მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი IV: ბერობა და მონასტრები
IVV
1. ბერობის არსი და მისი წარმოშობა
სიტყვა მონოზონი, ქართულად – ბერი, ნიშნავს განმარტოებულს, განმარტოებით მცხოვრებს. ბერობა განსაკუთრებული მდგომარეობაა ეკლესიის წიაღში, თუმცა ის არ მიიჩნევა მესამე მდგომარეობად, ღვთისმსახურებსა და ერისკაცთა მსგავსად, რადგან საეკლესიო საზოგადოებაში ბერების ნაწილს აქვს სამღვდელო ხარისხი, ხოლო ნაწილს, რომელნიც მწირებად იწოდებიან, არ აქვთ სამღვდელო ხარისხი, ისევე როგორც ერისკაცებს. ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი (მილაში) ბრძანებს: „მონოზვნობა ეკლესიაში წარმოადგენს საზოგადოებას, რომლებიც მოწოდების და ამ საზოგადოების კანონთა თანახმად მთელ თავის ცხოვრებას უძღვნიან და უთმობენ ღმერთს, რათა თვისი ღვთივსათნო ცხოვრების მაგალითით განამტკიცონ ეკლესია და მრევლი“.1
ბერობის ინსტიტუტი ქრისტიანობის ისტორიაში გარკვეულ პერიოდში წარმოიშვა, თუმცა მისი ფესვები სახარებისეულ ქადაგებებში ძევს. უფალი იესო ქრისტე თავის მოწაფეებს სრულყოფისკენ მოუწოდებდა, ეს გზა კი მიწიერ სიკეთეებზე უარის თქმაზე გადის, რაც საფუძვლად უდევს უბიწოების აღთქმას. სახარებაში წერია: „უთხრეს მას მისმა მოწაფეებმა: თუ ასეთია მამაკაცის ვალი დედაკაცის მიმართ, უმჯობესია, არ დაქორწინდეს; ხოლო მან უთხრა მათ: ყველა ვერ იტევს ამ სიტყვას, არამედ რომელთაც მიცემული აქვთ; რადგან არიან საჭურისები, რომლებიც დედის მუცლიდან იშვნენ ასე; და არიან საჭურისები, რომლებიც დასაჭურისდნენ კაცთაგან; და არიან საჭურისები, რომლებმაც დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლისთვის. ვისაც შეუძლია დატევა, დაიტიოს“ (მათე 19, 10-12).
სახარებისეული სრულყოფა გულისხმობს უპოვარების, უანგარობის სათნოებებს, რომელიც მიწიერი ყოფის სრულ ურყოფას მოითხოვს. გავიხსენოთ მდიდარი ჭაბუკი, რომელიც მაცხოვარს ეკითხება, როგორ დაიმკვიდროს მარადიული ცხოვრება. მაცხოვარი უპასუხებს: „თუ გინდა სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და მიეცი გლახაკებს და გექნება საუნჯე ცაში; და მოდის და გამომყევი მე“ (მათე 19, 21.)
მოციქული პავლე წერს კორინთელთა ეპისტოლეში: „მე მინდა, უზრუნველნი იყოთ; უცოლო უფლისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს უფალს. ცოლიანი კი ქვეყნისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს ცოლს. განსხვავებაა გათხოვილსა და გაუთხოვარს შორისაც: გაუთხოვარი უფლისას ზრუნავს, რათა სულითაც და ხორცითაც წმიდა იყოს; გათხოვილი კი ქვეყნისას ზრუნავს, რათა აამოს ქმარს. ამას გეუბნებით თქვენსავე სარგოდ: იმიტომ კი არა, რომ ქამანდი მოგდოთ, არამედ იმიტომ, რომ განუწყვეტლივ და დაუბრკოლებრივ მსახურებდეთ უფალს“ (1 კორინთელთა 7, 32-35).
ცოლი არ მოუყვანიათ მოციქულ პავლეს, მოციქულ იოანე ღვთისმეტყველსა და სხვებს. ეკლესიის ისტორიის პირველ საუკუნეებში ბევრი ქრისტიანი, რომელიც სრულყოფისკენ მიილტვოდა, დებდა უქორწინებლობის აღთქმას, ურიგებდნენ თავის ქონებას გაჭირვებულებს, ღატაკებს. წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი პოლიკარპეს მიმართ გაგზავნილ ეპისტოლეში წერს: „ვისაც შეუძლია ღვთის სახელისთვის სხეული ამყოფოს სიწმინდეში, მან უნდა დაიცვას თავი განდიდებისგან“. იუსტინე ფილოსოფოსი აპოლოგეტი და მოწამე ამბობდა: „ვიცი ბევრი მამაკაცი და დედაკაცი 60-70 წლისა, რომლებიც ბავშვობიდან შეუდგნენ ქრისტეს, ცხოვრობენ უქორწინებლად უბიწოდ, და მე შემიძლია გაჩვენოთ ისინი მთელ ერს“. ასევე სხვა ძველი პერიოდის მამების ეპისტოლეებში არის გადმოცემული უქორწინებლობის აღთქმის შესახებ.
პირველად უბიწოების აღთქმის დამდები ქრისტეს მორწმუნეები არ წყვეტდნენ ურთიერთობას ოჯახთან და ერში რჩებოდნენ. მოგვიანებით, უკვე III საუკუნიდან, ზოგიერთი მათგანი მიდიოდა უდაბნოში. ასე იშვა ბერობა (მონოზვნობა). პირველი ბერები, განდეგილები, ეწეოდნენ ასკეტურ ღვთისმჭვრეტელობით ცხოვრებას უდაბნოებში, ტყეებში, გამოქვაბულებში. უდაბნოში ანაქორეტული ბერული ცხოვრების დამაარსებლად მიიჩნევა ანტონი დიდი.
მეორე დიდი ეგვიპტელი ბერი პახუმი დიდია, რომელმაც ჩამოაყალიბა მრავალი მონაზვნის ერთ სავანეში ცხოვრების წესი თების უდაბნოში. ეს იყო პირველი კინობიალური მონასტრული ცხოვრების ტიპიკონი. მის პერიოდში ამგვარი ცხოვრების მსურველი 7000 ადამიანი დაითვალა. მალევე სხვადასხვა ქვეყანაშიც ჩამოყალიბდა კინობიალური ცხოვრების წესი, რომელსაც მონასტრული ცხოვრება ეწოდა შემდეგში სირიაში, პალესტინასა და პონტოში. ბერმონაზვნური ცხოვრების დამაარსებლებად მიიჩნევიან ასევე პავლე თებელი და მაკარი ეგვიპტელი.
მონასტრის ცხოვრების მოწყობის ტიპიკონი ეკუთვნის ასევე ბასილი დიდს. მან დატოვა 55 ვრცელი და 113 მცირე კანონი ბერებისა და მონასტრებისთვის. ეს ტიპიკონი დღესაც კანონად არის მიჩნეული მათთვის. აღნიშნული კანონები სამი სახის აღთქმის ირგვლივ იკრიბება, ესენია: მორჩილება უპირატესისადმი, მმართველებისადმი, საკუთარი ნების უარყოფა (უბიწოება, უმანკოება, უმწიკვლოება, უპოვარება, ყოველგვარი პირადი ქონების უარყოფა-დატევება).
IV საუკუნეში ბერობა ყველაზე ფართოდ ვცელდება რომის იმპერიაში. მონასტერთა გამრავლების მთავარი მიზეზი საეკლესიო საზოგადოებაში ზნეობის ღირებულებების დონის დაქვეითება, მილანის ედიქტის შემდეგ წარმართთა ეკლესიაში მასიური გაწევრიანება და სახელმწიფოს ქრისტიანიზაციაა. ადამიანები, რომლებიც მიილტვოდნენ, მაღალი სახარებისეული, ქრისტიანული იდეალები განეხორციელებინათ, წყვეტდნენ საერო ცხოვრებასთან კავშირს, რომელიც უკვე აღარ დევნიდა მათ და ამიტომ მიდიოდნენ უდაბნოში, მონასტრებში, რათა ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით ყოველდღე მომკვდარიყვნენ ამა სოფლისთვის. IV საუკუნეში ჩნდება დედათა პირველი მონასტრები. ამავე საუკუნეში მონაზვნობა გავრცელდა რომის იმპერიის დასავლეთშიც, თავდაპირველად ბრიტანეთის კუნძულებზე. მონასტრები ბრიტანელ და ირლანდიელ კელტებთან ჩამოყალიბდა. ასევე შოტლანდიელი ბერის კოლუმბანის მიერ დაფუძნდა რამდენიმე მონასტერი ჩრდილოეთ იტალიასა და ფრანკთა სამეფოში (პირველი გერმანული დიდი პოლიტიკური გაერთიანება ადრეული შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში).
საყოველთაო საეკლესიო კანონმდებლობა მონასტრებს პირველად მხოლოდ V საუკუნეში შეეხო. ქალკედონის კრების მამებმა მეოთხე კანო ნით დაადგინეს: „ვინც ჭეშმარიტებით და გულწრფელად სამონაზვნო ცხოვრებას შეუდგება, ის შესაფერისი პატივის ღირსი უნდა გახდეს. ზოგიერთი სამონაზვნო სახის შემმოსველი ჩაშლის საეკლესიო და სამოქალაქო საქმეებს, თვითნებურად დადის ქალაქში და მხოლოდ ამას კი არ სჩადის, არამედ გაბედულად იწყებს თავისთვის მონასტრის შენებას. მივიჩნევთ: არასოდეს არავინ ააშენოს მონასტერი და სამლოცველო სახლი იმ ქალაქის ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე. თითოეული ქალაქის და სოფლის მონაზვნები უნდა დაემორჩილონ თავიანთ ეპისკოპოსს, შეიყვარონ სიჩუმე, მხოლოდ მარხვასა და ლოცვაში უნდა იყვნენ განკრძალულები და განუშორებლად იმ ადგილებში იღვაწონ, სადაც ამქვეყნიური ცხოვრებიდან გასვლის აღთქმა დადეს; ნუ ჩაერევიან ნურც საეკლესიო და ნურც ამქვეყნიურ საქმეებში, ნუ დატოვებენ თავიანთ მონასტრებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როცა ქალაქის ეპისკოპოსი უბრძანებს წასვლას რაიმე საჭირო საქმეზე. მფლობელის ნების გარეშე მონათაგან ნურვინ იქნება შეწყნარებული მონაზვნად მონასტერში. ვინც ამ ჩვენს განსაზღვრულს გადავა, მის უზიარებლობას ვადგენთ, რომ არ დაიგმოს ღვთის სახელი. ქალაქის ეპისკოპოსს ევალება სათანადო ზრუნვა მონასტერზე“.
საწყის ეტაპზე ბერებს არ ეძლეოდათ სამღვდელო ხარისხი. ისინი ღვთისმსახურებისთვის იწვევდნენ მღვდლებს, რომელთაც ეკრძალებოდათ ღამით მონასტერში დარჩენა. როდესაც ღირს მამას პახუმს შესთავაზეს მღვდლის ხარისხში აყვანა და კურთხევა, ის გაიქცა, ხოლო უდაბნოში მცხოვრებმა ანტონმა ყური მოიჭრა, რათა თავიდან აერიდებინა ეპისკოპოსობა.
ბასილი დიდის განწესებით, ყოველ მონასტერს მღვდელმსახურები თავისივე ბერებიდან გამორჩეული უნდა ჰყოლოდა. ბერებს, რომელთაც სამღვდელო ხარისხს ანიჭებდნენ და მონასტერში მსახურებდნენ, იერომონახებად იხსენიებდნენ, დიაკონს კი იეროდიაკონს უწოდებდნენ. ქართულ სინამდვილეში მღვდელ-მონაზონი და ბერდიაკონია დამკვიდრებული.
