← კანონიკური სამართალი (მჭედლიშვილი)

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი VI: ადგილობრივი ეკლესიების აგებულება

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი VI: ადგილობრივი ეკლესიების აგებულება

VIV (ისტორიულ-კანონიკური მიმოხილვა)

1. მიტროპოლიტი

კანონიკური სამართლის წყაროებში მიტროპოლიტებად იწოდებიან ვრცელი საეკლესიო მხარის უპირატესი ეპისკოპოსები, რომელშიც რამდენიმე საეპისკოპოსო მოქმედებდა. თავდაპირველად ამ ეპისკოპოსებს უწოდებდნენ პირველეპისკოპოსებს.

„ყოველი ერის ეპისკოპოსები უნდა ცნობდნენ პირველს მათ შორის, აღიარებდნენ მას, როგორც თავს და თავიანთ ძალაუფლებაზე აღმატებული არაფერი მოიმოქმედონ მისი ნებართვის გარეშე. მათ მხოლოდ ის საქმეები აწარმოონ, რაც თავიანთ ეპარქიებსა და მათთან მიმდებარე ადგილებს ეხება. მაგრამ პირველმაც არაფერი მოიმოქმედოს სხვებთან შეუთანხმებლად, ვინაიდან ასე აღესრულება ერთსულოვნება და განიდიდება ღმერთი სულიწმიდის მადლით“ (მოციქულთა 34-ე კანონი).

პირველ მსოფლიო კრებაზე მათ უკვე იხსენიებენ მიტროპოლიტის სახელით.

„ეპისკოპოსი უნდა დაადგინოს სამთავროს ყველა ეპისკოპოსმა. თუ ყველას შეკრება შეუძლებელი იქნება რაიმე გაჭირვების, ან გზის სიგრძის გამო, სამი მაინც უეჭველად შეიკრიბოს ერთად, სხვებისგან კი მიიღონ წერილობითი თანხმობა და ამის შემდეგ აღასრულონ ხელდასხმა. ამ მოქმედებას საბოლოოდ ამტკიცებს სამთავროს მიტროპოლიტი“ (პირველი მსოფლიო კრების მე-4 კანონი).

მიტროპოლიტი ამ დროიდან დამკვიდრდა და დარჩა საეკლესიო ტერმინოლოგიაში. მიტროპოლიტსა და ეპისკოპოსებს შორის ურთიერთობაზე გადმოგვცემს ანტიოქიის მე-9 კანონი:

„თითოეული სამთავროს ეპისკოპოსები [უნდა ემორჩილებოდნენ] ეპისკოპოსს (მიტროპოლიტს), რომელსაც დედაქალაქის საყდარი უპყრია. ის ზრუნავს მთელ სამთავროზე, ვინაიდან დედაქალაქისკენ მიისწრაფვის ყველა, ვისაც საქმე აქვს. ამის გამო გადავწყვიტეთ, პატივითაც უპირატესი იყოს იგი და არაფერი ზედმეტი არ მოიმოქმედონ სხვა ეპისკოპოსებმა, რაც მან არ იცის, ჩვენი მამების ძველთაგანვე დამტკიცებული კანონისამებრ, გარდა იმისა, რასაც საჭიროდ მიიჩნევს თითოეული ეკლესია, მის ფარგლებში შემავალი სოფლებით, ვინაიდან თითოეულ ეპისკოპოსს უფლება აქვს, თავისი ეკლესია განაგოს თავისი ღმრთისმოშიშების შესაბამისად და იზრუნოს მის ქალაქს დაქვემდებარებულ სოფლებსა და ადგილებზე. მაგალითად, აღასრულოს მღვდლებისა და დიაკვნების ხელდასხმა და ქმნას სამართალი თითოეული საქმისა. ხოლო ამიერიდან მათ არაფერი უნდა გააკეთონ დედაქალაქის ეპისკოპოსის (მიტროპოლიტის) გარეშე, მაგრამ ნურც დედაქალაქის [ეპისკოპოსი] გააკეთებს რამეს სხვა ეპისკოპოსებთან შეთანხმების გარეშე“.

ეს კანონი ნათლად გადმოსცემს, რა ადგილი უკავია მიტროპოლიტს ეკლესიის მმართველობაში.

პირველი საუკუნეების მიტროპოლიტები ეკლესიაში უკვე დამოუკიდებელი მმართველნი იყვნენ ადგილობრივი ეკლესიისა. მათ ირჩევდნენ და ადგენდდნენ ეპისკოპოსები. მხოლოდ საპატრიარქოების დაფუძნების შედეგად დაექვემდებარნენ მიტროპოლიტები პატრიარქებს. ყოველ პატრიარქს დაუქვემდებარეს მის რეგიონში არსებული მიტროპოლიტები.

მიტროპოლიტთა უფლებები, კანონის მიხედვით, შემდეგია:

1) მოწვევა სამხარეო კრებებისა და მისი ხელმძღვანელობა-წარმართვა;

იმ შემთხვევაში, თუ ასეთ კრებას არ დაესწრებოდა მიტროპოლიტი, კრება არ მიიჩნეოდა კანონიერად. ანტიოქიის კრების მე-19 კანონი განაჩინებს: „ეპისკოპოსის ხელდასხმა (აქ: არჩევა) არ შეიძლება კრებისა და სამთავროს მიტროპოლიტის გარეშე. ხოლო ის თუ იქნება, უმჯობესია, რათა მასთან ერთად იყვნენ მისი სამთავროს სხვა თანამწირველი ეპისკოპოსები, რომლებიც მოწვეული იქნებიან დედაქალაქში ეპისტოლეებით. უმჯობესია, ყველა შეიკრიბოს. ხოლო თუ ამის გაკეთება ძნელი იქნება, აუცილებელია, უმრავლესობა მაინც შეიკრიბოს, ან წერილობით გამოხატოს თავისი თანხმობა. ამგვარად, ეპისკოპოსთა უმრავლესობის იქ ყოფნით, ან [წერილობითი] თანხმობით, უნდა მოხდეს ეპისკოპოსის დადგენა. ხოლო თუ ეს მოხდება სხვანაირად, ამ განსაზღვრების საწინააღმდეგოდ, ხელდასხმას არ ექნება ძალა. თუ ამ კანონის თანახმად დაადგენენ ეპისკოპოსს, მაგრამ ზოგიერთები თავისი დავისმოყვარეობით მაინც წინ აღუდგებიან მას, უნდა დამტკიცდეს უმრავლესობის განაჩენი“.

ამავე საკითხს ეხება პირველი მსოფლიო კრების მე-6 და მეოთხე მსოფლიო კრების მე-19 კანონები.

2) ზედამხედველობა-ხელმძღვანელობა ეპისკოპოსთა გამორჩევის დროს (იხ. ზემომოყვანილი ანტიოქიის კრების მე-9 კანონი, გვ. 213);

მეშვიდე მსოფლიო კრების მე-3 კანონი: „საერო მთავრებს არა აქვთ ეპისკოპოსის ამორჩევის უფლება. საერო მთავრების მიერ ეპისკოპოსის, მღვდლის ან დიაკვნის არჩევა დაუმტკიცებლად უნდა მივიჩნიოთ იმ კანონის თანახმად, რომელიც ამბობს: ეპისკოპოსი, რომელიც დაიხმარს საერო მთავარს და მისი შემწეობით დაეპატრონება ეკლესიას, განიკვეთოს და უზიარებელი იყოს თანამონაწილეებთან ერთად, ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა აირჩიონ ეპისკოპოსებმა. ასეა განსაზღვრული ნიკეის წმინდა მამათა კანონში (მე-4 კანონი), რომელიც ამბობს, რომ ეპისკოპოსი უნდა დადგინდეს სამთავროს ყველა ეპისკოპოსმა. ხოლო თუ ამისი აღსრულება ძნელია რაიმე საერთო გაჭირვების ან შორი გზაის გამო, მაშინ ერთად უნდა შეიკრიბოს სამი ეპისკოპოსი, მათ უნდა მიიღონ წერილობითი თანხმობა ამომრჩეველი ეპისკოპოსებისაგან, რომელნიც ვერ ესწრებიან ხელდასხმას, და მხოლოდ მაშინ შეუძლიათ აღასრულონ ხელდასხმა. ამ საქმის დამტკიცება ევალება თითოეული სამთავროს მიტროპოლიტს“.

3) ხელდასხმა ახალი ეპისკოპოსისა მიტროპოლიის სხვა ეპისკოპოსებთან ერთად;

პირველი მსოფლ. კრების მე-6 კანონი: „უძველესი ჩვეულება, რომელიც მიღებული იყო ეგვიპტეში, ლიბიასა და პენტაპოლისში, დაცული იყოს – ყველა მათგანზე ვრცელდებოდეს ალექსანდრიელი ეპისკოპოსის ხელისუფლება. ასეთივე ჩვეულება არის რომის ეკლესიაშიც, ანტიოქიასა და სხვა სამთავროებშიც – დაცულია რომელიმე ეკლესიის უპირატესი ძალაუფლება. ეს საყოველთაოდ მთელ მსოფლიოში ცხადი უნდა იყოს – თუ ვინმე მიტროპოლიტის გარეშე ეპისკოპოსი გახდება, დიდი კრება ადგენს, რომ არაა ჯეროვანი მისი ეპისკოპოსობა. თუ ყველა ეპისკოპოსი მართალი იქნება და საეკლესიო კანონთან შეთანხმებული, ხოლო ორი ან სამი ბრძოლისმოყვარე ეპისკოპოსი ეწინააღმდეგება უმრავლესს, უნდა დამტკიცდეს უმრავლესის განჩინება“.

4) ხელმძღვანელობა და ზედამხედველობა საეკლესიო საქმეებისა მისდამი დაქვემდებარებულ საეპისკოპოებში (იხ. ზემომოყვანილი მოციქულთა 34-ე კანონი, გვ.212)

5) მზრუნველობა უყურადღებოდ დატოვებულ საეპისკოპოსო კათედრებზე თავის სამიტროპოლიტოში;

ანტიოქიის კრების მე-16 კანონი: „თუ უეკლესიო ეპისკოპოსი დაეპატრონება უეპისკოპოსო ეკლესიას და მიიტაცებს საყდარს სრული კრების თანხმობის გარეშე, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს განდევნილად, თუნდაც მთელი, მის მიერ მიტაცებული მრევლი ირჩევდეს მას. ხოლო სრული კრება ეწოდება იმას, რომელსაც ესწრება დედაქალაქის ეპისკოპოსი, ე. ი. მიტროპოლიტი“.

6) მიღება მის სამიტროპოლიტოში შემოსული საჩივრებისა ეპისკოპოსებზე და გამოძიების დანიშვნა ამ საჩივართან დაკავშირებით;

კართაგენის კრების მე-19 კანონი განაჩინებს: „ბრალდებული ეპისკოპოსის განსახილველი საქმე მიერთმევა იმ სამთავროს მღვდელმთავართა შორის პირველ ეპისკოპოსს. თუ ეპისკოპოსს ბრალი ედება, სამთავროს პირველ ეპისკოპოსთან უნდა მიიტანოს ბრალმდებელმა მისი საქმე. სასამართლოში გამოძახებულმა ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს დანაშაულის გამო. ზიარებისაგან ნუ იქნება განყენებული, თუ მივიდეს დათქმულ დღეს, ე. ი. ერთი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მიიღებს ეპისკოპოსთა წერილობით შეტყობინებას. თუ წარმოადგენს მართალ და ჭეშმარიტ მიზეზს, რომელსაც მისთვის ხელი შეუშლია მასზე დადებული ბრალდების გამო პასუხსაგებად წასვლაში, კიდევ ერთი თვე ჰქონდეს ზიარების უფლება. ხოლო მეორე თვის შემდეგ ნუღარ ეზიარება, ვიდრე არ აღმოჩნდება, რომ ბრალი არ მიუძღვის. თუ ყოველწლიურ კრებაზე მისვლა არ მოისურვოს, რომ იქ განიხილონ მისი საქმე, თვითონ გამოუტანია საკუთარი თავისთვის განაჩენი. მისთვის დადგენილ უზიარებლობის ვადაში იგი ნუ ეზიარება ნურც თავის ეკლესიაში, ნურც სხვა სამრევლოში. თუ მისი ბრალმდებელი იმ დღეებში, როცა საქმე ირჩევა, არსად წავა, ნუ შეუბრკოლდება ზიარება. თუ წავა და მიიმალება, უზიარებლობით დაისაჯოს. ბრალდებულმა უნდა იცოდეს, რომ ადვილად ვერ ჩამოიშორებს თავის ბრალდებას, თუ არ დაამტკიცებს, რომ კი არ ისურვა, არამედ ვერ შეძლო გამოცხადება დადგენილ დროს.

ხოლო ესეც ცხადი იყოს, რომ, როცა ეპისკოპოსთა სამსჯავროს წინაშე რაიმეს გამოიძიებენ, თუ ბრალმდებელი არის მხილებული და ბოროტებით ცნობილი პირი, იგი არ შეიძლება ვცნოთ ბრალმდებლად. მის მიერ აღძრული საქმე განიხილება მაშინ, თუ იგი პირადად მას შეეხება, ხოლო საეკლესიო საქმის ხსენება მან ვერ უნდა გაბედოს“.

7) ჩასვლა და მონახულება მასზე დაქვემდებარებული ეპარქიებისა;

მოციქულთა 58-ე კანონი ბრძანებს: „თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა არად ჩააგდოს სამღვდელო მწყობრი და ხალხი, არ ასწავლოს მათ კეთილმსახურება – მღვდლობა აეკრძალოს. თუ ამის შემდეგაც იზარმაცოს და არ შეასრულოს თავისი მოვალეობა, – განიკვეთოს“.

8) წერილობითი ნებართვის გაცემა იმ ეპისკოპოსების მიმართ, ვინც მის მიტროპოლიაში მსახურობს და სურს გარკვეული დროით თავისი ეპარქიიდან სხვა ეპარქიაში წავიდეს;

ანტიოქიის კრების მე-11 კანონი: „თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა ან სხვა სასულიერო პირმა, სამთავროს ეპისკოპოსთა შეკითხვისა და წერილობითი ნებართვის გარეშე, განსაკუთრებით მიტროპოლიტისა, დააპიროს მეფესთან წასვლა, ის უნდა განიქიქოს და სრულიად განიდევნოს არამხოლოდ ზიარებისაგან, არამედ პატივისაგანაც, რომელიც ჰქონდა, რადგან გაბედა საეკლესიო წესების გარეშე ჩვენი ღმრთისმოყვარე მეფის სასმენლის შეწუხება. თუ აუცილებელი საქმე აიძულებს მას მეფესთან მისვლას, გააკეთოს ეს სამთავროს მიტროპოლიტისა და იმ სამთავრეოს ეპისკოპოსების განხილვითა და თანხმობით. მას თან უნდა გაატანონ წერილობითი ნებართვა“.

