← კანონიკური სამართალი (მჭედლიშვილი)

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი III: ეკლესიის შემადგენლობა და მოწყობა

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი III: ეკლესიის შემადგენლობა და მოწყობა

III

1. დაბადება ეკლესიის წიაღში

ეკლესია ღმრთის მიერ დაფუძნებული ადამიანთა საზოგადოებაა, რომელნიც ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან რწმენით, საღმრთო კანონებით, იერარქიითა და წმიდა საიდუმლოებებით. ეკლესიის წევრები გაერთიანებული არიან არა ნაციონალური და ენობრივი ნიშნის მიხედვით, არამედ გაცილებით აღმატებული ერთობით – რწმენითა და სულიერი ცხოვრებით.

დაბადება ეკლესიის წიაღში ხდება წმ. საიდუმლოს – ნათლობის საშუალებით, რომელიც ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც მოქალაქის ამქვეყნად მოვლინება, ამიტომ საეკლესიო წყაროებში მას მეორედ შობას, სულიერ შობას უწოდებენ. ისევე როგორც ერთხელ იშვება ადამიანი, ასევე ერთხელ აღესრულება მის ცხოვრებაში ნათლობის წმინდა საიდუმლო. სწორად ჩატარებული ნათლობის შემთხვევაში ის მეორედ აღარ აღსრულდება. ამას მიუთითებს მოციქულთა 47-ე კანონი:„თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ხელახლა მონათლოს ჭეშმარიტად ნათელღებული ან განმეორებით არ მონათლოს ის, ვინც უღმრთოთაგან მათი ნათლისღებით შემწიკვლულია, განიკვეთოს, როგორც ჯვრისა და საუფლო სიკვდილის მოკიცხარი, არგამრჩევი მღვდლისა ცრუმღვდლისაგან“.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეკლესიის წევრი ჩამოშორდა მის წიაღს, მაგრამ სინანულით დაბრუნდა უკან, ნათლობა ხელმეორედ მაინც არ აღსრულდება, რადგან ამ წმ. საიდუმლოს ბეჭედი სამარადჟამო და წარუხოცელია.

ნათლობა აღესრულება წყალში სამჯერ შთაფვლით და ყოვლადწმიდა სამების მოხმობით:„ნათელს იღებს მონა (მხევალი) ღუთისა სახელითა მამისათა, ამინ, და ძისათა, ამინ, და სულისა წმიდისათა, ამინ“.

ნათლობის საიდუმლოს აღასრულებს მღვდელი ან ეპისკოპოსი. არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როცა მას ერისკაცი აღასრულებს. ეს ხდება გამოუვალ დროს, როცა ადამიანი შესაძლოა მოუნათლავი გარდაიცვალოს. ამ შემთხვევაში მომაკვდავის სულის გადასარჩენად ნათლობა შესაძლებელია ერისკაცმა და ქალმაც კი ჩაატაროს, თუ რა თქმა უნდა, ამას მთელი შეგნებით შეასრულებს. თუ მომაკვდავი არ გარდაიცვალა ნათლობის შემდეგ, მაშინ მღვდელი აცხებს მირონს და საგანგებო ლოცვას წაუკითხავს.

კონსტანტინეპოლის პატრიარქი ფოტი ერისკაცის მიერ ჩატარებული ნათლობის ნამდვილობის შესახებ ამბობს:„იმ ქვეყანაში, სადაც ქრისტიანობა არ იდევნება და ბევრი მოძღვარი მოქმედებს, თუ რომელიმე ერისკაცი ეკლესიის კანონების გვერდის ავლით, თვითნებურად ჩაატარებს საეკლესიო საიდუმლოებას, იგი ვერასოდეს მიიღებს მღვდლის ხარისხს, რადგან ვინც შეურაცხყოფს სულიწმიდის მადლს მის მიღებამდე, იგი აუცილებლად შეურაცხყოფს მას მღვდლობაშიც. ასეთი ადამიანის მიერ მონათლულნი არ მიიჩნევიან სულიწმიდის მადლით მონათლულებად, ამიტომ ისინი უნდა მოინათლონ მღვდლის მიერ წყლითა და მირონცხებით.

თუ ამ საიდუმლოს აღასრულებს ურწმუნო ქვეყანაში მცხოვრები ქრისტიანი, სადაც მღვდელმსახურთა ნაკლებობაა, მაშინ, აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩატარებული ნათლობა მისაღებია. შესაბამისად, მისი ხელდაუსხმელი შემსრულებელიც არ იქნება გასამართლებული და დასჯილი. მონათლულის გადარჩენის შემთხვევაში აუცილებელია მირონცხება. ასეთ დროს ხელმეორედ აღარ ნათლავენ წყლით, რადგან ყოვლადწმიდა სამება მთელი შეგნებითა და რწმენით მოიხმეს. ეკლესია, აუცილებლობიდან გამომდინარე, ძველთაგანვე უშვებდა ასეთ შემთხვევებს“.

მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს კათოლიკურ პრაქტიკას, რომელიც დაფუძნებულია სწავლებაზე „exoperaoperatum“, როცა თავად მოუნათლავი ადამიანის მიერ შესრულებული ნათლობა ნამდვილად მიიჩნევა. დაუშვებელია აგრეთვე თვითნათლობაც.

თუ ერისკაცის მიერ მონათლული ადამიანი არ გარდაიცვალა, მაშინ სასულიერო პირი მის ნათლობას სრულყოფს საიდუმლო ლოცვითა და მირონცხებით, რომელიც ვერ შესრულდებოდა ერისკაცის მიერ ჩატარებული ნათლობის შემთხვევაში. ამ დროს აღარ ხდება წყალში სამგზის შთაფვლა და ნათლობის ფორმულაც აღარ მეორდება.

საეკლესიო სასჯელს იმსახურებს ის სასულიერო პირი და მშობელი, ვისი გულგრილობის გამოც გარდაიცვლება მოუნათლავი ჩვილი.

ტრულის მსოფლიო კრების 84-ე კანონის თანახმად, უნდა მოინათლოს ნაპოვნი ბავშვი, თუ გაურკვეველია მისი ნათლობის ამბავი: „მამათა კანონებრივი წესის მიყოლით ვადგენთ: ჩვილები, რომლებსაც არ ჰყავთ მტკიცე და ზედმიწევნით მცოდნე მოწმეები, ვინც დაამოწმებენ, რომ ისინი ნამდვილად ნათელღებულნი არიან და თვითონაც არ შეუძლიათ, პასუხი გასცენ უასაკობის გამო, რომ მიღებული აქვთ ნათელი, ყოველ მიზეზგარეშე უნდა მოინათლონ, რადგან შესაძლებელია ამგვარად ისინი მოუნათლავნი დარჩნენ“.

თუ მცირეოდენი ეჭვი მაინც არსებობს, რომ ჩვილი შესაძლოა მონათლული იყოს, მაშინ საიდუმლოს შესრულების დროს ნათლობის ფორმულა ასე წარმოითქმის: „ნათელს იღებს მონა (მხევალი) ღვთისა, უკუეთუ იგი არ არის ნათელღებული“.

ლაოდიკიის კრების 48-ე კანონის თანახმად,„ნათლისმღებლებს ნათლისღების შემდეგ უნდა ეცხოთ ზეცის საცხებელი და თანაზიარნი გახდებიან ქრისტეს მეუფებისა“.

ე. ი. კათოლიკური ეკლესიისაგან განსხვავებით, ნათლობის საიდუმლოსთან შერწყმულია მირონცხების საიდუმლო, რომელიც თანაზიარს ხდის მონათლულს ქრისტეს მეუფებასთან.

ტრულის კრების 59-ე კანონის მიხედვით, ნათლობა უნდა აღსრულდეს ტაძარში: „ნუ აღასრულებენ ნათლისღების საიდუმლოს სახლების ეკვდერებსა და მცირე ეკლესიებში. ვისაც სურს უხრწნელი განათლების მიღება, მივიდეს საყოველთაო ეკლესიაში და იქ მიიღოს ეს ნიჭი. თუ ვინმე (სასულიერო თუ საერო) არ დაიცავს ჩვენ მიერ დადგენილ წესს, სასულიერო პირი განიკვეთოს, ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს“.

ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით შესაძლოა გამონაკლისი შემთხვევის დაშვება. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ტრულის მსოფლიო კრების 31-ე კანონი, რომლის თანახმად,„სასულიერო პირს ეკრძალება ჟამისმწირველობა სახლში განთავსებულ ეკვდერში ადგილობრივი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე. თუ იგი ამ წესს არ დაემორჩილება, განიკვეთოს“.

ნათლობის საიდუმლოს აღსრულება სახლში, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევის გარეშე, დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არსებობს მისი მოუნათლავად გარდაცვალებისა.

მართლმადიდებლურ პრაქტიკაში ბავშვები ჩვილობის ასაკშივე ინათლებიან. რაც შეეხება ნათლობას მოზრდილ ასაკში, აუცილებელია ადამიანის კათაკმევლად დადგინება. ძველად კათაკმევლობის ხანგრძლივობა დამოკიდებული იყო მოსანათლი ადამიანის სულიერ მზადყოფნაზე. ლაოდიკიის კრების 45-ე კანონი მიუთითებს:„ორმოცდღიანი მარხვის ორი კვირის შემდეგ დაუშვებელია მოსანათლად მიღება“.

ძველ დროში არსებობდა ტრადიცია კათაკმეველთა დიდ შაბათს ნათლობისა. ეს იმის გამო ხდებოდა, რომ აღვსების (აღდგომის) დღესასწაული განასახიერებს მაცხოვრის მოკვდინებასა და აღდგომას, ხოლო დიდი შაბათი ითვლება გარდამავალ პერიოდად მოკვდინებიდან აღდგომამდე. ასეთ შემთხვევაში კათაკმეველი მთელ დიდ მარხვას ინახავდა და დიდ შაბათს ინათლებოდა. თუ ამ წესს არ დაიცავდა, მაშინ მისი ნათლისღება კიდევ გადაიწევდა.1 დღეს კათაკმევლობა შერწყმულია ნათლობის საიდუმლოსთან.

ლაოდიკიის კრების 47-ე კანონი სნეული ადამიანის მონათვლას ეხება და ადგენს: „სნეულებაში ნათელღებულს და საიდუმლოს აღსრულების შემდეგ გამოჯანმრთელებულს მართებს სარწმუნოების შესწავლა და ცოდნით აღჭურვა, რათა საღვთო საბოძვრის ღირსი გახდეს“. ნათლობის საიდუმლო არ სრულდება სულიერი ავადმყოფებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ბავშვთა და მოზრდილთა ნათლობაში ძველთაგანვე მონაწილეობენ მიმრქმელები, რომლებიც ზრდასრული ადამიანის ნათლობის შემთხვევაში მიიჩნევიან დამმოწმებლებად, თუ როგორი სერიოზულობით ეკიდება კათაკმეველი ნათლობის საიდუმლოს. ამავდროულად, მიმრქმელი პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე. ჩვილებისა და მეტყველების არმქონე ავადმყოფების მიმრქმელები წარმოთქვამენ მრწამსს და აღთქმას მათ მაგიერ დებენ. ამასთან დაკავშირებით კართაგენის 45-ე კანონი განაჩინებს:„ავადმყოფებს, რომლებსაც არ შეუძლიათ, თვითონ გასცენ პასუხი, მაშინ ეცით ნათელი, თუ მოწმე, რომელიც მათ სურვილს გამოხატავს, თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას. თუ მომღერლები, მსახიობები და სხვა ასეთი სახის განდგომილები მოინანიებენ და ღმრთის მადლით მოექცევიან, უარი არ უთხრათ შეწყალებაზე“.

მიმრქმელი საკუთარ თავზე იღებს ნათლულის სულიერი და ზნეობრივი აღზრდის პასუხისმგებლობას. ნათლულსა და მის მშობლებთან ნათლია ამყარებს კავშირს, რომელიც სულიერ ნათესაობად იწოდება და წინ აღუდგება მათ შორის ქორწინების საიდუმლოს არსებობას. ქორწინება დაუშვებელია ნათლიისა და ნათლულის შვილებსა და აგრეთვე ნათლიებს შორისაც. ასე გრძელდება ცხრა თაობაზე.2

ძველ დროში ნათლია უნდა ყოფილიყო ერთი, ნათლულის სქესის შესაბამისად, რაც გამოწვეული იყო ადამიანის ზრდასრულ ასაკში ნათლისღების შემთხვევაში არსებული უხერხულობით. დღევანდელობაში, გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვი, ძირითადად, ჩვილობაშივე ინათლება, დაშვებულია ორივე სქესის ნათლია. ძველად არც მცირეწლოვანი დაიშვებოდა მიმრქმელად, რადგან იგი თავის თავზე ვერ აიღებდა ნათლულის სულიერი და ზნეობრივი აღზრდის პასუხისმგებლობას.

1 ბალსამონისეული განმარტება ლაოდიკიის კრების 45-ე კანონისა, Правила св. поместныхъ соборовъ с толкованiями, M., 1912, გვ. 262.

* * *

ეკლესიის წიაღს გარეთ (არამართლმადიდებლურ ეკლესიაში) მონათლული ადამიანის უკან დაბრუნების შესაძლებლობებს ეხება I მსოფლიო კრების მე-8, მე-9, ასევე ბასილი დიდის I, II მსოფლიო კრების მე-7 და კართ აგენის კრების 68-ე კანონები. ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებული დასკვნითი ნაწილი გადმოცემულია ტრულის კრების 95-ე კანონით, სადაც ვკითხულობთ: „ვინც მართლმადიდებლობაში და ცხონებულთა ნაწილში (ხვედრში) მწვალებლობიდან მოვა, შევიწყნარებთ პირველგანწესებული საზღვრისა და ჩვეულებისამებრ. არიანელებს, მაკედონიანელებს, ნავატიანელებს, ვინც საკუთარ თავს წმინდას უწოდებს, მემარცხენეებს, მეთოთხმეტეებს, ე. ი. მეოთხეებს, და აპოლინარელებს შევიწყნარებთ შემდეგნაირად: მოვთხოვთ მათ ხელწერილს და ვუბრძანებთ, შეაჩვენონ ყოველგვარი მწვალებლობა, რომელიც არ აღიარებს ისე, როგორც აღიარებს წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, და დავბეჭდავთ მათ, ე. ი. ვცხებთ წმინდა მირონს პირველად შუბლზე, თვალებზე, ცხვირზე, პირზე და ყურებზე და ცხებისას ვიტყვით: სულიწმიდის ნიჭის ბეჭედი.

ხოლო პავლიანიტების შესახებ დაუდგენია კათოლიკე ეკლესიას, რომ მათ სრულად ნათელსცენ მეორედ. ერთი შთაფვლით ნათელღებულ ევნომიანელებს, მონტანელებს, რომელთაც აქ ფრიგიელებს უწოდებენ, საბელიანებეს, რომლებიც ძე-მამობას აღიარებენ და სხვა რამ ცუდსაც სჩადიან, აგრეთვე სხვა მწვალებლებს, აქ რომ მრავლად არიან, მეტწილად გალატიის ქვეყნიდან, ყველას, ვისაც უნდა მართლმადიდებლობის მიღება, როგორც წარმართებს, ისე შევიწყნარებთ. პირველ დღეს ვყოფთ მათ ქრისტიანად, მესამე დღეს ვაფიცებთ პირსა და ყურებში სამგზის ჩაბერვით და ამით კათაკმევლად ვაქცევთ. მრავალ დღეს ვამყოფებთ ეკლესიაში და ვასმენინებთ საღვთო წიგნების კითხვას და მხოლოდ ამის შემდეგ ვცემთ ნათელს.

