← კანონიკური სამართალი (მჭედლიშვილი)

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი V: ავტოკეფალიური ეკლესიების დაფუძნება

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი V: ავტოკეფალიური ეკლესიების დაფუძნება

საყოველთაო მსოფლიო ეკლესია შედგება ცალკეული ადგილობრივი ეკლესიებისაგან, რომლებიც, თავის მხრივ, საეკლესიო კათედრებად – ეპარქიებად იყოფა, ეპარქიები კი – სამრევლოებად. არსებობს სხვაგვარი წარმონაქმნები ეკლესიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფისა: ავტონომიური ეკლესიები, საეგზარქოსოები, სამიტროპოლიტო რეგიონები. ეკლესიის სტრუქტურის ასეთი სახით ჩამოყალიბება დაიწყო მისი დაფუძნების პირველი საუკუნეებიდანვე და მას შემდეგ ეს საფუძველი შეუცვლელი რჩება.1 ადმინისტრაციული დაყოფა ეკლესიისა ეფუძნება ტერიტორიულ და არა ეროვნულ პრინციპს.

როგორც მსოფლიო, ისე ადგილობრივი ეკლესიის მოწყობის გასაგებად, უნდა განვიხილოთ ეკლესიის შემადგენელი ნაწილები, რომელთა საშუალებითაც საეკლესიო მმართველობა მოქმედებს მათთვის განკუთვნილ საზღვრებში.

თავდაპირველად ქრისტიანობა გავრცელდა და გაძლიერდა ბერძნულ-რომაული სახელმწიფოს დიდ და მთავარ ქალაქებში, სადაც დაფუძნდა და ჩამოყალიბდა საეკლესიო თემი კონკრეტული ეპისკოპოსის მეთვალყურეობით. ამავე დროს ქრისტიანული თემი ყალიბდება მცირედ დასახლებულ რაიონებსა და სოფლებში. ამ უკანასკნელში მთავარი ქალაქის ეპისკოპოსი გზავნიდა მღვდლებს ღვთისმსახურების ჩასატარებლად. მთავარ ქალაქად მიიჩნეოდა სახელმწიფოს დედაქალაქი, რეგიონის ან რაიონის ქალაქი, რომელზეც პოლიტიკურად იყო დამოკიდებული ეს დაბები. საქმე მოციქულთა მოგვითხრობს: „ხოლო მათ მიმოდააწესეს წამება იგი სიტყვისაé მის და იტყოდის სიტყუასა მას უფლისასა, და მოიქცეს იერუსალáმად და მრავალსა დაბნებსა სამარიტელთასა ახა რებდეს“ (საქმე მოციქულთა, 18, 25). მალევე იქ დაადგინეს მღვდლები, რომლებიც მუდმივად ამ დაბებში იმყოფებოდნენ. ასე ჩამოყალიბდა ადგილობრივი საეკლესიო თემები – დღევანდელი სამრევლოები, რომლებიც კანონიკურ წყაროებში მოიხსენიებოდა, როგორც რაიონული ან სოფლის თემები. მათ შორის იყო ისეთი სამრევლოები, რომლებიც მხოლოდ ამა თუ იმ ტომის რამდენიმე ოჯახისგან შედგებოდა. რამდენიმე ასეთ სამრევლოს ერთი ეპისკოპოსი ზედამხედველობდა, ის ემორჩილებოდა ქორეპისკოპოსად წოდებულ ქალაქის ეპისკოპოსს. რაიონის ეპისკოპოსის გამგებლობაში შედიოდა მცირე სამხარეო სამრევლოები, რომლებიც დღეს იწოდება პროტოპრესვიტარიატად ანუ კეთილსამოწესეოდ. ყველა ასეთი საპროტოპრესვიტერო, მისდამი დაქვემდებარებული მრევლით, ერთ რეგიონად ან მხარედ მიიჩნეოდა, რომელიც დამოკიდებული იყო ქალაქის ეპისკოპოსზე და რომელიც დღეს ეპარქიად იწოდება. ეკლესიის ერთიანობის შესანარჩუნებლად ეპარქიებს შორის მთავარი საშუალება იყო საეკლესიო კრება, რომელიც წელიწადში ერთხელ ან ორჯერ იკრიბებოდა. შეკრების ადგილი შესაბამისი პროვინციის მთავარი ქალაქი იყო. აქ მთავარი ქალაქის ეპისკოპოსის ხელმძღვანელობით მსჯელობდნენ ეკლესიისთვის საჭირო საკითხთა შესახებ. პატარა ქალაქის ეპისკოპოსები მიმართავდნენ დიდი ქალაქის მღვდელმთავარს სხვა საკითხთან დაკავშირებითაც, გარდა ეკლესიური საკითხებისა. ამის შესახებ საუბრობს ქვემოთ მითითებული კანონები:

მოციქულთა 34-ე კანონი:

„ყველა ერის ეპისკოპოსებმა უნდა იცოდნენ მათ შორის პირველი და თავი ეპისკოპოსი და არაფერი ზედმეტი არ უნდა გააკეთონ მის გარეშე, არამედ ყოველი მათგანი მხოლოდ იმას უნდა აკეთებდეს, რაც სასარგებლოა მისი ეკლესიისთვის და მასზე დაქვემდებარებული სოფლებისთვის. მაგრამ ნურც (პირველი) ეპისკოპოსი გააკეთებს რამეს სხვებთან შეთანხმების გარეშე, ვინაიდან მხოლოდ მხოლოდ ასე (შეიძლება) აღესრულოს ერთიანობა და იდიდოს ღმერთი უფლის მიერ სულიწმიდით“.

მოციქულთა 37-ე კანონი:

„ეპისკოპოსთა კრება უნდა შედგეს წელიწადში ორჯერ და ერთმანეთს უნდა შეესატყვისებოდნენ კეთილმსახურების სჯულნი (ღვთისმსახურების დოგმატები) და გადაწყდეს იქ შემოსული საეკლესიო სადავო საკითხები. კრება პირველად უნდა შედგეს სულიწმიდის მოფენის დღეებში მეოთხე კვირაში და მეორედ – სექტემბრის მეთორმეტე კვირას“.

ამავე საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას ბევრი სხვა კანონიც. ამიტომ მთავარი ქალაქის ეპისკოპოსს უწევდა შუამავლობა სხვა მთავარი ქალაქის ეპისკოპოსებთან და საერთოდ, ეკლესიასთან. თანდათან მთავარი ქალაქის ეპისკოპოსებმა იტვირთეს მეთვალყურეობა იმ პროვინციაში შემავალ სხვა ეპისკოპოსებზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გასაგებად, საჭიროდ გვესახება ვიცოდეთ ბერძნულ-რომაული სახელმწიფოს პოლიტიკური დაყოფის სისტემა კონსტანტინე დიდის დროს, რადგან ამ დაყოფასთან იყო მისადაგებული საეკლესიო დაყოფა. მთლიანად სახელმწიფო იყოფოდა ოთხ პრეფექტურად: აღმოსავლეთის, ილირიის, იტალიისა და გალიის. თითოეულ მათგანში იყო რამდენიმე დიოცეზი, რომელიც, თავის მხრივ, იყოფოდა პროვინციად (ეპარქიად). ეს უკანასკნელი კი იყოფოდა უფრო მცირე ერთეულად, რომელსაც პარიქია ეწოდებოდა. აღმოსავლეთის პრეფექტურა დაყოფილი იყო ხუთ დიოცეზად:

1. აღმოსავლეთი (ვიწრო გაგებით), რომლის დედაქალაქი იყო ანტიოქია და მოიცავდა 15 პროვინციას;

2. ეგვიპტე, მთავარი ქალაქი – ალექსანდრია, რომელიც მოიცავდა 6 პროვინციას;

3. აზია, მთავარი ქალაქი – ეფესო (10 პროვინციით);

4. პონტო, მთავარი ქალაქი – კესარია-კაბადოკია (11 პროვინციით);

5. თრაკია, მთავარი ქალაქი – კონსტანტინეპოლი (6 პროვინციით).

ილირიის პრეფექტურა იყოფოდა ორ დიოცეზად:

1. მაკედონია, მთავარი ქალაქით სილუანი (8 პროვინციით);

2. დაკიის (4 პროვინციით).

იტალიის პრეფექტურა იყოფოდა ორ ვიკარიატად:

1. რომის (10 პროვინციით);

2. იტალიის (7 პროვინციით, მთავარი ქალაქი – მილანი).

კონსტანტინე დიდის გარდაცვალების შემდეგ მას შეუერთდა:

დასავლეთი აფრიკა (მთავარი ქალაქი – კართაგენი);

დასავლეთ ილირია (მთავარი ქალაქი – სრემი).

გალიის პრეფექტურა იყოფოდა შემდეგ პროვინციებად:

საკუთრივ გალიის (14 პროვინციით), იტალიის (5 პროვინციით) და ბრიტანეთის (5 პროვინციით).

IX საუკუნეში ეს ზედამხედველობა გადაიზარდა შიდა საეკლესიო საქმეების ფორმალურ მთავრობაში. ასე ჩამოყალიბდა უფრო მოზრდილი საეკლესიო რეგიონი. ასეთ რეგიონებს ეწოდებოდათ მიტროპოლიები, ხოლო თითოეული მათგანის ეპისკოპოსს, სახელმწიფო-ადმინისტრაციული ერთეულის სახელიდან გამომდინარე, ეწოდა მიტროპოლიტი.2 ქვეყნის პოლიტიკური დაყოფის თანახმად, დიდ პოლიტიკურ რეგიონში შემავალი რამდენიმე ასეთი სამიტროპოლიტო შეადგენდა ერთ დიდ მხარეს, რომლის მეთაურიც იყო ამ პოლიტიკური მხარის მთავარი ქალაქის მიტროპოლიტი. მათ ეწოდათ საეგზარქოსოები ან საპატრიარქოები.3

ქალკედონის მსოფლიო კრების IX კანონი განაჩინებს: „თუ რომელიმე სასულიერო პირს სამართლებრივი დავა ექნება სხვა სასულიერო პირთან, თავისი ეპისკოპოსის გვერდის ავლით ნუ მიმართავს სამოქალაქო სასამართლოს. თავდაპირველად თავის ეპისკოპოსთან განიხილოს საკითხი და მისივე მხარდაჭერით, ორივე მხარის წარმომადგენლობისგან შედგეს სასამართლო. ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე კანონის ძალით დაისაჯოს. თუ სასულიერო პირს საკუთარ ან სხვა ეპარქიის ეპისკოპოსთან ექნება სამართლებრივი დავა, მაშინ საქმე სამთავროს კრებამ გამოიძიოს. იმ შემთხვევაში კი, თუ მიტროპოლიტის უკმაყოფილო იქნება ეპისკოპოსი ან სასულიერო პირი, მაშინ მან დიდი სამთავროს ეგზარქოსს ან კონსტანტინეპოლის სამეუფო საყდარს მიმართოს და მის წინაშე გასამართლდეს“.

საეგზარქოსოები უფლებამოსილებით იყვნენ თანასწორნი და ფლობ დნენ თვითმყოფად იურისდიქციას. სხვადასხვა რეგიონში ეკლესიის დაფუძნება სახელმწიფოსა და ეკლესიის საერთო საქმეს წარმოადგენს. სახელმწიფოს მხრიდან მონაწილეობის მიღება, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება იმას, რომ ეკლესიის რეგიონული მოწყობისას გათვალისწინებული იყოს სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობა. ამის შესახებ საუბრობს ქელკედონის კრების მე-17 კანონი:

„თითოეული ეკლესიის კუთვნილი სახნავ-სათესი ადგილისა და სოფლის შემოსავალი მტკიცედ და უცვლელად უნდა ჰქონდეს ამ ეკლესიის მპყრობელ ეპისკოპოსს. და მით უმეტეს მაშინ, თუ ოცდაათი წლის განმავლობაში დავის გარეშე ფლობდნენ და განაგებდნენ მათ. თუ 30 წლის განმავლობაში იყო ან იქნება რაიმე დავა, და თუ ვინმე განაცხადებს თავის პრეტენზიას, ის, ვინც იწყებს დავას, უნდა წარდგეს სამთავროს კრების წინაშე. თუ ვინმე თავისი მიტროპოლიტის მიერ იყოს შევიწროებული, მხარის ეგზარქოსმა, ან კონსტანტინეპოლის საყდარმა გაურჩიოს საქმე, როგორც ადრე ითქვა. თუ სამეფო ხელისუფლების მიერ განახლდება რომელიმე ქალაქი, მაშინ საეკლესიო განწესება უნდა ეთანხმებოდეს სამოქალაქო და საერო წესს“.

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის უნდა არსებობდეს იმდენად მჭიდრო კავშირი, რომ, კანონდარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო თავის თავზე იღებდეს ეკლესიის შიდა მოწყობის სრულ დაცვას.

ახალი საეკლესიო რეგიონის დაფუძნება ან მცირე რეგიონის მაღალ რანგში აღზევება, ამასთანავე გაუქმება ან ორი რეგიონის შერწყმა ადგილობრივი ეკლესიის კრების უფლებამოსილებას წარმოადგენს. ახალი ეპარქიის შექმნა, მიტროპოლიის ხარისხში აღზევება, ისევე, როგორც ყველანაირი ცვლილება საეკლესიო ორგანიზმისა, საეკლესიო სამართლის თანახმად, ენიჭება საეკლესიო კრებას. ამის თაობაზე პირველი მსოფლიო კრების მე-6 კანონი განაჩინებს:

„უცვლელი დარჩეს უძველესი ჩვეულება, ეგვიპტეში, ლიბიასა და ხუთქალაქში (პენტაპოლისში), სადაც თავის იურისდიქციას კვლავაც გააგრძელებს ალექსანდრიელი ეპისკოპოსი. მსგავსი წესით შენარჩუნდეს რომის, ანტიოქიისა და სხვა სამთავროებშიც დედაეკლესიის უპირატესობა. ეს საყოველთაოდ მთელ მსოფლიოში ცხადი იყოს, რომ თუ ვინმე მიტროპოლიტის ნებართვის გარეშე დადგინდეს ეპისკოპოსად, დიდი კრება ასეთი პირის მიმართ განაჩინებს, რომ არაჯეროვანია მისი მღვდელმთავრობა. თუ ყველა ეპისკოპოსის საერთო ბჭობა მართალი იქნება და საეკლესიო კანონთან შეთანხმებული, მაგრამ ორი ან სამი ბრძოლისმოყვარე ეპისკოპოსი ამ გამორჩევას შეეწინააღმდეგება, მაშინ დამტკიცდეს უმრავლესობის განჩინება“.

ასევე ამ საკითხს ეხება შემდეგი კანონები: მოც. 34-ე; I მსოფ. მე-4; II მსოფ. მე-2, მე-3; III მსოფ. მე-8; IV მსოფ. 28-ე; ტრულ. 36-ე; ანტიოქ. მე-9, მე-16, მე-19; კართ. მე-13.

ამასთანავე, საეკლესიო სამართალი აღიარებს სახელმწიფო ხელისუფლების კანონიერ მონაწილეობას ამ კრებებში (მონარქიული მმართველობის შემთხვევაში). ცალმხრივი მოქმედება ამ საკითხში უკანონოა. უფრო კონკრეტულად, როცა ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე ხდება გადაწყვეტილების მიღება, მაგალითად, როცა ერთი მათგანი აფუძნებს ახალ ეპარქიას ან სხვა რომელიმე საეკლესიო რეგიონს, საეკლესიო კანონმდებლობით ის მიიჩნევა უკანონოდ. მეოთხე მსოფლიო კრება განსაკუთრებული კანონით სჯის ზოგიერთი ეპისკოპოსის მცდელობას, საერო ხელისუფალთა მიერ გაცემული სიგელების მეშვეობით გათავისუფლდნენ კანონიერი მიტროპოლიტების დაქვემდებარებიდან და თავად მიიღონ მიტროპოლიტობა. ამ საკითხს ეხება მეოთხე მსოფლიო კრების მე-12 კანონი:

„ჩვენამდე მოაღწია ამბავმა, რომ ზოგიერთები, საეკლესიო წესის მიუხედავად, ცდილობენ უმაღლეს ხელისუფალთა დახმარებით ერთი სამთავროს ორად გაყოფას, რომ ამგვარად ორი მიტროპოლიტი დასვან ერთ სამთავროში. წმინდა კრება ადგენს, რომ ამიერიდან არაფერი ამის მსგავსი არ გაბედოს ეპისკოპოსმა, რადგან ამის ჩამდენს მისი პატივი ჩამოერთმევა. სამეფო საბუთით რამდენი ქალაქიცაა დედაქალაქის პატივით დამტკიცებული, ჰქონდეთ მათ ეს პატივი. აგრეთვე ამ ქალაქის ეკლესიის გამგებელ ეპისკოპოსს მიტროპოლიტობის სახელი და პატივი ჰქონდეს მტკიცედ დაცული, როგორც დედაქალაქის ჭეშმარიტ ზედამდგომელს“.