9) ზედამხედველობა და ყურადღების მიქცევა მისდამი დაქვემდებარებულ ეპარქიებში: დაკავებული იყოს ყოველი მსახურების ადგილი და თუ რომელიმე ტაძარში არ არის მოძღვარი და ეკონომოსი და ეპისკოპოსი ეპარქიისა აგვიანებს გადაწყვეტილების მიღებას, მიიღოს შესაბამისი ზომები.

მეშვიდე მსოფლიო კრების მე-11 კანონი: „საეპისკოპოსებსა და მონასტრებში აუცილებლად უნდა იყოს ეკონომოსი. ვინაიდან ვალად გვაწევს ყველა საღმრთო კანონის შესრულება, უცვლელად უნდა დავიცვათ აგრეთვე კანონიც, რომელიც ამბობს, რომ ეკონომოსის ყოფნა ყველა ეკლესიაში უცილობელია. თუ მიტროპოლიტი თვითონ დაადგენს თავის ეკლესიაში ეკონომოსს, კარგს იზამს, ხოლო თუ არა – კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსს უფლება აქვს, დაადგინოს ეკონომოსი მის ეკლესიაში. ასევე, ყველა მიტროპოლიტს აქვს ამისი უფლება, თუ მისმა ქვეშევრდომმა ეპისკოპოსებმა არ მოინდომეს თავის ეკლესიაში ეკონომოსის დადგენა. ეს წესი უნდა დაიცვან მონასტერშიც“.

10) მიტროპოლიის ეპისკოპოსები უნდა მოიხსენიებდნენ თავის მიტროპოლიტს საეკლესიო მსახურების ჟამს;

კონსტანტინეპოლის წმ. ტაძარში ორგზის შეკრებილი კრების მე-14 კანონი: „თუ ეპისკოპოსი ცოდვის მიზეზს უპოვის თავის მიტროპოლიტს და კრების განაჩენის გამოტანამდე და მიტროპოლიტის დასჯამდე უარს იტყვის მასთან ზიარებაზე და მის სახელს ჩვეულებისამებრ არ ახსენებს წმინდა ჟამისწირვის დროს, წმინდა კრებამ დაადგინა ასეთის განკვეთა, თუ იგი მხილებულ იქნება, რომ თავის მიტროპოლიტს განუდგა და განხეთქილება ჩამოაგდო, რადგანაც ყველამ უნდა იცოდეს თავისი ზომა. არც მღვდელი უნდა შეურაცხყოფდეს თავის ეპისკოპოსს, არც ეპისკოპოსი თავის მიტროპოლიტს“.

11) მნიშვნელოვანი საკითხი არ უნდა მიიღონ და გადაწყვიტონ მისი განჩინების გარეშე. ამ საკითხს ეხება ზემომოყვანილი მოციქულთა 34-ე და ანტიოქიის კრების მე-9 კანონები (იხ. გვ. 212, 213).

12) არც ერთ სასულიერო პირს აქვს უფლება მისი წერილობითი ნებართვის გარეშე წარდგეს საერო ხელისუფლების – მეფის წინაშე;

სარდიკიის კრების მე-9 კანონი: „ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: ვფიქ რობთ, უნდა დავძინოთ ესეც, რომ თუ რომელიმე სამთავროს ეპისკოპოსმა თხოვნის წერილი გაუგზავნეს თავის ძმასა და თანაეპისკოპოსს, ვინც უმთავრეს ქალაქში, ე. ი. დედაქალაქში ზის, თავისი დიაკონი და ის თხოვნის წერილი გაგზავნონ, მისცენ წარგზავნილს დასამტკიცებელი მოწმობა და მისწერონ ჩვენს ძმებსა და თანაეპისკოპოსებს, რომლებიც იმ დროს იქნებიან იმ ადგილებში ან ქალაქებში, სადაც ჩვენი კეთილმსახური მეფე საერო საქმეებს განაგებს. თუ რომელიმე ეპისკოპოსს ჰყავს სასახლის ფარგლებში მეგობარი და სურს რაიმე ჯეროვანი საქმის გამო თხოვნა, ნუ დააყოვნებს მისი დიაკონი ამ თხოვნისა და ვედრების მათთვის შეტყობინებას, რომ მის თხოვნას კეთილად დახმარება მიმადლონ. ხოლო ვინც რომში მივიდეს, როგორც უკვე მოვიხსენეთ, მათ თხოვნის ბარათი, რომელიც აქვთ, უნდა მისცენ ჩვენს საყვარელ ძმასა და თანაეპისკოპოსს იულიუსს. ჯერ მან უნდა განიხილოს ის, და, თუ რომელიმე მათგანი (ამ თხოვნათაგან) არ იქნება სამარცხვინო, მაშინ მან თავისი დახმარებითა და მზრუნველობით გაგზავნოს იგი სამეფო სასახლეში.

ყველა ეპისკოპოსმა მიუგო: მოგვწონს, ჯეროვანია ეს მსჯელობა“.

13) მხოლოდ მიტროპოლიტს აქვს უფლება, გამოაცხადოს მიტრო პოლიაში ეკლესიისა და სახელმწიფოს საკანონმდებლო ურთიერთდამოკიდებულება. მაგრამ ამ უფლებებით საეკლესიო კანონთა მიხედვით მიტროპოლიტებს მხოლოდ მისი სამიტროპოლიტოს საზღვრებში მოქმედების უფლება აქვთ;

მესამე მსოფლიო კრების მე-8 კანონი: „კვიპროსელმა ეპისკოპოსებმა (რიგინოსი, ზინონი და ევაგრე) ეფესოს კრებას წარუდგინეს სიტყვიერი და წერილობითი საჩივარი იმის შესახებ, რომ ანტიოქიის ეპისკოპოსი მოქმედებდა საეკლესიო წესთა და წმინდა მამათა კანონის საწინააღმდეგოდ, როდესაც ბედავდა კვიპროსზე ხელდასხმას. კრების განჩინების თანახმად, კვიპრელ ეპისკოპოსებს, საეკლესიო კანონებისამებრ, თვით უნდა ჰქონდეთ თავისივე ეპისკოპოსების ხელდასხმის უფლება. ეს წესი შეუცვლელად დაცული უნდა იყოს სხვა განსაგებელთა (ოლქთა) და ეპარქიათა მიმართაც. ნურც ერთი ეპისკოპოსი მიიტაცებს სხვა ეპარქიას, რომელიც თავიდანვე და ძველთაგანვე მას არ ემორჩილებოდა და არ განაგებდნენ მისი წინამორბედი საყდრისმპრობელები. ხოლო თუ ვინმე მიიტაცებს და დაიმორჩილებს სხვის ეპარქიას იძულებით, განთავისუფლდეს, რათა არ დაირღვეს მამათა კანონი და მღვდელმთავრებში თავი არ იჩინოს საერო მთავრობისმოყვარეობის ამპარტავნებამ და მედიდურობამ. წმინდა მსოფლიო კრებამ დაადგინა აგრეთვე, რომ თითოეულმა ეპარქიამ წმინდად დაიცვას ძველი ჩვეულება და წესი. თითოეულმა მიტროპოლიტმა უნდა წაიღოს ამ კანონის ასლი თავისი სიმტკიცისათვის. თუ ვინმე ამ დადგენილების საწინააღმდეგო წესს შემოიღებს, მსოფლიო კრება მას დაუმტკიცებლად მიიჩნევს და არ ექნება ძალა“.

ამასთან ერთად, თუ რამე ეხება მთლიანად მიტროპოლიას, მან ყველა ეპისკოპოსთან შეთანხმებით უნდა იმოქმედოს. ამის შესახებ მსჯელობა მოციქულთა 34-ე და ანტიოქიის კრების მე-9 კანონებში (იხ.ზემოთ, გვ. 212, 213). ეპისკოპოსები მას ექვემდებარებიან, როგორც სხვა სამხარეო საეკლესიო კრების სასამართლოს. ეფესოს მესამე მსოფლიო კრე ბის პირველი კანონი: „როდესაც შევიკრიბეთ კეთილად მსახური მეფის ბრძანებისამებრ ეფესოში, ჩვენ განგვიდგა ოცდაათზე მეტი ეპისკოპოსი, რომელნიც უზიარებლები იყვნენ, ვინაიდან ადრევე განიკვეთნენ როგორც ნესტორისა და კელესტის აშკარა თანამოაზრენი. წმინდა კრებამ ისინი განაყენა საეკლესიო ზიარებისგან და აუკრძალა მათ ყოველგვარი სამღვდელო მოქმედება. ეს კანონი ადგენს, რომ თუ კრებას ვერ დაესწრება რომელიმე სამღვდელო პირი, რომელიც თავის სოფელსა ან ქალაქში დარჩება რაიმე საეკლესიო ან ხორციელი მიზეზის გამო. საჭი როა, რომ მან შეიტყოს კრების გადაწყვეტილება. და თუკი ეპარქიის მიტროპოლიტი განუდგება წმინდა მსოფლიო კრებას და მიემხრობა ან უკვე მიემხრო განდგომილთა შეკრებას, ან აღმოჩნდება კელესტისა და იოანე ანტიოქიელის თანამზრახველი, ასეთი სამღვდელო პირი დაემხობა და ვეღარსად შეძლებს სამღვდელო მოქმედების შესრულებას. იგი ეპარქიის ეპისკოპოსთა საწინააღმდეგოს ვერაფერს მოიმოქმედებს, როგორც კრების მიერ საეკლესიო ზიარებისგან განკვეთილი. ის დაემორჩილება მართლმადიდებელი მიტროპოლიტების განჩინებას და საეპისკოპოსო პატივი წაერთმევა“.

გარდა ამისა, წყაროები იხსენიებს პატივდებულ მიტროპოლიტებს, რომელთაც არ გააჩნდათ მიტროპოლია, მაგრამ იმ მიზნით, რომ თავისი მიტროპოლიტის მმართველობიდან არ განთავისუფლებულიყვნენ, სახელმწიფო მმართველი მის ქალაქს სტატუს აუმაღლებდა. კანონის თანახმად, მას მიტროპოლიტის ხარისხი უნდა ჰქონოდა, რითაც ამა თუ იმ ეპისკოპოსს პატივს მიაგებდა საერო ხელისუფალი, ამის გამო დაბრკოლებები იქმნებოდა და მეოთხე მსოფლიო კრებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით მიზანმიმართულად მიიღეს მე-12 კანონი: „ჩვენს ყურამდე მოაღწია ამბავმა, რომ ზოგიერთები, საეკლესიო წესის მიუხედავად ცდილობენ უმაღლეს ხელისუფალთა დახმარებით ერთი სამთავროს ორად გაკვეთას, რომ ამგვარად ორი მიტროპოლიტი დასვან ერთ სამთავროში. წმინდა კრება ადგენს, რომ ამიერიდან არაფერი ამის მსგავსი არ გაბედონ ეპისკოპოსებმა, რადგან ამის ჩამდენს მისი პატივი ჩამოერთმევა. რამდენი ქალაქიც სამეფო საბუთით დედაქალაქის პატივითაა დამტკიცებული, ჰქონდეთ მათ ეს პატივი. აგრეთვე ამ ქალაქის ეკლესიის განმგებელ ეპისკოპოსს მიტროპოლიტობის სახელი და პატივი ჰქონდეს მტკიცედ დაცული, როგორც დედაქალაქის ეკლესიის ჭეშმარიტ ზედამდგომელს“.

2. უმაღლესი მმართველობითი ორგანო მიტროპოლიაში

უმაღლესი მმართველობა მიტროპოლიაში ეკუთვნის მიტროპოლიტს, მაგრამ მას ამ ხელმწიფების გამოყენება ერთპიროვნულად კი არ შეუძლია, არამედ საეკლესიო კრების მეშვეობით, რომლის შესახებაც ჩვენ ვისაუბრეთ წინა თავებში. ანტიოქიის კრების მეცხრე კანონი მიტროპოლიტს უკრძალავს მარტო, ერთპიროვნულად მოქმედებას ეპარქიის ეპისკოპოსებთან შეთანხმების გარეშე, თუ საკითხი ეხება მთლიანად ოლქს, სამიტროპოლიტოს. ამ ძირითადმა საწყისმა მოწყობამ ეკლესიის მართვისა ძალიან ბევრ საკანონმდებლო დადგენილებაში პოვა ასახვა ყველაზე ადრეული პერიოდიდან ეკლესიის მმართველობისა. ამ დადგენილებების თანახმად, ყოველი სამიტროპოლიტო რეგიონი წელიწადში ორჯერ უნდა შეიკრიბოს. თუ რამე მძიმე გარემოებაა, ამ შემთხვევაში ერთხელ მაინც უნდა შეიკრიბოს ყველა ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წარმომადგენლობითა და ხელმძღვანელობით. მოციქულთა 37-ე კანო ნის თანახმად, „ეპისკოპოსთა კრება უნდა შედგეს წელიწადში ორჯერ და ერთმანეთს უნდა შეესატყვისებოდნენ კეთილმსახურების სჯულნი (ღვთისმსახურების დოგმატები) და გადაწყდეს იქ შემოსული საეკლესიო სადავო საკითხები. კრება პირველად უნდა შედგეს სულიწმიდის მოფენის დღეებში მეოთხე კვირაში და მეორედ – სექტემბრის მეთორმეტე კვირას“. ასე უნდა მოხდეს ყველა საკითხის გადაჭრა, რაც წამოიჭრება ეკლესიაში. მეოთხე მსოფლიო კრების მე-19 კანონი განაჩინებს: „ჩვენს ყურამდე მოვიდა, რომ სამთავროებში კანონებით განწესებული ეპისკოპოსთა კრებები არ ტარდება, რის გამოც ბევრი საეკლესიო საქმე, რომელიც გადაჭრას საჭიროებს, უგულებელყოფილია. ამიტომ წმინდა კრებამ დაადგინა: წმინდა მამათა კანონისამებრ, წელიწადში ორჯერ უნდა შეიკრიბონ სამთავროს ეპისკოპოსები, სადაც მიტროპოლიტი ინებებს და განიხილონ შემოსული საკითხი. ხოლო ეპისკოპოსებს, რომლებიც ჯანმრთელნი ან რაიმე გვერდისაუვლელი საჭირო საქმისაგან თავისუფალნი იყვნენ და ამ კრებაზე არ გამოცხადდნენ, ემხილოთ ეს საქციელი ძმური სიყვარულით“.