რაც შეეხებათ მანიქევლებს, ვალენტიანელებს, მარკიონიტებს და მათი მსგავსი ერესებიდან მოქცეულებს მართებთ ხელწერილის დაწერა და შეჩვენება ყოველგვარი მწვალებლობისა: ნესტორის, ევტიქის, დიოსკორეს, სევეროზისა და სხვა მწვალებლობათა წინამძღვრებისა, ამასთანავე მათი, ვინც მათ სარწმუნოებას აღიარებს და ყველა პირველხსენებული ერესისა. ასე მიიღებენ ისინი წმინდა ზიარებას“.

ამგვარად, ამ კანონის თანახმად, სრული ნათლობით ეკლესიის წიაღში მიიღებიან წარმართები, მუსლიმანები და ებრაელები, აგრეთვე უკიდურესი ერეტიკოსები: პავლიანელები, ევნომიანელები, საველიანელები, მონტანისტები; მირონცხებით მიიღებიან – მაკედონიანელები, ნოვაციანელები, არიანელები, აპოლინარიანელები. სინანულით მიიღებიან ნესტორიანელები და მონოფიზიტები. ტრულის კრების შემდგომ ჩამოყალიბებული ერესის წარმომადგენლები – კათოლიკეები და პროტესტანტები სრული ნათლობით მიიღებიან ეკლესიის წიაღში.

2 იხ. „ცნობები ნათესავთა შორის ქორწინების შესახებ“, თბილისი, 1995.

* * *

მართლმადიდებლურად აღსრულებული ადამიანი უერთდება ზეციურ, მოზეიმე ეკლესიას და მიწიერი, მებრძოლი ეკლესიის კანონმდებლობას, ცხადია, აღარ ექვემდებარება.

ეკლესიის მადლს მიღმა რჩება ეკლესიისგან განდგომილი და ანათემას გადაცემული ადამიანი, მაგრამ რამდენადაც მირონცხების მადლი წარუხოცელია, მას ყოველთვის აქვს საშუალება სინანულის გზით ეკლესიის წიაღში დაბრუნებისა. ასეთი ადამიანის ხელმეორედ ნათლობა დაუშვებელია.

2. ეკლესიის წევრები

ეკლესიის თითოეული წევრისათვის სულის ცხონება თანაბრად შესაძლებელია. ისევე, როგორც ყოველ ცოცხალ ორგანიზმში, ეკლესიის წიაღშიც მის ყოველ წევრს თავისი დანიშნულება აქვს:„და მსახურებაც სხვადასხვაა, მაგრამ ერთია უფალი. სხვადასხვაა მოქმედებაც, მაგრამ ერთია ღმერთი, ყოვლის მოქმედი ყველაში“ (I კორ. 12, 4-5), –გვას წავლის წმ.მოციქული პავლე. ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში იგივე მოციქული წერს: „მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად. რათა სრულეყოთ წმინდანი მსახურების საქმისათვის – ქრისტეს სხეულის ასაშენებლად, ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას, რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი, კაცთა ცბიერებითა და ცდუნების მზაკვრული ხერხით, არამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმხრივ ვიზრდებოდეთ მასში, ვინც არის თავი – ქრისტე, ვის მიერაც მთელი სხეული, ურთიერთმჭიდე სახსრებით მტკიცედ შეკრული, თვითეული ასოს ზომიერი ურთიერთშეწევნით იზრდება, რათა აღეშენოს სიყვარულში“ (ეფეს. 4, 11-16).

ეკლესიის წევრები იყოფიან ორ ძირითად ნაწილად. პირველ ნაწილს წარმოადგენენ მღვდელმსახურნი (კლერიკოსები) – სულიწმიდის მადლით მოწოდებულნი საეკლესიო მსახურების ჩასატარებლად, საქადაგებლად, წმ. საიდუმლოთა აღსასრულებლად, ეკლესიის შიდა საქმეების მოსაგვარებლად. მეორე ნაწილს წარმოადგენენ საერონი, რომელნიც ასევე მონაწილენი არიან საეკლესიო ცხოვრებისა, თავისი წვლილი შეაქვთ ქრისტიანობის ევანგელიზაციაში, ოღონდ უთუოდ მოძღვართა ლოცვა-კურთხევითა და მათი დაშვებით ტაძარს გარეთ – საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამასთან ერთად, საერონი მონაწილეობენ ღვთისმსახურებაში და აგრეთვე ეკლესიის მართვაში – საეკლესიო ქონების განკარგვაში, თუ მათ საამისოდ გამოარჩევს ეპისკოპოსი ან მოძღვარი.

როგორც ვხედავთ, ეს ორი კატეგორია განსხვავებულია ერთმანეთისგან თავისი მდგომარეობით. ეკლესიის დაარსებისთანავე, კლერიკოსთა და ერისკაცთა გარდა, წარმოიშვა კიდევ ერთი მდგომარეობა ეკლესიის წევრობისა – მონაზვნობა, მაგრამ, რამდენადაც მონაზონი შეიძლება იყოს როგორც მღვდელმსახური, ასევე უბრალო მწირი, ამიტომ ეს უკანასკნელი გადანაწილდება პირველ ორ კატეგორიას შორის. მონაზონი სხვათაგან გამორჩეულია განსაკუთრებული ცხოვრების წესით, რომელიც მომდინარეობს მის მიერ დადებული უბიწოების, უპოვრობისა და მორჩილების აღთქმიდან. ბერძნული ტერმინოლოგია უფრო ზუსტად გადმოგვცემს ეკლესიის წევრთა ორ კატეგორიას შორის არსებულ ძირითად სხვაობას: ერთია განსხვავება ხელდასხმულობასა და ხელდაუსხმელობაში – „klhrikoς“ (კლერიკოსი, სასულიერო პირი) და „laokoς“ (ერისკაცი, არასასულიერო პირი), მეორე კი ცხოვრების წესში – „monacoς“ (მარტოდმცხოვრები, მონაზონი) და „kosmikoς“ (ერში მცხოვრები).

3. საეკლესიო იერარქია. ხელდასხმა

მაღალი და დაბალი კლერიკოსები. საეკლესიო იერარქია ღვთის მიერ დაარსებული ინსტიტუტია. ეკლესია თავისი დაარსების დღიდან ცნობს იერარქიული მსახურების სამ საფეხურს: ეპისკოპოსის, მღვდლისა და დიაკვნის.

ეპისკოპოსები მოციქულთა მემკვიდრეებად მიიჩნევიან და ისინი დღემდე არ წყვეტენ წმ. მოციქულებთან მადლმოსილებით, მემკვიდრეობით კავშირს. ეპისკოპოსები მთავარიერარქები, უმაღლესი საფეხურის მოძღვრები და მასწავლებლები არიან თავიანთ ეკლესიებში. იოანე დამასკელის სწავლებით, მათ ჩაბარებული აქვთ ეკლესია.

მღვდელი იკურთხება ეპისკოპოსის ხელით და მას ენიჭება უფლება ყველანაირი საეკლესიო მსახურების ჩასატარებლად, გარდა ხელდასხმისა, მირონის კურთხევისა და ანტიმინსის კურთხევისა. მღვდელი მრევლს ასწავლის ქრისტიანულ მორალსა და დოგმატებს.

დიაკონი ეპისკოპოსსა და მღვდელს ეხმარება ღვთისმსახურებისას საკურთხეველში. მოციქულთა 39-ე კანონის თანახმად: „მღვდლები და დიაკვნები ნურაფერს გააკეთებენ ეპისკოპოსის ნებადაურთავად, რადგან სწორედ მას აბარია ერი ღვთისა და მას მოეკითხება პასუხი მათი სულებისათვის“.

მაღალი კლერიკოსები – მღვდელმსახურები მადლმოსილებას იღებენ საკურთხეველში ხელდასხმით. დაბალი კლერიკოსები – იპოდიაკვნები, წიგნის მკითხველები და მგალობლები დგინდებიან მღვდელმსახურთა ხელდადებით – ქიროტესიით საკურთხევლის გარეთ, ტაძარში.

გამორჩევა სამღვდელო ხარისხში. ძველი დროის ეკლესიაში მღვდელ მსახურთ გამოარჩევდნენ ერთობლივი ხმის მიცემით როგორც სასულიერო, ისე საერო პირთა მხრიდან, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ეპისკოპოსს ეკუთვნოდა. ბიზანტიის ეკლესიაში ხალხის ნებას წარმოადგენდა იმპერატორი. მღვდლებსა და დიაკვნებს გამოარჩევდნენ ეპისკოპოსის მეთვალყურეობითა და კლერიკოსთა და საერო პირთა უშუალო მონაწილეობით.

წმიდა მთავარეპისკოპოსი თეოფილე ალექსანდრიელი VI კანონში განმარტავს:„ვინც აპირებს დასხმის მიღებას, მათ შესახებ განწესებულია, რათა მთელმა სამღვდელო დასმა ერთხმად გამოთქვას თანხმობა. ეპისკოპოსმაც ასე უნდა განაჩინოს და ამ სამღვდელო დასის თანხმობით ხელი დაასხას მას ეკლესიაში ერის დგომის დროს. ეპისკოპოსი მიმართავს ერს, ემოწმება თუ არა მას, როგორც ხელდასხმის ღირსს. ხელდასხმა არ ხდება ფარულად, რადგან ეკლესიაში მშვიდობასა და შიშისგან თავისუფლებას შეეფერება, რომ ხელდასხმა სრულდებოდეს წმინდანთა, ე. ი. მორწმუნეთა თანდასწრებით. ხოლო სოფლის სამრევლოებში ბევრნი ეზიარებიან უზიარებლებს, ე. ი. მწვალებლებს, ისინი სხვანაირად ნუ იქნებიან ხელდასხმულნი, თუ არა ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სამღვდელო პირთა მიერ განხილვის შემდეგ, ეპისკოპოსთა თანდასწრებით და იქ ერის დგომის დროს, როგორც ზემოთაც ვთქვით, რათა არ მოხდეს რაიმე გადახრა“.

ბალსამონი ამ საკითხთან დაკავშირებით ამბობს: „ხელდასხმის კანდიდატი ერთხმად უნდა გამოირჩეს მღვდელმსახურთა კრების მიერ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში იგი გამოიცდება ეპისკოპოსის მხრიდან და თუ ეპისკოპოსი მიიჩნევს კანდიდატს ღირსეულად, დაასხამენ ხელს მღვდელმსახურთა თანხმობითა და ერისკაცთა თანდასწრებით საღვთო ლიტურგიის დროს. ეს იმისთვის ხდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველანაირი დარღვევა, გადახვევა ჭეშმარიტებისაგან, ანუ მოტყუებით, მიტაცებით ისეთ ადამიანს არ დაასხან ხელი, რომელიც არაჯანსაღი აზროვნებით გამოირჩევა სარწმუნოებაში.

ხელდასხმა. მღვდლად კურთხევისას უმთავრეს მოქმედებას წარმოადგენს ხელდასხმა – ქიროტონია. იმისათვის, რომ ხელდასხმა სამართლებრივი იყოს, საჭიროა, როგორც ხელდამსხმელმა, ასევე ხელდასხმულმა ამ საიდუმლოს აღსრულებისას დაიცვან რამდენიმე პირობა.

ხელდასხმის საიდუმლოს აღსრულების უფლება მინიჭებული აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ეპისკოპოსებს, როგორც წმ. მოციქულთა მემკვიდრეებს. აუცილებელია, ხელდამსხმელი მართლმადიდებელი იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ხელდამსხმელ მღვდელთმთავარს მიღებული აქვს ქიროტონია ისეთი იერარქისგან, რომელიც განდგომილია მსოფლიო ეკლესიისგან და არ იმყოფება მასთან ევქარისტიულ კავშირში, მაშინ ამ ხელდასხმის ნამდვილობის დასადგენად საჭიროა გაირკვეს, სქიზმატ იერარქს თავად თუ აქვს შენარჩუნებული აპოსტოლარული მემკვიდრეობა და მისი განდგომის ძირითადი მიზეზი არის თუ არა არსობრივი დარღვევა დოგმატურ სწავლებაში. ასეთ ვითარებაში საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საეკლესიო სასამართლო. ამის მაგალითი გვხვდება ნიკეის I მსოფლიო კრების VIII კანონში, სადაც საუბარია ნავატიანელთა შესახებ: „ვინც თავის თავს წმინდას უწოდებს, თუ მოექცევიან და დაბრუნდებიან სამოციქულო ეკლესიას, მათ შესახებ წმინდა და დიდი კრება ადგენს: თუ რომელიმე მათგანი ხელდასხმული იყოს, დარჩეს თავისი სამღვდელო პატივის ხარისხში. უპირველეს ყოვლისა, მათ წერილობით უნდა აღიარონ, რომ შეუერთდებიან და შეუდგებიან კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სჯულს“. აღნიშნული კანონის განმარტებისას ზონარა ამბობს:„ვინც კი ხელდასხმულია ეპისკოპოსად, მღვდლად თუ დიაკვნად ნავატიანელთა მიერ, მათ უნარჩუნდებათ ხარისხი დედა ეკლესიასთან დაბრუნების შემთხვევაში“.

იმავე კრების წმიდა მამები სხვაგვარად უდგებოდნენ პავლიანიტელთა ერესს. XIX კანონი აღნიშნული კრებისა განაჩინებს:„პავლიანიტთათვის, რომლებიც დაუბრუნდებიან წმინდა კათოლიკე ეკლესიას, მიღებულია დადგენილება ხელახლა მონათვლისა. თუ რომელიმე მათგანი სამღვდელო დასს წარმოადგენდა უწინ, ხელდასხმული იყო მათი წინამძღვრისაგან და უბრალო და უბიწო აღმოჩნდება, ნათლისღების შემდეგ ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსმა მას ხელახლა უნდა დაასხას ხელი. გამოძიების შემდეგ თუ აღმოჩნდება, რომ ის სამღვდელო წესიერების ღირსი არაა, უნდა განიკვეთოს...“.

დღეს ეკლესია სინანულით იღებს კათოლიკური, ძველკათოლიკური და არაქალკედონური ეკლესიის წარმომადგენლებს და მათ სამღვდელო ხარისხს უნარჩუნებს. პროტესტანტული მიმართულების იერარქიის მადლმოსილების ცნობა ყოვლად შეუძლებელია. ბოლო ასი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა ანგლიკანური ეკლესიის იერარქიის მადლმოსილებაზე, თუმცკი მათ მიერ სამღვდელო და საეპისკოპოსო ხარისხში ქალის აყვანამ საბოლოოდ გამორიცხა მისი ნამდვილობა. დღემდე არც ძველმოწესეთა იერარქია იცნობა ეკლესიის მიერ.

