← კანონიკური სამართალი (მჭედლიშვილი)

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — შესავალი: საეკლესიო სამართლის ზოგადი საფუძვლები

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — შესავალი: საეკლესიო სამართლის ზოგადი საფუძვლები

ეკლესია და მისი ამოცანა. ეკლესია სამართლის სფეროში

ეკლესია ღვთის სამეფოა დედამიწაზე. ასე უწოდა მას მისმა დამაარსებელმა იესო ქრისტემ. ამას გარდა, მაცხოვარმა მიწიერი ცხოვრების დროს, სიტყვა „ეკლესია“ გამოიყენა ზემომოტანილისგან სრულიად გან სხვავებული მნიშვნელობით, როცა თქვა: „და თუ შეგცოდებს შენ შენი ძმა, მიდი და ამხილე იგი, როცა შენ და ის იქნებით მარტო. თუ ისმინა შენი, შეიძინე შენ ძმა, ხოლო თუ არ ისმინა, მიიყვანე შენთან ერთად კიდევ ერთი ან ორი, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა, ხოლო თუ მათიც არ ისმინა (აქ მან კრებული, ეკლესია ახსენა), უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ ეკლესიისაც არ ისმინა, იყოს შენ თვის, როგორც წარმართი და მეზვერე“ (მათე 18, 15-17).

ამ შემთხვევაში მაცხოვარი საუბრობს ეკლესიაზე, როგორც მორწმუნე საზოგადოებაზე ურწმუნოს საწინააღმდეგოდ. ორივე მნიშვნელობა ეკლესიისა, იესო ქრისტეს მიერ უწყებული, ერთმანეთს ავსებს და მის საერთო მნიშვნელობაზე საუბრობს. სახარების ამ სიტყვებს ეფუძნება საეკლესიო სამართალი, რომელიც აღიარებს ეკლესიას პირველად მოყვანილი მნიშვნელობით – როგორც ღვთის სამეფოს დედამიწაზე: „და მე გეუბნები შენ: შენ ხარ პეტრე1, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან მას“ (მათე 16, 18). ამას გარდა, ითავისებს მის სხვა განმასხვავებელ თვისებებს და ეკლესიას მიიჩნევს ქრისტეს მორწმუნე ადამიანთა საზოგადოებად, გაერთიანებულს სულიერი კავშირით, ერთი მსოფლიო აღმსარებლობით, რომელსაც იღებს წმინდა საიდუმლოებათა მეშვეობით, სულიწმიდის მადლით განწმენდილს და მოციქულთაგან მემკვიდრეობით მიღებული სულიერი ხელმძღვანელობის ხელმწიფებით. ამ ყოველივეს უხილავად მეთაურობს იესო ქრისტე, ადამიანთა ხსნისა და მარადიული ნეტარების მისაღწევად.

და როგორც ადამიანთა ერთობას, როგორც საზოგადოებრივ ორგანიზაციას აქვს გარკვეული მიზანი, ეკლესიას უნდა ჰქონდეს თავისი ზუსტად განსაზღვრული კანონები, რომლის მიხედვითაც ვითარდება და ცხოვრობს ეს ორგანიზმი, რომლის მეშვეობითაც ყალიბდება ურთიერთობები მის წევრთა შორის. ეკლესიის ძირითადი კანონები დაადგინა იესო ქრისტემ, დანარჩენი კი მათზე დაყრდნობით მიიღო ეკლესიამ მაცხოვრისგან მიღებული უფლებამოსილებით. აქედან გამომდინარე, ეკლესიის, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზმის დამოკიდებულება მის რომელიმე კონკრეტულ წევრთან მიმართებით, ეკლესიის ამოცანისა და მიზნის გათვალისწინებით მსოფლიოში, განსხვავდება როგორც ზნეობრივი, ასევე ყველა მიწიერი ორგანიზმის კანონებისგან. იმ განკარგულებებს, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზმის ნებისმიერი წევრის მოქმედებას და აყალიბებს ურთიერთობებს საზოგადოების წევრებს შორის, ეწოდება იურიდიული კანონები. საეკლესიო-იურიდიული კანონები კი არსებითად განსხვავდება ზნეობრივი კანონებისგან, როგორც არსით, ისე სანქციითა და სპეციფიკით. არსიდან გამომდინარე, იურიდიული კანონი, რომლის მიზანია აუცილებელი წესრიგის ნორმალიზება კონკრეტულ საზოგადოებაში, ეხება მხოლოდ წევრთა მიერ გამოვლენილ ქმედებებს, ე. ი. ადამიანის თავისუფალი ნების ისეთ მოქმედებებს, რომელიც გარემოში გამოიხატება, რადგან მხოლოდ ამ მოქმედებებს მოჰყვება შედეგი არსებული საზოგადოებრივი წესრიგისთვის. ზნეობრივი კანონი კი პირიქით, ეხება ადამიანის შინაგან, სულიერ სურვილებს, განზრახვებსა და ქმედებებს; ადამიანის ეს ფარული ზრახვა-სურვილები, როგორი უკეთურიც უნდა იყოს თავისი არსით, ვიდრე არ შეისხამს ხორცს და არ შელახავს ვინმეს უფლებას, ვერ დაექვემდებარება სამოქალაქო სასამართლოს. ზნეობრივი კანონის სფეროში კი შედის ადამიანის შინაგანი განზრახვებიცა და გამოვლენილი მოქმედებებიც, რადგან ეს უკანასკნელი სხვა არაფერია თავისთავად, თუ არა გამოხატულება იმისა, რისი განზრახვაც იბადება ადამიანის გონებაში; ამიტომაც ზნეობრივი კანონი თავის სასამართლოს უქვემდებარებს განზრახვებსაც, ე. ი. ამა თუ იმ ქმედების ჩადენის მსურველობას. მაცხოვარი ბრძანებს: „ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში“ (მათე 5, 28).