ასეთი კრებას კანონიკურ წყაროებში ეწოდება საეპარქიო კრება, ე. ი. კრება, რომელიც შედგებოდა ერთი ეპარქიის ეპისკოპოსებისგან, რომელსაც ადრე ასევე უწოდებდნენ მიტროპოლიას, ანუ სხვაგვარად სამიტროპოლიტო კრებას. მეორე მსოფლიო კრების მე-2 კანონი: „ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, გასცდეს თავისი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ მოხდეს ეკლესიების აღრევა. კანონთა თანახმად, ალექსანდრიის ეპისკოპოსი უნდა განაგებდეს მხოლოდ ეგვიპტის ეკლესიებს, აღმოსავლეთის ეპისკოპოსნი – მხოლოდ აღმოსავლეთის ეკლესიებს. დაცული უნდა იყოს ნიკეის კრების კანონებით დაწესებული პატივი ანტიოქიის ეკლესიისა. აზიის სოფლების ეპისკოპოსნი უნდა განაგებდნენ მხოლოდ აზიის ეკლესიებს, პონტოელი ეპისკოპოსები უნდა მართავდნენ მხოლოდ პონტოს ეკლესიებს, ხოლო თრაკიის ეპისკოპოსები – თრაკიის ეკლესიებს.

ეპისკოპოსი არ უნდა გავიდეს თავისი სამრევლო ეკლესიის ფარგლებიდან ხელდასხმისათვის, ან სხვა რაიმე საეკლესიო განგებისათვის, მოწოდების ანუ მიწვევის გარეშე. თითოეულ სამთავროს (ეპარქიას) განაგებს ამავე სამთავროს კრება ნიკეაში განსაზღვრული კანონის თანახმად, ხოლო წარმართთა შორის არსებული უცხო ტომთა ეკლესიები უნდა განაგონ მამათა მიერ დაწესებული ძველი კანონების მიხედვით“.

ასეთი კრება უნდა მოიწვიონ წელიწადში ორჯერ, უკიდურეს შემთხვევაში, ერთხელ მაინც. კანონი მიტროპოლიტს ავალდებულებს ამის უპირობოდ შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი მას დასჯით ემუქრება.

მეშვიდე მსოფლიო კრების მე-6 კანონი: „ადგილობრივი კრებების ყოველწლიურად შეკრების შესახებ. მართალია, არსებობს კანონი, რომელიც ამბობს, რომ წელიწადში ორჯერ არის საჭირო თითოეული სამთავროს ეპისკოპოსთა შეკრება კანონიერი ძიებისათვის, მაგრამ მეექვსე კრების წმინდა მამებმა ეპისკოპოსების მგზავრობასთან დაკავშირებული გაჭირვებისა და სიძნელის გამო დაადგინეს, რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა შედგეს ადგილობრივი კრება, რომელიც გაასწორებს არსებულ შეცდომებს. ამ კანონს ჩვენც განვაახლებთ, და თუ ვინმე შეაფერხებს ამას, განკანონდება უზიარებლობით. თუ მიტროპოლიტი არად ჩააგდებს ამას გაჭირვების, იძულებისა და ნამდვილი მიზეზის გარეშე, იგი დაექვემდებარება კანონიერ სასჯელს.

როდესაც შედგება კრება კანონიერ და სახარების საქმეთა თაობაზე, მაშინ შეკრებილმა ეპისკოპსებმა უნდა გამოიჩინონ ზრუნვა ღმრთის ცხოველმყოფელ მცნებათა შენარჩუნებისათვის, რადგან „მათი დაცვით ბევრს მოიგებ“ (ფს. 18, 12), და „მცნება არის სანთელი, სჯული არის სინათლე, ცხოვრების გზა კი არის სწავლა და მხილება“ (იგავ. 6, 23), და „უფლის მცნება ბრწყინვალეა და თვალთა განმანათლებელი“ (ფს. 18, 9).

მიტროპოლიტს არა აქვს უფლება, ეპისკოპოსს ჩამოართვას თავისი ოთხფეხი ან სხვა რამ. თუ ამაში მხილებული იქნება, ვალდებულია, ოთხმაგად გადაუხადოს“.

ასევე მკაცრია კანონები იმ ეპისკოპოსების მიმართ, ვინც არ ესწრება მოწვეულ კრებას.

ტრულის კრების მე-8 კანონი: „ჩვენი მამების მიერ მიღებული ყველა დადგენილების დამტკიცება გვსურს ჩვენც, ამიტომ განვაახლებთ კანონს, რომელიც ამბობს, რომ ყოველ წელიწადს იყოს თითოეული სამთავროს ეპისკოპოსთა კრება იქ, სადაც დაადგენს დედაქალაქის ეპისკოპოსი (მიტროპოლიტი). ხოლო რადგან ბარბაროსთა შემოსევის გამო ან სხვა რაიმე მიზეზით ეკლესიის წინამძღვართათვის შეუძლებელი ჩანს წელიწადში ორჯერ შეკრება, მიგვაჩნია, რომ ყველა სამთავროში ყოველ მიზეზგარეშე წელიწადში ერთხელ მოწვეულ იქნეს ეპისკოპოსთა კრება წლის განმავლობაში წამოჭრილი მიმდინარე საეკლესიო საკითხების გამო აღდგომის წმინდა დღესასწაულიდან ოქტომბრის თვის ბოლომდე იმ ადგილას, რომელსაც დედაქალაქის ეპისკოპოსი აირჩევს, როგორც ზემოთ ითქვა.

ხოლო ეპისკოპოსებს, რომლების დარჩებიან თავიანთ ქალაქებში ჯანსაღნი და ყოველგვარი აუცილებელი და გადაუდებელი საქმისაგან თავისუფალნი, ძმური სიყვარულით გამოეცხადოთ გულისწყრომა“.

თუ რომელიმე ეპისკოპოს რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების გამო არ შეუძლია კრებაზე დასწრება, მას უფლება აქვს, გააგზავნოს თავისი წარმომადგენელი ან თავისი აზრი წერილობით გააცნოს კრებას. რაც კრების მოწვევის დროს, ამის შესახებ მოციქულთა 37-ე კანონი განაწესებს: „ეპისკოპოსთა კრება უნდა შედგეს წელიწადში ორჯერ და ერთმანეთს უნდა შეესატყვისებოდეს კეთილმსახურების სჯულნი (ღვთისმოსაობის დოგმატები) და გადაწყდეს იქ შემოსული საეკლესიო სადავო საკითხები: ერთხელ უნდა მოიწვიონ სულიწმიდის მოფენის დღესასწაულის დღეებში, მეოთხე კვირაში, ხოლო მეორედ – სექტემბრის თვის მეთორმეტე დღეს“.

უფლებამოსილება ასეთი კრებებისა ვრცელდება ყველა საქმეზე კონკრეტულ ეკლესიაში და მისდამი დაქვემდებარებულ ეპარქიებში. მო ციქულთა 34-ე კანონი განმარტავს: „ყველა ერის ეპისკოპოსებმა უნდა იცოდნენ მათ შორის პირველი და თავი ეპისკოპოსი და არაფერი ზედმეტი არ უნდა გააკეთონ მის გარეშე, არამედ ყოველი მათგანი მხოლოდ იმას უნდა აკეთებდეს, რაც სასარგებლოა მისი ეკლესიისთვის და მასზე დაქვემდებარებული სოფლებისთვის. მაგრამ ნურც (პირველი) ეპისკოპოსი გააკეთებს ნურაფერს სხვებთან შეთანხმების გარეშე, ვინაიდან მხოლოდ მხოლოდ ასე (შეიძლება) აღესრულოს ერთიანობა და იდიდოს ღმერთი უფლის მიერ სულიწმიდით“.

მეშვიდე მსოფლიო კრების მეექვსე კანონი განსაზღვრავს საკითხებს, რომელიც ასეთ კრებებზე უნდა განიხილონ. ეს არის ორი მიმართულება – კანონიკურ და ევანგელური. ამის თაობაზე კანონთა განმმარტებლები – თეოდორ ბალსამონი და ზონარა – საუბრობენ ზემოაღნიშნული კანონის ახსნისას.

კანონიკასთან დაკავშირებული საკითხებია:

ა) საეკლესიო სასამართლოს წარმოება;

ბ) გამორჩევა და დადგენა ეპისკოპოსებისა.

პირველი მსოფლიო კრების მე-4 კანონი: „ეპისკოპოსი უნდა დაადგინოს სამთავროს ყველა ეპისკოპოსმა. თუ ყველას შეკრება შეუძლებელი იყოს რაიმე გაჭირვების ან გზის სიგრძის გამო, სამი მაინც უეჭველად შეიკრიბოს ერთად, სხვებისგან უნდა მიიღონ წერილობითი თანხმობა და ამის შემდეგ აღასრულონ ხელდასხმა. ამ მოქმედებას ამტკიცებს საბოლოოდ სამთავროს მიტროპოლიტი“.

გ) ახალი ეპარქიების დაფუძნება.

კართაგენის კრების 98-ე კანონი: „იმ ერის (საწმყსოს) შესახებ, რომელსაც არასოდეს ჰყოლია ეპისკოპოსი. საჭიროდ მიგვაჩნია ესეც, რომ ერმა, რომელსაც არასოდეს ჰყოლია თავისი ეპისკოპოსი, არ უნდა მიიყვანოს თავისი საკუთარი ეპისკოპოსი, თუ არ იქნება სამთავროს მთელი კრებისა და მიტროპოლიტის დადგენილება ამის შესახებ და თანხმობა იმ ეპისკოპოსისა, რომლის სამრევლოსა და განსაგებელსაც ემორჩილება ეს ეკლესია“.

დ) საეკლესიო ქონების მართვა.

ანტიოქიის კრების 25-ე კანონი:

„ეპისკოპოსს აქვს უფლება საეკლესიო ქონებაზე. იგი უნდა განაგებდეს მას და უნაწილებდეს ყველა მავედრებელს ღმრთის შიშითა და კრძალვით. თვითონაც შეუძლია აიღოს იქიდან, თუ დასჭირდება, მოიხმაროს საჭიროებისამებრ სათანადო ნაწილი და მოახმაროს მასთან მისულ უცხო ძმებს, რომ არაფერი აკლდეს მათ არანაირი სახით, როგორც მოციქული იტყვის: „თუ გვაქვს საზრდო და თავშესაფარი, ეს ვიკმაროთ“ (1 ტიმ. 6, 8) ხოლო თუ ამას არ იკმარებს, საეკლესიო ქონებას საკუთარი სახლის ქონებად აქცევს და ეკლესიის შემოსავალს ან მისი სახნავ-სათესი ადგილებიდან მიღებულ მოსავალს არ განაგებს მღვდლებისა და დიაკვნების დახმარებით, არამედ თავისიანებს, ნათესავებს, ძმებს ან შვილებს მისცემს ამის უფლებას და დაივიწყებს, რომ ასეთი საქციელით ვნება და ზარალი ადგება საეკლესიო საქმეებს, ასეთი ეპისკოპოსი ღირსია, განკანონდეს იმ სამთავროს ეპისკოპოსთა კრების მიერ. თუ ეპისკოპოსი და მასთან მყოფი მღვდლები შემჩნეული იქნებიან იმაში, რომ საეკლესიო შემოსავალს და მისი მეურნეობის მოსავალს მომხვეჭელობის მიზნით თავის სასარგებლოდ იყენებენ იმ ზომამდე, რომ უქონელთ და გლახაკებს ავიწროებენ და ეკლესიის მმართველობას განკითხვისა და უკმაყოფილო მსჯელობის საგნად აქცევენ, ასეთები უნდა დაისაჯონ ეპისკოპოსთა წმინდა კრების ბჭობის შესაბამისად“.

ე) ეკლესიაში შემთხვევით წარმოშობილი მანკიერების ბოროტად გამოყენების აღმოფხვრა.

პირველი მსოფლიო კრების მე-5 კანონი:

„მათზე, ვინც თითოეული სამთავროს ეპისკოპოსის მიერ დასჯილია უზიარებლობით, გინდ სამღვდელო, გინდ საერო პირი იყოს, დაცული უნდა იყოს განწესებული კანონი, რომელიც ამბობს, რომ ერთი ეპისკოპოსის მიერ განდევნილი არ უნდა შეიწყნაროს სხვა ეპისკოპოსმა. უნდა გამოიძიონ, ეს სასჯელი ხომ არ დაადეს ეპისკოპოსის სულმოკლეობის, მღელვარე ბუნების ან რაიმე მსგავსი უსახურობის გამო. ამ საქმის ჯეროვნად შესასწავლად კრებას სათანადოდ მიაჩნია, რომ თითოეულ სამთავროში წელიწადში ორჯერ ჩატარდეს ეპისკოპოსთა კრება, რომ ასეთი სადავო საქმე მთელი სამთავროს ეპისკოპოსთა საერთო შეკრებაზე განიხილონ. ამგვარად, საჯაროდ და სამართლიანად, ყველას მხარდაჭერით დამტკიცდეს საკუთარი ეპისკოპოსის დაუმორჩილებელთა უზიარებლობით დასჯა იმ დრომდე, ვიდრე ეპისკოპოსთა კრება საჭიროდ არ მიიჩნევს მათთვის უფრო კაცთმოყვარული განაჩენი დამტკიცებას. ხოლო კრებები იყოს ერთი მარხვამდე, რომ ყოველგვარი სულმოკლეობის აღკვეთით განწმენდილი მსხვერპლი შეეწიროს ღმერთს, ხოლო მეორე – რთვლის დროს“.

ვ) განმუხტვა დაპირისპირებისა ხალხსა და ეპისკოპოსს შორის, რომელთაც არ სურთ არჩეული, დადგენილი ეპისკოპოსის მიღება.

ანტიოქიის კრების მე-18 კანონი:

„თუ ეპისკოპოსი რომელიმე ეკლესიისთვის ხელდასხმული იქნება და არ წავა იქ, სადაც დადგენილია, არა თავისი მიზეზით, არამედ იმ მრევლის დაუმორჩილებლობისა ან სხვა რამ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, მას უნდა დარჩეს თავისი პატივი და მღვდლობა, ოღონდ ნუ შეიტანს არევ-დარევას საეკლესიო საქმეებში იქ, სადაც იჯდება თვითონ, და დაელოდოს სამთავროს სრული კრების გადაწყვეტილებას“.

