზღვრები“ (ტრულის კრების 37-ე კანონი).

ამავე კრების 39-ე კანონი განსაზღვრავს: „ჩვენი ძმასა და თანამწირველს, კვიპროსის კუნძულის მღვდელმთავარ იოანესა და მის მრევლს, ბარბაროზთა თავდასხმისა და წარმართთა მონობისაგან განთავისუფლებულსა და ქრისტიანული სახელმწიფოს სკიპტრის მორჩილების მსურველს, ხსენებული კუნძულიდან კაცთმოყვარე ღვთის განგებულებითა და ჩვენი კეთილმსახური მეფის დახმარებით ელისპონტოში გადმოსახლებულს, ვუდგენთ: უცვლელად დარჩეს ის, რაც ეფესოში პირველშეკრებილ ღმერთშემოსილ მამათა მიერ ზემოხსენებული მღვდელმთავრის საყდრისადმი დადგინდა: ახალ იუსტიანიანეპოლს კონსტანტინეპოლის საყდრის მსგავსი უფლებები ჰქონდეს, ხოლო იქ მჯდომ ღვთისმოყვარულ ეპისკოპოსს – ზედამდგომელობა ელისპონტის მთელ სამთავროზე. თვით ხელდასხმული იყოს მისი მოსაზღვრე ქალაქების ეპისკოპოსთა მიერ ძველი ჩვეულებისამებრ, რადგან ჩვენს ღმერთშემოსილ მამებს თითოეული საეკლესიო წესის უცვლელად შენახვა მიაჩნიათ მოსაწონად.

რადგან ქალაქ კვიზიკის ეპისკოპოსი იუსტინიანეპოლის მწყემსმთავრის ხელქვეითია, ამ მხარის ყველა სხვა საეპისკოპოსოს მსგავსად, ისიც უნდა დაემორჩილოს ხსენებულ ღმრთისმოყვარე მწყემს იოანეს და როცა საჭირო გახდება, თვით ქალაქ კვიზიკის ეპისკოპოსიც მის მიერვე ხელდაისხას“.

რადგან ეპისკოპოსი მიიჩნევა ეკლესიის სიძედ, მისი გარდაცვალების შემდეგ იმ ეპარქიასა თუ ეკლესიას უწოდებენ დაქვრივებულს. აქედან გამომდინარე, ეპისკოპოსსა და მისდამი რწმუნებულ ეკლესიას შორის უწყვეტი კავშირია, რომელიც უნდა იყოს მისი სიცოცხლის ბოლომდე. როგორც უკვე აღინიშნა, ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, დატოვოს თავისი ეკლესია და სხვაგან გადავიდეს (მოციქულთა მე-14 კანონი, იხ. გვ. 177). ამავეს იმეორებს ანტიოქიის კრების 21-ე კანონი: „ეპისკოპოსი ერთი სამწყსოდან ნუ გადავა სხვა სამწყსოში, ნურც თავისი ნებით, ნურც მრევლისაგან იძულებით, ნურც ეპისკოპოსის ნებით, არამედ დარჩეს იმ ეკლესიაში, სადაც, ღმრთის ნებით თავიდან იყო არჩეული, და ნუ შეიცვლის ადგილს მამათა მიერ ადრე მიღებული დადგენილებისამებრ“.

ადრინდელ პერიოდში ამგვარად იშვიათად გადაადგილდებოდნენ და ისიც მაშინ, როცა გარემოება აიძულებდა (ზემომოყვანილი დევნა). ყველა სხვა შემთხვევაში კანონები უკრძალავს ეპისკოპოსს, მოითხოვოს რწმუნებული კათედრიდან განთავისუფლება, რომელზეც დადგენილია კანონიერად. წმ. კირილე ალექსანდრიელის მე-3 კანონი განაწესებს: „მღვდლობის მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად „ჯმნის ქარტას“ (ეპისკოპოსის მიერ წერილობითი უარის თქმა კათედრაზე) თავისი ნებით კი არ წერს სამღვდელო პირი, არამედ ვინმეს იძულებით, შიშით ან მუქარით. საეკლესიო წესიც ადასტურებს ამას, რომ საეკლესიო პატივის ღირს სამღვდელო პირებს „ჯმნის ქარტა“ არ მოეთხოვებოდათ, რადგან თუ ისინი ღირსნი იყვნენ ამ მსახურებისა, უნდა დარჩენილიყვნენ თავის პატივში, ხოლო თუ უღირსნი იყვნენ, „ჯმნის ქარტით“ კი არ უნდა ჩამოშორდნენ ამ საქმეს, არამედ პასუხი უნდა ეგოთ დანაშაულზე. ამ საქმეზე მრავალი დაობდა, რადგან ფიქრობდა, რომ წესი არ იყო დაცული“.

ასევე პეტრე ალექსანდრიელის კანონი: „თუ სამღვდელო დასიდან ვინმე თვით გასცემს თავს, დაეცემა, უარს იტყვის ქრისტიანობაზე და კვლავ აღდგება, არ არის სამართლიანი, რომ ამის შემდეგ განაგრძოს მღვდლობა, ვინაიდან მან მიატოვა უფლის სამწყსო და წაიბილწა თავი, რაც მოციქულთაგან არავის უქნია. ნეტარმა მოციქულმა პავლემ მრავალი დევნა გადაიტანა, დიდი ღვაწლი და შრომა გამოიჩინა, თუმცა იცოდა, რომ „უმჯობესია წასვლა და ქრისტესთან ყოფნა“ (ფილიპ. 1, 23). მან მაინც დასძინა და თქვა: „მაგრამ ხორცში დარჩენა უფრო მეტად თქვენთვის არის საჭირო“ (ფილიპ. 1, 24), რადგან ფიქრობდა უმჯობესს არა თავისთვის, არამედ მრავალთათვის, რათა ცხონებულიყვნენ. ამის გამო თავის სიმშვიდეზე მეტად ძმებთან დარჩენა და მათ ცხოვრებაზე ზრუნვა მიაჩნდა საჭიროდ. იგი მოუწოდებს მასწავლებელსაც, სწავლის დროს მორწმუნეთათვის მაგალითი იყოს. ამის გამო თუ ვინმე დაეცემა, კვლავ აღდგება და საპყრობილეში ხელს მიჰყოფს ჟამისწირვის საიდუმლოს აღსრულებას, იგი უგუნურია, რადგანაც როგორღა თხოულობს იმას, რაც მიატოვა მაშინ, როდესაც შეეძლო, თავი კეთილად მოეხმარებინა ძმებისთვის ამგვარ დროს. სანამ დაეცემოდნენ ცოდვით, კიდევ შეიძლებოდა მათი აწ უსამართლოდ შერაცხილი საქმის [ღვაწლზე თვითნებურად წასვლის] პატიება. ხოლო როდესაც დაეცნენ, აღარ შეუძლიათ მღვდლობა, რადგანაც სხვაზე ზრუნვა ევალებოდათ და თავი კი წაიბილწეს. ამის გამო თავმდაბლად უფრო იმაზე უნდა იზრუნონ, თუ როგორ იხსნან თავი ამაო დიდებისაგან დამცხრალებმა, რადგან მათთვის საკმარისია მორწმუნეებთან ზიარებაც. ეს ორი მიზეზით არის დასაშვები მათთვის, დიდი ყურადღებითა და გააზრებით: რათა შეწუხებულნი არ აღმოჩნდნენ იმით, რომ ეპიტიმიადადებული უნდა გავიდნენ ხორციდან და ზოგიერთი დაცემულისთვის განკანონება მიზეზი არ გახდეს გულმოდგინების დაკარგვისა. ასეთებს ყველაზე მეტად შეხვდებათ სირცხვილი და სასაყვედურო, როგორც საძირკვლის ჩამყრელს და დამთავრების ვერშემძლებელს, რომლის შესახებაც მოციქული ამბობს: „დაიწყებს ყველა გამვლელი მის კიცხვას და იტყვის: „ამ კაცმა საძირკველი ჩაყარა და დამთავრება ვერ შეძლო“ (ლუკა 14, 29).

კონსტანტინეპოლის წმინდა მოციქულთა ტაძარში შეკრებილ ორგზის წმინდა, დიდი კრების მიერ დადგენილ მე-16 კანონში ვკითხულობთ: „იმ დავისა და შუღლის შესახებ, რომელიც ხდება ღმრთის ეკლესიაში, სათანადოდ მიგვაჩნია ამისი განსაზღვრებაც: არავითარ შემთხვევაში არ უნდა დადგინდეს ეპისკოპოსი იმ ეკლესიაში, რომლის მღვდელმთავარი ჯერ ცოცხალია და თავის პატივში იმყოფება, თუ თავისი ნებით არ იტყვის უარს ეპისკოპოსობაზე, რადგან საჭიროა, რომ ჯერ ამ ეპისკოპოსის საქმე გამოიძიონ კანონთა განწესებისამებრ, ყველაფერი უნაკლოდ დაასრულონ, გაიყვანონ ის ეკლესიიდან და მისი განკვეთის შემდეგ მის ნაცვლად სხვა ეპისკოპოსი დაადგინონ. ხოლო თუ თავის პატივში მყოფი ეპისკოპოსი არც თავს ანებებს ეპისკოპოსობას, და არც მწყსავს თავის სამწყსოს, თან თავისი საეპისკოპოსო მიტოვებული აქვს ექვსი თვის განმავლობაში და სხვა ადგილას იმყოფება, არა სამეფო ბრძანებით იძულებული, არც თავისი პატრიარქის ჟამისწირვის თანამსახური, არც მძიმე სნეულებით არის შეპყრობილი და არც მოძრაობასაა უნარმოკლებული. თუ მას არც ერთი ზემოთქმული მიზეზი ხელს არ უშლის, მიატოვებს თავის საეპისკოპოსოს და ექვს თვეზე მეტ ხანს სხვა ადგილას გაატარებს, იგი სრულიად უცხო უნდა იყოს საეპისკოპოსო პატივისა და წესისაგან, რადგანაც ვინც მისთვის რწმუნებული სამწყსო არად ჩააგდო და ექვს თვეზე მეტი ხანი სხვა ადგილას დაყო, წმინდა კრებამ დაადგინა, რომ იგი სრულიად უცხო იყოს მღვდელმთავრობისაგან, რომლის ძალითაც მწყემსობა დაევალა მას, და მის საეპისკოპოსოში მის ნაცვლად უნდა დადგინდეს სხვა“.

ეპარქიის ეპისკოპოსების უფლებები და ვალდებულებები

ეპარქიის ეპისკოპოსის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება მისი პატივითა და თანამდებობრივი პასუხისმგებლობით ეპარქიაში, როგორც უმაღლესი მასწავლებლის, უპირველესი მღვდელმსახურისა და მთავარი მოძღვრის, შემდეგ მისი დამოკიდებულებით უმაღლეს საეკლესიო მმართველობასთან, დაბოლოს, ეკლესიის საქმიანობაში კრებსითი მმართველობის ხელმძღვანელის მნიშვნელობით. თავდაპირველად ჩვენ გადმოვცემთ ეპარქიის ეპისკოპოსის უფლებებს მმართველობის სამი დარგის, სამ სფეროსთან მიმართებით. ესენია: სწავლებითი, მღვდელმსახურებითი და მოძღვრებითი. შემდეგ უკვე გადავალთ მის ვალდებულებებზე.

ეპისკოპოსი თავის ეპარქიაში უმაღლესი, მთავარი მასწავლებელია, მისდამი არის მინდობილი ქრისტეს სწავლების ქადაგება და ყველასთან მიტანა: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაéთა და ძისაéთა და სულისა წმიდისაéთა“ (მათე 28, 19); „რამეთუ არა მომავლინა მე ქრისტემან ნათლის-ცემად, არამედ სახარებად, არა სიბრძნისა სიტყÂთა, რაéთა არა ცალიერ იყოს ჯუარი იგი ქრისტესი“ (1 კორინთელთა 1, 17); „იქადაგე სიტყვა, დაჟინებით, დროულად და უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი სულგრძელობით და სწავლებით“ (2 ტიმოთე 4, 2).

წმინდა წერილიდან გამომდინარე, ქადაგება – ღვთის სწავლების განვრცობა – წარმოადგენს ეპისკოპოსის განსაკუთრებულ უფლებასა და ვალდებულებას. მოციქულთა 58-ე კანონის თანახმად, „თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა არად ჩააგდოს სამღვდელო მწობრი და ხალხი, არ ასწავლოს მათ კეთილმსახურება – განაყენონ, და თუ ამის შემდეგაც იმცონარებს და არ შეასრულებს თავის მოვალეობას, – განიკვეთოს“. ამავე საკითხს მოიცავს ტრულის კრების მე-19 კანონიც: „ეკლესიის წინამძღვარმა ეპისკოპოსებმა ყოველდღე, უფრო კი კვირა დღეს, მთელ სამღვდელო მწყობრსა და მორწმუნე ერს უქადაგოს და ასწავლოს საღმრთო წერილის ჭეშმარიტი სიტყვა ან ღმერთშემოსილ მამათა მოძღვრება. ნუ შეცვლიან და გადაასხვაფერებენ მას, არამედ გადმოსცენ ისე, როგორც ეკლესიის მნათობთა და მოძღვართა მიერ არის აღწერილი. ამით მეტად აჩვენებენ მორწმუნეებს თავის კეთილ გამოცდილებას, ვიდრე საკუთარი საკუთარი სიტყვის წარმოთქმით. ხოლო თუ ვერ შეძლებენ ამას, გადაიხრებიან ჯეროვანისგან. მამათა მოძღვრების საშუალებით კი ერი იძენს ცოდნას, თუ რა უნდა მიიღოს, რას შეაქციოს ზურგი, როგორ უნდა შეცვალოს და წარმართოს თავისი ცხოვრება სიკეთისა და უმჯობესისკენ, არ გაიხრწნას უმეცრების ვნებით, არამედ იმ ძველი მოძღვრების დახმარებით გაიმხნეოს თავი, რათა არ შეემთხვეს მას ვნება და ჯეროვნად მოიქცეს მომავალი ტანჯვის შიშით“.

ეპისკოპოსს სრული სისავსით ეკუთვნის უფლება მის ეპარქიაში იქადაგოს ღვთის სიტყვა. ლაოდიკიის კრების მე-19 კანონის ძალით, „ეპისკოპოსთა დამმოძღვრავი სიტყვის შემდეგ უნდა შესრულდეს ლოცვა კათაკმეველთათვის. კათაკმეველთა გასვლის შემდეგ უნდა ითქვას მონანულთა ლოცვა. როდესაც ისინი ხელის დადების შემდეგ გავლენ, შემდეგ იქნება მორწმუნეთა სამი ლოცვა: ერთი, ე. ი. პირველი – დუმილით, ხოლო მეორე და მესამე – ხმამაღლა. ამის შემდეგ იწყება მშვიდობის მიცემა (ამბორის-ყოფა). მღვდლები აძლევენ ეპისკოპოსს მშვიდობას (ეამბორებიან) და შემდეგ ერისკაცებიც, და ასე შესრულდება წმინდა შესაწირავის შეწირვა. საკურთხეველში შესვლისა და იქ ზიარების უფლება აქვთ მხოლოდ სამღვდელო დასის წარმომადგენლებს“.

ასე რომ, ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე არავის აქვს ეკლესიაში ქადაგების უფლება. მის მიერ ენიჭება მოძღვარს ქადაგების უფლება: „და რაც მოისმინე ჩემგან მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი ერთგულ ადამიანებს, რომელთაც უნარი ექნებათ, სხვებსაც ასწავლონ“ (2 ტიმოთე 2, 2). მოციქულთა 39-ე კანონი გვასწავლის: „მღვდლები და დიაკვნები ნურაფერს გააკეთებენ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, რადგან იგია, ვისაც აბარია ერი ღვთისა და იგია მათ სულებზე პასუხისმგებელი“. ასევე ღანგრიის კრების მე-6 კანონი განაწესებს: „თუ ვინმე ეკლესიის გარეთ, ცალკე ეკლესიობდეს, უგულებელყოფდეს ეკლესიას, საეკლესიო საქმეების გადაწყვეტა მის გარეთ მოისურვოს და არ ჰყავდეს მღვდელი ეპისკოპოსის ნებართვით, შეჩვენდეს“. კართაგენის ადგი ლობრივი კრების მე-10 კანონი: „თავისი ეპისკოპოსის მიერ ბრალდებულ მღვდელთა შესახებ.

ნუმიდიის წარმომადგენელმა ალვიპიოს ეპისკოპოსმა თქვა: არც იმას უნდა ავუაროთ გვერდი, რომ, თუ მღვდელი თავისი ეპისკოპოსის მიერ ბრალდებული იქნება და, დიდგულობითა და ამპარტავნობით გათავხედებული, იფიქრებს, რომ არ არის მისთვის შეუძლებელი, მარტომ შესწიროს წმინდა მსხვერპლი ღმერთს, ან გაბედოს სხვა საკურთხეველის აღმართვა საეკლესიო სარწმუნოებისა და წესიერების საწინააღმდეგოდ, ასეთი დაუსჯელად ნუ გადარჩება.

ნუმიდიის პირველი საყდრის ეპისკოპოსმა ვალენტინემ თქვა: საეკლესიო სარწმუნოებისა და წესის შესაბამისია და საჭირო ჩვენი ძმის ალვიპიოსის მოხსენებული. რა სურს ამ საკითხზე თქვას თქვენმა სიყვარულმა?

ყველა ეპისკოპოსმა თქვა: თუ ვინმე მღვდელი, თავისი ეპისკოპოსის წინააღმდეგ ამხედრებული, განხეთქილებას აწყობდეს, შეჩვენდეს“;

ტრულის კრების 33-ე კანონი: „შევიტყვეთ, რომ სომხეთში, ებრაული წესის მიმდევრობით, მხოლოდ სამღვდელო პირთა შთამომავლებს დააწესებენ სასულიერო პირთა დასში და ზოგ მათგანს, ეკლესიის მსახურად არაღკვეცილს, დაადგენენ მგალობლად და წიგნის მკითხველად. ამიტომ განვაწესებთ: ამიერიდან ნუღარავინ გაირჯებიან იმაზე, სამღვდელო დასის მომავალი წევრი სასულიერო პირთა შთამომავალია თუ არა. მხოლოდ გამოცადონ წმინდა კანონებში მოცემული დადგენილების მიხედვით და ეკლესიის მსახურად დააწესონ იმისდა მიუხედავად, არიან თუ არა ისინი ხელდასხმულთა შთამომავალნი. ამასთანავე, მათ შორის ნურვის მიეცემა უფლება სამღვდელო დასში დაწესებულთა წესისამებრ საღმრთო სიტყვა იქადაგოს ერისთვის, თუ სამღვდელო აღკვეცა და კანონიერი კურთხევა არ მიეღოს თავისი მწყემსისგან. თუ ვინმე გაბედავს ამ კანონის საწინააღმდეგო მოქმედებას, უზიარებლობით დაისაჯოს“.

ამავე კრების 64-ე კანონი განაწესებს: „ერისკაცს არ შეეფერება ერის წინაშე სიტყვის თქმა (ქადაგება) ან სწავლა-დამოძღვრა და ამგვარად მოძღვრის პატივის დასაკუთრება. იგი ღმრთის მიერ მისთვის დადგენილ წესს უნდა მორჩილებდეს და ყური მზად ჰქონდეს იმათი სიტყვის მოსასმენად, ვისაც მოძღვრობის მადლი აქვს მიღებული, და მათგან უნდა ისწავლოს საღმრთო მოძღვრება, რადგან ერთ საერთო ეკლესიაში ღმერთმა სხვადასხვა ნაწილი შექმნა მოციქულის სიტყვისამებრ (I კორ. 12, 12; 12, 27), რომელსაც განმარტავს გრიგოლ ღვთისმეტყველი, ნათლად გვიხსნის არსებულ წესს და ამბობს: „ამ წესს, ძმებო, პატივი მივაგოთ, დავიმარხოთ იგი: ერთნი ყურ იყვნენ, მეორენი – ენა, ერთნიც – ხელ, სხვები კიდევ სხვა რაიმენი; ერთმა ასწავლოს, მეორე – განისწავლოს“. და მცირეოდენი სიტყვის შემდგომ: „რომელიც სწავლობდეს – მორჩილებდეს, რომელიც გასცემდეს – გასცემდეს მხიარულითა პირითა, რომელიც მსახურებდეს – მსახურებდეს გულმოდგინებით; და ნუ ვიქცევით ყველანი ენად, თუმცა კი ყველაზე ახლოა იგი, ნურც ყოველნი მოციქულებად, ნურც წინასწარმეტყველებად და ნურც განმმარტებლებად“. რამდენიმე სიტყვის შემდეგ კვლავ ამბობს: „რად ჰყოფ თავსა შენსა მწყემსად ცხვარი ეგე? რად იქმნები თავად ფეხ-ყოფად განჩინებული? რად ხელყოფ მხედართმთავრობას მხედრად განწესებული?“. და სხვა ადგილას სიბრძნე მოგვიწოდებს: „ნუ ისწრაფი პირითა შენითა...“ (ეკლ. 5, 1); „ნუ წარსწუდები, გლახაკ თუ ხარ, მდიდრისა...“ (იგავ. 23, 4); ნუ ეცდები ბრძენთა უბრძნესი იყო. ვინც მხილებული იქნება ამ კანონის დარღვევაში, ორმოცი დღე უზიარებელი დარჩეს“.

64-ე კანონის განმარტებისას ბალსამონი წერს: „ღვთის ერის დამოძღვრა და საღვთო დოგმატების განმარტება, სულიწმინდის მადლით, მიცემული აქვთ მხოლოდ მაღალ იერარქებს და იმათ, ვისაც ისინი დაავალებენ, აკურთხევენ. მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთი საერო პირი, რომელთაც შეიძლება შეისწავლეს საღვთისმეტყველო სიბრძნე, განიხილავდნენ ხალხში გარკვეულ საეკლესიო საკითხებს, რითაც ცდილობდნენ საღვთო მასწავლებლის ღირსების მითვისებას. ამიტომ წმინდა მამებმა აკრძალეს ასეთი მოქმედება და განსაზღვრეს, რომ ასეთი რამ აღარ მომხდარიყო, ღვთისმსახურებს აღარ ჰქონოდათ ასეთი სახის ხელშეშლა და დაბრკოლება. ამბობენ, რომ ღმერთმა სხვადასხვა ეკლესიის წევრებით გაამყარა და აღამაღლა ეკლესია, მაგრამ ღვთის სწავლებით საერო ადამიანებს დაუდგინა სწავლების მიღება, განსწავლა და არა სხვისთვის სწავლება – მასწავლებლობა, ამიტომ ყურადღებით უნდა მოისმინონ, ისწავლონ და არ აცდუნონ ადამიანები. საღვთო სწავლებით ყველა იმ ხარისხში უნდა დარჩეს, რომელშიც ის არის მოწოდებული. თავისი სიტყვის განსამტკიცებლად მამებმა დაიმოწმეს სხვადასხვა ციტატა საღვთო წიგნიდან, კერძოდ, მოციქულთა ეპისტოლეებიდან, საღვთისმეტყველო სწავლებებიდან და წინასწარმეტყველთაგან. ხოლო დამრღვევ სასულიერო პირებს განუწესეს ორმოცი დღით დაყენება. შეიძლება ვინმემ იკითხოს, თუკი კანონი უკრძალავს საერო ადამიანს ხალხში მსჯელობას და ქრისტიანული სწავლების ქადაგებას, ეხება თუ არა ეს მონოზვნებს, ბერებსა და ეკლესიაში მომსახურე ადამიანებს – მედავითნეებს, სტიქაროსნებს, მგალობლებს და სხვ. საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ მაღალ იერარქებს და მათ, ვინც ეპისკოპოსის მიერ არის დადგენილი. თუ რომელიმე ამ კანონიკურ მცნებას დაარღვევს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ მას სასჯელი უნდა დაეკისროს. ამ საკითხის შესწავლისას სახარებისეული სწავლება გვეუბნება: „რადგან მამა დიდია ჩემზე“ (იოანე 14, 28). ბევრი ბერი და ეკლესიაში მომსახურე დაექვემდებარა სასჯელს იმის გამო, რომ ქადაგებდნენ და წერდნენ, ავრცელებდნენ არასწორ სწავლებას ხალხში. ხოლო თუ რომელიმე განსწავლულ, კეთილგონიერ ადამიანს ვინმე ჰკითხავს რომელიმე დოგმატური საკითხის შესახებ ან რომელიმე სულისთვის სარგო საკითხზე, არ დაექვემდებარება სასჯელს, თუ თავისი შეხედულებით არ ასწავლის. როგორც პირველი ტიტულის მე-4 თავში, ისე ვასილიკის პირველ წიგნში არის ნათქვამი: არც ერთი კლერიკოსი და ბერი, ასევე სხვა, ვისაც არ აქვს კურთხევა ქადაგებისა, არ უნდა შეკრებდეს ხალხს და სახალხოდ არ უნდა განიხილავდეს საღვთო სწავლებას, ამით ის შეურაცხყოფს ქალკედონის კრებას, რომელმაც ყველაფერი დაადგინა სათანადოდ, რომელიც ერეტიკოსებსაც აძლევს უფლებას, შეიმეცნონ ჩვენი რწმენა. თუ ეკლესიის წევრი, კლერიკოსი გააკეთებს ამას, ის უნდა განიკვეთოს კლერიკოსთა საკრებულოდან, თუ მეამბოხეა ჯარისკაცი, მაშინ განიდევნოს არმიიდან, ხოლო ყველა დანარჩენიც უნდა დაისაჯოს თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე“.3

გარდა ქადაგებისა, ეპისკოპოსს ეკუთვნის უფლება, ზრუნავდეს რელიგიურ განათლებაზე, უპირველეს ყოვლისა:

•

ახალგაზრდებს არ უნდა ასწავლიდეს სემინარიასა და სამრევლო სკოლებში საღვთო რჯულს ისეთი ადამიანი, რომელსაც არ აქვს ეპისკოპოსის მიერ მიცემული უფლებამოსილება, სწავლების კურთხევა. მისი ნებართვის, ლოცვა-კურთხევის გარეშე არ უნდა მოხდეს წიგნის შერჩევა და ამით ხელმძღვანელობა სწავლისას.