იურიდიული კანონს არ აქვს შესაძლებლობა განზრახვების სფეროში შეაღწიოს, მოსურნეობა განსაჯოს; ის ასამართლებს მხოლოდ იმ საფუძველზე, რაც ჩაიდინა ადამიანმა. იურიდიული კანონი იმის მიხედვით გაასამართლებს მას, რამდენად დაარღვია თავისი მოქმედებით სხვა ადამიანის უფლებები ან შესცოდა საერთო საზოგადოებრივი დადგენილების წინააღმდეგ. იურიდიული კანონი, დადგენილი მიზნის შესატყვისად, უნდა იცავდეს და აკონტროლებდეს საზოგადოებრივ წესრიგს, მას აქვს უფლება და ვალდებულება არა მხოლოდ თვალყური ადევნოს არსებული წესრიგის შენარჩუნებას, არამედ გამოიყენოს იძულებითი ძალაც, რომ წესრიგს ყველა დაემორჩილოს და პატივი სცეს მას, და პასუხი აგოს თავის დანაშაულზე. ზნეობრივი კანონის შესრულება კი ექვემდებარება სინდისის სასამართლოს და წარმოადგენს ადამიანის თავისუფალ ნებას, რომელიც პასუხს აგებს მხოლოდ ღვთის წინაშე ამ კანონის დარღვევისას. იძულებითი ძალმოსილება წარმოადგენს მთავარ განსხვავებას ზნეობრივ და იურიდიულ კანონებს შორის და ის არის გარდაუვალი პირობა ყოველგვარი იურიდიული კანონისა, ისევე როგორც საეკლესიო-იურიდიული კანონისა. ეკლესიისა და სახელმწიფოს კანონებს ერთმანეთისაგან მხოლოდ იძულების ფორმა განასხვავებს. ეკლესიას, მისი არსებითი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლია ფიზიკური ძალის გამოყენება, როგორც ამას აკეთებს სახელმწიფო, მაგ რამ მასაც შეუძლია აჩვენოს ძალმოსილება ყველა წევრს, რომელიც არ დაემორჩილება მის დადგენილებებს და დაარღვევს მასში დაწესებულ წესრიგს, რომელსაც აქვს მკაცრად იურიდიული მნიშვნელობა. იძულება, რომელსაც მიმართავს ეკლესია, მცირედითაც არ ეწინააღმდეგება ძირითად საეკლესიო დოგმატს თავისუფალი ნების შესახებ. ეკლესია არავის აიძულებს ძალით შემოვიდეს მის წიაღში და გახდეს მისი წევრი. მაგრამ თუკი ვინმე გაერთიანდება მასში და თავს მის წევრად მიიჩნევს, თუკი მას აქვს სურვილი მიიღოს მადლი და სიკეთე, ეკლესია რომ სთავაზობს, მაშინ ის ვალდებულია დაემორჩილოს მის კანონებს, რომელიც აღმოცენებულია ღვთაებრივ ნებაზე და საზრდოობს მისით. იძულებითი ძალა საეკლესიო-იურიდიულ დადგენილებებს ახლავს არა ეკლესიის გამო, არამედ განსაზღვრული მიზნის მისაღწევად მათთვის, ვინც თავისუფალი ნებით შემოვიდა მის წიაღში და ამავე ნებით შეუძლია დატოვოს მისი წიაღი. ეკლესია იძულებით ფორმას მიმართავს თავისი ბუნების შესატყვისობის მიხედვით, სულიერი საშუალებების დახმარებით; შესაბამისად, მის ყოველ მოქმედებას ვერასდროს ექნება ფიზიკური იძულების სახე, რადგან ერთი მხრივ, ფიზიკური იძულებით შეუძლებელია ზემოქმედება მოახდინო ადამიანის გულზე, რომ ის მიილტვოდეს უმთავრესი ქრისტიანული მიზნისკენ, მეორე მხრივ კი, ეკლესია, უმთავრესად, თავისუფლების სახელმწიფოა.