ზ) გადაყვანა, ეპისკოპოსებისთვის ადგილის შეცვლა.

პირველი მსოფლიო კრების მე-15 კანონი:

„მრავალი შფოთიანი საქმისა და არეულობათა გამო, რომელიც თავს იჩენს ხოლმე, წმინდა კრებას მიაჩნია, სრულიად მოისპოს ზოგიერთ მხარეში დამკვიდრებული უკანონო ჩვეულება და ქალაქიდან ქალაქში არ გადადიოდეს არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი, არც დიაკონი. თუ ვინმე წმიდა და დიდი კრების ამ განწესების საწინააღმდეგოდ მოიქცევა, ან მის მიმართ დაშვებულ ასეთ ქმედებას წინ არ აღუდგება, მაშინ განკარგულება გაუქმებულად მიიჩნევა, გადაყვანილი კი თავის ეკლესიაში უნდა დაბრუნდეს, სადაც იგი ხელდასხმული იყო მსახურებისათვის ეპისკოპოსად, მღვდლად ან დიაკვნად“.

თ) მართვა, ზედამხედველობა იმაზე, ყველაფერს კანონიერად, კანონის ფარგლებში ასრულებენ თუ არა ეპისკოპოსები თავის ეპარქიებში.

ანტიოქიის კრების მე-9 კანონი:

„თითოეული სამთავროს ეპისკოპოსები [უნდა ემორჩილებოდნენ] ეპისკოპოსს (მიტროპოლიტს), რომელსაც დედაქალაქის საყდარი უპყრია. ის ზრუნავს მთელ სამთავროზე, ვინაიდან დედაქალაქში მიისწრაფვის ყველა, ვისაც საქმე აქვს. ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ პატივითაც უპირატესი იყოს იგი და არაფერი ზედმეტი არ მოიმოქმედონ სხვა ეპისკოპოსებმა, რაც მან არ იცის, ჩვენი მამების ძველთაგანვე დამტკიცებული კანონისამებრ, გარდა იმისა, რასაც საჭიროდ მიიჩნევს თითოეული ეკლესია მის ფარგლებში შემავალი სოფლებით, ვინაიდან თითოეულ ეპისკოპოსს უფლება აქვს, თავისი ეკლესია განაგოს თავისი ღმრთისმოშიშების შესაბამისად და იზრუნოს მის ქალაქს დაქვემდებარებულ სოფლებსა და ადგილებზე, მაგალითად, აღასრულოს მღვდლებისა და დიაკვნების ხელდასხმა და ქმნას სამართალი თითოეული საქმისა. ხოლო ამიერიდან მათ არაფერი უნდა გააკეთონ დედაქალაქის ეპისკოპოსის (მიტროპოლიტის) გარეშე, მაგრამ ნურც დედაქალაქის [ეპისკოპოსი] გააკეთებს ნურაფერს სხვა ეპისკოპოსებთან შეთანხმების გარეშე“.

ევანგელურ საკითხთან მიმართებით დაკავშირებული თემებია:

ა) შემთხვევით წამოჭრილი რელიგიური საკითხების განხილვა.

მოციქულთა 37-ე კანონი:

„ეპისკოპოსთა კრება უნდა შედგეს წელიწადში ორჯერ და ერთმანეთს უნდა შეესატყვისებოდნენ კეთილმსახურების სჯულნი (ღვთისმსახურების დოგმატები) და გადაწყდეს იქ შემოსული საეკლესიო სადავო საკითხები. კრება პირველად უნდა შედგეს სულიწმიდის მოფენის დღეებში მეოთხე კვირაში და მეორედ – სექტემბრის მეთორმეტე კვირას“.

ბ) განხილვა საღვთისმსახურო და სარწმუნოებასთან დაკავშირებული წიგნებისა (მეშვიდე მსოფლიო კრების მე-6 კანონი იხილეთ ზევით).

გ) სამღვდელოებაში ცოდნის ამაღლება.

მეშვიდე მსოფლიო კრების მე-2 კანონი:

რადგანაც ჩვენ ფსალმუნთა გალობებში აღვუთქვამთ ღმერთს: „სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყო მე სიტყუაé შენი“ (ფს. 118,16), ამიტომაც, ყველა ქრისტიანისათვის ამის დამარხვა მაცხონებელია, უფრო მეტად კი სამღვდელო პატივის მქონეთათვის, და ამის გამო განვაჩინებთ: ვინც ღირსი გახდა გამორჩეული ყოფილიყო აღსაყუანებლად ეპისკოპოსის ხარისხში, აუცილებლად უნდა იცოდეს ფსალმუნნი, და აგრეთვე მთელი თავისი საეკლესიო დასი უნდა განაწყოს მის შესასწავლად. ამიტომ გულმოდგინედ უნდა გამოიკვლიოს იგი მიტროპოლიტმა: აქვს თუ არა მას მონდომება და სწავლის უნარი, რომ არაზერელედ იკითხოს მან წმიდა წერილი, წმიდა სახარება და ეპისტოლები საღმრთო მოციქულებისა და ყველა საღმრთო წერილი; მოიქცეს ღმრთის მცნებათა თანახმად და განსწავლოს მასზე რწმუნებული სამწყსო ერი, რამეთუ არსს, ჩვენი იერარქიისას, ღმრთივმოცემული სიტყვები შეადგენენ, ანუ ჭეშმარიტი მეცნიერჰყოფა საღმრთო წერილებისა, – როგორც ეს დიდმა დიონისემ გამოთქვა. თუ კანდიდატი მერყეობს და არ გულმოდგინეობს ასეთი ცხოვრებისა და შემეცნებისათვის, ხელდასხმული არ იქნეს, ვინაითგან წინასწარმეტყველურად წარმოთქვა ღმერთმა: „...განიშორე მეცნიერება, და მეცა განგიშორო შენ და არღარა მღდელობდე ჩემდამო...“ (ოს. 4,6).

დ) ხალხში სარწმუნოებრივი და ზნეობრივი მდგომარეობა.

მესამე მსოფლიო კრების მე-6 კანონი:

„იმათ შესახებ, ვინც მოინდომებს ეფესოს კრების საქმეთა შეცვლასა და შერყევას, წმინდა კრებამ დაადგინა, რომ ეპისკოპოსს ან სხვა სასულიერო პირს ჩამოერთვას პატივი სრულიად, ანუ დაემხოს, ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს“.

ე) სრულდება თუ არა საიდუმლო მსახურებები დადგენილი წესის მიხედვით (მეშვიდე მსოფ. კრების მე-6 კანონი (იხ. გვ. 223).

ვ) მრევლის, ერის დაცვა ცრურწმენისაგან.

ზ) დაცვა ქრისტიანული დადგენილებებისა ყველგან და ყოველთვის. ასეთი კრების გადაწყვეტილებებმა კანონის ძალა რომ შეიძინონ, მონაწილეობას უნდა იღებდეს მინიმუმ სამი პირი – მიტროპოლიტი და ორი ეპისკოპოსი.

ანტიოქიის კრების მე-20 კანონი:

„საეკლესიო საჭიროებისა და სადავო საქმეთა გადაწყვეტისათვის სათანადოდ მიიჩნია კრებამ, რომ თითოეულ სამთავროში მოწვეულ იქნეს წელიწადში ორჯერ ეპისკოპოსთა კრება. ერთხელ – აღდგომის დღესასწაულის მესამე შვიდეულიდან ორმოცდამეათე დღის მეოთხე კვირამდე უნდა შეიკრიბონ ეპისკოპოსები დედაქალაქში, ხოლო მეორე კრება უნდა იყოს ოქტომბრის დღეებში („რომელ არს მეათე Âპერვერეტოéსაé“). ამ კრებებს უნდა ესწრებოდნენ მღვდლები, დიაკვნები და ყველა, ვინც თავს დაჩაგრულად მიიჩნევს. კრებაზე უნდა განიხილონ მათი საქმე და მისცენ დამაჯერებელი პასუხი. არ შეიძლება, ვინმემ თვითნებურად მოიწვიოს კრება. ამის უფლება აქვს მხოლოდ მიტროპოლიტს“.

ბრალდებული ეპისკოპოსის საქმის განსახილველად საჭიროა თორმეტი ეპისკოპოსი.

კართაგენის კრების მე-12 კანონი:

„თუ რომელიმე ეპისკოპოსი კრების მოწვევის დადგენილ დრომდე ბრალდებული იყოს, ასეთი განიკითხოს თორმეტმა ეპისკოპოსმა.

ფელიქს ეპისკოპოსმა თქვა: მახსენდება ძველ კრებათა მიერ დადგენილი, რომ, თუ ვინმე ეპისკოპოსი გასამართლდეს (ნუმც მოხდება ასეთი რამ!) და მრავალრიცხოვანი კრების მოწვევა შეუძლებელი იყოს, დიდხანს რომ არ დარჩეს იგი ბრალდებულისა და გასასამართლებლის მდგომარეობაში, თორმეტმა ეპისკოპოსმა მოისმინოს მისი საქმე. მღვდელი ექვსმა ეპისკოპოსმა და მისმა ეპისკოპოსმა გაასამართლონ, დიაკონი – სამმა“.

3. პატრიარქები

მიტროპოლიტთა მმართველობის სისტემა, რომელსაც ისინი ფლობდნენ თავიანთ ადგილობრივ ეკლესიებში, დროთა განმავლობაში ქრება. და მათ ადგილას, იმავე ფარგლებში, ყალიბდება სახელმწიფო ადმინისტრაციულ მოწყობასთან შესატყვისი საეკლესიო ორგანიზაციული წყობა.

მეოთხე საუკუნეში ჩვენ უკვე ვხედავთ მიტროპოლიტთა შორის უპირატესობას ადგილისა და ღირსების მიხედვით. ის კათედრები, რომელიც მოქმედებს სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობის მიხედვით მთავარ ქალაქებში, მისი მიტროპოლიტები უპირატესობით სარგებლობენ სხვა მიტროპოლიტებთან მიმართებით. კონკრეტულად, ასეთები იყო: რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ეფესოსი და კესარიისა. კანონიკურ წყაროებში ეს მიტროპოლიტები სხვებისგან განსხვავებით იწოდებიან ეგზარქოსებად.

პატრიარქთა უფლებები განსაზღვრულია ქალკედონის მეოთხე მსოფ ლიო კრების მე-9 და მე-17 კანონებით:

მე-9 კანონი:

„თუ რომელიმე სასულიერო პირს სამართლებრივი საქმე ჰქონდეს სხვა სასულიერო პირთან, გვერდს ნუ აუვლის თავის ეპისკოპოსს და სამოქალაქო სამსჯავროს წინაშე ნუ წარდგება, არამედ პირველად თავის ეპისკოპოსს გააცნოს საქმის ვითარება და ეპისკოპოსის მხარდაჭერით, სადაც ორსავე მხარეს ენდომება, იქ შეიკრიბოს სასამართლო. თუ ვინმე ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, მას კანონიერი სასჯელი დაედოს. თუ სასულიერო პირს სამართლებრივი საქმე ჰქონდეს თავის, ან სხვა ეპისკოპოსთან, სამთავროს კრებამ გამოიძიოს საქმე, იმ მხარის ეგზარქოსს (პატრიარქს), ან კონსტანტინეპოლის სამეუფეო საყდარს მიმართონ და მის წინაშე განისაჯონ“.

ბალსამონი ამ კანონის განმარტებისას, იმ დროსათვის არსებულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით ამბობს: „თუ კლერიკოსს სურს უჩივლოს სხვა კლერიკოსს, ეპისკოპოსს ან მიტროპოლიტს, ის კანონის მიერ ვალდებულია შეიტანოს თავისი საჩივარი იმ სასამართლოში, რომელიც ესადაგება ბრალდებულს, კლერიკოსი და მონაზონი უნდა წარდგნენ ეპისკოპოსის სასამართლოს წინაშე, ეპისკოპოსი მიტროპოლიტის სასამართლოს წინაშე, ხოლო მიტროპოლიტი – პატრიარქის სასამართლოს წინაშე“.

კანონი მე-17

„თითოეული ეკლესიის კუთვნილი სახნავ-სათესი ადგილისა და სოფლის შემოსავალი მტკიცედ და უცვლელად უნდა ჰქონდეს ამ ეკლესიის მპყრობელ ეპისკოპოსს. მით უმეტეს მაშინ, თუ ოცდაათი წლის განმავლობაში დავის გარეშე ფლობდნენ და განაგებდნენ მათ. თუ ოცდაათი წლის განმავლობაში იყო ან იქნება რაიმე დავა, და თუ ვინმე განაცხადებს თავის პრეტენზიას, ის, ვინც იწყებს დავას, უნდა წარდგეს სამთავროს კრების წინაშე. თუ ვინმე მიტროპოლიტის მიერ იქნეს შევიწროებული, მხარის (ოლქის) ეგზარქოსმა ან კონსტანტენოპოლის საყდარმა გაურჩიოს საქმე, როგორც ადრე ითქვა. თუ სამეფო ხელისუფლების მიერ განახლდება რომელიმე ქალაქი, მაშინ საეკლესიო განწესება უნდა ეთანხმებოდეს სამოქალაქო და საერო წესს“.