•

ხალხის რელიგიური განსწავლულობისთვის ეპისკოპოსი უნდა ქადაგებდეს საკათედრო ტაძარში. თუ მას გარკვეულ მიზეზთა გამო არ შეუძლია ქადაგება, მაშინ რომელიმე მოძღვარს უნდა დაავალოს, რომ მის მაგიერ იქადაგოს: ტრულის კრების მე-19 კანონი განაწესებს: „ეკლესიების წინამძღვარმა ეპისკოპოსებმა ყოველდღე, უფრო კი კვირა დღეს, მთელ სამღვდელო დასსა და მორწმუნე მრევლს უნდა უქადაგონ და ასწავლონ საღმრთო წერილის ჭეშმარიტი სიტყვა, ან ღმერთშემოსილ მამათა მოძღვრება. ნუ შეცვლიან და გადაასხვაფერებენ მას, არამედ გადმოსცენ ისე, როგორც ეკლესიის მნათობთა და მოძღვართა მიერ არის აღწერილი. ამით უფრო აჩვენებენ მორწმუნეებს თავიანთ კეთილ გამოცდილებას, ვიდრე საკუთარ სიტყვის წარმოთქმით. ხოლო თუ ვერ შეძლებენ ამას, გადაიხრებიან ჯეროვანისგან. მამათა მოძღვრების საშუალებით კი ერი იძენს ცოდნას, თუ რა უნდა მიიღოს, რას შეაქციოს ზურგი, როგორ უნდა შეცვალოს და წარმართოს თავისი ცხოვრება სიკეთისა და უმჯობესისკენ, არ გაიხრწნას უმეცრების ვნებით, არამედ იმ ძველი მოძღვრების დახმარებით გაიმხნეოს თავი, რათა არ შეემთხვეს მას ვნება, ცოდვა და ჯეროვნად მოიქცეს მომავალი ტანჯვის შიშით“.

ეპისკოპოსი სამრევლო ტაძრებში ადგენს მღვდლებს ან იქ განსაკუთრებულ მქადაგებლებს აგზავნის. ეპარქიაში არსებული მდგომარეობის შესწავლისას მან მაქსიმალურად უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები. მოციქულთა 36-ე კანონის თანახმად, „თუ ეპისკოპოსად ხელდასხმული არ მოინდომებს მისთვის მინდობილ მრევლზე ზრუნვასა და მის მსახურებას, იგი უზიარებელი უნდა დარჩეს, ვიდრე არ შეასრულებს (ამ მსახურებას). ასევე მღვდელი და დიაკონი. ხოლო თუ წავა იქ და არ შეიწყნარებენ არა მისი ნება-სურვილით, არამედ მრევლის უკეთურების გამო, იგი უნდა უნდა დარჩეს ეპისკოპოსად, ხოლო იმ ქალაქის მღვდელმსახურებმა თავი უნდა გაანებონ მღვდელობას, რადგან ვერ გაუწვრთნიათ დაუმორჩილებელი ერი“.

ზრუნვა სასულიერო პირთა განათლებაზე ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საქმეს განეკუთვნება ეპისკოპოსთა უფლება-ვალდებულებებში. აქედან გამომდინარე, ხელმძღვანელობა იმ ყველაფრისა, რაც ეხება სასულიერო პირობის კანდიდატთა აღზრდას სემინარიებში – უმაღლეს საღვთისმეტყველო დაწესებულებებში ხელმძღვანელობა და ზედამხედველობა სწავლების პროცესსა და სწავლებაზე, იმ პირების გამოცდა და შემოწმება, რომელთაც სურთ საღვთისმსახურო ხარისხში აყვანა – ეპისკოპოსთა პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

კართაგენის კრების მე-18 კანონი ადგენს: „თუ რომელიმე სამღვდელო პირს დაასხამენ ხელს, საჭიროა, რომ ემცნოს მას კანონთა დაცვა. გარდაცვლილთა გვამებს არ მიეცემა არც ზიარება და არც ნათლისღება. ყოველ წელიწადს თითოეულ სამთავროში მიტროპოლიტები უნდა ატარებდნენ კრებებს.

აგრეთვე მიგვაჩნია, რომ ხელდასხმულ ეპისკოპოსს ან სხვა სამღვდელო პირს პირველად მათი ხელდასხმული ასწავლის კრებათა კანონებს, და მათ უნდა მოინანიონ, თუ არსებულ დადგენილებებს დაარღვევენ. ასევე მივიჩნევთ, რომ გარდაცვლილთა გვამებს სიწმინდის ზიარება არ მიეცემათ, რადგან წმინდა წერილში წერია: „მიიღეთ, ჭამეთ“ (მათე, 26, 26), გარდაცვლილს კი არც მიღება შეუძლია და არც ჭამა. ამასთანავე, მღვდელთა უცოდინარობით არც ნათლისცემა ეგების მკვდარს.

ამ კრებაზე დამტკიცებულია ისიც, რომ ნიკეის კრების დადგენილების მიხედვით, ყოველ წელიწადს უნდა ჩატარდეს კრება საეკლესიო საკითხებისათვის, რაც ხშირად არ სრულდება და ეს ერის წარწყმედას უწყობს ხელს. სამთავროთა ყველა პირველმოსაყდრე ეპისკოპოსმა თავისი ეპისკოპოსებისაგან ორი ან რამდენიმე ამოირჩიოს და წარმომადგენლად მიავლინოს, რომ მრავალთა შეკრებით სრულყოს კრების პატიოსნება“.

ეპისკოპოსს ევალება ასევე, სასულიერო პირებში გააღვივოს საღვთისმეტყველო საკითხებში განსასწავლად კრებების მოწვევის სურვილი. ამას გარდა ეპისკოპოსს აქვს უფლება და ვალდებულება როგორც უმთავრეს ზედამხედველს, მის ეპარქიაში იცავდნენ სწორ სწავლებას: „ჰოი, ტიმოთე, გაუფრთხილდი მობარებულს, განერიდე უშვერ ლაქლაქს და ცრუმეცნიერულ კამათს, რასაც მიჰყვნენ და ზოგიერთები რწმენას ჩამოშორდნენ. მადლი შენთან. ამინ“ (1 ტიმ. 6, 20-21). ამიტომ მან უნდა მოძებნოს და აღმოფხვრას ყველა არასწორი სწავლება, „რომელთაც უნდა დაეკეტოთ პირები: ისინი რყვნიან მთელ სახლებს, ასწავლიან, რაც საჭირო არ არის, სამარცხვინო ანგარების გამო“(ტიტე 1, 11).

ეპისკოპოსმა უნდა აკრძალოს თავის ეპარქიაში ისეთი წიგნების წაკითხვა, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტეს სწავლებას და ზნეობრივ ღირებულებებს. მან ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ყველა სამრევლო ტაძარს, ქადაგებენ თუ არა მოძღვრები ეკლესიის მიერ დადგენილ სწავლებას: „ეკლესიაში დაცული სჯული და ქადაგებები ზოგი წერილობით მოცემული მოძღვრების სახით გვაქვს, ხოლო ზოგი მიღებული გვაქვს მოციქულთაგან, საიდუმლოდ გადმოცემული. ამათგან ორივეს ერთი და იგივე ძალა აქვს კეთილმსახურებისათვის და ამას არავინ მიიჩნევს საკამათოდ, ვისაც კი საეკლესიო განწესებათა მცირეოდენი ცოდნა მაინც აქვს. თუ დაუწერელი წესების დარღვევას მივყოფთ ხელს, ვითომცდა იმიტომ, რომ მათ არა აქვთ დიდი ძალა, ამით თავს ვავნებთ თვით სახარების არაჯეროვანი გაგებით, ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელწოდებაღა შეგვრჩება. თავდაპირველად ვახსენებ პირველსა და საერთოს: მორწმუნეების მიერ ჯვრის სასწაულის გამოსახვა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელის მიმართ ვინ გვასწავლა წერილობით? ლოცვის დროს აღმოსავლეთის მხარეს თაყვანისცემა რომელმა წიგნმა გვაუწყა ჩვენ? მადლობის (ევქარისტიის) პურის ან სასმლის კურთხევის დროს სათქმელად რომელმა წმინდანმა დაგვიტოვა ჩვენ წერილობით რაიმე?

არც მხოლოდ იმით დავკმაყოფილდებით, რაც მოიხსენიეს მოციქულმა ან სახარებამ, არამედ მათზე ადრე და მათ შემდეგაც ვახსენებთ სხვა რამ მრავალსაც, როგორც საიდუმლოს მიმართ დიდი ძალის მქონეს. ეს კი მიღებული გვაქვს დაუწერელი მოძღვრებისგან. ხოლო ვაკურთხებთ აგრეთვე ნათლისღების წყალს და ცხების ზეთს და ვლოცულობთ ნათლისმღებელზე, რომელი წერილობითი გადმოცემისგან მიგვიღია ეს, განა დაფარული და საიდუმლო უწყებისგან არა? ხოლო თუ რა არის ზეთისცხება, რომელმა დაწერილმა სიტყვამ გვასწავლა? საიდან არის კაცთა სამჯერადი შთაფვლა წყალში ნათლისღების დროს? ამის გარდა სხვა რამდენი რამ არის ნათლისღების დროს: სატანისაგან და მისი ანგელოზებისაგან განშორება რომელი წერილიდან არის? განა არ არის ეს გაუმხელელი და უთქმელი მოძღვრებიდან, რომელიც მიუწვდომელია დაწვრილებითი გამოძიებისა და გამოკვლევისთვის და რომელიც ღმრთის საიდუმლოთა დუმილით შენახვაში განსწავლულმა ჩვენმა მამებმა საიდუმლოდ შემოინახეს? როგორ შეეფერებოდა ამ მოძღვრების გაცხადება და წერილობით გამხელა იმათ, ვინც განუსწავლელია საიდუმლოში და მისი შეხედვის უფლებაც კი არა აქვს. რადგანაც იმათთვის, ვინც ზიარებული არ არის საიდუმლოს და უფლებაც არა აქვს, შეხედოს მას, რამდენად შესაფერისია მოძღვრებით გაცხადება და წერილობით გამხელა? რადგანაც დაუწერელი გადმოცემის სიტყვა და სარწმუნოებითი სჯულის (დოგმატის) ცოდნა არ არის დადებული სასწავლებლად, იგი ადვილად შეიძლება შეურაცხსაყოფელი გახდეს მრავალთაგან ჩვეულების გამო. რადგანაც სხვა არის სარწმუნოებითი კანონი (დოგმატი, სჯული) და სხვა – ქადაგება. სარწმუნოებითი სჯულნი (დოგმატები) დაფარულნი არიან, ხოლო ქადაგებები – გამხელილი. დუმილისა და შეფარვით თქმის სახედ იყენებს წმინდა წერილი ძნელად მისაწვდომობას და იმას, რომ სარწმუნოებითი სჯულის (დოგმატის) აზრი არ არის ადვილად მისახვედრი მკითხველთათვის მათდა სასარგებლოდ. ამის გამო ყველანი ვიმზირებით აღმოსავლეთით ლოცვის დროს, მაგრამ ცოტამ ვიცით, რომ ჩვენ პირველ მამულს, სამოთხეს ვეძიებთ, რომელიც შექმნა ღმერთმა ედემში, აღმოსავლეთით (შდრ. დაბ. 2. 8). სწორად მდგომარენი აღვასრულებთ კვირა დღის ლოცვებს, ამის მიზეზი კი ყველამ არ ვიცით: ლოცვის დროს სწორად დგომით არა მხოლოდ აღდგომის დღეს ქრისტესთან ერთად აღმდგარნი და ზეცის მაძიებელნი ჩვენთვის მოცემულ მადლს გავახსენებთ საკუთარ თავს, არამედ ამით ეს დღე გვესახება მომავალი უსასრულობის ხატად. ამის გამო დღეების დასაწყისად დაწესებული ეს დღე მოსესთანაც იწოდება არა პირველად, არამედ ერთად (ერთშაბათი), რადგანაც „იყო მწუხრი, – ამბობს, – და იყო განთიად, დღე ერთი“ (დაბ. 1, 5), რადგანაც როგორც ერთი და იგივე დღე, მოიქცევა იგი მრავალჯერ და ამის გამო ერთია ის და ამავე დროს მერვეც, ნამდვილად ერთი და ჭეშმარიტი მერვე დღე, რომელიც მეფსალმუნემაც მოიხსენია ფსალმუნის წარწერებში და რომელიც მოასწავებს ამ საუკუნის შემდგომ მომავალ დაწყნარებას და დაუსრულებელ დღეს, დაუბინდებელ, უცვლელ, დაუსრულებელ და დაუბერებელ საუკუნეს. ამის გამო ეკლესია ასწავლის თავის აღზრდილებს, რომ გამართულად მდგომარეებმა შესწირონ ლოცვა და რომ დაუსრულებელი ცხოვრების ხშირი გახსენებით დაუდევრად არ მოვექცეთ იქ მიმყვანი საგზლის მოპოვებას. მთელი დრო სულიწმიდის მოფენის დღეებისა მომავალ საუკუნეში აღდგომის გასახსენებელია: ის ერთი და პირველი დღე, შვიდჯერ შვიდწილქმნილი, შეასრულებს ორმოცდამეათე დღის შვიდ კვირას. კვირის პირველი დღით დაწყებული მასზევე დასრულდება ორმოცდამეათე რიცხვზე გადასვლით. ორმოცდაათეულის ბრუნვას საუკუნის სახე ეძლევა, რადგან წრიულად ბრუნავს, ერთი და იმავე ნიშნიდან და წერტილიდან დაწყებული, და მასზედვე დასრულებული.

საეკლესიო წესი გვასწავლის კვირა დღეებში ფეხზე მდგომარე ლოცვას. და ამ ცხადი შეხსენებით ჩვენს გონებას იწვევს ამქვეყნიური ცხოვრებიდან სამუდამოში, იმქვეყნიურში დასამკვიდრებლად. ხოლო ყოველდღიური მუხლმოდრეკითა და ისევ ადგომით ვაჩვენებთ, რომ ცოდვით ქვეყანაზე დავეცით და ჩვენი დამბადებლის კაცთმოყვარეობით ზეცისკენ ვართ მიხმობილი.

დღე არ მეყოფა უწერელი საიდუმლოებების ეკლესიისთვის მოთხრობაში, ამიტომ თავს დავანებებ დანარჩენს. თვით სარწმუნოების აღსარება მამის, ძისა და სულიწმიდის მიმართ რომელი წიგნიდან გვაქვს მიღებული? თუ ნათლისღებისმიერი მოცემისგან და კეთილმსახურების წესების მიხედვით ვინათლებით, ასევე გვმართებს, გვწამდეს, რომ უეჭველად ნათლისღების მსგავს აღსარებას ვაღიარებთ. ამიტომ ნება უნდა მოგვეცეს ჩვენ, რომ სარწმუნოების აღსარებას ამავე წესით შესაფერისი დიდება მივცეთ. ხოლო თუ დიდებისმეტყველების ამ სახეს გვერდს უვლიან, ეს იმიტომ, რომ იგი დაუწერელია. მაშინ წარმოგვიდგინონ ჩვენ წერილობითი მტკიცება სარწმუნოების აღსარებისა და სხვა საკითხების შესახებ, რომლებიც აღვრიცხეთ.

მაშასადამე, ამდენი და ასეთი ძალის მქონე კეთილმსახურების საიდუმლო მოცემული გვაქვს დაუწერლად. განა არ უნდა მოგვეცეს ნება, რომ გვქონდეს მამათაგან ჩვენამდე მოღწეული გადმოცემა, რაც ვნახეთ დაუზიანებელ ეკლესიებში შემორჩენილი. ეს არ არის გამოგონილი ჩვეულებით დამტკიცებული და მას შეუძლია არა მცირე ძალისა და სისრულის მინიჭება საიდუმლოსთვის“ (ბასილი დიდის მიერ ნეტარი ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის 27-ე თავიდან სულიწმინდის შესახებ).

დაბოლოს, ეპისკოპოსმა უნდა გამოსცეს კანონები, რომელიც გაამყარებს ყველგან ქრისტეს სწავლებას: „იქადაგე სიტყვა დაჟინებით, დროულად და უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი სულგრძელებით, სწავლებით. ვინაიდან იქნება დრო, როდესაც ჯანსაღ მოძღვრებას არ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მომქავებელ მასწავლებლებს. ყურს აარიდებენ ჭეშმარიტებას და ზღაპრებისაკენ მიმართავენ, მაგრამ შენ ფხიზლად იყავი ყველაფერში, ითმინე ბოროტება, გააკეთე მახარებლის საქმე, შეასრულე შენი მსახურება“ (2 ტიმოთეს 4, 2-5).

როგორც მღვდელმთავარს, ეპისკოპოსს თავის ეპარქიაში ყველა სახის მღვდელმსახურების ჩატარების უფლება აქვს. შეუძლია თავის ეპარქიაში სასულიერო პირების – მღვდლებისა და დიაკვნების ხელდასხმა და დაბალი კლერიკოსების გამორჩევა. ამასთანავე, მას უნდა ახსოვდეს მოციქულის დარიგება: „არავის დაადო ხელი აჩქარებით და არ გახდე სხვათა ცოდვების მოზიარე, წმინდად შეინახე თავი“ (1 ტიმ. 5, 22).

როგორც ვიცით, მოციქულთა მეორე კანონი განაწესებს, რომ „მღვდე ლი, დიაკონი და სხვა ღმრთისმსახური, ხელდასხმული უნდა იყოს ერთი ეპისკოპოსის მიერ“.

მეშვიდე მსოფლიო კრება მე-14 კანონით ადგენს: „ყველასათვის ცხადია, რომ ჩვენს მღვდლობასთან განუყოფელია კეთილი წესიერება და სამღვდელო დადგენის ზუსტი დაცვა ღმრთის მოსაწონი საქმეა. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთები ხელდასხმის გარეშე ბავშვობაშივე აღიკვეცნენ ეკლესიის მსახურად, მაგრამ არ მიუღიათ სამღვდელმთავრო ხელდასხმა და მაინც კითხულობენ საღმრთო წერილს საფსალმუნეზე ერის შეკრების დროს, წმინდა საიდუმლოთა შესრულებისას. ამას ისინი სჩადიან უკანონოდ, რის გამოც ამიერიდან გამცნობთ, რათა აღარ იყოს ასე. ამავე წესის დაცვას ვბრძანებთ მონაზონთათვისაც. ხოლო წიგნის მკითხველად ხელდასხმის უფლება აქვს ყოველი მონასტრის წინამძღვარს მხოლოდ თავისსავე მონასტერში, თუ თვით წინამძღვარს ეპისკოპოსისგან აქვს მიღებული საწინამძღვრო პატივი, რაც მღვდლობის ხარისხს უდრის. ასევე, ძველი ჩვეულებისამებრ, ქორეპისკოპოსსაც აქვს წიგნისმკითხველად ხელდასხმის უფლება ეპისკოპოსის ბრძანებით“. მოციქულთა 39-ე კანონის თანახმად,ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე არ უნდა ჩატარდეს არც ერთი განსაკუთრებული ღვთისმსახურება ან გადაადგილება: „მღვდლები და დიაკვნები ნურაფერს გააკეთებენ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, რადგანაც იგია, ვისაც აბარია ერი ღვთისა და ვისაც მოეკითხება პასუხი მათი სულებისათვის“.

ეპისკოპოსს უფლება ენიჭება, გამოირჩეოდეს სხვა მღვდელმსახურებისგან სამოსით. მის სახელს მღვდელმსახურებისას აუცილებლად უნდა იხსენიებდნენ ეპარქიის ყველა ტაძარში. კონსტანტინეპოლის ტაძარში შეკრებილი ორგზისი წმინდა კრების მე-13 კანონი: „ყოვლად ბოროტმა სულმა ქრისტეს ეკლესიაში დათესა მწვალებლობის სარეველა ბალახი, მაგრამ როცა დაინახა, რომ ის სულის მახვილით მოჭრილი და ძირიანად აღმოფხვრილია, სივერაგის სხვა გზას დაადგა და შეეცადა ქრისტეს სხეულის გაკვეთას განხეთქილების მოქმედთა უგუნურების საშუალებით. მისი ეს უკეთურება სრულიად უქმად აქცია წმინდა კრებამ და განსაზღვრა, რომ ამიერიდან, თუ მღვდელი ან დიაკონი რაიმე დანაშაულს აღმოუჩენს თავის ეპისკოპოსს, და კრების მიერ გამოძიებამდე, განკითხვამდე და დასჯამდე გაბედავს მის ჩამოშორებას ზიარებისგან და მის სახელს, ეკლესიის წესის თანახმად, ჟამისწირვის საღმრთო ლოცვებში არ მოიხსენებს, ის უნდა დაისაჯოს განკვეთით და უნდა წაერთვას ყოველგვარი სამღვდელო პატივი. რადგანაც, როდესაც მღვდლობის პატივში მყოფი მიიტაცებს მიტროპოლიტთა მსაჯულობას და მათ ბჭობაზე ადრე გამოუტანს განაჩენს თავის მამასა და ეპისკოპოსს, ის არ არის არც მღვდლობის პატივის, არც მღვდლის სახელის ღირსი.

ხოლო მის მიმდევრებს, თუ სამღვდელონი იქნებიან, უნდა წაერთვათ პატივი, თუ მონაზვნები ან ერისკაცები იქნებიან, უზიარებელნი უნდა იყვნენ და ეკლესიიდან სრულიად უნდა განეყენონ, სანამ არ დაანებებენ თავს განხეთქილების მოქმედთა ერთობას და არ მიბრუნდებიან თავის ეპისკოპოსთან“.

საეკლესიო სულიერ საკითხებში ეპისკოპოსზე, როგორც მღვდელმთავარზე, დამოკიდებულია ყველა, ვინც კი შედის მის ეპარქიაში: „ხუცესთათვის წაყენებულ ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არ დაისწარი ორი ან სამი მოწმე“ (1 ტომ. 5, 19). ასევე, მოციქულთა კანონები ადგენს: „თუ ეპისკოპოსი მღვდელს ან დიაკონს უბრძანებს, რომ თავი დაანებოს მღვდლობას, სხვა ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, შეიწყნაროს იგი მისი ეპისკოპოსის გარეშე, თუ უეცრად არ გარდაიცვლება მისი დამსჯელი ეპისკოპოსი“ (მოციქულთა 32-ე კანონი). ეპარქიაში ყველა მონასტერი, ყველა ტაძარი და სამლოცველო, ასევე ყველა სასულიერო პირი უშუალოდ მას ექვემდებარება. ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრების მეოთხე კანონის თანახმად, „ვინც ჭეშმარიტად და გულწრფელად შეუდგება სამონაზვნო ცხოვრებას, სათანადო პატივი უნდა მიეგოს მას. ზოგი სამონაზვნო სახის შემმოსველი ჩაშლის საეკლესიო და სამოქალაქო საქმეებს, თვითნებურად დადის ქალაქში და მხოლოდ ამას კი არ სჩადის, არამედ გაბედულად იწყებს თავისთვის მონასტრის შენებას. მივიჩნევთ: არასდროს არავინ ააშენოს მონასტერი და სამლოცველო სახლი იმ ქალაქის ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე. თითოეული ქალაქის და სოფლის მონაზვნები უნდა დაემორჩილონ მათ ეპისკოპოსს, შეიყვარონ სიჩუმე, მხოლოდ მარხვასა და ლოცვაში იყვნენ განკრძალულები და მომთმენნი იმავე ადგილას, სადაც ამქვეყნიური ცხოვრებიდან გასვლით აღთქმა დადეს. ნურც საეკლესიო და ნურც ამქვეყნიურ საქმეებში ჩაერევიან და მიიღებენ მონაწილეობას, ნუ დატოვებენ თავიანთ მონასტერს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როცა ქალაქის ეპისკოპოსი უბრძანებს წასვლას რაიმე საჭირო საქმეზე“.