ტრულის კრებამ ეპისკოპოსთათვის ცოლის მოყვანა აკრძალა. ამის შემდეგ ბერები, რომელთაც სახელი გაითქვეს უბიწო და წმინდა ცხოვ რებით, სხვებზე უფრო ხშირად აჰყავდათ საეპისკოპოსო კათედრებზე. აღნიშნული კრების მე-12 კანონი განაწესებს: „ჩვენს ყურამდე მოაღწია იმ ამბავმა, რომ აფრიკაში, ლიბიასა და სხვა ადგილებში მყოფი ღვთისმოყვარე ეპისკოპოსები არც ხელდასხმის შემდეგ ანებებენ თავის მეუღლეებთან თანაცხოვრებას, რითაც საფრთხესა და დაბრკოლებას უქმნიან სხვებს. ჩვენი სურვილია, ყოველივე მოვაწყოთ ჩვენთვის მინდობილი სამწყსოს სულის სასარგებლოდ, ამიტომ დავადგინეთ, რომ ამიერიდან აღარ მოხდეს ამგვარი რამ. ამას ვამბობთ არა მოციქულთა კანონმდებლობის (მე-5 კანონი) საწინააღმდეგოდ და დასარღვევად, არამედ ერის გადარჩენისა და უკეთესობისაკენ წარმართვისათვის; იმისთვის, რომ არ მოეცხოს ბიწი სამღვდელო წოდებას, რადგან საღმრთო მოციქული ამბობს: „ყველაფერს უნდა იქმოდეთ ღმრთის სადიდებლად, ნუ შეაფერხებთ ურიებსა და წარმართებს და ღმრთის ეკლესიას, როგორც მე ყველას ყველაფერში სათნოდ ვექცევი და არ ვეძებ უმჯობესს ჩემი თავისთვის, არამედ მრავალთათვის, რათა ცხონდნენ. მომბაძეთ მე, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს“ (1 კორ. 10, 31-33; 11, 1).
ღვთიური სიბრძნის ტაძარში შეკრებილი კრების მე-2 კანონი შეახსე ნებს ეპისკოპოსებს: „ზოგიერთები მოჩვენებით შეუდგებიან მონაზონებრივ ცხოვრებას იმისთვის კი არა, რომ სიწმინდით ემონონ ღმერთს, არამედ რათა სამონაზვნო სახის პატიოსნებით მიიღონ ღმრთისმოსაობის დიდება და ამით უხვად მოიპოვონ თავისთვის სიამოვნება. ისინი მხოლოდ თმას იკრეჭენ, თავისივე სახლებში იმყოფებიან და არც ერთ სამონაზვნო კანონსა და წესდებას არ ასრულებენ. წმინდა კრებამ განსაზღვრა, რომ არავინ არ შეიძლება გახდეს სამონაზვნო სახის მიღების ღირსი, თუ მის გვერდით არ იქნება ის, ვისაც შეუძლია მისთვის რგება, მორჩილებაში მისი მიღება, მისი ცხოვრების წარმართვა და მის სულიერ ხსნაზე ზრუნვა. ცხადია, ეს უნდა იყოს ღმრთისმოყვარე კაცი და მონასტრის წინამძღვარი, ვისაც შეუძლია ქრისტესთვის შეწირული სულის ხსნა.
თუ ვინმე გაბედავს ვისსამე აღკვეცას წინამძღვრის იქ არ ყოფნის დროს (წინამძღვარმა ხომ მორჩილებაში უნდა მიიღოს იგი!), აღმკვეცელი განკვეთით უნდა დაისაჯოს, როგორც კანონთა მოწინააღმდეგე და სამონაზვნო კეთილწესიერების დამრღვევი. ხოლო უსამართლოდ და უწესოდ აღკვეცილი უნდა მიეცეს იმ მონასტრის მორჩილებაში, რომელშიც განაწესებს იმ ადგილთა ეპისკოპოსი, რადგანაც თვითნებური და არასწორი აღკვეცა მონაზვნობის სახეს უპატიოს ხდის და ქრისტეს სახელს საგმობლად აქცევს“.
თავისთავად, ბერობის აღთქმა და ბერად აღკვეცა სამღვდელო ხარისხს არ ანიჭებს. ქალკედონის კრების მე-2 კანონის, ტრულის კრების 81-ე კანონის, მეშვიდე მსოფლიო კრების მე-5, მე-9 და მე-13 კანონთა მიხედვით მონოზვნები დგანან ერისკაცთა და კლერიკოსთა რანგში. მეშვიდე მსოფლიო კრების მე-13 კანონი განაწესებს: „დიდი სასჯელის ღირსნი არიან ისინი, ვინც მონასტრები ერისკაცთა საცხოვრებლად აქცია. როდესაც ჩვენი ცოდვების გამო ეკლესიას მოევლინა განსაცდელი, ზოგიერთებმა დაიტაცეს საღმრთოდ განკუთვნილი სახლები, ანუ საეპისკოპოსოები და მონასტრები, და გადააქციეს ისინი ერისკაცთა საცხოვრებელ ბინებად. ახლა კი, თუ მიმტაცებლებმა ინებეს საეპისკოპოსოებისა და მონასტრების უკან დაბრუნება, რათა აღდგეს პირვანდელი წესი, ფრიად კეთილი და მშვენიერი იქნება ეს სურვილი. ხოლო თუ არ ისურვეს ამის გაკეთება, ვინც სამღვდელო დასიდან იქნება, ვბრძანებთ მის განკვეთას, მონაზვნისა და ერისკაცის შემთხვევაში – უზიარებლობას, როგორც მსჯავრდადებულისა მამისა და ძისა სულიწმიდისაგან, იქ დაეწესონ, სადაც „მატლი არა კვდება და ცეცხლი არ იშრიტება“ (მარკ. 9, 44), ვინაიდან ეწინააღმდეგებიან უფლის ხმას, რომელიც ამბობს: „მამაჩემის სახლს ნუ გადააქცევთ სავაჭრო სახლად“ (იოან. 2, 16).
მაგრამ კლერიკოსებსა და ბერებს შორის, თუნდაც ისინი არ იყვნენ ხელდასხმული სამღვდელო ხარისხში, ბევრი რამ აქვთ საერთო. მიზანი როგორც ერთისა, ისე მეორის, არის მხოლოდ ეკლესიის მსახურება სულიერი სრულყოფისთვის. ბერობის აღთქმის გატეხა და წასვლა მონასტრიდან ისეთივე სახით განიკითხება და ისჯება, როგორც კლერიკოსისა, რომელიც საკუთარი ნებით უარს იტყვის სამღვდელო ხარისხზე.
ქალკედონის კრების მე-7 კანონი ადგენს: „ვინც ერთხელ სამღვდელო დასში დაეწესა, ან მონაზვნად აღიკვეცა, მათ შესახებ განვაჩინებთ, რომ ისინი სამხედრო სამსახურში არ უნდა შევიდნენ, არც საერო პატივს დაუბრუნდნენ. ვინც ამ კანონის საწინააღმდეგოდ მოიქცევა და სინანულით კვლავ არ მიუბრუნდება იმას, რაც მანამდე ღმერთისთვის აირჩია, შეჩვენდეს“.
1 Никодимъ, Православное Церковное Право, СПб., 1897, გვ. 648.
2. ბერად აღკვეცა
ყველას აქვს უფლება აღიკვეცოს ბერად. არანაირი მდგომარეობა, არანაირი წოდება და არც არანაირი დანაშაული, ვის მიერაც უნდა იყოს ის ჩადენილი, ვერ შეეწინააღმდეგება ადამიანს ბერად აღკვეცაში, თუკი მას ეს სურს, რადგან ტრულის კრების 43-ე კანონის თანახმად, ბერული ცხოვრება სინანულით ცხოვრებაა: „ყველა ქრისტიანს ხელეწიფება და შეეფერება მოღვაწის ცხოვრების მიღება და საწუთრო საქმეების მრავალშფოთიან ღელვათაგან განშორება, მონასტერში წასვლა და მონაზვნად აღკვეცა, თუნდაც ძალზე დიდი ცოდვით იყოს დაცემული, რადგან ჩვენმა მაცხოვარმა ღმერთმა ბრძანა: „ჩემთან მოსულს არ გავაძევებ“ (იოან. 6, 37). რამდენადაც სამონაზვნო ღვაწლი სინანულით ცხოვრებას ნიშნავს, თუკი ვინმე თავად აირჩევს ამ გზას, მხარს დავუჭერთ მას და ვერაფერი დააბრკოლებს, თავისი ნება-სურვილი აღასრულოს“.
მაგრამ ბერი რომ გახდე, კანონის მიხედვით, აუცილებელია გარკვეული წინაპირობა, რომლის დაცვის გარეშეც ბერად აღკვეცა არ შეიძლება. გარდაუვლად აუცილებელია კონკრეტული პირის ბერად აღკვეცისთვის კანონით დადგენილი ასაკი; უძლებს თუ არა ბერობის მსურველი გამოსაცდელი დროით მონასტერში ცხოვრებას და შეძლო თუ არა დადგენილი აღთქმის ტვირთვა.
ასაკთან დაკავშირებული კანონიკური დადგენილება, სადაც საუბარია მონასტერში ცხოვრებაზე, განსხვავდება მათგან, სადაც საუბარია აღთქმის დადებაზე, აღკვეცაზე. ამასთან დაკავშირებით ტრულის კრების მე-40 კანონი ადგენს: „რადგან ამქვეყნიური შფოთის უარყოფით ღმრთის მიყოლა ფრიად მოსაწონია და მხსნელი, აუცილებელია, რომ გამოუცდელად და საჭირო დროის გარეშე არ შევიწყნაროთ სამონაზვნო მოღვაწეობის ამრჩევნი, არამედ აქაც დავიცვათ მამათა მიერ ჩვენთვის მოცემული განსაზღვრება, რადგან მაშინაა ჯეროვანი საღმრთო ცხოვრების აღსარების შეტკბობა, როცა ფიქრი და შეგნება სიტყვასთან ერთად სრულყოფილია. ამრიგად, ვისაც სურს მონაზვნის უღლის თავის თავზე აღება, ნუ იქნება ათ წელზე ნაკლები ხნისა და წინამძღვარს მიენდოს ამის გადაწყვეტა: ხომ არ არის უმჯობესი გადაუწიოს მას მონაზვნური ცხოვრების დაწყებისა და მასში დამკვიდრების ჟამი. თუმცა ბასილი დიდი თავის წმინდა კანონებში ასე ბრძანებს და აკანონებს, რომ ვინც ნებით შესწიროს თავი ღმერთს და ქალწულობა შეიტკბოს, ჩვიდმეტი წლისა ჩაირიცხოს ქალწულთა დასში. ჩვენ ქვრივთა და დედადიაკონთა შესახებ დადგენილი დროის მაგალითს მივყევით და ზემოხსენებული წელთა რიცხვით შემოვფარგლეთ საზღვარი მონაზვნური ცხოვრების მსურველთათვის, რადგან საღმრთო მოციქული წერს: „ქვრივად შეიძლება შეირაცხოს არანაკლებ სამოცი წლისა, ერთნაქმარევი“ (1 ტიმოთ. 5, 9). ხოლო საღმრთო კანონებმა დედადიაკონი ხელდასხმის ღირსად მიიჩნიეს ორმოცი წლისა, რადგან უფრო მტკიცედ და უაღრესის მიმართ წარმატებულად ხედავენ ღმრთის მადლით ეკლესიას და საღმრთო მცნებათა მიმართ მორწმუნეთა უცვლელ და უქცეველ სიმტკიცეს. ყოველივე ამის კეთილად გაგებით ჩვენც დავადგინეთ, როგორ უნდა მიეცეთ მადლი და გახდნენ კურთხევის ღირსნი მომავალში ისინი, რომლებსაც სურთ საღმრთო ღვაწლის დაწყება. ისინი მსწრაფლ უნდა აღინიშნონ, როგორც ბეჭედდასმულნი, და საქმის გაჭიანურებით და დაგვიანებით არ დაეჭვდნენ და არ დაიწყონ ყოყმანი ჩაფიქრებულის აღსრულებისას, არამედ თავიდანვე მზად უნდა იყვნენ კეთილად არჩეული საღმრთო დაწყნარებისათვის“.