სახელმწიფო ხელისუფლება, თავის მხრივ, არანაირ ცვლილებას შეიტანდა საეკლესიო ორგანიზმში ეკლესიის მმართველ იერარქთა გარეშე. ეს საკანონმდებლო პრაქტიკა დღესაც ძალმოსილია მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

1 В. Цыпин, Церковное Право, 1996, გვ. 200.

2 Никодимъ, Православное Церковное Право, СПб., 1897, გვ. 304.

3 Правила Святых Вселенскихъ Соборовъ с толкованiями, М., 1877, გვ. 183.

1. თვითმყოფადობა ადგილობრივი ეკლესიებისა

ეკლესიის საყოველთაობაზე საუბრისას ვნახეთ, რომ ის მთლიანია თავისი ბუნებითა და არსით. მიწიერ მოქმედებაში ის წარმოგვიდგება რამდენიმე ადგილობრივი ეკლესიის სახით, დაყოფილი მოწყობის ფორმის მიხედვითა და თვითმყოფადი მმართველობით. დამოუკიდებლობა სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიისა, რომლებიც შეადგენენ მსოფლიო ეკლესიას, საფუძველს იღებს როგორც წმიდა წერილიდან, ასევე ყველაზე ადრეული საეკლესიო დადგენილებებიდან. ეკლესიის დამაარსებელი უბრძანებს თავის მოციქულებს, უქადაგონ, ახარონ წმიდა წერილი ყველა ერს მათი საზოგადოებრივი წყობის მიუხედავად. მოციქულებიც დადიოდნენ სხვადასხვა ქვეყანა და ერებს შორის და აფუძნებდნენ მათ ტერიტორიაზე ეკლესიებს. უნიშნავდნენ, უკურთხებდნენ მღვდლებს, აძლევდნენ მათ უფლებას, ჩამოეყალიბებინათ რელიგიური ურთიერთობა ადგილობრივ საზოგადოებასთან მათი საზოგადოებრივი წყობის გათვალისწინებით. სწორედ ასე, მოციქულების სიცოცხლეშივე, დაარსდა რამდენიმე ეკლესია სრული დამოუკიდებლობით, თვითმმართველობით. ქრისტეს მოციქულები კრებების მეშვეობით მართავდნენ მთელ ეკლესიას. ისეთ ადგილებში, სადაც ახალ ეკლესიებს აფუძნებდნენ, მოქმედებდნენ დამოუკიდებლად და თავისებურად, მაგრამ ერთსულოვნების შენარჩუნებით. ახლად დაფუძნებულ ეკლესიას ისინი მართავდნენ თავიანთი მემკვიდრის საშუალებით, რომელიც მოციქულთა მსგავსად მოქმედებდა: „ვცდილობდი არ მეხარებინა იქ, სადაც ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა“(რომ. 15,20); „იოანე ასიის შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენდა და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და იქნება, და შვიდი სულისაგან, რომელნიც არიან მისი ტახტის წინაშე“(გამოცხ. 1,4); „რომელმაც თქვა: მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი. რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე ასიის ეკლესიებს – ეფესოში, სმირნაში, პერგამონში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში“ (გამოცხ. 1,11).

ეს იყო მოციქულთა სწავლება, რომ, როგორც საყოველთაო ეკლესია უნდა იმართებოდეს ეკლესიის ყველა იერარქის კრების მეშვეობით, ასევე ყველა კანონიკურად დაფუძნებულ ეკლესიას აქვს კანონიერი უფლება, ჰყავდეს თავისი იერარქია და ადგილობრივი მმართველობა, მით უფრო, რომ ყოველ მართებულად დაფუძნებულ ადგილობრივ ეკლესიაზე განცხადებულია აღთქმა ზეციური მადლმოსილებისა: „კვლავ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან. რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის“ (მათე, 18, 19-20).

ასეთი შემეცნებით განმტკიცებული პირველი მსოფლიო კრებები ამტკიცებენ, ადასტურებენ საკანონმდებლო წესად ადგილობრივი ეკლესიების უფლებებს, ტრადიციებსა და თვითმყოფადობას. აქედან გამომდინარე, კანონიერი ძალა ენიჭება იმას, რაც მოციქულების შემდგომ, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ჩამოყალიბდა ტრადიციად. ამასთანავე, კრებები თავიანთ კანონებში მიუთითებენ იმასაც, თუ რაში გამოიხატება თვითმყოფადობა ადგილობრივი ეკლესიებისა; უფრო კონკრეტულად:

1. ერთი ეკლესიის იერარქის დამოუკიდებლობა მეორისგან;

2. იერარქიული უფლებებისა და უპირატესობის ცნობა ეკლესიებს შორის;

3. უფლებამოსილება ადგილობრივი საკანონმდებლო და დამოუკიდებელი სასამართლოთი;

4. განსხვავებულობა ადგილობრივი ტრადიციებისა და წესრიგისა ეკლესიებში.4

2. ერთი ეკლესიის იერარქის დამოუკიდებლობა მეორისგან

მე-3 მსოფლიო კრების მე-8 კანონი განაჩინებს:

„საეკლესიო წესებისა და წმინდა მოციქულთა კანონების საწინააღმდეგო, სიახლე და თავისუფლების ხელმყოფია ქმედება, რომლის შესახებაც გვაცნობეს ღვთისსათნომყოფელმა თანაეპისკოპოსმა რიგინოსმა და მასთან ერთად კვიპროსის სამთავროს კეთილკრძალულმა ეპისკოპოსებმა – ზენონმა და ევაგრემ. ვინაიდან იგი საზოგადო ვნების მატარებელია, ამიტომ ძლიერ მკურნალობას საჭიროებს, როგორც დიდი ზიანის მომტანი; მით უფრო, რომ არასდროს ყოფილა ჩვეულება, ანტიოქიის ეპისკოპოსს კვიპროსში დაესხას ხელი, როგორც ეს წერილობით და სიტყვიერად გვაცნობეს წმინდა კრებაზე მობრძანებულმა კეთილკრძალულმა კაცებმა. ამიტომ კვიპროსის ეკლესიის მღვდელმთავრებს, ყოველგვარი შევიწროების გარეშე უნდა შეუნარჩუნდეთ წმინდა მამათა კანონებისამ ებრ და ძველი ჩვეულების თანახმად იმის უფლება, რომ თავად დაასხან ხელი კეთილკრძალულ ეპისკოპოსებს. იგივე წესი უნდა იყოს დაცული ყველა სხვა სამთავროსა და ეპარქიაში. ამდენად, ღვთისსათნომყოფელ ეპისკოპოსთაგან არავინ გაავრცელოს თავისი ხელისუფლება იმ ეპარქიაზე, რომელიც მანამდე არც მას და არც მის წინამორბედ ეპისკოპოსს არ ექვემდებარებოდა; ვინც გაავრცელა თავისი ძალაუფლება უკანონოდ და ძალად დაიმორჩილა რომელიმე ეპარქია, ხელი უნდა აიღოს მასზე; ნურავინ გადავა მამათა მიერ დაწესებულ კანონებს, რათა არ შემოიპაროს თითქოსდა ღვთისმოსაობის სახით, საერო ქედმაღლობა; ნუ დავკარგავთ ნელ-ნელა და შეუმჩნევლად იმ თავისუფლებას, რომელიც თავისი სისხლით ყოველი კაცის მხსნელმა უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ მოგვმადლა. ამგვარად, წმინდა და მსოფლიო კრებამ სათნოდ მიიჩნია, რომ თითოეულმა ეპარქიამ, ყოველგვარი შევიწროების გარეშე, წმინდად შეინარჩუნოს თავიდანვე მისთვის მინიჭებული და ძველთაგანვე დამტკიცებული უფლება. ჩვეულებისამებრ, თითოეულ მიტროპოლიტს, თავისი უფლებამოსილების დასადასტურებლად, შეუძლია ამ დადგენილების ასლი გადაიღოს. აქვე ვადგენთ: ამ წმინდა და მსოფლიო კრების განჩინების საწინააღმდეგოს თუ ვინმე შემოიღებს, უკანონოდ იქნეს შერაცხილი“.

საკითხის სრულად გასაანალიზებლად საჭიროდ მიგვაჩნია, ყურადღება მივაპყროთ ზემომოყვანილი კანონის ნიკოდიმოს მილაშისეულ განმარტებას:

„ამ კანონის მიღების მიზეზი გახდა საჩივარი, რომელიც კვიპროსის ეკლესიის სამმა ეპისკოპოსმა წარადგინა ეფესოს კრების მეშვიდე სხდომაზე ანტოქიის ეპისკოპოსის წინააღმდეგ, რომლის სურვილი იყო, დაექვემდებარებინა კვიპროსის ეკლესია თავისი იურისდიქციისთვის. აქედან გამომდინარე, წაერთმია მისთვის ის ძველი პრივილეგიები, რომლითაც ის სარგებლობდა ყოველთვის და რომლის საფუძველზეც კვიპროსის საეკლესიო კრებაზე ეპისკოპოსებს შეეძლოთ დამოუკიდებლად გამოერჩიათ და ეკურთხებინათ ეპისკოპოსები.

კვიპროსის მთავარეპისკოპოსი (მიტროპოლიტი) უხსოვარი დროიდან იყო დამოუკიდებელი და როგორც საეკლესიო კანონებიდან ვხედავთ, იგი ყოველთვის იყო აღიარებული ავტოკეფალიურ ეკლესიად. მეორე მსოფ ლიო კრების მეორე კანონი თუმც კი უქვემდებარებს მიტროპოლიტებს დიოცეზის მმართველ ეპისკოპოსს (პატრიარქს), მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მიტროპოლიტი მაინც რჩებოდა ავტოკეფალიური. ხსენებული კანონის განმარტებისას ბალსამონი ამბობს: „არ მიიჩნიო უცნაურად, თუ კი შეხვდები და ნახავ სხვა დამოუკიდებელ (ავტოკეფალიურ) ეკლესიებსაც, როგორიცაა: ბულგარეთის, კვიპროსის და ივერიის ეკლესიები.... კვიპროსის არქიეპისკოპოსს პატივი მიანიჭა მესამე მსოფლიო კრებამ. ამიტომ წაიკითხე მერვე კანონი ამ კრებისა და 39-ე კანონი მეექვსე მსოფლიო კრებისა“ (ათონური სინტაგმები 2, 171). მაშასადამე, კვიპროსის ეკლესიის დამოუკიდებლობა ეფუძნება როგორც ძველ ტრადიციას, ისე კანონებს. ყოველივე ეს ამ კანონის მიღების მიზეზს ძალიან მკაფიოდ გვიჩვენებს. პირველი მსოფლიო კრების მე-6 კანონის სიტყვები: „და სხვა სამთავროებშიც შენარჩუნდეს დედა ეკლესიათა უპირატესობა“, სხვა მნიშვნელობას არ მოიცავს, გარდა იმისა, რაც მივუთითეთ ამ კანონის განმარტებისას: ავტოკეფალიურობა ზოგიერთი საეკლესიო რეგიონისა, რომელიც ამ კანონში მოტანილი არაა, სათანადო პატივით უნდა იქნეს აღიარებული, რადგან ის ძველ ტრადიციას ეფუძნება. ანტიოქიის ეპისკოპოსებმა რამდენიმეჯერ სცადეს კვიპროსის ეკლესიისთვის წაერთმიათ დამოუკიდებლობა და თავისი მმართველობისთვის – ანტიოქიის ეკლესიისთვის დაექვემდებარებინათ. ისინი ძირითად საფუძვლად იყენებდნენ იმას, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით კვიპროსის კუნძული ექვემდებარებოდა ანტიოქიის პრეფექტს. ამ კანონის განმარტებისას ბალსამონთან ვკითხულობთ შემდეგს: „ვიდრე დიდი ანტიოქია გამოეყოფოდა რომის იმპერიას, იმპერატორი იქ აგზავნიდა თავის ნაცვალს, კვიპროსზე კი აგზავნიდა სამხედრო მეთაურს, რომელიც ანტიოქიას ექვემდებარებოდა. ამ უფლებამოსილებით ანტიოქიის ეპისკოპოსი ხელდასხმას ახორციელებდა კვიპროსის ეკლესიის ეპარქიებში და ტაძრებში იმაზე დაყრდნობით, რომ ანტიოქიის მეფისნაცვალი ნიშნავდა კვიპროსზე სამხედრო ხელმძღვანელს“. შედეგად იოანეს მიერ ეფესოს კრებაზე წარმოებული ბრძოლისას, რომლის მიზანი იყო ერთხელ და სამუდამოდ კვიპროსის ეკლესიის ეპისკოპოსები დაექვემდებარებინა ანტიოქიის ეკლესიისთვის, ის დიდი შემართებითა და განსაკუთრებული მოთხოვნით აყენებდა საკითხს, რომ კვიპროსის მიტროპოლიტ თეოდორეს გარდაცვალების შემდეგ აუცილებლად მის სასარგებლოდ გადამწყდარიყო ეს საკითხი. ამ საკითხში მას მხარს უჭერდნენ პოლიტიკური, საერო მმართველები, რასაც ვიგებთ ეფესოს მესამე მსოფლიო კრების მეშვიდე სხდომის აქტებიდან. კვიპროსის ეკლესიის სამი ეპისკოპოსის – რიგინის, ზენონის და ევაგრეს – საჩივრის მიხედვით, ეფესოს კრებამ გადახედა ამ საკითხს და დაამტკიცა კვიპროსის ეკლესიის ავტოკეფალია. კატეგორიულობა, რომლითაც მიუდგნენ მესამე მსოფლიო კრების მამები და გადაწყვიტეს კვიპროსის ეკლესიის საკითხი და დაიცვეს მისი უფლებები, იმას მიანიშნებს, თუ როგორ მნიშვნელობა ენიჭებოდა ეკლესიის საზღვრების წმინდად დაცვას. როგორც ვხედავთ, ისინი არ შემოიფარგლებიან მხოლოდ კონკრეტულ კანონში სამაგალითო ღია განკარგულებით კვიპროსის ეკლესიის ავტოკეფალიაზე, არამედ ადგენენ მას, როგორც კანონს მოციქულთა 35-ე და და ანტიოქიის კრების მე-3 კანონებზე დაყრდნობით: „ეპისკოპოსი ნუ გაკადნიერდება, თავისი ეპარქიის საზღვრებს გარეთ ხელი დაასხას ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც მას არ ექვემდებარებიან. ხოლო თუ მხილებულ იქნება, რომ ასეთი ქმედება ჩაიდინა იმ ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე, ვისაც ექვემდებარება ეს ქალაქები და სოფლები, განკვეთილ იქნეს ისიც და მის მიერ დადგენილნიც“; „თუ მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ სხვა სამღვდელოთაგანი მიატოვებს თავის ეკლესიას და სხვა ეკლესიაში წავა, ამის შემდეგ მთლიანად გადაინაცვლებს ამ უცხო ეკლესიაში, იქ იქნება და დიდი ხნის განმავლობაში შეეცდება იქ ყოფნას, ასეთი ნუღარ შეასრულებს მღვდელმსახურებას. უფრო მეტიც, თუ თავისი ეპისკოპოსი მოუწოდებს მას და თავისსავე ეკლესიაში დაბრუნებას სთხოვს, ის კი არ შეისმენს და განაგრძობს ამ უწესოებას, სრულიად უნდა განიკვეთოს მღვდლობისაგან, ისე, რომ აღარ ჰქონდეს იმავე ადგილას აღდგენის შესაძლებლობა. ხოლო თუ ამგვარი მიზეზის გამო განკვეთილს შეიწყნარებს სხვა ეპისკოპოსი, ისიც განკანონდეს საერთო კრების მიერ, როგორც საეკლესიო წესების დამრღვევი“. „რომელიც არავის მიერ არ უნდა იქნეს დარღვეული, რადგან არც ერთ ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, გაავრცელოს თავისი იურისდიქცია ეკლესიაზე, რომელიც მანამდე არ ექვემდებარებოდა მას“ (მესამე მსოფ. კრების მე-8 კანონი).