იმავე კრების მერვე კანონი ადგენს „საგლახაკოს, მონასტრისა და სამარტვილოს სამღვდელო დასის წარმომადგენლები უნდა ემორჩილებოდნენ შესაბამისი ქალაქის ეპისკოპოსებს და თავის ეპისკოპოსს თავხედობით ნუ შეურაცხყოფენ. ვინც ეს განწესება რაიმე სახით დაარღვიოს და არ დაემორჩილოს თავის ეპისკოპოსს, თუ სასულიერო პირი იყოს, განკანონდეს, ხოლო თუ მონაზონი ან ერისკაცი – უზიარებლობით დაისაჯოს“.

ყველა საეკლესიო მსახურება მასზეა დამოკიდებული. არც ერთი მსახურება არ უნდა ჩატარდეს მისი ზედამხედველობის გარეშე. ანტიო ქიის მსოფლიო კრების მე-9 კანონი განაჩინებს: „თითოეული სამთავროს ეპისკოპოსები [უნდა ემორჩილებოდნენ] ეპისკოპოსს (მიტროპოლიტს), რომელსაც დედაქალაქის საყდარი უპყრია. ის ზრუნავს მთელ სამთავროზე, ვინაიდან დედაქალაქში მიისწრაფვის ყველა, ვისაც საქმე აქვს. ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ პატივითაც უპირატესი იყოს იგი და არაფერი ზედმეტი არ მოიმოქმედონ სხვა ეპისკოპოსებმა, რაც მან არ იცის, ჩვენი მამების ძველთაგანვე დამტკიცებული კანონისამებრ, გარდა იმისა, რასაც საჭიროდ მიიჩნევს თითოეული ეკლესია მის ფარგლებში შემავალი სოფლებით, ვინაიდან თითოეულ ეპისკოპოსს უფლება აქვს, თავისი ეკლესია განაგოს თავისი ღმრთისმოშიშების შესაბამისად და იზრუნოს მის ქალაქს დაქვემდებარებულ სოფლებსა და ადგილებზე, მაგალითად, აღასრულოს მღვდლებისა და დიაკვნების ხელდასხმა და ქმნას სამართალი თითოეული საქმისა. ხოლო ამიერიდან მათ არაფერი არ უნდა გააკეთონ დედაქალაქის ეპისკოპოსის (მიტროპოლიტის) გარეშე, მაგრამ ნურც დედაქალაქის [ეპისკოპოსი] გააკეთებს ნურაფერს სხვა ეპისკოპოსებთან შეთანხმების გარეშე“.

მისი კურთხევის გარეშე არავის აქვს უფლება, ტაძრის ან მონასტრის მშენებლობა დაიწყოს. „ჩვენი ნეტარი და ღირსი მამების მიერ ძველად კეთილად წამოწყებული, ესოდენ მშვენიერი და პატიოსანი საქმე – მონასტერთა აშენება – ცუდად სრულდება ამჟამად. ზოგიერთი, ვინც თავის შეძენილ ქონებას და კარ-მიდამოს მონასტრის სახელს არქმევს და საღმრთოდ განწმენდილად მიიჩნევს მას, შემდეგ უფლისათვის შეწირულს მაინც თავისთვის მიიწერს და ვერაგულად საღმრთო კუთვნილების მხოლოდ სახელს არქმევს, რადგანაც არ რცხვენია, რომ შეწირვის შემდეგაც აქვს მისი მიხვეჭისა და ქონების უფლება, როგორც ადრე ჰქონდა. ეს საქმე ისე გადაიხარა უწესოებისაკენ, რომ შეწირული მიწებიდან ბევრს ჰყიდიან თვით შემწირველნი, რაც მხილველების გაკვირვებასა და ზიზღის მიზეზი ხდება. ისინი კი არამცთუ თვითონ არ ნანობენ ღმრთისათვის ერთხელ შეწირულზე თავისი უფლებების გავრცელებას, არამედ სხვებისთვის მიცემასაც არ ერიდებიან. ამის გამო წმინდა კრებამ განსაზღვრა, რომ არავის უნდა ჰქონდეს მონასტრის აშენების უფლება, თუ ამას არ შეიტყობს და ნებას არ დართავს იმ ადგილების ეპისკოპოსი. ხოლო თუ ეპისკოპოსი თანახმა იქნება და ამის გაკეთებას ბრძანებს, უნდა წარმოთქვას დაწესებული ლოცვა, როგორც პირველთა მიერ ღმრთისმოყვარეობით არის დაკანონებული. მაშინღა უნდა აშენდეს მონასტერი, და ყველაფერი, რაც მისთვის არის შეწირული, ქონება და ფული მონასტერთან ერთად უნდა ჩაიწეროს აღწერის წიგნში, რომელიც ინახება საეპისკოპოსო ეკლესიის საცავში. შემწირველსა და მაშენებელს არა აქვს უფლება, ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე თავისი თავი ან თავის ნაცვლად სხვა ვინმე დაადგინოს მონასტრის წინამძღვრად, ვინაიდან, თუკი კაცი ვინმეს საჩუქრად მისცემს რაიმეს და მისი მფლობელი აღარ შეუძლია იყოს, მით უმეტეს ვეღარ იქნება იგი იმის მფლობელი, რაც მიართვა და შესწირა ღმერთს“ (კონსტანტინეპოლის წმინდა მოციქულთა ტაძარში შეკრებილი ორგზისი წმინდა დიდი კრების მიერ დადგენილი პირველი კანონი).

ეპისკოპოსს აქვს უფლება, სინდისისა და კანონის მიხედვით შეუჩე როს მღვდელმსახურება სასულიერო პირს თავის ეპარქიაში. ნიკეის მეშვიდე მსოფლიო კრების მე-4 კანონი ადგენს: „ჭეშმარიტების ქადაგმა, საღმრთო მოციქულმა დიდმა პავლემ კანონი მისცა ეფესელ მღვდლებს: „ვერცხლი ან ოქრო, ან სამოსი არავისი მდომებია. თქვენ თავად იცით, რომ იმას, რაც მე და ჩემთან მყოფებს გვჭირდებოდა, ეს ხელები ემსახურებოდნენ; ყოველივე გიჩვენეთ თქვენ, რომ ამგვარი შრომით გმართებთ, შეეწიოთ უძლურებს, და გახსოვდეთ უფალი იესოს სიტყვა, თავად რომ თქვა: უფრო დიდი ნეტარებაა გაცემა, ვიდრე მიღება“ (საქმე 30, 33-35). ამის გამო ჩვენც, მისი მოწაფეობის ღირსნი რომ გავხდეთ, ვადგენთ, რომ ეპისკოპოსმა გონებაშიც არ უნდა გაივლოს ქრთამის მისაღებად რაიმეს მომიზეზება. მას ეკრძალება ოქროს, ვერცხლის ან სხვა რამ ნივთის გამორთმევა მისი ქვეშევრდომი ეპისკოპოსებისათვის, მღვდელმსახურებისა და მონაზვნებისათვის, რადგანაც მოციქული ამბობს: „უსამართლოები ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს“ (1 კორ. 6,9); და კიდევ: „შვილები კი არ აგროვებენ ქონებას მშობლებისათვის, არამედ – მშობლები შვილებისათვის“ (2 კორ. 12, 14). თუ ეპისკოპოსი ოქროს ან სხვა ნივთის ჩამოსართმევად, ან საკუთარი ვნების გამო სასულიერო პირს აუკრძალავს ჟამისწირვისა და ზიარების აღსრულებას, ან ჩაკეტავს ეკლესიის კარს, რომ იქ აღარ შესრულდეს საღმრთო და სამღვდელო მსახურება, ე. ი. თავის მრისხანებას მიმართავს უგრძნობლისადმი [ანუ ეკლესიის მიმართ], ნამდვილად უგრძნობელია იგი, ემონება თავის ვნებას და სნეულება მოუბრუნდება მას, როგორც საღმრთო მცნებისა და მოციქულთა განწესების დამრღვევს [ანუ დაისჯება იმავე სასჯელით, რითაც სჯიდნენ სხვებს], ვინაიდან მოციქულთა თავი პეტრე გვამცნობს: „დამწყსეთ თქვენ შორის მყოფი სამწყსო ღვთისა და ზედამხედველობდეთ არა იძულებით, არამედ ნებაყოფლობით, არა ანგარებით, არამედ გულმოდგინებით, არა როგორც წილხვდომილთა ბატონები, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსათვის, და მწყემსმთავრის გამოცხადებისას მიიღებთ დიდების უჭკნობ გვირგვინს“ (1 პეტრ. 5, 2-4)“.

ეპისკოპოსს აქვს უფლება, შეუმსუბუქოს ან დაუმძიმოს დაკისრებული ეპიტიმია, ამის შესახებ პირველი მსოფლიო კრების მე-12 კანონი ადგენს: „ვინც რწმენის აღმსარებლად მადლის მიერ იქნა მოწოდებული, თავიდან გულმოდგინება და მოქცევის სურვილი გამოიჩინა და გვერდზე გადადო სამხედრო აღჭურვილობა, ხოლო შემდგომ, ძაღლთა მსგავსად, საკუთარ ნათხევს მიუბრუნდა, ზოგმა კი ვერცხლიც გაიღო სამხედრო ხარისხში თავის აღსადგენად, მათ სტოაში საღვთო წერილის სამი წლის მსმენელობის შემდეგ, ათი წლის განმავლობაში ტაძარში შევრდომით ილოცონ და პატიება ითხოვონ. ამასთან ერთად, საჭიროა დაწვრილებით გამოიძიონ მათი მისწრაფება და სინანული – თუ როგორი შიშით, ცრემლით, მოთმინებით, საქმით და არამხოლოდ გარეგნულად გამოაჩენენ თავიანთ მოქმედებას. მსმენელობის ვადის განსრულების შემდეგ, ეპისკოპოსის კაცთმოყვარული გადაწყვეტილებითა და მხარდაჭერით, მიეცეთ მლოცველებთან თანაზიარების უფლება. ხოლო ვინც გულგრილად გადაიტანს თავის დაცემას და ეკლესიაში შესვლის ნებართვას მოქცევისათვის საკმარისად მიიჩნევს, სინანულის ვადის მოხდა ბოლომდე დაეკისროს“.

ასევე ანკვირიის კრება განაწესებს: „დიაკვნებს, რომლებმაც კერპს მსხვერპლი შესწირეს, ხოლო ამის შემდეგ მოიქცნენ, უნდა ჰქონდეთ პატივი, ოღონდ უნდა აეკრძალოთ ყოველგვარი მღვდელმსახურება, როგორიცაა პურის და სასმლის შეწირვა ან ქადაგება. თუ ეპისკოპოსები დაინახავენ მათ შრომას, თავმდაბლობას, სიმშვიდეს და მოინდომებენ სასჯელის მომატებას ან მოკლებას, ეს მათი უფლება იყოს“ (ანკვირიის კრების მე-2 კანონი).

იმავე კრების მე-5 კანონი ადგენს: „ვინც სამგლოვიარო სამოსლით მივიდნენ, დასხდნენ [კერპის წინ სავახშმოდ] და ცრემლით ჭამდნენ ამ სუფრასთან, თუ ისინი შეასრულებენ შევრდომის სამ წელს, მათ აქვთ ზიარების უფლება, წმინდა შესაწირავის გარეშე. ხოლო თუ არ ჭამეს, ორი წელი უნდა შეუვრდებოდნენ, ხოლო მესამე წელს შეუძლიათ ეზიარონ წმინდა შესაწირავის გარეშე. სრულ ზიარებას კი მიიღებენ მეოთხე წელს. ეპისკოპოსებს უფლება აქვთ, გამოცადონ მათი მოქცევა და უზიარებლობის ვადა კაცთმოყვარეობით შეუმოკლონ ან გაუვრცონ. პირველ ყოვლისა, უნდა განიხილონ მათი [ცდუნებამდე და ცდუნების შემდგომ] გატარებული ცხოვრება და შესაბამისად უნდა მიეზღოთ მათ კაცთმოყვარეობით“.

ურთიერთვალდებულებები ეპარქიის ეპისკოპოსებს შორის იმდენად ზუსტად არის კანონებში დადგენილი და გადმოცემული, რომ მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ შეიძლება მოხდეს მმართველობითი უფლებამოსილების გამო. ამის შესახებ კანონები განაწესებენ:

ა) ყველა ეპარქიის ეპისკოპოსი დამოუკიდებელია თავისი ეპარქიის მართვაში. ამის შესახებ მე-3 მსოფლიო კრების მე-8 კანონი ადგენს: „კვიპროსელმა ეპისკოპოსებმა (რიგინოსი, ზინონი და ევაგრე) ეფესოს კრებას წარუდგინეს სიტყვიერი და წერილობითი საჩივარი იმის შესახებ, რომ ანტიოქიის ეპისკოპოსი მოქმედებდა საეკლესიო წესთა და წმინდა მამათა კანონის საწინააღმდეგოდ, როდესაც ბედავდა კვიპროსზე ხელდასხმას. კრების განჩინების თანახმად, კვიპრელ ეპისკოპოსებს საეკლესიო კანონებისამებრ თვით უნდა ჰქონდეთ თავისივე ეპისკოპოსების ხელდასხმის უფლება. ეს წესი შეუცვლელად დაცული უნდა იყოს სხვა განსაგებელთა და ეპარქიათა მიმართაც.

ნურც ერთი ეპისკოპოსი ნუ მიიტაცებს სხვა ეპარქიას, რომელიც თავიდანვე და ძველთაგანვე არ ემორჩილებოდა მას და არ იყო მის წინამორბედ საყდრისმპრობელთა გამგებლობაში. ხოლო თუ ვინმე მიიტაცებს და დაიმორჩილებს სხვის ეპარქიას იძულებით, განთავისუფლებული უნდა იყოს იგი, რათა არ დაირღვეს მამათა კანონი და მღვდელთმთავრებში თავის არ იჩინოს საერო მთავრობისმოყვარეობის ამპარტავნებამ და მედიდურობამ.

წმინდა მსოფლიო კრებამ დაადგინა აგრეთვე, რომ თითოეულმა ეპარქიამ წმინდად დაიცვას ძველი ჩვეულება და წესი. თითოეულმა მიტროპოლიტმა უნდა წაიღოს ამ კანონის ასლი თავისი სიმტკიცისთვის. თუ ვინმე ამ დადგენილების საწინააღმდეგო წესს შემოიღებს, მსოფლიო კრება მას დაუმტკიცებლად მიიჩნევს და მას არ ექნება ძალა“.

ასევე ანტიოქიის კრების მე-10 კანონი განაწესებს: „წმინდა კრებამ განსაჯა, რომ დაბაში ან სოფლებში მყოფმა ქორეპისკოპოსებად წოდებულებმა თუნდაც ეპისკოპოსთაგან ხელდასხმა მიიღონ, უნდა იცოდნენ თავისი საზომი, განაგონ მათთვის რწმუნებული ეკლესიები და მხოლოდ მათზე ზრუნვა და ზედამდგომელობა იკმარონ. მათ უნდა დაადგინონ წიგნისმკითხველებიც, კერძოდიაკვნებიც, მაფიცებლებიც და მხოლოდ მათი დადგენა უნდა იკმარონ. მათ ვერ უნდა გაბედონ მღვდლის ან დიაკვნის ხელდასხმა ქალაქის ეპისკოპოსის გარეშე, რომელსაც ემორჩილება ისიც და მისი სოფლების ადგილებიც. ხოლო თუ ვინმე გაბედავს ამ განსაზღვრების გადალახვას, განიკვეთოს იგი მისი კუთვნილი პატივისაგან. ხოლო ქორეპისკოპოსები უნდა დაადგინოს ქალაქის ეპისკოპოსმა, რომელსაც ემორჩილებიან მისი სოფლები“.

ბ) საეკლესიო კანონი უკრძალავს ეპისკოპოსს სხვის ეპარქიაში თვითნებურად მოქმედებას. ამას ჩვენგან არაერთგზის დამოწმებული მოციქულთა მე-14 კანონიც ადგენს, ასევე პირველი მსოფლიო კრების მე-15 კანონი განაწესებს: „მრავალი შფოთიანი საქმისა და არეულობათა გამო, რომელიც თავს იჩენს ხოლმე, წმინდა კრებას მიაჩნია, სრულიად მოისპოს ზოგ მხარეში დამკვიდრებული უკანონო ჩვეულება და ქალაქიდან ქალაქში არ გადადიოდეს არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი, არც დიაკონი. თუ ვინმემ ამ დიდი კრების დადგენილების შემდეგ ხელი მიჰყოს ასეთ საქმეს, სრულიად დაუმტკიცებელი იყოს მის მიერ მოპოვებული და გადაყენდეს, თუნდ ეპისკოპოსად იყოს ხელდასხმული, თუნდ მღვდლად“.

ამავე საკითხს მოიცავს ანტიოქიის კრების მე-13, 21-ე და 22-ე კანონები.

„ეპისკოპოსმა არ უნდა გაბედოს ერთი სამთავროდან [ეპარქიიდან] სხვა სამთავროში გადასვლა, იქ ეკლესიაში ხელდასხმისა და ჟამისწირვის აღსრულება და არც სხვა უნდა წაიყვანოს თან, თუ არ იქნება წერილობით მიწვეული მიტროპოლიტისა და მასთან მყოფი იმ ეპისკოპოსების მიერ, რომელთა სოფლებშიც მიდის. ხოლო თუ მოწოდების გარეშე წავა უწესოდ ვინმეს ხელდასხმისათვის და იმ საეკლესიო საქმეების მოსაგვარებლად, რაც მის უფლებებში არ შედის, მის მიერ აღსრულებული [საქმე] დაუმტკიცებლად უნდა მივიჩნიოთ, ხოლო მას მისი უწესო და უსამართლო წამოწყების შესაფერისი სასჯელი უნდა მიეზღოს, როგორც განკვეთილს წმინდა კრების მიერ“;

„ეპისკოპოსი ერთი სამწყსოდან ნუ გადავა სხვა სამწყსოში, ნურც თავისი ნებით, ნურც მრევლისაგან იძულებით, ნურც ეპისკოპოსის ნებით, არამედ დარჩეს იმ ეკლესიაში, რომელშიც ღმრთის ნებით თავიდან იყოს არჩეული, და ნუ შეიცვლის ადგილს მამათა მიერ ადრე მიღებული დადგენილებისამებრ“;

„ეპისკოპოსი ნუ შევა უცხო ქალაქში, რომელიც იმთავითვე მისი ხელქვეითი არ იყო, ნურც იმ სოფელში, რომელიც მის მრევლს არ ეკუთვნის, ხელს ნუ დაასხამს ვინმეს, ნურც მღვდელსა და დიაკონს დანიშნავს სხვა ეპისკოპოსის განსაგებელ ადგილებში. გამონაკლისი შეიძლება დავუშვათ ისეთ შემთხვევაში, თუ იმ ადგილის ეპისკოპოსი თანახმაა. თუ ვინმემ გაბედოს მსგავსი რამ, ხელდასხმა არ უნდა დამტკიცდეს და დამნაშავე უნდა დასაჯოს კრებამ საეკლესიო კანონთა მიხედვით“.

გ) ეპისკოპოსს ეკრძალება ასწავლოს და იქადაგოს სხვა ეპარქიაში. ამას ტრულის კრების მე-20 კანონიც ადგენს: „ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, საჯაროდ იქადაგოს სხვა ქალაქში, რომელიც მის განსაგებელში [ოლქში] არ შედის, ხოლო ვინც შემჩნეული იქნება ასეთ ქმედებაში, მას უნდა ჩამოერთვას ეპისკოპოსობა, ჩამოქვეითდეს მღვდლობის ხარისხში, ე. ი. სამღვდელო მოქმედების უფლება დარჩეს“. სარდიკიის კრების მე-11 კანონი ბრძანებს: „ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: უნდა დავადგინოთ ესეც, რომ როდესაც ეპისკოპოსი ერთი ქალაქიდან გადავა სხვა ქალაქში, ან ერთი სამთავროდან სხვა სამთავროში და სიტყვამჭევრობით თავისი თავის მაქებარია, როგორც სარწმუნოების წარმმართველისა, და სურს დიდხანს იქ ტრიალი, ამ ქალაქის ეპისკოპოსი კი არ არის გამოცდილი მოძღვარი, ნუ შეურაცხყოფს მას და ნუ ესწრაფვის, დააკნინოს მისი პიროვნება და შეარცხვინოს ადგილობრივი ეპისკოპოსი. ასეთი საქციელი იწვევს შფოთსა და დრტვინვას. ასეთი მანქანებით მოსული ეპისკოპოსი ცდილობს უცხო საყდრის მითვისებას და ამჟღავნებს სურვილს, მიატოვოს თავისი საყდარი და გადაინაცვლოს სხვისაში. მაშასადამე, ამისთვის უნდა დავადგინოთ დრო, რამდენ ხანს შეიძლება დარჩეს ეპისკოპოსი სხვა საეპისკოპოსოში, რადგან სულ არშეწყნარება სხვაგან მისული ეპისკოპოსისა კაცთმოძულეობად და უსამართლოდ მიიჩნევა. გახსოვთ თქვენ, რაც ჩვენმა მამებმა დაადგინეს ადრე, რომ თუ ვინმე ერისკაცი ქალაქში იტრიალებს სამი კვრის განმავლობაში და არ ეზიარება, ზიარებისაგან განყენებულად დარჩეს. თუ კი ერისკაცთა შესახებ ასეთი დადგენილება არის მიღებული, არ შეიძლება, არც შეშვენის და არც ჯეროვანია, რომ ეპისკოპოსი, რომელსაც არაფერი საჭირო საქმე არა აქვს, არც რაიმე გაჭირვება აიძულებს, დიდ დროს დაყოფდეს სხვაგან, თავის თავს აკლებდეს თავის ეკლესიას და აწუხებდეს მისდამი რწმუნებულ ერს.

ყველა ეპისკოპოსმა თქვა: ეგ დადგენილებაც ძალზე საჭიროდ და ჯეროვნად მიგვაჩნია“.

დ) ეპისკოპოსს ეკრძალება მიიღოს სხვა ეპარქიის ეკლესიის მრევლი, კლერიკოსი და ხელი დაასხას მათ. ამის შესახებ მოციქულთა 35-ე კანონი ადგენს: „ეპისკოპოსმა არ უნდა გებედოს ხელდასხმა თავისი სამრევლოს გარეთ, ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც არ ექვემდებარება მის ეკლესიას. ხოლო თუ იგი იმხილება ამის მოქმედად, იმ ადგილების მპყრობელი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, განიკვეთოს ისიც და მის მიერ ხელდსხმულნიც“; ასევე პირველი მსოფლიო კრების მე-16 კანონი განაწესებს: „თუ მღვდელს, დიაკონს ან სამღვდელო დასის რომელიმე სხვა წევრს ღვთის შიში თვალწინ არ უდგას და დაუფიქრებლად და საეკლესიო კანონების არცოდნის მიზეზით საკუთარ ეკლესიას განეშორება, იგი არ უნდა მიიღონ სხვა ეკლესიაში, არამედ უნდა აიძულონ, დაბრუნდეს თავის სამრევლოში, ხოლო თუ მაინც ურჩობას გამოიჩენს, უზიარებლობით დაისაჯოს. თუ ვინმემ სხვისი მოყვასის გადმობირება და თავის ეკლესიაში ხელდასხმა გაბედოს იმ ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე, რომლისგანაც კანონის მიერ განჩინებული პირია წამოსული, დაუმტკიცებელი იყოს მისი ხელდასხმა“.

მეოთხე მსოფლიო კრების მე-20 კანონი ადგენს. „გარკვეულ ეკლესიას მიკუთვნებული მღვდელმსახური, როგორც თავიდან დავადგინეთ, არ უნდა დაწესდეს სხვა ქალაქის ეკლესიაში, არამედ უნდა დარჩეს იქ, სადაც თავიდან გახდა მღვდლობის ღირსი, გარდა ისეთისა, რომელმაც თავისი სამშობლო დაკარგა და და გაჭირვებაში მყოფმა მიმართა სხვა ეკლესიას.

თუ ეპისკოპოსმა ამ კანონის დამტკიცების შემდეგ მიიღოს სხვა ეპისკოპოსის მღვდელმსახური, შემწყნარებელიცა და შეწყნარებულიც უზიარებლები დარჩნენ იმ დრომდე, ვიდრე ის მღვდელმსახური თავის ეკლესიას არ დაუბრუნდება“.