შესაბამისად, საეკლესიო კანონები განსხვავდება სახელმწიფოს კა ნონებისგან. ეს განსხვავება, ერთი მხრივ, გამომდინარეობს თავად ეკლესიის არსიდან, მეორე მხრივ, ყველა სხვა მიწიერი საზოგადოებრივი ორგანიზმისგან მისი სრულიად განსხვავებულობისგან, განსაკუთრებით კი სახელმწიფოსგან. ღვთის უწყებით მოცემული ეკლესიის მიზნიდან გამომდინარე, ის გამოხსნის გარდაუვალობის თვისებას ატარებს. ეს თვისება არც ერთ სახელმწიფოს გააჩნია დედამიწაზე, და როგორც ასეთი, ეკლესია ინარჩუნებს სრულებით დამოუკიდებელ მნიშვნელობას (მდგომარეობას) სახელმწიფოებთან მიმართებით. ეს მნიშვნელობა შეიძლება იყოს მხოლოდ შეფარდებითი. ეკლესია არ შემოიფარგლება დროითა და სივრცით, მისი არსებობა არ არის დამოკიდებული სხვადასხვა სახის ადგილობრივ გარემოსა და პირობებზე. მას შეუძლია და უნდა მოქმედებდეს ყველგან და ყველა დროში; რაც შეეხება სახელმწიფოს, იგი ყველაფერს კონკრეტულ ადგილობრივ პირობებთან ათანხმებს. სწორედ ამ უკანასკნელზეა დამოკიდებული მისი არსებობა. ეკლესიას კი აქვს უფლის მიერ მიცემული წყობა, რომელსაც ყოველთვის უპირობოდ უნდა იცავდეს და ინახავდეს; სახელმწიფო, საწინააღმდეგოდ ამისა, ხალხის მოთხოვნების მიხედვით იღებს მოწყობის ფორმას და ხალხისავე სურვილის გათვალისწინებით ცვლის მას. ეკლესიის მიზანია, გახადოს ადამიანი ბედნიერი ხორციელ ყოფაში და მარადიული ნეტარებისთვისაც მოამზადოს; სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისთვის მხოლოდ მიწიერი კეთილდღეობის უზრუნველყოფით შემოიფარგლება და არ ზრუნავს მიცვალების შემდეგ ადამიანთა მდგომარეობაზე. ამრიგად, ეკლესიის არსი და მიზანი განსხვავდება სახელმწიფოსა და მიწიერი საზოგადოების ამოცანისა და მნიშვნელობისგან. შესაბამისად, საეკლესიო კანონები არსობრივად განსხვადება საზოგადოებრივი კანონებისგან – პირველი არ იცვლება, მეორე კი ცვალებადია. საეკლესიო კანონები დაფუძნებულია ღვთის ნებაზე, სახელმწიფო კანონები კი – ადამიანთა ნებაზე; ეკლესიის კანონთა წყარო არის მარადიული კანონი, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ წყაროს ემსახურება დროებითი კანონი; საეკლესიო კანონები მოქმედებს სულიერი და ზნეობრივი ძალის შესაძლებლობით, ხოლო სახელმწიფო და საზოგადოებრივი – ფიზიკური იძულების ძალით; საეკლესიო კანონები მიმართულია საიმისოდ, რომ გახადოს ადამიანი ბედნიერი როგორც ამ ცხოვრებაში, ისე სამარადისოდ; სახელმწიფო კანონთა დანიშნულება მშვიდობისა და წესრიგის უზრუნველყოფაა მხო ლოდ ამქვეყნიურ ცხოვრებაში.