ამასვე ადგენს კვიპროსის ეკლესიასთან დაკავშირებით ტრულის კრების 39-ე კანონიც: „ამიტომ ვადგენთ: ხელშეუხებელ იქნეს დაცული ის უპირატესობა, რაც ზემოდასახელებული კაცის საყდრისათვის ეფესოში წინათ შეკრებილ ღმერთშემოსილ მამათა მიერ განიწესა...“. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა მესამე მსოფლიო კრების მე-8 კანონის სიტყვები: „რათა არ შემოიპაროს თითქოსდა ღვთისმოსაობის სახით, საერო ქედმაღლობა“. ეკლესიას არასდროს ჰქონია სხვა ძალაუფლება და მეუფება გარდა იმისა, რომელიც მისცა მას ქრისტემ, ხოლო ქრისტეს არ შეეძლო სხვა ძალმოსილებისა და უფლებამოსილების მიცემა, გარდა იმისა, რაც მიიღო მამა ღმერთისგან. „კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ“ (იოანე 20, 21), – ეუბნება მაცხოვარი თავის მოწაფეებს და განუმარტავს, თუ რა სახის ძალმოსილება ეძლევათ მათ. ამიტომ ამბობს მოციქული პავლე, რომ სასულიერო პირები ქრისტეს ნაცვლები არიან დედამიწაზე და მისი მსახურების გამგრძელებლები. ამიტომ არ შეიძლება იმის თქმა, რომ მოციქულებს ან მათი მემკვიდრეებს ჰქონდათ ან შეიძლება ჰქონოდათ სხვა სახის ხელმწიფება, ძალმოსილება, რომელიც არ ჰქონდა ქრისტეს, როგორც ეკლესიის თავს, მმართველს. როდესაც ქრისტე განკაცდა და დედამიწაზე მოქმედებდა, მაცხოვარი არასდროს ითვისებდა საერო ხელისუფლების მმართველობას, ხელმწიფებას, არასდროს მოქმედებდა ამ მმართველობით, არასდროს მიმართავდა ძალადობას ან იარაღის გამოყენებას, არამედ შეგონებითა და სასწაულებით ცდილობდა, ადამიანებს შეემეცნებინათ ჭეშმარიტება. ის თავად გვასწავლის ამას, როდესაც ამბობს, რომ მას არ მიუღია მამისაგან არანაირი საერო მმართველობითი ძალაუფლება. როდესაც იუდეველებმა დასდეს მას ბრალი პილატეს წინაშე, რომ ის თავს იუდეველთა მეფეს უწოდებსო, პილატეს კითხვაზე ქრისტე უპასუხებს: „ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური. უთხრა მას პილატემ: მაშ, მეფე ხარ? მიუგო იესომ: შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას“ (იოანე 18, 36-37).

სინამდვილეში როგორი ძალაუფლება მიანიჭა ქრისტემ მოციქულებს, ამას ყველაზე უკეთესად წმინდა წერილის შესაბამისი ეპიზოდები გადმოგვცემს. თუ ეკლესიას არა აქვს სხვა სახის ძალაუფლება გარდა იმისა, რომელიც ქრისტემ მისცა თავის მოწაფეებს, მათი მეშვეობით კი მოციქულთა მემკვიდრეებს, თუ წმინდა წერილიდან არ ჩანს, რომ მოციქულებმა გარდა სულიერი ძალაუფლებისა სხვა სახის ძალაუფლება მიიღეს ქრისტესგან, მაშინ ამაოა ზოგიერთი მაღალიერარქის მხრიდან იმის მტკიცების მცდელობა, რომ მათ შეუძლიათ საერო ხელისუფლების მმართველობის აღმსრულებლები იყვნენ. პირველი და მთავარი ძალაუფლება, რომელიც მისცა ქრისტემ თავის მოციქულებს, ეს არის მთელ ქვეყნიერებაზე სახარების ქადაგების ძალაუფლება და ყველა იმ ადამიანის ნათელღება, რომელსაც აქვს რწმენა ქრისტესი: „და მოვიდა იესო, ეუბნებოდა მათ და უთხრა: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაში და ქვეყანაზე; წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელი ეცით მათ მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით; და ასწავეთ მათ, დაიცვან ყოველივე, რაც გამცნეთ თქვენ. და აჰა, მე თქვენთან ვარ ყოველდღე საუკუნეთა დასასრულამდე, ამინ“ (მათე 28, 18-20). ეს ძალაუფლება რომ მხოლოდ სულიერია, ნათლად ჩანს. სხვა ძალაუფლებაც მიეცათ მოციქულებს და მათი მეშვეობით ეკლესიას – შეკვრისა და გახსნისა: „ამინ გეუბნებით თქვენ: რამდენსაც შეკრავთ ქვეყანაზე, შეკრული იქნება ცაში და რამდენსაც გახსნით ქვეყანაზე, გახსნილი იქნება ცაში“ (მათე 18, 18). მაცხოვრის ამ სიტყვებზე დაყრდნობით, ზოგიერთებმა დაიწყეს მტკიცება, რომ ეს სიტყვები საერო საქმეებს განეკუთვნება. ასეთი მტკიცებულება არ არის საფუძვლიანი, რადგან ქრისტე ასეთ ადამიანებს პასუხს სცემს შემდეგი სიტყვებით: „და უთხრა მათ იესომ კვლავ: მშვიდობა თქვენდა; როგორც მომავლინა მე მამამ, მეც გგზავნით თქვენ. და როცა ეს თქვა, შეჰბერა მათ და უთხრა: მიიღეთ სულიწმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ მათ და ვისაც შეკრავთ, შეკრულები იქნებიან“ (იოანე 20, 21-23). აქედან მკაფიოდ ჩანს, რომ ქრისტესმიერი ძალაუფლება, მოციქულთათვის მინიჭებული, ეხება მხოლოდ ცოდვას, ანუ მხოლოდ სულს და არა სხეულს, როგორც ბრძნულად აღნიშნავს ამას წმინდა იოანე ოქროპირი თავის ქადაგებაში. მესამე ძალაუფლება, რომელიც მიანიჭა ქრისტემ თავის მოციქულებს, ეს არის ევქარისტიის საიდუმლოს ჩატარების ძალმოსილება, რომელსაც არსებითად არ შეიძლება კავშირი ჰქონდეს საერო ძალაუფლებასთან: „და აიღო პური და მადლობდა, გატეხა და მისცა მათ და უთხრა: ეს არის ხორცი ჩემი, თქვენთვის მიცემული; ამას იქმოდეთ ჩემს მოსახსენებლად. და ასევე – სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემი სისხლით, რომელიც თქვენთვის არის დათხეული“ (ლუკა 22, 19- 20). ხოლო ძალაუფლების შესახებ, რომელიც ეხება დამნაშავეთა დასჯას, ახსენებს მოციქული მათე: „ხოლო თუ მათიც არ ისმინა, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ ეკლესიისაც არ ისმინა, იყოს შენთვის, როგორც წარმართი და მეზვერე“ (მათე 18, 17). ეს სიტყვები ნათლად მოწმობს, რომ რომ ეკლესიას არ შეუძლია დამნაშავეს დააკისროს სხვა სასჯელი გარდა ეკლესიისგან განყენებისა.

ის, თუ რამდენად შორს იყვნენ საერო მმართველობისგან მაცხოვარი და მოციქულები, მაცხოვრის სიტყვებიდან ჩანს უპირველესად: „ხოლო იესომ უთხრა მათ: ხალხთა მეფენი მბრძანებლობენ მათზე და კეთილისმყოფლებად იწოდებიან მათი მპყრობელნი“ (ლუკა 22, 25); „ხოლო იესომ მიიხმო ისინი და უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავრებად მიჩნეულნი მბრძანებლობენ მათზე და დიდებულნი ძალადობით განაგებენ მათ. ხოლო თქვენ შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, ის იყოს თქვენი მსახური“ (მარკოზი 10, 42-43). ამ სიტყვებით მაცხოვარი თავის მოწაფეებს განუმარტავს ორ ჭეშმარიტებას: უპირველესად იმას, რომ ისინი და შემდეგში მათი მემკვიდრეები შორს უნდა დადგნენ ყველა სახის საერო მმართველობისგან, და მეორე, სულიერი ძალაუფლება და მმართველობა, რომელიც მათ მიეცათ, არის არა ბატონობის, არამედ მადლმოსილებისა და სიყვარულის ხელმწიფება, რადგან საერო ხელისუფლების ამოცანა ადამიანის გარე საქმეების მართვაა, სულიერი მმართველობა კი მართავს ადამიანის შინაგან, გულისმიერ მოქმედებას. ამის თაობაზე ორიგენე ამბობს, რომ სასულიერო პირები მოწოდებული არიან არა ეკლესიაში ბატონობისთვის, არამედ ეკლესიაში მსახურებისთვის. ნეტარი იერონიმე განმარტავს, თუ რა სხვაობაა საერო მმართველ ბატონსა და სასულიერო მმართველ ეპისკოპოსს შორის: მათგან პირველი (ბატონი) არმსურველებზე ბატონობს, ხოლო მეორე (ეპისკოპოსი) მსურველებს მართავს; პირველი იმორჩილებს შიშით, მეორე კი თავად ხდება მსახური; პირველი იცავს მხოლოდ სიკვდილისგან, ხოლო მეორე – სულს ინახავს ცხონებისათვის.

წმინდა წერილის ამ სწავლებას გულისხმობდნენ ეფესოს კრების მამებიც, რომელიც ამ განკარგულებით იმის შესახებ გვახსენებს, რომ არ შეიძლება შეფარვით შემოიპაროს საეკლესიო მოქმედებასა და ღვთისმსახურებაში საერო ხელისუფლების ინტერესები. აღნიშნული განკარგულებით, იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც მიილტვოდნენ რაიმე სახით მიეღოთ სხვებზე უპირატესობა, მამებმა უპასუხეს, რომ სახარებაში გადმოცემული მაცხოვრის სიტყვები და სწავლება იყო გადამწყვეტი: „თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი – ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი.და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი – ქრისტე. ხოლო თქვენ შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს. რადგან ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება“ (მათე 23, 8-12).

ეფესოს წმ. კრების მამები მაცხოვრის სხვა სიტყვებსაც იმოწმებენ მოციქულთა შორის თანასწორობის შესახებ: „ხოლო იესომ მიიხმო ისინი და უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავრებად მიჩნეულნი მბრძანებლობენ მათზე და დიდებულნი ძალადობით განაგებენ მათ. ხოლო თქვენ შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, ის იყოს თქვენი მსახური“ (მარკოზი 10, 43-44).

ჩვენ მიერ მოყვანილ განმარტებას დავუმატებთ აღნიშნული კანონის არქიმანდრიტ იოანესეულ განმარტებას: „ამ სიტყვებით გადმოიცემა ორი განსაკუთრებული აზრი და სწავლება:

1) საეკლესიო მმართველობაში არ შეიძლება გადამეტება ძალაუფლებისა, ისე რომ ერთი რომელიმე ადგილობრივი მმართველობა განდიდდეს სხვა დანარჩენზე მეტად, რომელნიც თანასწორნი არიან მმართველობის, საღვთო ხარისხის უფლებებითა და მადლმოსილებით, მით უმეტეს, დაუშვებელია თვალყურის დევნება, კონტროლი ყველა სხვა ადგილობრივ ეკლესიაზე, რადგან, მამათა განსაზღვრებითა და დადგენილებით, ყველა ადგილობრივი ავტოკეფალიური ეკლესია არის ხელშეუხებელი და დამოუკიდებელი თავის საზღვრებში;

2) საეკლესიო დასს და მის მმართველობას საეკლესიო კანონმდებლობით არა აქვს უფლება, საეკლესიო მმართველობაში შემოიტანოს საერო მმართველობის წესი, რომელიც უცხოა მისი არსისთვის. დაუშვებელია საერო მმართველობისთვის დამხასიათებელი პატივითა და საშუალებებით საკუთარი მიზნის მიღწევა. მამათა კანონები თავიდანვე ასე მკაცრად იცავდა ეკლესიის მმართველობას და შორს იყო აზრისგან ერთი რომელიმე კათედრა ყოფილიყო მსოფლიო ეკლესიის მეთაური!“.5

4 Никодимъ, Православное Церковное Право, СПб., 1897, გვ. 309.

5 „მიგვაჩნია რომ ზედმეტი არ იქნება, მოვიყვანოთ ციტატა წიგნიდან Geschichte des Kircenrechts von Joh. Wilh. Biekell (Giessen 1843, 1849), რომელიც ნათელს მოჰფენს ჩვენს სწავლებას, მით უფრო, რომ მისი ავტორი მიჩნეულია ერთ- ერთ ყველაზე დიდ ავტორიტეტად დასავლეთის საეკლესიო სამართლის ისტორიაში. მსჯელობა ეხება მოციქულ პეტრეს. ბიკელი (ანუ ავტორი)

3. კათოლიკური სწავლების კრიტიკა ეკლესიაში პაპის უპირატესობის შესახებ

კათოლიკური ეკლესიოლოგია უმაღლესი მმართველობის შესახებ მსოფლიო ეკლესიაში ამოდის სრულებით სხვა შეხედულებიდან, ვიდ რე მართლმადიდებლური. ლათინურ ღვთისმეტყველებაში ეკლესიის ავტორიტეტი და მისი უცდომელობა პერსონიფიცირებულია რომის ეპისკოპოსში, პაპის პიროვნებაში, რომელიც იწოდება უმაღლეს პირველიერარქად, ვიკარიუსად, ქრისტეს ნაცვლად.

უახლესი მცდელობა რომის პაპის მსოფლიო იურისდიქციაზე პრეტენზიისა, განაცხადა და პერიკლ-პიერ ჟოანუმ წიგნში „პაპი, კრება და პატრიარქები IX საუკუნემდე კანონიკური ტრადიციით“, რომელიც გამოიცა 1962 წელს. ჩვენთვის ეს ნაშრომი განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს, რადგან მასში ავტორი ცდილობს დაამტკიცოს, რომ მსოფლიო კრებების ეპოქაში აღმოსავლეთის ეკლესიები აღიარებდნენ პაპის უპირატესობას და მისი დოქტრინული ხელმძღვანელობის უცდომელობას.

ჟოანუ, მიუხედავად კარგად ცნობილი უდავო ისტორიული ფაქტებისა, რომის ეპისკოპოსებს მიაკუთვნებს განსაკუთრებულ უფლებას საეკლესიო კრების მოწვევაზე და მის ხელმძღვანელობას თავისი ლეგა ტების მეშვეობით. კათოლიკური პოლემიკისთვის დამახასიათებელი კაზუისტიკური მოხერხებულობით ჟოანუ ცდილობს დაგვაჯეროს, რომ კრების განკარგულებები ამა თუ იმ ფორმით მტკიცდებოდა რომში, რადგან რომის ეპისკოპოსები აღმოსავლეთშიც აღიარებულნი იყვნენ უმაღლეს მსაჯულებად სარწმუნოების საკითხებში.

ამბობს: „თუ შევადარებთ მაცხოვრის ამ გამონათქვამებს სახარების სხვა ეპიზოდებს, სადაც საუბარია მოციქულ პეტრეზე, მაშინაც კი დადასტურდება საერთო შეხედულება, რომ მოციქული მაცხოვრის მიწიერ ცხოვრებაშივე წარმოჩნდებოდა გამორჩეულად და შემდგომშიც მისი გამორჩეული ღვაწლი მას მიაკუთვნებდა ყველაზე პატივსაცემ ადგილს მოციქულთა დასში; თუმცაღა ამ პატივის გამოც კი არ შეიძლება ვუწოდოთ პრიმატი, რომელიც სადავო საკითხებში, განსაკუთრებულად რელიგიურ საკითხებში, მის სიტყვას აძლევდეს გადამწყვეტ მნიშვნელობას, რის შედეგადაც ამ მოციქულს უყურებდნენ, როგორც ეკლესიის განცხადებულ მეთაურს, ქრისტეს ნაცვალს“.