ამავე საკითხზე საუბრობს სარდიკიის კრების მე-15 კანონი და ადგენს: „ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: ესეც დავადგინოთ ერთხმად, რომ თუ სხვა სამრევლოს ეპისკოპოსმა მოინდომოს უცხო პირის დადგენა რომელიმე სამღვდელო ხარისხზე მისი ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე, ასეთი დანიშვნა და ხელდასხმა დაუმტკიცებლად ჩაითვალოს. ხოლო ვინც ასეთი რამ დაუშვას, უნდა მოახსენოს და გამართლდეს ჩვენ ძმათა და თანაეპისკოპოსთაგან.

ყველა ეპისკოპოსმა თქვა: ეს დადგენილებაც დარჩეს შეუცვლელად“.

ე) საეკლესიო კანონები ყველა ეპარქიულ ეპისკოპოსს ავალდებულებს, პატივი სცეს სხვა ეპარქიის სასულიერო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ პირებისადმი, რომლებიც გადმოდიან მის ეპარქიაში რომელიმე ეპარქიიდან. ამის შესახებ მოციქულთა მე-16 და 32-ე კანონები განაწესებენ:

„თუ ეპისკოპოსი, რომლის სამრევლოშიც იმყოფება სხვა ეკლესიიდან მოსული სამღვდელო პირი, არაფრად ჩააგდებს ამ კანონს (იხ. მოციქულთა მე-15 კანონი), და როგორც მღვდელს შეიწყნარებს მას, მან უნდა დაანებოს თავი მსახურებას, როგორც უწესობის მოძღვარმა“; „თუ ეპისკოპოსი მღვდელს ან დიაკონს უბრძანებს, რომ თავი დაანებოს მღვდლობას, სხვა ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, შეიწყნაროს იგი მისი ეპისკოპოსის გარეშე, თუ უეცრად არ მოკვდება მისი დამსჯელი ეპისკოპოსი“.

ამავე საკითხს განიხილავს ანტიოქიის კრების მე-3 და მე-6 კანონე ბი: „თუ მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ, სხვა სამღვდელოთაგანი მიატოვებს თავის ეკლესიას და სხვა ეკლესიაში წავა, ამის შემდეგ კი მთლიანად გადაინაცვლებს ამ უცხო ეკლესიაში, იქ იქნება და დიდი ხნის განმავლობაში შეეცდება დარჩენას, ასეთი ნუღარ შეასრულებს მღვდელმსახურებას. უფრო მეტიც, თუ თავისი ეპისკოპოსი მოუწოდებს მას და თავისსავე ეკლესიაში დაბრუნებას სთხოვს, ის კი არ შეისმენს და განაგრძობს ამ უწესობას, სრულიად უნდა განიკვეთოს მღვდელობისაგან, ისე, რომ აღარ ჰქონდეს იმავე ადგილას აღდგენის შესაძლებლობა. ხოლო თუ ამგვარი მიზეზის გამო განკვეთილს შეიწყნარებს სხვა ეპისკოპოსი, ისიც განკანონდეს საერთო კრების მიერ, როგორც საეკლესიო წესების დამრღვევი“; „თუ ვინმე თავისი ეპისკოპოსისაგან უზიარებლობით დაისჯება, მას ნუ შეიწყნარებენ სხვები იმ დრომდე, ვიდრე მას არ შეიწყნარებს თავისი ეპისკოპოსი. როცა შედგება ეპისკოპოსთა კრება, მოვიდეს, სიტყვა მისცეს მათ და კრებამ სხვა გადაწყვეტილება გამოიტანოს მის შესახებ. ასეთი განსაზღვრება დაცულ უნდა იქნეს ერისკაცების, მღვდლების, დიაკვნებისა და ეკლესიის სხვა მსახურთა მიმართაც“. ასევე სარდიკიის მე-13 კანონი ადგენს: „ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: ესეც ყველამ მიიღეთ, რომ გინდ მღვდელი, გინდ დიაკონი, გინდ სამღვდელო დასის რომელიმე სხვა წარმომადგენელი თუ დასჯილია თავისი ეპისკოპოსის მიერ უზიარებლობით და იგი მიაშურებს თავის ნაცნობ სხვა ეპისკოპოსს, რომელმაც იცის, რომ ეს პირი უზიარებლობითაა დასჯილი თავისი ეპისკოპოსისგან, იმ ეპისკოპოსმა, ვისთანაც გაიქცა დასჯილი, არ უნდა შეურაცხყოს თავისი ძმა და თანაეპისკოპოსი, და არ უნდა მისცეს მას ზიარება. თუ გაბედავს ამის გაკეთებას, იცოდეს, რომ პასუხი უნდა აგოს ეპისკოპოსთა კრებულის წინაშე.

ყველა ეპისკოპოსმა თქვა: ეს სამართალი და მშვიდობა ყოვლად დაცული და შენახული იყო ყველას ერთი ნებით და მოწონებით“.

ასევე კართაგენის კრების მე-9 კანონი განაწესებს: „მათ შესახებ, ვინც თავისი უწესობის შესაბამისად საეკლესიო დასიდან განდევნილ იქნებიან, ნუმიდიის წარმომადგენელმა ავგუსტინე ეპისკოპოსმა თქვა: ამისი დადგენაც საჭიროა, რომ, თუ ეკლესიიდან თავისი საქმეების შესაბამისად ვინმე ღირსეულად არის განდევნილი და იგი რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ზიარებისთვის შეიწყნაროს, თვით მზიარებელი განდევნილის თანაბარი სასჯელით უნდა დაისაჯოს და თავისი ეპისკოპოსის კანონიერი სასჯელისგან ვერ გადარჩეს.

ყველა ეპისკოპოსმა დაადასტურა: ამას ვიწონებთ ყველა“.

ვ) თუ რომელიმე ეპისკოპოსს ეპარქიაში არ ჰყავს საკმარისი სასულიერო პირი, სხვა მღვდელმთავარი ძმურად უნდა დაეხმაროს და დაუთმოს მას სასულიერო პირები, თუკი მას მრავალრიცხოვანი მღვდელმსახურთა დასი ჰყავს. ამის შესახებ კართაგენის 55-ე კანონი განაწესებს. „კართაგენის ეპისკოპოსს შეუძლია სასულიერო პირის ხელდასხმა, სადაც უნდა იყოს ის. ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: ისმინეთ ჩემი სიტყვა, ძმებო. ხშირად ეკლესიები, რომლებიც განიცდიან სასულიერო პირთა ნაკლებობას, ჩემგან ითხოვენ დიაკონს, მღვდელს ან ეპისკოპოსს. ამის გამო მე დადგენილ წესს არ გადავდივარ და ვაუწყებ იმ სამრევლოს ეპისკოპოსს, რომელსაც ეკუთვნის სასულიერო პირი და ვუცხადებ, რომ მის ხელქვეით სასულიერო პირს ითხოვს სხვა ეკლესია. აქამდე მე არავინ მეწინააღმდეგებოდა და რომ არც ამიერიდან წინ არ აღმიდგეს ვინმე (რადგან მე, როგორც იცით, ვიტვირთე მრავალი ეკლესიის ხელდამსხმელობა და ზრუნვა), მე შევკრებ ჩვენს რამდენიმე თანამღვდელს და ორ ან სამ მოწმეს, რომლებიც ჩვენი დასის წევრები იქნებიან (ე. ი. ეპისკოპოსები) და თუ უჯერო და უსამართლო აღმოჩნდება საქმე, უნდა იმსჯელოს ამაზე თქვენმა სიყვარულმა, როგორ მოვიქცეთ, რადგან მე, როგორც იცით, საყვარელო ძმებო, ღვთის შენდობით მრავალ ეკლესიაზე ზრუნვა მევალება.

ანტიგონოს (ბერძნულში ნუმიდიის ეპისკოპოსად იხსენიება) ეპისკოპოსმა თქვა: ამ საყდარს ყოველთვის ჰქონდა უფლება, რომ ხელი დაასხას ეპისკოპოსად თითოეული ეკლესიის სურვილისებრ, სადაც უნდა იყოს და ვინც უნდა იყოს დასახელებული. ანტიგონოს ეპისკოპოსმა თქვა: კეთილი ნების გამოვლინება სიკეთესა და წესიერებას ანიჭებს უფლებამოსილებას, რადგან არ იყენებ ყველაფერს, რაც ხელგეწიფება, ძმაო, არამედ ყველაფერში კაცთმოყვარეობას და სახიერებას ავლენ, მსჯელობითა და განსჯით ირჩევ, როგორ მიაგო თითოეულ ეპისკოპოსს ღირსი პატივი და დაუდგინო უფლებები. ხოლო შენ გევალება ყველა ეკლესიის განმტკიცება, ეს უფლება ჩვენ კი არ მოგვიცია შენთვის, არამედ გიმტკიცებთ არჩევანის უფლებას, შენ მარად უნდა განაგებდე, რაც სასურველად მიგაჩნია და აღასრულებდე ეკლესიების ზედამდგომელთა ხელდასხმას და სხვასაც ყოველივეს ჰყოფდე ისე, რომ უთანხმებდე ადგილობრივ ეპისკოპოსებს, როგორც ამას კრებათა დადგენილება გიბრძანებს.

პისტუმიტანოს ეპისკოპოსმა თქვა: თუ ვინმეს მხოლოდ ერთი მღვდელი ჰყავს, არ შეიძლება რომ ისიც წაერთვას მას.

ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: ღმერთის შენდობით ეპისკოპოს შეუძლია მრავალი მღვდლის ხელდასხმა, ხოლო საეპისკოპოსოდ გამოსადეგი მღვდელი ძნელად საპოვნელია. ამიტომ, თუ აღმოჩნდება ვინმე, რომელსაც მხოლოდ ერთი მღვდელი ჰყავს და ის ეპისკოპოსად გამოდგება, მასვე მართებს, რომ მისცეს მას ის ერთი მღვდელი, რათა ეს უკანასკნელი ეპისკოპოსი გახდეს.

პისტუმიტანის ეპისკოპოსმა თქვა: თუ ვისმეს ჰყავდეს მრავალი საეკლესიო მსახური, იგი უნდა შეეწიოს სხვას.

ავრელიოს ეპისკოპოსმა თქვა: ცხადია ისევე, როგორც შენ სხვა ეკლესიაში მიხვედი, ასევე მართებს სხვასაც, ვისაც ეკლესიის მრავალი მსახური ჰყავს, ერთი მათგანი გასცეს ხელდასხმისათვის“.

2 ამ საკითხთან დაკავშირებით სქოლიოში ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი მიუთითებს ათონურ სინტაგმებს: „იკრძალება ასეთი სახით არა მხოლოდ ეპისკოპოსებისა, არამედ მღვდლების გამორჩევა“.

3 Правила Святыхъ Вселеснскихъ Соборовъ с толкованiями, M., 1877, გვ. 491-492.

ვიკარული ეპისკოპოსი

ეპარქიის მართვის სწორად მიმდინარეობისთვის ისეთ ეპარქიებში, რომელთა იურისდიქცია საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა და ამას ემატებოდა ეპარქიის მღვდელთმთავრის ჭარმაგობა, რის გამოც იგი ვერ ასრულებდა მღვდელმთავრის ყველა ვალდებულებას, დადგინდა ეპისკოპოსთა გარკვეული კატეგორია – ვიკარული ეპისკოპოსები. ისინი მღვდელმთავრებს ეხმარებოდნენ ეპარქიის მართვაში და ხშირ შემთხვევაში მის მაგივრად განაგებდნენ ეპარქიის უმაღლეს მმართველობით საქმეებს. IV საუკუნეში თითქმის ყველა ეპარქიის მცირე ქალაქებში ვხედავთ ქორეპისკოპოსებს, რომლებიც დამოკიდებულები იყვნენ ეპარქიის ეპისკოპოსზე, მართავდნენ რამდენიმე სამრევლოს და ხელდადებით აკურთხებდნენ ეკლესიაში მომსახურეებს (მედავითნეებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს), ეპარქიის ეპისკოპოსის გადაწყვეტილებითა და უფლებამოსილებით ისინი დიაკვნებსა და მღვდლებსაც აკურთხებდნენ. ანკვი რიის კრების მე-13 კანონი ადგენს: „ქორეპისკოპოსს არა აქვს მღვდლის ან დიაკვნის ხელდასხმის უფლება, აგრეთვე არც ქალაქის მღვდელთა [ხელდასხმის უფლება] სხვა სამრევლოში, თუ არ ექნება ეპისკოპოსის წერილობითი ნებართვა“. ასევე ანტიოქიის კრება მე-10 კანონით განაწესებს: „წმინდა კრებამ განსაჯა, რომ დაბაში ან სოფლებში მყოფმა ქორეპისკოპოსებად წოდებულებმა თუნდაც ეპისკოპოსთაგან ხელდასხმა მიიღონ, უნდა იცოდნენ თავისი საზომი, განაგონ მათთვის რწმუნებული ეკლესიები და მხოლოდ მათზე ზრუნვა და ზედამდგომელობა იკმარონ. მათ უნდა დაადგინონ წიგნის მკითხველებიც, კერძოდიაკვნებიც, მაფიცებლებიც და მხოლოდ მათი დადგენა იკმარონ. მათ ვერ უნდა გაბედონ მღვდლის ან დიაკვნის ხელდასხმა ქალაქის ეპისკოპოსის გარეშე, რომელსაც ემორჩილება ისიც და მისი სოფლების ადგილებიც. ხოლო თუ ვინმე გაბედავს ამ განსაზღვრების გადალახვას, განიკვეთოს იგი მისი კუთვნილი პატივისაგან. ხოლო ქორეპისკოპოსები უნდა დაადგინოს ქალაქის ეპისკოპოსმა, რომელსაც ემორჩილებიან მისი სოფლები“.

ამავე საკითხს ეხება მე-7 მსოფ. კრების მე-14 კანონი, რომელიც ადგენს: „ყველასათვის ცხადია, რომ ჩვენს მღვდლობასთან განუყოფელია კეთილწესიერება და სამღვდელო დადგენის ზუსტად დაცვა ღმრთის მოსაწონი საქმეა. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთები ხელდასხმის გარეშე ბავშვობიდან აღიკვეცნენ ეკლესიის მსახურად, მაგრამ არ მიუღიათ სამღვდელმთავრო ხელდასხმა და მაინც კითხულობენ საღმრთო წერილს საფსალმუნეზე ერის შეკრების დროს, წმინდა საიდუმლოთა შესრულებისას. ამას ისინი სჩადიან უკანონოდ, რის გამოც ამიერიდან გამცნობთ, რათა აღარ იყოს ასე. ამავე წესის დაცვას ვბრძანებთ მონაზონთათვისაც. ხოლო წიგნის მკითხველად ხელდასხმის უფლება აქვს ყოველი მონასტრის წინამძღვარს მხოლოდ თავისივე მონასტერში, თუ თვით წინამძღვარს ეპისკოპოსისგან აქვს მიღებული საწინამძღვრო პატივი, რაც მღვდლობის ხარისხს უტოლდება. ასევე, ძველი ჩვეულებისამებრ, ქორეპისკოპოსსაც აქვს წიგნისმკითხველად ხელდასხმის უფლება ეპისკოპოსის ბრძანებით“.

ქორეპისკოპოსებს გამოარჩევდა და ადგენდა ეპარქიის ეპისკოპოსი, მაგრამ ხანდახან ქორეპისკოპოსთა ნაცვლად დგინდებოდნენ ეპისკოპოსები, რომელთაც არ ჰქონდათ საეპისკოპოსო კათედრა. ამის თაობაზე პირველი მსოფლიო კრების მე-8 კანონი ადგენს: „ისინი, ვინც თავიანთ თავს წმინდას უწოდებენ, თუ მოექცევიან და დაუბრუნდებიან სამოციქულო ეკლესიას, მათ შესახებ წმინდა და დიდი კრება ადგენს, რომ თუ რომელიმე მათგანი ხელდასხმული იყოს, დარჩეს თავისი სამღვდელო პატივის ხარისხში. უპირველეს ყოვლისა, მათ წერილობით უნდა აღიარონ, რომ შეუერთდებიან და შეუდგებიან კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სჯულს, ე. ი. ისინი საზიარებლად შეიწყნარებენ მეორედ ქორწინებულებს, დევნილებსა და გაჭირვების გამო ცოდვაში ჩავარდნილებს, რომელთათვის სინანულის დროც დადგენილია და დღეებიც განსაზღვრული. საჭიროა, რომ ისინი მიჰყვნენ კათოლიკე ეკლესიის ყველა წესს. ამრიგად, იმ დაბაში ან ქალაქში, სადაც მხოლოდ ისინი არიან ხელდასხმულნი და სამღვდელო დასის წევრები, დარჩნენ იმავე ხარისხში და იმავე სახით. ხოლო თუ იქ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ან მღვდელი იქნება, ცხადია, რომ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსს ექნება ეპისკოპოსობის პატივი, ხოლო წმინდად წოდებულთა ეპისკოპოსს მღვდლობის პატივი უნდა ჰქონდეს. თუ ის ფიქრობს, რომ მას აქვს ეპისკოპოსის პატივი და ადგილობრივი ეპისკოპოსი საჭიროდ მიიჩნევს, მოძებნოს ქორეპისკოპოსის ან მღვდლის ადგილი, რომ არ იყოს ერთ ქალაქში ორი ეპისკოპოსი“.

ქორეპისკოპოსობა, როგორც მუდმივი ინსტიტუცია ეპარქიაში, უკვე იმავე მეოთხე საუკუნეში ქრება. სარდიიკის კრების მე-6 კანონი განაწესებს: „ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: თუ ერთ სამთავროში, სადაც მრავალი ეპისკოპოსი იყო, დარჩეს ერთი და მან თავისი სიზარმაცის გამო არ ისურვოს მისვლა და სხვათათვის მხარის დაჭრა ეპისკოპოსის ხელდასხმაზე, ხოლო იქ შეკრებილი ერის სიმრავლე ითხოვდეს ძიებული ეპისკოპოსის დანიშვნას, თავიდან საჭიროა, რომ დარჩენილ ეპისკოპოსს მისწეროს წერილი იმ სამთავროს ზედამდგომელმა, ე. ი. მიტროპოლიტმა, რომ ერს სურს ეპისკოპოსის დანიშვნა. ვფიქრობ, რომ კარგია, თუ დაელოდებიან მის მოსვლას, მაგრამ თუ არც წერილით გამოძახების შემდეგ მოვიდეს და არც პასუხი მოიწეროს, მაშინ უმრავლესობის გადაწყვეტილების შესრულებაა საჭირო. თუ უნდა აირჩიონ დედაქალაქის ეპისკოპოსი (მიტროპოლიტი), საჭიროა მახლობელი სამთავროს ეპისკოპოსთა მოწვევაც.

არ შეიძლება ეპისკოპოსის დადგენა დაბასა ან მცირე ქალაქში, რომელსაც მხოლოდ ერთი მღვდელიც ეყოფა. არ არის საჭირო იქ ეპისკოპოსის დადგენა, რომ არ დაკნინდეს ეპისკოპოსის სახელი და პატივი. სამთავროს ეპისკოპოსებს, როგორც თავიდან ვთქვი, იმ ქალაქებში მართებთ ეპისკოპოსის დადგენა, სადაც თავიდან იყვნენ ეპისკოპოსები. თუ ერი მრავალი იყოს რომელიმე ქალაქში, შეიძლება ის საეპისკოპოსოდ მივიჩნიოთ და ასეთმა ქალაქმა უნდა მიიღოს თავისი ეპისკოპოსი. ყველას მოგწონთ ეს? ყველამ მიუგო: მოგვწონს“.

ქორეპისკოპოსი თავდაპირველად ჩანაცვლდა პერიოდევტებით (მომხილველით). ამის შესახებ ლაოდიკიის 57-ე კანონი განაწესებს: „დაბებსა და სოფლებში ეპისკოპოსი არ ინიშნება, ინიშნება მხოლოდ მომხილველი. ვინც ამ დადგენილებაზე ადრე არის ხელდასხმული ასეთ ადგილებში, ნურაფერს გააკეთებს ქალაქში მჯდომი ეპისკოპოსის დაუკითხავად. ასევე მღვდელმა არაფერი უნდა გააკეთოს, თუ ეპისკოპოსს არ აცნობებს“. ამის შემდეგ კი შეიცვალა ახალი განგებულებით, უფლებამოსილების შეთავსებით, კონკრეტულ საეპარქიო რეგიონებში მთავარპრესვიტერის დადგენით. შეიძლება ქორეპისკოპოსობა დაიკარგა როგორც მუდმივი ინსტიტუცია ეპარქიულ რეგიონებში, მაგრამ ეკლესიაში მაინც შენარჩუნდა ძველი ტრადიცია – დანიშვნა განსაკუთრებული დამხმარე ეპისკოპოსებისა.

კოლეგიალური საეპარქიო დაწესებულებები

ვიკარული ეპისკოპოსების მნიშვნელობა – იყვნენ ეპარქიის მმართველობაში ეპისკოპოსების დამხმარენი – მიუთითებს ეპარქიის სიდიდესა და მისი მოსახლეობის სიმრავლეზე. მაგრამ როგორც ვიხილეთ, თავიდან ეკლესიის მოწყობა არ იყო ასეთი და ყველა მცირე ქალაქს ჰყავდა თავისი ეპისკოპოსი იმ შემთხვევაში კი, თუ ეს ეპარქია მოიცავდა დღევანდელი დიდი სამრევლოს ტერიტორიას. ასეთი ეპარქიის მართვას ეპისკოპოსი თვითონაც ახერხებდა დამხმარეს გარეშე. მაგრამ როდესაც ეპარქიები უფრო გაიზარდა და დიდი მოცულობისა გახდა, საჭირო გახდა თანაშემწის დახმარება. ამ პერიოდიდან ეპისკოპოსები შემოიკრებენ გამოცდილ ადამიანებს, როგორც ეკლესიის მსახურთაგან, ასევე საერო პირთაგან, მათ რჩევებს ითვალისწინებენ და დიდი წარმატებით მართავენ ეპარქიებს. თუმცა, თავდაპირველად, ასეთ დახმარებას არ ჰქონდა მინიჭებული იურიდიული სტატუსი და იურიდიულ დაწესებულებებს, განყოფილებებს არ წარმოადგენდნენ და არც ეს პირები იკავებდნენ მუდმივ თანამდებობებს კონკრეტულ ეპისკოპოსთან. მეოთხე საუკუნის დასაწყისიდან კი სასულიერო პირებისგან შემდგარი მრჩეველთა საბჭო იღებს სტატუსს და კანონიკურად დამტკიცებულ ეპისკოპოსთან არსებული მუდმივმოქმედი განყოფილების სახით ყალიბდება. ამის შემდეგ კანონები უკვე განსაზღვრავენ, თუ რა ვალდებულებები ეკისრებათ ამ განყოფილების წევრებს. ამის შესახებ ღანგრის მე-7 და მე-8 კანონები განაწესებს:

„თუ ვინმე ეკლესიის გარეთ ისურვებს საეკლესიო შესაწირავთა მიღებას ან გაცემას ეპისკოპოსის უნებართვოდ ან უიმისოდ, ვისაც დავალებული აქვს ეს საქმე და მისი ნებართვის გარეშე მოინდომებს ამის გაკეთებას, შეჩვენებულ იყოს“; „თუ ვინმე მისცემს ან მიიღებს საეკლესიო შესაწირავს ეპისკოპოსის ან ქველმოქმედებათა გამგებელი მსახურის გარეშე, შეჩვენებულ იყვნენ მიმცემიცა და მიმღებიც“. ამ საკითხის შესახებ კართაგენის კრების 97-ე კანონი ადგენს: „მეფეებისგან უნდა გამოითხოვონ სწავლული ეკდიკი. ამის შემდგომ საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ყველა სამთავროს სახელით, გაგზავნილმა მოციქულებმა, ვიღკენტიოსმა და ფურტანატიოსმა, დიდებული მეფეებისგან გამოითხოვონ ბრძენ მსაჯულთა დადგენის უფლება, რომელთაც ემარჯვებათ საეკლესიო საქმეთა დამცველობის მსახურება და რომელთაც, როგორც სამთავროების მღვდლებს, შეეძლებოდათ ეკლესიის დაცვა, რათა ადვილად შეძლონ საეკლესიო საქმეების მოგვარება, რამდენადაც რაიმე გაჭირვება აიძულებს მათ, წინააღმდეგობა გაუწიონ მოწინააღმდეგეს ცილობის მოსპობის მიზნით და სათანადო ძიება წარადგინონ ციკრიტონის (კანცელარიის, სამდივნოს) სამსჯავროში (ე. ი. ეკდიკს უფლება აქვს, დაესწროს სასამართლო პროცესს და დაიცვას ეკლესიის ინტერესები).

პოტირიტისობა ანუ ადგილისმცველობა თავისუფალი უნდა იყოს:

მიგვაჩნია, რომ კომიტთა უფროსის მიმართ მივლინებულ პოტირიტისებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი პოტირიტისობა (ე. ი. მათ უნდა შეეძლოთ, ილაპარაკონ და გააკეთონ არა მარტო ის, რაც კრებისგან აქვთ დავალებული, არამედ ყველაფერი ის, რაც მიაჩნიათ ეკლესიისთვის სასარგებლოდ).