საეკლესიო კანონების ასეთი განსაკუთრებულობა, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზმისა, ზნეობრივ და სახელმწიფო კანონებთან მიმართებით, თავისთავად განსაზღვრავს იმ მდგომარეობას, რომელსაც ეკლესია იკავებს სამართლის სფეროში. ეკლესია განსაკუთრებულად არის მოწყობილი, თავს განკარგავს განსაკუთრებული საშუალებებით და აქვს სრულიად განსაკუთრებული მიზანი. ეკლესიის მოწყობა დადგენილია ღმრთის მიერ, მის მიერვეა განსაზღვრული მიზანიც, რომელსაც ეკლესიამ უნდა მიაღწიოს დედამიწაზე; უზენაესის მიერ მითითებული აქვს ის საშუალებებიც, რომელთა მეშვეობითაც შეუძლია მიაღწიოს ამ მიზანს. ამიტომაცაა მისი წყობა თვითმყოფადი, და სრულიად დამოუკიდებელია ყველა ადამიანური ნების შემთხვევითობისგან. როგორც ღვთისგან დადგენილი, ეს წყობა უნდა შენარჩუნდეს სრული უცვალებლობით ყველა დროსა და სივრცეში. ამ ყოველივეს დასაუნჯებლად საჭიროა, თავიდანვე ზუსტად განისაზღვროს ურთიერთობები ეკლესიის წევრთა შორის და ცალკეული ეკლესიებისა საყოველთაო ეკლესიასთან სრულ ერთობაში. ამის გამო არის უწყებული მმართველობა, რომელიც, შესაბამისად ეკლესიის არსისა, იღვწის, რათა სწორად, ღვთივსათნო წესრიგით დაარეგულიროს ეს ურთიერთობები ყველგან და ყველასთან. ეკლესიის მიზნიდან გამომდინარე – გაავრცელოს ქრისტეს სწავლება და ყველგან მოქმედებდეს, მის წიაღს გარეთ მყოფი ჯერ კიდევ მილიონობით არსებული ადამიანი მოაქციოს – ის უნდა იყოს გარკვეული დაპირების მდგომარეობით მის საყოველთაობასთან, მათ შორის იმ კატეგორიასთან მიმართებითაც, რომელნიც სხვადასხვა სარწმუნოებას და სწავლებას განეკუთვნებიან: „წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელი ეცით მათ მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით; და ასწავლეთ მათ, დაიცვან ყოველივე, რაც გამცნეთ თქვენ. და აჰა, მე თქვენთან ვარ ყოველდღე საუკუნეთა დასასრულამდე. ამინ“ (მათე 28, 19-20). დაბოლოს, ეკლესია, განვრცობილი ქვეყნიერების სხვა დასხვა მხარეში, უნდა ურთიერთობდეს იმ სახელმწიფოსთან, რომლის საზღვრებშიც მოქმედებს, აქედან კი წარმოიშობა ახალი ურთიერთობები და დამოკიდებულებები ეკლესიის მმართველობასა და სახელმწიფოს მმართველებს შორის, რომელიც არ შეიძლება, ზუსტად არ იყოს დადგენილი. ყველა ის განსხვავებული დამოკიდებულება, რომელიც ეხება ეკლესიის საგარეო ცხოვრებას, უნდა განისაზღვროს ზუსტი იურიდიული კანონებით, რომელიც მის შინაგან თვისებასთან იქნება თანმხვედრი. ეკლესიის ასეთი ურთიერთობების სახესხვაობის თვალთახედვიდან, ის შედის სამართლის სფეროში, უპირველეს ყოვლისა, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზმი, რომელსაც აქვს თავისი იურიდიული დაწესებულებები, შემდეგ კი, როგორც საზოგადოებრივი ერთეული, რომელიც გარკვეულ დამოკიდებულებაშია სახელმწიფოსთან და სხვადასხვა რელიგიურ საზოგადოებასთან.

1 პეტრე ფუძით უკავშირდება მომდევნო სიტყვას, კლდეს; აზრობრივად კი კლდეში იგულისხმება ჭეშმარიტი რწმენა, რომელზეც აშენებულია ეკლესია.

საეკლესიო სამართალი

ეკლესიას აქვს მკაცრად განსაზღვრული დამოუკიდებელი წყობა და საკუთარი კანონები, რომლითაც იცავს არსებულ წყობას. შესაბამისად, მიზანმა, რომელიც მას უფალმა განუსაზღვრა, შემდეგში აჩვენა, რომ ეკლესია თვითმყოფადია და დამოუკიდებელი და მისი მნიშვნელობა არ შეიძლება განისაზღვროს დროისა და ადგილის მიხედვით. აქედან თავისთავად გამომდინარეობს საეკლესიო სამართლის უცილობელი არსებობა.

საეკლესიო სამართალი, მსგავსად სამართლის სხვა სფეროებისა, გაიგება სუბიექტური და ობიექტური მნიშვნელობით. სუბიექტური მნიშვნელობით ის არის კანონთა იმ განსხვავებული თვისებების ერთობლიობა, სრულად რომ მოიცავს ეკლესიის წევრებს, რომლებიც ეკლესიაში, როგორც საზოგადოებრივ ორგანიზმში, იკავებენ თავიანთ მდგომარეობას ან წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, რომელთაც შეუძლიათ მასში არსებობა. როგორც ვხედავთ, ჩვენ აქ სამართლის სუბიექტად ვაყენებთ არა თავად ეკლესიას მისი სისავსით, არამედ მის კონკრეტულ წევრებს თუ კანონიერი მმართველობისგან აღიარებულ იურიდიულ პირებს. ეკლესია, თავისთავად, არ შეიძლება იყოს იურიდიული ინდივიდი, როგორც ამას განსაზღვრავს სამართლის ფილოსოფია, ეკლესია არ არის რომელიმე კორპორაცია, რომელიც დასაბამს იღებს რამდენიმე პირის შეთანხმებით, რომელთაც ინტერესი აქვთ ამ საგნის მიმართ. ობიექტური მნიშვნელობით კი საეკლესიო სამართალი წარმოდგენილია ყველა განკარგულებაში კანონისა, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის საგარეო ცხოვრებას, როგორც საზოგადოებრივ ორგანიზმისას.