ეგზარქოსის ტიტულის გარეშე, ადგილისა და ღირსების უპირატესობით გამოირჩევიან და სარგებლობენ ასევე იერუსალიმის და კონსტანტინეპოლის მიტროპოლიტები. ამ უპირატეს მიტროპოლიტებს მიმართავდნენ მცირე სამხარეო ქალაქების მიტროპოლიტები, რათა ხელმძღვანელებისგან მიეღოთ სამართლებრივი გადაწყვეტილება საეკლესიო მმართველობასა სხვადასხვა საკითხზე და სასამართლო სამსჯავრო საკითხების გადაწყვეტაში, თუნდაც ჩატარებულიყო ადგილობრივი კრებები ასეთი პრობლემების გადასაჭრელად. ხშირ შემთხვევაში მიზანი მაინც ვერ მიიღწეოდა და უკმაყოფილო მხარე ხშირად საერო ხელისუფალს მიმართავდა. ასეთი და სხვა სახის წინააღმდეგობრივმა გარემოებებმა მეოთხე მსოფლიო კრებას მიაღებინა გადაწყვეტილება, რომ კანონით განემტკიცებინა უფლებამოსილება და უპირატესობა მიენიჭებინა ეგზარქოსებისთვის დიდ რეგიონებსა და მხარეებზე, რათა ყველა სახის საეკლესიო საკითხი საბოლოოდ გადაჭრილიყო საერთო სამხარეო კრებაზე ამ რეგიონის ყველა მიტროპოლიტის მონაწილეობით ყოველგვარი შემდგომი აპელაციის გარეშე. უფლებამოსილება და უპირატესობა ამ უძველესი კათედრებისა და მიტროპოლიტებისა ცნობილ რეგიონებში არსებობდა მანამდეც, პირველი მსოფლიო კრების დროიდან ტრადიციის სახით, ხოლო მეოთხე მსოფლიო კრებას ამ ტრადიციისთვის უნდა მიეცა კანონის ძალმოსილება. ადრინდელი ეგზარქოსები გახდნენ ცნობილი რეგიონების უმთავრესი მიტროპოლიტები, სახელწოდებით პატრიარქი. ეს მთავარი მიტროპოლიტები ანუ პატრიარქები განსხვავდებოდნენ სხვა მიტროპოლიტებისგან იმით, რომ მიტროპოლიტს ემორჩილებოდა მხოლოდ ერთი პროვინცია, ხოლო პატრიარქს ემორჩილებოდა მთელი რეგიონები და მხარეები, მასში შემავალი მიტროპოლიტებითა და ეპისკოპოსებით. მეოთხე მსოფლიო კრების ეს განკარგულება და კანონი ბერძენ-რომაელმა იმპერატორებმა აღიარეს და გამოაცხადეს სახელმწიფო კანონად.

ამ კანონთა მიხედვით, საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებული უზენაესი სასამართლო კონკრეტულ საპატრიარქოში ეკუთვნის პატრიარქს. ამ საერთო საკანონმდებლო განსაზღვრებიდან გამომდინარე, შემდგომში მიიღეს კანონები, რითაც ხელმძღვანელობდნენ პატრიარქები, როგორც უმაღლესი იერარქები მთელი რეგიონისა. ძირითადად ეს კანონები ერთნაირია, ზემომითითებული მიტროპოლიტთა კანონების მსგავსად, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ უფრო ვრცელ არეალზე ვრცელდებოდა.

უფრო კონკრეტულად, პატრიარქებს ჰქონდათ უფლება:

1) სამხარეო კრებაზე გამორჩეული მიტროპოლიტების ხელდასხმის და დამტკიცებისა.

მეოთხე მსოფლიო კრების 28-ე კანონის თანახმად, „მივყვებით ყველა საკითხში წმინდა მამათა განწესებებს და ვაღიარებთ ამჟამად წაკითხულ კანონს ას ორმოცდაათი ღვთისსათნომყოფელ ეპისკოპოსთაგან, რომლებიც კონსტანტინეპოლში, ახალ რომად წოდებულ ქალაქში, იყვნენ შეკრებილნი ნეტარხსენებული იმპერატორის, თეოდოსის ზეობისას; ჩვენც იმავეს განვაჩინებთ, და ვამტკიცებთ კონსტანტინეპოლის, ამ ახალი რომის წმინდა ეკლესიის უპირატესობას. რადგან ძველი რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უპირატესობა, რამეთუ ის სამეფო ქალაქი იყო, იმავე აზრით აღძრულმა ას ორმოცდაათმა ღვთისსათნომყოფელმა ეპისკოპოსმაც მისი თანაბარი უპირატესობა მიანიჭა ახალი რომის წმინდა საყდარს, როცა სამართლიანად განსაზღვრეს, რომ ქალაქი, რომელსაც პატივი ერგო ყოფილიყო მეფისა და სენატის ადგილსამყოფელი და ძველ სამეფო ქალაქ რომის თანასწორი უპირატესობა მიეღო, საეკლესიო საქმეებშიც მის მსგავსად განდიდდება და მის შემდეგ მეორე იქნება. მხოლოდ ამიტომ პონტოს, აზიისა და თრაკიის სამთავროების მიტროპოლიტები, ასევე აღნიშნული სამთავროების უცხოტომელთა ეპისკოპოსები, უნდა დაადგინოს კონსტანტინეპოლის ეკლესიის წმინდა საყდარმა. შესაბამისად, ზემოდასახელებული სამთავროების თითოეულმა მიტროპოლიტმა სამთავროს ეპისკოპოსებთან ერთად უნდა დაადგინონ ეპარქიის ეპისკოპოსები, როგორც ეს საღვთო კანონებით არის დაწესებული; ზემოთ დასახელებული სამთავროების მიტროპოლიტები, როგორც უკვე ითქვა, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა უნდა დაადგინოს, ოღონდ, ჩვეულებისამებრ, ერთსულოვნად და შემდეგ წარადგენენ მას ხელდასხმისათვის“.

2) განსაზღვროს საკუთარ კრებებზე სასჯელის ხარისხი, რომელიც უნდა დაეკისროს მიტროპოლიტს ან ეპისკოპოსს გარკვეული დანაშაულის გამო.

3) ჰქონდათ უფლება სტავროპიგიული ეკლესიის ან მონასტრის დაფუძნებისა, რაც ნიშნავს იმას, რომ თავის ეპარქიაში შეეძლოთ მონასტრის ან ტაძრის დაფუძნება, რომელიც დაემორჩილებოდა უშუალოდ პატრიარქს და არა ეპარქიის ეპისკოპოსს.

ანტიოქიელი პატრიარქი თეოდორე ბალსამონი იმ იერარქებთან საუბრის შემდეგ, რომლებიც ნეგატიურად იყო განწყობილი საპატრიარქო სტავროპიგიების მიმართ, მივიდა უეჭველ დასკვნამდე, რომ ცალკეულ ეპარქიებში საეკლესიო კანონმდებლობა არ დარღვეულა და სწორედ ამ ეპისკოპოსთა მოთხოვნა იყო უკანონო, რადგან საღმრთო სამართლით, რეგიონი ეკუთვნის არა მიტროპოლიტს, არქიეპისკოპოსს ან ეპისკოპოსს, არამედ იგი ნაწილდება იმ პერიოდისთვის არსებულ ხუთ პატრიარქს შორის. აქედან გამომდინარე, პატრიარქს, რაღა თქმა უნდა, ჰქონდა უფლება თავის იურისდიქციაში არსებულ ტერიტორიაზე მონასტრის დაარსებისა.1

დღევანდელი მართლმადიდებელი სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეულია ბერძენი თეოლოგის, ვლასიოს ფიდასის განმარტების თანახმად, „საპატრიარქო სამართალი იძლევა უფლებას, დააფუძნოს მონასტერი თავისი ადმინისტრაციული იურისდიქციის შიგნით, როგორც საკუთარ ეპარქიაში, ასევე მის გარეთაც. ასეთმა წესმა საფუძველი პოვა ძველი კანონმდებლობით, სადაც საუბარია „ძველი ტრადიციებსა და ჩვეულებებზე“. ეს ნიშნავს, რომ პატრიარქებმა ეს უფლება ძველი ტრადიციით მიიღეს. ჩნდება კითხვა: არსებობს თუ არა კანონიკური საფუძველი ასეთი წესის არსებობისა? კანონიკური დოკუმენტები ამ თემას არ ეხებიან საკმარისი სიღრმით. იგი წარმოადგენს შუალედურ ფორმას კანონსა და ჩვეულებას შორის. პატრიარქთა სტავროპიგიის წარმოშობას საფუძველი ეყრება ხატმებრძოლობის პერიოდში (727-843 წწ.). ამ დროს მონაზვნობა გათავისუფლდა ადგილობრივი ეპისკოპოსის ფართო უფლებებისაგან. ეს ავტონომია წარმოადგენდა პატრიარქის საყრდენს მწვალებლობაში მყოფ ეპისკოპოსთა წინააღმდეგ. ასეთი სახით აკონტროლებდნენ და ხშირად ამარცხებდნენ კიდევ ადგილობრივ ეპისკოპოსებს, სტავროპიგიის დაფუძნების კანონი განიხილოს ისტორიულ და ასევე სამონასტრო ცხოვრებისა და საეკლესიო ორგანიზაციულ-ფუნქციონალურ ჭრილში, ე. ი. იგი საფუძველს იღებს კონკურენტული ისტორიული ფაქტიდან და ის საეკლესიო ადმინისტრაციის მმართველობის განვითარებისას ჩამოყალიბდა“.2

4) პატრიარქებს ჰქონდათ უფლება, მისდამი დაქვემდებარებულ ეპისკოპოსებს და მიტროპოლიტებს მოეხსენებინათ ლოცვებში.

კონსტანტინეპოლის წმინდა მოციქულთა ტაძარში შეკრებილი ორგ ზისი წმინდა დიდი კრების მიერ დადგენილი მე-15 კანონი: „მღვდლების, ეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტების შესახებ დაწესებული ეს განსაზღვრება (იხ. მე-13-14 კანონები) კიდევ უფრო შეეფერება პატრიარქებს. თუ მღვდელი, ეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი გაბედავს განდგომას თავისი პატრიარქის ერთობისაგან და განსაზღვრებისა და განწესებისამებრ არ ახსენებს მის სახელს საღმრთო ჟამისწირვის დროს, არამედ კრების მიერ განაჩენის გამოტანამდე და მის საბოლოო დასჯამდე განხეთქილებას ჩამოაგდებს, საღმრთო კრებამ დაადგინა, რომ იგი სრულიად უცხო უნდა იქნეს ყოველგვარი მღვდლობისაგან, თუკი ემხილება ეს უკანონობა. ეს უკვე განსაზღვრული და დამტკიცებულია იმათ შესახებ, ვინც ცოდვის მიზეზით თავის მღვდელმთავარს განუდგება, განხეთქილებას შემოიტანს და ეკლესიის ერთობას დაარღვევს. მაგრამ ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთ ეპისკოპოსის ერთობისგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი და ეკლესიის ერთობა განხეთქილებით კი არ დასერა, არამედ ეკლესია იხსნა განხეთქილებისა და გაყოფისაგან“.

გარდა ამ კანონებისა, რომელიც უშუალოდ პატრიარქს ჰქონდა მინიჭებული, მათ არ ჰქონდათ უფლება ერთპიროვნულად მოქმედებისა, მხოლოდ კრების მეშვეობით უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება და ასე ემართათ ეკლესია. ამავდროულად, თვითონაც ექვემდებარებოდნენ საეკლესიო კრების სასამართლოს. ანტიოქიის კრების მე-12 კანონი განაჩინებს:

„თუ თავისი ეპისკოპოსისაგან განკვეთილი მღვდელი და დიაკონი, ან კრების მიერ განკვეთილი ეპისკოპოსი გაბედავს მეფის შეწუხებას ჩივილით, უნდა შეკრიბოს ეპისკოპოსების უფრო დიდი კრება და [განკვეთილმა], თუ მას ჰგონია, რომ აქვს რაიმე თავის გასამართლებელი, უნდა უთხრას ეს ეპისკოპოსების უმრავლესობას და დასჯერდეს მათ განაჩენსა და მსჯავრს. ხოლო თუ მათი ბჭობის შემდეგაც სულმოკლედ იჩივლებს მეფესთან, ის აღარ იქნება შენდობის ღირსი. მას აღარ გაამართლებენ და აღარ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მისი პატივი აღდგება“.

კანონიკური დადგენილება, რომელიც ეხება მიტროპოლიტის გამორჩევას, როგორც ეკლესიის დამოუკიდებელი იერარქისა, თავიდან ასეთივე მნიშვნელობა ჰქონდა პატრიარქთა გამორჩევისას, კონკრეტულად კი: მათ ირჩევდა შესაბამისი სამხარეო საეკლესიო კრება საერო წარმომადგენლებთან ერთად, და იგივე კრება ამტკიცებდა მათ გამორჩეულს. შემდგომში პატრიარქთა დამტკიცების უფლება გადავიდა საერო ხელისუფლების, ხელმწიფის, როგორც ეკლესიის დამცველისა და მფარველის ხელში. სიმეონ თესალონიკელის გადმოცემით, მის დროს (1430 წელს) არსებობდა ასეთი განწესება კონსტანტინეპოლის პატრიარქის დადგენისას. როდესაც პატრიარქი გარდაიცვლებოდა, იმპერატორი მოიწვევდა ახლოს მყოფ ეპისკოპოსებს, რათა მიეღოთ მონაწილეობა პატრიარქის მოსამზადებელ, გამოსარჩევ კერძო კრებაზე, რომელშიც ეპისკოპოსების გარდა, მონაწილეობდა მთავარი ხარტოფილაკი3 საპატრიარქო კარისა. ჯერ გამოარჩევდნენ სამ კანდიდატს. ორი ეპისკოპოსი ხარტოფილაკთან ერთად მიუტანდა მათ სახელებს იმპერატორს. იმპერატორი მათგან გამოარჩევდა ერთს, რომელიც ხდებოდა პატრიარქი. ამის შემდეგ ახლად არჩეულს დაადგინებდნენ და იმპერატორი უგზავნიდა მას საპატრიარქო მანტიასა და პანაღიას, რომელიც ინახებოდა მასთან, როგორ ეკლესიის მფარველთან წინა პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ. შემდეგ კი იგი იმპერატორის სასახლეში გადასცემდა ახლად აღსაყდრებულ პატრიარქს საპატრიარქო კვერთხს და საზეიმოდ გამოაცხადებდა მას პატრიარქად. სხვა მართლმადიდებელ ეკლესიების პატრიარქებსაც ასეთი სახით დაადგენდნენ. კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ თურქეთის მთავრობამაც პატრიარქების დადგინების ეს წესი მიიღო. ასე გაგრძელდა 1860 წლამდე, ვიდრე ახალი განწესება არ მიიღეს.

1 Правила святых апостол, святых соборов, вселенских и поместных, и святых отец с толкованиями, M., 1876, 68-69.

2 Vlassios. I. Phidas, Droit Canon, une perspective ortohodoxe, GENEVE, 1998.

3 კონსტანტინეპოლის პატრიარქის არქივის გამგე.

