← კანონიკური სამართალი (მჭედლიშვილი)

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი I: საეკლესიო სამართლის წყაროები

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი I: საეკლესიო სამართლის წყაროები

მატერიალური წყაროები

მიღებულია, ღვთის სამართალში გავარჩიოთ მატერიალური და ფორმალური წყაროები სამართლისა. მატერიალურ წყაროებში იგულისხმება სამართლებრივი ნორმების შემოქმედი პიროვნებები და ინსტიტუტები. ფორმალურ წყაროებში კი – ის დოკუმენტები და წერილობითი ძეგლები, რომელშიც გადმოცემულია ეს ნორმები.

საეკლესიო სამართლის პირველწყაროდ გვევლინება ღვთის – ეკლესიის დამაარსებლის – ნება. ის მოქმედებდა ეკლესიაში მისი შექმნისას და მასვე ემორჩილება ეკლესია „ყოველდღე საუკუნეთა დასასრულამდე (მათე 28, 20).

საღვთო განცხადება თავის თავში სრული სისავსით მოიცავს ჭეშმარიტებას ღვთისა და ადამიანის შესახებ. სარწმუნოების დოგმატები და ზნეობრივი მცნებები მთავარი და არსებითია განცხადებაში. მაგრამ, ამასთან ერთად, მოიცავს მაცხოვრის სწავლებას ეკლესიის წყობისა და აგებულების შესახებ, ასევე, ეკლესიაში მშვიდობისა და კეთილმოწესეობის უცილობლად დასაცავ მეთოდებზე, დარღვეული საეკლესიო წესრიგის აღდგენის საშუალებებზე. ქრისტეს სწავლების ეს მხარე სამართლებრივ ხასიათს ატარებს. მაცხოვრის სამართლებრივი მცნებები და ღვთივსულიერი მოციქულების მიერ ეპისტოლეებში გადმოცემული დადგენილებები, ახალი აღთქმის წიგნებში არსებული მცნებები, ასევე წმინდა გადმოცემები, როგორც ღვთის ნების განცხადება, საყოველთაოა, უცვლელი სრულიად ეკლესიისთვის და შეადგენს მის ძირითად კანონებს.

ასეთია:

მცნებები მოციქულთა მსახურების შესახებ: „ამინ, გეუბნებით თქვენ: რამდენსაც შეკრავთ დედამიწაზე, შეკრული იქნება ცაში და რამდენსაც გახსნით ქვეყანაზე, გახსნილი იქნება ცაში“ (მათე 18, 18); „ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ მათ და ვისაც შეკრავთ, შეკრულები იქნებიან“ (იოანე 20, 23);

მოციქულთა ურთიერთდამოკიდებულების შესახებ: „ხოლო ისინი დუმდნენ, რადგან ერთმანეთთან დავობდნენ გზაში, ვინ უფრო დიდი იყო“ (მარკოზი 9, 34);

ნათლობისა და ევქარისტიის შესახებ:„ვინც ირწმუნებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, დაისჯება“ (მარკოზი 16, 16); „წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელი ეცით მათ მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“ (მათე 28, 19); „მიუგო იესომ და უთხრა მას: ამინ, გეუბნები შენ: ვინც არ იშვება წყლისაგან და სულისაგან, არ შეუძლია ღვთის სასუფეველში შესვლა“ (იოანე 3, 5); „და აიღო პური და მადლობდა, გატეხა და მისცა მათ და უთხრა: ეს არის ხორცი ჩემი, თქვენთვის მიცემული; ამას იქმოდეთ ჩემს მოსახსენებლად“ (ლუკა 22, 19); „ვინაიდან მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით, რომ უფალმა იესომ იმ ღამეს, რომელსაც გაიცემოდა, აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონრად“. ასევე ასწია სასმისიც სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონრად, რამდენჯერაც სვამდეთ“ (1 კორ. 11, 23-25.);

ქორწინების შესახებ: „მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს. ვინც გაშვებულს შეირთავს მრუშობს“ (მათე 5, 33); „და მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსცდიდდნენ და ეუბნებოდნენ: „შეუძლია კაცს გაუშვას თავისი ცოლი ყოველგვარი მიზეზით?“ (მათე 19, 3.);

ფიცის შესახებ: „კიდევ გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველებისთვის: „არ დაიფიცო ტყუილად, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე“ (მათე 5, 33.);

საეკლესიო სასამართლოს შესახებ: „ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენს წინააღმდეგ, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით. თუ გაიგონებს, შეგიძენია შენი ძმა. ხოლო თუ არ გაიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა. თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი და მებაჟე“ (მათე 18, 15-17);

სამღვდელო მსახურებისთვის ჯილდოს შესახებ: „იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაც მათ აქვთ, ვინაიდან მუშაკი ღირსია თავისის საზღაურისა. ერთ სახლიდან მეორე სახლში ნუ გადახვალთ. რომელ ქალაქშიც მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ. განკურნეთ იქ მყოფი სნეულნი და უთხარით: „ღვთის სასუფეველი მოგიახლოვდათ“. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში შესვლისას არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით: „თქვენი ქალაქის მტვერს, რომელიც ჩვენს ფეხებს მიეკრო, ვიბერტყავთ თქვენს მიმართ. ოღონდ ესეც იცოდეთ, რომ გიახლოვდებათ ღვთის სასუფეველი. გეუბნებით, სოდომს უფრო გაუადვილდება იმ დღეს, ვიდრე იმ ქალაქს“ (ლუკა 10, 7-12); „ნურც გუდას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, ვინაიდან მშრომელი თავისი საზრდოს ღირსია. რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ, სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და უთხარით: „მშვიდობა ამ სახლს!“ თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას. ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ. ვინც არ მიგიღებთ თქვენ და არც მოისმენენ თქვენს სიტყვებს, მაშინ, სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას, ჩამოიბერტყეთ მტვერი და თქვენ ფერხთაგან. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორას მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს“ (მათე 10, 10-15);

სახელმწიფო მმართველთან დამოკიდებულების შესახებ: „გვითხარი ჩვენ: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?“ იესომ იცოდა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: „რატომ მცდით, თვალთმაქცნო? მიჩვენეთ სახარკო მონეტა“. და მიუტანეს მას დინარი. უთხრა მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?“ უთხრეს მას: „კეისრისა!“ მაშინ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა – ღმერთსა!“ ეს რომ გაიგონეს, გაუკვირდათ, მიატოვეს იგი და წავიდნენ“ (მათე 22, 17-22); „შეიძლება თუ არა მივცეთ ხარკი კეისარს?“ იგი მიუხვდა მათ მზაკვრობას და უთხრა: „მიჩვენეთ დინარი: ვისია ეს ხატი და წარწერა?“ თქვეს: კეისრისაო. უთხრა მათ: „ჰოდა, მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა – ღმერთს“. ვერ შეძლეს მისი სიტყვაში დაჭერა ხალხის წინაშე. გაუკვირდათ მისი პასუხი და დადუმდნენ“(ლუკა 20, 22-26);

გარდა იმ მცნებებისა, რომელიც მაცხოვარმა მოგვცა, ახალი აღთქმის წმინდა წერილში არის სხვა მრავალი დადგენილებაც, რომელიც ეხება საეკლესიო სამართალს, მოციქულთა მიერ გადმოცემულს, მათთვის ქრისტეს მიერ ბოძებული ხელმწიფებით. ასეთი განწესებებია:

მღვდელთა დადგენის შესახებ: „ხელი დაასხეს მათ თითოეულ ეკლესიაში უხუცესებს და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს“ (საქ., 14, 23); „იმისათვის დაგტოვე შენ კრეტაში, რომ დაასრულო დაუსრულებელი და დააყენო ყველა ქალაქში ხუცესები, როგორც მე დაგავალე“ (ტიტ., 1,5);

მათდამი მორჩილებისა და მოსმენის შესახებ: „გაიხსენეთ თქვენი წინამძღოლები, რომლებიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურეებმა მიბაძეთ მათ რწმენას. იესო ქრისტე იგივეა გუშინ და დღეს და უკუნისამდეც. არ გაგიტაცოთ სხვადასხვა და უცხო მოძღვრებებმა ვინაიდან კარგია გულის გამაგრება მადლით და არა საჭმელებით, საიდანაც სარგებელი ვერ ნახეს მისმა მიმდევრებმა... მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არ კვნესოდნენ, რადგან ეს სასარგებლო არ არის თქვენთვის“ (ებრ. 13, 7- 9; 17); „ახალგაზრდებო, დაემორჩილეთ ხუცესთ. დაემორჩილეთ ერთმანეთს, შეიმოსეთ თავმდაბლობა, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს“ (I პეტრე 5, 5);

ეკლესიის წარმომადგენელთა ვალდებულებებსა და ღირსებებზე: „სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე სურს“ (I ტიმ. 3,1); „ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებით და უხუცესთა ხელდასხმით“ (I ტიმ. 4, 14); „არავის დაასხა ხელი აჩქარებით და არ გახდე სხვათა ცოდვების მოზიარე. წმიდად შეინახე თავი“ (I ტიმ. 5, 22); „ამ მიზეზით შეგახსენებ გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში“ (II ტიმ. 1,6); „იმისათვის დაგტოვე შენ კრეტაში, რომ დაასრულო დაუსრულებელი და დააყენო ყველა ქალაქში ხუცესები, როგორც მე დაგავალე“ (ტიტ. 1, 5); „თქვენ შორის ხუცესებს შევაგონებ მე, თანახუცესი და ქრისტეს ტანჯვის მოწმე და აგრეთვე თანაზიარი იმ დიდებისა, რომელიც გამოცხადდება“ (I პეტრე 5,1);

დიაკონთა შესახებ: „დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიძალებულნი, არა ანგარნი, რათა წმიდა სინდისით ინახავდნენ რწმენის საიდუმლოებას. ესენიც წინასწარ უნდა გამოიცადონ და მერე, თუ უბიწონი იქნებიან, იმსახურონ“ (I ტიმ. 3, 8-10);

მსახურთა უზრუნველყოფის შესახებ: „თუ მარტო მე და ბარნაბას არა გვაქვს უფლება, რომ არ ვმუშაობდეთ? რომელ ჯარისკაცს უმსახურია ოდესმე საკუთარ ხარჯზე? ვინ რგავს ვაზს და მისი ნაყოფისაგან არა ჭამს? ვინ მწყესავს ფარას და ფარის რძეს პირს არ აკარებს? განა ადამიანურად არ ვლაპარაკობ ასე? განა რჯულიც ამასვე არ ამბობს? რადგან მოსეს რჯულში სწერია: „პირს ნუ აუკრავ ხარს ლეწვისას.“ ხარებზე ზრუნავს ღმერთი? თუ ნამდვილად ჩვენთვის ამბობს? დიაღაც ჩვენთვის სწერია. მხვნელმა უნდა ხნას იმედით, მლეწავმა კი – წილის იმედით. თუ სულიერი დაგითესეთ, განა დიდი ამბავია, რომ თქვენგან ხორციელი მოვიმკათ? თუ სხვებს ხელმწიფება აქვთ თქვენზე, განა ჩვენ უფრო მეტად არა?

მაგრამ ჩვენ არ გამოვიყენეთ ეს ხელმწიფება, არამედ ყოველგვარ ტანჯვას ვიტანთ, რათა რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას ქრისტეს სახარებას. ნუთუ არ იცით, რომ წმიდათა მსახურნი ტაძრისაგან ჭამენ? ხოლო სამსხვერპლოს მსახურნი მსხვერპლიდან იღებენ წილს? ასევე უფალმა დაუწესა სახარების მქადაგებლებს სახარებისაგან ცხოვრება“ (I კორინთ. 9, 6-14); „თუ რომელიმე მორწმუნე კაცს ან ქალს ჰყავს ქვრივები, დაეხმაროს მათ და ტვირთად არ დააკისრონ ეკლესიას, რათა მას შეეძლოს სხვა ქვრივების რჩენა. ხუცესნი, რომლებიც წესიერად ასრულებენ საქმეს, ორმაგი პატივის ღირსნი უნდა იყვნენ, უფრორე კი ისინი, რომელნიც იღწვიან ქადაგებითა და დამოძღვრით“ (I ტიმ. 5, 16- 17);

ღვთისმსახურების შესახებ: „არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მათზე და სცხონ ზეთი უფლის სახელით. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამ ცოდვები ჩაუდენია მიეტევება“ (იაკობ მოციქულის ეპისტოლე 5, 14-15); „კვირის ყოველ პირველ დღეს თითეულმა თქვენგანმა რაც შეუძლია გადადოს და შეინახოს, რათა ჩემი მოსვლისას აღარ დაიწყოს გროვება“ (I კორინთ. 16, 20);

დამნაშავეთა მიმართ დამოკიდებულების შესახებ: „წერილში გწერდით, რომ არ იქონიოთ ურთიერთობა გარყვნილ ხალხთან. არა მარტო ამ სოფლის გარყვნილებთან ან ხარბებთან, მტაცებლებთან ან კერპთაყვანისმცემლებთან, ვინაიდან მაშინ თქვენ უნდა განშორებოდით სოფელს. არამედ გწერდით თქვენ, რომ არ იქონიოთ კავშირი იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ გარყვნილია, ან ხარბი, ან კერპთაყვანისმცემელი, ან მაგინებელი, ან ლოთი, ან მტაცებელი. ასეთთან არც კი ჭამოთ. ვინაიდან მე რატომ განვიკითხო გარეშეები? განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთ? გარეშეებს ღმერთი განიკითხავს. მოიშორეთ ბოროტი თქვენგან“ (I კორინთ. 5, 9-13); „შემცოდენი ამხილე ყველას წინაშე, რათა სხვებმაც იქონიონ შიში“ (I ტიმ. 5, 20);

ქორწინების შესახებ: „ხოლო იმის შესახებ, რაც თქვენ მომწერეთ: კაცისათვის კარგია, არ გაეკაროს დედაკაცს. მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს – თავისი ქმარი. ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმაც ქმარს. ცოლი არ ხელმწიფებს თავის სხეულზე, არამედ ქმარი. ასევე ქმარიც არ ხელმწიფებს თავის სხეულზე, არამედ ცოლი. ნუ განშორდებით ერთმანეთს, გარდა შეთანხმებისა, დროებით, რომ მოიცალოთ მარხვისა და ლოცვისათვის, და კვლავ ერთად იყოთ, რათა არ გამოგცადოთ სატანამ თქვენი თავშეუკავებლობით. ხოლო ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანებით. ვინაიდან მსურს, ყველა ადამიანი იყოს, როგორც მე ვარ. მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ღვთისაგან, ზოგს ასეთი და ზოგს ისეთი. ხოლო დაუქორწინებლებს და ქვრივებს ვეუბნები, რომ მათთვის კარგია ჩემსავით დარჩნენ. თუ თავს ვერ იკავებენ, იქორწინონ, ვინაიდან უმჯობესია დაქორწინდნენ, ვიდრე აღიგზნებოდნენ. ხოლო დაქორწინებულებს ვამცნებ არა მე, არამედ უფალი: ცოლი არ გაეყაროს ქმარს. ხოლო თუ გაეყრება, უქორწინოდ დარჩეს ანდა ქმარს შეურიგდეს. და ქმარი ნუ დატოვებს თავის ცოლს. სხვებს კი ვეუბნები მე და არა უფალი: თუ ვინმე ძმას ჰყავს ურწმუნო ცოლი და ის ქალი თანახმაა მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს იმ ცოლს. დედაკაცი, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და კაცს სურს მასთან ცხოვრება, ნუ დატოვებს ქმარს. ვინაიდან ურწმუნო ქმარი განიწმიდება ცოლით და ურწმუნო ცოლი განიწმიდება ქმრით“ (I კორინთ. 7, 1-14); „განა არა გვაქვს უფლება, დავიმგზავროთ მორწმუნე ცოლი, როგორც დანარჩენმა მოციქულებმა, უფლის ძმებმა და კეფამ?“ (I კორინთ. 9, 5); „ასევე ცოლები დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს, რათა ისინი, ვინც არ ერწმუნებიან სიტყვას, სიტყვის გარეშე გახდნენ მოგებულნი თავიანთი ცოლების საქციელით“ (I პეტრე 3,1); „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მაცხოვარი“ (ეფეს. 5, 22-23);

სახელმწიფო მმართველებთან დამოკიდებულების შესახებ: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი. ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე. რადგან მთავარნი საშიშნი არიან არა კეთილი საქმეებისათვის, არამედ ბოროტთათვის. თუ გსურს, რომ ხელმწიფებისა არ გეშინოდეს, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან. ვინაიდან იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს. ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე. ამიტომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ არა მარტო რისხვის გამო, არამედ სინდისის გამოც. სწორედ ამისათვის იხდით ხარკს, ვინაიდან ისინი ღვთის მსახურები არიან და დღენიადაგ ამას აკეთებენ. ამრიგად, მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი – ხარკი, ვისაც ბაჟი – ბაჟი, ვისაც შიში – შიში, ვისაც პატივი – პატივი“ (რომ. 13, 1-7); „უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებთ, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისათვის, მეფეებისა და ყველა მბრძანებლისათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობითა და პატიოსნებით“ (I ტიმ. 2, 1-2); „შეახსენე მათ: დაემორჩილონ და მოუსმინონ განმგებელთ და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის“ (ტიტ. 3, 1);

სხვა სარწმუნოების აღმსარებელთა მიმართ დამოკიდებულების შესა ხებ: „წერილში გწერდით, რომ არ იქონიოთ ურთიერთობა გარყვნილ ხალხთან. არა მარტო ამ სოფლის გარყვნილებთან ან ხარბებთან, მტაცებლებთან ან კერპთაყვანისმცემლებთან, ვინაიდან მაშინ თქვენ უნდა განშორებოდით სოფელს. არამედ გწერდით თქვენ, რომ არ იქონიოთ კავშირი იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ გარყვნილია, ან ხარბი, ან კერპთაყვანისმცემელი, ან მაგინებელი, ან ლოთი, ან მტაცებელი. ასეთთან არც კი ჭამოთ. ვინაიდან მე რატომ განვიკითხო გარეშეები? განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთ? გარეშეებს ღმერთი განიკითხავს. მოიშორეთ ბოროტი თქვენგან“ (I კორინთ. 5, 9-13).

წმინდა წერილში დაცული მცნებები, ასევე ის მცნებები, რომელიც არ წერია წერილში, მაგრამ თავიდანვე ინახებოდა, როგორც განცხადებული ჭეშმარიტება, როგორც წმინდა გარდამოცემა, შეადგენს ღვთის სამართალს (jus divinum), საეკლესიო კანონონმცოდნეთა ტერმინით.

მაშასადამე, საღვთო სამართლის სფერო არ შემოიფარგლება სამართლებრივი ნორმებით, რომელიც გადმოცემულია წმინდა წერილში. ამასთანავე, მოციქულთაგან სიტყვიერად გადმოცემულმა კანონებმა შემდგომში წერილობითი სახე მიიღო (მოციქულთა სწავლებებში, მოციქულთა შემდგომ მამათა სწავლებებში, საეკლესიო კრებების დადგენილებებში). ესეც ასევე წარმოადგენს საეკლესიო სამართალს.

ზოგიერთი საეკლესიო სამართალმცოდნე საღვთო სამართლის სფეროს საზღვრავს ისეთი ნორმებით, რომელიც წარმოადგენს აბსოლუტურად უცვლელ ხასიათს. ასეთი თვალთახედვით, ყველა სამართლებრივი მცნება, რომელიც შესულია წმინდა წერილში, არ გამოირჩევა საღვთო სამართლის ავტორიტეტულობით. ა. ს. პავლოვი აღნიშნავდა: „რომელი კრიტერიუმი უნდა მივიღოთ, რათა უშეცდომოდ იმსჯელო იმის შესახებ, საეკლესიო საზოგადოებრივი ცხოვრების კანონებიდან რომელი არის შესული წმინდა წერილში, რომელი განეკუთვნება (jus divi- num) ღვთის სამართალს და რომელი არა?! ასეთ კრიტერიუმად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ მკაფიოდ გამოთქმული მსოფლიო საეკლესიო ცნობიერება, რომ კონკრეტული კანონი ან დადგენილება სათავეს იღებს ღვთის ნებიდან და არ არის განკარგულება, რომელიც გამოწვეულია მხოლოდ კონკრეტულ ეკლესიაში არსებული გარემოებისგან“.