ქიროტონიის ნამდვილობის მეორე პირობა იმ პირთა მხრიდან, ვინც უნდა აღასრულოს საიდუმლო, არის ის, რომ იგი იმყოფებოდეს საეკლესიო ხელისუფლებაში. ძველი დროის ეკლესიაში ქორეპისკოპოსები არ მიიჩნეოდნენ ბოლომდე დამოუკიდებელ იერარქებად და მათ ხელდასხმის უფლება ენიჭებოდათ მხოლოდ მმართველი ეპისკოპოსის კურთხევით. ამ საკითხის შესახებ საუბარია ანკვირიის მე-13, ანტიოქიის მე-10, და VII მსოფლიო კრების მე-14 კანონებში. აღნიშნული პირობა ჩვენს დროში მოქმედებს პენსიაზე გასულ და „ვიკარულ“ ეპისკოპოსთა მიმართ.

ამა თუ იმ ეპარქიის მმართველ ეპისკოპოსს ხელდასხმის აღსრულების უფლება ენიჭება მხოლოდ მის იურისდიქციაში შემავალ სასულიერო პირთა მიმართ ამავე ეპარქიაში მსახურების მიზნით (სარდიკიის კრების მე-15 და კართაგენის კრების მე-9-10 კანონები). მოციქულთა 35-ე კანონი ამის თაობაზე ამბობს: „ეპისკოპოსმა არ უნდა გაბედოს ხელდასხმა საკუთარი სამრევლოს გარეთ, ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც არ ექვემდებარება მის ეკლესიას. თუ მას ამხელენ მსგავს მოქმედებაში იმ განსაზღვრული ადგილის ეპისკოპოსის ნებადაურთავად, განიკვეთოს ისიც და მისგან ხელდასხმულიც“. ამავე საკითხს ეხება II მსოფლიო კრე ბის მე-2 და ანტიოქიის მე-13-მე-14 კანონები.

რაც შეეხება ეპისკოპოსის ხელდასხმას, მოციქულთა I კანონი გვამცნობს: „ეპისკოპოსი ხელდასხმული უნდა იყოს ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ“. ე. ი. ორი ან სამი ეპისკოპოსი მაინც არის საჭირო იმისთვის, რომ პირი ეპისკოპოსად აკურთხონ. ამ კანონის საწინააღმდეგოდ, კათოლიკურ სამყაროში პაპი თავს უფლებას ანიჭებს, ერთპიროვნულად დაასხას ხელი ეპისკოპოსებს; ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ პაპი საკუთარ თავს ეპისკოპოსებზე მაღლა აყენებს.

მოციქულთა II კანონის თანახმად, მღვდელსა და დიაკვანს აკურთხებს ერთი ეპისკოპოსი: „მღვდელი ხელდასხმული უნდა იყოს ერთი ეპისკოპოსის მიერ, ასევე დიაკონიც და სხვებიც სამღვდელო დასიდან“. ქიროტონია სრულდება აუცილებლად ტაძრის საკურთხეველში. კურთხევას ესწრება მორწმუნე მრევლი, როგორც მისი ღირსების დამმოწმებელი და ამ დასტურის სიმბოლოს წარმოადგენს საგალობელი „აქსიოს“ (ბერძ. ღირსია), რომელსაც გუნდთან ერთად ხალხიც ასრულებს.

ქიროტონიის ნამდვილობის მესამე პირობას წარმოადგენს მისი განსაზღვრული წესრიგით შესრულება – სვლა დაბალი საფეხურიდან მაღლისაკენ, რათა არავინ დადგინდეს იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე დაბალი საფეხურის გავლის გარეშე.

ამა თუ იმ საფეხურზე ყოფნის ხანგრძლივობა კანონით არ არის განსაზღვრული. მთავარია, კანდიდატმა ყოველ მომდევნო საფეხურზე აყვანამდე მოასწროს გამოვლინება იმისა, რომ ღირსეულად შეძლო არსებულ ხარისხში მსახურება. კონსტანტინეპოლის კრების მე-17 კანონ ში ვკითხულობთ: „საეკლესიო კეთილწესიერებისათვის მზრუნველებმა საჭიროდ მივიჩნიეთ ამის განსაზღვრება, რომ ამიერიდან არც ერისკაცი, არც მონაზონი ერთბაშად არ უნდა ავამაღლოთ ეპისკოპოსობამდე, არამედ საეკლესიო ხარისხებში გამოცდის შემდეგღა მიიღოს საეპისკოპოსო ხელდასხმა. თუმცა აქამდე, ერისკაცთა და მონაზონთაგან საჭიროებიდან გამომდინარე, ერთბაშად აჰყავდათ ეპისკოპოსობის პატივში, მაგრამ ისინი სათნოებებით ბრწყინავდნენ და მათდამი რწმუნებულ ეკლესიებსაც ამაღლებდნენ, მაგრამ გამონაკლისი არასდროს უნდა მივიჩნიოთ საეკლესიო კანონად. განვსაზღვრავთ, რომ ამიერიდან აღარ მოხდეს ასე: ხელდასასხმელმა სასულიერო პირმა კანონერად გაიაროს სამღვდელო ხარისხები და თითოეულ იერარქიულ საფეხურზე დაყოს დაწესებული დრო“. ბალსამონი ამ კანონის განმარტებისას ამბობდა: „თითოეულ საფეხურზე ყოფნის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს შვიდი დღით მაინც“.3არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა ეს ხანგრძლივობა უფრო მოკლეა. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მსგავსი რამ ხდება დიაკვნის ხარისხიდან მღვდლობამდე.

ქიროტონიის ნამდვილობის კიდევ ერთ პირობას წარმოადგენს ამა თუ იმ ეკლესიის მიერ ხელდასასხმელისთვის მომავალი მსახურების ადგილის განსაზღვრა. მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მიუღებელია ე. წ. აბსოლუტური ხელდასხმა, იმ გაგებით, რომ სასულიერო პირისთვის შესაძლებელია განუსაზღვრელი მსახურება ყველგან, სადაც კი მას მოესურვება.

ქალკედონის კრების მე-6 კანონი განაწესებს: „მღვდლად, დიაკვნად და საეკლესიო მწყობრის ნებისმიერ წევრად ადამიანს ხელი უნდა დაეს ხას არა ზოგადად, არამედ სახელდებით ქალაქისა და სოფლის რომელიმე ეკლესიის, სამარტვილოსა ან მონასტერზე. ამასთან დაკავშირებით, წმინდა კრება ადგენს: „ზოგადად ხელდასხმულისთვის ასეთი ხელდასხმა დაუმტკიცებელი უნდა იყოს. იგი არ დაიშვება არავითარი სამღვდელო საქმის მოქმედად მისი ხელდამსხმელის სამარცხვინოდ“.

კანონიკურად ჩატარებული ქიროტონია არანაირ ვითარებაში არ განმეორდება. ამ საიდუმლოს ხელმეორედ აღსრულება არასამართლებრივია. წმიდა მოციქულთა 68-ე კანონის თანახმად, „თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა, დიაკონმა ან კერძოდიაკონმა მეორედ ხელდასხმა მიიღოს, განიკვეთოს ისიც და მისი ხელდამსხმელიც, მით უფრო, თუ იქნება საეჭვო, რომ ხელდასხმა მწვალებლისაგან მიიღო“. ბალსამონი ამ კანონის განმარტებისას ამბობს: აუცილებლობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოქმედ ეპარქიაში, რომელსაც ამ კათედრაზე ჰყავს მმართველი ეპისკოპოსი, არ იქნეს დადგენილი მეორე ეპისკოპოსი.

II მსოფლიო კრებამ უარყო მაქსიმე კვინიკიელის მიერ კონსტანტინეპოლის კათედრის დაკავება წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ეპისკოპოსად ყოფნისას. აღნიშნული კრების მე-4 კანონში ვკითხულობთ: „მაქსიმე კვინიკიელისა და მის მიერ კონსტანტინეპოლში ჩადენილი უწესოების შესახებ ვამბობთ, რომ მაქსიმე არც ყოფილა ეპისკოპოსი და არც არის, ხოლო მის მიერ ხელდასხმულნი არ მიიჩნევენ სამღვდელოებად. ყოველივე, მის მიერ ქმნილი, უქმია და დაუმტკიცებელი“. შეცოდებათა შორის საეკლესიო კანონისტი ზონარა მოიხსენიებს სიმონიასაც. ეს იმდენად მძიმე ცოდვაა, რომ ხელდასხმის მადლმოსილებას განაქარწყლებს. წმ. მოციქულთა 29-ე კანონი გვაუწყებს:„თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ფულით მიიღებს საეკლესიო პატივს, განიკვეთოს ისიც და მისი ხელდამსხმელიც და სრულიად მოიკვეთოს ზიარებისაგან, როგორც სიმონ მოგვი პეტრე მოციქულისაგან“. სიმონიის საკითხს ეხება კონსტანტინეპოლის წმ. პატრიარქთა – ტარასისა და გენადის – კანონიკური ეპისტოლეები.

მოციქულთა 30-ე კანონის თანახმად, თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ხარისხი მიიღო მმართველი ერისკაცის ჩარევით, მაშინ ეს ეპისკოპოსი პატივაყრილი იქნება:„თუ ეპისკოპოსმა დაიხმარა ერისმთავარნი და მათი შემწეობით დაეპატრონა ეკლესიას, უნდა განიკვეთოს და უზიარობლობით დაისაჯოს ყველა თანამზრახველთან ერთად“. მოციქულთა 29-ე და 30-ე კანონთა განმარტებისას ბალსამონი იმავეს განაჩინებს უფრო დაბალი საფეხურის ღვთისმსახურთა მიმართ, იპოდიაკონთა და წიგნის მკითხველთა ჩათვლით. 30-ე კანონის ბოლო ნაწილის მიხედვით, განკვეთით დაისჯება ყველა მონაწილე, ვინც კი გარკვეული წვლილი შეიტანა ამ მოქმედებაში.

მოციქულთა 25-ე კანონი შეგვახსენებს ძველაღთქმისეულ ციტატას: „შურს ნუ იძიებ ერთი რაიმესთვის ორჯერ“ (ნაუმ. 1, 9),ანუ ერთსა და იმავე დანაშაულზე ორჯერ დასჯა მიუღებელია. ერთი მოქმედების გამო ხარისხის აყრა და ეკლესიიდან განკვეთა, ერთი შეხედვით, მოციქულთა 25-ე კანონის დარღვევაა, თუმცაღა საქმე სულ სხვაგვარადაა. სიმონია წარმოადგენს განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულს, რომელიც არღვევს ეკლესიის სტრუქტურის საფუძველს და ამ დანაშაულში მხილებული უსასტიკეს სასჯელს იმსახურებს. ხარისხის აყრა, ამ შემთხვევაში, არსებითად არ არის დასჯა, რადგან მღვდლობის მადლმოსილების შესყიდვა ან ინტრიგით მოპოვება შეუძლებელია. სიმონიაში მხილებული ადამიანის ხელდასხმა იმთავითვე მადლმოსილებას მოკლებულია. ცრუ მღვდელმსახურის ნამდვილ სასჯელს წარმოადგენს მისი განკვეთა, რადგან, ფაქტობრივად, იგი ერისკაცია, მადლი ღვთისა მასზე არ გადმოსულა. ასეთ ვითარებაში მას განკვეთენ ეკლესიიდან.

3 В. Цыпин, Церковное Право, 1996, გვ. 138.

სამღვდელო და მმართველი იერარქია

სამღვდელო იერარქია

ეკლესია თავიდანვე ცნობს სამღვდელო იერარქიის სამ საფეხურს: დიაკვნის, მღვდლის და ეპისკოპოსის. ეს საფეხურები მოციქულთა პერიოდიდან იღებს სათავეს და იარსებებს ვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა. ეკლესიას არ ძალუძს რომელიმე მათგანის შეცვლა. III საუკუნიდან ჩნდება იპოდიაკვნის, ქართულ სინამდვილეში – კერძოდიაკვნის ხარისხი. გამომდინარე იქიდან, რომ იგი მოციქულთა პერიოდიდანვე არ არის ცნობილი, ეს საფეხური არ მიიჩნევა ღვთივდადგენილად. განსხვავება დიაკონსა და კერძოდიაკონს შორის კანონით არ არის დადგენილი. კანონისტი ნ. სუვოროვი მიიჩნევდა: „კერძოდიაკონი არ წარმოადგენს ცალკე სამღვდელო საფეხურს. ასე იწოდებოდნენ დიაკვნები, რომლებიც ეხმარებოდნენ მღვდელთმთავრებს ღვთიმსახურებისას, განსაკუთრებით ხელდასხმის ჟამს“.4 დღევანდელ პრაქტიკაში დიაკონი ასრულებს კერძოდიაკვნის ფუნქციას. ტრულის კრების მე-14 და მე-15 კანონების თანახმად, კერძოდიაკვნებს აკურთხებდნენ 20 წლის ასაკიდან, ხოლო დიაკვნებს კი 25 წლიდან: „კერძოდიაკონი ნუ იქნება ხელდასხმული ოც წელზე ადრე. თუ ვინმე სამღვდელოთაგანი ამ განსაზღვრულ დროზე ადრე იყოს ხელდასხმული, განიკვეთოს“.

მმართველი იერარქია

ერთ ხარისხში მყოფი ყველა სასულიერო პირი საღმრთო მადლით ერთმანეთის თანასწორია. თუმცაღა, საკრამენტულად თანასწორი ეპისკოპოსები, მღვდლები თუ დიაკვნები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან უფლებამოსილების მოცულობით, ადგილის მიხედვით დიპტიქში და წმ. ტრაპეზთან მიმართებით. ღვთისმსახურთა განსხვავება ამ ნიშნის მიხედვით იწოდება მმართველ იერარქიად.

მაგალითად, უმაღლესი ეპისკოპოსის ხარისხის მქონე მღვდელმსახურს, როგორც მმართველ იერარქს, შეუძლია ატაროს პაპის, პატრი არქის, კათალიკოსის, ეგზარქოსის, მიტროპოლიტის, არქიეპისკოპოსისა და ქორეპისკოპოსის ტიტული. ჩამოთვლილთაგან თითოეული ტიტულის წარმოშობა უკავშირდება ამა თუ იმ ტერიტორიულ მხარეს, რომელსაც მოიცავს მსოფლიო ეკლესიის ადმინისტრაციული დაყოფა. დროთა განმავლობაში ზოგიერთმა მათგანმა დაკარგა სახელწოდების ფუნქციური დატვირთვა და მხოლოდ ტიტულად დარჩა.

ისტორიულად უპირატესი ეპისკოპოსის ტიტულს წარმოადგენდა მიტროპოლიტის ტიტული. ასე იწოდებოდნენ პროვინციის უპირატესი ქალაქების ეპისკოპოსები. მათი ხელმძღვანელობით ტარდებოდა საეპისკოპოსო კრებები. მოციქულთა 34-ე კანონში ნათქვამია: „ყველა ერის ეპისკოპოსმა უნდა იცოდეს მათ შორის პირველი და თავი ეპისკოპოსთა და არაფერი გააკეთოს მის გარეშე. ყოველი მათგანი მხოლოდ იმას უნდა აკეთებდეს, რაც სასარგებლოა მისი ეკლესიისათვის და მასზე დაქვემდებარებული სოფლებისათვის. მაგრამ ნურც (პირველი) ეპისკოპოსი გააკეთებს ნურაფერს სხვებთან შეუთანხმებლად, ვინაიდან მხოლოდ ასე შეიძლება აღსრულდეს ერთნებობა და იდიდოს ღმერთი უფლის მიერ სულიწმიდით“.