საეკლესიო სამართალს უწოდებენ ასევე კანონიკურ სამართალს. ბერძნულ სკოლებში დღეს მას კანონიკური დიკასტერია ჰქვია, რომელიც ძველი სახელწოდებიდან მომდინარეობს (kanonikion dikastion). ასე მას ეკლესიის დაფუძნებისა და მოქმედების დასაწყისში უწოდებდნენ როგორც ცალკეული, ისე ერთობლივი განჩინებებით რწმენისა და ქრისტიანთა ცხოვრებასთან დაკავშირებით. შემდეგში, როდესაც საეკლესიო კანონმდებლობითი შემოქმედება განვითარდა, კანონებს უწოდეს წერილობითი დადგენილებები, რომელთაც ეკლესიაში საყოველთაო მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. კანონები სხვაობდა როგორც საეკლესიო წესების, ისე საერო საკანონმდებლო დადგენილებებისგან. დღეს კანონებად იწოდება ის საეკლესიო კანონები, რომლებიც შესულია მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ კრებულებში. კრებულები საბოლოოდ ჩამოყალიბდა რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში, IX საუკუნის ბოლო მეოთხედში კი მას ეწოდება იურიდიული კანონიკის კორპუსი. ამიტომ სახელწოდება „კანონიკური სამართალი“ შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა უშუალოდ კანონებზე დაყრდნობით, ე. ი. იმ საეკლესიო კანონებზე, რომელიც მიღებული და დადგენილია IX საუკუნემდე აღმოსავლეთსა ან დასავლეთში, ვიდრე შეიქმნებოდა "Corpus juris kanonici". დღევანდელი საეკლესიო სამართლის სფეროში შედის ასევე მრავალი სხვა კანონი, რომელიც მოგვიანებით მიიღო ეკლესიამ და შესაბამისად, არ შესულა ძველ კრებულებში, ასევე სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის დადგენილი კანონები, რომელიც არ ატარებს კანონის სახელს, თუმცა მასაც სავალდებულო მნიშვნელობა აქვს ეკლესიაში. ამის აღსანიშნავად ეკლესიაში მიღებულია სახელწოდება – საეკლესიო სამართალი. ამ თვალთახედვით, საეკლესიო სამართალი საგნობრივად უფრო მოცულობითია, ვიდრე კანონიკური სამართალი, ასე რომ, ეს უკანასკნელი (კანონიკური სამართალი), შეიძლება მივიჩნიოთ პირველის (საეკლესიო სამართლის) შემადგენელ ნაწილად, თუმცა მხოლოდ მთავარი ნაწილით, რომელსაც პირველი (საეკლესიო სამართალი) სრულებით ეფუძნება.

წყაროების, მათი მნიშვნელობისა და გამოყენების მიხედვით, საეკ ლესიო სამართალი იყოფა:

1) წერილობითი სახის კანონებად, რომელიც დამტკიცებული და წერილობითად გადმოცემულია კონკრეტული საკანონმდებლო მმართველობის მიერ, და არა ისეთი სახით, რომელთაც ეკლესიაში გადმოცემით, წესისა და ტრადიციის მიხედვით მოაღწიეს. მათგან პირველი მიჩნეულია ზუსტ, უტყუარი მნიშვნელობის წყაროდ, მეორე კი – ჩვეულებ რივ წყაროდ;

2) ღვთიური, ანუ ბუნებრივი, რომელიც ეკლესიის დაარსებასთან ერთად მოგვეცა და დადასტურებულია ეკლესიის მიერ დამტკიცებული კანონებით;

3) საყოველთაო, რომელიც ეფუძნება საყოველთაო ძირითად კანო ნებს, გამოცემულს მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიისა და ადგილობრივისთვის, ანუ მიღებულია ამა თუ იმ ადგილობრივი ეკლესიისთვის შესაბამის, ადგილობრივი ეკლესიის კრებაზე;

4) ძველი, ე. ი. ის კანონები, რომელიც მიღებული და დამტკიცებულია ეკლესიის განხეთქილებამდე, და ახალი, რომელშიც შესულია აღნიშნული განხეთქილების შემდეგ პერიოდში მიღებული კანონები;

5) საშინაო კანონები, რომლებიც მიეკუთვნება და განსაზღვრავს ეკლესიის შიდა იურიდიულ ურთიერთობებს; და საგარეო, ადგილობრივ ეკლესიათა შორის და სახელმწიფოსთან ურთიერთობის განმსაზღვრელი, ამასთანავე, ყველა დამოკიდებულების მომცველი, ვინც მის წიაღს გარეთაა.

ამას გარდა, სამართალი იყოფა ადმინისტრაციულად, სასამართლოდ, სისხლის სამართლად და ა. შ.