მაგალითისთვის მას მოჰყავს მოციქულ პავლეს კანონი: „მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფხიზელი, გონიერი, ღირსეული, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი“ (1 ტიმ. 3, 2) და ადარებს მას საეკლესიო სამართლის მოქმედ კანონს ეპისკოპოსის უქორწინებლობის აუცილებლობის შესახებ. ის, რომ მოციქულის ეს სწავლება მოქმედ ნორმად არ დარჩა ეკლესიის მთელი ისტორიის განმავლობაში, თავის წარმომავლობას უნდა უმადლოდეს ვითარებას, რომელიც არსებობდა ადრეული პერიოდის ეკლესიაში. ეს საკითხი ა. ს. პავლოვს ღვთის სამართლის გარეთ გააქვს.

მაგრამ, რამდენად შესაძლებელია, არ იყოს შეყვანილი საღვთო სამართალში ის სწავლებები, რომელთა წარმომავლობა, მართალია, ღვთის ნებისგან მომდინარეობს, მაგრამ უცვალებელ თვისებას არ ატარებს, არამედ გამოწვეულია დროის გარკვეული ვითარებით. ეს იქნებოდა ძალადობა ლოგიკაზე. საკითხი სამართლის ნორმების ცვალებადობის შესახებ საჭიროა განვასხვაოთ მათი წარმოშობის წყაროსაგან.

ნორმის უცვლელობა არ შეიძლება მივიჩნიოთ მიუსადაგებელ კრიტერიუმად საღვთო სამართალთან მიმართებით. ერთი მხრივ, ღვთის ნება გამოსჭვივის ჩვენი დროებითი საჭიროებების მზრუნველობაზე, სხვა მხრივ, მოციქულთა კანონების ე. ი. საღვთო წარმომავლობის კანონების ცვალებადობა (რადგან მოციქულთა წერილობითი წყაროები ჩვენთვის წარმოადგენს ავტორიტეტს სრულიად სანდო, ავთენტურ საგანძურს საღვთო სწავლებისას) არ იგივდება მათ გაუქმებასთან.

რა იყო პროფესორ პავლოვის მიერ მოყვანილი კანონის – ეპისკოპოსთა ერთხელ ქორწინების ნორმის დადგენის მიზანი?! ის აუცილებლად ეპისკოპოსის ცოლის მოყვანას კი არ მოითხოვს, არამედ მეორედ ქორწინებას უკრძალავს ეპისკოპოსს. ამიტომ მოგვიანებით ეკლესიაში დადგენილი კანონი ეპისკოპოსთა უქორწინებულობის შესახებ, კი არ არღვევს, არამედ ავსებს მოციქულთა სწავლებას, შემოაქვს ახალი, უფრო მკაცრი პირობა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საეპისკოპოსო კანდიდატი, და ხელშეუხებლად ტოვებს მოციქულთაგან მომავალ კანონს, ეპისკოპოსთათვის მეორედ ქორწინების აკრძალვის შესახებ.

საღვთო სამართლის ნორმები თავისი ერთობლიობით არ წარმოადგენს საკანონმდებლო კოდექსს, რომელიც განსაზღვრავდა ეკლესიის ცხოვრების მთელ წყობასა და წესრიგს. ისინი ემსახურება დასაბამიერობას, უმაღლეს საწყისს და თავად ეკლესიის კრიტერიუმებს.

ეკლესია როგორც წყარო თავისი კანონებისა. საღვთო კანონი და საეკლესიო კანონმდებლობა

საეკლესიო სამართლის მეორე მატერიალურ წყაროს წარმოადგენს თავად ეკლესია. საეკლესიო სამართლის პირველწყარო ასეთი ვიწრო სპეციფიკის მნიშვნელობით არის ასევე საღვთო ნება, ამიტომ უფლებამოსილება მხოლოდ იმ კანონებსა და ნორმებს აქვს, რომელიც გამოცემულია საეკლესიო მმართველობის მიერ და არათუ არ ეწინააღმდეგება საღვთო ნებას, არამედ უშუალოდ მისგან გამომდინარეობს. ამ პრინციპიდან გამომდინარე, თვალსაჩინოდ ჩანს დადგენილი ზღვარი, რომელიც, ვიწრო გაგებით, განასხვავებს საღვთო სამართალს საეკლესიო სამართლისგან, რომელსაც ზოგიერთი კანონისტი უწოდებს ადამიანისმიერ კანონს ეკლესიაში.

ეკლესია ღმერთკაცებრივი ორგანიზმია და ეკლესიის ეს ორბუნებრივი საწყისობა ვლინდება მისი ყოფიერების ყველა სფეროში, მათ შორის საეკლესიო სამართალწარმოებაშიც. მსოფლიო კრებებზე დადგენილი კანონები, მამათა მიერ გამოთქმული, სულიწმიდის თანამოქმედებით არის მიღებული. უფრო მეტიც, ავტორიტეტი ყოველი საკანონმდებლო განკარგულებისა, რომელიც ეპისკოპოსის მიერ არის გაცემული და მისი მოქმედების ძალმოსილებაც მხოლოდ ერთ ეპარქიაზე ვრცელდება, საბოლოოდ, ისიც ღვთის კურთხევით ხორციელდება, ადამიანის საკანონმდებლო მწარმოებელთან თანამოქმედებით.

ყველაფერ ამასთან ერთად, საღვთო სამართლის საეკლესიო სამართალთან გაიგივება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. საღვთო ყოვლადწმიდა ნებასთან სუფევს უცოდველობა. ქრისტეს აღთქმით ის მყოფობს მსოფლიო ეკლესიაში. თუმცა არ არსებობს საფუძველი უცდომელობის შეთვისებისა არც ცალკეულ ეპისკოპოსებში და არც უმაღლეს მმართველ ორგანოებში ეკლესიისა.

საზღვარი, რომელიც ჰყოფს საღვთო სამართალს საეკლესიო სამართლისგან, ამ სიტყვის ვიწრო გაგებით, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, საღვთო სამართალი არ შეიძლება გავაიგივოთ გარკვეული ტიპის ფორმალურ წყაროებთან, ვთქვათ, როგორც გარდაუვალად წმინდა წერილთან, და მეორეც, საღვთო სამართლის კრიტერიუმად მიიჩნევა არა უცვალებლობა, არამედ უცდომელობა სამართლის ნორმებისა. ეკლესიის საღვთო ბუნებიდან გამომდინარე, ყველა ფორმალური წყარო შეიძლება დაუქვემდებარო როგორც მხოლოდ საღვთო რუბრიკას, ან მხოლოდ მარტო საეკლესიო სამართალს. უპირველეს ყოვლისა, ეს განეკუთვნება კანონების კრებსითობას.

კანონები

კანონიკურ კრებულთა შემადგენლობაში შედის:

•

მოციქულთა კანონები;

•

ექვსი მსოფლიო კრების კანონები;

•

ათი ადგილობრივი ეკლესიის კრების კანონები, რომელთაც მსო ფლიო კრების მნიშვნელობა ენიჭებათ;

•

ცამეტი წმინდა მამის მიერ დადგენილი კანონები.

კანონიკურ კორპუსში მსოფლიო კრებების შეყვანა არ საჭიროებს განმარტებას. მსოფლიო ეპისკოპოსთა ეს კრებები უმაღლესი საეკლესიო მმართველობის ორგანოა. მსოფლიო კრებები, ეკლესიის სწავლებით, უცდომელია. მათი უცდომელობა გამომდინარეობს ეკლესიის უცდომელობის დოგმატიდან.

ზოგიერთი სამართალთმცოდნე, მათ შორის ნ. ს. სუვოროვი, კრე ბების უცდომელობას საზღვრავს მხოლოდ მათი დოგმატური განსაზღვრებებით, რომელიც არ ვრცელდება კანონებზე. თუმცა ეს საკმაოდ თამამი განაცხადია. ის ეფუძნება საეკლესიო სამართლებრივ ნორმათა ცვალებადობას, მათ შორის იმ კანონებისაც, რომელიც დადგენილია მსოფლიო კრებების მიერ. მაგრამ უცდომელობა უცვალებლობასთან არ შეიძლება გაიგივდეს. სრულიად უცდომელმა, ღვთივსულიერმა კანონმა, კონკრეტული გარემოებისთვის მიღებულმა, შეიძლება დაკარგოს მოქმედი ნორმის თვისება მხოლოდ იმიტომ, რომ შეიცვალა გარემო, მდგომარეობა, რომლის კარნახითაც მიიღეს ეს კანონი. კანონთა უცდომელობის აღიარება გადაულახავ ბარიერს არ წარმოადგენს საეკლესიო კანონმწარმოებლობისთვის იმ სფეროში, რომელიც უკვე რეგულირებულია კრებებზე მიღებული კანონებით. რაც შეეხება ათი ადგილობრივი კრების კანონთა შეყვანას კანონთა კრებულებში, ამას საფუძვლად უდევს არა აღიარება იმისა, რომ ყველა ადგილობრივი კრების კანონები განივრცოს მსოფლიო ეკლესიის კანონმდებლობად, რადგანაც ადგილობრივი კრების კანონმდებლობა ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ ეკლესიაზე და არა მსოფლიო ეკლესიაზე. ეკლესიის ისტორიაში იყო ათასობით ადგილობრივი კრება, მაგრამ მხოლოდ ათი მათგანის კანონები შევიდა კანონიკურ კორპუსში. მათი შეყვანა კანონიკურ კორპუსში ეფუძნება მსოფლიო კრებების ავტორიტეტს, რომელთაც მიიჩნიეს ეს ათი კრება და ამ კრებებზე მიღებული კანონები საყოველთაოდ.

ტრულის კრების მეორე კანონი ბრძანებს: „ფრიად კეთილად და ყოვლად სასწრაფოდ წმინდა კრება ადგენს, რათა ამიერიდან მტკიცედ და შეუცვლელად დარჩეს ჩვენი სულისა და ვნებათა საკურნებლად ჩვენს წინამორბედ წმინდა და ნეტარ მამათა მიერ შეწყნარებული და ჩვენთვის მოციქულთა სახელით მოცემული ოთხმოცდახუთი კანონი.

ხოლო რადგან ამ კანონებში გვემცნო ჩვენ წმინდა მოციქულთაგანვე კლიმენტოსის მიერ გადმოცემული განწესების შეწყნარება, რომელშიც ძველად სხვაგვარადმადიდებელ მწვალებლებს ეკლესიის განსარყვნელად ცუდი და კეთილმსახურებისთვის უცხო სიტყვები ჩაურთავთ, რითაც კეთილმშვენიერ საღმრთო სჯულს აბნელებენ, მათ სამართლიანად ამოღებას ვბრძანებთ ქრისტიანული სამწყსოს განსამტკიცებლად. არაფერი აქვს საერთო მწვალებელთა გამონაგონსა და უცთომელ, საკუთრივ მოციქულთა მოძღვრებას.

ვამტკიცებთ აგრეთვე ჩვენს წმინდა ნეტარ მამათა მიერ დადგენილ სხვა სამღვდელო კანონებს: ნიკეას შეკრებილი სამას თვრამეტი მამის მიერ ანკვირიას, ნეოკესარიას, შემდეგ ღანგრას, ამათთან ერთად ასურეთის ანტიოქიაში, ფრიგიის ლაოდიკიაში და შემდეგ ღმრთივდაცულ ამ სამეფო ქალაქში შეკრებილ ას ორმოცდაათი მამის მიერ, ეფესოში პირველად შეკრებილი ორასი და ქალკედონში შეკრებილი ექვსას ოცდაათი წმინდა და ნეტარი მამის მიერ, ასევე სარდიკიასა და კართაგენში შეკრებილი მამების მიერ. ამათ ერთვის სამეფო ქალაქში, ნექტარი კონსტანტინეპოლის პატრიარქის დროს შეკრებილ მამათა, აგრეთვე თეოფილე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის, დიონისე ალექსანდრიელისა და [პეტრე] ალექსანდრიელი მოწამის, გრიგოლ ნეოკესარიელის, ბაილი კესარია-კაპადოკიის მთავარეპისკოპოსის, გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ ღმრთისმეტყველის, ამფილოქე იკონიელის, ტიმოთე ალექსანდრიელის, პირველმოხსენებულ თეოფილე ალექსანდრიელის, კირილე ალექსანდრიელის, გენადი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსის, აგრეთვე კვიპრიანესი, აფრიკის ქვეყნის მთავარეპისკოპოსისა და მოწამის, მასთან ერთად შეკრებილთა მიერ დადგენილი კანონები, რომელთა განწესებანი მარტო მათ სამთავრო ადგილას, მათი ჩვეულების მიხედვითაა დაცული.

ხოლო ზემომოხსენებულ კანონთა დამახინჯების ან უარყოფის ნება არავის აქვს. აკრძალულია სხვა სიმართლის მტრებისა და ჭეშმარიტების ვაჭრებისაგან ცრუ სახელით წარწერილი კანონების შეწყნარება.

ხოლო თუ ვინმემ ზემოჩამოთვლილ კანონთაგან რომელიმეს დაშლასა და დარღვევას ხელი მიჰყოს, იგი უნდა დაისაჯოს კანონის განჩინების შესაბამისად, რაც განსაზღვრულია, ის სასჯელი მიიღოს და მისგანვე მოიპოვოს კურნება იმისა, რაშიც შეცდა“.

იგივე დამოკიდებულება და მიდგომაა მამათა მიერ დადგენილი კანონების მიმართ. ამ კანონების ავტორიტეტი არამხოლოდ კანონმდებლობითი ხელმწიფებაა მამებისა, როგორც მღვდელთმთავრებისა (რადგან ეს ხელმწიფება ვრცელდება მხოლოდ მის ეპარქიაზე), და არც მათი წმინდანობაა გამსაზღვრელი, არამედ მსოფლიო კრებებზე მათ მიერ მიღებული კანონების აღიარება. მსოფლიო ეპისკოპატს საეკლესიო საზოგადოების თანხმობით შეუძლია განახორციელოს თავისი საკანონმდებლო უფლებამოსილება და მსოფლიო კრებების გარეშეც იმ სამართლებრივი აქტებისა და ვალდებულებების მიხედვით, რომელიც აღიარებული და მიღებულია მსოფლიო კრებებზე, თავდაპირველად გამოცემული ერთი ადგილობრივი ეკლესიისთვის, შესაძლოა, ერთი ეპარქიისთვის. საერთო საეკლესიო აღიარებაზე არის დაფუძნებული კანონების მსოფლიო ავტორიტეტი, რომელიც 861 და 879 წლებში კონსტანტინეპოლის კრებებზეა მიღებული; ასევე, წმინდა ტარასი კონსტანტინეპოლელის კანონიკური ეპისტოლეები, რომელიც აღარ განხილულა მსოფლიო კრებებზე.

ადგილობრივი საეკლესიო კანონმდებლობა. სტატუარული სამართალი

საეკლესიო კანონმდებლობა არც ადრეულ პერიოდში ამოწურულა კანონებით; მისი განვითარება არ შეჩერებულა იმის შემდეგაც, რაც ჩამოყალიბდა ძირითადი კანონიკური კორპუსი. მაგრამ ადგილობრივი ეკლესიების საკანონმდებლო უმაღლესი მმართველების მიერ გამოცემულ კანონებს, ან ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ მიღებულ დადგენილებებს აღარ აქვს საყოველთაო ავტორიტეტი. მათი მიღება და მოქმედება შემოიფარგლება ეპარქიის ან ადგილობრივი ეკლესიის საზღვრებით.

ყველაზე დაბალი საკანონმდებლო რგოლი ეკლესიაში იწყება ეპისკოპოსით, ეს არის პირველი საფეხური. თავის განსაკუთრებულ კანონებს, წეს-განგებულებებს, სტატუსებს გამოსცემდნენ ზოგიერთი მონასტრები, ასევე საეკლესიო საძმო ან საზოგადოება. თუმცა ასეთი სახის ინსტიტუტების საკანონმდებლო მოქმედება ექვემდებარება ეპისკოპოსს ან უშუალოდ ადგილობრივი ეკლესიის უმაღლეს მმართველს. ამიტომ ის ხორციელდება არა კანონის სახით, რომელიც მათ თავისთავად დადგენილებას განეკუთვნება, არამედ საეკლესიო საფეხურების უფლებამოსილებით, რომელთაც მინიჭებული აქვთ თვითმყოფადი საკანონმდებლო უფლებამოსილება. კორპორაციის უფლებას, რომელიც არ ფლობს თვითმყოფად საკანონმდებლო მმართველობას, ეწოდება სტატუარული.

ტრადიცია

წერილობითი კანონებით არ შემოიფარგლება მოქმედი საეკლესიო სამართალი ეკლესიაში. არსებობს ასევე ისეთი სახის საეკლესიო სამართალი, როგორიცაა ტრადიცია. ტრადიცია მოქმედებს არასაეკლესიო სფეროშიც. იურისტები ტრადიციას განსაზღვრავენ როგორც მოქმედების რეგლამენტირებულ სახეს, რომლის აუცილებლობაც ეფუძნება არა პირდაპირ საკანონმდებლო დადგენილებას, არამედ საყოველთაო რწმენას, რომ ის ტრადიციულია, უფლებამოსილია, აუცილებელია.

სახელმწიფეობრიობამდე არსებულ ხალხთა სამართალი დაფუძ ნებულია ტრადიციაზე, განმტკიცებულია ტრადიციით. სწორედ ამას გულისხმობს ტრადიციული სამართალი, რომელიც სხვადასხვა ხალხში არსებობს. ტრადიციული სამართალი ინახება იქაც, სადაც უკვე მოქმედებს წერილობითად დადგენილი სახელმწიფო კანონები, თუმცა მისი მოქმედების არეალი შეზღუდულია. სახელმწიფო მმართველობისთვის ტრადიციული სამართალი სამართალწარმოებაში წარმოადგენს ერთერთ მთავარ წყაროს.

როგორც სახელმწიფო სამართლის სფეროში, საეკლესიო სამართალშიც ტრადიციის მნიშვნელობა შეიზღუდა პოზიტიური კანონმდებლობის განვითარებასთან შესაბამისად, ამასთან ერთად, არა მარტო იზღუდებოდა მისი მოქმედების არეალი, არამედ მცირდებოდა მისი ავტორიტეტულობა საეკლესიო ნორმათა იერარქიაში. ეკლესიის მოქმედების საწყის ეტაპზე ტრადიცია იგივდებოდა გარდამოცემასთან (ან პირდაპირ მოციქულთა, წმინდა ან რომელიმე ძველი ადგილობრივი ეკლესიის გარდამოცემასთან).

ტერტულიანე, რომელიც ცნობილი იყო, როგორც ღვთისმეტყველი და მასთანავე იურისტიც, ვისი მოსაზრებებიც შესულია „დეგესტებში“, წერდა: „თუ რაიმე არ არის განსაზღვრული წერილობითად, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ყველგან შემონახულია, ეს ნიშნავს, რომ განმტკიცებულია ტრადიციით, რომელიც დაფუძნებულია გარდამოცემაზე. თუ ვინმე იტყვის, რომ გარდამოცემისთვის საჭიროა წერილობითი დამადასტურებელი წყარო, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ მრავალ დადგენილებაზე, რომელიც შემონახულია ყოველგვარი წერილის გარეშე მხოლოდ გარდამოცემის მნიშვნელობით და ტრადიციის ძალმოსილებით“.

