ეკლესიისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შეთანხმება
ჩვენ, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (შემდგომში მართლმადიდებელი ეკლესია), რომელსაც წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის (მომლოცველობის) დეპარტამენტის თავმჯდომარე, მთავარეპისკოპოსი საბა (გიგიბერია) და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, რომელსაც წარმოადგენს მისი თავმჯდომარე, ბატონი საბა კიკნაძე, ვადასტურებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობაში; მივიჩნევთ ტურიზმს და მომლოცველობას ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად; ვაღიარებთ მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე დაფუძნებული ქართული კულტურის უდიდეს მნიშვნელობას ერის მეობის ჩამოყალიბებაში; მნიშვნელოვნად ვრაცხთ მსოფლიოსათვის საქართველოს სულიერი საგანძურის გაცნობას; ვთანხმდებით ტურიზმისა და მომლოცველობის (რელიგიური ტურიზმის) განვითარებაში ერთობლივ და კოორდინირებულ საქმიანობაზე, რაც გულისხმობს:
1. ინფორმაციის და მონაცემთა ბაზის ურთიერთგაცვლას;
2. მომლოცველთა და ტურისტული მარშუტების (გზამკვლევების) საინფორმაციო ბუკლეტებისა და ინტერნეტ-გვერდების ერთობლივ შედგენას და ვიდეო და აუდიო მასალის მომზადებას;
3. მომლოცველთა სახლების (მონასტერთან არსებული სასტუმროების) შექმნის ხელშეწყობას;
4, ქართული დიასპორებისათვის სამშობლოსთან დაახლოების ხელშეწყობა;
5. უცხოეთში ქართველ მომლოცველთა ერთობლივი ტურნეების განხორციელებას;
6. ეკლესია მონასტრებთან ერთობლივი საინფორმაციო ცენტრების შექმნას;
7. ყველა ამ საქმიანობის მხარდაჭერას, რომელიც იქნება მხარეთა საერთო ინტერესის საგანი.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე საბა კიკნაძე საქართველოს საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის (მომლოცველობის)
დეპარტამენტის თავმჯდომარე მთავარეპისკოპოსი საბა (გიგიბერია)