საეკლესიო სამართალი ზოგად სამართლებრივ სისტემაში

რადგან ეკლესია არის ღვთის მიერ დაფუძნებული, თვითმყოფადი და ყოველივე მიწიერისგან დამოუკიდებელი, მისი სამართალიც ასეთივე დამოუკიდებელი უნდა იყოს ზოგად სამართლებრივ სისტემაში. ადამიანი თავის შემოქმედებას ავითარებს როგორც პიროვნება ან როგორც სახელმწიფოს წევრი. აქედან გამომდინარეობს ცნობილი იურიდიული დამოკიდებულება, რომელიც წარმოადგენს სამართლის ორ ცალკეულ სფეროს – კერძო სამართალსა და სამოქალაქო სამართალს. მაგრამ ამით არ ამოიწურება ადამიანური ყოფის ყველა მიზანდასახულობა, სურვილი. თავისი ბუნებით ადამიანი მიილტვის უფალთან ურთიერთობის, მასთან თანაზიარებისკენ. მის ამ ბუნებრივი სურვილს ვერ დააკმაყოფილებს ვერც კერძო, ვერც სამოქალაქო და ვერ სხვა რომელიმე მიწიერი, ადამიანური სამართალი. მიწიერიდან ზეცისკენ აღმავალი სურვილის დაკმაყოფილებას ადამიანი პოულობს იმ ადამიანებთან კავშირით, რომელნიც აღვსილნი არიან ასეთივე მისწრაფებით, მათთან ერთობით, ვინც უფალთან ზიარებისკენ ილტვის. ადამიანების ამგვარი ერთობა ყოველთვის არსებობდა მსოფლიოში და ყოველთვის იარსებებს, რადგან ეს კაცთა ბუნებისთვის არსებითია. უძველესი დროიდან რელიგია გაიგივებული იყო ნაციონალურ და პოლიტიკურ ინტერესებთან. იმ დროისათვის არსებული რელიგიები ნაციონალური ან სახელმწიფოებრივი იყო, ისინი იფარგლებოდა ამა თუ იმ ხალხით ან სახელმწიფოთი. ამიტომ სამართალიც, რომელიც ამა თუ იმ რელიგიას ეხებოდა, არ შეიძლება ყოფილიყო განსხვავებული ან დამოუკიდებელი იმ რეგიონის ხალხისა და სახელმწიფო სამართლისგან, სადაც მოქმედებდა კონკრეტული რელიგია. ძველ რომაელებთან რელიგიური სამართალი სამოქალაქო სამართლის ნაწილი იყო, დაახლოებით იგივე იყო ებრაელებთან. ქრისტიანობამ ამ მხრივ ძირეული გარდატეხა მოახდინა. ის არ არის დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ ხალხთან, ერთან, კიდევ უფრო ნაკლებად – ერთ რომელიმე სახელმწიფოსთან. ქრისტიანული სარწმუნოება განკუთვნილია ყველასთვის, განურჩევლად მისი ეროვნებისა და სახელმწიფო წყობისა; თავისი არსიდან გამომდინარე, არ შეიძლება ექვემდებარებოდეს ან ნაწილი გახდეს რომელიმე სამართლისა, რომელიც განისაზღვრება კონკრეტული ხალხის ნაციონალური ხასიათითა და შეხედულებით, ან კონკრეტული სახელმწიფოს პოლიტიკური წყობით. ქრისტიანობის აღმსარებლები ერთიანდებიან ერთ მთლიანობად, რომელიც, ქრისტიანობის არსიდან გამომდინარე, არ შეიძლება იყოს დამოკიდებული ნაციონალურ ან სახელმწიფო უპირატესობაზე და ამიტომ უნდა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, ამიტომ ქრისტიანული ეკლესიაც, რომელიც წარმოადგენს დედამიწაზე სარწმუნოებრივ ერთობას, არ შეიძლება იყოს დამოკიდებული, ნაციონალური და სახელმწიფოს თავისებურებებზე დაყრდნობილი. მას უნდა ჰქონდეს თავისი განსაკუთრებული საეკლესიო სამართალი.

საეკლესიო სამართალი ეფუძნება თავის თვითმყოფად, დადასტურებულ წყაროებს, რომელიც რომელიმე სახელმწიფო მმართველობისგან კი არ წარმოშობილა, არამედ იმის ხელმწიფებით, ვინც გარდმოვიდა ზეციდან, რათა დაეფუძნებინა თავისი ხელმწიფება დედამიწაზე, ანუ ეკლესია. „მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სულიწმიდის სახელით“ (მათე 28, 18-20).

ეს ხელმწიფება მან გადასცა თავის მოწაფეებს, მოციქულებს, რომელნიც მისი სახელით მოქმედებდნენ ამ ძალმოსილებით: „მეც მომეცით ეგ ძალა, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სულიწმიდა“ (საქმე 8, 19). მოციქულთაგან ხელმწიფება გადავიდა ეკლესიაზე და ის ამ ძალმოსილებით მოქმედებს მთელი ამ დროის განმავლობაში ასევე თავისუფლად და თვითმყოფადად, როგორც ეკლესიის დამფუძნებელი. მხოლოდ ამ ერთი ძალით და სხვა არანაირი ხელმწიფებით დადგინდა ეკლესიის მოწყობა იმის მსგავსად, რაც სახარებაში იყო გადმოცემული, წმინდა წერილში დადგენილია ასევე ღვთისმსახურება, საიდუმლოებანი, განსაზღვრულია ასევე მისი მართვა, სრულად ჩამოყალიბებულია ცხოვრების წესი, დადგენილი იყო ყველა კანონი, რაც ეხებოდა ეკლესიის დაფუძნებასა და საეკლესიო სამართლის შედგენილობას. საეკლესიო სამართლის წყაროების თვითმყოფადობასა და დამოუკიდებლობას და შესაბამისად, თავად სამართლისას, თვალნათლივ გვიმტკიცებს ეკლესიის ისტორია. მისი ისტორიიდან ვხედავთ, როგორ დამოუკიდებლად არსებობდა და ვითარდებოდა საეკლესიო სამართალი პირველი სამი საუკუნის განმავლობაში; ამ პერიოდში სახელმწიფო არა თუ ეხმარებოდა ეკლესიას, არც კი ცნობდა მის იურიდიულ არსებობას და დევნიდა მას. შემდეგ, როდესაც სახელმწიფო დაუკავშირდა ეკლესიას, საეკლესიო სამართალმა არათუ დაკარგა რაიმე თავისი თვითმყოფადობიდან, არამედ განაგრძო განვითარება იმ საფუძველზე დაყრდნობით, რომელზეც დაფუძნებული იყო და პირიქით, ზეგავლენა მოახდინა სახელმწიფო და სამოქალაქო სამართალზე, სახელმწიფოსთან თანამონაწილეობით გარდაქმნა ის ისევე, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრება და მსოფლაღქმა იმდროინდელი საზოგადოებისა.