აღთქმის დადებასთან დაკავშირებით ზრდასრული ასაკია დადგენილი, როდესაც ადამიანი შეუძლია გააზრება, რას აკეთებს და როგორ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას იღებს საკუთარ თავზე. ქალების აღკვეცასთან დაკავშირებით კართაგენის კრების 126-ე კანონი 25 წელს ადგენს, ხოლო ბასილი დიდი თავის მე-18 კანონში წერს: „სიძვით დაცემული ქალწულების შესახებ, რომლებმაც უფალს უბიწოებით ცხოვრების აღთქმა მისცეს, შემდეგ დაეცნენ ხორციელი ვნებით და თავისი აღთქმა უარყვეს, ჩვენმა მამებმა, მარტივი და წრფელი გულმოწყალებით შეცოდებულთა უძლურების გამო დაადგინეს კანონი ერთი წლის შემდეგ მათი შეწყნარების შესახებ, მეორედ ქორწინებულთა მსგავსად. ღვთის მადლით ეკლესია, დღითი დღე წარმატებული, უფრო მტკიცე და ძლიერი ხდება და ქალწულთა დასი მრავლდება. ამიტომ მე მგონია, საჭიროა, გონების ძალით, დაკვირვებით გამოვიკვლიოთ ვითარება და ჩავწვდეთ საღმრთო წერილის აზრს, რაც შესაძლებელია დაწვრილებითი ძიების შედეგად. ქვრივობა ქალწულობაზე უმდარესია, ამის გამო ქვრივთა ცოდვაც ბევრად უფრო მცირეა ქალწულთა ცოდვაზე. ამასთან დაკავშირებით უნდა ვნახოთ, რა მისწერა ტიმოთეს პავლემ: „ახალგაზრდა ქვრივებს ერიდე, ვინაიდან, როცა აღგზნება ეუფლებათ ქრისტესთვის განკუთვნილებს, სურთ ქორწინება. ისინი განისჯებიან, რადგან უარყვეს პირველი რწმენა“ (I ტიმოთ. 5, 11-12). თუ ქვრივს მძიმე სასჯელი ეკუთვნის, როგორც ქრისტეს მიმართ რწმენის უარმყოფელს, რაღა უნდა ვთქვათ ქალწულის შესახებ, რომელიც სძალია ქრისტესი და მეუფისთვის შეწირული პატიოსანი ჭურჭელი? დიდი ცოდვაა, თუ მხევალი მიეცემა ფარულ სიბილწეს, გახრწნილებით აავსებს სახლს და ურგები ცხოვრებით შეურაცხყოფს თავის პატრონს, მაგრამ ბევრად უარესია, როდესაც სძალი ხდება მრუში, სიძესთან ერთობას უპატიოდ აქცევს და მიეცემა აღვირახსნილ ავხორცობას. ამის გამო ქვრივი ისჯება როგორც გახრწნილი მხევალი (მონა), ხოლო ქალწული უნდა დაისაჯოს მრუშის სასჯელით, რადგანაც როგორც უცხო დედაკაცთან შეერთებულ მამაკაცს ვუწოდებთ მრუშს და არ შევიწყნარებთ ზიარებად, სანამ არ დაცხრება ცოდვისგან და არ მოინანიებს, ცხადია, ასევე გადავწყვეტთ მასთან მიმართებით, ვინც ქალწულს ბოროტად მოექცევა. ჩვენთვის ჯერ იმის აღიარებაა საჭირო, რომ ქალწული ეწოდება იმას, ვინც მოვიდა თავისი ნებით და თავი შესწირა უფალს, უარი თქვა ქორწინებაზე და უფრო მეტად პატივი სცა განწმენდილ ცხოვრებას. ხოლო აღსარებასა და აღთქმას მაშინ მივიღებთ მისგან, როდესაც ასაკი სიტყვის შესრულების შესაძლებლობას მისცემს, ვინაიდან ბავშვების ხმა არ უნდა მივიჩნიოთ სარწმუნოდ. როდესაც გახდება თექვსმეტ-ჩვიდმეტ წელზე მეტი ხნისა, ბატონ-პატრონი იქნება თავისი განზრახვისა და განსჯით აირჩევს უფლის მიმართ დაწინდულ ყოფნას. ამის შემდეგ დიდხანს უნდა ევედრებოდეს და ითხოვდეს, რათა მიიღონ ქალწულთა დასში. მხოლოდ მაშინ არის საჭირო მისი დაწესება ქალწულებთან და მისი აღთქმის დამტკიცება, და უარყოფის შემთხვევაში – მისი დასჯაც აუცილებლად. ბევრი მოჰყავთ მშობლებსა და ძმებს ისეთები, რომლებიც არ არიან სრულწლოვანნი, მაგრამ ისინი უქორწინებლობას ირჩევენ არა საკუთარი ნებით, არამედ ამას სჩადიან მათი მომყვანნი ამქვეყნიური საზრუნავის გამო (მაგ., არ შეუძლიათ მზითვის მიცემა და სხვა). ესენი ქალწულებად ადვილად არ უნდა შევიწყნაროთ, სანამ ცხადად არ გამოვიძიებთ და არ შევიცნობთ თვით მათ განზრახვასა და ნებას“. ბასილი დიდის ეს დადგენილება მიღებულია მამაკაცების აღკვეცის შემთხვევაშიც, რამაც ეკლესიის პრაქტიკაში თავისი მნიშვნელობა შეიძინა.
ვიდრე ადამიანს მიეცემა ნება, საზეიმოდ დადოს ბერული აღთქმა და აღიკვეცოს, ის ვალდებულია გამოცდილი სულიერი მამის, ბერის მიერ გამოიცადოს და შეასრულოს გარკვეული დროის განმავლობაში მონასტრის კანონები. ამის შესახებ კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრების მეორე კანონი ადგენს: „ზოგიერთები მოჩვენებით შეუდგებიან მონაზონებრივ ცხოვრებას, იმისთვის კი არა, რომ სიწმინდით ემონონ ღმერთს, არამედ რათა სამონაზვნო სახის პატიოსნებით მიიღონ ღმრთისმოსაობის დიდება და ამით უხვად მოიპოვონ თავისთვის სიამოვნება. ისინი მხოლოდ თმას იკრეჭენ, თავისსავე სახლებში იმყოფებიან და არც ერთ სამონაზვნო კანონსა და წესდებას არ ასრულებენ. წმინდა კრებამ განსაზღვრა, რომ არავინ არ შეიძლება გახდეს სამონაზვნო სახის მიღების ღირსი, თუ მის გვერდით არ იქნება ის, ვისაც შეუძლია მისთვის რგება, მორჩილებაში მისი მიღება, მისი ცხოვრების წარმართვა და მის სულიერ ხსნაზე ზრუნვა. ცხადია, ეს უნდა იყოს ღმრთისმოყვარე კაცი და მონასტრის წინამძღვარი, ვისაც შეუძლია ქრისტესთვის შეწირული სულის ხსნა. თუ ვინმე გაბედავს ვისსამე აღკვეცას წინამძღვრის იქ არ ყოფნის დროს (წინამძღვარმა ხომ მორჩილებაში უნდა მიიღოს იგი!), აღმკვეცელი განკვეთით უნდა დაისაჯოს, როგორც კანონთა მოწინააღმდეგე და სამონაზვნო კეთილწესიერების დამრღვევი. ხოლო უსამართლოდ და უწესოდ აღკვეცილი უნდა მიეცეს იმ მონასტრის მორჩილებაში, რომელშიც განაწესებს იმ ადგილთა ეპისკოპოსი, რადგანაც თვითნებური და არასწორი აღკვეცა მონაზვნობის სახეს უპატიოს ხდის და ქრისტეს სახელს საგმობლად აქცევს“.
ამასთან ერთად, მონასტრის წინამძღვარი უნდა დარწმუნდეს მის გულწრფელ სურვილსა და სიმყარეში – მიუძღვნას თავის ქრისტეს. ასეთი გამოცდისთვის კონსტანტინეპოლის წმინდა მოციქულთა ტაძარში შეკრებილი ორგზისი წმინდა დიდი კრების მე-5 კანონი ადგენს: „ამ ქვეყნისაგან განდგომას განსჯისა და გამოცდილების გარეშე სამონაზვნო მოქალაქეობისათვის დიდი ზიანი მოაქვს. ვინც მონაზვნურ ცხოვრებას მოუფიქრებლად შეუდგება, შემდეგ კი სულმოკლეობას გამოიჩენს სიძნელისა და სიმძიმის გამო, და მიუბრუნდება სავალალოდ ხორცთმოყვარე და გემოვან ცხოვრებას, იმისთვის წმინდა კრებამ განსაზღვრა, რომ არავინ არ უნდა მიიღოს სამონაზვნო სახე, სანამ სამი წლის განმავლობაში გამოცდის შედეგად არ აღმოჩნდება ღირსი. ამისი შეუცვლელად დაცვა დაადგინა კრებამ. მაგრამ თუ მძიმე სნეულება შეიპყრობს მას, მაშინ გამოცდის ვადა ძალაუნებურად შემოკლდება. თუ აღმოჩნდება მოკრძალებული კაცი, რომელიც ერისკაცობის დროსაც მონაზვნურად ცხოვრობს, მისი გამოცდისათვის საკმარისია ექვსი თვის ვადა. ხოლო თუ ვინმე სხვაგვარად იმოქმედებს და არა ასე, მონასტრის წინამძღვარი წინამძღვრობისაგან დაემხობა და ამ უწესობის სამაგიეროდ მისი ხვედრი იქნება მისი ჩაყენება მორჩილებაში მყოფთა შორის, ხოლო მის მიერ მონაზვნად აღკვეცილი სხვა მონასტერში უნდა გადაიყვანონ სამონაზვნო ცხოვრებისათვის გასაწვრთნელად“. ამავე საკითხს ეხება ტრულის კრების 41-ე კანონიც: „ვისაც ქალაქსა ან სოფელში სურდეს, განმარტოვდეს დასაყუდებელში შემწყვდევით და მარტოდ ყოფნით თავის გამოცდა უნდოდეს, თავიდან მონასტერში უნდა შევიდეს და იქ ისწავლოს განდგომილი ცხოვრების წესი. სამი წლის განმავლობაში უნდა ემორჩილებოდეს მას, ვინც ვინც მონასტრის წინამძღვრად არის დადგენილი. მან ყველა საქმეში უნდა სრულყოს ჭეშმარიტი მორჩილება. ამგვარად აღიარებენ, რომ მონასტრის წინამძღვარს დამორჩილებულებმა თვითონ აირჩიეს და მთელი გულით, ნებით შეიტკბეს ასეთი ცხოვრება და გამოცდა, მაგრამ დასაყუდებლის გარეთ კიდევ ერთი წელი უნდა მოითმინონ, რათა კიდევ უფრო ნათელი გახდეს მათი კეთილი ნება და მათ მიერ ამორჩეული გზა, რადგან ამიერიდან ისინი ყველას დაარწმუნებენ, რომ არა როგორც ამაო დიდებაზე მონადირეები, არამედ როგორც ნამდვილად ჭეშმარიტების ტრფიალნი მისდევენ წმინდა დაყუდებას (განდეგილობას). ამ დაწესებული დროის გასვლის შემდეგ, თუ ისევ ამავე სურვილზე დარჩებიან, ნება მოეცემათ დაყუდებისა და მათ აღარ უნდა შეეძლოთ, როცა მოუნდებათ, დატოვონ მათი საღმრთო საყოფელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა უნდა აღასრულონ რაიმე ჯეროვანი და სასარგებლო მსახურება, ან გაჭირვების გამო, რომელიც სიკვდილს შეიძლება უქადდეს მათ და აიძულებდეს, დატოვონ საყოფელი. მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ ადგილის ეპისკოპოსის კურთხევითა და ბრძანებით.