სინამდვილეში კი საქმე უფრო სხვაგვარად და მარტივადაა. რადგან რომის ეპისკოპოსები პირადად არც ერთ მსოფლიო კრებას არ ესწრებოდნენ, ისინი ნამდვილად განიხილავდნენ კრების შედეგებს და განსაზღვრავდნენ, კრების გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, შეიცავდა თუ არა კრების დადგენილებები შეურყვნელ მართლმადიდებლურ სწავლებას. ასეთ შემთხვევაში ცნობდნენ ამ კრებას. თუ იყო სწავლების დარღვევა, მაშინ არ აღიარებდნენ და მას გამოაცხადებდნენ ყაჩაღთა კრებად. მაგრამ ასე იქცეოდნენ ყველა სხვა მართლმადიდებელი ეპისკოპოსიც, რომლებიც არ ესწრებოდნენ კრებას. თუმცა აქედან არ შეიძლება დავასკვნათ, რომ მამათა მიერ სულიწმიდით მადლით გამოთქმული სწავლება საყოველთაოდ, მსოფლიოდ აღიარებულ კრებაზე დამოკიდებული ყოფილიყო პაპის ან სხვა ეპისკოპოსების მსჯელობაზე, მიიღებდა თუ უარყოფდა მას. აქ სრულებით საწინააღმდეგო რამ იკვეთება: მართლმადიდებლურ კრებებზე მამათა მიერ მიღებული სწავლების მიღება ან უარყოფა ამა თუ იმ ეპისკოპოსის მიერ, მათ შორის, პაპების მიერაც, ემსახურებოდა ამ ეპისკოპოსების მართლმადიდებლობის კრიტერიუმს, საზღვრავდა, იყვნენ თუ არა ისინი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მრწამსის მაღიარებლები, რადგან კრების განკარგულებებს ჰქონდა საკმარისი ავტორიტეტი მათზე სულიწმიდის გარდამოწვევისა. ამასთან ერთად, არა მხოლოდ სწავლების მიღების შემთხვევაში, არამედ კანონთა მიღებისასაც, არ საჭიროებდა პაპის ნებართვას. ქალკედონის კრების 28-ე კანონი, როგორც ცნობილია, არ აღიარა პაპმა ლეონ დიდმა – მართლმადიდებლობის ერთ-ერთმა სვეტმა და ქალკედონის მრწამსის ნამდვილმა, უდიდესმა დამცველმა. მაგრამ, ამის მიუხედავად, ეს კანონი მაინც შევიდა იმ ეპოქის კანონიკურ კორპუსში, როდესაც რომი ჯერ კიდევ არ იყო მოწყვეტილი მსოფლიო ეკლესიის ერთობას.

ისეთი საქმის კვლევისას, რომლის მიზანიცაა დაამტკიცოს ის, რომ ადრეულ პერიოდში ეკლესია აღიარებდა რომის პაპის სამოძღვრო უმაღლეს ავტორიტეტს, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ შემთხვევას, რომელიც ეხება კრებსითობით პაპ გონორეუსის ანათემირებას (681 წ.), რომელიც მხილებული იყო მონოთელიტობაში. ამ საკითხს გვერდს არ უვლის არც პ. პ. ჟოანნუ. მისი აზრით, პაპ გონორეუსის შეხედულებები მართლმადიდებლური იყო, მაგრამ ის გადმოცემული იყო გაუმართვი ენით, ტერმინოლოგიით, რის გამოც განსაჯეს კიდეც კრებაზე; ამის გამო მისი შემდგომი პაპები აღიარებდნენ მის ანათემირებას.

ჟოანუს თქმით, კრების მიერ პაპ გონორეუსის ანათემირება სი ნამდვილეში ოდნავადაც არ ამცრობს პეტრე მოციქულის საყდრის ავტორიტეტს სარწმუნოების საკითხებში, თუმცა კონკრეტული მოცემულობა იმის საწინააღმდეგოს ამტკიცებს, რისი დამტკიცებაც სურს ფრანგ კანონისტს. თუ კი გონორეუსის განსჯამდე, ანათემაზე გადაცემამდე პაპები პრეტენზიას განაცხადებდნენ როგორც უცდომელნი საღვთისმეტყველო სწავლების მხრივ, ხოლო აღმოსავლეთში მათ მოთხოვნას აღიარებდნენ, მაშინ გონორეუსი ან სრულებით ვერ უნდა განესაჯათ, ან კრების მიერ პაპების განსჯით მათი პრეტენზია უცდომელობაზე იგნორირებული იქნა. სინამდვილეში პეტრე მოციქულის კათედრას მაშინ ჯერ არ ჰქონდა პრეტენზია უცდომელობაზე, და ამიტომ განსჯიდნენ ამ კათედრაზე მყოფ ერთ-ერთ ეპისკოპოსს ისევე, როგორც სხვა კრებებზე განსჯიდნენ სხვა კათედრის ეპისკოპოსებს, მათ შორის პირველი კათედრების წარმომადგენლები: ნესტორი, დიოსკორე, სერგი. პ. პ. ჟოანნუს სიტყვებით, კრებამ „არ დააკნინა პეტრეს საყდრის ავტორიტეტი“ და პაპებს იმ დროისათვის საკმაოდ საჩოთირო საკითხები, რომელიც ეხებოდა რომის კათედრის პრეროგატივას, გონორიუსის განსჯა და ანათემირება, არ აღაშფოდებდათ.

რომის ეპისკოპოსთა უპირატესობის საჩვენებლად რომაულ-კათოლიკური პოლემიკისთვის ჩვეულებრივი ქმედებაა ციტირება ბრწყინვალე და დიდებული ტიტულებისა და აღმოსავლეთის მამების პაპებისადმი მიმართვების მოყვანა. გვერდი არ აუვლია ამისთვის პ. პ. ჟოანუსაც. მას მოჰყავს ციტატა კონსტანტინეპოლის პატრიარქ ტარასის წერილიდან პაპ ადრიანესადმი: „თქვენმა უწმინდესობამ მემკვიდრეობა მიიღო ღვთაებრივი მოციქულის პეტრეს საყდარზე, ... საეკლესიო გადმოცემის მიხედვით და ღვთის ნებით, ეს საყდარი წინამძღოლობს საეკლესიო იერარქიას“. ასევე ის ციტირებს ბერ თეოდორესა და ბერ თეოდოსის, რომელნიც პაპ მარტინ პირველს თავიანთ წერილში აღმოსავლური ხოტბის შესხმით უწოდებენ „უმაღლეს და მოციქულებრივ პაპს, მთელი მზისქვეშეთის წმინდა იერარქიის თავს, თვითმყრობელ და მსოფლიო პაპს, მოციქულებრივ მეუფეს“.

ამგვარი თავაზიანობა დამახასიათებელი და სრულიად ჩვეულებრივი იყო იმ ეპოქის გზავნილებისა და წერილებისთვის. ასეთივე წარმატებით შეიძლება დავასკვნათ პაპის სარწმუნოების სწავლებით ავტორიტეტზე და მის აბსოლუტურ ავტორიტეტზე, რით შეიძლება მონახო ამა თუ იმ იერარქის წმინდანობის მტკიცებულება იმიტომ, რომ მიმართვაში მათ მოიხსენიებენ „უწმინდესად“.

რომის კათედრის პირველობის პატივი უდავოა და ისტორიული ფაქტია, თუმცა ის მოკლებულია დოგმატურ მნიშვნელობას, ხოლო მისი კანონიკური მნიშვნელობა შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ დიპტიქში პირველობით, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მსოფლიო იურისდიქციასთან.6

4. იერარქიული უფლებებისა და უპირატესობის ცნობა ეკლესიებს შორის

მეოთხე მსოფლიო კრების 28-ე კანონი ადგენს: „მივყვებით ყველა საკითხში წმინდა მამათა განწესებებს, ვაღიარებთ ამჟამად წაკითხულ კანონს ასორმოცდაათი ღვთისსათნომყოფელ ეპისკოპოსთაგან, რომლებიც კონსტანტინეპოლში, ახალ რომად წოდებულ ქალაქში, იყვნენ შეკრებილნი ნეტარხსენებული იმპერატორის, თეოდოსის ზეობისას; ჩვენც იმავეს განვაჩინებთ, და ვამტკიცებთ კონსტანტინეპოლის, ამ ახალი რომის წმინდა ეკლესიის უპირატესობას. რადგან, ძველი რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უპირატესობა, რამეთუ ის სამეფო ქალაქი იყო, იმავე აზრით აღძრულმა ას ორმოცდაათმა ღვთისსათნომყოფელმა ეპისკოპოსმაც მისი თანაბარი უპირატესობა მიანიჭა ახალი რომის წმინდა საყდარს და სამართლიანად განსაზღვრეს, რომ ქალაქი, რომელსაც პატივი ერგო ყოფილიყო მეფისა და სენატის ადგილსამყოფელი და ძველ სამეფო ქალაქ რომის თანასწორი უპირატესობა მიეღო, საეკლესიო საქმეებშიც მის მსგავსად განდიდდება და მის შემდეგ მეორე იქნება. მხოლოდ ამიტომ პონტოს, აზიისა და თრაკიის სამთავროების მიტროპოლიტები, ასევე აღნიშნული სამთავროების უცხოტომელთა ეპისკოპოსები, უნდა დადგინდნენ კონსტანტინეპოლის ეკლესიის წმინდა საყდრის მიერ; შესაბამისად, ზემოდასახელებული სამთავროების თითოეულმა მიტროპოლიტმა სამთავროს ეპისკოპოსებთან ერთად უნდა დაადგინონ ეპარქიის ეპისკოპოსები, როგორც ეს საღვთო კანონებით არის დაწესებული; ხოლო ზემოთ დასახელებული სამთავროების მიტროპოლიტებს, როგორც უკვე ითქვა, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი ადგენს, ოღონდ, ჩვეულებისამებრ, მიტროპოლიტს წინასწარ გამოარჩევენ ერთსულოვნად და შემდეგ წარუდგენენ მას ხელდასხმისათვის“.

6 В. Цыпин, Церковное Право, 1996, გვ. 195-197.

5. უფლებამოსილება ადგილობრივი საკანონმდებლო და დამოუკიდებელი სასამართლოთი

ტრულის კრების მე-8 კანონი ბრძანებს: „ჩვენი მამების მიერ მიღებული ყველა დადგენილების დამტკიცება გვსურს ჩვენც, ამიტომ განვაახლებთ კანონს, რომელიც ამბობს, რომ ყოველ წელიწადს იყოს თითოეული სამთავროს ეპისკოპოსთა კრება იქ, სადაც დაადგენს დედაქალაქის ეპისკოპოსი (მიტროპოლიტი). ხოლო რადგან ბარბაროსთა შემოსევის გამო, ან სხვა რაიმე მიზეზით ეკლესიის წინამძღვართათვის შეუძლებელი ჩანს წელიწადში ორჯერ შეკრება, მიგვაჩნია, რომ ყველა სამთავროში ყოველ მიზეზგარეშე წელიწადში ერთხელ მოწვეულ იქნეს წლის განმავლობაში წამოჭრილი მიმდინარე საეკლესიო საკითხების გამო ეპისკოპოსთა კრება აღდგომის წმინდა დღესასწაულიდან ოქტომბრის თვის ბოლომდე იმ ადგილას, რომელსაც დედაქალაქის ეპისკოპოსი აირჩევს, როგორც ზემოთ ითქვა.

ხოლო ეპისკოპოსებს, რომლების დარჩებიან თავიანთ ქალაქებში ჯანსაღნი და ყოველგვარი აუცილებელი და გადაუდებელი საქმისაგან თავისუფლანი, ძმური სიყვარულით გამოეცხადოთ გულისწყრომა“.

6. განსხვავება ადგილობრივ ტრადიციებსა და წესრიგში ეკლესიებს შორის

რადგან წმინდა კრებები აღიარებენ ადგილობრივი ეკლესიების კანონთა თვითმყოფადობას, ეკლესიის ერთობიდან გამომდინარე, ადგილობრივ ეკლესიებს აღარ აძლევენ უფლებას, შეცვალოს მრწამსი და ახალი სწავლება განავითაროს. ამის დასტურია განცხადება, ანუ დოგმატი ეფესოს მესამე მსოფლიო წმინდა კრებისა, რომელიც მოისმინეს მას შემდეგ, რაც წაიკითხეს ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 318 მამისგან მიერ აღწერილი სიმბოლო და თეოდორე მოფსუესტელისგან შეთხზული ბოროტი მრწამსი, რომელიც წარედგინა ეფესოს წმინდა კრებას:

„წმინდა კრებამ დაადგინა, რომ არავის აქვს უფლება, შემოიღოს სხვა სარწმუნოება, გარდა იმისა, რომელიც დადგენილია ნიკეის I მსოფლიო კრების მიერ. ხოლო ვინც გაბედავს, უკეთური სარწმუნოების, ანუ მრწამსის შემოღებას და ჭეშმარიტი ცოდნის გადაქცევას ელინობად, იუდეველობად ან რომელიმე მწვალებლობად, ეპისკოპოსებისა და მღვდლობის შემთხვევაში აეყრებათ ხარისხი, ხოლო ერისკაცნი, ასეთ შემთხვევაში, შეჩვენდებიან“.

ტრულის მსოფლიო კრების მეორე კანონი ადგენს:

„ფრიად კეთილად და ყოვლად სასწრაფოდ წმინდა კრება ადგენს, რათა ამიერიდან მტკიცედ და შეუცვლელად დარჩეს ჩვენი სულისა და ვნებათა საკურნებლად ჩვენს წინამორბედ წმინდა და ნეტარ მამათა მიერ შეწყნარებული და ჩვენთვის მოციქულთა სახელით მოცემული ოთხმოცდახუთი კანონი.

ხოლო რადგან ამ კანონებში გვემცნო ჩვენ წმინდა მოციქულთაგანვე კლიმენტოსის მიერ გადმოცემული განწესების შეწყნარება, რომელშიც ძველად სხვაგვარადმადიდებელ მწვალებლებს ეკლესიის განსარყვნელად ცუდი და კეთილმსახურებისთვის უცხო სიტყვები ჩაურთავთ, რითაც კეთილმშვენიერ საღმრთო სჯულს აბნელებენ, მათ სამართლიანად ამოღებას ვბრძანებთ ქრისტიანული სამწყსოს განსამტკიცებლად. არაფერი აქვს საერთო მწვალებელთა გამონაგონსა და უცთომელ საკუთრივ მოციქულთა მოძღვრებას.

ვამტკიცებთ აგრეთვე ჩვენს წმინდა ნეტარ მამათა მიერ დადგენილ სხვა სამღვდელო კანონებს: ნიკეას შეკრებილი სამს თვრამეტი მამის მიერ ანკვირიას, ნეოკესარიას, შემდეგ ღანგრას, ამათთან ერთად ასურეთის ანტიოქიაში, ფრიგიის ლაოდიკიაში და შემდეგ ღმრთივდაცულ ამ სამეფო ქალაქში შეკრებილ ას ორმოცდაათი მამის, ეფესოში პირველად შეკრებილი ორასი და ქალკედონში შეკრებილი ექვსას ოცდაათი წმინდა და ნეტარი მამის, ასევე სარდიკიასა და კართაგენში. ამათ ერთვის სამეფო ქალაქში, ნექტარი კონსტანტინეპოლის პატრიარქის დროს შეკრებილ მამათა, აგრეთვე თეოფილე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის, დიონისე ალექსანდრიელისა და [პეტრე] ალექსანდრიელი მოწამის, გრიგოლ ნეოკესარიელის, ბაილი კესარია-კაპადოკიის მთავარეპისკოპოსის, გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ ღმრთისმეტყველის, ამფილოქე იკონიელის, ტიმოთე ალექსანდრიელის, პირველმოხსენებულ თეოფილე ალექსანდრიელის, კირილე ალექსანდრიელის, გენადი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსის, აგრეთვე კვიპრიანესი, აფრიკის ქვეყნის მთავარეპისკოპოსისა და მოწამის, მასთან ერთად შეკრებილთა მიერ დადგენილი კანონები, რომელთა განწესებანი მარტო მათ სამთავრო ადგილას, მათი ჩვეულების მიხედვითაა დაცული.