ნიკოდიმოს მილაში აღნიშნავს: „საეკლესიო გარდამოცემა, გამყარებული ტრადიციით და შემონახული გარკვეული წერილობითი წყაროების თანასწორად, ეკლესიის მოქმედების საწყის ეტაპზე წარმოადგენდა კანონს, ემსახურებოდა საეკლესიო სამართლის საფუძვლის ჩაყრას და საკანონმდებლო დადგენილების მნიშვნელობა ჰქონდა მისი წარმომავლობიდან, წყაროობიდან გამომდინარე, ასევე მისი საყოველთაო პატივისცემიდან გამომდინარე, რომლითაც ის სარგებლობდა. ამაში გვარწმუნებს თავად ტექსტები კანონებისა, რომელთა შემდგენლები როგორც უმაღლეს ავტორიტეტს, ისე მოიხსენიებენ ტრადიციებს: „დაცული იქნეს უძველესი ჩვეულება, რომელიც მიღებული იყო ეგვიპტეში, ლიბიასა და პენტაპოლისში, რათა ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ყველა მათგანის ხელისუფალი იყოს“; „ვინაიდან დამტკიცებულია ჩვეულება და უძველესი გადმოცემა, რომ პატივი მიეგოს ელიის* ეპისკოპოსს, ამიტომ მომავალშიც შეურყევლად მიეგოს მას პატივი მიტროპოლიტისათვის მინიჭებული ღირსების შენარჩუნებით“; „მომაკვდავთ შესახებ კვლავაც იქნეს დაცული ძველი და კანონიერი სჯული, რომლის მიხედვითაც სიკვდილის წინ არავინ უნდა მოაკლდეს უკანასკნელ, უაღრესად საჭირო საგზალს; ხოლო თუ განწირულად ჩათვლილი სიცოცხლეს მოუბრუნდება ზიარების მიღების შემდეგ, მაშინ დარჩეს მრევლთან მხოლოდ ლოცვით თანაზიარებაში. საერთოდ კი ყველა მომაკვდავი, ვინც ევქარისტიის ზიარებას ითხოვს, ეპისკოპოსის მხრიდან გამოიცადოს და ამის შემდეგ მიეცეს წმიდა ზიარება“ (პირველი მსოფლიო კრების VI, VII, XIII კანონთა განმარტება).

დადებითმა საეკლესიო კანონშემოქმედებამ ტრადიცია ზოგადსაეკ ლესიო სამართალში შეზღუდა. ჩვენს დროში ძირითადად შეხება გვიწევს ადგილობრივ ეკლესიებში არსებულ ტრადიციებთან ან კონკრეტული ეპარქიის ტრადიციასთან, ასევე კონკრეტული მონასტრის ტრადიციასთან ან სამრევლოს ტრადიციასთან. მაგრამ აქამდეც არა წერილობით კანონზე დაყრდნობით, არამედ ტრადიციით ნარჩუნდება ასეთი ფუნდამენტური ნორმა მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში.

საეკლესიო სამართლის სპეციალისტები მკვეთრ და აუცილებელ მოთხოვნებს აყენებენ იმისთვის, რომ ტრადიციას ჰქონდეს კანონის აუცილებლობის ძალა. ამისთვის საჭიროა საეკლესიო სფეროში იმის დაცვა, რომ ჰქონდეთ მათ საკანონმდებლო ავტონომია: ადგილობრივ ეკლესიას, ეპარქიას, თუნდაც მონასტერს ან საძმოს სტატუარული სახით. სამრევლოს ტრადიცია ან სემინარიისა არ შეიძლება ატარებდეს აუცილებლობის ძალმოსილებას.

ტრადიციის კანონად აღიარებისთვის საჭიროა მისი საზრისიანობა და სიძველე. „ტრადიცია ჭეშმარიტების გარეშე, არის ყავლგასული გაურკვევლობა“, – ასწავლიდა წმ. კვიპრიანე კართაგენელი.

რაც შეეხება ტრადიციის ხნოვანებას, ამის შესახებ კონსტანტინეპო ლის წმინდა მოციქულთა ტაძარში შეკრებილი ორგზისი წმინდა დიდი კრე ბის მე-17 კანონი ადგენს: „იშვიათად მომხდარი ამბავი არასდროს მივიჩნიოთ საეკლესიო კანონად. განვსაზღვრავთ, რომ ამიერიდან აღარ იყოს ასე: „კათოლიკური სამყაროს კანონმცოდნეები ზუსტ დროს მიუთითებენ ტრადიციის ხნოვანებისთვის, ტრადიციად რომ მოხდეს აღიარება, ამისთვის 40 წელია საჭირო. თუ ტრადიცია ვერ თანხმდება კანონთან, მაშინ მისი მნიშვნელოვნების აღიარებისა და აუცილებელი შენარჩუნებისთვის საჭიროა მინიმუმ 100-წლიანი ხნოვანობა“.

მართლმადიდებელი ეკლესიის სამართალში ასეთი მკაფიო განსაზღვრება მისი ხნოვანობის შესახებ მითითებული არ არის, მაგრამ ქა ლკედონის მსოფლიო კრების მე-17 კანონის ძალით, „თითოეულ ეპარქიაში, სოფლებსა თუ დაბებში არსებული სამრევლოები უცვლელად უნდა დარჩნენ მათი მმართველი ეპისკოპოსების ხელში, მით უფრო, თუ ისინი ოცდაათი წლის განმავლობაში დავის გარეშე წინამძღვრობდნენ და მართავდნენ აღნიშნულ სამრევლოებს; ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ოცდაათწლიანი ვადის გასვლამდე რაიმე სახის დავა იქნება სამრევლოთა განმგებლობის თაობაზე, მაშინ ვინც თავს განაწყენებულად მიიჩნევს, ამის შესახებ სარჩელი აღძრას სამთავრო კრების წინაშე; ვინც თავისი მიტროპოლიტის მხრიდან დაიჩაგრება, შეუძლია მიმართოს დიდი სამთავროს ეგზარქოსის ანდა კონსტანტინეპოლის საყდრის სამსჯავროს; თუ ხელისუფლების ძალისხმევით რომელიმე ქალაქი დაბრუნდა ან შემდგომში დაბრუნდება, მაშინ საეკლესიო სამრევლოების დანაწილება, დაე, სამოქალაქო და საერო წესით დადგენილ ტერიტორიულ დაყოფას შეესაბამებოდეს“.

ტრულის კრების 25-ე კანონი ბრძანებს: „ვაღორძინებთ იმ კანონს [ქალკედონის მსოფლიო კრების მე-17 კანონი], რომელიც ამბობს, რომ ყოველი ეკლესიის ნაშენი და უშენი ადგილები, რომელსაც ოცდაათი წლის განმავლობაში ფლობდა ეპისკოპოსი, დარჩეს მის მფლობელობაში. ხოლო თუ ოცდაათი წლის განმავლობაში წამოიჭრა ცილობა ან კამათი ამ ადგილებთან მიმართებით, ეპისკოპოსმა, რომელიც დაეპატრონა ამ ადგილებს, უნდა აცნობოს ამის თაობაზე სამთავროს კრებას“.

ამა თუ იმ ტრადიციის მნიშვნელოვნების საკითხის გადაჭრის დროს გადამწყვეტია წერილობით კანონთან მისი შესატყვისობა. ტრადიცია, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონს, აუცილებლად კანონმოსილია. მაგალითად, ტრადიცია, რომ სამრევლო მოძღვრად დადგენისას უპირატესობა თეთრ სამღვდელოებას მიენიჭოს, ე. ი. ცოლიან, ანუ დაოჯახებულ მღვდელს, თანხმდება კანონიერ აკრძალვასთან, რომლის მიხედვითაც ქიროტონიის შემდეგ დაოჯახება იკრძალება. ტრადიციას აქვს ძალმოსილება იმ დროსაც, როდესაც საეკლესიო კანონმდებლობის მიერ არ არის გადაჭრილი საკითხი. რომაულ „დეგისტებში“ ნათქვამია, რომ კონკრეტულ ტრადიციას აქვს კანონის ძალა იმ საკითხებში, რომელთან დაკავშირებითაც არ არის წერილობითი კანონი დადგენილი. ეს დამოკიდებულება გამეორებულია ბიზანტიურ „ბაზილიკში“ და ბალსამონისეული ნომოკანონის განმარტებაში.

რაც შეეხება ტრადიციას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, ის შეიძლება აღიარებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ მოქმედებს თავად კანონი. მაგალითად, სარდიკიის მე-11 კანონი: „გახსოვთ თქვენ, რაც ჩვენმა მამებმა დაადგინეს ადრე, რომ თუ ვინმე ერისკაცი ქალაქში იტრიალებს სამი კვირის განმავლობაში და არ ეზიარება, ზიარებისაგან განეყენოს...“.

ტრულის კრების 80-ე კანონი ადგენს: მაგრამ იკონომიის საფუძველზე ეს კანონები არ მოქმედებს დღევანდელ დღეს.

კიდევ ერთი მაგალითი: ძველ საეკლესიო კანონებში მოიხსენიება მხოლოდ ერთი მიმრქმელი, ანუ ნათლია. ამასთან, ნათლია და ნათლული ერთი სქესისა უნდა იყვნენ. მაგრამ ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ნათლია არის როგორც მამაკაცი, ისე ქალი. კონკრეტული ტრადიცია ნათლია მამაკაცს და ნათლია ქალს აერთებს ნათესაურ კავშირით, რის გამოც მათი ქორწინება არ შეიძლება. ასეთი დაბრკოლება არ არის გათვალისწინებული კანონებში, მიუხედავად ამისა, საეკლესიო თვითშეგნება მას თავისთავად იღებს სამართლებრივ ნორმად.

განსაკუთრებული სახის ტრადიციას წარმოადგენს სასამართლო პრაქტიკა. საკანონმდებლო ხარვეზის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია იხელმძღვანელოს იმ განაჩენების მიხედვით, რომელიც ანალოგიური საქმეების განხილვისას მიიღეს.

ავტორიტეტულ კანონმცოდნეთა მსჯელობები

საეკლესიო სამართლის დამხმარე წყაროს წარმოადგენს ცნობილი კანონმცოდნეების მიერ საეკლესიო სამართლის იურიდიულ საკითხებზე შექმნილი ნაშრომები. რომის სამართალში ავტორიტეტულ იურისტთა ნააზრევს – responsa prudentium (ბრძენთა რჩევები) ჰქონდა სამართლის წყაროს მნიშვნელობა. ისინი შესულია „დეგესტებში“.

რომაული სამართლის მაგალითის მიბაძვით, საეკლესიო სამართლის საკითხებშიც საეკლესიო სამართალმცოდნეების, კანონმცოდნეების აზრმა დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. მათი ნაშრომების კითხვა, პასუხის მიგების სახით, კანონიკური ტრაქტატები, ასევე კანონთა განმარტებები შეტანილია საეკლესიო საკანონმდებლო კრებულებში.

განსაკუთრებული ავტორიტეტით მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ სამყაროში სარგებლობენ XII საუკუნის უდიდესი ბიზანტიელი კანონმცოდნეები: ალექსი არისტინე, იოანე ზონარა და ანტიოქიის პატრიარქი თეოდორ ბალსამონი, ასევე კანონთმცოდნე მათე ბლასტარი, რომელიც XIV საუკუნეში მოღვაწეობდა.

საეკლესიო ნორმათა იერარქია მათე ბლასტარს ეკუთვნის ზუსტი აღწერა საეკლესიო სამართლის ნორმების იერარქიისა მათი მატერიალური წარმომავლობის წყაროებზე დაყრდნობის მიხედვით. „ალფაბიტურ სინტაგმებში“ ის წერს: „რაზეც არ არის დაწერილი კანონი, ამაში საჭიროა დავიცვათ ტრადიცია და მასთან შეთანხმებული არსებული პრაქტიკა. მაგრამ თუ არც ეს არ არის, უნდა მივყვეთ იმას, რაც უფრო მსგავსია, ახლოსაა მასთან, რასაც ჩვენ ვეძებთ; მაგრამ თუ არც ეს არ არის, მაშინ ბრძენთა ნააზრევს, მათ რჩევებს უნდა მიეცეს ძალა და მათშიც უმრავლესი რჩევის მიხედვით. მაშასადამე, იერარქია სამართლებრივი ნორმებისა ასეთია: წერილობითად არსებული კანონი, ტრადიცია და სასამართლო პრეცედენტი, ანალოგია არსებული კანონისა, და ავტორიტეტულ კანონთმცოდნეთა რჩევები. მაგრამ უმაღლეს კრიტერიუმად, რა თქმა უნდა, მიჩნეულია ნორმები, უშუალოდ მომდინარე საეკლესიო სამართლის პირველწყაროდან, ანუ ღვთის ნებიდან.

სახელმწიფო კანონმდებლობა საეკლესიო საქმეებზე საეკლესიო კანონმდებლობასთან ერთად, ეკლესიისთვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო კანონმდებლობა. საეკლესიო სამართლის საგარეო სფეროში მისი სამართლებრივი მდგომარეობა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებაში, სუვერენულ საკანონმდებლო წყაროს სახელმწიფო მმართველობის ნება წარმოადგენს. სხვაგვარადაა საქმე შიდა საეკლესიო სამართალთან მიმართებით. სხვადასხვა კონფესიის კანონმცოდნეები და უფლებადამცველები სხვადასხვა მოსაზრებასა და შეხედულებას ეყრდნობიან სახელმწიფო მმართველობის მიერ შიდა საეკლესიო მოწყობასთან მიმართებით.

წმინდა წერილი როგორც საეკლესიო სამართლის წყარო

1. ძველი და ახალი აღთქმის წიგნების ავტორიტეტი საეკლესიო სამართალში

საეკლესიო სამართლის პირველწყაროს წარმოადგენს ღვთის ნება. ღვთის მცნებები ეკლესიის მოწყობის საფუძველია. ეკლესია მისი ხელმძღვანელობით ახორციელებს მსოფლიოში მაცხონებელ მისიას. ეს მცნებები დაცულია წმინდა წერილში.

ძველი და ახალი აღთქმის წიგნების ავტორიტეტი საეკლესიო სამართალში ერთნაირი არ არის. ძველი აღთქმის საკანონმდებლო განკარგულებებს, რომელიც არამარტო ტაძარსა და ღვთისმსახურებას ეხება, არამედ ერის საზოგადოებრივ ცხოვრებას, ოჯახურ და ქონებრივ დამოკიდებულებებს, უკავია უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი.

თუმცა ძველი აღთქმის განწესებებისა და კანონების უმრავლესობამ დაკარგა თავისი ძალმოსილება. ქრისტეს ეკლესიაში უკამათოთ გაუქმდა ლევერატის წესი. მოციქულთა კრებაზე, რომელიც აღწერილია მოციქულთა საქმეში, პირველ ქრისტიანთა შორის მომხდარი დაპირისპირება ეხებოდა მოსეს რჯულის შესრულებას წარმართობიდან ახალმოქცეულთა მიმართ. მიიღეს დადგენილება, სადაც წარმართი ძმებისთვის ჩაიწერა: „რადგან მიიჩნია სულიწმიდამ, და ჩვენც, რომ არანაირი ზედმეტი ტვირთი არ დაგადოთ თქვენ გარდა იმისა, რაც აუცილებელია: განრიდება ნაკერპავისაგან და სისხლისაგან, დამხრჩვალისაგან და სიძვისაგან, და რაც არ გინდათ თქვენთვის, სხვას ნუ გაუკეთებთ, ამათგან დაიცავით თქვენი თავი და სიკეთე აკეთეთ. ჯანმრთელად იყავით“ (საქმე, 15, 28- 29). ამგვარად, ახალ აღთქმაში მოსეს მიერ დაწერილი კანონებიდან ზნეობრივმა მცნებებმა შეინარჩუნა ძალა, ისევე, როგორც ზოგიერთმა აკრძალვამ, როგორიცაა ქორწინებაში სისხლის აღრევა.

კანონებში ხშირად გვხვდება ჩანართები ძველი აღთქმის წიგნებიდან. ბასილი დიდი 21-ე კანონში იერემიას წინასწარმეტყველებასა და იგავთა წიგნს ციტირებს: „თუ ცოლთან მცხოვრები მამაკაცი არ იკმარებს თავის ქორწინებას და სიძვით დაეცემა, იგი ისჯება როგორც სიძვის მოქმედი და დიდი ხნით გავახანგრძლივებთ მისი განკანონების ვადას, რადგანაც არა გვაქვს კანონი, რომელიც მრუშობის სასჯელით დასჯიდა მას, თუ ცოდვა ჩადენილია ქორწინებისგან თავისუფალ პირთან და არა სხვა ქმრის ცოლთან ერთად. ნათქვამია, რომ მრუში დედაკაცი შეგინებით შეიგინოსო და აღარ დაუბრუნდეს თავის ქმარს“ (იერემია 3.1); „ვისაც ჰყავს მრუში დედაკაცი, ის არის უგონო და უღმრთო“ (იგავ. 18, 23). ხოლო სიძვის ჩამდენ მამაკაცს არ უნდა აეკრძალოს ცოლთან ცხოვრება, რის გამოც დედაკაცმა უნდა შეიწყნაროს სიძვისგან მოქცეული ქმარი. მამაკაცი კი შეგინებულ დედაკაცს აგდებს თავისი სახლიდან. ეს ადვილი ასახსნელი არ არის, მაგრამ ჩვეულება ამას გვიჩვენებს“.

საეკლესიო სამართალმცოდნე ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი (მილაში) ბრძანებს, რომ ძველი აღთქმის საკანონმდებლო განწესებები იმდენად ინარჩუნებს თავის ძალმოსილებას ქრისტეს ეკლესიაში, რამდენადაც ეკლესია აუწყებს, მიანიჭებს ამ ძალას, რომელიც ხელმძღვანელობს მოციქულთა კრების დასკვნის პრინციპით.1

სულ სხვა დამოკიდებულებაა ახალი აღთქმის წიგნების მიმართ. ქრისტეს სწავლება, როგორც პირდაპირი განცხადება ღვთის ნებისა, საყოველთაო აუცილებლობას წარმოადგენს ეკლესიისთვის. ის ქვაკუთხედია ეკლესიის ცხოვრებისა და სწავლებისთვის.

ქრისტეს ზოგიერთი მცნება ეხება ეკლესიის მოწყობასა და ეკლესიის წევრთა შორის ურთიერთობას, ასევე ეკლესიის საიდუმლოს. ქრისტე ღმერთმა დაადგინა ნათლისღების საიდუმლო: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაéთა და ძისაéთა და სულისა წმიდისაéთა“ (მათე 28, 19), ასევე ზიარების, ევქარისტიის საიდუმლო: „და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთÂს მიცემული; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებლად ჩემდა“ (ლუკა 22, 19). მხსნელის მიერ დადგენილა ასევე აღსარების, ცოდვათა მიტევების საიდუმლო: „ამენ გეტყÂ თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მათე 18, 18).

როდესაც აგზავნის მოციქულებს საქადაგებლად, მაცხოვარი აძლევს უფლებას, მიიღონ შეწირულობა სამწყმოსგან: „იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაც მათ აქვთ, ვინაიდან მუშაკი ღირსია თავისის საზღაურისა. ერთ სახლიდან მეორე სახლში ნუ გადახვალთ“ (ლუკა 10, 7).

სახარებაში გადმოცემულია იესო ქრისტეს სწავლება ქორწინების შესახებ: „და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკრობა თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად“. ამრიგად, ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ... მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს“ (მათე 19, 5-6, 9).

უფალმა მიანიჭა ეკლესიას მსაჯავრის უფლება შემცოდე, დანაშაულის ჩამდენ ძმებზე: „ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენს წინააღმდეგ, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით. თუ გაიგონებს, შეგიძენია შენი ძმა. ხოლო თუ არ გაიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა. თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი და მებაჟე“ (მათე 18, 15-17).

მაცხოვარმა თავის მოწაფეებს დაუტოვა ბრძნული დარიგება სახელმწიფო მმართველობისადმი: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღმრთისა – ღმერთსა“ (მათე 22, 21).

2. საქმე მოციქულთა და ეპისტოლეები როგორც საეკლესიო სამართლის წყარო

გარდა მაცხოვრის მიერ მოცემული მცნებებისა, წმინდა წერილში არის მოციქულთა მიერ იესო ქრისტეს უფლებამოსილებით გამოცემული სხვა განწესებანი ეკლესიის შესახებ. „საქმე მოციქულთა“ გადმოგვცემს სხვადასხვა ქალაქში მღვდელთა კურთხევაზე: „და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი, და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა“ (საქმე, 14, 23). ამის შესახებ წერს პავლე მოციქულიც ტიტეს მიმართ ეპისტოლეში: „ამისთÂს დაგიტევე შენ კრიტს შინა, რაéთა ნაკლულევანი იგი განაგო და დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ხუცესნი, ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ“ (ტიტე, 1, 5).

ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში წმ. მოციქული პავლე საუბრობს, თუ რა ღირსებებს უნდა ფლობდეს სამღვდელო კანდიდატი: „ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფრთხილი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, თვინიერი და არა ფულის მოყვარული, თავისი სახლის კარგი მმართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით. რადგან, თუ ვინმემ საკუთარი სახლის მართვა არ იცის, ღვთის ეკლესიაზე როგორღა იზრუნებს? ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაამაყდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ მოხვდეს. ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეთაგან, რათა გასაკიცხი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ აღმოჩნდეს გაბმული“ (1 ტიმოთე, 3, 2-7).