ხოლო ვინც ზემოთქმული მიზეზის გარეშე დატოვებს თავის დასაყუდებელ სამყოფელს, პირველად ძალით (მისი ნების გარეშე) თავისსავე დასაყუდებელში დააბრუნონ და ამის შემდეგ მარხვითა და სხვა სიმკაცრეებით განიკურნოს მისი მოუსვენრობა, როგორც წმ. წერილი ბრძანებს: „ვინც ხელს დაადებს სახნისს და უკან იყურება, არ გამოდგება ღვთის სასუფევლისთვის“ (ლუკა 9, 62).
ცდუნების დათმენასთან დაკავშირებით მონაზვნობის მსურველი დებს ბერულ აღთქმებს, უფრო კონკრეტულად: 1) თავშეკავების, 2) მორჩილებისა და 3) უპოვარების აღთქმას. აღთქმას დებენ სადღესასწაულო საეკლესიო საღთისმსახურო ტრადიციის შესაბამისად, ამ დროს კონკრეტული პირი აღიკვეცება, რის შემდეგაც სამოქალაქო პირი ხდება ბერი.
ბერად აღკვეცისა და მონასტერში მიღებასთან დაკავშირებით კანონებს ბევრი აკრძალვა აქვს: დაუშვებელია მონასტერში მიიღონ ისეთი პირები, რომლებიც არ არიან მთლიანად განთავისუფლებულები სამოქალაქო ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან. ამასვე ითხოვს საერო კანონმდებლობაც, რომ ღვთისა და ეკლესიისადმი მსახურება შეეძლოს ადამიანს საერო ცხოვრებისგან სრულიად დამოუკიდებლად. ამის შესახებ მეოთხე მსოფლიო კრების მეოთხე კანონი ადგენს: „ვინც ჭეშმარიტებით და გულწრფელად სამონაზავნო ცხოვრებას შეუდგება, ის შესაფერისი პატივის ღირსი უნდა გახდეს. ზოგი სამონაზვნო სახის შემმოსველი ჩაშლის საეკლესიო და სამოქალაქო საქმეებს, თვითნებურად დადის ქალაქში და მხოლოდ ამას კი არ სჩადის, არამედ გაბედულად იწყებს თავისთვის მონასტრის შენებას. მივიჩნევთ: არასდროს არავინ ააშენოს მონასტერი და სამლოცველო სახლი იმ ქალაქის ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე. თითოეული ქალაქისა და სოფლის მონაზვნები უნდა მორჩილებდნენ თავიანთ ეპისკოპოსს, შეიყვარონ სიჩუმე, მხოლოდ მარხვასა და ლოცვაში იყვნენ განკრძალულები და მომთმენნი იმავე ადგილას, სადაც ამქვეყნიური ცხოვრებიდან გასვლის აღთქმა დადეს ნურც საეკლესიო და ნურც ამქვეყნიურ საქმეებში ნუ ჩაერევიან და მონაწილეობას მიიღებენ, ნუ დატოვებენ თავიანთ მონასტერს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როცა ქალაქის ეპისკოპოსი უბრძანებს წასვლას რაიმე საჭირო საქმეზე. მფლობელის ნების გარეშე მონათაგან ნურვინ იქნება შეწყნარებული მონაზვნად მონასტერში. ვინც ამ ჩვენს განსაზღვრულს გადავა, მის უზიარებლობას ვბრძანებთ, რომ ღვთის სახელი არ იგმობოდეს. ქალაქის ეპისკოპოსს ევალება სათანადო ზრუნვა მონასტერზე“.
აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების მიღება მონასტერში მშობელთა თანხმობის გარეშე, ასევე იმ პირებისა, რომელთა ნების საწინააღმდეგოდ, მშობლების ძალდატანებით ხდება აღკვეცა. ამის შესახებ ბასილი დიდის მე-18 კანონი ადგენს: „...ხოლო აღსარებასა და აღთქმას მაშინ მივიღებთ მისგან, როდესაც ასაკი სიტყვის შესრულების შესაძლებლობას მისცემს, ვინაიდან ბავშვების ხმა არ უნდა მივიჩნიოთ სარწმუნოდ. როდესაც გახდება თექვსმეტ-ჩვიდმეტ წელზე მეტი ხნისა, ბატონ-პატრონი იქნება თავისი განზრახვისა და განსჯით აირჩევს უფლის მიმართ დაწინდულ ყოფნას. ამის შემდეგ დიდხანს უნდა ევედრებოდეს და ითხოვდნენ, რათა მიიღონ ქალწულთა დასში. მხოლოდ მაშინ არის საჭირო მისი დაწესება ქალწულებთა და მისი აღთქმის დამტკიცება, და უარყოფის შემთხვევაში – მისი დასჯაც აუცილებლად. ბევრი მოჰყავთ მშობლებსა და ძმებს ისეთები, რომლებიც არ არიან სრულწლოვანნი, მაგრამ ისინი უქორწინებლობას ირჩევენ არა საკუთარი ნებით, არამედ ამას სჩადიან მათი მომყვანნი ამქვეყნიური საზრუნავის გამო (მაგ.: არ შეუძლიათ მზითვის მიცემა და სხვა). ესენი ქალწულებად ადვილად არ უნდა შევიწყნაროთ, სანამ ცხადად არ გამოვიძიებთ და არ შევიცნობთ თვით მათ განზრახვასა და ნებას“.
ვინმეს აღკვეცა თანხის გამო მიიჩნევა სიმონიად და ისჯება კანონებით მსგავსად იმისა, როდესაც დაუშვებელი მეთოდებით მიიღებს ადამიანი ბერობას. ამის შესახებ მეშვიდე მსოფლიო კრების მე-19 კანონი საუბრობს: „ვერცხლისმოყვარეობის სისაძაგლემ იმდენად დაიპყრო ეკლესიების მესაჭეები, რომ ზოგიერთმა კეთილმოშიშედ მიჩნეულმა კაცმა და დედაკაცმა, უფლის მცნებები დაივიწყეს, თავგზა აებნათ, და სამღვდელო და სამონაზვნო დასში შემსვლელებს ოქროთი იღებენ. ამის გამო ხდება „ყველაფერი უვარგისი, რისი დასაწყისიც უწმიდურია“, – როგორც ამას ბასილი დიდი ამბობს, – რადგან შეუძლებელია ერთდროულად ღმერთსაც და მამონსაც ემსახურო (მათე 6, 24). ამიტომ, ასეთ საქციელში მხილებულია ეპისკოპოსი, იღუმენი ან ვინმე სასულიერო პირთაგან, ან უნდა დაცხრეს, ან არადა განიკვეთოს, – ქალკედონის წმიდა კრების მე-2 კანონის თანახმად, ხოლო იღუმენია განიდევნოს მონასტრიდან და მორჩილებაში სხვა მონასტერში წავიდეს, ისევე როგორც ის იღუმენი, რომელსაც არ გააჩნია სამღვდელო ხელდასხმა. რაც შეეხება იმ ნივთებს, რასაც მშობლები აძლევენ შვილებს მზითევის სახით, და ასევე თან მოტანილი პირადი ნივთები, რომელიც მომტანის განცხადებით მის მიერ ღმერთს ეწირება, ჩვენ დავადგინეთ, რომ მონასტერში უნდა დარჩეს აღთქმისაებრ, მიუხედავად იმისა, დარჩება მისი მომტანი თუ წავა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი წასვლის მიზეზი წინამძღვარი იქნება“.
მონასტრის მიზნიდან გამომდინარე – იყოს სკოლა ყოველივე კეთილისა და სასარგებლოსი ადამიანთათვის, ბერები უნდა იყვნენ საყრდენი ეკლესიისა, ქრისტიანობის მქადაგებლები და ქრისტიანული სათნოებების მაჩვენებლები თავისი ცხოვრებით. ვიდრე აღიკვეცებიან, მათ მოეთხოვებათ კარგი ცოდნა ყოველივე იმისა, რაც დაკავშირებულია მათ მიზანთან. ბერად აღკვეცის შემდეგ გაუჩერებლივ უნდა ლოცულობდნენ ღვთივსულიერების მისაღწევად და ამავდროულად, უნდა ეცნობოდნენ მეცნიერებას და მის მიღწევებს, რათა ყოველთვის მზად იყვნენ, იბრძოლონ და წინააღმდეგობა გაუწიონ ყველას, ვინც მართლმადიდებლურ ჭეშმარიტებას შეეწინააღმდეგება.
3. მონასტრების მოწყობა
მონასტრის დაფუძნება შესაძლებელია მხოლოდ იმ ეპარქიის ეპისკოპოსის კურთხევით, სადაც სურთ მონასტრის დაფუძნება და მისგანვე უნდა იკურთხოს ეს მონასტერი. ამის შესახებ კონსტანტინეპოლის წმინ და მოციქულთა ტაძარში შეკრებილი ორგზისი წმინდა დიდი კრების მიერ დადგენილი პირველი კანონი განაწესებს. „ჩვენი ნეტარი და ღირსი მამების მიერ ძველად კეთილად წამოწყებული, ესოდენ მშვენიერი და პატიოსანი საქმე – მონასტერთა აშენება – ცუდად სრულდება ამჟამად. არის ზოგიერთი, ვინც თავის შეძენილ ქონებას და კარ-მიდამოს მონასტრის სახელს არქმევს და საღმრთოდ განწმენდილად მიიჩნევს მას, შემდეგ უფლისათვის შეწირულს მაინც თავისთვის მიიწერს და ვერაგულად საღმრთო კუთვნილების მხოლოდ სახელს არქმევს, რადგანაც არ რცხვენია, რომ შეწირვის შემდეგაც აქვს მისი მოხვეჭისა და ქონების უფლება, როგორც ადრე ჰქონდა. ეს საქმე ისე გადაიხარა უწესოებისაკენ, რომ შეწირული მიწებიდან ბევრს ყიდიან თვით შემწირველნი, რაც მხილველების გაკვირვებასა და ზიზღის მიზეზი ხდება. ისინი კი არამცთუ თვითონ ნანობენ ღმრთისთვის ერთხელ შეწირულზე თავისი უფლებების გავრცელებას, არამედ სხვებისთვის მიცემასაც არ ერიდებიან. ამის გამო წმინდა კრებამ განსაზღვრა, რომ არავის არ უნდა ჰქონდეს მონასტრის აშენების უფლება, თუ ამას არ შეიტყობს და ნებას არ დართავს იმ ადგილების ეპისკოპოსი. ხოლო თუ ეპისკოპოსი თანახმა იქნება და ამის გაკეთებას ბრძანებს, უნდა წარმოთქვას დაწესებული ლოცვა, როგორც პირველთა მიერ ღმრთისმოყვარეობით არის დაკანონებული. მაშინღა უნდა აშენდეს მონასტერი, და ყველაფერი, რაც მისთვის არის შეწირული, ქონება და ფული მონასტერთან ერთად უნდა ჩაიწეროს აღწერის წიგნში, რომელიც ინახება საეპისკოპოსო ეკლესიის საცავში. შემწირველსა და მაშენებელს არა აქვს უფლება, ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე თავისი თავი ან თავის ნაცვლად სხვა ვინმე დაადგინოს მონასტრის წინამძღვრად. ვინაიდან, თუკი კაცი ვინმეს საჩუქრად მისცემს რაიმეს და მისი მფლობელი აღარ შეუძლია იყოს, მით უმეტეს, ვეღარ იქნება იგი იმის მფლობელი, რაც მიართვა და შესწირა ღმერთს“.