4. პატრიარქის წარმომადგენლები (ნაცვლები)

იმის გამო, რომ საპატრიარქო მხარეები ძალიან დიდ ტერიტორიებს მოიცავდა, პატრიარქებს უჭირდათ ზოგიერთი შორს მდებარე რეგიონის ზედამხედველობა, ამიტომ ისინი მიტროპოლიტთაგან ნიშნავდნენ ამ ადგილებში თავის მოადგილეს ანუ ნაცვალს. მათ კონკრეტულ საგანმგებლოში პატრიარქის სახელით მთავარმმართველის უფლება ჰქონდათ მინიჭებული. მოადგილეები კანონიკურ წყაროებში იწოდებიან ეგზარქოსებად. ხანდახან ეგზარქოსები ინიშნებოდნენ დროებით, რათა მოენახულებინათ და შემდეგ ემსჯელათ, რამდენად იყო განხორციელებული ზოგიერთ სამიტროპოლიტოში, საეპისკოპოსოსა ან მონასტერში მათდამი მინდობილი საკითხები. ძირითადად, პატრიარქები ეგზარქოსებს ნიშნავდნენ ისეთ კათედრაზე, რომელიც სარგებლობდა გარკვეული ისტორიული უპირატესობით. ინიშნებოდა ასევე ისეთ მიტროპოლიაში, პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ადგილი რომ ეკავა იმ სხვა მიტროპოლიებთან შედარებით, რომლებიც ექვემდებარებოდა კონკრეტულ საპატრიარქოს. მაგალითად, სერბეთის ეკლესიის მიტროპოლიტი 17-ე საუკუნის დასაწყისში ავსტრიის მიწებში გადასახლების შემდგომ, იყო ეგზარქოსი პეჩის პატრიარქისა, ასევე იყო ეგზარქოსად ამ პატრიარქისა, ცეტინის მიტროპოლიტი ჩერნოგორიაში; ტირნოვის საპატრიარქოს გაუქმების შემდეგ ტირნოვის მიტროპოლიტი იყო ეგზარქოსი კონსტანტინეპოლის პატრიარქისა.

5. უმაღლესი მმართველობა საპატრიარქოში

საპატრიარქოების ჩამოყალიბების შემდეგ ნელ-ნელა იკარგება ადგილობრივი კრებების მნიშვნელობა, რომელიც რეგიონის მიტროპოლიტების ხელმძღვანელობით ტარდებოდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ მთავარი და ძირითადი საეკლესიო საკითხები განიხილებოდა იმ ცენტრებში, სადაც ისხდნენ მთავარი მიტროპოლიტები, ანუ პატრიარქები – იერარქები დამოუკიდებელი თვითმყოფადი ეკლესიებისა თავისი მმართველობითი სისტემით. და ეს მალევე უნდა ჩამოყალიბებულიყო, რადგან უნდა დასრულებულიყო ადრინდელი თვითმყოფადობა მიტროპოლიტებისა, და დროთა განმავლობაში, ავტოკეფალიურ ეკლესიებად იქნა აღიარებული ხუთი თვითმყოფადი ეკლესია რომის იმპერიაში. ქალკედონის კრების ჩატარებისას საბოლოოდ ჩამოყალიბდა დიფტიხი ქრისტიანული ავტოკეფალიური ეკლესიებისა: რომის, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის. ასეთი თანმიმდევრობით არის ხუთი ეკლესია ჩამოთვლილი ტრულის კრების 36-ე კანონში: „ვაღორძინებთ ამ ღვთივდაცულ და სამეუფო ქალაქში შეკრებული ას ორმოცდაათი და ქალკედონში შეკრებილი ექვსას ოცდაათი წმინდა მამის მიერ სჯულდებულს და განვაჩინებთ: მიენიჭოს კონსტანტინეპოლის საყდარს რომის საყდრის დარი უპირატესობა და მის შემდეგ მეორე, მსგავსადვე განიდიდოს საეკლესიო საქმეებში; ხოლო ამის შემდეგი ჩაითვალოს საყდარი დიდი ქალაქისა ალექსანდრიისა, შემდეგ – ანტიოქიის საყდარი და მის შემდეგ იერუსალიმისა“.4

ყოველი უმაღლესი მმართველობა მართლმადიდებელ ეკლესიაში, მათ შორის პატრიარქისაც, უნდა იყოს კრებითი. კანონიკურ წყაროებში ის იწოდება სინოდად (ტრულის კრების მე-8 კანონის ბალსამონისეულ განმარტებაში – PatriarxikiSinodos). სინოდს წარმოადგენდნენ კონკრეტულ პატრიარქს დაქვემდებარებელი მაღალი იერარქები, ყველა მიტროპოლიტი პატრიარქატისა ეპისკოპოსები და მთავარეპისკოპოსები.

კართაგენის ადგილობრივი კრების მე-18 კანონი ადგენს:

„თუ რომელიმე სამღვდელო პირი ხელდასხმულ იქნება, საჭიროა, რომ ემცნოს მას კანონთა დაცვა. გარდაცვლილთა გვამებს არ მიეცემა არც ზიარება და არც ნათლისღება. ყოველ წელიწადს თითოეულ სამთავროში მიტროპოლიტები უნდა ატარებდნენ კრებებს. აგრეთვე მიგვაჩნია, რომ ხელდასხმულ ეპისკოპოსს ან სხვა სამღვდელო პირს პირველად მათი ხელდასხმული ასწავლის კრებათა კანონებს, და მათ უნდა მოინანიონ, თუ არსებულ დადგენილებებს დაარღვევენ. ასევე მივიჩნევთ, რომ გარდაცვლილთა გვამებს სიწმინდის ზიარება არ მიეცემათ, რადგან წმინდა წერილში წერია: „მიიღეთ, ჭამეთ“ (მათე 26, 26). გარდაცვლილს კი არც მიღება შეუძლია და არც ჭამა. ასევე, მღვდელთა უცოდინარობით არც ნათელი უნდა ეცეს მკვდარს.

ამ კრებაზე დამტკიცებულია ისიც, რომ ნიკეის კრების დადგენილების მიხედვით, ყოველ წელიწადს უნდა ჩატარდეს კრება საეკლესიო საკითხებისათვის, რაც ხშირად არ სრულდება და ეს კი ერის წარწყმედას უწყობს ხელს. სამთავროთა ყველა პირველმოსაყდრე ეპისკოპოსმა თავისი ეპისკოპოსებისაგან ორი ან რამდენიმე ამოირჩიოს და წარმომადგენლად მიავლინოს, რომ მრავალთა შეკრებით სრული იყოს კრების პატიოსნება“.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე წევრი ვერ ესწრებოდა სინოდის კრებას, შეეძლო წარმომადგენელი წარეგზავნა ან წერილობით ეცნობებინა თავისი აზრი განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამ წარმომადგენლებისა, რომლებიც ესწრებოდნენ ამ კრებას ხმის უფლებით, სინოდის სხდომას ესწრებოდნენ ასევე პატრიარქის მრჩევლები, რომელთაც არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება, მათ მხოლოდ უნდა განემარტათ კრებაზე განსახილავი გარკვეული საკითხები. დროდადრო სინოდის სხდომას ესწრებოდნენ საერო ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ოღონდ მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით – მათ აქტიური მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ. სინოდის კრება იმართებოდა წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე, შემდგომში კი პატრიარქის გადაწყვეტილებითა და საჭიროების მიხედვით, როგორც ზემომითითებულ კანონებში არის გადმოცემული.

ძველთაგანვე ჩამოყალიბებული მართვის ორგანოს ორი ფორმის თანახმად, დღევანდელ ადგილობრივ ეკლესიებში არსებობს ორი ფორმა უმაღლესი მმართველობისა: ერთს წარმოადგენს კრებები, რომელიც პერიოდულად იკრიბება, ხოლო მეორეს – გამუდმებული კრებები ადგილობრივი ეკლესიის მთავარი ეპისკოპოსის კათედრასთან. ეს პერიოდული და გამუდმებული კრებები წარმოადგენს უმაღლეს მმართველობით დაწესებულებას ან უმაღლესი მმართველობის ორგანოს კონკრეტულ ადგილობრივ ეკლესიაში. კრებების გადაწყვეტილებებს ძალა რომ ჰქონდეთ, საჭიროა მათი ჩატარება კანონიერ უპირატესთა მეშვეობით, რომლებიც კონკრეტული ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლები არიან და პასუხისმგებლობა აქვთ სხვა ეკლესიათა და სახელმწიფოს წინაშე, რადგან ამ უპირატესთ, უფრო მეტად იმ ეკლესიებში, სადაც პერიოდულად ტარდება საეკლესიო კრებები, მხოლოდ კრების ჩატარების პერიოდში კი არა აქვთ განსაკუთრებული უფლებები, არამედ ისინი გამოირჩევიან სხვა იერარქებისგან ამ კონკრეტულ ეკლესიებში. დაბოლოს, იმ ეკლესიებში, სადაც მართვის ასეთი წყობაა, უპირატესი ეპისკოპოსების გამორჩევა და დადგენა განსხვავდება სხვა მღვდელმთავართა გამორჩევისგან.

მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო მოწყობაში ამა თუ იმ ადგილობრივი ეკლესიის უპირატესი ეპისკოპოსის ტიტულს, ეპისკოპოსთა უფლებების მიხედვით, არანაირი მნიშვნელობა აქვს, როგორც უნდა იწოდებოდნენ ისინი – პატრიარქებად, მიტროპოლიტებად თუ არქიეპისკოპოსებად, ყველა მათგანი უფლებამოსილებით ერთმანეთის თანასწორია, თუკი მათდამი დაქვემდებარებული ეკლესია აღიარებულია მსოფლიო ეკლესიის მიერ.

4 В. Цыпин, Церковное Право, 1996, გვ. 213.

6. უპირატეს იერარქთა დამტკიცება დღევანდელ ადგილობრივ ეკლესიებში

დღეს ადგილობრივ თვითმყოფად ეკლესიებში უპირატესი ეპისკოპოსის გამორჩევა და აღსაყდრება ხდება იმ პრაქტიკით, რომელიც ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა შუა საუკუნეებში. კონკრეტულად კი, სინოდი გამოარჩევს ერთ ან სამ საკანდიდატო ეპისკოპოსს და მათ შორის ხმების მიცემით ერთ-ერთს აარჩევს.5

ვ. ციპინი ამ საკითხს განიხილავს სამი ეკლესიის მაგალითზე. ესენია: სერბეთის, რუმინეთისა და ელადის ეკლესიები.

1. სერბეთის ეკლესია

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტიტული ასეთია: არქიეპისკოპოსი პეჩისა, მიტროპოლიტი ბელგრად-კოროლოვიცკისა, უწმინდესი პატრიარქი სერბეთისა. მას გამოარჩევენ სერბეთის მაღალი იერარქები. კანდიდატს უნდა ჰქონდეს ეპარქიის მართვის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება. პატრიარქს ირჩევენ კენჭისყრის წესით სამ კანდიდატს შორის, რომელიც გამოირჩევა მაღალიერარქთა კრების მიერ. პატრიარქს ირჩევენ საარჩევნო (საამომრჩევლო) კრებაზე. კრების სხდომის თავმჯდომარე და წარმმართველი არის ერთ-ერთი უპირატესი მიტროპოლიტი ან ეპისკოპოსი. ამასთან, კრებას უნდა ესწრებოდეს ამ ეკლესიის ეპარქიათა მმართველი ეპისკოპოსების არაუმცირეს ორი მესამედისა.

საარჩევნო კრებას წარმოადგენს ყველა საეპისკოპოსო კათედ რის ეპისკოპოსი და ვიკარული ეპისკოპოსები, ღვთისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი და სემინარიის რექტორები, მთავარი საეპარქიო საძმოების კავშირის თავმჯდომარე, ბელგრადის, სკოპლეს, ცეტინის, ზაგრების, სარაევოს, პეჩის, სრემის კაროლოვიცის მღვდელთავართა წარმომდგენლები (ნაცვლები), წინამძღვრები უმთავრესი მონასტრებისა, მათ შორის, ჟიჩევის, სტუდენიცის, პატრიარქის ადმინისტრაციული კომიტეტის ყველა წევრი, ყველა საეპარქიო საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე. საარჩევნო კრებას ხელმძღვანელობს სამღვდელმთავრო კრების უხუცესი წევრი, მიტროპოლიტი ან ეპისკოპოსი. კრების უფლებამოსილად მისაჩნევად საჭიროა კრებას ესწრებოდეს წევრთა 2/3. თუ ვერც ერთი კანდიდატი მიიღებს ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას, მაშინ ხელმეორედ ტარდება არჩევნები ხმათა სიმრავლით უპირატეს ორ კანდიდატს შორის. თუ პირველ ტურში თანაბარი რაოდენობის ხმებს მოაგროვებენ კანდიდატები, უპირატესობა ენიჭება ქიროტონიით უფროს კანდიდატს. განმეორებითი არჩევნების შემთხვევაშიც თუ თანასწორ ხმებს მოაგროვებენ კანდიდატები, მაშინ წილისყრით მოხდება კანდიდატის გამორჩევა.

სებერთის ავტოკეფალიური ეკლესიის პატრიარქს, როგორც ეკლესიის მეთაურს, საეკლესიო კანონების მიხედვით, მინიჭებული აქვს სამი უფლებამოსილება. ის წარმოადგენს სერბეთის ეკლესიას სხვა ავტოკეფალიურ ეკლესიათა და სახელმწიფო მმართველის წინაშე. თავად ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით ახდენს ეპისკოპოსის ქიროტონიას, ხელდასხმას, აკურთხებს მირონს, აჯილდოებს ეპისკოპოსებს ტიტულებით და ჯილდოებით, ასევე საზღვარგარეთ მართავს სამრევლოებს და მისიებს, სადაც სერბეთის ეკლესიას არ აქვს ეპარქია.