ხოლო ზემოხსენებულ კანონთა დამახინჯების ან უარყოფის ნება არავის აქვს. აკრძალულია სხვა სიმართლის მტრებისა და ჭეშმარიტების ვაჭრებისაგან ცრუ სახელით წარწერილი კანონების შეწყნარება.

ხოლო თუ ვინმემ ზემოჩამოთვლილ კანონთაგან რომელიმეს დაშლასა და დარღვევას ხელი მიჰყოს, იგი უნდა დაისაჯოს კანონის განჩინების შესაბამისად, რაც განსაზღვრულია, ის სასჯელი მიიღოს და მისგანვე მოიპოვოს კურნება იმისა, რაშიც შეცდა“.

ადგილობრივ ეკლესიებს კატოგორიულად ეკრძალებათ, შემოიტანოს რაიმე სახის სიახლე მოციქულთა მიერ გადმოცემულ კანონებში, რასაც საუკუნეთა განმავლობაში შენახული და შენარჩუნებული იყო. ტრულის კრების მე-13 კანონი განაწესებს:

„ვინაიდან შევიტყვეთ, რომ რომის ეკლესიაში კანონის სახით შემოუღიათ, რომ პირი, რომელიც ღირსი ხდება დიაკვნად ან მღვდლად ხელდასხმისა, ვალდებულებას იღებს, აღარ იცხოვროს საკუთარ ცოლთან, ამიტომ ჩვენ მივყვებით რა მოციქულთა ძველ კანონებს ეკლესიის კეთილმოწყობისა და წესრიგის შესახებ, ვაცხადებთ: მღვდელმსახურთა ცხოვრება მეუღლეებთან სავსებით კანონიკური ხასიათისაა და მომავალშიც დაურღვევლად იქნეს ეს კანონი შენარჩუნებული; მღვდელმსახურებმა არ უნდა გაწყვიტონ მეუღლეებთან კავშირი, შესაფერის დროს კი ცოლქმრული ურთიერთობა იქონიონ. ასე რომ, ვინც იქნება ხელდასხმის ღირსი იპოდიაკვნად, დიაკვნად ან მღვდლად, მას არასგზით არ უშლის ხელს კანონიერ მეუღლესთან თანაცხოვრება; ხელდასხმისას არავინ დაავალდებულოს იგი, რომ მოეკრძალოს კანონიერ შეერთებას საკუთარ ცოლთან, რათა ამით არ შეურაცხვყოთ ღვთის მიერ დადგენილი და მის მიერ თავისი მოსვლისას ნაკურთხი ქორწინება, რამეთუ სახარების ხმა ღაღადებს: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცნი ნუ განაშორებენ“ (მათ. 19, 6); და მოციქულიც გვასწავლის: „ქორწინება წმინდაა და საწოლი შეუგინებელი“ (ებრ. 13, 4) და „თუ შეკრული ხარ მეუღლესთან, ნუ ეძებ გახსნას“ (I კორ. 7, 27).

ვიცით, რომ კართაგენში შეკრებილმა მამებმაც, მღვდელმსახურთა ცხოვრების სიწმინდეზე ზრუნვის მიზნით დაადგინეს, რომ იპოდიაკვნები, რომლებიც წმინდა საიდუმლოებებს ეხებიან, ასევე დიაკვნები და მღვდლები, მათთვის მსახურებისათვის განკუთვნილ და მოსამზადებელ პერიოდში უნდა ეკრძალებოდნენ თანამეცხედრეებს. ამრიგად, ჩვენც უვნებლად დავიმარხოთ მოციქულებისაგან გადმოცემული და ძველთაგანვე დაცულიც; ვიცოდეთ ჟამი ყველაფრისა, მით უფრო, კრძალვისა და ლოცვისა, რამეთუ საკურთხევლის წინ წარმდგართ, მაშინ, როცა სიწმინდეებთან აპირებენ მიახლებას, ყველაფრისაგან მოკრძალება მართებთ და ამით შეძლებენ მიიღონ ღმერთისაგან უბრალოებაში ნათხოვნი; ხოლო ვინც მოციქულთა კანონების საწინააღმდეგოდ გაკადნიერდება და რომელიმე სასულიერო პირს, ანუ მღვდელს, დიაკონს ან იპოდიაკონს კანონიერ ცოლთან კავშირსა და ურთიერთცხოვრებას აუკრძალავს, განიკვეთოს. მსგავსადვე, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც კეთილკრძალულების საბაბით გაუშვებს თავის ცოლს, განყენებულ იქნეს მღვდელმსახურებიდან, ხოლო მოუდრეკელობის შემთხვევაში განიკვეთოს“.7

ადგილობრივ ეკლესიას არა აქვს უფლება, გაწყვიტოს სულიერი ერთობა დანარჩენ ადგილობრივ ეკლესიებთან და ხელყოს სხვა ეკლესიების უფლებები და ტრადიციები. ტრულის კრების 39-კანონი ადგენს:

„რადგან ძმა და თანამსახური ჩვენი, კუნძულ კვიპროსის წინამძღოლი იოანე, თავის მრევლთან ერთად, ბარბაროსთა თავდასხმის მიზეზით, დასახელებული კუნძულიდან ელისპონტოს სამთავროში გადასახლდა, კაცთმოყვარე ღმერთის განგებითა და ჩვენი ქრისტესმოყვარე და კეთილმსახური მეფის მეცადინეობით, – რათა თავი დაეღწიათ წარმართთა მონობისაგან და ქრისტიანულ სახელმწიფოს კვერთხს დამორჩილებოდნენ, – ამიტომ ვადგენთ: ხელშეუხებელ იქნეს დაცული ის უპირატესობა, რაც ზემოდასახელებული კაცის საყდრისათვის ეფესოში წინათ შეკრებილ ღმერთშემოსილ მამათა მიერ განიწესა; აღიჭურვოს ახალი იუსტინიანაპოლი კონსტანტინეპოლის უფლებებით და მასში დაწესებული ღვთისსათნო ეპისკოპოსი მთავრობდეს ელისპონტოს სამთავროს ყველა ეპისკოპოსზე, და დგინდებოდეს იგი ძველი ჩვეულების მიხედვით თავისი ეპისკოპოსების მიერ; იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა ღმერთშემოსილმა მამებმაც გადაწყვიტეს დაცული ყოფილიყო თითოეული ეკლესიის ჩვეულება, ამიტომ ქალაქ კვიზიკის ეპისკოპოსიც დაექვემდებაროს დასახელებულ იუსტინიანაპოლის წინამძღვარს ყველა სხვა, ზემოდასახელებულ ღვთისსათნო წინამძღოლ იოანეს დაქვემდებარებულ ეპისკოპოსთა მაგალითისამებრ და, მისგან, როცა ამის მოთხოვნილება იქნება, თვით ქალაქ კვიზიკის ეპისკოპოსიც დადგინდეს“.8

მეოთხე მსოფლიო კრებამ მე-17 კანონით განსაზღვრა, რომ ეკლესიების ეპარქიებად მოწყობა უნდა ეთანხმებოდეს სახელმწიფოს პოლიტიკურ მოწყობას. იგივე განკარგულება დაამტკიცა ტრულის კრებამ 38-კანონით. ამ წესს ეკლესია დაარსების დღიდან ითვალისწინებდა, ხოლო ზემოაღნიშნული ორი მსოფლიო კრების მეშვეობით მან იურიდიული ძალმოსილება მიიღო. ასეთ წყობას ვხვდებით ჯერ კიდევ კონსტანტინე დიდის მმართველობამდე, როდესაც დადგინდა ბერძნულ-რომაული სახელმწიფოს დაყოფა. ასეთივე სახით გვხვდება ის მთელი შემდგომი პერიოდის განმავლობაში. იმის შესაბამისად, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ესა თუ ის ქალაქი და კონკრეტული ეკლესია იყო თუ არა დაარსებული მოციქულთა მიერ, ენიჭებოდა იერარქიული ტიტული ეპისკოპოსს ეპარქიაში და ასევე განისაზღვრებოდა კონკრეტული ეკლესიის თვითმყოფადობის ხარისხი.

მოციქულთა ეპისტოლეებში ეკლესია უკვე იყოფა პოლიტიკური დანაწილების მიხედვით. ყველაზე ვრცელი საეკლესიო მხარეები, რომლებიც მოიცავენ ბევრ რეგიონს, იწოდებიან რეგიონის მხარის მიხედვით, როგორიც იყო, მაგალითად, აზიის ეკლესია (I კორ. 16, 19). ეკლესია, რომელიც უფრო მცირე რეგიონს მოიცავდა, იწოდებოდა პროვინციად, როგორიც იყო მაკედონიის ეკლესია (II კორ. 8, 1). უფრო მცირეს სახელწოდება ენიჭებოდა პროვინციის მთავარი ქალაქის მიხედვით, მაგალითად, სილუნიის (I სოლ.1, 1), ეფესოს ეკლესია (აპოკ. 2, 1) ყოველი ასეთი ეკლესია დამოუკიდებელი იყო, ხოლო ისინი ერთიანად იმართებოდა რეგიონის მთავარი ქალაქიდან. როცა მოციქული პავლე სტოვებდა აზიის ეკლესიას, მიმართავდა ეფესოს მოძღვრებს და მათ აბარებს მთელი რეგიონის ეკლესიაზე მზრუნველობას, რომლის მთავარი ქალაქია ეფესო, (საქმე მოციქულთა, 20, 17-35). ასეთივე დამოკიდებულება აქვს მას ახიის ეკლესიების მიმართ, როდესაც მიმართავს ახიის ყოფილი დედაქალაქის – კორინთოს მორწმუნეებს (II კორინთელთა, 1,1). მოციქულთა ამგვარი მოქმედება შეიმჩნევა ეკლესიის მიერ გამოცემულ ძველ კანონებში. მათში ყოველთვისაა აღნიშნული იერარქიული უფლებების შესახებ, იმ ქალაქების ეროვნული და პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სადაც მოქმედებდნენ ცნობილი ეკლესიები (ანკვირიის კრების კანონები მე-14-15; 34-35-ე).

ეკლესიის მხარეებად დაყოფის აქ მოტანილი კანონიკური პრინციპი სრულად ამოქმედდა ქვეყნის პირველი დაყოფისას. I მსოფლიო კრება ადასტურებს ეკლესიის დაყოფის კანონიერებას, რაც მანამდე ტრადიციის სახით არსებობდა. სწორედ ამ კრებაზე დამტკიცდა უფლებამოსილება თვითმყოფადი ეკლესიებისა და უპირატესობა რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და კესარიის ეკლესიებისა:

„ძველი წესი იყოს დაცული ეგვიპტეში, ლიბიასა და ხუთ ქალაქში (პენტაპოლისში), რომ მათზე ვრცელდებოდეს ალექსანდრიის ეპისკოპოსის ხელისუფლება. ასეთივე ჩვეულება არის რომის ეკლესიასა და სხვა სამთავროებშიც, სადაც დაცულია რომელიმე ეკლესიის უპირატესი ძალაუფლება. საყოველთაოდ მთელ მსოფლიოში ცხადი უნდა იყოს: თუ ვინმე მიტროპოლიტის ცნობის გარეშე ეპისკოპოსი გახდება, ასეთის შესახებ ადგენს დიდი კრება, რომ არ არის ჯეროვანი მისი ეპისკოპოსობა. თუ ყველა ეპისკოპოსის საერთო ბჭობა მართალი და საეკლესიო კანონთან შეთანხმებული იქნება, ხოლო ორი ან სამი ბრძოლისმოყვარე ეპისკოპოსი ეწინააღმდეგება უმრავლესს, უნდა დამტკიცდეს უმრავლესის განჩინება“ (I მსოფლიო კრების მე-6 კანონი); „რადგან ჩვეულებით დამტკიცებულია და ზეციდან მოცემული, რომ პატივი მიეგოს ელიის (იერუსალიმის) ეპისკოპოსს, ამიტომ ამ ქალაქს შეურყევლად ჰქონდეს მიტროპოლიის პატივი“ (I მსოფლიო კრების მე-7 კანონი).

ამავე კრების კანონებიდან ისიც ჩანს, რომ არსებობდნენ სხვა საეკლესიო რეგიონები, რომლებიც სარგებლობდნენ იმავე უფლებებითა და პრივილეგიებით, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი ეკლესია. მართვის თვითმყოფადობის მიხედვით ცნობილი იყო: აღმოსავლეთის პრეფექტურაში – ეფესოს ეკლესია, დასავლეთისაში – ილირიის სრემის ეკლესია, აღმოსავლეთ ილირიაში – სილუანის ეკლესია. დანარჩენ პრეფექტურაში თვითმყოფადი ეკლესიები დაფუძნებული იყო მილანში, კართაგენში, ლიონში, ტოლედოში და იორკში.

II მსოფლიო კრება კონსტანტინე დიდის მიერ სახელმწიფოს დაყოფას უსადაგებს აღმოსავლეთის ეკლესიების დაყოფას, ხოლო დასავლეთის ეკლესიებს ადრინდელი დაყოფის პრინციპით ტოვებს. მე-2 მსოფლიო კრების მე-2 და მე-3 კანონები განაჩინებს:

„ეკლესიის კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, გასცდეს საკუთარი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის ფარგლებში, რათა არ აღიაროს ეკლესიები. კანონთა თანახმად, ალექსანდრიის ეპისკოპოსი უნდა განაგებდეს მხოლოდ ეგვიპტის ეკლესიებს, აღმოსავლეთის ეპისკოპოსნი მხოლოდ აღმოსავლეთის ეკლესიებს. უნდა იყოს დაცული ნიკეის კანონებით დაწესებული პატივი ანტიოქიის ეკლესიისა. აზიის სოფლების ეპისკოპოსნი უნდა განაგებდნენ მხოლოდ აზიის ეკლესიებს, პონტოელი ეპისკოპოსნი – მხოლოდ პონტოს ეკლესიებს, თრაკიის ეპისკოპოსნი – თრაკიის ეკლესიებს“; „კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსს აქვს უპირატესობა, ანუ წარჩინებულობა პატივისა, რომელიც რომი ეპისკოპოსის პატივის ტოლია, ვინაიდან კონსტანტინეპოლი არის ახალი რომი“.

III მსოფლიო კრება ამტკიცებს წინა კრების დადგენილებას ამ საკითხთან მიმართებით და, ამასთან ერთად, ცნობს კვიპროსის ეკლესიის თვითმყოფადობას (VIII კანონი III მსოფლიო კრებისა მილაშის განმარტებით). მეოთხე მსოფლიო კრება ასევე ამტკიცებს ადრინდელ საეკლესიო დაყოფას აღმოსავლეთის რეგიონების მიხედვით და იმ უპირატესობას, რომლითაც სარგებლობდა კონსტანტინეპოლის ეკლესია II მსოფლიო კრების III კანონის საფუძველზე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კონსტანტინეპოლი იყო ახალი დედაქალაქი იმპერიისა. მეოთხე მსოფლიო კრების 28-ე კანონი განაჩინებს: „დადგენილება ამ წმინდა კრებისა, რომელიც შეეხო კონსტანტინეპოლის ეკლესიის წმინდა საყდრის დიდებულებას: ყოველმხრივ წმინდა მამათა დადგენილებას მივყვებით და მეფე თადეოსი დიდის (რომელსაც ეპყრა კონსტანტინეპოლის – ახალი რომის ტახტი) დროს შეკრებილი ას ორმოცდაათი წმინდა ეპისკოპოსის დღეს წაკითხულ კანონს ვიზიარებთ. ამ კანონის მცოდნენი იმასვე ვადგენთ ჩვენც კონსტანტინეპოლის, ახალი რომის, ეკლესიის დიდებულებათა შესახებ.

ძველი (უხუცესი) რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უაღრესი პატივი, რადგან იგი სამეფო ქალაქია. ამავე ფიქრით აღძრულმა ას ორმოცდაათმა ღვთისმოყვარე ეპისკოპოსმა თანასწორი პატივი დაუწესა ახალი რომის უწმინდეს საყდარს. სამართლიანად განსაჯეს, რომ თუ კონსტანტინეპოლი და ძველი სამეფო რომი ტოლია იმით, რომ ორივე სატახტო და სინკლეტის (სენატის) ქალაქია, საეკლესიო საქმითაც განდიდდეს კონსტანტინეპოლი, როგორც რომი, და მეორე იყოს მის შემდეგ...“.