მოციქული პავლე ერთ ადგილზე განასხვავებს თავის დარიგებებს იმ ცნებებისგან, რომელიც თავად ღმრთისგან აქვს მოცემული: „ხოლო დაქორწინებულებს მე კი არა, უფალი ეუბნება: ცოლი არ გაეყაროს ქმარს. ხოლო თუ გაეყარა, დაე, უქორწინოდ დარჩეს ანდა ქმარს შეურიგდეს. და ნურც ქმარი დატოვებს თავის ცოლს. სხვებს კი ვეუბნები მე და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ის ქალი თანახმაა მასთან იცხოვროს, ნუ გაეყრება მას; დედაკაციც, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს, ხოლო კაცს სურს მასთან ცხოვრება, ნუ გაეყრება ქმარს“ (1 კორინთელთა 7, 10-13). მიუხედავად ამისა, მოციქულთა დარიგებასაც ეკლესია იღებს როგორც მცნებებს; ამასთან დაკავშირებით ის ხელმძღვანელობს თავად მოციქულთა სიტყვების მიხედვით: „ცოლი რჯულითაა შეკრული, სანამ ცოცხალი ჰყავს ქმარი; თუ გარდაიცვლება ქმარი, თავისუფალია – გაჰყვეს, ვისაც უნდა, ოღონდ უფალში. მაგრამ უფრო ნეტარი იქნება, თუ ჩემი რჩევისამებრ დარჩება; რადგან, ვფიქრობ, რომ მეც მაქვს ღვთის სული“ (1 კორინთელთა, 7, 39-40). წმინდა მოციქულთა სულიწმინდით განათლებული გონების მიერ მოცემული დარიგებებიც აღიარებულია წმინდა გარდამოცემის ნაწილად. ამ დარიგებებს ეკლესია განიხილავს საღმთო სამართლის განწესებად.

3. წმინდა წერილი და კანონები

მაცხოვრის მცნებები და მისი მოწაფეების დარიგებები არ წარმოადგენს კანონთა კოდექსს. მისგან სამართლებრივი ნორმების ამოკრებისთვის ეკლესია ხელმძღვანელობს გარკვეული წესებით.

წმინდა წერილის ღვთივსულიერი სრულყოფილების აღსაქმელად ადამიანის გონება უნდა იყოს განათლებული სულიწმიდის მადლით. წმინდა წერილის მადლმოსილებითი წაკითხვის მაგალითს გვაძლევს წმინდა მამათა განმარტებები, სწავლებები, დარიგებები. წმინდა მამათა სწავლება ეს არის ეკლესიის მოძღვრება, რომელიც, მოციქულთა სიტყვით, არის „სვეტი და მტკიცება ჭეშმარიტებისა“.

იერუსალიმის კრებამ 1672 წელს გამოსცა „განსაზღვრება“: „გვწამს, რომ ეს საღვთო და წმინდა წერილი უწყებულია ღვთისგან, და ამიტომ ჩვენ უნდა გვწამდეს მისი ყოველგვარი განსჯის გარეშე, არა ისე, როგორც ვინმეს სურს, არამედ ისე, როგორც ის განმარტა და გადმოგვცა საყოველთაო ეკლესიამ“.2

ტრულის კრების 19-ე კანონი გვასწავლის წმინდა წერილის სწორ შემეცნებას და განმარტებას: „ეკლესიების წინამძღვრებმა ყოველდღე, უფრო კი კვირა დღეს, მთელ სამღვდელო მწყობრსა და მორწმუნე ერს უქადაგონ, ასწავლონ საღმრთო წერილის ჭეშმარიტი სიტყვა ან ღმერთშემოსილ მამათა მოძღვრება. ნუ შეცვლიან და გადაასხვაფერებენ მას, არამედ გადმოსცენ ისე, როგორც ეკლესიის მნათობთა და მოძღვართა მიერ არის აღწერილი. ამით უფრო აჩვენებენ მორწმუნეებს თავის კეთილ გამოცდილებას, ვიდრე საკუთარი სიტყვის წარმოთქმით. ხოლო თუ ვერ შეძლებენ ამას, გადაიხრებიან ჯეროვანისგან. მამათა მოძღვრების საშუალებით კი ერი იძენს ცოდნას, თუ რა უნდა მიიღოს, რას შეაქციოს ზურგი, როგორ უნდა შეცვალოს და წარმართოს თავისი ცხოვრება სიკეთისა და უმჯობესისკენ, არ გაიხრწნას უმეცრების ვნებით, არამედ იმ ძველი მოძღვრების დახმარებით გაიმხნეოს თავი, რათა არ შეემთხვეს მას ვნება, ცოდვა და ჯეროვნად მოიქცეს მომავალი ტანჯვის შიშით“.

ამ კანონს სრული ძალმოსილება აქვს იმ მცნებებთან მიმართებით, რომელიც საეკლესიო სამართლის საფუძველშივე დავანდა. მათ განმარტებებში საკუთარ მოსაზრებებსა და თვითნებობას ვერ ნახავთ. მართლმადიდებელი აზროვნებისთვის მისაღებია მხოლოდ ისეთი განმარტება საღვთო კანონთა ნორმებისა, რომელიც მოცემულია მსოფლიო საეკლესიო კანონმდებლობაში, როგორცაა მსოფლიო, ადგილობრივ კრებათა და მამათა კანონები. ამიტომ საღვთო სამართლის კანონთა ნორმების მიმართ ყველანაირი საწინააღმდეგო ჩაგონება მიუღებელია. ამ ნორმებს ჩვენ ვიწერთ წმინდა წერილიდან, საეკლესიო სწავლების სულისკვეთების ხელმძღვანელობით, წმინდა კანონთა პრიზმიდან.

მოციქულთა კანონების, ასევე მსოფლიო კრებებისა და მამათა კანონებისთვის წყაროს წარმოადგენს წმინდა წერილი და წმინდა გარდამოცემა. კანონები წმინდა წერილსა და გარდამოცემას, ფაქტობრივად, პირდაპირ იყენებენ. მაგალითისთვის მოვიყვანთ რამდენიმე კანონს. მოციქულთა მე-17 კანონი ადგენს: „ის პირი, ვინც წმიდა ნათლისღების შემდეგ ორჯერ იყო დაქორწინებული ან ხარჭა ესვა, არ შეიძლება ეკურთხოს ეპისკოპოსად, მღვდლად ან დიაკვნად, და მეტიც, საერთოდ ვერ გახდება სასულიერო დასის წევრი“. იმავეს ამბობს პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში: „ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი“ (1 ტიმოთე 3, 2).

მოციქულთა მე-80 კანონი: „წარმართული ცხოვრებიდან მოქცეულისა და ნათელღებულის, ანდა ბიწიერი ცხოვრებიდან გაქრისტიანებულის მაშინვე ეპისკოპოსად დადგინება არ არის სამართლიანი; რადგან უჯეროა გამოუცდელი პირი სხვისი მოძღვარი იყოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს საღმრთო მადლით ეწყობა“. თუ შევადარებთ პავლე მოციქულის ეპისტოლეს: „ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაამაყდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ მოხვდეს. ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეთაგან, რათა გასაკიცხი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ აღმოჩნდეს გაბმული“ (1 ტიმოთე 3, 6-7), ვნახავთ, რომ სწორედ ამ ეპისტოლედან არის აღებული და ჩამოყალიბებული ეს კანონი.

ასევე, სხვა კანონებიც (მოციქულთა 29-ე, ტრულის 22-ე, მეშვიდე მსოფლიო კრების მე-5, ამავე კრების მე-19, ბასილი დიდის 90-ე კანონი) მოითხოვს, რომ ხელდასხმა მოხდეს უმწიკვლოდ, „სიმონიის“ გარეშე, რაც სიმონ მოგვსა და მის მოქმედებაზე მიუთითებს: „და უთხრა: მეც მომეცით ეგ ძალა, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სული წმიდა. ხოლო პეტრემ მიუგო მას: ეგ შენი ვერცხლი შენთანვე იყოს წარსაწყმედად, ვინაიდან განიზრახე ფულით გეყიდა ღვთის ნიჭი“ (საქმე 8, 19-20). სხვა მრავალ კანონში ასეთივე სახით ვხვდებით წმინდა წერილისა და წმინდა გარდამოცემის ციტატებს.

4. საეკლესიო სამართლის წყაროები ნიკეის კრების ეპოქამდე

პირველი საეკლესიო სამრევლოები იმართებოდა ეპისკოპოსის მიერ იმ ნორმათა მიხედვით, რომელიც გადმოცემული იყო წმინდა წერილსა და მოციქულთა ეპისტოლეებში. ერთობა ეკლესიის ცხოვრებისა და ეკლესიის მოწყობისა დამყარებული და განმტკიცებული იყო საეკლესიო გარდამოცემის ერთგულებაზე, მათ შორის ცოცხალ ურთიერთობაზე. ასეთი ურთიერთობის ცენტრებს წარმოადგენდნენ ეკლესიები, რომლებიც დაფუძნებული იყო თავად მოციქულთა მიერ: იერუსალიმის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, კორინთოს, ეფესოს, თესალონიკის. ლაოდიკიის, დასავლეთში – რომის ეკლესია.

მიუხედავად რწმენისა და საეკლესიო ცხოვრების ერთობისა სხვა დასხვა სამრევლოს შორის, ისინი განსხვავდებოდნენ ლიტურგიკული მსახურებითა და სამართლის ნორმებით, რაც ხანდახან გაურკვევლობას შობდა. სადავო საკითხების გასარკვევად იწვევდნენ კრებას რამდენიმე ეკლესიის წარმომადგენლობით. ასეთი საკითხების გადაწყვეტას საფუძვლად ედო მოციქულთა გარდამოცემა და ეპისტოლეები. კრების განჩინებებს უგზავნიდნენ იმ ეკლესიებსაც, რომელთა წარმომადგენლებიც ვერ დაესწრნენ ამ კრებას. კრების დადგენილებები ეხებოდა როგორც დოგმატურ სწავლებას, ისე დისციპლინურ, ე. ი. საეკლესიო სამართლის საკითხებს.

საეკლესიო-დისციპლინური საკითხები შეიძლება მიეღოთ ცალკეულ ეპისკოპოსებსაც. ხშირად კირიარქალური ეკლესიის წარმომდგენლები ადგენდნენ ეპისტოლეს და უგზავნიდნენ მათ მიერ დაფუძნებულ სამრევლოს ეპისკოპოსებს: აქ ისინი საკამათო კანონიკურ საკითხებზე სცემდნენ პასუხს. ასეთი ეპისტოლეები სავალდებულო ძალმოსილებას არ ატარებდა, მაგრამ მათი პოზიციის ზუსტი და მკაცრი დამოწმება მოციქულთა გარდამოცემასთან და ეპისტოლეთა შემდგენლების მაღალი ავტორიტეტის გამო დროთა განმავლობაში სავალდებულო იურიდიულ სახეს იღებდა –კერძო მსჯელობებიდან ყალიბდებოდა ზოგადი საეკლესიო სამართლის წყაროდ.3

5. საეკლესიო სამართლის ძველი ძეგლები

ყველაზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ მოციქულთა სახელთან დაკავშირებული, მათ მიერ მიღებული სამართლებრივი ნორმები. ეს ნორმები რომ არ დაკარგულიყო და დავიწყებულიყო, მათ იწერდნენ. მოციქულთა სწავლების ასეთი სახით შექმნილ ნაწერებს იღებდნენ და ითავისებდნენ.

ერთ-ერთი ასეთი ძველი წიგნი, რომელიც გაჟღენთილია მოციქულთა სწავლებითა და სულისკვეთებით, არის „მოძღვრება თორმეტი მოციქულისა“ (დიდაქე). ეს ძეგლი სამეცნიერო სფეროში შემოვიდა ბერძენი მეცნიერის, მიტროპოლიტ ფილოთეოს ბრიენიოსის დამსახურებით და გამოიცა 1883 წელს. „მოძღვრება თორმეტი მოციქულისა“ განეკუთვნება I-II სს-თა მიჯნას. მასში მოციქულთა სახელით გადმოცემულია მოძღვრება ქრისტეს სარწმუნოებასა და ქრისტიანულ ზნეობაზე. აქვე არის ჩართული რამდენიმე საეკლესიო სამართლის სახის კანონი, რომელიც ამ ძეგლის XI-XVI თავებშია გადმოცემული. „დიდაქეში“ არ არის გადმოცემა მღვდლებზე, საუბარია მხოლოდ ეპისკოპოსებსა და დიაკვნებზე, ამას გარდა, მოგზაურ მოციქულებზე, წინასწარმეტყველებსა და მასწავლებლებზე.

III საუკუნეში ეგვიპტეში შეადგინეს კრებული, სახელით „წმინდა მოციქულთა საეკლესიო კანონები“. ამ ძეგლს საფუძვლად დაედო „დიდაქე“. მასში უკვე იხსენიება არამარტო ეპისკოპოსები და დიაკვნები, არამედ ასევე პრესვიტერები, მაგრამ არაფერია ნათქვამი მოგზაურ წინასწარმეტყველებსა და მოძღვრებზე. „საეკლესიო კანონები“ წარმოადგენს „წმინდა იპოლიტეს კანონთა“ გადამუშავებულ რედაქციას, რომელიც შედგენილია 220 წელს. „წმინდა მოციქულთა საეკლესიო კანონები“ დღემდე შედის კოპტური და ეთიოპური კონფესიის მოქმედი საეკლესიო სამართლის წიგნში.

III საუკუნეში გამოჩნდა „მოციქულთა მოძღვრებანი“ (დიდასკალია), რომელიც ვრცელი რელიგიურ-ზნეობრივი და დისციპლინური შემადგენლობის სახის ნაწარმოებია. მასში მოციქულთა ერთობლივი ეპისტოლის სახით გადმოცემულია სწავლება საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. ბერძნულ ენაზე შესრულებულ „დიდასკალიის“ ორიგინალს ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ შემონახულია თარგმანები სირიულ, ეთიოპიურ და არაბულ ენებზე, ფრაგმენტულად – ლათინურ ენაზეც. ტექსტში გარდა იერარქიის სამი საფეხურისა, იხსენიებიან დიაკონისები, წიგნის მკითხველები და იპოდიაკვნები.

III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა კიდევ ერთი კრებული, რომლის გამოცემაც ეკუთვნის წმ. კლიმენტი რომაელს. ეს გახლავთ „მოციქულთა განწესებანი“. ზოგიერთი ავტორი, ძირითადად, დასავლეთის მეცნიერები, ამ წიგნის გამოცემის თარიღად მიიჩნევენ IV საუკუნის ბოლოს. ასეთი დათარიღების საწინააღმდეგოდ მეტყველებს ის გარემოება, რომ „განწესებანში“ ეკლესია წარმოჩენილია დევნილად, ხოლო დოგმატური სწავლება მასში ჩამოყალიბებულია პოლემიკური სახით, ერეტიკული სწავლების საწინააღმდეგოდ, რომელიც პირველი სამი საუკუნის განმავლობაში წარმოიშვა. ნაშრომი განსაკუთრებულად გნოსტიციზმის წინააღმდეგაა მიმართული, მაგრამ „მოციქულთა განწესებანში“ არ არის მოხსენიებული არიოზის მწვალებლობა, რომელმაც IV საუკუნეში შფოთი გამოიწვია ეკლესიაში.

„მოციქულთა განწესებანის“ პირველი ექვსი წიგნი ემთხვევა „დიდასკალიის“ ტექსტს, თუმცა ის ახალ კრებულში დამუშავებული, რედაქტირებული სახით შევიდა. „განწესების“ მეშვიდე წიგნი შინაარსით ახლოს დგას „დიდაქესთან“, თუმცა, მისგან განსხვავებით, აქ, როგორც „წმინდა მოციქულთა საეკლესიო კანონებში“, უკვე არაფერია ნათქვამი წინასწარმეტყველებსა და მოგზაურ მოციქულებზე; სამაგიეროდ, ეპისკოპოსებისა და დიაკვნების გარდა, საუბრობს პრესვიტერებზეც.

„მოციქულთა განწესებანის“ მერვე წიგნი, უპირატესად, საეკლესიო სამართლებრივ ხასიათს ატარებს და შეიცავს თორმეტი მოციქულის გარკვეულ გამონათქვამებს კლერიკოსთა ხელდასხმის, მათი უფლებავალდებულებებისა და საეკლესიო დისციპლინის შესახებ. წიგნში ფიქცია მოციქულთა წარმომავლობაზე გამოხატულია ასეთი სახით: ყოველი მოციქული აქ თავისი სახელით პირველ პირში საუბრობს: „პირველად ვამბობ მე, პეტრე. ეპისკოპოსად ხელდასხმა ადრე ჩვენ ერთად დავადგინეთ, რომ ვინც შეურყვნელია ყველაფერში, გამორჩეულია ხალხის მიერ, როგორც საუკეთესო...“; „და მე, იაკობ ალფესი, ვადგენ აღმსარებლებზე...“.

მოციქულთა 85-ე კანონში მოცემულია წმინდა და აღიარებული წიგნების ჩამონათვალი. წმინდა წიგნებს მიკუთვნებულია კლიმენტი რომაელის ორი წიგნი: „კლიმენტის ეპისტოლე ორი და ეპისკოპოსთათვის განწესებული, კლიმენტის მიერ რვა წიგნში აღწერილი, რომლებიც ყველას მსჯელობის საგანი არ უნდა გახდეს მათში შესულ საიდუმლოთა გამო, და მოციქულთა საქმენი“. აქ საუბარია „მოციქულთა განწესებანზე“, მაგრამ განწესებანის აპოკრიფულობამ დასავლეთის ეკლესიაში აღძრა უნდობლობა მის ავტორიტეტულობაზე. ეს კრებული გამოიყენებოდა მხოლოდ აღმოსავლეთში, თუმცა აქაც მკაცრ ცენზურას დაექვემდებარა.

ტრულის კრებამ (691 წ.) წმინდა კლიმენტი რომაელის წიგნი „მოციქულთა განწესებანი“ აღარ შეიყვანა მისაღებ წიგნთა ნუსხაში, ტრულის კრების მე-2 კანონის განსაზღვრებითა და დადგენილებით მათ აღარა აქვთ იურიდიული ძალა ეკლესიაში: „ამ კანონებით (იგულისხმება მოციქულთა 85-ე კანონი) გვემცნო, რომ კლიმენტის მიერ გადმოცემული წმინდა მოციქულთა განწესებანი შეგვეწყნარებინა, მაგრამ რადგანაც კლიმენტისეულ დადგენილებებში ოდესღაც მწვალებლებმა ეკლესიისათვის საზიანოდ შეიტანეს სიყალბე და კეთილმსახურებისათვის უცხო, და ნათელი დაუჩრდილეს საღვთო სწავლების კეთილმშვენიერ სილამაზეს, ამიტომ ქრისტიანული სამწყსოს შეგონებისა და მფარველობის მიზნით, კლიმენტის მიერ გადმოცემული ეს დადგენილებანი ღვთივბრძნობით გვერდზე გადავდეთ, რათა არასგზით დაგვეშვა მწვალებლური ცრუსიტყვიერების გავრცობა და მათი შერევა მოციქულთა წმინდა და სრულყოფილ სწავლებასთან“.

6. წმინდა მოციქულთა კანონები

კრებული „წმინდა მოციქულთა განწესებანი“ მჭიდროდ არის დაკავშირებული კიდევ ერთ წმინდა კანონიკურ უძველეს კრებულთან, რომლის მნიშვნელობაც ეკლესიის ცხოვრებაში განუზომლად დიდია. ეს არის წმინდა მოციქულთა 85 კანონი. ეს კრებული შედგენილია „მოციქულთა განწესებანის“ შემდეგ, რადგან ეს უკანასკნელი წმინდა მოციქულთა 85 კანონში იხსენიება.

პირველი სრულიად მკაფიო მოხსენიება კრებულისა „წმინდა მოციქულთა 85 კანონი“ გვხვდება კონსტანტინეპოლის კრების დადგენილებაში (394 წ.). ამ კრებას თავმჯდომარეობდა არქიეპისკოპოსი ნექტარიოსი, რომელიც წარმომავლობით იყო ანტიოქიის ეკლესიის იურისდიქციაში შემავალი სირიის ქალაქ ტარსიდან.