უმაღლეს იერარქიულ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია საკა ნონმდებლო ხელმწიფებით, სარწმუნოების, ღვთისმსახურების საკითხში, საეკლესიო დისციპლინის, ასევე უმაღლეს სასამართლო ხელმწიფებას წარმოადგენს წმინდა სამღვდელმთავრო კრება, რომლის შემადგენლობაშიც ყველა ეპარქიის ეპისკოპოსი შედის. თუ პატრიარქი არ იმყოფება შინ, უხუცესი ეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი წაიყვანს კრებას. წმინდა კრება უფლებამოსილია, წმიდა წერილსა და წმინდა მამათა განმარტებაზე დაყრდნობით იქადაგოს ღვთის სიტყვა. ის ხელმძღვანელობს მისიონერულ საქმეს, მისი უფლებამოსილებაა საღვთისმეტყველო სკოლების გახსნა. საეკლესიო კრება ზედამხედველობს საღვთისმეტყველო წიგნების გამოცემას, ხატების შექმნის კანონიკურობასა და საღვთისმსახურო ნივთების დამზადებას. მისი უფლებამოსილებაა წმინდანთა კანონიზაცია. წმინდა კრება აკონტროლებს საეკლესიო კრების საქმიანობასა და მუშაობას. რაკიღა საეკლესიო კრება ტვირთულობს უფლებამოსილებას უმაღლეს საეკლესიო სასამართლოზე, განიხილავს საქმეებს, რომელიც მაღალიერარქთა, სინოდსა და ეპისკოპოსს, მაღალიერარქსა და პატრიარქს შორის სადავო საკითხს წარმოადგენს. ამასთანავე, განიხილავს პატრიარქის კანონიკურ დარღვევებს, თუკი ასეთი საკითხი წამოიჭრება; სააპელაციო ინსტანციით წმინდა კრება განიხილავს იმ საქმეების განაჩენს, რომელიც სინოდის პირველ ინსტანციაში გამოიტანეს.

წმინდა სამღველმთავრო სინოდი შედგება ხელმძღვანელი პატრიარქისა და ოთხი ეპისკოპოსისგან, რომელთაც ირჩევენ ხდება სამღვდელმთავრო კრებაზე ორი წლით. ყოველ წელს სინოდის ორ წევრს გადაირჩევენ. სინოდი წარმოადგენს ეკლესიის მმართველობის უმაღლეს ადმინისტრაციულ, მაკონტროლებელ და სასამართლო ორგანოს. ის იღებს გადაწყვეტილებას სამღვდელმთავრო კრების მოწვევის შესახებ, რიგგარეშე იქნება ის თუ გეგმური. წმინდა სინოდი იცავს სერბეთის ეკლესიის დოგმატურ და კანონიკურ ერთობას მსოფლიო მართლმადიდებლობასთან, ზედამხედველობს ეპისკოპოსთა საქმიანობას, ღვაწლს, ხელმძღვანელობს და აკონტროლებს საკუთარ გამომცემლობებს, საეკლესიო სკოლებს და სხვა საეკლესიო დაწესებულებებს, გამოაქვს დადგენილებები ახალი მონასტრების დაფუძნებაზე. მთავარიერარქთა კრების სესიებს შორის იღებს გადაწყვეტილებებს ეკლესიის მართვის საკითხთან დაკავშირებით. როგორც საეკლესიო სასამართლოს პირველი ინსტანციის ორგანო, ის განიხილავს საქმეებს, რომელიც ეხება მაღალიერარქთა დავებს კანონიკურ საკითხთა თაობაზე და ასევე თანამდებობრივ დანაშაულებს თანამშრომელთა შორის საეკლესიო დაწესებულებებში. სინოდი წარმოადგენს მეორე ინსტანციის სასამართლოს პედაგოგთა მხრიდან საეკლესიო სკოლებში დისციპლინარულ დარღვევებზე.

უმაღლესი საეკლესიო სასამართლო, რომელიც განიხილავს მღვდლე ბის, ბერების და საერო პირთა საქმეებს, მიეკუთვნება დიდ საეკლესიო სასამართლოს. მის შემადგენლობაში შედის სამი მღვდელმთავარი, რომელიც დელიგირებულია წმინდა სინოდის მიერ. ერთ-ერთი მათგანი წარმოადგენს სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო ორი ამ სასამართლოს წევრია. ყოველ წევრს ჰყავს მოადგილეები სასულიერო პირთაგან, რომელთაც გამოარჩევს მღვდელთმთავართა სინოდი 4 წლით; მის შემადგენლობაში შედის ასევე რეფერენტი, რომელიც უცილობლად სასულიერო დასის წარმომადგენელია. დიდი საეკლესიო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს უმაღლესი სასულიერო განათლების მქონე პირი თეთრი სამღდელოებიდანაც. სასურველია, მას ჰქონდეს იურიდიული განათლება და 10-წლიანი გამოცდილება საეკლესიო ადმინისტრაციული ან საეკლესიო სასამართლოს მიმართულებით, ან თუ 15 წელი მსახურებდა სამრევლო საგანმანათლებლო განხრით.

სერბეთის ეკლესიის უმაღლეს განკარგულებით და წარმომადგენლობით ორგანოს სამეურნეო და საფინანსო საქმეებისას წარმოადგენს პატრიარქის საბჭო. ის მართავს ეკლესიის საფინანსო და სამეურნეო საქმეებს, ამარაგებს და უზრუნველყოფს სამრევლოებს, მონასტრებს, სემინარიებს ყოველგვარი აღჭურვილობით, ახდენს საპენსიო უზრუნველყოფას, აკონტროლებს იმ საერო პირების მოღვაწეობას, რომელნიც საეკლესიო დაწესებულებებში მუშაობენ და წმინდა მღვდელმთავართა კრებასთან ერთად შეაქვთ ცვლილებები და დამატებები სერბეთის ეკლესიის წესდებაში. პატრიარქის საბჭოს შემადგენლობაში შედის სინოდის 4 წევრი ან მათი მოადგილეები, სინოდის მიერ დანიშნული, სემინარიის რექტორი და დეკანი, თითო მღვდელმსახური თეთრი სამღვდელოებიდან, საეპარქიო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები ყველა ეპარქიიდან და 10 საერო პირი. ამასთან ერთად, პატრიარქის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ორი მონასტრის წინამძღვარს და სემინარიის რექტორს ამტკიცებს მღვდელმთავართა კრება, რომელთაც წარადგენს მღვდელმთავართა სინოდი, ხოლო ეპარქიიდან წარმოდგენილ სასულიერო პირებს ეპარქიის მღვდელმთავარი წარადგენს და მღვდელმთავარეთა კრება დაამტკიცებს ამ თანამდებობაზე. საერო პირებს პატრიარქის საბჭოს წევრთა თანამდებობაზე ნიშნავს პატრიარქი მღვდელმთავართა სინოდისა და პატრიარქის ადმინისტრაციის კომიტეტის წარდგინების მიხედვით.

პატრიარქის საბჭოს იწვევენ ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო საგანგებო სესიებს – განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევებში. მანდატები საბჭოს წევრებს უნარჩუნდებათ 6 წლის ვადით. საბჭოს უფლებამოსილება აქვს, გამოიტანოს დადგენილება იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. პატრიარქის საბჭო მართავს ეკლესიის სამეურნეო და საფინანსო საქმეებს, ამარაგებს და უზრუნველყოფს სამრევლოებს, მონასტრებს, სემინარიებს აღჭურვილობით, განკარგავს საპენსიო უზრუნველყოფას, აკონტროლებს იმ საერო პირთა მოღვაწეობას, რომელნიც საეკლესიო დაწესებულებებში მუშაობენ და წმინდა მღვდელმთავართა კრებასთან ერთად შეაქვთ ცვლილებები და დამატებები სერბეთის ეკლესიის წესდებაში.

პატრიარქის საბჭოს აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს პატრიარქის ადმინისტრაციული კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან პატრიარქი, როგორც მისი თავმჯდომარე, ასევე სინოდის ორი წევრი, რომელიც არჩეულია პატრიარქის საბჭოს მიერ, ერთი მონასტრის წინამძღვარი, სამი მღვდელი და შვიდი საერო პირი.6

2. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია

რუმინეთის ეკლესიის საჭეთმპყრობილია უნეტარესი პატრიარქი, რომელიც, ამავდროულად, ატარებს ბუქარესტის არქიეპისკოპოსის, უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტისა და კესარია-კაბადოკიის ნაცვლის ტიტულს. პატრიარქი იწვევს რუმინეთის ეკლესიის მმართველობის ცენტრალურ ორგანოებს სხდომებზე და თავად არის ხელმძღვანელი ამ კრებისა. ის არის აღმასრულებელი იმ გადაწყვეტილებებისა, რომელსაც მიიღებენ ეს უმაღლესი საეკლესიო მმართველი ორგანოები. სწორედ ის წარმოადგენს რუმინეთის ეკლესიას საერო სახელმწიფო მმართველობის წინაშე, ურთიერთკავშირი აქვს სხვა ავტოკეფალიურ ეკლესიებთან; მუდმივი ან სამღვდელმთავრო სინოდის მიერ პატრიარქი გამოსცემს დადგენილებებს და უწყებებს სრულიად რუმინეთის ეკლესიისადმი, აძლევს ძმურ რჩევებს ეპისკოპოსებს, ზრუნავს და დროულად მოქმედებს დაქვრივებულ კათედრებთან მიმართებით; მისი უფლებაა ეპარქიების მონახულება; ის თავმჯდომარეობს საამომრჩევლო კოლეგიას მიტროპოლიტთა გამორჩევის საკითხში. რუმინეთის ეკლესია იყოფა სამიტროპოლიტო რეგიონებად, რომელიც რამდენიმე ეპარქიისგან შედგება. პატრიარქი აღასრულებს მიტროპოლიტთა ქიროტონიას და მათი დანიშვნის დადგენილებებს აწერს ხელს; ნიშნავს და ათავისუფლებს საპატრიარქოს ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ასევე სასულიერო სკოლებისა და სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს.

რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ყველა საღვთისმეტყველო და კანონიკურ საკითხებში უმაღლესი ხელმწიფება და უფლებამოსილება ეკუთვნის წმინდა სინოდს. წმინდა სინოდი შედგება თავმჯდომარე-პატრიარქისა და ყველა მიტროპოლიტისა თუ ეპისკოპოსისაგან. იმ შემთხვევაში, თუ პატრიარქი ვერ ესწრება სინოდის სხდომას, თავჯდომარეობა ეკისრება მოლდოვეთისა და სუჩავის მიტროპოლიტს; თუ ისიც ვერ დაესწრება სხდომას, მაშინ მას უძღვება რანგით შემდგომი მიტროპოლიტი, მაგრამ თუ ვერც ერთი მიტროპოლიტი ვერ დაესწრება სხდომას, მაშინ ეპისკოპოსებიდან ქიროტონიით უხუცესი ითავებს თავჯდომარეობას. წმინდა სინოდი იკრიბება წელიწადში ერთხელ, მაგრამ თუ გარემოება მოითხოვს, მაშინაც იკრიბება. სინოდის სხდომა მიიჩნევა უფლებამოსილად, თუ მას ესწრება არაუმცირეს 12 ეპისკოპოსისა. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.

წმინდა სინოდის უფლებამოსილება და ვალდებულებაა: დაიცვას დოგმატური და კანონიკური ერთობა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიასთან; განიხილოს ნებისმიერი დოგმატური და კანონიკური საკითხი; განიხილოს და მიმართულება მისცეს ყველა კანონსა და წეს-განგებას, რაც კი შეეხება რუმინეთის ეკლესიას; აკონტროლებს პატრიარქის საარჩევნო პროცესს, მიტროპოლიტებსა და ეპისკოპოსებს; ასევე, ამოწმებს კანდიდატთა მზადყოფნასა და შესაძლებლობას საეკლესიო კანონიკის მოთხოვნილებებთან მიმართებით. წმინდა სინოდი ირჩევს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებს კათედრებზე, რომელიც საზღვარგარეთ მოქმედებს, და ასევე პატრიარქის ვიკარიუსებს. მას აქვს უფლება, აწარმოოს თავისი წევრების სასამართლო პროცესი; ის იღებს და განიხილავს მრევლისა და ღვთისმსახურთა (კლერიკოსთა) სააპელაციო საჩივრებს; ხელმძღვანელობს ეპარქიის, მიტროპოლიის, საპატრიარქოს აღმასრულებელი ორგანოების მოქმედება-მოღვაწეობას, თვალყურს ადევნებს საგამომცემლო საქმიანობას წმინდა წერილის, საღვთისმსახურო წიგნებისა და ყველა რელიგიური ლიტერატურის გამოცემების საკითხს, ასევე ხატწერისა და საღვთისმსახურო ჭურჭლის შექმნა-დამზადებას. წმინდა სინოდი ახდენს რატიფიცირებას, ამტკიცებს მუდმივმოქმედი სინოდის გადაწყვეტილებებს. გადაწყვეტილებებს იღებს ღია ან ფარული კენჭისყრით. ხმათა თანასწორობის შემთხვევაში, თავმჯდომარის ხმას ანიჭებს უპირატესობას, რითაც იმარჯვებს ეს არჩევანი. როდესაც ფარული კენჭისყრა იმართება და თანასწორი ხმები მოგროვდება, ხელმეორედ უნდა გაიმართოს კენჭისყრა, თუ ამ შემთხვევაშიც იგივე შედეგი დადგება, მაშინ წილისყრით უნდა გადაწყდეს ეს საკითხი.

წმინდა სინოდის სესიები იწყება იმით, რომ იქმნება ოთხი კომისია. თითო კომისია შედგება სამი წევრისგან: მიტროპოლიტისგან, რომელიც წარმოადგენს თავმჯდომარეს და ორი ეპისკოპოსისაგან, რომელთაგანაც ერთი მომხსენებელია. ეს კომისიებია:

1) საგარეო საქმეთა საკითხები;

2) მონასტრებში სულიერი ცხოვრებისა და დოქტრინულ საკითხებთან დაკავშირებული;

3) დისციპლინარულ, კანონიკურ და სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებული;

4) სასულიერო განათლებასთან დაკავშირებული.

სინოდის სესიებს შორის მოქმედებს მუდმივმოქმედი სინოდი, რომელიც შედგება პატრიარქისგან, როგორც თავმჯდომარისგან, და მიტროპოლიტებისგან. იმ შემთხვევაში, თუ პატრიარქი არ იმყოფება, თავმჯდომარეობას გასწევს მიტროპოლიტი დიპტიხში უპირატესობის მიხედვით. პატრიარქს შეუძლია მოიწვის მუდმივმოქმედი სინოდის სხდომაზე კლერიკოსები, მონასტრებისა და სასულიერო სასწავლებლების წარმომადგენლები. მუდმივმოქმედი სინოდის კომპეტენცია ანალოგიურია სამღვდელმთავრო სინოდისა, თუმცა მუდმივმოქმედი სინოდის გადაწყვეტილება რომ მოქმედი გახდეს, სჭირდება სამღვდელმთავრო სინოდის დამტკიცება-რატიფიცირება.