ამიტომ მონასტერი და მასში მოღვაწე ბერები, სრულად უნდა ექვემდებარებოდნენ ეპარქიის ეპისკოპოსს, მის ზედამხედველობას და სასამართლოს როგორც საგარეო ურთიერთობებში, ისე მონასტრის შიდა მოწყობაში, რასაც ზემომოყვანილი მეოთხე მსოფლიო კრების მეოთხე კანონიც განაწესებს (იხ. გვ. 153) არაერთი კანონი აკისრებს მძიმე სასჯელებს მათ, ვინც გაბედავს მონასტრის ქონებას მიაყენოს რაიმე სახის ზარალი ან გადასცეს საერო პირს. ამის შესახებ მეოთხე მსოფლიო კრე ბის 24-ე კანონი ადგენს: „ეპისკოპოსის ნებით ერთხელ ნაკურთხი მონასტერი, სამუდამოდ მონასტრად დარჩეს; მისი კუთვნილი ქონება დაცული იყოს და მომავალში არასდროს გადაკეთდეს ერისკაცთა საცხოვრებლად. ხოლო ვინც ამას დაუშვებს, კანონის შესაბამის სასჯელს დაექვემდებაროს“. ტრულის კრების 49-ე კანონი განაწესებს: „განვაახლებთ ქალკედონის კრების 24-ე კანონს დავადგენთ, რომ ეპისკოპოსის ნებართვით მონასტრისათვის შექმნილი ეკლესიები სამუდამოდ მონასტრისა უნდა იყოს და მათთვის შეწირული ქონება მონატერს უნდა ეკუთვნოდეს. მონასტერი აღარ უნდა გახდეს საერო სამკვიდრებელი, და ერისკაცებს აღარ უნდა გადაეცეს. თუ აქამდე ასეთი რამ მომხდარა, განვაწესებთ, რომ მთლიანად გათავისუფლდეს ისინი, ხოლო ვინც ამიერიდან ამის ჩადენას გაბედავს, მას კანონის შესაბამისი ეპიტიმია დაედოს“.
მეშვიდე მსოფლიო კრების მე-13 კანონი ადგენს: „ჩვენი ცოდვების გამო ეკლესიას მოევლინა განსაცდელი, ზოგიერთებმა დაიტაცეს საღმრთოდ განკუთვნილი სახლები, ანუ საეპისკოპოსოები და მონასტრები, გადააქციეს ისინი ერისკაცთა საცხოვრებლად. თუ მათი მიმტაცებლები მოინდომებენ მათ დაბრუნებას და აღდგენილი იქნება ძველებურად, ფრიად კეთილი და მშვენიერი საქმე გამოვა. ხოლო თუ არ ისურვეს ამის გაკეთება, ვინც სამღვდელო დასიდან იქნება, განიკვეთოს, მონოზონი ან ერისკაცი კი უზიარებელი დარჩეს, როგორც მსჯავრდადებული მამისა და ძისა და სულიწმიდისაგან და იქ დაეწესონ, „სადაც მატლი არ კვდება და ცეცხლი არ იშრიტება“ (მარკ. 9, 44), ვინაიდან ისინი უფლის ხმას ეწინააღმდეგებიან: „მამაჩემის სახლს ნუ გადააქცევ სავაჭრო სახლად“ (იოან. 2, 16).
ამ კანონის განმარტებისას კანონისტი ზონარა აღწერს იმ გარემოებას, რაც გახდა აღნიშნული კანონის მიღების საფუძველი: „ხატმებრძოლობის ერესისას მრავალი უტიფრობა, თავდასხმა ხორციელდებოდა მართლმადიდებლების მიმართ. მათ შორის ყველაზე მეტ დევნას განიცდიდნენ ბერები, მღვდელ-მონაზვნები. იმდენად დიდი იყო მათზე ზეწოლა, რომ მრავალი მათგანი ტოვებდა ეკლესია-მონასტრებს და გარბოდა. ამ მიზეზით ცარიელდებოდა ღვთის სახლები და რჩებოდა უპატრონოდ. ამით კი სარგებლობდა ზოგიერთი ადამიანი, იკავებდა მას, ითვისებდა და საერო სამკვიდრებლად იყენებდა“. საერთო საეკლესიო კანონი მონასტრების ეპარქიის მღვდელმთავარზე დაქვემდებარების შესახებ 727-843 წლებში გარკვეულად შეიცვალა. ვგულისხმობთ სტავროპიგიალურ მონასტრებს.
ტერმინი „სტავროპიგია“ მომდინარეობს ბერძნულიდან და სიტყვასიტყვით ჯვრის აღმართვას ნიშნავს. პატრიარქის მიერ სტავროპიგიალური ტაძრისა თუ მონასტრის დაარსება წარმოადგენდა მათი იურიდიული დაქვემდებარების სიმბოლოს ამ იერარქზე. მონასტერი იღებს თვითმართველობას, თვითონ განაგებს თავის ქონებას და არ არის დამოკიდებული ეპარქიის ეპისკოპოსზე. სტავროპიგიათა სამართლის თანახმად, პატრიარქი უფლებამოსილია საკუთარი ეპარქიის გარეთაც გაავრცელოს თავისი იურისდიქცია სტავროპიგიალურ მონასტერსა თუ ტაძარზე.
სტავროპიგიალურ მონასტერში წირვისას იხსენიება პატრიარქის სახელი და არა ეპარქიის ეპისკოპოსისა. პატრიარქი, რომელიც მართავს ასეთ მონასტრებს თავისი ქვეშევრდომების საშუალებით, უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს მისი ცხოვრების წესს, წარმართოს მონასტრის საძმოს სასამართლო საქმეები. როგორც დალმატიის ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი (მილაში) აღნიშნავს: „სტავროპიგიალური უფლებით შეეძლო ესარგებლა ყველა პატრიარქს თავისი რეგიონის ყოველ ეპარქიაში. სტავროპიგიალური მონასტრები ექვემდებარებოდა მხოლოდ მას და არა ადგილობრივ ეპისკოპოსს“.
თანამედროვე კანონისტი ვლადისლავ ციპინი მიუთითებს მოციქულ თა 31-ე კანონის განმარტებაზე, რომელიც ეკუთვნის ანტიოქიელ პატრიარქს თეოდორე ბალსამონს და რაც ნათელყოფს სტავროპიგიების არსებობის კანონიკურობას: „განაწყენებული ეპისკოპოსები და მიტროპოლიტები აღფოთებას გამოთქვამდნენ იმათ მიმართ, ვინც მხარს უჭერდა მათი ტერიტორიის ფარგლებში პატრიარქთა სტავროპიგიების დაარსებას. ამის გამო მრავალი მათგანი მრავალგზის მიმართავდა მეფეებსა და პატრიარქებს, რათა შეეჩერებინათ ჩუქებანი და შეწირულობანი სტავროპიგიებისათვის. ისინი ითხოვდნენ ამ მონასტრების არსებობის კანონიკური საფუძვლების ჩვენებას და ფიქრობდნენ, რომ ირღვეოდა მოციქულთა 31-ე კანონი, თუმც კი სახელმწიფო და უმაღლესი საეკლესიო იერარქიები უსაფუძვლოდ მიიჩნევდნენ მათ მოთხოვნას“.2
ანტიოქიელი პატრიარქი თეოდორე ბალსამონი იმ იერარქებთან საუბრის შემდეგ, ვინც ნეგატიურად იყო განწყობილი საპატრიარქო სტავროპიგიების მიმართ, მივიდა უეჭველ დასკვნამდე, რომ ცალკეულ ეპარქიებში არ დარღვეულა საეკლესიო კანონმდებლობა და სწორედ ამ ეპისკოპოსთა მოთხოვნა იყო უკანონო, რადგან საღმრთო სამართლით, რეგიონი ეკუთვნის არა მიტროპოლიტს, არქიეპისკოპოსს ან ეპისკოპოსს, არამედ იგი ნაწილდება იმ პერიოდისთვის არსებულ ხუთ პატრიარქს შორის. აქედან გამომდინარე, პატრიარქს, რაღა თქმა უნდა, ჰქონდა უფლება თავის იურისდიქციაში არსებულ ტერიტორიაზე მონასტრის დაარსებისა.
დღევანდელი მართლმადიდებელი სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ბერძენი თეოლოგის – ვლასიოს ფიდასის განმარტების თანახმად, „საპატრიარქო სამართალი იძლევა უფლებას, დააფუძნოს მონასტერი თავისი ადმინისტრაციული იურისდიქციის შიგნით, როგორც საკუთარ ეპარქიაში, ასევე მის გარეთაც. ასეთმა წესმა საფუძველი პოვა ძველი კანონმდებლობით, სადაც საუბარია „ძველი ტრადიციებსა და ჩვეულებებზე“. ეს ნიშნავს, რომ პატრიარქებმა ეს უფლება ძველი ტრადიციით მიიღეს. ჩნდება კითხვა: არსებობს თუ არა კანონიკური საფუძველი ასეთი წესის არსებობისა? კანონიკური დოკუმენტები ამ თემას არ ეხებიან საკმარისი სიღრმით. იგი წარმოადგენს შუალედურ ფორმას კანონსა და ჩვეულებას შორის. პატრიარქთა სტავროპიგიის წარმოშობას საფუძველი ეყრება ხატმებრძოლობის პერიოდში (727-843 წ.). ამ დროს მონაზვნობა გათავისუფლდა ადგილობრივი ეპისკოპოსის ფართო უფლებებისაგან. ეს ავტონომია წარმოადგენდა პატრიარქის საყრდენს მწვალებლობაში მყოფ ეპისკოპოსთა წინააღმდეგ. ასეთი სახით აკონტროლებდნენ და ხშირად ამარცხებდნენ კიდევ ადგილობრივ ეპისკოპოსებს, სტავროპიგიის დაფუძნების კანონი განხილული უნდა იქნეს ისტორიულ და ასევე სამონასტრო ცხოვრებისა და საეკლესიო ორგანიზაციულ-ფუნქციონალურ ჭრილში, ე. ი. იგი საფუძველს იღებს კონკურენტული ისტორიული ფაქტიდან და ჩამოყალიბდა საეკლესიო ადმინისტრაციის მმართველობის განვითარებისას“.3
მართლმადიდებელ სამყაროში არ არსებობს არანაირი ორდენები, როგორც კათოლიკურ სამყაროში (იეზუიტთა, დომენიკანელთა და ა. შ.). ბერები აქ იყოფიან მხოლოდ აღთქმის თვალთახედვით, რომელიც მათ დადეს აღკვეცისას, ესენია:
1) მორჩილები, რომელთაც აღკვეცამდე საბერო კაბას აცმევენ;
2) მცირე სქემოსნები, რომლებიც უკვე აღკვეცეს და ბერული აღთქმა დადეს;
3) დიდი სქემოსნები, რომლებიც იწოდებიან ანგელოზთა ცხოვრების მსგავს ბერებად. დიდ სქემაში აჰყავთ მცირესქემოსანი ბერები, რომელნიც დიდი ხნის განმავლობაში გამოირჩეოდნენ მკაცრი ბერული ცხოვრებით; მისი საფუძველი დევს ძველ ტრადიციაში, როდესაც ზოგიერთი მოშურნე ბერი, რომელმაც 30 წლის განმავლობაში იღვაწა მონასტერში, მიიღებს კურთხევას წინამძღვრისაგან, დატოვოს მონასტერი, განმარტოვდეს და როგორც განდეგილმა სრულად დაუთმოს უფალს თავი. დიდ სქემაში მყოფი ბერები სხვა აღთქმების გარდა დებენ აღთქმას, რომ აღარასოდეს ექნებათ ურთიერთობა სამოქალაქო ცხოვრებასთან და სიცოცხლის ბოლომდე განმარტოებით იცხოვრებენ, განუწყვეტელი ლოცვითა და მარხვით. ისინი ატარებენ განსაკუთრებულ სამოსს, განსხვავებულს დანარჩენი ბერებისაგან.