საბოლოოდ, ტრულის კრებაზე დამტკიცდა მთელი მაშინდელი ქრისტიანული სამყაროს საეკლესიო რეგიონების დაყოფა და დადგინდა რეგიონების იერარქებს შორის იერარქიული რიგი: „ამ სამეფო ქალაქში შეკრებილი ას ორმოცდაათი და ქალკედონში შეკრებილი ექვსას ოცდაათი წმინდა მამის სჯულისდებას გავაახლებთ და ვადგენთ: კონსტანტინეპოლის საყდარს ძველი რომის საყდრის სწორი პატივი უნდა ჰქონდეს და როგორც საეკლესიო საქმეებში განდიდებული, მეორე იყოს მის შემდეგ. მას მოსდევდეს დიდი ქალაქის – ალექსანდრიის საყდარი, შემდეგ კი იერუსალიმისა“ (ტრულის კრების 36-ე კანონი).

დასავლეთით იყო მხოლოდ ერთი იერარქი, კონკრეტულად, რომის მღვდელმთავარი. აღმოსავლეთის პრეფექტურის ხუთი დიოცეზიდან აზიის პრეფექტურა შეუერთდა აღმოსავლეთის პრეფექტურას და ასეთი სახით დადგინდა ოთხი დიოცეზი მთავარი ქალაქებით; ეს ქალაქები იყო: ანტიოქია, ალექსანდრია, კონსტანტინეპოლი და კესარია. იერარქი ამ უკანასკნელისა, მისი ისტორიულობიდან გამომდინარე, ექვემდებარებოდა იერუსალიმის იერარქს. ეკლესიის ასეთი წყობის გათვალისწინებით ტრულის კრება 36-ე კანონით ამტკიცებს ამ ქალაქის იერარქების უპირატესობას შემდეგი თანმიმდევრობით: რომის ეკლესია, კონსტანტინეპოლის ეკლესია, ალექსანდრიის ეკლესია, ანტიოქიის ეკლესია და იერუსალიმის ეკლესია. დასავლეთის სხვა თვითმყოფადი ეკლესიების შესახებ ეს კრება არაფერს ამბობს, ხოლო აღმოსავლეთში ადასტურებს კვიპროსის ეკლესიის დამოუკიდებლობას: „რადგან ძმა და თანამსახური ჩვენი, კუნძულ კვიპროსის წინამძღოლი იოანე, თავის მრევლთან ერთად ბარბაროსთა თავდასხმის მიზეზით დასახელებული კუნძულიდან ელისპონტის სამთავროში გადასახლდა, კაცთმოყვარე ღმერთის განგებითა და ჩვენი ქრისტესმოყვარე და კეთილმსახური მეფის მეცადინეობით, რათა თავი დაეღწიათ წარმართთა მონობისაგან და ქრისტიანულ სახელმწიფოს კვერთხს დამორჩილებოდნენ, ამიტომ ვადგენთ: ხელშეუხებლად იქნეს დაცული ის უპირატესობა, რაც ზემოდასახელებული კაცის საყდრისათვის ეფესოში წინათ შეკრებილ ღმერთშემოსილ მამათა მიერ განიწესა; აღიჭურვოს ახალი იუსტინიანეპოლი კონსტანტინეპოლის საყდრის უფლებებით და მასში დაწესებული ღვთივსათნო ეპისკოპოსი მთავრობდეს ელისპონტის სამთავროს ყველა ეპისკოპოსზე, დგინდებოდეს იგი ძველი ჩვეულების მიხედვით თავისი ეპისკოპოსების მიერ; იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა ღმერთშემოსილმა მამებმაც გადაწყვიტეს, დაცული ყოფილიყო თითოეული ეკლესიის ჩვეულება, ამიტომ ქალაქ კვიზიკის ეპისკოპოსიც დაექვემდებაროს დასახელებულ იუსტინიანაპოლის წინამძღვარს ყველა სხვა, ზემოდასახელებულ ღვთივსათნო წინამძღოლ იოანეს დაქვემდებარებულ ეპისკოპოსთა მაგალითისამებრ და, მისგან, როცა ამის მოთხოვნილება იქნება, თვით ქალაქ კვიზიკის ეპისკოპოსიც დადგინდეს“ (39-ე კანონი ტრულის კრებისა).

კანონიკურ წყაროებში თვითმყოფად ეკლესიებად იხსენიება აგ რეთვე ახალი იუსტინიანის და ივერიის ეკლესიები, რომლის თვითმყოფადობა დაადასტურა ანტიოქიის პატრიარქმა პეტრემ. ამ ფაქტს ვიგებთ II მსოფლიო კრების II კანონის ბალსამონისეული განმარტებიდან. ბალსამონი ამ კანონის განმარტებისას ამბობს: „ერთი ეპარქიის ეპისკოპოსი არ უნდა ავრცელებდეს თავის უფლებამოსილებას სხვა ეპარქიის ტერიტორიაზე, თუნდაც ეს ბარბაროსული მხარე იყოს. ეს ტრადიცია უნდა შენარჩუნდეს“.

საქართველოს ეკლესიის შესახებ ის ამბობს, რომ მას მანამდე ჰქონდა ავტოკეფალია, ვიდრე მას ანტიოქიის ეკლესია უკურთხებდა ეპისკოპოსებს. „...თუ კი შეგხვდებათ და ნახავთ სხვა დამოუკიდებელ (ავტოკეფალიურ) ეკლესიებს, როგორიცაა ბულგარეთის, კვიპროსისა და ივერიისა, არ გაგაკვირვოს ამან... ხოლო არქიეპისკოპოსი ივერიისა პატივდებულ იქნა ანტიოქიის კრების მიერ. ამბობენ, რომ თეოპოლიის უწმინდეს პატრიარქ პეტრეს მმართველობის დროს, ე. ი. დიადი ანტიოქიის ეპოქაში მოწვეულ კრებაზე იქნა მიღებული განკარგულება იმის შესახებ, რომ ივერიის ეკლესია, რომელიც დაქვემდებარებული იყო მანამდე ანტიოქიის ეკლესიას, იქნას თავისუფალი და დამოუკიდებელი“ (ავტოკეფალიური).9

ახალი იუსტინიანის ეკლესიამ VII საუკუნეში არაბთა შემოსევის შედეგად დანგრეულ ქალაქთან ერთად, სადაც ამ საეკლესიო რეგიონის მთავარი იერარქის კათედრა იყო, არსებობა შეწყვიტა. რაც შეეხება საქართველოს, აქ ქრისტიანობა გაცილებით ადრინდელია, ვიდრე სლავური წარმომავლობის ხალხისა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში ქართველი ხალხი ეზიარა ქრისტეს მოძღვრებას მოციქულთასწორ წმიდა ქალწულ ნინოს ღვაწლით მეფე მირიანის მეფობის დროს (კანონისტი აქ მთელი ერის ნათლისღებასა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გულისხმობს, რაც შეეხება ქადაგებას, აქ წმინდა მოციქულებმა გაავრცელეს სჯული ქრისტესი – ზ. მ.). სლავი ხალხისგან განსხვავებით, ქართველთათვის კირიარქალური ანუ დედაეკლესია იყო არა კონსტანტინეპოლისა, არამედ ანტიოქიისა. 467 წ. ივერიის ეკლესიის წარმომადგენელმა, რომლის კათედრა იყო მცხეთაში, ანტიოქიის ეკლესიისაგან მიიღო კათალიკოსის ტიტული. ასეთი ტიტულით იწოდებოდნენ ეკლესიის მთავარი იერარქები, რომელთა ეკლესიები ტერიტორიულად ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთის საზღვრებს გარეთა სახელმწიფოში ფუძნდებოდნენ. საქართველოს ეკლესიის კათალიკოსები VIII საუკუნის შუა პერიოდიდან, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი პირველიერარქები არიან10.

7 ამავე საკითხს ეხება: მოც. 5,17,26,51; I მსოფლ. 3; IV მსოფლ. 14; ტრულ. 5,6,30; VII მსოფლ. 18; ანკვირ. 19; ნეოკეს. 1,8; ღანგ. 4; კართ. 3,4,25,38,70; ბასილი დიდი მე-12, 27-ე, 88-ე კანონები.

8 ამავე საკითხს ეხება მოც. 34-ე; I მსოფლ. მე-6,7; II მსოფლ. მე-2,3; III მსოფლ. მე-88; IV მსოფლ. 28-ე; ტრულ. 36,37-ე; ანტიოქ. მე-9 კანონები.

9 Правила Святыхъ Вселенскихъ Соборовъ с толкованiями, М., 1877, გვ. 86.

7. საქართველოს ეკლესიის აპოსტოლური წარმომავლობა

განხილული საეკლესიო კანონების მიხედვით ვნახეთ, თუ როგორ დაფუძნდა ეკლესია, შემდგომში როგორ ჩამოყალიბდა ავტოკეფალიურად ესა თუ ის ეკლესია, რა იყო საფუძველი ამ ეკლესიების ავტოკეფელიურობისა. იმავე სისტემით განვიხილავთ საქართველოს ეკლესიის დაფუძნებას საეკლესიო კანონმდებლობაზე დაყრდნობითა და ისტორიული მონაცემების გათვალისწინებით.

წმიდა მოციქულთაგან საქართველოში ქრისტიანობა იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა. ამის შესახებ არსებობს საისტორიო წყაროები, რომელთა შორის განსაკუთრებით საინტერესოა მოციქულთა თითქმის თანამედროვე, II საუკუნის მეცნიერის – ორიგენეს აზრი, რომ ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა სკვითეთში. ძველი ავტორები „სკვითეთს“ ვრცელ ქვეყანას უწოდებდნენ, რომელშიც ზოგჯერ იბერიასა და კოლხეთსაც ათავსებდნენ. ახალი აღთქმის ყველა მნიშვნელოვანი გადმოცემის სქოლიოებში ნაჩვენებია, რომ წმიდა ანდრიამ იქადაგა მცირე აზიაში, საბერძნეთსა და სკვითეთში. როგორც მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) განმარტავს, „ეჭვმიუტანელი ფაქტია, რომ სწორედ იბერიასა და მის მომიჯნავე ქვეყნებს უწოდებდნენ ხშირად სკვითეთს პირველი ათასწლეულის ნახევარში. ამის შესახებ წერდნენ ძველი ავტორები, მაგალითად, პლუტარქოსი: „ფასისი სკვითეთის მდინარეა, იგი ქალაქს (ე. ი. ფასისს) ჩამოუდის“. დიონისოს პერიეგეტი: „სკვითიის რჩეული ტომებია: ბიძერები, მაკრონები, მოსინიკები, ტიბარენები, ხალიფები. ეს ის ქართული ტომებია, რომელთა ქვეყნებშიც, თანახმად „ქართლის ცხოვრებისა“, მოღვაწეობდა წმიდა ანდრია მოციქული“.11 ორიგენეს გარდა, ანდრია მოციქულის ქადაგებას საქართველოში იხსენიებდნენ იპოლიტე და დოროთე ტვირიელი ეპისკოპოსი, სოფრონი.

როგორც ქართლის ცხოვრების ტექსტიდან ჩანს, საფიქრებელია, რომ პირველი მოგზაურობის დროს წმ. მოციქულმა მხოლოდ სამხრეთი საქართველო მოიარა, რომლის მცხოვრებსაც მემატიანე თითქოსდა „მეგრელებს“ უწოდებს, ხოლო მათ ერისთავს – კლარჯეთის ერისთავს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ნ. მარი ტაო-კლარჯეთს I საუკუნისთვის „მეგრულ-ლაზური ტომებით“ დასახლებულ ქვეყნად მიიჩნევდა.

VIII საუკუნის ავტორის, ეპიფანე კონსტანტინეპოლელის თანახმად, საქართველოში მესამე მოგზაურობის დროს, წმ. ანდრია მოციქულს თან ჩამოუყვანია კიდევ ორი მოციქული – სიმონ კანანელი და მატათა. იგი ძველ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მოციქული ანდრია დაკრძალულია ნიკოფსიაში, რაც ეთანხმება „ქართლის ცხოვრებასა“ და ძველ ქართულ ტრადიციას.

პავლე ინგოროყვას მონოგრაფიაში „გიორგი მერჩულე“ ვხვდებით IV საუკუნის ავტორის, ეპიფანე კვიპრელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გამცემელი იუდა ისკარიოტელის ნაცვლად არჩეულმა მოციქულმა მატათამ, იმავე მატათიამ „იქადაგა სახარება მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში), სადაც არის აფსარის ციხესიმაგრე და ჰვისის ნავსადგური... იქვე გარდაიცვალა და დამარხულია დღემდე“.

ზემოდასახელებული კვიპრელი ეპისკოპოსის ეპოფანეს ცნობით, წმ. ანდრია პირველწოდებული თავდაპირველად მისულა ლაზიკის ქალაქ ტრაპიზუნტში, აქედან წასულა იბერიაში. ზღვისპირეთის მცხოვრებლების განათლების შემდგომ იგი იერუსალიმში ჩასულა. მეორე მოგზაურობის დროს ისევ ტრაპიზუნტში ჩაბრძანებულა, მესამე მოგზაურობის დროს კი უკვე მატათასა და სიმონ კანანელთან ერთად ჩასულა იბერიასა და ფასისში.

როგორც მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) შენიშნავს, „მოციქულების მიმოსვლასთან დაკავშირებით ხშირად გვხვდება სამი პუნქტი – ტრაპიზუნტი, აფსარი და ნაფსაის (ნიკოფსია) ნავსადგური“.12

პავლე ინგოროყვას თანახმად, „დასავლეთ საქართველოში მდებარე სამი პუნქტი: ტრაპიზუნტი, – სამხრეთის მხრიდან, აფსარი – შუა მხრიდან და ნიკოფსიის ნავსადგური – ჩრდილოეთის მხრიდან, ნიშანდობლივ ამორჩეული აქვს იოანე საბანის ძეს, იმის გამო, რომ სწორედ ამ პუნქტებთან იყო დაკავშირებული გადმოცემები მოციქულთა მიერ დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ. ტრაპიზუნტი ის ადგილია, სადაც იქადაგა ანდრია მოციქულმა და საიდანაც იგი შემოვიდა საქართველოში. აფსარი არის ის პუნქტი, სადაც გადმოცემით დასაფლავებულია ანდრიას თანამოღვაწე მოციქული მატათა, ჩრდილოეთ მხარეში მდებარე ნაფსაის (ნიკოფსიის) ნავსადგური პუნქტია, სადაც გადმოცემით დასაფლავებული იყო ანდრიას მეორე თანამოღვაწე, მოციქული სიმონ კანანელი“.13

ქართული წყაროების მიხედვით ვიცით ის საყურადღებო ფაქტი, რომ აზრი საქართველოში მოციქულთა ქადაგების შესახებ გატარებული ყოფილა XI საუკუნის ანტიოქიის საპატრიარქოს ოფიციალურ წრეებში: პატრიარქ პეტრესა და პატრიარქ თეოდოსის დროს, როცა ანტიოქიის საპატრიარქოში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიერების საკითხი იხილებოდა, ღირსმა გიორგი მთაწმინდელმა საქართველოს ეკლესიის აპოსტოლური წარმომავლობის დასამტკიცებლად მოიშველია ბერძენი ავტორის ნაშრომი – „მიმოსვლაé ანდრია მოციქულისა“. მასში შეტანილია ცნობა საქართველოში ანდრია მოციქულისა და სვიმონ კანანელის მოსვლისა და ქადაგების, სვიმონ კანანელის აფხაზეთში, კერძოდ, ნიკოფსიაში გარდაცვალებისა და დასაფლავების შესახებ (გიორგი მცირე, ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა). გიორგი მთაწმინდელის მიერ მოყვანილი ეს ცნობა ანტიოქიის საპატრიარქოს დამაჯერებლად და მისაღებად მიუჩნევია. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მათ ეს ცნობა სხვა წყაროებითაც გადაამოწმეს.