ამ კანონის განმარტებისას ზონარა უპირატეს ეპისკოპოსებს უწო დებს „მიტროპოლიის მთავარიერარქებს“. მიტროპოლიებად რომის იმპერიის ადმინისტრაციულ ენაზე იწოდებოდნენ პროვინციის ცენტრები (ბერძნულად ეპარქიები). აღნიშნული ტერმინი პირველად გვხვდება ნი კეის I მსოფლიო კრების კანონებში. მე-4 კანონის დასასრულს ნათქვამია: „ამ მოქმედებას ამტკიცებს საბოლოოდ სამთავროს მიტროპოლიტი“. აფრიკის ეკლესიის თავისებურება ამ მხრივ იმით გამოიხატებოდა, რომ კართაგენის ეპისკოპოსი იყო პირველიერარქი მთელი ადგილობრივი ეკლესიისა, მიტროპოლიებში კი პირველობდა არა პროვინციის ცენტრალური ეპისკოპოსი, არამედ უხუცესი ქიროტონიის მიხედვით.

ეგზარქოსის ტიტულს დიდი ისტორია აქვს. ძველ ქართულ წყა როებში მას შეესატყვისება ზედამხედველი.ამ ტერმინისმნიშვნელობა საუკუნეთა განმავლობაში რადიკალურად იცვლებოდა. სარდიკიის მიტროპოლიტი მაქსიმე წერს: „ამ ტერმინის გამოყენების ისტორიაში გამოკვეთილია სამი პერიოდი:

1. ძველი, როცა ეგზარქოსი იყო თვითმყოფადი, დამოუკიდებელი იერარქი;

2. მისი მომდევნო, როცა ეგზარქოსი იყო მხოლოდ პატრიარქის ხელისუფლების ორგანო;

3. ახალი, რომელიც, გარკვეულწილად, წარმოადგენს დაბრუნებას ტიტულის პირვანდელ მნიშვნელობასთან“.5

ეგზარქოსის ტიტულის მნიშვნელობა ამ ტერმინის გამოყენების ისტორიის მეორე პერიოდში არ იყო დაკავშირებული უცილობლად ეპისკოპოსის საფეხურთან. მისი მატარებელი, შესაძლოა, ყოფილიყო მღვდელი, დიაკვანი და ერისკაციც კი. აღნიშნული ტერმინი პირველად გვხვდება სარდიკიის კრების მე-6 კანონში, მაგრამ აქ მას არა აქვს მინიჭებული განსაკუთრებული დამოუკიდებლობა. კანონში ნათქვამია: „სამ თავროéსა ზედამხედველი, რომელ არს ეპისკოპოსი დედაქალაქისაé“.

რაც შეეხება ამ ტერმინის ტიტულარული მნიშვნელობით დატვირთვას, იგი უკავშირდება მიტროპოლიებზე გაცილებით უფრო მოცულობითი – ადგილობრივი ეკლესიების დაარსებას. მათი საზღვრები, ძირითადად, ემთხვეოდა სამოქალაქო დიოცეზებისას. როგორც ვიცით, კონსტანტინე დიდის დროს რომის იმპერია ოთხ პრეფექტურად იყოფოდა, პრეფექტურები დიოცეზებად, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე პროვინციას მოიცავდა. ეგზარქოსებად თავდაპირველად იწოდებოდნენ არა პირველიერარქები, არამედ დიოცეზთა სამოქალაქო მმართველები.

ეგზარქოსები, როგორც მიტროპოლიტებისგან განსხვავებული იერარქები, პირველად მოიხსენებიან ქალკედონის კრებაზე. IX კანონში ვკითხულობთ: „თუ ეპისკოპოსს ან სასულიერო პირს სამთავროს მიტროპოლიტთან ექნება სამართლებრივი საქმე, მაშინ მან იმ მხარის ეგზარქოსს (პატრიარქს), ან კონსტანტინეპოლის სამეფო საყდარს მიმართოს და მის წინაშე განისაჯოს“.

ისტორიულად ზოგიერთი საეგზარქოსო, მაგალითად, ალექსანდრიისა და ანტიოქიის, გახდა საპატრიარქოს წინამორბედი. სხვა საეგზარქოსოებმა – პონტოს, აზიისა და თრაკიის – კესარია-კაბადოკიის, ეფესოსა და ჰერაკლიის კათედრების გაერთიანებით, შექმნეს ახალდაარსებული კონსტანტინეპოლის საპატრიარქო. ასე დაკარგა ეგზარქოსის ტიტულმა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა.

რაც შეეხება პატრიარქებს, როგორც სარდიკიის მიტროპოლიტი მაქსიმე წერს,„ამ ტიტულს ატარებდნენ მხოლოდ ის ეგზარქოსები, რომლებიც იდგნენ მთავარი დიოცეზების სათავეებთან, ეპისკოპოსები იმ ქალაქებისა, რომლებიც უპირატეს პოლიტიკურ ცენტრებს წარმოადგენდნენ“.6

ძველად, როგორც ვიცით, ხუთი პატრიარქი იყო, მაგრამ ისინი თავიდანვე პატრიარქებად კი არ იწოდებოდნენ, არამედ მთავარეპისკოპოსებად: ალექსანდრიის ეპისკოპოსები – IV საუკუნის I ნახევრიდან, რომის, ამავე საუკუნის II ნახევრიდან. ქალკედონის კრების პერიოდში „პატრიარქის“ ჩინი ჯერ არ არსებობდა, ყოველ შემთხვევაში, ის არ მოიხსენიება აღნიშნული კრების კანონებს შორის. ამ ტიტულმა გავრცელება დაიწყო VI საუკუნიდან. კანონიკურ კრებულში პირველად ის გვხვდება ტრულის კრების მე-7 კანონში, სადაც ვკითხულობთ:„დიაკონი, რომელსაც აქვს რაიმე საეკლესიო თანამდებობის შესრულების პატივი, არ უნდა დაჯდეს მღვდელზე ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რაიმე მიზეზით სხვა ქალაქში მივა და იქ დაევალება, წარმოადგინოს თავისი პატრიარქი ან მიტროპოლიტი, მხოლოდ ამ შემთხვევაში, როგორც მისი ადგილის აღმავსებელი, პატივცემული იქნება“.

მთავარეპისკოპოსის ტიტულით ამ დროიდან იწოდებოდნენ ავტოკეფალური ეკლესიების ის საჭეთმპყრობელნი, რომლებიც არ მიეკუთვნებოდნენ მსოფლიო ეკლესიის პირველ ეპისკოპოსთა რიცხვს. ესენი იყვნენ: კვიპროსის ეკლესიის პირველი ეპისკოპოსი, ახალი იუსტინიანის ეპისკოპოსი, რომელთანაც მემკვიდრეობითაა დაკავშირებული ოხრიდის არქისაეპისკოპოსო. ამ ტიტულით ამჟამად იწოდება ელადის ეკლესიის მეთაურიც.

უფრო მოგვიანებით მთავარეპისკოპოსის ხარისხი ხდება როგორც მხოლოდ კათედრის თუ პირადად იერარქის წარჩინების გამომხატველი და ის არ უკავშირდება სხვა ეპისკოპოსებთან მიმართებით რაიმე სახის მმართველობით უპირატესობას.

ტერმინი „პაპი“ III საუკუნეში იყო არა ტიტული, არამედ საპატიო წოდება, რომელიც ნებისმიერ ეპისკოპოსს შეეძლო ეტარებინა. დროთა განმავლობაში, იგი დამკვიდრდა, როგორც იმ ეკლესიათა ეპისკოპოსების ტიტული, რომლებიც უპირატესებად მიიჩნეოდნენ კონსტანტინეპოლის აღზევებამდე. ესენი იყვნენ: რომის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის ეპისკოპოსები. რაც შეეხება რომის ეპისკოპოსს, ამ შემთხვევაში პაპის ტიტული გახდა ყველაზე მიღებული მის ტიტულთაგან, რომელთა შორისაა ქედმაღლური „Викарий Христа“ და თავმდაბლური „Раб рабов Божиих“.

კათალიკოსებად იწოდებოდნენ მთავარიერარქები იმ ეკლესიებისა, რომლებიც ტერიტორიულად ბიზანტიის იმპერიის საზღვრებს გარეთ ფუძნდებოდნენ. პირველად ამ ტიტულით მოიხსენიება 410 წელს ბაბილონის სელევკიის ეპისკოპოსი, სპარსეთში ქრისტიანული ეკლესიის მეთაური, რომელიც ანტიოქიის მთავარეპისკოპოსის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა თანახმად ნიკეის კრების VI კანონისა, თუმცაღა სარგებლობდა ფართო ავტონომიით, რადგანაც სპარსეთსა და ბიზანტიას შორის არსებული საომარი მოქმედებების გამო კათალიკოსის ურთიერთობა ანტიოქიის კათედრასთან ძნელდებოდა.

ქორეპისკოპოსის ტიტული უკავშირდება II საუკუნის შუა წლებში ქრისტიანული სამრევლოების ქალაქგარეთ ჩამოყალიბებას. სოფლად მცხოვრებ ქრისტიანებს უძნელდებოდათ საკვირაო ლიტურგიაზე ქალაქში სიარული. სწორედ ქალაქიდან მოშორებით არსებულ სოფლებში ინიშნებოდნენ ქორეპისკოპოსები. დროთა განმავლობაში ქორეპისკოპოსის ინსტიტუტმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა და საბოლოოდ, ისინი სოფლის მღვდლებმა ჩაანაცვლეს. ანკვირიის კრების მე-13 კანონ ში ვკითხულობთ: „ქორეპისკოპოსს არა აქვს მღვდლისა და დიაკვნის ხელდასხმის უფლება, აგრეთვე არც ქალაქის მღვდელთა [ხელდასხმის უფლება] სხვა სამრევლოში, თუ არ იქნება ეპისკოპოსის წერილობითი ნებართვა“.

ნეოკესარიის კრების მე-14 კანონის თანახმად, ქორეპისკოპოსებს „უჭირავთ სამოცდაათი მოციქულის ადგილი“და არა თორმეტი მოციქულისა, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, ქორეპისკოპოსი მაინც ეპისკოპოსია და არა მღვდელი. ანტიოქიის მე-10 კანონი განაჩინებს:

„წმინდა კრებამ განსაჯა: დაბაში ან სოფლებში მყოფმა ქორეპისკოპოსად წოდებულებმა თუნდაც ეპისკოპოსისგან მიიღონ ხელდასხმა, თავისი საზომი უნდა იცოდნენ, განაგონ მათთვის რწმუნებული ეკლესიები და მხოლოდ მათზე ზრუნვა და ზედამდგომლობა იკმარონ. მათ უნდა დაადგინონ წიგნის მკითხველები, კერძოდიაკვნები, მაფიცებლები და მხოლოდ მათი დადგენა იკმარონ. ვერ უნდა გაბედონ მღვდლის ან დიაკვნის ხელდასხმა ქალაქის ეპისკოპოსის გარეშე, რომელსაც ემორჩილება ისიც და მისი სოფლებიც. თუ ვინმე გაბედავს ამ განსაზღვრების გადალახვას, განიკვეთოს მისი კუთვნილი პატივისგან. ხოლო ქორეპისკოპოსი უნდა დაადგინოს ქალაქის ეპისკოპოსმა, რომელსაც ემორჩილებიან მისი სოფლები“.

IV საუკუნიდან ქორეპისკოპოსის ინსტიტუტი საეკლესიო ცხოვრებიდან ქრება. ლაოდიკიის კრების 57-ე კანონის თანახმად, „დაბებსა და სოფლებში ეპისკოპოსი არ ინიშნება, არამედ მხოლოდ მომხილველი. ვინც ამ დადგენილებაზე ადრე არის ხელდასხმული ასეთ ადგილებში, ნურაფერს გააკეთებს ქალაქში მჯდომი ეპისკოპოსის დაუკითხავად. ასევე მღვდელმა არაფერი არ უნდა გააკეთოს ეპისკოპოსთან შეუთანხმებლად“.

საუკუნეთა მანძილზე ეპისკოპოსთა ტიტულების მნიშვნელობა ცვლი ლებას განიცდიდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა სამიტროპოლიტო რეგიონები. ეპისკოპოსთა ტიტულები: მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი – ეს მხოლოდ საეკლესიო ჯილდოებია.

4 Н. Суворов, Учебник церковного права. გვ. 209.

5 Maxsime des Sadres, mitropolite. Le patriatcat oecumenique dans I`Eglise Orthodoxe. Paris, 1975, გვ. 73.

6 Maxsime des Sadres, mitropolite. Le patriatcat oecumenique dans I`Eglise Orthodoxe. Paris, 1975, გვ. 76.

მოთხოვნები სამღვდელო კანდიდატთა მიმართ და წინააღმდეგობანი კურთხევის გზაზე

მღვდელმსახური სულიერი ხელმძღვანელი და დამრიგებელია ღვთის სამწყსოსი. ამიტომაც სამღვდელოდ გამორჩეული კანდიდატი რწმენის სიღრმითა და სიმყარით, მაღალი ზნეობრივი თვისებებით უნდა იყოს შემკული და ხალხში უმწიკვლო სახელით სარგებლობდეს. აუცილებელია, სამღვდელო კანდიდატი უპასუხებდეს წინასწარ განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამ მოთხოვნებთან შეუთავსებლობა ქმნის წინააღმდეგობას მღვდლად კურთხევის გზაზე.

კათოლიკური ეკლესიის სამართალი განასხვავებს ე. წ. აბსოლუტურ უუნარობას (ინცაპაციტას) და მცდარ, არასწორ (ირრეგულარიტას) ხელდასხმას, რომელიც მაინც უშვებს დისპესაციას – კანონის განუხრელი დაცვისგან გადახვევას კომპეტენტური საეკლესიო ხელისუფლების მხრიდან.

აბსოლუტური უუნარობის შემთხვევაში ხელდასხმა დაუშვებელია. და თუ ის მაინც, ფაქტობრივად, შესრულებულია, მნიშვნელობის არმქონედ, ძალადაკარგულად მიიჩნევა.

დაუშვებელია ქალებისა და მოუნათლავი მამაკაცების კურთხევა. გამომდინარე იქიდან, რომ მოუნათლავი ადამიანი ეკლესიის წევრი არ არის, ბუნებრივია, რომ ის ვერც საეკლესიო იერარქიაში შევა. ქალს რაც შეეხება, წმიდა პავლე მოციქული ამბობს: „ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარაკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც“ (I კორ. 14, 34). თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქალს ეკლესიაში მსახურება და გალობა არ შეუძლია. მას ეძლევა უფლება მრევლში სამეურნეო საქმიანობის ხელმძღვანელობისა, სხვადასხვა საეკლესიო დაწესებულებაში მუშაობისა, რომელიც დაკავშირებული არაა ღვთისმსახურებასთან.