მავრიტანიის მღვდელთა წინასწარი მოწმობა პრიმოსი ეპისკოპოსის შესახებ: ამასთან ერთად, ცხადია, მავრიტანიის კესარიის მღვდლების წინასწარი დამოწმება წერილობით პრიმოსის შესახებ ქალაქ თიღმვენსიას საქმის თაობაზე, რომ სამეფო განწესებისაებრ მიეცეს მას მისვლის უფლება. როგორც ჯეროვანი იყო, ეძებს ის პრიმოსი და, როგორც დიაკვნებმა თქვეს, ვერ იპოვეს. მავრიტანელებმა მთელი კრებისაგან მოითხოვეს, რომ წერილები გაეგზავნათ ჩვენი თაყვანსაცემი ძმის, ბერი ინოკენტიოსისადმი, რათა მას გაეგო, რომ პრიმოსი ეძებს საეკლესიო კრებაზე და ვერსად იპოვეს“.

მერვე საუკუნეში ჩვენ უკვე საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული სახით ვხედავთ ამ საბჭოს აღმოსავლეთის ეპისკოპოსთა სხვადასხვა კათედრასთან, რომელსაც სხვადასხვა სახელი ეწოდება. მეოთხე მსოფლ. კრების 23-ე კანონი ადგენს: „წმინდა კრების ყურამდე მოაღწია, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი და მონაზონი, თავისი ეპისკოპოსის ნებართვისა და დავალების გარეშე, და ზოგჯერ მისგან უზიარებელქმნილნიც კი, მიდიან სამეფო ქალაქ კონსტანტინეპოლში და იქ დიდხანს ტრიალით თესავენ შფოთს, არღვევენ ეკლესიის სიმშვიდეს და ზოგიერთის პირის სახლებსაც კი აწუხებენ. ამიერიდან კრებამ დაადგინა, პირველად ამგვარ პირებს კონსტანტინეპოლის წმინდა ეკლესიის ეკდიკმა მოსთხოვოს სამეფო ქალაქის დატოვება. და თუ ურცხვად არ მოიშალონ თავისი, იქვე დარჩნენ და გააგრძელონ ისეთივე საქციელი, ძალით უნდა განიდევნონ იმავე ეკდიკის მიერ და თავის ადგილს დაუბრუნდნენ“.

ასევე მეშვიდე მსოფლიო კრების მე-11 კანონი ადგენს: „საეპისკოპოსოებსა და მონასტრებში აუცილებლად უნდა იყოს ეკონომოსი. ვინაიდან ვალად გვაწევს ყველა საღმრთო კანონის შესრულება, უცვლელად უნდა დავიცვათ აგრეთვე კანონიც, რომელიც ამბობს, რომ ეკონომოსის ყოფნა ყველა ეკლესიაში საჭიროა. თუ მიტროპოლიტი თვითონ დაადგენს თავის ეპარქიაში ეკონომოსს, ძალიან კარგი, მაგრამ თუ არ დაადგენს, მაშინ კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსს უფლება აქვს, დაადგინოს ეპისკოპოსი მის ეკლესიაში. ასევე, ყველა მიტროპოლიტს აქვს ამის უფლება, თუ მისმა ქვეშევრდომმა ეპისკოპოსებმა არ მოინდომეს თავის ეკლესიაში ეკონომოსის დადგენა. ეს წესი უნდა დაიცვან მონასტრებშიც“.

სრულ განვითარებას საეპარქიო მოძღვართა საბჭომ მიაღწია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში. მისი მაგალითის მიხედვით ყველა აღმოსავლეთის საეპისკოპოსო კათედრაზე ჩამოყალიბდა ასეთი საბჭოები მცირე ან დიდი სხვაობებით, იმის მიხედვით, თუ რა მასშტაბის საეპისკოპოსო იყო და რა რაოდენობის სასულიერო პირები იყო საჭირო ამ საეპისკოპოსოს სამართავად. ეს საბჭო სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელს ატარებდა. საეპისკოპოსო დიკასტერიას ლათინურენოვან ეკლესიებში საეპისკოპოსო კონსისტორია ეწოდებოდა.

ძველ დროში ამ საბჭოს წევრთა შემადგენლობაში შედიოდნენ: 1) ეკონომოსი; 2) საკელლარი; 3) სკივოფილაქსი; 4) ხარტოფიქსი; 5) საკელლია, 6) რპოტეკდიკი. მათ მოვალეობაზე ჩვენ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ (იხ. ეკლესიის მოწყობა); ამის გარდა იყო ასევე: 7) პროტოპრესვიტერი, რომლის უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობას წარმოადგენდა ეპარქიაში საღვთო ლიტურგიის მართებულად წარმართვა და გამოცდა იმ ადამიანებისა, ვისაც სურვილი ჰქონდა, ეკლესიის მსახური გამხდარიყო. კონსისტორიაში ასევე სხვა თანამდებობებიც იყო. ზოგიერთ საეპისკოპოსოში დიკასტერიაში შემავალ მუდმივმოქმედ წევრთა თანამდებობა 12-ზე მეტს აღწევდა.

კონსისტორიის ამოქმედების შემდეგ ეპარქიაში მას ექვემდებარება ის საქმეები, რომელთა მიმართებითაც ეპარქიის ეპისკოპოსს ესაჭიროება რჩევები. როგორც ადრინდელ კონსიისტერიის განკარგულებებშია განსაზღვრული მისი მოქმედების სფეროები, ისე დღესაც, უახლესი კონსისტორიის წესდებებით დადგენილია, თუ რომელ საკითხებს მოიცავს იგი. ესენია: 1) ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვა და რწმენაში განმტკიცება; 2) ღვთისმსახურება; 3) ყურადღების მიქცევა კეთილმოწესეობაზე, ღვთისმსახურთა ხარისხებზე ტაძრებსა და მონასტრებში; 4) ტაძრებისა და მონასტრების აღჭურვა და აღდგენა; 5) სამღვდელო კანდიდატების უნარებისა და შესაძლებლობის განხილვა ღვთისმსახურებისთვის; 6) ყურადღების მიქცევა სასულიერო პირების მიმართ, პატიოსნად აღასრულებენ თუ არა თავისი სამღვდელო მოვალეობას; 7) სასულიერო სასამართლო; 8) ზედამხედველობა ტაძრებისა და მონასტრების ქონებაზე. სასამართლო საქმეებიდან ექვემდებარებათ ყველა ჯვარდაწერილთა სადავო საქმეების განხილვა.

კონსისტორიის მნიშვნელობა განისაზღვრება თავად ეპისკოპოსის მდგომარეობით მისთვის ჩაბარებულ საეპისკოპოსოში ეპარქიაში. „ეპისკოპოსი არის ქრისტეს ნაცვალი თავის ეპარქიაში,“ – ამის შესახებ ვკითხულობთ წიგნში „მართლმადიდებლური აღმსარებლობა“ (ტომი I, შეკითხვა 85-ე); ხოლო აღმოსავლელ პატრიარქთა წერილების მეათე თავი ეპისკოპოსს მკაფიოდ განუსაზღვრავს და ანიჭებს მას უმაღლეს უფლებამოსილებას ყველა საკითხში, რაც ეხება მისთვის მინდობილ ეპარქიას და მის სინდისს აკისრებს სულიერ სასამართლოს ყველასა და ყველაფერზე, რადგან მხოლოდ ის იქნება ყველაფერზე პასუხისმგებელი ღვთის სამსჯავროს წინაშე იმის გამო, რაც გაკეთდება და მოხდება მის ეპარქიაში. ამასვე ამბობს მოციქულთა და მსოფლიო კრების კანონები: „მღვდლები და დიაკვნები ნურაფერს გააკეთებენ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, რადგან იგია, ვისაც აბარია ერი ღვთისა და ვისაც მოეკითხება პასუხი მათი სულებისათვის“ (მოციქულთა 39-ე კანონი). აქედან გამომდინარე, რადგან ის უმაღლესი იერარქია თავის ეპარქიაში და ერთადერთი პასუხისმგებელი ყველაფერზე ღვთის სამსჯავროს წინაშე, არის მთავარმმართველიცა და მთავარმოსამართლე თავის ეპარქიაში, რის გამოც არ შეიძლება ეპარქიაში არსებობდეს დაწესებულება, რომელსაც შეეძლება მართოს ან მსჯავრი გამოიტანოს დამოუკიდებლად, ან მისი ნების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, საეპარქიო კონსისტორია წარმოადგენს საბჭოს, რომელიც შედგება განათლებული და კომპეტენტური ადამიანებისგან, რომელთაც თავად ეპისკოპოსი გამოარჩევს. ისინი საკუთარი გამოცდილებიდან შეძენილი რჩევებითა და ღრმა ცოდნით კონკრეტულ საკითხებში, შეუმსუბუქებენ ეპისკოპოსს ტვირთს ეპარქიის საქმეების წარმართვასა და მსჯავრის წარმოებაში. ასეთი სახითა და მნიშვნელობით, კონსისტორია არ წარმოადგენს ძლიერ იურიდიულ უფლებასილებით ორგანოს, რომელიც შეძლებდა წინააღმდეგობა გაეწია თავისი ეპისკოპოსისთვის ან მიეღო გარკვეული სახის გადაწყვეტილებები მისი ნების წინააღმდეგ; აქედან გამომდინარე, კონსისტორიის წევრებს არ შეუძლიათ გადამწყვეტი ხმის უფლებით მოქმედება ეპარქიის ეპისკოპოსის შეხედულების გაუთვალისწინებლად. იმ საქმეებში, რომელთაც ისინი იხილავან და არიან ჩართულები საკითხის წარმართვაში, აქვთ მხოლოდ მრჩევლის ხმა, ამიტომ იწოდებიან ისინი ეპისკოპოსის მრჩევლებად და კონსისტორიის დამსწრე წევრებად. ამიტომ დღეს დადგენილი წესდებებით, სწორად ორგანიზებულ კონსისტორიებში, ჩვენ ვხედავთ კონსისტორიის განსაზღვრებას, როგორც მრჩეველთა საბჭოსი, რომელიც სრულად და უშუალოდ არის დამოკიდებული ეპარქიის ეპისკოპოსზე. კანონის სახითაც ეძლევა უფლება ეპისკოპოსს, აირჩიოს და დანიშნოს ამ საბჭოში პატიოსანი და ბრძენი მრჩევლები, ადამიანები, რომელთაც ის ენდობა.

მმართველობითი დაწესებულებები საეპარქიო რეგიონებში საეკლესიო ზედამხედველობა ეპარქიულ რეგიონებში

თავიდან საეპარქიო რეგიონებში რამდენიმე სამრევლო ერთად ეძლეოდა ზედამხედველს და მისი მეშვეობით იმართებოდა. ზედამხედველს უწოდებდნენ ქორეპისკოპოსს. შემდგომში, სარდიკიის კრების მე-6 კანო ნის მიღების შემდეგ განაწესეს, რომ: „არ შეიძლება ეპისკოპოსის დადგენა დაბასა ან მცირე ქალაქში, რომელსაც მხოლოდ ერთი მღვდელიც ეყოფა. არ არის საჭირო იქ ეპისკოპოსის დადგენა, რათა არ დაკნინდეს ეპისკოპოსის სახელი და პატივი. სამთავროს ეპისკოპოსებს, როგორც თავიდან ვთქვი, იმ ქალაქებში მართებთ ეპისკოპოსის დადგენა, სადაც თავიდან იყვნენ ეპისკოპოსები. თუ ერი მრავალი იყოს რომელიმე ქალაქში, შეიძლება ის საეპისკოპოსოდ მივიჩნიოთ და ასეთმა ქალაქმა უნდა მიიღოს თავისი ეპისკოპოსი. ყველას მოგწონთ ეს? ყველამ მიუგო: მოგვწონს“.

ამის შემდგომ ასეთი სამრევლოების ზედამხედველად ინიშნებოდა განსაკუთრებული მღვდელმსახური, რომელსაც ეწოდებოდა პერეოდევტი. იგი თავის მოვალეობის აღსრულებისას ყოველთვის ერთ ადგილას იმყოფებოდა, ან თუ ეპარქიის ეპისკოპოსი აკურთხებდა, პერიოდულად ჩადიოდა იმ დასახლებაში. პერიოდიტების მუდმივი ზედამხედველობიდან გამომდინარე, განვითარდა საეკლესიო სამართალში რეგიონული საეკლესიო ზედამხედველობა. პირებს, რომელთაც ეკისრებოდათ ეს ვალდებულება, კანონიკურ წყაროებში სხვადასხვა სახელი ეწოდებოდათ, რომელიც მათ გამოარჩევდა სხვა სასულიერო პირებისგან, მღვდლებისგან. ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება პროტომამები, შემდგომში კი – პროტოპრესვიტერები.

ასეთი რეგიონული საეკლესიო ზედამხედველობა ნაკლებად გავ რცელდა ბერძნულენოვან ეკლესიაში. უფრო მეტად დამკვიდრდა იმ ეკლესიებში, სადაც ბერძნული ენა არ მოქმედებდა. ამის მიზეზი ის არის, რომ ბერძნულ ეკლესიაში ბევრი ეპისკოპოსი და საეპისკოპოსოა. შესაბამისად, აქ მცირერიცხოვანი სამრევლო ეპარქიები ჩამოყალიბდა, სადაც ეპისკოპოსს ეპარქიის მართვა უადვილდება და უშუალოდ თვითონ ზედამხედველობს დაქვემდებარებულ სამრევლოებს. აქედან გამომდინარე, ეპისკოპოსებს არ აქვთ სხვა განსაკუთრებული ზედამხედველების საჭიროება. კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში დღეს სრულებით არ არის ზედამხედველობის ჩვეულებრივი რეგიონული დაყოფა, ისეთი როგორც, მაგალითად, სერბეთის ეკლესიაში, სადაც მას საპროტოპრესვიტერო ეწოდება და სწორედ ასე იმართება. მაგრამ ყველა ეპარქია იყოფა 50-დან 150 სამრევლომდე. სამრევლოს მთავარ მღვდელს ეხმარება სამი ან მეტი დამხმარე, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან საეკლესიო ეპარქიის მმართველს, ყოველგვარი შუამავალი მმართველობითი რგოლის გარეშე. საყურადღებოა, რომ ბერძნულენოვანი ეკლესიის ეპარქიების ამ მთავარ მღვდლებს აქვთ ძალიან შეკვეცილი ძალაუფლება და ეპარქიის სხვა სასულიერო პირების უფლებებიდან გამომდინარე, მათ ისეთივე უფლებები ენიჭებათ, როგორც სხვა ეკლესიებში რეგიონულ საეპარქიო ზედამხედველებს.

საეპარქიო რეგიონებში ასეთი ზედამხედველობის წარმომადგენლების დანიშვნის უფლება ეკუთვნის ეპარქიის ეპისკოპოსს, ერთი წარმომადგენლის საზედამხედველო სამრევლოს რიცხვი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ როგორი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა აქვს ამა თუ იმ ეპარქიას. ზოგადად, ერთი ზედამხედველი ათ სამრევლოს აქცევდა ყურადღებას, ეს ყველაზე მცირერიცხოვნად მიიჩნეოდა. არ იყო აუცილებელი, რეგიონული სამრევლოს ზედამხედველი რაიმე ჯილდოს მატარებელი ყოფილიყო, მას შეიძლება ჰქონოდა პატიოსანი მღვდელის ხარისხი. მისი მსახურების ხანგრძლივობა არ იყო განსაზღვრული ისე, როგორც ეპისკოპოსისა – სიცოცხლის ბოლომდე. ის შეიძლება დროთა განმავლობაში გადასულიყო ერთი პირისაგან მეორეზე.

ზედამხედველების სამოქმედო არეალი განისაზღვრებოდა მათი მნიშვნელობის მიხედვით, როგორც ეპარქიის ეპისკოპოსის ნაცვლისა კონკრეტულ საეპისკოპოსოში. ზედამხედველის უფლებები სამოღვაწეო რეგიონში ვრცელდება ყველაფერზე ისევე, როგორც ეპისკოპოსისა თავის ეპარქიაში, რა თქმა უნდა, იმ შეზღუდვებით, რომლის შესახებაც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ. ზედამხედველებს მათთვის მინიჭებული უფლებათა გარდა, გარკვეული ვალდებულებებიც ეკისრებათ, რომელიც მეტ-ნაკლებად მითითებულია როგორც ძველ, ისე ახალ დადგენილებებში, რომელიც გაცემულია ეკლესიის მმართველთა მიერ სახელმძღვანელოდ. იურიდიული პასუხისმგებლობა ზედამხედველებისა (სხვადასხვა ეკლესიაში განსხვავებული სახელით მოიხსენიებენ – ზოგან ნაცვლებად, ზოგან რეგიონულ პროტოპრესვიტერებად და ა. შ.), სხვადასხვა არსებული ინსტრუქციის მიხედვით, შეიძლება გაყოფილი იყოს ვალდებულებების მიხედვით, რომელიც ეხება სწავლებით, ღვთისმსახურების და ეკლესიის მართვის სფეროს. პირველ საკითხთან დაკავშირებით, ძირითადად, მისი ვალდებულებები ასეთია:

1) იმ რეგიონში, სადაც ის არის დანიშნული, უნდა ზრუნავდეს და იცავდეს მართლმადიდებლური ზუსტი სწავლების დაცვასა და გადაცემას;

2) აქცევდეს ყურადღებას სამრევლო ტაძრებს, რომელიც მას ექვემდებარება; ამზადებენ თუ არა მოძღვრები საკვირაო და სადღესასწაულო ქადაგებებს და გადასცემენ მას თუ არა მრევლი მართლმადიდებლური სწავლების დაცვითა და სულისკვეთებით;

3) ხდება თუ არა ბავშვების კატეხიზაცია დადგენილი წესის მიხედვით;

4) ასწავლიან თუ არა საღვთო რჯულს სკოლაში იმ წიგნების მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია ეკლესიის მმართველობის მიერ;

5) იღრმავებენ თუ არა სასულიერო პირები საღვთისმეტყველო ცოდნას, რომელ საღვთისმეტყველო წიგნებს კითხულობენ და რით ხელმძღვანელობენ, რომელ საეკლესიო ჟურნალებს კითხულობენ;

დაბოლოს:

6) ხალხთან ყოველ შეხვედრაზე, ტაძარში იქნება ეს თუ კრებაზე, განსწავლოს ქრისტიანულ სწავლებაში როგორც მრევლი, ისე მოძღვრები.

მეორე საკითხთან მიმართებით (ღვთისმსახურება) მას ევალება:

1) მიაქციოს ყურადღება ყველა სამრევლო ტაძარს; არის თუ არა აღჭურვილი ყველა საჭიროებით ღვთისმსახურების დაუბრკოლებელი აღსრულებისთვის; უფრთხილდებიან და ინახავენ თუ არა ამ ყველაფერს მოძღვრები სათუთად;

2) აქვს თუ არა ყველა ტაძარს საღვთისმსახურო წიგნები, რა მდგომარეობაშია და როგორი წესრიგით ინახავს ამ წიგნებს;

3) არის თუ არა ტაძრებში სისუფთავე და წესრიგი;

4) აშენებენ თუ არა ტაძრებს მმართველი იერარქის მიერ მოწონებული არქიტექტურის მიხედვით;

5) სუფთად და წმინდად ინახავენ თუ არა მოძღვრები დაავადებულთა საზიარებლად განკუთვნილ წმინდა ნაწილებსა და მირონს;

6) აღასრულებენ თუ არა დადგენილ მსახურებებს, თუ ხანდახან აგდებენ რომელიმე მსახურებას, განსაკუთრებულად – მარხვაში;

7) იცავენ და ატარებენ თუ არა წმინდა საიდუმლოებებს დადგენილი წესისა და დროის მიხედვით. ამ შემთხვევაში იგულისხმება ჯვრისწერა;

8) აღსარებას ამბობენ და ეზიარებიან თუ არა დროულად მრევლის წევრები, ასევე თავად მოძღვრები.

მესამე საკითხთან დაკავშირებით (ეკლესიის მართვის სფერო) მას ევალება:

1) მიაქციონ ყურადღება ზუსტად იცავენ თუ არა სამრევლო მოძღვრები ეკლესიის მმართველთა მიერ გამოცემულ დადგენილებებს;

2) სინდისიერად და მორჩილებით აღასრულებენ თუ არა მათზე დაკისრებულ სამღვდელო ვალდებულებებს;

3) ისეთ საქმეებს ხომ არ აკეთებენ, რის გამოც შეიძლება დაიმცროს სამღვდელო ავტორიტეტი;

4) ცხოვრობენ თუ არა მოძღვრები თავის ოჯახებში ღვთივსათნოდ და სინდისიერად;

5) ღვთივსათნოდ ზრდიან თუ არა თავის შვილებს;

6) დაქვრივებული სასულიერო პირები არ უნდა აცხოვრებდნენ თავიანთ სახლში ქალს, რის გამოც შეიძლება ეჭვი აღიძრას მრევლში მის სიწმინდით ცხოვრებაზე;

7) ყოველთვის იცვამენ თუ არა მათთვის დადგენილ სამოსს სასულიერო პირები;

8) ხომ არ ითხოვენ კანონსაწინააღმდეგოდ თანხის გადახდას ჩატა რებულ მსახურებებში;

9) ზედამხედველებს ეკისრებათ მზრუნველობა მწირშემოსავლიან სასულიერო პირთა ოჯახებზე, ასევე გარდაცვლილი სასულიერო პირების დაქვრივებულ ცოლებსა და დაობლებულ ბავშვებზე;

10) მას ევალება აკონტროლოს, საეკლესიო ქონება კეთილსინდისიერად იმართება თუ არა;

11) წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მოიწვიოს სასულიერო პირთა კრება მისდამი რწმუნებულ რეგიონში; იმსჯელონ ყველა იმ საკითხზე, რომელიც პრობლემურია მისდამი რწმუნებულ რეგიონში. ასევე საღვთისმეტყველო საკითხების ცოდნა გააძლიეროს სასულიერო პირებში;

12) შეეცადოს, უმოქმედოდ არ დარჩეს რომელიმე ტაძარი; თუ განთავისუფლდება ადგილი, მალევე დაადგინოს სასულიერო პირი;

13) სასწრაფოდ ამცნოს ეპარქიის ეპისკოპოსს, თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა მოხდება მისდამი რწმუნებულ რეგიონში;

14) ზუსტად აღრიცხოს რეგიონის სასულიერო პირები და ჰქონდეს მათზე სრული წარმოდგენა;

15) წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მოწესრიგებულად შემოიაროს სამრევლო ტაძრები მისდამი რწმუნებულ რეგიონში და შეამოწმოს, როგორ ატარებენ მსახურებას, წიგნები და ინვენტარი თუ აქვთ წესრიგში; ფლობენ თუ არა ბიბლიოთეკას, რითაც მრევლში ამაღლებენ ცოდნას; თუ იღებენ ზომებს იმისთვის, რომ უფრო გაამდიდრონ ბიბლიოთეკა და, აქედან გამომდინარე, მრევლის ცოდნაც;

16) ყოველი ასეთი შემოწმების შემდეგ დაწვრილებით მიაწოდოს ინფორმაცია თავის ეპისკოპოსს მის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე; წარმოადგინოს თავისი შეხედულება, როგორ უნდა აღმოფხვრას პრობლემა მის რეგიონში, თუკი წარმოიშობა და შეიტანოს შემდეგ დადგენილებებში.