რუმინეთის ეკლესიის ცენტრალურ წარმომადგენლობითი ორგანო ყველა ადმინისტრაციულ-სამეურნეო საკითხში, რომელიც არ შედის სინოდის უფლებამოსილებაში, წარმოადგენს სახალხო საეკლესიო კრება. ის შედგება ყველა ეპარქიის წარმომადგენლისგან: თითო ეპარქია წარმოგზავნის ერთ სასულიერო და ორ საერო პირს, რომელთაც გამოარჩევს საეპარქიო კრება ოთხი წლით. ასევე ამ კრების შემადგენლობაში შედიან წმინდა სინოდის წევრებიც. კრების თავმჯდომარეა პატრიარქი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ერთ-ერთი მიტროპოლიტი. სახალხო ნაციონალურ საეკლესიო კრებას იწვევენ წელიწადში ერთხელ, და ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში. ის იცავს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებებსა და ინტერესებს, ხელმძღვანელობს მის კულტურულ, საქველმოქმედო და სამეურნეო დაწესებულებებს, იღებს გადაწყვეტილებებს ეპარქიების სამიტროპოლიტო რეგიონების საზღვრების შეცვლის საკითხთან და ახალი საეპარქიო კათედრების დაფუძნებასთან დაკავშირებით; განკარგავს საეკლესიო ქონებას, ზედამხედველობს და ადგენს საერთო საეკლესიო ბიუჯეტს და მიმდინარე ხარჯებს. ნაციონალური საეკლესიო ყრილობა ქმნის ბიუროს, სამი მდივნის შემადგენლობით. აქედან ერთი სასულიერო პირია, ორი – საერო. ერთ-ერთ მდივანი დგინდება პატრიარქის გენერალურ მდივნად. ამას გარდა, კრება ქმნის მუდმივ კომისიას ექვსი წევრის შემადგენლობით. მათში ორი სასულიერო პირია, ოთხი – საერო, რომელთაგან თითოეული განაგებს სხვადასხვა სფეროს: 1) საორგანიზაციოს; 2) საეკლესიოს; 3) კულტურის; 4) საფინანსო-ეკონომიკურს; 5) სამანდატოს; 6) საბიუჯეტოს.

გადაწყვეტილებები კრებაზე მიიღება ხმის მიცემით. ის შეიძლება გამოიხატოს ხელის აწევით ან ტაშით. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ფარული ან სახელობითი კენჭისყრა ჩატარდეს.

უმაღლესი ადმინისტრაციული ორგანო სრულიად რუმინეთის ეკლესიის საქმეებში ეკისრება ნაციონალურ საეკლესიო საბჭოს, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს წმინდა სინოდის აღმასრულებელ ორგანოს და ნაციონალურ კრებას. ის შედგება პატრიარქისა, რომელიც თავმჯდომარეა, და ცხრა წევრისაგან: აქედან სამი მღვდელმსახურია, ხოლო ექვსი საერო პირი, რომელსაც ირჩევს ნაციონალური საეკლესიო კრება 4 წლით, ასევე პატრიარქის ადმინისტრაციის მრჩევლები, რომელნიც იღებენ მონაწილეობას სხდომებზე მრჩევლის ხმის უფლებით. ნაციონალური საეკლესიო საბჭოს სამუშაო პროცესში შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ეპისკოპოსებმა, სინოდის წევრებმა მრჩევლის ხმის უფლებით. ნაციონალური საეკლესიო საბჭოს იწვევს საჭიროების შემთხვევაში პატრიარქი, რომელიც არის მისი თავმჯდომარე. ნაციონალური საეკლესიო საბჭოს კომპეტენცია თანასწორია ნაციონალური საეკლესიო კრებისა, მაგრამ მათი გადაწყვეტილებები მტკიცდება და ძალაში შედის კრების მეშვეობით.

პატრიარქის ადმინისტრაცია შედგება: ორი ვიკარული ეპისკოპოსისგან, ეპარქიის ეპისკოპოსთან გათანაბრებული უფლებებით, პატრიარქის ადმინისტრაციის ექვსი მრჩევლისგან, რომელნიც არიან წევრები ნაციონალური საეკლესიო საბჭოსი, საპატრიარქო კანცელარიისა, ინსპექციისა და კონტროლის განყოფილებისგან. პატრიარქის ადმინისტრაციის მრჩევლები ნაციონალური საეკლესიო კრებაზე ღია კენჭისყრით აირჩევიან სასულიერო პირთაგან, რომელნიც არიან დოქტორები და ლიცენზიანტები ღვთისმეტყველებაში. საპატრიარქო კანცელარიას მეთაურობენ დირექტორი და პატრიარქის ადმინისტრაციის მრჩევლები. პატრიარქთან მოქმედებს ასევე პატრიარქის კაბინეტი; ამ კაბინეტს მართავს დირექტორი და პატრიარქის მიერ დანიშნული მდივანი.

3. ელადის ეკლესია

ელადის ეკლესიაში უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს წმინდა მღვდელმთავართა სინოდი, მუდმივმოქმედი სინოდი, გენერალური საეკლესიო ასამბლეა. უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოა საეკლესიო საბჭო და სინოდალური ადმინისტრაცია. ამ ორგანოებს ხელმძღვანელობს და მეთაურობს უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ათონისა და სრულიად ელადისა.

ათონის არქიეპისკოპოსად წარადგენენ სამ კანდიდატს, რომელსაც გამოარჩევს სინოდი და სახელმწიფო მეთაური სახელმწიფო მინისტრთა წარდგინებით, რაკიღა საბერძნეთში მართლმადიდებელი ეკლესია და სარწმუნოება წარმოადგენს სახელმწიფო რელიგიას. ამ სამი კანდიდატიდან აირჩევენ ერთს.

წმინდა მღვდელმთავართა სინოდს წარმოადგენს საჭეთმპყრობელი ელადის ეკლესიისა – არქიეპისკოპოსი ათონისა და სრულიად ელადისა და ყველა არსებული კათედრის ეპისკოპოსი. მღვდელმთავართა სინოდი ვალდებულია, დაიცვას რწმენის ერთობა და მსოფლიო პატრიარქთან და საპატრიარქოებთან, ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიებთან ძმური ურთიერთობა ჰქონდეს. მღვდელმთავართა სინოდი იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც ეხება დოგმატებს, ქრისტიანულ ზნეობას, წმინდა კანონებს და ღვთისმსახურებას; მის მოვალეობას შეადგენს, ყურადღება მიაქციოს საეკლესიო დისციპლინას; წარმოადგენს უმაღლეს ზედამხედველობას საეკლესიო აღმასრულებელი მმართველი ორგანოების მოქმედებაზე; აკონტროლებს ყველა ეპისკოპოსის სამუშაო მოქმედებას და საეპარქიო დაწესებულებებს; მთავარეპისკოპოსთა სინოდი წარადგენს ელადის ეკლესიის საჭეთმპყრობლის ასარჩევად სამ კანდიდატს; არქიეპისკოპოსთა სინოდი განიხილავს ეპისკოპოსთა საჩივრებს, რადგან ასეთი საჩივრების არსებობის შემთხვევაში ის წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს. მუდმივმოქმედი სინოდის მოთხოვნისას ის ნიშნავს თავმჯდომარეებს და წევრებს მუდმივმოქმედი სინოდის კომიტეტებისთვის. ეკლესიისთვის განსაკუთრებული საკითხების განხილვის შემთხვევაში პენსიაზე მყოფ ეპისკოპოსებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, მაგრამ ხმის მიცემის უფლების გარეშე.

წმინდა მღვდელმთავართა სინოდი თავის სხდომას იწყებს ყოველი წლის 15 ნოემბერს. იმ შემთხვევაში, თუ სესიაზე ვერ ხერხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, მაშინ სინოდის 2/3 წევრთა ხმით მიიღება დადგენილება, რომ მღვდელთავართა სინოდის სესია მოიწვიონ 16 თებერვალს. თუ გადაწყვეტილებას მიიღებს მუდმივმოქმედი სინოდი ან თუ ამას ისურვებს მღვდელმთავართა სინოდის შემადგენლობის ნახევარი, სინოდის სხდომა გაგრძელდება არა უმეტეს 15 დღე. მისი 10 დღით გასახანგრძლივებლად კი საჭიროა მღვდელმთავართა სინოდის წევრთა 2/3-ის თანხმობა.

მუდმივმოქმედი წმინდა სინოდი შედგება ელადის ეკლესიის საჭეთმპყრობელის – არქიეპისკოპოსისგან და ეპისკოპოსებისგან, რომლებიც ხელმძღვანელობენ მუდმივმოქმედ სინოდალურ კომიტეტებს. მუდმივმოქმედი მღდელმთავართა სინოდს შეუძლია სინოდის ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშნოს ქიროტონიით უხუცესი ეპისკოპოსი. სესიებს შორის დროს მუდმივმოქმედი სინოდი წარმოადგენს საეკლესიო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს, რომელიც აღჭურვილია მღვდელმთავართა სინოდის სრული ძალმოსილებით, გარდა ელადის ეკლესიის არქიეპისკოპოსად გამორჩევისთვის სამი კანდიდატის წარდგინების უფლებისა. მუდმივმოქმედი სინოდის სასამართლო ხელმწიფება იზღუდება იმით, რომ მღვდელმთავართა სინოდი განიხილავს სააპელაციო საჩივრებს, რომელზეც განაჩენი გამოიტანა მუდმივმოქმედმა სინოდმა. საბოლოო განაჩენს იღებს მღვდელმთავართა სინოდი. ასევე მუდმივმოქმედი სინოდი ახდენს მუდმივმოქმედი სინოდალურ კომიტეტების მუშაობის კოორდინირებას, ხელმძღვანელობს სასულიერო სკოლებისა და საღვთისმეტყველო ფაკულტეტების სასწავლო პროცესს, ამტკიცებს საეკლესიო ბიუჯეტს და გამოსცემს ოფიციალურ ბიულეტენებს.

საეკლესიო გენერალური ასამბლეა შედგება ძირითადი, მუდმივი და არჩევითი წევრებისგან. მის ძირითად წევრებს წარმოადგენენ: საბერძნეთის ეკლესიის საჭეთმყრობელი, მთავარეპისკოპოსი ელადისა (თავმჯდომარე), ყველა მოქმედი ეპისკოპოსი, რომელნიც მოღვაწეობენ საეპარქიო კათედრებზე, მუდმივმოქმედი სინოდის მდივნები, გენერალური დირექტორები და მათი მდივნები საეკლესიო დაწესებულებებისა, ხელმძღვანელები მუდმივმოქმედი სინოდის კომიტეტებისა. ასამბლეის არჩევითი წევრები არიან ეპარქიის წარმომადგენლები: თითო წევრი და მოადგილე საერო პირი. საეკლესიო გენერალურ ასამბლეას წელიწადში ერთხელ იწვევენ. რიგგარეშე სესიას იწვევენ განსაკუთრებულ შემთხვევაში ასამბლეის მუდმივმოქმედი სინოდის კომიტეტის მიერ ან ასამბლეის არჩევითი წევრების 1/3-ის მიერ გაკეთებული წერილობით განცხადების საფუძველზე. საეკლესიო გენერალური ასამბლეა გადაწყვეტილებებს იღებს საეკლესიო ცხოვრების საფინანსო და სამეურნეო საკითხების სწორად წარმართვაში, განიხილავს და მსჯელობს საეკლესიო ბიუჯეტზე, იცავს ელადის ეკლესიის მატერიალურ ინტერესებს; მღვდელმთავართა სინოდზე განსახილველად გამოაქვს შეთავაზებები ეპარქიების საზღვრების შეცვლასა და მათთვის სახელების შერჩევაზე; განიხილავს კანდიდატების კანონიკურ შესაძლებლობებს მღვდელმთავართა ეპარქიულ კათედრებზე დადგენისას. საეკლესიო გენერალური ასამბლეის სესიებს შორის პერიოდში უფლებამოსილება ეკუთვნის ცენტრალურ საეკლესიო საბჭოს, რომელიც მის წინაშე არის პასუხისმგებელი. ცენტრალური საეკლესიო საბჭო შედგება თავმჯდომარისგან, რომელიც არის არქიეპისკოპოსი, და მოადგილე მუდმივმოქმედი სინოდის სახით. ძირითადი წევრები არიან აგრეთვე საეკლესიო დაწესებულებების გენერალური დირექტორები. აუცილებელი არჩევითი წევრები არიან 2 მღვდელმსახური და 4 საერო პირი თავისი მოადგილეებით, მათ ირჩევს გენერალური საეკლესიო ასამბლეა სამი წლის ვადით.

სინოდალური ადმინისტრაცია თავის თავში მოიცავს:

1) წმინდა სინოდის სამდივნოს კომიტეტს, რომლის შემადგენლობაშიც შედის სამი მაღალიერარქი; მათ ირჩევს მღვდელმთავართა სინოდი;

2) დოგმატურ, ზნეობრივ, კანონიკურ და საეკლესიო-საკანონმდებლო საკითხთა კომიტეტი;

3) საღვთისმსახურო და საეკლესიო ხელოვნების კომიტეტი;

4) სასულიერო განათლებასთან დაკავშირებული კომიტეტი;

5) შიდა საეკლესიო ურთიერთობების კომიტეტი;

6) საგამომცემლო კომიტეტი;

7) ახალგაზრდების ქრისტიანულად აღზრდის კომიტეტი;

8) სამოძღვრო კომიტეტი;

9) საფინანსო კომიტეტი.

ყველა მათგანში, გარდა წმინდა სინოდის მდივანთა კომიტეტისა, შედის ეპოსკოპოსების ხარისხის მქონე სამი უთუო წევრი, რომელთაც ირჩევს წმინდა მღვდელმთავართა სინოდი და წარადგენს მუდმივმოქმედი სინოდი 3 წლის ვადით. არჩევითი წევრები ინიშნებიან მღვდელმთავართა სინოდის მიერ, რომელთაც წარადგენენ უთუო, აუცილებელი წევრები. აუცილებელ წევრებად კომიტეტებში შეიძლება იყვნენ პენსიაში მყოფი ეპისკოპოსებიც. საეკლესიო ხელისუფლების ცენტრალური ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც აღასრულებს ყველა უმაღლესი ორგანოს საეკლესიო ხელისუფლების დადგენილებებს, წარმოადგენს ათონისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი.

5 Никодимъ, Православное Церковное Право, СПб., 1897, გვ. 340.

6 В. Цыпин, Церковное Право, 1996, გვ. 262-264.