კანონისტთა ერთი ნაწილი კურთხევისთვის არსებულ წინააღმდეგობებს შემდეგნაირად განასხვავებს: ხელდასასხმელის ნაკლოვანებით გამოწვეული და დანაშაულთან დაკავშირებული. ა. ს. პავლოვის აზრით, სამღვდელო კანდიდატისთვის კანონიკურ წინააღმდეგობას წარმოადგენს არა სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ ის, რაც ეკლესიის წევრისათვის საეკლესიო სამართლით განისჯება. ამ სახის დანაშაულს განეკუთვნება:

ა) სარწმუნოებიდან გადახრა თვინიერ წამებისა (მოც. 62-ე ნიკ. მე- 10, ანკ. მე-3);

ბ) ერესი (I მსოფ. 19);

გ) საკუთარი თავის ან სხვა ადამიანის დასაჭურისება;

დ) სხვა ე. წ. ხორციელი ცოდვანი, რომელნიც არღვევენ უფლის მეშვიდე მცნებას (მოც. 61-ე, ნეოკეს. მე-9-10).

ამ დანაშაულში მხილებულნი, ძველი საეკლესიო სამართლის მიხედვით, განისჯებოდნენ საყოველთაო აღსარებით. აქედან გამომდინარე, ის, ვინც ერთხელ განისაჯა, სამუდამოდ განეშორება საეკლესიო იერარქიულ ხელდასხმას.

უფრო მოსახერხებელია, წინააღმდეგობათა კლასიფიკაცია ამგვარად მოვახდინოთ:

ა) ფიზიკური ხასიათის წინააღმდეგობანი;

ბ) სულიერი ხასიათის წინააღმდეგობანი;

გ) სოციალური სახის წინააღმდეგობანი.

აქ ჩვენ არ გავჩერდებით ფიზიკური სახის წინააღმდეგობებზე (ამ სახის დაბრკოლებებს განეკუთვნება ასაკთან, ჯანმრთელობასთან და ფიზიკურ ნაკლთან დაკავშირებული წინააღმდეგობანი). განვიხილავთ მხოლოდ სულიერი და სოციალური სახის დაბრკოლებებს.

მოთხოვნები სასულიერო პირად კურთხევის კანდიდატისთვის და დაბრკოლებები მღვდლად კურთხევისთვის

სასულიერო პირები, მღვდელმსახურები წარმოადგენენ ერის სულიერ წინამძღოლებს და ღვთის ხალხის მოძღვრებს. ამიტომ სასულიერო პირობისთვის გამორჩეული კანდიდატები უნდა ბრწყინავდნენ ღრმა და შეურყეველი რწმენით, სპეტაკი ზნეობითა და უზადო რეპუტაციით. ქრისტიანთაგან მხოლოდ მცირედის ხელდასხმაა შესაძლებელი. აუცილებელია, კანდიდატები აკმაყოფილებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს. ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა წარმოადგენს დაბრკოლებას მღვდლად კურთხევისთვის. ვერ მოხდება მოუნათლავების მღვდლად კურთხევა, რადგან ისინი არ არიან ეკლესიის წევრები, ამიტომ არ შეიძლება მათი სასულიერო იერარქიაში აყვანა. ასევე ვერ მოხდება ქალის კურთხევა. როგორც კანონისტი ნიკოდიმოს მილაში განმარტავს, „ეკლესია არასდროს აძლევდა უფლებას ქალს, რაიმე სახის მოქმედება განეხორციელებინა შიდა საეკლესიო საქმის მართვაში. პავლე მოციქული ამბობს: „დედაკაცები ჩუმად იყვნენ ეკლესიებში, რამეთუ უფლება არ აქვთ ილაპარაკონ, არამედ მორჩილად იყვნენ, როგორც სჯულიც ამბობს“.7 წმინდა მოციქული პავლე გულისხმობს მოსე წინასწარმეტყველის წიგნს – დაბადებას (3, 16): „დედაკაცს სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე“.8

მეექვსე მსოფლიო კრების 70-ე კანონის განმარტებისას, ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი (მილაში) წერს: „ჯერ კიდევ ძველ დროში, ეკლესიაში იყვნენ ქალები, რომელნიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ თავიანთ დაქვემდებარებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და გამოდიოდნენ მოთხოვნებით, მინიჭებოდათ უფლებები და დაეკავებინათ თანამდებობები, რომელიც მხოლოდ მამაკაცთათვის არის ღვთისგან განკუთვნილი, თუმცა ასეთი მოთხოვნები მკაცრად და მყარად იყო იგნორირებული“.9

დაბრკოლების სახეები სამღვდელო კანდიდატისთვის

საეკლესიო სამართლის ზოგიერთი სპეციალისტი სამღვდელო კანდიდატისთვის დაბრკოლების სახეებს სხვადასხვა სფეროდ ჰყოფს, რომელიც განპირობებულია კანდიდატის ნაკლოვანებით ჩადენილ დანაშაულთან, რომელიც შეიძლება არ იყოს სისხლის სამართლის სახის დანაშაული, მაგრამ კანონიკური სამართლის თვალთახედვით, დანაშაულად მიიჩნეოდეს. ასეთ საკითხებს განეკუთვნება:

1) რწმენის უარყოფა, რომელიც არაა გამოწვეული წამებით;

მოციქულთა 62-ე კანონის თანახმად, „თუ სასულიერო პირთაგანმა ვინმემ ურიის, ელინის, მწვალებლის შიშით უარყოს ქრისტეს სახელი, გაძევდეს, და თუ მღვდლობის სახელი უარყოს, განიკვეთოს. მონანიების შემთხვევაში შეიწყალონ, როგორც ერისკაცი“. პირველი მსოფლიო კრე ბის მე-10 კანონის თანახმად, „ცოდვით დაცემულთაგანი თუ ვინმე ხელდასხმული იქნება, იცის თუ არ იცის ეს მისმა ხელდამსხმელმა, ამას არ ითვალისწინებს საეკლესიო კანონი. თუ ეს ცნობილი გახდება, ასეთები განიკვეთებიან“. ამასვე ეხება ანკვირიის კრების მე-3 კანონიც;

2) მწვალებლობა;

3) პირველი მსოფლიო კრების მე-19 კანონის თანახმად, „პავლიანიტების შესახებ, რომელნიც დაუბრუნდებიან წმინდა კათოლიკე ეკლესიას, მიღებულია დადგენილება, რომ ისინი ხელახლა უნდა მოინათლონ. თუ რომელიმე მათგანი სამღვდელო დასს ეკუთვნოდა ადრე, ხელდასხმული იყო მათი წინამძღვრებისგან და უბრალო და უბიწო აღმოჩნდება, ნათლისღების შემდეგ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა მას ხელახლა უნდა დაასხას ხელი. თუ გამოძიების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ისინი სამღვდელო წესიერების ღირსნი არ არიან, განიკვეთონ“;

4) დასაჭურისება საკუთარი თავისა და სხვისი;

5) ყველა ე. წ. ხორციელი ცოდვა, რომელიც მეშვიდე მცნების დარ ღვევაშია გადმოცემული;

მოციქულთა 61-ე კანონის თანახმად, „თუ მორწმუნეს ბრალი დაედოს სიძვაში, მრუშობაში ან სხვა რაიმე აკრძალულ ქმედებაში და იგი ამხი ლონ, ნუ იქნება მიღებული სამღვდელო დასში“. ამავე საკითხს ეხება ნეოკესარიის კრების მე-9 და მე-10 კანონები. ასეთ დანაშაულებში მხი ლებული ადამიანები, ძველი საეკლესიო წესების მიხედვით, საჯარო, სახალხო მონანიებით ისჯებოდნენ, აქედან გამომდინარე, ასეთ ადამიანებს სასულიერო პირად, საეკლესიო კანონიკის მიხედვით, ვეღარასდროს აკურთხებდნენ.

საეკლესიო სამართლის მიხედვით ეს დარღვევები სამი სახის კატეგორიად იყოფა:

1) სულიერი სახის დაბრკოლებები;

2) სოციალური სახის დაბრკოლებები;

3) ფიზიკური სახის დაბრკოლებები.

7 I კორინ. 14, 34.

8 Никодимъ, Православное Церковное Право, СПб., 1897, გვ. 267.

9 Правила Православной Церкви с толкованиями Никодима, том I, M., 1911, გვ. 559.

სულიერი სახის დაბრკოლებები

ამ სახის დაბრკოლებები შეიძლება დაკავშირებული იყოს სამღვდელო კანდიდატის რწმენაში მერყეობასთან, ან მის ზნეობრივ ნაკლოვანებასთან, ან კანდიდატის სათანადო ცოდნის არარსებობასთან.

სამღვდელო კანდიდატის რწმენა მყარად მართლმადიდებლური უნდა იყოს, ის უნდა გამოირჩეოდეს სიღრმისეული ცოდნით ქრისტიანული სწავლებისა, ურყევი შემოქმედებითი რწმენით. მას ქრისტიანული სწავლება ისე უნდა ესმოდეს, როგორც ის ესმის წმინდა ეკლესიას, უნდა შეეძლოს სხვებისთვის მიწოდება და სწავლება ამ ჭეშმარიტებისა. მოცი ქულთა 58-ე კანონი ადგენს: „თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა არად ჩააგდოს სამღვდელო მწყობრი და ხალხი, და არ ასწავლოს მათ კეთილმსახურება, მღვდლობა აეკრძალოს. თუ ამის შემდეგაც იზარმაცოს და არ შეასრულოს თავისი მოვალეობა, განიკვეთოს“. ვისაც არ აქვს მყარი რწმენა, არასაკმარისი სიმყარე რწმენისა იწვევს სარწმუნოებისგან დაშორებას და ეკლესიისგან განდგომას. ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მე-2 კანონი ადგენს: „მრავალჯერ ყოფილა, რომ გაჭირვების გამო, კაცთა მიერ ძალდატანების შედეგად მომხდარა საეკლესიო კანონთა საწინააღმდეგო საქმე: წარმართობიდან მართლმადიდებლად მოქცეული კაცები ცოტა ხანს არიან კათაკმევლები, სწრაფად მოჰყავთ ისინი სულიერ საბანელთან და ნათლისღებისთანავე აკურთხევენ მღვდლად ან ეპისკოპოსად. საჭიროდ მიგვაჩნია, ამიერიდან აღარ მოხდეს ასეთი რამ, რადგან აუცილებელია, რომ მათ გარკვეული ხანი დაყონ კათაკმევლობაში და ნათლისღების შემდეგ უმეტესად გამოიცადონ, რადგან სამოციქულო წიგნში ცხადად არის ნათქვამი: „ახლად მონანთლული რომ არ გათამამდეს და არ ჩავარდეს სასჯელში და ეშმაკის მახეში“ (I ტიმ. 3, 5-7). თუ დროთა განმავლობაში მის პიროვნებაში აღმოჩნდეს რაიმე სულიერი ცოდვა და მხილებულ იქნეს ორ ან სამი მოწმის მიერ, ასეთი მღვდლად ნუ იკურთხება. ვინც ამ კანონის წინააღმდეგ იმოქმედებს, როგორც დიდი კრების მოწინააღმდეგე და ურჩი, თვითონ დაემხოს მღვდლობიდან“.

წარმართული ცხოვრებიდან მოქცეულებისა და ნათელღებულების, ასევე არაწმინდა ქცევებისგან გაქრისტიანებულების მაშინვე ეპისკოპოსად ხელდასხმა არ არის სამართლიანი, რადგან უსამართლობაა სხვისი მოძღვარი იყოს ის, რომელსაც არ გამოუჩენია ამ საქმეში თავისი გამოცდილება გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს საღმრთო მადლისაგან არის. ხოლო ნიკეის პირველი მსოფლიო კრება მე-10 კანონით ადგენს: „ცოდვით დაცემულთაგან თუ ვინმე ხელდასხმული იქნება, იცის თუ არ იცის ეს მისმა ხელდამსხმელმა, ამას არ ითვალისწინებს საეკლესიო კანონი. თუ ეს ცნობილი გახდება, ასეთები განიკვეთებიან“.

ამ კანონის განმარტებისას კანონისტი ზონარა წერს: „არ შეიძლება ხელი დაესხას მღვდლად მას, ვინც უარყო ჩვენი ღმერთი იესო ქრისტე და შემდეგ შეინანა, რადგან როგორ შეიძლება იმსახუროს მღვდლად ისეთმა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩამოშორებულია წმინდა საიდუმლოებებს და მხოლოდ სიკვდილის წინ ეძლევა მას ამის უფლება“.10

სამღვდელო კანდიდატის ოჯახის ყველა წევრი აუცილებლად უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი. ამის შესახებ კართაგენის კრების 36-ე კანონი ადგენს: „ეპისკოპოსად, მღვდლად და დიაკვნად არავინ იქნეს ხელდასხმული იმ დრომდე, ვიდრე მისი ოჯახის ყველა წევრი მართლმადიდებელი არ იქნება“.

რწმენის ნაკლოვანებად სამღვდელო კანდიდატისთვის მიიჩნევა ისიც, თუ ის რწმენაზე მოექცა განსაკუთრებული გარემოების შემთხვევაში, მაგალითად, სიკვდილის შიშიდან გამომდინარე, თუ ის დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა და მოთავსებული იყო სამკურნალო დაწესებულებაში. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც, ეკლესია გადაჭრით არ ამბობს უარს ხელდასხმაზე. ნეოკესარიის კრება მე-12 კანონით ადგენს: „თუ ვინმე მოინათლება სნეულების დროს, მისი მღვდლად კურთხევა შეუძლებელია, რადგანაც მისი რწმენა მოდის არა ნებსითი არჩევანიდან, არამედ გაჭირვებიდან. ოღონდ თუ მონათვლის შემდეგ გამოიჩენს რწმენასა და სათნოებას, და გაძნელდება სამღვდელო კაცის პოვნა, ასეთ შემთხვევაში იყოს ასე“.

განსაკუთრებულ განხილვას და შესწავლას საჭიროებს ის სამღვდელო კანდიდატი, რომელიც მწვალებლობიდან მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამის თაობაზე ნიკეის პირველი მსოფლიო კრება მე-19 კანონით განაჩინებს (კანონი იხ. 125-ე გვ-ზე).

მძიმე ცოდვებში მხილებული ადამიანები, რომელთაც ადრეულ პერიოდში ეკლესია სინანულის სახალხოდ აღიარებას სთხოვდა, ხვდებიან დაბრკოლებას სამღვდელო კანდიდატობისას. ასეთ ცოდვებს განეკუთვნება: მკვლელობა, ქურდობა, საფლავთმძარცველობა, მკრეხელობა, სიძვა, მრუშობა, წულთხრწნელობა, სოდომური ცოდვა. მოციქულთა 61-ე კანონი გვამცნობს: „თუ მორწმუნეს ბრალი დაედოს სიძვაში, მრუშობასა ან სხვა რაიმე აკრძალულ საქმეში და იგი ამხილონ, ნუ იქნება მიღებული სამღვდელო დასში“.

საეკლესიო კანონები არ აძლევს კურთხევის საშუალებას ადამიანს, თუკი მას შემთხვევით შემოაკვდა ვინმე. ამ საკითხს განიხილავს ბასილი დიდის 43-ე და გრიგოლ ნოსელის მე-5 კანონები.

ღვთისმსახური უნდა იყოს მდაბლი, მშვიდი, მოსიყვარულე. მოციქული პავლე გვასწავლის: „ეპისკოპოსი უბიწო უნდა იყოს, როგორც მნე ღვთისა, არა თავნება, არა გულფიცხი, არა მემთვრალე, არა ჩხუბისთავი, არა ანგარი, არამედ სტუმართმოყვარე, სიკეთისმოყვარე, გონიერი, მართალი, წმიდა, მტკიცე, სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, თანახმად სწავლებისა, რათა საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და ურჩთა მხილება“ (ტიტ. 1, 7-8).