სამრევლოს სასულიერო პირები

ეპისკოპოსისათვის ძირითად საყრდენს ეპარქიის კარგად მოწყობაში და საეკლესიო ცხოვრების სწორად განვითარებაში წარმოადგენენ სამრევლო სასულიერო პირები, მღვდლები. სწორედ ისინი არის მთავარი დამხმარეები და მოადგილეები სამოძღვრო, საღვთისმსახურო და სულიერების სფეროში. სამრევლო მოძღვრის ცნება ეკლესიაში დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა მორწმუნე ადამიანების რაოდენობის მატებასთან ერთად. პირველი სამი საუკუნე ქრისტიანულ ეკლესიაში არ იყო სამრევლოები დღევანდელი სახით. ყველა მსახურებას ატარებდა ქალაქის ეპისკოპოსი იქ, სადაც მას ამის შესაძლებლობა ჰქონდა. მაგრამ რაც უფრო მრავლდებოდა მორწმუნეების რაოდენობა, როგორც ქალაქებში, ისე დაბებსა და სოფლებში, მით უფრო რთული ხდებოდა ერთი ეპისკოპოსის მიერ ამდენი მორწმუნის სულიერად დაპურება. მესამე საუკუნის შუა პერიოდიდან რომის იმპერიის მთავარ ქალაქებში, მთავარი საეპისკოპოსო ეკლესიის გარდა, ჩვენ უკვე წყაროებში ვპოულობთ სხვა ეკლესიებსაც, რომლის ირგვლივაც იკრიბებოდა მორწმუნე ხალხი, ვინც ამ ეკლესიის ახლოს ცხოვრობდა. ყოველ ასეთ ეკლესიაში მოქმედებდა განსაკუთრებული პრესვიტერი, რომელიც აღასრულებდა მღვდელმსახურებას ეპისკოპოსის კურთხევით. უფრო მოგვიანებით, მეოთხე საუკუნეში, იმავეს ვნახულობთ სოფლებშიც. ამის შესახებ ლა ოდიკიის კრების 57-ე კანონი წერს: „დაბებსა და სოფლებში ეპისკოპოსი არ ინიშნება, ინიშნება მხოლოდ მომხილველი. ვინც ამ დადგენილებაზე ადრე არის ხელდასხმული ასეთ ადგილებში, ნურაფერს გააკეთებს ქალაქში მჯდომი ეპისკოპოსის დაუკითხავად. ასევე მღვდელმა არაფერი უნდა გააკეთოს, თუ ეპისკოპოსს არ აცნობებს“. ასევე სარდიკიის კრების მე-6 კანონი ადგენს: „არ შეიძლება ეპისკოპოსის დადგენა დაბასა ან მცირე ქალაქში, რომელსაც მხოლოდ ერთი მღვდელიც ეყოფა. არ არის საჭირო იქ ეპისკოპოსის დადგენა, რომ არ დაკნინდეს ეპისკოპოსის სახელი და პატივი. სამთავროს ეპისკოპოსებს, როგორც თავიდან ვთქვი, იმ ქალაქებში მართებთ ეპისკოპოსის დადგენა, სადაც თავიდან იყვნენ ეპისკოპოსები. თუ ერი მრავალი იყოს რომელიმე ქალაქში, შეიძლება ის საეპისკოპოსოდ მივიჩნიოთ და ასეთმა ქალაქმა უნდა მიიღოს თავისი ეპისკოპოსი. ყველას მოგწონთ ეს? ყველამ მიუგო: მოგვწონს“.

მეხუთე საუკუნეში, ქალკედონის კრების პერიოდში, ჩვენ ვხედავთ უკვე სრულად ჩამოყალიბებულ, განსაკუთრებულ დაწესებულებებს პატარა ეკლესიებისას, თავისი განსაკუთრებული პრესვიტერებით, რომელნიც კონკრეტული ეპისკოპოსის დადგენილებით, დამოუკიდებლად მსახურებდნენ და აღსრულებდნენ მღვდელმსახურებას იმ ადამიანებისთვის, ამ ეკლესიას რომ ეკუთვნოდნენ. ამას მეოთხე მსოფლიო კრე ბის მე-17 კანონიდან ვიგებთ: „თითოეული ეკლესიის კუთვნილი სახნავ-სათესი ადგილისა და სოფლის შემოსავალი მტკიცედ და უცვლელად უნდა ჰქონდეს ამ ეკლესიის მპყრობელ ეპისკოპოსს. მით უმეტეს მაშინ, თუ ოცდაათი წლის განმავლობაში დავის გარეშე ფლობდნენ და განაგებდნენ მათ. თუ ოცდაათი წლის განმავლობაში იყო ან იქნება რაიმე დავა, და თუ ვინმე განაცხადებს თავის პრეტენზიას, ის, ვინც იწყებს დავას, უნდა წარსდგეს სამთავროს კრების წინაშე. თუ ვინმე მიტროპოლიტის მიერ იქნეს შევიწროებული, მხარის (ოლქის) ეგზარქოსმა ან კონსტანტენოპოლის საყდარმა გაურჩიოს საქმე, როგორც ადრე ითქვა. თუ სამეფო ხელისუფლების მიერ განახლდება რომელიმე ქალაქი, მაშინ საეკლესიო განწესება უნდა ეთანხმებოდეს სამოქალაქო და საერო წესს“. ასეთი ეკლესიების გამრავლება გამოიწვია მრავალთა მოქცევამ ქრისტიანობაზე, რადგან ყველა ვერ ჩადიოდა ქალაქებისა და დაბების ტაძრებში, დაიწყეს სოფლად არსებული წარმართული ტაძრების გადაკეთება ქრისტიანულად. ეკლესიისა ან მოძღვრისთვის შენაწირს იღებდნენ, მიწებს გადასცემდნენ ტაძრების ასაგებად, დაბოლოს, გამორჩეულმა, მდიდარმა და მმართველმა ელიტამ დაიწყო ტაძრების მშენებლობა განსაკუთრებულ ადგილებზე, სადაც ესა თუ ის წმინდანი მოღვაწეობდა ან მოწამებრივად აღესრულა. აშენებდნენ საკუთარი ხარჯით, მზრუნ ველობას იღებდნენ ამ ტაძრების მღვდელმსახურების უზრუნველყოფასა და ღვთისმსახურების ყველაფრით უზრუნველყოფაზე. ასეთ ტაძრებში მსახურობდნენ გამორჩეული მოძღვრები. ქალკედონის მე-4 მსოფლიო მე-6 კანონი ადგენს: „მღვდლად, დიაკვნად და საეკლესიო მწყობრის ნებისმიერ წევრად პიროვნება ხელდასხმული უნდა იქნეს არა ზოგადად, არამედ სახელდებით ქალაქისა ან სოფლის რომელიმე ეკლესიასა, სამარტვილოსა ან მონასტერზე. ამასთან დაკავშირებით წმინდა კრება ადგენს: ზოგადად ხელდასხმულისთვის ასეთი ხელდასხმა დაუმტკიცებელი უნდა იყოს. იგი არ დაიშვება არავითარი სამღვდელო საქმის მოქმედად მისი ხელდამსხმელის სამარცხვინოდ“.

ამავე კრების მე-8 კანონი განაწესებს: „საგლახაკოს, მონასტრისა და სამარტვილოს სამღვდელო დასის წარმომადგენლები უნდა ემორჩილებოდნენ შესაბამისი ქალაქის ეპისკოპოსებს და თავის ეპისკოპოსს თავხედობით ნუ შეურაცხყოფენ. ვინც ეს განწესება რაიმე სახით დაარღვიოს და არ დაემორჩილოს თავის ეპისკოპოსს, თუ სასულიერო პირი იყოს, განკანონდეს, თუ მონაზონი ან ერისკაცი – უზიარებლობით დაისაჯოს“.

დაშვებული იყო ასევე კერძო პირების, მმართველების სახლ-კარში საღვთისმსახურო ტაძრების აშენება. აქ იკრძალებოდა მღვდელმსახურების დადგენა, მაგრამ თუ მაინც დაადგენდნენ, ეს მოხდებოდა ეპისკოპოსის განსაკუთრებული ბრძანებით და კონკრეტული მსახურებების ჩატარების უფლებით. ამას ტრულის კრების 31-ე და 59-ე კანონე ბი მოწმობს: „სასულიერო პირს ეკრძალება ჟამისმწირველობა სახლში მოთავსებულ ეკვდერში ადგილობრივი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე. თუ იგი ამ წესის თანახმად არ მოიქცევა, განიკვეთოს“. „ნუ აღასრულებენ ნათლისღების საიდუმლოს სახლების ეკვდერებსა და მცირე ეკლესიებში. ვისაც სურს უხრწნელი განათლების მიღება, მივიდეს კათოლიკე ეკლესიაში და იქ გახდეს ღირსი ამ ნიჭისა“.

მეშვიდე მსოფლიო კრების მე-10 კანონი განაწესებს: „სასულიერო პირს არა აქვს უფლება, დატოვოს თავისი ეკლესია და სადმე სხვა ეკლესიაში წავიდეს თავისი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე. ზოგიერთი სასულიერო პირი არარად აგდებს კანონიერ განჩინებას, ტოვებს თავის ეკლესიას და მკვიდრდება სხვა ეკლესიაში, უმთავრესად, ღმრთივდაცულ და სამეუფო ქალაქში (კონსტანტინეპოლში). ზოგჯერ ისინი მთავრებთან სახლდებიან და მათ ეკვდერებში იწყებენ მღვდლობას. ასეთთა შეწყნარება არ შეიძლება მათი ეპისკოპოსისა და კონსტანტინეპოლის საყდრისმპყრობელის ნებართვის გარეშე რომელიმე მთავრის სახლში ან ეკლესიაში. ამის ჩამდენი სასულიერო პირი თუ მსგავსს კვლავაც მოიმოქმედებს, უნდა განიკვეთოს. ხოლო ის, ვინც ამას მოიმოქმედებს ზემოხსენებულ მღვდელმთავართა კითხვითა და თანხმობით, საქვეყნო და საერო საზრუნავს მაინც ნუ მოჰკიდებს ხელს, ვინაიდან საღმრთო კანონით ეს მათთვის აკრძალულია“.

მორწმუნეთათვის ყველა ტაძარში აღესრულებოდა საზოგადო მსახურება და წმინდა საიდუმლოებები კონკრეტულ რეგიონში (გარდა რომელიმე მაღალი თანამდებობის კერძო პირის კარ-მიდამოში არსებული ტაძრებისა). დღეს მას ეწოდება სამრევლო, ხოლო სასულიერო პირს, რომელიც მღვდელმსახურებას აღასრულებს კონკრეტული რეგიონის საზღვრებში – სამრევლო მღვდელი.

სამრევლო მღვდლის მსახურების არეალი ვრცელდება ერთი სამრევლოს კრებულზე. დადგენილი წესის მიხედვით, იგი თავის სამღვდელო ვალდებულებებს აღასრულებს ეპარქიის ეპისკოპოსის კურთხევით. სამრევლო მოძღვრის მსახურებას ვუწოდებთ სამუდამოს, რადგან ეპარქიის ეპისკოპოსი მღვდელს არ დაადგენს დროებით. სამრევლო მღვდლის მსახურება აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ეკლესიის წყობისა და დამოუკიდებლობისა, მიუხედავად იმისა, რომ გამომდინარეობს ეპისკოპოსის ძალაუფლებიდან და მას ემორჩილება. ეპისკოპოსი რჩება მუდამ პირველ და უმაღლეს მოძღვრად თავის ეპარქიაში, მაგრამ კანონები სრულებითაც არ აძლევს მას უფლებას, სამღვდელო ვალდებულებები თვითნებურად შეუჩეროს და წინააღმდეგობა შეუქმნას სამრევლო მღვდელს მნიშვნელოვანი მიზეზებისა და განსჯის გარეშე, ჩამოაშოროს მღვდელმსახურებას რაიმე მნიშვნელოვანი სწავლებითი და კანონდარღვევითი მიზეზის თვინიერ, გადაიყვანოს სხვაგან იმ სამრევლოდან, სადაც მსახურობს. სამრევლო მღვდლის მსახურება, მმართველი ეპისკოპოსისგან მინიჭებული, თავისი სამრევლოს ფარგლებში, როგორც დამოუკიდებელი მღვდელმსახურისა, მოიცავს სულიერი მეუფების სრულ სისავსეს. ასე რომ, მის გარეშე არც ერთ სასულიერო პირს აქვს უფლება, აღასრულოს მის სამრევლოში ღვთისმსახურება, ისევე როგორც მის მრევლს არა აქვს უფლება, სხვა სამრევლოში მიიღოს საღვთო მადლი. მაგალითად, ჯვრისწერის საიდუმლო მის სამრევლოში მხოლოდ მას შეუძლია ჩაატაროს ეპისკოპოსის კურთხევით. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მისი თანხმობით შეუძლია სხვა სასულიერო პირს შეასრულოს ეს მღვდელმსახურება, ისევე როგორც მისი მრევლს მხოლოდ მისი კურთხევით შეუძლია სხვაგან მიიღოს ღვთის მადლი რომელიმე საეკლესიო საიდუმლოს გზით. მღვდელი საკუთარი სამრევლოს ფარგლებში ზემოაღნიშნულ უფლებას ანიჭებს სხვა მღვდელმსახურს მხოლოდ ეპისკოპოსის ოფიციალური დაშვების წარდგენის შემთხვევაში. სამრევლო მღვდლის უფლებამოსილება ვრცელდება მრევლის ყველა წევრზე და ყველა იმ ადამიანზე, ვინც სწავლისა ან სამსახურის გამო დროებით ირიცხება მის სამრევლოში.

სამრევლო მღვდლის დადგენა

სამრევლო მოძღვრის მდგომარეობა ეპარქიულ წყობაში, ასევე სამრევლო მსახურების დამოკიდებულება ცენტრალურ ეპარქიულ მმართველობასთან თავისთავად ამტკიცებს, რომ მთავარი და გადამწყვეტი სიტყვა სამრევლო მღვდლის დასადგენად ეკუთვნის ეპისკოპოსს. რადგან ეს უფლება გამომდინარეობს თავად საქმის არსიდან, ამიტომ ეპისკოპოსის ამ უფლებას, მოციქულთა პერიოდიდან მოყოლებული, ყველა მსოფლიო და ადგილობრივ კრებაზე ამტკიცებს საეკლესიო კანონმდებლობა.

მოციქულთა მე-2 კანონი ადგენს: „მღვდელი ხელდაისხმება ერთი ეპისკოპოსის მიერ, ასევე დიაკონიც და ყველა სხვა სამღვდელო დასიდან“. მოციქულთა 39-ე კანონი განაწესებს: „მღვდლები და დიაკვნები ნურაფერს გააკეთებენ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, რადგანაც იგია, ვისაც აბარია ერი ღვთისა და ვისაც მოეკითხება პასუხი მათი სულებისათვის“.

სამღვდელო პირად ერთგული და გამოცდილი ადამიანის დასადგენად, ყველაზე აღმატებული მსახურების ჯვრის ღირსეულად სატვირთავად, ეპისკოპოსი ეკლესიის მსახურებში იკითხავს და გამოიკვლევს წარდგენილი კანდიდატის ისტორიას, იმსჯელებს და მხოლოდ შემდეგ გამოთქვამს თავის აზრს და მიიღებს გადაწყვეტილებას იმ კონკრეტული პირის შესახებ, რომელიც სამრევლო მღდვლად უნდა დაადგინოს.

წმინდა თეოფილე ალექსანდრიელის მეათე კანონი განაწესებს: „ქვრი ვები, გლახაკები და უცხოელი მოგზაურები უნდა იღებდნენ ყველანაირ დახმარებას. ნურავინ მიითვისებს ეკლესიის ქონებას, რადგანაც ის, ვისაც ჩაბარებული აქვს ღმრთის მღვდელმსახურება, ვერცხლისმოყვარე არ უნდა იყოს“.

ეკლესიის მსახურთა გარდა, ეპისკოპოსი ეკითხებოდა და ისმენდა ხალხის პოზიციას კანდიდატის თაობაზე მის კურთხევამდე. აღსანიშნავია, რომ პირველ პერიოდში ხალხის პოზიციას უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ვიდრე ეკლესიის მსახურთა ხმას. ზოგადად, ხალხის გარეშე არავინ დადგინდებოდა ეკლესიის მსახურებაში. „დროთა განმავლობაში, ხალხის მონაწილეობამ ღვთისმსახურთა, მათ შორის სამრევლო მღვდელთა გამორჩევაში, დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა. ისევე როგორც ეპისკოპოსის არჩევის შემთხვევაში, ღვთისმსახურთა დადგენაში ხალხის ხმა იქცა მრევლის გამორჩეულ ადამიანთა, დიდგვაროვანთა პრეროგატივად, ხოლო მე-11 საუკუნეში სახელმწიფოს წარმომადგენელთა ხელში გადავიდა. მეთორმეტე საუკუნეში კონსტანტინეპოლის ეკლესიაში ხალხი, ფაქტობრივად, სრულად ჩამოშორდა ამ მოვალეობას“. 4

სამრევლო მღვდლად გამორჩევისა და დადგენისთვის საჭირო იყო:

ა) კანდიდატი ყოფილიყო იმ ეპარქიის ეკლესიის მსახური, რომელშიც ის უნდა კურთხეულიყო და ემსახურა. თუ სხვა ეპარქიაში მოუწევდათ კანდიდატის მოძებნა, მას უნდა ჰქონოდა თავისი ეპარქიის ეპისკოპოსისგან სხვაგან გადასვლის კურთხევის დამადასტურებელი ფურცელი. ამის შემდეგ უნდა მიეღოთ ფორმალურად თავიანთ მრევლში. მოცი ქულთა 33-ე კანონი ადგენს: „უცხო ეპისკოპოსის, მღვდლის ან დიაკვნის შეწყალება არ შეიძლება დასამტკიცებელი წიგნის გარეშე. როდესაც მას წარადგენენ, თუ იქნებიან კეთილმსახურების ქადაგნი, მიიღებენ შეწ ყალებას, ხოლო თუ არა, მიეცით მათ, რაც საჭიროა, ოღონდ ზიარებად ნუ შეიწყნარებთ, რადგან მრავალი რამ ხდება ყალბი საბუთით“. ასევე მეოთხე მსოფლიო კრების მე-13 კანონი ადგენს: „უცხო სასულიერო პირს და წიგნისმკითხველს ეპისკოპოსის დასამტკიცებელი წიგნის გარეშე არ შეუძლია მღვდელმსახურება სხვა ქალაქში“. კანდიდატი უნდა ეკუთვნოდეს თეთრ სამღვდელოებას, რადგან მონაზვნური აღთქმის დამდები ერში არ უნდა მსახურობდეს.

ნიკეის მეოთხე მსოფლიო კრების მე-4 კანონი ამტკიცებს: „ვინც ჭეშმარიტად და გულწრფელად შეუდგება სამონაზვნო ცხოვრებას, შესაფერისი პატივის ღირსი უნდა გახდეს. ზოგი სამონაზვნო სახის შემმოსველი ჩაშლის საეკლესიო და სამოქალაქო საქმეებს, თვითნებურად დადის ქალაქში და ამასაც კი არ სჯერდება, გაბედულად იწყებს თავისთვის მონასტრის შენებას. განვაჩინებთ, რომ არასოდეს არავინ ააშენოს მონასტერი და სამლოცველო სახლი იმ ქალაქის ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე. თითოეული ქალაქისა და სოფლის მონაზვნები უნდა დაემორჩილონ მათ ეპისკოპოსს, შეიყვარონ სიჩუმე, მხოლოდ მარხვასა და ლოცვაში იყვნენ განკრძალულნი და მომთმენნი, იმავე ადგილას, სადაც ამქვეყნიური ცხოვრებიდან გასვლის აღთქმა დადეს. ნუ ჩაერევიან საეკლესიო და ამქვეყნიურ საქმეებში, ნურც მონაწილეობას მიიღებენ, ნუ დატოვებენ თავიანთ მონასტრებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როცა ქალაქის ეპისკოპოსი უბრძანებს წასვლას რაიმე საჭირო საქმეზე.

მფლობელის ნებართვის გარეშე მონათაგან ნურვინ იქნებ შეწყნარებული მონასტერში მონაზვნად.

ვინც ჩვენგან განსაზღვრულ ამ განჩინებას გადავა, ვადგენთ მის უზიარებლობას, რათა არ იგმობოდეს ღვთის სახელი. ქალაქის ეპისკოპოსს ევალება სათანადო ზრუნვა მონასტერზე“.

ტრულის კრების 46-ე კანონის თანახმად, „დედაკაცი, რომელმაც მოღვაწეობრივი ცხოვრება აირჩია და მონასტერში დაეწესა, იქიდან აღარ გამოვიდეს, თუ რაიმე გარდაუვალი მიზეზი არ გამოჩნდა და, ასეთ შემთხვევაშიც, სავანის დედის (იღუმენიას) კურთხევითა და ნებართვით, და მაშინაც თვითნებურად ნუ გადაწყვეტს ამას, არამედ წინამძღვრის მიერ შერჩეული ხანდაზმული ან უპირატესი მონაზვნის თანხლებით. მაგრამ მონასტრის გარეთ ღამის გათევის ნება არ ეძლევათ.

ასევე მამაკაცსაც, ვინც სამონაზვნო ცხოვრებას ეწევა, თუ რაიმე საჭირო მიზეზი აიძულებს, ისიც წინამძღვრის კურთხევით უნდა გავიდეს მონასტრიდან.

ხოლო ვინც ჩვენ მიერ დადგენილ ამ განწესებას დაარღვევს, გინდ მამაკაცი იყოს, გინდ დედაკაცი, შესაფერისი ეპიტიმიით დაისაჯონ“.

ბ) კანდიდატმა აუცილებლად უნდა ჩააბაროს კომისიის მიერ სამრევლო მღვდლად კურთხევისთვის დაწესებული გამოცდები. ამის შემდეგ ხდება მღვდლად კურთხევა.

4 В. Цыпин, Церковное Право, 1996, გვ. 301.

ქტიტორთა უფლებები

პირველ პერიოდში, როდესაც სამრევლოები ყალიბდებოდა, ეკლესია უფლებას აძლევდა ეკლესიის წევრებს, კეთილმორწმუნე შეძლებულ ქრისტიანებს, თავის ხარჯით აეგოთ ტაძრები და სრულად აღეჭურვათ ღვთისმსახურების ღირსეულად ჩატარებისთვის საჭირო ჭურჭლით, წიგნებით, შესამოსლით, ხოლო ამ ტაძრის მღვდელმსახურები და ეკლესიის მომსახურე ადამიანები მატერიალურად უზრუნველეყოთ. ეკლესია ამ გზით ცდილობდა პატივი ეცა კეთილმორწმუნე ადამიანებისთვის და ამის გამოსახატავად ანიჭებდა მათ გარკვეულ უფლებებს როგორც ამ ტაძრის ქონების მართვაში, ასევე მოძღვრის დადგენის საკითხშიც. ასეთ უფლებას ეკლესია ავრცელებდა იმ ადამიანების მიმართაც, ვინც მიტოვებულ ძველ ტაძრებს აღადგენდა და უზრუნველყოფდა ყოველნაირად, რაც საჭირო იყო ღვთისმსახურებისთვის. ასეთ უპირატესობები, ვალდებულებებთან ერთად, რომელთაც ნებაყოფლობით იღებდნენ ეს ადამიანები, დროთა განმავლობაში ფორმალური საკანონმდებლო განკარგულებებით განისაზღვრა და ჩამოყალიბდა ე. წ. ქტიტორთა ან აღმშენებელთა უფლებების სახით.

ასეთი უფლება შეიძლება მიეღოთ ტაძრისა და მონასტრის აღმშენებლობისთვის, ქსენონებისა და საქველმოქმედო დაწესებულებე ბის მოსაწყობად, რომელიც სრულდებოდა ეკლესიის მმართველობის ზედამხედველობით. ასეთი უფლების მიღება შეეძლოთ იმ ადამიანს, ვინც არ მოქმედებდა ეკლესიისა და სახელმწიფო კანონთა წინააღმდეგ. უფლების მინიჭება კი შეეძლო მხოლოდ ეკლესიის მმართველს, ეპარქიაში კი ეპარქიის ეპისკოპოსს იმ კანონთა და განკარგულებათა ზუსტი დაცვით, რომელიც ეკლესიის მიერ არის დადგენილი.

რაც შეეხება ქტიტორის ვალდებულებას, ის უნდა ზრუნავდეს ყველაფერზე, რაც ეხება ეკლესიის კეთილმოწყობას, ყოველნაირი ჭურჭლით აღჭურვას, ასევე სამრევლო მღვდლის და ამ ტაძარში მომსახურე ადამიანების მატერიალურად უზრუნველყოფას. ქტიტორთა უფლებათაგან მთავარ უფლებას წარმოადგენს სამრევლო მოძღვრისა და ამ ტაძარში მომსახურე ადამიანების შერჩევა და წარდგენა ეპარქიის ეპისკოპოსის წინაშე. თუ ქტიტორი რომელიმე ვალდებულებაზე იტყვის უარს, ის კარგავს ქტიტორის უფლებებს – როგორც ტაძრის ქონების მართვის, ასევე სამრევლო მოძღვრის შერჩევისას. ქტიტორის გარდაცვალების შემთხვევაში ეს უფლებები გადაეცემა მის შთამომავლებს. თუ მას არ დარჩა პირდაპირი მემკვიდრე, მაშინ ყველა უფლება გადაეცემა საეკლესიო, სამრევლო მმართველობას, რომელიც ასეთ შემთხვევაში სრულად იღებს ქტიტორის უფლება-ვალდებულებებს.

ტაძრის ქონების მართვის ქტიტორთა უფლება თანამედროვე ეპოქაში საეკლესიო ქონების მართვის საბჭოს კუთვნილებაა, რომელიც რამდენიმე პირისგან შედგება. ხოლო სამრევლო მოძღვრის გამორჩევაზე უფლებამოსილია სამღვდელო გამორჩევის კომისია, რომელიც კანდიდატს წარუდგენს ეპისკოპოსს, ეკლესიის მმართველს.