მოყვანილი მსჯელობა გვაჩვენებს, რომ არსებობს სხვადასხვა იურიდიული დამოკიდებულება, რომელშიც შეიძლება ადამიანი შედიოდეს როგორც პიროვნება, როგორც სახელმწიფოს შემადგენელი, ან როგორც ეკლესიის წევრი; ასეთი დამოკიდებულებანი თავისი არსით განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ უნდა არსებობდეს სამი ცალკეული სფერო იურიდიული დამოკიდებულებისა; თავად სამართალიც უნდა იყოფოდეს კერძო, სამოქალაქო და საეკლესიო სამართლად. აქედან გამომდინარე, საეკლესიო სამართლის ადგილი ზოგადსამართლებრივ სისტემაში ისევე დამოუკიდებელია, როგორც სამოქალაქო და კერძო სამართალი.

საეკლესიო სამართლის სისტემა

ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია, თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა გადმოიცეს საეკლესიო სამართლის სრული მასალა, რათა დაკმაყოფილდეს მოთხოვნები და მიზანი საეკლესიო სამართლის მეცნიერებისა. საკმარისია, თვალი გადავავლოთ სამართლის კრიტიკოს-თეორეტიკოსების სიმკაცრეს, როდესაც ისინი განიხილავენ ჩვენი მეცნიერებების სხვადასხვა სისტემას, რომელსაც არ ეთანხმებიან, რათა ჩანდეს, რამდენად რთულია სისტემატიზაციის საკითხი. ეს გამოწვეულია ერთი კონკრეტული სისტემის არქონის მიზეზით, რის გამოც თითოეული მასალას თავისი შეხედულების მიხედვით განიხილავს, ფიქრობს, რომ მისი შეხედულება საუკეთესო პასუხს იძლევა თავად მეცნიერების მიზანდასახულობისთვის. უკანასკნელ დროს ამ მიმართულებით თვალსაჩინოა მეტ-ნაკლები დაახლოება გაერთიანებისკენ, ყოველ შემთხვევაში, არსებით განსხვავებულობებში მაინც. საეკლესიო სამართლის პირველი ნაშრომები შეადგენდა წერილობითი წყაროების კანონების ქრონოლოგიურ დალაგებას, გადმოცემას და მათ დაჯგუფებას წყაროს მნიშვნელობის ან საკითხის მიხედვით, რომლის შესახებაც ისინი გამოიცა. მაგრამ რადგან ასეთი სახის ნაშრომებს არ ჰქონდა შიდა ორგანული კავშირი და ერთობა, ამიტომ, რასაკვირველია, ამ ნაშრომებს არ ენიჭება სამეცნიერო მნიშვნელობა. გარკვეული სისტემური სახით ჩამოყალიბება პირველად XII საუკუნეში დაიწყო დასავლეთში, როდესაც ბერნარდ ნავინსკიმ გამოსცა თავისი კანონიკური კრებული. მან კანონები ხუთ ძირითად, ცალკეულ საკითხად დაჰყო ხუთი განსაკუთრებული სახელწოდების მიხედვით: მოსამართლე, სასამართლო, მსახურები, ქორწინება და დანაშაული.

პირველ განყოფილებაში გადმოცემულია საეკლესიო მმართველობაზე, მეორეში – სასამართლო პროცესის წარმართვაზე, მესამეში – უფლებებსა და პასუხისმგებლობებზე, მეოთხეში – ქორწინებაზე, მეხუთეში კი – საეკლესიო დანაშაულებებსა და სასჯელებზე. შეფასებისთვის, მას არ გააჩნდა რაიმე სისტემა, რადგან არ ჩანს შინაგანი კავშირი, რომლის საფუძველზეც შეიძლება განხილულიყო, თუ როგორ გამომდინარეობს ერთიმეორისგან ეს ცალკეული ნაწილები, რა არის მათი დამაკავშირებელი, მთავარი მამოძრავებელი აზრი. მიუხედავად ამისა, დასავლეთში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში საეკლესიო სამართალი ამ კრებულის მიხედვით, ამ სისტემით ისწავლებოდა.