10 Никодимъ, Православное Церковное Право, СПб., 1897, გვ. 271-272.

სოციალური სახის დაბრკოლებები

ეს სფერო მოიცავს კანდიდატის ოჯახურ მდგომარეობას, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობას სახელმწიფოს წინაშე და მოქალაქეებში მის რეპუტაციას, ავტორიტეტს. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი არ ცნობს დაბრკოლებად სამღვდელო კანდიდატისთვის, უკანონოდ, ქორწინების გარეშე დაბადებას. წმინდა ნიკიფორე აღმსარებლის მერვე კანონში, რომელიც დაცულია „პედალიონში“ და „ათონურ სინტაგმებში“, ნათქვამია: „ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ ხარჭისგან, მეორე ან მესამე ქორწინების შემთხვევაში, თუკი ეს ადამიანები ცხოვრობენ ღირსეულად, სასულიერო პირობის მოთხოვნების შესაბამისად, ისინი შეიძლება მღვდლის ხარისხში აიყვანონ“. საეკლესიო სამართალი სასულიერო პირობისთვის გამორჩეულ კანდიდატს მკაცრ მოთხოვნებს უყენებს ქორწინებასთან დაკავშირებით. საეკლესიო კანონი უკრძალავს მეორედ დაქორწინებულ ადამიანს სამღვდელო კანდიდატად წარდგენას. მოციქულთა მე-17 კანონი განაწესებს: „ნათლისღების შემდეგ ორჯერ ქორწინებულს ან ხარჭის მიმყვანს აღარ შეუძლია, გახდეს ეპისკოპოსი, ან ხელდასხმულ იყოს მღვდლად, დიაკვნად, ან სხვა სამღვდელო დასისაგანად“.

ამ კანონის განმარტებისას ზონარა აღნიშნავს: „ჩვენ გვწამს, რომ ნათლისღების განბანვით ყველანაირი ცოდვისა და ბიწისგან განიწმიდება ადამიანი, რომელიც მას ჩაუდენია ნათლობამდე, ნათლობამდე ჩადენილი არანაირი ცოდვა არ შეუქმნის დაბრკოლებას კანდიდატს მღვდლად კურთხევისთვის. მაგრამ ნათლობის შემდეგ ვინც შესცოდავს მრუშობით, სიძვით, ან მეორედ იქორწინებს, ის მიიჩნევა სასულიერო პირობის სამივე ხარისხისთვის უარის ღირსად“.11

პირველივე საუკუნიდან მღვდლობის კანდიდატს აუცილებელ მოთხოვნას –მონოგამიას, ერთხელ ქორწინებას უყენებდა ეკლესია. ალექსანდრიის პატრიარქმა, წმინდა იოანე მოწყალემ 641 წელს, მეორედ დაქორწინებულ მდიდარს, რომელიც დიაკვნის ხარისხში აყვანის შემთხვევაში მადლიერების გამოსახატად დიდ შემოწირულებას სთავაზობდა მშიერთა დასაპურებლად, ასე უპასუხა: „სჯობს მზემ შეწყვიტოს ნათება, ვიდრე ღვთის დადგენილი კანონი დაირღვეს“. 1663 წელს კიევის მიტროპოლიტი პეტრე მაგილა ამგვარ პასუხს აძლევს პოლონეთის წვრილაზნაურობის მოთხოვნას, არ ჩამოერთვათ მღვდლობის ხარისხი მეორედ დაქორწინებულ პირებს: „ამას ვერ დავუშვებ იმ შემთხვევაშიც, თუ ანგელოზი მიკარნახებს ზეციდან“. ამიტომ კანდიდატისგან მოითხოვება აბსოლუტური მონოგამია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვრივზე ან ქმრისგან მიტოვებულ ქალზე იქორწინებს. მოციქულთა მე-18 კანონი გა ნაწესებს: „იმას, ვინც შეირთავს ქვრივს, განტევებულს, მეძავს, მხევალს (მონა ქალს), ან მსახიობს, არა აქვს უფლება, გახდეს სამღვდელო დასის წევრი“.

სამღვდელო ხარისხში ასაყვანად არ დაიშვება ისეთი ადამიანი, რომელიც განაგრძობს თანაცხოვრებას ცოლთან, რომელიც მხილებულია მრუშობასა და ღალატში. ნეოკესარიის კრების მე-8 კანონის ძალით, „თუ ერისკაცის ცოლი იმრუშებს და აშკარად იქნება მხილებული, ასეთ კაცს არა აქვს უფლება, სამღვდელო პირი გახდეს. ხოლო თუ ქმრის ხელდასხმის შემდეგ იმრუშებს იგი, ქმარი უნდა გაშორდეს მას. თუ მასთან იცხოვრებს ისევ, არა აქვს უფლება, შეასრულოს მისთვის დავალებული მსახურება“.

ქორწინება კანდიდატისა უნდა იყოს არა მარტო მონოგამიური, არამედ შეუბღალავი სხვა კუთხითაც. მოციქულთა მე-19 კანონი ადგენს: „იმას, ვინც შეირთავს ცოლად ორ დას ან ცოლის დას (ბერძნულ და რუსულ რჯულისკანონში წერია: დისწული-ძმისწული), არა აქვს უფლება, სამღდელო პირი გახდეს“.

კართაგენის კრების 36-ე კანონი არ უშვებს იმ პირების ხელდასხმას, რომელთაც ცოლად ჰყავთ არაქრისტიანი ან არამართლმადიდებელი ქალი: „ეპისკოპოსად და სხვა სამღვდელო დასისაგანად არავინ იქნება ხელდასხმული, თუ მისი ყველა წევრი არ გახდება ქრისტიანი. ეპისკოპოსად, მღვდლად და დიაკვნად არავინ იქნეს ხელდასხმული მანამ, სანამ მისი ოჯახის ყველა წევრი მართლმადიდებელი არ იქნება“.

ყველა ეს მოთხოვნა მიეკუთვნება დაბალი იერარქიის სასულიერო პირებს, მღვდლებსა და დიაკვნებს, ტრულის კრების მე-13 კანონის თანახმად, ეპისკოპოსებს მონაზვნურ ცხოვრებას უწესებს იმავე კრების მე-12 კანონი: „ჩვენს ყურამდე მოაღწია იმ ამბავმა, რომ აფრიკაში, ლიბიასა და სხვა ადგილებში მყოფი ღვთისმოყვარე ეპისკოპოსები არც ხელდასხმის შემდეგ ანებებენ თავს მეუღლესთან თანაცხოვრებას, რითაც სხვებს საფრთხესა და დაბრკოლებას უქმნიან. ჩვენი დიდი მისწრაფებაა, რომ ჩვენს გამგებლობაში მყოფი სამწყსოს სასარგებლოდ იყოს ყველაფერი. ამისთვის დავადგინეთ, რომ ამიერიდან აღარ მოხდეს ამგვარი რამ. ხოლო ამას ვამბობთ არა მოციქულთა მე-5 კანონის საწინააღმდეგოდ და დასარღვევად, არამედ ერის ხსნისა და წარმატებისთვის, იმისთვის, რომ არ მოეცხოს ბიწი სამღვდელო წოდებას, რადგან საღმრთო მოციქული ამბობს, „ყველაფერს უნდა ვიქმოდეთ ღვთის სადიდებლად, ნუ შეაფერხებთ ურიებსა და წარმართებს და ღმრთის ეკლესიას, როგორც მე ყველას ყველაფერში სათანადოდ ვექცევი და არ ვეძიებ უმჯობესს ჩემი თავისთვის, არამედ მრავალთათვის, რათა ცხოვნდნენ. მომბაძეთ მე, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს“ (I კორ. 10, 31-33; 11,1).

ეკლესიის წიაღში, ჯერ კიდევ იმ დროს, როცა დასავლეთით, რომის ეკლესია ერთობას ინარჩუნებდა დანარჩენ ეკლესიებთან და მართლმადიდებლურ მრწამსს აღიარებდა, ადრეული პერიოდიდანვე საყოველთაო ცელიბატიზმს ემხრობოდა, რაც გულისხმობს იმას, რომ სასულიერო პირს, სამივე ხარისხისას, არ უნდა ჰყოლოდა ცოლი, რაც მოციქულთა მე-5 და ტრულის კრების მე-12 კანონს ეწინააღმდეგება, სადაც წერია: „ჩვენ შევიტყვეთ, რომ რომის ეკლესიაში კანონიერ წესად შემოუღიათ შემდეგი რამ: სასულიერო პირი, რომელიც აპირებს ხელდასხმას მღვდლად ან დიაკვნად, პირობას დებს, არ განაგრძოს თავის მეუღლესთან თანაცხოვრება. ჩვენ მოვითხოვთ არა ამას, არამედ სამოციქულო კანონის თანახმად გვნებავს, რომ სამღვდელო კაცთა სჯულიერი, კანონიერი ქორწინება მტკიცე იყოს და არ დაირღვეს. და რომ მღვდლებმა და დიაკვნებმა არ თქვან უარი მეუღლეებთან ჯეროვან დროს თანაცხოვრებაზე. ვინც ღირსი აღმოჩნდება, რომ ხელდასხმულ იქნეს კერძოდიაკვნად, დიაკვნად ან მღვდლად, ამ ხარისხში აყვანისათვის ნუ დააბრკოლებს კანონიერ მეუღლესთან თანაცხოვრება, რომ უარს იტყვის მეუღლესთან კანონიერ ერთობაზე, რათა ამით არ შეურაცხვყოთ ღვთის მიერ დაკანონებული და კურთხეული ქორწინება, ვინაიდან სახარების ხმა ღაღადებს: „ვინც ღმერთმა შეაუღლა კაცნი ნუ განაშორებენ მათ“ და მოციქული ასწავლის: „ქორწინება წმინდაა და საწოლი შეუგინებელი“ (ებრ. 13, 4) და „თუ შეკრული ხარ მეუღლესთან, ნუ ეძებ გახსნას“ (1 კორ. 7, 27).

ასევე ვიცით ისიც, რომ კართაგენის კრებაზე შეკრებილმა მამებმა განაწესეს, რომ კერძოდიაკვნები, დიაკვნები და მღვდლები იმ დროს, როდესაც ეხებიან საღმრთო საიდუმლოს, დროებით განშორდებიან თავის თანამეცხედრეებს. ხოლო იმისთვის, რათა დავიცვათ მოციქულთა მოცემული და ჟამთა სიმრავლით განმტკიცებული კანონი, უნდა ვიცოდეთ ყოველგვარი საქმის შესაფერისი დრო და ჟამი, განსაკუთრებით მარხვისა და ლოცვის ჟამი: საკურთხევლის მსახურნი სიწმინდის შეხების დროს თავშეკავებულნი უნდა იყვნენ, თავი უნდა დაიცვან მმარხველად და განკრძალულად ყველაფერში, რათა შეეძლოთ მიღება იმისა, რასაც ითხოვენ მისგან. ამის შემდეგ მღვდელი, დიაკვანი, ჰიპოდიაკონი, რომელიც მოციქულთა კანონების საწინააღმდეგოდ გაბედავს კანონიერ მეუღლესთან ერთობასა და კავშირზე უარის თქმას, განიკვეთოს. ასევე, თუ მღვდელი ან დიაკონი განიშორებს თავის მეუღლეს თავშეკავების მომიზეზებით, დროებით აეკრძალოს მას მღვდლობა, და თუ ისევ დარჩება იმავე აზრზე, განიკვეთოს“.

სამღვდელო კანდიდატი თავისუფალი უნდა იყოს საერო, სახელმწიფო სამსახურის ვალდებულებებისაგან, რომელიც შეუთავსებელია საღვთო მსახურებასთან. მოციქულთა 81-ე კანონი განაწესებს: „ვთქვით, რომ ეპისკოპოსმა და მღვდელმა თავის თავს არ უნდა არწმუნოს საერო საქმეების განგება, არამედ უნდა იყოს მოცლილი საეკლესიო საზრუნავისთვის. ამიტომ ან ირწმუნოს რომ საერო საქმეებს არ მიჰყოს ხელი, ან განიკვეთოს, რადგან, საუფლო ბრძანებისამებრ, „არვის შეუძლია ორი უფლის მონება“ (მათე 6,24). მოციქულთა 83-ე კანონი კი ადგენს: „ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი თუ სამხედრო და საერისკაცო საქმეებს აკეთებდეს და ორივეს პყრობა ინებოს –რომაული ხელისუფლებისაც და სამღვდელო განგებისაც, განიკვეთოს, რადგან ნათქვამია: „მიეცით კეისარს კეისრისა და ღმრთისა ღმერთს“ (მათე 22,21).

სამღვდელო კანდიდატი უნდა ხასიათდებოდეს კარგი რეპუტაციით, კეთილგანწყობით უნდა სარგებლობდეს ტაძრის სამრევლოში. მოციქულ პავლეს სწავლებით, მღვდელს „უნდა ჰქონდეს კეთილი მოწმობა გარეშეთაგან, რათა საგმობი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ გაებას“ (1 ტიმ. 3, 7.)

სამღვდელო კანდიდატად არ შეიძლება გამოირჩეს ისეთი პროფესიის ადამიანი, რომელიც საზოგადოების უნდობლობას გამოიწვეს მისდამი. წმინდა გრიგოლ ნოსელის მეექვსე კანონი განაწესებს: „კერპთმსახურების ნაირსახეობა, როგორც უწოდებს სამღვდელო მოციქული ანგარებას, არ ვიცი, თუ როგორ დატოვეს უკურნებლად მამებმა. ამ ბოროტებას მესამე ადგილი დაუპყრია სულში ცნობილ ვნებათა შორის, რადგან გონება სიკეთეზე განსჯის უნარს როცა დაკარგავს, მას ჰგონია, რომ სიკეთეს აქვს ნივთიერი სახე, ვერ ხედავს არანივთიერ სიკეთეს და ამქვეყნიურისკენ წარმართავს სულის გულისთქმისმიერ ძალას ჭეშმარიტად სასურველის მიტოვებით. მრავალ ცოდვას იღებს თავზე ასეთი შეცდომებით ატეხილი შფოთისა და გულისწყრომის ვნება. უფრო ცხადად ვიტყვი, ყველანაირად ეთანხმება ეს სენი მოციქულისეულ განსაზღვრებას, რადგან საღმრთო მოციქულმა არა მარტო კერპმსახურება, არამედ ყოველივე ბოროტების ძირი უწოდა მას“.12 და თუ ამოდენა და ასეთი არის მისი სიბოროტის სახე, ასე უყურადღებოდ არ დაიტოვება მისი განკურნების ვითარება. ამ უყურადღებობის გამო იგი ეკლესიის სენად იქცა, რადგან სამღვდელო დასის წევრად მოსაყვანი არც ერთი პირი არ შეისწავლება, იყო თუ არა ოდესმე შეგინებული ნივთთა ასეთი კერპთმსახურებით. იმის გამო, რომ ეს საკითხი არ არის მოხსენიებული ჩვენი მამების მიერ, საკმაოდ მივიჩნევთ საერო სწავლისა და მოძღვრების სიტყვას, რომ, თუ გსურს განკურნება, როგორც მთელი სხეულის მომცველი ვნება, სიტყვით განიწმინდოს ანგარების სენი. და მოვიხსენიებთ მხოლოდ პარვას, საფლავთა ძარცვას და სიწმინდეთა და ეკლესიის მკრეხელობას, რადგან ამათზე მიგვითითებს მამათა მიერ გამოტანილი დადგენილებებიც. საღმრთო წერილის მიერ უარყოფილია ქონების სიყვარული, ვახში, აღნადგინები, ძალადობით თავის ქონებაზე სხვისის დამატება, თუნდაც ამას ვაჭრობის შეთანხმების სახე ჰქონდეს.