როგორც ზემოთ უკვე ვნახეთ, ძველ ბერძენ საეკლესიო მწერლებს, კერძოდ ორიგენეს, ევსევი კესარიელს, წმ. ისიდორეს, ნიკიფორე კალისტესა და სხვებს, თავიანთ თხზულებებში მოეპოვებათ დამატებით ცნობები მოციქულთა საქართველოში მოღვაწეობის კონკრეტული გეოგრაფიული პუნქტების მითითებით: შავი ზღვის სანაპირო, აფხაზეთი, სვანეთი, ალანია, ოსეთი.

დავით IV აღმაშენებლის დროს მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, ყველაზე ავტორიტეტული კრება საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, წერდა: „მოციქულთაგან ერთი –პირველწოდებული ანდრია, მოციქულთა თავის, პეტრეს ძმა – ვიდრე ჩვენამდე მოვიდა, სახარების მაცხონებელი ქადაგება მთელ საქართველოში იქადაგა“.

გიორგი მთაწმინდელიც იმ თვალსაზრისისა იყო, რომ საქართველოს პატრიარქი განაგებდა ანდრია მოციქულის მიერ დაარსებულ ეკლესიას და ამიტომაც იჯდა სამოციქულო ტახტზე. მან ანტიოქიის პატრიარქს განუცხადა: „წმიდაო მეუფეო, შენ იტყÂ, ვითარმედ თავსა მის მოციქულთაéსა პეტრეს საყდარსა ვზიო, ხოლო ჩუენ პირველწოდებულსა და ძმისა თÂსისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი – სიმონს ვიტყვი კანანელსა – ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ“ (გიორგი მცირე, დასახ. წიგნი, გვ. 154).

ცნობილი მოღვაწე ეფრემ მცირე ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სახარება ქრისტესი საქართველოში იქადაგა არა მხოლოდ ანდრიამ, არამედ მოციქულმა ბართლომემაც. როგორც ჩანს, ცნობები მოციქულ ბართლომეს საქართველოში ქადაგების შესახებ ლათინურ წყაროებშიც ყოფილა აღნიშნული, რადგან ამის შესახებ არქანჯელო ლამბერტიც წერდა.

ამრიგად, საქართველოს ეკლესია აპოსტოლური წარმომავლობისაა და იგი დაუარსებია წმ. მოციქულ ანდრიას. მას ხელი დაუსხია საქართველოს პირველი ეპისკოპოსისთვის აწყურში და დაუარსებია საეპისკოპოსო კათედრა, სადაც მღვდლები და დიაკვნები ჰყოლია.14

როგორც ქართული, ისე უცხოური ისტორიული წყაროები ცხადად უჩვენებს იმ უეჭველ ფაქტს, რომ საქართველოში ნამდვილად მოციქულებმა იქადაგეს. ამას გარდა, მცხეთის რაიონის სოფელ ნასტეკისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნია სამარხები, რომლებიც I-II საუკუნეებს განეკუთვნება და იმითაა მნიშვნელოვანი, რომ აქ დაკრძალულთა ნეშტი ქრისტიანული წესითაა მიწას მიბარებული.

10 В. Цыпин, Церковное Право, 1996, გვ. 216. ამ საკითხის შესახებ საუბრობს ნიკოდიმოს მილაშიც წიგნში „Православное Церковое Право“, 1897, გვ. 313, სადაც მე-19 შენიშვნაში მიუთითებს ტომასსინის წიგნს “Vetus et nova eklesiae disciplina”, რომელზე დაყრდნობითაც იცავს საქართველოს ავტოკეფალიურობას.

11 ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ. I, გვ.48.

12 ანანია ჯაფარიძე, დასახელებული წიგნი, გვ. 40.

13 პავლე ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, გვ. 211.

8. წმიდა ნინოს შემოსვლა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელი- გიად გამოცხადება საქართველოში

მოციქულთა ქადაგებიდან, ვიდრე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე, ქრისტიანობა, თავისთავად, იდევნებოდა, რის გამოც აქ ეკლესია სისტემურ სახეს ვერ მიიღებდა. წმიდა ნინოს შემობრძანებისა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდგომ აუცილებელი გახდა ეკლესიის მოწყობის სახელმწიფო სისტემასთან მიახლოება, როგორც ეს მოხდა რომის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და ალექსანდრიის ეკლესიებში. საჭირო იყო ეპისკოპოსის კურთხევა, რაც მეფე მირიანმა ითხოვა კიდეც კონსტანტინე დიდთან ელჩების წარგზავნის საშუალებით. როგორც „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს: „აღივსო სიხარულითა მეფე და დედა მისი ელენე დედოფალი, პირუელად ამისათვის, რამეთუ მადლი ღუთისა მოეფინებოდა ყოველთა ადგილთა და ხელთა მათსა ქუეშე ნათელს იღებდეს ყოველი ქართლი... და წარმოგზავნეს მღდელი ჭეშმარიტი იოვანე ეპისკოპოსად, და მისთანა მღდელნი ორნი და დიაკონნი სამნი“.

საქართველოს ეკლესიის პირველი ორგანიზაციის შესახებ ცნობები დაცულია IV-V საუკუნეების ბერძნულ-ლათინურ წყაროებში, კერძოდ, გელასი კესარიელის, რუფინიუსის, თეოდორე კვირიელის ნაშრომებში. აკადემიკოსი ბაბილინა ლომინაძე მათი შრომების შეჯერების შედეგად მიუთითებს, რომ „ბერძენ-ლათინი ავტორები საქართველოს ეკლესიის პირველი ორგანიზაციის შესახებ იძლევიან შემდეგ ერთიან ცნობებს: პირველი ქრისტიანი მეფე, ტყვექალის – იბერთა გამაქრისტიანებლის რჩევით, ელჩებს უგზავნის რომის იმპერატორ კონსტანტინეს. პირველი მღვდელმთავარი და სამღვდელოება გამოგზავნა კონსტანტინე იმპერატორმა. ამ ცნობას ენიჭება დიდი ნდობა იმის გამო, რომ ჯერ ერთი, ის ქრონოლოგიურად ძალზე ახლოს დგას ფაქტთან – იბერთა გაქრისტიანებასთან. გელასი კესარიელი, რომელსაც ეს ცნობა ეკუთვნის, 395 წელს გარდაიცვალა; მეორე იმის გამო, რომ ამ ცნობის პირველწყარო ყოფილა ქართველი კაცი, ვინმე ფრიად სარწმუნო ბაკური – მეფის ჩამომავალი, რომელიც იმპერატორ თეოდოსის დროს (379-393 წწ.) ბიზანტიაში მსახურობდა დიდ თანამდებობაზე“.15

წარმოგზავნილი ეპისკოპოსი იოანე იყო ანტიოქიის ეკლესიის მიერ ხელდასხმული. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება საქართველოში საეკლესიო ორგანიზაციის ჩამოყალიბება და მისი მოწყობა სახელმწიფო მოწყობის მიხედვით. ამავდროულად, ანტიოქიის ეკლესიას უნდა ეცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიურობა, რომლის სტრუქტურულ-სამართლებრივ შემზადებას გარკვეული პერიოდი დასჭირდებოდა. ამის განხორციელება დაიწყო მოციქულთასწორ ნინოს ქადაგებით. მის დრომდე მოციქულთა მიერ დაარსებულ ეკლესიას, რომელიც ტრადიციულად იყო ავტოკეფალიური, უნდა მოჰყოლოდა კანონიკური აღიარება ანტიოქიისა და სხვა ეკლესიების მხრიდან.

14 ქართლის ცხოვრება, I ტომი, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელ ნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1955, გვ. 115.

9. საქართველოს ეკლესიის შინაგანი სტრუქტურა

საბერძნეთიდან მოვლენილმა სამღვდელოებამ ქართლში აკურთხა ეკლესია და ხალხს შეუსრულა ნათლისღების რიტუალი. როგორც ქართლის ცხოვრება გადმოგვცემს, „აკურთხეს მდინარე მტკუარი, ეპისკოპოზმან შემზადა ადგილი ერთი მიწურვით ხიდისა კარსა მოგუთისასა, სადა ყოფილ იყო სახლი ელიოზ მღდელისა და მუნ ნათელსჰცემდა წარჩინებულთა ერთასა და ეწოდა ადგილსა მას მთავართ სანათლო. ხოლო ქუემოთ მისსა, მდინარისავე პირსა, ორგან, ორნი იგი მღდელნი და დიაკონნი ნათელს ჰსცემდეს ერსა და მიატყდებოდა ერი იგი ურთიერთას, მოსწრაფებით ევედრებოდიან მღუდელთა, რათა პირუელად მას ვინმე ნათელ ჰსცემდეს“.16

ეკლესიის მეთაური ატარებდა „მთავრის“ ან „მთავარეპისკოპოსის“ ტიტულს. ქართულ წყაროებში შემონახულია ამ მღვდელმთავართა პერსონალური სია და ქრონოლოგიური რიგი (იხ. მოქცევაé ქართლისაé, შატბერდული და ჭელიშური რედაქციები). ვიდრე V საუკუნემდე, ანუ ქართლში კათალიკოსობის დაწესებამდე, როგორც ამას აკადემიკოსი ბაბილინა ლომინაძე აღნიშნავს, მოქმედი იყო მხოლოდ ერთი საეპისკოპოსო – მცხეთისა, სხვა ეკლესიები, რომლებიც ქართლში აშენდა, ქმნიდნენ მცხეთის სამრევლოებს, რომლებიც წარმოადგენდნენ ზემოთ მოყვანილი საპროტოპრესვიტეროების (იხ. საეკლესიო სამართალში არსებული ავტოკეფალიური ეკლესიის დაფუძნება) ანალოგებს ჩვენს ქვეყანაში. დროთა განმავლობაში ეს სამრევლოები ისე გაძლიერდა, რომ წმ. მეფე ვახტანგ დიდი გორგასლის დროს უკვე იძლეოდა საშუალებას, საეპისკოპოსო კათედრებად ჩამოყალიბებულიყო. მათგან, ზოგი მათ შორის შესაძლოა, უკვე მანამდეც საეპისკოპოსოს წარმოადგენდა.

ეპისკოპოსი რომ ერთი იყო ქართლში, ამ ფაქტს ადასტურებს სხვადასხვა წყარო, მათ შორის „მოქცევაéს“ ქრონიკა (V საუკუნე), ლეონტი მროველი და ჯუანშერი (XI საუკუნე). აღნიშნული წყაროები ქრონოლოგიური რიგით ასახელებენ მხოლოდ თითო-თითო ეპისკოპოსს (მთავარეპისკოპოსს), ხოლო V საუკუნის შემდგომი პერიოდის თხრობისას მხო ლოდ თითო-თითო კათალიკოსს.17

ყოველივე ზემოთქმულის მიხედვით, საქართველოს ეკლესიის ადმინისტრაციული ორგანიზაცია IV-V საუკუნეებში, ვიდრე კათალიკოსობის დაწესებამდე, ასე წარმოგვიდგება: „ჩვენთან ეკლესიის დაარსებაში პირდაპირი მონაწილეობა მიიღო რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა, რომლის დავალებით ეკლესიურ-კანონიკურად ის ჩამოაყალიბა ანტიოქიის ეკლესიის მღვდელმთავარმა ევსტათემ. ანტიოქიის ეკლესია გახდა ქართული ეკლესიის დედაეკლესია. XI საუკუნის დიდ ქართველ მოღვაწეს ეფრემ მცირეს თავის ნაშრომში „უწყებაé მიზეზისა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენიების“, შეუტანია ბერძნული (ანტიოქიური) ცნობა: „სახელიცა მივლინებულისა მის ეპისკოპოსისაé ესრეთ პოვნილ არს, ვითარმედ თვით ევსტათი იყო ანტიოქიელი პატრიარქი, რომელმან დაამყარა ეკლესია იგი მირიანის მიერ მცხეთას აღშენებული და უკურთხა მათ მთავარეპისკოპოსი, ხოლო მეფემან ქართველთამან და ყოველთა მთავართა მისთა დაუწესეს პატრიარქსა ანტიოქიისასა მოსასყიდელად ნივთთა წმიდისა მიჰრონისათა აგარაკები ათასი კუამლი ქუეყანისაგან ქართველთაéსა, რაéთა საფასოé შემოსავალთა მათთაé იყოს ფას ნივთითა მიჰრონისათა, რამეთუ მათ ჟამთა არა სადა სხუაგან წმიდა იქნებოდა მიჰრონი თვინიერ ანტიოქიას და მიერ განეყოფებოდა ყოველთა. ამიერ იცნობების ჟამი მოქცევისაé და ვითარმედ ანტიოქიისა საყდრისა მიმდგომ იყვნეს და მიერ ხელთ-დასხმულ იქნებოდეს ქართლის კათალიკოზნი“.18

ამ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით აკად. ბ. ლომინაძე აღნიშნავს: „ნიშანდობლივია, რომ იმპერატორმა ანტიოქიელს დაავალა ეს მისია, რითაც მან გამოხატა როგორც იბერთა მეფისადმი პატივისცემა, ასევე გაითვალისწინა საქმის სერიოზულობაც: ის მიემგზავრებოდა მეფესთან, მას სამეფო კარზე მოუხდებოდა ურთიერთობა. ანტიოქიის კათედრა იმ დროს პრივილეგირებულად ეკლესიად ითვლებოდა“.19 შემდგომი ეტაპი, რომელიც საქართველოს ეკლესიამ გაიარა ავტოკეფალიურად აღიარებამდე, არის კათალიკოსის კურთხევა, რომელიც უკავშირდება წმ. კეთილმსახური მეფის – ვახტანგ დიდი გორგასლის უდიდეს ღვაწლს.

15 ბაბილინა ლომინაძე, საღვთისმეტყველო კრებული, №12, გვ. 41.

16 ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1955, გვ. 116.

17 საღვთისმეტყველო კრებული, №12, გვ. 58.

10. იბერიის ეკლესიის მეთაურისთვის კათალიკოსის ტიტულის მინიჭება

უპირველეს ყოვლისა, განვსაზღვროთ ტერმინი „კათალიკოსი“. 446 წელს ივერიის ეკლესიის წარმომადგენელმა, რომლის კათედრაც მდებარეობდა ქალაქ მცხეთაში, ანტიოქიის ეკლესიის საჭეთმპყობელისგან მიიღო კათალიკოსის ტიტული. ვ. ციპინის „საეკლესიო სამართლის“ მიხედვით, ასეთი ტიტულით იწოდებოდნენ მთავარიერაქები ეკლესიისა, რომლებიც ტერიტორიულად ესაზღვრებოდნენ ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ საზღვარს. ეს ტერმინი პირველად გამოყენებული იყო 410 წელს და მისი მფლობელი გახლდათ სელევკი ბაბილონელი კათალიკოსი – სპარსეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელი, რომელიც ანტიოქიის არქიეპისკოპოსის იურისდიქციაში იმყოფებოდა.

კათალიკოსი (ბერძნ. katholikos – საყოველთაო, მსოფლიო) ქრისტიანული ეკლესიის მეთაურის უმაღლესი ტიტულია ბიზანტიის იმპერიის საზღვრებს გარეთ. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური კათალიკოსად იწოდებოდა დაახლოებით 466-474 წლიდან.20 ამავე აზრს იზიარებს ბაბილინა ლომინაძე: „მკვლევრები მიუთითებენ ტერმინ „კათალიკოსზე“, როგორც ეკლესიაში დამოუკიდებელი მესაჭის აღმნიშვნელზე.21

ივანე ჯავახიშვილის ნათქვამის თანახმად, „კათალიკოსი“ როგორც თანამდებობის აღმნიშვნელი, სირიის, ალბანეთისა და სომხურ ეკლესიებში V საუკუნეში ესმოდათ, როგორც დამოუკიდებელი ეკლესიის მეთაურის წოდებულება“.22

„საქართველოს ეკლესიის ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული სტრუ ქტურის შეცვლა მოხდა ერთბაშად, რეფორმის სახით, რომელიც უკავშირდება ვახტანგ გორგასლის სახელს. ქრონოლოგიურად იგი მიეკუთვნება დაახლოებით 466-68 წლებს. ცვლილება იმაში გამოიხატა, რომ შემოღებულ იქნა საეკლესიო მმართველობის ახალი სისტემა საკათალიკოსოს სახით, რომლის მეთაური კათალიკოსი წარმოადგენდა ავტოკეფალ მმართველს“, – დასძენს ბ. ლომინაძე და იქვე მიუთითებს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის დაწესების თარიღად V საუკუნეს, მ. ბროსეს, თ. ჟორდანიას, მ. თამარაშვილის, ი. სოკოლოვისა და ი. ჯავახიშვილის მიხედვით. ამ ტერმინთან მიმართებით სხვადასხვა აზრი არსებობს. ჩვენი მიზანია იმის განსაზღვრა, იყო თუ არა კათალიკოსის ტიტულის მატარებელი იერარქი ამავდროულად ავტოკეფალიური ეკლესიის საჭეთმპყობელი, ამასთანავე, რა არის ავტოკეფალიურობის არსობრივი განსხვავებულობა არაავტოკეფალიური ეკლესიისაგან საეკლესიო კანონმდებლობის მიხედვით.