თავისი საეკლესიო მნიშვნელობით ბერები არ განეკუთვნებიან არც მღვდელმსახურებს და არც ერისკაცებს. საეკლესიო კანონები ბერებს ყოველთვის განასხვავებს როგორც ერთისგან, ასევე მეორისგანაც და ამას მე-4 მსოფლიო კრების მე-2 და მე-4 კანონებიც მოწმობს: „თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ფულით შეასრულა ხელდასხმა და ვაჭრობის საგნად აქცია მადლი, რომელიც არ იყიდება და ფულით დაასხა ხელი ეპისკოპოსს, ქორეპისკოპოსს, მღვდლებს, დიაკვნებს და ა. შ., ვინც სასულიერო წოდებას ეკუთვნის, ან ანგარების მიზნით ფულით დააყენა მნე (იკონომოსი), ქადაგი ან დეკანოზი, ან სხვა ვინმე, კანონით განწესებული, ვინც ამ საქმეში იყოს მხილებული, ჩამოერთვას პატივი. ამ გზით ხელდასხმულნი ან დანიშნულნი ნურაფერს შეინარჩუნებენ ასეთი ხელდასხმისა და დანიშვნისაგან, არამედ ჩამოერთვათ პატივი და მოვალეობა, რომელიც ფულით მიიღეს. ვინც ასეთი საძაგელი ვაჭრობის შუამავალი იქნება, თუ სამღვდელო პირი იყოს, მღვდლობისგან განიკვეთოს, თუ ერისკაცი ან მონაზონი, შეჩვენდეს“; „ვინც ჭეშმარიტებით და გულწრფელად შეუდგება სამონაზვნო ცხოვრებას, ის შესაფერისი პატივის ღირსი უნდა გახდეს. ზოგიერთი სამონაზვნო სახის შემმოსველი ჩაშლის საეკლესიო და სამოქალაქო საქმეებს, თვითნებურად დადის ქალაქში და მხოლოდ ამას კი არ სჩადის, არამედ გაბედულად იწყებს თავისთვის მონასტრის შენებას. მივიჩნევთ: არასდროს არავინ ააშენოს მონასტერი და სამლოცველო სახლი ადგილობრივი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე. თითოეული ქალაქისა თუ სოფლის მონაზონნი უნდა დაემორჩილონ თავიანთ ეპისკოპოსს, შეიყვარონ სიჩუმე და მხოლოდ მარხვასა და ლოცვაში იყვნენ განკრძალულები და მომთმენნი იმავე ადგილას, სადაც ამქვეყნიური ცხოვრებიდან გასვლის აღთქმა დადეს. ნურც საეკლესიო და ნურც ამქვეყნიურ საქმეებში ნუ ჩაერევიან და მიიღებენ მონაწილეობას, ნუ დატოვებენ თავიან მონასტერს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ქალაქის ეპისკოპოსი უბრძანებს წასვლას რაიმე საჭირო საქმეზე“.
ამას ემატება სხვადასხვა მსოფლიო კრებაზე მიღებული კანონები, როგორიცაა მე-7 მსოფლიო კრების მე-5, მე-9 და მე-13 კანონები, ასევე ტრულის კრების 81-ე კანონი და ა. შ. ამიტომ თუ ბერს სამღვდელო ხარისხის მიღება სურს, მან ყველა ის საფეხური უნდა გაიაროს, რაც ერისკაცმა, რომელსაც სურვილი აქვს მღვდლად კურთხევისა.
უკვე აღინიშნა, რომ მონასტრები და ბერები სრულად ექვემდებარებიან და ემორჩილებიან ეპარქიის ეპისკოპოსს, და რომ ამას აქვს უპირობო ძალმოსილება და არანაირი, უმცირესი გამონაკლისი შემთხვევა არ არსებობს. მონასტრის შიდა მართვა, მონასტრის საძმოსთან ერთად, წინამძღვრის პრეროგატივაა, ეპარქიის ეპისკოპოსის წინაშე პასუხისმგებლობით.
სამონასტრო ცხოვრების დასაწყისში, ჩანს, მონასტრის საძმოს მართავდნენ განსაკუთრებული პირები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ და ზედამხედველობდნენ მონასტრის ცხოვრებას. საზოგადოდ, მონასტრის წინამძღვარს ეწოდებოდა აბბა (abbas), რაც ნიშნავს მამას. სახელწოდებები – არქიმანდრიტი (დიდი და ცნობილი მონასტრის წინამძღვარი) და იღუმენი (უფრო მცირე მონასტრის წინამძღვარი) მოგვიანებით გაჩნდა. დედათა მონასტრის წინამძღვარს ეწოდება იღუმენია. არქიმანდრიტებისა და იღუმენების უფლებები და ვალდებულებები დიდსა და პატარა მონასტრებში ერთი და იგივეა. კანონის მიხედვით, წინამძღვარს საძმო უნდა ირჩევდეს მონასტრიდან. ერთ-ერთი უნდა გამოარჩიონ, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მონასტრის საძმოში არ მოიძებნება პირი, რომელიც შესძლებს წინამძღვრობას, მაშინ ეპარქიის ეპისკოპოსი თვითონ დაუნიშნავს წინამძღვარს ამ მონასტერს. საძმოს მიერ გამორჩეული წინამძღვრის კურთხევა და დამტკიცება ეკუთვნის ეპარქიის ეპისკოპოსს, გარდა სტავროპიგიალური მონასტრის წინმძღვრის შემთხვევაში, რადგან ასეთ მონასტრებში პატრიარქი აკურთხევს და ამტკიცებს წინამძღვარს. წინამძღვრად გამოირჩევა პირი არა მხცოვანებიდან გამომდინარე, არამედ დამსახურების და უნარების მიხედვით. წინამძღვრის ვალდებულებას წარმოადგენს საძმოს სულიერი ზრდასა და სრულყოფილებაზე ზრუნვა, ასევე პასუხისმგებელია მონასტრის ქონებაზე. ამის შესახებ კონსტანტინეპოლის წმინდა მოციქულთა ტაძარში ჩატარებული ორგზისი წმინდა დიდი კრების მიერ დადგენილი მე-3 კანონი ადგენს: „ჩვენ განვსაჯეთ გამართვა-გამოსწორება ამ ბოროტად ქმნილი საქმისა, რომელიც დაუდევრობისა და უგულისყურობის გამო ხდება. თუ მონასტრის წინამძღვარი მისი ქვეშევრდომი მონაზვნების სხვაგან წასვლის გამო არ შეიწუხებს თავს და არ მოძებნის მათ დიდი მონდომებით, ან თუ იპოვის, ისევ არ შეიწყნარებს და შეცდომის შესაფერის და შესატყვის კურნებას არ ჩაუტარებს დასნეულებულს, არ შეეცდება მის განმტკიცებას, წმინდა კრება განსაზღვრავს უზიარებლობით მის განკანონებას, რადგანაც, თუ სასჯელს ვერ გადაურჩება ის, ვისაც ჩაბარებული აქვს პირუტყვი ცხოველების მეთვალყურეობა (მწყემსი) და არად ჩააგდებს თავის სამწყსოს, მაშინ როგორ არ უნდა მიეზღოს სასჯელი შეცდომისათვის იმას, ვისაც ერწმუნა ქრისტეს ცხოვართა მწყემსობა და ზედამდგომელობა და თავისი სიზარმაცითა და უმოქმედობით მათი ხსნა არად ჩააგდო?“. კონკრეტულად მას ეკისრება ვალდებულებები: 1) აკონტროლოს საკუთარი თავი და საძმო, რომ მკაცრად დაიცვან ბერული კანონები; 2) ბოროტად არ ისარგებლოს თავისი მმართველობით; 3) სიტყვით და საქმით განსწავლოს და დაარიგოს საძმოს; 4) შეამოწმოს მონასტრის კელიები და ნახოს, ცხოვრობენ თუ არა ბერები მონასტრის ტიპიკონის მიხედვით; 5) თვალყური ადევნოს, რომ მონასტრიდან არც ერთი ბერი არ გავიდეს მისი კურთხევის გარეშე; 6) ზედამხედველობას უწევდეს მონასტრის ფინანსურ შესაძლებლობას; 7) არ მიიღოს გადაწყვეტილება არც ერთ ძირითად და მთავარ საკითხზე საძმოსთან თათბირის გარეშე; 8) განსაზღვრულ დროს ეპარქიის მმართველთან წარადგინოს და ჩააბაროს ზუსტი ანგარიში როგორც ბერების მოქმედებებზე, ქცევებსა და მონასტრის ცხოვრებაზე, ისე მონასტრის მატერიალურ შესაძლებლობაზე და მის მართვაზე. ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე, მას აქვს ასევე უფლება, კონკრეტულად, მონასტრის მთელი საძმო ემორჩილება მას. როგორც მამას, წინამძღვარს მონასტერში ყველაფერში უპირატესობა მას ეკუთვნის; არავის აქვს უფლება შეეწინააღმდეგოს მის ბრძანებას; მხოლოდ მას აქვს უფლება, დასაჯოს კანონის მიხედვით ისინი, ვინც არ ასრულებს აღთქმულ ვალდებულებებს ან შესატყვის მორჩილებას არ ავლენენ. წინამძღვარი ვალდებულია, მკაცრად აკონტროლოს მონასტრის საძმო, მისი გადაწყვეტილების გარეშე არავის შეუძლია შევიდეს მონასტერში, ხოლო ყველა მოგზაური, რომელიც მოვა მონასტერში და ითხოვს ღამით დარჩენას, თავშესაფარს, ბერებმა მაშინვე უნდა შეატყობინონ წინამძღვარს.
წინამძღვრის ზედამხედველობის და მისი უშუალო უფლებამოსილებით მონასტრებში არსებობს შემდეგი თანამდებობები და თანამდებობის პირები: 1) მოადგილე, რომელსაც საძმო ირჩევს ერთი წლით, მის მოვალეობაში შედის მონასტრის ქონების მართვა; 2) მონასტრის სულიერი მოძღვარი, რომელსაც ირჩევენ მხცოვანი ბერებისგან, მისი მოვალეობაა ჩაიბაროს აღსარება დანარჩენი ბერებისგან; 3) ეკლესიარხი (მონასტრის არქივარიუსი), რომელიც სავანის ტაძრის წესრიგზე არის პასუხისმგებელი და ასევე უნდა აწარმოოს მეტრიკული წიგნი – უნდა აღწეროს მონასტრის ახლოს მცხოვრებ ოჯახებში შობადობა და ასევე მონასტრის ტაძართან სულიერ კავშირში მყოფი ადამიანები; ამასთან ერთად, აწარმოოს გარდაცვლილი ადამიანების აღრიცხვა და მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალული ადამიანების ვინაობა; 4) ოკონომოსი, რომელიც ეხმარება წინამძღვრის მოადგილეს მონასტრის ფინანსების მართვაში; 5) მდივანი, რომლის ვალდებულებაა, თვალყური ადევნოს და მოაწესრიგოს მონასტრის არქივი, აკონტროლოს მონასტრის ბიბლიოთეკა, შეადგინოს პროტოკოლი საძმოს კრებებზე. მას ევალება ასევე მონასტრის შემოგარენში მცხოვრები ბავშვების სწავლა და აღ ზრდა, თუმცა ეს ეკლესიარხსაც ევალება. ლიტურგია უნდა აღასრულონ რიგრიგობით ყველა მღვდელ-მონაზონმა და ყველა მსახურების შემდეგ უნდა იქადაგონ.