რადგან ჩემი თავი არ მიმაჩნია უფლებამოსილად, კანონი დავადგინო, ამიტომ კანონებრივ მსჯავრს დავიმოწმებ ასეთი განსაგებელი და უარსაყოფი საქმეებისთვის. ქურდობა იყოფა ავაზაკობად და სახლის საძირკვლის გათხრად. ორივე ქმედების მიზანი ერთია: სხვისი ქონების მითვისება-მოხვეჭა. მაგრამ დიდია მათ შორის ზღვარი, თუ რას აირჩევს თავისი ნებით ამ საქმის აღსასრულებლად. ავაზაკი მკვლელობასაც არ დაერიდება, რომ თავისი მისწრაფება შეასრულოს. იგი თავიდანვე შეიარაღებულია ამ საქმისთვის, მომზადებულია, იარაღსაც იხმარს, თანამოქმედთაც მოიშველიებს და ადგილმდებარეობასაც მოიმარჯვებს, რის გამოც მას კაცის კვლის ბრალი დაედება. სინანულის შემთხვევაში ასეთი დაუბრუნდეს ეკლესიას. ხოლო ვინც ფარულად მიიხვეჭს სხვის ქონებას და ამის შემდეგ გაამხელს ცოდვას აღიარების დროს მღვდლის წინაშე, მონდომებით აღუდგება წინ ვნებას და განკურნავს დაავადებას, ასეთმა თავის ქონება უნდა გაუყოს გლახაკებს, რომ მისი დაფანტვით, რაც აქვს, ცხადად გამოჩნდეს მისი განწმენდა ანგარების სენისაგან. თუ არაფერი ჰქონდეს, გარდა სხეულისა, მოციქული ბრძანებს, რომ ხორციელი შრომით უნდა განიკურნოს მისი ვნება: „მპარავი ნუღარ იპარავს, არამედ მეტი იშრომოს და ქნას სიკეთე, რომ ჰქონდეს მისაცემელი მისთვის, ვისაც სჭირდება“ (ეფეს. 4,28).

წმინდა ბასილი დიდი მე-14 კანონში წერს: „თუ ვახშის ამღები ამ უსამართლო მოგებას გაუნაწილებს გლახაკებს და შემდეგ გათავისუფლდება მომხვეჭელობის სენისაგან, იგი შეწყნარებული იქნება მღვდლად“.

ასევე არ შეიძლება მღვდლად გამოარჩიონ ის ადამიანი, რომელიც მფლობელია გასართობი სახლისა. დაუშვებელია ასევე მსახიობის წარ დგენა სამღვდელო კანდიდატად.

კანდიდატის გამოცდა.

ყველა სახის დამაბრკოლებელი მოქმედების შესახებ ამა თუ იმ კანდიდატისა შეიძლება არ იყოს ცნობილი ეპისკოპოსთათვის. ამიტომ კანონებით განსაზღვრულია კანდიდატის გამოცდა სახალხოდ, მთელი მრევლის წინაშე, ამის შესახებ თეოფილე ალექსან დრიელის მეექვსე კანონში ვკითხულობთ: „ვინც აპირებს ხელდასხმას, მათ შესახებ განწესებულია, რათა მთელმა სამღვდელო დასმა ერთხმად გამოთქვას თანხმობა. ეპისკოპოსმაც ასე უნდა განაჩინოს, სამღდელო დასის თანხმობით, ხელნი დაასხას მას ეკლესიაში მრევლის იქ დგომის დროს. ეპისკოპოსი მიმართავს ერს, ემოწმება თუ არა მას, როგორც ხელდასხმის ღირსს. ხელდასხმა არ ხდება ფარულად, რადგანაც ეკლესიაში მშვიდობას და შიშისაგან თავისუფლებას შეეფერება, რომ იქ ხელდასხმა სრულდებოდეს წმინდათა, ე. ი. მორწმუნეთა თანდასწრებით. ხოლო სოფლის სამრევლოში ბევრნი ეზიარებიან უზიარებელს, ე. ი. მწვალებლებს, ისინი სხვანაირად ნუ იქნებიან ხელდასხმულნი, თუ არა ჭეშმარიტი მართლმადიდებელ სამღვდელო პირთა მიერ განხილვის შემდეგ, ეპისკოპოსთა თანდასწრებით და იქ ერის დგომის დროს, როგორც ზემოთაც ვთქვით, რათა არ მოხდეს რაიმე გადახრა“; ან საიდუმლოდ აღსარების მიღებით, რომელიც აღსრულდება მღვდლად კურთხევის წინა პერიოდში, ნეოკესარის კრების მეცხრე კანონში ვკითხულობთ: მღვდელი თუ კურთხევამდე ხორციელად შესცოდავს, შემდეგ მღვდლად ეკურთხება და აღიარებს, რომ შესცოდა ხელდასხმამდე, იგი კარგავს მხოლოდ მღვდელმსახურების უფლებას (ე. ი. არა აქვს უფლება, მიიტანოს შესაწირავი, მაგრამ მას რჩება სხვა უპირატესობანი: მღვდლობის პატივი, საჯდომელი და საკურთხეველში წმინდა საიდუმლოთა ზიარების უფლება). სხვა ცოდვების შესახებ ბევრნი ამბობენ, რომ ხელდასხმით ისინი მიტევებული იქნებიან. ხოლო თუ მღვდელი არ აღიარებს და მის ცხადად მხილებას ვერავინ შეძლებს, მისი უფლება იქნება ამიერიდან [შეასრულებს თუ არა იგი მღვდელმსახურებას]“.

ასეთ მოძღვრად, რომელიც იბარებს კანდიდატისგან აღსარებას, გამოირჩევა განსაკუთრებული სულიერებით გამორჩეული მოძღვარი, რომელიც ადასტურებს ეპისკოპოსის წინაშე დამაბრკოლებელ სულიერ და კანონიკურ დაღვევების შესახებ ამა თუ იმ კანდიდატის შემთხვევაში. თუკი აღსარების შემდეგ აღმოჩნდება დარღვევები, რომელიც არ გაუმხილა მოძღვარს, მაშინ იმ დარღვევათა სიმძიმის შესატყვისად, საეკლესიო კანონთა მიხედვით, გადაწყდება და ჩამოერთმევა მღვდლობის პატივი და სამღვდელო ხარისხისგან განიკვეთება ან შეუჩერდება მღვდლობა.

ნიკეის მეშვიდე მსოფლიო კრების მეორე კანონი განაწესებს: „იმას, ვინც უნდა მიიღოს ხელდასხმა ეპისკოპოსად, ურყევი სიმტკიცე მოეთხოვება კანონთა დაცვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ იქნება ხელდასხმული. როდესაც ვგალობთ და ვფსალმუნებთ, ღმერთს ვეუბნებით: „შენი სიმართლე ვისწავლო და არ დავივიწყო შენი სიტყვა“ (ფსალმუნი 118,16). მისი დაცვა ყველა ქრისტიანისთვის აუცილებელია, მაგრამ კიდევ უფრო აუცილებელია ეს მათთვის, ვისაც მღვდლობის პატივი აქვს მიღებული და სიწმინდის წილხვდომილია, რის გამოც დავადგინეთ: ყველამ, ვინც უნდა მიიღოს ხელდასხმა ეპისკოპოსის ხარისხში, უნდა იცოდეს დავითის ფსალმუნი, რათა მისგან ისწავლოს სასულიერო პირთა მთელმა დასმა. ხელდამსხმელმა მიტროპოლიტმა დაწვრილებით უნდა გამოიკითხოს, გამოიჩენს თუ არა ხელდასასხმელი გულმოდგინებას სწავლაში და ისწავლის თუ არა საღმრთო კანონებს, წმინდა სახარების, საღმრთო მოციქულთა წიგნის, ყველა საღმრთო წიგნის კითხვას არა ზერელედ, არამედ დაკვირვებით. იგი უნდა მოიქცეს საღმრთო მცნებების თანახმად და ეს მცნებები უნდა ასწავლოს მისთვის რწმუნებულ ერს, ვინაიდან ჩვენი მღვდელმთავრობის არსს წარმოადგენს ღვთივმოცემული სიტყვები ანუ საღმრთო წერილის ჭეშმარიტი ცოდნა, როგორც განაჩინა დიდმა დიონისემ. ხოლო თუ ვინმე ორგულობას გამოიჩენს და არ მოიწადინებს ასე მოქცევას და სწავლას, ნუ იქნება იგი ხელდასხმული, ვინაიდან წინასწარმეტყველურად თქვა ღმერთმა: „შენ ცოდნის უნარი მოიშორე, მეც მოგიშორებ შენ ჩემ წინაშე მღვდლობისგან“ (ოსე 4, 6).

კანდიდატის ღირსეულობას ამტკიცებს ასევე მრევლიც. დიაკვნის ხარისხში აყვანის დროს, ვიდრე კანდიდატს შეიყვანენ საკურთხეველში, მოძღვარი მიმართავს ტაძარში მყოფ მრევლს სიტყვებით: „ბრძანეთ“, ხალხი კი ერთხმად, გალობით იტყვის: „აქსიოს!“, რაც ნიშნავს ღირსია, თუმცა ეს დღეს ლიტურგიკულ, სიმბოლურ სახეს ატარებს.

დღეს კანდიდატს გამოცდიან ის სასულიერო პირები ცოდნისა და პიროვნული ღირსებების მიხედვით, რომლებიც ასწავლიან მას და ასევე სამღვდელო კომისია სწავლობს და იხილავს მის პიროვნულ თვისებებსა და ცოდნის დონეს საღვთისმეტყველო კუთხით.

11 Правила Святыхъ Апостолъ, Святыхъ Соборов и Святыхъ Отцов с толкованиями, М., 1876, გვ. 43.

12 იხ. 1 ტიმ. 6, 10.

უფლებები და ვალდებულებები სასულიერო პირებისა

უფლებებს ყოველთვის შეესაბამება ვალდებულებაც. განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრიათ სასულიერო პირებსაც. მაგრამ აქ ვალდებულებებში არ იგულისხმება სამსახურებრივი პასუხისმგებლობა, არამედ ის ვალდებულება-პასუხისმგებლობანი, რომელიც დაკავშირებულია მათი ცხოვრების წესსა და ზნეობრივ, ღირებულებით ნორმებთან, რომელთაც ისინი ისინი უნდა ემორჩილებოდნენ.

ზოგადი კანონი აქ ასეთია: ყველაფერი, რაც დამაბრკოლებელია სამღვდელო კანდიდატის მღვდლად კურთხევისთვის, ეს ყოველივე ეკრძალება სასულიერო პირს, ღვთისმსახურს. სასულიერო პირები უნდა იყვნენ მაღალზნეობრივი სულიერი ადამიანები. საეკლესიო კანონები უკრძალავს მათ აზარტულ თამაშებს და ლოთობას. „ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი, რომელიც შეექცევა თამაშსა და ლოთობას, ან უნდა დაცხრეს, ან განიკვეთოს“13. „კერძოდიაკონი, წიგნის მკითხველი, მგალობელი, იმავე საქმეს ჩამდენი ან დასცხრეს, ან უზიარებელი იქნეს; ასევე ერისკაცი“.14 ტრულის კრების 62-ე კანონი უკრძალავს სასულიერო პირებს საკარნავალო, თეატრალურ, საჯამბაზო, წარმართულ თეატრალურ სპექტაკლებში, კონცერტებსა და დღესასწაულებში მონაწილეობას, ნიღბის ან რომელიმე პერსონაჟის კოსტიუმის ჩაცმას. ასეთ შემთხვევაში სასულიერო პირის განკვეთას ბრძანებს ეს კანონი.

სასულიერო პირებს ეკრძალებათ, ფიზიკურად გაუსწორდეს ვინმეს, თუნდაც ეს ადამიანი დამნაშავე იყოს. ამას მოციქულთა 27-ე კანონი განაწესებს: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი სცემს ცოდვის ჩამდენ მორწმუნეს, ან ძალადობის ჩამდენ ურწმუნოს, ვბრძანებთ მის განკვეთას, რადგან ეს კი არ უსწავლებია ჩვენთვის, არამედ ამის საწინააღმდეგო, ვინაიდან მას სცემდნენ და ნაცვლად ამისა იგი არ სცემდა, აგინებდნენ და არ აგინებდა, იტანჯებოდა არ პასუხობდა“ (1 პეტრე 2, 23).

სასულიერო პირთა ცხოვრებიდან მთლიანად უნდა იქნას უკუგდებული ისეთი ქმედებები და ცხოვრების წესი, რაც ცდუნებისკენ უბიძგებს მრევლს, ცუდ მაგალითს მისცემს მათ. ტრულის კრების 24-ე კანონი განაწესებს: „სამღვდელო პირს ან მონაზონს არა აქვს იპოდრომზე ან სახუმარო სანახაობაზე მისვლის უფლება. თუ სასულიერო პირი მიპატიჟებული იქნება ქორწილში, იგი უნდა გაეცალოს იქაურობას, როგორც კი დაიწყება სალაღობო სანახაობა, ანუ თამაშობანი, ვინაიდან ასე ბრძანებს მამათა მოძღვრება. თუ ვინმე ჩაიდენს ამ დანაშაულს, ან უნდა დასცხრეს, ან განიკვეთოს“.

საძრახისია სასულიერო პირთათვის რესტორნებსა და კლუბებში გართობა. მოციქულთა 54-ე კანონი განაწესებს: „თუ სასულიერო პირი დუქანში მჭამელი ნახოს ვინმემ, მღვდლობის უფლება ჩამოერთვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მგზავრობისას, საჭიროებისამებრ, სასტუმროში დაისადგურებს“. ცდუნებისგან თავდაცვის მიზნით, ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მე-3 კანონი, მღვდელმთავრებს, მღვდელს, დიაკონს და სამღვდელო დასის ნებისმიერ წარმომადგენელს უკრძალავს „დედაკაცის ყოლას სახლში თანასახლეულად, გარდა დედისა, დისა, ან მამისა და დედის დისა, ან ისეთი პირისა, რომელიც სრულიად არასაეჭვოა“.