ეკლესიის ისტორიის, კანონიკურ და პატროლოგიის წიგნებში საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა იმ გარემოებას, რომ ზოგიერთი მოციქულთა კანონი ძალიან ჰგავს ანტიოქიის კრების კანონებს. „თუ უცხო ეპისკოპოსი მღვდელს ან დიაკონს უბრძანებს, რომ თავი დაანებოს მღვდლობას, სხვა ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, შეიწყნაროს იგი, მისი ეპისკოპოსის გარეშე, თუ უეცრად არ მოკვდება მისი დამსჯელი ეპისკოპოსი“ (მოციქულთა 32-ე კანონი). „თუ ვინმე თავისი ეპისკოპოსისაგან უზიარებელი იქნება, მას ნუ შეიწყნარებენ სხვები მანამ, სანამ მას არ შეიწყნარებს თავისი ეპისკოპოსი. როცა იქნება ეპისკოპოსთა კრება, მოვიდეს, სიტყვა მისცეს მათ და კრებამ სხვა გადაწყვეტილება გამოიტანოს მის შესახებ. ასეთი განსაზღვრება დაცულ უნდა იქნეს ერისკაცების, მღვდლების, დიაკვნების და ეკლესიის სხვა მსახურთა მიმართაც“ (ანტიოქიის კრების მე-6 კანონი; ასევე მოციქულთა 33-ე კანონი და ანტიოქიის მე-7 კანონი; მოციქულთა 34-ე კანონი, ანტიოქიის კრების მე-9 კანონი და სხვ.).

ჩვენი დროის დასავლეთის მეცნიერთა უმრავლესობა და ასევე ზოგიერთი რუსი მკვლევარი, მათ შორის ნ. ს. სუვოროვი და ა. ს. პავლოვი, იხრებიან იმ მოსაზრებისკენ, რომ „წმინდა მოციქულთა 85 კანონი“ ანტიოქიის კრების კანონებიდანაა ნასესხები. მაგრამ ამ მოსაზრებასთან თანხმობა ნიშნავს იმას, რომ უნდა დაიმცროს მოციქულთა კანონების ავტორიტეტი, უარვყოთ ამ კანონების მოციქულებრივი წარმომავლობა და უხეშად დავუპირისპირდეთ ეკლესიის ტრადიციულ მრავალსაუკუნოვან დამოკიდებულებას ამ კრებულთან მიმართებით. უძველესი დროიდან მოციქულთა კანონები განიხილებოდა როგორც მოციქულთა გარდამოცემის შემადგენელი ნაწილი. თანამედროვეობაშიც სწორედ მისით იწყება მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური კოდექსი.

შუა საუკუნეებში, განსაკუთრებულად დასავლეთში, კრებულ „წმინდა მოციქულთა 85 კანონის“ ავტორებად ნამდვილად მიიჩნეოდნენ მოციქულები. ჯერ კიდევ XVI საუკუნეში „მაგდებურგის ცენტურიის“ გამოცემის შემდეგ, რომელშიც გამოთქმული იყო ეჭვი მათ მოციქულებრივ წარმომავლობაზე, ტურიანე ეწინააღმდეგებოდა ამ მოსაზრებას და ამტკიცებდა, რომ ისინი დაადგინეს მოციქულებმა ქრისტეს შობიდან 45 წ-ს, იერუსალიმის მოციქულთა კრებაზე. მაგრამ მისი ტექსტებისა და შემადგენლობის დაკვირვებით შესწავლამ, იმ გარემოების გაანალიზებამ, რომ თუ ძველი ეკლესია აღიარებდა ამ კანონებს მოციქულთა მიერ დაწერილად, მაშინ ისინი იქნებოდა შეყვანილი ახალი აღთქმის ნუსხაში. მეცნიერთა უმრავლესობა შეთანხმდა დასკვნაზე, რომ ეს კანონები არ არის დაწერილი ან ნაკარნახევი მოციქულთა მიერ. მაგრამ როგორც აღნიშნავს ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი (მილაში), „ეს კანონები სათავეს იღებს მოციქულთა გარდამოცემიდან და ზეპირად გარდამოცემის შემდეგ დაუნჯდა მოციქულთა მემკვიდრეთა მიერ; და როდესაც ეკლესიის საჭიროებიდან და გარემოებიდან გამომდინარე ის შეკრიბეს კრებულად, ჯერ კიდევ ნიკეის პირველ მსოფლიო კრებამდე. უცნობმა ღვთივსულიერმა ადამიანმა მას უწოდა სახელად „მოციქულთა კანონები“, რითაც ხაზი გაუსვა მათ მოციქულებრივ წარმომავლობას: ზეპირი გარდამოცემის მეშვეობით კანონები საწყისს იღებს თავად მოციქულებისგან. კანონები, მოციქულთა მრწამსის მსგავსად, წერილობითად არ შეუდგენიათ მოციქულებს, მაგრამ ისინი მოციქულთა გარდამოცემის საფუძველზე შედგა მათ შემდეგ და ეკლესიას გადმოეცა მოციქულთა სახელით მხოლოდ იმიტომ, რომ მითითებული ყოფილიყო მათი წარმომავლობა“.4

მოციქულთა წარმომავლობის მთავარი მტკიცებულებაა მათი სრული ერთსულოვნება ახალი აღთქმის სწავლებასთან. ზოგიერთი კანონის ტექსტი საოცარ სიახლოვეს ავლენს თავად სახარების ტექსტთან. მოციქულთა ეპისტოლეებში ჩამოთვლილია ღირსებები, რომელსაც უნდა ფლობდეს ღვთისმსახურად კურთხევის კანდიდატი, ასევე ღვთისმსახურთა ვალდებულებები: „სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე სურს. მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფრთხილი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, თვინიერი და არა ფულის მოყვარული, თავისი სახლის კარგი მმართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით. რადგან, თუ ვინმემ საკუთარი სახლის მართვა არ იცის, ღვთის ეკლესიაზე როგორღა იზრუნებს? ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაამაყდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ მოხვდეს. ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეთაგან, რათა გასაკიცხი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ აღმოჩნდეს გაბმული. დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიძალებულნი, არა ანგარნი, რათა წმიდა სინდისში ინახავდნენ რწმენის საიდუმლოებას. ესენიც წინასწარ უნდა გამოიცადონ და შემდეგ, თუ უბიწონი იქნებიან, იმსახურონ. ცოლებიც ღირსეული უნდა იყვნენ: არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყველაფერში ერთგულნი. დიაკვანიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და თავისი სახლის კარგი მმართველი. ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთი თავებისთვის იმკვიდრებენ პატივსა და დიდ სიმტკიცეს ქრისტე იესოს რწმენაში“ (1 ტიმოთე 3, 1-13). ამავე თემას მოიცავს ასევე 2 ტიმოთე, 1, 5-9; პეტრე, 5, 1-4. იგივე განწესებანი არის გადმოცემული მოციქულთა კანონებში: „ის პირი, ვინც წმიდა ნათლისღების შემდეგ ორჯერ იყო დაქორწინებული ან ხარჭა ესვა, არ შეიძლება ეკურთხოს ეპისკოპოსად, მღვდლად ან დიაკვნად, უფრო მეტიც, საერთოდ ვერ გახდება სასულიერო დასის წევრი“ (მოციქულთა მე-17 კანონი); „ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, მხილებული სიძვაში, ფიცის გატეხვასა ან მოპარვაში, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს, მაგრამ საეკლესიო თანაზიარებიდან არ განკანონდეს, რადგან წმიდა წერილი ამბობს: „არშურ-იგო ორგზის ერთბამად ჭირსა შინა“ (ნაუმ., 1, 9). იმავეს განვაწესებთ დასის სხვა წევრების მიმართაც“ (მოციქულთა 25-ე კანონი). ამავე თემას ეძღვნება მოციქულთა 42-ე, 43-ე, 44-ე, 61-ე და მე-80 კანონები.

კანონთა მოციქულებისგან წარმომავლობას მიუთითებს მათი შესაბამისობა I საუკუნის ეკლესიის ცხოვრების ნორმებთან; კანონთა მოციქულებრივ წარმომავლობაზე საუბრობენ წმინდა მამები; მოციქულთა კანონებს იხსენიებს წმინდა ბასილი დიდი თავის კანონებში, ასევე ღანგრიის, კართაგენის, კონსტანტინეპოლის (394 წ.) კრებები იხსენიებს მათ სახელით „ეკლესიის განწესებანი“, „მოციქულთა გადმოცემა“.

პირველი მსოფლიო კრების მე-15 კანონში არის მოციქულთა განწესების მიხედვით მოქმედების მოთხოვნა: „ბევრი შფოთისა და არეულობის გამო, წმიდა კრება სასიკეთოდ მიიჩნევს, საერთოდ აკრძალოს ზოგიერთ ადგილებში დაწესებული სამოციქულო განწესებათა საწინააღმდეგო ჩვეულება და ადგენს: არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი და არც დიაკონი ერთი ქალაქიდან მეორეში არ უნდა გადავიდეს. თუ ვინმე წმიდა და დიდი კრების ამ განწესების საწინააღმდეგოდ მოიქცევა, ან მის მიმართ დაშვებულ ასეთ ქმედებას წინ არ აღუდგება, მაშინ განკარგულება გაუქმებულად იქნება მიჩნეული. გადაყვანილი კი თავის ეკლესიაში უნდა დაბრუნდეს, სადაც იგი ხელდასხმული იყო მსახურებისათვის ეპისკოპოსად, მღვდლად ან დიაკვნად“. მოციქულთა მე-14 კანონში წერია: „ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, თავისი ეპარქია დატოვოს და სხვაგან გადავიდეს, თუნდაც ამაში ბევრი ვინმე არწმუნებდეს“. მოციქულთა მე-15 კანონი განაწესებს: „თუ მღვდელი, დიაკონი ან სხვა სამღვდელო დასიდან დატოვებს თავის მსახურების საზღვრებს, სხვაგან გადავა, დამკვიდრდება იქ და იცხოვრებს თავისი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, ასეთმა, ვბრძანებთ, აღარ იმსახუროს და მით უფრო, თუ მან თავისი ეპისკოპოსისა არ შეისმინა, რომელმაც უკან დაბრუნება მოუწოდა. ხოლო თუკი ამ უწესობაში დარჩება, მაშინ თანაზიარობაში იყოს, როგორც ერისკაცი“.

როდესაც „წმინდა მოციქულთა კანონებს“ ვადარებთ ანტიოქიის ეკლესიის კრების კანონებს, მსგავსება, რომელიც იძლეოდა საბაბს, ეჭვი შეეტანათ მის სიძველესა და მოციქულებრივ წარმომავლობაზე, აღმოვაჩინეთ, რომ ანტიოქიის კრების მე-3, 21-ე და 23-ე კანონებში არის გზავნილები ადრინდელი დადგენილებებისა, ხოლო შინაარსით ამ კანონებს შეესატყვისება მოციქულთა მე-14, მე-15 და 76-ე კანონები. ამასთან ერთად, მოციქულთა ამ კანონების გაცნობისას მათში მხოლოდ მოციქულთა ეპისტოლეებსა და წმინდა წერილის ჩანართებს ვხვდებით, მეორეც, ანტიოქიის კრების კანონები უფრო ვრცელია და თანმიმდევრული გარემოების შესატყვისობის მიხედვით, ვიდრე მოციქულთა კანონები, რაც ასევე მიუთითებს მათ გვიანდელ წარმომავლობაზე. დაბოლოს, მოციქულთა კანონები ამოდის უფრო ძველი და განსხვავებული ეკლესიის მოწყობიდან, ვიდრე ანტიოქიის ეკლესიის კანონები. მაგალითად, ყველაზე უფრო მსგავს კანონებში, როგორიცაა მოციქულთა 34-ე და ანტიოქიის კრების მე-9 კანონი, ყურადღებას იპყრობს შემდეგი: მოციქულთა კანონი საუბრობს საეკლესიო რეგიონების დაყოფაზე ეთნიკური პრინციპის მიხედვით: „ყველა ერის ეპისკოპოსებმა უნდა იცოდნენ მათ შორის პირველი და თავი ეპისკოპოსი და არაფერი ზედმეტი არ მოიმოქმედონ მისი ნებართვის გარეშე. ყოველი მათგანი მხოლოდ იმ საქმეს უნდა აკეთებდეს, რაც სასარგებლოა მისი ეკლესიისთვის და მასზე დაქვემდებარებული სოფლებისთვის. მაგრამ ნურც ეპისკოპოსი მოიმოქმედოს რამეს სხვებთან შეუთანხმებლად, ვინაიდან მხოლოდ ასე აღესრულება ერთნებობა და განიდიდება ღმერთი სულიწმიდის მადლით“ (მოციქულთა 34-ე კანონი). ხოლო ანტიოქიის კრების მე-9 კანონი ამოდის სამიტროპოლიტო რეგიონების მოწყობის პრინციპიდან, რომელიც იმპერატორ დიოკლიტიანეს მიერაა მიღებული IV საუკუნის დასაწყისში და იმპერიის ადმინისტრაციული პროვინციების დაყოფის სქემაზეა აგებული. ამიტომ უპირატესი ეპისკოპოსი ამ კანონში იწოდება მიტროპოლიტად: „თითოეული სამთავროს ეპისკოპოსები [უნდა ემორჩილებოდნენ] ეპისკოპოსს (მიტროპოლიტს), რომელსაც დედაქალაქის საყდარი უპყრია. ის ზრუნავს მთელ სამთავროზე, ვინაიდან დედაქალაქში მიისწრაფვის ყველა, ვისაც საქმე აქვს. ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ პატივითაც უპირატესი იყოს იგი და არაფერი ზედმეტი არ მოიმოქმედონ სხვა ეპისკოპოსებმა, რაც მან არ იცის, ჩვენი მამების ძველთაგანვე დამტკიცებული კანონისამებრ, გარდა იმისა, რასაც საჭიროდ მიიჩნევს თითოეული ეკლესია მის ფარგლებში შემავალი სოფლებით, ვინაიდან თითოეულ ეპისკოპოსს უფლება აქვს, თავისი ეკლესია განაგოს თავისი ღმრთისმოშიშების შესაბამისად და იზრუნოს მის ქალაქს დაქვემდებარებულ სოფლებსა და ადგილებზე, მაგალითად, აღასრულოს მღვდლებისა და დიაკვნების ხელდასხმა და აღასრულოს სამართალი თითოეული საქმისა. ხოლო ამიერიდან მათ არაფერი უნდა გააკეთონ დედაქალაქის ეპისკოპოსის (მიტროპოლიტის) გარეშე, მაგრამ ნურც დედაქალაქის [ეპისკოპოსი] გააკეთებს ნურაფერს სხვა ეპისკოპოსებთან შეთანხმების გარეშე“.

წმინდა მოციქულთა კანონების ბედი სხვადასხვაგვარად ვითარდებოდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებში. არსებობდა სხვადასხვა ასლი ბერძნული ორიგინალისა, ზოგში იყო 85, ზოგში კი – 50 კანონი. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა იუსტინიანემ შეიყვანა 85 კანონი 50-ტიტულიან კანონიკურ კრებულში. VII საუკუნის ბოლოს ტრულის კრებამ თავისი მეორე კანონის კანონთა ნუსხაში პირველ ადგილზე დააყენა წმინდა მოციქულთა კანონები: „ბრწყინვალედ და უაღრესი ყურადღების ღირსად მიიჩნია ამ წმინდა კრებულმა ისიც, რომ ამიერიდან სულის საკურნებლად და ვნებათა დასაცხრომად მტკიცედ და ურღვევად რჩება ჩვენი წინამორბედი წმინდა და ნეტარი მამების მიერ შეწყნარებული და დამტკიცებული, და მათ მიერ ჩვენთვის წმინდა და დიდებულ მოციქულთა სახელით გადმოცემული ოთხმოცდახუთი კანონი...“. ტრულის კრების წმინდა მამები კანონებს უშუალოდ მოციქულთა მიერ დაწერილად არ მოიხსენიებენ, მაგრამ მათგან გადმოცემულად მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, მათ აყენებენ პირველ ადგილზე კანონიკურ კანონთა ნუსხაში და მოციქულთა ავტორიტეტს უკავშირებენ.

V საუკუნის დასაწყისში რომის აბატმა დიონისე მცირემ „წმინდა მოციქულთა კანონები“ თარგმნა ლათინურ ენაზე. მან გამოიყენა ხელნაწერი, რომელშიც 50 კანონი იყო დაცული. თავისი თარგმანის წინასიტყვაობაში დიონსე წერდა, რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში ეს კანონები არ იყო საყოველთაოდ აღიარებული და არ მიიჩნეოდა მოციქულთა მიერ შედგენილად. VI საუკუნის დასაწყისში, რომის პაპ გელასის დროს, რომის ეკლესიის ადგილობრივ კრებაზე ის აპოკრიფულ წიგნად შერაცხეს. მიუხედავად ამისა, რაკიღა მოციქულთა კანონების 50 კანონი დიონისეს კანონიკურ კრებულში შევიდა, დასავლეთის, ანუ რომის ეკლესიაში მან საყოველთაო აღიარება მოიპოვა და ამ მას, ბოლოს და ბოლოს, მიენიჭა კანონიკური ავტორიტეტი. დასავლეთი ბოლო 35 კანონის ავტორიტეტს უარყოფს იმ მიზეზით, რომ ზოგიერთ მათგანში დაცული ნორმები არ ეთანხმება დასავლეთის ეკლესიის ტრადიციას.

მივაქციოთ ყურადღება კათოლიკეების მიერ უარყოფილ პირველივე, ანუ 51-ე კანონს: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან, საერთოდ, ვინმე სამღვდელოთაგანი განუდგება ქორწინებას, ხორცისა და ღვინის არდათმინების ღვაწლის გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ სისაძაგლედ მიიჩნევს, გამოსწორდეს, თუ არადა, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს და ეკლესიიდან გაძევდეს, რადგან მას ავიწყდება, რომ ყოველივე კეთილია ფრიად და რომ როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, მამაკაცად და დედაკაცად ჰყო იგი, და თავისი ქმედებით შეურაცხყოფს და ცილს სწამებს შემოქმედს; ასევე ერისკაციც“. ცხადია, ეს კანონი რომის ეკლესიაში მიღებულ სასულიერო პირების საყოველთაო ცელებატობის შესახებ ტრადიციას ეწინააღმდეგება.

მოციქულთა 64-ე კანონი კრძალავს შაბათის მარხვას: „თუ ვინმე სასულიერო პირთაგანი მარხვას შეინახავს კვირას ან შაბათს, გარდა ერთი დღისა (იგულისხმება დიდი შაბათი), განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს“. საგულისხმოა, რომ ესეც მათ ტრადიციაში მოქმედებს. 77-ე კანონი კი ადგენს: „თუ ვინმე თვალთ აკლდეს ან ფეხები ჰქონდეს დაზიანებული, მაგრამ ეპისკოპოსობის ღირსი იყოს, გახდეს ეპისკოპოსი, რადგან კაცს ბიწიერად აქცევს არა ხორციელი ნაკლი, არამედ სულის ჭუჭყი“. ეს კანონიც არ ეთანხმება კათოლიკეთა ტრადიციას, რომელიც მიიჩნევს, რომ ფიზიკური ნაკლი დამაბრკოლებელია სასულიერო პირისთვის.5

7. ნიკეის ეპოქამდე არსებული წმინდა მამათა კანონები

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ კოდექსში შევიდა იმ სამი წმინდა მამის კანონთა ნუსხა, რომლებიც მოღვაწეობდნენ მილანის ედიქტის გამოცემამდე. ესენია: ნეტარი დიონისე ალექსანდრიელის, წმინდა პეტრე ალექსანდრიელისა და წმინდა გრიგოლ საკვირველმოქმედის, ნეოკესარიის ეპისკოპოსის, კანონები.

ნეტარი დიონისე (265 წ.). იგი ხელმძღვანელობდა სახელგანთქმულ ალექსანდრიის საღვთისმეტყველო სკოლას და ალექსანდრიის კათედრის საჭეთმპყრობელი იყო, მთავარეპისკოპოსის ხარისხით. გამორჩეოდა წმინდა ცხოვრებით, ღრმა საღვთისმეტყველო განათლებით, მოშურნეობით, ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლების დაცვით პავლე სამოსატიელისა და საველიოსის მწვალებლობებისგან. ნეტარი დიონისეს კანონები იყოფა ოთხ კანონად. ეს არის ეპისტოლე, რომელიც მან პასუხად გაუგზავნა 260 წელს ლიბიის ეპისკოპოსს ბასილის მის ოთხ შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა საეკლესიო დისწიპლინარულ საკითხებს.