სამრევლო მოძღვრის მსახურებითი მოღვაწეობა

სამრევლო მღვდელი მოღვაწეობის არეალი მოცულობითია. ის თავის სამრევლოში უნდა იყოს არა მარტო ღვთისმსახურების აღმსრულებელი, სარწმუნოებისა და ზნეობის მასწავლებელი, არამედ მოძღვრის ღვაწლი უნდა იტვირთოს.

მოძღვარი ვალდებულია:

1) მუდმივად ცხოვრობდეს თავის სამწყსოში, არანაირი მიზეზის გამო თვითნებურად არ დატოვოს ის, განსაკუთრებულად მაშინ, როდესაც იმ მხარეში რაიმე ეპიდემიაა გავრცელებული, ან რაიმე განსაცდელი ემუქრება მრევლს. მოციქულთა 62-ე კანონი განაწესებს: „თუ სასულიერო პირთაგანმა ვინმემ ურიის, ელინის, მწვალებლის შიშით უარყოს ქრისტეს სახელი, გაძევდეს, და თუ მღვდლობის სახელი უარყოს, განიკვეთოს. თუ მოინანიოს, შეწყნარებული იყოს როგორც ერისკაცი“.

ასევე პირველი მსოფლიო კრების მე-11 კანონი განაწესებს: „გაჭირვების, მონაგებთა მიტაცების, ტყვეობის ან სხვა ამგვარი მიზეზის გარეშე, რაც მოხდა ლიკინიოზის ძალადობისას, თუ ვინმე გადაუდგა და უარყო სარწმუნოება, კრებას მიაჩნია, რომ საჭიროა გამოვიჩინოთ მათდამი მოწყალება, თუმცა ღირსნი არ არიან კაცთმოყვარეობისა. თუ მოინანიებენ გულით, სამი წელის მსმენელებთან ერთად დაყონ, შვიდ წელს შევრდომით ილოცონ, ხოლო ორი წლის განმავლობაში შესაწირავის გარეშე ეზიარონ ერის ლოცვას“.

პეტრე ალექსანდრიელის მე-3 და მე-10 კანონები განაჩინებს: „ვინც შიშისა და სულმოკლეობის გამო გადავიდა ბოროტების მხარეს, ხოლო შემდეგ სინანულს შეუდგა, იმათთვის სათანადო და აუცილებელია უნაყოფო ლეღვის ხის იგავის შეხსენება, როგორც ამბობს უფალი: „ლეღვი ედგა ვიღაცას, დარგული ვენახში. მოვიდა იგი მისი ნაყოფის მოსაძებნად, ვერ იპოვა და უთხრა ვენახის მოქმედს: აი, სამი წელია, რაც მოვდივარ და ვეძებ ლეღვის ნაყოფს ამ ხეზე და ვერ ვპოულობ. მოკვეთე ეგ ხე, რისთვის აქცევს მიწას უხმარად. ხოლო მან უპასუხა და უთხრა მას: უფალო, დატოვე ეგ ხე ამ წელიწადსაც, სანამ მოვთხრი მის გარშემო და დავუყრი სასუქს, იქნებ მოისხას ნაყოფი, ხოლო თუ არა, მომავალ წელიწადს მოვკვეთ მას“ (ლუკა 13, 6-9). ეს იგავი უნდა ჰქონდეთ მათ მუდამ თვალწინ და უნდა უჩვენონ სინანულის ღირსი ნაყოფი იმდენსავე დროის განმავლობაში. ამით თავის თავს დიდ სარგებლობას მოუტანენ“.5

„თუ სამღვდელო დასიდან ვინმე თვით გასცემს თავს, დაეცემა, უარს იტყვის ქრისტიანობაზე და კვლავ აღდგება, არ არის სამართლიანი, რომ ამის შემდეგ განაგრძოს მღვდლობა, ვინაიდან მან მიატოვა უფლის სამწყსო და წაიბილწა თავის, რაც არ უქნია არავის მოციქულთაგან. ნეტარმა მოციქულმა პავლემ მრავალი დევნა გადაიტანა, დიდი ღვაწლი და შრომა გამოიჩინა, თუმცა იცოდა, რომ „უმჯობესია წასვლა და ქრისტესთან ყოფნა“ (ფილიპ. 1, 23). მან მაინც დასძინა და თქვა: „მაგრამ ხორცში დარჩენა უფრო მეტად თქვენთვის არის საჭირო“ (ფილიპ. 1, 24). რადგანაც ფიქრობდა უმჯობესს არა თავისთვის, არამედ მრავალთათვის, რათა ცხონებულიყვნენ. ამის გამო თავის სიმშვიდეზე მეტად ძმებთან დარჩენა და მათ ცხოვრებაზე ზრუნვა მიაჩნდა საჭიროდ. იგი მოუწოდებდა მასწავლებელსაც, რათა სწავლის დროს მორწმუნეთათვის მაგალითი იყოს. ამის გამო, თუ ვინმე დაეცემა, კვლავ აღდგება და საპყრობილეში ხელს მიჰყოფს ჟამისწირვის საიდუმლოს აღსრულებას, იგი უგუნურია, რადგანაც როგორღა თხოულობს იმას, რაც მიატოვა, მაშინ როდესაც შეეძლო, თავი კეთილად მოეხმარებინა ძმებისთვის ამგვარ დროს. სანამ დაეცემოდნენ ცოდვით, კიდევ შეიძლებოდა მათი აწ უსამართლოდ შერაცხილი საქმის ღვაწლზე თვითნებურად წასვლის პატიება. ხოლო როდესაც დაეცნენ, აღარ შეუძლიათ მღვდლობა, რადგანაც სხვაზე ზრუნვა ევალებოდათ და თავი კი წაიბილწეს. ამის გამო თავმდაბლად უფრო იმაზე უნდა იზრუნონ, თუ როგორ იხსნან თავი ამაო დიდებისაგან დამცხრალებმა, რადგან მათთვის საკმარისია მორწმუნეებთან ზიარებაც. ეს ორი მიზეზით არის დასაშვები მათთვის, დიდი ყურადღებითა და დაფიქრებით, რათა შეწუხებულნი არ აღმოჩნდნენ იმით, რომ ისინი ეპიტიმიას დამორჩილებულნი უნდა გავიდნენ ხორციდან და რათა ზოგიერთი დაცემულისთვის განკანონება მიზეზი არ გახდეს გულმოდგინების დაკარგვისა. ასეთებს ყველაზე მეტად შეხვდებათ სირცხვილი და სასაყვედურო, როგორც საძირკვლის ჩამყრელს და დამთავრების ვერ შემძლებელს, რომლის შესახებაც მოციქული ამბობს: „დაიწყებს ყველა გამვლელი მის კიცხვას და იტყვის: „ამ კაცმა საძირკველი ჩაყარა და დამთავრება ვერ შეძლო“.6

თუ მოძღვარს სჭირდება წასვლა და ეს აუცილებელია, მან უნდა მიმართოს ეპარქიის მმართველს და წერილობითი დადასტურების საბუთი უნდა მიიღოს ეპისკოპოსისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სასჯელს ექვემდებარება. ამის შესახებ პირველი მსოფლიო კრების მე-15 და მე-16 კანონები განსაზღვრავს: „მრავალი შფოთიანი საქმისა და არეულობათა გამო, რომელიც თავს იჩენს ხოლმე, წმინდა კრებას მიაჩნია, სრულიად მოისპოს ზოგიერთ მხარეში დამკვიდრებული უკანონო ჩვეულება და ქალაქიდან ქალაქში არ გადადიოდეს არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი, არც დიაკონი. თუ ვინმე წმიდა და დიდი კრების ამ განწესების საწინააღმდეგოდ მოიქცევა, ან მის მიმართ დაშვებულ ასეთ ქმედებას წინ არ აღუდგება, მაშინ განკარგულება გაუქმებულად მიიჩნევა, გადაყვანილი კი თავის ეკლესიაში უნდა დაბრუნდეს, სადაც იგი ხელდასხმული იყო მსახურებისათვის ეპისკოპოსად, მღვდლად ან დიაკვნად“.

„თუ მღვდელს, დიაკონს ან სამღვდელო დასის რომელიმე სხვა წევრს ღვთის შიში თვალწინ არ უდგას და დაუფიქრებლად, საეკლესიო კანონების არცოდნის მიზეზით საკუთარ ეკლესიას განეშორება, იგი არ უნდა მიიღონ სხვა ეკლესიაში, არამედ იძულებით დააბრუნონ თავის სამრევლოში. თუ ურჩობას გამოიჩენს. თანაზიარობიდან განკანონდეს. ასევე, ვინც გაბედავს სხვისი სამწყსოდან მოყვასის გადმობირებას და მის ხელდასხმას იმ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, რომლისგანაც კლერიკოსი წამოვიდა, ხელდასხმა გაუქმდეს“.

2) ის მკაცრად უნდა აკონტროლებდეს თავის მოქმედებებს, როგორც საზოგადოებაში ისე საკუთარ ოჯახში, ამიტომ ის ყოველთვის უნდა იმოსებოდეს მისი წოდებისთვის შესაფერისად. ამის შესახებ ტრულის კრების 27-ე კანონი განსაზღვრავს: „სამღვდელო პირს არა აქვს უფლება, შეიმოსოს შეუფერებელი სამოსელი არც ქალაქში და არც გზაში. სამღვდელოებამ უნდა ჩაიცვას მხოლოდ სამღვდელო დასისთვის განკუთვნილი შესამოსელი. ვინც ამ წესს დაარღვევს, ერთი კვირის განმავლობაში უზიარებლობით დაისაჯოს“.

ასევე მეშვიდე მსოფლიო კრების მე-16 კანონი მღვდლებს განუსაზღვრავს: „ყოველგვარი ფუფუნება და შემკულობა სხეულისა უცხოა სამღვდელო წესიერებისთვის. ამის გამო ეპისკოპოსები ან სხვა სასულიერო პირები, რომელნიც თავს შეიმკობენ ბრწყინვალე და გამოსაჩენი სამოსით, უნდა გამოსწორდნენ, ხოლო თუ კვლავ განაგრძობენ ამგვარად შემოსვას, საჭირო გახდება მათი განკანონება. ეს ეხება მასაც, ვინც ნელსაცხებელს იცხებს. მაგრამ კათოლიკე ეკლესიაზე „მწარე ფესვი აღმოცენებულია“ (ებრ. 12, 15). ეს არის ქრისტიანობის ცილისმწამებელთა მწვალებლობა [ხატმებრძოლობა]. მისმა მიმდევრებმა არა მხოლოდ წმინდა ხატთა გამოსახვა შეიძულეს, არამედ ყოველგვარი მოწიწება განაგდეს და შეიძულეს ისინიც, ვინც პატიოსნად და ღვთისმსახურებით ცხოვრობენ, რითაც მათზე აღსრულდა დაწერილი, რომ „ცოდვილისათვის ღვთისმსახურება საძაგელია“ (ზირაქ. 1, 23). თუ ვინმე გაკიცხავს მათ, ვინც შემოსილია უბრალო და მოკრძალებული სამოსით, განკანონებით უნდა გამოსწორდეს, რადგანაც ძველთაგანვე ყველა სამღვდელო კაცი კმაყოფილდებოდა უბრალო და მოკრძალებული სამოსით. ყველას, ვინც იმოსება არა საჭიროებისათვის, არამედ შემკობისათვის, ბრალი ედება ამაოებაში, როგორც ამას ბასილი დიდი ამბობს. აბრეშუმის ჭრელი ქსოვილის სამოსით არ უნდა შეიმოსონ, სამოსის კიდეზე სხვა ფერის არშიაც არ შემოავლონ, საღმრთო ხმისაგან გვემცნო: „ვინც რბილი სამოსლით არის შემოსილი, ის მეფეთა სასახლეში იმყოფება“ (მათე 11, 8).

ღანგრის კრების 21-ე კანონი განაწესებს: „ხოლო ამას რომ ვწერთ, ღმრთის ეკლესიისგან განვკვეთთ არა მათ, ვისაც ჭეშმარიტად სურს მოღვაწეობა წერილისამებრ, არამედ მათ, ვინც მოღვაწეობას ამპარტავნების საბაბად აქცევს და ქედმაღლურად უყურებს მათ, ვინც მარტივი ცხოვრებით ცხოვრობს. ისინი ამით შემოიღებენ სიახლეებს [საღმრთო] წერილისა და საეკლესიო კანონების წინააღმდეგ. ჩვენ გვაკვირვებს ქალწულობა თავმდაბლობით შემკული. ვიღებთ მარხვას, პატიოსნებით და ღმრთის შიშით შესრულებულს. და შევიწყნარებთ ამქვეყნიურ საქმეთაგან განშორებას, თავმდაბლობით აღსრულებულს. პატივს ვცემთ ქორწინებით თანამკვიდრობას შეუგინებელს და არ შეურაცხვყოფთ სიმდიდრეს, რომელიც სიმართლით არის შეძენილი და სიკეთისათვის იხარჯება. ვაქებთ არაძვირფასი სამოსის უბრალოებას და სისადავეს, მხოლოდ ხორცის დასაფარავად განკუთვნილს. ხოლო გახსნილი და სათრევი სამოსით მოსიარულეებს არ შევიწყნარებთ. პატივს ვცემთ ღმრთის სახლებსა და მათში მოწყობილ კრებებს მივიჩნევთ წმინდად და სასარგებლოდ. ღვთისმსახურებას სახლებში კი არ შევიწყნარებთ, არამედ პატივს ვცემთ ყოველ ადგილს, ღმრთის სახელზე აშენებულს, და შევიწყნარებთ იქ აშენებულ ეკლესიაში საერთო სარგებლობისათვის შეკრებილ კრებას. ვნატრით გლახაკთა მიმართ ძმათა მიერ ეკლესიის ძველი გადმოცემისამებრ ქმნილ ქველმოქმედებას და, მოკლედ რომ ვთქვათ, ვლოცულობთ, რათა ეკლესიაში ხდებოდეს ყველაფერი, რაც მოცემულია საღმრთო წერილში და განწესებულია მოციქულთა გადმოცემის მიერ“.

მღვდელი არ უნდა აკეთებდეს საერო საქმეებს. ამას განაწესებს მოციქულთა მე-6 კანონი: „ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ნუ შეუდგება ამქვეყნიურ საზრუნავს, თუ არადა, განიკვეთოს“, ხოლო 81-ე კანონი კი კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით აცხადებს: „ვთქვით, რომ ეპისკოპოსმა და მღვდელმა თავის თავს არ არწმუნოს საერო საქმეთა განგება, არამედ მოიცალოს მხოლოდ საეკლესიო საზრუნავისთვის. ამიტომ ან ირწმუნოს, რომ საერო საქმეებს არ მიჰყოს ხელი, ან განიკვეთოს, რადგან საუფლო ბრძანებისამებრ, „ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად...“ (მათე 6, 24).

მეშვიდე მსოფლიო კრების მე-10 კანონი ადგენს: „სასულიერო პირს არა აქვს უფლება, დატოვოს თავისი ეკლესია და სადმე სხვა ეკლესიაში წავიდეს თავისი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე. ზოგიერთი სასულიერო პირი არარად აგდებს კანონიერ განჩინებას, ტოვებს თავის ეკლესიას და მკვიდრდება სხვა ეკლესიაში, უმთავრესად, ღმრთივდაცულ და სამეუფო ქალაქში (კონსტანტინეპოლში). ზოგჯერ ისინი მთავრებთან სახლდებიან და მათ ეკვდერებში იწყებენ მღვდლობას. ასეთთა შეწყნა რება არ შეიძლება მათი ეპისკოპოსისა და კონსტანტინეპოლის საყდრისმპყრობელის ნებართვის გარეშე რომელიმე მთავრის სახლში, ან ეკლესიაში. ამის ჩამდენი სასულიერო პირი თუ მსგავსს კვლავაც მოიმოქმედებს, უნდა განიკვეთოს. ხოლო ის, ვინც ამას მოიმოქმედებს ზემოხსენებულ მღვდელმთავართა კითხვითა და თანხმობით, საქვეყნო და საერო საზრუნავს მაინც ნუ მოჰკიდებს ხელს, ვინაიდან საღმრთო კანონით ეს მათთვის აკრძალულია“.

ამავე საკითხს განიხილავს კართაგენის ადგილობრივი კრების მე-16 კანონი: „ნურვინ ეპისკოპოსთა, მღვდელთა ან დიაკონთაგანი საერო ხელობას ნუ მოჰკიდებს ხელს. წიგნისმკითხველმა შეიძლება შეირთოს ცოლი. სამღვდელონი ცოლს უნდა განერიდონ. როდის უნდა იყვნენ ან ისინი, ან ქალწულნი საღმრთოდ განკუთვნილნი.7 მიგვაჩნია, რომ ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები საერო ხელობას არ უნდა ჰკიდებდნენ ხელს, არც ცუდი და უპატიო საქმისაგან იღებდნენ შემოსავალს, რადგან მათ უნდა ახსოვდეთ წმინდა წერილის სიტყვები: „ღმრთის მხედრად განწესებული ვერავინ შეუერთებს თავს ამქვეყნიურ საქმეებს“ (ტიმ. 2,4). ვიწონებთ იმასაც, რომ როცა წიგნისმკითხველები მიაღწევენ სრულწლოვნებას, იძულებულ უნდა იქნენ, ან შეირთონ მეუღლე, ან დადონ აღთქმა უბიწო ცხოვრებისა. მიგვაჩნია, რომ, თუ სამღვდელო პირი ვინმეს ასესხებს ფულს, თუ ახსოვს, რამდენი მისცა, იმდენივე უნდა მიიღოს უკან. იგივე ითქმის ნივთზეც. ოცდახუთ წლამდე დიაკონი არ შეიძლება ხელდასხმულ იქნეს. ღმრთისმსახურების დროს წიგნისმკითხველნი ერს თაყვანს ნუ სცემენ“.

კონსტანტინეპოლის წმინდა მოციქულთა ტაძარში შეკრებილი ორგ ზისი წმინდა დიდი კრების მე-11 კანონი ადგენს: „წმინდა და საღმრთო კანონები განკვეთით სჯიან იმ მღვდლებსა და დიაკვნებს, რომლებიც მიიღებენ საერო მთავრობის თანამდებობებს და მზრუნველობას, ან აზნაურთა სახლებში დარბაზის უხუცესობას და სხვა ხელისუფლებას. ჩვენც ამასვე ვამტკიცებთ და სხვა სამღვდელო მწყობრისაგანთა შესახებ შემდეგს განვსაზღვრავთ: ვინც იმათგან საერო თანამდებობაზე დადგება და აზნაურთა სახლებში ან სოფელში ხელისუფლებას მიიღებს, საეკლესიო მწყობრიდან განიდევნოს, რადგან არავის შეუძლია ჩვენი ჭეშმარიტი ღმერთის ქრისტეს საღმრთო და უტყუარი ხმისამებრ, „ორი ბატონის მსახურება“ (მათე 6, 24).

ზოგადად, რაც არ შეესატყვისება მღვდლის პატივსა და ღირსებას, მის მდგომარეობას, არ უნდა ჩაერთოს მასში და არ აკეთოს ასეთი საქმე: „სასულიერო პირს არა აქვს უფლება, სავაჭრო სახლი (ფარდული, დუქანი) ჰქონდეს, ვინაიდან, თუკი მას აკრძალული აქვს შესვლა ამგვარ სახლში, რამდენად უფრო უწესოა და შეუფერებელი, მისთვის სხვების მომსახურება დუქანში. თუ ვინმე მოიმოქმედებს ამას, უნდა შეწყვიტოს ან განიკვეთოს“.

სტუმრად, ტრაპეზზეც იმ დრომდე უნდა დარჩნენ, როგორც ამის უფლებას აძლევს მათ დადგენილი კანონები და სამოძღვრო ვალდებულებები. ასევე, არ უნდა შედიოდნენ სხვადასხვა თავშესაქცევ დაწესებულებებში. მოციქულთა 54-ე კანონი განაწესებს: „თუ სასულიერო პირი დუქანში მჭამელი ნახოს ვინმემ, მღვდლობის უფლება ჩამოერთვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მგზავრობისას საჭიროებისამებრ სასტუმროში დაისადგურეს“.

ტრულის კრების 24-ე კანონის თანახმად, „სამღვდელო პირს ან მონაზონს არა აქვს უფლება, იპოდრომზე ან სხვა გასართობ სანახაობაზე მივიდეს. თუ სასულიერო პირი მიპატიჟებული იქნება ქორწილში, იგი უნდა გაეცალოს იქაურობას, როგორც კი დაიწყება სალაღობო სანახაობა, ანუ თამაშობანი, ვინაიდან ასე ბრძანებს მამათა მოძღვრება. თუ ვინმე გადაუხვევს ამ წესს, ან დაცხრეს, ან განიკვეთოს“.

აღნიშნული კრება თავისი 51-ე კანონით ადგენს: „წმინდა და მსოფლიო კრება გმობს სახუმარო, სანადირო სანახაობას, მგოსანთა როკვას. თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს, სასულიერო პირი იყოს, განიკვეთოს, ერისკაცი – უზიარებლობით დაისაჯოს“.

იმავე კრების 62-ე კანონი კრძალავს მორწმუნეთა მონაწილეობას რომაულ და ელინურ დღესასწაულებში მონაწილეობას: „კალანდის, ვოტას, ვრუმალის და მარტის პირველ დღეს აღსრულებული დღესასწაულის მორწმუნეთა ცხოვრებიდან სრულიად ამოღება გვსურს. ამასთანავე, დედაკაცთა სახალხო ცეკვას, რომელსაც დიდი ზიანის მოტანა შეუძლია და ზნეობის შერყვნა. უკუვაგდებთ ასევე დედაკაცთა და მამაკაცთა მიერ ელინური ცრუ ღმერთებისადმი საწარმართო ჩვეულების მიხედვით შესრულებულ ცეკვას, როგორც ქრისტიანული ცხოვრებისათვის უცხოს. ვადგენთ, რომ არც ერთმა მამაკაცმა სადედაკაცო სამოსელი არ შეიმოსოს, არც დედაკაცმა – სამამაკაცო.

ატიკური, ჯამბაზური ან თამაშით გასართობი სამსახიობო ნიღაბი არავინ აიფაროს. ნურც საწნახელში ყურძნის წურვის დროს უხმობენ საძაგელი დიონისეს სახელს, ნურც ჭურში ღვინის ჩასხმის დროს იცი ნიან უწესოდ, როგორც უვიცობითა და ამაოების ტრფიალით ეშმაკის საცთურის მოქმედნი.

ამიერიდან, ვისაც ეცოდინება ზემოჩამოთვლილი ცოდვები და მაინც ჩაიდენს რომელიმე მათგანს, სასულიერო პირი იყოს, მის განკვეთას ვბრძანებთ სასულიერო ხარისხიდან, ერისკაცი კი, ასეთ შემთხვევაში, უზიარებლობით დაისაჯოს“.

მღვდლის ოჯახის წევრები უნდა იყვნენ სამაგალითოები მათი კეთილმორწმუნოებითა და სათნოებით, „რადგან, თუ ვინმემ საკუთარი სახლის მართვა არ იცის, ღვთის ეკლესიაზე როგორღა იზრუნებს?“ (1 ტიმოთე 3, 5).

3) მღვდელი ვალდებულია, მუდამ კითხულობდეს წმინდა წერილს, წმინდა მამათა სწავლებას, საღვთისმეტყველო წიგნებს, იმეორებდეს და იღრმავებდეს სემინარია-აკადემიაში მიღებულ ცოდნას, კითხულობდეს საღვთისმეტყველო ჟურნალებს, ამზადებდეს ქადაგებას: „ვიდრე მოვიდოდე, გამუდმებით იკითხე, შეაგონე, დამოძღვრე. ნუ უგულებელყოფ შენთვის ბოძებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებითა და უხუცესთა ხელდასხმით. ამაზე იზრუნე და ასე იყავი, რათა შენი წარმატება ცხადი შეიქნეს ყველასთვის. გაუფრთხილდი შენს თავსა და მოძღვრებას, დამკვიდრდი მათში, რადგანაც ამით თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც“ (1 ტიმოთე 4, 13-16).

4) მღვდელი აუცილებლად უნდა ატარებდეს შაბათ-კვირისა და სადღესასწაულო ღვთისმსახურებას, ლიტურგიას, ხოლო დიდ მარხვაში უნდა დაიმატოს ოთხშაბათისა და პარასკევის ლიტურგია. ეს მოციქულ თა მე-8 კანონით არის განსაზღვრული: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან კრებულის სხვა წევრი წმინდა მსხვერპლის შეწირვის დროს არ ეზიარება, უნდა თქვას ამის მიზეზი. თუ ეს მიზეზი მართებული იქნება, შენდობა მიეცეს. თუ არ იტყვის, თავი უნდა დაანებოს მღვდლობას, რომ არ გახდეს ერისთვის ვნების მიზეზი და შემწირველში არ აღძრას ეჭვი“.