ბერები უნდა ცხოვრებდნენ მათ მიერ დადებული აღთქმის მიხედვით. ამ აღთქმათა შორის პირველი არის თავშეკავება. ამ აღთქმის მიხედვით ბერმა უნდა შეიკავოს თავი ქალთან ხორციელი ურთიერთობისგან, არ შეიძლება ქალი ჰყავდეს დამხმარედ, არ გაათიოს ღამე დედათა მონასტერში. ისევე როგორც მონოზონი ქალები არ უნდა დარჩნენ მამათა მონასტერში. ასევე განმარტოებით არ ისაუბროს ბერმა ქალ მონაზონთან; ქალ მონაზონს არ აქვს უფლება წინამძღვრის თანდასწრების გარეშე ნათესავ კაცთან მარტო დარჩეს და ისაუბროს. ამის შესახებ მე-4 მსოფლიო კრების 16 კანონი ადგენს: „ქალწულმა, რომელმაც უფალ ღმერთს შესწირა თავი, ისევე როგორც მონოზონმა, აღარ უნდა იქორწინოს. თუ ვინმე ამას ჩაიდენს, ეკლესიასთან ერთობა აეკრძალოს; თუმცა, ამასთანავე, ვადგენთ: ადგილობრივ ეპისკოპოსს მიეცეს ასეთ პირთა მიმართ კაცთმოყვარეობის გამოვლინების სრული უფლება“. ასევე მე-7 მსოფლიო კრების მე-18 კანონი ადგენს: „დაუბრკოლებელ იყვენით...“ (1 კორ. 10,32) გარეშეთა მიმართაც, იტყვის საღმრთო მოციქული, მაგ რამ დედაკაცის ყოფნა საეპისკოპოებში ანდა მონასტრებში, ყოველგვარი საცდურის მიზეზია. ამის გამო, ვინც შემჩნეული იქნება იმაში, რომ თავისთან ჰყავს მხევალი ან თავისუფალი ქალი საეპისკოპოსოში ან მონასტერში, რაიმე მსახურების შესასრულებლად, ასეთი განკანონებას ექვემდებარება, ხოლო თუ არ შეისმენს – განიკვეთოს. თუ დედაკაცს მოუხდება ქალაქგარეთ სახლში ყოფნა და ეპისკოპოსს ან იღუმენს გზად იქ გავლა მოუწევს, მაშინ დედაკაცმა არავითარი მსახურება არ უნდა შეასრულოს ეპისკოპოსის ან იღუმენის თანდასწრებით, არამედ განცალკევებით იმყოფებოდეს, სანამ არ წაბრძანდება ეპისკოპოსი ან იღუმენი, და ამდენად არ ექნება ადგილი დაძრახვის მიზეზს“. ამავე კრების მე-20 კანონი ასევე ბრძანებს: „განვაჩინებთ: ამიერიდან არ იყოს ორმაგი (ერთად დედათა და მამათა) მონასტრები, რადგან ისინი ბევრისათვის საცდურსა და დამაბრკოლებელს წარმოადგენენ. თუკი ზოგიერთები ნათესავებთან ერთად მოინდომებენ ამა სოფელსა განეშორონ და სამონაზვნო ცხოვრებას მისდიონ, ასეთ შემთხვევაში კაცები მამათა მონასტერში წავიდნენ, დედაკაცები კი დედათა მონასტერში, „რამეთუ ესე-ვითარნი მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისათვის“. ხოლო აქამდე ორმაგი მონასტრები ცალ-ცალკე უნდა იმართებოდნენ, ჩვენი წმიდა მამის, ბასილის განწესების მიხედვით და მისი მცნებით, რომელმაც შემდეგი კანონი დაუდო: ნუმც იცხოვრებენ ერთ მონასტერში სხვადასხვა სქესის მონოზვნები, რადგან ერთად დამკვიდრება მრუშობის საშუალებას იძლევა. ნუ გაბედავენ მონოზვნები, მამები და დედები, განცალკევებით ერთმანეთთან საუბარს; მონოზონმა მამამ არ უნდა დაიძინოს დედათა მონასტერში და დედა-მონოზონმა არ მიიღოს საზრდელი მამა-მონოზონთან ერთად განცალკევებით, და როცა მამების მხრიდან ცხოვრებისათვის რაიმე სახმარი დედებთან მიიტანება, კარიბჭის გარეთ შეხვდნენ დედათა მონასტრის იღუმენიას, სხვა ვინმე ხანდაზმულ მონოზონთან ერთად. თუ ისე მოხდება რომ მამა-მონოზონი მოისურვებს რომელიმე ნათესავი ქალის მონახულებას მონასტერში, იღუმენიას თანდასწრებით ისაუბროს მასთან, სიტყვამოკლედ და მალევე განეშოროს“. ასევე ტრულის კრების 44-ე კანონი ადგენს: „მონაზონი, სიძვაში მხილებული, ან დედაკაცთან ქორწინებით შეუღლებული, კანონის თანახმად, მეძავეობისათვის ეპიტიმიას ექვემდებარება“. ასევე ამავე კრების 47-ე კანონი ამტკიცებს: „ნურც დედაკაცი გაითენებს ღამეს მამათა მონასტერში, ნურც მამაკაცი – დედათა მონასტერში, რამეთუ მართლმორწმუნეს გაუცხოებით ყოფნა მართებს ყოველგვარი დასაბრკოლებელისა და საცდურისაგან, და კეთილად დაწესება ცხოვრებისა, რათა შუენიერად და კეთილად დავდგრეთ უფლისა მიმართ (იხ. I კორ. 7.35); ხოლო ვინც ეს ჩაიდინოს, კლერიკოსი იქნება ის თუ ერისკაცი, უზიარებელ იქნეს“. ამავე საკითხს ანკვირიის კრების 19 კანონიც ეხება: „ვინც ქალწულობის აღთქმა დადო და შემდეგ უარი თქვა თავის აღთქმაზე, მან უნდა შეასრულოს მეორედ ქორწინებულთა ეპიტიმია. ქალწულს ეკრძალება ვინმესთან მისვლა [და მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება], როგორც დას“. ასევე ბასილი დიდი მე- 19 კანონით ადგენს: „მამაკაცების აღთქმა სხვა არ ვიცით, იმათ გარდა, რომლებიც თავს მიათვლიან მონაზონთა დასს და დუმილით უჩვენებენ, რომ უქორწნილებლობის აღთქმას დებენ. მათ შესახებ მგონია და ვადგენ, რომ უნდა გამოვკითხოთ და მივიღოთ მათგან მტკიცე პირობა უქორწინებლობისა. თუ ამის შემდეგ გადაიხრებიან ხორცთმოყვარე და გემოთმოყვარე ცხოვრებისკენ, საჭიროა მათი განკანონება მეძავთათვის დაწესებული სასჯელის მიხედვით“. და მისივე მე-60 კანონი გვამცნობს: „დედაკაცმა, რომელიც ქალწულობის აღთქმას დადებს და თავის აღთქმულს გააცრუებს, მრუშობის ცოდვისათვის განწესებული ჟამი უნდა სრულყოს, მისი ცხოვრების მიხედვით განაწილებული. ასევე, ვინც მონაზვნობის აღთქმა დადოს და არ შეასრულოს“. ამავე აღთქმაში შედის ზოგიერთ საჭმელზე უარის თქმა, სწორედ ბასილი დიდის კანონის მიხედვით, ბერს არასდროს აღარ შეუძლია ხორცის მიღება; ხოლო იმ დღეებში, როდესაც ერისკაცებს ეძლევათ ეკლესიისგან უფლება ხორცის მიღებისა, ბერებს შეუძლიათ რძის ნაწარმი მიიღონ. მორჩილების აღთქმის მიხედვით, ბერი უნდა დაემორჩილოს თავის ხელმძღვანელებს და არასდროს უნდა გამოავლინოს თვითნებობა მათ კურთხევასთან მიმართებით, რადგან ღვთიური სიბრძნის ტაძარში შეკრებილი კრების მე-2 კანონში ნათქვამია: „აქამდე ზოგიერთი მღვდელმთავარი, მონაზვნობაზე ჩამოსული, შემდეგ ისევ ცდილობდა ძალით მღვდელმთავრობის სიმაღლეზე დარჩენას, და როცა ამას სჩადიოდა, ყურადღებას არავინ აქცევდა და არავინ ამხელდა მას. ამ წმინდა და მსოფლიო კრებამ ეს უგულებელყოფა გამოასწორა, უწესო საქმე საეკლესიო წესებს მიუსადაგა და განსაზღვრა, რომ თუ ეპისკოპოსმა ან სხვა სამღდელთმთავრო პატივის მქონემ მოისურვოს სამონაზვნო ცხოვრების შედგომა და მონანულის ადგილზე დაწესება, ნუღარ ექნება მას მღვდელმთავრობის პატივი, რადგან სამონაზვნო ჩვეულებათა წესია მორჩილება და მოწაფეობა და არა დამოძღვრა და საყდრისმპყრობელობა. არც სხვების დამწყსვის აღთქმას დებენ ისინი, არამედ თვითონ უნდა იყვნენ სამწყსონი. ამისთვის, როგორც ზემოთ ვთქვით, ვადგენთ, რომ არავინ სამღვდელმთავრო დასში ჩათვლილმა და მწყემსად დადგენილმა არ უნდა ჩამოიყვანოს თავი დამწყსილთა და მონანულთა ადგილზე. ხოლო თუ ვინმე გაბედავს ამის გაკეთებს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა დღეს დადგენილი ეს წესი, ამით თვითონ დაიმხობს თავს იგი მღვდელმთავრობის ხარისხისა და საყდრისგან და ვეღარ დაუბრუნდება კვლავ თავის ადრინდელ პატივს, რომელიც საქმეებით უარყო მან“. უპოვარების აღთქმა ბერს ართმევს რაიმე სახის საკუთარი ქონების ფლობის უფლებას ან რაიმეს დაარქვას მისი საკუთრება, ასევე მას ერთმევა რაიმე სახის მემკვიდრეობის მიღების უფლება. ამის შესახებ კონსტანტინეპოლის წმინდა მოციქულთა ტაძარში შეკრებილი ორგზისი წმინდა დიდი კრების მიერ დადგენილი მე-6 კანონი ადგენს: „მონაზვნებს არ უნდა ჰქონდეთ არაფერი საკუთარი. მათ ყველაფერი უნდა შესწირონ მონასტერს, რადგან ნეტარი ლუკა ქრისტეს მიმართ მორწმუნეთა და სამონაზვნო ცხოვრების დამწყებთა შესახებ ამბობს: „არც ერთი თავის ქონებას არ უწოდების თავისას, არამედ ყოველივე მათი საერთო იყო“ (საქმე 4,32). ამის გამო, ვინც ინებებს მონაზვნად აღკვეცას, ჯერ მას უნდა მიეცეს დრო, რათა განაგოს თავისი შეძენილი ქონება, როგორც ენებოს, და დაუტოვოს და მისცეს, ვისაც უნდა, ვისთვისაც კანონი არ კრძალავს მიცემას. მისი მონაზვნად აღკვეცის შემდეგ მონასტერს უფლება აქვს მთელ მის ქონებაზე, თვით მას აღარა აქვს უფლება, იზრუნოს თავის ქონებაზე, ან განაგოს იგი. ხოლო თუ აღმოჩნდება ვინმე ისეთი, ვინც ქონებას არ შესწირავს მონასტერს, თავის საკუთრებაში დაიტოვებს მას და დაემონება მოხვეჭილი ქონების სიყვარულის ვნებას, მისი შენაძენი ქონება წინამძღვარმა ან ეპისკოპოსმა უნდა მიიღოს, იგი მრავალთა თანდასწრებით უნდა გაიყიდოს და გლახაკებსა და გაჭირვებულებს უნდა გაუყონ. კრებამ განაჩინა, რომ ქონების ასეთი მომხვეჭელი ანანიას (შდრ. საქმე 5, 1-10) მსგავსად უნდა გამოსწორდეს განკანონებით, მისი დანაშაულის შესაფერისად.