წმინდა გრიგოლ სასწაულმოქმედი (270 წ.) ასევე ალექსანდრიის საღვთისმეტყველო სკოლის წარმოადგენელია, გამორჩეული განსაკუთრებული ღვთისმოსაობით, ღრმა საღვთისმეტყველო ცოდნით. მისი ისტორიიდან ცნობილია, რომ როდესაც ის გამოარჩიეს ეპისკოპოსად, ნეოკესარიაში ქრისტიანთა თემი სულ 17 მორწმუნისგან შედგებოდა, მაგრამ წმ. გრიგოლის საღვთო მოშურნეობით მრავალი წარმართი მოექცა ქრისტიანობაზე და მისი გარდაცვალების ჟამს მხოლოდ 17 წარმართიღა დარჩენილიყო ქალაქში, ყველა დანარჩენს ქრისტიანობა მიეღო. წმინდა გრიგოლ საკვირველმოქმედმა დატოვა მრავალი თხზულება, მათ შორის კანონიკური წერილები, რომელიც 258 წელს დაწერა. წმინდა გრიგოლ სასწაულმოქმედი წერს ცოდვის ჩადენის შედეგად მიღებულ სიმძიმეებზე და ცოდვის ჩამდენთ განუწესებს სასჯელებს – ზიარებისგან განყენებას სხვადასხვა ვადით. ეპისტოლე დაყოფილია 12 კანონად.

წმინდა პეტრე ალექსანდრიელი მოწამებრივად აღესრულა 311 წელს. ის ხელმძღვანელობდა ალექსანდრიის საღვთისმეტყველო სკოლას 295-311 წლებში, როდესაც ის აირჩიეს ალექსანდრიის კათედრაზე. 303 წელს დიოკლეტიანეს მიერ გამოიცა ბრძანება ქრისტიანთა დევნის შესახებ. დევნის დროს ზოგიერთი ქრისტიანი, სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, უარყოფდა ქრისტეს. შემდეგ კი, სინდისისგან მხილებული, სულმოკლეობით ქრისტეს უარმყოფელი, კვლავ ითხოვდა ეკლესიის წიაღში დაბრუნებას. მონანულთადმი თანადგომით აღძრულმა წმინდა პეტრე ალექსანდრიელმა 306 წელს დაწერა თხზულება „სიტყვა სინანულის შესახებ“, რომელშიც დაადგინა ნორმები, რითაც უნდა ეხელმძღვანელათ მონანულ განდგომილთა უკან დასაბრუნებლად. კანონიკურ კრებულში მისი „სიტყვა სინანულის შესახებ“ 14 კანონად დაყოფილი შევიდა.

ასე რომ, ნიკეის კრების ეპოქამდე ყველა საეკლესიო-კანონმდებლობითი ლიტერატურიდან მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ კოდექსში შევიდა: მოციქულთა 85 კანონი, ნეტარი დიონისე ალექსანდრიელის 4 კანონი, წმინდა გრიგოლ სასწაულმოქმედის 12 კანონი და პეტრე ალექსანდრიელის 14 კანონი.

1 Никодимъ, Православное Церковное Право, СПб., 1897, გვ. 43.

2 Никодимъ, Православное Церковное Право, СПб., 1897, გვ. 42.

3 В. Цыпин, Церковное Право, 1996, გვ. 30-52.

4 Никодимъ, Православное Церковное Право, СПб, 1897, გვ. 63.

5 В. Цыпин, Церковное Право, 1996, გვ. 49-50.

საეკლესიო სამართლის ბერძნული წყაროები მსოფლიო კრებათა ეპოქაში

1. პირველი მსოფლიო კრება

მილანის ედიქტით იწყება ახალი ეპოქა ქრისტიანობის ისტორიაში. ეს არის ჰარმონიული ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის – მსოფლიო კრებათა ეპოქა, რომელზეც, სულიწმიდის მადლით, წმინდა მამათა მიერ ჩამოყალიბდა უცდომელი დოგმატები და დადგინდა კანონები. ამ კანონებით ხელმძღვანელობს ეკლესია მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, დღევანდელი დღის ჩათვლით.

მსოფლიო კრებათა გარდა, ეკლესიის ისტორიის ამ პერიოდში რეგულარულად ტარდებოდა ადგილობრივი კრებები. ათი ადგილობრივი კრების დისციპლინარული დადგენილებები მსოფლიო ეკლესიის მიერ აღიარებული და მიღებულია. მათ საყოველთაო-სავალდებულო კანონთა ძალა აქვს. საყოველთაო აღიარება მინიჭებული აქვს წმინდა მამათა კანონებსაც.

პირველი მსოფლიო კრება ჩატარდა ქალაქ ნიკეაში 325 წელს. ამის შესახებ ზონარა წერდა: „წმინდა და მსოფლიო პირველი კრება ჩატარდა კონსტანტინე დიდის დროს, როდესაც ბითვინიის ნიკეაში შეიკრიბა სამას თვრამეტი წმინდა მამა არიოზის – ალექსანდრიის ეკლესიის ყოფილი პრესვიტერის მწვალებლობის წინააღმდეგ – რომელმაც წარმოთქვა მკრეხელობა ძე ღმერთის, იესო ქრისტეს მიმართ და ამბობდა, რომ ის არ იყო ერთარსი ღმრთისა და მამისა, არამედ არის ქმნილება, და იყო დრო, როდესაც იგი არ იყო. არიოზი წმინდა კრებამ განკვეთა და ანათემას გადასცა, მისი მკრეხელობის მხარდამჭერებთან ერთად, და დაამტკიცა დოგმატი:

„და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა“.

აღნიშნული კრება პირველად იწოდება მსოფლიო კრებათა შორის. თუმცა, მანამდეც იყო სხვა ადგილობრივი კრებები, მაგრამ ის უპირატესადაა მიჩნეული მანამდე ჩატარებულ სხვა კრებებზე“.6

შეკრებილ მამათა შორის იყვნენ დიდი მნათობი წმინდანები: ნიკოლოზ მირონლუკიის ეპისკოპოსი, საკვირველმოქმედი, ალექსანდრე ალექსანდრიელი, ევსტაფი ანტიოქიელი, მაკარი იერუსალიმელი, სპირიდონ ტრიმითუნტიელი და სხვ. კრებაზე დამსწრე, საღვთო მოშურნეობით, საღვთისმეტყველო ცოდნითა და მჭევრმეტყველებით გამორჩეულ პრესვიტერთა და დიაკვანთაგან დავასახელებთ ათანასე ალექსანდრიელს. კრებამ გამოსცა 20 კანონი, რომელიც ეხება საეკლესიო დისციპლინის სხვადასხვა საკითხს. ეს კანონები მალევე მიიღო მსოფლიო ეკლესიამ.

2. მეორე მსოფლიო კრების კანონები

მეორე მსოფლიო კრება შეიკრიბა კონსტანტინეპოლში იმპერატორ თეოდოსის მმართველობის დროს, 381 წელს. კრებას ესწრებოდა 150 ეპისკოპოსი. ესენი იყვნენ სრულად აღმოსავლეთის ეკლესიის მღვდელმთავრები, ამიტომ რომის ეკლესიამ პირველ ეტაპზე არ ცნო ამ კრების ავტორიტეტულობა, როგორც მსოფლიო კრებისა. კონსტანტინეპოლის მეორე მსოფლიო კრებას თავმჯდომარეობდა წმინდა მელეტი ანტიოქელი. მისი გარდაცვალების შემდეგ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა გააგრძელა თავმჯდომარეობა, ხოლო შემდეგ კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსმა ნექტარიოსმა.

მეორე მსოფლიო კრებამ დაგმო არიანელობა, ნახევრად არიანელობა და მაკედონის ერესი, მაკედონისა და მის თანამოაზრეთა მწვალებლური სწავლება, რომელიც უარყოფდა სულიწმიდის ღვთაებრიობას. მეორე მსოფლიო კრებასთანაა დაკავშირებული მრწამსის ტექსტის ჩამოყალიბება-გადმოცემა, დაამატეს ზოგიერთი გამოთქმა ძე ღვთისაზე, მოძღვრება სულიწმიდაზე („და სულიწმიდა, უფალი და ცხოველსმყოფელი“), ეკლესიის ერთიანობაზე („ერთი წმიდა კათოლიკე“), ნათლობის საიდუმლოზე („აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა“) და მკვდრეთით აღდგომაზე („მოველი აღდგომასა...“).

კრებამ, რომელმაც შეიმუშავა და დაამტკიცა 7 კანონი, მაკედონი და მისი თანამოაზრენი განიოტა, ე. ი. განკვეთა.

მეორე მსოფლიო კრებამ გამოსცა ეპისტოლე, რომელიც შემდეგ დაიყო 7 კანონად. მათგან მე-3 კანონს რომის ეკლესია უარყოფს, რადგან ამ კანონში ამაღლებულია კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსის ღირსება რომის ეპისკოპოსის დარად: „რადგან კონსტანტინეპოლი ახალი რომია“, ე. ი. მეფის ქალაქია.

ცნობილია, რომ რომში კათედრების ღირსებას აკავშირებდნენ არა ქალაქების პოლიტიკურ მნიშვნელობასთან, არამედ მათი თემის სამოციქულო წარმოშობასთან, ამიტომაც დიპტიქში პირველ ადგილზე აყენებდნენ რომის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის ეკლესიებს, რომლებიც მოციქულმა პეტრემ და მისმა მოწაფემ მარკოზმა დააფუძნეს. რომაელი ეპისკოპოსები რამდენიმე ასწლეულის მანძილზე ჯიუტად ეწინააღმდეგებოდნენ კონსტანტინეპოლის კათედრის ამაღლებას.

3. მესამე მსოფლიო კრება

მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება შედგა ქ. ეფესოში, 431 წელს, იმპერატორ თეოდოსი მცირის (408-450 წწ.) მოწვევით. კრებას ესწრებოდა 200 ეპისკოპოსი. ძირითადად, აღმოსავლეთის ეკლესიის ეპისკოპოსები. რომის პაპ ცელესტინეს წარმოადგენდნენ მისი ლეგატები. 7 ივნისისათვის დანიშნული კრება, დამაბრკოლებელი მიზეზებისა გამო, გაიხსნა 22 ივნისს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში. კრებას თავმჯდომარეობდა კირილე ალექსანდრიელი; კრების განხილვის საგანს შეადგენდა კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოს ნესტორის მწვალებლური აზრის უარყოფა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მარიამმა დაბადა კაცი, რომელსაც მერე შეუერთდა მადლით სიტყვა ღვთისა, ასე რომ, მარიამი არ იყო ღვთისმშობელიო. ნესტორი, მიუხედავად ოთხგზის მიწვევისა, კრებაზე არ გამოცხადებულა.

კრებაზე სხვა საკითხთან ერთად გაირჩა კვიპროსელი ეპისკოპოს რეგინის საჩივარი იოანე ანტიოქიელ ეპისკოპოსზე; ეს უკანასკნელი ცდილობდა კვიპროსის კუნძულის თავისადმი დაქვემდებარებას, მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსის ეკლესიას მოციქულთა დროიდან მართავდა დამოუკიდებელი ეპისკოპოსი, რომელიც კუნძულის ეპისკოპოსთა მიერ იყო გამორჩეული, რასაც, როგორც კანონიკურ აქტს, განამტკიცებდა ნიკეის კრების ის დადგენილებაც, რომლის მიხედვით ყველა ეკლესიას (ფართო ცნებით) შენარჩუნებული ჰქონდა საკუთარი უპირატესობა. ეს საკითხი ამ კრების მე-8 კანონით გადაწყდა. მართვა-გამგეობის მხრივ, ეფესოს კრებამ გამოსცა 8 კანონი და ერთი ეპისტოლე პამფილიის კრებისადმი (მცირე აზიაში იყო), რომელიც მე-9 კანონად იწოდება.

4. მეოთხე მსოფლიო კრება

მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება მოიწვიეს ქ. ქალკიდონში, 451 წელს. კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდნენ მთავარეპისკოპოსები ანატოლი კონსტანტინეპოლელი, მაქსიმე ანტიოქიელი, იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი იუვენალი, ასევე რომის პაპის ლეგატები, როგორც ზონარა წერს, მეოთხე წმინდა მსოფლიო კრება შეიკრიბა იმპერატორ მარკიანეს მმართველობისას. გაიხსნა 8 ოქტომბერს და დასრულდა 1 ნოემბერს. კრებაზე მონაწილეობას იღებდა საქრისტიანო მსოფლიოს 630 მღვდელმთავარი.

კრების განხილვის უმთავრეს საკითხს შეადგენდა კონსტანტინეპოლელ არქიმანდრიტ ევტიქის მწვალებლური სწავლების უარყოფა. ევტიქი ამტკიცებდა, რომ იესო ქრისტეში იყო მხოლოდ ერთი ღვთა ებრივი ბუნება და ერთი ნებისყოფა. კაცის ბუნება და კაცის ნებისყოფა კი შთანთქმული იყო ღვთაებრივი ბუნებისა და ნებისყოფის მიერო. ამ სწავლებას ეწოდა მონოფიზიტობა (ბერძ.), ანუ ერთბუნებიანობა. კრებაზე წაიკითხეს პაპ ლევის წერილი, რომელშიც გადმოცემულია დოგმატი, რომ „იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი, ჩვენი მსგავსი, ცოდვის გარეშე; განხორციელებისას მას აქვს ერთი პირი და ორი ბუნება, შეერთებული მასში ერთპირად, შეურევნელად და განუყოფლად“.

მეოთხე მსოფლიო კრებამ, რომელსაც „ძეგლი მართლმადიდებლობისა“ ეწოდა, განაჩინა, აღიაროს ქრისტეში შეერთება ორ ბუნებათა: განუყოფლად, განუყრელად, შეურევნელად და უქცეველად. კრებამ ევტიქი და მისი თანამოაზრენი (ანუ მონოფიზიტები) განკვეთა. ქრისტიანულ მსოფლიოში მათ სწავლებას მისდევს სომხურ კონფესია. კრებამ გამოსცა სულ 30 კანონი.

დასავლეთის კანონიკურ კრებულებში შესულია მხოლოდ 27 კანონი მეოთხე მსოფლიო კრებისა. 28-ე კანონი, რომელიც ადგენს კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსის პრეროგატივებს, კრებაზევე გასაჩივრდა რომის პაპის ლეგატთაგან, რადგან მეორე მსოფლიო კრების მესამე კანონს ეყრდნობოდა: „მივყვებით ყველა საკითხში წმინდა მამათა განწესებებს და ვაღიარებთ ამჟამად წაკითხულ კანონს ას ორმოცდაათი ღვთისსათნომყოფელ ეპისკოპოსთაგან, რომლებიც კონსტანტინეპოლში, ახალ რომად წოდებულ ქალაქში, იყვნენ შეკრებილნი ნეტარხსენებული იმპერატორის, თეოდოსის ზეობისას; ჩვენც იმავეს განვაჩინებთ და ვამტკიცებთ კონსტანტინეპოლის, ამ ახალი რომის წმინდა ეკლესიის უპირატესობას, რადგან ძველი რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უპირატესობა, რადგან ის სამეფო ქალაქი იყო. იმავე აზრით აღძრულმა ას ორმოცდაათმა ღვთისსათნომყოფელმა ეპისკოპოსმაც მისი თანაბარი უპირატესობა მიანიჭა ახალი რომის წმინდა საყდარს და განსაზღვრა სამართლიანად, რომ ქალაქი, რომელსაც პატივი ერგო, ყოფილიყო მეფისა და სენატის ადგილსამყოფელი და ძველ სამეფო ქალაქ რომის თანასწორი უპირატესობა მიეღო, საეკლესიო საქმეებშიც მის მსგავსად განდიდდება და მის შემდეგ მეორე იქნება. მხოლოდ ამიტომ პონტოს, აზიისა და თრაკიის სამთავროების მიტროპოლიტები, ასევე აღნიშნული სამთავროების უცხოტომელთა ეპისკოპოსები, უნდა დადგინდნენ კონსტანტინეპოლის ეკლესიის წმინდა საყდრის მიერ; შესაბამისად, ზემოდასახელებული სამთავროების თითოეულმა მიტროპოლიტმა სამთავროს ეპისკოპოსებთან ერთად უნდა დაადგინონ ეპარქიის ეპისკოპოსები, როგორც ეს საღვთო კანონებით არის დაწესებული; ხოლო თავად მიტროპოლიტები, ზემოთ დასახელებული სამთავროებისა, როგორც უკვე ითქვა, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსის მიერ დგინდება, ოღონდ, ჩვეულებისამებრ, მისი გამორჩევა წინასწარ უნდა მოხდეს ერთსულოვნად და შემდეგ წარედგინოს მას ხელდასხმისათვის“.

5. კონსტანტინეპოლის მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები

(ტრულის, ან სხვაგვარად V-VI მსოფლიო კრება)

V და VI მსოფლიო კრებებზე განიხილებოდა მხოლოდ დოგმატური საკითხები. დისციპლინური კანონები მას არ გამოუცია, მაგრამ VI მსოფლიო კრებიდან 10 წლის შემდეგ, 691 წლის 1 სექტემბერს, იმპერატორ იუსტინიანე II-ის მოწვევით სასახლის ტრულის (გუმბათის) პალატაში შეიკრიბა 227 მამა კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის პატრიარქებისა და რომის პაპის ლეგატების თავმჯდომარეობით. კრების სხდომები გაგრძელდა ზუსტად ერთ წელს, 692 წლის 31 აგვისტომდე და თავისი მოღვაწეობა გამოამზეურა საეკლესიო-დისციპლინური კანონებით. ამ კრების 102 კანონს მართლმადიდებლურ ეკლესიაში აქვს მსოფლიო კრებათა კანონების ავტორიტეტი.

პაპის ლეგატი, გორტენიის მთავარეპისკოპოსი ვასილი, ხელს აწერს კრების აქტს. როდესაც მეშვიდე მსოფლიო კრებაზე ტრულის კრების კანონები მოიხსენიეს, როგორც მეექვსე მსოფლიო კრების კანონები, რომის პაპის ლეგატები არ აპროტესტებდნენ. რომის პაპი ანდრიანე პირველი, თავის წერილში კონსტანტინეპოლის პატრიარქ ტარასისადმი, აღიარებს ამ კანონების. შუა საუკუნეებში რომის პაპი ინოკენტი მესამე ტრულის კრების 82-ე კანონს იხსენიებს მეექვსე მსოფლიო კრების კანონად. ტრულის კრების კანონების უმრავლესობა შევიდა დასავლეთის ეკლესიის კლასიკურ კანონიკურ კრებულში „გრაციანეს დეკრეტში“. თუმცა დღეს კათოლიკე კანონისტები და პატროლოგები (გერგენპეტერი, გეფელე, პიტრა) უარყოფენ ამ კანონების ავტორიტეტულობას. ავტორები აპელირებენ კათოლიკური ეკლესიის გაუთვალისწინებლობას ამ კრების ზოგიერთ კანონში.

ტრულის კრების მეორე კანონი ჩამოთვლის იმ კრებებს (როგორც მსოფლიო, ისე ადგილობრივს), რომელი კანონების ავტორიტეტსაც აღიარებს. ამასთან ერთად, ის ახსენებს და აღიარებს მოციქულთა 85 კანონსაც: „ფრიად კეთილად და ყოვლად სასწრაფოდ ადგენს ეს წმინდა კრება, რათა ამიერიდან მტკიცედ და შეუცვლელად დარ ჩეს ჩვენი სულისა და ვნებათა საკურნებლად ჩვენს წინამორბედ წმინდა და ნეტარ მამათა მიერ შეწყნარებული და ჩვენთვის მოციქულთა სახელით მოცემული ოთხმოცდახუთი კანონი. ამ კანონებით გვემცნო, რომ კლიმენტის მიერ გადმოცემული წმინდა მოციქულთა განწესებანი შეგვეწყნარებინა, მაგრამ რადგანაც კლიმენტისეულ დადგენილებებში ოდესღაც მწვალებლებმა ეკლესიისათვის საზიანოდ შეიტანეს სიყალბე და კეთილმსახურებისათვის უცხო, და ნათელი დაუჩრდილეს საღვთო სწავლების კეთილმშვენიერ სილამაზეს, ამიტომ ქრისტიანული სამწყსოს შეგონებისა და მფარველობის მიზნით, კლიმენტის მიერ გადმოცემული ეს დადგენილებანი ღვთივბრძნობით გვერდზე გადავდეთ, რათა არასგზით დაგვეშვა მწვალებლური ცრუსიტყვიერების გავრცობა და მათი შერევა მოციქულთა წმინდა და სრულყოფილ სწავლებასთან.