ტრულის კრების 77-ე კანონი განაწესებს: „სამღვდელოების წარმომადგენელს, ეკლესიის მსახურს ან მონოზონს არ შეეფერება აბანოში ქალთან ერთად ბანაობა. ასევე არ შეეფერება ეს არც ერთ ქრისტიანს, თუნდაც ერისკაცი იყოს ის, რადგან წარმართთათვის ეს საქციელი ქრისტიანობისთვის ბრალის დადების პირველი საბაბია. ასეთ საქმეში მხი ლებული ეკლესიის მოღვაწე განიკვეთოს, ერისკაცი –უზიარებლობით დაისაჯოს“. კანონები ეხება მსახურთა სამოსსაც, მაგ., ტრულის კრების 27-ე კანონი გვამცნობს: „სამღვდელო პირს არ აქვს უფლება, შეიმოსოს შეუფერებელი სამოსლით არც ქალაქში და არც გზაში. სამღვდელო პირებმა ისეთი სამოსელი უნდა ჩაიცვან, როგორიც განწესებულია სამღვდელო დასისთვის. თუ ვინმე ამგვარ რამეს ჩაიდენს, იგი უზიარებელი უნდა იყოს ერთი კვირის განმავლობაში“. მეშვიდე მსოფლიო კრების მე-16 კანონი ადგენს: „სამღვდელო პირმა არ უნდა ჩაიცვას ძვირფასი სამოსელი. ყოველგვარი ფუფუნება და შემკობილობა სხეულისა უცხოა სამღვდელო წესიერებისთავის. ამის გამო ეპისკოპოსები ან სხვა სასულიერო პირები, რომელნიც თავს შეიმკობენ ბრწყინვალე, გამოსაჩენი სამოსით, უნდა გამოსწორდნენ. ხოლო თუ განაგრძობენ ამას, საჭირო არის მათი განკანონება. ეს ეხებათ მათაც, ვინც იცხებს ნელსაცხებლებს. მაგრამ კათოლიკე ეკლესიაზე „მწარე ფესვი აღმოცენებულა“ (ებრ. 12,15). ეს არის ქრისტიანობის ცილისმწამებელთა მწვალებლობა [ხატმებრძოლობა]. მისმა მიმდევრებმა არა მხოლოდ წმინდა ხატთა გამოსახვა შეიძულეს, არამედ ყოველგვარი მოწიწება განაგდეს და შეიძულეს ისიც, ვინც პატიოსნად და ღმრთისმსახურებით ცხოვრობენ, რითაც მათზე აღსრულდა დაწერილი, რომ „ცოდვილისათვის ღვთისმოშიშობა საძულველია“ (ზირ. 1, 25). თუ ვინმე გაკიცხავს მათ, ვინც შემოსილია უბრალო და სადა სამოსით, განკანონებით უნდა გამოსწორდეს, რადგანაც ძველთაგანვე ყველა სამღვდელო კაცი კმაყოფილდებოდა უბრალო და სადა სამოსით. ყველა, ვინც იმოსება არა საჭიროებისათვის, არამედ შემკობისათვის, ბრალი ედება ამაოებაში, როგორც ამბობს დიდი ბასილი. არც აბრეშუმის ჭრელი ქსოვილის სამოსელი უნდა ატარონ, სამოსის ბოლოებზე არ უნდა მოაყოლონ სხვა ფერის ქსოვილი, ვინაიდან საღმრთო ხმისაგან გვსმენია, რომ: „ვინც რბილი სამოსლით არის შემოსილი, ის მეფეთა სასახლეში იმყოფება“ (მათე 11,8).

ზონარა ამ კანონის განმარტებისას ამბობს: „ადამიანების ჩაცმულობის მიხედვით ასკვნიან და აზრს იყალიბებენ სხვა ადამიანის შინაგან სულიერ, უხილავ მდგომარეობაზე. თუკი ხედავენ, რომ ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი უფალს მიუძღვნა, ღვთისმსახურია და არ იცავს კანონსა და ტრადიციას სამოსთან დაკავშირებით, იცვამს საერო, ძვირად ღირებულ და მკვეთრი ფერის ტანისამოსს, მის სულიერ მდგო მარეობაზე მისი გარეგნული სახით ჩამოიყალიბებენ შეხედულებას, რომელთაც საკუთარი თავი მიუძღვნეს უფალს“.15

განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებენ ღვთისმსახურთა ოჯახებს და მათ ცხოვრებას. უცოლო მღვდელმსახურებს ეკრძალებათ მღვდლად კურთხევის შემდეგ შეირთონ ცოლი, როგორც ამას მოციქულთა 26-ე კანონი ამტკიცებს: „იმ უქორწინებლებს, რომლებიც მღვდლობას აპირებენ, ვუბრძანებთ, რომ, თუ სურთ ქორწინება, იქორწინონ მხო ლოდ წიგნის მკითხველებმა და მგალობლებმა“. ასევე ტრულის კრების მე-6 კანონი ადგენს: „რადგან მოციქულთა კანონებში ნათქვამია, რომ მომავალმა მღვდელმა, უქორწინებელმა, შეიძლება იქორწინოს წიგნის მკითხველობისა და მგალობლობის დროს, ჩვენ ამასაც დავიცავთ და ვადგენთ, რომ ამიერიდან კერძოდიაკონს, დიაკონს ან მღვდელს ხელდასხმის შემდეგ არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ დაქორწინდეს. ხოლო თუ ამის ქმნას გაბედავს, განიკვეთოს. თუ მომავალ მღვდელს სურს, დაქორწინდეს სჯულიერი ქორწინებით, სანამ მიიღებდეს ხელდასხმას კერძოდიაკვნად, დიაკვნად ან მღვდლად, მანამდე უნდა დაქორწინდეს“.

სულიერ ზრდას დააბრკოლებდა შემდგომ ქიროტონიისა ხორციელი ქორწინება, რომელიც სახეა ქრისტესი სამწყსოსთან დაწინდვის შემდეგ. ამავე დროს ოჯახური ცხოვრების გამოცდილება და მისი მართვის ცოდნა როგორც „მცირე ეკლესიისა“, წმინდა იოანე ოქროპირის თქმით, შეიძლება ღვთის სამწყმსოს დამწყემსვის მომზადებლად კარგ სკოლად იქნეს გამოყენებული.

ეკლესიის მსახურთა ქორწინება უცილობლად მონოგამიურია – ღვთისმსახურთათვის მხოლოდ ერთხელ ქორწინებას უშვებს, მეორე კი კატეგორიულად აკრძალულია.

ღვთისმსახურს ეკრძალება ჰყავდეს ცოლად მრუში. ნეოკესარი ის მსოფლიო კრების მე-8 კანონის თანახმად, „თუ ერისკაცის ცოლი იმრუშებს და ამაში აშკარად იქნება მხილებული, ასეთ კაცს არა აქვს უფლება, სამღვდელო პირი გახდეს. ხოლო თუ ქმრის ხელდასხმის შემდეგ იმრუშებს იგი, ქმარი უნდა გაშორდეს მას. თუ მასთან იცხოვრებს ისევ, არა აქვს უფლება, შეასრულოს მისთვის დავალებული მსახურება“. ამ კანონის განმარტებისას ზონარა დასძენს: „რადგან ცოლი მრუშობით უწმინდურია და ის, ვინც მასთან ხორციელად ცხოვრობს, ისიც უწმინდურობით არის შებღალული, რადგან თანაზიარია უწმინდურობისა. როგორ შეიძლება ღვთისმსახურების, მსხვერპლის შეწირვის უფლება ჰქონდეს უწმინდურს“.16

თუ მღვდელმსახურება შეუთავსებელია მღვდლისთვის, რომლის ცოლმაც ქორწინების ერთგულება შებღალა, მაშინ საერთოდ დაუშვებელია ისეთის მღვდლობა, თუ თვითონ სცოდავს, უქორწინებელი ურთიერთობით მრუშობს.

ტრულის კრების მე-12 კანონი მკაცრად უკრძალავს ქორწინებას ეპისკოპოსებს: „ჩვენს ყურამდე მოაღწია იმ ამბავმა, რომ აფრიკაში, ლიბიასა და სხვა ადგილებში მყოფი ღვთისმოყვარე ეპისკოპოსები არც ხელდასხმის შემდეგ ანებებენ თავს მეუღლესთან თანაცხოვრებას, რითაც საფრთხესა და დაბრკოლებას უჰქმნიან სხვებს. ჩვენ ვესწრაფვით, რომ ჩვენს გამგებლობაში მყოფი საწმყსოს სასარგებლოდ იყოს ყველაფერი. ამისთვის დავადგინეთ, რომ ამიერიდან აღარ მოხდეს ამგვარი რამ. ხოლო ამას ვამბობთ არა მოციქულთა მე-5 კანონის საწინააღმდეგოდ და დასარღვევად, არამედ ერის ხსნისა და წარმატებისთვის, იმისთვის, რომ არ მოეცხოს ბიწი სამღვდელო წოდებას, რადგან საღმრთო მოციქული ამბობს: „ყველაფერს უნდა იქმოდეთ ღვთის სადიდებლად, ნუ შეაფერხებთ ურიებსა და წარმართებს და ღმრთის ეკლესიას, როგორც მე ყველას ყველაფერში სათანადოდ ვექცევი და არ ვეძიებ უმჯობესს ჩემი თავისთვის, არამედ მრავალთათვის, რათა ცხოვნდნენ. მომბაძეთ მე, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს (I კორ. 10,31-33; 11,1). თუ ვინმე გაბედავს ასეთ მოქმედებას განიკვეთოს“.

არის პროფესიები და საქმიანობები, რომელიც შეუთავსებებლია ღვთისმსახურთათვის. საეკლესიო კანონთა მიხედვით, კლერიკოსებს ეკრძალებათ შეითავსონ სამუშაო საზოგადო და სახელმწიფო დაწესებულებებში, ასევე სამხედრო სამსახური. მოციქულთა მე-6 და 81-ე კანონ თა მიხედვით: „ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ნუ შეუდგება ამქვეყნიურ საზრუნავს, თუ არადა, განიკვეთოს“; „ვთქვით, რომ ეპისკოპოსმა და მღვდელმა თავის თავს არ უნდა არწმუნოს საერო საქმეების განგება, არამედ უნდა იყოს მოცლილი საეკლესიო საზრუნავისთვის. ამიტომ ან ირწმუნოს, რომ საერო საქმეებს არ მიჰყოს ხელი, ან განიკვეთოს, რადგან, საუფლო ბრძანებისამებრ, „არავის შეუძლია ორი უფლის მონება“ (მათე 6, 24). ეს კანონიკური აკრძალვა ვრცელდება კლერიკოსებზე (ეკლესიის მსახურებზე), რომელნიც ითავსებენ სამსახურს სახელმწიფო ადმინისტრაციულ დაწესებულებებში. ისტორია ადასტურებს, რომ ეკლესია არ კრძალავდა სახელმწიფო კოლეგიალურ ორგანოებში მუშაობას.

კლერიკოსებს ეკრძალებათ მევახშეობა. ლაოდიკიის კრების მე-4 კანონი ადგენს: „სამღვდელო პირმა არ უნდა გაასესხოს სარგებლით ფული და არ უნდა აიღოს ვახში და აღნადგინები“. მღვდელმსახურს ეკრძალება ვაჭრობა, განსაკუთრებულად ღვინით. ტრულის მსოფლი ოს კრების მე-9 კანონის თანახმად, „სასულიერო პირს არა აქვს უფლება, სავაჭრო სახლი (ფარდული, დუქანი) ჰქონდეს, ვინაიდან თუკი მას საერთოდ აკრძალული აქვს შესვლა ამგვარ სახლში, რამდენად უფრო უწესოა და შეუფერებელი მისთვის სხვების მომსახურება დუქანში!“. სასულიერო პირს ეკრძალება ასევე კერძო საქმეების წარმართვა და ყველანაირი სამეწარმეო ყიდვა-გაყიდვა.

ქალკედონის კრებაზე შეკრებილი წმინდა მამები მესამე კანონით ადგენენ: „წმინდა კრებისთვის ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთები, რომელთაც საეკლესიო წოდება აქვთ, არაწესიერი შესაძენელის მიზეზით უცხო დაბებსა და სოფლებში ანაზღაურებით დაინიშნებიან, ამქვეყნიურ საქმეთა კეთებას მიჰყოფენ ხელს, საღმრთო მსახურებას უგულებელყოფენ და თავს იდებენ ქონების განგებას ვერცხლისმოყვარეობის გამო. ამიერიდან წმინდა და დიდი კრება ადგენს, რომ არც ეპისკოპოსმა, არც მღვდელმა, არც მონაზონმა დაბა და სოფელი იჯარით არ აიღოს, არც ამქვეყნიური საქმეების განმკარგულებლად დადგეს, გარდა ისეთი შემთხვევისა, თუ სადმე უბრალო გამგებლად დაუძახებენ ან ქალაქის ეპისკოპოსი უბრძანებს საეკლესიო ქონებაზე ზრუნვას, ან ობლების, ქვრივებისა და ისეთი პირების საქმეების ხელის მოკიდებას, რომლებიც ღვთის მოშიშობით ეკლესიას შეევედრნენ შეწევნას. თუ ვინმე ამ კარგად განსაზღვრულ კანონს გადავა, ის საეკლესიო განკანონებით დაისჯება“.

სასულიერო პირებს ეკრძალებათ ისეთი საქმიანობა, რომელსაც ადამიანის სისხლის დაღვრასთან ექნება შეხება, ასევე ცხოველის სისხლის დაღვრასთანაც. მაგალითად, საექიმო საქმიანობა, განსაკუთრებულად ქირურგია ან ვეტერინარია.17 ოპერაციის დროს უბედური შემთხვევა ქირურგს კაცის უნებლიე კვლასთან აკავშირებს, ხოლო თუ სასულიერო პირი იქნება, ამ შემთხვევაში, საეკლესიო კანონის თანახმად, მას საეკლესიო ხარისხს აჰყრიან. ღვთისმსახურს, რომელიც უსისხლო მსხვერპლშეწირვას აღასრულებს, ეკრძალება ნადირობაც, რომელიც გარდაუვალ სისხლისღვრასთან არის დაკავშირებული.

ღვთისმსახურის მოწოდება, ვალია სიცოცხლის ბოლომდე უერთგულოს თავის მოწოდებას. ქალკიდონის მე-7 კანონი ადგენს: „ვინც ერთხელ სამღვდელო დასში დაეწესა ან მონაზონი გახდა, მათ შესახებ ვადგენთ, რომ სამხედრო ან რაიმე ამ ქვეყნიურ პატივს აღარ მიუბრუნდნენ. ის, ვინც ამას გაბედავს, არ შეინანებს და იმასვე დაუბრუნდება, რაც პირველად ღვთისთვის დათმო, შეჩვენდეს“.

ბიზანტიის კანონთა მიხედვით ის პირები, რომლებიც დათმობდნენ და დატოვებდნენ ღვთისმსახურებას, მათ საერო საქმიანობაც ეკრძალებოდათ გარკვეული დროით. ჩვენს დროში ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან, ამიტომ მხოლოდ საეკლესიო სასჯელით ისჯება ის პირი, ვინც თვითნებურად დატოვებს სამღვდელო ხარისხს ან მონასტრიდან წავა. საერო კანონმდებლობა ამ საკითხს არ განიხილავს.

1 დიდი ნომო კანონი, პატრიარქ ხრისოვერგის მითითიება, გვ. 132.

13 მოციქულთა 42-ე კანონი, დიდი სჯულისკანონი, გვ. 57.

14 იქვე, მოციქულთა 43-ე კანონი.

15 Правила Св. Поместныхъ Соборовъ с толкованiями, М., 1880, გვ. 445-446.

16 Правила Св. Поместныхъ Соборовъ с толкованiями, М., 1880, გვ. 87.