ამასთან ერთად, დასავლეთში გამოჩნდა იუსტინიანესგან ნასესხები ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც საეკლესიო სამართალი იყოფოდა სამ ნაწილად: პირები, საგნები და მოქმედებები. პირველ განყოფილებაში გადმოიცემოდა პირადი უფლების შესახებ, რომელიც ეხებოდა ეკლესიის მსახურებს; მეორე ნაწილი მოიცავდა საღვთისმსახურო ნივთებისა და ქონების უფლების საკითხს, ხოლო მესამე ნაწილი ეთმობოდა სამოქალაქო და სისხლის სამართლის სასამართლო წარმოებას. საეკლესიო სამართლის ეს ნაწილი თავის ნაწარმოებში წარმოადგინა XVI საუკუნეში პავლე ლანცელოტმა. ეს სისტემა გაცილებით უკეთესია მის წინამორბედზე, რადგან საეკლესიო სამართლის მთავარი პუნქტები ეხება სწორედ იმ სამ საგანს, რომელთა მიხედვითაც დაყოფილია ეს სისტემა, თუმცა მიზანი სრულად არ არის მიღწეული და ამიტომ დღეს იგი აღარ გამოიყენება.

ჩვენმა საუკუნემ გააკრიტიკა ორივე სისტემა, მათ მაგივრად საკუთარი სისტემა ჩამოაყალიბა. სამწუხაროდ, მან არ დაადგინა კონკრეტულად განსაზღვრული სისტემა, რომელიც იქნებოდა ყველასთვის დადასტურებულად ავტორიტეტული. ასეთ შემთხვევაში აღარ იარსებებდა ამდენი განსხვავებული, მოსაწყენი სისტემა, რომელსაც წარმოგვიდგენენ საეკლესიო სამართლის ახალი ნაშრომები. რადგან დღეს ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ საეკლესიო სამართლის გადმოცემის იმდენი სისტემა არსებობს, რამდენი ადამიანიც მუშაობს მასზე. შეიძლება ითქვას, რომ საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაჭრილი, მისი გადაჭრა მომავალის საქმეა და დამოკიდებულია კონკრეტული შემოქმედის აღქმაზე ჩვენი მეცნიერების საგნისა.

ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით შევისწავლეთ საეკლესიო სამართლის ბევრი საუკეთესო სისტემატიზაციის ნაშრომი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერ შევძელით გადაგვეწყვიტა, თუ რომელი მათგანის სისტემით გვეხელმძღვანელა. ამიტომაც მივიღეთ ისეთი სისტემა, რომელიც, ჩვენი გააზრებითა და შეხედულებით, ამომწურავად გადმოსცემს საგანს. ჩვენი მიზნის შესაბამისად, გავამახვილეთ ყურადღება, ზოგადად, ეკლესიის ორგანიზმზე და დავსვით შეკითხვა: როგორ არის შეწყობილი ეს ორგანიზმი, როგორ ინარჩუნებს თავს, როგორია მისი ცხოვრება, რომელიც ასულდგმულებს, აცოცხლებს მას. არსებული სისტემების განხილვისას წარმოჩნდა სამი მიმართულება, რომელთაც საეკლესიო სამართლის მეცნიერებამ არსებითად უნდა მიაქციოს ყურადღება, უფრო კონკრეტულად: საეკლესიო წყობა, საეკლესიო მართვა და საეკლესიო ცხოვრება. რადგან სრული ცოდნა ეკლესიის ორგანიზმისა დაფუძნებულია დადებით კანონებზე, რომლებიც განსაზღვრავს როგორც მოწყობას, ისე მართვასა და ეკლესიის ცხოვრებას, მაშინ, აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა ითქვას შესავალ ნაწილში იმ წყაროებზე, რომელთაგანაც წარმოიშვა ეს კანონები და იმ კრებულებზე, რომელშიც თავმოყრილია ეს კანონები. დამასრულებელ განყოფილებაში უნდა გადმოიცეს სახელმწიფოსთან და სხვა აღმსარებლობებთან ურთიერთობა, რომელიც მას აქვს, როგორც დამოუკიდებელ იურიდიულ ერთეულს. ამ საკითხის შესახებ კანონისტი საუბრობს შესავალ განყოფილებაში; ჩვენ კი მართებულად მიგვაჩნია, რომ დასასრულს ვისაუბროთ, რადგან ის აღმოსავლეთის ეკლესიის იურიდიულ ცხოვრებაში სიღრმისეულად შემოდის და ბოლომდე მაშინ შეიძლება იყოს გაგებული, როდესაც ყოველმხრივ შესწავლილი იქნება ეკლესიის ორგანიზმი. ამიტომ საეკლესიო სამართლის მეცნიერება ჩვენ დავყავით ხუთ ნაწილად:

1. საეკლესიო სამართლის წყაროები და კრებულები, რომელშიც ეს კანონებია დაცული;

2. ეკლესიის მოწყობის სისტემა;

3. ეკლესიის მართვა,

4. ეკლესიის ცხოვრება;

5. ეკლესიის ურთიერთობა სახელმწიფოსთან და მათთან, ვინც არაა ეკლესიის წიაღში.2

2 Никодимъ, Православное Церковное Право, СПб., 1897, გვ. 1-28.