ვამტკიცებთ აგრეთვე ჩვენს წმინდა ნეტარ მამათა მიერ დადგენილ სხვა სამღვდელო კანონებს: ნიკეას შეკრებილ სამას თვრამეტ წმინდა მამათა მიერ, ანკვირიას, ნეოკესარიას, ღანგრას, ამათთან ერთად ასურეთის ანტიოქიაში, ფრიგიის ლაოდიკიაში და შემდეგ ღმრთივდაცულ ამ სამეფო ქალაქში შეკრებილ ას ორმოცდაათ მამათაგან, ეფესოში პირველად შეკრებილ ორასი, და ქალკედონში შეკრებილ ექვსასი მამისაგან; ასევე ვიწყნარებთ და ვამტკიცებთ კანონებს, მიღებულთ სარდიკისა და კართაგენში და კვლავ ამ ღვთივდაცულ სამეფო ქალაქში კონსტანტინეპოლის საყდრისმპყრობელ ნეკტარიოსის დროს; ამათ გარდა, განწესებებს დადგენილთ: ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს თეოფილეს, დიონისე ალექსანდრიელს, მთავარეპისკოპოსისა და მოწამის პეტრე ალექსანდრიელის, ნეოკესარიელ ეპისკოპოს გრიგოლ სასწაულმოქმედის, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს ათანასეს, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოს ბასილის, ეპისკოპოს გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, ამფილოქე იკონიელის, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს ტიმოთე პირველის, ამავე ქალაქ ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს თეოფილეს, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს კირილეს და ამ ღვთივდაცულ სამეფო ქალაქის პატრიარქ გენადის მიერ;

აგრეთვე აფრიკის ქვეყნების მთავარეპისკოპოსისა და მოწამის კვიპრიანესაგან და მასთან ერთად შეკრებილ მამათაგან დასხმულ კანონს, რომელთა განწესებაც მხოლოდ ხსენებულ წინამძღვრისადმი დაქვემდებარებულ ადგილებში იყო შენარჩუნებული მათი ჩვეულების შესაბამისად. ნუმცა მიეცეს ვინმეს ნება ზემოაღნიშნული კანონების შეცვლის, ან უარყოფის, ან წინამდებარე კანონთა ნაცვლად, სხვა კანონების შეწყნარებისა, ცრუ სახელით დაწერილისა ზოგიერთი ადამიანის მიერ, რომელთაც ეყოთ კადნიერება ჭეშმარიტებით ევაჭრათ. ხოლო იმ პირს, რომელიც დასახელებული კანონების შეცვლასა და გაუკუღმართებაში იმხილება, ისეთი ეპიტიმია უნდა დაედოს, როგორსაც მის მიერ დარღვეული კანონი განაჩინებს და ამ გზით განიკურნოს იმისგან, რაშიაც შესცოდა“.

6. ნიკეის წმიდა მეშვიდე მსოფლიო კრების კანონები

VII მსოფლიო საეკლესიო კრება მოიწვიეს დედოფალ ირინესა და მისი ძის, კონსტანტინეს, მმართველობის დროს, 787 წელს, ქალაქ ნიკეაში. კრებას თავმჯდომარეობდა კონსტანტინეპოლის პატრიარქი ტარასი. კრება გაგრძელდა ერთ წელიწადს. მას ესწრებოდა 367 ეპისკოპოსი. ქრისტიანთა უკანასკნელი დევნა გამოწვეული იყო ხატთაყვანისცემის გამო და ხსენებული კრების მიზანიც ხატთაყვანისცემის აღდგენით გამოიხატებოდა. ხატთა თაყვანისცემისათვის ქრისტიანთა დევნა უკანასკნელი და ხანგრძლივი იყო. ნიკეის კრებამ, რომელმაც გამოსცა 22 კანონი, განამტკიცა ხატთაყვანისცემა. დასავლეთის ეკლესიამ ის მიიღო IX საუკუნის ბოლოს, პაპ იოანე მერვეს ბრძანებით, მისი ბიბლიოთეკარის – ანასტასის მიერ.

7. ადგილობრივ კრებათა კანონები

ორი ადგილობრივი კრება, რომელთა კანონები შევიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ კოდექსში, გაიმართა პირველ მსოფლიო კრებამდე. პირველი მათგანი იყო ანკვირიისა, რომელიც მოიწვიეს 314 წ., გალატეას პროვინციის მთავარ ქალაქში. ამის შესახებ ზონარა წერდა: „ამ კრებაზე შეიკრიბნენ მამები, რომელთა შორის უპირატასები იყვნენ ანტიოქიისა და სირიის ეპისკოპოსი ვიტალი, აგრიკოლე კესარია-კაბადოკიის ეპისკოპოსი, ასევე მოწამებრივად აღსრულებული ამასიის ეპისკოპოსი ბასილი. ქრისტიანთა დევნის დროს ზოგიერთი ბოლომდე ვერ უძლებდა წამებას, ვეღარ უწევდნენ მდევნელებს წინააღმდეგობას და მსხვერპლს სწირავდნენ კერპებს, შემდეგ კი ზოგიერთები ნანობდნენ და ბრუნდებოდნენ ეკლესიაში აღსარებისთვის. ამიტომ გაჩნდა კითხვა: როგორი სახით მიეღოთ ქრისტეს უარმყოფელნი ეკლესიაში. ამ საკითხზე დაადგინა კანონები ამ კრებამ“.

როგორც ეპისკოპოსი პეტრე ლულე ამბობს, ცხრამეტ კანონს, რომელიც მიიღეს ანკვირიაში, დაემატა ექვსი კანონი, რომელიც იწოდება ანკვირიის კრების მე-20-25-ე კანონებად, რომლებიც მიღებული იყო კესარია-კაპადოკიაში, იმავე წელს. კრების ჩატარებისა და მისი კანონების შესახებ საუბრობს ძველი ლათინური და სირიული წყაროები.

ამ ორი კრების გაერთიანებას ხელს უწყობდა როგორც მათი მოწვევის ქრონოლოგიური სიახლოვე, ისე ანკვირიისა და კესარიის გეოგრაფიული მეზობლობა. ამას ის გარემოებაც ემატებოდა, რომ კესარიის კრების მონაწილე ოცი მამიდან ხუთი ანტიოქიის კრებასაც ესწრებოდა.

დაახლოებით 319 წელს ნეოკესარიის კრება მოიწვიეს, რომელსაც თავმჯდომარეობდა ვიტალი ანტიოქიელი. რადგან ის 319 წელს გარდაიცვალა, ამ თარიღზე გვიან ეს კრება ვერ ჩატარდებოდა. ნეოკესარიის კრებას ეკუთვნის თხუთმეტი კანონი.

IV საუკუნის შუა პერიოდში, დაახლოებით 340 წელს, შედგა ღანგრის კრება. ეპისკოპოსი ნიკოდიმ მილაში მიიჩნევს, რომ ის ჩატარდა 343 წელს.

ამ კრების მოწვევის მიზანზე ზონარა წერდა: „კრება ღანგრაში, პაფლაგოონიის მიტროპოლიაში, პირველი მსოფლიო კრების შემდეგ ჩატარდა, ევსტატისა და მისი მიმდევრების წინააღმდეგ, რომლებიც კანონიერი ქორწინების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ და ამბობდნენ: ვინც იქორწინებს, მათ არ უნდა ჰქონდეთ ცხონების იმედიო... ისინი ასწავლიდნენ ასევე კვირადღის მარხვასაც, ხოლო ეკლესიის მიერ დადგენილ მარხვებს უარყოფდნენ, თაკილობდნენ ხორცის მიღებას, არ ლოცულობდნენ დაოჯახებული ადამიანების სახლებში. არ იღებდნენ, უარყოფდნენ დაქორწინებულ სასულიერო პირებს და აძაგებდნენ ისეთ ადგილებს, სადაც ინახებოდა წმინდა მოწამეთა ნეშტი. განიკითხავდნენ ასევე მათ, ვისაც ჰქონდა თანხა და მათ არ აძლევდა, თითქოსდა მათთვის წარმოუდგენელი იყო ცხონება... კრების მამებმა მიიღეს კანონები, ყველა მათგანს ანათემა ერთოდა...“. ღანგრის კრებამ სულ 21 კანონი მიიღო.

კანონიკურ კრებულში ღანგრის კრების კანონებს მოსდევს ანტიოქიის კრების 25 კანონი. ანტიოქიის აღნიშნული კრება ჩატარდა დაახლ. 330-340 წლებში. თავდაპირველად რომის ეკლესია არ ცნობდა ანტიოქიის კრებას, მაგრამ დროთა განმავლობაში დამოკიდებულება შეცვალა. 534 წელს პაპი იოანე მეორე კესარია-ალექსანდრიელის მიმართ გაგზავნილ წერილში ანტიოქიის კრების მე-4 და მე-15 კანონებს იმოწმებს.

ანტიოქიის კრების კანონების შემდეგ კანონიკურ კოდექსში შესულია 60 კანონი ლაოდიკიის კრებისა. ეს კრება IV საუკუნის მეორე ნახევარში ჩატარდა.

კონსტანტინეპოლის 394 წლის კრებამ, რომელსაც ესწრებოდნენ კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსი ნექტარიუსი, თეოფილე ალექსანდრიელი, ფლაბიანე ანტიოქიელი და ასევე 17 მღვდელმთავარი, რომელმაც გამოსცა დადგენილება იმის შესახებ, რომ ეპისკოპოსის პატივის აყრისთვის არასაკმარისია სამი ან ორი ეპისკოპოსის მსჯავრით გამოტანილი გადაწყვეტილება, არამედ საჭიროა შეკრება უფრო ბევრი ეპისკოპოსისა ან მთლიანად იმ რეგიონის მღვდელმთავართა. ეს დადგენილება შევიდა კანონიკურ კორპუსში. ასევე კანონიკურ კორპუსში შესულია სარდიკიის 343-344 წლების კრების 20 კანონი, და კართაგენის კრების 138 კანონი. ეს კრება 419 წელს გაიმართა.

პატრიარქ ფოტის სახელთანაა დაკავშირებული კონსტანტინეპოლის სამი კრება – 861, 869 და 879 წლებისა. პირველმა მათგანმა, ორგზისმა, შემდგარმა წმ. მოციქულების ტაძარში იმპერატორ მიხეილ III-ის, პაპის ლეგატებისა და 318 ეპისკოპოსის მონაწილეობით, დაამტკიცა წმ. ფოტის არჩევა საპატრიარქო კათედრაზე და წმ. ეგნატეს დამხობა. 869 წლის კრებამ პაპის მოთხოვნით გააუქმა წინა კრების დადგენილება, გამოაცხადა წმ. ფოტის გადადგომა და დედაქალაქის კათედრაზე ეგნატეს აღდგენა. 879 წლის კონსტანტინეპოლის კრება მოიწვიეს აია სოფიის ტაძარში. მას თავმჯდომარეობდა საპატრიარქო ღირსებაში აღდგენილი წმ. ფოტი, უკვე წმ. იგნატის სიკვდილის შემდეგ. კრებაში მონაწილეობდა 383 მამა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებისა. კრებამ აღადგინა გაწყვეტილი ურთიერთობა აღმოსავლური და დასავლური ეკლესიებისა. თითოეულმა ამ კრებამ გამოსცა კანონები. კათოლიკური ეკლესია აღიარებს 869 წლის კრებას, როგორც VIII მსოფლიო კრებას. ამის საპირისპიროდ მართლმადიდებელი ეკლესია კანონიკურ მნიშვნელობას ანიჭებს მხოლოდ ორგზისი კრების კანონებს და აგრეთვე, წმ. სოფიის ტაძრის კრებას და უარყოფს 869 წლის კრებას. ორგზისმა კრებამ გამოსცა 17, ხოლო წმ. სოფიის ტაძრის კრებამ – 3 კანონი.7

8. წმიდა მამათა კანონები

კანონიკურ კრებებში მსგავსად ნიკეამდელი ეპოქის წმ. მამების კანონებისა, შევიდა ასევე კანონები ცხრა მამისა, რომელთაც იხსენებს ტრულის კრების მე-2 კანონი. ესენია: წმ. ათანასე დიდის, ბასილი დიდის, გრიგო ლი ღვთისმეტყველის, გრიგოლი ნოსელის, ამფილოქე იკონიელის, კირილე ალექსანდრიელის, გენადი კონსტანტინეპოლელის, აგრეთვე ტიმოთე და თეოფილე ალექსანდრიელებისა. აგრეთვე კანონიკური ეპისტოლე წმ. ტარასი კონსტანტინეპოლელისა, რომელიც ცხოვრობდა უკვე ტრულის კრების შემდეგ.

წმ. ათანასე დიდი (+372), მებრძოლი ნიკეის მრწამსისა, რომელსაც უწოდეს მართლმადიდებლობის მამა, ავტორი იყო ბევრი დოგმატიკური, აპოლოგეტიკური და პოლემიკური თხზულებისა. კანონიკურ კრებულში შევიდა მისი სამი ეპისტოლე: წმინდა ათანასე ალექსანდრიელის ეპისტოლე ამონ მონაზვნის მიმართ (356 წ.), ათანასე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის ეპისტოლე რუფინიანე ეპისკოპოსის მიმართ (370 წ.) და ათანასე ალექსანდრიელის 39-ე სადღესასწაულო ეპისტოლიდან (367 წ.), რომელშიც წმინდა წიგნების ჩამონათვალია დაცული.

წმ. ბასილი დიდის (+379) კანონები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საეკლესიო სამართლისათვის. წმ. ბასილი ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა, განათლება ათენში მიიღო. ეგვიპტის, სირიის, პალესტინისა და მესოპოტამიის მონასტრების მოლოცვის შემდეგ წმინდანი თავის მეგობარ გრიგოლი ნაზიანზელთან ერთად განმარტოვდა უდაბურ ადგილას, საიდანაც 370 წ. მიიწვიეს საეპისკოპოსო სამსახურისათვის კესარია-კაპადოკიაში. წმ. ბასილი მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს მეთაურობდა პონტოს დიოცეზისა და მთელი აღმოსავლეთისას არიანული და ნახევრად არიანული მწვალებლობების წინააღმდეგ ბრძოლაში. ბასილი დიდის დოგმატიკური ნაშრომები, ისევე როგორც წმ. ათანასე და წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველის საღვთისმეტყველო შემოქმედება, ქვაკუთხედი გახდა მართლმადიდებლური ტრინიტარული ღვთისმეტყველებისა. კანონიკურ კრებებში შევიდა წმ. ბასილი დიდის 92 კანონი.

წმ. გრიგოლ ნოსელი (+395), უმცროსი ძმა წმინდა ბასილი დიდისა, ცნობილია თავისი გასაოცარი საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური მჭევრმეტყველებით და განათლებით, ასევე მოშურნეობით ცრუსწავლებისაგან ჭეშმარიტების დაცვაში. წმინდა გრიგოლ ნოსელი მონაწილეობდა მეორე მსოფლიო კრებაში და კონსტანტინეპოლის 394 წლის კრებაში. კანონიკურ კრებულში შევიდა მისი ერთი ეპისტოლე – „გრიგოლ ნოსელი ეპისკოპოსის კანონიკური ეპისტოლე მელიტინელი ეპისკოპოსის წმინდა ლიტოსადმი“, რომელიც დაყოფილია 8 კანონად.

წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი (+389) წმ. ბასილი დიდის მეგობარი იყო. კანონიკურ კოდექსში შესულია მისი ლექსად დაწერილი ჩამონათვალი ძველი და ახალი აღთქმის წმიდა წიგნებისა.

წმ. ამფილოქე იკონიელის (+395) მსგავსი შინაარსის ეპისტოლე „წმიდა ამფილოქე იკონიელის სელევკოსის მიმართ მიწერილ იამბიკოდან“ შევიდა კანონიკურ კრებულში.

წმ. ტიმოთე ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+385) წმ. ათანასე ალექსანდრიელის მოწაფე იყო. ის მონაწილეობას იღებდა მეორე მსოფლიო კრებაში. მისი 18 კითხვა და ამდენივე პასუხია შესული საეკლესიო კანონების კრებულში, რომელიც მან გასცა ეპისკოპოსებისა და სამღვდელოების შეკითხვებს.

წმ. თეოფილე ალექსანდრიელის 14 კანონია შესული კანონიკურ კრებულში, სახელწოდებით „წმინდა თეოფილე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის კანონები“.

წმ. კირილე ალექსანდრიელი (+444) იყო დამცველი მართლმადიდებლური ქრისტოლოგიისა ნესტორიანელთა ერესისაგან. წმინდა კირილეს ჭეშმარიტებისათვის მოშურნეობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა მესამე მსოფლიო კრების მოსაწვევად. კანონიკურ კრებულში შევიდა მისი: „წმიდა კირილე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის კანონები, არქიეპისკოპოს დომნოსამი“, რომელიც სამ კანონად არის დაყოფილი, და „წმიდა კირილე ალექსანდრიელის ეპისტოლე ლიბიელ და ხუთქალაქელ ეპისკოპოსთა მიმართ“, 4 კანონად დაყოფილი.

კანონიკურ კრებულში მოთავსებულია აგრეთვე ეპისტოლე მთა ვარეპისკოპოს გენადისა (+471), სახელწოდებით „მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე კონსტანტინეპოლის წმინდა ეპისკოპოსის გენადისა და მასთან ერთად წმინდა კრებისა – ღირსი მიტროპოლიტებისა და რომის პაპის მიმართ“. ასევე, კანონიკურ კრებულში შესულია წმ. ტარასის, კონსტანტინეპოლელი პატრიარქის, ეპისტოლე (+809), სახელწოდებით „ტარასი კონსტანტინეპოლელი პატრიარქის ეპისტოლე რომის პაპის ადრიანეს მიმართ“, რომელიც სიმონიის ბოროტებას ეხება. წმ. ტარასის ეპისტოლეთი მთავრდება უმთავრესი კანონიკური კრებული მართლმადიდებელი ეკლესიისა.

ზოგიერთ უმთავრეს კრებულში დამატებით შესულია წმ. იოანე მმარხ ველის (+595) „კანონიკონი“, შემდეგში დამუშავებული მღვდელ-მონაზონ მათეოს ბლასტარის მიერ. ის სახელმძღვანელოდ იქცა სასულიერო პირებისათვის (და ჩართულია ბერძნულ კანონიკურ კრებულებში: პიდალიონსა და ათენის სინტაგმაში). პიდალიონის ზოგიერთ კრებულში შესულია წმ. ნიკიფორე აღმსარებლის (+818) კანონები.8

6 Правила Святыхъ Апостолъ с толкованiями, М., 1912, გვ. 49-50.

7 В. Цыпин, Церковное Право, 1996, გვ. 53-63.

კანონიკური კრებულები

მსოფლიო კრებათა ეპოქაში არსებობდა უხვი საეკლესიო კანონიკური მასალა, რამაც გამოიწვია მისი კოდიფიკაციის აუცილებლობა. შეიქმნა კრებულები, რომელთა დანიშნულებას აღნიშნული მასალის პრაქტიკული გამოყენების გაადვილება წარმოადგენდა.

მსოფლიო კრებათა ეპოქის კრებულები შეიძლება დავყოთ სამ ჯგუ ფად:

1. კანონიკური, რომელიც შეიცავს მხოლოდ საეკლესიო კანონებს;

2. სამოქალაქო, რომელიც შეიცავს მხოლოდ სახელმწიფო კანონებს საეკლესიო საქმეთა შესახებ;

3. შერეული კრებულები, რომელიც შეიცავს როგორც ერთ, ისე მეორე კანონებს და იწოდება ნომოკანონებად (ბერძნული სიტყვიდან nomos – სჯული, kanones – კანონი. ამჟამად ნომო ითარგმნება, როგორც კანონი, მაგრამ ჩანს, ძველ საქართველოში ნომო ითარგმნებოდა როგორც სჯული, კანონი კი – საეკლესიო სჯული).