საინტერესოა, როდის მიიღო საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია და მანამდე რა სტატუსი ჰქონდა მას? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად შევეცდებით მოვიშველიოთ ისტორიული წყაროები და მათი მკვლევრების ნააზრევი, რომლის მიხედვით შესაძლებელი გახდება იმის დადგენა, თუ რა სტატუსი ჰქონდა საქართველოს ეკლესიას დაფუძნების პერიოდში და როდის შეიძლებოდა, რომ იგი ავტოკეფალიურად ჩამოყალიბებულიყო. ამავდროულად, მოვიხმობთ საეკლესიო კანონმდებელთა და კანონგანმმარტებელთა დასკვნებს, რომელთაც შეხება აქვთ ამ საკითხთან. ძირითადი განმსაზღვრელი ჩვენეული დასკვნისა იქნება არა ვერსიები, არამედ საეკლესიო კანონმდებლობა და გადაწყვეტილება.

კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასალს, თანახმად „ქართლის ცხოვრებისა“, გაუგზავნია კონსტანტინეპოლში ელჩები მიქაელ ქართლის ეპისკოპოსისათვის მსჯავრის გამოსატანად და ამასთანავე „შეუთუალა, რათა კათალიკოსი და თორმეტნი ეპისკოპოსნი სწრაფით წარმოავლინენ“.23 თორმეტი ეპისკოპოსის მოხსენება იმ ფაქტს მიუთითებს, რომ ქართლში დაუცავთ საყოველთაოდ მიღებული კანონიკური წესი: მინიმუმ თორმეტი ეპისკოპოსი იყო საჭირო, რათა ადგილობრივ ეკლესიას თავისი ფუნქცია შეესრულებინა. ეს ითქმის განსაკუთრებით ეპისკოპოსის გასამართლების შემთხვევაში (კართაგენის ადგილობრივი კრების მე-12 კანონი). ამ კანონის მიხედვით, თუ ეპისკოპოსის საქმის გარჩევა სასურველი იქნებოდა ჩვეულებრივი კრების მოწვევამდე და თუ საამისოდ საგანგებოდ მოწვეულ კრებაზე ვერ გამოცხადდებოდა უმრავლესობა, მაშინ აუცილებელი იყო კრებას დასწრებოდა თორმეტი ეპისკოპოსი მაინც. „რაკიღა მეფის თხოვნა დააკმაყოფილა ანტიოქიის ეკლესიამ და ქართლში გამოგზავნა 12 ეპისკოპოსი და კათალიკოსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივმა ეკლესიამ მიიღო უფლებამოსილება ეპისკოპოსთა განკვეთა-გასამართლებისა, რაც იყო დამოუკიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია“ – მიუთითებს საქართველოს ეკლესიის ღვაწლმოსილი მკვლევარი, აკად. ბ. ლომინაძე. აქვე მას მოყვანილი აქვს მეტად ყურადსაღები ეპიზოდი შუშანიკის წამებიდან, როცა V საუკუნის ავტორი იაკობ ხუცესი მის თანამედროვე სამოელ ეპისკოპოსს მოიხსენებს ეპითეტით – „თავი ეპისკოპოსთა“; „ქართლის ცხოვ რებაშიც“ კათალიკოსი იწოდება, როგორც „ეპისკოპოსთ მთავარი“.

კათალიკოსი, როგორც ეპისკოპოსთა თავი, რომელიც ადგენდა ეპისკოპოსს, ქმნიდა კიდევაც ეპისკოპოსთა კრებას, რომელიც ირჩევდა საეპისკოპოსო კანდიდატს. V საუკუნის ბიზანტიაში არ არსებობდა საეკლესიო კავშირის არც ერთი ფორმა, რომელსაც „თავი“ ჰყავდა და ეპისკოპოსის არჩევა-დადგენის უფლება არ ჰქონდა. მაშასადამე, საქართველოშიც ადგილობრივად ირჩევდნენ და ადგენდნენ ეპისკოპოსებს. არჩეულის ეპისკოპოსად კურთხევა სრულდებოდა აუცილებლად „თავის“, ანუ კათალიკოსის მონაწილეობით. კათალიკოსის ქართული სახელწოდება – „თავი“ – სრული ანალოგია ბიზანტიურისა, რაც მათი ფუნქციებისა და მდგომარეობის მსგავსებაზე მეტყველებს. მოციქულთა 34ე, ანტიოქიის მე-9, ნიკეის I კრების მე-6 და ეფესოს მე-8 კანონთა მიხედვით ეპისკოპოსთა „თავს“ ბიზანტიაში ადგენდა საეკლესიო ოლქის ანუ ეპარქიის ეპისკოპოსთა კრება გარედან ჩაურევლად, ამიტომ საეკლესიო მიტროპოლიები წარმოადგენდნენ ავტოკეფალიურ ეკლესიებს. თეოდორე ბალსამონი კონსტანტინეპოლის II მსოფლიო კრების II კანონის განმარტებისას წერს: „ძველად ყველა ეპარქიის მიტროპოლიტი დამოუკიდებელი (ავტოკეფალიური) იყო და ხელდასხმული საკუთარ ეკლე სიაში“.

„IV-V საუკუნეებში გაჩნდა მისწრაფება, მოესპოთ მიტროპოლიების ავტოკეფალია და დიოცეზის მეთაურ „უპირველეს“, „უწარჩინებულეს“ მიტროპოლიტებს (მომავალ პატრიარქებს) მიეღოთ ეპარქიის „თავის“ დადგენის უფლება, მაგრამ ვიდრე პატრიარქატის სისტემა საბოლოოდ გაიმარჯვებდა (ქალკედონის IV მსოფ. კრების 28-ე კან.), ვიდრე ყველა მიტროპოლიის ავტოკეფალია გაუქმებული არ იყო, მსოფლიო საეკლესიო კრებები იძლეოდნენ მიტროპოლიების ავტოკეფალიის შენარჩუნების გარანტიას.

ამრიგად, ასეთ გარდამავალ პერიოდში, როცა ბიზანტიაში ზოგიერთ ეკლესიათა „თავი“ შეიძლებოდა ჯერ კიდევ ავტოკეფალიური ყოფილიყო, სრულიად ადვილი იყო, მით უფრო საქართველოში, იმპერიის გარეთ, ეკლესიის „თავი“, ანუ კათალიკოსი ავტოკეფალიური უფლებით მოევლინებინათ“.24 აკად. ბ. ლომინაძეს აქვე მოჰყავს ავტოკეფალიური უფლებიანობის დამადასტურებელი კიდევ ერთი არგუმენტი, კერძოდ, ის, რომ „მას შემდეგ, რაც ქართული ეკლესიის მეთაურმა XI საუკუნის დასაწყისში „პატრიარქის“ ტიტული მიიღო, მას „კათალიკოსი“ კი არ ჩამოშორდა, არამედ „პატრიარქის“ სინონიმად შერჩა: იწოდებოდა „კათოლიკოს-პატრიარქად“ ან კათოლიკოსად. ესეც იმას მოწმობს, რომ იმთავითვე კათოლიკოსის უფლებრივობა მაღალი რანგის საეკლესიო ხელისუფლებას უტოლდებოდა“.25

ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ კეთილმსახურ მეფე ვახტანგ დიდ გორგასალს ანტიოქიიდან კათალიკოსი გამოუთხოვია ავტოკეფალიური უფლებით: ქართული საკათალიკოსო ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულად წარმოადგენდა დასრულებულ ეკლესიას, რომელსაც ჰქონდა უფლებამოსილება ეპისკოპოსთა არჩევის, დადგენის და გასამართლებისა.

წინამდებარე თავში აღინიშნა, რომ კათალიკოსის ტიტულის მიღებამდე იბერიის ეკლესიის მეთაური, რომელიც მოციქულთასწორ ნინოს რჩევით მეფე მირიანმა კონსტანტინე დიდისგან გამოითხოვა, ანტიოქიის ეკლესიის მიერ იყო ხელდასხმული. როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროები მიუთითებენ იმ ფაქტს, რომ ქართლში ამის შემდგომ იყო რამდენიმე ეპისკოპოსი და ყველა მათგანი მცხეთის ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა. ამ უკანასკნელს არ ეწოდებოდა კათალიკოსი, თუმცაღა ამ პერიოდშიც ბიზანტიის იმპერიის საზღვრებს გარეთ მოქმედებდა. V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ გატარებული საეკლესიო რეფორმის შემდგომ ანტიოქიის ეკლესიის მიერ იკურთხა თორმეტი ეპისკოპოსი და მეცამეტე კათალიკოსის ტიტულით, რომელიც უკვე მიიჩნეოდა ბიზანტიის საზღვრებს გარეთ მდებარე სახელმწიფოში არსებული ეკლესიის მეთაურად, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სხვა ეკლესიის საჭეთმპყრობელია, რადგან ერთ ეკლესიაში, ამ შემთხვევაში ანტიოქიის ეკლესიაში, ორი მეთაური, „თავი“ ეკლესიისა ვერ იქნებოდა. ასე მოხდა მოციქულთა მიერ დაარსებული, ტრადიციულად ავტოკეფალიური ეკლესიის კანონიკური გზით აღიარება იმ უფლებით, რომ იბერიის ეკლესიას თავად შეეძლო თავისი თორმეტი ეპისკოპოსის თანხლებით კათალიკოსის არჩევა, რაც მის სრულ დამოუკიდებლობაზე მეტყველებს. ამ დროიდან კათალიკოსის კურთხევისთვის ქართველები ანტიოქიაში აღარ ჩადიან.

ვ. ციპინის მიხედვით, „ავტოკეფალიურობის არსი ისაა, რომ იგი ფლობს დამოუკიდებელ მმართველობით ძალმოსილებას. მის უმაღლეს იერარქს ირჩევენ ამ ეკლესიის ეპისკოპოსები და ასე ხდება მისი აღსაყდრება“.26

მთავარი განსხვავება ავტოკეფალიურ და ავტონომიურ ეკლესიას შორის არის ის, რომ ავტოკეფალიურ ეკლესიას შთამომავლობითი, მემკვიდრეობითი ხაზი აკავშირებს მოციქულებთან. მათი ეპისკოპოსები, მათ შორის უპირატესიც, დგინდება თავად ამ ეკლესიის იერარქთა მიერ.

18 ეფრემ მცირე, „უწყებაé მიზეზისა ქართველთა მოქცევისასა“, ტექსტი გამოსცა თ. ბრეგაძემ, 1959, გვ. 8.

19 საღვთისმეტყველო კრებული, #12, გვ. 56.

20 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 317.

21 საღვთისმეტყველო კრებული, 1981, #12, გვ. 63.

22 ქართველი ერის ისტორია, ტ. I, გვ. 319.

23 ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 198.

24 ბ. ლომინაძე, საღვთისმეტყველო კრებული, №12, გვ. 65.

25 საღვთისმეტყველო კრებული, №12, გვ. 73.

11. საკათალიკოსოს დაარსება დასავლეთ საქართველოში

ვიდრე დასავლეთ საქართველოში საკათალიკოსოს დაარსებაზე ვისაუბრებდეთ, საჭიროდგვესახება, გადავხედოთ წყაროებს, თუ რა პერიოდიდან იწყებს გავრცელებას ქრისტიანობა ამ ტერიტორიაზე. ივანე ჯავახიშვილი გელასი კვიზიკიელზე დაყრდნობით წერს, რომ „ქრონოლოგიურად ქრისტიანობის გავრცელების დასაწყისი აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოში, როგორც ეტყობა, ერთსა და იმავე ხანას უნდა ვიგულისხმოთ. გელასი კვიზიკიელს იბერთა მოქცევის ამბავში ნათქვამი აქვს: „პონტოს გასწვრივ მდებარე ქვეყნის მცხოვრებმა იბერებმა და ლაზებმა ღმრთის სიტყვა, რომელიც მათ მანამდე არ სწამდათ, შეიწყნარესო“. გამოდის, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოს ქრისტიანობა ერთსა და იმავე დროს მიუღია. გელასი კვიზიკიელის ამ დანართს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან იმის მომასწავებელია, რომ V საუკუნის მესამე მეოთხედში ლაზიკა, ანუ დასავლეთ საქართველო უკვე დიდი ხნის გაქრისტიანებული უნდა ყოფილიყო და ქრისტიანობის დასაწყისი იქ მაშინ IV საუკუნის დროინდელად ყოფილა მიჩნეული“.27

პროკოფი კესარიელი მოგვითხრობს, რომ „ლაზები, აფშილები და სხვა ტომები ძველი დროიდან მოყოლებული ქრისტიანები არიან“.28 დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ქრისტიანობის ქადაგების დასაწყისი და გავრცელება 325 წ-ზე გაცილებით უფრო ადრე უნდა ვიგულისხმოთ, თუ ამ დროისათვის იქ უკვე საეკლესიო ორგანიზაცია ქალაქის ეპისკოპოსის სახით ჩასახული ჩანს. ეს გარემოება ცხადყოფს, რომ გელასი კვიზიკიელის დანართი ცნობა, რომ იბერებმა და ლაზებმა ერთსა და იმავე დროს მიიღეს ქრისტიანობა, არსებითად სწორი გამოდის იმ მხრივ, რომ დასავლეთ საქართველოშიაც IV საუკუნის დამდეგიდან ქრისტიანობას გზა გაკვლეული უნდა ჰქონოდა“.29

ანტიოქიის, ანუ საქართველოს კირიარქალურმა ეკლესიამ დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი ცნო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ბიზანტიის ეკლესიას არ ჰქონდა უფლება აქ თავისი იურისდიქცია გაევრცელებინა. ამით საცნაური გახდა დასავლეთ საქართველოს არაბიზანტიურობა. ამის შემდგომ (მე-8 საუკუნიდან) საქართველოს ეკლესიაში არსებობს ორი საკათალიკოსო – აფხაზეთისა და ქართლის. ამ საკითხს ვრცლად განიხილავს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე თავის ნაშრომში: „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“, სადაც ვკითხულობთ: „მცხეთის, ანუ ქართლის კათალიკოსი უფროს, „უხუცეს“ კათალიკოსად ითვლებოდა, ხოლო აფხაზეთის უმცროს, ანუ „უმრწმეს“ კათალიკოსად. ასეთი ურთიერთდამოკიდებულება იმით იყო გამოწვეული, რომ მცხეთის, ანუ ქართლის კათალიკოსი იჯდა მცხეთის კათალიკოსის ძველ ტახტზე, რომელიც თავის იურისდიქციას მთელ ქართლზე – აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოზე ახორციელებდა, ამიტომაც VII-IX საუკუნეებში მცხეთელი კათალიკოსი მიიჩნეოდა უფლების მქონედ მთელ ქართულ ეკლესიაზე, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში, თუმცა, ამ დროს დასავლეთ საქართველოში უკვე არსებობდა აფხაზეთის საკათალიკოსო. როგორც აფხაზთა კათალიკოსი, ისე დასავლეთ საქართველოს საეკლესიო წრეები ცნობდნენ მცხეთის კათალიკოსის უზენაესობას“. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის საკათალიკოსო იყო არ დამოუკიდებელი ერთეული, არამედ საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი რიგითი ეპარქია და კათალიკოსის ტიტული შეესაბამებოდა საბერძნეთის ეკლესიის მიტროპოლიტის ტიტულს.

26 В. Цыпин, Церковное Право, 1996, გვ. 207.

27 ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. I, გვ. 229-230.

28 იქვე, გვ. 230.

29 ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. I, გვ. 231.