ცხადია, რაც მონაზვნად აღსაკვეცი მამაკაცების შესახებ განსაზღვრა წმინდა კრებამ, მასვე ადგენს ენკრატისად აღსაკვეცი დედაკაცების შესახებაც. ასევე, მე-7 მსოფლიო კრების მე-19 კანონი განაწესებს. „ვერცხლისმოყვარეობის სისაძაგლემ იმდენად დაიპყრო ეკლესიების მესაჭეები, რომ ზოგიეთმა კეთილმოშიშად მიჩნეულმა კაცმა და დედაკაცმა, უფლის მცნებები დაივიწყეს, თავგზა აებნათ, და სამღვდელო და სამონაზვნო დასში შემსვლელებს ოქროთი იღებენ. ამის გამო ხდება „ყველაფერი უვარგისი, რისი დასაწყისიც უწმიდურია“, – როგორც ამას ბასილი დიდი ამბობს, – რადგან შეუძლებელია ერთდროულად ღმერთსაც და მამონსაც ემსახურო. ამიტომ, ასეთ საქციელში მხილებული ეპისკოპოსი, იღუმენი ან ვინმე სასულიერო პირთაგან, ან უნდა დაცხრეს, ან არადა განიკვეთოს, – ქალკედონის წმიდა კრების მე-2 კანონის თანახმად, – ხოლო იღუმენია განიდევნოს მონასტრიდან და მორჩილებაში სხვა მონასტერში წავიდეს, ისევე როგორც ის იღუმენი, რომელსაც არ გააჩნია სამღვდელო ხელდასხმა. რაც შეეხება იმ ნივთებს, რასაც მშობლები აძლევენ შვილებს მზითევის სახით, და ასევე თან მოტანილი პირადი ნივთები, რომელიც მომტანის განცხადებით მის მიერ ღმერთს ეწირება, ჩვენ დავადგინეთ, რომ მონასტერში უნდა დარჩეს აღთქმისაებრ, მიუხედავად იმისა, დარჩება მისი მომტანი თუ წავა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი წასვლის მიზეზი წინამძღვარი იქნება“. მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ საზოგადო და ძირითადი კანონიკური მოთხოვნილებისგან არ თავისუფლდება და არ შეიძლება განთავისუფლდეს არც ერთი ბერი, რადგან როდესაც აღიკვეცება ბერად რომელიმე მონასტერში, ყველანაირი სახის მისი საკუთარი ქონება უნდა გადასცეს მონასტერს, და ყველაფერს, რასაც შეიძენს თავისი მსახურებით, რაც მას დაკისრებული ექნება მონასტრის წინამძღვრის მიერ, უნდა დაუთმოს მონასტერს, რადგან, აღთქმიდან გამომდინარე, არაფერი არ შეუძლია საკუთარ ქონებად მიიჩნიოს ან განკარგოს როგორც საკუთარი ქონება (ბასილიკი 4. 1, 7 და 8 ნოველები). ამისგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის ბერები, რომლებიც ეპარქიის ეპისკოპოსის ნებართვით, იკავებენ რაიმე სახის თანამდებობას მონასტრის გარეთ, რომელიც არ არის დამოკიდებული მონასტერზე და აძლევს მათ სახელმწიფო ჩინოვნიკების უფლებას. ასეთ ბერებს აქვთ უფლება საკუთარ ქონებად მიიჩნიონ ის, რასაც ისინი მოიმუშაკებენ, და შეუძლიათ ანდერძით დაუმტკიცონ მას, ვისაც თავად მიიჩნევენ მემკვიდრედ.
რაც უფრო მეტ ვალდებულებას იღებს ვინმე თავისი ნებით საკუთარ თავზე, მით მეტადაა პასუხისმგებელი მისი დარღვევის შემთხვევაში. ამას, ძირითადად, ბერებისთვის აქვს მნიშვნელობა, რადგან ისინი ეწევიან საერთოდ განსხვავებულ და განსაკუთრებულ ცხოვრებას დანარჩენი საზოგადოებისგან, ბერები ექვემდებარებიან მკაცრ სასჯელებს ისეთ მოქმედებებზეც, რომელზეც ჩვეულებრივ მორწმუნეებს მხოლოდ მცირეოდენ შენიშვნებს აძლევენ. თუ ბერები საზეიმო ფიცით, ნებაყოფლობით ივალდებულებენ წმინდა ცხოვრებით ცხოვრებას, ამიტომ მკაც რად უნდა განისაჯოს ყველა მოქმედება ამ სიწმინდესთან მიმართებით და კანონებზე ყველანაირ ასეთ მოქმედებას მკაცრ სასჯელს განუწესებენ, ათჯერ უფრო მკაცრს, ვიდრე იმ ადამიანების მიმართ, ვისაც არ აუღია ასეთი ვალდებულება. ამის შესახებ მე-4 მსოფლიო კრება ადგენს მე-7 და მე-16 კანონებით.
„ვინც ერთხელ სამღვდელო დასში დაეწესა, ან მონაზვნად აღიკვეცა, მათ შესახებ განვაჩინებთ, რომ ისინი სამხედრო სამსახურში არ უნდა შევიდნენ, არც საერო პატივს დაუბრუნდნენ. ვინც ამ კანონის საწინააღმდეგოდ მოიქცევა და სინანულით კვლავ არ მიუბრუნდება იმას, რაც მანამდე ღმერთისთვის აირჩია, შეჩვენებულ იქნეს“;
„ქალწულმა, რომელმაც უფალ ღმერთს შესწირა თავი, ისევე როგორც მონოზონმა, აღარ უნდა იქორწინოს. თუ ვინმე ამას ჩაიდენს, ეკლესიასთან ერთობა აეკრძალოს; თუმცა, ამასთანავე, ვადგენთ: ადგილობრივ ეპისკოპოსს მიეცეს ასეთ პირთა მიმართ კაცთმოყვარეობის გამოვლინების სრული უფლება“. ასევე ტრულის კრების 44-ე კანონი ადგენს: „მონაზონი, სიძვაში მხილებული, ან დედაკაცთან ქორწინებით შეუღლებული, კანონის თანახმად, მეძავეობისათვის ეპიტიმიას ექვემდებარება“. ასევე ანკვირიის კრების 44-ე კანონი: „ვინც ქალწულობის აღთქმა დადო და შემდეგ უარი თქვა თავის აღთქმაზე, მან უნდა შეასრულოს მეორედ ქორწინებულთა ეპიტიმია. ქალწულს ეკრძალება ვინმესთან მისვლა [და მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება], როგორც დას“. ასევე ბასილი დიდის მე-18 და მე-60 კანონები „სიძვით დაცემული ქალწულების შესახებ, რომლებმაც უფალს უბიწოებით ცხოვრების აღთქმა მისცეს, შემდეგ დაეცნენ ხორციელი ვნებით და თავისი აღთქმა უარყვეს, ჩვენმა მამებმა, მარტივი და წრფელი გულმოწყალებით შეცოდებულთა უძლურების გამო დაადგინეს კანონი ერთი წლის შემდეგ მათი შეწყნარების შესახებ, მეორედ ქორწინებულთა მსგავსად. ღვთის მადლით ეკლესია, დღითი დღე წარმატებული, უფრო მტკიცე და ძლიერი ხდება და ქალწულთა დასი მრავლდება. ამიტომ მე მგონია, საჭიროა, გონების ძალით დაკვირვებით გამოვიკვლიოთ ვითარება და ჩავწვდეთ საღმრთო წერილის აზრს, რაც შესაძლებელია დაწვრილებით ძიების შედეგად. ქვრივობა ქალწულობაზე უმდარესია, ამის გამო ქვრივთა ცოდვაც ბევრად უფრო მცირეა ქალწულთა ცოდვაზე. ამასთან დაკავშირებით უნდა ვნახოთ, რა მისწერა ტიმოთეს პავლემ: „ახალგაზრდა ქვრივებს ერიდე, ვინაიდან, როცა აღგზნება ეუფლებათ ქრისტესთვის განკუთვნილებს, სურთ ქორწინება. ისინი განისჯებიან, რადგან უარყვეს პირველი რწმენა“ (I ტიმოთ. 5, 11-12). თუ ქვრივს მძიმე სასჯელი ეკუთვნის, როგორც ქრისტეს მიმართ რწმენის უარმყოფელს, რაღა უნდა ვთქვათ ქალწულის შესახებ, რომელიც სძალია ქრისტესი და მეუფისთვის შეწირული პატიოსანი ჭურჭელი? დიდი ცოდვაა, თუ მხევალი მიეცემა ფარულ სიბილწეს, გახრწნილებით აავსებს სახლს და ურგები ცხოვრებით შეურაცხყოფს თავის პატრონს, მაგრამ ბევრად უარესია, როდესაც სძალი ხდება მრუში, სიძესთან ერთობას უპატიოდ აქცევს და მიეცემა აღვირახსნილ ავხორცობას. ამის გამო ქვრივი ისჯება როგორც გახრწნილი მხევალი (მონა), ხოლო ქალწული უნდა დაისაჯოს მრუშის სასჯელით, რადგანაც როგორც უცხო დედაკაცთან შეერთებულ მამაკაცს ვუწოდებთ მრუშს და არ შევიწყნარებთ ზიარებად, სანამ არ დაცხრება ცოდვისგან და არ მოინანიებს, ცხადია, ასევე გადავწყვეტთ იმის შესახებ, ვინც ქალწულს ბოროტად მოექცევა. ჩვენთვის ჯერ იმის აღიარებაა საჭირო, რომ ქალწული ეწოდება იმას, ვინც მოვიდა თავისი ნებით და თავი შესწირა უფალს, უარი თქვა ქორწინებაზე და უფრო მეტად პატივი სცა განწმენდილ ცხოვრებას. ხოლო აღსარებასა და აღთქმას მაშინ მივიღებთ მისგან, როდესაც ასაკი სიტყვის შესრულების შესაძლებლობას მისცემს, ვინაიდან ბავშვების ხმა არ უნდა მივიჩნიოთ სარწმუნოდ. როდესაც გახდება თექვსმეტ-ჩვიდმეტ წელზე მეტი ხნისა, ბატონ-პატრონი იქნება თავისი განზრახვისა და განსჯით აირჩევს უფლის მიმართ დაწინდულ ყოფნას. ამის შემდეგ დიდხანს უნდა ევედრებოდეს და ითხოვდეს, რათა მიიღონ ქალწულთა დასში. მხოლოდ მაშინ არის საჭირო მისი დაწესება ქალწულებთან და მისი აღთქმის დამტკიცება, და უარყოფის შემთხვევაში – მისი დასჯაც აუცილებლად. ბევრი მოჰყავთ მშობლებსა და ძმებს ისეთები, რომლებიც არ არიან სრულწლოვანნი, მაგრამ ისინი უქორწინებლობას ირჩევენ არა საკუთარი ნებით, არამედ ამას სჩადიან მათი მომყვანნი ამქვეყნიური საზრუნავის გამო (მაგ.: არ შეუძლიათ მზითვის მიცემა და სხვა). ესენი ქალწულებად ადვილად არ უნდა შევიწყნაროთ, სანამ ცხადად არ გამოვიძიებთ და არ შევიცნობთ თვით მათ განზრახვასა და ნებას“ (ბასილი დიდის მე-18 კანონი). და „დედაკაცმა, რომელიც ქალწულობის აღთქმას დადებს და თავის აღთქმულს გააცრუებს, მრუშობის ცოდვისათვის განწესებული ჟამი უნდა სრულყოს, მისი ცხოვრების მიხედვით განაწილებული. ასევე, ვინც მონაზვნობის აღთქმა დადოს და არ შეასრულოს“ (ბასილი დიდის მე-60 კანონი). ყველანაირი მოქმედება ბერისა, რომელიც ეწინააღმდეგება ბერულ აღთქმას და კანონებს, გადმოცემულს ბასილი დიდის კანონებში და ზოგიერთი ადგილობრივი საეკლესიო კრების კანონებში, შესატყვის საჯელს უდგენს მონასტრის წინამძღვარი, რომელიც შეატყობინებს ამის შესაებ ეპარქიის ეპისკოპოსს, რათა კანონის დამრღვევ ბერის საქმეს მიეცეს შემდგომი მიმართულება. თუ წინამძღვარი თვითონ დაარღვევს რომელიმე კანონს, მაშინ ის ორჯერ უფრო მკაცრ სასჯელს დაიმსახურებს ეპარქიის ეპისკოპოსის მიერ, ვიდრე ეს დარღვევზე არის განსაზღვრული დანარჩენი ბერებისთვის და ჩამოშორდება წინამძღვრობას.
2 Правила святых апостол, святых соборов, вселенских и поместных, и святых отец с толкованиями, M., 1876, გვ. 68-69.
3 Vlassios I. Phidas, Droit Canon, une perspective ortohodoxe, GENEVE, 1998.