კანონიკური კრებულებს ადგენდნენ როგორც ცალკეული სამრევლოების ოფიციალური საეკლესიო მიტროპოლიების, დიოცეზების მმართველები, ისე კერძო პირები. მაგრამ კერძოდ შედგენილი კრებულიც ფართო გავრცელებას პოულობდა. ეს აიხსნება იმით, რომ საეკლესიო დისციპლინის საფუძველი ყველგან ერთნაირი იყო.

კანონიკურ კრებულებს ყოფდნენ ორ ტიპად: ქრონოლოგიურად, რომელშიც მსოფლიო კრებათა და მამათა კანონები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით იყო მოყვანილი და სისტემატურად, რომელშიც საეკლესიო-სამართლებრივი მასალა დაჯგუფებული იყო თავების, გან ყოფილებების, რუბრიკა-ტიტულების მიხედვით.

პირველი, ჩვენთვის ცნობილი ქრონოლოგიური კრებული დაკავშირებულია საქართველოს მეზობელ პონტოს დიოცეზთან. ეს გახლავთ ე. წ. პონტოს კრებული. მასში შევიდა ანკვირიის, კესარიისა და ნეოკესარიის კრებების კანონები, საერთო სახელწოდებით – ანკვირიის კანონთა კრებული. ეს სამივე ქალაქი შედიოდა პონტოს დიოცეზში, ამიტომ სახელი სწორედ აქედან დაერქვა.

შემდეგში მასში დამატებით შეიტანეს ნიკეის პირველი მსოფლიო კრების კანონები. მაღალი ავტორიტეტულობის გამო ის პირველ ად გილზე თავსდებოდა და ამ კრებულს საყოველთაო საეკლესიო მნიშვნელობას სძენდა.

მოგვიანებით პონტოს კრებულს დაემატა სხვა კანონები IV-V სს-ისა, ქრონოლოგიური შესაბამისობის მიხედვით, კერძოდ, ღანგრის და ანტიოქიის კრებებისა, სინოპსისი – შემოკლებული გადმოცემა – კანონებისა, გამოცემულნი ასევე ფრიგიის პროვინციის კრებების მიერ, რომელთაც ეწოდებოდათ ლაოდიკიის კრების კანონები. დაბოლოს, მეორე მსოფლიო კრების ეპისტოლე, ჯერ კიდევ კანონებად დაუყოფელი. ამ კრებულით სარგებლობდნენ ქალკედონიის კრების მამები. IV მსოფლიო კრებამ პირველი კანონით დაამტკიცა საერთო საეკლესიო ავტორიტეტი ამ კოდექსისა, რომელსაც ეწოდა ქალკედონის კრებული. ორიგინალის სახით კრებულმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, მაგრამ შემონახულია მისი თარგმანი ლათინურ ენაზე, რომელიც დიონისე მცირემ თარგმნა.

ჩვენამდე შემონახული ქრონოლოგიური ტიპის უძველესი კოდექსია „სინოპსისი“, რომელიც VI საუკუნეს განეკუთვნება. გვიანდელი რიდეგაციები ჩვენამდე მოღწეულია ან შემდგენლის სახელის გარეშე, ან ეფესოს ეპისკოპოს სტეფანეს სახელით, ასევე სიმონ მაგისტრის სახელით, რომელიც IX საუკუნეში ცხოვრობდა. გვიანდელი კრებულების შემადგენლობა უფრო გაფართოებული იყო. ამ რედაქციებში შემოკლებული სახით იყო გადმოცემული მოციქულთა კანონები, ასევე კანონები ნიკეის პირველი მსოფლიო კრების, ანკვირიის, ნეოკესარიის, ღანგრის, ანტიოქიის, ლაოდიკიის, კონსტანტინეპოლის, ეფესოს, ქალკედონის, სარდიკიის, კართაგენისა და ტრულის კრებებისა და ბასილი დიდის მიერ ნეტარი ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის 27-ე თავი სულიწმიდის შესახებ.

შექმნილი იყო სხვა ქრონოლოგიური კრებულებიც, მაგრამ ქრონოლოგიურ რიგზე დაწყობილი კანონები მოუხერხებელი იყო, რადგან პრაქტიკული გამოყენების დროს ძნელდებოდა მოძიება საჭირო კანონისა, ამიტომაც უკვე VI ს-დან გამოჩნდა საეკლესიო კანონების პირველი ბერძნული სისტემატური კრებული, 60-ტიტულიანი (ტიტლოვანი). მასში მთელი მასალა დალაგებული იყო 60 თავად, ანუ ტიტულად, შინაარსის შესაბამისად. ამ კრებულმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ჩვენამდე მოვიდა პრესვიტერ იოანე სქოლასტიკოსის (ასე უწოდებდნენ იმ დროის ადვოკატებს) სისტემურმა კრებულმა, რომელსაც ეწოდება სინაგოგა საღმრთო და წმიდა კანონებისა, დაყოფილი 50 თავად (ტიტულად). კრებულის დასაწყისში, წინასიტყვაობის შემდეგ, ჩართული იყო ჩამონათვალი წყაროებისა, რომელიც შედიოდა ამ კრებულში: მოციქულთა 85 კანონი, პირველი ოთხი მსოფლიო კრების კანონები და ასევე ექვსი ადგილობრივი კრების (ანკვირიის, ნეოკესარიის, ღანგრის, ანტიოქიის, ლაოდიკიის და სარდიკიის კანონები (დაცულია ბერძნულ რედაქციებში), ასევე, ბასილი დიდის კანონიკური ეპისტოლეები, რომელიც დაყოფილია 68 კანონად. თავად კრებულის მასალის 50 ტიტულად დაყოფა შეესატყვისებოდა „დეგესტების“ 50 წიგნად დაყოფას.

იოანე სქოლასტიკოსის კრებული ფართოდ იყო გავრცელებული როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ეკლესიაში. პაპი ნიკოლოზ პირველი ამ კრებულს იყენებდა ფოტი პატრიარქთან გაგზავნილ ეპისტოლეში, რომ ბერძნებს უნდა სცოდნოდათ სარდიკიის კრების კანონები, რადგან ის ჩართული იყო იოანე სქოლასტიკოსის „სინაგოგაში“.

იოანე სქოლასტიკოსის შემდეგ, ტრულის 691 წლის კრებამდე, VI- VII სს-ში კონსტანტინეპოლში გამოჩნდა კანონების ახალი კრებული – კანონიკური სინტაგმა, გაყოფილი ორ ნაწილად. თანამედროვე ბელგიელმა მეცნიერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ „სინტაგმების“ შემდგენელი იყო კონსტანტინეპოლის პატრიარქი ევტიქი, რომელმაც ამ კრებულზე მუშაობა დაიწყო ამასიაში, სადაც ის გადასახლებული იყო პატრიარქ იოანე სქოლასტიკოსის დროს, და განაგრძო მას შემდეგ, რაც კონსტანტინეპოლის პატრიარქობის საყდარი დაიკავა (577-582 წ.). დედაქალაქში კრებულის შედგენაში ეხმარებოდა ყოფილი საეკლესიო საჭურჭლის მეჭურჭლე, მოლარე იოანე მმარხველი, რომელმაც შემდეგ პატრიარქის ტახტზე შეცვალა იოანე სქოლასტიკოსი.

პირველი ნაწილი „სინტაგმისა“ სისტემატურია, მასში მთელი მასალა დაყოფილია 14 რუბრიკა-ტიტულად, რომელიც, თავის მხრივ, დაყოფილია თავებად:

1. პირველ ტიტული 38 თავისგან შედგება. ის მოიცავს მართლმადიდებელი სარწმუნოების ღვთისმეტყველებას, კანონებსა და ქიროტონიას;

2. მეორე ტიტული 3 თავისგან შედგება. მათში გადმოცემულია ტაძრების აშენებისა და კურთხევის შესახებ, იმ ტაძრებზე, რომელშიც არ არის დაბრძანებული წმინდანთა ნაწილები, საეკლესიო წმ. ჭურჭლის შესახებ, ეკლესიის მსახურთა შესახებ, რომელთაც ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე აღმართეს საკურთხეველი;

3. მესამე ტიტული 22 თავისგან შედგება, მასში საუბარია ლოცვის შესახებ, ფსალმუნთა გალობის შესახებ, მედავითნეობის წაკითხვის შესახებ, ზიარებისა და ძღვნის შეწირვის შესახებ, სამოსისა და ვალდებულებების შესახებ, დაბალი რანგის ეკლესიის მსახურთა შესახებ;

4. მეოთხე ტიტულში 17 თავია, ის ეხება კათაკმევლობისა და ნათლობის საკითხებს;

5. მეხუთე ტიტული შედგება 3 თავისგან, აქ საუბარია იმათ შესახებ, ვინც არ დადის ეკლესიაში და არ ესწრება საეკლესიო შეკრებებს, ვინც შლის სამხიარულო სუფრებს და ნადიმებს, მართავს აღაპებს ტაძარში;

6. მეექვსე ტიტული 5 თავისგან შედგება, მასში საუბარია საკურთხეველთან შესაწირი ნაყოფის მიტანაზე;

7. მეშვიდე ტიტულიც 5 თავისგან შედგება, მასში საუბარია მარხვის, აღდგომის, სულთმოფენობის შესახებ, აღდგომა დღეზე, შაბათისა და მუხლმოყრის შესახებ;

8. მერვე ტიტული 19 თავისგან შედგება, აქ საუბარია ეკლესიის რეგიონების შესახებ ეპისკოპოსებისა და კლერიკოსების გადასვლასთან დაკავშირებით, საოლქო საეკლესიო კრებების მოწვევასთან დაკავშირებით და სხვ.;

9. მეცხრე ტიტული 39 თავისგან შედგება. საუბარია დანაშაულებზე, ეპისკოპოსებისა და კლერიკოსების სასამართლოზე, განკვეთაზე, განგდებაზე, მონანიებაზე და იმის თაობაზე, თუ რომელი ცოდვა მიეტევება აღსარებით, ხელის დადებით;

10. მეათე ტიტულში 8 თავია შესული, მასში საუბარია ეკლესიის ქონების მართვაზე და ეპისკოპოსის საკუთარ ქონებაზე;

11. მეთერთმეტე ტიტული 16 თავისგან შედგება, მასში საუბარია მონასტრებსა და ბერებზე;

12. მე-12 ტიტულში 8 თავია შესული, მასში საუბარია ერეტიკოსებსა და მწვალებლებზე;

13. მეცამეტე ტიტული 40 თავისგან შედგება, მასში ერისკაცებზეა საუბარი;

14. მეთოთხმეტე ტიტულში 7 თავია შესული, მასში საუბარია საერთო საქმეებზე.

სათაურებსა და ქვესათაურებს შორის მოცემულია მხოლოდ კანონთა ნომრები, რომელიც ამ თემებს ეხება. პირველი თავი „სინტაგმისა“ კანონთა სისტემური მიმნიშნებლის სახით წარმოდგება. თავად კანონთა ტექსტები ქრონოლოგიურადაა დალაგებული და მოთავსებული წიგნის მეორე ნაწილში. ამიტომ „სინტაგმა“ აერთიანებს და უპირატესობას ანიჭებს საეკლესიო სამართლის მატერიის განაწილების ორივე მეთოდს.

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური კოდექსი უფრო ადრინდელ კომპილაციურ კრებულებთან მიმართებით შევსებულია აფრიკის ეკლესიის კრებებზე მიღებული კანონებით, რომელიც ნათარგმნია ლათინურიდან ბერძნულ ენაზე, სახელწოდებით „კართაგენის კრების კანონები, 419 წ.“. 397 წლის კონსტანტინეპოლის კრების დადგენილებით არქიეპისკოპოს ნექტარიოსის დროს ბასილი დიდის კიდევ ერთი ეპისტოლე, რომელიც 16 კანონად არის დაყოფილი, წინ დაერთო მანამდე იოანე სქოლასტიკოსის „სინაგოგაში“ შესულ ეპისტოლეებს, ასევე, დაემატა კანონები წმიდათა პეტრე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა, გრიგოლი ნოსელისა, კირილე ალექსანდრიელისა, გენადი კონსტანტინეპოლელისა, ტიმოთე და თეოფილე ალექსანდრიელებისა, გრიგოლ ნეოკესარიელი ეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა, ნეტარი დიონისე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა.

ტრულის კრებამ მეორე კანონით დაამტკიცა და მიიღო მსოფლიო ეკლესიის კანონთა მნიშვნელობით „სინტაგმაში“ შესული ყველა კანონი. ტრულის კრების მეორე კანონში კრებები ჩამოთვლილია იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს დაცულია „სინტაგმის“ დასაწყისში: „ვამტკიცებთ ჩვენს წმინდა ნეტარ მამათა მიერ დადგენილ სხვა სამღვდელო კანონებს: ნიკეას შეკრებილ სამას თვრამეტ წმინდა მამათა მიერ, ანკვირიას, ნეოკესარიას, შემდეგ ღანგრას, ამათთან ერთად, ასურეთის ანტიოქიაში, ფრიგიის ლაოდიკიასა და შემდეგ ღმრთივდაცულ ამ სამეუფო ქალაქში შეკრებილ ას ორმოცდაათ მამათა, ეფესოში პირველად შეკრებილ ორას და ქალკედონში შეკრებილ ექვსას ოცდაათი წმინდა და ნეტარი მამის, ასევე სარდიკიასა და კართაგენში. ამათ ერთვის სამეფო ქალაქში, ნექტარი კონსტანტინეპოლის პატრიარქის დროს შეკრებილ მამათა, აგრეთვე თეოფილე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის, დიონისე ალექსანდრიელის და [პეტრე] ალექსანდრიელი მოწამის, გრიგოლ ნეოკესარიელის, ათანასე ალექანდრიელის, ბასილი კესარია-კაპადოკიის მთავარეპისკოპოსის, გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ ღმრთისმეტყველის, ამფილოქე იკონიელის, ტიმოთე ალექსანდრიელის, პირველმოხსენებულ თეოფილე ალექსანდრიელის, გენადი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსის, აგრეთვე კვიპრიანესი, აფრიკის ქვეყნის მთავარეპისკოპოსისა და მოწამისა და მასთან ერთად შეკრებილთა მიერ დადგენილი კანონები, რომელთა განწესებანი მარტო მათ სამთავრო ადგილას, მათი ჩვეულების მიხედვითაა დაცული“.

ამ კანონში ჩამოთვლილი ზოგიერთი წმინდა მამის კანონი არ არის შესული „სინტაგმაში“, მაგრამ მოგვიანებით რედაქტირებულ ვერსიაში უკვე დამატებულია.

ცნობილია აგრეთვე რომაულ-ბიზანტიური პერიოდის სისტემატური კრებულებიც.

რომაულმა სამოქალაქო სამართალმა, საეკლესიოს მსგავსად, ადრებიზანტიურ ეპოქაში განიცადა კოდიფიცირება (კოდიფიკაცია). შეადგინეს საკანონმდებლო კრებულები, რომელშიც შევიდა როგორც ქრისტიანობამდელი იმპერატორების, ისე ქრისტიანი იმპერატორების კანონები. ადრებიზანტიური საკანონმდებლო აქტები გამოიცემოდა იმპერიის სახელმწიფო ლათინურ ენაზე. 438 წელს გამოიცა „თეოდოსის კოდექსი“. კანონები ამ კოდექსში დაყოფილია 16 წიგნად, რომელიც, თავის მხრივ, დაყოფილია თავებად (ტიტულებად). ბოლო, მე-16 წიგნი შედგება 11 ტიტულისაგან და შეიცავს სახელმწიფო კანონებს, რომელიც შეეხება მხოლოდ საეკლესიო საქმეებს. იუსტინიანე დიდმა (527-565 წწ.) გამოსცა ფუნდამენტური კრებულები რომაული სამართლისა, რომელთაც უწოდეს „საერო სამართლის კორპუსი“. ამ კორპუსში შედის 4 კრებული:

1. დადგენილებათა კოდექსი. მასში შევიდა იმპერატორთა კანონები ადრიანედან (117 წ.) იუსტინიანეს ბოლო კანონამდე (534 წ.). კრებული დაყოფილია 12 წიგნად, თითოეული წიგნი კი ტიტულებად. საეკლესიო საქმეებს ეხება პირველი წიგნის დასაწყისი 13 ტიტული. გამოიცა ორჯერ – 529 და 534 წლებში, პირველს ეწოდა ძველი, ხოლო მეორეს, ახალს – შესწორებული.

2. მეორე კრებული იუსტინიანესი – დიგესტები, ანუ პანდექტები. გამოქვეყნდა 533 წ. დაყოფილია 50 წიგნად. მასში შედის წარმართული პერიოდის იურისტების განმარტებები, რომელიც იწოდება ბრძნულ განმარტებებად და ეფუძნება რომის სამართალს.

3. მესამე კრებული იუსტინიანესი – ინსტიტუცია, დაყოფილია 4 წიგნად, წიგნები კი ტიტულებად, ტიტულები – პარაგრაფებად. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სახელმძღვანელო სამართლებრივი მასალის შესასწავლად.

4. მეოთხე კრებული იუსტინიანესი – ახალი დადგენილებანი, ანუ ნოველები – ესაა იუსტინიანეს ის კანონები, რომელიც გამოიცა კოდექსის გამოქვეყნების შემდეგ. ნოველები, ძირითადად, დაწერილია ბერძნულ ენაზე. პირველი მათგანი თარიღდება 535 წლით.

საეკლესიო საკითხში იუსტინიანეს კანონების ძირითადი ადრესატი, როგორც წესი, კონსტანტინეპოლის პატრიარქია, მაგრამ ბრძანებები სხვა პატრიარქებსაც ეგზავნებოდათ. ნოველის, ანუ ბრძანების მიღების შემდეგ პატრიარქები მათ უგზავნიდნენ მიტროპოლიტებს, საიდანაც ისინი ეგზავნებოდათ ეპისკოპოსებს და ასე შემდეგ მონასტრებსა და სამრევლოებს. ეს ნოველები ერთ წიგნად შეიკრიბა იუსტინიანეს სიკვდილის შემდეგ. 741 წელს გამოიცა ლევისავროსისა და კონსტანტინე კოპრინიმის (ქართველები მას უწოდებენ კონსტანტინე სკორეს) „კანონების ეკლოგა“. ეს იმპერატორები ხატმებრძოლები იყვნენ, ამიტომაც იგი მართლმადიდებლობის დამტკიცების შემდეგ მიაწერეს IX ს-ის იმპერატორებს – ლეონ ბრძენსა და მის შვილს, კონსტანტინეს. იმპერატორმა ბასილი მაკედონელმა და მისმა შვილმა ლეონ ბრძენმა გამოსცეს რამდენიმე კრებული რომაულ-ბიზანტიური სამართლისა, ესენია: „პროქირონი“, რომელიც დაყოფილი ორმოც თავად, და „ბასილიკი“. ყველაზე უფრო მთავარი წიგნი მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო სამართლისთვის არის „ბასილიკი“, მასში შევიდა მხოლოდ ის ძველი კანონები, რომელსაც არ ჰქონდა ძალა დაკარგული იმპერატორ ბასილი მაკედონელის მმართველობისას. კრებული დაყოფილია 60 წიგნად. წიგნები ტიტულებად, ტიტულები – თავებად, თავები – პარაგრაფებად. საეკლესიო საქმეთა შესახებ ლაპარაკია 1, 3, 4, და 5 წიგნებში. იმპერატორ ბასილისა და მისი შვილების სულიერი მამა-აღმზრდელი იყო ილარიონი, ქართველი წმინდანი. XII ს-ში ბიზანტიაში იურიდიულ ძალას ანიჭებდნენ იუსტინიანეს „კორპუსის“ მხოლოდ იმ კანონებს, რომელიც ბასილიკების კრებულში იყო შესული. ბალსამონმა გადახედა ნომოკანონის კანონებსაც. ამ დროს მათი მნიშვნელობის კრიტერიუმად მიიჩნია შემდეგი გარემოება: შეტანილი იყო თუ არა ისინი „ბასილიკში“. ეს იყო ბიზანტიური სამართლებრივი რეფორმა. ქართულ საეკლესიო სამართალში, როგორც ცნობილია, არც „ბასილიკი“ და არც ბალსამონის განმარტებები თარგმნილი არ ყოფილა.9

8 В. Цыпин, Церковное Право, 1996, გვ. 60-61.

9 В. Цыпин, Церковное Право, 1996, გვ. 63-69.