ასევე ტრულის კრების 52-ე და მე-80 კანონები განაწესებს: „წმინდა მარხვის ორმოცი დღის განმავლობაში, შაბათ-კვირისა და ხარების დღის გარდა, უნდა აღესრულებოდეს პირველგანწმედილ მსხვერპლთა განახლების საღმრთო მსახურება (სიწმინდის განახლება)“; „თუ ვინმე – ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან ეკლესიის დასის სხვა წევრთაგანი, ან ერისკაცი, რომელსაც არ აიძულებდეს რაიმე გაჭირვება ან მარცხიანი საქმე, მრავალი დღის განმავლობაში დააკლდეს ეკლესიას, ქალაქში ტრიალებდეს სამ კვირას და ამ სამი შვიდეულის განმავლობაში არ მივიდეს ეკლესიაში, თუ ეკლესიის მსახური იყოს, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი – ზიარების უფლება არ მიეცეს“.

5) მღვდელი ვალდებულია, დადგენილი დროის მიხედვით ჩაატაროს საზოგადო ღვთისმსახურება. „წყეულიმც იყოს, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს! წყეულიმც იყოს, ვინც აკავებს მახვილს სისხლისაგან!“ (იერემია 48, 10).

6) აუცილებლად ჩაატაროს კერძო მსახურება მრევლის თხოვნის შემთხვევაში, ასევე თვითონაც უნდა აკვირდებოდეს და თუ მიიჩნევს, რომ ვინმეს სჭირდება პარაკლისი ან სახლის კურთხევა, აუცილებლად ჩაუტაროს.

7) მიაქციოს ყურადღება და იზრუნოს როგორც ტაძრის, ისე საღ ვთისმსახურო ჭურჭლის სისუფთავეზე.

8) დაიცვას ეკლესიაში დისციპლინა, წესრიგი, მორალური და ზნეობრივი სიჯანსაღე მრევლისა. დარღვევის შემთხვევაში მისცეს შენიშვნა და გაფრთხილება მათ, ვინც ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას.

9) იზრუნოს ობლებსა და გაჭირვებულ ოჯახებზე.

10) იზრუნოს სამრევლო ბიბლიოთეკაზე ქრისტიანული სწავლების უკეთ მიწოდებისა და გაგებისათვის.

11) იზრუნოს მრევლის სულიერ მდგომარეობაზე, დარღვევებსა ან მოთხოვნილებებზე აცნობოს ეპარქიის მმართველს.

გარდა ზემოჩამოთვლილი სამრევლო მღვდლის ვალდებულებებისა, უშუალოდ მისი მსახურების სამოღვაწეო სფეროს განეკუთნება:

ა) მუდმივი ქადაგება მრევლში, განსაკუთრებულად საკვირაო და სადღესასწაულო მსახურების, წირვის შემდეგ, წაკითხული სახარების მუხლების მიხედვით: „ხუცესნი, რომელნიც კეთილად წინამძღვრობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, მეტადრე ისინი, სიტყვით და სწავლით რომ მუშაკობენ“ (I ტიმოთე 5, 17); „მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას“ (II ტიმოთე 4, 3);

მუდმივი ქადაგება და მრევლის კეთილად განსწავლა მოციქულთა 58-ე კანონითაც არის განსაზღვრული: „თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა არად ჩააგდოს სამღვდელო მწყობრი და ხალხი, არ ასწავლოს მათ კეთილად მსახურება – მღვდლობა აეკრძალოს, თუ ამის შემდეგაც იზარმაცოს და არ შეასრულოს თავისი მოვალეობა – განიკვეთოს“;

ბ) კვირაობით ან თავისუფალ დღეებში, თუკი ამის შესაძლებლობა იქნება, ახალგაზრდა მრევლის კატეხიზაცია, საუბარი ღვთის სიყვარულისა და მისი მოწყალების შესახებ, ღვთისადმი პატივისცემისა და მოკრძალების თაობაზე. უფროსი ადამიანები მოამზადოს სინანულისთვის ღვთისადმი აღსარების სათქმელად. მეშვიდე მსოფლიო კრების მე ათე კანონი განაწესებს: „სასულიერო პირს არა აქვს უფლება, დატოვოს თავისი ეკლესია და სადმე სხვა ეკლესიაში წავიდეს თავისი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე. ზოგიერთი სასულიერო პირი არად აგდებს კანონიერ განჩინებას, ტოვებს და თავის ეკლესიას და მკვიდრდება სხვა ეკლესიაში, უმთავრესად ღმრთივდაცულ და სამეუფო დედაქალაქში (კონსტანტინეპოლში). ზოგჯერ ისინი მთავრებთან სახლდებიან და მათ ეკვდერებში (პატარა სამლოცველოებში) იწყებენ მღვდლობას. მათი შეწყნარება არ შეიძლება მათი ეპისკოპოსისა და კონსტანტინეპოლის საყდრისმპყრობელის ნებართვის გარეშე, არც რომელიმე მთავრის სახლში, არც ეკლესიაში. თუ სასულიერო პირი ამას ჩაიდენს და განაგრძობს კიდეც ასე მოქცევას, განიკვეთოს. ხოლო ვინც ამას მოიმოქმედებს ზემოხსენებულ მღვდელმთავართა თანხმობით, საქვეყნო და საერო საზრუნავს მაინც ნუ მოჰკიდებს ხელს, ვინაიდან საღმრთო კანონის მიერ მათ ეკრძალებათ ეს“;

გ) მღვდელი ბავშვებს უნდა განსწავლდეს სკოლებში. ჯვრისწერის მსურველებს უნდა ამზადებდეს ქრისტიანული ოჯახის პასუხისმგებლობისთვის ღვთის წინაშე, კათაკმევლებს – ნათლობისთვის, ნახულობდეს პატიმრებს ციხეებში. საგანმანათლებლო მსახურება სამრევლო მოძღვრის ძირითადი ვალდებულებაა. ამას მოციქულთა 58-ე კანონი ადგენს (იხ. ზემოთ, გვ. 319);

ასევე ტრულის კრების მე-19 კანონით განაწესებს: „ეკლესიების წინამძღვრებმა ყოველდღე, უფრო კი კვირა დღეებში, მთელ სამღვდელო მწყობრსა და მორწმუნე ერს უქადაგონ, ასწავლონ საღმრთო წერილის ჭეშმარიტი სიტყვა, ან ღმერთშემოსილ მამათა მოძღვრება. ნუ შეცვლიან და გადაასხვაფერებენ მას, არამედ გადმოსცენ ისე, როგორც ეკლესიის მნათობთა და მოძღვართა მიერ არის აღწერილი. ამით უფრო აჩვენებენ მორწმუნეთ თავის კეთილ გამოცდილებას, ვიდრე საკუთარი სიტყვის წარმოთქმით. ხოლო თუ ვერ შეძლებენ ამას, გადაიხრებიან ჭეშმარიტებისაგან. მამათა მოძღვრების საშუალებით კი ერი იძენს ცოდნას, თუ რა უნდა მიიღოს, რას შეაქციოს ზურგი, როგორ შეცვალოს და წარმართოს თავისი ცხოვრება სიკეთისა და უმჯობესისკენ, არ გაიხრწნას უმეცრების ვნებით, არამედ იმ ძველი მოძღვრების დახმარებით გაიმხნეოს თავი, რათა არ შეემთხვეს მას ვნება, ცოდვა და ჯეროვნად მოიქცეს მომავალი ტანჯვის შიშით“;

დ) ბავშვთა დაბადების მეტრიკების, ასევე ქორწინებისა და გარდაცვალების აღრიცხვა;

ე) ეპარქიის ეპისკოპოსისთვის შეტყობინება, თუ მრევლის რომელიმე წევრი ეკლესიას გადმოსცემს ქონებას;

ვ) ინფორმაციის მიწოდება, თუ რაიმეს გამო მღელვარებაა მრევლში, ზედამხედველობა ეკლესიის მსახურებს ღვთისმსახურების სწორედ ჩატარების კუთხით, ასევე სკოლებში მომსახურე პერსონალს მიაქციოს ყურადღება სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისთვის. სამრევლო მღვდელი უნდა ზედამხედველობდეს, რომ საეკლესიო ჭურჭელი გამოიყენონ მხოლოდ ღვთისმსახურებისთვის, და არა სახლის საჭიროებისთვის. რადგან ეკლესიის საჭიროებისთვის რაც არის შეძენილი, არ გამოიყენონ არასწორად. მოციქულთა 73-ე კანონი განაწესებს: „ოქროს ან ვერცხლის ნაკურთხ ჭურჭელს, ან კრეტსაბმელს, ნურვინ მიითვისებს საკუთარი საჭიროებისათვის – ეს უსჯულოებაა. ასეთ ქმედებაში მხილებული, უზიარებლობით დაისაჯოს“. ასევე კონსტანტინეპოლის წმინ და მოციქულთა ტაძარში შეკრებილი ორგზისი წმინდა დიდი კრების მიერ დადგენილი მე-10 კანონი განსაზღვრავს: „ვნებათა მონებად ქცეულებს არამცთუ საღმრთო კანონთა სასჯელისა ეშინიათ, არამედ ამ კანონებს ურცხვად, აგდებით ექცევიან. ისინი ამახინჯებენ მათ და თავისი ვნებების მიხედვით ცვლიან. ვნებისმიერი ცდომის პატივისცემითა და სიყვარულით, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს, ბოროტს, ეშმაკს არათუ საძრახისად არ მიიჩნევენ, არამედ ეშმაკი ღმერთად სურთ მიიჩნიონ. მათ შესახებ სამოციქულო კანონი ამბობს: „ნურვინ წაიღებს სახმარებლად განწმენდილ ოქროს ან ვერცხლის ჭურჭელს, ან კრეტსაბმელს, რადგანაც ეს არის უკანონობა, ხოლო თუ ვინმეს ემხილება ამის ჩადენა, ის უზიარებლობით უნდა განკანონდეს.

ვინც თავის უსჯულოებას ამართლებს, ამბობს: ჯეროვანი არ არის განკვეთის ღირსად მივიჩნიოთ ის, ვინც წმინდა ტრაპეზის თაყვანსაცემ სამოსელს თავის სამოსად, ან სარტყლად იხმარებს, გინდ სარეცლისათვის, და არა მარტო ის, არამედ ისიც კი, ვინც თავისი საჭიროებისათვის მოიხმარებს წმინდა ბარძიმს, ჰოი უღმრთოებავ, პატიოსან ფეშხუმს და სხვა მათ მსგავსს თვითონ გამოიყენებს და უბრალო ხმარებით წაბილწავს. იმათი სიტყვით, ეს კანონი თითქოს იმას ამბობს, რომ ამ დანაშაულის მოქმედნი განკანონდებიან მხოლოდ უზიარებლობით და არ ისჯებიან განკვეთით. მაგრამ ვინ აიღებს თავის თავზე ამოდენა უღმრთოებასა და ამოდენა შეცვლა-შერყვნას. კანონი უზიარებლობით განაკანონებს განწმენდილი ჭურჭლისა და სხვა ნივთების მხოლოდ ხმარებისათვის და არა მიტაცებისათვის. ხოლო ეს უსჯულონი განკვეთისაგან ათავისუფლებენ წარმტაცებლებსაც, სიწმინდეთმკრეხელებსაც და იმათაც, ვინც წმინდათა წმინდა შეაგინა. და აგრეთვე თავისი უსამართლო მსჯავრით განკვეთის გარეშე ტოვებენ იმათ, ვინც სანოვაგისთვის ხმარებით თაყვანსაცემ ფეშხუმს და სამღვდელო ბარძიმს წაბილწავს მაშინ, როდესაც უეჭველია ამ საქმის სიბილწე და ცხადია, რომ ამის მოქმედნი არამცთუ მხოლოდ განიკვეთებიან, არამედ უკიდურესი უღმრთოების დანაშაულში ჩაცვივდებიან. ამისთვის წმინდა კრებამ განსაზღვრა, რომ ვინც წმინდა ბარძიმს, ფეშხუმს, მარწუხს (საზიარებელ კოვზს), საკურთხევლის სამღვდელო შესამოსელს, პერექელს, ანუ ცას, ან საკურთხევლის შიგნით სამსახურებელ ყოველგვარ წმინდა ჭურჭელს ან შესამოსელს თავისი სარგებლობისათვის მიიტაცებს, ან სიწმინდეთა გარდა სხვა რამისთვის იხმარებს, ის უნდა დაისაჯოს სრული განკვეთით. ვინაიდან ერთი მათგანი სიწმინდეთმკრეხელობაა, ხოლო მეორე – შეგინება. ვინც საკურ თხევლის გარეთ მყოფ საეკლესიო ჭურჭელს სიწმინდეთა გარდა სხვა საჭიროებისთვის მოიხმარს, მათ კანონი უზიარებლობით დასჯის და ჩვენც მასთან ერთად უზიარებელვყოფთ. ხოლო მთლიანად მიმტაცებლებს სიწმინდეთა-მკრეხელთა კანონით და სასჯელით დავსჯით“.

გრიგოლ ნოსელის მე-8 კანონი ადგენს: „სიწმინდეთა მკრეხელობა, საეკლესიო ნივთების მიტაცება ძველი აღთქმის წიგნთა მიხედვით ღირსია არანაკლები სასჯელისა, ვიდრე მკვლელობა, რადგან კაცისმკვლელიცა და ღმრთისთვის შეწირული ქონების მომხვეჭელიც ჩაქოლვით ისჯება (შდრ. ისუ ნავესი 7, 22-23). არ ვიცი, საეკლესიო ჩვეულებამ დაუშვა თუ არა რაიმე შეღავათი ან შერბილება სასჯელისა, რომ ეს სენი განიკურნოს უფრო ადვილი სასჯელით. მამათაგან გადმოცემით მიღებული სჯულის მიხედვით, ასეთი დანაშაულის ჩამდენთა განკანონება შემოიფარგლება მრუშობისათვის დაწესებულ სასჯელზე ნაკლები დროით. ცოდვის მოქმედების ყველა სახის განხილვის დროს, პირველ ყოვლისა, საჭიროა, გაირკვეს, თუ როგორია განკურნებადის გულმოდგინება. არ უნდა გვეგონოს, რომ მხოლოდ დრო არის საკმარისი განკურნებისათვის, რადგან კურნებას დრო კი არ მოიტანს, არამედ მთავარია ნება და არჩევანი მისი, რომელსაც სურს მოიქცეს, და ისწრაფვის, განიკურნოს თავი. ეს ყოველი, ჰოი ღმრთის კაცო, დიდი სისწრაფით, სახელდახელოდ დაწერილი, სასწრაფოდ გამოგიგზავნე, რადგან საჭიროა, ყური დავუგდოთ ძმების ბრძანებას. შენ კი ნუ დააყოვნებ ღმრთისადმი ჩვენთვის ჩვეულებრივ ლოცვის შეწირვას, რადგან, როგორც ერთგულ ძეს, გმართებს, რომ ლოცვით ემსახურო შენი საღმრთო მშობლის სიბერეს იმ მცნებისამებრ, რომელიც ბრძანებს მშობელთა პატივისცემას, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანაზე (გამოსლვ. 20, 12). მე მწამს, რომ ამ წერილს მიიღებ როგორც წმინდა ნიშანს და ძღვენს არ შეურაცხყოფ. თუნდ შენს მაღალგონიერებაზე დაბლა იდგეს იგი“.

ზ) არავინ შეცვალოს და შემოიტანოს რაიმე სახის სიახლე გალობაში, წიგნის კითხვასა და წეს-ჩვეულებების აღსრულებაში. ამის შესახებ ტრულის კრების 75-ე კანონი განაწესებს: „გვსურს, რომ ვინც ეკლესიაში ლოცვისა და გალობისათვის იკრიბება, ნუ ხმაურობს და ნუ ყვირის. ისეთს ნურაფერს იტყვის, რაც არ შეეფერება ეკლესიას. მხოლოდ დიდი კრძალვითა და ლმობიერებით უნდა შესწირავდნენ ლოცვას ღმერთს – ფარულ საქმეთა ზედამხედველს, რადგან „განკრძალულ იყვენითო“ (ლევ. 15, 31).

ზედამხედველობა გაუწიოს საეკლესიო ქონების მართვას, რომელიც განსაზღვრულია ეკლესიისთვის, სასწავლებლისთვის, საქველმოქმედო დაწესებულებისთვის. ამის შესახებ მეოთხე მსოფლიო კრების 26-ე კანონი ადგენს: „როგორც გავიგეთ, ზოგ ეკლესიაში ეპისკოპოსები მართავენ საეკლესიო ქონებასა და საქმეს ეკონომოსის გარეშე. მივიჩნევთ, რომ ყველა ეკლესიას, რომელსაც ეპისკოპოსი ჰყავს, უნდა ჰყავდეს ეკონომოსიც, არჩეული სასულიერო პირთაგან, რომელიც უნდა განაგებდეს საეკლესიო საქმეებს ეპისკოპოსთან შეთანხმებით, რათა საეკლესიო ქონება მოწმის გარეშე არ დაიხარჯოს და განაწილდეს. ეს აღკვეთს საეკლესიო ქონების გაბნევას, რაც გამოიწვევდა სამღვდელოების გაკიცხვა-დაგმობას. ვინც ასე არ მოიქცევა, საღმრთო კანონთა მიერ დაისჯება“.

ამ საკითხს ეხება ასევე მეშვიდე მსოფლიო კრების მე-11 კანონი: „საეპისკოპოსოებსა და მონასტრებში აუცილებლად უნდა იყოს ეკონომოსი. ვინაიდან ვალად გვაწევს ყველა საღმრთო კანონის შესრულება, უცვლელად უნდა დავიცვათ აგრეთვე კანონიც, რომელიც ამბობს, რომ ეკონომოსის ყოფნა ყველა ეკლესიაშია საჭირო. თუ მიტროპოლიტი თვითონ დაადგენს თავის ეკლესიაში ეკონომოსს, კარგს იზამს, ხოლო თუ არა – კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსს უფლება აქვს, დაადგინოს ეკონომოსი მის ეკლესიაში. ასევე, ყველა მიტროპოლიტს აქვს ამისი უფლება, თუ მისმა ქვეშევრდომმა ეპისკოპოსებმა არ მოინდომეს თავის ეკლესიაში ეკონომოსის დადგენა. ეს წესი უნდა დაიცვან მონასტერშიც“.

ანტიოქიის ადგილობრივი კრების 24-ე კანონი განაწესებს: „ეკლესიას მართებს გულმოდგინედ, კეთილსინდისიერად და ყოვლისმხილველი და მსაჯული ღმრთის შეურყეველი რწმენით საეკლესიო ქონების შენახვა და კეთილად დაცვა. მისი განგება, მოვლა-პატრონობა და გამოყენება შეიძლება იმ ეპისკოპოსის განსჯითა და უფლებით, რომელსაც ჩაბარებული ჰყავს მთელი ერი და იქ შეკრებილი სულები. საეკლესიო ქონების რაოდენობა ცნობილი უნდა იყოს ეკლესიის მღვდელთა და დიაკონთათვის. მათ კარგად უნდა იცოდნენ, რა ეკუთვნის მათ ეკლესიას, არაფერი უნდა იყოს მათგან დაფარული, რათა, თუ ეპისკოპოსი გარდაიცვლება, ყველასათვის ცხადად ჩანდეს საეკლესიო ქონება და ნივთები, რომ არც ისინი გაიფანტონ და დაიკარგონ და არც ეპისკოპოსის პირად ქონებას დააკლდეს საეკლესიო ქონების მიზეზით. სწორი და მოსაწონია ღმრთის წინაშე და კაცთა შორის, რომ თავისი ქონება ეპისკოპოსმა თვითონ დატოვოს, როგორც სურდეს. ხოლო საეკლესიო ქონება კი ხელშეუხებლად უნდა იქნეს შენახული. ასე რომ, არც ეკლესიამ უნდა ნახოს რაიმე ზარალი და არც ეპისკოპოსმა ეკლესიის მიზეზით. ყველაფერი უნდა იყოს გარკვეული, რომ არც ეპისკოპოსის ნათესავები ედავებოდნენ ეკლესიას მისი სიკვდილის შემდეგ და ამით მისი სახელი არ შებღალონ და თვითონაც განსაცდელში არ ჩაცვივდნენ“.

კართაგენის ადგილობრივი კრების 33-ე კანონი ადგენს: „ეკლესიისათვის შეწირულ ნივთებს მღვდლები ნუ გაჰყიდიან. არც ეპისკოპოსმა უნდა მოიხმაროს ქონება, რომელიც საეკლესიო შეწირულობის აღწერაშია. მიგვაჩნია აგრეთვე, რომ მღვდლები ეპისკოპოსთან შეთანხმების გარეშე ეკლესიისთვის შეწირულ ქონებას არ უნდა ჰყიდდნენ. ასევე არც ეპისკოპოსმა უნდა გაყიდოს საეკლესიო სოფლები კრების გადაწყვეტილების გარეშე, ან თავის მღვდელთა თანხმობის გარეშე. ასევე არა აქვს უფლება ეპისკოპოსს, დიდი გაჭირვების გარეშე გაყიდოს საეკლესიო შეწირულობის სიაში შეტანილი ნივთები“.

წმინდა თეოფილე ალექსანდრიელი მე-10 კანონით განსაზღვრავს: „ქვრივები, გლახაკები და უცხოელი მოგზაურები უნდა იღებდნენ ყოველნაირ დახმარებას. ნურავინ მიითვისებს ეკლესიის ქონებას, რადგანაც ის, ვისაც ჩაბარებული აქვს ღმრთის მღვდელმსახურება, ვერცხლისმოყვარე არ უნდა იყოს“.

თ) სამრევლო მღვდლის ნებართვის გარეშე სხვა სასულიერო პირს რაიმე სახის ღვთისმსახურების ჩატარების უფლება არა აქვს. ამის შესახებ მოციქულთა მე-12 და 33-ე კანონები ადგენენ: „თუ ვინმე სამღვდელოთაგანი ან ერისკაცი უზიარებელი, ე. ი. შეუწყნარებელი წავა სხვა ქალაქში და შეწყნარებული იქნება დასამტკიცებელი წიგნის გარეშე, უზიარებელი უნდა გახდეს შემწყნარებელიც და შეწყნარებულიც“; „უცხო ეპისკოპოსის, მღვდლის ან დიაკვნის შეწყნარება არ შეიძლება დასამტკიცებელი წიგნის გარეშე. როდესაც მას წარადგენენ ისინი, თუ იქნებიან კეთილმსახურების ქადაგნი, მიღებენ შეწყნარებას, ხოლო თუ არა, მიეცით მათ, რაც საჭიროა, ოღონდ ზიარებად ნუ შეიწყნარებთ, რადგანაც მრავალი რამ ხდება ყალბი საბუთით“.

მეოთხე მსოფლიო კრების მე-13 კანონი ადგენს: „უცხო სასულიერო პირს და წიგნის მკითხველს ეპისკოპოსის დასამტკიცებელი წიგნის გარეშე არ შეუძლია მღვდელმსახურება სხვა ქალაქში“.

გარდა ამ ვალდებულებებისა, მღვდელს თავის მრევლში აკისრია:

1) ნათლობის ჩატარება. მოციქულთა 50-ე კანონი განსაზღვრავს: „თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამგზის შთაფლვა ერთი საიდუმლო ქმედებისა, არამედ ერთი ნათლისღება და ეს უფლის სიკვდილთან მიმართებით აღასრულოს, განიკვეთოს, რადგან უფალმა ის კი არ თქვა, რომ „ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-ეცითო“, არამედ: „წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელ-ეცით მათ მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით“ (მათ. 28, 19);

2) აღსარების ჩაბარება. მოციქულთა 52-ე კანონი განაწესებს: „თუ რომელიმე ეპისკოპოსმა და მღვდელმა ცოდვისაგან მოქცეული არ შეიწყნაროს, არამედ გააძევოს, იგი უნდა განიკვეთოს, რადგან მან შეაწუხა ქრისტე, რომელმაც თქვა: „ცაში უფრო დიდი სიხარული იქნება ერთი მონანიე ცოდვილის გამო, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი მართლისა, რომელთაც არ სჭირდებათ სინანული“ (ლუკ. 15, 7);

3) ჯვრისწერის შესრულება;

4) წესის აგება, ყველა სახის კერძო ღვთისმსახურების შესრულება.

5 პეტრე ალექსანდრიელის მე-3 კანონი.

6 პეტრე ალექსანდრიელის მე-10 კანონი.

7 ეს განკუთნილი იყო კონკრეტულად აფრიკის ეკლესიისთვის, სადაც წიგნის მკითხველებს შეეძლოთ დაოჯახება, მაგრამ თუ მღვდლობას გადაწყვეტდნენ, მაშინ ქალწულებრივ აღთქმას დებდნენ.